ფრიდრიხ ენგელსი – სიტყვა, წარმოთქმული მარქსის საფლავზე

14 მარტს, ნაშუადღევს, სამს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, აზროვნება შესწყვიტა ჩვენი დროის უდიდესმა მოაზროვნემ. ჩვენ იგი მხოლოდ ორი წუთით დავტოვეთ; როდესაც დავბრუნდით, იგი დაგვხვდა სავარძელში მშვიდად მიძინებული, — მაგრამ უკვე საუკუნოდ.

შეუძლებელია განსაზღვრა იმისა, თუ რა დაკარგა ამ კაცის სიკვდილით ევროპისა და ამერიკის მებრძოლმა პროლეტარიატმა, რა დაკარგა ისტორიულმა მეცნიერებამ. უკვე მალე ვიგრძნობთ იმ საშინელ სიცარიელეს, რაც ამ გიგანტის სიკვდილის შემდეგ დარჩა.

როგორც დარვინმა აღმოაჩინა ორგანული ქვეყნის განვითარების კანონი, ისე მარქსმა კაცობრიობის ისტორიის განვითარების კანონი აღმოაჩინა. მან აღმოაჩინა ის მარტივი ფაქტი, რომელიც მანამდე მიჩქმალული იყო იდეოლოგიურ მოსაზრებათა სამოსელში, რომ ადამიანებს პირველყოვლისა უნდა ჰქონდეთ საჭმელი, სასმელი, საცხოვრებელი ბინა და ტანისამოსი, რათა მათ შესძლონ ხელი მოჰკიდონ პოლიტიკას, მეცნიერებას, ხელოვნებას, რელიგიას და სხვ.; რომ, მაშასადამე, არსებობის უშუალო მატერიალური საშუალებების წარმოება და ამასთან ერთად ამა თუ იმ ხალხის ან ისტორიული ეპოქის ეკონომიური განვითარების შესაფერი საფეხური შეადგენს საფუძველს, საიდანაც ვითარდებიან სახელმწიფო დაწესებულებანი, უფლებრივი შეხედულებანი, ხელოვნება და თვით ადამიანთა რელიგიური წარმოდგენებიც კი და რომლიდანაც უნდა გამოვდიოდეთ ყველა ამ მოვლენის ახსნის საქმეში, – და არა პირიქით, როგორც აქამდე ეგონათ.

მაგრამ ეს ყველაფერი როდია. მარქსმა აღმოაჩინა აგრეთვე წარმოების ახლანდელი კაპიტალისტური წესისა და მისგან წარმოშობილი ბურჟუაზიული საზოგადოების განვითარების განსაკუთრებული კანონი. ზედმეტი ღირებულების აღმოჩენამ ამ საკითხებში ერთბაშად შეიტანა ნათელი, მაშინ როდესაც ყველა წინანდელი მკვლევარი — ბურჟუაზიული ეკონომისტი იყო იგი თუ სოციალისტი-კრიტიკოსი — ბნელში დაეხეტებოდა.

ორი ასეთი აღმოჩენა საკმარისია ერთი ადამიანის ცხოვრებისათვის. უკვე ბედნიერია ისიც, ვინც ერთს ასეთ აღმოჩენას შესძლებს. მაგრამ ყოველ დარგში, რომელსაც მარქსი იკვლევდა —  იგი კი მრავალ დარგში მუშაობდა და არც ერთ ზერელედ არ ეპყრობოდა — მათემატიკის დარგშიც კი, მან დამოუკიდებელი აღმოჩენები გააკეთა.

ასეთი იყო მარქსი, როგორც მეცნიერი. მაგრამ ეს სრულიადაც არ იყო მთავარი მის მოღვაწეობაში. მარქსისთვის მეცნიერება იყო ისტორიული მამოძრავებელი, რევოლუციური ძალა. მას განუსაზღვრელ სიხარულს გვრიდა ყოველი აღმოჩენა ყოველ თეორიულ დარგში, რომლის პრაქტიკული გამოყენების გათვალისწინებაც ჯერ კიდეც თითქმის შეუძლებელი იყო. მაგრამ სულ სხვა იყო მისი სიხარული ისეთ აღმოჩენათა გამო, რომელსაც მრეწველობასა და, საერთოდ, ისტორიულ განვითარებაში, რევოლუცია შეჰქონდა. მაგალითად, იგი გულდასმით ადევნებდა თვალყურს აღმოჩენათა განვითარებას ელექტრობის დარგში, ხოლო უკანასკნელ ხანებში იგი თვალყურს ადევნებდა, კერძოდ, მარსელ დეპრეს ცდებს.

მარქსი, უპირველეს ყოვლისა, რევოლუციონერი იყო. მისი სიცოცხლის ნამდვილი მოწოდება იყო — ამა თუ იმ საშუალებით ხელის შეწყობა კაპიტალისტური საზოგადოებისა და მის მიერ შექმნილ სახელმწიფო დაწესებულებათა დამხობისთვის, ხელის შეწყობა თანამედროვე პროლეტარიატის განთავისუფლების საქმისათვის, რომელსაც პირველად მან მისცა საკუთარი მდგომარეობისა და მოთხოვნილებების შეგნება, საკუთარი განთავისუფლების პირობების შეგნება. აი რა იყო მისი არსებობის მოწოდება სინამდვილეში. ბრძოლა მისი სტიქია იყო. და იგიც იბრძოდა ისეთი გატაცებით, ისეთი შეუპოვრობით, ისეთი წარმატებით, როგორიც ცოტას ღირსებია. პირველი „რაინის გაზეთი“ 1842 წ., პარიზის “Vorwärts” 1844 წ., „ბრიუსელის გერმანული გაზეთი“ 1847 წ., „ახალი რაინის გაზეთი“ 1848-1849 წწ., „ნიუ-იორკის ტრიბუნა“ 1852-1861 წწ. და გარდა ამისა მრავალი საბრძოლო ბროშურა, მუშაობა პარიზის, ლონდონისა და ბრიუსელი ორგანიზაციებში, სანამ ყველაფერი ეს არ დაგვირგვინდა დიდი მუშათა საერთაშორისო ასოციაციით[1], — ეს ჭეშმარიტად დიადი საქმე იყო, რითაც შეეძლო ეამაყა მის შემქმნელს, თუნდაც მას სხვა არაფერი გაეკეთებინოს.

სწორედ ამიტომ იყო მარქსი თავისი დროის ყველაზე საძულველი ადამიანი, რომელსაც ათასგვარ ცილსა სწამებდნენ. მას აძევებდნენ სამფლობელოებიდან როგორც თვითმპყრობელური, ისე რესპუბლიკური მთავრობები; მისი სახელის გატეხაში ერთმანეთს ასწრებდა ყველა, კონსერვატიული თუ ულტრადემოკრატიული ბურჟუა. იგი, როგორც ობობას ქსელს, ისე იშორებდა გზიდან ყველაფერ ამას, ყურადღებას არავის აქცევდა და პასუხს იძლეოდა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს. და იგი გარდაიცვალა პატივცემული, საყვარელი, დატირებული მრავალი მილიონი რევოლუციონერი თანამებრძოლისაგან, რომელნიც გაფანტულნი არიან მთელ ევროპასა და ამერიკაში, ციმბირის მაღაროებიდან ვიდრე კალიფორნიამდე. და მე თამამად შემიძლია ვთქვა: მას ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ საეჭვოა თუნდაც ერთი პირადი მტერი ჰყოლოდეს.

მისი სახელი და მისი საქმე იცოცხლებს საუკუნეთა განმავლობაში!

მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. 2., თბ., საბჭოთა საქართველო, 1964. გვ. 197-200.

შენიშვნები


[1] იგულისხმება პირველი ინტერნაციონალი (იგივე მუშათა საერთაშორისო ამხანაგობა) — 1864 წელს ლონდონში დაარსებული მუშათა კლასის პირველი მასობრივი საერთაშორის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის 13 ქვეყნისა და აშშ-ის სექციებს აერთიანებდა. ინტერნაციონალი არ იყო იდეოლოგიურად ერთგვაროვანი ორგანიზაცია და მასში სხვადასხვა სოციალისტური მიმდინარეობის (მარქსიზმის, ლასალიანელობის, ტრედიუნიონიზმი, ანარქიზმის, ბლანკიზმის)  წარმომადგენელი ჯგუფები შედიოდნენ. 1872 წელს მარქსის მომხრეებსა და ბაკუნისტებს შორის მომხდარი განხეთქილების გამო, ინტერნაციონალმა 1876 წელს საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა. – რედ. შენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *