კარლ მარქსი — სიტყვა “სახალხო გაზეთის” იუბილეზე

სიტყვა „სახალხო გაზეთის“[1] იუბილეზე

ეგრეთ წოდებული 1848 წლის რევოლუციები მარტოოდენ უმნიშვნელო ეპიზოდები იყო — პატარა ხვრელები და ნაპრალები ევროპული საზოგადოების მაგარ ქერქზე. მაგრამ მათ გამოააშკარავეს მისქვეშ უფსკრული. ვითომ მაგარი ზედაპირის ქვეშ თვალუწვდენი ოკეანე აღმოჩნდა, და საკმარისია ეს ოკეანე ამოძრავდეს, რომ ნამსხვრევებად აქციოს მაგარი კლდეების მთელი მატერიკები. მათ ხმაურით და კანტიკუნტად გამოაცხადეს პროლეტარიატის გათავისუფლება — XIX საუკუნისა და მისი რევოლუციის ეს საიდუმლოება.

მართალია, ეს სოციალური რევოლუცია არ წარმოადგენდა 1848 წლის გამოგონებას. ორთქლი, ელექტრონი და ავტომატური დაზგები გაცილებით უფრო საშიში ხასიათის რევოლუციონერები იყვნენ, ვიდრე თვით მოქალაქენი ბარბესი[I], რასპაი[II] და ბლანკი[III]. თუმცა ატმოსფერო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, 20 000 გირვანქის სიმძიმით აწვება თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ განა ვგრძნობთ ჩვენ ამას? ისევე ნაკლებ ვგრძნობთ, როგორც ევროპის საზოგადოება ნაკლებ გრძნობდა 1848 წლამდე რევოლუციურ ატმოსფეროს, რომელიც მას გარს ერტყა და ყველა მხრიდან აწვებოდა.

ჩვენს წინ არის დიადი, ამ ჩვენი XIX საუკუნისთვის დამახასიათებელი ფაქტი, რომლის უარყოფას ვერც ერთი პარტია ვერ გაბედავს. ერთი მხრივ, სული შთაებერა ისეთ სამრეწველო და სამეცნიერო ძალებს, რომელთა შესახებ ფიქრიც კი არ შეიძლებოდა კაცობრიობის წინანდელი ისტორიის რომელიმე ეპოქაში. მეორე მხრივ, აშკარავდება დაცემის ნიშნები, რომლებიც გაცილებით აღემატება ყველა იმ საშინელებათ, რაც რომის იმპერიის უკანასკნელი დროიდან ისტორიის მატიანეში ჩაუწერიათ.

ჩვენს დროში ყოველი საგანი თითქოს თავისი საწინააღმდეგო მოვლენის მატარებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ მანქანა, რომელსაც აქვს საკვირველი ძალა შეამციროს და უფრო ნაყოფიერი გახადოს ადამიანის შრომა, წარმოშობს შიმშილსა და დაუძლურებას. სიმდიდრის ახლადგამოგონილი წყარონი, რაღაც საბედისწერო თილისმის მეოხებით, გაჭირვების წყაროებად იქცევიან. ტექნიკის გამარჯვებანი თითქოს მორალის დაკარგვის გზითაა მოპოვებული. იმ ზომით, რა ზომითაც კაცობრიობა ბუნების უფალი ხდება, ადამიანი თითქოს მეორე ადამიანის მონობაში ვარდება ანდა თავისი საკუთარი სისაძაგლის მონად იქცევა. მეცნიერების წმინდა სინათლეც კი, თითქოს, ისე ვერ იბრწყინვალებს, თუ არ უვიცობის ბნელ გარემოცვაში. ყველა ჩვენს გამოგონებათა და მთელი ჩვენი პროგრესის შედეგი, თითქოს, მხოლოდ ის არის, რომ მატერიალურ ძალებს სულიერი სიცოცხლე ენიჭებათ, ხოლო ადამიანის სიცოცხლე მატერიალური ძალის დონემდეა დაჩლუნგებული. ეს ანტაგონიზმი, ერთი მხრივ, თანამედროვე მრეწველობასა და მეცნიერებას, ხოლო მეორე მხრივ, თანამედროვე სიღატაკესა და დაცემას შორის, — ეს ანტაგონიზმი ჩვენი ეპოქის მწარმოებლურ ძალებსა და საზოგადოებრივ ურთიერთობებს შორის ხელშესახები, სავალალო და უცილობელი ფაქტია.

დაე, ზოგიერთი პარტია დასტიროდეს ამას, დაე, სხვებს კიდევ სურდეთ ხელი აიღონ თანამედროვე ტექნიკის წარმატებებზე, რათა ამით განთავისუფლდნენ თანამედროვე კონფლიქტებისგან; ანდა დაე, ზოგს სჯეროდეს, რომ მრეწველობაში ესოდენ მნიშვნელოვან პროგრესს უეჭველად უნდა ერთვოდეს ასევე უეჭველი რეგრესი პოლიტიკაში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, შეუცდომლად ვცნობთ ამაში იმ მზაკვარი სულის ნიშანს, რომელიც მუდამ მჟღავნდება ამ წინააღმდეგობაში. ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების ახალი ძალების წასამართავად საჭიროა, რომ მათ ახალი ადამიანები დაეუფლონ — და ეს ადამიანები მუშები არიან.

მუშები ახალი დროის ისეთსავე პროდუქტს შეადგენენ, როგორც თვით მანქანები. იმ მოვლენებში, რომელნიც დავთარს ურევენ ბურჟუაზიას, თავადაზნაურობასა და რეგრესის ბედკრულ წინასწარმეტყველებს, ჩვენ ვცნობთ ჩვენს მამაც მეგობარს რობინ გუდფელოუს[2], ბებერ თხუნელას, რომელმაც ესოდენ მარდად იცის მიწაში მუშაობა, ვცნობთ ღირსეულ მესანგრეს — რევოლუციას. ინგლისის მუშები თანამედროვე მრეწველობის პირმშონი არიან. და ისინი, რასაკვირველია, უკანასკნელნი როდი დაეხმარებიან ამ მრეწველობით წარმოშობილ სოციალურ რევოლუციას, — რევოლუციას, რომელიც ნიშნავს მათი კლასის გათავისუფლებას მთელ მსოფლიოში და რომელიც ისევე ინტერნაციონალურია, როგორც კაპიტალის ბატონობა და დაქირავებული მონობა. მე ვიცნობ იმ გმირულ ბრძოლას, რომელსაც ინგლისის მუშები აწარმოებდნენ წარსული საუკუნის შუა წლებიდან დაწყებული, ბრძოლას, რომელიც დიდად სახელგანთქმული არაა მხოლოდ იმიტომ, რომ ბურჟუაზიული ისტორიკოსები მას ბნელში სტოვებენ და დუმილით გვერდს აუვლიან. შუა საუკუნეების გერმანიაში არსებობდა ფარული სასამართლო, „ფემის სასამართლოდ“  (Vehmgericht) წოდებული, რომელიც მმართველი კლასების ბოროტმოქმედებისათვის შურს იძიებდა ხოლმე. როდესაც რომელიმე სახლზე წითელი ჯვრის გამოსახულებას დაინახავდნენ, უკვე ყველამ იცოდა, რომ იმ სახლის პატრონი მსჯავრდებული იყო „ფემის“ (Vehm) მიერ. ახლა ევროპის ყველა სახლზე იდუმალი წითელი ჯვარია დახატული. ახლა თვით ისტორიაა მოსამართლე, ხოლო განაჩენის ამსრულებელი — პროლეტარიატი.

სიტყვა, წარმოთქმული კ. მარქსის მიერ 1856 წლის 14 აპრილს.

დაბეჭდილია გაზეთ “People’s Paper”-ის 1856 წლის 19 აპრილის ნომერში.

იბეჭდება გაზეთის ტექსტის მიხედვით. თარგმანი ინგლისურიდან.

 

წყარო: კ. მარქსი და ფ. ენგელსი. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტომი 1. თბ.: საბჭოთა საქართველო, 1963. გვ. 401-403.

“რჩეული ნაწერების” რედაქციის შენიშვნები


[1] “People’s Paper” (“სახალხო გაზეთი“) — ჩარტისტთა[IV] ორგანო, გამოდიოდა ლონდონში 1852 წლიდან 1858 წლამდე. 

[2] ფანტასტური არსება, რომელიც XVI–XVII საუკუნეების ინგლისის ხალხური რწმენის თანახმად კეთილი მეგობრის როლს ასრულებდა ადამიანის საქმეებში; იგი არის შექსპირის კომედიის „სიზმარი ზაფხულის ღამეს“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. 

რედაქციის კომენტარები


[I] ბარბესის შესახებ იხ. პლეხანოვი გ. მარტის იდები. კომენტარი 12.

[II] ფრანსუა ვენსან რასპაი (Raspail) (1794-1878) — ფრანგი რევოლუციონერი, რესპუბლიკური და დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე, ქიმიკოსი და ექიმი. 1830 წლის ივლისის რევოლუციის მონაწილე. „ხალხის მეგობართა საზოგადოების“ ერთ-ერთი თავჯდომარე, 1834-35 წლებში რესპუბლიკური გაზეთის, „რეფორმატორის“ რედაქტორი. რამდენიმეჯერ იყო დაპატიმრებული. 1848 წლის რევოლუციაში იყო რევოლუციურ-დემოკრატიული ფლანგის ერთ-ერთი ლიდერი. სათავეში ედგა დელეგაციას, რომელმაც აიძულა დროებით მთავრობას რესპუბლიკის გამოცხადება (1848 წლის 25 თებერვალს). 1848 წლის მაისში ხელისუფლების რეაქციული პოლიტიკის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის პატიმრობა მიესაჯა. 1854 წელს გათავისუფლებული, ბელგიაში ემიგრირდა. 1863 წელს დაბრუნდა საფრანგეთში. 1869 წელს, როგორც დემოკრატიული ოპოზიციის დეპუტატი, საკანონმდებლო კორპუსში იქნა არჩეული. 1876 წელს, დეპუტატთა პალატის წევრის რანგში, მოითხოვდა კომუნარების ამნისტირებას.

[III] ბლანკის შესახებ იხ. პლეხანოვი გ. მარტის იდები. კომენტარი 11.

[IV] ჩარტისტების შესახებ იხ. ლიფშიცი მიხ. კარლ მარქსი და თანამედროვე კულტურა. კომენტარი IV.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *