მიხაილ ლიფშიცი — კარლ მარქსი და თანამედროვე კულტურა

იმდენი არასდროს უსაუბრიათ კულტურაზე, რამდენიც დღევანდელობაში. ქიმიაზე უსწრაფესად აღმოცენდა ლიტერატურული მრეწველობის უზარმაზარი ახალი დარგი, ეგრეთ წოდებული კულტურის კრიტიკა. მოსახლეობის სიმჭიდროვე, მეცნიერების განვითარება, თავისუფალი დროის სიჭარბე, მასობრივი ინფორმაციის მიღწევები — ამ ყველაფერს მოიხმობენ ხოლმე XX საუკუნის მორალური კრიზისის განსამარტავად. ერთნი საუბრობენ კულტურის ტრაგედიაზე, მეორენი — გაურკვეველ მღელვარებაზე, მატერიალური სიმდიდრის არნახულ ნიაღვარში შინაგანი წონასწორობის დაკარგვაზე. ერთმა ცნობილმა ავტორმა თავისი თხზულების ეპიგრაფად რენანის[I] სიტყვები შეარჩია: „ჩვენ ვიყნოსავთ დაცარიელებული ლარნაკის სურნელს“, მეორემ გაიხსენა სიბილას[II] წინასწარმეტყველება: „დგება ღამე“.

ამ კრიტიკის მოტივები ძალიან მრავალფეროვანია. მისი არაერთი თავგამოდებული წარმომადგენლის ნაშრომთა კითხვისას ადვილად შეამჩნევთ, რომ თავად სიტყვა „კულტურა“ მათთან პოლემიკურ სიმწარეს იძენს.  ჯერ კიდევ XIX ს.-დან მოყოლებული (საკმარისია, გავიხსენოთ ბურჟე[III]), თავდასხმებს მასობრივ საზოგადოებაზე, უმრავლესობის მტკნარ წყალში რომ აზავებს კულტურის ფასეულობებს, რეაქციული ტენდენციის აშკარა ელფერი დაკრავს. ამ თავდასხმებში აისახა წყენა მსოფლიო ისტორიაზე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს უზრუნველყოფილი უმცირესობის მიერ დანარჩენი სამყაროს ხარჯზე სიამტკბილობის უფლებას; სიძულვილი მასებისადმი, თავიანთი ნებისაგან დამოუკიდებელ და ძველი დროისათვის უცნობ კონკრეტულ გარემოპირობებში რომ ჰქმნიან ამ ისტორიას. „ჯოგურობა“, „მასაში გათქვეფა“, „პროლეტარიზმი“, „პიეტეტის გაქრობა“, „დეზაგრეგაცია“ და ასე შემდეგ, ის საშინელი სურათიც კი, რომელზეც გამოსახულია მომავლის ლაიბნიცი და უმეცარი ბრბო, ნატიფი კვლევა-ძიებების წარმოებას რომ უკრძალავს, — ამ და სხვა მრავალი, კიდევ უფრო მეტად შავბნელი წინასწარმეტყველებებით, კიდევ უფრო მეტად შხამიანი დახასიათებებით სავსე, უამრავი წიგნი გამოდის.  

თუმცა არ ღირს გაზვიადება. ცხოვრების უსაზრისობის წინაშე საგონებელში ჩავარდნილ ნებისმიერ ავტორს ვერ დავწამებთ პესიმიზმის შხამით საზოგადოებრივი ცნობიერების მოწამვლის მზაკვრულ განზრახვას. ყველაფერი იზრდება, იზრდებიან მოვლენათა ჩრდილები, მათ შორის, ყველაზე პროგრესულ მოვლენათა ჩრდილებიც. ის, ვინც ეს ფაქტი შეამჩნია, ავად თუ კარგად გამოხატა თავისი დაკვირვება, მაინც მოწმეა, რომელსაც ყური უნდა დავუგდოთ. სხვა საქმეა, როგორ ავხსნით იმას, რომ ცივილიზაციის ყველა დიადი ძალა თავის თავში უკუქმედების შესაძლებლობას ატარებს, და სად ვიპოვით საბოლოო გამოსავალს ამ უცნაური წინააღმდეგობიდან.

ასი წლის წინ მარქსმა გასცა ამ კითხვას პასუხი. კლასობრივი უთანასწორობის ფარგლებში, კაპიტალიზმი უკანასკნელი, საზოგადოებრივ ძალთა განვითარების ყველაზე მოწინავე და ყველაზე წინააღმდეგობრივი ფორმაა. ამ ძალების განვითარებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ საზოგადოება არჩევანის წინაშე დადგა — ან გადააბიჯოს საბედისწერო მიჯნას და სძლიოს თავისი ურთიერთობების დრომოჭმულ ფორმას, ან დაიღუპოს. და მანამ, სანამ რეალური ისტორია, მრავალი მსხვერპლისა და შეცდომის ფასად, არ გააკეთებს თავის პრაქტიკულ არჩევანს, ვერ მიაგნებს სწორ გზას, დაქვეითების გარეგნული სიმპტომები, რეგრესის წინასწარმეტყველთ თავიანთ პათეტიკურ ჟესტებს რომ ჩააგონებენ, გარდაუვალი იქნება.

1856 წლის 14 აპრილს, ჩარტისტების[IV] „სახალხო გაზეთის“ იუბილეზე წარმოთქმულ სიტყვაში მარქსმა თქვა: „ჩვენ დროში ყოველი საგანი თითქოს თავისი საწინააღმდეგო მოვლენის მატარებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ მანქანა, რომელსაც აქვს საკვირველი ძალა, შეამციროს და უფრო ნაყოფიერი გახადოს ადამიანის შრომა, წარმოშობს შიმშილს და დაუძლურებას. სიმდიდრის ახლადგამოგონილნი წყარონი, რაღაც საბედისწერო თილისმის მეოხებით, გაჭირვების წყაროდ იქცევიან. ტექნიკის[1] გამარჯვებანი თითქოს მორალის დაკარგვის გზითაა მოპოვებული.  იმ ზომით, რა ზომითაც კაცობრიობა ბუნების უფალი ხდება, ადამიანი, თითქოს, მეორე ადამიანის მონობაში ვარდება, ანდა თავისი სისაძაგლის მონად იქცევა. მეცნიერების წმინდა სინათლეც კი, ისე ვერ იბრწყინვალებს, თუ არ უვიცობის ბნელ ფონზე. ყველა ჩვენი გამოგონებისა და მთელი ჩვენი პროგრესის შედეგი, თითქოს, მხოლოდ ის არის, რომ მატერიალურ ძალებს სულიერი სიცოცხლე ენიჭებათ, ხოლო ადამიანის სიცოცხლე მატერიალური ძალის დონემდეა დაჩლუნგებული“(12, 4)[V].

მას მერე, რაც ეს სიტყვები ითქვა, ბევრი რამ შეიცვალა. გვიანდელ კაპიტალიზმს საკუთარი თავისებურებები აქვს, და, „ერთი მხრივ, თანამედროვე მრეწველობასა და მეცნიერებას და, მეორე მხრივ, თანამედროვე სიღატაკესა და დაქვეითებას შორის“ არსებული ანტაგონიზმის ზოგიერთი ნიშანი, რომელზეც მარქსმა მიუთითა, ახლა უკანა პლანზე გადაწეული გვეჩვენება. ზოგიერთი კი, პირიქით, თვალშისაცემია და „რეგრესის ბედშავ წინასწარმეტყველთათვის“, როგორც მათ მარქსიზმის ფუძემდებელი უწოდებს, მსჯელობის მუდმივ საგანს წარმოადგენს. მაგრამ, მთლიანობაში, მარქსის მიერ დახატულ სურათს არ დაუკარგავს თავისი ძალა. უფრო პირიქით — დაქვეითებისა და რეტროგრადული მოძრაობის ნიშნები, საზოგადოებრივი სიმდიდრის აღმავლობის ფონზე, თანამედროვე გონებას შავისა და თეთრის კიდევ უფრო მკვეთრი კონტრასტით ანცვიფრებს. “ჩვენ დროში ყოველი საგანი თითქოს თავისი საწინააღმდეგო მოვლენის მატარებელია“ — ეს უფრო მეტად სწორია დღეს, ვიდრე გუშინ.

იმის შემხედვარე, თუ რა ველური ფორმები შეიძინა თანამედროვე ცივილიზაციის ჯანყმა თავისივე შეზღუდულობის წინააღმდეგ, სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ მარქსიზმი მოძველდა. კაპიტალის სტიქია, თავის ჯოჯოხეთურ ქვაბში რომ დუღს, გამოსავალს დიდსა და მცირე ომებში ეძებს. მუდმივი აღგზნება, შექმნილი ეკონომიკის უთანაბრო, კატასტროფული განვითარებით, რომელიც აღმავლობის გაფართოებული ფაზის ფარგლებშიც კი ინარჩუნებს უკიდურეს დაძაბულობას; უმძიმესი წნეხი მონოპოლიებისა, უხილავად რომ განაგებენ მილიონობით ადამიანის ცხოვრებას; მტანჯველი შიში თანამედროვე ქალაქის ქაოსის წინაშე — ეს ყველაფერი აირეკლება თითოეული პიროვნების ცხოვრებაზე და საზოგადოებას მასობრივი ფსიქოზების გამომწვევი ზნეობრივი ციებ-ცხელებით ასნეულებს. ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია შესაძლებლობა, გავლენა იქონიოს საკუთარ ბედზე, მაძღარ კეთილდღეობაშიც ვერ პოულობს მოსვენებას, და ბოროტმოქმედება, ნარკომანია, ლოთობა მისთვის ხდება სულისმოსათქმელი, ჩამნაცვლებელი პირადი თვითშემოქმედებისა. რეკლამის შუქით გაცისკროვნებული ყველა უცნაური სიგიჟე, სექსუალური კაპრიზებით დაწყებული და აბსტრაქტული ხელოვნებით დამთავრებული, მთელი ეს ახალი ბაბილონი, მოდური ცხოვრების მყვირალა აბსურდი, ბრბოსთვის განკუთვნილი მთვრალი ზმანება — ეს ყველაფერი იმავე წყაროდან იღებს სათავეს, რომლის სახელია: გაცრუებული მოლოდინები. კაპიტალიზმმა მხოლოდ უფრო ფართო, უფრო საქმიანი გახადა ექსპლუატაცია თავისუფლების დათრგუნული შეგრძნებისა, რომლისგანაც არა მხოლოდ საზოგადოებრივ სარგებელს, არამედ ფულსაც იღებს. თავისთავად, დაჩლუნგების ეს საშუალება წინამორბედი ისტორიული ეპოქების ყველა გაბატონებული კლასისთვის იყო ცნობილი. 

სანამ თანამედროვე კულტურის განათლებული და დახვეწილი, მეტისმეტად დახვეწილი კრიტიკოსები ევროპული განმანათლებლობის წინააღმდეგობებზე წერენ, ნამდვილ განათლებას, მის ყველაზე ძველ, ელემენტარულ პოზიციებს საფრთხე ემუქრება. ვოლტერს ზურგი ჯერ კიდევ აქციების ახლანდელი მფლობელების წინაპრებმა აქციეს. ბურჟუაზიული საზოგადოება ბიძგს აძლევს ბუნებისმეტყველების განვითარებას, მაგრამ რელიგია, მისტიკა, სპირიტიზმი, ასტროლოგია და „იდუმალი მეცნიერებები“ მაინც ინარჩუნებენ თავიანთ ბნელ კუნჭულს ობივატელის სულში. მაგრამ ვის მოუვიდოდა აზრად, რომ რეაქტიული თვითმფრინავების ეპოქა ყველაზე ნოყიერი ნიადაგი იქნებოდა ამ წარსულის ლანდების გასაცოცხლებლად? ჩვენ წინაშეა თვალბედითი ფაქტი — ბნელი ძალების იერიში ადამიანის გონებაზე, რომელმაც ძლივს გამოიღვიძა ათასწლოვანი მთვლემარებისგან. XX საუკუნის მეორე ნახევარში, დიდი ყოველდღიური პრესა გვატყობინებს სასწაულებზე, რომელიღაც მიყრუებულ პორტუგალიურ სოფელში ან ერთ-ერთი მსოფლიო დედაქალაქის ცენტრში რომ ხდება. მომავლის სამყაროს ზღურბლზე, რომელსაც ფანტასტიკური რომანების ავტორები გიგანტური სამეცნიერო ლაბორატორიის სახით წარმოგვიდგენენ, შავბნელი იდეების ფაბრიკა დღედაღამ მუშაობს.

ერთი ფრანგული წიგნის ავტორს შემდეგი ცნობები მოჰყავს ასტროლოგიის სახელით ცნობილი შარლატანობის გავრცელების შესახებ. აშშ-ში, სულ მცირე, ოცდაათი ათასი ასტროლოგია. ოცი სპეციალური ასტროლოგიური ჟურნალი იკვლევს ზეციურ მნათობთა გავლენას ადამიანთა ბედისწერაზე, ამ გამოცემათაგან ერთ-ერთი მილიონნახევრიანი ტირაჟითაც გამოდის. ორი ათასზე მეტ გაზეთს აქვს ასტროლოგიის მუდმივი განყოფილება. რადიოც საკმაოდ ბევრ დროს უთმობს ვარსკვლავების მიხედვით მომავლის გამოცნობას. რადიოსაუბრების სერიის შემდეგ, ვინმე მის ა.-მ, სამი თვის განმავლობაში, ჰოროსკოპის შედგენის ორმოცდაათი ათასი შეკვეთა მიიღო. ერთი ანკეტის მონაცემებით, ხუთი მილიონი ამერიკელი ყოველწლიურად ხარჯავს ორას მილიონ დოლარს ჰოროსკოპებსა და მკითხაობის სხვა სახეობებზე. ასტროლოგია ნოსტრადამუსის ეპოქაშიც ვერ იოცნებებდა ასეთ ბრწყინვალე კარიერაზე![2]

მაგრამ ასტროლოგია და პრაქტიკული ცრურწმენის სხვა დარგები შავბნელი იდეების ამ ფაბრიკის მხოლოდ ყველაზე დაბალ სართულს შეადგენენ. ცოტათი ზემოთ განლაგებულია სხვადასხვა სახის ფსევდომეცნიერებები, წარმოდგენილი სამეცნიერო წოდების მქონე ობსკურანტებით. ასტროლოგიისგან, მაგალითად, ბევრით არაფრით განსხვავდება კოსმობიოლოგია, რომელსაც აქვს საკუთარი ასოციაციები, საერთაშორისო ყრილობები, პრესა. კოსმობიოლოგია ამტკიცებს, რომ მზის აქტივობის რყევები არა მხოლოდ მაგნიტურ ქარიშხლებს იწვევს დედამიწაზე, არამედ ისეთ მოვლენებსაც, როგორიცაა მსოფლიო ომები და ეკონომიკური კრიზისები. პარიზის კომუნა შეესაბამებოდა მზეზე მომხდარ სამთვიან ქარიშხალს, ხოლო მიუნხენის გარიგება[VI] ულტრაიისფერი გამოსხივების ზედმეტად დიდ დოზაზე იყო დამოკიდებული. ლუდოვიკო XVI-სა და ნიკოლოზ II-ის სიკვდილით დასჯა მზის ჭარბი აქტივობის შედეგია. ზოგადად, რევოლუციები მხოლოდ და მხოლოდ მზის ლაქებისა და მოციმციმე აირის გავლენით გამოწვეული არაჯანსაღი ენერგიის შეტევებია.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ცრურწმენათა შავი ღრუბელი იზრდება ისეთ დროში, როდესაც მეცნიერებამ და ტექნიკამ დედამიწის მოსახლეობას სამყაროს თვალუწვდენელი ჰორიზონტები გადაუშალა. მაგრამ ეს ასეა. რა ხანია, არავის უკვირს შუასაუკუნეობრივი სქოლასტიკის აღორძინება, რომელიც მრავალი „სამეცნიერო“ ორგანიზაციითა და უნივერსიტეტით, წიგნებისა და სტატიების ნიაღვარით არის წარმოდგენილი.

მაგრამ საქმის არსი ბურჟუაზიული კულტურის უკუსვლის მაუწყებელ ამ ცალკეულ ნიშნებში როდი მდგომარეობს. შუასაუკუნეებისკენ შემობრუნება, დიდი ხნის წინ რომ გამოცხადეს საზოგადოების ამოცანად ისეთმა სახელოვანმა მოაზროვნეებმა, როგორებიც არიან ჟილსონი[VII], კრისტოფერ დაუსონი[VIII] ან ბერდიაევი[IX], არაფერია მთელი სულიერი ცხოვრების იმ ნამდვილ მოკვდინებასთან შედარებით, „მომსახურების“ კაპიტალისტური სისტემისადმი მისი დაქვემდებარება რომ მოასწავებს. თუკი უწინდელ დროში პატიოსანი მწერალი აზრის თავისუფლებას ფულის ტომრის წინააღმდეგ უიმედო ბრძოლაში იცავდა, ახლა მისთვის დონ კიხოტის როლიც კი ზედმეტად კარგია.

არა აზრთა მპყრობელის, არამედ პატარა ადამიანის, სპეციალისტის სახით, თავისი განსაზღვრული ფუნქციის შესრულება რომ აკისრია, იგი დგას უზარმაზარი ნაგებობის კარიბჭესთან, სადაც სულიერი სერვისის პროცესი ხორციელდება. ამ შენობაში ბევრი განცალკევებული, ორიგინალური მოპირკეთებით მბრწყინავი ოთახია, მაგრამ მათ შორის გაჭიმულია უხილავი მყარი ძაფები, და ყველა ეს ძაფი ერთიანდება მაღლა, სადაც საქმის არსისადმი, ანუ ხელოვნებისა და მეცნიერებისადმი, სრული გულგრილობის ატმოსფეროში წამოჭიმულან აზრთა ნამდვილი მპყრობელები, ვისი ძალაუფლებაც არა იდეებში, არამედ მატერიალურ სიძლიერეში მდგომარეობს.

მარქსიზმის ბურჟუაზიული კრიტიკის ვეტერანები და ახალწვეულები გუშინდელი მარქსისტების რიგებიდან წერენ, რომ მუშათა კლასის ხარჯზე ინტელიგენციის რაოდენობა იზრდება. ამაზე დაყრდნობით ისინი ასკვნიან, რომ საზოგადოების შეგნებული ელემენტები მომავალში შეძლებენ ბურჟუაზიული საზოგადოების ეკონომიკასა და კულტურაზე კონტროლის მოპოვებას. სინამდვილეში კი პირიქით ხდება  — სულიერი შემოქმედების მთელი სფერო სულ უფრო მეტად ექვემდებარება კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი მატერიალური წარმოების კანონებს.

თანამედროვე დასავლეთის ეკონომიკურ და მხატვრულ ლიტერატურაში ამ ფაქტის დამადასტურებელი არცთუ ისე ცოტა მაგალითი მოიპოვება. სალერიზებული[X], კულტურის მსახურად ან „შინახელოსნად“ ქცეული, სულიერი შრომის ადამიანი ან ყველგან მზა ტრაფარეტებს აწყდება, ანდა — მან უნდა გამოიცნოს ორიგინალობის ისეთი შესაძლო ფორმები, რომლებიც ამ სისტემის ზოგადი მოძრაობის კალაპოტშია მოქცეული. დიდი ტალანტებიც კი ძნელად პოულობენ დამოუკიდებელი სიტყვის შესაძლებლობას, და თვით კაპიტალიზმის კრიტიკაც, აუცილებელი სულის მოსათქმელის სახით, შედის — ან, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, შედიოდეს — გაბატონებული საზოგადოებრივი ძალის სტიქიურ გათვლებში. ამგვარად, მარქსის სიტყვებით რომ ვთქვათ[XI], „მოცემული საზოგადოებრივი ფორმაციის თავისუფალი სულიერი წარმოების“ (განსხვავებით „გაბატონებული კლასის იდეოლოგიური შემადგენელი ნაწილებისგან“) შესაძლებლობები ჩვენს დროში საგრძნობლად შემცირდა.

კულტურის რიგითი მსახურის ყველა ფიქრი, დამორჩილებული კომერციულ მიზანს, იმისკენაა მიმართული, რომ აამოს მომხმარებელს. მაგრამ ის, ვინც მოიხმარს ამ მომსახურებებს, გაზეთების, რადიოგადაცემების და სხვა გასართობის სახით რომ სთავაზობენ, თავად არის იმ სისტემის მონა, რომელიც მას ემსახურება. შემზარავია თანამედროვე ობივატელის, ადამიანი-სალამანდრას ხატი, შექმნილი მხატვრული ლიტერატურის მიერ. სულერთია, ერქმევა მას ბებიტი[XII] თუ ტიულერი[XIII], იმსახურებს ის სიბრალულს ან სიძულვილს თუ არ იმსახურებს, — ეს ადამიანი თხემით ტერფამდე, ჰალსტუხიდან პოლიტიკურ შეხედულებებამდე და სატრფიალო ფრაზებამდე, რეკლამის, რადიოს, კინემატოგრაფის — ამ „ზმანებათა ფაბრიკის“, დიდი გაზეთებისა და მთელი იმ მომსახურების მანქანის პროდუქტია, რომელიც მას თავის სულიერ კონფექციონს[XIV] სთავაზობს.

ეს თავიდან ბოლომდე „მანიპულირებული არსებაა“, როგორც ამბობენ ხოლმე თანამედროვე დასავლურ სოციოლოგიაში. მას არ გააჩნია ყველაზე მთავარი — თავისი თავი. „მას წაართვეს ცხოვრება სხვადასხვა დაწესებულებებმა და ღონისძიებებმა, — წერს ცნობილი გერმანელი სოციოლოგი ჰანს ფრაიერი[XV], — ან, უკიდურეს შემთხვევაში, ცხოვრება სხვა დაპატენტებული საქონელივით მიეწოდება. ადამიანს ცხოვრობენ. ერთადერთი, რაც მას მოეთხოვება, შეგუებაა, და თუ შესაძლებელია, არამხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც“.

ვერ ვიტყვით, რომ თავის თავში უღერძოდ დარჩენილი,  მთლიანად გარემოს გავლენებისგან შემდგარი ეს არსება (Other directed man, დევიდ რისმენის ტერმინოლოგიით[XVI]), მშვიდად ურიგდება თავის ხვედრს. ობივატელს სიკვდილამდე ეშინია ყოველგვარი იდეოლოგიის, რომელსაც ამა თუ იმ მანიპულატორი ძალის მიერ შექმნილ მორიგ ილუზიად აღიქვამს. მას ეშინია, გახდეს „გადმობირებული“. ნებისმიერი თავსმოხვეული ფრაზისადმი სრული ნდობიდან ის ასეთსავე უკიდურეს პესიმიზმში ვარდება. მას ჰგონია, რომ ადამიანისთვის ერთადერთი ღირსეული გამოსავალი არის გაქცევა საკუთარ სპეციალობაში, საკუთარ განსაკუთრებულ ფუნქციაში, რომლის შესრულებაც ხელოვნების ყველა წესის დაცვით სურს. რას აკეთებს — მუშაობს ომის წისქვილისთვის თუ უვარგის აბებს არეკლამებს — არა აქვს მნიშვნელობა. ნუ დაელაპარაკებით მისი საქმიანობის შინაარსზე, რამეთუ ამაზე საუბარიც კი, მის თვალში, წარმოადგენს იდეოლოგიას, პროპაგანდას, ანუ ბრიყვებისთვის განკუთვნილ სატყუარას. მნიშვნელოვანია მხოლოდ ოსტატობა, ფორმა — პირადი თავისუფლების ერთადერთი თავშესაფარი. ამგვარი პოზა წარმატებით სარგებლობს. მას მეორე დასავლეთგერმანელი სოციოლოგი, ფონ შელსკი[XVII] „კონკრეტიზმის“ სახელით აღწერს. 

მაგრამ რამდენადაც სულიერი ცხოვრების შინაგანი ღირებულება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია მის შინაარსზე, ამგვარი ხრიკები ვერ დაუბრუნებენ პიროვნებას დაკარგულ ღირსებას. კულტურის საშუალებები და მისი გავრცელების ფორმები, შექმნილნი თანამედროვე ცოდნის მიერ, დაცლილნი ჭეშმარიტი შინაარსისგან,  თავად კულტურის წინააღმდეგ ილაშქრებენ. და ადამიანი-სალამანდრა უფრო დაბლდება კინემატოგრაფის გამოგონების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად — რადიოსა და ტელევიზორის გამოგონების მერე. კულტურის შთამბეჭდავი მიღწევები ერწყმიან დაქვეითების აშკარა ნიშნებს.

თანამედროვე „მასობრივ საზოგადოებაში“ მოვლენათა ამ გაუკუღმართებული ლოგიკის დრამატული აღწერები საკმარისზე მეტად მოიპოვება. ისინი მოარულ ბანალობადაც კი იქცა. შეგიძლია ეს თემა სხვადასხვა თვალსაზრისით დამუშავო, წერო რომანები და პიესები, გააგრძელო ადამიანი-სალამანდრას ისედაც მყიფე ფსიქიკის შერყევა იმის ჩაგონებით, რომ მისი ყველა წამოწყება უაზრობაა. აქ ფართო ასპარეზი იშლება მახვილგონიერებისთვის, განმაცვიფრებელი, მოულოდნელი, პარადოქსული ლიტერატურული ხერხებისთვის. და თუკი ეს პროფესიონალური კეთილსინდისიერებით სრულდება, მაშინ თავად კულტურის კრიტიკაც შეიძლება გახდეს  — და ხდება კიდეც — თანამედროვე „კონკრეტიზმის“, ანუ საქმის არსისადმი გულგრილი შესრულების ტექნიკურ სრულყოფილებაში გაქცევის ერთ-ერთი ფორმა. გულისრევის, გარემომცველი სამყაროსადმი ზიზღის, აბსურდის ზეობის, ადამიანის ყოფიერების ირაციონალურობის შეგნების აღძვრის ხელოვნება, რა ხანია, განსაკუთრებულ სპეციალობად იქცა, რომელსაც, როგორც ნებისმიერ შრომას, თავისი რაციონალური ტექნიკა გააჩნია.

აზროვნების გარკვეული მიმართულების შემთხვევაში, კულტურის ეს კრიტიკა მარტივად გადადის მარქსიზმის კრიტიკაში. განათლებული ბრბოსთვის აშკარაა, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების პროგრესი ფეხდაფეხ არ მიყვება საზოგადოების ეკონომიკური ბაზისის განვითარებას. ასე ფიქრი მხოლოდ ნავთის ლამპის ხანაში შეიძლებოდა, როცა „მასობრივი საზოგადოების“ პარადოქსიას ჯერ კიდევ არ მიეღწია თანამედროვე მასშტაბებისთვის. მარქსს, გვეუბნებიან ისინი, მეტისმეტად სწამდა ისტორიული პროცესის ლოგიკის, მისი happy end-ის. ის ახალგაზრდობაში ჰეგელის სკოლას მიეკუთვნებოდა და დიდი იდეალისტის „ლოგოდიცეისადმი“[XVIII] — მსოფლიო ისტორიაში გონების გამართლებისადმი — ბოლომდე განსაკუთრებული მოწიწება შეინარჩუნა. სადმე ხედავთ ამ გონებას?

მარქსის კონკრეტული მოლოდინების თვალსაზრისითაც კი საქმე ხომ სრულიად სხვაგვარად წარიმართა. ლპობაშეპარულად გამოცხადებულმა კაპიტალმა აამაღლა ხალხთა მასების მოხმარების დონე, ბრუნვაში ჩაუშვა გადასახადები და იპოვა პერიოდულ კრიზისებთან გამკლავების საშუალება. შეძლებული კლასების წარმომადგენელი პროფესორები და სტუდენტები გატაცებულნი არიან მარქსიზმით, ხოლო დიდ პროფკავშირებში ორგანიზებულმა პროლეტარებმა მის შესახებ არაფერი იციან. კარლ მარქსის ქვეყანაშიც კი მუშებმა ჰიტლერს დაუჯერეს. 1914 წლიდან ამოქმედებულმა, საშინელმა ირაციონალურმა ძალებმა საზოგადოება მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა და ტანჯვის ხანაში დააბრუნა. ზოგიერთ ქვეყანაში ობივატელი ლამის ჭკუიდან შეიშალოს მოხმარების საგნების მრავალფეროვნებისაგან, ამ დროს კი საზოგადოების მორალური მდგომარეობა საშინელია. განათლებული ადამიანები ველურთა წესჩვეულებებისადმი მიისწრაფვიან, თაობათა შორის კონფლიქტი ყველგან იჩენს თავს, თვითმკვლელობათა ტეხილი იზრდება…

და ეს ყველაფერი მარქსიზმის უარყოფას წარმოადგენს? მართლაც, ბევრი რამ არ მოხდა ისე, როგორც გასული საუკუნის კლასობრივი ბრძოლის გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოსალოდნელი. გადაიტანა რა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით მძიმე მომენტი, კაპიტალიზმმა გადაავადა თავისი ისტორიული განაჩენი. როგორ და რატომ მოხდა ასე — სხვა, უფრო კონკრეტული საკითხია. მაგრამ განა ამ გადავადებისათვის არ გადაიხადა მსოფლიომ ის საშინელი საზღაური, რომელსაც ასეთი დაწვრილმანებით გვიხატავს კულტურის თანამედროვე კრიტიკა?

მარქსიზმის ფუძემდებლები არასდროს ამტკიცებდნენ და, რამდენადაც მათ მიერვე შემუშავებულ დიალექტიკურ მეთოდს ეყრდნობოდნენ, არც შეეძლოთ, ემტკიცებინათ, რომ კაცობრიობის ისტორიის რეალური მსვლელობა წმინდად რაციონალური მიზეზების გავლენით, ან, გერცენის[XIX] სიტყვებით რომ ვთქვათ, წინასწარ დადგენილი ლიბრეტოს მიხედვით სრულდება. არა, ამ ჩახლართულ, ზიგზაგისებურ და უსასრულოდ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში ჩვენ ხშირად ვაწყდებით ირაციონალურ, უსაზრისო, უგვანოდ უაზრო და, მიუხედავად ამისა, თავზარდამცემად რეალურ მოვლენებს. გონიერებაცა და უგუნურებაც არსებობს ჩვენ გარემომცველ სინამდვილეში — სხვაგვარად საიდან მოვიტანდით ამ განზომილებებს, რომელთაც შემდეგ, ჩვენი გონებისთვის ჩვეული გამარტივებით,  გარე სამყაროს ვარგებთ?

ფრანგული ანდაზა ამბობს: la raison finira toujours par avoir raison (გონება საბოლოოდ მართალი იქნება). მაგრამ როგორ დაამტკიცებს იგი თავის სიმართლეს, წინასწარ ვერ გვეცოდინება. ეს საკითხი არ წყდება გონიერის, კეთილისა და მშვენიერის რწმენის შესახებ ნათქვამი ფრაზებით, არც ჩვენი სურვილით, ყველაფერი სანიმუშო, სუსტი ადამიანური აბსტრაქციის მიერ შექმნილ წესრიგში დავინახოთ. იგი წყდება მოვლენათა ნამდვილი მსვლელობით, მრავალი ძალის ტოლქმედით. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ფრანგული ანდაზა სწორია, რადგან მასში მოქცეული ჭეშმარიტება თავისი საპირისპირო მოვლენითაც დასტურდება. თუ გონიერი არ გახდა ნამდვილი ისტორიულად შესაძლებელი პირდაპირი ფორმით, იგი თავისი უკუქმედებით ვლინდება იმ მოვლენებში, რომლებიც გონებას აცვიფრებენ ირაციონალური ხატების ან, უფრო სწორად, შეუსაბამობების ჯერით,  ერთი შეხედვით, სრულიად უაზრო რომ გვეჩვენება.

მაგალითად, ის გარემოება, რომ მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულმა ქვეყნებმა ეკონომიკურად გადაუსწრეს დანარჩენებს, თავისთავად გაკვირვებას იწვევს, მაგრამ კაპიტალისტური ეკონომიკის ჩარჩოებში ეს არა უბრალოდ აბდაუბდა, არამედ უაზროდ კანონზომიერი ფაქტია, რაც შესანიშნავად აჩვენა ჯერ კიდევ ნორმან ენჯელმა[XX] თავის წიგნში „დიდი ილუზია“, აქცია რა ეს ფაქტი პაციფიზმის სასარგებლო არგუმენტად. მარქსის მოძღვრების მოწინააღმდეგენი ხშირად იშველიებენ კაპიტალისტურ ქვეყნებში სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის რეგულირების წარმატებებს. ამრიგად, კაპიტალიზმის კანონები, რომლებიც მარქსმა აღმოაჩინა, დაირღვა. რას ვიზამთ? ადამიანს ბუნების კანონების დარღვევაც კი შეუძლია — ამიტომაც არის ადამიანი, დაჯილდოებული ცნობიერებითა და ნებელობით. მაგალითად, რომელიმე აღმგზნები საშუალების მიღებით, იგი ხელოვნურად იმაღლებს ცხოველქმედებას, თუმცა გაიხსენეთ ალფონს დოდეს „ნაბობის“ ისტორია. ბოლოს და ბოლოს, კანონები მაინც იტყვიან თავიანთ სიტყვას, როგორც არაერთხელ მომხდარა აქამდე, ხოლო სანამ სიცხადე დაისადგურებს და „გონება მართალი აღმოჩნდება“, იგი თავის სიმართლეს ყოველგვარი ავადმყოფური სიმპტომის, ქაოსის უცილობელი ნიშნებისა და აშლილობების დახვავებით ამტკიცებს. ამგვარია ისტორიული პროცესის იმ ყველა უცნაურობის წარმომავლობა, ირაციონალურის, როგორც არსებობის ჭეშმარიტების, თაყვანისმცემელთა მანერულ თეორიებს რომ ასაზრდოებს.

მხოლოდ ბრმა თუ იტყვის, რომ ისტორიამ მარქსის მიერ დადგენილ გზას გადაუხვია, იმის საფუძველზე, რომ ის ერთ სიმახინჯეს მეორეთი პასუხობს და — იმდენად, რამდენადაც საქმე ჭიანურდება და ბურჟუაზიული საზოგადოება, ოპტიმისტებისა და პესიმისტების სასულიერო ორკესტრის ჰანგების თანხლებით, თავისი არსებობის ოცდამეხუთე საათს სცილდება — სულ უფრო და უფრო ართულებს იმ პირობებს, რომლებშიც ცხოვრების დრომოჭმული წესის ბედი უნდა გადაწყდეს. შიგნით ჩამწყვდეული ავადმყოფობის სიმპტომები აღწერილია უკანასკნელი წლების უზარმაზარ ლიტერატურაში,  და რეგრესის ეს ნიშნები არ მოასწავებენ ბედნიერ დასასრულს.

ამ სოციალური ავადმყოფობის მარქსისეული დიაგნოზის სამართლიანობის დასამტკიცებლად არ არის საჭირო თანამედროვე სამყაროში მომხდარი რეალური ცვლილებების უარყოფა, არ არის საჭირო იმაზე თვალის დახუჭვა, რომ კაპიტალისტურმა საზოგადოებამ შეიძლება დროებითი აღმავლობა დაიბრუნოს და მიაღწიოს ერთგვარ „ოქროს შემოდგომას“, 40-იანი წლების ბოლოს ჰერმან რაუშნინგმა[XXI] რომ უწინასწარმეტყველა. ბედისწერის ამგვარი ცვალებადობების გარეშე არცერთი საზოგადოებრივი წყობილება არ ტოვებს სცენას. საკმარისია, გავიხსენოთ წარმოების ანტიკური წესის კვდომის გაჭიანურებული პროცესი, ხოლო თანამედროვე კაპიტალიზმს ჯერ კიდევ არ მიუღწევია იმ შეფარდებით სიმშვიდემდე, რომელმაც რომაულ ცივილიზაციაში ანტონინუსების[XXII] მეფობის ხანაში დაისადგურა.

თანამედროვე ისტორიული ვითარების მარქსისტული ანალიზის სამართლიანობა ყველაზე უკეთ ცხოვრების იმ მოვლენებით დასტურდება, რომლებიც, ჩვეულებრივ, მის უარსაყოფად მოჰყავთ. ჩვენი საუკუნის დასაწყისში, მარქსიზმი და მისი „სოციალური კატასტროფის თეორია“ ერთხელ უკვე აღიარეს მოძველებულად[XXIII]. მაგრამ ძველი ევროპის დიადი განპოხების ტკბილი დროება „ევროპის დაისმა“ ჩაანაცვლა. ის ფაქტი, რომ მმართველმა კლასებმა მოახერხეს სოციალური რევოლუციის საფრთხის თავიდან არიდება და შოვინიზმის იდეებით ხალხთა მასების ცნობიერების ჩახშობა, ძველ სამყაროს შემზარავი საშიშროებით მოუბრუნდა. 1914 წელს გაჩაღდა ომი. ომის დასასრულს აღსრულდა ფრიდრიხ ენგელსის წინასწარმეტყველური სიტყვები — ძველი საზოგადოება ნანგრევებად იქცა[XXIV].

 „იმპერიალისტურმა ომმა, — წერდა ლენინი 1917 წელს, — უდიდესი და უმდიდრესი საბანკო ფირმების — „ინგლისისა“ და „გერმანიის“ — ომმა მსოფლიოზე ბატონობისთვის, ნადავლის განაწილებისთვის, მცირე და სუსტი ხალხების გაძარცვისთვის, ამ საზარელმა და დანაშაულებრივმა ომმა ააოხრა ყველა ქვეყანა, გააწამა ყველა ხალხი, დააყენა კაცობრიობა დილემის წინაშე: ან განადგურდეს მთელი კულტურა და დავიღუპოთ, ან რევოლუციური გზით დავამსხვრიოთ კაპიტალის უღელი, დავამხოთ ბურჟუაზიის ბატონობა, მოვიპოვოთ სოციალიზმი და მტკიცე მშვიდობა“[3].

მსოფლიო რევოლუცია, საზარელი ომის მიწურულს მილიონების მგზნებარე ნატვრა, თავისი განყენებულ-გლობალური სახით არ განხორციელდა, მაგრამ იმას, რაც 1917 წლის ოქტომრიდან მოყოლებული მოხდა, უკან ვეღარ წაიღებ. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დასავლური ქვეყნების მმართველი კლასები იძულებულნი გამხდარიყვნენ, მსოფლიო რეფორმის გზები ეძებნათ. მეორე სასტიკმა გაკვეთილმა, რომელიც დასავლეთ ევროპისა და ამერიკის პლუტოკრატიამ 30-40-იან წლებში მიიღო, უფრო მეტად გააძლიერა ეს ტენდენცია. ისტორიის კანონთა გაცურების კიდევ ერთმა მცდელობამ საპირისპირო შედეგები მოიტანა და უმდიდრესი კაპიტალისტური ქვეყნები უფსკრულის პირას დააყენა. ძალაუნებურად, „დასავლური სამყაროს“ ნამდვილ მეპატრონეებს მარქსის სოციალიზმისგან მოუწიათ სწავლა, — ცხადია, ისე, როგორც ეს მათი კლასობრივი მიზნებისთვის არის შესაძლებელი.

აი, საიდან ძველი საზოგადოების მეორე სუნთქვა და ისტორიის მთელი ეს შემობრუნება, მარქსის კრიტიკოსებს მისი იდეების უარყოფად რომ წარმოუდგენიათ. საკვირველი ფაქტი! თავის დროებით და მყიფე აყვავებას კაპიტალიზმი ჩვენი საუკუნის სოციალურ რევოლუციას უნდა უმადლოდეს. თავისთავად ფაქტი უაზროა და ირაციონალური, თუმცა კი — ნამდვილი. ის დათმობები, რომლებზეც კაპიტალისტები სახალხო მასებთან თავიანთ ქვეყნებსა და კოლონიებში წავიდნენ, ბურჟუაზიული ეკონომიკისთვის უფრო კეთილმოსურნე გამოდგა, ვიდრე ყველა სისხლიანი ანგარიშსწორება კავენიაკიდან[XXV] ჰიტლერამდე და ყველა კოლონიური ძარცვა, დაწყებული მექსიკისა და პერუს საგანძურების ხელში ჩაგდებით. იძულებითი ზომების სახით გატარებულმა, ამ დათმობებმა, როგორც ყოველი რევოლუციის შემდეგ ხდებოდა, გაუგონარი ბიძგი მისცა შიდა ბაზარს და კაპიტალისტურ მრეწველობას ის ოქროსმომტანი წყარო აპოვნინა, რომლითაც იგი დღემდე იკვებება. გონება მართალი აღმოჩნდა, თუმცა კი ყველაზე ირაციონალური ფორმით.

ამრიგად, თუ ლოგოდიცეა არა, მაშინ არც მთლად უაზრობა — აი, რას შეიძლება მიხვდე ჩვენი ეპოქის მსოფლიო მოვლენებზე ყველაზე ზოგადი დაკვირვებიდან. და ამ დასკვნას ის ღრმა მორალური კრიზისი ადასტურებს, რომელიც კაპიტალიზმის დროებითი წარმატებებიდან აღმოცენდება, კაპიტალიზმის, ასეთი ზარზეიმით რომ გადაქცეულა „სიუხვის საზოგადოებად“ და „კეთილდღეობის სახელმწიფოდ“[XXVI]. ჰო, სწორედ კეთილდღეობა იწვევს ხშირად ცხოვრებისადმი საშინელ ზიზღს, რომელმაც მოიცვა ადამიანთა დიდი მასები, ყველა იმ თანმდევი მოვლენის თანხლებით, აქედან რომ გამომდინარეობს — ნებაყოფლობითი გაველურების წყურვილით, უაზრო ძალადობის ჟინით, სოციალური ისტერიის სხვადასხვაგვარი გამოვლინებით, რომელთაც უკვე მიეჩვია თვალი და რომლებიც თანამედროვე კულტურის ნორმალურ ნიშან-თვისებებადაც კი აღიქმებიან.

მაგრამ საიდან ჩნდება თანამედროვე კაპიტალისტური სამყაროს სიმდიდრის ეს  უკუქმედება, საიდან ჩნდება ეს კავშირი „ტექნიკის წარმატებასა“ და „მორალურ დეგრადაციას“ შორის, რომელზეც მარქსი საუბრობს? მაგალითად, რატომ ანცვიფრებს დამკვირვებლებს ისეთი მაძღარი და კულტურული ქვეყანა, როგორიცაა შვედეთი, — ეს ზომიერებისა და წესრიგის ქვეყანა, — ზნეჩვეულებათა გადაგვარებითა და ახალგაზრდობის ანარქიული დუღილით? მრავალი სახელი არსებობს ამ ეშმას შელოცვისთვის, მაგრამ რაც არ უნდა უწოდო — იქნება ეს გაუცხოება თუ კულტურით უკმაყოფილება (das Unbehagen in der Kultur) — და როგორც არ უნდა ეცადო, თავი ინუგეშო იმით, რომ სხვებს თავიანთი საზრუნავი და უკმაყოფილება აქვთ, ფაქტი ფაქტად რჩება: ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ ვერ ჰპოვა ნეტარება მატერიალური არსებობის იმ წარმატებებშიც, რომელთაც, მის მიერ მეოცე საუკუნის შუაგულს შექმნილი, კლასობრივი ბატონობის უფრო მოქნილი ფორმის შედეგად მიაღწია.

ეს ფაქტი თვალსაჩინოდ აისახა მთელ ლიტერატურაში, რომელიც არაერთგვაროვანია თავისი სიღრმითა და ტენდენციით, მაგრამ, მთლიანობაში, უსათუოდ იმსახურებს ყურადღებას. მას მიეკუთვნება ჩ. რ. მილზის[XXVII], რისმენისა და მისი სკოლის, უიათის[XXVIII], პეკარდის[XXIX], ფრომისა და სხვა მრავალი ავტორის წიგნები. ამ ნაწარმოებთაგან ზოგიერთი შეიცავს კაპიტალიზმის თანამედროვე ფორმის ყველაზე სერიოზული და რეალური კრიტიკის მარცვლებს, მაგრამ ყველა მათგანი, ასე თუ ისე, იმას მოწმობს, რომ მარქსის მიერ აღმოჩენილი ისტორიის კანონების მოტყუება არ არის ადვილი.

დასავლეთის ხალხებმა ამ საუკუნეში ბევრი ახალი ეკონომიკური და კულტურული უპირატესობა მოიპოვეს — ნაწილობრივ, საკუთარი ისტორიული თვითშემოქმედების, ეროვნული დემოკრატიული ძალების ბრძოლის წყალობით, ნაწილობრივ, იმ მმართველი ელიტის შორსმჭვრეტელი ან, ყოველ შემთხვევაში, კლასობრივად აწონ-დაწონილი პოლიტიკის შედეგად, რომელიც შესანიშნავად ხვდებოდა, რას ნიშნავს მისთვის ახალი რუსეთის მაგალითი. ეს უპირატესობები, ხშირად, მოპოვებულია არა პირდაპირ, დამოუკიდებელი დაუფლების გზით, ანუ ხალხთა მასების ყოვლის მაცოცხლებელი აღმავლობის პროცესში, არამედ შემოხლართულია სხვადასხვა ობიექტური პირობებით, რომლებიც, მოცემულ მომენტში, ამ უპირატესობებს ამა სოფლის ძლიერთათვის შედარებით უსაფრთხოდ აქცევს, ზოგჯერ კი — ხელსაყრელადაც მათი ძალაუფლებისთვის.

ეს მაღლიდან ნაწყალობევი ძღვენია, იძულებით ჩადენილი ქველმოქმედება. და ყველგან, სადაც ამგვარი ელემენტი გვხვდება, სადაც ის ნამდვილად არსებობს, ახდენს რა თავის გავლენას „მასობრივ საზოგადოებაზე“, ბრბოზე, ცხოვრების მოკვდინების მთავარი მიზეზი ნათელია. რამეთუ ნებისმიერი კეთილდღეობა, ნაბოძები ზემოდან, მზამზარეული სახით, ჩვენი უშუალო მონაწილეობის გარეშე, კეთილდღეობა, რომელიც არ არის ნაკურთხი მასების რევოლუციური თვითშემოქმედებით, მკვდარია. ის იქცევა მტანჯველ მატერიალურ ძალად, დღის კოშმარად, იწვევს რა პროტესტის, ცივილიზაციის ყველაზე მოწინავე მიღწევებისაგან განზიდვის შავბნელ შეგრძნებას. დიახ, ეს ყველაფერი არ არის „მარქსის მიხედვით“, მაგრამ მით უარესი საზოგადოებისთვის და მით უარესი იქნება მათთვის, ვინც აფერხებს ისტორიული გარდაუვალობის უფრო პირდაპირი და ღია ფორმით, ანუ „მარქსის მიხედვით“, გამოვლენას.

აი, საიდან ჩნდება „კულტურით უკმაყოფილება“ და ამ მოვლენასთან, თოვლის გუნდასავით რომ იზრდება, დაკავშირებული სხვა ნიშნები. ასე ამტკიცებს თავის თავს მარქსიზმის მიერ გონების ენაზე გადათარგმნილი ისტორიული აუცილებლობა. მას ემორჩილებიან ყველანი — თეთრებიცა და წითლებიც, კაპიტალის მემკვიდრეებიცა და რევოლუციის მემკვიდრეებიც, მაგრამ, განსაკუთრებით, ისინი, ვისაც სურს, ცბიერების ან ძალმომრეობის მეშვეობით გაექცეს. მაშინაც კი, როდესაც გონიერი აუცილებლობა ვერ პოულობს ცხოვრებაში შესაღწევ ღია შესასვლელს, იგი თავის საწადელს  აღწევს სხვა, უფრო რთული და ხშირად მახინჯი გზებით. ხოლო თუ ეს გართულებანი ვერ თავსდებიან აბსტრაქტული მარქსიზმის მეტისმეტად რაციონალურ სქემაში, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამაში დამნაშავე კარლ მარქსის ღრმა დიალექტიკური აზრია?

საზოგადოებრივი განვითარების იმ კლაკნილებში, რომლებიც ხშირად თვით პროგრესის იდეის უარყოფად წარმოგვიდგება, ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებას პროგრესის იმ სანახევრო და არათავისუფალი ფორმის შეზღუდულობისა, რომელიც ბოჭავს ისტორიის ყველაზე პროგრესულ ძალას — ფართო მასების აქტიურ და უშუალო მონაწილეობას თავიანთი ბედის განკარგვაში. მანამ, სანამ ეს ამოცანა არ გადაიჭრება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დღეს კაპიტალიზმის ბურჯებს წარმოადგენენ, — მაღალი ეკონომიკური განვითარებისა და მეტ-ნაკლებად მყარი კულტურული ტრადიციების ქვეყნებისთვის, — მანამ, სანამ საზოგადოებრივი პროცესი მოწამლული იქნება ზემოდან მოძრაობის უპირატესობით,  შექმნის რა სტიქიურობისა და დესპოტიზმის კავშირის სხვადასხვა ფორმებს, ისტორია კიდევ ბევრჯერ დაგვანახვებს, რომ მას, გერცენის სიტყვებით რომ ვთქვათ, „გვერდით გადახვევა“ შეუძლია. ე. წ. მასობრივი საზოგადოების თეორეტიკოსების აზრით, თანამედროვე კულტურის მანკიერებანი ბრბოს, ტლანქი უმრავლესობის ჩარევის შედეგს წარმოადგენს. მარქსიზმის თანახმად, თავად ბრბო სერიოზულ საზოგადოებრივ საქმეებში პირდაპირი მონაწილეობისგან მასების ჩამოშორების შედეგად ჩნდება.

მატერიალურ ძალებს ენიჭებათ სულიერი სიცოხლე, ხოლო ადამიანი უბრალო მატერიალური ძალის დონემდეა დაყვანილი! მარქსის ეს თეზისი დღეს ხიბლავს მავანთ, მას კომუნიზმის მტრებიც კი გაუთავებლად იმეორებენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარქსი არა მხოლოდ აღწერს ე. წ. გაუცხოებას, ანუ პირადი კავშირების ნივთიერ, მკვდარ, მექანიკურ კავშირებში გადასვლას, არამედ აგრეთვე აჩვენებს, რომ „გაუცხოება“ არა თავისთავად საბედისწერო ფაქტს, არამედ საზოგადოებრივი ძალების აღმავლობის გაუკუღმართებულ, ირაციონალურ ფორმას წარმოადგენს. ნებისმიერი სიკეთე იქცევა ბოროტებად, თუ საზოგადოებას არ შესწევს უნარი, გადაჭრას თავისი უმთავრესი ამოცანა, რომელიც მანამ, სანამ არ გადაიჭრება, გვახსენებს თავს და მეორდება ახალ გარემოპირობებში, ისტორიის ახალ უცნაურ კაპრიზებში.

თანამედროვე „კულტურით უკამყოფილების“ კრიტიკაც, არამარქსისტული კრიტიკა, აგრეთვე სწავლობს მარქსისგან. მაგრამ იგი მისგან იღებს მხოლოდ ერთ თემას, რომელიც შემდეგი სიტყვებით შეგვიძლია გამოვხატოთ: „გამქრალი ილუზიები“. ისტორიის მთელი მსვლელობა, განსაკუთრებით, საფრანგეთის პირველი რევოლუციის დროიდან, მდიდარ მასალას გვაწვდის ამ თემის დრამატული განვრცობისთვის. დიადი საზოგადოებრივი აღტკინებანი იმედგაცრუებით თავდებოდა, მეცნიერებისა და მრეწველობის მიერ გამოთავისუფლებული, ვეებერთელა ძალები თვით ადამიანებს უპირისპირდებოდნენ. ამჟამად ეს ყველაფერი იმდენად ცნობილია და — გამუდმებული გამეორებით — იმდენად ზოგადი ხასიათი შეიძინა, რომ შეიძლება ფორმალურ კანონადაც აღიქმებოდეს. მაგრამ ამგვარ კანონში საქმის მხოლოდ ერთი, თუმცა, ალბათ, ადამიანისთვის – სასრული არსებისთვის, რომელსაც, ამასთანავე, შესწევს სამყაროში საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებისა და მის წინააღმდეგ აჯანყების უნარი – ყველაზე უფრო მგრძნობიარე მხარე იქნება მოხელთებული.

როდესაც მოპიკირე ბომბდამშენის გამაყრუებელ ყმუილში, ტალახში პირქვე გართხმული წევხარ, სამყარო ამაზრზენ უაზრობად გეჩვენება. მაგრამ ზოგადი დასკვნების გამოსატანად ასეთ მდგომარეობას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ საუკეთესოს. ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია უფრო მოსახერხებელი პოზიციიდან დააკვირდეს მოვლენათა მსვლელობას, როგორც ჩვენ შეგვიძლია ვწეროთ თავდაპირველი ქრისტიანობის ეპოქაში ანტიკური სამყაროს კრიზისზე ან იმ საზარელ მოვლენებზე, 1933 წლის შემდეგ რომ დაატყდა თავს ევროპას[XXX]. ოღონდ ტროტილის აფეთქებისაგან გადაბუგული მიწის სუნი არ დაგვავიწყდეს, და თუ მოვახერხეთ იმ წყეული „ზღვრული სიტუაციიდან“ გამოღწევა და მხრებზე თავი შევინარჩუნეთ, უფრო სრულყოფილი და უშუალო ტრავმისაგან თავისუფალი დასკვნების გამოსატანად, ეს მხოლოდ კარგია. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი[XXXI]. თავისთავად, შესაძლებლობა, დაინახო არა მხოლოდ ისტორიული შრომის დანახარჯები, არამედ საერთო შედეგიც, ან თუნდაც მისი შორეული ნაკვთები, — „ის, რის გამოც“, არისტოტელეს სიტყვებით რომ ვთქვათ, — დიდი უპირატესობაა.

მარქსის გენიალური აზრი იმდენად თვალსაჩინოდ დადასტურდა, რომ ახლა განათლებული ბრბო მზადაა, ეს აზრი დამახინჯებული ფორმით გაიზიაროს. მარქსი გვეუბნება, რომ ადამიანური თავისუფლების განვითარებასთან ერთად ფართოვდება მატერიალური აუცილებლობის სფეროც. ადამიანის არსებობის ეს სტიქიურად მზარდი სოციალური საფუძველი ბატონობს საზოგადოებაზე, იმის მაგიერ, რომ ადამიანთა შეგნებულ კონტროლს ემორჩილებოდეს. თავად აზრის მოძრაობა იძენს ბრმა პროცესის ნიშნებს. სტიქიას საზოგადოებრივი ოკეანის ზედაპირზე გამოაქვს ყველაფერი უგვანო, უღიმღამო, ის, რაც უფრო ახლოა ადამიანის სულზე გამარჯვების მოზეიმე ჩლუნგ მატერიალურ ძალასთან. „და აი, როგორი მცირე სიბრძნით იმართება სამყარო!“ — თქვა კანცლერმა ოქსენშერნამ[XXXII].  

მაგრამ ნუ ვიჩქარებთ. სწორედ მაშინ, როდესაც სასტიკი სინამდვილე ჩვენს გულუბრყვილო ილუზიებსა და გადაჭარბებულ მოლოდინებს ჩვენთვის მოულოდნელ წინააღმდეგობრიობათა თამაშის შედეგად აქარწყლებს, თავად მარცხი კაცობრიობისა მის გამარჯვებად იქცევა. და კვლავ კიაფობენ დიდი იმედები, სისხლით მორწყული მიწა შობს გიგანტებს, საქმე წინ მიიწევს, ეყრდნობა რა უფრო ფართო და მყარ საფუძველს.

მაგალითად, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, მსოფლიო სევდის[XXXIII] იდეებმა, ასე ძალიან რომ ჰგავს ჩვენი დროის მოთქმა-გოდებას, მოაზროვნე თანამედროვეთა ფართო ფენების გონება მოიცვა. თავისუფლების ილუზიები რევოლუციის მიერ გათავისუფლებული კაპიტალისა და პოლიტიკური ძალაუფლების დემონთა დაუნდობელმა მსვლელობამ გათელა. მაგრამ გავიდა რამდენიმე ათწლეული — და ისტორიულმა შემობრუნებამ უფრო მყარი ნიადაგი შექმნა ჩაგრული მასების გაერთიანებისთვის, რომელთაც იმხანად „თავისუფალი სულიერი წარმოების“ ყველა ჭეშმარიტი წარმომადგენელი თანაუგრძნობდა. ენთუზიაზმის ახალმა ტალღამ შთანთქა ევროპის ხალხები. მსოფლიოს ჩაესმა შუმანის „აღმაფრენა“, შოპენის ეტიუდები…

1848 წლის სისხლიანი შეტაკებების მეორე დღეს, რომლებიც მუშთა კლასისა და რევოლუციურ-დემოკრატიული პარტიების მარცხით დასრულდა, კაპიტალი, მარქსის სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალ XVI საუკუნეს ზეიმობდა. საზოგადოებრივ ფსიქოლოგიაში დამკვიდრდა პოზიტივიზმი, თავისი განყენებული მეცნიერულობით, დარწმუნებული იმაში, რომ სიკეთე და ბოროტება ისეთივე პროდუქტია ნივთიერი ძალებისა, როგორც აჯასპი და შაქარი. რენანი ევროპელ ფილისტერს ვანდალთა აჯანყებით აშინებდა, შოპენჰაუერის პესიმიზმმა, როგორც იქნა, მადლიერი პუბლიკა იპოვა. და რა მივიღეთ ისტორიის ამ ზიგზაგის შედეგად? ბრძოლის ნიადაგის გაფართოება, ბრძოლაში ახალი ხალხების ჩართვა, საერთაშორისო კავშირი პროლეტარული პარტიებისა, რომელნიც, მართალია, დასუსტებულნი იყვნენ რევოლუციური თეორიის ნაკლოვანებებითა და ბელადების ოპორტუნიზმით, მაგრამ მაინც შიშის ზარს სცემდნენ მდიდარ უმცირესობას.

ასე ტრიალდება ჩვენს დროში დასაღუპად განწირული წესწყობილების ყოველი დროებითი წარმატება მის წინააღმდეგვე. მართალი მხარე „მასობრივი საზოგადოების“ მეტ-ნაკლებად სუსტი ფორმულისა, რომელიც მხოლოდ მეორეულ ნიშნებს იხელთებს, იმაში მდგომარეობს, რომ კერძო საკუთრების საზოგადოება, აღმოცენებული სტიქიური განვითარებისა და კაპიტალის გაუგონარი ცენტრალიზაციის შედეგად, ქმნის ერთგვარ საყოველთაო დამონებას, აქრობს რა მკვეთრ კლასობრივ ზღვრებს და წარმოქმნის მრავალ წვრილ-წვრილ ჯგუფსა და დონეს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მხოლოდ ზედმეტი ღირებულების წარმოებასთან მიმართებით, არამედ აგრეთვე  მის, თუნდაც ფიქტიურ, გადანაწილებაში მონაწილეობით. ასე ჩნდება ობივატელთა ამორფული მასა, „მარტოსულ პირთა ბრბო“, რომელიც რომაული იმპერიალიზმის ხანას გვაგონებს. თქვენი პროლეტარი აბსტრაქციაა, გვეუბნებიან მარქსის კრიტიკოსები.

ნამდვილად, გვიანი კაპიტალიზმის განვითარებამ მრავალი ჩახლართული მდგომარეობა და განხეთქილების ახალი წყარო წარმოშვა, მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, იგი ამარტივებს საზოგადოებრივი წინააღმდეგობის სურათს. დიდი ბიზნესისა და დიდი სახელმწიფოს მიერ მართული ასოცირებული კაპიტალის მძიმე ქუსლის ქვეშ ერთიანი დემოკრატიული მასის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს, მასისა, რომელიც საერთო ბოროტებისაგან იტანჯება. ადრე თუ გვიან, „მასობრივი საზოგადოების“ ეს მოულოდნელი მხარე უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე გათიშულობა, რომელიც წარმოქმნის ბრბოს. ის, რასაც კულტურის ფილოსოფოსები „დეზაგრეგაციას“, „ატომიზაციას“ და სხვა მწიგნობრულ სიტყვებს უწოდებენ, საერთო მტრის წინააღმდეგ ხალხის გაერთიანებად გადაიქცევა. ეს პირობა, აუცილებელი ნებისმიერი სოციალური რევოლუციის წარმატებისთვის, წარსულში შეზღუდული იყო პატარა ადამიანების, წვრილი მესაკუთრეების ფართო მასისგან მუშათა კლასის იზოლაციით. მაგრამ გარკვეულ ვითარებაში ის შეიძლება ელვის სისწრაფით გაჩნდეს. იგი ჩვენს დროშიც გამუდმებით იჩენს თავს ბურჟუაზიული ოლიგარქიისა და მილიტარიზმის ზრახვებისადმი დემოკრატიული წინააღმდეგობის ყოველ წარმატებაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიაში არსებობს მორალური ძალა, რომელიც აღემატება მატერიალურს, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. სწორედ ამ აღმატებული ძალის არსებობის შესახებ საუბრობს მარქსის მატერიალიზმი. ის გვეუბნება, რომ სულიერი ძალაუფლება, რომელსაც ისტორიის მსვლელობაში მატერიალური აუცილებლობა იძენს, „გაუცხოების“ ძალაფლება, არ არის უკიდეგანო. ყველაზე გამოუვალ მდგომარეობებშიც კი, როცა თითქოსდა არ არსებობს არჩევანის თავისუფლება, სრულდება ღრმა უხილავი სამუშაო და ბებერი თხუნელა მარდად თხრის მიწას[XXXIV]. ყველაფერი თავის საპირისპირო მოვლენად იქცევა, მათ შორის, მსოფლიო ისტორიის ეს უკუღმართობაც.

„ჩვენ, ჩვენი მხრივ, — ამბობს მარქსი ჩარტისტული გაზეთის იუბილეზე წარმოთქმულ სიტყვაში, — შეუცდომლად ვცნობთ ამაში იმ მზაკვარი სულის ნიშანს, რომელიც მუდამ მჟღავნდება ყველა ამ წინააღმდეგობაში“ (12, 4)[XXXV]. მარქსის სიტყვის შესახებ ანგარიშის ინგლისური ტექსტი გვამცნობს: “We do not mistake the shape of the shrewd spirit that continues to mark all this contradictions“ [4].

ეჭვგარეშეა, რომ მარქსი გულისხმობდა ჰეგელის გონების ცბიერებას, იმ საკვირველ, ისტორიაში ყოველთვის შესამჩნევ მიმართებას, როცა შეზღუდული ძალა, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობის უფრო ფართო დინებაზე ზეიმობს გამარჯვებას, თავად იქცევა იარაღად ამ უკანასკნელის ხელში. და ეს გონების ცბიერება სწორედ მაშინ იჩენს თავს, როდესაც სინამდვილის პირისპირ ჩვენ მიერ დაკარგული ილუზიები ქრება.

მხოლოდ თანამედროვე კონფლიქტების ულმობელ გამოცდილებას შეუძლია ჩამოაყალიბოს ახალი ტიპის ადამიანები — ადამიანები, რომელთაც ექნებათ პროგრესის სტიქიურ ძალებზე გაბატონების უნარი. გაუგონარი სირთულის ამოცანაა. და მხოლოდ იმიტომ არა, რომ იგი საჭიროებს კლასობრივი უთანასწორობის შენარჩუნების მსურველ უმცირესობაზე გამარჯვებას. საზოგადოებრივ მეურნეობასა და მასების აღზრდას მხოლოდ ისეთი ადამიანები გაართმევენ თავს, ვისაც საქმის უდიდესი ცოდნა აქვს და შეუძლია საკუთარი მოქმედებების გაკონტროლება, „გონების ცბიერების“ შეგნებული გამოყენება და რევოლუციის მტრების ისტორიული მოძრაობის იმ მარიონეტების როლში გამოყვანა, რომლებიც სოციალიზმს ემსახურებიან. ამისათვის, რასაკვირველია, აუცილებელია ამ ისტორიული დიალექტიკის გაგება, მისი გონიერი ასახვა, ანუ რევოლუციური თეორია.

 „ჩვენ ვიცით, — ამბობს მარქსი, — რომ საზოგადოების ახალი ძალების წასამართავად საჭიროა, რომ მათ ახალი ადამიანები დაეუფლონ — და ეს ადამიანები მუშები არიან“(12, 4)[XXXVI]. რა თქმა უნდა, ის მუშები არა, სავაჭრო-სამრეწველო ელიტამ ინტელიგენციისადმი, „კვერცხისთავიანებისადმი“ ზიზღით რომ მოწამლა. ძველი სამყაროსთვის არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე მუშათა კლასისა და სოციალიზმის თეორიის კავშირი. ფართო ისტორიული გაგებით, ეს გაერთიანება დიდი ხნის წინ შედგა, პრაქტიკაში კი იგი ჩვენს დროშიც არ ხერხდება ხშირად. ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ მარტივ გზას მარქსიზმი არასდროს ჰპირდებოდა.

რაც არ უნდა იყოს, ამ გზის ყველაზე უცნაური ზიგზაგები და გართულებანი ვერ შეცვლიან მსოფლიო ისტორიის ზოგად პერსპექტივას. მთელი თაობები დატოვებენ სცენას, მაგრამ საქმე თავისი გზით განაგრძობს სვლას, მოსპობს რა უსარგებლო ილუზიებს და ისტორიული პროცესის ობიექტურ „ცბიერებაში“ იპოვის ძალების ახალ წყაროებს. ოქტომბრის რევოლუციამ დაადასტურა მარქსის ამ წინასწარმეტყველების სიმართლე. საზოგადოების ძველისძველი სნეულების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შემოტევის ჟამს, მან კაცობრიობას უჩვენა პრაქტიკული გამოსავალი „კულტურის ტრაგედიიდან“. მისი მოწოდება ომის, გაველურების, რეაქციული იდეების ღვარცოფის, ძველი სამყაროს უსულგულო დისციპლინით მასების დამონებისა და საერთო საქმისადმი გულგრილი, მკვდარი ობივატელობით მათი გახრწნის წინააღმდეგ ბრძოლისკენ ჩვენი საუკუნის უდიდეს ჭეშმარიტებად დარჩება.

თქვენ გადაგიბირეს, — პასუხობენ ამაზე მარქსიზმის კრიტიკოსები. თქვენი სიტყვებიცა და მოწოდებებიც იდეოლოგიაა. მარქსიზმი, ისევე როგორც სხვა იდეოლოგიები, დაკავშირებულია ორგანიზებულ ძალასთან, რომელსაც სურს დაეუფლოს მასებს და ამ მიზნით თავის ჯადოსნურ ფარანს იყენებს, რათა მათ წინაშე ბედნიერი მომავლის სურათები ხატოს. მარქსი დიდი ადამიანი იყო, მაგრამ იგი ვერ განჭვრეტდა წინასწარ, რომ XX ს.-ში კაპიტალიზმზე საშინელი საფრთხე გაჩნდება, — მძლავრი ორგანიზაციების მიერ პირადი თავისუფლების დათრგუნვა, ტექნიკური ძალების მეშვეობით ადამიანის ცნობიერების რეგულირება. და რადგანაც რევოლუცია იყენებს ამ საშუალებებს, ის ვერ იქნება გამოსავალი კულტურის ტრაგედიიდან, რომელსაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს. ჩვენ წაგვიკითხავს მარქსი და შეგვიძლია, დავუდასტუროთ პუბლიკას, რომ იგი მოძველდა…

ის, რომ ამ ვაჟბატონებს წაუკითხავთ მარქსი, არ არის სიცრუე. ჩვენს დროში მარქსიზმის შესწავლას ხელი მიჰყევს იეზუიტმა პატერებმა და პროტესტანტმა ღვთისმეტყველებმა, კაბინეტის სოციოლოგებმა და მოდურმა ჟურნალისტებმა. ოდესღაც მარქსს ბრალს სდებდნენ იმაში, რომ მისი სწავლება საფრთხეა საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული კულტურული თანაცხოვრების კანონებისთვის. ახლა სხვა რამეს ამბობენ: მარქსი წარსულს ჩაბარდა, იგი არასაკმარისად რადიკალურია კაცობრიობის მჩაგვრელი ბოროტების განსაზღვრებისას. ვარდისფერ ტონებში შეფერადებული რელიგიური მწერლები თვლიან, რომ მარქსიზმს აკლია მეტაფიზიკური გაგება ამ ბოროტებისა, როგორც მარადიული პრობლემისა, რომელიც ყველა სოციალურ რევოლუციას იმორჩილებს. გავლენიანი ფილოსოფოსები ბჭობენ მიზანსა და საშუალებას შორის წინააღმდეგობაზე. ორგანიზაციისა და ძალაუფლების ძალები, გვეუბნებიან ისინი, არ გამოდგება კაცობრიობის აღორძინებისთვის, რადგან ეს საშუალებები ხელიდან სხლტება და ყველაზე კეთილშობილ მიზანსაც კი რყვნის. მარქსის ამგვარი კრიტიკის მოტივები იმ პარტიების საპროგრამო ლიტერატურაშიც კი შედის, თავიანთ მიზნად სოციალიზმს რომ აცხადებენ.  

მაგრამ კარლ მარქსი როდი დგას შეუიარაღებელი ამ მიკერძოებული და, თავისი არსით, უბადრუკი კრიტიკის პირისპირ. როგორი ირონიით შეხედავდა ამ მწიგნობრულ ფერხულს მღელვარე სულებისა, რომლებიც გართულნი არიან ოქროს ჯოხის ძიებით, რათა პიროვნებას თავის თავში ცენტრი დაუბრუნონ, გაათავისუფლონ „დეპერსონალიზაციისგან“, „გაუცხოებისგან“ და სხვა სიავეებისაგან. რეალური ძალების ისეთ დაძაბულ ბრძოლაში, ისტორიას ჯერ რომ არ ახსოვს, ადამიანები ეძებენ მოხერხებელ პოზას, რომელიც რაღაც ინდივიდუალური ცხოვრების მაგვარს მისცემდათ.  

უნებლიეთ მახსენდება ინგლისელი მწერლის, ოსბორნის[XXXVII] პიესა „უკან მოიხედე მრისხანებისას“, რომლის ხილვის შესაძლებლობაც მოსკოველ მაყურებელს მანკოვიც-ლევენშტეინის[XXXVIII] შესანიშნავ დადგმაში ჰქონდა. ავტორი თანამედროვე პირობებში გადმოტანილ ძველ თემას მიმართავს. ოსბორნის ახალგზარდა ადამიანები არ ჰგვანან ბაირონის, მიუსეს, სტენდალის გმირებს, ისინი საშუალო ინტელექტის ადამიანები არიან, ჩაკარგულნი სადღაც საზოგადოებრივი მექანიზმის გიგანტურ ბორბლებში, მაგრამ მათთვისაც ყველაფერი დახურულია, ყველაფერი ამოწურულია, და ამჯერად თითქოს საბოლოოდ. როცა გარემომცველი სამყარო მათთვის განსაკუთრებით გულისამრევი ხდება, ოსბორნის ახალგაზრდა ადამიანები იწყებენ საშინაო თამაშს, რომელიც მასხარაობაში მდგომარეობს. ამ ირონიული გრიმასით მათ უნდათ თავიანთი მორალური ალიბის დადგენა, იმის ჩვენება, რომ არ მონაწილეობენ საკუთარი ცხოვრების დინებაში.

მორალური ალიბის ამგვარ ძიებას წარმოადგენს მატერიალური ძალებისაგან პიროვნების გათავისუფლების ყველა ის რეცეპტი, რომელსაც თანამედროვე კაცობრიობას ყველაზე მძლავრი, ყველაზე გავლენიანი არამარქსისტი ტვინები სთავაზობენ. ამგვარ საშინაო თამაშს, რომელიც დროებით გამოსავალს აძლევს ცხოვრების გაუსაძლის, ყელში მომდგარ სიმწარეს, აგრეთვე მიეკუთვნებიან ზეთანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ეშმაკობები. შინაგანი, ხაზგასმით დამოუკიდებელი, პოზის ეს ძიება მალევე იქცევა მრეწველობად და, ჰანს ფრაიერის სიტყვებით რომ ვთქვათ, დაპატენტებული საქონელივით მიეწოდება [ბაზარს].

იმისათვის, რომ დავიხსნათ თანამედროვე კულტურა იმ მოკვდინებისგან, რომელიც ემუქრება, უნდა დავდგეთ რეალური ცხოვრების ნიადაგზე, მისი  წინააღმდეგობებითა და საფრთხეებით. აქ უკვე აღარ გვიწევს სულის ხსნაზე ზრუნვა. რა საქმე აქვს სამყაროს იმასთან, რომ შენ, შენს კუნჭულში, სიწმინდეს შეინარჩუნებ? სულის ხსნაზე დამყარებული მორალი, პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით, ყოველთვის მოწამლულია ეგოიზმით, — და იმ ადამიანებს, თავიანთი შინაგანი კომფორტის მოწყობაზე რომ ზრუნავენ, ავაზაკების წინაშეც კი არაფერი აქვთ საამაყო.

ისტორიამ შექმნა უზარმაზარი საზოგადოებრივი ძალები, ეკონომიკური და პოლიტიკური ორგანიზაციის ძალები, რომლებიც ყოველმხრივ განსაზღვრავენ პიროვნების ცხოვრებას. ამ ძალთაგან ნებისმიერი შეიძლება დაუსხლტეს საზოგადოების კონტროლს და უბედურების სათავე გახდეს. მაგრამ მხოლოდ ბოროტებაშია მისგან განკურნების წამალი. „ახალი ადამიანები“, რომელთაც შესწევთ კარლ მარქსის მიერ ნაწინასწარმტყველები დიადი გარდატეხის მოხდენის უნარი, უნდა დაეუფლონ ამ ძალებს და კაცობრიობის აღორძინებისთვის გამოიყენონ, თუკი მათ არ სურთ ჩვენს თავში ღვთის მეუფების იდეის მქადაგებელთა სექტად გადაქცევა.

მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვეუბნება, რომ ამგვარ ქადაგებას სხვა არაფერი მოუტანია, გარდა მონობის განმტკიცებისა და იმ განსაკუთრებული კასტის დაწინაურებისა, რომელიც საზოგადოების სინდისის როლს ირგებდა. გამოდის, რომ ეს გზა არ ვარგა. მას უარყოფს მარქსი ინტერნაციონალის[XXXIX]  ჰააგის კონგრესის დასრულების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში[XL]. რჩება ძალაუფლების გზა. მისი დაუფლება შეიძლება იყოს მშვიდობიანი ზოგიერთ ქვეყანაში (1872 წელს მარქსი ფიქრობდა, რომ ეს, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია ამერიკასა და ინგლისში), მას შეიძლება დასჭირდეს ძალის გამოყენება დანარჩენ ქვეყნებში.

მაგრამ განა ისეთი საშუალებები, როგორიცაა ძალადობა, არ ამახინჯებენ მიზანს, არ უქმნიან კომუნისტებს ყველაზე საშინელი შეცდომების დაშვების საფრთხეს, არ ამგვანებენ მათ ძველ, ბინძურ საზოგადოებას? ჩვენ შეგვიძლია მარქსიზმის კრიტიკოსებს ენგელსის სიტყვებით ვუპასუხოთ. უხსნიდა რა დანიელ სოციალისტს, ტრირს[XLI] თავის შეხედულებას მიზნებსა და საშუალებებზე, მშვიდობიანსა და ძალადობრივზე, იგი წერდა: „ამგვარი პოლიტიკა საჭიროებს გამჭრიახობასა და ხასიათს, მაგრამ რომელი პოლიტიკა არ მოითხოვს ამას? ის გვიქმნის კორუპციის საფრთხეს, ამბობენ ანარქისტები და მეგობარი მორისი[XLII]. დიახ, თუ მუშათა კლასი ბრიყვებისგან, უნებისყოფო ადამიანებისგან და უბრალოდ გამყიდველი არამზადებისგან შედგება, მაშინ ყველაზე სწორი იქნება, სახლებში წავიდეთ; მაშინ პროლეტარიატსა და ჩვენ ყველას არაფერი გვესაქმება პოლიტიკურ არენაზე. პროლეტარიატი, როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები, ყველაზე სწრაფად საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ვერავინ შეძლებს, ბოლომდე დაიცვას ამ შეცდომებისგან“ (37, 276).

კამათი ძალმომრეობაზე თანამედროვე საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ჩვეულებრივი თემაა. პირდაპირი ძალადობა არ ესაჭიროება იმ კლასობრივ ძალებს, რომელთა ბატონობაც უამისოდაც საკმაოდ მყარია, რამეთუ იგი ეკონომიკურ ძალაუფლებას, ერის დაქსაქსულობას, საკუთარი ადგილის ცოდნის ჩვეულებასა და სხვა ამგვარ ფაქტორებს ეყრდნობა. იძულების ელემენტი უხილავად ყველაფერში მონაწილეობს. ტირაჟი ცვლის იდეების მნიშვნელობას. ზოგიერთ ქვეყანაში დასაშვებია ხელისუფლების ლანძღვა, მაგრამ ეს ხშირად ემგვანება კინოში მოლაპარაკე ადამიანის უხმო გამოსახულებას. ნებისმიერ იდეას სჭირდება ხმა. რეკლამა და გარკვეული აზრების მუდმივი დაჟინებული ჩაგონება ნამდვილად რეალური ფაქტორებია, რომლებიც არაძალადობრივი ძალდატანებით მოქმედებენ, ხოლო ნებისმიერი წარმოდგენა მიწიერი მიზიდულობის არმქონე იდეების თავისუფალ მოძრაობაზე სხვა არაფერია, თუ არა თავისი უმეცრების ბედნიერ არკადიაში[XLIII] მცხოვრები ობივატელის ოცნება.

მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანს შეუძლია იფიქროს, რომ დასავლური იმპერიალისტური სახელმწიფოების რადიოსადგურებს კაცობრიობისადმი წმინდა სიყვარული ამოძრავებს, როდესაც სხვა ქვეყნებში ცხოვრების მანკიერ მხარეებზე ფაციფუცობენ. მათ ზურგსუკან ფულის მთები და ძალაუფლების მრისხანე აჩრდილია. წინდახედული ბატონის მიერ დაქირავებული, არცთუ ისე უჭკუო ადამიანები აჟღერებენ მის მიკერძოებულ თვალსაზრისს, თანაც დალაგებულად, კეთილსინდისიერად, ზოგჯერ იუმორით ან საკუთარი ღირსების შეგრძნებით, როგორც კარგი კომერციული დაწესებულების ნებისმიერ მოხელეს შეჰფერის.

XX ს.-ის ადამიანმა იცის ან, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა იცოდეს, რომ მატერიალური ფაქტებისა და ძალებისაგან თავისუფალი სიკეთის უწონადობის ატმოსფერო მოჩვენებითია. ძალით მიღწეული სიმშვიდე არ ანიჭებს ძლიერს არავითარ მორალურ უფლებას, თავისი მშვიდობისმოყვარეობით იამაყოს, მითუმეტეს, რომ იგი პირველსავე აუცილებლობისას ეშვებს აჩენს. ლიბერალიზმი, უსათუოდ, სჯობს საკონცენტრაციო ბანაკებისა და კრემატორიუმების პოლიტიკას, მაგრამ ფორმალური დემოკრატიის იდეების, როგორც უპირობო ჭეშმარიტების, პროპაგანდა ფარისევლობაა, საუკეთესო შემთხვევაში — გულუბრყვილობა.

ამიტომ, არა პრაქტიკულ საშუალებებზე უარის თქმა, არამედ საზოგადოების მატერიალურ ძალთა ნამდვილი კონტროლი, რომელიც შეუძლებელია რეალური ძალაუფლებისა და მისი ცხოველმყოფელი სახალხო აღმავლობის ზნეობრივი შინაარსის შეუთავსებლად, — აი, მარქსიზმის გზა. საქმე ის კი არაა, რომ არსებობს კარგი და ცუდი საშუალებები. მეცნიერება კარგი საშუალებაა, მაგრამ რამდენი სიავე შეიძლება მოიტანოს, თუ უწმინდურ ხელში აღმოჩნდება! ამ თემაზე უამრავი ფანტასტიკური რომანია დაწერილი, თავად სინამდვილეც ნებისმიერ ფანტაზიაზე საზარელია. მეორე მხრივ, ძალადობა ცუდი საშუალებაა. როგორც ასეთი, იგი ამაზრზენია, თუმცა მართალ საქმეში იარაღის გამოყენება ზნეობრივ სიმამაცეზე მეტყველებს. „არის თუ არა განსხვავება გაძარცვის მიზნით მკვლელობასა და მოძალადის მკვლელობას შორის?“ — კითხვას სვამდა ლენინი[5].

და მართლაც, რა პასუხი უნდა გასცე ამ შეკითხვას, რომელიც შენგან პირდაპირ არჩევანს მოითხოვს? ბოროტებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის იდეით? ამ თეორიის მიმდევრებმაც კი, რაწამს თავიანთი სახელმწიფო შექმნეს, ტანკები და თვითმფრინავები შეიძინეს[XLIV]. წმინდა მეცნიერების იდეალით? მაგრამ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მეცნიერება ისე გაიბლანდა ამა ქვეყნის საქმეებში, რომ იმაზე არანაკლებ ბოროტად იყენებენ, ვიდრე ნებისმიერ რევოლუციურ იდეას. ხოლო საკუთარ ეპოქას ცოცხალ საყვედურად დაადგე თავზე და „დეზაგრეგაციის ეპოქის“, „გაუცხოების ეპოქის“, „შიშის ეპოქის“ მსგავს შემაძრწუნებელ სახელებს არქმევდე, — სერიოზული აზრისათვის ეს საერთოდ არ არის გამოსავალი და სხვა არაფერია, გარდა მორალური პოზისა.

გარკვეულ გარემოებებში, ძალადობა გარდაუვალი, თუმცა კი მძიმე აუცილებლობაა. უღირსი ტაქტიკური ფანდი იქნებოდა იმ ფაქტის უარყოფა, რომ ამის შესახებ მარქსი შეუპოვარი პატიოსნებით საუბრობს, სძაგს რა მეშჩანური ფრაზები. მაგრამ მხოლოდ მშვიდ ან მსოფლიო მოვლენების გავლენით გაცოფებულ ობივატელს შეიძლება ეგონოს, რომ რევოლუციის არსი ძალადობაში მდგომარეობს [XLV]. სინამდვილეში, ძალადობა რევოლუციის ერთ-ერთი მხარეა, და არა — ერთადერთი.

ძალადობის საკითხი ორი თვალსაზრისით შეიძლება განიხილებოდეს — რევოლუციური მიზანშეწონილობისა და ზნეობის. პირველი თვალსაზრისი უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მისგან სრულებით არ გამომდინარეობს უფრო სწრაფი ძალადობრივი გზისთვის უპირატესობის მინიჭება. როგორი იქნება საქმის შემდგომი მსვლელობა, უკუქმედება იმ ქმედებებისა, ჩვენს სასარგებლოდ სიტუაციის ძალდატანებით შეცვლას რომ ისახავს მიზნად? აი, ეს არის მთავარი კითხვა. მარქსთან, მართლაც, ყველაფერი რევოლუციურ მიზანს ემორჩილება. მაგრამ რა არის რევოლუციისთვის ნამდვილად მიზანშეწონილი, ნამდვილად სასარგებლო? გარეგნული, მოსაჩვენებელი და დროებითი მიზანშეწონილობა შეიძლება დიამეტრულად უპირისპირდებოდეს ნამდვილ მიზანშეწონილობას. მარქსისთვის არ არსებობს მიზანი ობიექტური ისტორიული ჭეშმარიტების უცოდნელად. უბრალო ზეწოლამ, „შეჯდომამ“ (нахрап), როგორც ლენინი ამბობდა, ძალადობრივი საშუალებების ფორსირებულმა გამოყენებამ, სიტუაციის რეალური განვითარების გასწრებისკენ სწრაფვამ  შეიძლება მოულოდნელ შედეგამდე მიგვიყვანოს. სწორედ იმ მომენტში, როცა ადამიანებს ეჩვენებათ, რომ სტიქიური ძალები დაიმორჩილეს, ისინი ხშირად ამ ძალების სათამაშო ხდებიან, და არა თავის თავს, არამედ სხვებს ემსახურებიან.

ვინ ვისთვის იმუშავებს — რევოლუციური პარტიების ადამიანები „გაუცხოებისთვის“ თუ თავად „გაუცხოება“ მათთვის? ეს საკითხი მოითხოვს საზოგადოებრივი განვითარების თეორიის ცოდნას, ფხიზელ ანგარიშსა და ყველა შესაძლო, დროში გაწელილი, შედეგის წინასწარ განჭვრეტას. მას ვერ გადაჭრი პოლიტიკური მიზანშეწონილობის სისტემის ცალმხრივი განვითარებით, ისევე, როგორც რევოლუციური ფრაზებითა და ჰეროიკული ჟესტებით. ამგვარ კარიკატურებს მარქსის რევოლუციურ მეცნიერებაზე, მათი მამოძრავებელი მოტივების ყველა განსხვავების მიუხედავად,  აქვთ რაღაც საერთო, — ისინი მარქსიზმისგან წვრილბურჟუაზიული რევოლუციურობის უწმიფარ იდეებთან უკუსვლას წარმოადგენენ.

თავის სიტყვაში ავგუსტ ვილიხისა[XLVI]  და მისი ფრაქციის წინააღმდეგ (სექტემბერი 1850 წ.) მარქსმა თქვა: „მანიფესტის მატერიალისტური თვალსაზრისის ნაცვლად წამოყენებულია იდეალისტური. ნამდვილი ურთიერთობების ნაცვლად რევოლუციაში მთავარ ფაქტორად ცხადდება ნება“ (8, 582). მარქსის სწავლება და რევოლუციური მიზანშეწონილობის ის გაგება, რომელიც ამ სწავლებიდან გამომდინარეობს, არ უნდა აგვერიოს „ძალაუფლებისადმი ნების“ ბლანკისტურ[XLVII], ბაკუნინისეულ თუ ნიცშეანურ გაგებასთან, ისევე, როგორც არ შეიძლება „ბოლშევიზმისა“ და „ბოევიზმის“[XLVIII] გაიგივება. ამგვარი აღრევა, რომელიც ლენინმა ჯერ კიდევ პირველი რუსული რევოლუციის დროს შენიშნა, შესაძლოა გადაიქცეს მრისხანე საშიშროებად, როცა მოძრაობა მთელ კონტინენტებს მოედება. იმის იმედი, რომ ძლიერი ნების დაძაბვით „გამარჯვებას თმებით მოათრევ“, მომხიბვლელიცაა და საშინელიც, თავისი შედეგებით. 

მარქსისთვის მიზანშეწონილი მოქმედება არ არის რევოლუციური ძალების მიერ საგნებისა და სიტუაციების უცხო სამყაროში უბრალო შეჭრა, როგორც ამას წარმოაჩენენ ხშირად, უხეში დემაგოგიური ფრაზების ან ნატიფი ფილოსოფიური სიმბოლოების საშუალებით. მარქსი საუბრობს სასტიკი ბრძოლის ათწლეულებზე, რომელიც იმისათვისაა საჭირო, „რომ შევცვალოთ არსებული პირობები და ჩვენი თავებიც ბატონობის შემძლენი გავხადოთ“. ეს უკანასკნელი, ანუ უნარი საკუთარი თავის გაკონტროლებისა, რევოლუციური ნების გამიჯვნისა თვითნებობისაგან, რომელსაც გარდაუვალი საზღაური მოჰყვება, ისევე აუცილებელია „ახალი ადამიანებისთვის“, მუშათა კლასის ადამიანებისთვის, როგორც პირველი. მთლიანობაში, ორივე მხარე წარმოქმნის ურთიერთქმედების დიალექტიკურ პროცესს, მით უფრო ნაკლებად მტკივნეულს, რაც უფრო მეტად მაღლდება იგი სტიქიურობის დონეზე და რაც უფრო მეტად მონაწილეობს მასში რევოლუციური თეორია.

ძალადობრივმა ზომებმა, რომელიც უდავოდ აუცილებელია მოძალადისაგან თავის დასაცავად,  ერთი პირობით შეიძლება მიაღწიოს მიზანს, — თუ ამ საშიში საშუალებების გამოყენება მუშათა კლასისა და მთელი დემოკრატიული მასის პოლიტიკურ ზრდას უკავშირდება. ყველაზე პრაქტიკული, ყველაზე მატერიალური გამარჯვებები გადაიქცევა კისერზე ლოდად, თუ განიზიდავს ან საერთო ინტერესისადმი გულგრილს ხდის უმრავლესობას. პირიქით, ცალკეული წარუმატებლობანი, დამარცხებებიც კი, მატერიალურ ძალთა უბრალო ანგარიშის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც თავიანთ ისტორიულ პასიურობაზე ადამიანთა მასების ამაღლება, მილიონების ცნობიერებაში კომუნისტური იდეების გამარჯვება. ამგვარად, სწორედ ამგვარად ვლინდება რევოლუციური მიზანშეწონილობის უზენაესი პრინციპი. აი, რა არის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ძლიერი — და ზემოქმედების ნებისმიერი საშუალება, საბეჭდი დაზგიდან ატომურ ბომბამდე, მხოლოდ ამ საერთო ძალის აღმავლობის ფონზე იძენს მნიშვნელობას.

აქ ჩვენ უკვე ნაწილობრივ გადავდივართ ზნეობის თვალსაზრისით ძალადობის შეფასებაზე. ეს შეფასება არის მარქსიზმშიც, თუმცა მისთვის სრულიად უცხოა მორალისტების დათაფლული სიტყვები. მარქსი დიდ პატივს სცემს ისეთ მოაზროვნეებს, როგორებიც არიან მაკიაველი, ჰობსი, მანდევილი[XLIX], ნიკოლა ლენგე[L] ან ჰეგელი, რომელთაც მეშჩანური წარმოსახვა უმოწყალოებად თვლიდა. სიმართლე სიბრალულზე მაღლა დგას, თქვა ერთმა რუსმა მწერალმა[LI]. როცა ვკითხულობთ ლენინის სამოქალაქო ომის პერიოდში დაწერილ ნაწარმოებებსა და წერილებს, ჩვენ ვხედავთ, როგორი საშინელი ზომების მიღება და დაშვება მოუწია ამ ადამიანს, რომელიც განთქმულია თავისი თავდადებითა და ადამიანებისადმი ჰუმანური დამოკიდებულებით. ჩვენ არ ვწითლდებით ამ ზომების გამო. კაცობრიობა არ წითლდება ბასტილიის აღების გამო, ნაროდოვოლელთა[LII] ბომბების გამო, ჰიტლერის მოძალადეებისათვის კეფაში ნასროლი ტყვიების გამო. რევოლუციური ეპოქების ჰეროიკული ძალადობის გარეშე დედამიწაზე კარგი არაფერი იარსებებდა — არც ადამიანური ღირსება, მასებში რომ მატულობს, არც გოეთესა და პუშკინის პოეზია, არც ბეთჰოვენის მუსიკა, არც საბჭოთა ლიტერატურის საუკეთესო გვერდები.

ახალშობილი, შეწირული მსხვერპლად კაცობრიობის ბედნიერებას,  — ესაა მელოდრამა, ივან კარამაზოვის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი, თუმცა ახალშობილები ყოველთვის იღუპებოდნენ, იღუპებიან დღესაც, ყველაზე სამართლიან ომებში, რომლებიც, როგორც ცნობილია, ქალებისა და ბავშვების დასაცავად იწარმოება. მაგრამ ყველაზე დიდი დამნაშავის, ყველაზე დიდი მოძალადის განადგურებაც კი არც ისე ადვილია, თვით ალიოშა კარამაზოვმაც რომ მოაწეროს ხელი განაჩენს: „დაიხვრიტოს!“ და არა ამხოლოდ დასჯა — ნებისმიერი ძალადობა, ყველაზე უმნიშვნელო იძულებაც კი, ჩადენილი საუკეთესო მიზნის მისაღწევად, დიდი საშიშროების მატარებელია. ის გამოყოფს ამ საზოგადოებრივი ფუნქციის შემსრულებელ ადამიანებს, ანიჭებს მათ განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ქმნის იძულების ჩვევას და შეუძლია, ბოროტების ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. ამგვარად, თუ ბოროტებისადმი წინააღმდეგობის არგაწევა, მარქსის თანახმად,  „საძაგელი, სამარცხვინო, მხოლოდ დედაბრებისთვის გამოსადეგი დოქტირინაა“, სამართლიან ძალადობასაც აქვს საზღვარი და სადღაც თავის საპირისპირო მოვლენაში გადასვლის მიჯნაზე მერყეობს. მოძალადის მოკვლასა და ძარცვის მიზნით ჩადენილ მკვლელობას შორის არსებობს განსხვავება, მაგრამ მისი შენარჩუნება არც ისე იოლია.

უნდა იყოს გამოსავალი ამ ზნეობრივი ანტინომიიდან, და არის კიდეც, — მიახლოებული, როგორც ყველაფერი ადამიანური, თუმცა — რეალური. ვინც იცნობს ინტერნაციონალის ჰააგის კონგრესზე მარქსის მიერ ბაკუნისტების საიდუმლო ალიანსის[LIII] შესახებ წაკითხულ მოხსნებას და ბაკუნინის წიგნის „სახელმწიფოებრიობა და ანარქია“ მარქსისეულ კრიტიკას[LIV], იგი არ დაეჭვდება იმაში, რომ მარქსიზმი უარყოფს ძალადობას, რომელსაც სჩადის „დესპოტური და იერარქიული საიდუმლო ორგანიზაცია“,  ძველი მონარქიის ბიუროკრატიული მეთოდებით რომ ისახავს მიზნად ბრმა უმრავლესობის გაბედნიერებას. რევოლუციური მოქმედების ამგვარ გაგებაში არის რაღაც, რაც აკნინებს სახალხო მასას, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელ მოღვაწეობამდე აამაღლოს. პირდაპირი ქველმოქმედებაც კი, რომ არაფერი ვთქვათ შევიწროებაზე, უზნეოა, თუკი ხელს უწყობს მასების დაქვემდებარებული მდგომარეობისა და პასიურობის შენარჩუნებას. ფართო ისტორიული გაგებით, ეს ბატონკაცობის უკანასკნელი გადმონაშთია, თუმცა, მაგალითად, ბაკუნინის ისეთი თანამებრძოლი, როგორიცაა ნეჩაევი[LV], იყო წმინდა სისხლის პლებეი, პოტენციური სახალხო ბისმარკი ან ნაპოლეონი.

კარლ მარქსის მთელი მოღვაწეობა, რომელსაც ვულგარული დემოკრატები და ანარქისტები ვერ პატიობდნენ რევოლუციურ მოძრაობაში მეცნიერის როლს, ხალხთა ისტორიული აქტიურობის ღრმა რწმენითაა განმსჭვალული. და ეს არ იყო მისთვის რევოლუციური პრიმიტივიზმის საქმე, იმ ადამიანის პოზიცია, რომელსაც სურს, შეეხოს სახალხო ნიადაგის ცხოველმყოფელ წყაროს, გაითქვიფოს ბრბოს „კოლექტიურ წარმოდგენებში“. მარქსი არ ამბობს ოგარევის[LVI] დარად: „წამოდი, ძმაო, გავპროლეტარდეთ!“ მისი ძირათადი იდეა იყო მუშათა კლასის ინტელექტუალური და ზნეობრივი აღმავლობა.

რაში მდგომარეობს ადამიანთა საზოგადოების მიერ შექმნილი მატერიალური ძალებისა და საშუალებების ამ საზოგადოებისადმი დამორჩილებულ, დამჯერ სტიქიად გადაქცევის ერთადერთი შესაძლო გარანტია? იგი რევოლუციურ-კრიტიკულ პრაქტიკაშია, კაპიტალიზმის მიერ გათელილ (შოპენჰაუერის გამოთქმის თანახმად, „ბუნების ქარხნულ საქონლად“ ქცეულ) მილიონობით არსებას რომ ამაღლებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ შემოქმედებამდე, რომელიც ხელმისაწვდომია ადამიანთა ყველაზე ფართო მასისთვის და რეალურად აისახება მათ ბედისწერაზე. რა ბრალდებებიც არ უნდა წაუყენონ სოციალისტურ რევოლუციას მისმა მტრებმა ან სკეპტიკოსებმა, ახალ ადამიანთა უდიდესი მოზღვავება, მათი უნარებისა და ენერგიის გამოთავისუფლება ყველაზე მეტად მეტყველებს კომუნიზმის სასარგებლოდ. რუსული რევოლუციის გამოცდილებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის გაერთიანებას მასობრივ თვითშემოქმედებასთან სასწაულების მოხდენა შეუძლია. და, ყველა სირთულისა და შეცდომის მიუხედავად, ეს მხოლოდ დასაწყისია. მოვლენათა ისტორიულად გარდაუვალი მსვლელობა გვეუბნება, რომ წინ კიდევ უფრო დიდი სასწაულები გველის. მარქსის საქმის გამოჩენილი გამგრძელებელი — ვ. ი. ლენინი ასეთი დაჟინებით ტყუილად როდი ავითარებდა მარქსიზმის ამ იდეას, მიუთითებდა რა პარიზის კომუნისა და ჩვენი საბჭოების გამოცდილებაზე, მოთავეობის, დამოუკიდებლობის, მოძრაობის თავისუფლების, ენერგიის, ქვემოდან წამოსული მუხტისა და ნებაყოფლობითი, შაბლონებისთვის უცხო ცენტრალიზმის შეთავსებაზე.

გაერთიანების, ხალხთა მასების ერთიანი ნებისთვის ბრძოლის პროცესში შესაძლებელი და გამართლებულია, მკაცრი გარემოპირობებით ნაკარნახევი, ძალმომრეობითი, თავისთავად სასტიკი, დაშინების ზომები. მაგრამ ძალადობა კი არ ასრულებს აქ მთავარ როლს, არამედ გაერთიანება, ერთიანი ნება.  ლენინი ამბობდა: „ერთიანი ნება არ შეიძლება იყოს ფრაზა, სიმბოლო: ჩვენ მოვითხოვთ, რომ იგი პრაქტიკაში იყოს. ნების ერთიანობა ომში იმით გამოიხატა, რომ თუ ვინმე თავის საკუთარ ინტერესებს, თავისი სოფლის, ჯგუფის ინეტერსებს საერთო ინტერესებზე მაღლა აყენებდა, მას დაღავდნენ საკუთარი ტყავისთვის მზრუნველის სახელით, მას ხვრეტდნენ, და ეს დახვრეტა მართლდებოდა მუშათა კლასის იმ ზნეობრივი შეგნებით, რომ იგი გამარჯვებისკენ უნდა მიდიოდეს. ამ დახვრეტათა შესახებ ჩვენ აშკარად ვლაპარაკობდით, ვამბობდით, რომ ჩვენ ძალდატანებას არ ვმალავთ, იმიტომ რომ შეგნებული გვაქვს, რომ  ძველი საზოგადოებიდან გამოსვლას ჩვენ ვერ შევძლებთ პროლეტარიატის ჩამორჩენილი ნაწილის იძულების გარეშე. აი, რაში გამოიხატებოდა ნების ერთიანობა. და ნების ეს ერთიანობა პრაქტიკაში ხორციელდებოდა ყოველი დეზერტირის დასჯით, ყოველ ბრძოლაში, ლაშქრობაში, როდესაც კომუნისტები წინ მიდიოდნენ და მაგალითს აჩვენებდნენ“[6].

ლენინის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ სამეურნეო მშენებლობა ნების ერთიანობის იმისაგან განსხვებულ ფორმებს მოითხოვს, ვიდრე ომშია; რომ წვრილ მესაკუთრეზე ძალადობა უაზრობაა; რომ აუცილებელია „გლეხობაზე მორალური ზემოქმედება“. მაგრამ ნების ერთიანობა, გაერთიანება, ამხანაგური დისციპლინა მშვიდობიან დროსაც მუშათა კლასის მთავარ ძალას წარმოადგენს. იძულების ამა თუ იმ ზომის გამოყენება მხოლოდ მასების მზარდი „ზნეობრივი შეგნების“ ფონზეა გამართლებული — ამის გარეშე მართვის ყველაზე მიზანშეწონილი და რბილი ფორმები ბიუროკრატიული უსულგულობით იქნებოდა მოწამლული. მეორე მხრივ, შეცდომები და ბოროტმოქმედება საზოგადოებრივი აღმავლობის დროსაც არსებობს, მაგრამ აქ უკვე სხვა პერსპექტივაა, აღსავსე ისტორიული ოპტიმიზმით. „აღმავალ ძალას ყველაფერი ეხმარება, — წერდა გერცენი, — ბოროტებაცა და სათნოებაც; მხოლოდ მას ძალუძს, გაუსვრელად გატოპოს სისხლში და უთხრას მძვინვარე მებრძოლებს: „მე თქვენ არ გიცნობთ, — თქვენ მუშაობდით ჩემთან, მაგრამ ჩემთვის ხომ არ გიმუშავიათ“[LVII].

ისტორიამ ჩვენს თანამედროვეებს მხრებზე საკმაოდ მძიმე ტვირთი აჰკიდა. თუმცა არსებობს საშუალება, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრების განჯადოება, მისი „გაუცხოებული“ ხასიათის მოსპობა. იგი მასების საზოგადოებრივი ენერგიის გამოღვიძებაში მდგომარეობს. სამყაროს რევოლუციური გარდაქმნის პროცესში ადამიანებისა და გარემოპირობების დიალექტიკური ურთიერთქმედების შესახებ სწავლება, არისტოტელედან მოყოლებული ფილოსოფიის მთელმა განვითარებამ რომ შეამზადა, ამავდროულად, მარქსის გენიის ყველაზე სათუთ ქმნილებასაც წარმოადგენს. სწორედ მასშია პასუხი თანამედროვე ისტორიის გამოცანაზე, გასაღები იმ თითქოსდა გადაუჭრელი პრობლემების გადაჭრისა, რომლებშიც ხშირად იხლართება თანამედროვე აზრი. მარქსის სწავლება გვიხსნის, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც განსაზღვრავს ან, თუ გნებავთ, ფაბრიკული წესით აწარმოებს თანამედროვე ეპოქის ტექნიკური ძალებისა და მატერიალური გარემოპირობების მთელი ერთობლიობა, მოიპოვოს სულიერი თავისუფლება, დადგეს თავის თავზე მაღლა და მიაღწიოს ყველაზე მეტ შესაძლო ბედნიერებას მილიონების ძმურ ჩახუტებაში[LVIII].

არ არის მართალი, რომ მარქსიზმი ადამიანს მხოლოდ ტექნიკური კუთხით განიხილავს და მასში მატერიალური ძალების უტყვ იარაღს ხედავს. პარიზის კომუნართა მოღვაწეობას მარქსი დიდი ინგლისელი პოეტის, მილტონის შემოქმედებას ადარებდა. პირველ ვარიანტში თავისი ნაშრომისა „სამოქალაქო ომი საფრანგეთში“ მარქსი ამბობს: „ისინი (პარიზის კომუნის მონაწილეები – მთრგმნ.) თავიანთ საქმეს ასრულებდნენ ღიად, უბრალოდ, განსაკუთრებულად ძნელ და რთულ ვითარებაში, და ასრულებდნენ ისე, როგორც მილტონი წერდა „დაკარგულ სამოთხეს“, ანუ ძალიან მოკრძალებული გასამრჯელოსთვის. ისინი ყველას თვალწინ მოქმედებდნენ და არ აცხადებდნენ პრეტენზიას უცდომელობაზე, არ იმალებოდნენ საკანცელარიო რუტინის უკან, არ რცხვენოდათ თავიანთი შეცდომების, რომელთაც გზადაგზა ასწორებდნენ“ (17, 549-550). ეს იყო ნამდვილი შემოქმედება, იმპერიის მოხელეთა უსულგულო ბიუროკრატიზმისგან განსხვავებით.

მილტონთან შედარება შეიძლება მოულოდნელი მოგვეჩვენოს, მაგრამ ის განსაკუთრებულ ინტერესს იძენს, თუ გავიხსენებთ, რომ მარქსის 60-იანი წლების ეკონომიკურ ხელნაწერებში, ე. წ. „ზედმეტი ღირებულების თეორიებში“, ინგლისელი პოეტის სახე არაერთხელ გვხვდება. მილტონის შრომა მარქსისთვის წარმოადგენს მაგალითს ჭეშმარიტი შემოქმედებისა, რომელსაც არ ანაღვლებს გასამრჯელო და ღრმად აინტერესებს თავად შინაარსი საქმისა, მისი თავისებურება და ხარისხი. ეს პროდუქტიული, „საზოგადოებრივი თვალსაზრისით“ მწარმოებლური შრომის ნიმუშია.

სხვა თვალსაზრისი ობიექტურად ახლავს კაპიტალისტურ წარმოებას. აქ ყველაფერი დაგროვების უპიროვნო კერპს უნდა ემსახურებოდეს. კაპიტალიზმის ჩარჩოებში მწერალი იმიტომ კი არ წარმოადგენს მწარმოებლურ მუშას, რომ იდეებს აწარმოებს, არამედ იმიტომ, რომ თავისი თხზულებების გამომცემელს ამდიდრებს. „მაგალითად, მილტონი, რომელმაც „დაკარგული სამოთხე“ დაწერა და მასში 5 გირვანქა სტერლინგი მიიღო, არამწარმოებელი მუშაკი იყო. პირიქით, მწერალი, რომელიც თავისი წიგნით მოვაჭრისთვის ფაბრიკულ ყაიდაზე შრომობს, მწარმოებელი მუშაკია. მილტონი „დაკარგულ სამოთხეს“ ქმნიდა იმავე აუცილებლობით, როგორითაც აბრეშუმის ჭია აბრეშუმს აწარმოებს. ეს იყო მისი ბუნების ქმედითი გამოვლენა. შემდეგ მან გაყიდა თავისი ნაწარმოები 5 გირვანქა სტერლინგად.  ლაიფციგელი ლიტერატორი-პროლეტარი კი, რომელიც თავისი გამომცემლის ბრძანებით წიგნებს თხზავს (მაგალითად, პოლიტიკური ეკონომიის სახელმძღვანელოებს), მწარმოებელი მუშაკია, რადგან მისი წარმოება იმთავითვე ექვემდებარება კაპიტალს და ამ კაპიტალის ღირებულების გადიდებისთვის სრულდება“ (26, ნაწ. 1, 410)[LIX].

ამ პუნქტში მარქსის მოძღვრება საკმარის ადგილს ტოვებს თავისუფალი მოქმედებისთვის, არსიდან — ჯერარსზე, ბუნებრივ-ისტორიული აუცილებლობიდან — ზნეობრივ კანონზე გადასვლისათვის. შესაძლებელიცაა და აუცილებელიც, ამოვაყირავოთ საგანთა ტრადიციული წესრიგი, გზა გავუხსნათ მილტონის პრინციპს — შემოქმედებით, უსასყიდლო შრომას, ვიპოვოთ საშუალება ნებისმიერი შრომისა და შემოქმედების „საზოგადოებრივი თვალსაზრისით“ — ანუ მისი ნამდვილი პროდუქტიულობის მიხედვით — შეფასაბისა, დიადი ვაქციოთ დიადად და გამოვაცალოთ არარაობას მისი საზარელი ძალაუფლება. მაშინ „კულტურის ტრაგედიისგან“ მარტო მოგონებაღა დარჩება. ამ ამოცანის შესრულება მხოლოდ სოციალიზმს შეუძლია, და იგი მას პრაქტიკულად, ახალი ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების ორგანიზების უთვალავი მცდელობით ასრულებს. რა თვალუწვდენელი შრომა, რამდენი გამარჯვება და იმედგაცრუება, რამდენი საცდურია ბავშვური ოპტიმიზმის ან უხამსი ურწმუნოების სულისკევეთებით განმსჭვალული, ნაჩქარევი დასკვნების გამოსატანად!

მარქსისათვის მილტონი, რომელმაც თავისი ბუნების კარნახით შექმნა „დაკარგული სამოთხე“ (განსხვავებით იმ მწერლისგან, გამორჩენის მიზნით რომ თხზავს წიგნებს), და ახალი საზოგადოებრივი წესწყობილების შემოქმედი შეგნებული მუშა (განსხვავებით ძველი სახელმწიფოს ბიუროკრატისგან) ერთი ისტორიული ძალის ორი გამოვლინებაა.

ეს ძალა რევოლუციური თვითშემოქმედებაა, რომელიც ხალხებს სოციალიზმისკენ მიუძღვება, ანუ ჭეშმარიტი თავისუფლება.

 

1958

თარგმნმა ნორიკ ბადოიანმა

თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: Лифшиц Мих. Собрание сочинений в трех томах. М.: «Изобразительное искусство», 1984.

მიხ. ლიფშიცის შენიშვნები


[1] ორიგინალში “art”, ხელოვნებები.

[2] უფრო გვიანდელი ცნობები: ერთი გამოკითხვის თანახმად, რომელიც საფრანგეთში 1968 წელს ჩატარდა, ექვსი ათასი ქალიდან და კაციდან 60 % კითხულობს ჰოროსკოპებს. სხვა ანკეტის მონაცემების თანახმად, ფრანგების 58 % ინტერესდება ასტროლოგიით, 23 % სჯერა მომავლის წინასწარმეტყველებების. მათგან 73 % — ქალია. ამჟამად საფრანგეთში ოცდაათი ათასი ასტროლოგია.

[3] Ленин В. И. Полн. собр. Соч., т. 35, с. 169.  

[4] The People’s Paper, № 207. London, 1856, IV, 19.

[5] Ленин В. И. Полн.собр. соч., т. 35, с 364. (ლენინი ვ. ი. თხზულებანი, გამოცემა მეოთხე, ტ. 27. თბ., სახელგამი, 1952. გვ 27.)

[6]Ленин В. И. Полн. собр. соч., т. 40, с. 307-308. (ლენინი ვ. ი., თხზულებანი, ტ. 30. გვ. 22-23. )

რედაქციის კომენტარები


[I] ერნსტ რენანი (1823-1892) — ფრანგი ფილოსოფოსი და მწერალი, რელიგიის ისტორიკოსი. პოზიტივიზმის წარმომადგენელი.

[II] სიბილა — ანტიკურ მითოლოგიაში მისანი ქალი, რომელიც მომავალს, ხშირად  ავის მომასწავებელს, წინასწარმეტყველებს.

[III] პოლ ბურჟე (1852-1935) — ფრანგი მწერალი, დეკადენტი პოეტი და კრიტიკოსი. კათოლიკე მონარქისტი. გამოირჩეოდა უკიდურესი ანტიდემოკრატიზმით.

[IV] ჩარტიზმი (ინგ. Chartism) — მუშათა მოძრაობა 30-50-იანი წლების ინგლისში, რომელიც მოითხოვდა ხალხის ქარტიის (People’s Charter – აქედან მოძრაობის სახელწოდება), ლონდონის მუშათა ასოციაციის წევრების (უ. ლოვეტისა და სხვების) მიერ შედგენილი კანონპროექტის (1838) მიღებას. „სახალხო ქარტია“ მოითხოვდა საყოველთაო საარჩევნო უფლებას მამაკაცებისთვის (21 წლიდან), პარლამენტების ყოველწლიურად არჩევას, თანაბარ საარჩევნო ოლქებს, ფარულ კენჭისყრას, პარლამენტის წევრებისთვის ანაზღაურების დაწესებას, პარლამენტის წევრობისთვის ქონებრივი ცენზის გაუქმებას. პარლამენტმა უარი თქვა ჩარტისტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რასაც მოყვა მუშათა კლასის ფართომასშტაბიანი პროტესტი, დემონსტრაციების, მრავალრიცხოვანი მიტინგებისა და გაფიცვების სახით, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სამთავრობო ჯარებთან სისხლიანი შეტაკებებით სრულდებოდა. იგივე ბედი ეწია ჩარტისტების 1842 წლის პეტიციასაც, რომელიც მოითხოვდა ღარიბთა კანონის გაუქმებას (ამ კანონის მიხედვით უმუშევრებს საშინელი პირობის მქონე სპეციალურ თავშესაფრებში, „მუშათა სახლებში“ (Workhouses) ათავსებდნენ), გადასახადების შემცირებას, სამუშაო დღის შემოკლებას, ხელფასების გაზრდასა და ინგლის-ირლანდიის ძალდატანებითი „გაერთიანების აქტის“ (Act of union) გაუქმებას. მიუხედავად იმისა, რომ პეტიციას 3,3 მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი, პარლამენტმა ისიც უარყო. გაფიცვების აგორებულმა ტალღამაც ვერ მოიტანა შედეგი; სტიქიურ ამბოხში გადაზრდილი პროტესტი არმიამ და პოლიციამ ჩაახშო. გაფიცვის წარუმატებლობამ, მოძრაობის იდეურმა ჩამოუყალიბებლობამ და მასში სეპარატისტული ტენდენციების მოძალებამ ჩარტიზმის დროებითი სტაგნაცია გამოიწვია. გარდა ზომიერი ფრთისა, რომელიც ლეგალური ბრძოლის მეთოდებზე (პეტიციები) აკეთებდა აქცენტს, ჩარტიზმში არსებობდა მემარცხენე ფრთაც, რომელიც რადიკალური და ძალადობრივი ფორმებით ცდილობდა მიზნის მიღწევას (მისი ლიდერები იყვნენ ო’კონორი და ო’ბრაიენი).  მემარცხენე ჩარტისტებიდანაც, თავის მხრივ, გამოიყო პროლეტარული მიმდინარეობა ჯორჯ ჰარნისა და ერნესტ ჯონსის მეთაურობით, რომელიც ძალადობაში ხედავდა არა უბრალოდ თავდაცვის საშუალებას (როგორც ეს ო’ბრაიენისა და ო’კონორის შემთხვევაში იყო), არამედ მუშათა კლასის გამარჯვების საწინდარს. ჩარტიზმის სწორედ ეს ფრთა ძლიერდება ამ პერიოდში, მისი ლიდერები — ჰარნი და ჯონსი — სულ უფრო მეტად ექცევიან სოციალისტური იდეების გავლენის ქვეშ, უახლოვდებიან მარქსსა და ენგელსს და მოგვიანებით „კომუნისტთა კავშირში“ წევრიანდებიან. ჩარტისტული მოძრაობა 1847-48 წლებში, ეკონომიკური კრიზისისა და ირლანდიაში მიმდინარე მღელვარებების ფონზე აქტიურდება. 1847 წელს მუშათა გამოსვლების ზეწოლის შედეგად, პარლამენტი იძულებული გახდა, მიეღო 10 საათიანი სამუშაო დღის კანონი. თუმცა 1848 წელს მემარცხენე ჩარტისტების მიერ შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების მცდელობა ჩავარდა. ჩარტისტების ლიდერთა უმრავლესობა დააპატიმრეს; 1848 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ ჩაახშო აჯანყება აშტონ-ანდერ-ლაინში. 1848 წლის შემდეგ ჩარტიზმი საბოლოოდ დაღმასვლის ფაზაში შედის. ო’ბრაიენისა და ო’კონორის მიმდევრები ერთმანეთთან მოქიშპე სექტებად გადაიქცნენ. იმ მემარცხენე ჩარტისტებმა, რომელთაც მარქსი და ენგელსი უჭერდნენ მხარს, სცადეს მოძრაობის აღორძინება სოციალისტური იდეების ნიადაგზე. ჩარტისტულ პრესაში პირველად გამოქვეყნდა „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ ინგლისურენოვანი თარგმანი. 1851 წელს მიღებული ჩარტისტული პროგრამა თავის მიზნად აცხადებდა მუშათა კლასის პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას. ჩარტისტები ცდილობდნენ, მონაწილეობა მიეღოთ საგაფიცვო მოძრაობებში, მიებათ ეკონომიკური ბრძოლისთვის პოლიტიკური აგიტაცია. მაგრამ ამ მცდელობებმა არ გამოიღო რაიმე არსებითი შედეგი — ჩარტისტებმა ვერ მოახერხეს მასობრივი პროლეტარული რევოლუციური პარტიის შექმნა, რადგან ბრიტანეთის ბურჟუაზიამ, მისი ინდუსტრიული და კოლონიური მონოპოლიის წყალობით, მოახერხა მუშათა კლასის ფართო ფენების გარკვეული მატერიალური ინტერესების დაკმაყოფილება, რითაც დაასუსტა მისი რევოლუციური პოტენციალი, ხოლო ბრიტანეთის მუშათა მოძრაობაში რეფორმისტული ტენდენციების გამარჯვებამ, 1850-იანი წლების ბოლოს, ჩარტიზმი საბოლოოდ განდევნა ისტორიული არენიდან.

[V] მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. 1, თბ., საბჭოთა საქართველო, 1963. გვ. 402. (ელ-ვერსია: მარქსი კ. სიტყვა “სახალხო გაზეთის” იუბილეზე // https://counterhegemony.ge/index.php/52-speech-at-the-anniversary-of-the-peoples-paper)  დედანში ფრჩხილებში მითითებული ციფრები აღნიშნავს მარქსისა და ენგელსის თხზულებათა მეორე რუსული გამოცემის (К. Маркс, Ф. Энгельс. Сочинения. Издание второе. М.: Издательство политической литературы, 1955-1974)  შესაბამის ტომსა და გვერდებს. აქ და შემდგომ ციტატები იმ ნაშრომებიდან, რომელთა ქართული თარგმანიც არსებობს, ჩვენთვის ხელმისავდომი ქართულენოვანი გამოცემებიდან იქნება მოყვანილი. სხვა შემთხვევებში ციტატები რუსულიდან არის თარგმნილი.

[VI] იგულისხმება 1938 წლის მიუხენის შეთანხმება, დადებული გერმანიას, იტალიას,  დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის. შეთანხმება ითვალისწინებდა ჩეხოსლოვაკიის მიერ გერმანიისთვის სუდეტის ოლქის გადაცემას. იგი წარმოადგენდა იმ „დაშოშმინების პოლიტიკის“ ნაწილს, რომელსაც ნაცისტური გერმანიის მიმართ ატარებდნენ ინგლისი და საფრანგეთი და რომლის მიზანიც ჰიტლერის აგრესიის აღმოსავლეთისკენ, საბჭოთა კავშირისკენ გადატანა იყო.

[VII] ეტიენ ჟილსონი (1884-1978) — ფრანგი რელიგიის ფილოსოფოსი, ნეოთომისტი. შუასაუკუნეების მკლევარი.

[VIII] კრისტოფერ დაუსონი (1889-1970) — ინგლისელი ისტორიკოსი, კულტუროლოგი და ფილოსოფოსი.

[IX] ნიკოლაი ბერდიაევი (1874-1948) — რუსი ფილოსოფოსი. XIX საუკუნის 90-იან წლებში ლეგალური მარქსისტი, ცდილობდა ისტორიული მატერიალიზმისა და კანტიანელობის შერიგებას. მოგვიანებით გახდა რუსული რელიგიური ფილოსოფიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, იყო კრებულ „Вехи“-ს ერთ-ერთი ავტორი. 1922 წელს ანტისაბჭოურად განწყობილ ინტელექტუალებთან ერთად რუსეთიდან გააძევეს ხომალდით. დარჩენილი ცხოვრება ბერდიაევმა საფრანგეთში გაატარა. პარიზში გამოსცემდა ჟურნალ „Путь“-ს. გავლენა იქონია ექსისტენციალიზმის ფილოსოფიაზე. თავის წიგნში „ახალი შუასაუკუნეები: განაზრებანი რუსეთისა და ევროპის ბედზე“ ავითარებს კონცეფციას, რომლის თანახმადაც „ახალი დრო“, მისთვის დამახასიათებელი ჰუმანიზმით, რაციონალიზმით, სეკულარულობით, დემოკრატიზმით, ინდივიდუალიზმითა  და ეგალიტარიზმით, წარსულს ბარდება; უნდა ჩამოყალიბდეს ახალი საზოგადოება, მსგავსი შუასაუკუნეების საზოგადოებისა, სადაც მთავარ ადგილს დაიკავებს ეკლესია, „ტაძრულობა“ (Соборность), მმართველობის ფორმა იქნება თეოკრატიული, შენარჩუნდება საზოგადოების იერარქიული სტრუქტურა, „როგორც სამყაროს კოსმიური წესრიგის სიმბოლო“, ქალაქი სოფელს დაუახლოვდება, „შენარჩუნდება კერძო საკუთრების პრინციპები თავისი მარადიული საფუძვლებით, მაგრამ შეზღუდული და გასულიერებული. წარმოუდგენელი სიმდიდრეები ახალ ისტორიაში აღარ იქნება. არ იქნება თანასწორობაც, მაგრამ არც არავინ იშიმშილებს და დაიღუპება სიდუხჭირისგან. საჭირო იქნება დაბრუნება უფრო გამარტივებულ და ელემენტარულ მატერიალურ კულტურასთან და უფრო რთულ სულიერ კულტურასთან“.  

[X] სალერიზებული (ინგ. Salary — ხელფასი) — წყალობაზე მყოფი.

[XI] იხ. მარქსი კ. ზედმეტი ღირებულების თეორიები (კაპიტალის მეოთხე ტომი), ნაწილი I, თბ., საბჭოთა საქართველო. გვ. 332.

[XII] ბებიტი — ამერიკელი მწერლის, სინკლერ ლუისის (1881-1951) ამავე სახელწოდების სატირული რომანის გმირი, „საშუალო კლასის“ ობივატელი, რომელიც უძრავი ქონების გაყიდვების სააგენტოს თანამშრომელია. 

[XIII] ტიულერი — ჰერბერტ უელსის რომანის „You Can’t Be Too Careful: A Sample of Life 1901–1951“ გმირი, ბავშვობიდან დაკომპლექსებული და დათრგუნული ადამიანი.

[XIV] კონფექციონი (გერ. Konfektion, ლათ. confectio – დამზადება) — მზა სამოსი და თეთრეული; მაღაზია, რომელიც მათ ყიდის. აქ: ნაწარმი, საქონელი.

[XV] ჰანს ფრეიერი (Freyer) (1887-1969) — გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი. ნაციონალ-კონსერვატიული ფილოსოფიური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიმდინარეობის, „კონსერვატიული რევოლუციის“ წარმომადგენელი.

[XVI] დევიდ რისმენი (Riesman) (1909-2002) — ამერიკელი სოციოლოგი და იურისტი, კულტურის მკლევარი. თავის წიგნებში „მარტოსული ბრბო“ (The Lonely Crowd, 1950) და “სახეები ბრბოში“ (Faces in the Crowd, 1952), რომელიც სხვებთან თანაავტორობით არის დაწერილი, რისმენი იკვლევს თანამედროვე დასავლურ ურბანულ საზოგადოებასა და მასში პიროვნების მდგომარეობას. Other directed man — რისმენის კლასიფიკაციით, თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში პიროვნების გავრცელებული ტიპი: სხვების მოლოდინებსა და შეფასებებზე ორიენტირებული ადამიანი.

[XVII] ჰელმუტ შელსკი (1912-1984) — გერმანელი სოციოლოგი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედიოდა ინსტიტუციების თეორია, სოციალური სტრატიფიკაცია, ოჯახის სოციოლოგია, სექსუალობის სოციოლოგია, ახალგაზრდობის სოციოლოგია, ინდუსტრიული სოციოლოგია და სხვ.

[XVIII] ლოგოდიცეა (ძვ. ბერძ. Logos – სიტყვა, საზრისი, აზრი, გონება; dike – სამართალი, სამართლიანობა) — ლოგოსის, აზრის, გონების გამართლება.

[XIX] ალექსანდრ გერცენი (1812-1870) — გამოჩენილი რუსი მწერალი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი და რევოლუციონერი. სოციალისტ-უტოპისტი. თავდაპირველად „მედასავლეთეებისა“ და „სლავოფილების“ დისკუსიაში პირველთა ბანაკის მემარცხენე ფრთას წარმოადგენდა. 1848-1849 წლების რევოლუციის მარცხის შემდეგ, იმედი გაუცრუვდა დასავლეთის რევოლუციურ შესაძლებლობებზე და განავითარა „რუსული სოციალიზმის“ თეორია, რომელიც ნაროდნიკობის ერთ-ერთ იდეურ წყაროს წარმოადგენდა. 1853 წელს, ლონდონში დაარსა თავისუფალი სტამბა, გამოსცემდა ჟურნალ „Колокол“-ს (“ზარი“), რომელშიც ამხელდა ცარისტულ რუსეთს და ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას, მოითხოვდა პატრონ-ყმობის გაუქმებასა და გლეხების გათავისუფლებას. ხელი შეუწყო ნაროდნიკული ორგანიზაციის „Земля и воля“-ს („მიწა და თავისუფლება“) დაარსებას. 1863-64 წლებში მხარს უჭერდა პოლონეთის აჯანყებას. გერცენმა დიდი გავლენა იქონია რუსეთის რევოლუციურ მოძრაობაზე.

[XX] ნორმან ენჯელი (1872-1967) — ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალი, ლეიბორისტი და ლიბერალი პოლიტიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

[XXI] ჰერმან რაუშნინგი (1887-1982) — გერმანელი პოლიტიკოსი, მუსიკის კრიტიკოსი და პოლიტოლოგი. „კონსერვატიული რევოლუციის“ მომხრე, 1932-1934 წლებში ნაცისტური პარტიის წევრი. 1936 წელს ემიგრირდა. რაუშნინგი ცნობილია თავისი წიგნით „საუბრები ჰიტლერთან“.

[XXII] ანტონინუსები — რომის იმპერატორთა დინასიტია, რომელიც ჩვ. წ. აღ. 96-192 წწ. ბატონობდა. სახელი რომის იმპერატორის, ანტონიუს პიუსის საპატივცემულოდ დაერქვა.

[XXIII] სოციალური კატასტროფის თეორია (ან სხვაგვარად: კაპიტალიზმის კრახის (კოლაფსის, ნგრევის, დამხობის) თეორია) (გერ. Zusammenbruchstheorie) —  ასე მოიხსენიებდნენ რევოლუციის მარქსისტულ კონცეფციას (მისი ძირითადი ნიშნები იხ. ჰერბერტ მარკუზეს სტატიაში „რევოლუციის ცნების გადასინჯვა“ // https://counterhegemony.ge/index.php/33-re-examination-of-the-concept-of-revolution)  გერმანელი რევიზიონისტები და, პირველ რიგში, ედუარდ ბერნშტაინი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ამ ტერმინის შემოტანა. ბერნშტაინი, დასავლურ ქვეყნებში მუშათა პროფესიული მოძრაობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიების საპარლამენტო და ელექტორალურ წარმატებებზე დაყრდნობით, მიდის დასკვნამდე, რომ კაპიტალიზმის რევოლუციური დამხობის თეორია, როგორც ის ფორმულირებულია მარქსისა და ენგელსის 40-იანი წლების შრომებში, მცდარია, რომ ის მოლოდინები, რომელიც მარქსს ჰქონდა კაპიტალიზმის განვითარების მიმართ, არ გამართლდა: ნაცვლად კრიზისისა განვითარებული კაპიტალიზმის ქვეყნებში, შეიმჩნევა ეკონომიკური აღმასვლა, მუშათა კლასის გაღარიბების ნაცვლად, მშრომელთა მოძრაობა სულ უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევს, სოციალ-დემოკრატიული პარტიები მილიონობით ხმას იღებენ არჩევნებში, ხოლო მათი ბელადები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ოფიციალურ ბურჟუაზიულ პოლიტიკაში. მაშასადამე, კაპიტალიზმის ძალადობრივი დამხობა არათუ საჭირო, არამედ ზედმეტიც არის. იმოწმებს რა მარქსისა და ენგელსის გვიანდელი პერიოდის ვარაუდს, რომ მუშათა კლასი ზოგიერთ ქვეყნებში მშვიდობიანი გზით შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში, ბერნშტაინი ასკვნის, რომ კაპიტალიზმი თავისთავად, მშვიდობიანად, რეფორმების გატარებით გადაიზრდება სოციალიზმში, და ამ გზას ადგას კიდეც. ხოლო სოციალური რევოლუციის იდეა, რომელიც ნარჩუნდებოდა მარქსიზმსა და სოციალ-დემოკრატიული პარტიების პროგრამებში, როგორც სტრატეგიული მიზანი, ბერნშტაინის აზრით, მარქსისა და ენგელსის ახალგაზრდობისდროინდელი შეხედულებების გადმონაშთია, როდესაც ისინი ოგიუსტ ბლანკის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ (ამის თაობაზე იხ. ლენინის სტატია „მარქსიზმი და აჯანყება“, კომ. I და II // https://counterhegemony.ge/index.php/35-2021-11-07-18-33-37; მარქსიზმისა და ბლანკიზმის მიმართებაზე აგრეთვე იხ.: პლეხანოვი გ. მარტის იდები // https://counterhegemony.ge/index.php/31-2021-06-22-18-40-38). 

[XXIV] ენგელსის „წინასწარმეტყველების“ შესახებ იხ.: ლენინი ვ. წინასწარმეტყველური სიტყვები // ლენინი, თხზულებანი, მეოთხე გამოცემა, ტ. 27, გვ. 607- 614.

[XXV] ლუი ეჟენ კავენიაკი (Cavaignac) (1802-1857) — ფრანგი რეაქციონერი პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი. 1831-1848 წლებში მონაწილეობდა ალჟირის დაპყრობაში. 1848 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ალჟირის სამხედრო გუბერნატორი.  1848 წლის ივნისში — საფრანგეთის სამხედრო მინისტრი. ამ პოსტზე ყოფნის დროს განსაკუთრებული სისასტიკით ჩაახშო პარიზელი მუშების ივნისის აჯანყება. 1848 წლის 29 ივნისიდან 20 დეკემბრამდე მთავრობის მეთაურის თანამდებობა ეკავა.

[XXVI] სიუხვის საზოგადოება (ინგ. Affluent Society) ეწოდება საზოგადოებას, სადაც მოსახლეობის ფართო ფენებს დაკმაყოფილებული აქვთ მატერიალური მოთხოვნილებები. ტერმინის დამკვიდრება უკავშირდება კანადელ-ამერიკელი ეკონომისტის, ჯონ კენეტ გელბრეითის (1908-2006) სახელს, რომელმაც ამავე სახელწოდების ნაშრომში (The Affluent Society, 1958) გააანალიზა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ამერიკული კაპიტალიზმის განვითარება. „კეთილდღეობის სახელმწიფო“ (აგრეთვე: „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო“, ინგ. Welfare State) ეწოდება დასავლეთის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ წყობას, რომლის მთავარი მახასიათებელიც ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევა და სხვადასხვა სოციალური პროგრამების (უმუშევრებისგან დახმარების, საცხოვრისის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში) საშუალებით მოსახლეობის ფართო ფენების შეფარდებითი კეთილდღეობის უზრუნველყოფა იყო. „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ თეორიული ფესვები, ერთი მხრივ, დასავლური რეფორმისტული სოციალ-დემოკრატიის პოლიტიკურ პროგრამებში, ხოლო მეორე მხრივ, ჯონ მეინარდ კეინსის ეკონომიკურ შეხედულებებში იღებდა სათავეს. გარდა მშრომელთა კლასისა და მისი ინტერესების წარმომადგენელი პარტიების პოლიტიკური ბრძოლისა და ოქტომბრის რევოლუციის მაგალითისა, რომელიც აჩვენებდა დასავლეთის სახელმწიფოების გაბატონებულ კლასებს, რით შეიძლება დასრულდეს ამგვარი ბრძოლის მიმართ ხისტი პოლიტიკა (რასაც ლიფშიციც აღნიშნავს), —კეთილდღეობის სახელმწიფოს წარმოშობას ხელი შეუწყო კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა — დასავლეთის ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების პრივილეგირებულმა ადგილმა მსოფლიო კაპიტალიზმის იერარქიაში. კაპიტალიზმის ცენტრისადმი მათი მიკუთვნილობა — ფორმალური დეკოლონიზაციის შემთხვევაშიც კი — საშუალებას აძლევდა „კეთილდღეობის სახელმწიფოდ“ გარდაქმნილ იმპერიალისტურ ქვეყნებს, გაეგრძელებინათ „მესამე სამყაროს“ ეკონომიკური ექსპლუატაცია და ამისგან მიღებული სარგებელი მოეხმარათ თავიანთ სახელმწიფოებში ფართო მასების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და შეექმნათ ერთგვარი კომპრომისი შრომასა და კაპიტალს შორის, შეერბილებინათ რევოლუციური საშიშროების მატარებელი კლასობრივი წინააღმდეგობები. ეს ფაქტორი, გლობალიზაციასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერებული, დღესაც არსებობს და, მიუხედავად იმისა, რომ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო ნეოლიბერალური შემობრუნება (ჯერ ლათინურ ამერიკაში რეაქციული დიქტატურების დამყარებით, რომლებიც პოლიტიკური ტერორის საშუალებით ნერგავდნენ თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, ხოლო შემდეგ ამერიკასა და ბრიტანეთში რეიგანისა და ტეტჩერის მმართველობით, რომელიც მუშათა კლასის ინტერესებზე უპრეცედენტო იერიშით აღინიშნა) და „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ თანდათანობითი დემონტაჟი, სოციალური სახელმწიფოს ინსტიტუტები დღესაც ნარჩუნდება დასავლეთის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში. „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებაში იმპერიალიზმის (ცენტრისა და პერიფერიის უთანასწორობის) როლის ხაზგასმა მით უფრო მნიშვნელოვანი გვგონია, რომ ხშირად „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ მხოლოდ კაპიტალისტური ცენტრის სახელმწიფოების შიგნით გატარებული რეფორმისტული პოლიტიკის (როგორიცაა, პროგრესული გადასახადები და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება) შედეგად წარმოაჩენენ.

[XXVII] ჩარლზ რაით მილზი (Wright Mills) (1916-1962) — ამერიკელი სოციოლოგი და პუბლიცისტი. დასავლურ სოციოლოგიაში მემარცხენე-რადიკალური მიმდინარეობის ფუძემდებელი. თავის შრომებში ეყრდნობოდა მაქს ვებერის, კარლ მანჰაიმისა და კარლ მარქსის მეთოდოლოგიას. მილზი იკვლევდა გაბატონებულ ელიტებსა (სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ) და იმ იდეოლოგიურ გავლენას, რომელსაც ისინი ახდენენ მოსახლეობის ფართო ფენებზე, ამერიკულ საშუალო კლასსა და მუშათა კლასის ინტეგრაციას კაპიტალისტურ საზოგადოებაში. მილზი კრიტიკულად აფასებდა თანამედროვე აკადემიურ სოციოლოგიას, როგორც აბსტრაქტულსა და ცხოვრებისგან მოწყვეტილს. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია „ახალი მემარცხენეების“ მოძრაობაზე (ტერმინ „ახალი მემარცხეობის“ ავტორობაც მას მიეწერება).

[XXVIII] სავარაუდოდ,  უნდა იგულისხმებოდეს უილიამ უაითი (Whyte) (1914-2000) — ამერიკელი სოციოლოგი, ცნობილი ქალაქის ეთნოგრაფიული კვლევებით. 

[XXIX] ვენს პეკარდი (Vance Packard) (1914-1996) — ამერიკელი ჟურნალისტი. კონსუმერიზმის კრიტიკოსი.

[XXX] 1933 წელს, გერმანიაში, ნაციონალ-სოციალისტური პარტია მოვიდა ხელისუფლებაში.

[XXXI] მათ. 6, 34.  რამდენადაც ლიფშიცთან ეს ფრაზა საეკლესიო სლავურით არის მოყვანილი, შესაბამისად, თარგმანში მისი ეკვივალენტი სახარების ძველი ქართული ტექსტიდან გადმოვიტანეთ.

[XXXII] აქსელ ოქსენშერნა (ან ოქსენშირნა) (Oxenstierna) (1583-1654) — შვედი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი. გუსტავ ადოლფ II და კრისტინას მეფობის ხანაში იყო სახელმწიფო კანცლერი (1612-1654).

[XXXIII] მსოფლიო სევდა (გერმ. Weltschmerz) — გერმანელი რომანტიკოსის, ჟან პოლის შემოტანილი ცნება. აღნიშნავს პესიმისტური განწყობების კომპლექსს, რომლებიც დამახასიათებელი იყო XVIII ს.-ის ბოლოსა და  XIX ს.-ის პირველი ათწლეულების მწერლებისა და პოეტებისთვის, ძირითადად, რომანტიზმის წარმომადგენლებისთვის. „მსოფლიო სევდის“ სიმპტომებია: ცხოვრების მოყირჭება, დარდი და სპლინი, კულტურისა და საზოგადოებისადმი ზიზღი, ამაყი განმარტოება, საკუთარი თავითა და სევდით ტკბობა, ნების ატროფია, როგორც გამუდმებული თვითანალიზის შედეგი, დარდი კაცობრიობის ბედისწერაზე და იმის შეგნებისაგან მოგვრილი სასოწარკვეთილების განცდა, რომ ამ სამყაროში ინდივიდი უძლურია, რაიმე შეცვალოს. „მსოფლიო სევდის“ ელემენტები, ამა თუ იმ დონეზე, გვხვდება რუსოს, ახალგაზრდა გოეთესა და შილერის, ბაირონის, შატობრიანის, ბენჟამენ კონსტანის, ალფრედ დე ვინიეს, ლეოპარდის, ლენაუს, ჰაინეს, ლერმონტოვის და სხვ. შემოქმედებაში.

[XXXIV] ალუზია მარქსის შემდეგ სტრიქონებზე  „სიტყვიდან „სახალხო გაზეთის“ იუბილეზე“: „იმ მოვლენებში, რომელნიც დავთარს ურევენ ბურჟუაზიას, თავადაზნაურობასა და რეგრესის ბედკრულ წინასწარმეტყველებს, ჩვენ ვცნობთ ჩვენს მამაც მეგობარს რობინ გუდფელოუს, ბებერ თხუნელას, რომელმაც ესოდენ მარდად იცის მიწაში მუშაობა, ვცნობთ ღირსეულ მესანგრეს — რევოლუციას“. მარქსთან “ბებერი თხუნელას” სახე, რომელიც მის “თვრამეტ ბრუმერშიც” გხვდება (თავი VII), თავის მხრივ, ალუზიაა შექსპირის ჰამლეტის სიტყვებზე, რომლითაც პიესის პირველი აქტის 5 სცენაში იგი მამის აჩრდილს მიმართავს: “Well said, old mole! Canst work i’ th’ earth so fast? A worthy pioner!” (“ეგ, კარგი სთქვი, ჩემო თხუნელა, ეგრე ჩქარა სთხრი მიწას, განა? ოჰ, რა მუშაა!”). “ბებერი თხუნელას” სახე ისტორიის სულის მეტაფორად პირველად გამოიყენა ჰეგელმა თავის “ისტორიის ფილოსოფიაში”. 

[XXXV] მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. 1, თბ., საბჭოთა საქართველო, 1963. გვ. 402. (ელ-ვერსია: მარქსი კ. სიტყვა “სახალხო გაზეთის” იუბილეზე // https://counterhegemony.ge/index.php/52-speech-at-the-anniversary-of-the-peoples-paper)

[XXXVI] იქვე. (ელ-ვერსია: მარქსი კ. სიტყვა “სახალხო გაზეთის” იუბილეზე // https://counterhegemony.ge/index.php/52-speech-at-the-anniversary-of-the-peoples-paper)

[XXXVII] ჯონ ოსბორნი (1929-1994) — ინგლისელი დრამატურგი და სცენარისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მსახიობი. ლიტერატურული მოძრაობა Angry Young Men-ის (“გაბრაზებული ახალგაზრდა კაცები“) ლიდერი. ოსბორნის პიესამ „უკან მოიხედე მრისხანებისას“ (Look Back in Anger, 1956) ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია და ავტორს სახელი და აღიარება მოუტანა. 1963 წელს იგი „ოსკარით“ დააჯილდოვეს ჰენრი ფილდინგის რომანის, „ტომ ჯონსის“ მიხედვით დაწერილი სცენარისთვის.

[XXXVIII] ვოლფ მანკოვიცი (Wolf Mankowitz) (1924-1998) — ბრიტანელი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი. ოსკარ ლევენსტაინი (Lewenstein) (1917-1997) — ბრიტანელი თეატრისა და კინოს პროდიუსერი.

[XXXIX] პირველი ინტერნაციონალი (ოფიციალური სახელწოდება: მუშათა საერთაშორისო ამხანაგობა) —  მუშათა კლასის პირველი საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაცია. დაარსდა 1864 წელს ბრიტანული ტრედიუნიონების, საფრანგეთის მუშათა ორგანიზაციების წარმომადგენლების და აგრეთვე გერმანელი, პოლონელი და სხვა ეროვნების სოციალისტი ემიგრანტების მიერ, რომლებიც 1864 წლის 28 სექტემბერს ლონდონში, სენ-მარტინ-ჰოლში, პოლონეთის აჯანყების ჩახშობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. მუშათა მოძრაობის გერმანელ წარმომადგენლებს შორის იყო კ. მარქსი, რომელიც არც მიტინგის ორგანიზატორი ყოფილა და არც სიტყვით გამოსულა, თუმცა, ამის მიუხედავად, არჩეულ იქნა 32 წევრისგან შემდგარ ხელმძღვანელ კომიტეტში (რომელსაც მოგვიანებით გენერალურ საბჭოდ მოიხსენიებდნენ) და მისი შემადგენლობიდან გამოყოფილ უფრო მცირერიცხოვან, მუდმივ კომიტეტში. მარქსმა დაწერა ინტერნაციონალის დამფუძნებელი მანიფესტი და წესდება. ამ დოკუმენტებში, ზოგადი და სხვადასხვა სოციალისტური მოძღვრებების (ლასალიანელები, პრუდონისტები, მოგვიანებით ბაკუნინის მიმდევარი ანარქისტები) მომხრეებისთვისა და მუშათა ორგანიზაციების წევრებისთვის მისაღები ფორმით, იყო ჩამოყალიბებული ის მიზნები და პრინციპები, რომელთაც უნდა დამყარებოდა მუშათა მოძრაობის საქმიანობა (იხ. მარქსი კ. დამფუძნებელი მანიფესტი მუშათა საერთაშორისო ამხანაგობისა; მუშათა საერთაშორისო ამხანაგობის საერთო წესდება // მარქსი კ., ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. 1., თბ., საბჭოთა საქართველო, 1964).  ეს მიზნები და პრინციპები იყო: პარტიად ორგანიზებული მუშათა კლასის დამოუკიდებელი და მეცნიერული თეორიით (როგორიც იმ დროს მარქსიზმი იყო) წარმართული საერთაშორისო ბრძოლა კაპიტალის ძალაუფლების დამხობისა და უკლასო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის (იქვე. გვ. 434, 436, 437).  ინტერნაციონალი, წერდა მარქსი წესდებაში, დაარსდა იმისთვის, „რომ იყოს ცენტრი ურთიერთობისა და თანამშრომლობისა სხვადასხვა მუშათა საზოგადოებებს შორის, რომელნიც სხვადასხვა ქვეყნებში არსებობენ და მისდევენ ერთსა და იმავე მიზანს, სახელდობრ, მუშათა კლასის დაცვას, განვითარებასა და სრულ გათავისუფლებას“ (იქვე. გვ. 437).  ინტერნაციონალის ორგანიზაციული სტრუქტურა ცალკეული ქვეყნის ორგანიზაციების დემოკრატიული უფლებებისა და ცენტრალიზმის ურთიერთშეთავსებას ემყარებოდა. ხელმძღვანელობა ეკისრებოდა გენერალურ საბჭოს, რომელსაც ყოველწლიურად ირჩევდა კონგრესი, შემდგარი ეროვნული სექციების დელეგატებისგან. ინტერნაციონალი ორგანიზებას უწევდა და ხელმძღვანელობდა მუშათა კლასის ბრძოლას პროგრესული ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმებისთვის (როგორც ტაქტიკური შუალედური მიზნებისთვის): რვასაათიანი სამუშაო დღის შემოღებისთვის, ქალთა და ბავშთა შრომის დაცულობისთვის, ეროვნული თვითგამორკვევისთვის, პოლიტიკური თავისუფლებებისთვის და სხვა. ინტერნაციონალის პირველ კონგრესზე (1866 წლის სექტემბერი) მიღებული რეზოლუცია აკავშირებდა ერთმანეთთან ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ბრძოლას და თანაბრად იყო მიმართული, როგორც პრუდონისტებისა და ლასალიანელების, რომლებიც უარყოფნდნენ და უგულებელჰყოფდნენ მუშათა კლასის ეკონომიკურ ბრძოლას, ისე ბრიტანელი ტრედიუნიონების წინააღმდეგ, რომელთაც მხოლოდ რეფორმიზმამდე დაჰყავდათ მშრომელთა ეკონომიკური ბრძოლა. ინტერნაციონალის მესამე, ბრიუსელის კონგრესის (1868 წლის სექტემბერი) შემდეგ, რომელზეც მემარჯვენე პრუდონისტების წინააღმდეგ მიღებულ იქნა რეზოლუციები მიწის, რკინიგზების, შახტებისა და საბადოების სოციალიზაციასა და მანქანების  — როგორც კოლექტიური შრომის ორგანიზების საწინდარზე, რომელიც ქმნის წინაპირობას წარმოების სოციალისტურ სისტემაზე გადასვლისთვის — შემოღებაზე, ინტერნაციონალში მარქსისეული მეცნიერული სოციალიზმის იდეები დაწინაურდა. ინტერნაციონალის მეოთხე, ბაზელის კონგრესის (1869 წლის სექტემბერი) შემდეგ, გამოიკვეთა ფუნდამენტური წინააღმდეგობები მარქსის მომხრეებსა და ბაკუნინის მიმდევრებს შორის, — უპირველეს ყოვლისა, პროლეტარული რევოლუციისა და პროლეტარიატის დიქტატურის საკითხზე და აგრეთვე მემკვიდრეობის უფლებაზე, რომლის გაუქმებაც ბაკუნინს სოციალიზმის მიღწევის მნიშვნელოვან საშუალებად მიაჩნდა. თავის მხრივ, ბაკუნისტებმა პრესაში დაიწყეს კამპანია ინტერნაციონალის გენერალური საბჭოს წინააღმდეგ, რომელსაც, ირლანდიის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის — ბრიტანული ტრედიუნიონების შოვინიზმისა და ეროვნული საკითხისადმი ბაკუნისტების ნიჰილიზმის საპირისპიროდ — მხარდაჭერისა და მისი პრინციპული მნიშვნელობის დაჟინების ხაზგასმის გამო, ბრალდებოდა ირლანდიის საკითხის გაზვიადება და საერთაშორისო მუშათა კლასისთვის — მისი ინტერესების საზიანოდ — თავსმოხვევა. გარდა ამისა, ბაკუნისტები, ისახავდნენ რა უმთავრეს მიზნად სახელმწიფოს გაუქმებას, უარყოფნდნენ ყოველგვარ პოლიტიკურ ძალაუფლებას, უგულებელყოფნდნენ პოლიტიკური ბრძოლის საჭიროებას, რომელიც მარქსისტებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა სოციალიზმის მიღწევის გზაზე. ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდიდა ინტერნაციონალში ბაკუნისტებისა და მარქსისტების თანაარსებობას. გარდამტეხი წერტილი გახდა პარიზის კომუნა და მისი მარცხი (იხ. ჩვენი პუბლიკაციები: ლენინი ვ. კომუნის ხსოვნას; კომუნის გაკვეთილები; პლეხანოვი გ. მარტის იდები; ტარასოვი ა. არეულობის დედა). კომუნის რიგებში ინტერნაციონალის წევრების აქტიური მონაწილეობისა და ინტერნაციონალის მიერ კომუნის მხარდაჭერის გამო საერთაშორისო ბურჟუაზიამ მისი დევნა დაიწყო; მუშათა საერთაშორისო ამხანაგობის წევრობა სახელმწიფო დანაშაულის ტოლფასი გახდა. ეს კი ბრძოლის ახალი ფორმებისა და მეთოდების შემუშავების საჭიროებას აყენებდა დღის წესრიგში. 1871 წლის სექტემბერში, ლონდონში, ინტერნაციონალის დელეგატების კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილება ყოველ ცალკეულ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის წარმოებისთვის დამოუკიდებელი პროლეტარული პარტიების  დაარსების საჭიროებაზე, პროფკავშირებში, ქალებს შორის და სოფლად მუშაობის გაძლიერებაზე. ამ გადაწყვეტილებების პასუხად ბაკუნისტებმა შვეიცარიაში გამართეს კონგრესი და მოითხოვეს გენერალური საბჭოს გაუქმება და ნაციონალური სექციების დამოუკიდებლობა. 1972 წლის სექტმბერში ჰააგაში გაიმართა ინტერნაციონალის მეხუთე კონგრესი, რომელზეც ინტერნაციონალი გაიხლიჩა: მუშათა საერთაშორისო ამახანაგობიდან გაირიცხნენ ბაკუნინი და მისი მიმდევრები. მარქსისა და ენგელსის ინიციატივით, გადაწყდა გენერალური საბჭოს ნიუ-იორკში გადატანა. ამის შემდეგ პირველმა ინტერნაციონალმა ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა, ოფიციალურად კი 1876 წელს გაუქმდა.

[XL] იხ. Маркс К. О Гаагском конгрессе // Маркс К. и Энгельс Ф. Сочинения, издание 2-е, ტ. 18. გვ. 153-155.;  Karl Marx. On the Hague Congress // https://www.marxist.com/on-the-hague-congress-marx.htm.

[XLI] გერსონ ტრირი (1851-1918) — დანიელი სოციალ-დემოკრატი, ჟურნალისტი, ენების მასწავლებელი და მთარგმნელი.

[XLII] უილიამ მორისი (1834-1896) — ინგლისელი მხატვარი, პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, გამომცემელი, ხელოვნების თეორეტიკოსი. სოციალისტი.

[XLIII] არკადია — მხარე ძველ საბერძნეთში, რომლის მაცხოვრებლებიც (ძირითად, მწყემსები და მონადირეები) უბრალო და ზნეობრივი ცხოვრებით გამოირჩეოდნენ. გადატ. მნ.: იდილიური, უდარდელი ცხოვრება.

[XLIV] ბოროტებისადმი მშვიდობიანი (არაძალადობრივი) წინააღმდეგობის იდეა — ლევ ტოლსტოის რელიგიურ-ეთიკური სწავლების შემადგენელი კომპონენტი, რომლის ფესვებიც ინდუისტურ რელიგიასა და ქრისტიანობაშია. მოგვიანებით განდიმ ეს იდეა, სატიაგრაჰას ფორმით, ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის პრაქტიკაში დანერგა.

[XLV] ალუზია ლენინის შემდეგ სიტყვებზე მისი ნაშრომიდან „მემარცხენეობის საყმაწვილო სენი კომუნიზმში”: „კაპიტალიზმის საშინელებათაგან „გაცოფებული“ წვრილი ბურჟუა — ეს სოციალური ტიპია, რომელიც, ისევე როგორც ანარქიზმი, ყველა კაპიტალისტურ ქვეყანას ახასიათებს“ (ლენინი ვ. თხზულებანი. ტ. 31, გვ. 19). 

[XLVI] ავგუსტ ვილიხი (1810-1878) — გერმანიის მუშათა მოძრაობის მონაწილე. 1828 წლიდან პრუსიის არმიის ჯარისკაცი, მიიღო ოფიცრის წოდება. 1847 წელს პოლიტიკური შეხედულებების გამო მიატოვა სამხედრო კარიერა და ამ წელსვე კომუნისტთა კავშირს შეუერთდა. მონაწილეობდა 1848/49 წლების რევოლუციაში, ბადენ-პფალცის აჯანყების დროს მეთაურობდა მოხალისეთა რაზმს, რომლის რიგებშიც, ვილიხის აუდიუტანტის რანგში, ფ. ენგელსიც იბრძოდა. 1850 წელს, კარლ შაპერთან ერთად, სათავეში ჩაუდგა ულტრამემარცხენე ფრაქციას კომუნისტთა კავშირში, რამაც გამოიწვია კავშირის გახლეჩა, ერთი მხრივ, მარქსისა და ენგელსის, ხოლო მეორე მხრივ, ვილიხ-შაპერის ფრაქციის მომხრეებად.  კომუნისტთა კელნის პროცესის შემდეგ ემიგრირდა ამერიკაში, სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა ჩრდილოელთა მხარეზე.

[XLVII] ბლანკიზმის და ბლანკის შესახებ იხ.: პლეხანოვი გ. მარტის იდები.; ლენინი ვ. მარქსიზმი და აჯანყება.

[XLVIII] „ბოევიზმი“ (რუს. „боевизм“) — სიტყვიდან “бой“ (ბრძოლა).

[XLIX] ბერნარდ დე მანდევილი (1670-1733) — ინგლისელი მორალისტი მწერალი და მატერიალისტი ფილოსოფოსი. ლექსად დაწერილ სატირულ ნაწარმოებში „იგავი ფუტკრებზე“ (1705) გამოსახა თავისი დროის საზოგადოება, რომელშიც განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას მანკიერებები წარმოადგენს. გავლენა იქონია ფრანგ ენციკლოპედისტებზე.

[L] ნიკოლა ლენგე (1736-1794) — ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი. უპირისპირდებოდა ფიზიოკრატებს. კონსერვატიული პოზიციებიდან აკრიტიკებდა ბურჟუაზიულ თავისუფლებებსა და საკუთრების კაპიტალისტურ ურთიერთობებს. 1794 წელს „ვენისა და ლონდონის დესპოტებისადმი პირფერობის“ გამო გილიოტინით დასაჯეს.

[LI] მაქსიმ გორკიმ თავის „ბავშვობაში“.

[LII] ნაროდოვლელები — „ნაროდნაია ვოლიას“ წევრები. ნაროდნაია ვოლია (რუს. Народная воля — „ხალხის ნება“) — რევოლუციური ორგანიზაცია XIX ს.-ის 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისის რუსეთში. დაარსდა 1879 წელს ნაროდნიკული ორგანიზაციის „Земля и воля“-ს („მიწა და თავისუფლება“) „ნაროდნაია ვოლიად“ („Народная воля“, „ხალხის ნება“) და „ჩორნი პერედელად“ (Черный передел, საყოველთაო, სამართლიანი განაწილება) გახლეჩის შემდეგ (უკანასკნელის წევრებმა — გ. პლეხანოვმა, პ. აქსელროდმა, ვერა ზასულიჩმა და ლ. დეიჩმა — 1883 წელს ჩამოაყალიბეს პირველი მარქსისტული ჯგუფი რუსეთის იმპერიაში — „შრომის გათავისუფლება“).  განსხვავებით „ჩორნი პერედელისგან“, რომელიც გლეხების ეკონომიკური ბრძოლისა და სოფლად აგიტაციის მომხრედ რჩებოდა, „ნაროდნაია ვოლიას“ წევრები თვითმპყრობელობასთან რევოლუციური ტერორის საშუალებით პოლიტიკური ბრძოლის გზას ირჩევენ. მათ პროგრამაში შედიოდა შემდეგი მოთხოვნები: დემოკრატიული რეფორმების გატარება, დამფუძნებელი კრების მოწვევა, საყოველთაო საარჩევნო უფლება, მუდმივი სახალხო წარმომადგენლობა, სიტყვის, შეკრების, პრესისა და სინდისის თავისუფლება, გლეხებისთვის მიწის გადაცემა, მუდმივი ჯარის ჩანაცვლება სახალხო შეიარაღებით, ჩაგრული ერების თვითგამორკვევა. „ნაროდნაია ვოლიას“ ხელმძღვანელობდა აღმასრულებელი კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ ა. მიხაილოვი, ნ. მოროზოვი, ა. ჟელიაბოვი, ს. პეროვსკაია, ვ. ფიგნერი, ლ. ტიხომიროვი, მ. ოშანინა, ა. იაკიმოვა. მას ემორჩილებოდა ადგილობრივი და სპეციალური (მუშათა, სტუდენტური, სამხედრო) ჯგუფები. ნაროდნაია ვოლიას ორიენტირება პოლიტიკურ ბრძოლაზე მნიშვნელოვანი წინსვლა იყო წინამორბედ რევოლუციურ ჯგუფებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაროდოველელები აქტიურად ეწეოდნენ პროპაგანდას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში, მათი ტაქტიკა არსებითად ბლანკისტური (იხ. კომ. 46) რჩებოდა, რადგან აჯანყების ორგანიზებასა და მოწყობაში მთავარი აქცენტი რევოლუციურ უმცირესობაზე კეთდებოდა, ხოლო სახალხო მასებს სოციალურ რევოლუციაში მხოლოდ დამხმარე, პასიური როლი ენიჭებოდა. „ნაროდოვოლელები გმირულ ბრძოლას აწარმოებდნენ თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, მაგრამ, ეყრდნობოდნენ რა მცდარ თეორიას „აქტიურ“ გმირებსა და „პასიურ“ ბრბოზე, ისინი საზოგადოებას გარდქმნას ხალხის მონაწილეობის გარეშე აპირებდნენ, ინდივიდუალური ტერორის, ხელისუფლების დაშინებისა და დეზორგანიზების გზით“, – ასე ახასიათებდა ლენინი ნაროდნაია ვოლიას მოღვაწეობას. 1881 წლის 1 მარტს, რიგი წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, „ნაროდნაია ვოლიას“ წევრებმა მოკლეს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II, იმედოვნებდნენ რა, რომ მეფის მკვლელობა ბიძგს მისცემს სოციალურ რევოლუციას. მეფის მკვლელობის ორგანიზატორები მალევე დააპატიმრეს და გაასამართლეს: ანდრეი ჟელიაბოვი, სოფია პეროვსკაია, ნიკოლაი კიბალჩიჩი, ტიმოფეი მიხაილოვი და ნიკოლაი რისაკოვი ჩამოახრჩვეს, გესია გელფმანს, რომელიც ფეხმძიმედ იყო, სამუდამო კატორღა მიუსაჯეს. ხელისუფლებამ რეპრესიების და პროვოკაციების შედეგად გაანადგურა ნაროდნაია ვოლია. 80-იან წლებში მისი აღდგენის მცდელობები წარუმატებელი იყო. 1986 წელს პეტერბურგში დაარსდა პარტია „ნაროდნაია ვოლიას“ „ტერორისტული ფრაქცია“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ვ. ლენინის უფროსი ძმა, ალექსანდრ ულიანოვი იყო. ეს ორგანიზაციაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი თეორიული პროგრამა, ნაროდნიკულ თეორიებთან ერთად, მარქსიზმის გავლენაზეც მეტყველებს, თავისი წინამორბედების გზაას დაადგა და მიზნად ალექსანდრე მეორის მემკვიდრის მკვლელობა დაისახა. 1887 წლის 1 მარტს, ალექსანდრე მესამეს მოკვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ორგანიზაცია განადგურდა, 1887 წლის 8 მაისს ა. ულიანოვი და ოთხი სხვა ორგანიზატორი ჩამოახრჩვეს, დანარჩენებს სხვადასხვა ვადით კატორღა და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. 90-იან წლებში ნაროდოველელების მემკვიდრეებმა უარი თქვეს რევოლუციურ პრინციპებზე. ნაროდნაია ვოლიას ტრადიციების გაგრძელებას, გარკვეული აზრით, წარმოადგენდა ესერების (სოციალისტ-რევოლუციონერების) საქმიანობა.

[LIII] ბაკუნისტები — რუსი რევოლუციონერის, მოაზროვნისა და ანარქიზმის თეორეტიკოსის, მიხაილ ბაკუნინის (1814-1877)  მიმდევრები. საიდუმლო ალიანსისოციალისტური დემოკრატიის საერთაშორისო ალიანსი (ფრ. L’Alliance Internationale de la democratic Socialiste) — ანარქისტული საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც 1868 წელს, შვეიცარიაში, პირველ ინტერნაციონალში მიხაილ ბაკუნინის გაწევრიანების შემდეგ დაარსდა მ. ბაკუნინისა და მისი, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, მიმდევრების მიერ. ბაკუნინს სურდა, ორგანიზაცია მუშათა საერთაშორისო ამხანაგობის შემადგენელი ავტონომიური ერთეული ყოფილიყო,  თავისი პროგრამითა და მიზნებით. ბაკუნინის მკვლევარი, საბჭოთა ისტორიკოსი ნ. პირუმოვა  შემდეგნაირად გადმოსცემს ბაკუნინის მხრიდან „ალიანსის“ შექმნის მოტივებს: „… არა ინტერნაციონალში, მისი პრინციპების საფუძველზე, ჩველებრივი მუშაობა, არამედ ინტერნაციონალის მეშვეობით საკუთარი შეხედულებების პროპაგანდა, მუშათა ფართო წრეებში მათი გავრცელება — ასეთი იყო ბაკუნინის ამოცანა. ამისთვის არ კმაროდა ინტერნაციონალში მისი გაწევრიანება, საჭირო იყო საკუთარი ორგანიზაციის შეყვანა, იქ გარკვეული ძალთა ბალანსის შექმნა“ (Пирумова Н. Бакунин. М., Молодая гвардия, 1970. გვ. 267).  ინტერნაციონალის გენერალურმა საბჭომ არ დააკმაყოფილა ბაკუნინის სურვილი. უარის მიღების შემდეგ, ბაკუნინი დათანხმდა ალიანსის გაუქმებას, ოღონდ იმ პირობით, რომ მისი სექციები შვეიცარიაში, ესპენათში, იტალიასა და საფრანგეთში ინტერნაციონალის შესაბამის სექციებში შევიდოდნენ. ინტერნაციონალი დათანხმდა ბაკუნინის შემოთავაზებას: „1869 წლის ივნისში ცალკეული სექციები გაერთიანდნენ ინტერნაციონალში, ალიანსმა კი თავი დაშლილად გამოაცხადა, რაც, მიუხედავად ამისა, არ ნიშნავდა იმას, რომ მან ნამდვილად შეწყვიტა საქმიანობა“ (გვ. 274). ამდენად, განცხადება ალიანსის დაშლაზე ბაკუნინის მხრიდან მხოლოდ ფანდი იყო თავისი მიზნის მიღწევისთვის. ინტერნაციონალში ბაკუნინისა და ბაკუნისტების მონაწილეობა მოგვიანებით გადაიზარდა მწვავე დაპირისპირებაში მარქსის მომხრეებთან (იხ. კომ. 37), რამაც ინტერნაციონალი 1872 წელს, ჰააგის კონგრესზე, გახლეჩამდე და ფაქტობრივ დაშლამდე მიიყვანა.

[LIV] იხ.: Конспект книги Бакунина «Государственность и анархия» // Маркс К., Энгельс Ф. Сочинения. Изд. 2-е. М., 1961. Т. 18. С. 579 – 624.; Marx K. Conspectus of Bakunin’s Statism and Anarchy (extract) // https://www.marxists.org/archive/marx/works/1874/04/bakunin-notes.htm

[LV]სერგეი ნეჩაევი (1847-1882) — რუსი რევოლუციონერი. დაიბადა მღებავის ოჯახში, წერა-კითხვა 16 წლის ასაკში უფროსებისთვის განკუთვნილ სკოლაში ისწავლა. 1866 წელს, პეტერბურგში, მასწავლებლობის წოდების გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ასწავლიდა სამრევლო სკოლაში. 1867 წელს გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი, დაუახლოვდა სტუდენტურ წრეებს. მონაწილეობდა 1868-69 წლების სტუდენტურ მღელვარებებში, პიოტრ ტკაჩევთან ერთად სათავეში ედგა რადიკალურ უმცირესობას. 1869 წლის იანვარში ხმა გაავრცელა თავის დაპატიმრებაზე და მოსკოვში გაემგზავრა, ხოლო მარტში ჟენევაში ემიგრირდა. იქ გაიცნო დევნილი რუსი რევოლუციონერები — მ. ბაკუნინი, ა. გერცენი და ნ. ოგარევი. ნეჩაევი სამშობლოდან გახიზნულ ძველი თაობის რევოლუციონერებს არარსებული რევოლუციური კომიტეტის წევრად წარუდგა და თავისი ფანატიზმითა და მიზანდასახულობით მარტივად მოიპოვა ბაკუნინის და ოგარევის სიმპათია და ნდობა (გერცენმა ნეჩაევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოიჩინა), რომელიც თავისი ინტერესებისთვის გამოიყენა. დაიწყო ნეჩაევის მჭიდრო თანამშრომლობა ბაკუნინთან. ოგარევის შუამავლობით „ბახმეტევის ფონდიდან“ (რომლის დანიშნულებაც რუსეთში რევოლუციური საქმიანობის დაფინანსება იყო) მიღებული თანხით, მათ პროპაგანდისტული კამპანია გააჩაღეს. დაბეჭდეს პროკლამაციები, სტატიები და ბროშურები, რომლებშიც რუსეთში რევოლუციისკენ მოუწოდებნენ ახალგაზრდობას. ამავე წლის ზაფხულში დაწერა ნეჩაევმა ცნობილი „რევოლუციონერის კატეხიზმო“, რომელსაც საფუძვლად ედო იეზუიტური პრინციპი — „მიზანი ამართლებს საშუალებას“. 1869 წლის სექტემბერში იგი რუსეთში ბრუნდება და, ბაკუნინისგან მიღებული „მანდატით“, თავს „მსოფლიო რევოლუციური კავშირის“ წევრად ასაღებს, აფუძნებს საიდუმლო ორგანიზაციას „Народная Расправа“ („სახალხო სასჯელი“). 1869 წლის ნოემბერში, ნეჩაევმა ორგანიზაციის ოთხ წევრთან ერთად პეტერბურგში მუხანათურად მოკლა სტუდენტი ივანოვი, რომელმაც უარი თქვა, დამორჩილებოდა მის მითითებებს (ამ ფაქტმა, რომელიც მოგვიანებით „ნეჩაეველების პროცესით“ გახმაურდა, შთააგონა დოსტოევსკი, თავისი რომანი, „ეშმაკნი“ დაეწერა, სადაც პიოტრ ვერხოვენსკის პროტოტიპად ნეჩაევის პიროვნებაა გამოყენებული).  1869 წელს დაიწყო დაპატიმრებები, რის გამოც ნეჩაევი კვლავ ემიგრაციაში წავიდა. ბაკუნინის დახმარებით „ბახმეტევის“ ფონდის მეორე ნაწილის მიღების შემდეგ, ნეჩაევმა გამოსცა რიგი პროკლამაციები, რომელთა ადრესატიც ამჯერად უკვე რუსეთის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენა იყო. 1870 წლის აპრილ-მაისში ოგარევთან ერთად განაახლა ჟურნალ „Колокол“-ის („ზარი“) გამოცემა, რომელიც გერცენისა და ოგარევის რედაქციით 1857-67 წლებში გამოდიოდა. რამდენადაც ნეჩაევი ბოროტად იყენებდა პირველი ინტერნაციონალის სახელს, 1871 წელს ინტერნაციონალი საჯაროდ გაემიჯნა მას და დაგმო მის სტატიაში „მომავლის საზოგადოებრივი წყობილების მთავარი საფუძვლები“ ჩამოყალიბებული ტლანქი გამათანაბრებელი შეხედულებები, როგორც „ყაზარმული კომუნიზმი“. ნეჩაევის ამორალიზმის, მისტიფიკაციებისა და პროვაკაციებისადმი მიდრეკილებისა და თეორიული უპრინციპობის გამო მას გაემიჯნენ, როგორც რუსი რევოლუციონერები, ისე ბაკუნინიც და ოგარევიც, რომლებიც მისი მანიპულაციების მსხვერპლები იყვნენ. 1972 წელს შვეიცარიის მთავრობამ დააპატიმრა ნეჩაევი და როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე რუსეთის ხელისუფლებას გადასცა. 1873 წელს იგი პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში გამოამწყვდიეს, სადაც 1882 წელს ციხეში შეძენილი ავადმყოფობებისგან გარდაიცვალა. როგორც სასამართლო პროცესზე, ისე საპყრობილეში, ნეჩაევმა დიდი სიმამაცე და სიმტკიცე გამოიჩინა; მან მოახერხა ბადრაგების გადმობირება და მათი მეშვეობით 1880 წელს კავშირი დაამყარა „ნაროდნაია ვოლიას“ წევრებთან, რომლებმაც ციხიდან გაქცევა შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა, ალექსანდრე მეორეზე ტერორისტული აქტისთვის რომ არ შეეშალა ხელი. ნეჩაევის ორგანიზაციული მეთოდები და შეხედულებები რუსეთის რევოლუციურმა მოძრაობამ გადაჭრით უარჰყო.

ნეჩაევის და ბაკუნინის ურთიერთობა კარგა ხნის განმავლობაში ისტორიკოსების დავის საგანს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ბაკუნინი  ნეჩაევის პიროვნული თვისებების (სიმტკიცის, ფანატიზმის, სიმამაცის) შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა, თანამშრომლობდა მასთან და დახმარებას უწევდა, ხოლო ნეჩაევი თავის მხრივ ბაკუნინის იდეების გავლენას განიცდიდა, მათი თანამებრძოლებად მოხსენიება ბოლომდე მართებული არ არის. ამაზე, გარდა სხვა ყველაფრისა, ნათლად მეტყველებს ის პრინციპული განსხვავებები, რომლებიც არსებობს ნეჩაევის „რევოლუციონერის კატეხიზმოსა“ («Катехизис революционера») (რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბაკუნინს მიეწერებოდა) და ბაკუნინის „რევოლუციურ კატეხიზმოს“ («Революционный катехизис») შორის (იხ.: Пирумова Н. Указ соч.  გვ. 287-332.; ამავე ავტორის: М. Бакунин или С. Нечаев?).

[LVI] ნიკოლაი ოგარევი (1813-1877) — რუსი პოეტი, პუბლიცისტი და რევოლუციონერი. ა. გერცენისა და მ. ბაკუნინის უახლოესი მეგობარი.

[LVII] იხ. Герцен А. Концы и Начала.

[LVIII] ალუზია შილერის შემდეგ სტრიქონზე მისი ლექსიდან „ოდა სიხარულს“:  „Seid umschlungen, Millionen!“ (გადაეხვიეთ (ჩაეხუტეთ) ერთმანეთს, მილიონებო!).

[LIX] მარქსი კ. ზედმეტი ღირებულების თეორიები. კაპიტალის IV ტომი (ნაწ. I). თბ., „საბჭოთა საქართველო, 1966. გვ. 491.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *