გრენადა[1]
ბრძოლებში მივყავდით
გზასა და ბილიკს,
სიმღერა „იაბლოჩკო“[2]
გვეჭირა კბილით.
ო, ამ კარგ სიმღერას
დღემდე ჰყავს მცველი –
ეს ნორჩი ბალახი
და მწვანე ველი.
მაგრამ სხვა სიმღერა
მოჰქონდა ძმობილს –
შორეულ ქვეყანას
უმღერდა გრძნობით…
ესმოდა მშობლიურ
ბაღების ჩეროს:
„გრენადავ, გრენადავ,
გრენადავ ჩემო!“
სიმღერა მეგობარს
კვლადაკვალ სდევდა.
რა უნდა ჭაბუკთან
ესპანურ სევდას?
თქვი, ალექსანდროვსკო,
ხარკოვო, გვითხარ:
სიმღერა ამგვარი
ოდესმე გითქვამთ?
ჰკითხე, უკრაინავ,
შენს ყანებს მზიანს –
შევჩენკოს ფაფახი
მანდ ხო არ გდია?
ძმაო, სად გაუგე
ამ სიტყვებს გემო:
„გრენადავ, გრენადავ,
გრენადავ ჩემო!“
ჭაბუკ მეოცენებეს
უღიმის სახე:
ძმობილო, გრენადა
მე წიგნში ვნახე.
ლამაზი სახელი,
სიმღერა ჩემი…
შორს არის, ესპანეთს,
გრენადის თემი.
ომში რომ წამოველ,
ეს მქონდა ფიცად,
გრენადელ გლეხისთვის
მიგვეცა მიწა.
მშვიდობით, მშობლებო,
ოჯახო ჩემო:
გრენადავ, გრენადავ,
გრენადავ ჩემო!“
მივქროდით. ეს იყო
ოცნება ჩვენი,
რომ ჩქარა გვესწავლა
ანბანი ბრძოლის.
დგებოდნენ, ქრებოდნენ
მალიმალ დღენი,
ცხენს ძალა წაერთვა
ველებზე ქროლვით.
მაგრამ „იაბლოჩკოს“
მღეროდა რაზმი,
გარდასულ წამების
სევდიან ხმაზე…
შენ რატომ არ მღერი,
ძმობილი ჩვენო:
„გრენადავ, გრენადავ,
გრენადავ ჩემო!“
უეცრად უნაგირს
მოწყვიტა ტყვიამ
და ვხედავ: მებრძოლი
მიწაზე გდია.
თავს მთვარე დაადგა,
დამება ენა.
გაყინულ ბაგეებს
აღმოხდა: „გრენა…“
და გაჰქრა ჭაბუკი,
დალია სული,
წაიღო სიმღერა,
მეგობრის გულიც.
მას შემდეგ არ ესმის
ბაღების ჩეროს:
„გრენადავ, გრენადავ,
გრენადავ ჩემო!“
რაზმმა ვერ შენიშნა
დაკარგვა მისი,
„იაბლოჩკოს“ ბოლომდე
მღეროდა ისევ.
და მხოლოდ დაეცა
წყნარი და ცივი,
დაისის ხავერდზე
ცრემლები წვიმის.
ჩვენ ახალ სიმღერებს
ცხოვრება გვიქმნის,
არ გვინდა ამაზე
დარდი და ფიქრი.
არ გვინდა, არ გვინდა,
არ გვინდა, ძმებო!
„გრენადავ, გრენადავ,
გრენადავ, ჩემო!“
თარგმანი ვასილ ლაფერაშვილისა
ილუსტრაციად გამოყენებულია ანუკ ბელუგას ნახატი
შენიშვნები
[1] გრენადა — ესპანეთის პროვინცია გრანადას სახელწოდებად XIX საუკუნესა და XX საუკუნის პირველ ორ ათწლეულების რუსეთში დამკვიდრებული იყო “გრენადა”.
[2] “იაბლოჩკო” — რევოლუციონერ ჯარისკაცებში პოპულარული ფოლკლორული სიმღერა.
