ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა სულ უფრო და უფრო იყოფა ორ მტრულ ბანაკად: ერთ მხარეს არიან კონსერვატორი რეაქციონერები, რომლებიც განადიდებენ იმპერიალიზმს და სურთ მისი აღდგენა, ხოლო მეორე მხარეს — გაცხადებულად პროგრესული ლიბერალები და სოციალისტები, ასე თუ ისე რომ ესირცხვილებათ კოლონიალისტური წარსული, მაგრამ უარყოფენ, რომ იმპერიალიზმი დღესაც რამდენადმე მნიშვნელოვნად განსაზღვრას მდიდარი და ღარიბი ქვეყნების ურთიერთობას. მონობისა და კოლონიალიზმისთვის რეპარაციების შესახებ დებატებიც კი ძველი შეცდომების გამოსწორების ფარგლებში მიმდინარეობს, გამორიცხავს რა ყოველგვარ დაშვებას იმისა, რომ ბუნებისა და ცოცხალი შრომის ექსპლუატაცია სწრაფი ტემპებით გრძელდება თანამედროვე „პოსტკოლონიურ“ მსოფლიოში.
ამ სიბეცის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იმპერიალიზმი შეცდომით არის გაიგივებული კოლონიალურ ოკუპაციასთან. ჩრდილოეთ ირლანდიისა და ოკუპირებული პალესტინის გარდა, კოლონიები წარსულს ჩაბარდა, მაშასადამე, იმპერიალიზმზეც იმავეს თქმა შეიძლებაო. მაგრამ კოლონიალური ხელისუფლება — მხოლოდ ერთი-ერთია იმპერიალიზმის მრავალ შესაძლო გამოვლინებათაგან, რომლის უცვლელ არსსაც ადამიანური და ბუნებრივი სიმდიდრის მიტაცება წარმოადგენს.კაპიტალიზმმა ძარცვის ახალი და იმაზე ბევრად უფრო ეფექტური ხერხები შეიმუშავა, ვიდრე ჯარების შეყვანის გზით ღარიბი ქვეყნების ძარცვა და ადგილობრივი მოსახლეობის გაჟლეტაა. როგორც პატრონყმობა შეცვალა მდუმარე იძულებამ დაქირავებული მონობისა, რომლის პირობებშიც მუშები „თავისუფლად“ ყიდიან თავიანთ შრომას კაპიტალისტებს, ისევე კოლონიალური ძარცვა ჩაანაცვლა იმან, რასაც ევფემისტურად „თავისუფალ ვაჭრობას“ უწოდებენ.
ყავის ხარჯები
მაგალითისთვის, განვიხილოთ კაფეების ერთ-ერთ ქსელში £2.50 ნაყიდი ფინჯანი ყავა. აქედან გლეხს, რომელმაც ის მოიყვანა, მხოლოდ 1 პენი ერგება[1]. ბოლო წლებში მწვანემარცვლოვანი ყავის მსოფლიო საბაზრო ღირებულება მკვეთრად დაეცა (£2.00 1 კგ. ყავისთვის) და, რეალური გამოანგარიშებით, ახლოს არის ისტორიაში მის ყველაზე დაბალ ფასთან. 25 მილიონი წვრილი გლეხიდან, რომელთაც მსოფლიოს ყავის 94 % მოყავს, უმეტესობისთვის ეს წარმოების ხარჯებზე გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, ცენტრალურ ამერიკაში ყავის მომყვან გლეხებს დანახარჯის დასაფარად კილოგრამი ყავისთვის ესაჭიროებათ დაახლოებით £3.30-დან £4.10-მდე. ამიტომ, ამჟამად ისინი აბსოლუტურად ვერაფერს იღებენ თავიანთი — და ყავის მოსავლის აღებაში მონაწილე მათი შვილების — მძიმე შრომის სანაცვლოდ. პირიქით, ისინი სულ უფრო ღრმად ეფლობიან ვალებში; უყურებენ შვილების შიმშილს; ზოგიერთი იწყებს კოკას, ოპიუმის ან მარიხუანას კულტივაციას; მრავალი მათგანი საერთოდ ტოვებს ფერმებს და მიემართება ამერიკის საზღვრებისკენ ან დიდ გარეუბნებში, გარს რომ აკრავს არანორმალურად გაზრდილ ქალაქებს.
ამ დროს კი, კაპიტალისტური კომპანიები, რომლებიც ყავის მოხალვით არიან დაკავებულნი და თითქმის სრულად ევროპასა და ამერიკაში არიან დაფუძნებულნი, ხედავენ, რომ მათი მსხვილი მოგება კიდევ უფრო იზრდება, მაშინ როდესაც კაფეების ქსელები და მეიჯარეები, რომელთაგანაც ფართს ქირაობენ, ფინჯანი ყავის საფასურის დაახლოებით ნახევარს აქცევენ მოგებად.

მშპ-ის ილუზია
აღსანიშნავია, რომ ორი პენის გარდა, £2.50 ფინჯანი ყავის საფასურიდან დანარჩენი გაერთიანებული სამეფოს მშპ-ში ირიცხება. ეს მოვლენა აშკარა მაგალითია მშპ-ის ილუზიისა[2], საოცარი ჯადოსნური ტრიუკი, რომლის მეოხებითაც აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის პლანტაციებზე, შახტებსა და სამკერვალო ქარხნებში დასაქმებული ჭარბექსპლუატირებული გლეხებისა და მუშების მიერ შექმნილი სიმდიდრე სასწაულებრივად აისახება იმ ქვეყნების მთლიან “შიდა” პროდუქტში, რომლებშიც მათი შრომის პროდუქტს მოიხმარენ. ეს მშრომელები ჭარბექსპლუატირებულნი[3] არიან, რადგან მათ, რაც არ უნდა თავგამოდებით იმუშაონ, არ შეუძლიათ ოჯახის რჩენა ან ისეთი სასიცოცხლო საჭიროებების საფასურის გადახდა, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, რასაც მდიდარი ქვეყნების მუშები სამართლიანად მიიჩნევენ თავიანთ თანშობილ უფლებად.
ის, რაც ყავის შესახებ ითქვა, გარკვეულწილად, აგრეთვე შეესაბამება ჩვენს სამოსს, „გაჯეტებს“, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სხვა უამრავ პროდუქტს. მაგალითისთვის, ბანგლადეშში დამზადებული Primark-ის ან M&S-ის მაისურისათვის გადახდილი £20-დან, ბანგლადეშის მშპ-ს, მაქსიმუმ, ერგოს £1, რომლიდანაც, შესაძლოა, 1 პენი გადაუხადონ ტანსაცმლის მკერავ ქალს, რომელიც, კვირაში 70 საათის შრომის მიუხედავად, მაინც ვერ გამოიმუშავებს თავისი შვილების გამოკვებისათვის საკმარის სახსრებს. არაფერი რომ არ ვთქვათ ბამბის ნედლეულის ღირებულებაზე, £20-ის უდიდესი ნაწილი ჩაირიცხება იმ ქვეყნის მშპ-ში, სადაც ეს ნაწარმი მოიხმარება.
დაახლოებით 40% საბოლოო გასაყიდი ფასისა სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდება — არამხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) 20%, არამედ აგრეთვე უნივერმაღების, ბინის მეპატრონეების, სხვა მომსახურებების მიმწოდებელთა მოგებისა და მათი მუშახელის ხელფასების გადასახადიც. სახელმწიფო ამ ფულს იყენებს არმიის, პოლიციის, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (ჯეს), პენსიების და მისთანათა დაფინანსებისთვის. ამიტომ, როდესაც მავანი კითხულობს: “რატომ უნდა ვაძლევდეთ მიგრანტებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემით სარგებობლობის უფლებას?”, მას უნდა ვუპასუხოთ: “იმიტომ, რომ ისინიც იხდიან მის საფასურს!” სამწუხაროდ, “მემარცხენეებიდან” ამჟამად ამას არავინ ამბობს!
XXI ს.-ის იმპერიალიზმი
იმ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც ნეოლიბერალურ ხანას უწოდებენ, ანუ დაახლოებით 1980-იანი წლებიდან, კაპიტალისტებმა ტანსაცმლის და სხვა მრავალი სახეობის საქონლის წარმოება დაბალშემოსავლიან ქვეყნებში გადაიტანეს. მათი მოტივი იყო: უცხო ქვეყნების დაბალანაზღაურებადი შრომით თავიანთ ქვეყნებში არსებული უფრო ძვირადღირებული შრომის ჩანაცვლების ხარჯზე მოგების გაზრდა და, ამგვარად, სახელფასო ფონდის შემცირებასთან ერთად, თავიანთ მშრომელებთან პირდაპირი კონფრონტაციისგან თავის არიდება. იმ ქვეყნების უმრავლესობა, “მესამე სამყაროს” რომ უწოდებდნენ, გადაიქცა ექსპორტის დამუშავების გიგანტურ ზონად, რომელიც აწარმოებს იაფფასიან ნედლეულსა და სამომხმარებლო საქონელს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკისთვის. ამის შედეგად, მდიდარი ქვეყნების მოგება, კეთილდღეობა და სოციალური მშვიდობა კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა ღარიბი ქვეყნების ასობით მილიონი მშრომელის ჭარბექსპლუატაციაზე. ამ მოვლენას უნდა ერქვას თავისი სახელი: იმპერიალიზმი; იმპერიალიზმის ახალი, თანამედროვე, კაპიტალისტური ფორმა, ფორმა, რომელიც აღარ ეყრდნობა ფეოდალური ეპოქიდან ნამემკვიდრევ ტლანქ საშუალებებს, თუმცა, რომელიც, უდავოდ, ხელს უწყობს სახელმწიფო ტერორიზმს, ფარულ ომებსა და — როცა ეს აუცილებელია — პირდაპირ სამხედრო ინტერვენციასაც.
წარმოების გლობალურმა გადატანამ არა მხოლოდ შესაძლებელი გახადა შემოსავლიანობის აღდგენა და კაპიტალის დაგროვების განახლება, არამედ აგრეთვე მკვეთრად გაზარდა სხვადასხვა ქვეყნის მშრომელთა კონკურენცია. ეკონომიკურ ბრძოლაში, — ბრძოლაში, რომელიც მიზნად ისახავს კაპიტალისტურ საზოგადოებაში საკუთარი მდგომარეობის დაცვასა და გაუმჯობესებას, კაპიტალიზმის დამხობისთვის პოლიტიკური ბრძოლისაგან განსხვავებით, — გაძლიერებული კონკურენციისგან თავდაცვის ძიება ბუნებრივი და ნორმალური რეაქციაა. თუმცა ამით ის არ ხდება პროგრესული! დაბალშემოსავლიან ქვეყნებში წარმოების ემიგრაციის საპირისპირო მხარე ამ ქვეყნებიდან მუშების იმიგრაციაა. იმიგრაციისადმი მტრული დამოკიდებულება გახდა ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც უბიძგა ბრიტანელი მუშების უმრავლესობას, ევროკავშირის წევრობის წინააღმდეგ მიეცა ხმა. გაზრდილ კონკურენციაზე მშრომელების საპასუხო რეაქცია ყველაზე ნათელი ნიმუშია იმისა, რასაც ლენინი უწოდებს „ტრედუნიონიზმის სტიქიურ მისწრაფებას — დადგეს ბურჟუაზიის მფარველობის ქვეშ”[4].
იმპერიალიზმის სიმტკიცის და ნამდვილი ყოვლისმომცველობის მტკიცებულება ჩვენ გარშემო მრავლად არსებობს, თუმცა ლიბერალები, სოციალ-დემოკრატები და ისინიც კი, თავიანთ თავს რევოლუციურ სოციალისტებს რომ უწოდებენ, ვერ ხედავენ ამას, — რასაც ხელს უწყობს სემანტიკური დავები “იმპერიალიზმის” ცნების შინაარსზე, — და ამოფარებულნი არიან სტატისტიკას, რომელიც გაცილებით მეტს ჩქმალავს, ვიდრე ააშკარავებს. იმპერიალიზმის განდიდება ამაზრზენია, მაგრამ იმპერიალიზმის არსებობის უარყოფა უფრო დიდი დაბრკოლებაა იმგვარი მოძრაობის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც შეძლებდა, დაემხო მდიდრების დიქტატურა, სულ უფრო და უფრო დაძონძილი და დისკრედიტირებული დემოკრატიის ფასადს მიღმა რომ იმალება.
თარგმნა ნორიკ ბადოიანმა
წყარო: https://www.opendemocracy.net/en/oureconomy/imperialism-coffee-cup/
შენიშვნები
[1]https://www.ft.com/content/44bd6a8e-83a5-11e9-9935-ad75bb96c849
[2]John Smith, The GDP Illusion // http://monthlyreview.org/2012/07/01/the-gdp-illusion
[3]John Smith, Exploitation and Super-exploitation // https://mronline.org/2018/04/14/exploitation-and-super-exploitation/
[4]ლენინი ვ. ი. რა ვაკეთოთ? // ლენინი ვ. ი. რჩეული თხზულებანი 10 ტომად, თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1987. ტ. 3. გვ. 58.
