ჰერბერტ მარკუზე — რევოლუციის ცნების გადასინჯვა

ჰერბერტ მარკუზე (1898-1978) — XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული და სახელოვანი ნეომარქსისტი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, „კრიტიკული თეორიის“ მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

1916 წელს მარკუზე, როცა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლობდა, არმიაში გაიწვიეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში მხოლოდ ბერლინის საჯინიბოებში მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში იწყება მისი პოლიტიკითა და მარქსიზმით დაინტერესება. იგი უერთდება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგებს, ხდება ჯარისკაცთა საბჭოს წევრი და 1918 წელს მონაწილეობას იღებს „სპარტაკისტების“ აჯანყებაში, რომელიც გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო, ხოლო „სპარტაკის კავშირის“ ლიდერები, როზა ლუქსემბურგი და კარლ ლიბკნეხტი ხელისუფლების მეთაურთა ბრძანებით ჯარისკაცებმა მუხანათურად მოკლეს. ამ ფაქტის გამო მარკუზემ შეწყვიტა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობა. 1919 წელს მან სწავლა დაიწყო ბერლინის უნივერსიტეტში. 1920 წლიდან განათლების მიღება ფრაიბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც მისი მეცნიერული ინტერესის ძირითად საგანს, ფილოსოფიასა და ეკონომიკასთან ერთად, გერმანული ლიტერატურა წარმოადგენდა. 1922 წელს გერმანულ სახელოვნებო რომანზე (Künstlerroman) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ამის შემდეგ მარკუზე ბერლინში, ანტიკვარული წიგნების მაღაზიაში მუშაობდა. 1927 წელს, მარტინ ჰაიდეგერის „ყოფიერება და დროის“ გაცნობის შემდეგ, იგი კვლავ ფრაიბურგში ბრუნდება, სადაც სწავლობს ფილოსოფიას ე. ჰუსერლთან და ჰაიდეგერთან, რომლის ხელმძღვანელობითაც 1932 წელს დაიცვა დისერტაცია „ჰეგელის ონტოლოგია და ისტორიულობის თეორია“. მარკუზემ მალევე გაწყვიტა ურთიერთობა ჰაიდეგერთან, ამ უკანასკნელის მხრიდან ნაციონალ-სოციალიზმის მიმართ სიმპათიების გამო (1933 წლიდან ჰაიდეგერი ღიად თანამშრომლობს ნაცისტურ მთავრობასთან). 1933 წელს, ნაციონალ-სოციალისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, მარკუზე ფრანკფურტის სოციალური კვლევების ინსტიტუტს (ე.წ. „ფრანკფურტის სკოლა“) შეუერთდა, თუმცა საჩქაროდ მოუხდა გერმანიის დატოვება: იგი ჯერ ჟენევაში, ხოლო შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სწორედ ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში გამოქვეყნდა მისი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ნაშრომები, რომელთა შორის აღნიშვნის ღირსია „გონება და რევოლუცია“ (1941), „ეროსი და ცივილიზაცია“ (1954), „ერთგანზომილებიანი ადამიანი“ (1964), „ესე გათავისუფლებაზე“ (1969), „კონტრრევოლუცია და ჯანყი“ (1972), „ესთეტიკური განზომილება: მარქსისტული ესთეტიკის კრიტიკისათვის“( 1977). მარკუზეს ნააზრევმა დიდი გავლენა იქონია 60-იანი წლების ახალგაზრდულ მოძრაობებზე და ის ე.წ. „1968 წლის მაისის“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად მიიჩნევა.

წინამდებარე ტექსტი, „რევოლუციის ცნების გადასინჯვა“ ცდილობს გასული საუკუნის 60-იანი წლების სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციების შუქზე მარქსისტული თეორიის ერთ-ერთი საკვანძო საკითხის, რევოლუციის კონცეფციის კრიტიკულ გადააზრებას და ახალი პირობებისთვის მის ადაპტირებას. 

მარქსის მოღვაწეობის პერიოდიდან მოყოლებული კაპიტალიზმის გლობალურმა სისტემამ ფუნდამენტური სახეცვლილებები განიცადა. შესაბამისად, რევოლუციის მარქსისტული კონცეფციის ჩარჩო — თავად მარქსიზმისა და დიალექტიკური მატერიალიზმის შინაგანი ლოგიკით — ექსტრაპოლაციას, გაფართოებას და მასში იმ ელემენტების შემოყვანას საჭიროებს, რომლებიც ისტორიული განვითარების ახალ საფეხურზე ჩნდება და რომლებიც არ არსებობდა იმ დროს, როდესაც მარქსისტული თეორია ყალიბდებოდა.

მარკუზე მიიჩნევს, რომ რევოლუციის კლასიკური მარქსისტული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც სოციალისტური რევოლუცია დაიწყება ინდუსტრიულად განვითარებულ სახელმწიფოებში და მისი მთავარი მამოძრავებელი სოციალური ძალა იქნება პროლეტარიატი, რომელმაც რევოლუციის შედეგად უნდა დაამყაროს თავისი კლასობრივი დიქტატურა, როგორც გარდამავალი საფეხური უკლასო საზოგადოებისკენ მიმავალ გზაზე, უკვე აღარ შეესაბამება ისტორიის კონკრეტულ ეტაპს. რევოლუციის პერსპექტივების შეცვლა თავის დროზე დაინახეს ბოლშევიკებმა (და, პირველ რიგში, ლენინმა, თავისი „იმპერიალიზმის სუსტი რგოლის“ თეორიით), თუმცა ისინი, ამოდიოდნენ რა მსოფლიო რევოლუციის პერსპექტივიდან, თვლინდნენ, რომ რევოლუციები ეკონომიკურად ჩამორჩენილ, უპირატესად აგრარულ ქვეყნებში, ისეთში, როგორიც იყო რუსეთი, მხოლოდ სიგნალია განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების რევოლუციებისა, რომელთა გარეშეც ცალკეულ პერიფერიულ ქვეყნებში სოციალისტური ძალების მიერ მოპოვებული გამარჯვება მხოლოდ დროებითი იქნება. მაგრამ მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებში სოციალური რევოლუცია არ განხორციელდა იმ ტენდენციების არსებობის გამო, რომელთაც კაპიტალისტური სისტემის იმპერიალისტური ხასიათი განაპირობებდა. კოლონიების ძარცვისა და ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ზემოგეგებით დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მმართველი კლასები ახორციელებდნენ სოციალისტური პარტიებისა და ამ ქვეყნების მშრომელი კლასების ფართო ფენების „ათასგვარი პირდაპირი თუ არადაპირდაპირი, აშკარა თუ ფარული საშუალებით“ მოსყიდვას (ლენინი, „იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია“), უზრუნველყოფდნენ მათთვის ცხოვრების მეტ-ნაკლებად მაღალ დონეს, რითიც ახშობდნენ ამ კლასების რევოლუციურ პოტენციალს (ამ მოვლენას ინგლისის მუშათა კლასის მაგალითზე ჯერ კიდევ მარქსი და ენგელსიც უსვამდნენ ხაზს). ეს ტენდენცია შემდგომ ათწლეულებშიც შენარჩუნდა და გაძლიერდა, რასაც თან ერთვოდა პროლეტარული რევოლუციების გავლენითა და შიშით დასავლეთის ქვეყნებში სოციალური სახელმწიფოს ფორმირება, იმპერიალისტური სახელმწიფოების მხრიდან მრავალი დათმობები დაბალი ფენების წინაშე. და თუკი XX ს.-ის პირველ ათწლეულებში საუბარი იყო მუშათა კლასის გარკვეული (თუნდაც მნიშვნელოვანი) ნაწილის გადაქცევაზე მუშათა არისტოკრატიად, კაპიტალის აგენტად, იმ პერიოდში, როცა მარკუზე წერდა, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოებში ამ მოვლენამ ლამის ტოტალური ხასიათი მიიღო და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეკონომიკურად, და არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ — სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, მასობრივი კულტურისა და ინდოქტრინაციის საშულებების ყოვლისმომცველობის პირობებში — კულტურულადაც, ღირებულებების თვალსაზრისითაც, მარკუზეს ტერმინოლოგიით, სისტემაში ინტეგრირებული აღმოჩნდა. შესაბამისად, იმ კლასებმა, რომლებიც მარქსისტულ ტრადიციაში სოციალური რევოლუციის აგენტებად მიიჩნეოდნენ (პირველ რიგში, პროლეტარიატმა), მოწინავე ინდუსტრიულ საზოგადოებებში დაკარგეს თავიანთი რევოლუციური ხასიათი.

ამაზე დაყრდნობით მარკუზე ასკვნის, რომ რევოლუციის ცენტრებმა „მესამე სამყაროში“ გადანაიცვლა და სოციალური რევოლუციის ინიციატივა ამ ქვეყნებში მებრძოლმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა, ანტიიმპერიალისტურმა ძალებმა და იმ კლასებმა და ფენებმა (მათ შორის ინდუსტრიულმა მუშათა კლასმა) გადაიბარეს, რომლებიც თავის თავში შეიცავენ კაპიტალიზმის რადიკალური უარყოფის პოტენციალს.

თუმცა, სამოციანი წლების საზოგადოებრივი აღმავლობით შთაგონებული, მარკუზე განვითარებული კაპიტალიზმის ქვეყნებშიც ხედავს გარკვეულ წანამძღვრებს რევოლუციური პროცესის დაწყებისთვის და ამ ქვეყნების იმპერიალიზმის სუსტ რგოლად გადაქცევისთვის. ის ასახელებს იმ სოციალურ ძალებს, რომლებიც მოწინავე ინდუსტრიული სახელმწიფოების შიგნით რევოლუციის სუბიექტის როლს შეასრულებდნენ. ესენი არიან გაბატონებული წესრიგის მიერ მარგინალიზებული ჯუფები: „აუტსაიდერები“, ინტელექტუალები და სტუდენტები. ამასთან მარკუზე არ კარგავს იმედს, რომ დასავლეთის მუშათა კლასიც დააღწევს თავს რეფორმისტული და კონფორმისტული პოლიტიკური ძალების (სოციალისტური და კომუნისტური პარტიები, პროფკავშირები) გავლენას, ჩამოიგლეჯს თავისი ინტეგრირებულობის ბორკილებს და რევოლუციურ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მარკუზეს მოლოდინები მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა: მღელვარე სამოციანი წლების მასობრივმა გამოსვლებმა, სტუდენტების, ინტელექტუალების და დაქირავებული მუშების ბრძოლამ მეტროპოლიის ქვეყნებში ვერავითარ თვისებრივ ცვლილებებს ვერ მიაღწია და კაპიტალიზმი ამ ბრძოლიდან განახლებული და კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული გამოვიდა.

რამდენადაც გლობალური კაპიტალიზმის სისტემა დღესაც ისე, როგორც არასდროს, ინარჩუნებს თავის იმპერიალისტურ ხასიათს და დამყარებულია მეტროპოლია-პერიფერიის ურთიერთობაზე, სადაც ცენტრის სახელმწიფოების მმართველი კლასები ექსპლუატირებენ დანარჩენი მსოფლიოს ბუნებრივ რესურსებსა და სამუშაო ძალას და აქედან მიღებული ზემოგებების ხარჯზე უზრუნველყოფენ თავიანთი ქვეყნების მოსახლეობის ფართო ფენების ცხოვრების მაღალ სტანდარტებსა და კომფორტის დონეს, მარკუზეს ტექსტის ძირითადი დებულებები (იმათ გარდა, რომლებიც ისტორიულმა გამოცდილებამ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე უკუაგდო) კვლავაც ინარჩუნებენ თავიანთ აქტუალობასა და მნიშვნელობას. და მიუხედავად იმისა, რომ ანტიიმპერიალისტური და ანტიკაპიტალისტური ბრძოლა „მესამე სამყაროში“ ბოლო დროს ერთგვარ  დეკადანსს განიცდის, რევოლუციური აღმავლობის დაწყებას სწორედ ამ რეგიონებში უნდა ველოდოთ. ამ ბრძოლის წარმატებასა და მიმართულებაზეა დამოკიდებული ცენტრის სახელმწიფოებში ანტიკაპიტალისტური ბრძოლის პერსპექტივები.

 

რედაქცია


 

რევოლუციის ცნების გადასინჯვა[1]

 

მარქსისტულ თეორიაში რევოლუციის ცნება იტევს მთელ ისტორიულ პერიოდს: კაპიტალიზმის ბოლო ფაზას, პროლეტარიატის დიქტატურის გარდამავალ პერიოდსა  და სოციალიზმის საწყის სტადიას. ეს არის, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, ისტორიული ცნება, რომელიც ირეკლავს საზოგადოებაში არსებულ ტენდენციებს; და, ამავდროულად, ეს არის დიალექტიკური ცნება, რომელიც შესაბამისი ისტორიული პერიოდის თანმდევ კონტრტენდენციებს ასახავს. ეს ტენდენციები და კონტრტენდენციები არის ის გამოვლინებები, რომელთა ძირითად ელემენტებსაც წარმოადგენს თავად მარქსისტული თეორია და პრაქტიკა. მარქსისტული თეორია თავისთავად წარმოადგენს ძალას ისტორიულ ბრძოლაში და იმდენად, რამდენადაც მისი ცნებები, „გადათარგმნილნი“ პრაქტიკის ენაზე, წინააღმდეგობის, ცვლილებისა და რეკონსტრუქციის ძალებად იქცევიან, ისინი განიცდიან კიდეც იმ ბრძოლის ცვალებადობათა ზეგავლენას, რომელსაც ასახავენ, მაგრამ არ განაგებენ. ამრიგად, „გადასინჯვა“ რევოლუციის ცნების ელემენტი, მისი შინაგანი განვითარების ნაწილია.

ამ წერილში[2]  მხოლოდ ის ზოგიერთი პრობლემაა წამოჭრილი, რომლებიც ახლავს თან ამგვარ გადასინჯვას. დავიწყებ მარქსისტული კონცეპტების მოკლე რეზიუმირებით. რევოლუცია:

  • არის სოციალისტური რევოლუცია, კაპიტალისტური სისტემის დამხობა, კოლექტიური საკუთრების დაწესება წარმოების საშუალებებზე და მათი მართვა „უშუალო მწარმოებლების“ მიერ;
  • იწყება განვითარებულ ინდუსტრიულ საზოგადოებებში (რამეთუ შინაგანი წინააღმდეგობები კაპიტალიზმის ამ საფეხურზე უდიდეს მასშტაბებს აღწევს და ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ განხორციელდეს სოციალისტური პრინციპი „თითოეულს — მოთხოვნილების მიხედვით“); პირველი ფაზის ხანგრძლივობის შემოკლება უაღრესად მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულება უვადოდ შენარჩუნდება;
  • ხდება ეკონომიკური კრიზისისას, რომელიც ასუსტებს დამკვიდრებულ სახელმწიფო აპარატს.
  • ხორციელდება მუშათა კლასის ფართომასშტაბიანი (ორგანიზებული) მასობრივი მოქმედებებით, რომელთაც პროლეტარიატის დიქტატურის, როგორც გარდამავალი საფეხურის, დამყარებამდე მივყავართ.

რევოლუციის ცნება შემდეგ დემოკრატიულ წინამძღვრებს ეფუძნება:

ა. რევოლუცია უმრავლესობის საქმეა; და

ბ. დემოკრატია უზრუნველყოფს ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ორგანიზებისა და კლასობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის.

ეს წანამძღვრები ხაზს უსვამენ „სუბიექტური ფაქტორის“ მნიშვნელობას: ექსპლუატაციის ფაქტის გაცნობიერება და მასთან გამკლავების გზების ცოდნა, აუტანელ პირობებში ყოფნის გამოცდილება და ცვლილების სასიცოცხლო საჭიროება რევოლუციის წინაპირობებია.

მაგრამ რევოლუციის მარქსისტული ცნება აგრეთვე გულისხმობს ცვლილებათა უწყვეტობას: კაპიტალიზმის მიერ შებოჭილი საწარმოო ძალების განვითარებას, ტექნოლოგიისა და ტექნიკური აპარატის დაუფლებას ახალი მწარმოებლების მიერ.

ამ გადასინჯვაში მნიშვნელოვანია არამხოლოდ გამოვლენა და აღრიცხვა იმ  ზემომოყვანილი წინაპირობებისა, რომლებიც რეალურმა განვითარებამ სინამდვილესთან შეუსაბამოდ აქცია, არამედ რევოლუციის კონცეფციაც მთლიანობაში, რამეთუ მისი ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია. ეს მოიაზრებს კაპიტალიზმისა და სოციალიზმის სტრუქტურული ურთიერთმიმართების მარქსისტული გაგების გადახედვას შემდეგ ასპექტებში:

  • „გადასვლის“ პრობლემა: სოციალიზმი კაპიტალიზმთან თანაარსებობაში თუ სოციალიზმი კაპიტალიზმის მონაცვლედ (მემკვიდრედ)?
  • სოციალიზმის „ხელახალი განსაზღვრება“, გლობალური განვითარების ახალი ისტორიული საფეხურის შესაბამისად: სახელდობრ, რაში მდგომარეობს სოციალისტური წყობილების, როგორც კაპიტალიზმის სრული უარყოფის, თვისებრივი განსხვავება?

ამ გადასინჯვის საზღვრებს ადგენს თავად მარქსისტული თეორია, ანუ სოციალური სინამდვილის ანალიზისას მისი ცნებების დიალექტიკური მნიშვნელობის გაშლის აუცილებლობა. რამდენადაც კორპორატიული კაპიტალიზმი განსხვავდება კაპიტალიზმის იმ წინამორბედი სტადიებისაგან, რომელთა პირობებშიც ყალიბდებოდა [რევოლუციის] მარქსისტული ცნება და რამდენადაც კაპიტალიზმის განვითარებამ “მიმართულება შეუცვალა“ სოციალიზმის[3] განვითარებას, და პირიქით, იმდენადვე „იქნება ახალი“ რევოლუციის ცნებაც.

და ისევე, როგორც კაპიტალიზმისა და სოციალიზმის მიერ მიღწეული განვითარების ეს სტადია არის შედეგი იმ ეკონომიკური და პოლიტიკური ძალების ზემოქმედებისა, რომლებმაც განსაზღვრეს წინამორბედი სტადიები, რევოლუციის ახალი ცნებაც იქნება ძველის შინაგანი განვითარება.

 

შემდეგ ქვეთავებში ჩამოყალიბებულია რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპი ახალი კონცეფციის შემუშავებისთვის.

 

გლობალური კონტექსტი

 

ალბათ, გადასინჯვის ყველაზე ზოგადი ასპექტი არის ცვლილება თეორიულ ჩარჩოში, რომელიც ასახავს პოტენციური რევოლუციის სოციალური ბაზისის ცვლილებასა და გაფართოებას, ისევე როგორც ცვლილებებს რევოლუციის შეფერხებისა და ჩახშობის შესაძლებლობებში.

ამ თეორიულმა ჩარჩომ და რევოლუციური მოქმედებების თეორიულმა დაფუძნებამ გლობალური მასშტაბი შეიძინა: ყველა ცნება, მოქმედება, სტრატეგია უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ როგორც საერთაშორისო ვითარების ელემენტი, ამ ვითარებაში არსებული შანსი და არჩევანი. და სწორედ ისე, როგორც ვიეტნამი არის კორპორატიული კაპიტალიზმის სისტემის შემადგენელი ნაწილი, ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობებიც პოტენციური სოციალისტური რევოლუციის განუყოფელი ნაწილია. და „მესამე სამყაროს“ ქვეყნების განმათავისუფლებელი მოძრაობების რევოლუციური სიძლიერე კაპიტალისტური მეტროპოლიების შინაგან დასუსტებაზეა დამოკიდებული.

ამის საპასუხოდ, შეიძლება, თქვან, რომ მარქსისტული თეორია ყოველთვის „ინტერნაციონალური“ იყო, მათ შორის ორგანიზაციულ დონეზე. მართალია. მაგრამ ეს „ინტერნაციონალიზმი“ ორიენტირებული იყო სამრეწველო მუშათა კლასზე, როგორც ინდუსტრიული კაპიტალიზმის შიგნით არსებულ რევოლუციურ ძალაზე, ხოლო დღესდღეობით პროლეტარიატი არ წარმოადგენს ასეთ ძალას. მართალია ისიც, რომ მარქსისტული თეორია არასდროს ტოვებდა ყურადღების მიღმა კოლონიური და ჩამორჩენილი რეგიონების ხალხებს, თუმცა მათ, უმეტესად, რევოლუციური სუბიექტის დამხმარე, მოკავშირე ძალის, „რეზერვუარის“ (ლენინის ტერმინი) როლი ენიჭებოდათ. მესამე სამყარომ სრულ თეორიულ და სტრატეგიულ აღიარებას მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწია, მაგრამ ქანქარა მაშინვე საპირისპირო მხარეს გადაიხარა. დღეს ძლიერ გავრცელებულია ორი, თითქოსდა, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია. ერთი ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას მთავარ — თუ არა ერთადერთ  — რევოლუციურ ძალად განიხილავს, ხოლო მეორე ამ მოძრაობებს იმგვარ თეორიულ და ორგანიზაციულ სქემებს ახვევს თავს, რომლებიც შემუშავებულია მოტროპოლიისთვის და მორგებულია მეტროპოლიებში [ბრძოლის] სტრატეგიაზე (მაგალითად, ქალაქის წამყვანი როლი; ცენტრალიზებული პარტიული კონტროლი; ეროვნულ ბურჟუაზიასთან ალიანსი, კოალიციები).

სინამდვილეში, გლობალური ვითარება ეწინააღმდეგება „მესამე სამყაროდ“ და დანარჩენებად მექანისტურ დაყოფას. უფრო ზუსტად, ჩვენ წინაშეა ისტორიული სუბიექტების დაყოფა სამ ჯგუფად და სამივე ჯგუფს ვხვდებით პირველ, მეორე და მესამე სამყაროებში.   კაპიტალიზმისა და სოციალიზმის შეჯიბრი თავად „მესამე სამყაროსაც“ ხლეჩს და იქ ჩნდება ახალი ისტორიული ძალა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს (და „ახალი მემარცხენეები“ უწოდებენ კიდეც ასე) ალტერნატივა, როგორც კაპიტალისტური, ისე არსებული სოციალისტური საზოგადოებებისა, სახელდობრ, ბრძოლა სოციალიზმის განსხვავებული გზებით აშენებისთვის, კერძოდ „ქვემოდან“, ქვემოდან წამოსულ იმ „ახალ“ სოციალურ ძალაზე დაყრდნობით, რომელიც არ არის ინტეგრირებული ძველი საზოგადოებების ღირებულებათა სისტემაში. ეს ალტერნატივა თანამშრომლობასა და სოლიდარობაზედაფუძნებული სოციალიზმია, იმგვარი საზოგადოებრივი წესრიგი, რომელშიც ქალები და კაცები კოლექტიურად განსაზღვრავენ თავიანთ მისწრაფებებსა და საჭიროებებს, თავიანთ პრიორიტეტებს, „მოდერნიზაციის“ მეთოდსა და ტემპს.

 

მეტროპოლიებში არსებული ოპოზიცია

 

და ამ პოტენციურმა ალტერნატივამ (შესაძლებლობამ უსასრულობამდე გახანგრძლივებული „პირველი ფაზის“ თავიდან არიდებისა, შესაძლებლობამ ჩაგვრისა და ბატონობის კონტინუუმის გარღვევისა) განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში (დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც) და, განსაკუთრებით, კაპიტალისტური იმპერიის ცენტრში გააღვივა და გააძლიერა რადიკალური ოპოზიცია, რომელიც, სავსებით შესაძლებელია, გახდეს ცვლილებების კატალიზატორი. რევოლუციის მარქსისტული კონცეფცია ახალ შინაარს იძენს მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებში და, მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები თითქოსდა საპირისპიროს ამტკიცებს, რევოლუციის (როგორც მსოფლიო რევოლუციის) ბედი, შესაძლოა, მეტროპოლიაში გადაწყდეს. განმათავისუფლებელი მოძრაობები მხოლოდ იმ შემთხვევაში გარდაიქმნებიან გლობალურ რევოლუციურ ძალად, თუ ჯაჭვის ყველაზე ძლიერი რგოლი ყველაზე სუსტ რგოლად გადაიქცევა.

კორპორატიული კაპიტალიზმის ცენტრში არსებული ოპოზიცია საზოგადოების ორ საპირისპირო პოლუსზეა კონცენტრირებული: გეტოს მოსახლეობასა (რომელიც, თავის მხრივ, არაჰომოგენურია) და საშუალო კლასის ინტელიგენციაში, განსაკუთრებით, სტუდენტებში.

ამ განსხვავებულ და, ხშირად, ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებს აერთიანებს უარყოფისა და ამბოხის ტოტალური ხასიათი:

  • ბატონობისა და ექსპლუატაციის განუწყვეტლობასთან კავშირის გაწყვეტის დაჟინებული მოთხოვნა, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი სახელით; დაჟინებული მოთხოვნა არა მხოლოდ ახალი ინსტიტუციებისა, არამედ თვითგამორკვევისაც.
  • უნდობლობა ყველა იდეოლოგიის მიმართ, მათ შორის იდეოლოგიად გარდაქმნილი სოციალიზმისა.
  • უარყოფა ფსევდოდემოკრატიული პროცესისა, რომელიც ინარჩუნებს კორპორატიული კაპიტალიზმის ბატონობას.

თვით ეს ოპოზიციის „არაორთოდოქსული“ ხასიათი კორპორატიული კაპიტალიზმის სტრუქტურას გამოხატავს (კერძოდ, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სისტემაში „ინტეგრაციას“). ამ ორ ზემოხსენებულ ოპოზიციურ ჯგუფთაგან არც ერთი არ წარმოადგენს წარმოების საზოგადოებრივი პროცესის „ადამიანურ ბაზისს“, რაც მარქსის თანახმად, რევოლუციის ისტორიულ სუბიექტად ყოფნის აუცილებელი პირობაა.

ეს ჯგუფები არ შეადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას.

ისინი მტრულ დამოკიდებულებასა და სიძულვილს აწყდებიან ორგანიზებული მუშათა კლასის მხრიდან (რომელიც ჯერ კიდევ კაპიტალისტური წარმოების ადამიანურ ბაზისსა და ზედმეტი ღირებულების წყაროს, მაშასადამე, შესაძლო რევოლუციის პოტენციურ სუბიექტს წარმოადგენს); ისინი ფაქტობრივად არ არიან ორგანიზებულნი, არც ნაციონალურ და არც საერთაშორისო დონეზე.

 

მუშათა კლასი და რევოლუცია

 

ეს ოპოზიცია, ცალკე აღებული, ვერ ჩაითვლება რადიკალური ცვლილებების მთავარ მამოძრავებელ ძალად; ასეთად ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიქცევა, თუკი მას ზურგს გაუმაგრებს მუშათა კლასი, გათავისუფლებული სისტემაში თავისი ინტეგრაციისა და იმ ბიუროკრატიული პროფესიული კავშირებისა და პარტიული აპარატების ტყვეობისაგან, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ინტეგრაციას. თუ ალიანსი ახალ ოპოზიციასა და მუშათა კლასს შორის არ შედგება, ეს უკანასკნელი, ნაწილობრივ მაინც, ნეოფაშისტური რეჟიმის მასობრივი დასაყრდენი გახდება.

დასკვნა: რევოლუციის მარქსისტული ცნება, რომლის თანახმადაც რევოლუცია ექსპლუატირებული მასების მიერ ხორციელდება და თავის კულმინაციას აღწევს „ძალაუფლების დაპყრობასა“ და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებაში, საიდანაც იწყება გასაზოგადოებრივება, ისტორიულმა განვითარებამ უკან ჩამოიტოვა: ის შეესაბამება კაპიტალისტური წარმოებისა და ორგანიზების უკვე განვლილ სტადიას, მაგრამ აღარ ასახავს კაპიტალისტური წარმოების ახლანდელ, უფრო მაღალ საფეხურს, რომელიც მოიცავს განადგურების საშუალებათა წარმოებასა და ძალაუფლების მქონეთა ხელში დესტრუქციისა და ინდოქტრინაციის ინსტრუმენტების შემზარავ კონცენტრირებას.

და ეს ზონები და ძალები არ იმყოფებიან კაპიტალისტური სისტემის მიღმა. ისინი ექსპლუატაციის გლობალური სივრცის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ; ისინი არიან ის ზონები და ძალები, რომელთაც სისტემა ვერ დართავს წასვლისა და სხვა ორბიტაზე (სოცილისტურსა თუ კომუნისტურზე[5]) გადასვლის ნებას, რადგან იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს გადარჩენას, თუ მისი ექსპანსია არ დაიბლოკება სხვა რომელიმე მასზე აღმატებული ძალის მიერ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები გლობალური კაპიტალიზმის სისტემის შინაგან წინააღმდეგობებს გამოხატავენ.

მაგრამ სწორედ ამ ურთიერთმიმართების გამო, რომელიც არსებობს მეტროპოლიებს საზღვრებს მიღმა რევოლუციებსა და თავად მეტროპოლიებს შორის, ნარჩუნდება საბედისწერო კავშირი განმათავისუფლებელი მოძრაობებისა და მეტროპოლიებში რადიკალური ცვილებების პერსპექტივებს შორის. „უარმყოფელი“ ძალები მეტროპოლიებს მიღმა უნდა „სინქრონიზირდნენ“ მეტროპოლიებში არსებულ ამგვარ ძალებთან, მაგრამ ეს სინქრონიზება ვერასდროს იქნება მარტოოდენ ორგანიზების შედეგი, მას უნდა გააჩნდეს ობიექტური საფუძველი კორპორატიული კაპიტალიზმის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში. ეს ობიექტური ფაქტორები თავს იჩენენ კორპორატიული ეკონომიკის გადატვირთულობასა და გადაქანცულობაში:

  • კონკურენციის აუცილებლობა და თანდანათობითი ავტომატიზაციის საფრთხე, ამ უკანასკნელის თანმდევი უმუშევრობით, მოითხოვს არამწარმოებლური, პარაზიტული შრომის დარგების მიერ სამუშაო ძალის აქამდე არნახული მასშტაბით შთანთქმას.
  • ნეოკოლონიური ომებისა და კორუმპირებული დიქტატურების კონტროლის ფასი სულ უფრო და უფრო იმატებს.
  • საწარმოო პროცესში ადამიანური სამუშაო ძალის მკვეთრი კლების შედეგად ეცემა მოგების ნორმა.
  • საზოგადოება ითხოვს ისეთი საჭიროებების შექმნას, რომელთა დაკმაყოფილებაც, როგორც წესი, უპირისპირდება იმ მორალსა და დისციპლინას, რომელიც აუცილებელია კაპიტალისტურ წესრიგში შრომისთვის. აუცილებლობის სამეფო დაპყრობილია სრულიად უსარგებლო საგნებით, ახალი და მდიდრული ტექნიკით, რომელიც მუდმივი სიღატაკისა და გაჭირვების გვერდით არსებობს, სიცოცხლისთვის კონკურენტულ ბრძოლაში „ფუფუნების ნივთები“ პირველადი საჭიროების საგნების მნიშვნელობას იძენენ.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, სულ უფრო აშკარა წინააღმდეგობამ უზარმაზარ საზოგადოებრივ სიმდიდრესა და მის მფლანგველურ და დესტრუქციულ გამოყენებას შორის, თავისუფლების პოტენციალსა და რეალურ რეპრესიას შორის, გაუცხოებული შრომის გადალახვის შესაძლებლობასა და მისი შენარჩუნების კაპიტალისტურ საჭიროებას შორის, სავსებით შესაძლებელია, მიგვიყვანოს საზოგადოების თანდათანობით დისფუნქციამდე, იმ მორალის დაქვეითებამდე, რომელიც ჩვეულებრივ უზრუნველყოფს სამუშაოსა და დასვენების დროს საჭირო ქცევის ნორმების ყოველდღიურ შესრულებასა და დაცვას. ამან, შესაძლოა, ხელი შეუწყოს იმის გაცნობიერებას, რომ ტექნიკური პროგრესი ბატონობის ინსტრუმენტად გამოიყენება.

საფრანგეთში მაისისა და ივნისის მოვლენებმა[6] ცხადყო, თუ რამდენად შეუძლია განვითარებულ ინდუსტრიულ საზოგადოებაში არსებულ ამ დაძაბულობებს  ხელი შეუწყოს კაპიტალისტური და პროფკავშირული ინტეგრირებულობის მარწუხებისაგან გათავისუფლებასა და მშრომელი კლასის ჯგუფებისა და მებრძოლი ინტელიგენციის ალიანსს.

რევოლუციის კონცეფციამ უნდა გაითვალისწინოს სისტემის დიფუზიის, მისი — ერთი შეხედვით “სპონტანური” — დეზინტეგრაციის, მისი ერთიანობის ზოგადი შესუსტების ეს შესაძლებლობა — გამოხატულება გაუცხოებული შრომის ყავლგასულობისა,დაჟინებული მოთხოვნისა, რომადამიანი გათავისუფლდეს წარმოების პროცესის აგენტის (და მსახურის) ფუნქციისგან; რევოლუცია შეგვიძლია განვიხილოთ როგორც  „სიუხვესა“ და „სიმდიდრეში“ მცხოვრები სისტემის კრიზისი.

 

ცვლილების აგენტები

 

ამგვარ კრიზისში გაჩნდებიან ცვლილებების ისტორიული აგენტები, რომლებიც არ იქნებიან რომელიმე ტრადიციული კლასის იდენტურნი. მაგრამ მათი „კვალიფიკაციის“ შეფასებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გავიხსენებთ რევოლუციის მარქსისტული კონცეფციის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს, კერძოდ იმას, რომ რევოლუციის ისტორიული სუბიექტი უნდა წარმოადგენდეს სისტემის “სრულ უარყოფას” იმ გაგებითაც, რომ ეს სუბიექტი არის საზოგადოებრივი კლასი, რომელიც არაა მოწამლული კაპიტალისტური საზოგადოების ადამიანის ექსპლუატატორული მოთხოვნილებებითა და ინტერესებით, რომ ის არსობრივად განსხვავებული, “ჰუმანისტური” მოთხოვნილებებისა და ღირებულებების მატარებელია.

ამგვარი გაგება გულისხმობს წყვეტას დომინაციის მუდმივობასთან, სოციალიზმის, როგორც ცხოვრების ახალი ფორმისა და წესის, თვისებრივ განსხვავებას {წინამორბედთაგან},  საწარმოო ძალების არამხოლოდ რაციონალურ განვითარებას, არამედ აგრეთვე პროგრესის გეზის შეცვლას იმ მიმართულებით, რომელიც დაასრულებს არსებობისთვის კონკურენტულ ბრძოლას, სიღატაკისა და მტანჯველი შრომის არამხოლოდ აღმოფხვრას, არამედ აგრეთვე სოციალური და ბუნებრივი გარემოს მშვიდობიან, მშვენიერ სამყაროდ გარდაქმნას — ღირებულებათა ტოტალურ გადაფასებას, მიზნებისა და საჭიროებების ტრანსფორმაციას. ეს გულისხმობს კიდევ ერთ ცვლილებას რევოლუციის კონცეფციაში: წყვეტას წარმოების ტექნიკური აპარატის მემკვიდრეობასთან, რომელიც, მარქსის მიხედვით, გადაეცემა (განწმენდილი კაპიტალისტური ბოროტად გამოყენებისაგან) სოციალისტურ საზოგადოებას.[7] ამგვარი  „ტექნოლოგიური“ თანამომდევნობა შექმნის საბედისწერო კავშირს კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის, რადგან ეს ტექნიკური აპარატი, თავისი სტრუქტურითა და მასშტაბით, დომინაციისა და კონტროლის მექანიზმად გადაიქცა. ამ კავშირის გაწყვეტა გულისხმობს არა ტექნიკურ რეგრესს, არამედ ტექნიკური აპარატის ისეთ გარდაქმნას, რომელიც თანხმობაში იქნება თავისუფალი ადამიანების მოთხოვნილებებთან, ადამიანების, რომლებიც საკუთარი ცნობიერებითა და მგრძნობელობით, საკუთარი ავტონომიურობით ხელმძღვანელობენ. ამ ავტონომიას, თავის მხრივ, დასჭირდება რაციონალური კონტროლის დეცენტრალიზებული აპარატი, ამასთან, შემცირებული მასშტაბის, — შემცირებული იმიტომ, რომ უკვე აღარ გაიბერება ესპლუატაციის, აგრესიული ექსპანსიისა და კონკურენციის საჭიროებით, და თანამშრობლობასა და სოლიდარობას დაემყარება.

მაგრამ შეესაბამება კი ეს, ერთი შეხედვით, „უტოპიური“ წარმოდგენა არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ძალებს, ძალებს, რომლებიც თვისებრივი ცვლილებების აგენტებად შეიძლება ჩაითვალონ?

მარქსისეული რევოლუციის კონცეფცია არც უტოპიურია და არც რომანტიკული, ის ხაზს უსვამს ძალაუფლების რეალურ ბაზისს, ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების მნიშვნელობას — მხოლოდ ამას ძალუძს, თვისებრივი ცვლილებების იდეა აამაღლოს იმ საფეხურიდან, რომელიც სასურველის რეალურად წარმოჩენას წარმოადგენს, — და ეს ბაზისი კვლავაც არსებობს განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში.

კაპიტალისტურ ქვეყნებში ალტერნატივისთვის მებრძოლი ძალები დღეს მხოლოდ ზემოხსენებულ “მარგინალურ” ჯგუფებში არიან თავმოყრილნი: ოპოზიცია ინტელიგენციაში, განსაკუთრებით სტუდენტებში, და მუშათა კლასის პოლიტიკურად ანგაჟირებულ და აქტიურ ჯგუფებში.

ისინიც და ესენიც უარყოფენ არამხოლოდ სისტემას მთლიანობაში, ანდა „არსებული სტრუქტურების ჩარჩოებში“ მის რაიმე სახის ტრანსფორმაციას, არამედ აგრეთვე ღიად დეკლარირებენ თვისებრივად ახალი ღირებულებებისა და მისწრაფებების სისტემისადმი თავიანთ ერთგულებას.

ამ ჯგუფების სისუსტე გამოხატულებაა ახალი ისტორიული კონფიგურაციისა, რომელიც განსაზღვრავს კიდეც რევოლუციის [ახალ] ცნებას:

  • [სისტემაში] ინტეგრირებული მოსახლეობის უმრავლესობის, მათ შორის „უშუალო მწარმოებლების“ წინააღმდეგ;
  • წარმატებით ფუნქციონირებადი, კეთილდღეობის მქონე საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც არ იმყოფება არც რევოლუციურ და არც წინარერევოლუციურ სიტუაციაში.

ამგვარ ვითარებაში ოპოზიციის როლი მხოლოდ მოსამზადებელი ხასიათისა თუ იქნება: მისი ამოცანაა რადიკალური განმანათლებლობა (თეორიასა და პრაქტიკაში), კადრების აღზრდა და წინააღმდეგობის კერების შექმნა კაპიტალიზმის გლობალურ სტრუქტურასთან საბრძოლველად.

რადგანაც სწორედ ამ გლობალურ სტრუქტურაში ვლინდება შინაგანი წინააღმდეგობრიობები: ნეოკოლონიალური ბატონობისადმი მუდმივი დაპირისპირებით;  კუბასა და ჩინეთის კულტურულ რევოლუციაში თვისებრივად განსხვავებული საზოგადოების შექმნის ახალი მძლავრი მცდელობებით, და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საბჭოთა კავშირთან მეტ-ნაკლებად “მშვიდობიანი” თანაარსებობით. აქაც აგრეთვე  ორი ანტაგონისტური ტენდენციის დინამიკაა:

  • “მქონებელ ერთა“ საერთო ინტერესები საერთაშორისო ამბოხების პირისპირ, ძალთა ბალანსის არასტაბილურობის პირობებში.
  • განსხვავებული სოციალური სისტემების ინტერესთა კონფლიქტი, რომლის დროსაც ორივე მხარე იცავს და ამაგრებს საკუთარ პოლიტიკურ და სტრატეგიულ ორბიტას[8].

 

დასკვნა

 

რევოლუციის მარქსისტული ცნება უნდა ჩასწვდეს განვითარებული კაპიტალიზმის მასშტაბსა და სოციალურ სტრუქტურაში მომხდარ ცვლილებებს და გლობალური კაპიტალიზმის ახლანდელი საფეხურისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობრიობების ახალ ფორმებს. მაშინ მარქსისტული ცნების მოდიფიკაციები მასში უცხო დამატებებისა და შესწორებების შეტანად კი აღარ გამოჩნდება, არამედ თავად მარქსის თეორიის  შემდგომ განვითარებად.

თუმცაღა, როგორც ჩანს, ერთი ასპექტი შეუთავსებელია ამ ინტერპრეტაციასთან. მარქსთან გვხვდება ერთგვარი გაზვიადება, რომელსაც შეიძლება რაციონალისტური, პოზიტივისტური ცრურწმენა ეწოდოს. ესაა მისი რწმენა „ადამიანის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე“ გარდაუვალი გადასვლისა და საბოლოოდ ამ გადასვლის წარმატებით დასრულებისა[9]. მიუხედავად იმისა, რომ მარქსი საკმაოდ კარგად აცნობიერებდა წარუმატებლობის, მარცხის ან ღალატის შესაძლებლობას, ალტერნატივა „სოციალიზმი ან ბარბაროსობა“ არ ყოფილა რევოლუციის მარქსისტული ცნების შემადგენელი ნაწილი. თუმცა კი აუცილებლად უნდა გახდეს: ადამიანის დაქვემდებარებულობამ მისსავე შრომის იარაღებისადმი, წარმოებისა და განადგურების ტოტალური და ყოვლისმომცველი აპარატისადმი, თითქმის უკონტროლო ძალაუფლების გაჩენის წერტილს მიაღწია: ტექნოლოგიურ საბურველსა და ეროვნული ინტერესების მობილიზაციას ამოფარებული, ეს გასაგნებული, verdinglicht, ძალაუფლება, ჩანს, რომ საკუთარ თავს თავადვე ამოძრავებს და იყოლებს ინდოქტრინირებულ და სისტემაში ინტეგრირებულ ადამიანებს. მან, შესაძლოა, საბედისწერო დარტყმა განახორციელოს მანამ, სანამ კონტრძალები საკმარისად ძლიერები გახდებიან იმისათვის, რომ მოახერხონ, თავიდან აიცილონ ეს დარტყმა — შინაგანი წინააღმდეგობების აფეთქება, რომელიც რევოლუციის კონცეფციის გადასინჯვას უბრალო აბსტრაქტულ და სპეკულატურ განაზრებებად გადააქცევდა. ამგვარი საფრთხის შესაძლებლობის გააზრებამ უნდა გააძლიეროს და განამტკიცოს ოპოზიცია მის ყველა გამოვლინებაში. ეს არის ერთადერთი იმედი.

 

თარგმნა დავით გალაშვილმა

 

თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: Herbert Marcuse, Re-examination of the Concept of Revolution //Herbert Marcuse. Colected Papers. Vol. 6. Marxism, Revolution and Utopia (Routlege, 2014), pg. 199-206.

შენიშვნები


[1] „რევოლუციის ცნების გადასინჯვა“ გამოქვეყნდა „ნიუ ლეფტ რევიუ“-ს #56 (ლონდონი: ივლისი-აგვისტო, 1969), გვ. 27-34. სტატიაში წარმოდგენილია რევოლუციის მარქსისტული თეორიის სისტემური ანალიზი განვითარებულ ინდუსტრიულ საზოგადოებებში პროლეტარიატის ინტეგრაციის შუქზე. სტატია, როგორც ჩანს, 1968 წლის რევოლუციურ გამოსვლებამდე დაიწერა და მარკუზეს შრომებში ერთ-ერთი უკანასკნელი გამოვლინებაა რევოლუციური პესიმიზმისა, განწყობისა, რომელიც ნაშრომში An Essay on Liberation (Boston, MA: Beacon Press, 1969) და 1968 წლის შემდგომ სხვა ნაწერებში რევოლუციურ ოპტიმიზმით ჩანაცვლდება. — მარკუზეს თხზულებათა გამოცემის რედაქტორების შენიშვნა.

[2] სტატია დაწერილია საფრანგეთის 1968 წლის მაის-ივნისის მოვლენებამდე. მარკუზემ მას შემდეგ მხოლოდ რამდენიმე წინადადება დაამატა, რათა ხაზი გაესვა ამ მოვლენების ისტორიული მნიშვნელობისთვის. – „ნიუ ლეფტ რევიუს“ რედაქციის შენიშვნა.

[3] იგულისხმება “რეალური სოციალიზმი“, სსრკ-სა და სხვა ამ ტიპის სახელმწიფოებში (იუგოსლავია, ჩინეთი, კუბა) არსებული საზოგადოებრივ-ეკონომიური წყობილება. – რედ. შენიშვნა.

[4]ცნება aufheben-ის გამოყენება უკავშირდება გ.ვ.ფ ჰეგელის სახელს. ჰეგელთან Aufhebung – ის პრინციპი თავის თავში სამ საფეხურიან სვლას შეიცავს, როგორც რაიმეს უარყოფას თავის განსაზღვრულობაში და ცალმხრივობაში (tollere), როგორც რაიმე მოვლენის დადებითი მომენტების შენახვას (conservare) და მათ უფრო მაღალ საფეხურზე წანაცვლებას, სინთეზს (elevare). – მთრგმნ.  შენ.

[5] იხ. კომ. 3. – რედ. შენიშვნა.

[6] იგულისხმება ე.წ. „68 წლის რევოლუცია“. – რედ. შენიშვნა.

[7]მარკუზე თვლის, რომ თუ ტექნიკის არსი არ გადაფასდა, ის შესაძლოა კონტროლისა და მანიპულაციის მექანიზმად მოგვევლინოს. მარკუზე ტექნიკას არ აღიქვამს როგორც ნეიტრალურ მოვლენას, არამედ, როგორც კრიტიკული თეორიის მკვლევარი, ენდრიუ ფინბერგი აღნიშნავს, „მარკუზე ტექნოლოგიას აღიქვამდა სხვაგვარად, ვიდრე უბრალოდ ტექნიკურ რაიმედ, ან ვიდრე უბრალოდ პოლიტიკურ მოვლენად; მისთვის ტექნოლოგია არის თვით მოდერნული გამოცდილება, საფუძველმდებარე გზა, რომლითაც სამყარო ცხადდება(…). ის აზროვნების გზასა და პრაქსისის სტილს აღნიშნავს, ჭეშმარიტად, – რეალობის, როგორც ტექნიკური კონტროლის ობიექტის კვაზი-ტრანსცენდენტალურ სტრუქტურას (Andrew Feenberg, 2004,  Heidegger and Marcuse, pg. Xiii).“ – მთრგმნ. შენ.

[8]იგულისხმება კაპიტალისტური სამყაროს აშშ-ით სათავეში და ე.წ. „საბჭოთა ბანაკის“ ქვეყნების დაპირისპირება. – რედ. შენიშვნა.

[9] მარკუზე აქ, თითქოსდა, მარქსს პროგრესის პოზიტივისტურ, სწორხაზოვან გაგებას მიაწერს, რაც გაზვიადებაა და სინამდვილეს არ შეესაბამება. მიუხედავად მარქსის რევოლუციური ოპტიმიზმისა და კომუნისტური იდეალის საბოლოო გამარჯვების უპირობი რწმენისა, პროგრესის მარქსისეული გაგება არ გამორიცხავს ისტორიის მსვლელობის ცვალებადობებს, კაცობრიობის წინსვლის წინააღმდეგობრივ, ზიგზაგისებურ ხასიათს, აღმასვლასა და დაღმასვლას, პროგრესისა და რეგრესის დიალექტიკურ ერთიანობას. „წმინდა ოჯახში“ მარქსი, აკრიტიკებდა რა ახალგაზრდა ჰეგელიანელების ერთ-ერთი ლიდერის, ბრუნო ბაუერის შეხედულებებს, პირდაპირ წერდა: „”პროგრესის” პრეტენზიების მიუხედავად, მუდმივად შეინიშნება რეგრესისა და წრიული მოძრაობის შემთხვევები… “პროგრესის” კატეგორია მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს და აბსტრაქტულია”. მარქსის პოზიციას პროგრესზე ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კაპიტალისტური წარმოების წესისა და ბურჟუაზიული ცივილიზაციის მისი ანალიზი. „ჩვენს დროში, — ამბობს მარქსი ჩარტისტული გაზეთის იუბილეზე წარმოთწმულ სიტყვაში, — ყოველი საგანი თითქოს თავისი საწინააღმდეგო მოვლენის მატარებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ მანქანა, რომელსაც აქვს საკვირველი ძალა შეამციროს და უფრო ნაყოფიერი გახადოს ადამიანის შრომა, წარმოშობს შიმშილსა და უძლურებას. სიმდიდრის ახლადგამოგონილი წყარონი, რაღაც საბედისწერო თილისმის მეოხებით, გაჭირვების წყაროებად იქცევიან. ტექნიკის გამარჯვებანი, თითქოს მორალის დაკარგვის გზითაა მოპოვებული. იმ ზომით, რა ზომითაც კაცობრიობა ბუნების უფალი ხდება, ადამიანი, თითქოს, მეორე ადამიანის მონობაში ვარდება ანდა თავისი საკუთარი სისაძაგლის მონად იქცევა. მეცნიერების წმინდა სინათლეც კი, თითქოს, ისე ვერ იბრწყინვალებს, თუ არ უვიცობის ბნელ გარემოცვაში. ყველა ჩვენს გამოგონებათა და მთელი ჩვენი პროგრესის შედეგი, თითქოს, მხოლოდ ის არის, რომ მატერიალურ ძალებს სულიერი სიცოცხლე ენიჭებათ, ხოლო ადამიანის სიცოცხლე მატერიალური ძალის დონემდეა დაჩლუნგებული. ეს ანტაგონიზმი, ერთი მხრივ, თანამედროვე მრეწველობასა და მეცნიერებას, ხოლო მეორე მხრივ, თანამედროვე სიღატაკესა და დაცემას შორის, — ეს ანტაგონიზმი ჩვენი ეპოქის მწარმოებლურ ძალებსა და საზოგადოებრივ ურთიერთობებს შორის ხელშესახები, სავალალო და უცილობელი ფაქტია“ (მარქსი და ენგელსი, რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ., 1, თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1963. გვ. 402). მოყვანილ პასაჟში ნათლად ჩანს, რამდენად შორს დგას მარქსი, ერთი მხრივ, მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის პოზიტივისტი მეხოტბეებისგან, ხოლო მეორე მხრივ, „რეგრესის ბედკრული წინასწარმეტყველებისგან“, იმ თეორეტიკოსებისგან, რომლებიც ისტორიაში ყოველგვარ წინსვლას უარყოფენ და მასში მხოლოდ დეგრადაციას ხედავენ. სწორედ კლასობრივი ცივილიზაციის წინააღმდეგობებში, ბურჟუაზიულ საზოგადოებაში მატერიალური, ტექნიკური პროგრესის ცალმხრივ ხასიათში, როცა „სიმდიდრის დაგროვება ერთ პოლუსზე არის ამავდროულად სიღატაკის, შრომითი ტანჯვის, მონობის, გაუნათლებლობისა და გაუხეშების დაგროვება საპირისპირო პოლუსზე“, ხედავს მარქსი კომუნისტური რევოლუციის და უკლასო საზოგადოების საბოლო პერსპექტივას, რომლის გარეშეც კაცობრიობის განვითარების ერთადერთი სცენარი მხოლოდ ბარბაროსობა შეიძლება იყოს. მართალია, მარქსი პირდაპირ არ სვამს ალტერნატივას „სოციალიზმი ან ბარბაროსობა“, ამ ალტერნატივის ამოკითხვა შეგვიძლია „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ იმ პასაჟში, სადაც საუბარია იმაზე, რომ კლასობრივი ბრძოლა, რომელიც ანტაგონისტურ კლასებს შორის მიმდინარეობს, ყოველთვის სრულდებოდა „მთელი საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნით ან მებრძოლ კლასთა საერთო დაღუპვით“ (მარქსი და ენგელსი, რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ., 1, თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1963. გვ. 11). იხ., მაგ.,  ერიკ ჰობსბაუმის წინასიტყვაობა „მანიფესტის“ 2012 წლის გამოცემისთვის. – რედ. შენიშვნა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *