მიხაილ ლიფშიცი — მარქსის სიკვდილიდან ორმოცდაათი წლისთავისთვის

მიხალ ლიფშიცი (1905 – 1983), საბჭოთა მარქსისტი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, მარქსის ესთეტიკური შეხედულებების სისტემატიზატორი, ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა მარქსიზმის ისტორიაში. სამწუხაროდ, წინასიტყვაობის ფორმატში შეუძლებელია მარქსისტული აზრის წინაშე მისი დამსახურებების თუნდაც მოკლედ მიმოხილვა და იძულებულები ვართ, ეს სხვა დროისთვის გადავდოთ.  

ამ ტექსტში მკითხველი ვერ იპოვის მარქსისტული თეორიის რომელიმე სპეციალური საკითხის დეტალურ ანალიზს. მთავარი პრობლემა, რომელზეც არის ფოკუსირებული ავტორი, ესაა მარქსიზმის მიმართება, ერთი მხრივ, წინამორბედი ეპოქების მაღალ კულტურასთან, ფილოსოფიასა და მეცნიერებასთან და, მეორე მხრივ, დაბალი ფენების მიერ ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში წარმოებულ პრაქტიკულ ბრძოლასთან იმ ჩაგვრისა და ყვლეფის წინააღმდეგ, რომელშიც მათ გაბატონებული კლასები ამყოფებდნენ.

ლიფშიცი ყურადღებას ამახვილებს იმ კონკრეტული ისტორიული სინამდვილით განპირობებულ ფაქტზე, რომ ფილოსოფია, მეცნიერება და ხელოვნება თითქმის ყოველთვის, ასე თუ ისე, გაუცხოებულნი იყვნენ ხალხის რეალური ინტერესებისაგან და საჭიროებებისაგან და მხოლოდ რჩეულთა კასტის ფუფუნებისა და ტკბობის ობიექტებს წარმოდგენდნენ, წარსულის დიდი მოაზროვნეები, მეცნიერები და ხელოვანები კი ზემოდან, ზიზღით ან ზიზღნარევი სიბრალულით უყურებდნენ უბრალო ხალხს და იშვიათად თუ თანაუგრძნობდნენ მის გასაჭირსა და ბრძოლას უკეთესი ცხოვრებისთვის (რაც არ გამორიცხავდა მათ აზროვნებასა და შემოქმედებაში ხალხური ელემენტების არსებობას და მათი „კრიტიციზმი“, მიმართული „გაუნათლებელი ბრბოს“ წინააღმდეგ, არ უნდა გავაიგივოთ შემდგომი ეპოქის განათლებული მეშჩანებისა და „რეგრესის ბედშავი წინასწარმეტყველების“ (მარქსი) ვიშვიშთან ხალხის ქვემოდან წამოსულ მოძრაობაზე, „მასების ამბოხზე“, რომელიც დაღუპვას უქადის კულტურასა და ცივილიზაციას. თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა, რომელსაც კიდევ დავუბრუნდებით). ისინი, ჩვეულებრივ, არსებული წესრიგის ქომაგებად და დამცველებად გამოდიოდნენ. ამ მოვლენის საპირისპირო მხარე მეამბოხე მასებისა და პლებეი რევოლუციონერების მხრიდან კულტურისა და ცივილიზაციის მიმართ მკვეთრად უარყოფითი და მტრული დამოკიდებულება იყო.

მარქსიზმი, როგორც რევოლუციური იდეოლოგია და მეცნიერული თეორია, ლიფშიცის მიხედვით, ხსნის ამ წინააღმდეგობას. ის თანაბრად წარმოადგენს კაცობრიობის  ათასწლოვანი კულტურის, ფილოსოფიისა და მეცნიერების საუკეთესო მიღწევებისა და ჩაგრული კლასების მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული ბრძოლისა და მისი შესატყვისი იდეოლოგიური გამოხატულებების, სხვადასხვა ეპოქებში არსებული უტოპიური სწავლებების მემკვიდრეობის გაგრძელებასა და განვითარებას: „მარქსი იმდენადვეა სპინოზას, ლაიბნიცის, ჰეგელის მემკვიდრე, რამდენადაც ის სპარტაკის, მიუნცერისა და ბაბეფის საქმის გამგრძელებელია“.

კულტურა და მასების სოციალური გათავისუფლება კი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ პირიქით — პირველის გარეშე მეორე წარმოუდგენელია. რევოლუცია უნდა მოხდეს არა ცივილიზაციისა და კულტურის წინააღმდეგ, არამედ მასებისთვის წართმეული კულტურისა და ცივილიზაციისთვის, რომელიც აღარ იქნება შეზღუდული იმ ვიწროკლასობრივი ჰორიზონტით, კაცობრიობის წინარეისტორიის (კლასობრივი საზოგადოების) პერიოდს რომ ახასიათებს. ამიტომ, „კომუნიზმის გამარჯვება საჭიროა არა მხოლოდ მთლიანი საზოგადოებრივი ცხოვრების მომწამვლელი მშრომელი უმრავლესობის ექსპლუატაციის მოსპობისთვის, ის აგრეთვე აუცილებელია მთელი კულტურის გადარჩენისთვისა და ადამიანური ძალების შემდგომი უსასრულო განვითარებისთვის“. ეს აზრი, რომელითაც ლიფშიცი აჯამებს კომუნიზმის მარქსისეულ იდეალს, შეიძლება ითქვას, მარქსიზმის კვინტესენციაა. ის განასხვავებდა მარქსისა და ენგელსის მსოფლმხედველობას როგორც მათი დროის ასკეტურად გამთანაბრებელი კომუნისტური დოქტრინებისგან, ისე მეოცე საუკუნის ულტრამემარცხენე მეამბოხეებისა ან რესპექტაბელური საუნივერსიტეტო პროფესორების იდეებისგან, ხშირად, „მარქსიზმის“ ნიღაბსაც რომ ირგებდნენ და  „სიახლისა“ და „რევოლუციურობის“ შირმას ამოფარებული ანტიკულტურისა და ანტიხელოვნების (მოდერნიზმის, ავანგარდის, კონტრკულტურის, პოსტმოდერნიზმის და მისთ.) სახელით „თანამედროვეობის ხომალდიდან“ აგდებდნენ კლასიკურ კულტურასა და ხელოვნებას, როგორც დრომოჭმულს, როგორც ექსპლუატატორი კლასების ინტერესების გამომხატველს, როგორც „აფირმაციულს“, „რეპრესიულსა“ და „ტოტალიტარულს“.

ამიტომ, როდესაც ლიფშიცი ამბობს, რომ მარქსიზმი, რომელიც განმარტავს კულტურის სამყაროსა და მშრომელი მასის გაუცხოების ისტორიულ საფუძველს და „გამოხატავს კომუნისტური მოძრაობისა და მეცნიერების, ხელოვნების კავშირის აუცილებლობას“, უნდა გვესმოდეს, რომ აქ ნაგულისხმევია, უპირველეს ყოვლის, კლასიკური კულტურა და ხელოვნება და ხელოვნებისა და ლიტერატურის ის ფორმები, რომლებიც თანამედროვეობაში მათ იმავე მიმართულებით აგრძელებენ და ავითარებენ და არა ყოველგვარი ბურჟუაზიულ ანტიხელოვნება, რაც არ უნდა მემარცხენედ და რევოლუციურად მოჰქონდეს თავი. მითუმეტეს, რომ ეს ხელოვნება, როგორც უძღები შვილი, ოჯახის ავტორიტარულ კონტროლს რომ აუმხედრდა, ოფიციალურმა ბურჟუაზიულმა კულტურამ უკვე დიდი ხანია, სულგრძელად შეიფარა თავის აკადემიებში, მუზეუმებსა და გალერეებში და რომლის მთელი ღირებულებაც, კლასიკური ხელოვნებისგან განსხვავებით, მხოლოდ წარმოების კაპიტალისტური წესისთვის დამახასიათებელი სასაქონლო ფეტიშიზმით განისაზღვრება.

იმის თქმა ზედმეტი იქნება, რომ ლიფშიცის ოპტიმიზმი, რომლითაც სრულდება სტატია, ისტორიული პროცესის მსვლელობით არ გამართლდა და „ახალი ადამიანებიც“ არ აღმოჩნდნენ მზად, წინ აღდგომოდნენ ოქტომბრის რევოლუციის „ნაბახუსევით“ დასრულებას. გვიანდელ პერიოდში მ. ლიფშიციც აღიარებს თავისი ახალგაზრდობისდროინდელი მოლოდინების ნაივურობას და მისი ოპტიმიზმიც უკვე „ბურბონთა რესტავრაციის“ (როგორც მოიხსენიებს ის საარქივო ჩანაწერებში საბჭოთა კავშირის კაპიტალისტური ეკონომიკის რელსებზე შესაძლო გადასვლას) თავიდან არიდებაზე შორს არ ვრცელდება. მაგრამ „ფორმალურ-ეკონომიკური გაგებით მცდარი, — იხსენებს ლიფშიცი ენგელსის აფორიზმს 70-იან წლებში ჩაწერილ საუბრებში, — შეიძლება, მსოფლიო-ისტორიული გაგებით იყოს ჭეშმარიტი“. აღმოჩნდება თუ არა ლიფშიცის სტატიის ეს საფინალო სიტყვები ჭეშმარიტი, დამოკიდებულია ადამიანებზე და მათ შეგნებულ მოქმედებებზე. აქ და ახლა და მომავალში.

მთარგმნელი


 

1883 წლის თოთხმეტ მარტს გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული სახის პრივილეგია ხვდა წილად — პრივილეგია სიძულვილისა, მისდამი ძველი საზოგადოების ყველა გაბატონებული ძალა რომ განიცდიდა.

უკანასკნელ წლებში მრავალი ღირსშესანიშნავი თარიღი იპყრობდა საზოგადოებრივ ყურადღებას. აქამდე არასდროს აღნიშნულა ამდენი იუბილე. წარსულის დიდი მოაზროვნეებისა და ხელოვანების ხსოვნა ჯერ არასდროს ყოფილა ასე მტკიცედ დაკავშირებული დღევანდელობის ბრძოლასთან. ისტორიისა და თანამედროვეობის ამ  ურთიერთგადახლართვაში ვლინდება ჩვენი ეპოქის საჭიროება — შეაჯამოს საზოგადოებრივი განვითარების ის ციკლი, რომლის დიდებული წარმომადგენლებიც იყვნენ სპინოზა და გოეთე, ჰეგელი და ვაგნერი.

ბურჟუაზიამ მათ პატივსაცემად დააწესა ოფიციალური დღესასწაულები, აამოქმედა პროპაგანდის ყველა საშუალება იმის დასამტკიცებლად, რომ თანამედროვე კულტურული რეაქცია ამ მოაზროვნეთა იდეების უმაღლესი გამოხატულებაა. მინისტრები და დეპუტატები ტოვებდნენ სახელმწიფო კანცელარიებსა და საპარლამენტო სავარძლებს იმისათვის, რომ ჰეგელის „დაპირისპირებულთა შერიგებისა“[1] და გოეთეს „თვითაღკვეთის“[2] სადიდებლად მაღალფარდოვანი სიტყვები წარმოეთქვათ. მაგრამ პროლეტარიატის დიდი ბელადის, კარლ მარქსის პატივსაცემად მისი მშობელი ქვეყნის გაბატონებულმა კლასებმა სრულიად სხვაგვარი დღესასწაულები გამართეს. ეს ცეცხლითა და სისხლით პატივის მიგება ყველაზე უკეთ წარმოაჩენს, ვინ არის მარქსი, როგორც მსოფლიო-ისტორიული პიროვნება, განსხვავებით უწინდელი ისტორიის მოწინავე მოაზროვნეებისაგან.

მართლაც, რაოდენ განსხვავებულნიც არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ სულიერ არისტოკრატიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ, მათ ერთი რამ აერთიანებს: ისინი უჯანყდებოდნენ არსებული ცხოვრების პირობებს, ამჩნევდნენ რა მათ უარყოფით მხარეებს, წყევლიდნენ რა მათ უგუნურებასა და შეზღუდულობას. და მაინც, ყოველმა მათგანმა, მეტად თუ ნაკლებად, განიცადა დაცემის მომენტი და მისი თანმდევი თვითაღკვეღა. „ქარიშხლისა და შეტევის“ პერიოდს[3] მოსდევდა მონანიების ჟამი, როცა სუვერენული გონება ქედს იხრიდა ცხოვრების ბუნებრივი წესრიგისა და გარემოებათა ულმობელი ლოგიკის წინაშე.

არსებობს ძველი ზედაპირული მანერა, რომელიც „სინამდვილესთან შერიგების“[4] ყოველგვარ მაგალითს სიმხდალითა და მლიქვნელობით განმარტავს. მართალია, მათგან უმნიშვნელო როლს ისტორიაში არც ერთი არ ასრულებდა, მაგრამ ისეთი დიდი ტვინებისა და ძლიერი ნატურებისადმი მიმართებით, როგორიცაა, მაგალითად, ჰეგელი, ამგვარი არგუმენტაცია არაფერს არ ხსნის. ამ მოაზროვნეების დაცემა უფრორე, როგორც მარქსმა აღნიშნა, „მათი პრინციპის სიმცდარის“ ისტორიული გაგების შედეგია, მეცნიერებისა და ცხოვრების განვითარების იმ საფეხურის შეზღუდულობის შედეგი, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ.

უკვე დეკარტი თავის ტრაქტატში „მსჯელობა მეთოდის შესახებ“ საზოგადოებას ადარებდა ქალაქს, რომელშიც ნაგებობები სტიქიურად და უწესრიგოდ ჩნდებოდა, ხოლო რევოლუციონერს — ადამიანს, მთელი ქალაქის ერთბაშად და ძირეულად გარდაქმნას რომ ჩაიფიქრებს. მართალია, ერთიანი გეგმის მიხედვით აგებული სახლი, — ამბობს დეკარტი, ჩვეულებრივ რაციონალისტად წოდებული, — უფრო ლამაზი და მოსახერხებელია. მაგრამ მთლიანი ქალაქის ამგვარი გარდაქმნა უკვე არსებულზე დიდ არეულობას გამოიწვევდა. „ამ უზარმაზარი ინსტიტუტების დანგრევა ადვილია, აღდგენაა ძალზე ძნელი; ასევე ძნელია საძირკველშერყეული დაცემისაგან გადაარჩინოთ, ხოლო თვით დაცემა, განადგურების ტოლფასია. რაც შეეხება ამ ინსტიტუტთა არასრულყოფილებებს, — მათ ასეთი რამ ახასიათებთ, ამისთვის მხოლოდ მათი მრავალფეროვნება კმარა, — ეჭვგარეშეა, ჩვეულებამ დიდად შეარბილა ისინი, ბევრი რამ კიდეც აარიდა მათ, ანდა შეუმჩნევლად გამოასწორა, თანაც ისე ჩინებულად, რომ კეთილგონიერებაც კი ვერ განჭვრეტდა. დაბოლოს, თითქმის ყოველთვის ეს არასრულყოფილებები უფრო იოლი ასატანია, ვიდრე მათი გარდაქმნა“. აქედან გამომდინარეობს, რომ, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის გეგმა, უგუნური სტიქია მის საკუთარ გონებაზე გონიერია. „ისევე, როგორც ბევრად უმჯობესია წასვლა შორი გზით, მთათა შორის რომ მიიკლაკნება, მაგრამ ხშირი მგზავრობის წყალობით გაკვალული და საიმედოა, ვიდრე მოკლე გზით, უფსკრულის პირს რომ მისდევს და ცოცვით უნდა გადაილახოს“[5]. უკვე ამ სიტყვებშია მოცემული ის იდეა, რომელიც მოგვიანებით ლაიბნიცმა გამოთქვა, — ფაქტების ყველა შესაძლო კომბინაციიდან საუკეთესოა ბუნებრივად ჩამოყალიბებული: „ჩვენი სამყარო საუკეთესოა სამყაროთა შორის“.

ასეთები არიან რაციონალისტები, ირაციონალურის ნამდვილი აპოლოგია რომ შექმნეს, მოაზროვნეები, რომლებმაც მოასწრეს დამტკიცება იმისა, რომ არსებული მსოფლწესრიგის მიზანშეწონილობა მის სტიქიურ წარმომავლობაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ბოროტება მხოლოდ ხაზს უსვამს სიკეთის მშვენიერებას და რომ სწორედ ადამიანური საზოგადოებისა და ცნობიერების სიღრმეებში დაბუდებულ ბნელ მისწრაფებებში უნდა ვეძებოთ ის „მოუხელთებელი რამ“ (je ne sais quoi), რომელზედაც არის დაფუძნებული სამყაროს მთელი სილამაზე და ჰარმონია. და მართლაც — აქ ყველაფერი როდია ცდომილება.

მაკიაველიდან და ჰობსიდან მომდინარეობს ამ ზოგადი იდეის პოლიტიკური ვარიანტი, რომელსაც მივყავართ ნებისმიერი ძლიერი ხელისუფლების გამართლებამდე, მისი წარმომავლობისდა მიუხედავად. ჰობსს დიდად არ ანაღვლებდა ბატონთა მორალი და თანამედროვე ნიცშეანელობისეული ძალის განდიდების სხვა ესთეტიკური ატრიბუტები. მისი ფილოსოფია განმსჭვალულია კაცთმოძულე ირონიით. პირქუში ღიმილით სახეზე ის ურჩევს ხელისუფალთ, რაც შეიძლება მაგრად მიჭყლიტონ ადამიანთა მოდგმა — ჯონათან სვიფტის ეს ბინძური და ანგარებიანი „იეჰუები“[6]. ტახტზე მჯდომი ერთი არამზადას ძალაუფლება არსებულთაგან საუკეთესო გამოსავალია. თუმცაღა, თუ ხალხი მიახრჩობს ხელისუფალთ, ესეც არ შეეწინააღმდეგება ბუნების კანონებს.

ცხოვრების ბუნებრივი მსვლელობის წინაშე მუხლმოდრეკის სხვა ფორმამ თავისი კლასიკური გამოხატულება რევოლუციის[7] შემდგომ პერიოდში შეფტსბერის[8] ყაიდის ლიბერალებთან ჰპოვა. არაგონიერის გონიერების იდეა აქ კიდევ უფრო მეტად იდილიურ ხასიათს იძენს. პირდაპირ ბრძოლაში ჩაბმული ძალების მექანიკას უპირისპირდება ადამიანთა საზოგადოების ორგანული, ტრადიციებითა და ლირიზმით გაჯერებული, შეუჩნეველი გაუმჯობესების იდეალი. გონისმიერი მოძრაობების თვითნებობა, მორალური და ესთეტიკური ინდივიდუალობის თავისუფლება, გარეგნული წესების უარყოფა და გარემომცველ სამყაროსთან შინაგანი ჰარმონიის ქადაგება — ამგვარია ის რომანტიკული ეფექტები, რომელთაც ლიბერალები უპირისპირებენ ტლანქ რევოლუციას, თავდაყირა რომ აყენებს ადამიანს, რათა საზოგადოებრივ კონტროლს დაუქვემდებაროს. არ არსებობს და შეუძლებელია, არსებობდეს საზოგადოების იმაზე უკეთესი მოწყობა, რომელიც არა ხელოვნური ჩარევის, არამედ თვით საგანთა ბუნების ხელოვნების შედეგად გაჩნდა.

XVIII საუკუნის განმანათლებლებთან ბუნებასთან შემობრუნების საიდუმლო სწორედ ადამიანური კავშირების სტიქიური კანონზომიერების გამართლებაში მდგომარეობდა. ამ კანონზომიერებასთან შედარებით, ყველაფერი, რაც „ხელოვნების“ მიერ არის შექმნილი,  ზედაპირული და მყიფეა. ბუნების აღმოჩენა ეკონომიკური განვითარების „ბუნებითი“ კანონის შეცნობას წარმოადგენდა. ბურჟუაზიული წყობილების მზის სისტემა უკვე გამოჩნდა თავდაპირველი ბუნდოვანებიდან და გამოავლინა თავისი მოძრაობა, რომელიც თანამედროვე მწერლებს მნათობთა მოძრაობასავით უცდომელი ეგონათ.

იმ დროის ეკონომისტები პირველი სიყვარულის აღტაცებას განიცდიან, როცა აღწერენ წარმოებისა და მოხმარების გასაოცარ სისტემას, ხელისუფალთა ყველა ძალადობის მიუხედავად რომ ყალიბდება — სისტემას, რომელსაც ძალუძს შექმნას ისეთი „საგანთა  სიმპათია“, რომელიც არც კი დასიზმრებიათ რეფორმატორებსა და უტოპისტებს. ისეთი დიდი კომპოზიტორები, როგორიცაა, მაგალითად, ჰენდელი, ორატორიებს თხზავენ საყოველთაო ჰარმონიის სადიდებლად. პოეტები განადიდებენ ეგოიზმისა და საზოგადოებრივი სარგებლის ერთიანობას, ინდივიდუალურ ცხოვრებაში ჩაძირვასა და სამყაროულ წესრიგთან სტიქიურ სიახლოვეს.

რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა იყოს ადამიანთა ინტერესები და ვნებები, ჩვენ ყველანი „საყოველთაო მსოფლიო ფაბრიკის“ გიგანტური ნაგებობის აგურები ვართ, და კარგია ყველაფერი, რაც თავის ადგილზეა. ინგლისელმა პოეტმა პოუპმა[9] ეს იდეა გამოხატა თავის „ნარკვევში ადამიანის შესახებ“:

ყველას აქვს ჟინი — ცოდნის, დიდების, ვერცხლის,

მაგრამ თავის ხვედრს ქვეყნად ვერავინ შეცვლის.

ბედნიერია ბრძენი — იკვლევს ბუნებას.

ახარებს სულელს თვისი უგუნურება.

მდიდრები დიდძალი სიმდიდრით ხარობენ,

ღარიბნი არჩენენ მათ უფლის წყალობით.

შეხე, როკავენ ბრმანი, მღერიან კოჭლნი,

გმირია ლოთი,  მთვარეული კი მორჭმით

მეფობს. მშიერ ქიმიკოსს ოქროს ზმანება,

ვითარც პოეტებს მუზა, ჰგვრის ნეტარებას[10].

ამგვარად, ეპოქის სულის ყოველი გამოვლინება ვოლტერის დოქტორი პანგლოსის ნაწილაკს შეიცავდა: „ყველაფერი ისეა, როგორც არის, და სხვაგვარად ვერც იქნება“; „ღორები შექმნილია იმისათვის, რომ ვჭამოთ, და აი, ჩვენ მართლაც მივირთმევთ ღორის ხორცს“; „ფეხები შექმნილია იმისათვის, რომ შარვალი გვეცვას და ჩვენ მართლაც გვაცვია შარვალი“. XVIII ს.-ის ფრანგ მატერიალისტებსაც კი, ყოველგვარ შუასაუკუნეებთან ამ ენერგიულ მებრძოლებს, უყვარდათ იმის მტკიცება, რომ მათი კრიტიკულ თავდასხმების მიზანი არა „ბუნებითი კანონის“ დარღვევა, არამედ, პირიქით, საკუთრებისა და მორალის უფრო მყარ ნიადაგზე დაფუძნებაა. ვაი მას, ვინც, უკეთილშობილესი ზრახვებით აღჭურვილი, ადამიანური თანაცხოვრების სტიქიური კანონების სამეფოში ჩარევას მოისურვებდა, კანონების, რომლებიც თვით ადამიანზე უფრო ძლიერია!

გარემოებათა ამ ბუნებრივი მდინარების სიწმინდეს პოეზია პირობითად ტრაგიკული განგების სახით გამოხატავს. მაგალითად ავიღოთ გერმანული დრამის ის ნაწარმოები, რომელიც გერმანული ბურჟუაზიის განმათავისუფლებელი მისწრაფებების აუთენტურ გამოვლინებად მიიჩნევა, — შილერის „ყაჩაღები“.

უკვე ეს ნაწარმოები, არსებითად,  შეიცავს XVIII ს.-ის ბოლოსა და XIX ს.-ის დასაწყისის იდეალისტური ფილოსოფიის მთელ პროგრამას. ფრანც მოორი — უდიდესი თაღლითი, ადამიანი, რომელიც ძალაუფლების გულისათვის მზადაა, მამა და ძმა გაყიდოს, რომელსაც არც ღმერთის სწამს და არც ეშმაკის, რომლისთვისაც ერთადერთი ღვთაება  სიმდიდრეა, — ეს „ეგოისტი“, ჰოლბახიანური მორალის[11] მადიდებელ სიტყვებს რომ წარმოთქვამს, შილერთან კერძო საკუთრებასა და ფულზე დაფუძნებულ საზოგადოებას განასახიერებს. მას უპირისპირდება მისი ძმა კარლი — კეთილშობილი, მაგრამ აულაგმავი პიროვნება. საკუთარი ძმის მზაკვრობის შედეგად გაძევებული, კარლ მოორი ვაჟკაცთა დაჯგუფებასთან ერთად უჯანყდება არსებულ წესრიგს. ის კეთილშობილი ყაჩაღის, ღარიბთა ქომაგის ტრადიციულ როლს თამაშობს.

და მაინც, როცა შურისძიების მწვერვალს მიაღწევს, კარლ მოორი აცნობიერებს თავის ცოდვიანობას. კაცობრიობის ბედნიერებისა და ზნეობრივი აღორძინებისთვის მეომარი მართალი იყო, როცა სამყაროს უარყოფდა მანამ, სანამ მისი უარყოფა წმინდა იდეად რჩებოდა. მაგრამ იარაღის აღების შემდეგ, ის უნდა შეკავშირებოდა შპიგელბერგის ტიპის არამზადებს და მატერიალური ძალით დაპირისპირებოდა მოვლენათა ზოგად მსვლელობას, რომლის გონიერებაც თავად მისთვის დაფარულია. ამაში მდგომარეობის კარლ მოორის ტრაგიკული ბრალეულობა, რომლის გამოსყიდვისათვისაც, პოეტის ჩანაფიქრის თანახმად, ის მართლმსაჯულებას უნდა ჩაბარდეს.

ვაი მას! იგი ვერასოდეს ვერ გაიხარებს,
დანაშაულით ვინც იხილავს ჭეშმარიტებას![12]

— წერდა მოგვიანებით შილერი, გულისხმობდა რა, ცხადია, საფრანგეთის რევოლუციას.

ასე აკრიტიკებდნენ იმ დროის გერმანელი მწერლები რევოლუციას. ისინი აღიარებდნენ მის მისწრაფებათა იდეალურობას, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არსებულის უფლების წინაშე იხრიდნენ ქედს. სამყარო თავისი გზით მიდის, მაშინ როდესაც იდეალი ჯერ კიდევ მხოლოდ შესაძლებლობაა. უმაღლესი საფეხური, რომელსაც, ზოგადად რომ ვთქვათ, აღწევდა იმ პერიოდის აზროვნება, სტიქიურობის ამაღლებული ფილოსოფია იყო. ჰეგელმა გარემოებათა ბუნებრივი თვითგანვითარების ეს ძალა წარმოადგინა „მსოფლიო გონის“ სახით, რომელიც თავისი მიზნების განხორციელებისთვის ადამიანთა წინააღმდეგობრივი ინტერესების მთელ ერთობლიობას იყენებს. ადამიანის ტვინს კი წილად მხოლოდ „მსოფლიო გონების ცბიერებათა“  შეცნობა ერგო, და ამასთან მას შემდეგ, რაც მისი უცნაური კომბინაციები ხორცს შეისხამს სინამდვილეში.

გარემოებათა ამ ზეპიროვნულ ძალას არამხოლოდ თავისი ფილოსოფია, არამედ თავისი ესთეტიკაც გააჩნდა. წარმოდგენა რევოლუციური ბრძოლის ცალმხრივ, აბსტრაქტულ და არაპოეტურ ხასიათზე, რევოლუციურ ბრძოლაზე, რომელიც სპობს ყველა ტრადიციულ კავშირს და მბრძანებლურად გლეჯს საფარს ჭეშმარიტების საზარელ სახეს (შილერი, „კერპი საისში“), მარქსამდე და ენგელსამდე, ამა თუ იმ დონეზე, ყველა მოაზროვნისათვის საერთოა. რეაქცია ყოველთვის მარტოოდენ იარაღის ძალით არ მოქმედებდა და კულტურის ადამიანების მოსასყიდად მხოლოდ ფულსა და წოდებას როდი იყენებდა. მას კიდევ ბევრი რამ უმაგრებდა ზურგს — დამორჩილების სილამაზე, შუასაუკუნეების პოეზია, გოთიკური ტაძრები, ბაზალტის ლოდები და რაინდული სასახლეები, მშვიდი ბიურგერული ცხოვრების, პატრიარქალური ზნეჩვეულებებისა და ადათ-წესების გულითადი იდილია. ის ატყვევებდა  შეღამებულზე ეკლესიების გუმბათთა ქვეშ მოლიცლიცე ელფერთა სიმდიდრით, აშინებდა მბორგავ სულს რევოლუციის პროზაული დღის სინათლით. გავიხსენოთ, როგორ მოქმედებდნენ ეს ცდუნებანი ისეთ ადამიანებზეც კი, როგორიც იყო ჰაინე. XIX ს.-ის შუაში „ჰეგელის დიადოხოსთაგან“[13] ერთ-ერთი, სახელგანთქმული „ესთეტიკის“ ავტორი ფრ.-თეოდ. ფიშერი[14] წერდა: „რევოლუციას სურს ისტორიის შექმნა, მაგრამ შექმნილი ისტორია არაესთეტიკურია“.

და მართლაც, რევოლუცია დიდად არც ზრუნავდა ესთეტიკაზე. პლებეური ფენების პირველი მოძრაობები მიმართულია არამხოლოდ მდიდრების წინააღმდეგ, არამედ აგრეთვე ცივილიზაციისა და განათლების მთელი იმ სამყაროს წინააღმდეგაც, რომელიც სიმდიდრესთან არის ასე თუ ისე დაკავშირებული. მდიდარი კლასების „სიამოვნების ფილოსოფიას“ დაბალი კლასები საყოველთაო თანასწორი სიღარიბის თავიანთ იდეალს უპირისპირებდნენ. სავონაროლას[15] ეპოქაში მათი მრისხანება არამხოლოდ გაბატონებულთა წარმართულ თავისუფალ აზროვნებას, არამედ, მასთან ერთად, ქანდაკებებს, ნახატებს და ფლორენციელი პატრიციების სხვა ტკბობის საგნებსაც დაატყდა. კრომველის ეპოქაში ისინი ანგრევენ თეატრებს და საჯარო გამათრახებით უსწორდებიან მსახიობებს. ბაბუვისტებთან[16] ერთად ისინი მზად არიან, წამოიძახონ: „დაე დაიღუპოს, თუ საჭიროა, ყველა ხელოვნება, ოღონდაც შეგვრჩეს ნამდვილი თანასწორობა“[17].

„ეს ასკეტური ზნეობრივი სიმკაცრე, — წერდა ენგელსი, — ეს მოთხოვნა, რომ ხელი აიღონ ცხოვრების ყოველ სიამოვნებასა და სიტკბოებაზე, ერთი მხრივ, სპარტანული თანასწორობის პრინციპს აყენებს გაბატონებული კლასების წინააღმდეგ, ხოლო, მეორე მხრივ, აუცილებელ გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს, ურომლისოდაც შეუძლებელია საზოგადოების უდაბლესი ფენა ამოძრავდეს. იმისათვის, რათა თვითონ განავითაროს თავისი რევოლუციური ენერგია, თვითონ შეიგნოს თავისი მტრული დამოკიდებულება საზოგადოების ყველა სხვა ელემენტისადმი, რათა გაერთიანდეს როგორც კლასი, დაბალმა ფენამ იმით უნდა დაიწყოს, რომ თავიდან მოიშოროს ყოველივე, რაც მას შეარიგებდა არსებულ საზოგადოებრივ წესწყობილებასთან, უარი უნდა თქვას იმ მცირეოდენ სიამოვნებაზე, რომელიც წუთიერად ასატანს ხდის მის ბეჩავ არსებობას და რომლის წართმევა თვით უმკაცრეს ჩაგვრასაც კი არ შეუძლია“[18].

ხელოვნებების, როგორც მოთვინიერებისა და რევოლუციის თავიდან ასარიდებელი საშუალების, საკითხი აქტიურად განიხილებოდა XVIII ს.-ის მთელ ფილოსოფიურ-ესთეტიკურ ლიტერატურაში. „მეცნიერებები, ლიტერატურა და ხელოვნებები, — წერდა რუსო თავის ცნობილ „მსჯელობათაგან“ პირველში, — ყვავილთა გირლანდებით რთავენ ადამიანთა მბოჭავ რკინის ჯაჭვებს, ახშობენ მათში თავისუფლების ბუნებრივ შეგრძნებას, რომლისთვისაც, თითქოსდა, ისინი დაბადებულნი არიან, აიძულებენ თავიანთი მონობის შეყვარებას და ქმნიან იმას, რასაც განათლებული ხალხი ეწოდება. აუცილებლობამ აღმართა ტახტები, მეცნიერებებმა და ხელოვნებებმა კი ისინი განამტკიცა. ძლიერნო ამა სოფლისა, გიყვარდეთ ნიჭი და უმფარველეთ მის მფლობელებს!“[*]

გაბატონებული კლასები ყოველთვის ტენდენციურად აზვიადებდნენ იმ შემთხვევებს, როცა მჩაგვრელების მიმართ ჩაგრულთა მძვინვარება კულტურის იმ საგნებზეც ვრცელდებოდა, რომლებითაც მხოლოდ მდიდრები სარგებლობდნენ. პლებეურ ასკეტიზმს, რომელიც სახალხო მასებისთვის თავიანთი კლასობრივი ცნობიერების გამორკვევის გზაზე მხოლოდ საფეხურს წარმოადგენდა, ბურჟუაზიული ისტორიკოსები ხშირად მიაწერენ პურიტანობის — ამ მომხვეჭელობისა და ბურჟუაზიული მომჭირნეობის რელიგიის — ყველა უაზრობას. მათ ავიწყდებათ, მიუთითონ საქმის მეორე მხარეზე, იმ შესანიშნავ გარემოებაზე, რომ, როგორი დათრგუნული და განათლებისგან შორს მყოფიც არ უნდა იყოს ხალხი, ის სუვერენად რჩება არამხოლოდ ენის დარგში, არამედ პოეზიის სფეროშიც, როგორც ჯერ კიდევ ვიკომ[19] შენიშნა. ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორია გამოააშკარავებს მომავალში იმ ყოველივე დიადის ხალხურ ფესვებს, რაც მხატვრულ შემოქმედებას შეუქმნია.

მაგრამ თუ მასების რევოლუციის ჰუნების ახალ შემოსევად გამოსახვა ბოროტი პოლიტიკური კარიკატურაა, ამის მიუხედავად, ეჭვგარეშეა, რომ სახალხო მოძრაობებისა და ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარება ამ დრომდე, მთელს წინანდელ ისტორიაში, სხვადასხვა გზით მიდიოდა.

„პროფესიათა მონური იერარქიის“ ზრდამ და გართულებამ, განათლებასა და სიმდიდრეს შორის კავშირმა შეზღუდულობის დაღი დაასვა სულიერი კულტურის მთელ განვითარებას. ამ ფაქტის საპირისპირო მხარე იყო სახალხო მასების დამოუკიდებელი მოძრაობების სტიქიური ხასიათი. ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შრომის საზოგადოებრივი დანაწილება აწარმოებს არა მხოლოდ შეზღუდულობას, არამედ ამ შეზღუდულობასთან ბრძოლასაც. წარსული ეპოქების მოაზროვნეები და პოეტები არაერთხელ აღწევდნენ კულტურის უმაღლეს მწვერვალებს, მაგრამ ეს სწორედ მაშინ ხდებოდა, როცა ისინი ახერხებდნენ, გაეგონათ მილიონთა მოძრაობის მიწისქვეშა ყრუ გუგუნი. ხელოვნება და ლიტერატურა, როგორც ანტეოსი, თავიანთ ძალებს მიწასთან ურთიერთქმედებით ამრავლებდნენ. ასეთები არიან არისტოკრატიული წარმომავლობის დიდი რუსი მწერლები — პუშკინი და ტოლსტოი, რომელთა აზროვნებასა და შემოქმედებაში მრავალი ჭეშმარიტად ხალხური ელემენტია.

და მაინც, საზოგადოებრივ ურთიერთობათა სივიწროვის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ფორმებს წარსულში ცალმხრივი და შეზღუდული ხასიათი ჰქონდა. განათლებისა და კულტურის სამყაროში ჩნდებოდა გრანდიოზული ფილოსოფიური სისტემები, რომელთაც სურდათ, სინამდვილის გონიერ საფუძველს ჩასწვდომოდნენ, ან ცხოვრების ღრმად მხატვრული სურათები, მართლად რომ ასახავდნენ მის შინაგან კონფლიქტებს, თუმცა ერთგვარი გამოცანის ფორმით და არც მთლად მისტიკური თრთოლვის გარეშე. მეორე მხრივ, ქვემოდან წამოსული პროტესტი იქ, სადაც ის მაღლდებოდა ინდივიდუალურ დანაშაულზე, სტიქიური ამბოხის ფორმებს იღებდა. ხალხი თავის პოემებს ცეცხლითა და რკინით წერდა, მისი ტრაგედიის გმირები ეშაფოტზე ან საიდუმლო კანცელარიების კედლებში იხოცებოდნენ.

რევოლუციისა და კულტურის სრული შერწყმა უაღრესად წინააღმდეგობრივად მზადდება. თუ წარსულის დიადი ტვინები „მსოფლიო გონების ცბიერებისადმი“ ცრუმორწმუნე პატივისცემას განიცდიდნენ, მიაწერდნენ რა მას ყველაფრის დალაგების, ან უკიდურეს შემთხვევაში, ყველაფრის განმარტების უნარს, ამას გააჩნდა თავისი შეზღუდული ისტორიული ნიადაგი. უნდა გავითვალისწინოთ მათი დროის რევოლუციური ვითარების უმწიფრობა და ის ნამდვილად არც თუ ისე უმნიშვნელო ფაქტი, რომ მსოფლიო ბაზრის სტიქიური გაფართოება და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივ ურთიერთობებში მომხდარი გადატრიალებები, ობიექტურად გაცილებით რევოლუციურად მოქმედებდნენ, ვიდრე ყველაზე მამაცი რევოლუციონერები.

მაგრამ რევოლუციურ მასებს საკმარისი საფუძველი ჰქონდათ, რომ ეჭვითა და სიძულვილით შეეხედათ „კანონმდებლებისთვის“, — ასე რომ სძულდა შექსპირის ეპოქის უბრალო ხალხს, — სამეფო კარის ლიტერატორებისა და ფერმწერებისთვის, მფრინავ კუნძულ ლაპუტას[20] მობინადრე სწავლულებისთვის. ჯერ კიდევ ჩემს ახალგაზრდობაში, — ყვებოდა ენგელსი, — გერმანელი კომუნისტი ხელოსნები ეჭვის თვალით უყურებდნენ ყველა განათლებულ ადამიანს, მიიჩნევდნენ რა მათ ღარიბთა მჩაგვრელებად. თუ მუჟიკთა მეფემ, პუგაჩოვმა[21] ასტრონომ ლოვიცის[22] „ვარსკვლავებთან ახლოს“ ჩამოკიდების ბრძანება გასცა, ამ სასტიკი ირონიის შესაძლებლობა უკვე მოცემული იყო მეცნიერებასა და სახალხო ცხოვრებას შორის არსებული გახლეჩილობის ფაქტში. იქ, სადაც მოქმედებენ ბრმა ძალები, ზოგადად რომ ვთქვათ, უაღრესად ფართო ნიადაგი არსებობს ყოველგვარი სახის გადაუჭრელი კოლიზიისთვის. ლავუაზიეს[23] სიკვდილი გილიოტინაზე ან რობესპიერის პოლემიკა პრისტლის[24] და ზოგადად ყველა „სწავლულისა“ და „ფილოსოფოსის“ წინააღმდეგ, ერთი შეხედვით, უბრალო სამწუხარო გაუგებრობაა. მაგრამ უფრო ზოგადი თვალსაზრისით, ნათელია, რომ ამ გაუგებრობის უკან იმალებოდა უფლებათა შეჯახება, ისტორიული წინააღმდეგობრიობა. და გარკვეულ დრომდე ის თითქოსდა გადაუჭრელი რჩება.

მარქსის პიროვნების მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მან თავის თავში გააერთიანა ის ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც  მიმდინარეობდა ახალი, ჭეშმარიტად ადამიანური საზოგადოების შემზადება. მარქსი იმდენადვეა სპინოზას, ლაიბნიცის, ჰეგელის მემკვიდრე, რამდენადაც ის სპარტაკის, მიუნცერისა[25] და ბაბეფის[26] საქმის გამგრძელებელია. კარლ მარქსის სწავლება და პრაქტიკული ბრძოლა მოკლებულია იმ შეზღუდულობის დამღას, რომელიც მისი დიადი წინამორბედების ნაწარმოებებსა და მოქმედებებს ადევს. ასკეტიზმსა და განათლებისადმი მტრობას გასული საუკუნის შუაგულს მუშათა მოძრაობაში უკვე მიღებული ჰქონდა სექტანტური და რეაქციული ხასიათი. მარქსსა და ენგელსს ცოტა როდი უბრძოლიათ ხისთავიან ხელოსნებთან, „შტრაუბინგერებთან“, იმ გაბურძგნილ წვრილბურჟუაზიულ რევოლუციონერებთან, რომლებიც ჰაინემ მოწინავე დათვის[27] სახით გაამასხარავა („ატტა ტროლი“)[28]. მარქსის სწავლება გვთავაზობს კულტურის სამყაროსა და მშრომელ მასას შორის არსებული წინააღმდეგობის ისტორიულ ანალიზს. ის გამოხატავს კომუნისტური მოძრაობისა და მეცნიერების, ხელოვნების კავშირის აუცილებლობას. ბურჟუაზიული ეკონომიის მარქსისტული კრიტიკა ამბობს, რომ საზოგადოებრივი განვითარების სტიქიურ გონებას საბოლოოდ არა მსოფლიო ჰარმონიამდე, არამედ ყოველგვარ აბსურდულ წინააღმდეგობამდე მივყავართ. ამ წინააღმდეგობათა ნამდვილი გადაჭრის გზა იმ ვიწრო საზოგადოებრივი გარსის პრაქტიკულ მოსპობაშია, რომელიც ბოჭავს თანამედროვე კაცობრიობის შემოქმედებით ძალებს. აქედან — მარქსის სწავლება პროლეტარიატის დიქტატურაზე.

მარქსი ხვდებოდა, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში სულიერი ცხოვრების შინაგანი დაქვეითების ყველა ნიშანი მჭიდროდ არის დაკავშირებული ისტორიის ბურჟუაზიული პერიოდის კოლოსალურ წინააღმდეგობრიობებთან. შესაბამისად, მათ არა აბსოლუტური, არამედ ისტორიულად წარმავალი ხასიათი გააჩნიათ. პროლეტარიატის კომუნისტური რევოლუცია აუცილებელია არა მხოლოდ მუშათა კლასის პრაქტიკული საჭიროებების თვალსაზრისით, არამედ მთელი ადამიანური კულტურის შემდგომი განვითარებისთვისაც.

ამგვარი იყო მარქსის შეხედულებები, მარქსის სწავლების ანაბანა, და სწორედ ამიტომ, მან სავსებით დაიმსახურა ის სიძულვილი, რომელსაც მის მიმართ ძველი საზოგადოების ბატონები და მსახურები განიცდიან. მარქსის გარდაცვალების შემდეგ გასულმა ბრძოლის ორმოცდაათმა წელიწადმა გაფანტა სიწმინდის შარავანდედი, რომელიც გარს ერტყა საზოგადოებრივი განვითარების ბურჟუაზიულ ფორმას. ამ წლებმა დაამსხვრია ძველი სამყაროს ყველაზე საშინელი გადმონაშთი — მოვლენათა ბუნებრივი მდინარების იდილიური რწმენა, საზოგადოებრივი განვითარების ავტომატიზმი, ადამიანთა ისტორიის „ზემოდან“ მისტიკური ხელმძღვანელობა (von oben herab, კანტის სიტყვებით). გააკეთონ ისე, რომ ისტორიულმა მოძრაობამ ვეღარ შეძლოს ადამიანურ გონებასა და ფაქტების სტიქიურ განვითარებას შორის არსებული გახეთქილების უწინდელ ნაცად გზასთან დაბრუნება, ხელი შეუშალონ ჩვენი დროის უდიდესი რევოლუციის „ნაბახუსევით“ დასრულებას, რითიც არაერთხელ დასრულებულა წინამორბედი რევოლუციები, — ამ კოლოსალური ამოცანის შესრულება მხოლოდ მილიონობით ახალ ადამიანს შეუძლია, ადამიანებს, რომლებიც თავიანთ დროშაზე დანტეს შემდეგ სიტყვებს დაიტანდნენ:

ჩვენ მოგვიხდება უფრო მაღალ მწვერვალზე ასვლა.

აქედან გასვლა როდი ნიშნავს მიზნის მიღწევას,

გამოიყენე, თუ გაიგე ეს ნაუბარი.[29]

 

1933

თარგმნა ნორიკ ბადოიანმა

 

თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: Лифшиц Мих. К пятидесятилетию со дня смерти Маркса // Лифшиц Мих. Карл Маркс. Искусство и общественный идеал. М.; Художественная литература, 1979. გვ. 283-293.

 მიხ. ლიფშიცის შენიშვნა


[*] რუსოს ჰქონდა ამ ფრაზის დაწერის საფუძველი. მოუსმინეთ, როგორ განმარტავს „სასიამოვნო ხელოვნებების“ საჭიროებას ფიზიოკრატების დაგვიანებული თაყვანისმცემელი, თავადი დმიტრი გოლიცინი („ეკონომისტების სულის შესახებ ან ეკონომისტები, დაცულნი იმ ბრალდებისაგან, რომ თავიანთი პრინციპების მეშვეობით ჩაუყარეს საფუძველი რევოლუციას“, გამ. ფრანგულ ენაზე 1796 წ., ციტ. ორი წლის შემდეგ გამოსული გერმანული თარგმანიდან): „მოწყენილობა და სევდა ნელა მოქმედი შხამია; ველურები და ბარბაროსები, მოკლებულნი სასიამოვნო ხელოვნებებს, მოწყენილები და სევდიანები არიან; მუდმივი მოწყენილობა და სევდა მათ ცხოვრებით უკმაყოფილოებად აქცევს და ეს უკმაყოფილება ამრავლებს მათ მოუსვენარ ხასიათს, მათ სიშმაგეს, მათ სიველურესა და სისასტიკისადმი მიდრეკილებას. ყველაფერს, რაც ემსახურება იმას, რომ შეგვიმციროს დრო და უფრო მხიარულები გაგვხადოს, რაღაც მოაქვს ჩვენი ბედნიერებისთვის. სიყვარულის კანონისა და სიამოვნებების წყალობით, ჩვენ იძულებულნი ვხდებით, ჩვენი თავი ბედნიერად ვაქციოთ, ვიქმნით რა სასიამოვნო შეგრძნებებს. ამგვარად, სასიამოვნო ხელოვნებათა აღსრულება დადგენილი გვაქვს ბუნებრივი კანონით და ეს ჩვენი ნამდვილი მოვალეობაა“ (გვ. 228). რადგანაც ვიცით, რომ XVIII ს.-ის ფილოსოფიურ ენაზე „ხალხი“ და „ველური“  სინონიმებია, გოლიცინის აზრის გაგება არ არის რთული. „ბუნებრივი კანონით“ დადგენილი „სასიამოვნო“ ხელოვნებანი, რომის სანახაობათა მსგავსად, ბრბოს აღშფოთებას აცხრობს.

მთარგმნელის კომენტარები


[1] თავის ლექციებში ფილოსოფიის ისტორიის შესახებ ჰეგელი წერს: „დაპირისპირებულობის ჭეშმარიტი შერიგება არის იმის დანახვა, რომ დაპირისპირებულობა, მიყვანილი აბსოლუტურ უკიდურესობამდე, ანგრევს თავის თავს, რომ, როგორც შელინგი ამბობს, დაპირისპირებულობანი თავის თავში იგივეობრივნი არიან — და არამხოლოდ თავის თავში, არამედ მარადიული ცხოვრება დაპირისპირებულობის მუდმივ წარმოშობასა და შერიგებაში მდგომარეობს“ (იხ. Гегель Г. В. Ф. Лекции по истории философии, книга третья. С.-П.; Наука, 1994. გვ. 570.).

[2] თუ „ქარიშხლისა და შეტევის“ პერიოდში (იხ. შემდ. კომ.) ახალგაზრდა გოეთეს შემოქმედებაში („გეც ფონ ბერლიხინგენი“, „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, „პრომეთე“) ჭარბობს მეამბოხე სულისკვეთება, არსებული წესრიგის მიუღებლობა და მისი უარყოფა, გვიანდელ გოეთესთან ჩნდება სინამდვილესთან შერიგების, საკუთარი მისწრაფებებისა და სურვილების ნებაყოფლობითი შეზღუდვის, თვითაღკვეთის მოტივი („ვილჰელმ მაისტერის მგზავრობის წლები“, „ფაუსტი“, „შერჩევითი ნათესაობა“, „მარიენბადის ელეგია“). ადამიანს არ ძალუძს რაიმე უკეთესობისკენ შეცვალოს ამ სამყაროში, ამიტომ მან უარი უნდა თქვას არსებულის გარდაქმნის ამბიციაზე, მიიღოს სინამდვილე ისეთი, როგორიც არის და იპოვოს მასში თავისი ადგილი. „თვითაღკვეთა“ გოეთესთან თავისუფალი ადამიანის შეგნებული არჩევანია, რომლითაც ის მაღლდება თავის თავზე, საკუთარ ვნებებსა და სურვილებზე. თავის ლექციაში „გოეთეს ფილოსოფიის შესახებ“ საინტერესოდ განმარტავს გოეთესეულ „თვითაღკვეთას“ გერმანელი ნეოკანტიანელი ფილოსოფოსი ვილჰელმ ვინდელბანდი (იხ. Виндельбанд В. О философии Гете.).

[3] „ქარიშხალი და შეტევა“ (გერმ.  „Sturm und Drang“) — ლიტერატურული მიმდინარეობა XVIII ს.-ის მეორე ნახევრის (60-80-იანი წწ.) გერმანიაში, რომელიც მესამე წოდების რევოლუციურ და ანტიფეოდალურ მისწრაფებებს გამოხატავდა. მისი წარმომადგენლები იყვნენ გოეთე, იოჰან გოტფრიდ ჰერდერი, ფრიდრიხ კლინგერი, იაკობ ლენცი, იოჰან-იაკობ-ვილჰელმ ჰაინზე, გოტფრიდ ბიურგერი, ჰაინრიხ ლეოპოლდ ვაგნერი, ფრიდრიხ შილერი და სხვები. „ქარიშხლისა და შეტევის“ პერიოდის ლიტერატურა და ხელოვნება წარმოადგენდა რეაქციას კლასიციზმის ესთეტიკური პრინციპების ნორმატიულობასა და დოგმატურობაზე, ბაროკოს მანერულობაზე, განმანათლებლობის ცალმხრივ რაციონალიზმზე, თუმცა კი „შტურმერების“, როგორც ეწოდათ ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებს, აზროვნება მჭიდროდ არის დაკავშირებული განმანათლებლურ მსოფლმხედველობასთან. ისინი მოითხოვდნენ ლიტერატურისგან ძლიერი და განუმეორებელი ხასიათების (ვერთერი, კარლ მოორი, გეცი), ადამიანური გრძნობების რეალისტურ გამოსახვას, ლიტერატურული ფორმის თავისუფლებას. დიდ როლს ასრულებდა მათთან ბუნების იდეალიზაციაც, რაც ჟან-ჟაკ რუსოს გავლენით აიხსენებოდა.

[4] „სინამდვილესთან შერიგება“ ჰეგელთან გულისხმობს გონების შეგუებას ისტორიულად ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წესრიგთან („ფილოსოფიის საბოლოო მიზანი და სწრაფვა არის აზრის, ცნების შერიგება სინამდვილესთან“. იხ. Гегель Г. В. Ф. Лекции по истории философии, книга третья, С.-П.; Наука, 1994. გვ. 566.), რადგან, ჰეგელის ცნობილი ფორმულის მიხედვით, „ყოველივე, რაც ნამდვილია, გონიერია, და ყოველივე, რაც გონიერია, ნამდვილია“. ამ დებულებიდან გამომდინარეობდა ჰეგელის ფილოსოფის კონსერვატორული მხარე, ბურჟუაზიული საზოგადოების, თერმიდორის, ბონაპარტიზმის და პრუსიული მონარქიის გამართლება. ჰეგელის ბევრი მიმდევარი თუ კრიტიკოსი მხოლოდ ამ კონსერვატორულ ასპექტს მიიჩნევდა მისი ფილოსოფიის მთავარ მახასიათებლად. თუმცა პარალელურად არსებობდა მისი ფილოსოფიის და ამ დებულების რევოლუციური ინტერპრეტაციაც, რომელიც თავად ჰეგელის ფილოსოფიიდანვე გამოიყვანება (რუსი ფილოსოფოსი და რევოლუციონერი ა. გერცენი მიიჩნევდა, რომ შესაბამისად გაგებული „ჰეგელის ფილოსოფია რევოლუციის ალგებრაა“. იხ. Герцен А. И. Былое и думы. Л.; Гослитиздат, 1945. გვ. 219.). „კაპიტალის“ პირველი ტომის მეორე გერმანული გამოცემის ბოლოსიტყვაობაში მარქსი საუბრობს ჰეგელის დიალექტიკური მეთოდის კონსერვატორულ და რევოლუციურ თვისებებზე: „თავისი მისტიფიციური ფორმით დიალექტიკა მოდად იქცა გერმანიაში, რადგან ისე ჩანდა, თითქოს იგი არსებულ წესწყობილებას აქებ-ადიდებდა. თავისი რაციონალური სახით დიალექტიკა ბრაზსა ჰგვრის და შიშის ზარსა სცემს ბურჟუაზიას და მის დოქტრინერ-იდეოლოგებს, რადგან არსებულის პოზიტიურ გაგებაში იმავე დროს მას შეაქვს ამ არსებულის უარყოფის, მისი აუცილებელი დაღუპვის გაგებაც“ (იხ. მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. 1. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1963. გვ. 225-206.). მაშასადამე, თეზისი ყოველი არსებულის გონივრულობის შესახებ, თავად ჰეგელის დიალექტიკური მეთოდის საშუალებით, რომლის მიხედვითაც ყველაფერი მუდმივ განვითარებას, ცვალებადობას, გაქრობასა და გაჩენას განიცდის, საპირისპირო შინაარსს იძენს: „ყოველივე, რაც კი არსებობს, დაღუპვის ღირსია“ (იხ. ენგელსი ფ. ლუდვიგ ფოიერბახი და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის დასასრული // მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად. ტ. 2., თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1964.  გვ. 441-442.).

გოეთესა და ჰეგელის მსგავსი დიდი ადამიანების „სინამდვილესთან შერიგებას“, ლიფშიცის და მისი წრის ისეთი წარმომადგენლების მიხედვით, როგორიც არის გეორგ ლუკაჩი, ვერ ავხსნით პიროვნული თვისებებით  — ფილისტერობით, კონფორმიზმითა და მედროვეობით, როგორც თვლიდა ჰეგელის ზოგიერთი თანამედროვე (მაგ., რადიკალი დემოკრატი ლუდვიგ ბერნე); ჰეგელისეულ რეზინიაციას და „ბურჟუაზიული საზოგადოების პროზის“ პროგრესულობის აღიარებას, რომლამდეც ის იაკობინელების მხარდაჭერიდან მივიდა, ღრმა ისტორიული საფუძველი გააჩნდა. ამის მიზეზი გახდა ჰეგელის მიერ იმის გაცნობიერება, რომ ანტიკურობის რესპუბლიკური იდეალი, რომლითაც რადიკალი რევოლუციონერები (სენ-ჟიუსტი, რობესპიერი) მოსავდნენ თავიანთ პოლიტიკას, წარმოადგენდა შირმას, რომლის უკანაც მათი ბრძოლის „ბურჟუაზიულ-შეზღუდული შინაარსი“ (მარქსი) იმალებოდა და რომ სწორედ კაპიტალისტური ეკონომიკური ურთიერთობები, მათი თანმდევი უარყოფითი და მანკიერი მხარეებით — ექსპლუატაციის ახალი და უფრო ბრუტალური ფორმებით, რომლებიც ადამიანებს მანქანის ჩვეულებრივ დანამატად აქცევენ, კლასობრივი ანტაგონიზმებით, მატერიალური სარგებლის კულტად ქცევით, ხელოვნებისა და პოეზიის გარდაუვალი დაქვეითებით, ღირებულებებისა და ზნე-ჩვეულებების დეგრადაციით — წარმოადგენდა ფრანგული რევოლუციის ნამდვილ არსს და არა ანტიკური პოლისისა და რესპუბლიკური რომის დემოკრატიული ტრადიციები (იხ. მარქსი კ. თვრამეტი ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა // მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად. თბილისი, სახელგამი, 1963. ტ. 1. გვ. 269.). ამგვარად, სინამდვილესთან შერიგება ჰეგელთან ნიშნავდა ილუზიებზე უარის თქმას, ისტორიული განვითარების რეალისტურ შეფასებასა და მისი აუცილებლობის აღიარებას. თავის ნაშრომში მარქსის ესთეტიკის შესახებ, ლიფშიცი წერს, რომ ჰეგელის ამ შემობრუნების მთავარი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ „დიდი გერმანელი მოაზროვნე ისწრაფვოდა, გაქცეოდა უძლურ იდეალურობას, რომელიც მხოლოდ შინაგანი კომფორტის მიღწევას ემსახურება და ამიტომ უბადრუკია. მისი ბოლო სიტყვა იყო — სტოიკური შერიგება ნამდვილ სამყაროსთან, ყოველგვარი ილუზიების გარეშე“ (იხ. Лифшиц Мих. Эстетические взгляды Маркса // Лифшиц Мих. Карл Маркс. Искусство и общественный идеал. М.; Художественная литература, 1979. გვ. 64.). ამგვარადვე აფასებს ჰეგელის რეზინიაციას გეორგ ლუკაჩიც, რომლის აზრითაც, ჰეგელის მსოფლმხედველობის ევოლუცია, მიუხედავად გვიანდელ პერიოდში პრუსიული მონარქიის აპოლოგიისა, უდავოდ პროგრესული ნაბიჯი იყო, რადგან „საზოგადოების რეალურ განვითარებასთან ჰეგელის ფილოსოფიურმა შერიგებამ შესაძლებელი გახადა ფილოსოფიის შემდგომი განვითარება — მარქსის მიერ ჰეგელის იდეალიზმთან ბრძოლაში შექმნილი — მატერიალისტური დიალექტიკისკენ“ (იხ. Лукач Г. «Гиперион» Гельдерлина // Лукач Г. К истории реализма. М.; Гослитиздат, 1939. გვ. 42. ).

[5] დეკარტი რ. მსჯელობა მეთოდის შესახებ. მეტაფიზიკური მედიტაციები, თბ., Carpe Diem, 2010. გვ. 46 – 47.

[6] იეჰუები (Yahoo) — ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობის“ IV ნაწილში საძაგელი, ტლანქი და ანგარებიანი ანთროპომორფული არსებების რასა, რომლითაც სვიფტმა შექმნა „ადამიანური ბუნების“, როგორც ის მას ესმოდა, სატირული ხატი.

[7] როგორც ჩანს, იგულისხმება XVII ს.-ის ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია.

[8] ენტონი ეშლი კუპერ შეფტსბერი (1671 – 1713) — ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე და ფილოსოფოსი.

[9] ალეგზანდერ პოუპი (Alexander Pope) (1688 – 1744) — გამოჩენილი ინგლისელი პოეტი.

[10] Pope A. An Essay on Man: Epistle II.

[11] პოლ ანრი ჰოლბახი (1723 – 1789) — ფრანგი მატერიალისტი ფილოსოფოსი, განმანათლებლობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენილი, ენციკლოპედისტი. ჰოლბახის ეთიკური შეხედულებები მატერიალისტურ და ათეისტურ იდეებს ემყარებოდა. ის რადიკალურად აკრიტიკებდა რელიგიურ, კერძოდ, ქრისტიანულ მორალს, რომელიც შუასაუკუნეობრივ-ფეოდალური საზოგადოების ერთ-ერთ დასაყრდენს წარმოადგენდა, როგორც ფარისევლურსა და ადამიანთა დამორჩილებისთვის გამოგონებულს. ქრისტიანული ზნეობა, თავისი ასკეტიზმითა და ადამიანის ვნებებისა და მისწრაფებების შეზღუდვის იმპერატივით, ჰოლბახის მიხედვით, ეწინააღმდეგება „ადამიანური ბუნების“ კანონებს.  თავის ფილოსოფიაში ჰოლბახი ცდილობს „ბუნებითი მორალის“ დაფუძნებას, რომლის პრინციპებიც შესაბამისობაში იქნება „ადამიანის ბუნების“ მიდრეკილებებთან. ჭეშმარიტი მორალი, ჰოლბახის მიხედვით, უნდა ამოდიოდეს არა „ღვთაებრივი“ კანონებიდან, რომლებიც ნაცვლად ადამიანის ზნეობრივი სრულყოფისა, ფეოდალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მანკირებებით რომ ვიმსჯელოთ, პირიქით, რყვნიან მას, არამედ გარემომცველი მატერიალური სამყაროდან, ბუნებიდან და რაციოდან, „ადამიანის ბუნების“ მიდრეკილებებიდან, რომლის ფუნდამენტურ თვისებადაც, ჯონ ლოკის კვალდაკვალ, მას მიაჩნდა პირადი ინტერესი, სწრაფვა პირადი სარგებლისა და საკუთარი კეთილდღეობისკენ. მაგრამ რამდენადაც არსებულ არაგონიერ საზოგადოებაში შეუძლებელია, პირადი და საერთო ჰარმონიულად თანარსებობდეს, უნდა შეიქმნას იმგვარი ცხოვრების პირობები და ინდივიდების აღზრდა-განათლების სისტემა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ადამიანების ისეთ პიროვნებებად ფორმირებას, რომელთაც სურვილები და მიდრეკილებები არ მოვიდოდა წინააღმდეგობაში საზოგადოების სხვა წევრების ინტერესებთან. ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღების“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, ფრანც მოორი, ძალაუფლებას მოწყურებული მაკიაველისტი, რომელიც თავისი ანგარებიანი მიზნების მისაღწევად არაფრის წინაშე არ იხევს უკან, შეგვიძლია, განმანათლებლური მორალის ფილოსოფიის ერთგვარ უტრირებულ კრიტიკად მივიჩნიოთ.

[12] ფ. შილერი, “შებურვილი კერპი საისში” (ხარიტონ ვარდოშვილის თარგმანი). იხ. ბმული: https://presa.ge/ka/10534/page/ 

[13] დიადოხოსები (ძვ. ბერძნ. მემკვიდრეები) — ალექსანდრე მაკედონელის სარდლები, რომლებმაც მისი სიკვდილის შემდეგ იმპერიის შემადგენლობაში მყოფი სახელმწიფოების მმართველობა ჩაიგდეს ხელთ. დიადოხოსებად მოიხსენიებდნენ ჰეგელის მოსწავლეებსა და მიმდევრებს (ფ. შტრაუსი, ბ. და ე. ბაუერები, ა. რუგე, ფ. თ. ფიშერი და სხვ.), რომლებიც საკუთარი ფილოსოფიური განაზრებების ქვაკუთხედად მისი სისტემის სხვადასხვა ასპექტებს (მაგ. სუბსტანციასა და თვითცნობიერებას, როგორც ეს ბრუნო ბაუერისა და ფრიდრიხ შტრაუსის შემთხვევაში იყო) აქცევდნენ. მარქსი და ენგელსი „გერმანულ იდეოლოგიაში“ გამქირდავი ირონიით აღწერენ ამ მოვლენას: „როგორც გერმანელი იდეოლოგები გვაუწყებენ, გერმანიამ უკანასკნელ წლებში უმაგალითო გადატრიალება განიცადა. ჰეგელის სისტემის გახრწნის პროცესი, შტრაუსით დაწყებული, გადაიქცა მსოფლიო დუღილად, რომელმაც მოიცვა ყველა „ძალა წარსულისა“. საყოველთაო ქაოსში წარმოიშვებოდნენ მძლავრი სახელმწიფოები, რათა მაშინვე კვლავ გამქრალიყვნენ, გამოჩნდებოდნენ ერთი წუთით გმირები, რომელთაც უფრო გაბედული და უფრო ძლიერი მეტოქენი კვლავ წყვდიადში აგდებდნენ. ეს იყო რევოლუცია, რომელთან შედარებით საფრანგეთის რევოლუცია მხოლოდ ბავშვურ თამაშს წარმოადგენდა, ეს იყო მსოფლიო ბრძოლა, რომლის წინაშე დიადოხთა ბრძოლა  უმნიშვნელო რამედ გვეჩვენება. გაუგონარი სისწრაფით აძევებდა ერთი პრინციპი მეორეს, ანადგურებდა აზრის ერთი გმირი მეორეს, და სამი წლის მანძილზე — 1842-დან 1845-მდე — გერმანიაში მოხდა უფრო საფუძვლიანი წმენდა, ვიდრე წინათ სამი საუკუნის განმავლობაში“ (იხ. მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად. ტ. 1. თბ., საბჭოთა საქართველო, 1975. გვ.  5.).

[14] ფრიდრიხ თეოდორ ფიშერი (1807 – 1887) — გერმანელი ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი და კრიტიკოსი. “ახალგაზრდა ჰეგელიანელების” მოძრაობის მონაწილე.

[15] ჯიროლამო სავონაროლა (1452 – 1498) — იტალიელი რელიგიური მოღვაწე და საზოგადოებრივი რეფორმატორი, ფლორენციის დომენიკელთა მონასტრის წინამძღოლი, მქადაგებელი, თეოლოგი და პოეტი. უპირისპირდებოდა ოფიციალურ კათოლიკურ ეკლესიას, მოუწოდებდა ასკეტიზმისკენ, ფუფუნებაზე და სიმდიდრეზე უარის თქმისკენ. სავონაროლა უარყოფდა იმ დროის ჰუმანისტურ კულტურას, მისი ეპიკურეული და ელიტური ხასიათის გამო. სიცოცხლის ბოლოს სავონაროლა ეკლესიიდან განკვეთეს და  კოცონზე დაწვით დასაჯეს.

[16] გრაკქუს ბაბეფი (ნამდვილი სახელი ფრანსუა-ნოელ) (1760 – 1797) — ფრანგი უტოპისტი-კომუნისტი რევოლუციონერი და პუბლიცისტი. საფრანგეთის რევოლუციის უკიდურესად მემარცხენე ფრთის ლიდერი. ოპოზიციაში ედგა იაკობინელებს, რადგან ამ უკანასკნელთა პოლიტიკას არასაკმარისად რევოლუციურად მიიჩნევდა, რის გამოც იაკობინურ ხელისუფლებას ის დატუსაღებული ჰყავდა. თერმიდორის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლებული, ბაბეფი თანამოაზრეებთან ერთად აფუძნებს შეთქმულთა ორგანიზაციას („საზოგადოებრივი ხსნის დირექტორია“, მოგვიანებით „საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი“ ეწოდა), რომელიც მიზნად ისახავდა რევოლუციის გაგრძელებას, არსებული წესრიგის ძალადობრივ დამხობას, კერძო საკუთრებისა და ფულის გაუქმებას და ყველა ადამიანის რეალურ თანასწორობაზე (რაც ფორმალურად გამოცხადებული იყო „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში“) დაფუძნებული საზოგადოების დამყარებას. 1796 წელს შეთქმულება (ისტორიოგრაფიაში მას „თანასწორთა შეთქმულების“ სახელით მოიხსენიებენ) გამოააშკარავეს, მის ლიდერებს — ბაბეფსა და დარტეს — გილიოტინაზე სიკვდილი მიუსაჯეს, ხოლო დანარჩენებს — გადასახლება.  ბაბუვისტები, გრაკქუს ბაბეფის საპატივცემულოდ, კომუნისტური იდეების მიმდრევრებსა და შეთქმულების გზით რევოლუციის მოხდენის ტაქტიკის მომხრეებს დაერქვათ.

[17] ეს სიტყვები „თანასწორთა შეთქმულების“ ერთ-ერთ მონაწილეს, ფრანგ ფილოსოფოსს, რევოლუციონერსა და პოეტს, პიერ სილვენ მარეშალს (1750 – 1803) ეკუთვნის და გამოთქმულია მარეშალის მიერ დაწერილ “თანასწორთა მანიფესტში” (Le Manifeste des Egaux) (იხ. Манифест равных // Буонарроти Ф. Заговор во имя равенства. Т. 2. М.-Л., б. г., с. 142), რომელიც ბაბუვისტების ორგანიზაციის, “საზოგადოებრივი ხნის საიდუმლო დირექტორიის” საპროგრამო დოკუმენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა, “თანასწორთა შეთქმულების” მონაწილისა და მისი პირველი ისტორიკოსის, ფილოპო ბუონაროტის ცნობით, სწორედ ამ სიტყვების გამო დაიწუნა ორგანიზაციამ მარეშალის მანიფესტი და არ ჩათვალა საჭიროდ მისი გასაჯაროება (იხ. Буонарроти Ф. Указ. соч. Т. 1. с. 190.).

[18] იხ. ენგელსი. ფ. გლეხთა ომი გერმანიაში. თბილისი, სახელგამი, 1956. გვ 61.

[19] ჯამბატისტა ვიკო (1668 – 1744) — იტალიელი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი. ვიკოს შესახებ იხ. Лифшиц Мих. Джамбаттиста Вико // Лифшиц Мих. Собрание сочинений в трех томах, М.; «Изобразительное искусство», 1986,  т. 2, с. 4-57.

[20] ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობაში“ მფრინავ კუნძულ ლაპუტაზე ძირითადად სახლობენ ხელოვანები და მეცნიერები, ხოლო დანარჩენ მოსახლეობას მათი მსახურები შეადგენენ. ეს ფანტასტიკური სახე პრაქტიკული ცხოვრებისგან განყენებული მეცნიერების და ხელოვნების ალეგორიაა.

[21] ემელიან პუგაჩოვი (1742 – 1775) — 1773-1775 წწ. რუსეთის გლეხთა ომის წინამძღოლი.

[22] გეორგ მორიც ლოვიცი (1722-1774) — გერმანელი და რუსი მეცნიერი, მათემატიკოსი, ასტრონომი და გეოგრაფი. 1774 წელს, ექსპედიაციაში ყოფნის დროს, ის პუგაჩოვის არმიამ აიყვანა ტყვედ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რომელსაც პუშკინის „პუგაჩოვის ჯანყის ისტორიაში“ ვხვდებით, ასტრონომი პუგაჩოვის ბრძანებით ჩამოახრჩვეს.

[23] ანტუან ლავუაზიე (1743 – 1794) — გამოჩენილი ფრანგი ბუნებისმეცნიერი, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი. თაღლითობისა და ფალსიფიცირებული თამბაქოთი ვაჭრობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. ლავუაზიე განმანათლებლური მატერიალიზმის იდეებს იზიარებდა.

[24] ჯოზეფ პრისტლი (1733 – 1804) — გამოჩენილი ინგლისელი ქიმიკოსი და ფილოსოფოსი, ჟანგბადის აღმომჩენი. ფილოსოფიაში პრისტლი დეისტური მატერიალიზმის პრინციპებზე იდგა.

[25] თომას მიუნცერი (1490 – 1525) — გერმანელი თეოლოგი და მქადაგებელი, რეფორმაციის სახალხო მოძრაობის იდეოლოგი და წინამძღოლი. მიუნცერისა და გლეხთა მოძრაობის შესახებ იხ. ენგელსი. ფ. გლეხთა ომი გერმანიაში. თბილისი, სახელგამი, 1956.

[26] იხ. კომ. 16.                             

[27] ჰაინრიხ ჰაინეს 1843 წელს გამოქვეყნებულ ფანტასტიკურ პოემაში „ატტა ტროლი“ მთავარი გმირი სანკიულოტი დათვია, რომელიც უჯანყდება ადამიანური საზოგადოების ღირებულებებსა და კანონებს და „ცხოველური სამართლიანობის“ დამყარება სურს. ეს პოემა ჰაინეს თანამედროვეებმა აღიქვეს, როგორც პოეტის ანტისახალხო შეხედულებების მანიფესტაცია. რუსი ფილოსოფოსის, ხელოვნებათმცოდნისა და ლიტერატურული კრიტიკოსის ვ. არსლანოვის აზრით, „სანკიულოტი დათვის, ატტა ტროლის, სახე… წარმოადგენდა იმ დემოკრატიის სატირულ გამოსახვას, რომელსაც მოგვიანებით „ვულგარული“ ეწოდა“ (Арсланов В. Третий путь Андрея Платонова. Поэтика. Философия. Миф. С.-П., «Владимир Даль», 2019. გვ. 16.). ჰაინეს პოემის სატირა, სინამდვილეში, მიმართული იყო იმ უკიდურესობებისა და ექსცესების, — ცივილიზაციის, ხელოვნებისა და კულტურის უარყოფის, ტლანქი გამთანაბრებლობის, ადამიანის ინდივიდუალობისა და ნიჭის უგულებელყოფის, — წინააღმდეგ, რომელიც დამახასიათებელი იყო ადრეულ პერიოდში პლებსის რევოლუციური მოძრაობებისთვისა და თეორიული დოქტრინებისთვის. საკუთრივ ამ ტენდენციების გამო აკრიტიკებს მარქსი თავის „ეკონომიკურ-ფილოსოფიურ ხელნაწერებში“ უტოპირ კომუნიზმს (იხ. Маркс К. Экономическо-философские рукописи // Маркс К. и Энгельс Ф.  Из ранних произведений. М.; Государственное издательство политической литературы, 1956. გვ. 586. ).

[28]  საგულისხმოა მარქსის თანამედროვის,  რუსი კრიტიკოსისა და მემუარისტის, პაველ ანენკოვის მიერ თავის მოგონებებში მოთხრობილი ეპიზოდი, რომელიც ასახავს მარქსისა და ენგელსის დაპირისპირებას იმ დროის კომუნისტურ მოძრაობაში გავრცელებულ „ანტიინტელექტუალიზმთან“ და მეცნიერებისადმი მტრულ დამოკიდებულებასთან. „კომუნისტთა კავშირის“ წევრების შეკრებაზე, რომელშიც უტოპიური-კომუნიზმის ცნობილი წარმომადგენელი, გერმანელი თერძი, ვილჰელმ ვაიტლინგიც მონაწილეობდა, მარქსი და ენგელსი უხსნიან დამსწრეებს, რომ კომუნისტებს ესაჭიროებათ ერთიანი და მწყობრი მეცნიერული დოქტრინა, რომელიც გააერთიანებდა მშრომელთა გათავისუფლებისთვის მერბძოლებს და მათ საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდიდა. მარქსის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რას ემყარება ვაიტლინგის — ცნობილი ორატორის, რომლის გამოსვლებიც უდიდეს ზეგავლენას ახდენდა მუშებისა და ხელოსნებისგან შემდგარ აუდიტორიაზე — მოქმედებები და რას უნდა დაეფუძნოს ისინი მომავალში, ვაიტლინგი პასუხობს, რომ მისი მიზანი სულაც არ არის ეკონომიკური თეორიებს შემუშავება, რომ მიზნის მისაღწევად საკმარისია, თვალი ავუხილოთ მუშებს თავიანთ მდგომარეობაზე და სხვადასხვა რევოლუციურ საზოგადოებებში გაწევრიანებისკენ ვუბიძგოთ. ვაიტლინგის გამოსვლას მარქსმა მწვავე კრიტიკით უპასუხა: „… მიმართო მშრომელს მკაცრად მეცნიერული თეორიისა და პოზიტიური სწავლების გარეშე, მქადაგებლობანას ცარიელი და უპატიოსნო თამაშია, რომლის დროსაც, ერთი მხრივ, ნაგულისხმევია შთაგონებული წინასწარმეტყველი, ხოლო მეორე მხრივ — ვირები, რომლებიც პირდაფჩენილნი უსმენენ… ადამიანებს, რომელთაც არ გააჩნიათ პოზიტიური დოქტრინა, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და აქამდეც არაფერი გაუკეთებიათ, გარდა ხმაურისა, მავნე აფეთქებებისა და თავად იმ საქმის დაღუპვისა, რომელსაც ხელი მოჰკიდეს“. აღელვებული ვაიტლინგის შეპასუხებას, რომ მას, ადამიანს, რომელმაც ასობით მშრომელი დარაზმა სამართლიანობისთვის, სოლიდარობისთვის და ძმური სიყვარულისთვის საბრძოლველად, რომელსაც მადლიერებით აღსავსე წერილებს სწერენ გერმანიის სხვადასხვა კუთხიდან, თავისი აგიტატორული და საორგანიზაციო მუშაობა ჰგონია „გაცილებით მნიშვნელოვანი საერთო საქმისთვის, ვიდრე საზოგადოების ტანჯვისგან და ხალხის გაჭირვებისგან განყენებული დოქტრინების კრიტიკა და კაბინეტის ანალიზები“, მოჰყვა მარქსის ცნობილი სიტყვები: „უმეცრება ჯერ არასდროს არავის დახმარებია!“ (იხ. Анненков П. Из очерка «Замечательное десятилетие» // Они встречались с Марксом. Воспоминания русских общественных деятелей. Государственное издательство политической литературы, М., 1958. გვ. 6-8.).

[29]ალიგიერი დ. ღვთაებრივი კომედია. თბ., პალიტრა L., 2012. გვ. 113.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *