ვლადიმირ ლენინი — მუშათა პარტიის დამოკიდებულებაზე რელიგიისადმი

დეპუტატ სურკოვის სიტყვამ სახელმწიფო სათათბიროში სინოდის ხარჯთაღრიცხვის განხილვის დროს და ამ სიტყვის პროექტის განხილვის დროს სათათბიროს ჩვენს ფრაქციაში გამართულმა კამათმა, რომელსაც ჩვენ ქვემოთ ვბეჭდავთ, უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამჟამად საჭირბოროტო საკითხი აღძრეს. რელიგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის ინტერესმა, უეჭველია, ახლა მოიცვა „საზოგადოების“ ფართო წრეები და შეაღწია მუშათა მოძრაობასთან დაახლოებული ინტელიგენციის რიგებში, აგრეთვე მუშათა გარკვეულ წრეებში. სოციალ-დემოკრატია უსათუოდ ვალდებულია გამოთქვას თავისი დამოკიდებულება რელიგიისადმი.

სოციალ-დემოკრატია მთელ თავის მსოფლმხედველობას აშენებს მეცნიერულ სოციალიზმზე, ე.ი. მარქსიზმზე. მარქსიზმის ფილოსოფიურ საფუძველს როგორც არა ერთხელ განუცხადებიათ მარქსსაც და ენგელსსაც, წარმოადგენს დიალექტიკური მატერიალიზმი, რომელმაც სავსებით შეითვისა საფრანგეთია XVIII საუკუნისა და ფოიერბახის მიერ გერმანიაში ჩამოყალიბებული (XIX საუკუნის 1-ლი ნახევარი) მატერიალიზმის ისტორიული ტრადიციები, – უსათუოდ ათეისტური, ყოველი რელიგიისადმი აშკარად მტრული მატერიალიზმის ისტორიული ტრადიციები. მოგაგონებთ, რომ ენგელსის მთელი „ანტიდიურინგი“, რომელიც მარქსმა ხელნაწერის სახით წაიკითხა, ამხელს მატერიალისტსა და ათეისტ დიურინგს იმაში, რომ მისი მატერიალიზმი ბოლომდე დაცული არ არის, რომ ის ხვრელებს უტოვებს რელიგიასა და რელიგიურ ფილოსოფიას. მოგაგონეთ, რომ თავის თხზულებაში ლუდვიგ ფოიერბახის შესახებ ენგელსი უსაყვედურებს მას, რომ ის რელიგიას ებრძოდა არა მისი მოსპობის გულისათვის, არამედ გაანხლების, ახალი, „ამაღლებული“ რელიგიის შეთხზვის გულისათვის და სხვა. რელიგია ხალხის ბანგია, – მარქსის ეს თქმა ქვაკუთხედია მარქსიზმის მთელი მსოფლმხედველობისა რელიგიის საკითხში.[1]  ყველა თანამედროვე რელიგიასა და ეკლესიას, ყველა და ყოველგვარ რელიგიურ ორგანიზაციას მარქსიზმი ყოველთვის განიხილავს, როგორც ბურჟუაზიული რეაქციის ორგანოებს, რომლებიც ექსპლოატაციის დაცვასა და მუშათა კლასის გაბრუებას ემსახურებიან.

მაგრამ ამავე დროს ენგელსს არა ერთხელ დაუგმია იმ ადამიანთა ცდები, რომლებსაც სურდათ სოციალ-დემოკრატიაზე უფრო „მემარცხენე“ ან „უფრო რევოლუციური“ ყოფილიყვნენ, შეეტანათ მუშათა პარტიის პროგრამაში პირდაპირი აღიარება ათეაიზმისა რელიგიისათვის ომის გამოცხადების აზრით. 1874 წელს ენგელსი, როდესაც იგი ლაპარაკობს კომუნის ლტოლვილთა, ლონდონში ემიგრანტებად მცხოვრებ ბლანკისტთა ცნობილ მანიფესტზე, სისულელედ თვლის, რომ მათ დიდი ამბით გამოუცხადეს ომი რელიგიას, და ამბობ, ომის ასეთი გამოცხადება რელიგიისადმი ინტერესის გამოცოცხლებისა და რელიგიის ნამდვილი კვდომის გაძნელების საუკეთესო საშუალება არისო. ენგელსი ბლანკისტებს ბრალად სდებს, რომ მათ უნარი არ შესწევთ გაიგონ, რომ მხოლოდ მუშათა მასების კლასობრივ ბრძოლას, რომელიც ყოველმხრივ აბამს პროლეტარიატის უაღრესად ფართო მასებს შეგნებულ და რევოლუციურ საზოგადოებრივ პ რ ა ქ ტ ი კ ა შ ი, ძალუძს ნამდვილად გაათავისუფლოს ჩაგრული მასები რელიგიის უღლისგან, მაშინ როდესაც მუშათა პარტიის პოლიტიკურ ამოცანად რელიგიასთან ომის გამოცხადება ანარქისტული ფრაზა არისო[2]. 1877 წელსაც ენგელსი „ანტიდიურინგში“ ულმობლად ამათრახებს დიურინგ-ფილოსოფოსის სულ მცირედი დათმობის გამოჩენასაც კი იდეალიზმისა და რელიგიის წინაშე და ამავე დროს არანაკლებ გადაჭრით გმობს დიურინგისვითომდა რევოლუციურ იდეას სოციალისტურ საზოგადოებაში რელიგიის აკრძალვის შესახებ. რელიგიისათვის ამგვარი ომის გამოცხადება იმას ნიშნავს, – ამბობს ენგელსი, – რომ „გადააჭარბო თვით ბისმარკს“, ე.ი გაიმეორო კლერიკალებთან ბისმარკის ბრძოლის სისულელე (ყბადაღებული „ბრძოლა კულტურისათვის“, kulturkampf, ე. ი. ბისმარკის ბრძოლა 1870-იან წლებში გერმანიის კათოლიკეთა პარტიის, „ცენტრის“ პარტიის წინააღმდეგ, კათოლიციზმის პოლიციური დევნის გზით). ასეთი ბრძოლით ბისმარკმა მხოლოდ გ ა ნ ა მ ტ კ ი ც ა კათოლიკეთა მებრძოლი კლერიკალიზმი, მხოლოდ ავნო ნამდვილი კულტურის საქმეს, ვინაიდან პირველ ადგილზე წამოსწია რელიგიური დაყოფანი პოლიტიკურ დაყოფათა ნაცვლად, მუშათა კლასისა და დემოკრატიის ზოგიერთი ფენის ყურადღება ჩამოაშორა კლასობრივი და რევოლუციური ბრძოლის საჭირბოროტო ამოცანებს და წარმართა მეტად ზერელე და ბურჟუაზიული ყალბი ანტიკლერიკალიზმისაკენ. როდესაც დიურინგს, რომელსაც უნდოდა ულტრა-რევოლუციური ყოფილიყო, ბრალს სდებდა იმაში, რომ მას სურდა სხვა ფორმით განემეორებინა ბისმარკის იგივე სისულელე, ენგელსი მოითხოვდა მუშათა პარტიისაგან გამოეჩინა უნარი – მოთმინებით ემუშავნა პროლეტარიატის ორგანიზაციისა და განათლების საქმეზე, ისეთ საქმეზე, რომელიც იწვევს რელიგიის კვდომას, და არ გადავარდნილიყო რელიგიასთან პოლიტიკური ომის ავანტიურებში[3]. ეს თვალსაზრისი ძვალ-რბილში გაუჯდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიას, რომელმაც მხარი დაუჭირა, მაგალითად, იეზუიტების თავისუფლებას, მათ დაშვებას გერმანიაში, ამა თუ იმ რელიგიასთან პოლიციური ბრძოლის ყოველგვარ ღონისძიებათა მოსპობას. „რელიგიის გამოცხადებამ კერძო საქმედ“ – ერთფურტის პროგრამის (1891) ამ ცნობილმა პუნქტმა განამტკიცა სოციალ-დემოკრატიის ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური ტაქტიკა.

ამ ტაქტიკამ მოასწრო ახლა უკვე რუტინად გამხდარიყო, მოასწრო წარმოეშვა მარქსიზმის ახალი დამახინჯება პირუკუ მიმართულებით, ოპორტუნიზმის მიმართულებით. დაიწყეს ერფურტის პროგრამის დებულების განმარტება იმ აზრით, რომ ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, ჩვენი პარტია რელიგიას ვ თ ვ ლ ი თ კერძო საქმედ, რომ ჩვენთვის, როგორც სოციალ-დემოკრატებისათვის, ჩვენთვის, როგორც პარტიისათვის, რელიგია კერძო საქმეაო. ენგელმა, რომელსაც პირდაპირი პოლემიკა არ გაუმართავს ამ ოპორტუნისტულ შეხედულებასთან, 1890-იან წლებში საჭიროდ მიიჩნია გადაჭრით გამოსულიყო მის წინააღმდეგ არა პოლემიკური, არამედ პოზიტიური ფორმით. სახელდობრ: ენგელსმა ეს მოიმოქმედა საგანგებოდ ხაზგასმული განცხადების ფორმით, რომ სოციალ-დემოკრატია რელიგიას კერძო საქმეს თვის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს   მ ი მ ა რ თ და სრულიადაც არა თავისთავის მიმართ, არა მარქსიზმის მიმართ, არა მუშათა პარტიის მიმართო.[4]

ასეთია რელიგიის საკითხზე მარქსისა და ენგელსის გამოსვლების გარეგნული ისტორია. იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაუდევრად ეკიდებიან მარქსიზმს, რომლებსაც არ შეუძლიათ ან არ სურთ იფიქრონ, ეს ისტორია არის მარქსიზმის უაზრო წინააღმდეგობათა და ქანაობათა გროვა: ერთმანეთში შეზავებული „თანამიმდევარი“ ათეიზმისა და რელიგიის „შეღავათების“ რაღაც დომხალიაო, რაღაც „უპრინციპო“ ქანაობა არისო, ერთი მხრივ, ღმერთი წინააღმდეგ რ-რ-რევოლუციურ ომსაო და, მეორე მხრივ, მორწმუნე მუშებთან „შეგუების“ ლაჩრულ სურვილს შორის, მათი დაფრთხობის შიშ შორისაო და სხვა და სხვა. ანარქისტ ფრაზიორების ლიტერატურაში საკმაოდ ბევრ ამგვარ გამოლაშქრებას იპოვნით მარქსიზმის წინააღმდეგ.

მაგრამ ვისაც ცოტათი მაინც შესწევს უნარი სერიოზულად მოეკიდოს მარქსიზმს, ჩაუფიქრდეს მის ფილოსოფიურ საფუძვლებს და საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიის გამოცდილებას, ის ადვილად დაინახავს, რომ მარქსიზმის ტაქტიკა რელიგიის მიმართ ღრმად თანამიმდევარია და ბოლომდე მოფიქრებულია მარქსისა და ენგელსის მიერ, რომ ის, რაც დილეტანტებს ან უმეცრებს ქანაობად მიაჩნიათ, არის დიალექტიკური მატერიალიზმიდან გამომდინარე პირდაპირი და გარდაუვალი დასკვნა. დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს მარქსიზმის მოჩვენებითი „ზომიერება“ რელიგიის მიმართ აიხსნებოდეს, ეგრეთწოდებული, „ტაქტიკური“ მოსაზრებით – იმის სურვილით, რომ „არ დავაფრთხოთ“ და სხვა. პირიქით, მარქსიზმის პოლიტიკური ხაზი ამ საკითხშიც განუყრელად დაკავშირებულია მის ფილოსოფიურ საფუძვლებთან.

მარქსიზმი არის მატერიალიზმი. როგორც ასეთი, იგი ისევე ულმობელი მტერია რელიგიისა, როგორც XVIII საუკუნის ენციკლოპედისტთა მატერიალიზმი ან ფოიერბახის მატერიალიზმი. ეს უეჭველია. მაგრამ მარქსისა და ენგელსის დიალექტიკური მატერიალიზმი ენციკლოპედისტებსა და ფოიერბახზე უფრო შორს მიდის, რადგან მატერიალისტურ ფილოსოფიას იმარჯვებს ისტორიის დარგში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რელიგიას. ეს მ თ ე ლ ი მატერიალიზმისა და მაშასადამე, მარქსიზმის ანბანია. მაგრამ მარქსიზმი ანბანზე გაჩერებული მატერიალიზმი არ არის. მარქსიზმი უფრო შორს მიდის. იგი ამბობს: უნდა ვ ი ც ო დ ე თ ბრძოლა რელიგიასთან, ხოლო ამისათვის საჭიროა მ ა ტ ე რ ი ა ლ ი ს ტ უ რ ა დ ავხსნათ მასების სარწმუნოებისა და რელიგიის წყარო. რელიგიასთან ბრძოლა არ შეიძლება შევზღუდოთ აბსტრაქტულ-იდეოლოგიური ქადაგებით, არ შეიძლება ასეთი ქადაგებით განვსაზღვროთ. ეს ბრძოლა უნდა დავუკავშიროთ რელიგიის სოციალური ფესვებისაკენ მიმართული კლასობრივი მოძრაობის კონკრეტულ პრაქტიკას. რატომ შერჩა რელიგია ქალაქის პროლეტარიატის ჩამორჩენილ ფენებს, ნახევრადპროლეტარიატის ფართო ფენებს, აგრეთვე გლეხობის მასას? ხალხის უმეცრების გამო, – გვიპასუხებს ბურჟუაზიული პროგრესისტი, რადიკალი ან ბურჟუაზიული მატერიალისტი. მაშასადამე, ძირს რელიგია, გაუმარჯოს ათეიზმს, ათეისტურ შეხედულებათა გავრცელება ჩვენი მთავარი ამოცანა არისო. მარქსისტი ამბობს: არ არის მართალი. ასეთი შეხედულება ზერელეა, ბურჟუაზიული შეზღუდული მოკულტუროსნობაა. ასეთი შეხედულება არასაკმაო სიღრმით, არა მატერიალისტურად, არამედ იდეალისტურად ხსნის რელიგიის ფესვებს. თანამედროვე კაპიტალისტურ ქვეყნებში ეს ფესვები, უმთავრესად,
ს ო ც ი ა ლ უ რ ი ა.  მშრომელთა მასების სოციალური დაბეჩავება, მათი მოჩვენებითი სრული უმწეობა კაპიტალიზმის ბრმა ძალების წინაშე, კაპიტალიზმისა, რომელიც ყოველდღე და ყოველ საათს ათასჯერ უფრო მეტ საზარელ ტანჯვას, აუწერელ მხეცურ წამებას აყენებს უბრალო მუშა-ხალხს, ვიდრე ყოველგვარი არაჩვეულებრივი მოვლენები, როგორიცაა ომი, მიწისძვრა და ა.შ., – აი, სად არის რელიგიის ყველაზე ღრმა თანამედროვე ფესვი. „შიშმა შექმნა ღმერთები“. შიში კაპიტალის ბრმა ძალის წინაშე, რომელიც ბრმაა იმიტომ, რომ არ შეიძლება ხალხის მასების მიერ გათვალისწინებულ იქნას, და რომელიც პროლეტარსა და წვრილ მეპატრონეს ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე ემუქრება და კიდეც არგუნებს „უეცარ“, „მოულოდნელ“, „შემთხვევითს“ გაჩანაგებას, დაღუპვას, მათხოვრად, პაუპერად, პროსტიტუტად გადაქცევას, შიმშილით სიკვდილს, – აი თანამედროვე რელიგიის ის ფესვი, რომელიც უწინარეს ყოვლისა და ყველაზე მეტად უნდა ჰქონდეს მხედველობაში მატერიალისტს, თუკი მას არ სურს მოსამზადებელი კლასის მატერიალისტად დარჩეს. ვერავითარი განმანათლებელი წიგნაკი ვერ აღმოფხვრის რელიგიას კაპიტალისტურ კატორღით დაბეჩავებულ მასებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან კაპიტალიზმის ბრმა დამანგრეველი ძალებისაგან, ვიდრე ეს მასები თვითონ არ ისწავლიან გაერთიანებულად, ორგანიზებულად, გეგმაზომიერად, შეგნებულად ბრძოლას რელიგიის ამ ფ ე ს ვ ი ს  წინააღმდეგ, კ ა პ ი ტ ა ლ ი  ს   ბ  ა ტ ო ნ ო ბ ი ს ყველა ფორმის წინააღმდეგ.

გამომდინარეობს თუ არა აქედან, რომ რელიგიის წინააღმდეგ მიმართული განმანათლებელი წიგნაკი მავნებელი ან ზედმეტია? არა. აქედან ეს კი არ გამომდინარეობს, აქედან ის გამომდინარეობს, რომ სოციალ-დემოკრატიის ათეისტური პროპაგანდა უნდა ე ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე ბ ო  დ ე ს მის ძირითად ამოცანას: ექსპლოატატორთა წინააღმდეგ ექსპლოატირებული მ ა ს ე ბ ი ს კლასობრივი ბრძოლის განვითარებას.

კაცმა, რომელიც არ ჩაფიქრებია დიალექტიკური მატერიალიზმის, ე.ი მარქსისა და ენგელსის ფილოსოფიის საფუძვლებს, შეიძლება ვერ გაიგოს (ან, ყოველ შემთხვევაში, ერთბაშად ვერ გაიგოს) ეს დებულება. როგორ? იდეური პროპაგანდა, გარკვეული იდეების ქადაგება, ბრძოლის კულტურისა და პროგრესის მტერთან, რომელიც ათასეული წლობით სძლებს (ე.ი რელიგიასთან), – კლასობრივ ბრძოლას დავუქვემდებაროთ, ე.ი ბრძოლას განსაზღვრული პრაქტიკული მიზნებისათვის ეკონომიკურ და პოლიტიკურ დარგში?

ამგვარი მოსაზრება ეკუთვნის მარქსიზმის საწინააღმდეგოდ გავრცელებულ იმ მოსაზრებათა რიცხვს, რომლებიც მოწმობენ მარქსის დიალექტიკის სრულ გაუგებლობას. წინააღმდეგურობა, რომელიც საგონებელში აგდებს იმათ, ვინც ამგვარად მსჯელობს, არის ცოცხალი ცხოვრების ცოცხალი წინააღმდეგურობა, ე.ი დიალექტიკური, არა სიტყვიერი, არა გამოგონილი წინააღმდეგურობა. ათეიზმი თეორიული პროპაგანდის, ე.ი პროლეტარიატის გარკვეულ ფენებში რელიგიურ რწმენათა ნგრევის გამოყოფა აბსოლუტური, გაუვალი მიჯნით ამ ფენების კლასობრივი ბრძოლის წარმატებისა, მსვლელობისა და პირობებისაგან იმას ნიშნავს, რომ იმსჯელო არადიალექტიკურად, გადააქციო აბსოლუტურ მიჯნად ის, რაც არის მოძრავი, შედარებითი მიჯნა, – ნიშნავს ძალდატანებით გაგლიჯო ის, რაც განუყრელად დაკავშირებულია ცოცხალ სინამდვილეში. ავიღოთ მაგალითი. ამა თუ იმ ოლქისა და მრეწველობის ამა თუ იმ დარგის პროლეტარიატი, ვთქვათ, იყოფა, საკმაოდ შეგნებული სოციალ-დემოკრატების მოწინავე ფენად, რომლებიც, იგულისხმება, ათეისტები არიან, და საკმაოდ ჩამორჩენილი, ჯერ კიდევ სოფელთან და გლეხობასთან დაკავშირებული მუშების ფენად, რომლებსაც სწამთ ღმერთი, რომლებიც დაიარებიან ეკლესიაში ან იმყოფებიან ადგილობრივი მღვდლის პირდაპირი გავლენის ქვეშაც კი, და ეს მღვდელი, ვთქვათ, აარსებს მუშათა ქრისტიანულ კავშირს. შემდეგ, ვთქვათ, რომ ეკონომიკურ ბრძოლას ასეთ ადგილას მოჰყვა გაფიცვა. მარქსისტისათვის სავალდებულოა, რომ საგაფიცვო მოძრაობის წარმატების საკითხი პირველ რიგში დააყენოს, სავალდებულოა გადაჭრით წინააღუდგეს მუშების დაყოფას ამ ბრძოლაში ათეისტებად და ქრისტიანებად, გადაჭრით იბრძოლოს ასეთი დაყოფის წინააღმდეგ. ათეისტური ქადაგება ასეთ პირობებში შეიძლება ზედმეტიც აღმოჩნდეს და მავნებელიც – არა იმ ობივატებულ მოსაზრებათა თვალსაზრისით, ვაი თუ დავაფრთხოთ ჩამორჩენილი ფენები, დავკარგოთ მანდატი არჩევნებშიო და სხვ., არამედ იმ კლასობრივი ბრძოლის ნამდვილი პროგრესის თვალსაზრისით, რომელიც თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოების ვითარებაში ასჯერ უკეთ მიიყვანს ქრისტიან მუშებს სოციალ-დემოკრატიასთან და ათეიზმთან, ვიდრე ცარიელი ათეისტური ქადაგეა. ათეიზმის მქადაგებელი ასეთ მომენტში და ასეთ ვითარებაში მხოლოდ ხ ე ლ ს  შ ე უ წ ყ ო ბ დ ა  ხუცესსა და ხუცებს, რომლებსაც ისე არაფერი სურთ როგორც გაფიცვაში მონაწილეობის მიხედვით მუშების დაყოფის შეცვლა ღვთის რწმენის საფუძველზე დაყოფით. ანარქისტი, რომელიც იქადაგებდა უცილობელ ომს ღმერთთან, ნამდვილად დაეხმარებოდა ხუცებსა და ბურჟუაზიას (როგორც მუდამ ნ ა მ დ ვ ი ლ ა დ  ეხმარებიან ანარქისტები ბურჟუაზიას), მარქსისტი უნდა იყოს მატერიალისტი, ე.ი რელიგიის მტერი, მაგრამ მატერიალისტი დიალექტიკური, ე.ი იგი რელიგიასთან ბრძოლის საქმეს უნდა აყენებდეს არა აბსტრაქტულად, არა განყენებული, წმინდა თეორიული, ყოველთვის ერთფეროვანი ქადაგების ნიადაგზე, არამედ, კონკრეტულად, კლასობრივი ბრძოლის ნიადაგზე, რომელიც ნ ა მ დ ვ ი ლ  ა დ  წარმოებს და ყველაზე მეტად და ყველაზე უკეთ ზრდის მასებს. მარქსისტს უნარი უნდა შესწევდეს გაითვალისწინოს მთელი კონკრეტული ვითარება, ყოველთვის იპოვნოს საზღვარი ანარქიზმსა და ოპორტუნიზმს შორის (ეს საზღვარი შედარებითია, მოძრაობის, ცვალებადია, მაგრამ იგი არსებობს), არ გადაეშვას ანარქისტის არც აბსტრაქტულ, სიტყვიერ, ნამდვილად კი ფუჭ „რევოლუციონიზმში“, არც იმ წვრილი ბურჟუას თუ ლიბერალური ინტელიგენტის ობივატელობასა და ოპორტუნიზმში, რომელსაც აშინებს რელიგიასთან ბრძოლა, ივიწყებს ამ თავის ამოცანას, ურიგდება ღვთის რწმენას, ხელმძღვანელობს არა კლასობრივი ბრძოლის ინტერესებით, არამედ წვრილმანი, საცოდავი ანგარიშით: არ აწყენინოს, არ ჩამოიშოროს, არ დააშინოს, ხელმძღვანელობს ფრიად ბრძნული წესით: „იცხოვრე და სხვებსაც ნუ უშლი ცხოვრებასაო“ და ა.შ. და სხვა.

აღნიშნული თვალსაზრისით უნდა გადავწყვიტოთ ყველა კერძო საკითხი, რომელიც კი ეხება სოციალ-დემოკრატიის დამოკიდებულებას რელიგიისადმი. მაგალითად, ხშირად აყენებენ კითხვას, შეიძლება თუ არა მღვდელი იყოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრიო, და ამ კითხვას ჩვეულებრივ სრულიად უშენიშვნოდ დადებითად უპასუხებენ, ამასთან ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიების გამოცდილებაზე მიგვითითებენ. მაგრამ ეს გამოცდილება წარმოშობილია არა მარტო მარქსიზმის დოქტრინის მიყენებით მუშათა მოძრაობისადმი, არამედ დასავლეთის განსაკუთრენული ისტორიული პირობებითაც, რომლებიც რუსეთში არ არის (ამ პირობებზე ქვემოთ ვილაპარაკებთ), ასე რომ უთუო დადებითი პასუხი აქ სწორი არ არის. არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ და ყველა პირობისათვის გამოაცხადო, რომ მღვდლები არ შეიძლება იყვნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებად, მაგრამ არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ წამოაყენო ამის საწინააღმდეგო წესიც. თუ მღვდელი ჩვენთან მოდის ერთობლივი პოლიტიკური მუშაობისათვის, კეთილსინდისიერად ასრულებს პარტიულ მუშაობას და არ გამოდის პარტიის პროგრამის წინააღმდეგ, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის სოციალ-დემოკრატიის რიგებში, რადგან ჩვენი პროგრამის აზრისა და საფუძვლების წინააღმდეგურობა მის აზრისა და საფუძვლების წინააღმდეგურობა მღვდლის რელიგიურ რწმენასთან შეიძლებოდა ასეთ პირობებში დარჩენილიყო მხოლოდ ისეთ რამედ,რომელიც მხოლოდ მას ეხება, დარჩენილიყო მის პირად წინააღმდეგურობად, ხოლო თავისი წევრების გამოცდა იმასში, არის თუ არა წინააღმდეგურობა მათს შეხედულებებსა და პარტიის პროგრამას შორის, პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეუძლია. მაგრამ, ცხადია, ამგვარი შემთხვევა შეიძლებოდა იშვიათი გამონაკლისი ყოფილიყო ევროპაშიც კი, ხოლო რუსეთში იგი ძალიან ნაკლებად წარმოსადგენია. და თუ, მაგალითად, მღვდელი შემოვიდოდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში და გასწევდა ამ პარტიაში, როგორც თავის მთავარსა და თითქმის ერთადერთ სამუშაოს, რელიგიურ შეხედულებათა აქტიურ ქადაგებას, მაშინ პარტიას უსათუოდ უნდა გაერიცხა ის თავის წრიდან. ჩვენ ართუ უნდა დავუშვათ, არამედ უაღრესად უნდა მოვიზიდოთ ყველა მუშა, რომელიც ღვთის რწმენას ინარჩუნებს, სოციალ-დემოკრტიულ პარტიაში, ჩვენ უეჭველად ეინაღმდეგი ვართ მათი რელიგიური რწმენის სულ მცირედი შეურაცხყოფისა, მაგრამ ჩვენ მათ ვიზიდავთ იმისათვის, რომ აღვზარდოთ ისინი ჩვენი პროგრამის სულისკვეთებით, და არა ამ პროგრამასთან აქტიური ბრძოლისათვის.  ჩვენ პარტიის შ ი გ ნ ი თ  ვიწყნარებთ აზრთა თავისუფლებას, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში, რომლებსაც დაჯგუფების თავისუფლება განსაზღვრავს: ჩვენ ვალდებულნი არა ვართ ხელიხელჩაკიდებულებმა ვიაროთ ისეთ შეხედულებათა აქტიურ მქადაგებელთან, რომლებსაც პარტიის უმრავლესობა უარყოფს.

მეორე მაგალითი: შეიძლება თუ არა ყველა პირობებში ერთნაირად გავკიცხოთ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები განცხადებისათვის: „სოციალიზმი არის ჩემი რელიგიაო“ და ამგვარი განცხადების შესაბამის შეხედულებათა ქადაგებისათვის? არა. მარქსიზმისაგან (მაშასადამე, სოციალიზმისაგანაც) გადახვევა აქ უეჭველია, მაგრამ ამ გადახვევის მნიშვნელობა, მისი, ასე ვთქვათ, ხვედრითი წონა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს სხვადასხვა ვითარებაში. ერთი საქმეა, თუ აგიტატორი ან კაცი, რომელიც გამოდის მუშათა მასის წინაშე, ასე ლაპარაკობს, რათა უფრო გასაგები იყოს, რათა დაიწყოს თავისი აზრის გადმოცემა, რათა უფრო რეალურად გაუსვას ხაზი თავის შეხედულებას განუვითარებელი მასის ყველაზე უფრო ჩვეული ტერმინებით. სხვა საქმეა, თუ მწერალი დაიწყებს „ღვთისმშენებლობის“ თუ ღვთისმშენებლობითი სოციალიზმის ქადაგებას (მაგალითად, ჩვენი ლუნაჩარსკისა და კომპანისაამებრ). რამდენადაც პირველ შემთხვევაში გაკიცხვა შეიძლებოდა ყოფილიყო შარის მოდება ან აგიტატორის თავისუფლების, „პედაგოგიური“ ზემოქმედების თავისყუფლების შეუსაბამო შეზღუდვაც კი, იმდენად მეორე შემთხვევაში პარტიული გაკიცხვა აუცილებელი და სავალდებულოა. დებულება: „სოციალიზმი არის რელიგია“ ზოგიერთისათვის არის რელიგიიდან სოციალიზმზე გადასვლის ფორმა, სხვებისათვის, – ს ო ც ი ა ლ ი ზ მ ი დ ა ნ რელიგიაზე გადასვლის ფორმა.

გადავიდეთ ახლა იმ პირობებზე, რომლებმაც დასავლეთში წარმოშვეს ოპორტუნისტული განმარტება თეზისისა: „რელიგიის გამოცხადება კერძო საქმედ“. რა თქმა უნდა, არის აქ იმ საერთო მიზეზების გავლენა, რომლებიც წარმოშობენ ოპორტუნიზმს საერთოდ, როგორც წუთიერი სარგებლობისათვის მუშათა მოძრაობის ძირითადი ინტერესების მსხვერპლად მიტანას. პროლეტარიატის პარტია ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს ა გ ა ნ მოითხოვს გამოაცხადოს რელიგია კერძო საქმედ, მაგრამ ამავე დროს სრულიადაც არ თვლის „კერძო საქმედ“ ხალხის ბანგთან, რელიგიურ ცრუმორწმუნეობასთან და სხვა ასეთებთან ბრძოლის საკითხს. ოპორტუნისტები იმგვარად ამახინჯებენ საქმეს, თითქოს ს ო ც ი ა ლ – დ ე მ ო კ რ ა ტ ი უ ლ ი პარტია კერძო საქმედ თვლიდეს რელიგიას!

მაგრამ გარდა ჩვეულებრივი ოპორტუნისტული დამახინჯერბისა (რაც სრულიად არ არის განმარტებული კამათში, რომელსაც სათათბიროს ჩვენი ფრაქცია აწარმოებდა რელიგიის შესახებ გამოსვლის განხილვისას) არის განსაკუთრებული ისტორიული პირობები, რომლებმაც გამოიწვიეს თანამედროვე, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეტისმეტი გულგრილობა ევროპული სოციალ-დემოკრატებისა რელიგიის საკითხისადმი. ეს არის ორგვარი პირობები. ჯერ-ერთი, რელიგიასთან ბრძოლის ამოცანა, და დასავლეთში ეს ამოცანა მნიშვნელოვნად შეასრულა ბურჟუაზიულმა დემოკრატიამ (ან ასრულებდა იგი) თ ა ვ ი ს ი  რევოლუციების ან ფეოდალიზმსა და შუასაუკუნეობრიობაზე თავისი იერიშების ეპოქაში. საფრანგეთშიც და გერმანიაშიც არის ტრადიცია რელიგიასთან ბურჟუაზიული ომისა, რომელიც სოციალიზმამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო (ენციკლოპედისტები, ფოიერბახი). რუსეთში, ჩვენი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის პირობების შესაბამისად, ეს ამოცანაც თითქმის მთლიანად ეკისრება მუშათა კლასს. წვრილბურჟუაზიულმა (ნაროდნიკულმა) დემოკრატიამ ამ მხრივ ჩვენში არა თუ ბევრი რამ გააკეთა (როგორც ფიქრობენ ახლადმოვლენილი შავრაზმელი კადეტები ანუ კადეტი შავრაზმელები „ვეხი-ში“)[5], არამედ ძ ა ლ ი ა ნ  ც ო ტ ა ევროპასთან შედარებით.

მეორე მხრივ, რელიგიასთან ბურჟუაზიული ომის ტრადიციამ მოასწრო შეექმნა ევროპაში ამ ომის სპეციფიკური ბურჟუაზიული დ ა მ ა ხ ი ნ ჯ ე ბ ა ანარქიზმის მიერ, რომელიც დგას, როგორც უკვე დიდი ხანია და მრავალჯერ განმარტეს მარქსისტებმა, ბურჟუაზიული მსოფლმხედველობის ნიადაგზე, მიუხედავად მთელი თავისი „გააფთრებული“ ლაშქრობისა ბურჟუაზიის წინააღმდეგ. ანარქისტებმა და ბლანკისტებმა რომანულ ქვეყნებში, მოსტმა (რომელიც, სხვათაშორისდიურინგის მოწაფე იყო) და კომპანიამ გერმანიაში, ანარქისტებმა 80-იან წლებში ავსტრიაში nec plus ultra-მდე ( – უაღრეს უკიდურესობამდე. რედ.) მიიყვანეს რევოლუციური ფრაზა რელიგიასთან ბრძოლაში.გასაკვირი არ არის, რომ ევროპელი სოციალ-დემოკრატები ახლა გ ა დ ა ღ უ ნ ა ვ ე ნ ხოლმე ანარქისტების მიერ მოღუნულ ჯ ო ხ ს. ეს გასაგებია და, რამდენადმე, კანონიერიცაა, მაგრამ ჩვენ, რუს სოციალ-დემოკრატებს, არ გვმართებს დასავლეთის განსაკუთრებული ისტორიული პირობების დავიწყება.

მეორეც, დასავლეთში ნაციონალური ბურჟუაზიული რევოლუციების დამთავრების შემდეგ სარწმუნოების მეტნაკლებად სრული თავისუფლების შემოღების შ ე მ დ ე გ, რელიგიასთან დემოკრატიული ბრძოლის საკითხი უკვე იმდენად იყო ისტორიულად მეორე რიგში მოქცეული ბურჟუაზიული დემოკრატიის ბრძოლით სოციალიზმთან, რომ ბურჟუაზიული მთავრობანი შ ე გ ნ ე ბ უ ლ ა დ ცდილობდნენ მასების ყურადღება სოციალიზმისაგან ჩამოეშორებინათ კლერიკალიზმის წინააღმდეგ quiasi – ლიბერალური „ლაშქრობის“ მოწყობით. ასეთი ხასიათი ჰქონდა kulturkampf-საც გერმანიაში და საფრანგეთის ბურჟუაზიული რესპუბლიკების ბრძოლასაც კლერიკალიზმთან. ბურჟუაზიული ანტიკლერიკალიზმი, როგორც სოციალიზმისაგან მუშათა მასების ყურადღების ჩამოშორების საშუალება, – აი რა უსწრებდა წინ რელიგიასთან ბრძოლისადმი თანამედროვე „გულგრილობის“ გავრცელებას დასავლეთის სოციალ-დემოკრატებში. და ეს ისევ და ისევ გასაგები და კანონიერია, ვინაიდან ბურჟუაზიული და ბისმარკულანტიკლერიკალიზმისათვის  სოციალ-დემოკრატებს უნდა დაეპირისპირებინათ სწორედ ის, რომ რელიგიასთან ბრძოლა დ ა ე ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე ბ ო დ ა სოციალიზმისათვის ბრძოლას.

რუსეთში სულ სხვა პირობებია. პროლეტარიატი არის ჩვენი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის ბელადი. მისი პარტია უნდა იყოს იდეური ბელადი ყოველგვარ შუასაუკუნეობრიობასთან, მათ შორის აგრეთვე ძველ, ოფიციალურ რელიგიასთან და მთელ იმ ცდებთან ბრძოლაში, რომელთა მიზანია მისი განახლება ან ხელახლა თუ სხვაგვარად დასაბუთება და ა.შ., ამიტომ, თუ ენგელსი შედარებით რბილად ასწორებდა გერმანელი სოციალ-დემოკრატების ოპორტუნიზმს, რომლებიც მუშათა პარტიის იმ მოთხოვნას, რომ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს რელიგია კერძო საქმედ გამოეცხადებინა, ცვლიდნენ თვით სოციალ-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიისათვის რელიგიის კერძო საქმედ გამოცხადებით, – მით უმეტეს გასაგებია, რომ რუსი  ოპორტუნისტების მიერ ამ გერმანული დამახინჯების გადმოღება ასკეცად უფრო მკაცრ გაკიცხვას დაიმსახურებდა ენგელსის მხრივ.

ჩვენი ფრაქცია, როცა მან სათათბიროს ტრიბუნიდან განაცხადა, რელიგია ხალხის ბანგიაო, სავსებით სწორად მოიქცა და, ამრიგად, შექმნა პრეცედენტი, რომელიც საფუძველი უნდა შეიქნეს რუსი სოციალ-დემოკრატების ყველა გამოსვლისა რელიგიის საკითხზე. საჭირო იყო თუ არა უფრო შორს წასვლა და ათეისტური დასკვნების კიდევ უფრო დაწვრილებით განვითარება? ჩვენ ვფიქრობთ რომ არა. ამას შეეძლო საფრთხე შეექმნა იმისა, რომ რელიგიასთან ბრძოლა გაეზვიადებინა პროლეტარიატის პოლიტიკურ პარტიას; ამას შეეძლო გამოეწვია საზღვრის წაშლა რელიგიასთან ბურჟუაზიულ ბრძოლასა და სოციალისტურ ბრძოლას შორის. პირველი რამ, რაც უნდა შეესრულებინა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შავრაზმულ სათათბიროში, ღირსეულად იქნა შესრულებული.

მეორე – სოციალ-დემოკრატებისათვის თითქმის მთავარი – განმარტება ეკლესიისა და სამღვდელოების კლასობრივი როლისა მუშათა კლასთან შავრაზმული მთავრობისა და ნურჟუაზიის ბრძოლის მხარის დაჭერაში – აგრეთვე ღირსეულად იქნა შესრულებული. რასაკვირველია, ამ თემაზე კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას, – და სოციალ-დემოკრატები შემდგომ გამოსვლებში მოახერხებენ, თუ რით შეავსონ ამხ. სურკოვის სიტყვა, – მაგრამ მაინც მისი სიტყვა საუცხოო იყო, და მისი გავრცელება ყველა პარტიული ორგანიზაციის მიერ ჩვენი პარტიის პირდაპირი მოვალეობაა.

მესამე – საჭირო იყო უაღრესად დაწვრილებით გაგვემარტა ს წ ო რ ი აზრი გერმანელი ოპოტუნისტების მიერ ესოდენ ხშირად დამახინჯებული დებულებისა: „რელიგიის გამოცხადება კერძო საქმედ“. ეს, სამწუხაროდ, ამხ. სურკოვს არ გაუკეთებია, ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ფრაქციის წინანდელ მოღვაწეობაში ამ საკითხზე უკვე დაშვებული იყო ამხ. ბელოუსოვის შეცდომა, რაც თავის დროზე აღნიშნა „პროლეტარიმ“. ფრაქციაში გამართული კამათი გვიჩვენებს, რომ დავამ ათეიზმის შესახებ დაჩრდილა ფრაქციის წინაშე საკითხი – სწორად ყოფილიყო გადმოცემული ყბადაღებული მოთხოვნა რელიგიის კერძო საქმედ გამოცხადებისა. მთელი ფრაქციის ამ შეცდომისათვის ჩვენ მარტო ამხ. სურკოვს ვერ დავდებთ ბრალს. ეს ცოტაა. პირდაპირ ვაღიარებთ, რომ აქ არის ბრალი მთელი პარტიისა, რომელიც არასაკმაოდ განმარტავდა ამ საკითხს და რომელმაც სოციალ-დემოკრატების შეგნებაში არასაკმაოდ მოამზადა გერმანელი ოპორტუნისტების მისამართით ენგელსის მიერ გამოთქმული შენიშვნის მნიშვნელობის გაგება. ფრაქციაში გამართული კამათი ამტკიცებს, რომ ეს იყო საკითხის სწორედ ბუნდოვანი გაგება, და სრულიადაც არა ის, რომ არ სურდათ ანგარიში გაეწიათ მარქსის მოძღვრებისათვის; ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შეცდომა გამოსწორებული იქნება ფრაქციის შემდგომ გამოსვლებში.

საერთოდ და მთლიანად, ვიმეორებთ, ამხ. სურკოვის სიტყვა საუცხოოა და უნდა გაავრცელოს იგი ყველა ორგანიზაციამ. ამ სიტყვის განხილვით ფრაქციამ დაამტკიცა თავისი სოციალ-დემოკრატიული მოვალეობის სავსებით კეთილსინდისიერი შესრულება. ის დაგვრჩენია ვისურვოთ, რომ კორესპონდენციები ფრაქციის შიგნით გამართული კამათის შესახებ უფრო ხშირად თავსდებოდეს პარტიულ პრესაში, რათა ფრაქცია დაუახლოვდეს პარტიას, რათა პარტია გაეცნოს ფრაქციის მძიმე შინაგან მუშაობას, რათა დამყარდეს იდეური ერთიანობა პარტიისა და ფრაქციის მოღვაწეობაში.

 

„პროლეტარი“ № 45,

1909 წ. 13 (26) მაისი

 

ვ. ი ლენინი. თხზულებანი, მე-4 გამოც., ტ. 15, გვ. 492-507.

ლენინის თხზულებათა რედაქციის შენიშვნები


[1] იხ. კ. მარქსი „ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის. შესავალი“(კ. მარქსი და ფ. ენგელსი. თხზ., ტ. I, 1938, გვ. 385).

[2]იხ. ფ. ენგელსი „ემიგრანტული ლიტერატურა. II კომუნის ბლანკისტ ემიგრანტების პროგრამა“ ((კ. მარქსი და ფ. ენგელსი. თხზ., ტ.XV, 1935, გვ. 224-230).

[3]იხ. ფ. ენგელსი. „ანტი-დიურინგი“, 1945, გვ. 229-301.

[4]იგულისხმება ფ. ენგელსის „შესავალი“ კ. მარქსის ბროშურისათვის „სამოქალაქო ომი საფრანგეთში“ (იხ. კ. მარქსი „სამოქალაქო ომი საფრანგეთში“, 1940, გვ., 13).

[5]„ვ ე ხ ი“ – კადეტური კრებული, გამოვიდა მოსკოვში 1909 წელს. კრებულში მოთავსებულია ნ. ბერდიაევის, ს. ბოლგაკოვის, პ. სტრუვეს, მ. გერშენზონისა და კონტრრევოლუციური ლიბერალური ბურჟუაზიის სხვა წარმომადგენელთა სტატიები. თავიანთ სტატიებში რუსეთი ინტელიგენციის შესახებ „ვეხელები“ ცდილობდნენ სახელი გაეტეხათ რუსი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლების, მათ შორის ბელინსკისა და ჩერნიშევსკის, რევოლუციურ-დემოკრატიული ტრადიციებისათვის; ლანძღავდნენ 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობას და მადლობას უცხადებდნენ მეფის მთავრობას იმისათვის, რომ მან „თავისი ხიშტებითა და საპატიმროებით“ იხსნა ბურჟუაზია „ხალხის მძვინვარებისაგან“. კრებული მოუწოდებდა ინტელიგენციას ჩამდგარიყო თვითმპყრობელობის სამსახურში. ლენინი კრებულ „ვეხის“ პროგრამას ფილოსოფიაშიც და პუბლიცისტიკაშიც ადარებდა შავრაზმული გაზეთის „მოსკოვსკიე ვედომოსტის“ პროგრამას და კრებულს უწოდებდა „ლ ი ბ ე რ ა ლ უ რ ი     რ ე ნ ე გ ა ტ ო ბ ი ს    ე ნ ც ი კ ლ ო პ ე დ ი ა ს“,  „დემოკრატიაზე გადმოღვრილი რეაქციული წუმპის მთლიან ღვარს“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *