ფრიდრიხ ენგელსი — ავტორიტეტის შესახებ

ფრიდრიხ ენგელსის კლასიკური სტატია „ავტორიტეტის შესახებ“ პარიზის  კომუნის დაცემის შემდგომ პერიოდში დაიწერა და გარკვეულწილად კომუნის პრაქტიკული გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით თეორიული დასკვნების გამოტანას წარმოადგენს.

კომუნის მარცხის შემდეგ მარქსის და ენგელსის ყურადღება კონცენტრირებული იყო იმ პერიოდის გავლენიან სოციალისტურ მიმდინარეობებთან (ლასალიანელობა, ბლანკიზმი, ანარქიზმი, თავისი პრუდონისტული და ბაკუნისტური გამოვლინებით) თეორიულ დისკუსიაზე და მუშათა მოძრაობაში მეცნიერული სოციალიზმის იდეების სულ უფრო ღრმად და ფართოდ გავრცელებაზე. ამავდროულად, პირველი ინტერნაციონალის შიგნით მწვავე დაპირისპირება მიმდინარეობდა, ერთი მხრივ, მარქსის მომხრეებსა და, მეორე მხრივ, ანარქიზმის სხვადასხვა მიმდინარეობის (ბაკუნიზმის, პრუდონიზმის) მიმდევრებს შორის, რომლებიც „ავტონომისტების“ და „ანტიავტორიტარისტების“ სახელებითაც მოიხსენიებოდნენ. ენგელსის პოლემიკა მიმართულია სწორედ ანარქიზმის წინააღმდეგ, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ არასდროს ყოფილა ერთიანი და მონოლითური დოქტრინა, მაინც ხასიათთდება საერთო საფუძველმდებარე წარმოადგენებით, როგორიცაა, მაგ., ყოველგვარი ავტორიტეტის, პოლიტიკური ბრძოლის, ნებისმიერი სახელმწიფო ძალაუფლების უარყოფა, სახელმწიფოს აქ და ახლა, რევოლუციის მოხდენისთანავე გაუქმების მოთხოვნა. ამ ესეს კრიტიკის სამიზნე სწორედ ანარქიზმის ეს თეორიული პოზიციებია.

ეს მცირე ტექსტი მარქსიზმის მნიშვნელოვან თეორიულ დოკუმენტს წარმოადგენს. მასში გარდა იმისა, რომ მოკლედ და მკაფიო არგუმენტებით არის გაბათილებული „ანტიავტორიტარისტების“ მცდარი და აბსტრაქტული პოზიციები, რომელთაც ენგელსი ავტორიტეტის ფენომენის შესახებ დიალექტიკურ და კონკრეტულ, ობიექტურად მოცემული ისტორიული და საზოგადოებრივ-ეკონომიკური ვითარებიდან ამოზრდილ თვალსაზრისს უპირისპირებს, განსაზღვრულია ის მიზეზი, რომელიც წარმოშობს ავტორიტარულ ტენდენციებს სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში — წარმოების ინდუსტრიული წესი და წარმოების კაპიტალისტური ორგანიზება, რომელიც პროდუქტის შექმნის პროცესში მუშისაგან უპირობო მორჩილებასა და დაქვემდებარებას მოითხოვს; ფორმულირებულია მარქსიზმის დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი; ხაზგასმულია პარიზის კომუნის მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი — არასაკმარისად „ავტორიტარული“ მოქმედებები, რომელთაც ანარქისტები, პირიქით, „ავტორიტარულად“ და „იაკობინურად“ მიიჩნევენ და პარიზის კომუნის პოლიტიკის ძირითად ნაკლს ამაში ხედავენ.

თანამედროვე „მემარცხენე დისკურსში“ პოსტმოდერნისტული „ფილოსოფიის“ გურუები და მათი თეორიები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ; აკადემიურ სივრცესა და მის გარეთ მოღვაწე მემარცხენეებში საკმაოდ გავრცელებულია „ანტიავტორიტარისტული“, “ლიბერტარული” შეხედულებები და განწყობები, ბრმა სიმპათიები ისეთი თანამედროვე სოციალური მოძრაობებისადმი, რომლებიც პრინციპულ უარს ამბობენ ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე, არიან პლურალისტურნი და დეცენტრალიზებულნი, არაიერქიულები და ავტონომიურები (მართალია, კაპიტალის ბატონობას ამით არაფერი აკლდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს მოძრაობები სიწმინდესა და სისპეტაკეს ინარჩუნებენ, არ ისვრიან რა ხელს ძალაუფლების ჭუჭყთან შეხებით, რითაც სხვადასხვა ჯურის ლიბერალი მემარცხენეების, საუნივერსიტეტო საზოგადოების და ენჯეო აქტივისტების სიმპათიებს იმსახურებენ). გამომდინარე აქედან, საჭირო გვგონია, ჩვენს „მემარცხენე ინტერნეტ სივრცეში“ იყოს დაფიქსირებული ეს ჩვეულებრივი მარქსისტული, „უხეში მატერიალისტური“ პოზიციაც, რომელიც გვასწავლის, რომ კაპიტალის სამომავლო აღსასრულისთვის ჯერ მისი ძალაუფლება უნდა დაემხოს, ხოლო შემდეგ, თუ ამის საჭიროება დადგება (და აუცილებლად დადგება), უაღრესად „ავტორიტარული“ საშულებებით შენარჩუნდეს გამარჯვების მონაპოვარი იმისათვის, რომ პარიზის ჯანყის ტრაგედია აღარ განმეორდეს. 

რედაქცია


ამ უკანასკნელ ხანში ზოგიერთმა სოციალისტმა ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობა გამართა იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი ა ვ ტ ო რ ი ტ ე ტ ი ს  პ რ ი ნ ც ი პ ს ეძახიან. საკმარისია კაცმა უთხრას მათ, ესა თუ ის მოქმედება ა ვ ტ ო რ ი ტ ე ტ უ ლ ი ა ო, რომ ის დაჰგმონ. ამ გამარტივებულ ხერხს იმ ზომამდე ბოროტად იყენებენ, რომ საჭიროდ მიგვაჩნია საგანი დაწვრილებით განვიხილოთ. სიტყვა ავტორიტეტი იმ აზრით, რა აზრითაც აქ იხმარება, ნიშნავს: სხვისი ნება-სურვილის ჩვენს თავზე მოხვევას, — მეორე მხრივ, ავტორიტეტი გულისხმობს დაქვემდებარებას. მაგრამ, რამდენადაც ეს ორი სიტყვა უსიამოვნოდ ჟღერს და მათ მიერ გამოხატული ურთიერთობა მძიმეა დამორჩილებული მხარისათვის, იბადება კითხვა: შეგვიძლია თუ არა გვერდი ავუაროთ ამ ურთიერთობას? შეგვიძლია თუ არა თანამედროვე საზოგადოების არსებულ პირობებში შევქმნათ სხვანაირი სოციალური წყობილება, როცა ამ ავტორიტეტს აზრი არ ექნება და, მაშასადამე, ამ წესწყობილებიდან უნდა გაჰქრეს? იმ ეკონომიური, სამრეწველო და სამიწათმოქმედო ურთიერთობების განხილვისას, რომლებიც საფუძვლად უდევს თანამედროვე ბურჟუაზიულ საზოგადოებას, ვრწმუნდებით, რომ ამ ურთიერთობებს აქვთ ტენდენცია, ცალკეული მოქმედებანი უფრო და უფრო შესცვალონ ადამიანთა კომბინირებული საქმიანობით. ცალკეულ მწარმოებელ თა პატარ-პატარა სახელოსნოების ადგილი დაიჭირა თანამედროვე მრეწველობამ თავისი უზარმაზარი ფაბრიკებითა და ქარხნებით, სადაც ასეულობით მუშა უძღვება ორთქლის საშუალებით მოძრავ რთულ მანქანებს; დიდი შარა-გზებით მავალ დილიჟნებისა და ურმების ალაგას გაჩნდა რკინიგზით მავალი მატარებლები, ხოლო იალქნიან ორანძიან ნავებისა და ფელუკების ალაგას ვხედავთ ორთქლით მავალ ხომალდებს. თვით მიწათმოქმედებაშიც კი უფრო და უფრო ბატონდება მანქანა და ორთქლი, რომელიც ნელა, მაგრამ განუხრელად ცვლის წვრილ მესაკუთრეებს მსხვილი კაპიტალისტებით, რომლებიც მიწის უზარმაზარ ფართობებს დაქირავებული მუშების საშუალებით ამუშავებენ. ამრიგად, კომბინირებული მოქმედება, გართულება პროცესებისა, რომლებიც ერთიმეორეზეა დამოკიდებული, კერძო პირთა დამოუკიდებელი მოქმედების ადგილს იჭერს. მაგრამ კომბინირებული მოქმედება გულისხმობს ორგანიზაციას, ხოლო შესაძლებელია რაიმე ორგანიზაცია ავტორიტეტის გარეშე?

ვთქვათ, სოციალურმა რევოლუციამ დაამხო კაპიტალისტები, რომელთაც დღესდღეობით წარმოება და სიმდიდრეთა მიმოქცევა ექვემდებარება. დავდგეთ სავსებით ანტიავტორიტარისტების თვალსაზრისზე და ვთქვათ, რომ მიწა და სამუშაო იარაღები იმ მუშათა კოლექტიურ საკუთრებაში გადავიდა, რომლებიც მას ხმარობენ. ისმება კითხვა, ამ შემთხვევაში ავტორიტეტის ხსენება სრულიად გაქრება თუ იგი მხოლოდ თავის ფორმას იცვლის? ვნახოთ.

მაგალითისათვის ავიღოთ ძაფსართავი. ბამბამ, სანამ იგი ძაფად დაირთვებოდეს, ექვსი ერთმანეთის მომდევნო ოპერაცია უნდა გამოიაროს. ეს ოპერაციები უმეტეს წილად სხვადასხვა სადგომებში ხდება. გარდა ამისა, მანქანის განუწყვეტლივ მოძრაობისათვის ყურის საგდებლად საჭიროა ინჟინერი, რომელიც თვალყურს ადევნებს ორთქლის მანქანას, ყოველდღიურ შეკეთებისათვის საჭიროა მექანიკოსები და ბევრი სხვა მუშახელი, რომელთაც პროდუქტები ერთი სადგომიდან მეორეში უნდა გადაიტანონ ხოლმე და სხვ. და სხვ. ყველა ეს მუშა — კაცები, ქალები თუ მოზარდი ბავშვები ვალდებულნი არიან დაიწყონ და გაათავონ თავიანთი სამუშაო იმ საათებში, რომელიც განსაზღვრულია ორთქლის ავტორიტეტის მიერ, და რომელსაც არაფერი ესაქმება პირად ავტონომიასთან. ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა მუშები შეთანხმდნენ, თუ რომელ საათზე მოკიდონ ხელი მუშაობას; რაკი მუშაობის საათი დადგინდება, იგი სავალდებულოა უკლებლივ ყველასათვის. შემდეგ ყოველ სადგომში და ყოველ წუთს წამოიჭრება ესა თუ ის კერძო საკითხი წარმოების წესის, მასალის დანაწილებისა და სხვ. შესახებ, რომლებიც მთელი წარმოების დაუყოვნებლივ შეჩერების თავიდან ასაცილებლად ხელადვე გადაწყვეტას თხოულობენ, ეს საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს ამორჩეულმა პირმა, რომელიც მუშაობის რომელიმე დარგს მეთაურობს, ანდა, თუ ეს შესაძლებელია, ხმის უმეტესობით, ორივე შემთხვევაში ცალკეულ პიროვნებათა ნება დაქვემდებარებულ უნდა იქნეს, ხოლო, ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხები სწყდება ავტორიტარულად. რომელიმე დიდი ფაბრიკის ავტომატური მექანიზმი ბევრად უფრო დესპოტურია, ვიდრე წვრილი კაპიტალისტები, რომლებთანაც მუშები მუშაობენ. ყოველ შემთხვე– ვაში, მუშაობის საათების შესახებ ამ ფაბრიკების კარებზე ასეთი წარწერა უნდა გაკეთდეს: Lasciate ogni autonomia voi chee ntrate.[1] თუ ადამიანმა მეცნიერებითა და შემოქმედებითი გენიით ბუნების ძალები დაიმორჩილა, ეს ძალები შურს იძიებენ იმით, რომ თავად უმორჩილებენ მას — იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანი სარგებლობს იმ ძალებით, — ნამდვილ დესპოტიზმს, ყოველგვარი სოციალური ორგანიზაციის დამოუკიდებლად. მსხვილ მრეწველობაში ავტორიტეტის გაუქმების სურვილი ნიშნავს თვით ამ მრეწველობის გაუქმების სურვილს, ნიშნავს ორთქლით მოძრავი ძაფსახვევის მოსპობის სურვილს, რათა დავუბრუნდეთ ხელით სართავ ჯარას. ავიღოთ მეორე მაგალითი — რკინიგზა. აქაც უეჭველად საჭიროა უამრავი ხალხის თანამშრომლობა; საჭიროა ეს თანამშრომლობა მოხდეს ზუსტად განსაზღვრულ საათებში, რათა თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები. აქაც პირველი პირობა საქმის წარმატებისა — მბრძანებელი ნებაა, რომელიც სწყვეტს ყოველგვარ დაქვემდებარებულ საკითხს, სულერთია — ამ ნებას ვინ გამოხატავს: ერთი რომელიმე არჩეული პირი თუ მთელი კომიტეტი, რომელსაც დავალებული აქვს შეასრულოს დაინტერესებულ პირთა უმრავლესობის დადგენილებანი. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში ჩანს მკაფიოდ გამოსახული ავტორიტეტი. კიდევ მეტიც: რა მოუვიდოდა პირველსავე წასულ მატარებელს, თუ ბ. ბ. მგზავრთა მიმართ რკინიგზის მოხელეთა ავტორიტეტი გაუქმდება?

მაგრამ ავტორიტეტის და ისიც ძალზე ძლიერი ავტორიტეტის აუცილებლობა განსაკუთრებით ცხადი ხდება შუაგულ ზღვაში მიმავალ ხომალდზე! გაჭირვების ჟამს აქ ყველას სიცოცხლე დამოკიდებულია ერთი კაცის ნებისყოფისადმი ყველას დაუყოვნებლივ და სიტყვაშეუბრუნებლივ დამორჩილებაზე. თუ მე ამ არგუმენტებს წავუყენებ ავტორიტეტის ყველაზე მეტად გაშმაგებულ მოწინააღმდეგეთ, მათ ესღა შეუძლიათ მიპასუხონ: „ეს მართალი გახლავთ, მაგრამ აქ ლაპარაკია იმ ავტორიტეტზე კიარა, რომლითაც ჩვენ ჩვენს არჩეული დელეგატებს აღვჭურვავთ, არამედ გარკვეულ დავალებაზე!“. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ვითომ სახელის გამოცვლით გამოცვალეს თვით საგანიც. ეს ღრმა მოაზროვნენი უბრალოდ დაგვცინიან!…

მაშასადამე, ჩვენ დავინახეთ, რომ ერთი მხრივ, საჭიროა გარკვეული ავტორიტეტი, მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ წარმოიშვა ეს ავტორიტეტი, ხოლო მეორე მხრივ, საჭიროა გარკვეული მორჩილება, — სულერთია, თუ რომელი სოციალური ორგანიზაციის მხრით იქნება ეს მორჩილება, ორივე ეს, ავტორიტეტიც და მორჩილებაც ჩვენთვის სავალდებულოა იმ მატერიალურ პირობითა გამო, რომლებშიაც წარმოებს პროდუქტთა წარმოება და მიმოქცევა.

მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ, რომ მსხვილი წარმოებისა და მსხვილი მიწათმოქმედების განვითარებასთან ერთად აუცილებლად რთულდება წარმოებისა და მიმოქცევის მატერიალური პირობები და იქითკენ მიიმართება, რომ უფრო და უფრო გააფართოოს ამ ავტორიტეტის სფერო, ამიტომ უაზრობაა ავტორიტეტის პრინციპი აბსოლუტურად ცუდად დავსახოთ, ხოლო ავტონომიისა აბსოლუტურად კარგ პრინციპად ვაღიაროთ. ავტორიტეტი და ავტონომია შეფარდებითი ცნებებია, რომლებიც იცვლებიან საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ფაზის მიხედვით. ავტონომისტებს მარტო იმის თქმა რომ სურდეთ, რომ მომავლის სოციალური ორგანიზაცია ავტორიტეტს დაუშვებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც წარმოების პირობების აუცილებლობით არიან გამოწვეულნიო, მაშინ კიდევ შეიძლებოდა მათთან შეთანხმება; მაგრამ ისინი თვალებს ხუჭავენ ყველა იმ ფაქტის წინაშე, რომელნიც აუცილებლად ხდიან ავტორიტეტს, და გაშმაგებით ებრძვიან სიტყვას.

რატომ არა სჯერდებიან ავტორიტეტის მოწინააღმდეგენი ყვირილს პოლიტიკური ავტორიტეტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ? ყველა სოციალისტი თანახმაა, რომ პოლიტიკური სახელმწიფო და მასთან ერთად პოლიტიკური ავტორიტეტი მოისპობა მომავალი სოციალური რევოლუციის შედეგად, ე. ი. საზოგადოებრივი ფუნქციებს ჩამოეცლება თავიანთი პოლიტიკური ხასიათი და გადაიქცევიან უბრალო ადმინისტრაციულ ფუნქციებად, რომლებიც დაიცავენ საზოგადოების ჭეშმარიტ ინტერესებს. მაგრამ ანტიავტორიტარისტები მოითხოვენ, რომ ავტორიტარული პოლიტიკური სახელმწიფო გაუქმებულ იქნეს დაუყოვნებლივ და იმაზე ადრეც, ვიდრე გაუქმდებოდეს ის სოციალური ურთიერთობანი, რომელთაც ეს სახელმწიფო წარმოშვეს. ანტიავტორიტარისტები თხოულობენ, რათა სოციალური რევოლუციის პირველი აქტი ავტორიტეტის გაუქმება იყოს. უნახავთ თუ არა ამ ვაჟბატონებს ოდესმე რევოლუცია? უეჭველია, რომ რევოლუცია ყოველგვარ შესაძლებელ ავტორიტარულზე უფრო ავტორიტარულია. რევოლუცია ისეთი აქტია, რომლის დროსაც მოსახლეობის ერთი ნაწილი თოფების, ხიშტების, ზარბაზნების, ე. ი. უაღრესად ავტორიტარული საშუალებებით ახვევს თავს მოსახლეობის მეორე ნაწილს თავის ნებასურვილს. და თუ გამარჯვებულ პარტიას არ სურს დაჰკარგოს თავისი ბრძოლის ნაყოფი, მან უნდა სცადოს თავისი ბატონობა შეინარჩუნოს იმ შიშით, რომელსაც მისი იარაღი უნერგავს რეაქციონერებს. პარიზის კომუნა განა ერთ დღეზე მეტს გასძლებდა, რომ ბურჟუაზიის წინააღმდეგ შეიარაღებული ხალხის ავტორიტეტზე არ ყოფილიყო დაყრდნობილი? განა ჩვენ მართალი არ ვიქნებით, თუ იმას ვუსაყვედურებთ ამ კომუნას, რომ მან უფრო საკმაოდ არ გამოიყენა ეს ავტორიტეტი?

მაშასადამე, ორში ერთი ან ანტიავტორიტარისტებმა თვითონაც არ იციან, რას ამბობენ, და ამ შემთხვევაში ისინი მხოლოდ აზრთა არეულობას თესავენ; ან კარგად იციან, რასაც იქმნენ, და ამ შემთხვევაში ღალატობენ პროლეტარიატის მოძრაობის საქმეს. ორივე შემთხვევაში ისინი რეაქციის მსახურებად გამოდიან.

 

დაწერილია ფ. ენგელსის მიერ 1873 წ. იანვარსა და თებერვალში, დაბეჭდილია კრებულში «Almanacco Republicano» 1874 წ.

იბეჭდება კრებულის ტექსტის მიხედვით. თარგმანი იტალიურიდან.

 

ქვეყნდება შემდეგი გამოცემის მიხედვით: კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი, რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. 1. თბ., საბჭოთა საქართველო, 1963. გვ. 739-743.

შენიშვნები


[1] აქ შემოსულმა ყოველგვარ ავტონომიაზე უნდა აიღოს ხელი. – “რჩეული ნაწერების” რედაქტორის შენიშვნა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *