ვლადიმირ ლენინი — კომუნის გაკვეთილები

სახელმწიფო გადატრიალების შედეგ, რომლითაც დამთავრდა 1848 წლის რევოლუცია, საფრანგეთი 18 წლით მოხვდა ნაპოლეონის რეჟიმის უღელქვეშ. ამ რეჟიმმა ქვეყანა მიიყვანა არა მარტო ეკონომიკურ გაჩანაგებამდე, არამედ ნაციონალურ დამცირებამდეც. ძველი რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებულმა პროლეტარიატმა იკისრა ორი ამოცანა: საერთო-ნაციონალური და კლასობრივი: საფრანგეთის განთავისუფლება გერმანიის შემოსევისგან და მუშების სოციალისტური განთავისუფლება კაპიტალიზმისგან. ორი ამოცანის ამგვარ შეერთებაში მდგომარეობს კომუნის ფრიად ორიგინალური თვისება.

ბურჟუაზიამ მაშინ შეადგინა „ნაციონალური თავდაცვის მთავრობა“, და პროლეტარიატს საერთო-ნაციონალური დამოუკიდებლობისთვის მისი ხელმძღვანელობით უნდა ებრძოლა. ნამდვილად ეს იყო „ხალხის ღალატის“ მთავრობა, რომელიც თავის დანიშნულებას პარიზის პროლეტარიატთან ბრძოლაში ხედავდა. მაგრამ პატრიოტული ილუზიებით დაბრმავებული პროლეტარიატი ამას ვერ ამჩნევდა. პატრიოტული იდეის სათავე ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დიდი რევოლუციით იწყება; ამ იდეამ დაიმორჩილა კომუნის სოციალისტების გონება; მაგალითად, ბლანკი, უეჭველი რევოლუციონერი და სოციალიზმის მხურვალე მომხრე, თავისი გაზეთისთვს უფრო შესაფერისს სახელწოდებას ვერ ნახულობს, ვიდრე ბურჟუაზიული გოდება: „სამშობლო განსაცდელშია!“.

ფრანგი სოციალისტების საბედისწერო შეცდომა ამ წინააღმდეგობრივი ამოცანების — პატრიოტიზმისა და სოციალიზმის შეერთება იყო. უკვე ინტერნაციონალის მანიფესტში, 1870 წლის სექტემბერში, მარქსი აფრთხილებდა საფრანგეთის პროლეტარიატს ყალბი ნაციონალური იდეთ გატაცებისგან[1]: დიდი რევოლუციის შემდეგ ღრმა ცვლილებები მოხდა, კლასობრივი წინააღმდეგობები გამწვავდა, და თუ მაშინ მთელი ევროპის რეაქციის წინააღმდეგ ბრძოლა აერთიანებდა მთელ რევოლუციურ ერს, ახლა პროლეტარიატს აღარ შეუძლია თავისი ინტერესები შეუერთოს სხვა, მისდამი მტრული კლასების ინტერესებს; დაე ბურჟუაზიამ აგოს პასუხი ნაციონალური დამცირებისთვის — პროლეტარიატის საქმე ისაა, რომ იბრძოლოს ბურჟუაზიის უღლისგან შრომის სოციალისტური განთავისუფლებისთვის.

მართლაც, ბურჟუაზიის „პატრიოტიზმის“ ნამდვილი სარჩული სულ მალე გამოჩნდა. ვერსალის მთავრობამ სამარცხვინო ზავი შეჰკრა პრუსიელებთან და თავის პირდაპირ ამოცანას შეუდგა: გაილაშქრა პარიზის პროლეტარიატის წინააღმდეგ, რომელიც მისთვის ესოდენ საშიში იყო. მუშებმა კომუნის გამოცხადებით და სამოქალაქო ომით უპასუხეს.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური პროლეტარიატი მრავალ სექტად იყო დაყოფილი, კომუნა მაინც ბრწყინვალე ნიმუში აღმოჩნდა იმისა, თუ როგორ ერთსულოვნად შეუძლია პროლეტარიატს იმ დემოკრატიული ამოცანების განხორციელება, რომელთა მხოლოდ გამოცხადება ემარჯვებოდა ბურჟუაზიას. პროლეტარიატმა, რომელმაც ძალაუფლება დაიპყრო, ყოველგვარი განსაკუთრებული რთული კანონმდებლობის გარეშე, უბრალოდ, საქმით განახორციელა საზოგადეოებრივი წყობილების დემოკრატიზაცია, გააუქმა ბიუროკრატია, მოაწყო მოხელეთა არჩევა ხალხის მიერ.

მაგრამ ორმა შეცდომამ დაღუპა ბრწყინვალე გამარჯვების ნაყოფი. პროლეტარიატი შუაგზაზე შეჩერდა: ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო „ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაცია“, იგი გაიტაცა ოცნებამ — უამღლესი სამართლიანობა დაემკვიდრებინა საერთო-ნაციონალური ამოცანით გაერთიანებულ ქვეყანაში; მაგალითად, ისეთ დაწესებეულებებს, როგორიც არის ბანკი, ხელი არ ახლეს, სოციალისტებს შორის ჯერ კიდევ გაბატონებული იყო პრუდონისტების თეორიები „სამართლიანი გაცვლა-გამოცვლის“ შესახებ და სხვ. მეორე შეცდომა იყო პროლეტარიატის ზედმეტი სულგრძელობა: საჭირო იყო მას მოესპო თავისი მტრები, ის კი ცდილობდა მორალური ზეგავლენა მოეხდინა მათზე; მან უგულებელყო სამოქალაქო ომში წმინდა სამხედრო მოქმედებათა მნიშვნელობა და ნაცვლად იმისა, რომ ვერსალზე გადამწყვეტი შეტევით დაეგვირგვინებინა თავისი გამარჯვება პარიზში, იგი აყოვნებდა, ვერსალის მთავრობას დრო მისცა შეეკრიბა ბნელი ძალები და მომზადებულიყო მაისის სისხლიანი კვირისათვის.

მაგრამ ყველა ამ შეცდომის მიუხედავად კომუნა უდიდესი ნიმუშია XIX საუკუნის პროლეტარული მოძრაობისა. მარქსმა მაღალი შეფასება მისცა კომუნის ისტორიულ მნიშვნელობას — როდესაც ვერსალის ხროვა მუხანათურად დაესხა თავს პარიზის პროლეტარიატის იარაღს, მუშებს უბრძოლველად რომ დაენებებინათ იგი, მაშინ დამღუპველი მნიშვნელობა იმ დემორალიზაციისა, რომელიც შეტანილი იქნებოდა ამ სისუსტით პროლეტარულ მოძრაობაში, ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა, ვიდრე ის მსხვერპლი, რომელიც მუშათა კლასმა გაიღო ბრძოლაში თავისი იარაღის დაცვის დროს[2]. რა დიდიც არ უნდა იყოს კომუნის მსხვერპლი, იგი ნაზღაურდება იმ მნიშვნელობით, რომელიც კომუნას აქვს საერთო-პროლეტარული ბრძოლისთვის: მან მთელს ევროპაში გააძლიერა სოციალისტური მოძრაობა, მან გვიჩვენა სამოქალაქო ომის ძალა, მან გაჰფანტა პატრიოტული ილუზიები და დაამსხვრია გულუბრყვილო რწმენა, თითქოს ბურჟუაზიას საერთო-ნაციონალური მისწრაფება ჰქონდეს. კომუნამ ევროპის პროლეტარიატს ასწავლა სოციალისტური რევოლუციის ამოცანების კონკრეტულად დაყენება.

ის გაკვეთილი, რომელიც პროლეტარიატმა მიიღო, დაუვიწყარი იქნება. მუშათა კლასი გამოიყენებს მას, როგორც გამოიყენა უკვე რუსეთში, დეკემბრის აჯანყების დროს.

ეპოქა, რომელიც წინ უძღოდა რუსეთის რევოლუციას და რომელმაც ის მოამზადა, რამდენადმე წააგავს ნაპოლეონის უღლის ეპოქას საფრანგეთში. რუსეთშიც თვითმპყრობელობის ხროვამ ქვეყანა მიიყვანა ეკონომიური გაღატაკებისა და ნაციონალური დამცირების საშინელებამდე. მაგრამ რევოლუცია დიდ ხანს არ იწყებოდა — ვიდრე სოციალურმა განვითარებამ არ შექმნა მასობრივი მოძრაობის პირობები; და, მიუხედავად მთელი თავისი გმირობისა, ცალკეული თავდასხმები მთავრობაზე რევოლუციის წინა პერიოდში ხალხის მასების გულგრილობას აწყდებოდა და იმსხვრეოდა. მხოლოდ სოციალ-დემოკრატიამ  შეუპოვარი და გეგმაშეწონილი მუშაობით აღზარდა მასები ბრძოლის უმაღლესი ფორმებისთვის — მასობრივი გამოსვლებისა და შეიარაღაბეული სამოქალაქო ომისთვის.

სოციალ-დემოკრატიამ შესძლო ახალგაზრდა პროლეტარიატში დაემსხვრია „საერთო-ნაციონალური“ და „პატრიოტული“ შეცდომები, და მას შემდეგ, როდესაც მისი უშუალო ჩარევით შესაძლებელი გახდა მეფის ხელიდან 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოგლეჯა, პროლეტარიატი ენერგიულად შეუდგა მზადებას რევოლუციის შემდგომი გარდაუვალი ეტაპისთვის — შეიარაღებული აჯანყებისთვის. „საერთო-ნაციონალური“ ილუზიებისგან თავისუფალი პროლეტარიატი კლასობრივ ძალებს თავს უყრიდა თავის მასობრივ ორგანიზაციებში — მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოებში და სხვ. მიუხედავად იმ მიზნებისა და ამოცანების მთელი განსხვავებისა, რომელნიც რუსეთის რევოლუციას აქვს დასახული, საფრანგეთის 1871 წლის რევოლუციასთან შედარებით, რუსეთის პროლეტარიატს უნდა მიემართა ბრძოლის იმავე საშუალებებებისთვის, რომელსაც პარიზის კომუნამ მისცა დასაბამი — სამოქალაქო ომისთვის.  რუსეთის პროლეტარიატს ახსოვდა პარიზის კომუნის გაკვეთილები. მან იცოდა, რომ პროლეტარიატმა ბრძოლის მშვიდობიანი საშუალებანი არ უნდა უგულებელყოს — ეს საშუალებანი ემსახურება მის ყოველდღიურ ინტერესებს, ისინი რევოლუციების მომზადების პერიოდებში აუცილებელია — მაგრამ მან არასდროს არ უნდა დაივიწყოს ისიც, რომ განსაზღვრულ პირობებში კლასობრივი ბრძოლა შეიარაღებული ბრძოლისა და სამოქალაქო ომის ფორმებს იღებს; არის ხოლმე მომენტები, როდესაც პროლეტარიატის ინტერესები მოითხოვს მტრების დაუნდობლად განადგურებას ბრძოლაში აშკარად შებმის დროს. ეს პირველად დაგვანახვა საფრანგეთის პროლეტარიატმა კომუნაში და ბრწყინვალედ დაადასტურა რუსეთის პროლეტარიატმა დეკემბრის აჯანყებაში.

რა ვუყოთ, რომ მუშათა კლასის ეს ორივე გრანდიოზული აჯანყება დამარცხდა — მოხდება ახალი აჯანყება, რომლის წინაშე უძლურნი იქნებიან პროლეტარიატის მტრების ძალები და რომლიდანაც სრულიად გამარჯვებული გამოვა სოციალისტური პროლეტარიატი.

1908 წლის 23 მარტი        

ლენინი, თხზულებანი, ტ. 13., სახელგამი, 1950. გვ. 599-603.

თხზულებათა რედაქციის შენიშვნები


[1] იხ. კ. მარქსი და ფ ენგელსი. თხზულებანი ტ. XIII, ნაწილი II, 1940, გვ. 99.

[2] კომუნის, როგორც „ახალი საზოგადოების წინამორბედის“, ისტორიული როლის შეფასება იხ. კ. მარქსის ნაშრომში „სამოქალაქო ომი საფრანგეთში“, 1940, და წერილებში კუგელმანისადმი 1871 წლის 12 და 17 აპრილის თარიღით (იხ. კ. მარქსი. ფ. ენგელსი. რჩეული წერილები, 1947, გვ. 262 და 264).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *