ვლადიმირ ლენინი — კომუნის ხსოვნას

ორმოცი წელიწადი გავიდა პარიზის კომუნის გამოცხადებიდან. საფრანგეთის პროლეტარიატმა, დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, მიტინგებითა და დემონსტრაციებით სცა პატივი 1871 წლის 18 მარტის რევოლუციის მოღვაწეთა ხსოვნას; ხოლო მაისის დამლევს იგი კვლავ გვირგვინებით შეამკობს დახვრეტილ კომუნართა, საშინელი “მაისის კვირის” მსხვერპლთა საფლავებს და იქ ხელახლა ფიცს დასდებს, რომ დაუღალავად იბრძოლებს მათი იდეების სრულ გამარჯვებამდე, მათგან ნაანდერძევი საქმის სრულ განხორციელებამდე.

რატომ სცემს პატივს არა მარტო საფრანგეთისა, არამედ მთელი მსოფლიოს პროლეტარიატიც თავის წინამორბედებს პარიზის კომუნის მოღვაწეთა სახით? და რა შეადგენს კომუნის მემკვიდრეობას?

კომუნა წარმოიშვა სტიქიურად, მას შეგნებულად და გეგმაშეწონილად არავინ ამზადებდა. მარცხიანი ომი გერმანიასთან, ტანჯვა-წამება ალყის დროს, პროლეტარიატის უმუშევრობა და წვრილი ბურჟუაზიის გაღატაკება; მასის აღშფოთება მაღალი კლასებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც სრული უუნარობა გამოიჩინა; ყრუ დრტვინვა მუშათა კლასში, რომელიც უკმაყოფილო იყო თავისი მდგომარეობით და სხვანაირი წყობილებისკენ მიისწრაფოდა; ეროვნული კრების რეაქციული შემადგენლობა, რაც საფრთხეს უქმნიდა რესპუბლიკის ბედს, _ ყოველივე ეს და მრავალი სხვა რამ შეერთდა იმისათვის, რომ პარიზის მოსახლეობა აემხედრებინა 18 მარტის რევოლუციისთვის, ხოლო 18 მარტის რევოლუციამ მოულოდნელად გადასცა ძალაუფლება ნაციონალურ გვარდიას, მუშათა კლასს და მის მხარეზე გადასულ წვრილ ბურჟუაზიას.

ეს იყო ისტორიაში უნახავი ამბავი. მანამდე ძალაუფლება ჩვეულებრივ ხელთ ეპყრათ მემამულეებსა და კაპიტალისტებს, ე.ი. მათს რწმუნებულთ, რომელნიც ეგრეთწოდებულ მთავრობას შეადგენდნენ. ხოლო 18 მარტის რევოლუციის შემდეგ, როცა ბ-ნ ტიერის მთავრობა გაიქცა პარიზიდან თავის ჯარებთან, პოლიციასა და მოხელეებთან ერთად, — ხალხი დარჩა მდგომარეობის ბატონ-პატრონი, და ძალაუფლება პროლეტარიატის ხელში გადავიდა. მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში კაპიტალის მიერ ეკონომიკურად დამონებულ პროლეტარიატს არ შეუძლია პოლიტიკურად გაბატონდეს, თუ არ დაამსხვრია თავისი ბორკილები, რომლითაც იგი კაპიტალზეა მიჯაჭვული. სწორედ ამიტომ კომუნის მოძრაობას გარდაუვალად უნდა მიეღო სოციალისტური ელფერი, ე.ი. ის უნდა ცდილიყო ბურჟუაზიის ბატონობის, კაპიტალის ბატონობის დამხობას, თანამედროვე საზოგადოებრივი წყობილების თვით საფუძვლების დანგრევას.

თავდაპირველად ეს მოძრაობა მეტად შერეული და გაურკვეველი იყო. მას მიემხრნენ პატრიოტებიც, რომელნიც იმედოვნებდნენ, რომ კომუნა განაახლებდა ომს გერმანელებთან და საკეთილოდ დააბოლოებდა მას. მას მხარი დაუჭირეს წვრილმა მედუქნეებმაც, რომელთაც გაღატაკება მოელოდათ, თუ თამასუქების განაღდებისა და ბინის ქირის გასტუმრების ვადები არ იქნებოდა გადადებული (მთავრობას არ უნდოდა მათთვის ამ ვადების გადადება, სამაგიეროდ კომუნამ შეასრულა ეს). ბოლოს, პირველ ხანებში ამ მოძრაობას რამდენადმე თანაუგრძნობდნენ ბურჟუაზიული რესპუბლიკელებიც, რომელნიც შიშობდნენ — რეაქციული ეროვნული კრება (“სოფლელობა”, ველური მემამულენი) მონარქიას აღადგენსო. მაგრამ მთავარ როლს ამ მოძრაობაში, რა თქმა უნდა, ასრულებდნენ მუშები (განსაკუთრებით პარიზელი ხელოსნები), რომელთა შორის მეორე იმპერიის უკანასკნელ წლებში გაცხოველებული სოციალისტური პროპაგანდა წარმოებდა და რომელთაგან ბევრი ინტერნაციონალსაც კი ეკუთვნოდა.

ბოლომდე მხოლოდ მუშები დარჩნენ კომუნის ერთგულნი. ბურჟუაზიული რესპუბლიკელები და წვრილი ბურჟუები მალე ჩამოშორდნენ მას: ზოგნი დააშინა მოძრაობის რევოლუციურ-სოციალისტურმა, პროლეტარულმა ხასიათმა; ზოგნი ჩამოშორდნენ მას, როცა დაინახეს, რომ ამ მოძრაობას გარდუვალი დამარცხება მოელოდა. მხოლოდ ფრანგი პროლეტარები უჭერდნენ მხარს თავიანთ მთავრობას უშიშრად და დაუღალავად, მხოლოდ ისინი იბრძოდნენ და იხოცებოდნენ მისი გულისთვის, ესე იგი მუშათა კლასის განთავისუფლების საქმისთვის, ყველა მშრომელთა საუკეთესო მომავლისთვის.

კომუნა, რომელიც მიატოვეს გუშინდელმა მოკავშირეებმა და რომელსაც მხარი აღარავინ დაუჭირა, აუცილებლად უნდა დამარცხებულიყო მის წინააღმდეგ შეერთდნენ საფრანგეთის მთელი ბურჟუაზია, ყველა მემამულე, ბირჟელი, მეფაბრიკე, ყველა დიდი და პატარა ქურდი, ყველა ექსპლოატატორი. ამ ბურჟუაზიულმა კოალიციამ, რომელსაც მხარს უჭერდა ბისმარკი (მან გერმანიის ტყვეობიდან გაათავისუფლა 100 000 ფრანგი ჯარისკაცი რევოლუციური პარიზის დასაპყრობად), მოახერხა აემხედრებინა უმეცარი გლეხები და წვრილი პროვინციული ბურჟუაზია პარიზის პროლეტარიატის წინააღმდეგ და რკინის სალტედ შემორტყმოდა ნახევარ პარიზს (მეორე ნახევარი გერმანელთა არმიით იყო გარშემორტყმული). საფრანგეთის ზოგიერთ დიდ ქალაქში (მარსელში, ლიონში, სენტ-ეტიენში, დიჟონში და სხვ.) მუშებმა სცადეს აგრეთვე ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლება, გამოეცხადებინათ კომუნა და მიშველებოდნენ პარიზს, მაგრამ ეს ცდა მალე მარცხით დამთავრდა. და პარიზი, რომელმაც პირველმა აღმართა პროლეტარული აჯანყების დროშა, საკუთარი ძალების ამარა დარჩა და აუცილებლად უნდა დაღუპულიყო.

ძლევამოსილი სოციალური რევოლუციისთვის საჭიროა ორი პირობა მაინც: საწარმოო ძალთა მაღალი განვითარება და პროლეტარიატის მომზადებულობა. მაგრამ 1871 წელს არცერთი ეს პირობა არ იყო. საფრანგეთის კაპიტალიზმი ჯერ კიდევ სუსტად იყო განვითარებული, და საფრანგეთი მაშინ წარმოადგენდა უმთავრესად წვრილი ბურჟუაზიის (ხელოსნების, გლეხების, მედუქნეების და სხვ.) ქვეყანას. მეორე მხრივ, არ არსებობდა მუშათა პარტია, არ იყო მომზადებული და ხანგრძლივად გაწვრთნილი მუშათა კლასი, რომელსაც მასობრივად სავსებით არც კი ჰქონდა ნათლად წარმოდგენილი თავისი ამოცანები და მათი განხორციელების საშუალებები. არ იყო პროლეტარიატის არც სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია და არც ფართო პროფესიული კავშირები და კოოპერაციული ამხანაგობები…

მაგრამ მთავარი, რაც აკლდა კომუნას, ეს იყო ის, რომ მას არა ჰქონდა საკმაო დრო და თავისუფლება, რათა მიმოეხედა და თავისი პროგრამის განხორციელებას შესდგომოდა. კომუნას ჯერ არც კი მოეკიდა ხელი თავისი საქმისათვის, რომ ვერსალში გამაგრებულმა მთავრობამ, რომელსაც მთელი ბურჟუაზია უჭერდა მხარს, სამხედრო მოქმედება დაიწყო პარიზის წინააღმდეგ. და კომუნა იძულებული შეიქნა უწინარეს ყოვლისა თავდაცვაზე ეფიქრნა. თვით აღსასრულამდე, რაც 21 – 28 მაისს დადგა, მას დრო არა ჰქონდა სხვა რაიმეზე სერიოზულად ეფიქრნა.

მაგრამ მიუხედავად ასეთი არახელსაყრელი პირობებისა, მიუხედავად თავისი ხანმოკლე არსებობისა, კომუნამ მოასწრო მიეღო რამდენიმე ღონისძიება, რომელიც საკმაოდ ახასიათებს მის ნამდვილ აზრსა და მიზნებს. მუდმივი ჯარი, ეს ბრმა იარაღი გაბატონებული კლასების ხელში, კომუნამ შესცვალა ხალხის საყოველთაო შეიარაღებით; მან გამოაცხადა სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფა, მოსპო საკულტო ბიუჯეტი (ე.ი. ხუცების სახელმწიფო ჯამაგირი), სახალხო განათლებას წმინდა საერო ხასიათი მისცა — და ამით ძლიერი ლახვარი ჩასცა ანაფორიან ჟანდარმებს. წმინდა სოციალურ სფეროში მან ცოტა რამის გაკეთება მოასწრო, მაგრამ ეს ცოტა რამეც საკმაო სიცხადით ააშკარავებს მის, როგორც სახალხო მუშათა მთავრობის ხასიათს: აიკრძალა ღამით მუშაობა ფურნეებში; გაუქმდა ჯარიმების სისტემა, ეს დაკანონებული ძარცვა მუშებისა; ბოლოს, გამოიცა განთქმული დეკრეტი (ბრძანებულება), რომლის ძალით მეპატრონეთაგან მიტოვებული ან შეჩერებული ყველა ფაბრიკა, ქარხანა და სახელოსნო ეძლეოდა მუშათა არტელებს წარმოების განსაახლებლად. და თითქოს იმისათვის, რომ ხაზგასმით აღენიშნა თავისი, როგორც ჭეშმარიტად დემოკრატიული, პროლეტარული მთავრობის ხასიათი, კომუნამ დაადგინა, ადმინისტრაციისა და მთავრობის თანამდებობის პირთა ჯამაგირი არ ყოფილიყო მუშათა ნორმალურ ხელფასზე მეტი და არავითარ შემთხვევაში არ გასცილებოდა 6 000 ფრანკს წელიწადში (200 მანეთზე ნაკლები თვეში).

ყველა ეს ღონისძიება საკმაოდ ნათლად მოწმობდა იმას, რომ კომუნა სასიკვდილო მუქარას წარმოადგენს ძველი სამყაროსთვის, რომელიც დაფუძნებულია დამონებასა და ექსპლუატაციაზე. ამიტომ ბურჟუაზიულ საზოგადოებას არ შეეძლო მშვიდად სძინებოდა, ვიდრე პარიზის ქალაქის საბჭოს თავზე პროლეტარიატის წითელი დროშა ფრიალებდა. და, ბოლოს, როდესაც მთავრობის ორგანიზებულმა ძალამ შესძლო გაემარჯვნა რევოლუციის ცუდად ორგანიზებულ ძალებზე, ბონაპარტეს გენერლებმა, დამარცხებულმა გერმანელების მიერ და მამაცებმა დამარცხებული თანამემამულეთა წინააღმდეგ, ამ ფრანგმა რენენკამპფებმა და მელერ-ზაკომელსკებმა მოაწყვეს ისეთი ჟლეტა, როგორიც პარიზს ჯერ არ ენახა, 30 000-მდე პარიზელი მოკლეს გამხეცებულმა ჯარისკაცებმა, 45 000 – მდე დააპატიმრეს და მრავალი მათგანი შემდეგ სიკვდილით დასაჯეს, ათასობით ადამიანი გაგზავნეს კატორღაში და გადაასახლეს სამუდამოდ. საერთოდ, პარიზმა დაახლოებით 100 000 ათასი შვილი დაჰკარგა, მათ შორის — ყველა პროფესიის საუკეთესო შვილები.

ბურჟუაზია კმაყოფილი იყო. „ახლა სოციალიზმის საქმე დიდი ხნით გათავებულიაო!“ — ამბობდა ბურჟუაზიის ბელადი, სისხლისმსმელი ქონდრისკაცი ტიერი იმ საშინელი სისხლისღვრის შემდეგ, რომელიც მან თავის გენერლებთან ერთად მოუწყო პარიზის პროლეტარიატს. მაგრამ ამაოდ ჩხაოდნენ ეს ბურჟუაზიული ყორნები. კომუნის დამარცხების დღიდან რაღაც ექვსი წლის შემდეგ, როცა მისი მრავალი მებრძოლი კიდევ იტანჯებოდა კატორღასა და გადასახლებაში, საფრანგეთში უკვე იწყებოდა ახალი მუშათა მოძრაობა. ახალმა, თავის წინამორბედთა გამოცდილებით გამდიდრებულმა სოციალისტურმა თაობამ, რომელიც სრულებითაც არ დაძაბუნებულა მათი დამარცხებით, ჩასჭიდა ხელი დროშას, რომელიც ხელიდან გაუვარდათ კომუნის მებრძოლთ, და მტკიცედ და მედგრად წაიღო იგი წინ ყიჟინით: „გაუმარჯოს სოციალურ რევოლუციას! გაუმარჯოს კომუნას!“ ხოლო ორიოდე წლის შემდეგ ახალმა მუშათა პარტიამ და საფრანგეთში მის მიერ გაჩაღებულმა აგიტაციამ აიძულა გაბატონებული კლასები გაეთავისუფლებინათ დატყვევებული კომუნარები, რომელნიც ჯერ კიდევ მთავრობის ხელში იყვნენ. კომუნის მებრძოლთა ხსოვნას პატივით მოსავენ არამარტო საფრანგეთის მუშები, არამედ მთელი მსოფლიოს პროლეტარიატიც. ვინაიდან კომუნა იბრძოდა არა რომელიმე ადგილობრივი ან ვიწრო ნაციონალური ამოცანისთვის, არამედ მთელი მშრომელი კაცობრიობის, ყველა დამცირებულისა და შეურაცხყოფილის განთავისუფლებისთვის. კომუნამ, როგორც სოციალური რევოლუციისთვის მოწინავე მებრძოლმა, თანაგრძნობა მოიპოვა ყველგან, სადაც კი იტანჯება და იბრძვის პროლეტარიატი. კომუნის სიცოცხლისა და სიკვდილის სურათმა, სახემ მუშათა მთავრობისამ, რომელმაც ხელთ იგდო და ორ თვეზე მეტხანს ეპყრა მსოფლიოს დედაქალაქი, პროლეტარიატის გმირული ბრძოლისა და დამარცხების შემდეგ მისი ტანჯვის სანახაობამ, — ყოველივე ამან სულით აამაღლა მრავალი მილიონი მუშა, აღძრა მათი იმედი და მათი თანაგრძნობა მოუპოვა სოციალიზმს. პარიზის ზარბაზნების გრგვინვამ ღრმა ძილისგან გამოაღვიძა პროლეტარიატის ყველაზე ჩამორჩენილი ფენები და ყველგან გააძლიერა რევოლუციურ-სოციალისტური პროპაგანდა. აი ამიტომაა, რომ კომუნის საქმე არ მომკვდარა; იგი დღემდე ცოცხლობს თვითეულ ჩვენგანში.

კომუნის საქმე — ეს სოციალური რევოლუციის საქმეა, მშრომელთა სრული პოლიტიკური და ეკონომიკური განთავისუფლების საქმე, ეს მთელი მსოფლიო პროლეტარიატის საქმეა. და ამ აზრით იგი უკვდავია.

1911 წ. 15 (28) აპრილი

ლენინი, თხზულებანი, ტ. 17., სახელგამი, 1950. გვ. გვ. 149-155.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *