ჯონ სმიტი – რატომ შეუძლია კორონავირუსს გააღვივოს კაპიტალიზმის ზეახალი?

ჯონ სმიტი თანამედროვე ინგლისელი მარქსისტი ეკონომისტია. სანამ 2010 წელს ეკონომიკის დოქტორი (შეფილდის უნივერსიტეტი) გახდებოდა, რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, მუშაობდა ავტობუსის მძღოლად, ნავთობის ანძის მუშად, კავშირგაბმულობის ინჟინრად. ასწავლიდა პოლიტიკურ ეკონომიას ლონდონის კინგსტონის უნივერსიტეტში. დიდი ხნის განმავლობაში მონაწილებდა ანტისაომარ და ლათინური ამერიკის სოლიდარობის მოძრაობებში. ამჟამად ეწევა დამოუკიდებელ კვლევით და პუბლიცისტურ საქმიანობას. სმიტის მონოგრაფია  „იმპერიალიზმი XXI საუკუნეში“  (2016) პოლ ბარანისა და პოლ სუიზის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.

ჯონ სმიტის სტატია კოვიდ-19-ის შესახებ თითქმის ერთი წლის წინ, 2020 წლის მარტის ბოლოს, კორონოვირუსის პირველი ტალღის დროს გამოქვეყნდა და მასში მოყვანილი ფაქტები და სტატისტიკა მსოფლიოში განვითარებულ მაშინდელ მოვლენებს ასახავს, თუმცა ტექსტში მოცემული ანალიზი ამ მომენტისთვისაც ინარჩუნებს აქტუალობას და გვეხმარება, უკეთ გავიგოთ ის ვითარება, რომელშიც ახლა ვართ.

სმიტი კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ კრიზისს განიხილავს. ამ კრიზისის მიზეზი, ამტკიცებს ავტორი, არა კორონავირუსი, არამედ კაპიტალიზმის „თანმდევი დაავადებებია“. კორონავირუსიც და ეკონომიკური კრიზისიც ჩვენ უნდა დავინახოთ იმ სისტემური, სტრუქტურული კრიზისის ფარგლებში, რომელშიც უკვე ათწლეულებია იმყოფება კაპიტალიზმი, კრიზისის, რომელიც ცდება ეკონომიკის სფეროს და, იშტვან მესაროშის სიტყვებით, “ყველაფერს მოედო და ბუნებასთან ჩვენს ურთიერთობაშიც კი ერევა, ანადგურებს რა ადამიანური არსებობის ფუნდამენტურ პირობებს”. სწორედ სტრუქტურული კრიზისის გამოხატულებაა კოვიდ-19-ს პანდემიაცა და ის ეკონომიკური კრიზისიც, რომელშიც ახლა მსოფლიო იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მსოფლიოს ყველა რეგიონისთვის უდიდესი ზიანის მომტანი გამოდგა, მისი შედეგები განუზომლად უფრო მძიმეა „მესამე სამყაროს“ დაბალი კლასებისთვისა და ფენებისთვის, ვიდრე დასავლური, ცენტრის კაპიტალიზმის სახელმწიფოების მოსახლეობისთვის, რომლებიც კრიზისის პირობებშიც, მათი ქვეყნების მიერ პერიფერიის მატერიალური რესურსების ნეოკოლონიალისტური ძარცვისგან და გლობალური სამხრეთის სამუშაო ძალის ჭარბექსპლუატაციისგან მიღებული თავიანთი წილის ხარჯზე, მაინც შეინარჩუნებენ შეფარდებით ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას. სმიტი ამტკიცებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ შექმნის კეინზიანური ეკონომიკური რეცეპტები, რომელიც „იმპერიალისტ მემარცხენეებსა“ და „მესამე სამყაროში“ მათი იდეების ადეპტებს პანაცეად ესახებათ. გამოსავალი ჩაგრული უმრავლესობის, მშრომელების და ანტიკაპიტალისტური ძალების ორგანიზება და სოციალისტური ალტერნატივისთვის ბრძოლაა.

რედაქცია

 


 არ არსებობსფულის ჯადოსნური ხე[1] — „დასახმარებელი ზომების პაკეტი“, რომელიც მიზნად ისახავს გახრწნილი სისტემის რეანიმირებას, არ იმუშავებს.

 ბილ გროსმა, „ობლიგაციების მეფემ“, 2016 წელს თავის ტვიტერზე დაწერა: „გლობალური შემოსავლები უკანასკნელი 500 წლის ისტორიაში ყველაზე დაბალია. 10 ტრილიონი დოლარის ოდენობის ობლიგაციებს უარყოფითი განაკვეთი აქვს. ეს არის ზეახალი, რომელიც ერთ დღეს აფეთქდება“[2].

ეს დღეც მოახლოვდა. კაპიტალიზმი თავისი არსებობის რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უდიდესი კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა. დაიწყო მკვეთრი გლობალური ეკონომიკური დაღმასვლა, რომელიც უკვე ანადგურებს ასობით მილიონი მშრომელი ადამიანის სიცოცხლეს ყველა კონტინენტზე. აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის მშრომელებისა და უბრალო ხალხისთვის შედეგები უფრო მეტად ექსტრემალური იქნება, ვიდრე ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებთათვის — როგორც კორონოვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობის, ისე იმ მილიარდობით ადამიანის არსებობის საფრთხის წინაშე დაყენების თვალსაზრისით, ვინც ისედაც უკიდურეს შეჭირვებაში ცხოვრობს. კაპიტალიზმი — ეკონომიკური სისტემა, დაფუძნებული ეგოიზმზე, სიხარბესა და პრინციპზე „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ — უფრო მკაფიოდ, ვიდრე ოდესმე, ცხადყოფს, რომ ცივილიზაციასთან შეუთავსებელია.

რატომ არის ზეახალი — ვარსვკვლავის აფეთქება და სიკვდილი — შესაფერისი მეტაფორა იმისათვის, რაც ახლა შეიძლება მოხდეს? რატომ მოახერხა კორონოვირუსმა, ადამიანის თმის ღერის დიამეტრზე ათასჯერ უფრო მცირე ორგანიზმმა, ამგვარი კატაკლიზმის გამოწვევა? და რისი გაკეთება შეუძლიათ მშრომელებს, ახალგაზრდებსა და მთელი მსოფლიოს უპოვართ იმისათვის, რომ თავი დაიცვან და „ძველი სამყაროს ფერფლისგან წარმოშვან ახალი“, ამერიკელ მშრომელთა ჰიმნის („სოლიდარობა სამარადისოდ“) სიტყვებით რომ ვთქვათ.

ამ კითხვებზე პასუხების საპოვნელად, ჩვენ უნდა გავიგოთ, რატომ აღმოჩნდა 2007 წელს დაწყებული „გლობალური ფინანსური კრიზისი“ უფრო მეტი, ვიდრე ფინანსური კრიზისი, და რატომ შექმნა დღევანდელი კრიზისის პირობები „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების მთავრობებისა და ცენტრალური ბანკის მიერ თუნდაც მცირედი სტაბილურობის აღდგენისთვის მიღებულმა ზომებმა, — კერძოდ კი, „ნულოვანი საპროცენტო შენატანის პოლიტიკამ“, რომელსაც „გოლდმან საქსის“ ბანკირმა „კრეკ-კოკაინი ფინანსური ბაზრებისთვის“[3]  უწოდა.

გლობალური კაპიტალიზმისთანმდევი დაავადებები

ზეახალის პირველი სტადიაა იმპლოზია, ფაზა, ანალოგიური საპროცენტო განაკვეთების გრძელვადიანი დაცემისა, 2007 წლის სისტემურ კრიზისამდე კარგა ხნით ადრე რომ დაიწყო; რომელიც აჩქარდა იქედან მოყოლებული და უფსკრულში გადაემხო, როგორც კი 2020 წლის იანვარში კორონოვირუსის პანდემიამ დაიწყო მძვინვარება. საპროცენტო განაკვეთების დაცემა არსებითად ორი ფაქტორის შედეგს წარმოადგენს: მოგემის ნორმის დაცემისა და კაპიტალის ჭარბდაგროვების, ე.ი. კაპიტალის ტენდენციისა, იზრდებოდეს უფრო სწრაფად, ვიდრე მუშებისა და გლეხების უნარი, ის სიცოცხლისთვის საჭირო ახალი სისხლით მოამარაგონ. როგორც მარქსი ამბობს „კაპიტალის“ პირველ ტომში, „კაპიტალს ერთადერთი სასიცოცხლო მისწრაფება აქვს, მისწრაფება — გაადიდოს თავისი ღირებულება, შექმნას ზედმეტი ღირებულება… კაპიტალი მკვდარი შრომაა, რომელიც ვამპირის მსგავსად მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როცა ცოცხალ შრომას შეიწოვს, და მით უფრო მეტ ხანს ცოცხლობს, რაც უფრო მეტ ცოცხალ შრომას შეიწოვს“[4]

ამ ორი ფაქტორის კომბინაცია ქმნის საშინლად დამანგრეველი ძალის მომაკვდინებელ კვანძს. მოდით განვიხილოთ ამ ფაქტორთა ურთიერთკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები.

მოგების ნორმის დაცემას მრავალი ფაქტორი ნიღბავს და აგრეთვე უპირისპირდება, აქცევს რა ისეთ ტენდენციად, რომელიც მხოლოდ კრიზისის დროს იჩენს თავს. ამ მოვლენათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წარმოების გატანა ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და იაპონიიდან, რისი მიზანიც დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ხელმისაწვდომი ექსპლუატაციის უფრო მაღალი ნორმების გამოყენება გახლდათ[5]. მოგების ნორმის დაცემა იმაში ვლინდება, რომ კაპიტალისტებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად უნდათ ინვესტიციების წარმოებაში ჩადება; იმაში, რომ ისინი უფრო მეტად ბრენდინგში, ინტელექტუალურ საკუთრებასა და სხვა პარაზიტული და არამწარმოებლური სახის საქმიანობაში დებენ ინვესტიციებს[6]. ამ გახანგრძლივებულ კაპიტალისტურ საინვესტიციო გაფიცვას ემატება წარმოების გლობალური გადატანა, რაც გულისხმობს მოგების გაზრდას ხელფასების შემცირებით და არა ახალი ქარხნების აშენებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ეს იძლევა უზარმაზარი დანამატის დადგენის შესაძლებლობას, ასწრაფებს რა დიდძალი სიმდიდრის დაგროვებას, რომელსაც კაპიტალისტები ვერ იყენებენ პროდუქტიულად. აქედან — კაპიტალის ჭარბდაგროვება.

რამდენადაც კაპიტალისტები ეჯიბრებიან ერთმანეთს ფინანსური აქტივების შესყიდვაში, ისინი მათ უზრდიან ფასს, რასაც შემოსავალთა პროპორციულ კლებასთან და, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან მივყავართ. საპროცენტო განაკვეთების დაცემამ და აქტივების ნომინალური ღირებულების ზრდამ წარმოშვა ის, რაც ინვესტორებისთვის მაქსიმალურ სიკეთეს წარმოადგენს — კაპიტალისტებს შეუძლიათ უზარმაზარი თანხების სესხება და მათი  ნებისმიერ ფინანსურ აქტივებში დაბანდება. ეს კიდევ უფრო მეტად ბერავს ამ აქტივთა „ღირებულებას“.

მაშასადამე, საპროცენტო განაკვეთების დაცემას ორი ფუნდამენტური შედეგი მოჰყვება: ფინანსური ბუშტების წარმოქმნა და დავალიანების მზარდი მთები. ფაქტობრივად, ეს ერთი მედლის ორი მხარეა: ყოველ მოვალეს ჰყავს კრედიტორი; ყოველი ვალი მავანის აქტივია. ფინანსური ბუშტები შეიძლება დაიჩუტოს (თუ მწარმოებლურობა გაიზრდება), წინააღმდეგ შემთხვევაში — ისინი დასკდება. ეკონომიკურ ზრდას შეუძლია დროთა განმავლობაში დაშალოს დავალიანების მთები, წინააღმდეგ შემთხვევაში — ისინი ჩამოინგრევა.

2008 წლიდან შრომის პროდუქტიულობა მთელ მსოფლიოში სტაგნაციას განიცდიდა, ხოლო მშპ-ის ზრდა იმაზე უფრო დაბალი იყო, ვიდრე მეორე მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდის ნებისმიერ ათწლეულში — რამაც იქამდე მიგვიყვანა, რასაც ნურიელ რუბინიმ „ყველა ფინანსური ბუშტის დედა“[7] უწოდა, — მაშინ როდესაც ერთობლივი დავალიანება (სახელმწიფოების, კორპორაციების და შინამეურნეობების მთლიანი ვალი), — უზარმაზარი ჯერ კიდევ 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე — მას შემდეგ კიდევ ორზე მეტჯერ გაიზარდა. დავალიანების ზრდა განსაკუთრებით მკვეთრი იყო გლობალური სამხრეთის ქვეყნებში. საერთო გაანგარიშების ბანკის მონაცემების თანახმად, ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი სახელმწიფოების დავალიანებამ 2019 წელს 72.5 ტრილიონ დოლარს მიაღწია, ანუ ბოლო ათ წელიწადში 168 %-ით გაიზარდა. აქედან ჩინეთის წილი 43 ტრილიონი დოლარია მაშინ, როდესაც ათი წლის წინ ის 10 ტრილიონს შეადგენდა. საერთო ჯამში, კორონავირუსამდე კარგა ხნით ადრე, გლობალურ კაპიტალიზმს უკვე ჰქონდა „თანმდევი დაავადებები“, ის უკვე რეანიმაციაში იმყოფებოდა.

გლობალური კაპიტალიზმი, — რომელიც ისეთი იმპერიალისტურია, როგორც არასდროს, რამდენადაც ის იმაზე მეტად პარაზიტული და დამოკიდებულია დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ჭარბექსპლუატაციით მიღებულ მოგებებზე, ვიდრე ოდესმე ყოფილა, — პირდაპირ მიექანება ზეახალისკენ, აქტივთა ბუშტების გახეთქვისა და დავალიანების მთების ჩამონგრევისაკენ. ის ყველაფერი, რაც იმპერიალისტურმა ცენტრალურმა ბანკებმა 2008 წლიდან მოყოლებული გააკეთეს, გარდაუვალი განკითხვის დღის გადასავადებლად იყო შემუშავებული. მაგრამ ეს დღე უკვე დადგა.

ინვესტიციებისთვის ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრად და სტანდარტად, რომლის მიხედვითაც ყველა დავალიანება ფასდება, აშშ-ის სახაზინო ობლოგაციები ითვლება.დიდი გაურკვევლობის ჟამს ინვესტორები მუდამ გაურბიან საფონდო ბაზრებს და ყველაზე უსაფრთხო ობლიგაციების ბაზრებისაკენ მიისწრაფვიან, შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც აქციების ფასები კლებულობს, ობლიგაციების ფასები — რომელთაც სხვაგვარად „ფიქსირებული შემოსავლის ფასიანი ქაღალდები“ ეწოდება — იზრდება. ამასთან,  ფიქსირებული შემოსავლები, რომელიც მათ მოაქვთ, გარდაიქმნება საპროცენტო განაკვეთების დაცემად. მაგრამ არა ცხრა მარტს, როცა საფონდო ბაზრების მკვეთრი კლებისას, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა. ერთი საბირჟო ტრეიდერის თანახმად, „სტატისტიკურად, ეს მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულში ერთხელ უნდა ხდებოდეს“[8]. ეს არ მომხდარა გლობალური ფინანსური კრიზისის ყველაზე პირქუშ მომენტშიც კი, როცა 2008 წლის სექტემბერში „ლემან ბრაზერსი“ (დიდი კომერციული ბანკი) გაკოტრდა.

ამ მსუბუქი გულის შეტევის უშუალო მიზეზი იყო აქციებისა და ობლიგაციების სხვა ბაზრებზე აქტივების განადგურების მასშტაბი, რის გამოც ინვესტორები თავს არ ზოგავდნენ, რათა თავიანთი სპეკულატური ინვესტიციები ნაღდ ფულად გადაექციათ. საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ფონდების მენეჯერები იძულებულნი გახნდნენ, ყველაზე მარტივად გაცვლადი აქტივები გაესაღებინათ  და, ამგვარად, უკუეგდოთ თავიანთი უსაფრთხო თავშესაფრის სტატუსი. ამან უბიძგა მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს, მიეღოთ ექსტრემალური ზომები და აემოქმედებინათ „გიგანტური ბაზუკები“, სახელდობრ, მრავალტრილიონიანი ეკონომიკის გადასარჩენი პაკეტები, იმ დაპირებების ჩათვლით, რომელიც, ბაზრებისთვის ნაღდი ფულის მიწოდების უზრუნველსაყოფად,  ფულის ულიმიტო ბეჭდვას გულისხმობდა[9]. თუმცა ამ მოვლენამ აგრეთვე გვაუწყა, წინ რა მოგველის. ბოლოს და ბოლოს, დოლარის თამასუქები, ისევე როგორც ობლიგაციები და აქციონერული სერთიფიკატები, მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯებია. და იმდენად, რამდენადაც ტრილიონობით დოლარი ჩაედინება სისტემაში, 2020 წლის მარტის მოვლენები უფრო და უფრო აახლოვებენ იმ დღეს, როცა ინვესტორები დაკარგავენ თვით ფულის და მის უკან მდგარი ეკონომიკისა და სახელმწიფოს რწმენას. და სწორედ ამ დროს დადგება ზეახალის ჯერიც.

იმპერიალიზმის მემარცხენე უარმყოფელები და მათი რწმენა ფულის ჯადოსნური ხის არსებობისა

იმპერიალისტური ქვეყნების მემარცხენეთა მთელ პალიტრას — ლეიბორისტული პარტიის მემარცხენე ფრთას ჯერემი კორბინის მეთაურობით დიდ ბრიტანეტში; ისეთი მემარცხენე კეინზიანელების ჭრელ კომპანიას, როგორებიც არიან ენ პეტიფორი, პოლ მეისონი და იანის ვარუფაკისი; ბერნი სანდერსის მხარდამჭერებს აშშ-ში  — ორი რამ აერთიანებს:  ისინი, ასე თუ ისე, აღიარებენ, რომ კოლონიებისა და ნეოკოლონიების ძარცვა ხდებოდა წარსულში, მაგრამ არ ცნობენ, რომ იმპერიალიზმი მნიშვნელოვანწილად კვლავაც განსაზღვრავს მდიდარი და ღარიბი ქვეყნების ურთიერთობას[10]].

ამ მემარცხენეებს სჯერათ „ფულის ჯადოსნური ხის“ ამა თუ იმ სახეობის არსებობა, სხვა სიტყვებით, ისინი საპროცენტო განაკვეთების უარყოფით დონეზე დაბლა დაცემას უყურებენ არა როგორც განგაშის წითელ ციმციმას, რომელიც გვატყობინებს კრიზისის სიმწვავეს, ანუ ზეახალის იმპლოზიის ფაზას, არამედ როგორც „მწვანე შუქს“ გაზრდილი სახელმწიფო ინვესტიციების, სოციალური დანახარჯების, „ახალი მწვანე ხელშეკრულებისა“ და უცხოური ქვეყნებისთვის თუნდაც მცირედით მეტი დახმარების დაფინანსებისთვის ფულის სასესხებლად. მაგრამ, სინამდვილეში, არავითარი „ფულის ჯადოსნური ხე“ არ არსებობს.  კაპიტალიზმი ვერ გაექცევა ამ კრიზისს, რამდენი ტრილიონი დოლარიც არ უნდა ისესხონ სახელმწიფოებმა და დაბეჭდონ ცენტრალურმა ბანკებმა. ნეოლიბერალები კვლავ უბრუნდებიან ძველად უკუგდებულ მაგიურ აზროვნებას — ეს მოწმობს, რაოდენ თავზარდაცემულნი აღმოჩნდნენ, მაგრამ ამით მაგიური აზროვნება ნაკლებად ფანტასტიკური როდი ხდება. 2007-8 წლების შემდეგ დახარჯულმა ტრილიონებმა კიდევ ერთი ათწლეულით გაუხანგრძლივა ზომბისებური სიცოცხლე მათ საზიზღარ სისტემას და ამჯერად გაუმართლებთ, თუ  ზეახალის აფეთქების ფაზამდე ათი თვე ან თუნდაც ათი კვირა ექნებათ.

კორონავირუსი კატაკლიზმის კატალიზატორი

კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე ცუდ დროს იფეთქა: ზრდა ევროზონაში ნულამდე შემცირდა; ლათინოამერიკისა და საჰარის სამხრეთით აფრიკის დიდი ნაწილი ისედაც რეცესიაში იყო; ტრამპის მიერ აშშ-ის კორპორაციებისთვის მინიჭებული უზარმაზარი საგადასახადო შეღავათებისაგან გამოწვეული ციებ-ცხელება ნელდებოდა; ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი მიწოდების ჯაჭვებში  სერიოზულ დარღვევებს იწვევდა და ევროკავშირსაც ჩათრევით ემუქრებოდა; მასობრივ პროტესტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ათობით მილიონი ადამიანი უერთდებოდა.

საპროცენტო განაკვეთები ახლა უარყოფით დონეზე გაცილებით დაბალია — მაგრამ არა იტალიისთვის, რომელიც მშპ-სთან მიმართებით ვალის უზარმაზარ ზრდას შეეჩეხა, არა მოვალე კორპორაციისთვის, რომელიც თავისი ვალების რეფინანსირებას ცდილობს, არა „განვითარებადი ბაზრებისთვის“. 9 მარტიდან კორპორაციულ ვალდებულებათა განაკვეთები ცამდე ავარდა; რეალურად, ძალიან ცოტა კორპორაციას თუ შეუძლია რაიმე განაკვეთით ფულის სესხება. ინვესტორები უარს ამბობენ მათთვის სესხების გაცემაზე. გლობალური ნეგატიური საკრედიტო განაკვეთების დროს კორპორაციები საკრედიტო კრიზისის პირისპირ აღმოჩდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, 750 მილიარდი ევრო სწორედ ამ ინვესტორებისაგან ესესხა და კორპორაციული ობლიგაციების საყიდლად გამოეყენებინა, რის შეძენაზეც ეს ინვესტორები უარს ამბობენ. სწორედ ამიტომ აკეთებს იმავეს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახური, თუმცა უფრო დიდ მასშტაბებში. იტალიის (და ევროკავშირის) ბედი ახლა დამოკიდებულია ბუნდესბანკის მზაობაზე, ჩაენაცვლოს მათ კერძო კრედიტორებს. თუ ბუნდესბანკი უარს იტყვის, ეს იქნება უკანასკნელი სტადია ევროკავშირის სასიკვდილო აგონიისა.

მარტის შუა რიცხვებში იმპერიალისტურმა სახელმწიფოებმა გამოაცხადეს, რომ 4.5 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავენ თავიანთი გაკოტრებული ეკონომიკების დასახსნელად. 26 მარტს დიდი ოცეულის (დიდი შვიდიანის იმპერიალისტური სახელმწიფოები და „განვითარებადი“ ერები, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდონეზიის ჩათვლით) საგანგებო ონლაინ სამიტმა განაცხადა: „გლობალურ ეკონომიკაში 5 ტრილიონ დოლარზე მეტი შეგვაქვს“[11]. ეს ფარისევლური სიტყვებია: „გლობალურში“ ისინი, სინამდვილეში, გულისხმობენ „ადგილობრივს“! იმპერიალისტური ქვეყნების „მემარცხენეები“ ამის საპასუხოდ ტაშს უკრავენ და გაიძახიან: „მთელი ეს დრო ჩვენ მართლები ვიყავით! „ფულის ჯადოსნური ხე“ მაინც არსებობს!“ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ 2008 წლის შემდეგ სწორედ ეს მოხდა: კერძო ვალის სოციალიზაცია. მაგრამ, 2008 წლისგან განსხვავებით, ეს უკვე აღარ გაამართლებს.

იმდენად, რამდენადაც იმპერიალისტური სახელმწიფოები თავიანთ ქვეყნებში დაგვიანებით ახდენენ სამედიცინო რესურსების მობილიზებასა და მონოპოლიზებას კორონოვირუსის კრიზისთან საბრძოლველად, ისინი ღარიბ ქვეყნებს ბედის ანაბარა ტოვებენ. იმპერიალისტური ქვეყნების მემარცხენეები (ან მარტივად რომ ვთქვათ, „იმპერიალისტი მემარცხენეები“) აგრეთვე აიგნორებენ იმ ფაქტს, რომ ამ საგანგებო ფულის შედინებიდან გლობალური სამხრეთის ღარიბებს არაფერი ერგებათ. თუ თქვენ „განვითარებადი ბაზარი“ ხართ, მაშინ გაეთრიეთ და სსფის დახმარების რიგში ჩამწკრივიდით! 24 მარტისთვის ამ რიგში იდგა 80 ქვეყანა, რომელიც თავის წილს ელოდებოდა სსფ-ის მიერ გამოყოფილი 1 ტრილიონი დოლარიდან. 1 ტრილიონი დოლარი საკმოდ დიდ თანხად გვეჩვენება და არის კიდეც, მაგრამ, როგორც „ფაინენშენლ თაიმზის“ მთავარი ეკონომიკური მიმომხილველი, მარტინ ვოლფი აღნიშნავს, „გარდამავალი და განვითარებადი ეკონიმიკის ქვეყნების საგარეო დაფინანსების ერთიანი დეფიციტი, სავარაუდოდ, ბევრად გადააჭარბებს სსფ-ის საკრედიტო შესაძლებლობებს“[12].

გარდა ამისა, როგორც ვოლფი მიიჩნევს, სსფ-ის სესხების მიზანი „საგარეო დაფინანსების დეფიციტის“ აღმოსაფხვრელად დახმარების გაწევაა, სხვა სიტყვებით, არა მოვალე ქვეყნების ხალხის, არამედ იმპერილისტი კრედიტორების ხსნა. სსფ-ის გაცემულ სესხებს გარდაუვლად თან ახლავს სასტიკი და დამამცირებელი პირობები, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებენ ისედაც მძიმე ტვირთს, ამ ქვეყნების ხალხებს რომ აწევს. ამ თვალსაზრისით, ეს სესხები ჰგავს მდიდარ ქვეყნებში კერძო კაპიტალისთვის გამოყოფილ უზარმაზარ სახელმწიფო დახმარებებს, თუმცა სოციალურ უზრუნველყოფასა და ხელფასების ნაწილობრივ ანაზღაურებებზე დანახარჯაბის დამატებითი მექანიზმის გარეშე. ამ უკანასკნელის მიზანი იმპერიალისტური ქვეყნების მუშათა კლასის მორჩილების ყიდვაა, მაგრამ იმპერიალისტები არ აპირებენ აფრიკაში, აზიასა და ლათინოამერიკაში იმავეს გაკეთებას.

24 მარტს გაერომ გამოსცა მოწოდება, რომ აფრიკაში, აზიასა და ლათინოამერიკაში   კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 2 მილიარდი დოლარი გამოიყოს. ეს თანხა, რომლის შეგროვებასაც გაერთიანებული ერები მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში იმედოვნებენ, დიდი ბრიტანეთის წლიური ბიუჯეტის 1/80 შეადგენს და ნაკლებია 4.5 ტრილიონი დოლარის 1/2000-ზე, რის დახარჯვასაც ისინი თავიანთი კაპიტალისტური ეკონომიკების საცოცხლებლად აპირებენ.  ეს იმ ფულის 1/40-ზე ნაკლებს შეადგენს, რომელიც იმპერიალისტმა ივესტორებმა გაიტანეს „განვითარებადი ბაზრებიდან“ მარტის პირველი სამი კვირის განმავლობაში, რაც, სსფ-ის დირექტორ-ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევას თანახმად, „აქამდე დაფიქსირებულთაგან კაპიტალის ყველაზე დიდ  გადინებას“ წარმოადგენს[13].

კორონავირუსის ეპიდემიის გვერდითი მოვლენების მაქსიმალური შემსუბუქების საჭიროებაზე მიუთითა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა, რომელმაც დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისი ბორდი მზადაა, შემდეგი 15 თვის განმავლობაში გამოყოს ეკონომიკის გადასარჩენი ზომების პაკეტი 160 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით — ძალიან მცირე წილი ეკონომიკური ზარალისა, მომავალი გლობალური ეკონომიკური კრიზისი რომ მოუტანს იმ ქვეყნების ხალხებს, რომელთაც „განვითარებადი ბაზრების“ აბსურდულ სახელს უწოდებენ.

ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი რევოლუციური მოვალეობა ლეონარდო ფერნანდესი, კუბელი ექიმი იტალიაში

ამრიგად, რა ვაკეთოთ? ნაცვლად დიდი კორპორაციების გადარჩენისთვის ტაშის დაკვრისა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მათი ექსპროპრიაცია. ნაცვლად გასახლებებისა და საარენდო ქირის დავალიანების დაგროვების შესახებ დროებითი მორატორიუმის მხარდაჭერისა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ უძრავი ქონების კონფისკაცია, რათა დავიცვათ მშრომელები და მცირე ბიზნესი. ეს და სხვა მრავალი ბრძოლა სიცოცხლეზე ჩვენი უფლებისთვის, საპირისპიროდ თავიანთ საკუთრებაზე კაპიტალისტების უფლებებისა, ახლო მომავლის საქმეა.

ამჟამად მნიშვნელოვანია გაკეთდეს ყველაფერი, რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვისა და კორონავირუსის დამარცხებისთვის. ეს ნიშნავს სოლიდარობის გამოცხადებას პანდემიის პირობებში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის — უსახლკაროებისთვის, პატიმრებისთვის, „მტრულ გარემოში“ აღმოჩენილი თავშესაფრის მაძიებლებისთვის, — გეტოებში, ქოხმახებსა და გლობალური სამხრეთის დევნილთა ბანაკებში მობინადრე უპოვართათვისა და იმპერიალიზმის მსხვერპლთათვის. რაგჰურამ რაჯანი, ინდოეთის ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, აღნიშნავს, რომ „წამლის ან სანდო ვაქცინის მოლოდინში, მსოფლიო უნდა ებრძოლოს ვირუსს ყველგან, რათა სადმე მაინც შეამსუბუქოს პანდემიის შედეგები“. „თუ covid-19–ს განვითარებადი სამყაროს აოხრების უფლებას მივცემთ, ის მალევე გადმოედება მდიდარ ქვეყნებს“, — ეთანხმება ჟურნალი „ეკონომისტი“[14].

კორონავირუსის პანდემია უკანასკნელი საბუთია იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება არა ნაციონალური, არამედ გლობალური ჯანდაცვის სამსახური. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ იმპერატივის თანახმად მოქმედებს, რევოლუციური კუბაა. უკვე 28 000-ზე მეტი კუბელი ექიმი აწვდის უფასო სამედიცინო დახმარებას 61 ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას — უფრო მეტი, ვიდრე დიდი შვიდიანის სახელმწიფოების ექიმების საერთო რაოდენობა, კიდევ 52 — იტალიაში, 120-ზე მეტი — იამაიკაზე, და ეხმარება სხვა ათობით ქვეყანას პანდემიისათვის შემზადებაში. ბოლსონაროს ულტრამემარჯვენე მთავრობაც კი, რომელმაც გასულ წელს, ტერორისტებად გამოცხადების საბაბით, 10 000 კუბელი ექიმი  გააძევა ბრაზილიიდან,  ახლა მათ უკან დაბრუნებას ევედრება[15].

კორონავირუსის დასამარცხებლად ჩვენ უნდა მივბაძოთ კუბას სამედიცინო ინტერნაციონალიზმს. თუ გვსურს ამ პანდემიის დამარცხება, უნდა შევუერთდეთ რევოლუციონერ ექიმებსა და რევოლუციურ ხალხს და მზად ვიყოთ იმისათვის, რაც კუბამ გააკეთა, რომ ეს ინტერნაციონალიზმი შესაძლებელი გამხდარიყო, სხვა სიტყვებით, ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ კაპიტალის დიქტატურა მშრომელი ხალხის ძალაუფლებით. კორონავირუსის ზეახალი — იმპერიალისტურ ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში — სოციალისტურ რევოლუციას აქცევს აუცილებლობად, გადაუდებელ პოლიტიკურ ამოცანად, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად, თუ კაცობრიობას სურს, გადარჩეს და ბოლო მოეღოს ბუნების კაპიტალისტურ განადგურებას, რომლის ბოლოდროინდელი სიმპტომიც კორონავირუსის ეპიდემიაა.

თარგმნა ნორიკ ბადოიანმა 

წყარო: https://www.opendemocracy.net/en/oureconomy/why-coronavirus-could-spark-capitalist-supernova/ 

 

შენიშვნები


[1] დედანში “magic money tree” — „თანამედროვე ფულადი თეორიის“ (Modern monetary theory) ირონიული დასახელება. – მთარგმნელის შენიშვნა.

[2] Robin Wigglesworth and Joel Lewin, 2016, “Bill Gross warns over $10tn negative-yield bond pile”. Financial Times, June 10, 2016.

[3] Henny Sender, 2009, ‘On Wall St: A tonic that works too well’, Financial Times, December 23, 2009.

[4] „კაპიტალი“, 1954. ტ. 1., გვ. 294-295.

[5] John Smith, Imperialism in a coffee cup. https://www.opendemocracy.net/en/oureconomy/imperialism-coffee-cup/

[6] John Smith, 2017, The Global economy – crisis or recovery? https://www.researchgate.net/publication/316037881_The_Global_economy_-_crisis_or_recovery/

[7] Nouriel Roubini, 2009, ‘Mother of all carry trades faces an inevitable bust’, Financial Times, November 1, 2009.

[8] Tommy Stubbington and Colby Smith, 2020, “Investment veterans try to get to grips with ‘broken’ markets,” in Financial Times, March 20, 2020.

[9] The Economist, 2020, “Why America’s financial plumbing has seized up” The Economist, March 19, 2020.

[10] John Smith, 2019, Imperialism in a coffee cup. https://www.opendemocracy.net/en/oureconomy/imperialism-coffee-cup/

[11] “G20 Leaders’ Summit – statement on COVID-19,” https://www.gov.uk/government/news/g20-leaders-summit-statement-on-covid-19-26-march-2020/

[12] Martin Wolf, 2020, “This pandemic is an ethical challenge,” Financial Times, March 24, 2020.

[13] The Economist, 2020, “Covid-19 could devastate poor countries,” The Economist, March 26, 2020 https://www.economist.com/leaders/2020/03/26/the-coronavirus-could-devastate-poor-countries/

[14] The Economist, 2020, “Covid-19 could devastate poor countries” Mar 26th 2020 https://www.economist.com/leaders/2020/03/26/the-coronavirus-could-devastate-poor-countries

[15] Ben Norton, 2020, “Amid coronavirus pandemic, Bolsonaro’s Brazil begs for Cuban doctors – after expelling them.” https://thegrayzone.com/2020/03/17/coronavirus-brazil-cuban-doctors-bolsonaro/


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *