„კონტრჰეგემონია“ რევოლუციური მარქსიზმის იდეურ პლატფორმაზე მდგარი გამოცემაა.
გაბატონებული კლასის ძალაუფლება, გარდა პირდაპირი და ტლანქი ძალმომრეობის მეთოდებისა, აგერთვე ემყარება დარწმუნების ძალას, მორალურ-იდეოლოგიურ ზემოქმედებას — ჰეგემონიას, რომელსაც ბურჟუაზია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გავლით ახორციელებს, თავს ახვევს რა მასებს იმგვარ შეხედულებებსა და რწმენა-წარმოდგენებს, რომელიც სტატუს კვოს წარმოაჩენს ერთადერთ ბუნებრივ, უალტერნატივო რეალობად. ბურჟუაზია ჰეგემონიის საშუალებით არბილებს და ასუსტებს მჩაგვრელებსა და ჩაგრულებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს, აფერხებს კლასობრივი კონფლიქტის მწვავე ფორმებით გამოვლენას, მაშინაც კი, როცა სოციალური სინამდვილე საზოგადოების ექსპლუატირებულ კლასებსა და ფენებს არ უტოვებს სხვა გზას, გარდა გაბატონებულ წესრიგთან ძალისმიერი დაპირისპირებისა. ბურჟუაზიის იდეოლოგიური ჰეგემონია ის ჯებირია, რომლის გადალახვის გარეშეც ვერავითარი რევოლუციური ავანგარდი, რაც არ უნდა მტკიცედ ორგანიზებული და დისციპლინირებული იყოს, ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს.
კომუნისტური საზოგადოებრივი იდეალის მომხრეები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებენ გამარჯვებას, თუკი მოახერხებენ ორგანიზებულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებასა და სოციალისტური ჰეგემონიის ქვეშ საზოგადოების ფართო მასების გაერთიანებას, რაც შეუძლებელი იქნება განვითარებული რევოლუციური თეორიის შემუშავებისა და ბურჟუაზიის ყოვლისმომცველ იდეოლოგიურ ბატონობასთან განგრძობითი ფართომასშტაბიანი კონტრჰეგემონიური ბრძოლის გარეშე.
ჩვენი ჟურნალის მიზანი ამ ბრძოლაში თავისი მცირე წვლილის შეტანაა.
