ვლადიმირ ლენინი — ფრიდრიხ ენგელსი

Какой светильник разума погас,

Какое сердце биться перестало![I]

1895 წლის 5 აგვისტოს ახალი სტილით (24 ივლისს) ლონდონში გარდაიცვალა ფრიდრიხ ენგელსი. თავისი მეგობრის კარლ მარქსის (რომელიც 1883 წელს გარდაიცვალა) შემდეგ, ენგელსი ყველაზე შესანიშნავი მეცნიერი და თანამედროვე პროლეტარიატის მასწავლებელი იყო მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც ბედმა კარლ მარქსი ფრიდრიხ ენგელსს შეახვედრა, ორივე მეგობრის სასიცოცხლო შრომა მათი საერთო საქმე გახდა. ამიტომ, იმის გასაგებად, თუ რა გააკეთა ფრიდრიხ ენგელსმა პროლეტარიატისათვის, ნათლად უნდა შევითვისოთ მარქსის მოძღვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობა თანამედროვე მუშათა მოძრაობის განვითარებაში. მარქსი და ენგელსი პირველნი იყვნენ, რომელთაც ცხადჰყვეს, რომ მუშათა კლასი თავისი მოთხოვნებით აუცილებელი ნაყოფია თანამედროვე ეკონომიური წესწყობილებისა, რომელიც ბურჟუაზიასთან ერთად გარდაუვალად წარმოშობს და რაზმავს პროლეტარიატს; მათ ცხადჰყვეს, რომ კაცობრიობას იმ უბედურებათაგან, რომლებიც მას ახლა სტანჯავს, იხსნის არა ცალკეულ კეთილშობილ პიროვნებათა კეთილგანზრახული ცდები, არამედ ორგანიზებული პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლა. მარქსი და ენგელსი პირველნი იყვნენ, რომელთაც თავიანთ მეცნიერულ შრომებში განმარტეს, რომ სოციალიზმი მეოცნებეთა გამონაგონი კი არ არის, არამედ თანამედროვე საზოგადოებაში საწარმოო ძალების განვითარების საბოლოო მიზანი და აუცილებელი შედეგია. მთელი ნაწერი ისტორია დღემდე იყო კლასობრივი ბრძოლის ისტორია, ერთი საზოგადოებრივი კლასების სხვა კლასებზე ბატონობისა და გამარჯვების შენაცვლება. და ეს გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე არ გაქრება კლასობრივი ბრძოლისა და კლასობრივი ბატონობის საფუძვლები – კერძო საკუთრება და უწესრიგო საზოგადოებრივი წარმოება. პროლეტარიატის ინტერესები მოითხოვენ ამ საფუძვლების მოსპობას, და ამიტომ მათ წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული ორგანიზებული მუშების შეგნებული კლასობრივი ბრძოლა. ხოლო ყოველი კლასობრივი ბრძოლა პოლიტიკური ბრძოლაა.

მარქსისა და ენგელსის ეს შეხედულებანი ახლა შეთვისებული აქვს თავისი განთავისუფლებისთვის მებრძოლ მთელ პროლეტარიატს, მაგრამ, როდესაც ორმა მეგობარმა 40-იან წლებში მონაწილეობა მიიღო თავისი დროის სოციალისტურ ლიტერატურასა და საზოგადოებრივ მოძრაობაში, ასეთი შეხედულებები სრულიად ახალი რამ იყო. მაშინ მრავლად იყვნენ ნიჭიერი და უნიჭო, პატიოსანი და უპატიოსნო ადამიანები, რომლებიც, პოლიტიკური თავისუფლებისათვის ბრძოლით, მეფეების, პოლიციისა და ხუცების თვითმპყრობელობასთან ბრძოლით გატაცებულნი, ვერ ხედავდნენ ბურჟუაზიისა და პროლეტარიატის ინტერესების წინააღმდეგობას. ამ ადამიანებს ფიქრადაც არ მოსდიოდათ, რომ მუშებს შეეძლოთ გამოსულიყვნენ როგორც დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ძალა. მეორე მხრივ, მრავლად იყვნენ მეოცნებენი, ზოგჯერ გენიალურნიც, რომელნიც ფიქრობდნენ, რომ საჭიროა მხოლოდ დავარწმუნოთ მმართველნი და გაბატონებული კლასები თანამედროვე საზოგადოებრივი წესწყობილების უსამართლობაში, და მაშინ ადვილად შეიძლება ქვეყნად მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობის დამყარებაო. ისინი ოცნებობდნენ სოციალიზმის უბრძოლველად დამყარებაზე. ბოლოს, თითქმის ყველა მაშინდელ სოციალისტს და საერთოდ მუშათა კლასის მეგობრებს პროლეტარიატი მხოლოდ წ ყ ლ უ ლ ა დ მიაჩნდათ და შეძრწუნებულნი უყურებდნენ, თუ როგორ იზრდებოდა, მრეწველობის ზრდასთან ერთად, ეს წყლულიც. ამიტომ ყველა ისინი იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ შეეჩერებინათ მრეწველობისა და პროლეტარიატის განვითარება, შეეჩერებინათ „ისტორიის ჩარხის ტრიალი“. პროლეტარიატის განვითარების წინაშე ამ საერთო შიშის წინააღმდეგ, მარქსი და ენგელსი მთელ თავიანთ იმედებს პროლეტარიატის შეუჩერებელ ზრდაზე ამყარებდნენ. რაც უფრო მეტია პროლეტარები, მით უფრო ახლოა და უფრო შესაძლებელია სოციალიზმი. მუშათა კლასის წინაშე მარქსისა და ენგელსის დამსახურება რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება გამოითქვას: მათ მუშათა კლასს ასწავლეს თვითშემეცნება და თვითშეგნება, და ოცნების ადგილას მეცნიერება დააყენეს.

აი, რატომ უნდა იცნობდეს ყოველი მუშა ენგელსის სახელსა და ცხოვრებას, და რატომ არის საჭირო, რომ ჩვენს კრებულში, რომლის მიზანი, ისევე როგორც ყველა ჩვენი გამოცემისა, არის კლასობრივი თვითშეგნების გაღვიძება რუს მუშებში, მოვათავსოთ თანამედროვე პროლეტარიატის ორი დიდი მასწავლებლიდან ერთ-ერთის — ფრიდრიხ ენგელსის ცხოვრების და მოღვაწეობის ნარკვევი.

ენგელსი დაიბადა 1820 წელს ქ. ბარმენში, პრუსიის სამეფოს რაინის პროვინციაში. მისი მამა მეფაბრიკე იყო. 1838 წელს ენგელსი ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა, გიმნაზიის დაუმთავრებლად, ბრემენის ერთ სავაჭრო ფირმაში ნოქრად დამდგარიყო. სავაჭრო საქმიანობას ხელი არ შეუშლია ენგელსისათვის თავის მეცნიერულ და პოლიტიკურ განათლებაზე ემუშავნა. მან ჯერ კიდევ გიმნაზიელმა შეიძულა თვითმპყრობელობა და მოხელეების თვითნებობა. ფილოსოფიაში მეცადინეობამ უფრო შორს წაიყვანა იგი. იმ დროს გერმანულ ფილოსოფიაში გაბატონებული იყო ჰეგელის მოძღვრება, და ენგელსიც მისი მიმდევარი გახდა. თუმცა თვითონ ჰეგელი პრუსიის თვითმპყრობელური სახელმწიფოს თაყვანისმცემელი იყო და მის სამსახურში იმყოფებოდა ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორად, — ჰეგელის მ ო ძ ღ ვ რ ე ბ ა  რევოლუციური იყო. ჰეგელის რწმენას ადამიანის გონებისა და მისი უფლებებისადმი და ჰეგელის ფილოსოფიის ძირითად დებულებას, რომ სამყაროში ცვლილებისა და განვითარების მუდმივი პროცესი სწარმოებს, ბერლინელი ფილოსოფოსის ის მოწაფეები, რომელთაც არ სურდათ სინამდვილეს შერიგებოდნენ, იმ აზრამდე მიჰყავდა, რომ სინამდვილესთან ბრძოლაც, არსებულ უსამართლობასთან და გამეფებულ ბოროტებასთან ბრძოლა ჩაქსოვილია მარადი განვითარების მსოფლიო კანონში. თუ ყველაფერი ვითარდება, თუ ერთ დაწესებულებას მეორე სცვლის, მაშინ რატომ მარად უნდა გაგრძელდეს პრუსიის მეფის ან რუსეთის მეფის თვითმპყრობელობა, უმნიშვნელო უმცირესობის გამდიდრება უდიდესი უმრავლესობის ხარჯზე, ბურჟუაზიის ბატონობა ხალხზე? ჰეგელის ფილოსოფია სულისა და იდეების განვითარებაზე ლაპარაკობდა, იგი ი დ ე ა ლ ი ს ტ უ რ ი იყო. სულის განვითარებიდან მას გამოჰყავდა ბუნების, ადამიანის განვითარება და ადამიანთა ურთიერთობის, საზოგადოებრივი ურთიერთობის განვითარება. მარქსმა და ენგელსმა შეინარჩუნეს ჰეგელის აზრი განვითარების მარადი პროცესის შესახებ[1], უკუაგდეს წინასწარაკვიატებული იდეალისტური შეხედულება; მიმართეს რა ცხოვრებას, მათ დაინახეს, რომ სულის განვითარება კი არა ხსნის ბუნების განვითარებას, არამედ, პირიქით — სული უნდა აიხსნას ბუნებით, მატერიით… წინააღმდეგ ჰეგელისა და სხვა ჰეგელიანელებისა, მარქსი და ენგელსი მატერიალისტები იყვნენ. მატერიალისტურად რომ შეხედეს სამყაროსა და კაცობრიობას, მათ დაინახეს, რომ როგორც ბუნების ყველა მოვლენას საფუძვლად უდევს მატერიალური მიზეზები, ასევე ადამიანთა საზოგადოების განვითარება შეპირობებულია მატერიალური, საწარმოო ძალების განვითარებით. საწარმოო ძალების განვითარებაზეა დამოკიდებული ის ურთიერთობა, რომელიც ადამიანებს შორის მყარდება ადამიანის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად აუცილებელი საგნების წარმოების დროს. და ამ ურთიერთობით აიხსნება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მოვლენა, ადამიანის მისწრაფებები, იდეები და კანონები. საწარმოო ძალების განვითარება ჰქმნის კერძო საკუთრებაზე დამყარებულ საზოგადოებრივ ურთიერთობას, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, საწარმოო ძალების იგივე განვითარება როგორ ართმევს საკუთრებას უმრავლესობას და თავს უყრის ამ საკუთრებას უმნიშვნელო უმცირესობის ხელში. ეს განვითარება სპობს საკუთრებას, თანამედროვე საზოგადოებრივი წესწყობილების საფუძველს, იგი თვითონ მიისწრაფვის იმავე მიზნისაკენ, რომელიც სოციალისტებმა დაისახეს. სოციალისტები მხოლოდ უნდა გაერკვიონ, თუ რომელი საზოგადოებრივი ძალაა დაინტერესებული, თანამედროვე საზოგადოებაში თავისი მდგომარეობის გამო, სოციალიზმის განხორციელებით, და შეაგნებინონ ამ ძალას მისი ინტერესები და ისტორიული ამოცანა. ასეთი ძალა პროლეტარიატია. მას ენგელსი გაეცნო ინგლისში, ინგლისის მრეწველობის ცენტრში, მანჩესტერში, სადაც იგი 1842 წელს გადავიდა და სამსახური დაიწყო სავაჭრო ფირმაში, რომლის ერთ-ერთ მეპაიედაც მისი მამა იყო. აქ ენგელსი სულ ფაბრიკის კანტორაში როდი იჯდა, — იგი დაიარებოდა ჭუჭყიან უბნებში, სადაც მუშები თავს აფარებდნენ, და თავისი თვალით ხედავდა მათს სიღატაკესა და გაჭირვებას. მაგრამ ენგელსი პირადი დაკვირვებებით როდი დაკმაყოფილებულა, მან წაიკითხა ყველაფერი, რაც კი მის დრომდე მოიპოვებოდა ინგლისის მუშათა კლასის მდგომარეობის შესახებ, გულდასმით შეისწავლა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ოფიციალური დოკუმენტი. ამ შესწავლისა და დაკვირვების ნაყოფი იყო 1845 წელს გამოსული წიგნი: „მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში“[II]. ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თუ რა არის ენგელსის მთავარი დამსახურება, როგორც წიგნის „მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში“ ავტორისა. ენგელსამდეც ძალიან ბევრს აუწერია პროლეტარიატის ტანჯვა და მიუთითებია, რომ საჭიროა მისთვის დახმარების გაწევა. ენგელსმა პ ი რ ვ ე ლ მ ა სთქვა, რომ პროლეტარიატი ა რ  ა რ ი ს   მ ხ ო ლ ო დ დატანჯული კლასი; რომ სწორედ ის სამარცხვინო ეკონომიური მდგომარეობა, რომელშიც პროლეტარიატი იმყოფება, შეუჩერებლად მიაქანებს მას წინ და აიძულებს, იბრძოლოს თავისი საბოლოო განთავისუფლებისათვის. ხოლო მებრძოლი პროლეტარიატი  თ ვ ი თ ო ნ   უ შ ვ ე ლ ი ს   თ ა ვ ი ს   თ ა ვ ს. მუშათა კლასის პოლიტიკური მოძრაობა აუცილებლად მიიყვანს მუშებს იმის შეგნებამდე, რომ სოციალიზმის გარეშე მათ გამოსავალი არა აქვთ. მეორე მხრივ, სოციალიზმი მხოლოდ მაშინ გადაიქცევა ძალად, როდესაც იგი მუშათა კ ლა ს ი ს   პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი ბრძოლის მიზანი გახდება. აი ძირითადი აზრები ენგელსის წიგნისა მუშათა კლასის მდგომარეობის შესახებ, აზრები, რომლებიც ახლა შეთვისებული აქვს მთელ მოაზროვნე და მებრძოლ პროლეტარიატს, მაგრამ მაშინ სრულიად ახალ რამეს წარმოადგენდნენ.  ეს აზრები გამოთქმული იყო წარმტაცად დაწერილ წიგნში, რომელიც სავსეა ინგლისის პროლეტარიატის გაჭირვების უაღრესად სარწმუნო და შემაძრწუნებელი სურათებით. ეს წიგნი იყო საშინელი ბრალდება კაპიტალიზმისა და ბურჟუაზიის მიმართ. შთაბეჭდილება, რომელიც მან მოახდინა, მეტად დიდი იყო. ენგელსის წიგნს ყველგან იმოწმებდნენ როგორც თანამედროვე პროლეტარიატის მდგომარეობის საუკეთესო სურათს. და მართლაც, არც 1845 წლამდე და არც შემდეგ არ გამოსულა მუშათა კლასის გაჭირვების ესოდენ მკაფიო და უტყუარად ამსახველი არც ერთი ნაწარმოები.

ენგელსი მხოლოდ ინგლისში გახდა სოციალისტი. მანჩესტერში მან კავშირი გააბა ინგლისის მაშინდელი მუშათა მოძრაობის მოღვაწეებთან და დაიწყო წერა ინგლისის სოციალისტურ გამოცემებში. 1844 წელს, გერმანიაში რომ ბრუნდებოდა, მან გზად, პარიზში გაიცნო მარქსი, რომელთანაც ადრევე ჰქონდა მიმოწერა. პარიზში, ფრანგი სოციალისტებისა და საფრანგეთის ცხოვრების გავლენით, მარქსიც სოციალისტი გახდა. აქ მეგობრებმა ერთად დასწერეს წიგნი: „წმიდა ოჯახი, ანუ კრიტიკული კრიტიკის კრიტიკა“[III]. ამ წიგნში, რომელიც ერთი წლით ადრე გამოვიდა, ვიდრე „მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში“ და მეტწილად მარქსის მიერ იყო დაწერილი, ჩაყრილია საფუძვლები იმ რევოლუციურ-მატერიალისტური სოციალიზმისა, რომლის მთავარი აზრებიც ზემოთ გადმოვეცით. „წმიდა ოჯახი“ სახუმარო სახელია ფილოსოფოსების — ძმათა ბაუერებისა და მათი მიმდევრებისა. ეს ვაჟბატონები ქადაგებდნენ კრიტიკას, რომელიც ყოველნაირ სინამდვილეზე მაღლა, პარტიებსა და პოლიტიკაზე მაღლა დგას, უარჰყოფს ყოველგვარ პრაქტიკულ მოღვაწეობას და მხოლოდ „კრიტიკულად“ სჭვრეტს გარემო სამყაროს და მის მოვლენებს. ბატონი ბაუერები ქედმაღლურად მსჯელობდნენ პროლეტარიატზე, როგორც არაკრიტიკულ მასაზე. მარქსმა და ენგელსმა გადაჭრით გაილაშქრეს ამ უთავბოლო და მავნე მიმართულების წინააღმდეგ. ნამდვილი ადამიანური პიროვნების — მუშის ღირსების დასაცავად, რომელსაც გაბატონებული კლასები და სახელმწიფო ჰქელავენ, ისინი მოითხოვენ არა ჭვრეტას, არამედ ბრძოლას საზოგადოების უკეთესად მოწყობისათვის. იმ ძალად, რომელსაც უნარი შესწევს ასეთი ბრძოლა აწარმოოს და რომელიც დაინტერესებულია ამ ბრძოლით, მათ, რა თქმა უნდა, პროლეტარიატი მიაჩნიათ. ჯერ კიდევ „წმიდა ოჯახამდე“ ენგელსმა მარქსისა და რუგეს „გერმანულ-ფრანგულ ჟურნალში“[IV] დაბეჭდა „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკული ნარკვევები“[V], სადაც სოციალიზმის თვალსაზრისით განიხილა თანამედროვე ეკონომიური წყობილების ძირითადი მოვლენები, როგორც აუცილებელი შედეგები კერძო საკუთრების ბატონობისა. ენგელსთან ურთიერთობამ უდავოდ შეუწყო ხელი იმას, რომ მარქსმა გადაწყვიტა ემუშავნა პოლიტიკურ ეკონომიაში, იმ მეცნიერებაში, რომელშიც მისმა შრომებმა მთელი გადატრიალება მოახდინეს.

დრო 1845-დან 1847 წლამდე ენგელსმა გაატარა ბრიუსელსა და პარიზში, სადაც მეცნიერულ მუშაობასთან ერთად პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწეოდა ბრიუსელისა და პარიზის გერმანელ მუშათა წრეში. აქ ენგელსმა და მარქსმა ურთიერთობა გააბეს ფარულ გერმანულ „კომუნისტთა კავშირთან“[VI], რომელმაც მათ მიანდო ჩამოეყალიბებინათ მათ მიერ შემუშავებული სოციალიზმის ძირითადი პრინციპები. ასე წარმოიშვა მარქსისა და ენგელსის განთქმული „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, რომელიც 1848 წელს დაიბეჭდა. ეს პატარა წიგნაკი მთელ ტომებს უდრის: დღემდე მისი სულისკვეთებით ცოცხლობს და მოძრაობს ცივილიზებული მსოფლიოს მთელი ორგანიზებული და მებრძოლი პროლეტარიატი.

1848 წლის რევოლუციამ, რომელმაც ჯერ საფრანგეთში იფეთქა, შემდეგ კი დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოედო, მარქსი და ენგელსი სამშობლოში დააბრუნა. იქ, რაინის პრუსიაში, ისინი სათავეში ჩაუდგნენ დემოკრატიულ „ახალ რაინის გაზეთს“[VII], რომელიც კელნში გამოდიოდა. ორივე მეგობარი რაინის პრუსიაში ყველა რევოლუციურ-დემოკრატიული მისწრაფების სული და გული იყო. უკანასკნელ შესაძლებლობამდე იცავდნენ ისინი ხალხისა და თავისუფლების ინტერესებს რეაქციული ძალებისაგან. ამ უკანასკნელებმა, როგორც ცნობილია, გაიმარჯვეს. „ახალი რაინის გაზეთი“ აკრძალეს; მარქსი, რომელმაც თავისი ემიგრანტული ცხოვრების დროს დაჰკარგა პრუსიის ქვეშევრდომის უფლებები, გააძევეს, ხოლო ენგელსმა მონაწილეობა მიიღო შეიარაღებულ სახალხო აჯანყებაში, იგი სამ შეტაკებაში იბრძოდა თავისუფლებისათვის და აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ შვეიცარიით ლონდონს გაიქცა.

იქვე დაბინავდა მარქსიც. ენგელსი მალე ისევ ნოქარი გახდა, შემდეგ კი მეპაიეც მანჩესტერის იმ სავაჭრო ფირმისა, სადაც იგი 40-იან წლებში მსახურობდა. 1870 წლამდე ის მანჩესტერში ცხოვრობდა, ხოლო მარქსი ლონდონში, რაც ხელს არ უშლიდა მათ უაღრესად ცოცხალი სულიერი კავშირი ჰქონოდათ ერთმანეთთან: მათ თითქმის ყოველდღიური მიმოწერა ჰქონდათ. ამ მიმოწერაში მეგობრები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შეხედულებებსა და ცოდნას და ერთად განაგრძობდნენ მეცნიერული სოციალიზმის შემუშავებას. 1870 წელს ენგელსი ლონდონს გადასახლდა, და 1883 წლამდე, როდესაც მარქსი გარდაიცვალა, გრძელდებოდა დაძაბული მუშაობით აღსავსე მათი ერთობლივი სულიერი ცხოვრება. ამ მუშაობის ნაყოფი იყო — მარქსის მხრივ — „კაპიტალი“, ჩვენი საუკუნის უდიდესი პოლიტიკურ-ეკონომიური ნაწარმოები, ხოლო ენგელსის მხრივ — მთელი რიგი დიდი და პატარა თხზულებები. მარქსი მუშაობდა კაპიტალისტური მეურნეობის რთულ მოვლენათა გარკვევაზე. ენგელსი ფრიად გასაგებად დაწერილ ნაშრომებში, რომლებიც ხშირად პოლემიკური ხასიათისა იყო, აშუქებდა უაღრესად ზოგად მეცნიერულ საკითხებს და წარსულისა და აწმყოს სხვადასხვა მოვლენას — ისტორიის მატერიალისტურად გაგებისა და მარქსის ეკონომიური თეორიის თვალსაზრისით. ენგელსის ამ ნაშრომებიდან უნდა დავასახელოთ: პოლემიკური თხზულება დიურინგის წინააღმდეგ (აქ განხილულია ფილოსოფიის, ბუნებისმეტყველებისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა უდიდესი საკითხები)[2][VIII], „ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“ (თარგმნილია რუსულ ენაზე, გამოიცა ს.-პეტერბურგში, მე-3 გამო., 1895)[IX], „ლუდვიგ ფოიერბახი“ (რუსული თარგმანი გ. პლეხანოვის შენიშვნებით, ჟენევა, 1892)[X], სტატია რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე (თარგმნილია რუსულ ენაზე ჟენევის „სოციალ-დემოკრატში“, №№1 და 2)[XI],  შესანიშნავი სტატიები საბინაო საკითხზე[XII], დასასრულ, ორი პატარა, მაგრამ მეტად საგულისხმო სტატია რუსეთის ეკონომიური განვითარების შესახებ („ფრიდრიხ ენგელსი რუსეთის შესახებ“, თარგმნილია რუსულ ენაზე ვ. ი. ზასულიჩის მიერ, ჟენევა, 1894)[XIII].  მარქსი ისე გარდაიცვალა, რომ ვეღარ მოასწრო საბოლოოდ დაემუშავებინა თავისი უზარმაზარი შრომა კაპიტალის შესახებ. შავად კი იგი უკვე მზად იყო, და აი, მეგობრის სიკვდილის შემდეგ, ენგელსი შეუდგა მძიმე შრომას – „კაპიტალის“ II და III ტომის დამუშავებასა და გამოცემას. 1885 წელს მან გამოსცა II, 1894 წელს – III ტომი (IV ტომის დამუშავება ვერ მოასწრო)[XIV]. ამ ორ ტომზე საჭირო შეიქნა ძალიან ბევრი მუშაობა. ავსტრიელმა სოციალ-დემოკრატმა ადლერმა სწორად შენიშნა, რომ „კაპიტალის“ IIდა III ტომის გამოცემით ენგელსმა თავის გენიალურ მეგობარს აუგო დიდებული ძეგლი, რომელზეც უნებლიეთ გამოკვეთა წარუხოცელი ხაზებით თავისი საკუთარი სახელიო. მართლაც, „კაპიტალის“ ეს ორი ტომი ორი ადამიანის – მარქსისა და ენგელსის ნაშრომია. ძველებური გადმოცემები მოგვითხრობენ მეგობრობის სხვადასხვა ამაღელვებელ მაგალითს. ევროპის პროლეტარიატს შეუძლია სთქვას, რომ მისი მეცნიერება შეჰქმნა ორმა სწავლულმა და მებრძოლმა, რომელთა ურთიერთობა აღემატება თვით ძველთა ყველაზე ამაღელვებელ თქმულებებს ადამიანთა მეგობრობის შესახებ. ენგელსი ყოველთვის, – და, საერთოდ, სავსებით სამართლიანად, – თავის თავს მარქსზე უკან აყენებდა. „მარქსის დროს, – სწერდა იგი ერთ ძველ მეგობარს, – მე მეორე ადგილი მეჭირაო“[XV]. მისი სიყვარული ცოცხალი მარქსისადმი და მოკრძალება გარდაცვალებულის ხსოვნის წინაშე უსაზღვრო იყო. ამ მედგარ მებრძოლს და მკაცრ მოაზროვნეს ღრმად მოსიყვარულე გული ჰქონდა.

1848-1849 წლების მოძრაობის შემდეგ გაძევებული მარქსი და ენგელსი მხოლოდ მეცნიერების დარგში როდი მუშაობდნენ. 1864 წელს მარქსმა შეჰქმნა „მუშათა საერთაშორისო საზოგადოება“ და მთელი ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ საზოგადოებას. მის საქმეებში ცხოველ მონაწილეობას იღებდა აგრეთვე ენგელსიც. „საერთაშორისო საზოგადოების“ საქმიანობას, რომელიც, მარქსის აზრის თანახმად, ყველა ქვეყნის პროლეტარებს აერთიანებდა, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მუშათა მოძრაობის განვითარებაში. მაგრამ 70-იან წლებში „საერთაშორისო საზოგადოების“ დახურვის შემდეგაც ეს გამაერთიანებელი როლი მარქსისა და ენგელსისა არ შეწყვეტილა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მათი, როგორც მუშათა მოძრაობის სულიერი ხელმძღვანელების, მნიშვნელობა მუდამ იზრდებოდა, რადგან განუწყვეტლივ იზრდებოდა თვით ეს მოძრაობაც. მარქსის სიკვდილის შემდეგ ევროპის სოციალისტების მრჩეველი და ხელმძღვანელი მარტო ენგელსი-ღა იყო. რჩევისა და მითითებებისათვის მას ერთნაირად მიმართავდნენ გერმანელი სოციალისტებიც, რომელთა ძალა, მიუხედავად მთავრობის მხრივ დევნისა, სწრაფად და განუწყვეტლივ იზრდებოდა, და ჩამორჩენილი ქვეყნების წარმომადგენლებიც, — მაგალითად, — ესპანელები, რუმინელები, რუსები, რომელთაც უხდებოდათ მოესაზრათ და აეწონ-დაეწონათ თავიანთი პირველი ნაბიჯები. ყველა ისინი ეწაფებოდნენ მოხუცი ენგელსის ცოდნისა და გამოცდილების მდიდარ საგანძურს.

მარქსსა და ენგელსს, რომლებმაც რუსული ენა იცოდნენ და რუსულ წიგნებს კითხულობდნენ, ძალიან აინტერესებდათ რუსეთი; ისინი თანაგრძნობით ადევნებდნენ თვალყურს რუსეთის რევოლუციურ მოძრაობას, მათ ურთიერთობა ჰქონდათ რუს რევოლუციონერებთან. ორივენი დ ე მ ო კ რ ა ტ ე ბ ი დ ა ნ  სოციალისტები გახდნენ, და მათ მეტად ძლიერად ჰქონდათ განვითარებული პოლიტიკური თვითნებობისადმი  ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ს  დემოკრატიული გრძნობა. ამ უშუალო პოლიტიკურმა გრძნობამ იმ კავშირის ღრმა თეორიულ გაგებასთან ერთად, რომელიც პოლიტიკურ თვითნებობასა და ეკონომიურ ჩაგვრას შორის არსებობს, აგრეთვე ცხოვრების მდიდარმა გამოცდილებამ მარქსი და ენგელსი მეტად გულისხმიერნი გახადეს სწორედ პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი  მხრივ. ამიტომ ერთ მუჭა რუს რევოლუციონერთა გმირული ბრძოლა მეფის ძლიერი მთავრობის წინააღმდეგ უდიდეს თანაგრძნობას ჰპოვებდა ამ გამობრძმედილი რევოლუციონერების გულში. პირიქით, მათს თვალში ბუნებრივ ეჭვს იწვევდა და მათ სოციალური რევოლუციის დიადი საქმის პირდაპირ ღალატადაც კი მიაჩნდათ წადილი იმისა, რომ მოჩვენებითი ეკონომიური სარგებლობის გულისათვის ზურგი შეჰქცეოდა რუსი სოციალისტების ყველაზე უშუალო და მნიშვნელოვან ამოცანას — პოლიტიკური თავისუფლების მოპოვების ამოცანას. „პროლეტარიატის განთავისუფლება მისი საკუთარი საქმე უნდა იყოსო“, — აი რას გვასწავლიდნენ მუდამ მარქსი და ენგელსი. ხოლო თავისი ეკონომიური განთავისუფლებისათვის რომ იბრძოლოს, პროლეტარიატმა გარკვეული პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი  უფლებები უნდა მოიპოვოს. გარდა ამისა, მარქსიც და ენგელსიც ნათლად ხედავდნენ, რომ რუსეთის პოლიტიკურ რევოლუციას უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა დასავლეთ ევროპის მუშათა მოძრაობისთვისაც. თვითმპყრობელური რუსეთი ყოველთვის იყო მთელი ევროპის რეაქციის დასაყრდენი. იმ არაჩვეულებრივ ხელსაყრელმა საერთაშორისო მდგომარეობამ, რომელშიც რუსეთი ჩააყენა 1870 წლის ომმა, რამაც გერმანიასა და საფრანგეთს შორის დიდი ხნით განხეთქილება ჩამოაგდო, რა თქმა უნდა, მხოლოდ გააძლიერა თვითმპყრობელური რუსეთის, როგორც რეაქციული ძალის, მნიშვნელობა. მხოლოდ თავისუფალი რუსეთი, რომლისთვისაც საჭირო არ იქნება არც პოლონელების, ფინელების, გერმანელების, სომხებისა და სხვა პატარა ერების ჩაგვრა, არც საფრანგეთისა და გერმანიის მუდმივი წასისინება ერთმანეთზე, საშუალებას მისცემს თანამედროვე ევროპას თავისუფლად ამოისუნთქოს ომის სიმძიმეთაგან, შეასუსტებს ყველა რეაქციულ ელემენტს ევროპაში და გაადიდებს ევროპის მუშათა კლასის ძალას. აი, რატომ იყო, რომ დასავლეთში მუშათა მოძრაობის წარმატებისათვისაც ენგელსს მხურვალედ სურდა პოლიტიკური თავისუფლება დამყარებულიყო რუსეთში. რუსმა რევოლუციონერებმა ენგელსის სახით თავიანთი საუკეთესო მეგობარი დაჰკარგეს.

საუკუნო ხსენება ფრიდრიხ ენგელსს, დიდ მებრძოლსა და პროლეტარიატის მასწავლებელს!

სტატია დაიწერა 1895 წლის შემოდგომაზე. დაიბეჭდა 1896 წელს კრებულში “Работник”№1-2.   

ქვეყნდება შემდეგი გამოცემის მიხედვით: ლენინი ვ. ი. თხზულებანი, მეორე გამოცემა, ტ. 2, სახელგამი, 1948.

ლენინის შენიშვნები


[1] მარქსსა და ენგელსს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ისინი თავიანთი გონებრივი განვითარების მხრივ ბევრი რამით არიან დავალებულნი დიდი გერმანელი ფილოსოფოსებისაგან და კერძოდ ჰეგელისაგან. „გერმანული ფილოსოფია რომ არ ყოფილიყო, – ამბობს ენგელსი, – მეცნიერული სოციალიზმიც არ იქნებოდაო“ (ფ. ენგელსი. „წინასიტყვაობა „გლეხთა ომისა გერმანიაში““. იხ. კ. მარქსი. რჩეული ნაწერები, ტ. II, 1940, გვ. 441. – 8).

[2] ეს გასაოცრად შინაარსიანი და საგულისხმო წიგნია. სამწუხაროდ, რუსულ ენაზე თარგმნილია ამ წიგნის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც შეიცავს სოციალიზმის განვითარების ისტორიულ ნარკვევს („მეცნიერული სოციალიზმის განვითარება“, მე-2 გამოცემა, ჟენევა, 1892).


ლენინის თხზულებათა რედაქციის კომენტარები


[I] სტატიის „ფრიდრიხ ენგელსი“ ეპიგრაფად მოცემული სიტყვები ლენინმა აიღო ნ. ა. ნეკრასოვის ლექსიდან „დობროლიუბოვის ხსოვნას“. იხ. ნ. ა. ნეკრასოვი. ლექსების სრული კრებული, ტ. II, წიგ. I, 1937, გვ. 94-95. ­

[II] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, თხზულებანი, ტ. III, 1930, გვ. 293-573.

[III] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, თხზულებანი, ტ. III, 1930, გვ. 21-244.

[IV] ლენინს მხედველობაში აქვს ჟურნალი „Deusch-FranzosischeJahrbucher” (გერმანულ-ფრანგული წელიწდეული“), დაარსებული კ. მარქსის მიერ ა. რუგესთან ერთად პარიზში. სულ გამოვიდა ერთი (ორმაგი) ნომერი 1844 წელს.

[V] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, თხზულებანი, ტ. II, 1931, გვ. 293-320.

[VI] „კომუნისტთა კავშირი“ — რევოლუციური პროლეტარიატის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, დაარსებული 1847 წლის ზაფხულს ლონდონში რევოლუციური პროლეტარული ორგანიზაციების დელეგატთა კონგრესზე. „კომუნისტთა კავშირის“ ხელმძღვანელები იყვნენ მარქსი და ენგელსი, რომელთაც ამ ორგანიზაციის დავალებით დასწერეს „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“. „კომუნისტთა კავშირმა“ იარსება 1852 წლამდე. მისი ისტორია იხ. ფ. ენგელსის სტატიაში „კომუნისტთა კავშირის ისტორიისათვის“ (კ. მარქსი. რჩეული ხელნაწერები, ტ. II, 1940, გვ. 3-21).

[VII] „რაინის ახალი გაზეთი (“Neue Rheinische Zeitung”) გამოდიოდა კელნში 1848 წლის 1 ივნისიდან 1849 წლის 19 მაისამდე. გაზეთს ხელმძღვანელობდნენ კ. მარქსი და ფ. ენგელსი; მთავარი რედაქტორი იყო მარქსი. „არც ერთ გერმანულ გაზეთს, – სწერდა ენგელსი, – არც წინათ და არც შემდგომ არა ჰქონია ისეთი ძალა და გავლენა, არ შეეძლო პროლეტარული მასების ისე აღგზნება, როგორც „რაინის ახალ გაზეთს““ (კ. მარქსი. რჩეული ნაწერები, ტ. II, 1940, გვ. 30). ლენინი თავი სტატიაში „კარლ მარქსი“ ამ გაზეთს უწოდებს „რევოლუციური პროლეტარიატის საუკეთესო, უბადლო ორგანოს“.

[VIII] ფ. ენგელსის წიგნის „ანტი-დიურინგის“ რუსული თარგმანი პირველად გამოვიდა 1904 წელს. ლენინი „ლ. კუგელმანისადმი კ. მარქსის წერილების რუსული თარგმანის წინასიტყვაობაში“ „ანტი-დიურინგის“ ამ თარგმანს ახასიათებს როგორც ფრიად არადამაკმაყოფილებელს. იხ. ფ. ენგელსი. „ანტი-დიურინგი“, 1938, ან კ. მარქსი და ფ. ენგელსი, თხზულებანი, ტ. XIV, 1931, გვ. 1-388, გამოც. მარქს-ენგელს-ლენინის ინსტ.

[IX]კ. მარქსი და ფ. ენგელსი, თხზულებანი, ტ. XIV, ნაწ. I, 1937, გვ. 3-153.

[X] კ. მარქსი. რჩეული ნაწერები, ტ. I, 1940, გვ. 383-426.

[XI] „სოციალ-დემოკრატ“ — ლიტერატურულ-პოლიტიკური მიმოხილვა, 1890-1892 წლებში საზღვარგარეთ სცემდა „შრომის განთავისუფლების“ ჯგუფი; გამოვიდა სულ ოთხი წიგნი. ლენინს მხედველობაში აქვს ენგელსის სტატია „რუსეთის ცარიზმის საგარეო პოლიტიკა“. იხ. კ. მარქსი და ფ. ენგელსი. თხზულებანი, ტ. XVI, ნაწ. II, 1ა936, გვ. 3-40.

[XII]ფ. ენგელსი. „საბინაო საკითხისათვის“. იხ. კ. მარქსი და ფ. ენგელსი. თხზულებანი, ტ. , 1935, გვ. 1-81.

[XIII] ფ. ენგელსი. „რუსეთის საზოგადოებრივი ურთიერთობის შესახებ“. იხ. კ. მარქსი. რჩეული ნაწერები, ტ. II, 1940, გვ. 536-549.

[XIV]ენგელსის მითითების შესაბამისად, ლენინი „კაპიტალის“ მეოთხე ტომს უწოდებს მარქსის ნაწარმოებს — „ზედმეტი ღირებულების თეორიები“. „კაპიტალის“ მეორე ტომის წინასიტყვაობაში ენგელსი სწერდა: „მე ვკისრულობ ამ ხელნაწერის („ზედმეტი ღირებულების თეორიები“. რედ.) კრიტიკული ნაწილის გამოქვეყნებას „კაპიტალის“ IV წიგნის სახით, ამასთან ამოღებული იქნება ბევრი ისეთი ადგილი, რომლებიც ამოწურულად არის გაშუქებული II და III წიგნში (კ. მარქსი და ფ. ენგელსი. თხზულებანი, ტ. XVIII, 1939, გვ. 2). ხსენებული ნაწარმოები გამოქვეყნდა კაუტსკის დამუშავებით ენგელსის გარდაცვალების შემდეგ, 1905-1910 წლებში, გერმანულ ენაზე. იხ. კ. მარქსი. „ზედმეტი ღირებულების თეორიები“, ტ. I-III, ოთხ წიგნად, 1936.

[XV]ენგელსის წერილი — ი. ფ. ბეკერს 1884 წლის 15 ოქტომბრის თარიღით. იხ. კ. მარქსი და ფ. ენგელსი. თხზულებანი, ტ. XXVII, 1935, გვ. 415.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *