ალექსანდრ ტარასოვი — ფაშიზმი ბევრნაირია

და რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად განსხვავდება ის „ჩვეულებრივი კაპიტალიზმისგან“

რასაც არ უნდა ჩაგვჩიჩინებდნენ გამუდმებით, უბრალოდ ფაშიზმი, „ზოგადად ფაშიზმი“ არ არსებობს, ისევე როგორც „ზოგადად ტოტალიტარიზმი“ (დასავლელმა ავტორებმა ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაამტკიცეს, რომ არენდტ–ფრიდრიხ–ბჟეზინსკის „ტოტალიტარიზმის კონცეფცია“ არა მეცნიერულ, არამედ პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს და ფაქტებით არ დასტურდება). ყოველთვის არსებობდა (და დღესაც არსებობს) ფართო სპექტრი სხვადასხვა, ხშირად, ერთმანეთის კონკურენტი და ერთმანეთისადმი მტრული ფაშიზმებისა, —ამასთანავე, იმდენად მტრული, რომ ერთის მიმდევრები მეორის მომხრეთა ბოლომდე განადგურებას ლამობენ.

ეს ჯერ კიდევ XX ს.-ის 30-იანი წლებიდან მოდის, როცა ისე ჩანდა, რომ თითქოს ფაშიზმის მხოლოდ სამი ნაირსახეობა არსებობს: ნაციზმი, იტალიური ფაშიზმი და ფრანკიზმი. ამ სამ ფაშიზმს ხშირად „კლასიკურსაც“ უწოდებენ, სხვა დანარჩენი კი „არაკლასიკურად“ არის მიჩნეული.

„კლასიკურ“ ფაშიზმებს აქვთ გარკვეული საერთო ნიშან-თვისებები: ყველა მათგანი „საშუალო კლასის“ მასობრივი მოძრაობაა, რომელიც — ძველი ელიტების საზიანოდ და „დაბალი ფენების“ (მუშების, გლეხების) წინააღმდეგ — პოლიტიკურ ძალაუფლებაზე აცხადებს პრეტენზიას; მათ შექმნეს საკუთარი, ტრადიციული კონსერვატიზმისგან განსხვავებული იდეოლოგია; ისინი იყენებდნენ ბრძოლის რევოლუციურ მეთოდებს მემარცხენე რევოლუციური ძალების წინააღმდეგ. მაგრამ ამის მიღმა, თვით „კლასიკურ“ ფაშიზმებს შორისაც კი, მკვეთრი განსხვავებები იწყება. ნაციზმი ქალაქის „საშუალო კლასს“ ეყრდნობოდა; აშენებდა იერარქიულ ტექნოკრატიულ სამხედრო ინდუსტრიულ სახელმწიფოს (იდეალურ ვარიანტში — გიგანტურ სამხედრო ქარხანას); მას მხარს უჭერდა (და ხელს უწყობდა ძალაუფლების აღებაში) სამრეწველო კაპიტალი; იგი ორიენტირებული იყო წარმართულ მისტიკასა და რასობრივ სიწმინდეზე; თავის „რევოლუციას“ განიხილავდა დაჩქარებული ინდუსტრიალიზაციის ექსპერიმენტად; სახელმწიფოს უმორჩილებდა პარტიას. იტალიური ფაშიზმი ეყრდნობოდა სოფლის „საშუალო კლასს“; აშენებდა პატერნალისტურ „კორპორატიულ სახელმწიფოს“; მას მხარს უჭერდა (და ხელს უწყობდა ძალაუფლების აღებაში)  უპირატესად სასოფლო-სამეურნეო მსხვილი კაპიტალი; იგი ორიენტირებული იყო კათოლიციზმსა და საგარეო ნაციონალიზმზე (ხმელთაშუა ზღვის იმპერიალიზმზე); თავის „რევოლუციას“ განიხილავდა როგორც ეროვნულ-პრევენციულს (მიზანი იტალიის „ბოლშევიზაციის“ თავიდან არიდება იყო); პარტიას უმორჩილებდა სახელმწიფოს. ფრანკიზმი — იტალიურ ფაშიზმზე მეტადაც კი — ეყრდნობოდა სოფლის „საშუალო კლასს“, მაგრამ აგრეთვე — კოლონიურ წრეებსა და სამხედროებს; მას მხარს უჭერდა (და ხელს უწყობდა ძალაუფლების აღებაში) ფეოდალური ელიტა; ფრანკიზმი აშენებდა პატრიარქალურ-მონარქიულ სახელმწიფოს; ორიენტირებული იყო მებრძოლ (ანტიმასონურ) კათოლიციზმზე; თავის რევოლუციას განიხილავდა შუა საუკუნეების პერიოდის მსოფლიო იმპერიასთან ესპანეთის დაბრუნების რადიკალურ საშუალებად.

სხვადასხვა ფაშიზმის მიმდევრები ანადგურებდნენ ერთმანეთს. ავსტრიაში, 1934 წლის თებერვალში, ხელისუფლებაში ჯერ იტალიური ფაშიზმის მიმდევრები — ავსტროფაშისტები (ჰაიმვერლები) — მოვიდნენ, მაგრამ მალევე, ივლისში, ნაცისტებმა პუტჩი მოაწყვეს და მოკლეს კანცლერი ე. დოლფუსი, ბრძოლა კი ავსტროფაშიზმის დამარცხებითა და ანშლუსით დასრულდა. უნგრეთში, იტალიური ფაშიზმის მომხრეები — ჰუნგარისტები ადმირალ ჰორტის ხელმძღვანელობით — 1944 წელს დაამხეს უნგრელმა ნაცისტებმა — ნილაშისტებმა სალაშის მეთაურობით. რუმინეთში, იტალიური ფაშიზმისა და ნაციზმის მიმდევრებს — „მწვანეპერანგიანებს“, „რკინისგვარდიელებს“, ანტონესკუსა და ჰორია სიმას — შორის დაპირისპირება ორივე მხრიდან მასობრივ ტერორსა და ნამდვილ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მმართველ ელიტებს ერთხელაც არ გაუმეორებიათ თავიანთი ომამდელი შეცდომა — სოციალურ რევოლუციასთან ბრძოლაში არ დაუდიათ ფსონი „კლასიკური“ ფაშიზმის მოძრაობებზე: აღმოჩნდა, რომ „საშუალო კლასის“ ეს ექსტრემისტული მოძრაობები, ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, მარტივად ხდებიან უმართავნი. ამიტომ ომისშემდგომი ყველა ფაშისტური რეჟიმი (ფრანკიზმის გამოკლებით, რომელმაც ბიუროკრატიზაცია განიცადა და მალევე დაკარგა ყოველგვარი კავშირი მასობრივ მოძრაობასთან) უკვე „არაკლასიკური“ იყო.

 „არაკლასიკური“ ფაშიზმები მეორე მსოფლიო ომამდეც არსებობდა. ვთქვათ, პორტუგალიური, სალაზარისეული ფაშიზმი პირველი მაგალითი იყო შემდგომში საკმაოდ გავრცელებული სამხედრო ფაშიზმისა, რომლის დროსაც ტრადიციული კონსერვატიული ელიტები არმიის ხელით ამყარებენ დიქტატურას, ამის მერე კი თავად რეჟიმი იწყებს საზოგადოების ფაშიზაციას, ქმნის რა „სათავისოდ“ ფაშისტურ პარტიებსა და მოძრაობებს. ასეთი ფაშიზმის ხელოვნურ წარმომავლობას, როგორც წესი, განსაზღვრავს მისი კლერიკალური, პატრიარქალური, ტრადიციული (და არა — რევოლუციური, როგორც ნაცისტებთან იყო) ხასიათი. XX საუკუნის მეორე ნახევარში, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში ათობით ასეთი რეჟიმი არსებობდა.

ომამდელი „არაკლასიკური“ ფაშიზმის სხვა ნაირსახეობებს წარმოადგენდა მონარქო-ფაშიზმი და გლეხური (ბაუერული, კულაკური[I]) ფაშიზმი, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (მათ შორის, ლიმიტროფებშიც[II]) გავრცელდა. გარდა ამისა, „არაკლასიკურ“ ფაშიზმებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ძალიან შეზღუდული სოციალური ბაზის მქონე ფაშისტური მოძრაობები (შემდეგ კი — რეჟიმებიც), რომლებმაც ვერ მოახერხეს მასების მობილიზება, ხოლო ძალაუფლება „წითელი საფრთხით“ შეშინებული ტრადიციული ელიტების დახმარებით ჩაიგდეს ხელში (თუმცა ზოგჯერ სახელმწიფო გადატრიალებების შედეგადაც). ამ პარტიებისა და რეჟიმების სწრაფმა მოხვედრამ იტალიური და გერმანული გავლენების ორბიტაში, ერთი მხრივ, შენიღბა მათი თავისებურებანი, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეუშალა მათ დამოუკიდებელ მოვლენად ჩამოყალიბებაში.

საფრანგეთში, ომამდელ პერიოდში, ერთმანეთთან რამდენიმე განსხვავებული ფაშიზმი მეტოქეობდა: იტალიურის ფრანგული ვარიანტი („ფრანსიზმი“ და სხვ.), ნაციზმის ფრანგული სახესხვაობა (საფრანგეთის სახალხო პარტია და სხვ.), ფრანკიზმის ფრანგული ვერსია („კაგულიარები“), დაბოლოს, „აქსიონ ფრანსეზის“ ორიგინალური არისტოკრატიულ-ელიტარული, მონარქო-ფაშიზმის მონათესავე, ფაშიზმი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, „არაკლასიკური“ ფაშიზმი წარმოდგენილი იყო, ძირითადად, „დამოკიდებული“ ან, სხვა ტერმინოლოგიით, „მართული“ ფაშიზმის რეჟიმებით (იგულისხმება გარედან, საზღვარგარეთიდან მართული). როგორც წესი, ეს იყო ულტრამემარჯვენე რეჟიმები მესამე სამყაროს ქვეყნებში, დამყარებული სამხედრო გადატრიალების შედეგად (სამხედრო ფაშიზმი), „პირველი სამყაროს“, დასავლური დემოკრატიების (ყველაზე ხშირად — ვაშინგტონის) მითითებებითა და ფულით. ამგვარი რეჟიმების შექმნის უშუალო მიზეზს ან რომელიმე უკვე არსებული მემარცხენე (ან უბრალოდ ანტიამერიკული) მთავრობის დამხობის (ბრაზილიაში, გვატემალაში, ჩილეში და ა.შ.), ანდა — ხელისუფლებაში მემარცხენეების მოსვლის თავიდან არიდების საჭიროება წარმოადგენდა.

რამდენადაც „დამოკიდებული“ ფაშიზმი დამოკიდებული იყო „დემოკრატიულ მეტროპოლიაზე“, ფაშისტურ რეჟიმებში, ამა თუ იმ დონეზე, ხშირად ნარჩუნდებოდა „დემოკრატიული დეკორუმი“: არსებობდა პარლამენტი, მრავალპარტიული სისტემა, ტარდებოდა „არჩევნები“. რასაკვირველია, ეს, მეტ-ნაკლები ხარისხით, ბუტაფორია იყო (პარაგვაიში, სტრესნერის პრეზიდენტობის დროს, ფაშიზმისა და დემოკრატიის „თანაცხოვრების“ საკითხი მარტივად და ნატიფად იჭრებოდა: ქვეყანაში ყოველთვის საომარი მდგომარეობა მოქმედებდა, გარდა ერთი  — არჩევნების — დღისა).

„დამოკიდებული“ ფაშიზმის რეჟიმების შექმნის გასაადვილებლად „მესამე სამყაროს“ ქვეყნების ძალოვან სტრუქტურებში მიზანმიმართულად და აქტიურად ინერგებოდა ფაშისტური იდეოლოგია. არმია, პოლიცია და სპეცსამსახურები ყალიბდებოდნენ ერთგვარ უპარტიო ფაშისტურ პარტიებად. პოსტ ფაქტუმ, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, გაირკვა, რომ ჩილეს არმიაში უფრო მეტი ფაშისტი იყო, ვიდრე ყველა „სამოქალაქო“ ფაშისტურ ორგანიზაციაში. ასეთივე ვითარება არსებობდა ბრაზილიური პოლიციისა და სამხედრო კონტრდაზვერვის შემთხვევაშიც.

 „დამოკიდებულმა“ ფაშიზმმა ხიდი გადო მემარჯვენე ლიბერალური რეჟიმების, მოძრაობებისა და დოქტრინებისკენ, სულ უფრო და უფრო აბუნდოვნებდა რა ფაშიზმის ცნებას და, ამგვარად, მისაღებს ხდიდა ლიბერალებისთვის. მაგალითად, ნიკარაგუაში, ჩრდილოეთ ამერიკელების მიერ დამყარებული სომოსას რეჟიმი იდეოლოგიურად ორიენტირებული იყო ევროპულ ფაშიზმზე და ურუგვაელ ფაშისტებს გადატრიალების მომზადებაშიც კი ეხმარებოდა, თუმცა, ამავდროულად, რეგიონში აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირის როლს ასრულებდა და ფორმალურად „ღერძის სახელმწიფოებთან“ საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ომისშემდგომ ევროპაში „დამოკიდებული“ ფაშიზმის პირველი ნიმუში გახლდათ  პრობრიტანული რეჟიმი საბერძნეთში, სადაც გერმანული ჯარებისაგან ქვეყნის გათავისუფლების შემდეგ სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ბრიტანელი ლეიბორისტები ამუნათებდნენ ჩერჩილს საბერძნეთში „მონარქო-ფაშისტებისა“ და „ნაცისტი კოლაბორაციონისტების“ მხარდაჭერისთვის, მაგრამ, როცა 1945 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ, თავადაც დაუჭირეს მხარი იმავე ძალებს.

 „არაკლასიკური“ ფაშიზმის კიდევ ერთ ნაირსახეობას წარმოადგენენ „ახალი მემარჯვენეები“, რომლებიც 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდნენ (თავდაპირველად — საფრანგეთში „გრესე“-ს ჯგუფის[III] სახით). „ახალი მემარჯვენეები“ იყენებდნენ ე.წ. ორბორტიანი ფაშიზმის — ევროპული რესპექტაბელური საპარლამენტო ფაშიზმის — გამოცდილებას, რომელიც აერთიანებდა ფაშისტურ იდეოლოგიასა და მემარჯვენე კონსერვატიულ პრაქტიკას საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში. „ახალმა მემარჯვენეებმა“ გადაწყვიტეს, განეახლებინათ ფაშისტური თეორია, და ამისათვის უარი თქვეს პრიმიტიულ რასიზმზე, პრიმიტიულ უნივერსალიზმსა და სოციალურ დემაგოგიაზე. რასობრივ აღმატებულობაზე წარმოდგენა მათ ჩაანაცვლეს სხვადასხვა რასების შეუთავსებლობის შესახებ წარმოდგენით, აღიარეს უმცირესობებისა (ეროვნული და სექსუალური) და ეკოლოგიის საკითხების მნიშვნელობა, ჩამოაყალიბეს ისტორიასა და ცივილიზაციაზე, თავისი არსით, პოსტმოდერნისტული შეხედულება და ფაშიზმის დოქტრინა ჰაიეკისა და მიზესის ყაიდის ნეოლიბერალიზმს დაამსგავსეს. „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური შეხედულებები დაემთხვა რეიგანომიკისა და ტეტჩერიზმის ეპოქის ნეოლიბერალიზმის პრაქტიკოსთა შეხედულებებს. შემთხვევითი არ არის, რომ პინოჩეტის რეჟიმი („დამოკიდებული ფაშიზმის“ რეჟიმი) აგრეთვე ხასიათდება, როგორც „სამხედრო ტეტჩერიზმი“. ის საფუძველმდებარე შეხედულებებიც კი, რომელთაც საჯაროდ აჟღერებდნენ ტეტჩერი და პინოჩეტი, ხშირად ერთმანეთის იდენტური იყო (მაგალითად, ორივე უარყოფდა საზოგადოების არსებობას, რაც, სინამდვილეში, იტალიური ფაშიზმის დოქტრინის გამეორებას წარმოადგენდა). ბოლო პერიოდში, დასავლეთ ევროპაში საარჩევნო წარმატებებს სწორედ ის პარტიები და მოძრაობები აღწევდნენ,  რომლებიც „ახალი მემარჯვენეების“ შეხედულებებს ნეოლიბერალიზმთან აერთიანებდნენ: ჟ.-მ. ლე პენის ეროვნული ფრონტი საფრანგეთში, პ. ფორტეინის პარტია ნიდერლანდებში, ი. ჰაიდერის თავისუფლების პარტია ავსტრიაში და ა.შ. (სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ თავისუფლების პარტია ლიბერალურ ინტერნაციონალში შედის!).

ფაშიზმები, როგორც მონათესავე საზოგადოებრივი ფენომენების ერთობლიობა, გადასარევად ეწყობიან კანის ნებისმიერ ფერსა და ნებისმიერ რელიგიას. გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერები იყვნენ გერმანელი წარმართები, მაგრამ პარტიის ოფიციალური პროგრამა („25 პუნქტი“) მხარს უჭერდა „პოზიტიურ“ (ეკუმენურ) ქრისტიანობას, ხოლო რიგით წევრთა უმრავლესობა პროტესტანტი და კათოლიკე იყო; იტალიური, ესპანური, ლათინოამერიკული ფაშიზმები ატარებდნენ ხაზგასმით კათოლიკურ ხასიათს; ბერძნული და რუმინული ფაშიზმები მართლმადიდებლური იყო; დიუვალიეს ჰაიტური ფაშიზმი — ვუდუისტური; იაპონელი ფაშისტები, როგორ წესი, სინტოისტები იყვნენ; არსებობს მუსულმანური, ინდუისტური (ვიშნუისტური), იუდაისტური, ბუდისტური (შრი-ლანკაზე) ფაშისტური ორგანიზაციები. მაგრამ ჯერ არ არსებულა ათეისტური ფაშისტური მოძრაობები.

ფაშიზმი არ არის თეთრი რასიზმის იგივეობრივი, რაც კარგად ჩანს ჰაიტის, ზაირში მობუტუს რეჟიმისა და ჰოლდენ რობერტოს, იდეოლოგიურად სრულიად ფაშისტური, ანგოლის ეროვნული გათავისუფლების ფრონტის გამოცდილებიდან. ანტისემიტიზმი სულაც არ არის ფაშიზმის აუცილებელი კომპონენტი (ცენტრალური ამერიკის ფაშისტური რეჟიმები ისრაელის მხარდამჭერნი იყვნენ, რომ არაფერი ვთქვათ საკუთრივ ებრაულ ფაშისტურ ორგანიზაციებზე, როგორიცაა მოძრაობა „კაჰ“ ან „კაჰანე ჰაი“). მაგრამ ყველანაირ ფაშიზმს აუცილებლად ახლავს: მებრძოლი ანტიკომუნიზმი; მილიტარიზმი (ვიწრო გაგებით, ანუ არმიისა და არმიის წესრიგის განდიდება და მისი გადატანა სამოქალაქო ცხოვრებაში); მებრძოლი ქსენოფობია, რასიზმი, ნაციონალიზმი (ანუ იმგვარი, რომელიც აქტიურად მიმართულია ვინმეს წინააღმდეგ: იმიგრანტების — თანამედროვე ევროპაში, შავკანიანების — აშშ-სა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ინდიელების — გვატემალასა და ჩილეში, თამილების — შრი-ლანკაზე და ა. შ.); თეორიული ელიტარიზმი (ანუ საყოველთაო თანასწორობის პრინციპის უარყოფა); ობივატელური კულტურული პრიმიტივიზმი (ანუ მიუღებლობა კულტურისა, მთელი მისი სირთულითა და სისავსით და, განსაკუთრებით, მისი ინტელექტუალურად ყველაზე უფრო რთული გამოვლინებების).

2003 წლის 12 იანვარი – 7 მაისი

წყარო: https://saint-juste.narod.ru/fash-tip.htm

მთარგმნელი: ნორიკ ბადოიანი

რედაქციის კომენტარები


[I] ბაუერი (გერ. Bauer) — გლეხი. კულაკი (რუს. Кулак) — შეძლებული გლეხი.

[II] ლიმიტროფები (ლათ. Limitrophus — მოსაზღვრე) — ასე ეწოდებოდათ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ყოფილი რუსეთის იმპერიის პერიფერიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოებს — ესტონეთს, ლიტვას, ლატვიას, პოლონეთსა და ფინეთს.

[III] GRECE (ფრ. Groupement de recherche et d’études pour la civilisation européenne) — ევროპული ცივილიზაციის კვლევისა და შესწავლის ჯგუფი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *