ვადიმ როგოვინი — “ქართული ინციდენტი” და “დერჟიმორდას რეჟიმი”

2022 წლის 30 დეკემბერს ასი წელი შესრულდა საბჭოთა კავშირის დაარსებიდან. ერთი წლის წინ, ოქტომბრის რევოლუციის შესახებ პუბლიკაციის წინასიტყვაობაში (იხ. ე. ჰობსბაუმი, მსოფლიო რევოლუცია) ჩვენ დავაანონსეთ, რომ ამ საკითხს კიდევ მრავალჯერ დავუბრუნდებოდით, რათა კრიტიკულად გაგვეშუქებინა სსრკ-ის ჩამოყალიბების თანმხლები პერიპეტიები, მისი ისტორია და ის საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობა, რომელიც „რეალური სოციალიზმის“ ქვეყნებში არსებობდა. მეტისმეტად აქტივისტურად განწყობილ პირებს ეს ყველაფერი შეიძლება რეალობისაგან განყენებულ სქოლასტიკურ ძიებებად მოეჩვენოთ, მაგრამ ჩვენთვის ასე არ არის. თანამედროვე სიტუაციისა და იმ მწვავე კონფლიქტების გაგება, რომელშიც გზა გვაქვს გასაგნები, შეუძლებელია ისტორიის, მათ შორის, მნიშვნელოვანწილად, სოციალისტური იდეალის პრაქტიკული განხორციელების მცდელობების ობიექტური, კრიტიკული შესწავლისა და გააზრების გარეშე.

ამის გაკეთება სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი გვგონია, ვინაიდან „სოციალისტური ბანაკის“ დაშლიდან გასული სამი ათწლეულის განმავლობაში სსრკ-ის ისტორია რეაქციული ანტიკომუნისტური პროპაგანდის ბურუსშია გახვეული და იმ ნეგატიურ ასპექტებს (ბურჟუაზიის მესიტყვე ფსევდომეცნიერების მიერ ხშირად უკიდურესად გაზვიადებულს), რომლებიც ახასიათებდა „რეალურ სოციალიზმს“, პოსტსაბჭოთა გაბატონებული კლასების ინტელექტუალი ლაქიები კომუნისტური იდეალის დისკრედიტაციისთვის იყენებენ. მედლის მეორე მხარეა სხვადასხვა ჯურის მემარცხენე პოპულისტებისა და ფსევდოკომუნისტების მხრიდან საბჭოთა კავშირის ისტორიის იდეალიზება და ყველა იმ ნეგატიური მხარის მიჩქმალვა, რომელიც მას, უდავოდ, დიდი რაოდენობით გააჩნდა, რაც აგრეთვე ხელისშემშლელი ფაქტორია პოსტსაბჭოთა სივრცეში კომუნისტური მოძრაობის ჩამოყალიბებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ საბჭოთა კავშირის პროგრესულ ხასიათს (რომელიც მან რევოლუციის დამარცხებისა და სტალინური თერმიდორის გამარჯვების შემდეგაც კი შეინარჩუნა) და ვთვლით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს (და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების) არსებობის 30-წლიანი ისტორია ერთ-ერთია იმ სავალალო სცენართაგან, რომელთა მიხედვითაც შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი განვითარებულიყო, არ ვაპირებთ თვალის დახუჭვას მის ნაკლოვანებებსა და იმ მძიმე შეცდომებზე, რომლებიც კომუნისტებმა ჯერ კიდევ სტალინიზმის დამყარებამდე დაუშვეს — იმისათვის, რომ ისინი მომავალში აღარ განმეორდეს.

ასეთი შეცდომები თან ახლდა სსრკ-ის ჩამოყალიბების პროცესსაც: მაგალითად, ნაციონალური საკითხის სფეროში, რისი ერთ-ერთი მკაფიო ნიმუშიც ე.წ. „ქართული საქმეა“ — საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის დაპირისპირება სსრკ-ის ჩამოყალიბების სტალინისეულ პროექტთან, რომელიც ეროვნული საკითხის გადაჭრისას სტალინისთვის დამახასიათებელ ტლანქ, არადიალექტიკურ მიდგომასა და დიდრუსულ იმპერიულობას ამჟღავნებდა და ამ დაპირისპირების თანმდევი მოვლენები, რომელიც უკვე მძიმედ სნეული ლენინისგან მედგარ წინააღმდეგობას გადააწყდა. ლენინის დაპირისპირება სტალინთან და პარტიაში დაწყებულ ბიუროკრატიზაციის პროცესთან, რომლის პერსონიფიკაციასაც სწორედ „გენსეკი“ წარმოადგენდა, „ლენინის უკანასკნელი ბრძოლა“, — როგორც ამას ისტორიკოსმა მოშე ლევინმა უწოდა, — დოკუმენტირებულია ლენინის სიკვდილის წინ გაკეთებულ ჩანაწერებში. მათგან ერთ-ერთი, — „ეროვნებათა საკითხისთვის ანუ „ავტონომიზაციის“ შესახებ“, — რომელიც სწორედ „ქართულ საქმეს“ ეძღვნება, ორიოდე თვის წინ „ნაპერწკლის“ ჯგუფის თეორიულ  პლატფორმა „მახვილზე“ გამოქვეყნდა.

წინამდებარე პუბლიკაციაში ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ თემას საბჭოთა და რუსი ფილოსოფოსის, სოციოლოგისა და ისტორიკოსის, ვადიმ როგოვინის წიგნიდან  „იყო თუ არა ალტერნატივა?“ თარგმნილი ერთი თავით. და, გარდა ამისა, ვაქვეყნებთ ლევ ტროცკის ავტობიოგრაფიის იმ თავს, რომელიც ლენინის ავადმყოფობის პერიოდისა და ამ დროს განვითარებული შიდაპარტიული მოვლენებისა და პროცესების, მათ შორის „ქართულ ინციდენტის“, შესახებ მოგვითხრობს.

ეს ტექსტები, რა თქმა უნდა, სინათლეს სრულად ვერ მოჰფენს აღნიშნულ პრობლემებს, მაგრამ ისინი, ლენინის სტატიასთან ერთად, უფრო სერიოზულად დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რას ნიშნავს ეროვნული საკითხისადმი ნამდვილი მარქსისტული მიდგომა; რა განასხვავებს მას შოვინისტურ, დიდიმპერიულ, ტლანქ ადმინისტრატორულ მეთოდებსა და ძალის უპირატესობაზე დამყარებული მიდგომისაგან, რომელიც მხოლოდ შუღლსა და ურთიერთსიძულვილს თესავს ხალხებსა და მშრომელ კლასებს შორის. ამასთანავე, წარმოდგენილი ტექსტები ზოგად ნაკვთებში მოხაზავს იმ მავნე ტენდენციას — პარტიული და სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზაციას — რომელიც 20-იანი წლების მიწურულს თერმიდორის გამარჯვებით, პარტიის, როგორც რევოლუციური პოლიტიკური ორგანოს, სიკვდილითა და 30-იანი წლების ბოლოს მისი საუკეთესო ნაწილის ფიზიკური განადგურებით დაგვირგვინდა.

რედაქცია


 

„ქართული ინციდენტი“ და „დერჟიმორდას[I] რეჟიმი“

 

„ყრილობისადმი წერილსა“[II] და მუშგლეხინის[III] რეორგანიზაციის[IV] შესახებ სტატიებს შორის ინტერვალში ლენინმა თავის მდივანს უკარნახა წერილი ეროვნულ საკითხზე, რომელიც არანაკლებ აღელვებდა, ვიდრე შიდაპარტიული ურთიერთობები. ამ წერილის დაწერას, რომელსაც „ეროვნებათა საკითხისთვის ანუ „ავტონომიზაციის“ შესახებ“[V] ეწოდა, წინ უსწრებდა ლენინის და სტალინის ცხარე დაპირისპირება სსრკ-ის ჩამოყალიბების გზებზე და იმ მოვლენების გამო, რომელთაც „ქართული ინციდენტის“ სახელით ვიცნობთ.

ეს „ინციდენტი“ 1922 წლის 15 სექტემბერს დაიწყო, როცა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, მას შემდეგ, რაც განიხილა სტალინის თეზისები „ავტონომიზაციის“ პრინციპით საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებაზე, ანუ სსრკ-ში ეროვნული სახელმწიფოების ავტონომიის სტატუსით შესვლაზე, ხმათა უმრავლესობით რესპუბლიკების ერთიან კავშირში გაერთიანებას „დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტის შენარჩუნების“ პირობით დაუჭირა მხარი[VI].

22 სექტემბერს სტალინმა  ლენინს მისწერა წერილი, რომელშიც „ავტონომიზაციის“ საკუთარ პროექტსა და „ნაციონალ-უკლონიზმის“ თავის გაგებას აშუქებდა. „4 წლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში, როდესაც, ინტერვენციის გათვალისწინებით, იძულებულნი ვიყავით, ეროვნულ საკითხში მოსკოვის ლიბერალიზმი გამოგვევლინა, — ნათქვამი იყო წერილში, — ჩვენ მოვასწარით კომუნისტთა რიგებში ჭეშმარიტი და თანმიმდევრული სოციალ-დამოუკიდებლობისტების (социал-независимцы) აღზრდა, რომლებიც ითხოვენ ნამდვილ დამოუკიდებლობას, ყველა გაგებით, და რუსეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის ჩარევას აფასებენ, როგორც ტყუილსა და ფარისევლობას მოსკოვის მხრიდან“[1]. სტალინი დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კავშირის შექმნას განიხილავდა „თამაშად“, რომელიც ეროვნული რესპუბლიკების კომუნისტებმა სერიოზულად მიიღეს და „დამოუკიდებლობაზე ნათქვამ სიტყვებს ჯიუტად აღიარებდნენ ჭეშმარიტებად და აგრეთვე ჯიუტად მოითხოვდნენ დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონსტიტუციის ფორმალურ განხორცილებას“[2].

გაეცნო რა სტალინის ამ წერილს, ლენინმა 26 სექტემბერს კამენევს გაუგზავნა წერილი პოლიტბიუროს წევრებისთვის. როგორც წერილიდან ჩანს, იმ დროს ლენინი ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ საბჭოთა კავშირში სრული თანაბარუფლებიანობის საფუძველზე რესპუბლიკების გაწევრიანების საკითხი სტალინთან სერიოზული დაპირისპირების გარეშე გადაიჭრებოდა. მან შესთავაზა საკავშირო ხელშეკრულების ტექსტის რიგი ფორმულირებები, რომლებიც „უფრო მეტი თანასწორუფლებიანობის“ შესაძლებლობებს იძლეოდა. ლენინის შესწორებები კარდინალურად ცვლიდა სტალინის პროექტის შინაარსს. ამის მიუხედავად, იგი სტალინს მხოლოდ „ნაჩქარეობისკენ მიდრეკილების“ გამო აკრიტიკებს, იმედოვნებს რა, როგორც ჩანს, რომ პროექტის კრიტიკა, გამოთქმული ისეთი რბილი ფორმით, რომელიც თავმოყვარეობას არ შეულახავდა, სტალინს მისი შემოთავაზებების გათვალისწინებისკენ უბიძგებდა. სტალინის მიერ ქართველი კომუნისტების ლიდერის, პ. მდივანის[VII] „დამოუკიდებლობისტობაში“ დადანაშაულებას ლენინი ბრჭყალებში სვამდა და, ამრიგად, მკაფიოდ ემიჯნებოდა.

ლენინის წერილის მიღების შემდეგ, სტალინმა 27 სექტემბერს ლენინსა და პოლიტბიუროს წევრებსა და წევრობის კანდიდატებს პასუხი გაუგზავნა, რომელშიც ლენინს „ეროვნულ ლიბერალიზმში“ დასდო ბრალი. მეორე დღეს, სტალინმა და კამენევმა, შეიტყვეს რა მ. ი. ულიანოვასგან[VIII], რომ ლენინს ამ საკითხზე ახალი მოსაზრებები აქვს, პოლიტბიუროს სხდომაზე საინტერესო შინაარსის ბარათები გაცვალეს:

„კამენევი: ილიჩი ომს აპირებს დამოუკიდებლობის დასაცავად. მთავაზობს ქართველებთან შეხვედრას. გუშინდელ შესწორებებზეც კი უარს ამბობს. მარია ილინიჩნამ დარეკა.

სტალინი: ჩემი აზრით, ილიჩის წინააღმდეგ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ. თუ ორადორი ქართველი მენშევიკი გავლენას მოახდენს ქართველ კომუნისტებზე, ეს უკანასკნელნი კი ილიჩზე, მაშინ იბადება კითხვა: რა შუაშია „დამოუკიდებლობა“?

კამენევი: ვფიქრობ, რაკი ილიჩი დაჟინებით ითხოვს, წინააღმდეგობის გაწევა უარესი იქნება.

სტალინი: არ ვიცი. როგორც საჭიროდ თვლის, ისე მოიქცეს“[3].

ლენინის პოზიციასთან უთანხმოების მიუხედავად, სტალინმა ვერ გაბედა, მას ღიად დაპირისპირებოდა და იძულებული გახდა, თავისი პროექტი სსრკ-ის შექმნის  ლენინისეული პრინციპების სულისკვეთებით გადაემუშავებინა. 6 ოქტომბერს ეს საკითხი ცკ-ის პლენუმზე განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ლენინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა, იგი ინარჩუნებდა კავშირს პარტიულ ხელმძღვანელებთან და ქართველ ოპოზიციონერებთან და, ამგვარად, გავლენას ახდენდა პლენუმის მსვლელობაზე. ბუდუ მდივანი ჰყვებოდა იმ პერიოდის მოვლენებზე: „ჯერ (სანამ ლენინი ჩაერეოდა) დერჟიმორდულად გვირტყამდნენ, მასხრად გვიგდებდნენ, მერე კი, როცა ლენინი ჩაერია, ჩვენი შეხვედრისა და მისი დაწვრილებით ინფორმირების შემდეგ, საქმე კომუნისტური გონების სასარგებლოდ შემოტრიალდა… [საკავშირო რესპუბლიკებს შორის] ურთიერთობების საკითხზე დამტკიცდა ნებაყოფლობითი კავშირი თანაბარუფლებიანობის საფუძველზე, და ამის შედეგად, ჩვენ წინააღმდეგ გამეფებული სულისშემხუთველი ატმოსფერო გაიფანტა: პირიქით, ცკ-ის პლენუმზე თავდასხმის ობიექტი იყვნენ „დიდიმპერიელები“ — ასე ამბობდნენ კიდეც ბუხარინი, ზინოვიევი, კამენევი და სხვები. პროექტი, რასაკვირველია, ლენინს ეკუთვნის, მაგრამ სტალინის, ორჯონიკიძის და სხვების სახელით არის შეტანილი, რომლებმაც უცბად შეიცვალეს ფრონტი… ამ ნაწილს ისეთი სილა უთავაზეს, რომ კიდევ დიდხანს ვერ გაბედავს იმ სოროდან თავის ამოყოფას, რომელშიც ლენინმა შერეკა… ჰო, ბურუსი ცოტათი გაიფანტა, მაგრამ, შეიძლება, ისევ ჩამოწვეს“[4].

მართლაც, ცკ-ის ოქტომბრის პლენუმის შემდეგ, სტალინისა და ორჯონიკიძის კონფლიქტი საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელებთან არ მოგვარდა. ორჯონიკიძე ერთ-ერთ მათგანს „სპეკულიანტს, დუქანშიკს“ ეძახდა, მეორეს — „ყეყეჩსა და პროვოკატორს“, მესამეს დახვრეტით ემუქრებოდა, ხოლო როდესაც ამ შეურაცხყოფების პასუხად ერთ-ერთმა ოპონენტმა მას „სტალინის ვირი“ უწოდა, ორჯონიკიძემ სილა გაარტყა. 19 ოქტომბერს საქართველოს კომპარტიის ცკ-მა განაცხადა, რომ იშუამდგომლებს, რათა კავშირში არა მთლიანად ამიერკავკასია, არამედ მისი შემადგენელი ცალკეული რესპუბლიკები შევიდნენ. სტალინმა და ორჯონიკიძემ, რომელიც მაშინ რკპ (ბ)-ის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტს მეთაურობდა, ეს განცხადება „პარტიული დისციპლინის დაუშვებელ დარღვევად“ შეაფასეს. ამსამხკომის დადგენილებით, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის პოსტიდან იმ დღესვე მოიხსნა მ. ოკუჯავა[IX]. საპასუხოდ საქართველოს ცკ-ის მთელმა შემადგენლობამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ორჯონიკიძის მიერ შექმნილი „დერჟიმორდას რეჟიმის“ პირობებში მუშაობის შეუძლებლობით ახსნა. 24 ნოემბერს ცკ-ის სამდივნომ გადაწყვიტა, საქართველოში გაეგზავნა კომისია ძერჟინსკის თავმჯდომარეობით, ამსამხკომისა და ქართველი კომუნისტების კონფლიქტის დაუყოვნებლივ განსახილველად.  25 ნოემბერს პოლიტბიურომ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემისას ლენინმა თავი შეიკავა.

კომისიამ მოიწონა ორჯონიკიძის ხაზი და საქართველოდან მისი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეების გაწვევა ჩათვალა საჭიროდ. კომისიის მუშაობის შედეგებზე ძერჟინსკიმ ლენინს 12 დეკემბერს მოახსენა. ლენინმა მოგვიანებით უამბო ფოტიევას[X], რომ ამ საუბარმა და, განსაკუთრებით, მონათხრობმა ორჯონიკიძის მიერ ატეხილ ცემა-ტყეპაზე  მასზე ძალიან მძიმედ იმოქმედა.

ლენინი მივიდა დასკვნამდე, რომ ძერჟინსკის კომისია მიკერძოებულია და გადაწყვიტა, ეროვნულ საკითხსა და „ქართულ საქმეზე“ სიტყვით უშუალოდ პარტიის ყრილობის წინაშე წარდგეს. ამ მიზნით, მან მდივნებს უკარნახა ვრცელი წერილი (ფაქტობრივად, სტატია) — „ეროვნებათა საკითხისთვის ანუ ‘‘ავტონომიზაციის“ შესახებ“[XI], რომელსაც, როგორც ჩანს, თუკი ჯანმრთელობა ხელს შეუშლიდა, ყრილობაზე მისი სიტყვით გამოსვლა უნდა ჩაენაცვლებინა. ამ წერილში ლენინმა თავისი მოწინააღმდეგეები (არა მხოლოდ „ქართულ საქმეში“, არამედ ზოგადად ეროვნულ სკითხში) პირველად მოიხსენია სახელით, დაახასიათა რა მათი პოზიცია, როგორც დიდიმპერიული შოვინიზმის გამოვლინება. იგი ხაზს უსვამდა, რომ „ქართულ საქმეში“ „აქ საბედისწერო როლი შეასრულეს სტალინის გულსწრაფობამ და ადმინისტრატორულმა გატაცებამ და აგრეთვე მისმა გაბოროტებამ ყბადაღებული „სოციალ-ნაციონალიზმის“ წინააღმდეგ. ზოგადად, გაბოროტება, ჩვეულებრივ, ყველაზე ცუდ როლს ასრულებს პოლიტიკაში“[5]. ლენინი პირდაპირ მიუთეთებდა, რომ „პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთელი ამ ჭეშმარიტად ველიკოროსულ-ნაციონალისტური კამპანიისათვის უნდა დაეკისროთ, რა თქმა უნდა, სტალინსა და ძერჟინსკის“ და „ორჯონიკიძის სამაგალითო დასჯას“ მოითხოვდა[6].

წერილში ლენინმა უაღრესად მკაცრად დაახასიათა ბიუროკრატი-შოვინისტის ტიპი, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული საკითხის გადაწყვეტაში. „სავსებით ბუნებრივია, — წერდა იგი, — რომ „კავშირიდან გასვლის თავისუფლება“, რითაც თავს ვიმართლებთ, ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდება, რომელიც ვერ შეძლებს დაიცვას სხვა ერები იმ ჭეშმარიტად რუსი კაცის, ველიკორუსი შოვინისტის, არსებითად, ნაძირალისა და მოძალადის თავდასხმისგან, როგორიც არის ტიპური რუსი ბიუროკრატი“[7]. ამ უკიდურესად მკვახე ეპითეტებთან ახლოს არის სხვა გამჭვირვალე დახასიათება, რომელიც უშუალოდ სტალინს მიემართება: „ის ქართველი, რომელიც უგულებელყოფს საქმის ამ მხარეს, აგდებულად წამოისვრის ბრალდებას „სოციალ-ნაციონალიზმში“ (მაშინ როდესაც ის თვითონ არის ნამდვილი და ჭეშმარიტი არა მარტო „სოციალ-ნაციონალი“, არამედ უხეში ველიკორუსი დერჟიმორდაც), — ის ქართველი, სინამდვილეში, არღვევს პროლეტარული კლასობრივი ბრძოლის ინტერესებს…“[8]

ამ სტატიის დაწერის შემდეგ, აგრძელებდა რა მზადებას იმისათვის, რომ XII ყრილობაზე ნაციონალური საკითხის გამო სტალინთან ბრძოლა გაემართა, ლენინმა საჭიროდ ჩათვალა, კიდევ ერთხელ განეხილა „ქართული ინციდენტი“. იგი თვლიდა, რომ აუცილებელია, „ხელახლა გამოკვლეულ იქნას ძერჟინსკის კომისიის ყველა მასალა იმისათვის, რომ გამოსწორდეს ის დიდძალი შეცდომები და მიკერძოებული განსჯა, რომელთაც იგი უსათუოდ შეიცავს“[9].

24 იანვარს ლენინმა ძერჟინსკისა და სტალინისგან ქართულ საკითხზე მომუშავე კომისიის მასალები გამოითხოვა და თავის სამ მდივანს მათი დეტალურად შესწავლა დაავალა. და თუმცა ლენინის ავადმყოფობის დროს ძერჟინსკის კომისიის დასკვნა მოიწონა ჯერ ორგბიურომ, ხოლო შემდეგ პოლიტბიურომ, რომელმაც საქართველოდან ქართული ოპოზიციის ოთხი მთავარი ლიდერის გამოწვევის დადგენილება გასცა, 1 – ელ თებერვალს, პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, ქართული საკითხის შესახებ მასალები ლენინის მიერ შექმნილ კომისიას გადაეცა. გარდა ამისა, 6 თებერვალს სტალინმა თავისი მდივნის პირით ლენინის მდივანს გადასცა განკარგულება, დაუყოვნებლივ მოეხსენებინა ლენინისთვის „საქართველოს კომპარტიაში არსებული კონფლიქტის შესახებ გუბკომებისა და ობკომებისადმი რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წერილის მოკლე შინაარსი“, სადაც ნათქვამი იყო ამ კონფლიქტის შესახებ პოლიტბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ამ მასალების მიღების შემდეგ, ლენინმა ფოტიევას იმ შეკითხვების სია უკარნახა, რომელთაც, მისთვის ცნობის შედგენისას, ყურადღება უნდა მიქცეოდა: რისთვის დაადანაშაულეს საქართველოს კომპარტიის ძველი ცკ „უკლონიზმსა“ და პარტიული დისციპლინის დარღვევაში; რატომ ადანაშაულებენ ამსამხკომს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის დათრგუნვაში; ძერჟინსკის კომისიამ მხოლოდ საქართველოს კომპარტიის ცკ-ის წინააღმდეგ ბრალდებები განიხილა თუ ამსამხკომის წინააღმდეგ ბრალდებებიც (მათ შორის „ბიომექანიკის შემთხვევა“, ანუ თავის ოპონენტთან ორჯონიკიძის ფიზიკური ანგარიშსწორების ინციდენტი); როგორი იყო ცკ-ის ხაზი ლენინის არყოფნაში.

14 თებერვალს ლენინმა ფოტიევას დაავალა, „მიენიშნებინა სოლცისთვის[XII] (რკპ (ბ)-ის ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრისთვის, რომელსაც „ქართული საქმის“ განხილვა დაეკისრა. – ვ. რ.), რომ იგი დაჩაგრულის მხარესაა. მიეხვედრებინა დაჩაგრულთაგან რომელიმესთვის, რომ იგი მათ მხარესაა“. იმავე დავალებაში ლენინი სვამდა კითხვას: „იცოდა თუ არა სტალინმა? (როგორც ჩანს, ორჯონიკიძის საქციელის შესახებ. – ვ. რ.). რატომ  არ რეაგირებდა?“ და იქვე აყალიბებდა თავის პრინციპულ აზრს: „სახელწოდება „უკლონისტები“ შოვინიზმისა და მენშევიზმისკენ გადახრისთვის (სტალინისა და ორჯონიკიძის საყვარელი ბრალდებები საქართველოს ძველი ცკ-ის მისამართით. – ვ. რ.) სწორედ ამ გადახრას ადასტურებს თავად „ველიკოდერჟავნიკებთან“[10].

ფოტიევას მოგონებებიდან ლენინის კომისიის მუშაობის შესახებ ნათლად ჩანს, რომ კომისია „ქართული საქმის“ ირგვლივ აპარატის ინტრიგებს შეეჩეხა. მაგალითად, სოლცმა აცნობა ფოტიევას, რომ კობახიძის[XIII] განცხადება, რომლითაც მან ცენტრალურ საკონტროლო კომისიას (ცსკ) მიმართა, გაქრა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ცსკ-ში არის ამ ინციდენტის შემსწრე რიკოვის[XIV] „ობიექტური ნაამბობი“. რიკოვი კი თავის „ობიექტურ ნაამბობში“ ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ამხ. ორჯონიკიძე მართალი იყო, როდესაც უპატიებელ პირად შეურაცხყოფად მიიღო ამხ. კობახიძის მიერ მის მიმართ გამოთქმული საყვედურები“[11].

3 მარტს ფოტიევამ ლენინს გადასცა მისივე განკარგულებით შექმნილი კომისიის დასკვნა სათაურით: „საქართველოს კომპარტიაში არსებული კონფლიქტის მოკლე შინაარსი“. ლენინი გაეცნო ამ დოკუმენტს და, გრძნობდა რა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სავარაუდოდ, ვერ მიიღებდა მონაწილეობას XII ყრილობის მუშაობაში, ფოტიევას უთხრა, რომ თავის სტატიას „ეროვნებათა საკითხისთვის ანუ ავტონომიზაციის შესახებ“, რომელიც ყრილობისთვის მზადდებოდა, სახელმძღვანელო მნიშვნელობას ანიჭებს და მის გამოქვეყნებას აპირებს, თუმცა ცოტა მოგვიანებით. 5 მარტს ვოლოდიჩევამ[XV], ლენინის დაავალებით, ეს სტატია, ორ ბარათთან ერთად, ტროცკის გადასცა, პირველი ბარათი ლენინის მიერ ნაკარნახევ შემდეგ ტექსტს შეიცავდა:

„პატივცემულო ამხ. ტროცკი!

ძალიან გთხოვთ, პარტიის ცკ-ზე ქართული საქმის დაცვა თქვენს თავზე აიღოთ. ამ საქმეს ახლა სტალინი და ძერჟინსკი „იძიებენ“, მათი მიუკერძოებლობის იმედი არ მაქვს. პირიქითაც კი მგონია. თუ თქვენს თავზე აიღებდით მის დაცვას, მაშინ მშვიდად ვიქნებოდი. თუ რატომღაც არ დათანხმდებით, მაშინ მთელი საქმე დამიბრუნეთ. ამას ჩავთვლი თქვენი უთანხმოების ნიშნად.

საუკეთესო ამხანაგური სალამი

ლენინი“[12].

ვოლოდიჩევას მიერ დაწერილი მეორე ბარათი შეიცავდა შემდეგი შინაარსის შეტყობინებას: „ვლადიმირ ილიჩმა აგრეთვე მთხოვა,  მეცნობებინა თქვენთვის, რომ ამხ. კამენევი ოთხშაბათს საქართველოში მიემგზავრება (საქართველოს კომპარტიის სხდომაზე. – ვ. რ.); ვლადიმირ ილიჩს აინტერესებს, ხომ არ გსურთ იქ თქვენგან რაიმეს გაგზავნა“[13].

სტატიისა და ორი ბარათის მიღების შემდეგ, ტროცკიმ იკითხა: „ასე რატომ გართულდა საკითხი?“ ლენინის მდივნებმა აცნობეს ის დასკვნები, რომლებამდეც ლენინი „ქართული საქმის“ მასალების გაცნობის შედეგად მივიდა. ეს დასკვნები, მათი სიტყვებით, მდგომარეობდა შემდეგში: „სტალინმა კიდევ ერთხელ გააცრუა ლენინის ნდობა: საქართველოში საყრდენი რომ გაენაღდებინა, ლენინისა და მთელი ცკ-ის ზურგს უკან, ორჯონიკიძის დახმარებითა და ძერჟინსკის ხელშეწყობით, ცენტრალური კომიტეტის ავტორიტეტს ამოფარებულმა, პარტიის საუკეთესო ნაწილის წინააღმდეგ ორგანიზაციული გადატრიალება მოაწყო“[14]. მდივნებმა აგრეთვე გადასცეს, რომ ლენინს ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ სტალინი მომავალ პარტიულ ყრილობას ამზადებს, განსაკუთრებით, საქართველოში მისი ფრაქციული მაქინაციების გამო. 

 „ლენინის განზრახვა, — იხსენებდა ტროცკი, — ჩემთვის სავსებით ნათელი გახდა: სტალინის პოლიტიკის მაგალითზე მას პარტიის წინაშე ულმობლად უნდა გამოეაშკარავებინა დიქტატურის ბიუროკრატიული გადაგვარების საშიშროება“[15]. მოგვიანებით ტროცკი „ქართული საქმისადმი“ ლენინის ესოდენ დაჟინებულ ყურადღებას აგრეთვე იმითაც ხსნიდა, რომ „ნაციონალურ საკითხში, სადაც ლენინი განსაკუთრებულ მოქნილობას ითხოვდა, სულ უფრო და უფრო დაუფარავად იჩენდა თავს იმპერიული ცენტრალიზმის ეშვები“[16].

მდივნების შეტყობინების მიღებისთანავე ტროცკიმ ფოტიევას სთხოვა, გაეგო ლენინისგან, თუ შეიძლებოდა, ხელნაწერები კამენევისთვის გაეცნო, რომელიც მეორე დღეს საქართველოში პარტიულ ყრილობაზე მიემგზავრებოდა, რათა იქ ლენინის სულისკვეთებით მოქმედებისკენ ებიძგებინა.

20 წუთის შემდეგ ფოტიევა ლენინისგან უარყოფითი პასუხით დაბრუნდა: „არავითარ შემთხვევაში!“ — „რატომ?“ — „ვლადიმირ ილიჩი ამბობს: „კამენევი მაშინვე ყველაფერს სტალინს გაუმჟღავნებს, ხოლო სტალინი დამპალ კომპრომისს დადებს და იცრუებს“. — „ე. ი. საქმე იმდენად შორს წავიდა, რომ ილიჩი სტალინთან კომპრომისის დადებასაც კი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად?“ — „დიახ, ილიჩი სტალინს არ ენდობა, ის მთელი პარტიის წინაშე აპირებს მის წინააღმდეგ გამოსვლას. ის ნაღმს ამზადებს“[17].

ამ საუბრიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ, ფოტიევა კვლავ მივიდა ტროცკისთან და გადასცა ლენინის წერილი მდივანისა და მახარაძისთვის — საქართველოში სტალინის პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგეებისთვის:

„პატივცემულო ამხანაგებო!

მთელი გულით ვადევნებ თვალს თქვენს საქმეს. ორჯონიკიძის უხეშობით, სტალინისა და ძერჟინსკის წამქეზებლობით აღშფოთებული ვარ. თქვენთვის წერილებსა და სიტყვას ვამზადებ“[18].

რამდენადაც წერილის ასლის ადრესატი იყო არა მხოლოდ ტროცკი, არამედ კამენევიც, ტროცკი დაინტერესდა, რამ განაპირობა ლენინის ეს ახალი გადაწყვეტილება. ფოტიევამ უპასუხა: „მისი მდგომარეობა ყოველ წუთს უარესდება… ილიჩი უკვე გაჭირვებით მეტყველებს… ქართული საკითხი მას უკიდურესად აღელვებს. ეშინია, ისე არ ჩავარდეს ლოგინად, რომ ვეღარაფერი მოიმოქმედოს. ბარათის გადმოცემისას მან თქვა: „რომ არ დაგვიანდეს, დროზე ადრე მიწევს გამოსვლა“[19].

იმავე დღეს ტროცკიმ თავისთან მოიწვია კამენევი და ლენინის სტატია და წერილები გააცნო. შემდეგ სტატიის ასლი გადაიღო და მისი იდეები საფუძვლად დაუდო სტალინის თეზისებისთვის გაკეთებულ თავის შესწორებებსა და ეროვნული საკითხისთვის მიძღვნილ სტატიას, რომელიც 20 მარტს „პრავდაში“ გამოქვეყნდა.

ჯერ კიდევ 6 მარტს ტროცკიმ სტალინს გაუგზავნა შენიშვნები მის თეზისებზე „ეროვნული მომენტები პარტიულ და სახელმწიფო მშენებლობაში“, რომლებშიც სთავაზობდა, ეთქვა, რომ პარტიაში, დიდიმპერიულთან ერთად, „ნაციონალური“ გადახრაც (уклон) არსებობს და, ამასთანავე, ხაზი გაესვა, რომ ეს მეორე — ისტორიულადაც და პოლიტიკურადაც — პირველზე რეაქციას წარმოადგენს. ტროცკიმ აგრეთვე ურჩია, რომ სტატიიდან ამოეღო კატეგორიული მტკიცება სსრკ-ში ეროვნული საკითხის, უკვე მიღწეულ, სწორ გადაწყვეტაზე.

სტალინი დაეთანხმა ამ შესწორებებს. XII ყრილობაზე, ტროცკის შენიშვნების გათვალისწინებით ჩასწორებულ მოხსენებაში, რომელიც 24 მარტს „პრავდაში“ გამოქვეყნდა, პირველ ადგილზე დიდიმპერიული გადახრის „განსაკუთრებული საშიშროებაა“ დაყენებული.

ლენინის სულისკვეთებით „ქართული კონფლიქტის“ გადაჭრისთვის ბრძოლა ტროცკიმ 26 მარტს პოლიტბიუროს სხდომაზე გააგრძელა, რომელზეც კვლავ განიხილებოდა ეს საკითხი. ტროცკიმ ამსამხკომის მდივნის თანამდებობიდან ორჯონიკიძის მოხსნის ინიციატივა წამოაყენა, რომელიც ხმათა უმრავლესობით უარყოფილ იქნა. გაეცნო რა 28 მარტს პოლიტბიუროს სხდომის პროტოკოლს, რომელშიც  მხოლოდ ეს ინიციატივა იყო ნახსენები, ტროცკიმ ცკ-ის სამდივნოს წერილით მიმართა, რომელშიც მოითხოვა, რომ პროტოკოლში შეტანილიყო მისი კიდევ ორი, აგრეთვე უარყოფილი სხდომაზე, ინიციატივა: „1) კონსტატაცია, რომ ამიერკავკასიის ფედერაცია, თავისი ამჟამინდელი სახით, წარმოადგენს ფედერაციის საბჭოთა იდეის დამახინჯებას, გადაჭარბებული ცენტრალიზმის გამო; 2) აღიარება იმისა, რომ საქართველოს კომპარტიაში უმცირესობაში აღმოჩენილი ამხანაგები არ წარმოადგენენ „გადახრას“ იმ ხაზისგან, რომელიც პარტიას აქვს ეროვნულ საკითხში; მათ პოლიტიკას ამ საკითხში თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა — ამხ. ორჯონიკიძის არასწორი პოლიტიკის წინააღმდეგ“[20].

დაბოლოს, ტროცკიმ სცადა, ეროვნულ საკითხში ლენინური იდეებისთვის ბრძოლაში ბუხარინიც ჩაერთო. 1-ელ აპრილს მიწერილ წერილში ტროცკი წერდა: „ჩემი აზრით, სანამ პარტიის ყრილობა გაიმართება, ეროვნულ საკითხზე სტატია უნდა დაწეროთ  — არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი. თქვენი ძველი პოზიცია ამ საკითხში, რასაკვირველია, ცნობილია[21]. მით უფრო მნიშვნელოვანია ახლა ამ საკითხზე სრული ერთსულოვნების ჩვენება — არა ოფიციოზური უდარდელობის დემონსტრირებისთვის, არამედ იმ გაგებით, რომ პარტიის ძირითადი ბირთვი ამ საკითხში ყოველგვარი სიყალბის წინააღმდეგ ერთსულოვან და შეურიგებელ ბრძოლას გააჩაღებს“[22].

ამგვარად, ტროცკიმ ძალღონე არ დაიშურა იმისათვის, რომ ლენინის სტატიის იდეებს პარტიამდე მიეღწიათ და ხორცი შესხმოდათ. ამასთანავე, იგი მანამ არ სვამდა ამ სტატიის გამოქვეყნების საკითხს, სანამ „რჩებოდა იმედის ნასახი მაინც, რომ ვლადიმირ ილიჩმა მოასწრო რაიმე განკარგულებების გაცემა ამ სტატიის შესახებ, პარტიული ყრილობის თაობაზე, რომლისთვის იგი… იყო განკუთვნილი…“[23]

16 აპრილს ვითარება უეცრად შეიცვალა, როდესაც ფოტიევამ სტალინისთვის წერილი მოამზადა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იგი, მიუხედავად ამაზე ლენინის ფორმალური ნებართვის არქონისა, თავის პარტიულ ვალდებულებად თვლის, მიაწოდოს სტატია „ეროვნებათა საკითხისთვის ანუ „ავტონომიზაციის“ შესახებ“. ფოტიევამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რიმ „ვლადიმირ ილიჩს ძლიერ აღელვებდა ეროვნული საკითხი და ემზადებოდა პარტიულ ყრილობაზე გამოსვლისთვის, ამ სტატიაში კი მისი შეხედულება ამ პრობლემის თაობაზე ძალიან მკაფიოდ არის გამოთქმული“[24].

სტალინმა უარი თქვა ფოტიევას წერილის მიღებაზე, განუცხადა რა, რომ „ამაში არ ერევა“. მაშინ ფოტიევამ წერილი კამენევს (როგორც პოლიტბიუროს თავმჯდომარეს) გაუგზავნა, სადაც კვლავ აღნიშნა, რომ „ეს სტატია ვლადიმირ ილიჩისთვის სახელმძღვანელო მნიშვნელობის იყო და მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ვლადიმირ ილიჩის მითითებით, იგი ტროცკის შევატყობინეთ, რომელსაც ლენინმა, გამომდინარე ამ საკითხში მათი ერთსულოვნებიდან, პარტიის ყრილობაზე თავისი თვალსაზრისის დაცვა დაავალა“[25]. ამ წერილის ასლი ფოტიევამ ტროცკის გაუგზავნა.

იმავე დღეს კამენევმა ცკ-ის სამდივნოში გადააგზავნა ფოტიევას წერილი და, ამასთანავე, გამოთქვა აზრი, რომ „ცკ-მა ვლადიმირ ილიჩის სტატიის გამოქვეყნების საკითხი ახლავე დადებითად უნდა გადწყვიტოს“. ამავდროულად ფოტიევასთვის მიწერილ პასუხში, მან დაადასტურა: „ერთ თვეზე მეტი ხნის წინ ამხ. ტროცკიმ მაჩვენა ეროვნულ საკითხზე ვლადიმირ ილიჩის სტატია“[26].

ტროცკიმ, თავის მხრივ, ცკ-ის სამდივნოში შეიტანა განცხადება, რომლითაც ცკ-ის ყველა წევრს მიმართავდა და რომელსაც თანდართული ჰქონდა ლენინის სტატია და ლენინისა და ვოლოდიჩევას 5 და 6 მარტით დათარიღებული ჩანაწერები. განცხადებაში ყურადღება ექცეოდა იმას, რომ სტატია, გარდა თავისი პრინციპული მნიშვნელობისა,  განსაკუთრებულ სიმწვავეს ატარებს, რამდენადაც ცკ-ის სამი წევრის მისამართით მკაცრ გაკიცხვას შეიცავს. „ამჟამად შექმნილ ვითარებაში, როგორც საბოლოოდ ირკვევა ამხ. ფოტიევას ჩანაწერიდან, — წერდა ტროცკი განცხადებაში, — მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ ცენტრალური კომიტეტის წევრებს გავაცნო სტატია, რომელიც, ჩემი აზრით, ეროვნულ საკითხში პარტიული პოლიტიკისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წინამორბედი სტატია პროლეტარიატისა და გლეხობის ურთიერთმიმართებაზე“[27].

ტროცკის განცხადება მთავრდება ფრაზით: „თუ ცკ-ის წევრებიდან — შიდაპარტიული ხასიათის მოსაზრებებით, რომელთა მნიშვნელობაც თავისთავად გასაგებია, — არავინ წამოსწევს პარტიისა და პარტიული ყრილობისთვის, ამა თუ იმ ფორმით, სტატიის გაცნობის საკითხს, მაშინ მე, ჩემი მხრიდან, ამას ჩავთვლი უსიტყვო გადაწყვეტილებად, რომელიც, პარტიული ყრილობის მიმართ, მომხსნის პირად პასუხისმგებლობას აღნიშნულ სტატიაზე“[28].

ეს ფრაზა ორაზროვანი იყო. გაუგებარი რჩებოდა — გამოვა თუ არა ტროცკი ყრილობაზე ლენინის სტატიის გამოქვეყნების ან ყრილობის დელეგატებისთვის მისი გაცნობის მოთხოვნით მაინც, თუ კიდევ ერთხელ კომპრომისზე წავა სტალინთან და უარს იტყვის სტატიის გამოქვეყნებისთვის ბრძოლაზე, რომელიც სტალინისთვის ყველა შემთხვევაში საფრთხის შემცველი იქნებოდა.  

კამენევისა და ტროცკის წერილების წაკითხვის შემდეგ სტალინმა მკვეთრად შეცვალა თავისი ტაქტიკა. როგორც ჩანს, წერილების მიღებიდან მალევე, მან ულიანოვასთან და ფოტიევასთან დაიწყო მოლაპარაკებები, რომელთა შედეგიც გახდა ის, რომ საღამოს 9 საათზე ფოტიევამ ახალი წერილი მისწერა, სადაც ატყობინებდა, რომ ულიანოვას აზრით, სტატიის გამოქვეყნება არ შეიძლება, რადგან ლენინს არ გაუცია პირდაპირი განკარგულება მის დაბეჭდვაზე, და ამიტომ იგი მხოლოდ ყრილობის დელეგატებისთვის მის გაცნობას თვლის შესაძლებლად. თავად ფოტიევა კი ამჯერად ამატებდა, რომ „ვლადიმირ ილიჩი არ თვლიდა, რომ სტატია დასრულებულია და მზად არის გამოსაქვეყნებლად“[29].

ფოტიევას წერილი სტალინმა ამჯერად არათუ მიიღო, არამედ დაუყოვნებლივ გამოიყენა კიდეც. საღამოს 10 საათზე მან ცკ-ის წევრებს მისწერა განცხადება, რომელიც ტროცკის მისამართით უხეშ ბრალდებებს შეიცავდა. „ძალიან გაკვირვებული ვარ, — ნათქვამი იყო ამ განცხადებაში, — რომ ამხ. ტროცკიმ თავს უფლება მისცა, ამხ. ლენინის სტატიები, რომელთაც, უდავოდ, უაღრესად პრინციპული მნიშვნელობა გააჩნიათ და რომლებიც ამხ. ტროცკიმ ჯერ კიდევ ამა წლის 5 მარტს მიიღო, ერთი თვის განმავლობაში ცხრაკლიტულში შეენახა, ისე, რომ არ გაეცნო იგი (ასეა ტექსტში. — ვ.რ.) პოლიტბიუროსთვის ან ცკ-ის პლენუმისთვის, ლამის XII პარტიული ყრილობის გახსნამდე. ამ სტატიებზე, როგორც მატყობინებენ დღეს ყრილობის დელეგატები, არ წყდება საუბრები, დელეგატებში მათზე ჭორები და ლეგენდები დადის, მათ შესახებ, როგორც დღეს შევიტყვე, ისეთმა ადამიანებმაც იციან, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ცკ-თან, თავად ცკ-ის წევრები კი იძულებულნი არიან ამ ჭორებსა და ლეგენდებს დასჯერდნენ, ამ დროს კი ნათელია, რომ მათი შინაარსის შესახებ, პირველ რიგში, ცკ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული“[30]. განცხადება ბოლოვდებოდა ფარისევლური მოსაზრებით: „ვფიქრობ, ამხ. ლენინის სტატიები პრესაში უნდა გამოგვექვეყნებინა. უბრალოდ დასანანია, რომ მათი გამოქვეყნება, როგორც ამხ. ფოტიევას წერილიდან ვიგებთ, არ შეიძლება, რადგან ამხ. ლენინს მათთვის ხელი არ შეუვლია“[31].

სტალინის ამ განცხადების მიღების შემდეგ, ტროცკიმ ცკ-ის წევრებს მაშინვე გაუგზავნა წერილი, რომელშიც ატყობინებდა, რომ სტატია ლენინმა მას პირადად და საიდუმლოდ გაუგზავნა და „მიუხედავად ჩემ მიერ მაშინვე გამოვლენილი სურვილისა, სტატია პოლიტბიუროს წევრებისთვის გამეცნო, ამხ. ლენინმა, ფოტიევას პირით, კატეგორიული უარი განაცხადა“[32]. ტროცკიმ შეახსენა, რომ სტატიის მიღებიდან ორი დღის შემდეგ ლენინის ჯანმრთელობა გაუარესდა და ამიტომ ამ საკითხზე მათ შორის მოლაპარაკებები შეწყდა. შემდეგ ტროცკი წერდა, რომ მხოლოდ ფოტიევასთან გუშინდელი სატელეფონო საუბრიდან და კამენევისადმი მიწერილი მისი (ფოტიევას – რედ.) ბარათიდან გაიგო, რომ სტატიის თაობაზე ლენინს არავითარი განკარგულება არ მიუცია, და ამიტომ სტატიის ბედის გადაწყვეტა ცკ-ს მიანდო. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მის ქცევას გაკიცხავდა, ტროცკი ყრილობის კონფლიქტების კომისიაში ანდა განსაკუთრებულ კომისიაში სთავაზობდა განხილვას. 

იმ დღესვე, სტალინმა ტროცკისთან პირად საუბარში განაცხადა, რომ ლენინის სტატიის  საკითხში იგი ტროცკის მხრიდან ვერავითარ მცდარ ნაბიჯს ვერ ხედავდა და ამას წერილობით დაადასტურებდა. 18 აპრილს ტროცკიმ სტალინს მიმართა წერილით, რომელშიც მიუთითა, რომ მას ამგვარი განცხადება არ მიუღია, მაშინ როდესაც პირველი (განცხადება. – რედ.) „ამ მომენტამდე თქვენ მიერ არ უარყოფილა, რაც საშუალებას აძლევს ზოგიერთი ამხანაგს, დელეგატების ნაწილში შესაბამისი ვერსია გაავრცელოს“[33]. ამის შემდეგ სტალინმა დაუყოვნებლივ მოხსნა ტროცკის მისამართით გამოთქმული თავისი ბრალდებები. თუმცა თავად ფაქტი ამ საკითხში შუღლის გაღვივებისა, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რატომაც არ გამოიჩინა ტროცკიმ სათანადო გაბედულება ლენინის სტატიის ბედზე შემდგომი მსჯელობისას.

XII ყრილობის პრეზიდიუმი 18 აპრილის სხდომაზე აცხადებდა, რომ „ამხ. ლენინის ჩანაწერი ეროვნული საკითხის შესახებ ცკ-ისთვის მხოლოდ ყრილობის წინა დღით გახდა ცნობილი, რისი მიზეზიც იყო არა ცკ-ის რომელიმე წევრის ნება-სურვილი, არამედ ამხ. ლენინის მიერ გაცემული განკარგულებები და მისი ავადმყოფობა“[34], ამიტომ ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შეყოვნებაზე რაიმე ხმების გავრცელება ცილისწამებაა. ამავდროულად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:  ლენინის ჩანაწერები ნაციონალურ საკითხზე და აგრეთვე მთელი მასალა, რომელიც მათ უკავშირდება, „სენიორენ-კონვენტის“[35] სხდომაზე გასაჯაროვდეს; ამის შემდეგ პრეზიდიუმის წევრებმა ეს მასალები გაასაჯაროვონ ყრილობის დელეგაციებზე; მასალები არ გასაჯაროვდეს ყრილობის ნაციონალური საკითხის სექციაზე.

იმ ატმოსფეროზე, რომელშიც მიმდინარეობდა ლენინის სტატიის ბედის განხილვა, შემდეგი ფაქტები მეტყველებს: პრეზიდიუმის სხდომაზე ტროცკიმ ლენინის სიტყვები მოიყვანა, რომლებიც  პოლიტბიუროს სხვა წევრებისთვის სტატიის ჩვენების აკრძალვას ასაბუთებდა — „სტალინი დამპალ კომპრომისს დადებს და იცრუებს“. სტალინმა კი „სენიორენ-კონვენტის“ სხდომაზე თავს უფლება მისცა, განეცხადებინა, რომ სტატია და ნაციონალური საკითხის შესახებ ჩანაწერები „ავადმყოფმა ლენინმა „დედაკაცების“ გავლენით დაწერა“.

ამის მიუხედავად, სხდომაზე ითქვა, „როგორც თავისთავად ცხად რამეზე“, რომ ლენინის სტატია უნდა გამოქვეყნდეს, შესაძლოა, როგორც ზოგიერთები თვლინდნენ, მხოლოდ „ზედმეტად ხისტი პირადი მომენტების“[36] ამოღებით. თუმცა „სენიორენ-კონვეტმა“ დაამტკიცა ყრილობის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება ნაციონალურ საკითხზე ლენინის დოკუმენტების პლენარულ სხდომებზე გასაჯაროვების აკრძალვაზე, რის შედეგადაც ქართველ ოპოზიციონერებს ამ დოკუმენტების ხსენების უფლებაც კი წაერთვათ. როდესაც ბუდუ მდივანმა თავის სიტყვაში სცადა ლენინის სტატიის ცალკეული დებულებების ციტატად მოყვანა, თავმჯდომარე კამენევი მას უხეშად აწყვეტინებდა.

ყრილობის შემდეგ ლენინის სტატიის ასლი პარტიის წევრებში გავრცელდა და საზღვარგარეთაც კი აღმოჩნდა, სადაც 1923 წლის 17 დეკემბერს მენშევიკურ ჟურნალში, „Социалистический вестник“-ში[XVI] გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირში მისი გამოქვეყნება 1956 წლამდე აკრძალული იყო.

თარგმნა ნორიკ ბადოიანმა  

წყარო: Роговин В. Была ли альтернатива? (Троцкизм: взгляд через годы). М.: ТЕРРА, 1992.

შენიშვნები


[1] Известия ЦК КПСС. 1989. № 9. С. 199.

[2] იქვე.

[3] იქვე. გვ. 208, 209.

[4] Коммунист. 1989. № 3. გვ. 82.

[5] Ленин В. И. Полн. собр. соч. Т. 45. გვ. 357-361. (ლენინი ვ. ეროვნებათა საკითხისთვის ანუ „ავტონომიზაციის“ შესახებ“.)

[6] იქვე.

[7] იქვე.

[8] იქვე.

[9] იქვე.

[10] Ленин В. И. Полн. собр. соч. Т. 45. გვ. 607.

[11] Дубинский-Мухадзе И. Орджоникидзе. М., 1967. გვ. 270

[12] Ленин В. И. Полн. собр. соч. Т. 54. გვ. 329.

[13] Известия ЦК КПСС. 1990. № 9. გვ. 148.

[14]  Троцкий Л. Д. Моя жизнь. გვ. 459, 460.

[15] იქვე.

[16] Троцкий Л. Д. Завещание Ленина. – Горизонт. 1990. № 6. გვ. 47.

[17] Троцкий Л. Д. Моя жизнь. გვ. 460.

[18] Ленин В. И. Полн. собр. соч. Т. 54. გვ. 330.

[19] Троцкий Л. Д. Моя жизнь. გვ. 460.

[20] Известия ЦК КПСС. 1990. № 9. გვ. 153-161.

[21] ბუხარინი ოქტომბრის რევოლუციამდე უპირისპირდებოდა ერთა თვითგამორკვევის უფლებას.

[22] Известия ЦК КПСС. 1990. № 9. გვ. 153-161.

[23] იქვე.

[24] იქვე.

[25] იქვე.

[26] იქვე.

[27] იქვე.

[28] იქვე.

[29] იქვე.

[30] იქვე.

[31] იქვე.

[32] იქვე.

[33] იქვე.

[34] XII съезд Российской Коммунистической партий (большевиков). Стенографический отчёт. М., 1968. გვ. 821.

[35] ყრილობის მუშაობის დროს თავიანთი მანევრების გასამარტივებლად ტრიუმვირებმა (სტალინმა, ზინოვიევმა და კამენევმა. – რედ.) დააარსეს (პირველად პარტიის ისტორიაში) განსაკუთრებული ორგანო — „უხუცესთა საბჭო“ ან „სენიორენ-კონვენტი“, რომელიც დელეგაციების წარმომადგენლებისგან ჩამოყალიბდა (10 დელეგატზე ერთი წარმომადგენელი). ფაქტობრივად, შეიქმნა მეორე, „მცირე ყრილობა“, რომელიც წამყვანი აპარატჩიკებისგან შედგებოდა და რომლის დანიშნულებაც ოფიციალური ყრილობის მუშაობის მსვლელობის წინასწარ განსაზღვრაში მდგომარეობდა.

[36] Известия ЦК КПСС. 1990. № 10. გვ. 172.

რედაქციის კომენტარები


[I] დერჟიმორდა (რუს. Держиморда) — ნიკოლაი გოგოლის კომედიის, „რევიზორის“ გმირი, ზემოდან მიღებული დავალებების უპირობოდ შემსრულებელი პოლიციელი, გამორჩეული უხეშობითა და სისასტიკით.

[II] იხ.: ლენინი ვ. ი. თხზულებანი, მე-4-ე გამოცემა, ტ. 36, თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1959.  გვ. 671-679.  „წერილი ყრილობას“, ე.წ. „ლენინის პოლიტიკური ანდერძი“, 1922 წლის დეკემბრის ბოლოს –1923 წლის იანვრის დასაწყისში ჩაიწერა, იმ პერიოდში, როდესაც მეორე ინსულტის შემდეგ ლენინს ექიმები მცირე ხნით (5-10 წუთით) კარნახის უფლებას აძლევდნენ. „ანდერძი“, ლენინის სურვილის თანხმად, საიდუმლოდ უნდა შენახულიყო დაბეჭდილ კონვერტში, რომლის გახსნის უფლებაც მხოლოდ მას და — იმ შემთხვევაში, თუკი ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად მოკვდებოდა — ნ. კრუპსკაიას ჰქონდა. კრუპსკაიამ „წერილი“ XIII ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე ცკ-ის სამდივნოს გადასცა, რათა ყრილობის გავლით მას პარტია გაცნობოდა. პირველად იგი ოფიციალურად გაჟღერდა პარტიის XIII ყრილობის უხუცესთა საბჭოს, ე.წ. სენიორენ-კონვენტის სხდომაზე, ხოლო შემდეგ იგი ცალკეულ დელეგაციებს წაუკითხეს, ამასთანავე, ტექსტის ჩაწერა და მისი დამოწმება დელეგაციების წევრებს აკრძალული ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ სრული სახით „ყრილობისადმი წერილი“ საბჭოთა კავშირში მხოლოდ XX ყრილობის და „პიროვნების კულტის“ დაგმობის შემდეგ გამოქვეყნდა, იგი გავრცელდა ოპოზიციურ წრეებში და უცხო ენებზეც ითარგმნა.  სტალინიზმის პერიოდში ანდერძის არსებობა მიჩქმალული იყო. ამ დოკუმენტში ლენინის ყურადღების ცენტრში მოქცეულია პარტიაში არსებული ცენტრალისტური, ბიუროკრატიული ტენდენციებისა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის შესაძლო განხეთქილების საფრთხე, რომლის მთავარ წყაროსაც, უახლოეს პერსპექტივაში, ლენინი, პირველ რიგში, შიდაპარტიულ ურთიერთობებსა (პარტიაში უკვე გამოკვეთილი იყო ე.წ. „ტროიკის“ — ზინოვიევის, კამენევისა და სტალინის — მტრული დამოკიდებულება ტროცკისადმი) და ბოლშევიკი ლიდერების პიროვნულ თვისებებში ხედავს. ხანგრძლივ პერსპექტივაში, ამგვარი საფრთხის მიზეზებს ლენინი იმ ორ სოციალურ კლასს (პროლეტარიატსა და გლეხობას) შორის განხეთქილების შემთხვევაში მოელის, რომელთა თანამშრომლობასაც ემყარებოდა პარტიის ძალაუფლება, მაგრამ ამ განხეთქილების თავიდან არიდება, ლენინის თანახმად, პარტიის ერთიანობის, ცკ-ის სიმტკიცისა და სწორი პოლიტიკის გატარების საშუალებით შეიძლებოდა. ვინაიდან „ანდერძის“ ქართული თარგმანი არ არის ხელმისაწვდომი ქართულენოვან ინტერნეტში (ხოჯაისტ-სტალინისტებმა, მართალია, კი გააციფრულეს ლენინის თხზულებათა მეოთხე გამოცემის ყველა ტომი, რისთვისაც ნამდვილად ეკუთვნით ქების სიტყვები, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო (აქ ხომ ლენინი მათ კერპს აკრიტიკებს), „წერილი ყრილობას“, ისევე როგორც სტატია „ეროვნებათა საკითხისთვის ანუ „ავტონომიზაციის“ შესახებ“, ცენზურას დაუქვემდებარეს და 36 ტომის სკანირებული ვერსიის ძირითადი ტექსტიდან ამოჭრეს), ამიტომ არ იქნება უადგილო, თუ „ანდერძიდან“ ზოგიერთ მნიშვნელოვან ფრაგმენტს მოვიყვანთ, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად ცხადს გახდის ლენინის სიცოცხლის ბოლო პერიოდში სტალინის მიმართ მის დამოკიდებულებას, რომელიც სტალინისტური და ლიბერალური პროპაგანდისტული მითოლოგიის ბურუსშია გახვეული. ტექსტის დასაწყისში ლენინი ყრილობას სთავაზობს იმ ზომის მიღებას, რომელიც, მისი აზრით, დაეხმარებოდა პარტიას განხეთქილების თავიდან არიდებაში. „პირველ ადგილზე ვაყენებ ცკ-ის წევრთა რაოდენობის გაზრდას რამდენიმე ათეულ ანდა ას წევრამდეც კი. მგონია, რომ ჩვენს ცენტრალურ კომიტეტს უფრო დიდი საფრთხეები მოელის იმ შემთხვევაში, თუ მოვლენათა მსვლელობა სავსებით ხელსაყრელი არ იქნებოდა ჩვენთვის (ხოლო ამის იმედად ვერ ვიქნებით), — თუკი ჩვენ არ განვახორციელებთ ამგვარ რეფორმას“. ცკ-ში 50-დან 100-დე მშრომელის შეყვანა, ლენინის აზრით, საჭირო იყო „ცკ-ის ავტორიტეტის ამაღლებისთვისაც, ჩვენი აპარატის გაუმჯობესებაზე სერიოზული მუშაობისთვისაც და იმის თავიდან არიდებისთვისაც, რომ ცკ-ის მცირე ჯგუფების კონფლიქტები პარტიის ბედისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანი გახდეს. … ამგვარი რეფორმა მნიშვნელოვნად გაზრდიდა ჩვენი პარტიის სიმტკიცეს და შეუმსუბუქებდა მტრულ სახელმწიფოებს შორის ბრძოლას, რომელიც, ჩემი აზრით, უახლოეს წლებში შეიძლება და უნდა გამწვავდეს. ვფიქრობ, ამ ზომის წყალობით, ჩვენი პარტიის სიმტკიცე ათასი თავით ძლიერი იქნებოდა“. ლენინის მიერ შემოთავაზებული რეფორმის მიზნები ნათელია: ცკ-ის ავტორიტეტის გაზრდა მუშათა ფართო ფენებში, პარტიული და სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიული და ცენტრისკენული ტენდენციების პრევენცია და ცალკეული წევრებისა თუ ჯგუფების პირადი კონფლიქტების გავლენის მინიმუმადე დაყვანა. ამგვარი კონფლიქტის შესაძლებლობას ლენინი პარტიის ორი წამყვანი ფიგურის, სტალინისა და ტროცკის დაძაბულ ურთიერთობებსა და მათ პიროვნულ თვისებებში ხედავდა. სწორედ მათზე საუბარს უკავია „ანდერძში“ ცენტრალური ადგილი. „მას შემდეგ, რაც ამხ. სტალინი გენერალური მდივანი შეიქნა, — ამბობს ლენინი „ანდერძის“ 24 დეკემბრით დათარიღებულ ფრაგმენტში, —  მან თავის ხელში უკიდეგანო ძალაუფლებას მოუყარა თავი და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ძალაუფლებას ის ყოველთვის საკმარისად ფრთხილად გამოიყენებს. მეორე მხრივ, ამხ. ტროცკი, როგორც საგზაო მიმოსვლის სახალხო კომისარიატის საკითხთან დაკავშირებით ცკ-ის წინააღმდეგ მისმა ბრძოლამ აჩვენა, მხოლოდ გამოჩენილი უნარებით როდი გამოირჩევა. პიროვნულად იგი ამჟამინდელ ცკ-ში, მართლაც,  ყველაზე უნარიანი ადამიანია, მაგრამ, ამასთანავე, მეტისმეტად თავდაჯარებულია და საქმის წმინდად ადმინისტრაციული მხარისადმი გადამეტებულ გატაცებას ავლენს. ამჟამინდელი ცკ-ის ორი თვალსაჩინო ბელადის ამ ორმა თვისებამ, შეიძლება, უნებურად განხეთქილება გამოიწვიოს; და თუ ჩვენი პარტია არ მიიღებს ზომებს, რათა წინ აღუდგეს ამას, მაშინ განხეთქილება, შეიძლება, მოულოდნელად დაატყდეს თავს“. სწორედ ამ პერსპექტივის თავიდან ასარიდებლად აფორმულირებს ლენინი ცკ-ის ზემოხსენებულ რეფორმას. მაგრამ 1923 წლის 4 იანვარს ნაკარნახევ პასაჟში ლენინს იგი უკვე აღარ ჰგონია საკმარისი პარტიის გახლეჩის პრევენციისთვის, მისი ტონი სტალინის შესახებ საუბრისას უფრო კატეგორიულია და, გარდა ზემოთ გამოთქმული ეჭვისა იმის თაობაზე, შეძლებს თუ არა სტალინი ძალაუფლების საკმარისად ფრთხილად გამოყენებას, ლენინი ასახელებს სტალინის ისეთ პიროვნულ თვისებებს, რომელთა გამოც, მისი აზრით, იგი არ შეიძლება გენერალური მდივნის თანამდებობაზე დარჩეს: „სტალინი ზედმეტად უხეშია და ეს თვისება, რომელიც სავსებით ასატანია ჩვენს წრეში და ჩვენთან, კომუნისტებთან ურთიერთობებში, მიუღებელი ხდება გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამიტომ მე ვთავაზობ ამხანაგებს, მოიფიქრონ, როგორ შეიძლება გადააყენონ ამ პოსტიდან სტალინი და მის ნაცვლად სხვა ადამიანი დანიშნონ, რომელიც ყველა სხვა თვალსაზრისით მისგან მხოლოდ ერთი უპირატესობით გამოირჩევა, კერძოდ, უფრო მეტად შემწყნარებელი, ლოიალური, თავაზიანი და ყურადღებიანია ამხანაგების მიმართ, ნაკლები კაპრიზულობა და ა.შ. ეს გარემოება, შეიძლება, უმნიშვნელო წვრილმანად მოგვეჩვენოს. მაგრამ, ვფიქრობ, განხეთქილებისაგან თავის დაზღვევისა და ჩემ მიერ სტალინისა და ტროცკის ურთიეთმიმართებაზე ზემოთ ნათქვამის თვალსაზრისით, ეს არ არის წვრილმანი, ან ისეთი წვრილმანია, რომელმაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინოს“. ლენინი ბოლშევიკების სხვა ლიდერებსაც ახასიათებს. ზინოვიევსა და კამენევზე საუბრისას ლენინი ამბობს, რომ  „ოქტომბრის ეპიზოდი“, ანუ ის ფაქტი, რომ მათ მერყეობა გამოიჩინეს ოქტომბრის რევოლუციის წინა პერიოდში და ეწინააღმდეგობდნენ აჯანყებას, „რა თქმა უნდა, არ ყოფილა შემთხვევითი, მაგრამ ის ისევე არ შეიძლება მათ პირად დანაშაულად ჩავუთვალოთ, როგორც არაბოლშევიზმი — ტროცკის. ცკ-ის ახალგაზრდა წევრებიდან რამდენიმე სიტყვის თქმა მინდა ბუხარინსა და პიატაკოვზე. ესენი, ჩემი აზრით, ყველაზე გამოჩენილი ძალები არიან (ყველაზე ახალგაზრდა ძალთაგან), და მათ შესახებ შემდეგი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ბუხარინი არა მხოლოდ პარტიის ყველაზე ღირებული და გამოჩენილი თეორეტიკოსია, იგი აგრეთვე კანონიერად ითვლება მთელი პარტიის საყვარელ წევრად, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რამდენად შეგვიძლია მისი თეორიული შეხედულებები ბოლომდე მარქსისტულად მივიჩნიოთ, რადგან არის მასში რაღაც სქოლასტიკური (მას არასდროს უსწავლია და, ვფიქრობ, არასდროს ესმოდა სავსებით დიალექტიკა). რაც შეეხება პიატაკოვს, იგი უდავოდ განსაკუთრებული ნებისა და განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანია, მაგრამ ზედმეტად იტაცებს ადმინისტრატორობა და საქმის ადმინისტრაციული მხარე, საიმისოდ, რომ სერიოზულ პოლიტიკურ საკითხში დაეყრდნო. რა თქმა უნდა, ორივე შენიშვნას მხოლოდ აწმყოსთვის ვაკეთებ, იმ დაშვებით, რომ ეს ორი გამოჩენილი და ერთგული მუშაკი ვერ გამონახავს თავიანთი ცოდნის გაღრმავებისა და თავიანთი ცალმხრივობების შეცვლის შემთხვევას“. ანდერძში წამოყენებულ ზოგიერთ იდეასა და ინიციატივას ლენინი 1922 დეკემბერში – 1923 მარტში დაწერილ თავის სხვა ტექსტებში ავითარებს. რაც შეეხება ლენინის მიერ პარტიისთვის მიცემულ რეკომენდაციას, მიუხედავად იმისა, რომ სტალინი რამდენიმეჯერ ფარისევლურად გამოთქვამდა პოსტის დატოვების მზაობას, პარტიამ იგი არ გაითვალისწინა.

[III] მუშგლეხინი (რუს. Рабоче-крестьянская инспекция, РАБКРИН — მუშათა და გლეხთა ინსპექცია)  — სახელმწიფო კონტროლის ორგანო, რომელიც სსრკ-ში 1920 წლიდან 1934 წლამდე არსებობდა.

[IV] იხ.: ლენინი ვ. ი. როგორ მოვახდინოთ მუშგლეხინის რეორგანიზაცია // ლენინი ვ. ი. თხზულებანი, მე-4-ე გამოცემა, ტ. 36. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1953. გვ. 568-574.

[V] ლენინი ვ. ეროვნებათა საკითხისთვის ანუ „ავტონომიზაციის“ შესახებ.

[VI] ქართველი კომუნისტების გადაწყვეტილების სრული ტექსტი ასეთია: „ამხ. სტალინის თეზისების საფუძველზე, ავტონომიზაციის ფორმით დამოუკიდებელი რესპუბლიკების გაერთიანების შემოთავაზება ჩაითვალოს ნაადრევად. სამეურნეო ძალისხმევებისა და ერთობლივი პოლიტიკის გაერთიანება აუცილებელი გვგონია, მაგრამ დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტის შენარჩუნებით“.

[VII] პოლიკარპე (ბუდუ) მდივანი (1877-1937) — ქართველი რევოლუციონერი, რსდმპ-ის წევრი 1903 წლიდან, ბოლშევიკი. იატაკქვეშა საქმიანობას ეწეოდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბაქოსა და ამიერკავკასიის სხვა ქალაქებში. რევოლუციის შემდგომ პირველ წლებში მონაწილოებდა სამოქალაქო ომში ამიერკავკასიაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თავმჯდომარეობდა საქართველოს რევკომსა და საქართველოს საბჭოთა  სახალხო კომისარიატს, მოგვიანებით — ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის საკავშირო საბჭოს, იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი. 1922 წელს ქართველ კომუნისტებთან ერთად მწვავედ დაუპირისპირდა „ავტონომიზაციის“სტალინისეულ გეგმას. 1923 წელს შეუერთდა მემარცხენე ოპოზიციას (ე.წ. „ტროცკისტულ ოპოზიციას“). 1928 წელს, როგორც ოპოზიციის წევრი, მოიხსნა საფრანგეთში სავაჭრო წარმომადგენლის პოსტიდან და ჯერ გადასახლებაში, ხოლო შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. 1931 წელს, ოპოზიციისაგან ჩამოშორებაზე განცხადების გაკეთების შემდეგ, აღადგინეს პარტიაში და საქართველოს საბჭოთა სახალხო მეურნეობის თავმჯდომარედ და მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრად დანიშნეს, მოგვიანებით — საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 1936 წელს ტროცკისტობის ბრალდებით დააპატიმრეს და 1937 წელს დახვრიტეს. სასამართლო პროცესზე ბ. მდივანმა უარი თქვა შეთითხნილი ბრალდებების აღიარებაზე. 1956 წელს რეაბილიტირდა.

[VIII] მარია ულიანოვა (1878-1937) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, ლენინის უმცროსი და. რსდმპ-ის წევრი 1998 წლიდან. 1899 წელს ხდება პროფესიონალი რევოლუციონერი. პარტიულ მუშაობას ეწეოდა ნიჟნი ნოვგოროდში, მოსკოვში, კიევში, სარატოვსა და პეტერბურგში. 1900 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა „ისკრას“ გამოცემაში. 1901 წელს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა სამარაში, მუშაობდა „ისკრას“ რუსული ორგანიზაციის ადგილობრივ ბიუროში. 1903 წლიდან ბოლშევიკებს მიემხრო. 1903 წლის შემოდგომიდან რსდმპ-ის ცკ-ის სამდივნოში მუშაობდა, 1904 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, — პეტერბურგის  ბოლშევიკურ ორგანიზაციაში. 1904-1905 წლებში ჟენევაში ცხოვრობდა. რევოლუციის პერიოდში დაბრუნდა რუსეთში და პეტერბურგში აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას. 1908-1909 წლებში ისევ ემიგრაციაში იმყოფებოდა, ცხოვრობდა ჟენევასა და პარიზში, ასრულებდა ლენინის დავალებებს. სწავლობდა სორბონაში და მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკების საზღვარგარეთულ ორგანიზაციებში. 1910 წელს მუშაობდა მოსკოვსა და სარატოვში. 1911 წელს დააპატიმრეს და სამი წლით ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მოღვაწეობდა მოსკოვის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, იყო „პრავდას“ რედკოლეგიის წევრი და პასუხისმგებელი მდივანი, 1925 წლიდან — ცსკ-ისა და სკპ (ბ)-ის ცსკ-ის პრეზიდიუმის წევრი. 1934 წელს არჩეულ იქნა საბჭოთა კონტროლის კომისიის წევრად, 1935 წელს — სსრკ-ის აღმასკომის წევრად. 1937 წელს გულის დაავადებით გარდაიცვალა.

[IX] მიხეილ ოკუჯავა (1883-1937) — ქართველი რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, ბოლშევიკი. 1903 წლიდან რსდმპ-ის წევრი, მოგვიანებით ქართველი ბოლშევიკების ერთ-ერთი ლიდერი. პარტიული საქმიანობის გამო რამდენიმეჯერ იყო დაპატიმრებული (1905, 1908 და 1914 წლებში). 1918-1921 წლებში მონაწილეობდა ამიერკავკასიაში ბოლშევიკების იატაკქვეშა საქმიანობაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იყო კომპარტიის ცკ-ის წევრი. ეწინააღმდეგებოდა „ავტონომიზაციის“ სტალინისეულ გეგმას. 1923 წლიდან იყო საქართველოს კომუნისტური უნივერსიტეტის რექტორი, 1924 — წლიდან ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მუშათა და გლეხთა ინსპექციის კომისარი. საქართველოში „მემარცხენე ოპოზიციის“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის 1927 წელს პარტიიდან გარიცხეს და დააპატიმრეს, ხოლო 1928 წელს 3 წლით გადასახლება მიუსაჯეს. 1930 წელს, „მონანიების“ შემდეგ, აღადგინეს პარტიაში, რის შემდეგაც მუშაობდა სახკინმრეწვის დირექტორად, ამიერკავკასიის სახელმწიფო საგეგმო კომისიის დირექტორის მოადგილედ, საკონსერვო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. 1936 წელს დააპატიმრეს და 1937 წელს, „საქართველოში კონტრ-რევოლუციური ტროცკისტული ცენტრის“ წევრობის ბრალდებით, დახვრიტეს. 1956 წელს რეაბილიტირდა.

[X] ლიდია ფოტიევა (1881-1975) — რუსი რევოლუციონერი, ბოლშევიკური პარტიის წევრი, სამი რევოლუციის მონაწილე. 1918-1930 წლებში მუშაობდა სახალხო კომისართა საბჭოს და შრომისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად, პარალელურად, 1918-24 წლებში იყო ლენინის პირადი მდივანი. 1938 წელს გახდა ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თანამშრომელი, 1941-1945 წლებში მუშაობდა რევოლუციის მებრძოლთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციის (რმდსო) ცკ-ში. ავტორია ლენინის შესახებ დაწერილი მოგონებებისა.

[XI] ლენინი ვ. ეროვნებათა საკითხისთვის ანუ „ავტონომიზაციის“ შესახებ.

[XII] არონ სოლცი (1872-1945) — რუსი რევოლუციონერი, მწერალი,  ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, იურისტი, ძველი ბოლშევიკი. რსდმპ-ის წევრი 1898 წლიდან. 1903 წელს, არალეგალური სტამბის ორგანიზების გამო ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ 1905 წელს ვადამდე გათავისუფლდა. მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში. 1907 წელს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფეოდა ტიუმენში, სადაც არალეგალურ გაზეთს გამოსცემდა, რის გამოც ტურინსკში გადაასახლეს. 1912 წელს, სტალინთან ერთად, ტურუხანსკის ოლქში იმყოფებოდა გადასახლებაში. 1917 წელს იყო ბოლშევიკური პარტიის მოსკოვის კომიტეტისა და ბოლშევიკური გაზეთების, „პრავდასა“ და „სოციალ-დემოკრატის“ რედაქციის წევრი. 1918 წელს, როგორც „მემარცხენე კომუნისტი“,  ეწინააღმდეგებოა ბრესტის ზავს. 1920 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური საკონტროლო კომისიის, 1923-1934 წლებში კი მისი პრეზიდიუმის წევრი. იყო რსფსრ-ის უზენაესი სასამართლოსა და მუშგლეხინის იურიდიული განყოფილების გამგე. 1935 წლიდან იყო გენერალური პროკურორის, ა. ვიშინსკის მოადგილე. სტალინური ტერორის პერიოდში სცადა დაპირისპირებოდა სისხლის სამართლის საქმეების ფალსიფიკაციას, მოითხოვა ვიშინსკის საქმიანობის გამოძიება. 1938 წელს ჩამოაშორეს პროკურატურაში საქმიანობას და იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მის შემდგომ ცხოვრებაზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ზოგიერთი ცნობის თანახმად (მაგ., ა. მიქოიანის) სოლცი ფსიქიატრიულში გარდაიცვალა, სხვების მიხედვით, იგი ორ თვეში გათავისუფლდა და სიცოცხლის ბოლომდე სსრკ-ის ხალხთა მუზეუმის არქივარიუსად მუშაობდა. მორალური ავტორიტეტის გამო, მას „პარტიის სინდისს“ უწოდებდნენ.

[XIII] აკაკი კობახიძე (1889-1937) — ქართველი რევოლუციონერი, ბოლშევიკი (რსდმპ (ბ)-ის წევრი 1904 წლიდან). საქართველოს კომპარტიის ცკ-ის წევრი, უპირისპირდებოდა  „ავტონომიზაციის“ სტალინისეულ გეგმას. 1922 წელს, სერგო ორჯონიკიძესთან სიტყვიერი შეხლა-შემოხლისას, ამ უკანასკნელს „სტალინის ვირი“ უწოდა, რის შემდეგაც ორჯონიკიძემ ხელი გაარტყა. ძველ ბოლშევიკთა საზოგადოების წევრი. მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სამკერვალო საქონლის „კერვა-გასაღების“ გამგედ. 1936 წელს დააპატიმრეს და 1937 წელს, „ჯაშუშური, მავნებლური და დივერსიული საქმიანობის“ ბრალდებით, დახვრიტეს. 1957 წელს რეაბილიტირდა.

[XIV] ალექსეი რიკოვი (1881-1938) — რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. რსდმპ-ის წევრი 1898 წლიდან. ხელმძღვანელობდა მუშათა წრეებს. 1903 წლიდან — ბოლშევიკი.  1905-1907 წლებში იყო რსდმპ-ის ცკ-ის წევრი. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. მონაწილეობდა ოქტომბრის რევოლუციაში. რევოლუციის შემდეგ იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. 1918-1921 და 1923-1924 წლებში თავმჯდომარეობდა სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოს, პარალელურად, 1921 წლიდან იყო სახალხო კომისართა საბჭოსა და შრომისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1924 წლიდან — სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. შიდაპარტიული ბრძოლის დროს მიემხრო უმრავლესობას „მემარცხენე ოპოზიციის“ წინააღმდეგ. 20-იანი წლების ბოლოს იყო „მემარჯვენე ოპოზიციის“ წევრი, ეწინააღმდეგობოდა ნეპის გაუქმებასა და ფორსირებული ინდუსტრიალიზაციის კურსს.  1931-1936 წლებში იყო კავშირგაბმულობის სახალხო კომისარი. 1938 წელს ფალსიფიცირებული ბრალდებით დახვრიტეს. რეაბილიტირდა 1988 წელს.

[XV] მარია ვოლოდიჩევა (1891-1973) — ბოლშევიკური პარტიის წევრი 1917 წლიდან. მუშაობდა რსდმპ (ბ)-ის სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციის სამდივნოში. იყო სტენოგრაფისტი პარტიის VI ყრილობაზე. ოქტომბრის რევოლუციიდან 1918 წლის ივლისამდე იყო სკს-ს პრესის ბიუროს მდივანი. 1918-1924 წლებში მუშაობდა მბეჭდავად საბჭოთა სახალხო კომისარიატში (სსკ) და სსკ-ისა და შრომისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის დამხმარედ. 1924-1928 წლებში იყო ლენინის ინსტიტუტის თანამშრომელი.

[XVI] Социалистический вестник (რუს. „სოციალისტური მაცნე“) — ემიგრანტი მენშევიკების ჟურნალი. მისი დამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო იულიან მარტოვი. ჟურნალი გამოდიოდა 1921-1963 წლებში ბერლინში (1921-1933), პარიზსა (1933-1940) და ნიუ-ორკში (1940-1963).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *