ალექსეი ცვეტკოვმა, რუსმა კონტრკულტურულმა მწერალმა, ესეისტმა და დიდი სტაჟის მქონე მემარცხენე აქტივისტმა მწარე იუმორით გაჯერებულ ამ მცირე ირონიულ-სატირული ნაწარმოებით, შექმნა პოსტსაბჭოთა მემარცხენე აქტივისტის ტიპური სახე, მართალია, აბსურდულობამდე უტრირებული და გროტესკული, მაგრამ, ამასთანავე, ნამდვილი. მან ამ მოკლე ტექსტში გამოსახა ის ცხოვრებისეული გზა — „სისტემასთან მებრძოლი“ გულანთებული და უკომპრომისო ჭაბუკის ენთუზიაზმიდან ამ სისტემისვე ჭანჭიკად ქცეული, ხელმოცარული ადამიანის იმედგაცრუებამდე — რომელსაც „მემარცხენე აქტივისტების“ უმრავლესობა გადიოდა, გადის და გაივლის მანამ, სანამ ისინი დარჩებიან „მემარცხენეებად“, სანამ მუხლჩაუხრელი შრომისა და ძალისხმევის შედეგად არ ჩამოყალიბდებიან მარქსისტებად, კომუნისტებად — ინდივიდებად, რომლებიც ბეჯითად და სიღრმისეულად შეისწავლიან თეორიას, აანალიზებენ წინამორბედთა გამოცდილებას, გარემომცველ სინამდვილეს, იმ ლოკალურსა და გლობალურ ვითარებას, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება და უკვე შემდეგ, ამ ყველაფრის საფუძველზე შემუშავებული სტრატეგიისა და ტაქტიკის შესაბამისად, იწყებენ მოქმედებას, ახორციელებენ პრაქტიკას. ანუ „მემარცხენეებისაგან“ დიამეტრულად განსხვავებულად იქცევიან. „მემარცხენეებს“ ხშირად წარმოუდგენიათ, რომ ისინი ასეც მოქმედებენ, მაგრამ რეალობაში, ჩვეულებრივ, სხვა სურათს ვაწყდებით, რომელიც ზუსტად ისე ჰგავს ზემოთქმულს, როგორც ცვეტკოვის „პერმანენტული რევოლუციონერი“ ნამდვილ რევოლუციონერს.
ცვეტკოვის ტექსტში ვხდებით ყველაფერ იმას, რაც ასე ნაცნობია მათთვის, ვისაც რაიმე შეხება აქვს ან წარსულში ჰქონია „მემარცხენე აქტივიზმის“ სახელით ცნობილ სოციალურ მოვლენასთან: მოჩვენებითი, ზედაპირული, უსისტემო თეორიული „მუშაობა“, „უკომპრომისო“ „რევოლუციურობა“, რომელიც გაუთავებელი აქციებით, დროშების ფრიალით, პოლიციელებთან ძიძგილაობით ვლინდება, სექტანტური კარჩაკეტილობა, დოგმატიზმი, ნარცისიზმი, თვითჰეროიზაცია, ოპორტუნიზმი (სხვადასხვა ბურჟუაზიულ პოლიტიკურ ძალას მიკედლება), ხელოვნების პოლიტიზაციის პრიმიტიული გაგება, გულუბრყვილო წარმოდგენა სისტემის შიგნიდან შეცვლის შესახებ (აკადემიურ სივრცეში, საჯარო ინსტიტუციებში, არასამთავრობო სექტორში ინტეგრაცია)… როდესაც ჟამთა სვლის გავლენით თუ ობიექტურ პირობათა რხევის შედეგად თვალსაჩინო ხდება მემარცხენე აქტივიზმის უნაყოფო მცდელობა, თვისებრივი გარდატეხა მოეხდინა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დგება გარდაუვალი შედეგი: იმედგაცრუება, პათეტიკური ლოზუნგების დონეზე ათვისებული იდეოლოგიური პრინციპების გადათელვა და მივიწყება, რიგითი ობივატელის ცხოვრების სტილზე გადასვლა… ბოლოს კი იმედგაცრუებული აქტივისტი, რომელსაც არ აღმოაჩნდება სათანადო თეორიული ინსტრუმენტები დამდგარი სინამდვილის ასახსნელად, ეშვება ნიჰილიზმსა და მიზანთროპიაში: იძულებს მათ, ვის გულანთებულ მხარდაჭერასაც აფუძნებდა გუშინდელ ენთუზიასტურ ბრძოლებს.
ცვეტკოვის მიერ დახატული აქტივისტის გროტესკული სახე საკმაოდ ზოგადია და ყველას შეუძლია მასში თავი ამოიცნოს, მაგრამ მთავარი არა საკუთარი თავისა და ერთმანეთის აბუჩად აგდება, არამედ ისაა, თუ რა დასკვნებს გამოვიტანთ აქედან.
რედაქცია
პერმანენტული რევოლუციონერის ჩანაწერები ანუ ოცი წელი ალისფერი დროშის ქვეშ
არცერთი დამთხვევა არ არის შემთხვევითი
18 წლის ვარ, და ისეთი ენერგიული, მოუსყიდველი და მამაცი, რომ მზად ვარ, გავათავისუფლო ყველა ჩაგრული ამ სამყაროში და შევქმნა ახალი ადამიანების ახალი სამყარო. მაგრამ ეს როგორ უნდა ვქნა — არ ვიცი. იცის კი ვინმემ? თუმცა სურვილი უდიდესია. მეჩვენება, რომ ყველა მაგარი მწერალი, მუსიკოსი და პოლიტიკოსი, ანუ ისინი, ვინც მომწონს, ერთსა და იმავეზე ლაპარაკობდა და ერთი და იგივე სურდა. სწორედ ეს უნდა გავაკეთო. უბრალოდ მეტი დრო უნდა დავუთმო რადიკალი თეორეტიკოსებისა და ისტორიკოსების კითხვას, რათა ზუსტად შევძლო ვითომ მაგრებისგან ნამდვილად მაგრების გამორჩევა. ბრძოლის პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც არ მაწყენდა.
20 წლის ვარ, უკვე საკმარისად ვიკითხე და ვიკამათე, რომ დავწერო ყველაზე რევოლუციური პროგრამა ყველაზე რევოლუციური ორგანიზაციისთვის. გარდა ამისა, არცერთ აქციას არ ვაკლდები, ვარიგებ ჩვენს სააგიტაციო ფურცლებს, ვაგროვებ ხელმოწერებსა და გავყვირი ლოზუნგებს. უცნაურია, მაგრამ ასეთი უკომპრომისო ცხოვრების სტილი, როგორც გავარკვიე, იზიდავს ზოგიერთ გოგოს, განსაკუთებით სათვალიანებს, ხშირად რომ დადიან ბიბლიოთეკაში.
რადიკალმა მხატვრებმა თავიანთ შეკრებაზე დამპატიჟეს. იქ ამიხსნეს, რომ როცა მხატვარი ისაქმებს იატაკზე, ამას „პერფორმანსი“ ეწოდება, ხოლო ქაქს — „ინსტალაცია“. არ მესმის ასეთი ხელოვნება, თუმცა არ ვიმჩნევ. აი, იატაკზე რომ ეწეროს „კაპიტალიზმი“ და მხატვარი წითელ მაისურში, რომელსაც ნამგალი და ურო ან უკეთესი — ჩვენი ორგანიზაციის ემბლემა ახატია, ზედ ისაქმებდეს, ამას კიდევ არა უშავს რა, მაგრამ ასე… მხატვარი შიშველია, იატაკი — სარკისებრი, როგორც გინდა, ისე გაიგე. ჩვენ ეს არ შეგვფერის. იქნებ, ეს კაპიტალისტი აჯვამს მუშათა უფლებებს? და უბრალო დამლაგებელმა მერე უნდა მორეცხოს! როცა წამოვედი, მომცეს „რუბიკის კუბი“ — ერთნაირად შავი ყველა მხრიდან. ვერ ვხვდები! სანამ ისინი მარგალიტებით თამაშობენ ღორების წინაშე, ჩვენ გვრჩება კიდევ ერთი, უკანასკნელი, ძალისხმევა, და ჩვენ შევცვლით ამ უკუღმართ სამყაროს!
22 წლის ვარ და ჩვენი ორგანიზაცია დამაჯერებლად იზრდება. ერთი წლის წინ იგი 8 წევრს ითვლიდა, დღეს კი მასში უკვე 12 ადამიანია. დავიწყეთ გაზეთის გამოცემა, და თუმცა, მართალია, ჯერ ჩვენ გარდა არავინ კითხულობს, ეს მხოლოდ დროისა და სიბეჯითის საკითხია. ისტორიის ლოგიკა ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. პირველად ჩავედი ევროპაში ამხანაგებთან. აი, დემონსტრაციები! აი, წიგნის მაღაზიები ანტი-კაპიტალისტებისთვის! მუხანათურმა აზრმაც კი გამიელვა თავში: სამუდამოდ ხომ არ გადავიხვეწო იქ — პოლიტიკურ დევნილად გავასაღო თავი. დიდი ამბავი! ბოლო აქციაზე პოლიციელები ისე მომდევდნენ, რომ მოვსრიალდი და წავიქეცი, ფეხი ვიღრძე და ერთი კვირა ვკოჭლობდი. იქაურ აქტივისტზე დაქორწინებაც შეიძლება: ერთს დავადგი თვალი, ის ისე გამეტებით ეჩხუბებოდა პოლიციელებს, რომ სუნთქვა მეკვროდა, მისი დაჭერა და დაკავება მომიწია, პოლიციელები რომ არ დაშავებულიყვნენ. უცხო ენებიც კარგად ვიცი. მაგრამ ეს დეზერტირობა იქნებოდა კლასობრივი ბრძოლის ფრონტის საკუთარი მონაკვეთიდან. და თან ის გოგოც გამომიტყდა, რომ გოგოებს ანიჭებს უპირატესობას.
ჩვენთან ხომ ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. ორიოდე წელიწადში აქ ისეთ ამბებს დავატრიალებთ — აქეთ მოუნდებათ ჩვენთან ჩამოსვლა.
24 წლის ვარ და ერთბაშად განვიცდი რამდენიმე დრამას. სატრფომ, რომლის ცოლად შერთვასაც ვაპირებდი, მითხრა, რომ არასდროს გავიზრდები; რომ ყველაფერი ყელში ამოუვიდა; რომ ჩვენ ყველანი ნაცარქექია ბრიყვები ვართ; რომ ჩემი შეუპოვრობითა და ნაკითხობით უკვე დიდი ხანია, დავწერდი დისერტაციას ან ბანკს ვუხელმძღვანელებდი, ასე კი ჩემთან ვერავითარ მომავალს ვერ ხედავს, ჩემგან არც შვილები სურს და სამუდამოდ მიდის. და საერთოდ, სათვალეებს ლინზებით ანაცვლებს. ოპორტუნისტი. ამიერიდან მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის გოგოებს დავუახლოვდები, მაგრამ სულ სამი გვყავს და უკვე სხვა ამხანაგებთან არიან. ჯგუფურ სექსზე ხომ არ უწერიათ რამე კლასიკოსებს? ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე…
ჯერ კიდევ ჩვენი აღმავლობის ჟამს გავიხლიჩეთ. როგორც კი ოცნი გავხდით, ჰო, კარგი, ზუსტად თვრამეტნი, თანაბრად გავიყავით, დავადანაშაულეთ რა ერთმანეთი ბიუროკრატიულ გადაგვარებაში, მშრომელთა ინტერესების ღალატსა და დოგმატურ სექტანტობაში. სამაგიეროდ გამოგვიჩნდა მხარდამჭერთა ჯგუფი ვლადივოსტოკში. ოთხნი არიან და გვწერენ, რომ ბოლომდე იზიარებენ ჩვენს პროგრამას და გვეკითხებიან, ავუნაზღაურებთ თუ არა მოსკოვამდე მგზავრობის საფასურს, რათა ყრილობაში მიიღონ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ვერ ავუნაზღაურებთ. აბა საიდან ამხელა ფული?! მაგრამ დავპირდით, რომ უფასოდ დავაბინავებთ ჩვენთან. ჯერ ვერ მოუფიქრებიათ, გაწევრიანდნენ თუ არა. იმედი მაქვს, ისტორიის ლოგიკის სწორი გაგება გაიმარჯვებს.
დისერტაციას რაც შეეხება, შეიძლება, ის რაღაცაში მართალიც არის. ყველაფერში ოპორტუნისტებიც კი არ ცდებიან…
26 წლის ვარ, და ყველაზე ცნობილმა როკ-ჯგუფმა თავის ალბომს დაარქვა სახელი, რომელსაც ჩვენ ვეძახით შემოკლებით ჩვენს ორგანიზაციას, — მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ასო-ბგერის განსხვავებით. მთელი დღე გვიხაროდა და განუწყვეტლივ ვრეკავდით როკ-ჯგუფის ფან-კლუბში, საღამოს კი რომელიღაც ახალი ამხანაგი როგორღაც დაუკავშირდა ამ ფან-კლუბს და გამოარკვია, რომ როკ-ჯგუფი საერთოდ სხვა რამეს გულისხმობდა, ხოლო ჩვენზე არც კი სმენიათ — უბრალო დამთხვევაა. მაგრამ მაინც, ეს ჩვენი გარდაუვალი ისტორიული წარმატების უტყუარი ნიშანია. მით უმეტეს, რომ ამ სასიამოვნო გაუგებრობის გამო ჩვენთან ინტერნეტით გაწევრიანდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ ჩვენს საიტზე საძიებოდან, და ჩვენ მათ ასე იოლად არ გავუშვებთ. ჩვენ ყველაზე სწორი წესდება გვაქვს: წევრობის ანულირებისთვის საჭიროა ყველა რეგიონალურ უჯრედთა ყრილობის გადაწყვეტილება. მაგარი იქნებოდა, თუ როკ-ჯგუფს სასამართლოში ვუჩივლებდით ბრენდის მითვისებისთვის: მაშინვე გაიგებდნენ ჩვენ შესახებ. მართალია, მათ ალბომის სახელწოდება დარეგისტრირებული აქვთ, ჩვენ კი ორგანიზაცია არ დაგვირეგისტრირებია, ასე რომ, აქეთ შეუძლიათ სასამართლოში გვიჩივლონ, მაგრამ ეს უფრო მაგარი იქნებოდა. მართალია, არც ერთი და არც მეორე მაინც არ მოხდება, მაგრამ მერე რა, ყველას გავაგებინებთ, რომ როკ-ვარსკვლავები ჩვენი ორგანიზაციის საიდუმლო წევრები არიან, და მხოლოდ სპეცსამსახურებისა და პროდიუსერების მწვავე ზეწოლამ აიძულა, უკანასკნელ მომენტში სხვა განმარტება მოეფიქრებინათ უცნაური ასოებისთვის ალბომის სახელწოდებაში.
28 წლის ვარ და შევაჯამე ჩემი ათწლიანი ბრძოლა. დაწერილია ასი სააგიტაციო ფურცელი, ჩატარებულია ასი პიკეტი. საერთო ჯამში, ყველა დაკავება რომ ერთად შევკრიბოთ, სისტემის კედლებში (ანუ მილიციის იზოლატორში), ალბათ, ერთი კვირა ვიტანჯე. ვინ შეგვიშალა ხელი, რომ რევოლუციის საბოლოო გამარჯვებამდე მიგვეღწია? რა თქმა უნდა, იმ ჯგუფმა, რომელიც ორი წლის წინ გამოგვეყო, და იმ ჯგუფმაც, რომელიც ერთი წლის წინ გამოგვეყო. ისინი გამუდმებით გვირევდნენ თავგზას, სარგებლობდნენ ჩვენი გამარჯვებებითა და ცნობადობით და გზა-კვალს უბნევდნენ მშრომელებს. იმ დონემდე მოახდინეს მათი დემორალიზება, რომ მუშებმა დროებით დაკარგეს რევოლუციის რწმენა. თუმცა დიდად არც აქამდე ჰქონიათ. ჰო, ანუ ჩამოშორებულებმა იმ დონემდე მოახდინეს მუშების დემორალიზება, რომ მათ ვერა და ვერ შეძლეს, ერწმუნათ რევოლუციის. არა უშავს, ეს მხოლოდ რეაქციის ბრალია: აი, გაღრმავდება კრიზისი, ხალხი მოგვაწყდება, იდეოლოგია კი კარგა ხანია მზადა გვაქვს. ვაგრძელებ დისერტაციის წერას. რევოლუციონერებს არა მარტო პროპაგანდა, არამედ მეცნიერებაც სჭირდებათ!
30-ის ვარ, კრიზისიც გაღრმავდა, მაგრამ ხალხი არ მოგვაწყდა. ჩვენი შედეგები მემარჯვენეების მიღწევებს შევადარე. მათ აქციებზე ბევრად მეტი ხალხი დადის. მათ, გამოკითხვების თანახმად, ბევრად მეტი ადამიანი უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, მათი დასაყრდენი რეაქციული ობივატელია, მათი პროგრამაც — ნეხვი, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია. ისინი იმავეს აკეთებენ, რასაც ჩვენ, ოღონდ რამდენადმე უფრო წარმატებულად. ნეტავ სახელმწიფოს მაინც აეკრძალა და რაც შეიძლება მკაცრად დაეცვა თავისი აკრძალვა. რას გაგვიმართლებდა! სისტემას ჩვენ გარდა მტერი აღარ დარჩებოდა, შესაძლოა, მემარჯვენეების მთელი აუდიტორიაც ჩვენს მხარეს გადმოსულიყო… გუშინ თანაკლასელი შემხვდა, რომლის გამოც ოდესღაც საცოლემ მიმატოვა. ხოშიანი მანქანა — სახლი ქალაქგარეთ — ყოველდღიური ფიტნესი — შვებულება ტაილანდში — ორი შვილი — მხარს უჭერენ მემარჯვენეებს. რა საცოდაობაა! რა კარგია, რომ არ გავხდი ასეთი ერთგანზომილებიანი ობივატელი, ნახევრად ფაშისტი და ამ ყველაფერს ყველაზე პროგრესული ორგანიზაციის რიგებში ისტორიის ქმნა ვამჯობინე.
ჩვენს საიტზე ერთადერთ კომენტარს გადავაწყდი, რომლის ავტორიც არ მეცნო. ის გვთავაზობს, უფრო მარტივი და მოდური ენით ვწეროთ, რომ ხალხი მოგვაწყდეს. რაღაც არის ამაში. ყური უნდა დავუგდოთ ხალხის მოსაზრებებს. გადავწყვიტე, ჩემს ბოლო მანიფესტში, ავტომატურად ყველგან სიტყვა „რევოლუციურის“ ნაცვლად დავწერო „ხოშიანი“, ხოლო „პროლეტარულის“ მაგიერ — „საკაიფო“. გამოვიდა აბდაუბდა: „ხოშიანი პროფკავშირები და თანმიმდევრულად საკაიფო ინტერნაციონალი…“ ტექსტის ეს ვერსია დავდე საიტზე, და ამავე კომენტატორმა „სირი“ მიწოდა. ყოველთვის კი არ უნდა დაუგდო ყური უცხოების მოსაზრებებს. არასწორად გვირჩევდა ამხანაგი. ტყუილად კი არ არის, რომ არ ვიცნობ. რა ესაქმებოდა ჩვენს საიტზე? სავსებით შესაძლებელია, სპეცსამსახურების აგენტი გვიწყობდეს პროვოკაციას. ყველა სიტყვა უკან დავაბრუნე, მე თვითონ მაინც რომ მივხვდე, რა მიწერია.
როგორც იქნა, დისერტაცია დავიცავი, ახლა ვფიქრობ, სადმე ხომ არ ვასწავლო? იქნებ, თუ შენიღბული ფორმით მივიყვან სწორ დასკვნებთან, ჩემი სტუდენტებისგან მეამბოხეების მთელი თაობა აღვზარდო, რომლებიც შეძლებენ ამ სამყაროს ამოყირავებას!
32 წლის ვარ. უკვე მერვედ გავიხლიჩეთ და ჩავატარეთ 135-ე აქცია გაფიცულთა მხარდასაჭერად. სხვათა შორის, გაფიცულებიც მოვიდნენ, თუ ის ორი ვინმეში არ ამერია. მუშები სულ უფრო იმსჭვალებიან ჩვენი იდეებით, აგარაკზეც გვეპატიჟებოდნენ, განსაკუთრებით ზაფხულის ბოლოს, როცა კარტოფილის ამოღების დრო დგება — მარტონი ვერ გაუმკლავდებიან. ჩვენ, ცხადია, ავუხსენით, რომ რევოლუციის მერე კარტოფილის ამოთხრა აღარ მოუწევთ, რადგან პროლეტარიატი კაპიტალიზმის მესაფლავეა. მიჩვეულები ვართ ყველასთვის ყველაფრის ახსნას, ჩვენ გამობრძმედილი და პროფესიონალი რევოლუციონერები ვართ, ადამიანური სიბრიყვისადმი მტკიცე იმუნიტეტით. უკლებლივ ყველა ჩემი სტუდენტი გამოდგა „ერის მძღნერი“ და არა მისი მომავალი ტვინი. თითქმის ყველა დამპირდა მიტინგზე მოსვლას, თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო, საერთო ჯამში კი არავინ არ მოსულა. ერთი უნდა ვკითხო ჩათვლაზე, რას აკეთებდნენ მუშების მხარდაჭერის ნაცვლად?
სულ უფრო ხშირად მეფიქრება იმაზე, რომ დაბადებიდან ვეკუთვნი იმ გმირების მცირერიცხოვან მოდგმას, რომელთათვისაც შეურაცხმყოფელად ვიწროა ეს უსამართლო და ზედაპირული სამყარო. ასეთი პასიონარები იშვიათად გამოკრთებიან ხოლმე, როგორც კომეტები, რათა შეაჯანჯღარონ ბრბო, შეაშინონ და შეძრან თავიანთი ენერგიის ამოხეთქვით ბრმა ობივატელ-მორლოკები და სამუდამოდ ჩაქრნენ ისე, რომ თითქმის არავინ გაუგოს და მოუსმინოს. ბრბოს თავისი ისტორია აქვს, გმირებს — თავიანთი. ცუდი არ იქნებოდა, აგვეფეთქებინა რამდენიმე ცნობილი ღამის კლუბი, ბანკი და ოფისი, რომ ბოლოს და ბოლოს ყველას გაეგო, რაზე ვართ წამსვლელები ადამიანთა ბედნიერების გულისთვის! თუმცა ეს ლიტონი სიტყვებია. კრებაზე მხარს არავინ დამიჭერდა. ტერორი არ არის ჩვენი ტაქტიკა, და ციხეშიც ხომ შეიძლება ამოგვაყოფინონ თავი. სჯობს, დავწერო ფანტასტიკური რომანი კომუნისტურ პლანეტაზე, რომელიც გვიგზავნის თავის ზეგონიერ აგენტებს, რათა დედამიწაზე რევოლუციური ორგანიზაციები შექმნან. „ძნელია ღმერთობას“ საპირისპირო. შეიძლება მაშინ მაინც, როცა მილიონები წაიკითხავენ ამ რომანს, დაიწყოს მასობრივი მოძრაობა? თუმცა არა, იმდენად სულელი არა ვარ, ბრიყვებისთვის წიგნები ვწერო. ჩვენ უნდა შევინახოთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, პოპულარიზატორები გამოჩნდებიან. ჩვენ ვიღვწით მომავალისთვის, როცა ყველა ჩვენნაირი გმირი გახდება, და ვწერთ ნამდვილი ინტელექტუალებისთვის, რომლებიც ბევრნი არასდროს არიან.
34 წლის ვარ და დღეს ტელევიზიას ინტერვიუს ვაძლევდი, სანამ დენი არ გაეთიშათ. ნახევარი საათი ვესაუბრებოდი ჩვენს პერსპექტივებზე, ვადიან და უვადო პროგრამაზე და მომავლის გარდაუვალ აჯანყებაზე. ყველას დავურეკე, ვისაც ჩემი არ სჯეროდა, რომ ეყურებინათ, არ გამორჩენოდათ. ყოფილ საცოლესაც დავურეკე, და თვითონაც მთელი დღე საღამოს ახალ ამბებს ველოდებოდი. საბოლოო ჯამში, თანამედროვე „ქალაქელ შერეკილებზე“ სიუჟეტის დასასრულს აჩვენეს, როგორ ვახველებ სიტყვა „ლიბერტარულტრედიუნიონისტურის“ გამოთქმის დაუსრულებლად. ალბათ, სახეც დამიმუშავეს თავიანთი პროგრამებით, რომ ეკრანზე ვიღაც მობომჟო ტიპად გამოვჩენილიყავი და არა — რევოლუციურ ლიდერად. აი, ამას ვუწოდებთ „მშრომელების წინააღმდეგ მიმართულ ინფორმაციულ ტერორს“, „ტოტალურ მანიპულაციასა“ და „სპექტაკლის საზოგადოებას“. „სასაცილო ძუძუების“ ზედიზედ სამი საათის განმავლობაში ჩვენება (განგებ დავინიშნე დრო) მათთვის საინტერესოა და სამომავლო აჯანყება და, ზოგადად, კაცობრიობის მომავალი ე.ი. არ აინტერესებთ! ვისგან შედგება ჩვენი საზოგადოება? მედროვეებისა და მხდალებისგან, რომლებიც არ იმსახურებენ თავისუფლებას, რომლებსაც ყველაფერი შეიძლება გაუკეთო — გაუუქმო შვებულებები, პენსიები, ორივე უქმე დღე და, საერთოდ, ჯაჭვით მიაბა სამუშაო ადგილს. ხმასაც არ ამოიღებენ. მაშინ გაახსენდებათ, როგორ არ დადიოდნენ ჩვენს აქციებზე, მაგრამ გვიანი იქნება! მათი შეცვლა ვერ მოახერხა მარქსმა, ვერ მოახერხა ტროცკიმ, ვერ მოახერხეს მაომ და ჩე გევარამ, და მეც არ გამომდის! იქნებ, ფაშისტები რაღაცაში მართლებიც არიან: არსებობენ ადამიანთა განსხვავებული სახეობები განსხვავებული მიზნებით. ერთნი დაბადებულნი არიან დიადი საქმეებისთვის, მეორენი კი — ბრძანებების შესასრულებლად. პირველებზე დუმან ტელევიზიები, მეორენი კი ოცდაოთხი საათი ტრიალებენ ეთერში თავიანთი „ძუძუებით“. ჰო, რასაკვირველია, არა ეროვნებებს, არამედ ისე, ტიპებს ვგულისხმობ…
ჩვენ მათ არ ვგავართ, და მხოლოდ ესღა მაკავებს კვლავინდებურად ჩვენს ორგანიზაციაში. ესეც რომ არ იყოს, მისი ლიდერი ვარ. სად შეიძლებოდა კიდევ, ლიდერი ვყოფილიყავი? ალბათ, ყველგან, ეს უკომპრომისო და ეკლიანი გზა რომ არ ამერჩია. ჩემს მისამართზე წელიწადში ორჯერ მოდის ევროპაში მოწვევა ჩვენისთანა გმირებისგან, ვინც მთელი კაცთა მოდგმისთვის ფიქრობენ და მოქმედებენ. აბა სხვანაირად იქ მუქთად როგორ მოვხვდებოდი? ალბათ, ნებისმიერი გზით, ყველაფერი ადამიანთა გათავისუფლების გულისთვის რომ არ გამეღო მსხვერპლად.
36 წლის ვარ, და ერთგანზომილებიან არაადამიანებთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია. ისინი მხოლოდ იმას იმსახურებენ, რომ ატყუებდნენ, და მათთვისვე უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ჩვენ ვიყოთ და არა ისინი, ვისაც ახლა ძალაუფლება და ფული აქვს. მაგრამ თავიანთ მომტყუებლებად ყოველთვის იმათ ირჩევენ, ვინც უფრო ცუდია. მემარცხენესა და ლიბერალს შორის ისინი ყოველთვის ლიბერალს ირჩევენ, ლიბერალსა და ნაცისტს შორის — ნაცისტს. ისინი ყოველთვის დეგენერატული ასპროცენტიანი გუმანით გრძნობენ, რა არის მათთვის უარესი და ითხოვენ ამას. მაგრამ რევოლუციონერები ვინღა არიან? უნიათო უიღბლო ყბედები, რომლებიც სხვაგან არსად მიიღეს, და ღმერთო ჩემო, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ! რას შევწირე ჩემი ცხოვრება? გუშინ შევნიშნე, რომ თავის ერთი მხარე მიმელოტდება, მეორე — მიჭაღარავდება, რევოლუცია კი არა და არ ხდება და საეჭვოა, ოდესმე მოხდეს.
ჩვენი მესამასე აქცია საშინელება იყო: თავიდან ფაშისტები გვირტყამდნენ, მერე — პოლიციელები. და, როგორც ყოველთვის, მათ გარდა არავის შევუმჩნევივართ. აღარ ვივლი აქციებზე! აწი ახალგაზრდა დებილებმა იარონ, თუ სხვა ყველაფერი ეზარებათ. მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში ყოველ აქციაზე მეგონა, რომ ყველაფერი მართლა და სერიოზულად კი არა, ვითომ-ვითომ ხდება და მხოლოდ რეპეტიციაა, — აი, როდესაც ყველაფერი სხვა, უფრო სწორი კუთხით შემოტრიალდება, აი, მაშინ წარვდგებით სრული პროგრამით, და ყველასთვის საბოლოოდ გასაგები გახდება, ვინ იყო მთელი ეს წლები უფრო ახლოს ჭეშმარიტებასთან, და სამყაროში აღარავინ დარჩება ჩვენ მიმართ გულგრილი, მხოლოდ მომხრეების არმია და მოძულეების ხროვა გვეყოლება. მაგრამ ყველაფერი ყოველ ჯერზე რაღაც სხვა და არასწორი კუთხით გვიბრუნდებოდა. ეს იგივეა, რომ ატრიალო ყველა მხრიდან შავი „რუბიკის კუბი“ — კვადრატების მდგომარეობა იცვლება, შედეგი კი უცვლელია.
სასწრაფოდ უნდა მივყო ხელი პოლიტიკურ პიარს უახლოეს არჩევნებზე, სულერთია — რომელი პარტიისთვის ვიზამ ამას („რაც უფრო ცუდი, მით უკეთესი!“), სანამ ჯერ კიდევ რაღაც აზრი შემრჩენია. მე ხომ ამდენი ვიცი, და თუ არის ასეთი კარგად ანაზღაურებადი სამუშაო — კვებო ადამიანები მათივე ქაქით — ჩემზე უკეთესი ვინ შეასრულებს? როცა რევოლუციურ ლიდერს ბრძოლაზე გული უცრუვდება, ის მანიპულაციური სპექტაკლის ცინიკური გენია ხდება!
38 წლის ვარ და ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ოცი წლისთავისთვის ვწერ მემუარებს. დიდხანს ვფიქრობდი სათაურზე, გადავწყვიტე, რომ რაც უფრო პოპულარული ჟღერადობა ექნება, მით უკეთესი: „ჩვენ ვიბრძოდით ალისფერი დროშის ქვეშ!“ გამომცემელი, მართალია, ჯერ ვერ ვიპოვე — ყველა დამფრთხალია და უარს ამბობს. უკიდურეს შემთხვევაში, ინტერნეტში დავდებ უფასოდ. როგორც ყველა ნამდვილი მემარცხენე, საავტორო უფლებების წინააღმდეგი ვარ. ხშირად ვხვდები ხოლმე საავადმყოფოში ამა თუ იმ მიზეზით. ექიმები ამბობენ, რომ დაუდევრად ვიკვებებოდი, არ ვმეგობრობდი სპორტთან და დიდ დროს ვატარებდი კომპიუტერთან. აზრი არა აქვს იმის ახსნას, რომ მთელი ჩემი ჯანმრთელობა ადამიანთა გათავისუფლების საქმეს შევწირე, ღმერთმა ნუ ქნას და, მკითხონ, როგორც პოლიტიკურად ბეცებმა: სად არის ეგ შენი გათავისუფლებაო? ნაცნობ ჟურნალისტ ქალებს ვანიშნებ, რომ ყველა ორგანო ხელკეტით მაქვს დაბეგვილი და საპყრობილეებში დამზრალი. მგონი, სჯერათ, კაფეშიც ზოგჯერ ჩემ მაგივრად იხდიან, ამბობენ, რომ რევოლუციას სწირავენ. მაგრამ ჩემ შესახებ მაინც არ წერენ და ვიღაცები კიდევ იტყვიან, დღეს ცენზურა არ არსებობსო. ცენზურა ახლა იმაზე უფრო ტოტალურია, ვიდრე სტალინის დროს იყო! მთელი სამყარო ფაშიზმია, და ეს პლანეტაც ფაშისტურია, და მაშინაც კი, როცა ჰყიდი შენს მეამბოხე სულს და ფულისათვის რომელიღაც ოპორტუნისტული პარტიის დეპუტატისთვის ეწევი აგიტაციას, ამისთვის მაინც დამამცირებლად ცოტას იხდიან, უბრალოდ ვერ ხვდებიან, ვინ მოისყიდეს, რამხელა მასშტაბის პიროვნება, თორემ უფრო მეტს გადაიხდიდნენ. აგიტაციას, ცხადია, ინტერნეტში ვეწევი ფსევდონიმით. მერე რა, იცით ლენინს რამდენი ფსევდონიმი ჰქონდა? ის, სხვათა შორის (დეპუტატი, რა თქმა უნდა, და არა — ლენინი), მილიციის გენერალია, და ასეთი ლოზუნგი მოვუფიქრე: „ჩვენ ვებრძვით რუსულ ბოროტმოქმედებას!“. გამგები გაიგებს, რომ „ჩვენში“ ვგულისხმობ ყველა მშრომელს, ხოლო „ბოროტმოქმედებაში“ — მთელ კაპიტალისტურ სისტემას. ასე ვირტუოზულად დავშიფრე რევოლუციური ლოზუნგი ოფიციალური პროპაგანდის სივრცეში!
ჩემმა პიარ-მარკეტოლოგმა ნაცნობმა პამპერსებისთვის სარეკლამო ტექსტების წერა შემომთავაზა, იქ თავისი ხალხი ჰყავს. დავთანხმდი, ეშმაკს თვალი არ უჩანს, პამპერსებში უფრო მეტს იხდიან: ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რადიკალი მოაზროვნისთვის, პამპერსია თუ ოპორტუნისტი პოლიტიკოსი? მაგრამ აქაც ცენზურა ჩაერია და ჩემი ლოზუნგი „ჩვენ ვიბრძვით ქათქათა პამპერსებში!“ დაიწუნეს. როგორც ჩანს, მიხვდნენ, ვინცა ვარ, და ალბათ, გადაწყვიტეს, რომ პროვოკაციას ვამზადებ, რომ შემდეგ მთელი სიმართლე მოვყვე და მათი გამანადგურებელი დისკრედიტაცია მოვახდინო, მოკლედ, ავაფეთქო შიგნიდან მთელი სარეკლამო პამპერს-სისტემა. სხვათაშორის, უპრიანი იქნებოდა, ასეც მოვქცეულიყავი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჰონორარს გადამიხდიდნენ. სამწუხაროდ, მათზე ვერაფრის გარკვევა ვერ მოვასწარი. უნივერსიტეტიდან დათხოვნასაც მიპირებდნენ იმ საბაბით, რომ 8 წელია სიტყვა სიტყვით ერთსა და იმავეს ვიმეორებ, თითქოს ამით სიტყვებს შინაარსი აკლდებოდეს… პირიქით, დასტურდება მათი სიმართლე! მაგრამ გათავისუფლების შეეშინდათ, რადგან სტრასბურგის სასამართლოთი დავემუქრე, სადაც უყვართ შეხედულებების გამო დევნილები. თუ გსურს, დააშინო წვრილი ბურჟუაზიის მსახურები, ტრანსნაციონალური ბურჟუაზიის მსახურებით უნდა დაემუქრო. იმდენად დაფრთხნენ, რომ ფსიქიატრის გამოძახებასაც დამპირდნენ, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რომ სადამსჯელო ფსიქიატრიის დრო დიდი ხანია წასულია.
ორგანიზაციაში იშვიათად თუ შევივლი — 1-ელ მაისსა და 7 ნოემბერს. თუ იქ შემოეხეტა ვინმე თვალებანთებული ყმაწვილი (გოგონებს ვერ ვიხსენებ), დიდი ხნით გამოვიჭერ ხოლმე და ვუამბობ, რა მაგარია ბრძოლა, როგორ ვიბრძოდით ალისფერი დროშის ქვეშ და რა სამომავლო პერსპექტივები გვაქვს. და მხოლოდ ჩვენ და არა ვიღაც სექტანტებს, რომლებსაც თავხედობა ჰყოფნით ამტკიცონ, რომ ეს ჩვენ გამოვეთიშეთ მათ და არა — პირიქით. სიმართლე გითხრათ, ეს შურისძიებაა ამ ახალგაზრდა ადამიანებზე, უფრო სწორად, არა მათზე, არამედ ჩემს უპონტო ბედისწერაზე, უფრო ზუსტად კი, ბედისწერაზე კი არა, მთელ ჩლუნგ კაცობრიობაზე, ზუსტად არ ვიცი, ვისზე, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ძალიან მინდა, ვინმემ, ასე ოცი წლის შემდეგ, თავი ისევე საზიზღრად და უღიმღამოდ იგრძნოს, როგორც მე ვგრძნობ ახლა.
რუსულიდან თარგმნა ნორიკ ბადოიანმა
თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: Цветков А. Поп-марксизм. М. Свободное марксистское издательство, 2011. (ელექრონული ვერსია)
