ვლადიმირ ლენინი – ოქტომბრის რევოლუციის ოთხი წლისთავისათვის

დგება 25 ოქტომბრის (7 ნოემბრის) ოთხი წლისთავი.

რაც უფრო გვშორდება ეს დიადი დღე, მით უფრო ცხადი ხდება რუსეთის პროლეტარული რევოლუციის მნიშვნელობა, მით უფრო ღრმად ვუფიქრდებით აგრეთვე ჩვენი მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, მთლიანად აღებულს.

ეს მნიშვნელობა და ეს გამოცდილება სულ მოკლედ — და, რა თქმა უნდა, მეტად არასრულად და არაზუსტად — შეიძლება შემდეგნაირად გამოვხატოთ.

რევოლუციის უშუალო და უახლოესი ამოცანა რუსეთში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული ამოცანა იყო: შუასაუკუნეების ნაშთთა დამხობა და ბოლომდე აღგვა, რუსეთის გაწმენდა ამ ბარბაროსობისა და ამ სირცხვილისაგან, ჩვენს ქვეყანაში ყოველგვარი კულტურისა და ყოველგვარი პროგრესის ამ უდიდესი მუხრუჭისაგან.

და ჩვენ უფლება გვაქვს ვიამაყოთ იმით, რომ ეს წმენდა ხალხის მასებზე, მის ღრმა ფენებზე ზემოქმედების თვალსაზრისით ბევრად უფრო გაბედულად, სწრაფად, თამამად, წარმატებით, ფართოდ და ღრმად მოვახდინეთ, ვიდრე საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ 125 წელზე მეტი ხნის წინათ.

ანარქისტებიც და წვრილბურჟუაზიული დემოკრატებიც (ე.ი. მენშევიკები და ესერები, როგორც რუსეთის წარმომადგენლები ამ საერთაშორისო სოციალური ტიპისა) წარმოუდგენლად ბევრ აბდაუბდას ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობენ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის სოციალისტური (ესე იგი პროლეტარული) რევოლუციისადმი დამოკიდებულების საკითხზე. ამ ოთხი წლის განმავლობაში სავსებით დადასტურდა იმ პუნქტში მარქსიზმის ჩვენი გაგების, წინანდელი რევოლუციების გამოცდილების ჩვენი გათვალისწინების სისწორე. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია ისე არავის მიუყვანია ბოლომდე, როგორც ჩვენ. ჩვენ სრულიად შეგნებულად, მტკიცედ და განუხრელად მივიწევთ წინ, სოციალისტური რევოლუციისაკენ და ვიცით, რომ იგი ჩინური კედლით არ არის გამოყოფილი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციისაგან, ვიცით, რომ  მხოლოდ   ბრძოლა  გადაწყვეტს, რამდენად შევძლებთ (საბოლოო ანგარიშით) წინ წაწევას, თვალუწვდენი დიადი ამოცანის რა ნაწილს შევასრულებთ, ჩვენ გამარჯვებათა რა ნაწილს განვიმტკიცებთ. ამას მომავალი დაგვანახვებს. მაგრამ უკვე ახლაც ვხედავთ, რომ გაჩანაგებული, დატანჯული, ჩამორჩენილი ქვეყნისათვის — საზოგადოების სოციალისტურად გარდაქმნის საქმეში — მეტისმეტად ბევრია გაკეთებული.

მაგრამ ჯერ გავათავოთ ჩვენი რევოლუციის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული შინაარსის შესახებ. მარქსისტებისათვის გასაგები უნდა იყოს, თუ რას ნიშნავს ეს. ახსნა-განმარტებისათვის ავიღოთ თვალსაჩინო მაგალითები.

რევოლუციის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული შინაარსი ნიშნავს ქვეყნის სოციალური ურთიერთობის (წესწყობილების, დაწესებულებების) გაწმენდას შუასაუკუნეების, ბატონყმობის, ფეოდალიზმის ნაშთებისაგან.

როგორი იყო ბატონყმობის მთავარი გამოხატულება, ნაშთი, კვალი რუსეთში 1917 წელს? მონარქია, წოდებრიობა, მიწათმფლობელობა და მიწათსარგებლობა, ქალის მდგომარეობა, რელიგია, ეროვნებათა ჩაგვრა. აიღეთ რომელიც გნებავთ ეს „ავგიოსის თავლა“, — რომელიც უნდა ითქვას, ყველა მოწინავე სახელმწიფომ საკმაოდ გაუსუფთავებელი დატოვა თავიანთი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციების დროს, 125, 250 წლის წინათ და უფრო ადრეც (ინგლისში 1649 წელს), — აიღეთ რომელიც გნებავთ ეს ავგიოსის თავლა: თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენ ისინი პირწმინდად გამოვგავეთ. რაღაც ათიოდე კვირის განმავლობაში, დაწყებული 1917 წლის 25 ოქტომბრიდან (7 ნოემბრიდან) დამფუძნებელი კრების გარეკვამდე (1918 წლის 5 იანვარს), ჩვენ ამ სფეროში ათასჯერ მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ბურჟუაზიულმა დემოკრატებმა და ლიბერალებმა (კადეტებმა) და წვრილბურჟუაზიულმა დემოკრატებმა (მენშევიკებმა და ესერებმა) რვა თვის ბატონობის განმავლობაში გააკეთეს.

ეს ლაჩრები, ყბედები, თავის თავზე შეყვარებული ნარცისები და ჰამლეტუნები მუყაოს მახვილს იქნევდნენ — და მონარქიაც კი ვერ მოსპეს! ჩვენ მთელი ეს მონარქიული უწმინდურება გადავყარეთ ისე, როგორც არავის არასოდეს გადაუყრია. ჩვენ ქვა ქვაზე, აგური აგურზე არ დაგვიტოვებია წოდებრიობის საუკუნეობრივი შენობისა (ყველაზე მოწინავე ქვეყნები, როგორიცაა ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია, დღემდე არ განთავისუფლებულან წოდებრიობის ნაშთებისაგან!). წოდებრიობის უღრმესი ფესვები, სახელდობრ: ფეოდალიზმისა და ბატონყმობის ნაშთები მიწათმფლობელობაში, ჩვენ ძირიანფესვიანად ამოვაგდეთ. „შეიძლება დავა“ (უცხოეთში საკმაოდ მოიპოვებიან კადეტი, მენშევიკი და ესერი ლიტერატორები ასეთი დავის გასამართავად) იმაზე, თუ რა გამოვა „ბოლოს და ბოლოს“ დიდი ოქტომბრის რევოლუციის საადგილმამულო გარდაქმნათაგან. ჩვენ ახლა ხალისი არა გვაქვს ამ დავაზე დრო დავკარგოთ, რადგან ჩვენ ბრძოლით ვწყვეტთ ამ დავას და მასზე დამოკიდებულ უამრავ დავას. მაგრამ არ შეიძლება დავა იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ წვრილბურჟუაზიული დემოკრატები რვა თვის განმავლობაში „უთანხმდებოდნენ“ მემამულეებს, რომლებიც ბატონყმობის ტრადიციებს ინახავდნენ, ჩვენ კი რამდენიმე კვირაში რუსეთის მიწა-წყლიდან საბოლოოდ აღვგავეთ ეს მემამულეებიც და მთელი მათი ტრადიციებიც.

აიღეთ რელიგია, ან ქალის უუფლებობა, ან არარუს ეროვნებათა ჩაგვრა და არათანასწორუფლებიანობა. ყოველივე ეს ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის საკითხებია. წვრილბურჟუაზიული დემოკრატიის უგვანონი რვა თვე ლაყბობდნენ ამაზე; მსოფლიოში არ არსებობს არცერთი უაღრესად მოწინავე ქვეყანა, სადაც  ეს  საკითხები ბურჟუაზიულდ ემოკრატიული  მიმართულებით საბოლოოდ იყოს გადაწყვეტილი. ჩვენში ეს საკითხები ოქტომბრის რევოლუციის კანონმდებლობამ საბოლოოდ გადაწყვიტა. ჩვენ რელიგიას ნამდვილად ვებრძოდით და ვებრძვით. ჩვენ  ყველა  არარუს ეროვნებას  მათი  საკუთარი რესპუბლიკა თუ ავტონომიური ოლქი მივეცით. ჩვენში, რუსეთში, არ არსებობს ისეთი სიმდაბლე, უხამსობა და საზიზღრობა, როგორიც არის ქალის უუფლებობა თუ არასრულუფლებიანობა, ბატონყმობისა და შუასაუკუნეების ეს აღმაშფოთებელი ნაშთი, რომელსაც ანგარებიანი ბურჟუაზია და ჩლუნგი, დაშინებული წვრილი ბურჟუაზია ანახლებს დედამიწის ყველა ქვეყანაში გამოუკლებლივ.

ყოველივე ეს შეადგენს ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის შინაარსს. ამ რევოლუციის (ამ რევოლუციების, თუ ვილაპარაკებთ ერთი საერთო ტიპის თვითეულ ნაციონალურ სახეზე) მოწინავე ბელადებმა ას ორმოცდაათი და ორას ორმოცდაათი წლის წინათ აღუთქვეს ხალხებს კაცობრიობის განთავისუფლება შუასაუკუნეობრივი პრივილეგიებისაგან, ქალის უთანასწორობისაგან, ამა თუ იმ რელიგიის (ან „რელიგიის  იდეის“, საერთოდ „რელიგიურობის“) სახელმწიფოებრივ უპირატესობათაგან, ეროვნებათა არათანასწორუფლებიანობისაგან. აღუთქვეს — და არ შეასრულეს. არ შეეძლოთ შეესრულებინათ, რადგან ხელი შეუშალა „პატივისცემამ“ „წმიდათა წმიდა კერძო საკუთრებისადმი“. ჩვენს პროლეტარულ რევოლუციაში ეს წყეული „პატივისცემა“ ამ სამგზის წყეულ შუასაუკუნეებისა და „წმიდათა წმიდა კერძო საკუთრებისადმი“ არ ყოფილა.

მაგრამ რუსეთის ხალხთათვის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის მონაპოვარნი რომ დაგვემკვიდრებინა, ჩვენ წინ უნდა წავწეულიყავით, და წინ წავიწიეთ კიდეც. ჩვენ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის საკითხებს ვწყვეტდით გზადაგზა, სხვათა შორის, როგორც ჩვენი მთავარი და ნამდვილი, პროლეტარულ-რევოლუციური, სოციალისტური მუშაობის „არამთავარ პროდუქტს“. რეფორმები, ვამბობდით ჩვენ ყოველთვის, რევოლუციური კლასობრივი ბრძოლის არამთავარი პროდუქტია. ჩვენ ვამბობდით და საქმითაც დავამტკიცეთ, რომ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული გარდაქმნანი — პროლეტარული, ესე იგი სოციალისტური რევოლუციის არამთავარი პროდუქტია. უნდა ითქვას, რომ ყველა ამ კაუცკიმ, ჰილფერდინგმა, მარტოვმა, ჩერნოვმა, ხილკვიტმა, ლონგემ, მაკდონალდმა, ტურატიმ და „II½“ მარქსიზმის სხვა გმირებმა ვერ შესძლეს გაგება ასეთი თანაფარდობისა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ და პროლეტარულ-სოციალისტურ რევოლუციებს შორის. ხდება პირველის გადაზრდა მეორეში. მეორე, გზადაგზა, წყვეტს პირველის საკითხებს. მეორე პირველის საქმეს განამტკიცებს. ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლა წყვეტს იმას, თუ რამდენად ახერხებს მეორე გასცდეს პირველის ფარგლებს.

საბჭოთა წყობილება სწორედ ერთ-ერთი თვალსაჩინო დადასტურება ანუ გამოხატულებაა ერთი რევოლუციის ამ გადაზრდისა  მეორეში. საბჭოთა წყობილება დემოკრატიზმის მაქსიმუმია მუშებისა და გლეხებისათვის და ამავე დროს ის ნიშნავს კავშირის გაწყვეტას ბურჟუაზიულ  დემოკრატიზმთან და დემოკრატიის  ახალი, მსოფლიო-ისტორიული, ტიპის წარმოშობას, სახელდობრ: პროლეტარული დემოკრატიზმის ანუ პროლეტარიატის დიქტატურისა.

დაე მომაკვდავი ბურჟუაზიის და მისი მაჩანჩალა წვრილბურჟუაზიული დემოკრატიის ქოფაკებმა და ღორებმა წყევლა-კრულვა, ლანძღვა-გინება, სიცილი დაგვაყარონ მარცხისა და შეცდომებისათვის ჩვენ მიერ  ჩვენი  საბჭოთა წყობილების შენების დროს. ჩვენ ერთი წუთითაც არ ვივიწყებთ იმას, რომ მარცხი და შეცდომები მართლაც ბევრი გვქონდა და ახლაც გვაქვს. როგორ შეიძლება მარცხსა და შეცდომებს ასცდე ისეთ ახალ, მთელი მსოფლიო ისტორიისათვის ახალ საქმეში, როგორიცაა ჯერ უნახავი  ტიპის  სახელმწიფო წყობილების შექმნა! ჩვენ განუხრელად ვიბრძოლებთ ჩვენი მარცხისა და შეცდომების გამოსასწორებლად, ცხოვრებაში ჩვენ მიერ საბჭოთა პრინციპების — სრულყოფისაგან ფრიად და ფრიად დაშორებული პრინციპების — გამოყენების გასაუმჯობესებლად. მაგრამ ჩვენ უფლება გვაქვს ვიამაყოთ და ვამაყობთ კიდეც იმით, რომ წილად გვხვდა ბედნიერება დაგვეწყო საბჭოთა სახელმწიფოს აშენება, დაგვეწყო ამით მსოფლიო ისტორიის ახალი ეპოქა, ახალი კლასის ბატონობის ეპოქა, იმ კლასისა, რომელიც ყველა კაპიტალისტურ ქვეყანაში დაჩაგრულია და ყველგან ახალი ცხოვრებისაკენ, ბურჟუაზიაზე გამარჯვებისაკენ, პროლეტარიატის დიქტატურისაკენ, კაპიტალის უღლისა და იმპერიალისტური ომებისაგან კაცობრიობის განთავისუფლებისაკენ მიისწრაფვის.

საკითხი იმპერიალისტური ომების შესახებ, ამჟამად მთელ მსოფლიოში გაბატონებული ფინანსური კაპიტალის იმ საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ, რომელიც გარდუვალად წარმოშობს ახალ იმპერიალისტურ ომებს, გარდუვალად წარმოშობს ერთი მუჭა „მოწინავე“ სახელმწიფოების მიერ ნაციონალური ჩაგვრის, ძარცვა-გლეჯის, ყაჩაღობის, სუსტ, ჩამორჩენილ, წვრილ ეროვნებათა ჩახრჩობის გაუგონარ გაძლიერებას, — ეს საკითხი 1914 წლიდან დედამიწის ყველა ქვეყნის მთელი პოლიტიკის ქვაკუთხედ საკითხად იქცა, ეს არის ათეული მილიონობით ადამიანის სიკვდილ–სიცოცხლის საკითხი, ეს არის საკითხი, იქნება თუ არა შემდგომ იმპერიალისტურ ომში, რომელსაც ჩვენ თვალწინ ბურჟუაზია ამზადებს, რომელსაც ჩვენ თვალწინ ბადებს კაპიტალიზმი, დახოცილი 20 მილიონი ადამიანი (ნაცვლად 10 მილიონისა, რომელიც დაიხოცა 1914 — 1918 წლების ომსა და მის დანამატ „პატარა“, ომებში, რომლებიც დღემდეც არ დამთავრებულა), დასახიჩრდება თუ არა 60 მილიონი ადამიანი ამ გარდუვალ (თუ კაპიტალიზმი დარჩება) მომავალ ომში (1914 — 1918 წლებში დასახიჩრებულ 30 მილიონის ნაცვლად). ამ საკითხშიც ჩვენმა ოქტომბრის რევოლუციამ მსოფლიო ისტორიის ახალი ეპოქა დაიწყო. ბურჟუაზიის მსახურნი და მისი დამქაშები ესერებისა და მენშევიკების სახით, მთელი მსოფლიოს მთელი წვრილბურჟუაზიული ვითომ “სოციალისტური” დემოკრატიის სახით დასცინოდნენ „იმპერიალისტური ომის სამოქალაქო ომად გადაქცევის“ ლოზუნგს. მაგრამ ეს ლოზუნგი აღმოჩნდა ერთადერთი სიმართლე არასასიამოვნო, ტლანქი, გაშიშვლებული, სასტიკი სიმართლე, ყველაფერი ეს ასეა, მაგრამ სიმართლე  ყველაზე გაქნილ შოვინისტურ და პაციფისტურ უამრავ ტყუილს შორის. ეს ტყუილი ინგრევა. ბრესტის ზავი მხილებულია. ყოველი დღე უფრო და უფრო ულმობლად ამხელს ბრესტის ზავზე უარესი ზავის, ვერსალის ზავის, მნიშვნელობასა და შედეგებს. და იმ მრავალი მილიონი ადამიანის თვალწინ, რომლებიც გუშინდელი ომის და ხვალ მოსალოდნელი ომის მიზეზებს უფიქრდებიან, სულ უფრო და უფრო ნათლად, სულ უფრო და უფრო მკაფიოდ, სულ უფრო და უფრო გარდუვალად ისახება მრისხანე სიმართლე: თავს ვერ დააღწევ იმპერიალისტურ ომს და გარდუვალად მის წარმომშობ იმპერიალისტურ ზავს (ჩვენ რომ ძველი მართლწერა გვქონდეს, მე აქ დავწერდი ორივე სიტყვას «мир» ორივე მათი მნიშვნელობით), თავს ვერ დააღწევ ამ ჯოჯოხეთს სხვანაირად, თუ არ ბოლშევიკური ბრძოლით და ბოლშევიკური რევოლუციით.

დაე ეს რევოლუცია ცოფმორეულად აგინონ ბურჟუაზიამ და პაციფისტებმა, გენერლებმა და მეშჩანებმა, კაპიტალისტებმა და ფილისტერებმა, ყველა მორწმუნე ქრისტიანმა და II თუ II½ ინტერნაციონალების ყველა რაინდმა. ღვარძლის, ცილისწამებისა და სიცრუის ვერავითარი ნიაღვრით ვერ მიჩქმალავენ ისინი იმ მსოფლიო-ისტორიულ ფაქტს,რომ მონათმფლობელებს შორის ამტყდარ ომს მონებმა ასეულ და ათასეულ წელთა განმავლობაში პირველად უპასუხეს შემდეგი ლოზუნგის აშკარა გამოცხადებით: მონათმფლობელებს შორის მათი ნადავლის გასაყოფად ამტყდარი ეს ომი გადავაქციოთ ყველა ერის მონების ომად ყველა ერის მონათმფლობელთა წინააღმდეგ.

პირველად ასეულ და ათასეულ წელთა განმავლობაში გადაიქცა ეს ლოზუნგი ბუნდოვანი და უძლური ლოდინიდან ნათელ, მკვეთრ პოლიტიკურ პროგრამად, მილიონობით ჩაგრულთა აქტიურ ბრძოლად პროლეტარიატის ხელმძღვანელობით, გადაიქცა პროლეტარიატის პირველ გამარჯვებად, ომების მოსპობის საქმის, ყველა ქვეყნის მუშათა კავშირის საქმის პირველ გამარჯვებად სხვადასხვა ერის ბურჟუაზიის კავშირზე, — იმ ბურჟუაზიისა, რომელიც კიდევაც ზავს ჰკრავს და კიდევაც ომობს კაპიტალის მონების ხარჯზე, დაქირავებული მუშების ხარჯზე, გლეხების ხარჯზე, მშრომელების ხარჯზე.

ეს პირველი გამარჯვება ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გამარჯვება, და იგი ჩვენმა ოქტომბრის რევოლუციამ მოიპოვა არნახული გაჭირვებითა და სიძნელით, გაუგონარი ტანჯვით, მთელი რიგი უდიდესი წარუმატებლობებითა და შეცდომებით ჩვენი მხრივ. აბა განა ერთი ჩამორჩენილი ხალხი შესძლებდა წარუმატებლობათა და შეცდომათა გარეშე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ყველაზე მოწინავე ქვეყნების მიერ წარმოებული იმპერიალისტური ომების დაძლევას! ჩვენ არ გვეშინია ჩვენი შეცდომების აღიარებისა და ფხიზლად შევხედავთ მათ, რათა მათი გამოსწორება ვისწავლოთ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: პირველად ასეულ და ათასეულ წელთა განმავლობაში აღთქმა, რომ მონათმფლობელთა შორის ატეხილ ომს „პასუხს გავცემთ“ მონების რევოლუციით ყველა და ყოველნაირ მონათმფლობელთა წინააღმდეგ, ბოლომდეა შესრულებული — და სრულდება, მიუხედავად ყოველგვარი სიძნელისა.

ჩვენ ეს საქმე დავიწყეთ. სახელდობრ როდის, რა ვადაში, რომელი ერის პროლეტარები დააბოლოვებენ ამ საქმეს, — ეს საკითხი არ არის არსებითი. არსებითია ის, რომ ყინული გატეხილია, გზა გახსნილია, მიმართულება ნაჩვენებია.

განაგრძეთ თქვენი თვალთმაქცობა, ყველა ქვეყნის ბატონო კაპიტალისტებო, იაპონელთა „სამშობლოს დამცველებო“ ამერიკელთა სამშობლოსაგან, ამერიკელთა სამშობლოსი — იაპონელთა სამშობლოსაგან, ფრანგთა სამშობლოსი — ინგლისელთა სამშობლოსაგან და სხვ.! განაგრძეთ იმპერიალისტური ომების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებათა საკითხის „მიფუჩეჩება“ ახალი „ბაზელის მანიფესტებით“ (ბაზელის 1912 წლის მანიფესტის მსგავსად[1]), ბატონო II და II½ ინტერნაციონალების რაინდებო მთელი მსოფლიოს ყველა პაციფისტ მეშჩანთან და ფილისტერთან ერთად! დედამიწაზე  პირველმა ბოლშევიკურმა რევოლუციამ  იხსნა  პირველი ასი მილიონი ადამიანი  იმპერიალისტური ომისაგან, იმპერიალისტური ზავისაგან. შემდგომი რევოლუციები მთელ კაცობრიობას იხსნიან ასეთი ომებისა და ასეთი ზავისაგან.

ჩვენი უკანასკნელი, — და ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ძნელი და ყველაზე დაუმთავრებელი საქმეა: სამეურნეო მშენებლობა, ეკონომიური საძირკვლის ჩაყრა ახალი, სოციალისტური, შენობისათვის დანგრეული ფეოდალური და ნახევრადდანგრეული კაპიტალისტური შენობის ადგილას. ამ ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე ძნელ საქმეში ჩვენ გვქონდა ყველაზე მეტი მარცხი, ყველაზე მეტი შეცდომები. აბა განა წარუმატებლობათა და შეცდომათა გარეშე შეიძლებოდა ამ საქვეყნო ახალი საქმის დაწყება! მაგრამ ჩვენ იგი დავიწყეთ. ჩვენ მას ვაწარმოებთ. ჩვენ სწორედ ახლა ვასწორებთ ჩვენი „ახალი ეკონომიური პოლიტიკით“ მთელ რიგ ჩვენს შეცდომებს, ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ვაშენოთ მომავალში სოციალისტური შენობა წვრილგლეხურ ქვეყანაში ამ შეცდომების დაუშვებლად.

სიძნელენი განუზომელია. ჩვენ შევეჩვიეთ განუზომელ სიძნელეებთან ბრძოლას. ტყუილუბრალოდ ხომ არ გვიწოდეს ჩვენმა მტრებმა „სალკლდოვანნი“ და „ძვლისმმტვრევი პოლიტიკის“ წარმომადგენლები. მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ აგრეთვე — ყოველ შემთხვევაში: რამდენადმე ვისწავლეთ რევოლუციაში საჭირო მეორე ხელოვნება — მოქნილობა, საკუთარი ტაქტიკის სწრაფად და მკვეთრად შეცვლის უნარი, შეცვლილი ობიექტური პირობებისათვის ანგარიშის გაწევით, ჩვენი მიზნისკენ სხვა გზის არჩევით, თუ წინანდელი გზა დროის ამა თუ იმ პერიოდისათვის მიზანშეუწონელი, შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჩვენ ვიმედოვნებდით, ენთუზიაზმის ტალღით აღტაცებულნი, ჩვენ, რომლებმაც გამოვაღვიძეთ ხალხის ენთუზიაზმი ჯერ საერთო-პოლიტიკური, შემდეგ სამხედრო, ჩვენ ვიმედოვნებდით უშუალოდ ამ ენთუზიაზმის ნიადაგზე გაგვეხორციელებინა ისევე დიდი (როგორც საერთო-პოლიტიკური, როგორც სამხედრო) ეკონომიური ამოცანები. ჩვენ ვიმედოვნებდით, — ან, შეიძლება, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: ჩვენ ვვარაუდობდით საკმაო ანგარიშიანობის უქონლად — პროლეტარული სახელმწიფოს უშუალო ბრძანებებით მოგვეგვარებინა პროდუქტების სახელმწიფო წარმოება და სახელმწიფო განაწილება კომუნისტურად წვრილგლეხურ ქვეყანაში. ცხოვრებამ დაგვანახვა ჩვენი შეცდომა. საჭირო გახდა მთელი რიგი გარდამავალი საფეხურები: სახელმწიფო კაპიტალიზმი და სოციალიზმი, რომ მოგვემზადებინა — მთელი რიგი წლების განმავლობაში მუშაობით მოგვემზადებინა — კომუნიზმზე გადასვლა. არა უშუალოდ ენთუზიაზმზე დაყრდნობით, არამედ დიდი რევოლუციის მიერ წარმოშობილი ენთუზიაზმის დახმარებით, პირად ინტერესზე, პირად დაინტერესებაზე, სამეურნეო ანგარიშიანობაზე დაყრდნობით შეეცადეთ ჯერ ააშენოთ მტკიცე ხიდები, რომელთაც წვრილგლეხურ ქვეყანაში სახელმწიფო კაპიტალიზმის საშუალებით მივყავართ სოციალიზმისაკენ, სხვანაირად თქვენ ვერ მიხვალთ კომუნიზმთან, სხვანაირად თქვენ ვერ მიიყვანთ კომუნიზმთან მრავალ ათეულ მილიონ ადამიანს, ასე გვიკარნახა ცხოვრებამ. ასე გვიკარნახა რევოლუციის განვითარების ობიექტურმა მსვლელობამ.

და ჩვენ, რომელთაც სამი და ოთხი წლის განმავლობაში ცოტათი ვისწავლეთ მკვეთრი შემობრუნებანი (როცა საჭიროა მკვეთრი შემობრუნება), დავიწყეთ გულმოდგინედ, ყურადღებით, თავგამოდებით (თუმცა ჯერ კიდევ არასაკმაოდ გულმოდგინედ, არასაკმაო ყურადღებით, არასაკმაო თავგამოდებით) სწავლა ახალი შემობრუნებისა, „ახალი ეკონომიური პოლიტიკისა“. პროლეტარული სახელმწიფო უნდა გახდეს ფრთხილი, ბეჯითი, უნარიანი „მეპატრონე“, წესიერი მებითუმე ვაჭარი, — წინააღმდეგ შემთხვევაში ის წვრილგლეხურ ქვეყანას ეკონომიურად ფეხზე ვერ დააყენებს, სხვანაირი გადასვლა კომუნიზმზე ახლა, არსებულ პირობებში, კაპიტალისტური (ჯერ კიდევ კაპიტალისტური) დასავლეთის გვერდით, არ არსებობს. მებითუმე ვაჭარი, ეს თითქოს ისეთი ეკონომიური ტიპია, რომელიც, როგორც ცა დედამიწას, ისეა დაშორებული კომუნიზმს, მაგრამ ეს სწორედ ერთი ისეთი წინააღმდეგობათაგანია, რომელსაც სინამდვილეში მივყავართ წვრილი გლეხური მეურნეობიდან სახელმწიფო კაპიტალიზმის გზით სოციალიზმისაკენ. პირადი დაინტერესება ავითარებს წარმოებას; ჩვენ გვესაჭიროება წარმოების გადიდება უწინარეს ყოვლისა და რადაც უნდა დაჯდეს. ბითუმად ვაჭრობა მილიონობით წვრილ გლეხს აერთიანებს ეკონომიურად, ინტერესს უნერგავს მათ, აკავშირებს მათ, მიჰყავს ისინი შემდგომი საფეხურისაკენ: თვით წარმოებაში კავშირისა და გაერთიანების სხვადასხვა ფორმისაკენ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი ეკონომიური პოლიტიკის აუცილებელი გარდაქმნა. ჩვენ უკვე გვაქვს ამ სფეროში ზოგიერთი — მართალია, მცირე, ნაწილობრივი, მაგრამ მაინც უეჭველი წარმატება. ჩვენ უკვე ვამთავრებთ, ახალი „მეცნიერების“ ამ სფეროში, მოსამზადებელ კლასს. მტკიცედ და გულმოდგინედ ვისწავლით, პრაქტიკული გამოცდილებით შევამოწმებთ თვითეულ ჩვენს ნაბიჯს, არ შევუშინდებით დაწყებულის არაერთხელ გადაკეთებას, ჩვენი შეცდომების გამოსწორებას, ყურადღებით ჩავუკვირდებით მათს მნიშვნელობას და ასე გადავალთ შემდეგ კლასებშიც. ჩვენ გავივლით მთელ „კურსს“, თუმცა მსოფლიო ეკონომიკის და მსოფლიო პოლიტიკის გარემოებებმა იგი გაცილებით უფრო ხანგრძლივი და უფრო ძნელი გახადეს, ვიდრე ჩვენ ეს გვსურდა. რადაც უნდა დაჯდეს, რაც უნდა მძიმე იყოს გარდამავალი დროის ტანჯვა, გაჭირვება, შიმშილი, ნგრევა, ჩვენ სულით არ დავეცემით და ჩვენს საქმეს საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანთ.

1921.14. X.

„პრავდა“ N234,

1921 წლის 18 ოქტომბერი

ხელმოწერა ნ. ლენინი

იბეჭდება ხელნაწერის მიხედვით


ვ.ი ლენინი, თხზულებანი, გამოცემა მეოთხე, ტომი 33. სახელმგამი, 1953.

ლენინის თხზულებათა რედაქციის შენიშვნა


[1]ბაზელის 1912 წლის  მანიფესტი — მანიფესტი ომის შესახებ, მიღებული ერთხმად II ინტერნაციონალის საგანგებო კონგრესის მიერ, რომელიც მიმდინარეობდა ბაზელში (შვეიცარია) 1912 წლის 24 — 25 ნოემბერს (ახ. სტ.). მანიფესტი აღნიშნავდა იმ ომის მძარცველურ მიზნებს, რომელსაც იმპერიალისტები ამზადებდნენ, და მოუწოდებდა ყველა ქვეყნის სოციალისტებს გაეჩაღებინათ გადამჭრელი ბრძოლა ომის წინააღმდეგ. ბაზელის მანიფესტმა გაიმეორა II ინტერნაციონალის შტუტგარტის კონგრესის 1907 წლის რეზოლუციის დებულებები, წამოყენებული ვ. ი. ლენინისა და რ. ლუქსემბურგის მიერ, რომ იმპერიალისტური ომის დაწყების შემთხვევაში სოციალისტებმა უნდა გამოიყენონ ომის მიერ შექმნილი ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისი სოციალისტური რევოლუციის მოსამზადებლადო.

II ინტერნაციონალის ბელადებმა — კაუცკიმ, ვანდერველდემ და სხვებმა, რომლებმაც ხმა მისცეს ამ მანიფესტის მიღების სასარგებლოდ, 1914 წელს მსოფლიო ომის გამოცხადებისთანავე დაივიწყეს ბაზელის მანიფესტი და თავიანთ იმპერიალისტურ მთავრობათა მხარეზე დადგნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *