ვლადიმირ ლენინი – მარქსიზმი და აჯანყება

წერილი რსდმპ (ბ)-ის ცენტრალურ კომიტეტს

გაბატონებული „სოციალისტური“ პარტიების მხრივ მარქსიზმის ყველაზე უბოროტეს და თითქმის ყველაზე უფრო გავრცელებულ დამახინჯებათა რიცხვს ეკუთვნის ოპორტუნისტული სიცრუე, თითქოს აჯანყების მომზადება, საერთოდ დამოკიდებულება აჯანყებისადმი, როგორც ხელოვნებისადმი, „ბლანკიზმი“[I] იყოს.

ოპორტუნიზმის ბელადმა, ბერნშტეინმა[II], უკვე მოიხვეჭა სავალალო სახელი მარქსიზმისათვის ბლანკიზმის დაბრალებით, და ახლანდელი ოპორტუნისტებიც არსებითად იოტისოდენადაც ვერ ანახლებენ და ვერ „ამდიდრებენ“ ბერნშტეინის უბადრუკ „იდეებს“, როცა ბლანკიზმზე გაჰკივიან.

მარქსისტებს ბლანკიზმი დააბრალო აჯანყებისადმი, როგორც ხელოვნებისადმი, დამოკიდებულებისათვის! განა შეიძლება ამაზე უფრო აღმაშფოთებელი დამახინჯება ჭეშმარიტებისა, როცა ვერც ერთი მარქსისტი იმის უარს ვერ იტყვის, რომ სწორედ მარქსმა უაღრესად გარკვეულად, ზუსტად და უცილობლად გამოთქვა თავისი აზრი ამის შესახებ, როცა აჯანყებას უწოდა სწორედ ხელოვნება, როცა თქვა, აჯანყებას ისე უნდა მოეპყრა, როგორც ხელოვნებას, ბრძოლით უნდა მოიპოვო პირველი წარმატება და წარმატებიდან წარმატებისაკენ უნდა ისწრაფოდე, არ უნდა შეწყვიტო მტერზე შეტევა, უნდა ისარგებლო მისი დაბნეულობითო და სხვ. და სხვ.

აჯანყებას რომ წარმატება ჰქონდეს, იგი უნდა ეყრდნობოდეს არა შეთქმულებას, არა პარტიას, არამედ მოწინავე კლასს. ეს — ერთი. აჯანყება უნდა ეყრდნობოდეს ხალხის რევოლუციურ აღმავლობას. ეს — მეორე. აჯანყება უნდა ეყრდნობოდეს ისეთ გარდატეხის პუნქტს მზარდი რევოლუციის ისტორიაში, როცა ხალხის მოწინავე რიგების აქტიურობა უაღრესად დიდია, როცა უაღრესად ძლიერია მერყეობა მტრების რიგებში და რევოლუციის სუსტი, ორჭოფი, გაუბედავმეგობრების რიგებში. ეს — მესამე. აჯანყების საკითხის დაყენების სწორედ აი ამ სამი პირობით განსხვავდება მარქსიზმი ბლანკიზმისაგან.

მაგრამ რაკი ეს პირობები არსებობს, აჯანყებისადმი, როგორც ხელოვნებისადმი, დამოკიდებულებაზე უარისთქმა ნიშნავს უღალატო მარქსიზმს, უღალატო რევოლუციას.

იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ სწორედ დღევანდელი მომენტი უნდა იქნეს ასეთად ცნობილი, როცა პარტიისათვის სავალდებულოა აღიაროს, რომ აჯანყება ობიექტურ მოვლენათა მსვლელობით დღის წესრიგშია დასმული და აჯანყებას მოეპყრას, როგორც ხელოვნებას, ამის დასამტკიცებლად, შეიძლება, უკეთესი იყოს შედარების მეთოდი ვიხმაროთ და 3 — 4 ივლისი დავუპირისპიროთ  სექტემბრის დღეებს.

3 — 4 ივლისს შეიძლებოდა, და ამით არც ჭეშმარიტებას ვუღალატებდით, ასე დაგვესვა საკითხი: უფრო სწორი იქნებოდა აგვეღო ხელისუფლება, თორემ სულ ერთია, მტრები აჯანყებას დაგვაბრალებენ და ისე გაგვისწორდებიან, როგორც აჯანყებულთ. მაგრამ აქედან არ შეიძლებოდა დასკვნის გამოყვანა ხელისუფლების აღების სასარგებლოდ მაშინ, ვინაიდან აჯანყების გამარჯვებისათვის ობიექტური პირობები მაშინ არ იყო.

1) ჯერ კიდევ არ იყო ჩვენს მხარეზე ის კლასი, რომელიც რევოლუციის ავანგარდს წარმოადგენს.

ჯერ კიდევ არ გვყავდა უმრავლესობა დედაქალაქების მუშათა და ჯარისკაცთა შორის. ახლა იგი გვყავს ორივე საბჭოში. იგი შექმნა მხოლოდ ივლისისა და აგვისტოს ისტორიამ, ბოლშევიკებთან „ანგარიშის გასწორების“ გამოცდილებამ და კორნილოველობის[III] გამოცდილებამ.

2) არ იყო მაშინ საყოველთაო-სახალხო რევოლუციური აღმავლობა. ახლა იგი არის კორნილოველობის შემდეგ. ამას ამტკიცებს პროვინცია და ბევრ ადგილას საბჭოების მიერ ხელისუფლების აღება.

3) არ იყო მაშინ მერყეობა, სერიოზული საერთო პოლიტიკური მასშტაბით, ჩვენს მტრებს შორის და ორჭოფი წვრილი ბურჟუაზიის რიგებში. ახლა მერყეობა გიგანტურია: ჩვენი მთავარი მტერი, მოკავშირეთა და მსოფლიო იმპერიალიზმი, რადგან „მოკავშირენი“ უდგანან სათავეში მსოფლიო იმპერიალიზმს, ყოყმანობს გამარჯვებამდე ომის განგრძობასა და რუსეთის წინააღმდეგ სეპარატულ ზავს შუა. ჩვენმა წვრილბურჟუაზიულმა დემოკრატებმა, რაკი აშკარად დაჰკარგეს ხალხის უმრავლესობა, იწყეს უდიდესი ყოყმანი და უარი თქვეს ბლოკზე, ე. ი. კოალიციაზე, კადეტებთან.

4) ამიტომ 3—4 ივლისს აჯანყება შეცდომა იქნებოდა: ჩვენ ხელისუფლებას ვერ შევინარჩუნებდით ვერც ფიზიკურად, ვერც პოლიტიკურად. ფიზიკურად — მიუხედავად იმისა, რომ პიტერი ხანდახან ჩვენს ხელში იყო ხოლმე, რადგან პიტერის ხელში ჩასაგდებად ბრძოლას და სიკვდილს ჩვენივე მუშები და ჯარისკაცები მაშინ არ ინდომებდნენ: არ იყო ისეთი „გამხეცება“, ისეთი ცხარე ზიზდი როგორც კერენსკებისადმი, ისე წერეთლებისა და ჩერნოვებისადმი, ჩვენები ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოწრთობილნი ესერებისა და მენშევიკების მონაწილეობით ბოლშევიკების დევნის გამოცდილებით.

პოლიტიკურად ჩვენ 3—4 ივლისს ხელისუფლებას ვერ შევინარჩუნებდით, რადგან არმიასა და პროვინციას, კორნილოველობამდე, შეეძლო გაელაშქრნა და კიდეც გაილაშქრებდა პიტერზე.

ახლა კი სურათი სულ სხვანაირია.

ჩვენს მხარეზეა კლასის, რევოლუციის ავანგარდის, ხალხის ავანგარდის უმრავლესობა, რომელსაც უნარი შესწევს გაიყოლიოს მასები.

ჩვენს მხარეზეა ხალხის უმრავლესობა, რადგან ჩერნოვის წასვლა თუმცა არა ერთადერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი, უთვალსაჩინოესი ნიშანია იმისა, რომ გლეხობა ესერების ბლოკისაგან (და თვით ესერებისგანაც) მიწას ვერ  მიიღებს. ხოლო რევოლუციის საყოველთაო-სახალხო ხასიათის დედააზრიც სწორედ ამაშია.

ჩვენს მხარეზეა ხელსაყრელი მდგომარეობა პარტიისა, რომელმაც მტკიცედ იცის თავისი გზა, მაშინ როდესაც გაუგონრად მერყეობს. როგორც მთელი  იმპერიალიზმი, ისე მენშევიკებისა და ესერების მთელი ბლოკი.

ჩვენსკენაა უეჭველი  გამარჯვება, რადგან ხალხი მთლად სასოწარკვეთილებამდეა მისული, ჩვენ კი მთელ ხალხს ნამდვილ გამოსავალს ვუჩვენებთ, რაკი დავანახვეთ მთელ ხალხს ჩვენი ხელმძღვანელობის მნიშვნელობა „კორნილოვის დღეებში“, შემდეგ რაკი ბლოკისტებს კომპრომისი შევთავაზეთ და უარი მივიღეთ მათგან იმდროს, როცა მერყეობა სრულიად არ წყდებოდა მათი მხრივ.

უდიდესი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს ჩვენი წინადადება კომპრომისისა ჯერ   კიდევ  უარყოფილი არ იყოს, თითქოს „დემოკრატიულ თათბირს“ კიდევ შეეძლოს მისი მიღება. კომპრომისის წინადადებას აძლევდა პარტია პარტიებს; სხვანაირად არც შეიძლებოდა ამ წინადადების მიცემა. პარტიებმა უარყვეს იგი. დემოკრატიული თათბირი მხოლოდ თათბირია, და მეტი არაფერი. ერთი რამ არ უნდა დავივიწყოთ: მასში წარმოდგენილი არ არის რევოლუციური ხალხის უმრავლესობა, უღარიბესი და გაბოროტებული გლეხობა. ეს არის ხალხის უმცირესობის თათბირი — ამ ცხადი ჭეშმარიტების დავიწყება არ შეიძლება. უდიდესი შეცდომა, უდიდესი პარლამენტური კრეტინიზმი იქნებოდა ჩვენი მხრივ, დემოკრატიულ თათბირს ისე მოვეპყრათ, როგორც პარლამენტს, ვინაიდან თუნდაც მან რევოლუციის პარლამენტად და სუვერენულ პარლამენტად გამოაცხადოს თავი, სულ ერთია იგი ვერაფერს ვერ   წყვეტს: გადაწყვეტა მის   გარეთ  ხდება, პიტერისა და მოსკოვის მუშათა უბნებში.

ჩვენს წინაშე ყველა ობიექტური წანამძღვარი საიმისოდ, რომ აჯანყებას წარმატება ექნება. ჩვენს წინაშეა — მდგომარეობის განსაკუთრებული ხელსაყრელობა, როცა  მხოლოდ ჩვენი გამარჯვება აჯანყებაში ბოლოს მოუღებს ხალხის მტანჯველ მერყეობას, ამ უსაშინელეს წამებას ქვეყნად; როცა მხოლოდ ჩვენი   გამარჯვება აჯანყებაში ჩაფუშავს სეპარატული ზავის თამაშობიას რევოლუციის წინააღმდეგ, ჩაფუშავს იმით, რომ აშკარად წამოაყენებს უფრო სრულ, უფრო სამართლიან, უფრო ახლობელ ზავს, ზავს რევოლუციის სასარგებლოდ.

დასასრულ, მხოლოდ ჩვენს პარტიას შეუძლია, აჯანყებაში გამარჯვებით, იხსნას პიტერი, ვინაიდან, თუ ჩვენი ზავის წინადადება უარყოფილ იქნება და დროებითს ზავსაც კი ვერ მივიღებთ, მაშინ ჩვენ  ვხდებით „ობორონცები“[IV], მაშინ ჩვენ სათავეში ვუდგებით სამხედრო   პარტიებს, ჩვენ უაღრესად   „სამხედრო“ პარტია გავხდებით და მართლაც რევოლუციურად წარვმართავთ ომს. ჩვენ მთელ პურსა და ჩექმებს წავართმევთ კაპიტალისტებს. მათ მხოლოდ ნამცეცებს დავუტოვებთ, ქალამნებს ჩავაცმვთ, მთელ პურსა და ფეხსაცმელს ფრონტს მივცემთ.

და მაშინ ჩვენ შევინარჩუნებთ პიტერს.

ნამდვილი რევოლუციური ომის რესურსები, როგორც მატერიალური, ისე სულიერი, რუსეთში ჯერ კიდევ განუზომლად დიდია; 100-დან 99 შანსი იმისკენაა, რომ გერმანელები დროებითს ზავს მაინც მოგვცემენ. ხოლო დროებითი ზავის მიღება ახლა — ეს უკვე მთელს   მსოფლიოზე  გამარჯვებას ნიშნავს.

***

რაკი პიტერისა და მოსკოვის აჯანყების უეჭველ საჭიროებას შევიგნებთ რევოლუციის ხსნისათვის და იმისათვის, რომ რუსეთი ვიხსნათ ორივე კოალიციის იმპერიალისტების მიერ „სეპარატული“ გაყოფისაგან, ჩვენ, ჯერ-ერთი, ჩვენი პოლიტიკური ტაქტიკა თათბირზე უნდა შევუფარდოთ მზარდი აჯანყების პირობებს; მეორე, უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ მარტო სიტყვით როდი გვწამს მარქსის აზრი იმის შესახებ, რომ აჯანყებას უნდა მოვეპყრათ, როგორც ხელოვნებას.

თათბირზე ჩვენ დაუყოვნელივ უნდა შევამჭიდროოთ ბოლშევიკების ფრაქცია, არ უნდა გამოვედევნოთ რაოდენობას, არ უნდა შევუშინდეთ მერყევების ისევ მერყევთა ბანაკში დატოვებას: რევოლუციის საქმისათვის ისინი  იქ  უფრო სასარგებლონი არიან, ვიდრე შეუპავარ და თავდადებულ მებრძოლთა ბანაკში.

ჩვენ უნდა შევადგინოთ ბოლშევიკების მოკლე დეკლარაცია და მთელი სისასტიკით გავუსვათ ხაზი გრძელი სიტყვების წარმოთქმის უადგილობას, საერთოდ „სიტყვების“ უადგილობას, დაუყოვნებლივი მოქმედების საჭიროებას რევოლუციის ხსნისათვის, ბურჟუაზიასთან სრული კავშირის გაწყვეტის აბსოლუტურ აუცილებლობას, მთელი ახლანდელი მთავრობის სავსებით გადაყენებას, სრული კავშირის გაწყვეტას ინგლის-საფრანგეთის იმპერიალისტებთან, რომლებიც რუსეთის „სეპარატულ“ გაყოფას ამზადებენ, მთელი ძალაუფლების დაუყოვნებლივ გადასვლის აუცილებლობას რევოლუციური   დემოკრატიის  ხელში,  რომელსაც რევოლუციური    პროლეტარიატი   მეთაურობს.

ჩვენი დეკლარაცია უნდა იყოს ამ დასკვნის მეტად მოკლე და მკვეთრი ფორმულირება პროგრამულ პროექტებთან დაკავშირებით: ზავი ხალხებს, მიწა გლეხებს, სამარცხვინო მოგებათა კონფისკაცია და კაპიტალისტების მიერ წარმოების სამარცხვინო გაფუჭების აღკვეთა.

რაც უფრო მოკლე, რაც უფრო მკვეთრი იქნება დეკლარაცია, მით უკეთესია. ოღონდ მასში ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი მუხლი: ხალხი დაიტანჯა მერყეობით, ხალხი გაწამებულია ესერებისა და მენშევიკების გაუბედაობით; ჩვენ საბოლოოდ ვწყვეტთ კავშირს ამ პარტიებთან, რადგან მათ უღალატეს რევოლუციას.

და მეორეც: რაკი ახლავე ვიძლევით უანექსიო ზავის წინადადებას, რაკი ახლავე ვწყვეტთ კავშირს მოკავშირე იმპერიალისტებთან და ყოველგვარ იმპერიალისტებთან, ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღებთ ან დროებითს ზავს, ან მთელი რევოლუციური პროლეტარიატის გადასვლას თავდაცვის მხარეზე და მისი ხელმძღვანელობით რევოლუციური დემოკრატიის მიერ ნამდვილად სამართლიანი, ნამდვილად რევოლუციური ომის წარმართვას.

როცა ამ დეკლარაციას წავიკითხავთ, როდესაც მოვუწოდებთ გადაწყვიტონ, და არა ილაპარაკონ, იმოქმედონ, და არა რეზოლუციები წერონ, ჩვენ მთელი ჩვენი ფრაქცია ქარხნებისა და ყაზარმებისკენ უნდა დავძრათ: იქ არის მისი ადგილი, იქ არის ცხოვრების ძარღვი, იქ არის რევოლუციის ხსნის წყარო, იქ არის დემოკრატიული თათბირის მამოძრავებელი ძალა.

იქ წარმოთქმულ მხურვალე, მგზავნებარე სიტყვებში უნდა გავმარტოთ ჩვენი პროგრამა და დავსვათ საკითხი ასე: ან სავსებით მისი მიღება თათბირის მიერ, ან აჯანყება. შუათანა რამ არ არსებობს. ლოდინი შეუძლებელია. რევოლუცია დაიღუპება[V].

როცა საკითხს ასე დავსვამთ, როცა მთელ ფრაქციას ქარხნებსა და ყაზარმებში მოვუყრით თავს, ჩვენ სწორად გავითვალისწინებთ მომენტს აჯანყების დასაწყებად.

ხოლო აჯანყებას რომ მოვეპყრათ მარქსისტულად, ე.ი. როგორც ხელოვნებას, ჩვენ იმავე დროს, ერთი წუთის დაუკარგავად, უნდა მოვაწყოთ აჯანყებულთა რაზმების შტაბი, გავანაწილოთ ძალები, დავძრათ ერთგული პოლკები უმნიშვნელოვანესი პუნქტებისკენ, ალყა შემოვარტყათ ალექსანდრინკას, დავიკავოთ პეტროპავლოვკა[VI], დავაპატიმროთ გენერალური შტაბი და მთავრობა, იუნკრებისა და ველური დივიზიის წინააღმდეგ გავგზავნოთ ისეთი რაზმები, რომლებიც სიკვდილს ირჩევენ და მტერს კი საშუალებას არ მისცემენ ქალაქის ცენტრებისაკენ დაიძრას; ჩვენ მობილიზაცია უნდა გავუკეთოთ შეიარაღებულ მუშებს, მოვუწოდოთ მათ თავდადებული უკანასკნელი ბრძოლისაკენ, ერთბაშად დავიკავოთ ტელეგრაფი და ტელეფონი, აჯანყების   ჩვენი   შტაბი მოვათავსოთ ცენტრალურ სატელეფონო სადგურთან, დავუკავშიროთ მას ტელეფონით ყველა ქარხანა, ყველა პოლკი, შეიარაღებული ბრძოლის ყველა პუნქტი და სხვ.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, მაგალითისათვისაა, მხოლოდ იმის  საილუსტრაციოდ, რომ არ შეიძლება დღევანდელ მომენტში მარქსიზმის ერთგული, რევოლუციის ერთგული დარჩე, თუ  აჯანყებას   არ   მოეპყარი,  როგორც   ხელოვნებას.

 

დაწერილია 1917 წ. 13-14 (26-27) სექტემბერს

პირველად დაიბეჭდა 1921 წელს ჟურნალში „პროლეტარსკაია რევოლუცია“ N2

იბეჭდება ჟურნალის ტექსტის მიხედვით, შედარებულია საწერ მაგიდაზე გადაბეჭდილ ასლთან


ლენინი ვ. ი. თხზულებანი, ტომი 26, გამოცემა მეოთხე. სახელგამი, 1952.

რედაქციის კომენტარები


[I] ოგიუსტ ბლანკი (1805 – 1881) — ფრანგი რევოლუციონერი, სოციალისტი. ბლანკის მსოფლმხედველობა მატერიალისტი ენციკლოპედისტების, იაკობინელების, ბაბუვიზმისა და სენსიმონიზმის გავლენით ჩამოყალიბდა 1830-იან წლებში. სწავლობდა იურისპრუდენციას, სტუდენტობიდანვე დაუხლოვდა რევოლუციურ ჯგუფებს, კარბონართა საიდუმლო საზოგადოებებს, რამდენიმეჯერ დაიჭრა ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1830 წლის ივლისის რევოლუციაში, იბრძოდა ბარიკადებზე, თუმცა ბურბონთა რესტავრირებული მონარქიის დამხობის შედეგად დამყარებული რეჟიმით — ლუი ფილიპეს ბურჟუაზიული მონარქიით — უკმაყოფილო, წევრიანდება რესპუბლიკურ საზოგადოებაში „ხალხის მეგობრები“, რომლის საქმიანობის გამოც 1831 წელს აკავებენ და სასამართლოს პროცესის გადაწყვეტილებით 1832 წელს 1-წლიან პატიმრობას უსჯიან. 1934 წელს ბლანკი აარსებს საიდუმლო საზოგადოებას “ოჯახების კავშირი”. 1836 წელს ბლანკისა და მის თანამებრძოლებს დენთის უკანანო დამზადების გამო აპატიმრებენ. 1837 წელს შეწყალებით გათავისუფლებული, ბლანკი ხდება „წელიწადის დროების საზოგადოების“ ერთ-ერთი ლიდერი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს 1839 წლის 12 მაისის აჯანყებაში. ხელისუფლების მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1840 წლის 31 იანვარს, ბლანკის სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა მეფის გადაწყვეტილებით სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 1844 წელს, სან-მიშელის საპყრობილეში არსებულ მძიმე პირობებში მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მთავრობა ბლანკის შეწყალებას გადაწყვეტს, მაგრამ ბლანკი უარს ამბობს შეწყალებაზე. 1848 წლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის დასაწყისში ბლანკიმ დატოვა ციხე. იგი ერთვება პოლიტიკურ მოვლენებში, ცდილობს გავლენა მოახდინოს რევოლუციის მსვლელობაზე, ასაბუთებს ბურჟუაზიული რევოლუციის სამფეროვანი დროშის წითელი დროშით ჩანაცვლების აუცილებლობას, მალევე აფუძნებს „ცენტრალურ რესპუბლიკურ საზოგადოებას“, ლეგალურ პოლიტიკურ კლუბს და გარკვეული კორექტივები შეაქვს თავის ტაქტიკაში, კერძოდ, განსხვავებით წინამორბედი პერიოდისაგან, აღიარებს რევოლუციის გამარჯვებისათვის სახალხო მასების პოლიტიკური აქტივობის საჭიროების მნიშვნელობას. თუმცა 15 მაისის დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, რომლებიც დამფუძნებელი კრების წინააღმდეგ იყო მიმართული,  ბლანკის კვლავ აკავებენ და 1849 წელს 10 წლიან პატიმრობას უსჯიან. 1859  წელს, საპყრობილეში 11 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, ბლანკი გათავისუფლდა, მაგრამ 1861 წელს, საიდუმლო საზოგადოების ხელომძღვანელობის გამო, კვლავ ციხეში დაბრუნება მოუწია 4 წლით (1865 წელს ის გაიქცა ციხიდან). 1865 წლიდან ცხოვრობდა ლონდონსა და ბრიუსელში, ხელმძღვანელობდა ამ პერიოდშივე დაარსებულ ბლანკისტების პარტიას. დიდ როლს ასრულებდა 1870 წლისა და 1871 წლის მასების რევოლუციურ გამოსვლებში, თუმცა პარიზის კომუნის დაარსების დროს ბლანკი, ბლანკისტების მიერ 1870 წლის 31 ოქტომბერსა და 1971 წლის 29 იანვარს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობებში მონაწილეობის გამო, ციხეში იმყოფებოდა და კომუნარების (რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ბლანკისტი იყო) ყველა მცდელობა, გაეცვალათ იგი გავლენიან სამხედროებსა თუ სასულიერო პირებზე, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ვერსალის ხელისუფლება ხვდებოდა, რომ ბლანკის, გამოცდილი და ავტორიტეტული რევოლუციონერის, გათავისუფლება კომუნის გამარჯვების საწინდარი შეიძლებოდა გამხდარიყო. 1872 წელს ბლანკის ვერსალის სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 1979 წლის გაზაფხულზე ბლანკი ეროვნული კრების დეპუტატად აირჩიეს და რამდენიმე თვეში მან საპყრობილეც დატოვა. იგი 1881 წელს გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ბლანკი უპირატესად პრაქტიკოსი-რევოლუციონერი იყო, იგი აგრეთვე თეორიული და პუბლიცისტური ტექსტების ავტორიც არის. ბლანკის რევოლუციურ ტაქტიკას, რომელიც პროფესიონალ რევოლუციონერთა რაზმის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის საშუალებით ძალაუფლების დაპყრობასა და შემდეგ რევოლუციური დიქტატურის დამყარებაზეა ორიენტირებული, „ბლანკიზმი“ ეწოდება. ბლანკიზმისადმი მარქსისა და ენგელსის დამოკიდებულება არ ყოფილა ცალსახა. ისინი პატივს სცემდნენ ბლანკის, როგორც გამოჩენილ პიროვნებას, მტკიცე, გამოცდილ და იდეებისადმი ერთგულ რევოლუციონერს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ევროპის კომუნისტური მოძრაობის სიმბოლოდ ითვლებოდა. თუმცა ბრძოლის ბლანკისტური ტაქტიკა, რომელიც უგულებელყოფდა რევოლუციისთვის საჭირო ობიექტურ წანამძღვრებს და რევოლუციონერთა ინდივიდუალური ნების ფაქტორს გაზვიადებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, მუშათა მოძრაობის რაოდენობრივი, იდეური და ორგანიზაციული ზრდის პირობებში, მოძველებულად მიაჩნდათ. მარქსისა და ენგელსის დამოკიდებულებაზე ბლანკისტური ტაქტიკისადმი დაწვრილებით იხ.: Энгельс Ф. Эмигрантская литература. // К. Маркс и Ф. ЭнгельсСочинения издание 2-е, ტ.18. (ელ-ვერსია: http://revarchiv.narod.ru/marxeng/tom18/emigrantskaya_literatura.html); Engels F. The Program of the Blanquist Fugitives from the Paris Commune.

[II] ედუარდ ბერნშტაინი (Bernstein) (1850-1932) — გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის და მეორე ინტერნაციონალის ერთ-ერთი ლიდერი, რევიზიონიზმისა და რეფორმიზმის იდეოლოგი. ბერნშტაინი გერმანულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას 1870-იანი წლების დასაწყისში დაუხლოვდა, თავდაპირველად განიცდიდა გერმანელი ფილოსოფოსის, ე. დიურინგის გავლენას, იდგა რეფორმიზმის პოზიციებზე, თუმცა მარქსისა და ენგელსის გავლენით ჩამოშორდა მათ. გერმანიაში სოციალისტების წინააღმდეგ საგანგებო კანონის მიღების შემდეგ, საზღვარგარეთ ემიგრირდა, ცხოვრობდა ლონდონსა და შვეიცარიაში. 1980 წლიდან რედაქტორობდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ ორგანოს — „Der Sozialdemokrat”. პირადად იცნობდა მარქსსა და ენგელსს, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. ენგელსის სიკვდილის შემდეგ, ტრედიუნიონიზმის, ინგლისური ბურჟუაზიული ეკონომიკური ლიტერატურისა და გ. ფოლმარის რეფორმისტული შეხედულებების გავლენით,  1896-1898 წლებში გამოქვეყნებულ სტატიების სერიაში „სოციალიზმის პრობლემები“,  ბერნშტაინმა წამოიწყო მარქსიზმის რადიკალური რევიზია (აქედან —ტერმინი რევიოზიონიზმი). ფილოსოფიაში ბერნშტაინმა კანტის ფილოსოფიასთან დაბრუნების საჭიროება გამოაცხადა, აკრიტიკებდა მატერიალისტურ დიალექტიკის მეთოდს, რომელსაც ჰეგელისეულ დიალექტიკასთან აიგივებდა. პოლიტიკური ეკონომიის სფეროში რევიზიას დაექვემდებარა ღირებულების, კრიზისის, მასების შეფარდებითი და აბსოლუტური გაღარიბების თეორიები. ბერნშტაინი უარყოფდა მეცნიერული სოციალიზმის შესაძლებლობას და ამტკიცებდა, რომ სოციალიზმი მხოლოდ ეთიკური იდეალია. მოძველებულად თვლიდა მარქსის რევოლუციის, კლასობრივი ბრძოლისა და პროლეტარიატის დიქტატურის კონცეფციებს, რომელთაც რეფორმებისა და ბურჟუაზიასთან კომპრომისების პროგრამას უპირისპირდება (აქედან მისი ცნობილი ლოზუნგი: „საბოლოო მიზანი არაფერია, მოძრაობა — ყველაფერი“). ბერნშტაინის რევიზიონიზმს იმ პერიოდში აკრიტიკებდნენ ორთოდოქსული მარქსიზმის თვალსაზრისზე მდგარი ისეთი ავტორები, როგორიცაა კარლ კაუცკი, როზა ლუქსემბურგი, ანტონიო ლაბრიოლა, გიორგი პლეხანოვი და ვლადიმირ ლენინი. ბერნშტაინი მარქსიზმისა და ბლანკიზმის მსგავსების შესახებ საუბრობს სტატიაში „მარქსიზმი და ჰეგელის დიალექტიკა“. იხ.:  Эд. Бернштейн, Социальные проблемы (перевод с немецкого П. С. Коган). М., 1901. გვ 49-63.

[III] კორნილოველობა (რუს. Корниловщина) — 1917 წლის აგვისტოს კონტრრევოლუციური ამბოხი, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ლ. კორნილოვი ხელმძღვანელობდა. 

[IV] “ობორონცები” (რუს. Оборонцы; სიტყვიდან оборона — თავდაცვა) — ეწოდებოდათ იმ პოლიტიკური პოზიციის მომხრეებს, რომლის მიხედვითაც პირველ მსოფლიო ომში მათი ქვეყნები თავდაცვით მდგომარეობაში არიან და მხარს უჭერდნენ ომის გაგრძელებას. მეტ-ნაკლები თანმიმდევრულობით ამ პოზიციას იზიარებდა მეორე ინტერნაციონალის სოციალ-დემოკრატიული პარტიების უმრავლესობა. „ობორონცები“ რუსეთში „სამშობლოს დაცვის“ ლოზუნგით გამოდიოდნენ. ლენინი თვლიდა, რომ იმპერიალისტური ომისადმი მსგავსი დამოკიდებულება სოციალ-შოვინიზმია. მისი აზრით მარქსისტული ორიენტაციის პარტიებმა ასეთ ომში თავიანთი ქვეყნების მთავრობებს მხოლოდ დამარცხება შეიძლება უსურვონ და უნდა ეცადონ, იმპერიალისტური ომი აქციონ სამოქალაქო ომად გაბატონებული კლასების წინააღმდეგ, ანუ სოციალურ რევოლუციად. მაგ., იხ.: ლენინი ვ. თავისი მთავრობის დამარცხებაზე იმპერიალისტურ ომში // ლენინი ვ. ი. თხზულებანი, მეოთხე გამოცემა, ტ. 21.თბ., სახელგამი, 1951. გვ. 330-337. აქ ლენინი საუბრობს ისეთი მდგომარეობის შესაძლებლობაზე, როგორშიც იყო საფრანგეთი რევოლუციის პირველ წლებში, როცა ევროპის აბსოლუტისტური მონარქიების კოალიციის ჯარების წინააღმდეგ თავდაცვით რევოლუციურ ომს აწარმოებდა.

[V]  ბოლშევიკურმა ფრაქციამ ტროცკის მეთაურობით, მას შემდეგ, რაც დეკლარაცია გააჟღერა, დატოვა დემოკრატიული საბჭოს მიერ გამოყოფილი რესპუბლიკის საბჭო („წინარეპარლამენტი“). (შენიშვნა გადმოგვაქვს ლენინის თხზულებების პირველი რუსული გამოცემიდან. თხზულებების შემდეგ გამოცემებში ტროცკის სახელი კომენტარებში მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში გვხვდება). 

[VI] ალექსანდრინკა (Александринский театр, Александринка)  — ნიკოლოზ I ცოლის, ალექსანდრას სახელობის თეატრი პეტერბურგში, რუსეთის ერთ-ერთი უძველესი დრამატული თეატრი, რომელშიც  1917 წელს დროებითი მთავრობა ატარებდა თავის სხდომებს. პეტროპავლოვკა (Петропавловка) — პეტრე პირველის მიერ აშენებეული პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, რომელიც პეტერბურგის ცენტრში, ნევაზე, ზამთრის სასახლის პირდაპირ მდებარეობს. ცარიზმის დროს მასში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ დატუსაღებულნი. პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე ფლობდა უდიდეს არსენალს და პეტროგრადის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *