2021 წლის 18 მარტს 150 წელი გავიდა პარიზის კომუნის გამოცხადებიდან, 28 მაისს კი მისი ტრაგიკული დაცემის 150 წლისთავი იყო. ეს ორი თარიღი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია მემარცხენე შეხედულებების ადამიანებისთვის, განურჩევლად მათი იდეური ორიენტაციისა, განსაკუთრებით კი მარქსისტებისა და ანარქისტებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ მოვლენაში თავიანთი თეორიების ხორცშესხმასა და დადასტურებას ხედავენ.
საერთაშორისო მემარცხენე პერიოდიკაში მარტიდან მოყოლებული მრავალი პუბლიკაცია დაეთმო პარიზის კომუნის ფენომენის გახსენებას; ხელახლა გამოქვეყნდა კლასიკოსების შრომები, სახელოვანი და ნაკლებად ცნობილი მემარცხენე ანალიტიკოსების, ისტორიკოსების, ფილოსოფოსებისა და თეორეტიკოსების პუბლიცისტური და აკადემიური სტატიები პარიზის კომუნაზე.
არც ჩვენს „მემარცხენე ონლაინ სივრცეში“ დარჩენილა ეს თარიღები უყურადღებოდ და მას როგორც ანარქისტებმა, ისე მარქსისტებმაც თავიანთ ფეისბუქ გვერდებზე მიუძღვნეს პოსტები. ამ პოსტებში მათ არაკრიტიკულად გაიმეორეს თავთავიანთ ტრადიციაში გავრცელებული, დოგმად ქცეული შეხედულებები და მითები პარიზის კომუნის შესახებ. ამასთან, ამ მოცულობით ძალიან მცირე, ზარმაც მომხამარებელზე გათვლილ პუბლიკაციებშიც კი, სხვადასხვა დოგმებთან და მითებთან ერთად, გვხვდება ფაქტობრივი და თეორიული ცდომილებები და არაკორექტული ფორმულირებები, ნაკარნახევი, ერთი მხრივ, დოგმატიზმით, იდეოლოგიური ცრურწმენებითა და დოქტრიონიორობით, ხოლო მეორე მხრივ, საკითხის ზერელე ცოდნით. მაგრამ თუკი ანარქისტებთან ყველაფერი გასაგებია და მათგან არ უნდა ველოდოთ მათი დოქტრინის დრომოჭმული და სინამდვილესთან შეუსაბამო პოსტულატების კრიტიკულ გადააზრებას (რის შემთხვევაშიც ამ თეორიის ცენტრალურ იდეებზე უარის თქმაც მოუწევდათ), ჩვენ იმედს დავიტოვებთ, რომ ამხანაგები „დამოუკიდებელი მარქსისტული კოლექტივიდან“ სამომავლოდ მეტ დროსა და ყურადღებას დაუთმობენ რევოლუციური თეორიისა და რევოლუციის ისტორიის კრიტიკულ შესწავლას (არაკრიტიკულად ათვისებული თეორია ვერ გახდება წარმატებული „პრაქტიკის წინაპირობა“), უარს იტყვიან იოლად მისაღწევ ეფექტზე და სირთულეებს თამამად შეეჭიდებიან.
ჩვენს მეინსტრიმ მასმედიაში მოღვაწე ზომიერ მემარცხენეებსაც არ გამორჩენიათ ეს თარიღი და მას მოკლე ვიდეოთი გამოეხმაურნენ, რომელიც სწორედ ისეთია, როგორიც უნდა იყოს ზომიერი მემარცხენეების მიერ ჰეგემონურ მედიაში გამოქვეყნებული მასალა — „ობიექტური“, იდეოლოგიურად რაფინირებული, აგებული მშრალ ფაქტებზე, მოკლებული ადეკვატურ ანალიზსა და სწორ თეორიულ დასკვნებს.
სხვა მემარცხენე ჯგუფებზე საუბარიც არ ღირს. მხოლოდ საამწუთიო საკითხებით გატაცებულებს და ჩაბმულებს ილუზორულ ბრძოლაში, რომელიც დაიყვანება სტიქიურ პროტესტებში „რიგით ჯარისკაცებად“, ანუ მემარცხენე დღისწესრიგის, გააზრებული მემარცხენე ტაქტიკის გარეშე მონაწილეობაზე (რასაც ლენინი „ხვოსტიზმს“, ანუ მოვლენებისთვის კუდში მიყოლის ტაქტიკას ეძახდა), და, მიუხედავად იმისა, საჭიროა ეს თუ არა, აქვს ამას რაიმე შედეგი თუ არა, ეხება ეს მემარცხენეებს თუ არა, იმპერატივად აწესებს ყველა „აღმაშფოთებელ“ ფაქტზე „საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას“, „ხმის ამოღებას“, რაც ფეხების ბაკუნით აბსტრაქტულად აღებული სახელმწიფოსადმი მორალისტური მოწოდებებით გამოიხატება, — ამ მემარცხენე ჯგუფების ინტერესებში წარსულის რევოლუციური გამოცდილების ანალიზი და გაშუქება არ შედის. ეს მათთვის სინამდვილისგან გაქცევა და თეორიაში გამოკეტვაა, განსხვავებით ფეისბუქში „მამხილებელი“ პოსტების წერისაგან, რომელთაც ისევ მათივე გარემოცვა კითხულობს.
ჩვენ გვგონია, რომ სხვადასხვა ეპოქის რევოლუციური ბრძოლებისა და მათი შედეგების საფუძვლიანი შესწავლის, გააზრების, ამ ბრძოლებში მონაწილეთა მოქმედებების კრიტიკული ანალიზის, მათი შეცდომების გამოვლინებისა და შესაბამისი თეორიული დასკვნების გამოტანის გარეშე მემარცხენეების სამომავლო ბრძოლები გარდაუვლად მარცხისთვის იქნება განწირული. „გუშინდელი დღის შეცდომების ანალიზით ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ავირიდოთ შეცდომები დღესა და ხვალ“ — წერდა ლენინი. შესაბამისად, ქედს ვიხრით რა და თაყვანს ვცემთ პარიზის კომუნარების „ზეცის იერიშის“ ჰეროიკულ მცდელობას, საჭირო და მნიშვნელოვანი გვგონია, მათი ბრძოლის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, იმ შეცდომებზე კონცენტრირებაც, რომლებმაც კომუნა 1871 წლის მაისის სისხლიან კვირამდე და ათასობით ადამიანის სიკვდილამდე მიიყვანა.
ეს შეცდომები ნაწილობრივ განხილული იყო ვ. ლენინის სტატიებში „კომუნის ხსოვნას“ და „კომუნის გაკვეთილები“, რომლებიც ჩვენს ვებ-გვერდზე მარტის თვეში გამოქვეყნდა. დღეს კი კვლავ ვუბრუნდებით ამ თემას თანამედროვე რუსი სოციოლოგის, ისტორიკოსისა და მემარცხენე თეორეტიკოსის ალექსანდრ ტარასოვის სტატიის თარგმანით. ავტორი მრავალ წყაროზე დაყრდნობით განიხილავს პარიზის კომუნაში ანარქისტების (ძირითადად პრუდონისტების, თუმცა აგრეთვე ბაკუნისტებისაც) საქმიანობას და იმ დამღუპველ ზემოქმედებას, რომელიც მან მოახდინა კომუნის ბედისწერაზე. პარიზის კომუნის შეფასებასა და კრიტიკაში ტარასოვი, როგორც ყოველგვარი დოგმატიკისადმი ნეგატიურად განწყობილი ავტორი (როგორიც უნდა იყოს ყველა მარქსისტი), მხოლოდ ნაწილობრივ მიყვება მარქსისტული ისტორიოგრაფიის ტრადიციას, ნაწილობრივ კი შორდება მას (მაგ., არ მიიჩნევს პარიზის კომუნას „პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფოდ“), რამაც, წესით, ცოდნისმოყვარე მკითხველს ამ საკითხებზე კარგად დაფიქრებისა და დამატებითი დამოუკიდებელი კვლევა-ძიებისკენ უნდა უბიძგოს.
პარიზის კომუნის ისტორიითა და მისი გამოცდილების მარქსისტული ანალიზით დაინტერესებულ მკითხველს, „კონტრჰეგემონიაზე“ გამოქვეყნებული ლენინის სტატიების გარდა, ქართულენოვან ინტერნეტში ხელმისაწვდომი შემდეგი ნაშრომების გაცნობას ვურჩევთ:
კარლ მარქსი, „სამოქალაქო ომი საფრანგეთში“ და ფ. ენგელსის მიერ ამ ნაშრომისთვის 1891 წელს დაწერილი შესავალი სიტყვა, რომლებიც დაბეჭდილია მარქსისა და ენგელსის რჩეული ნაწერების პირველ ტომში.
მარქსის წერილები კუგელმანს, 1871 წლის 12 და 17 აპრილის თარიღით, რომლებიც „რჩეული ნაწერების“ მეორე ტომში შედის.
ვ. ლენინი, „სახელმწიფო და რევოლუცია“, თავი III, რომელიც ლენინის თხზულებების მეორე გამოცემის 25 ტომში შეგიძლიათ იპოვოთ.
ლ. ტროცკი, „ტერორიზმი და კომუნიზმი“, თავი V.
რედაქცია
არეულობის დედა
მსოფლიო ისტორიაში, ანარქისტული სოციალური იდეალის, ანარქიზმის თეორიების შეგნებული განხორციელების მხოლოდ სამი სერიოზული მცდელობა არსებობდა: 1871 წლის პარიზის კომუნა, „მახნოვშჩინა“ და „ლიბერტარული კომუნიზმი“ 1936-1939 წლების ესპანეთში. მაგრამ ბოლო ორ ისტორიულ მოვლენაში ჩვენ ვხედავთ ანარქიზმის პრინციპებიდან აშკარა გადახვევას: ორივეგან ანარქისტებმა დაამყარეს ეტატოიდური (სახელმწიფოს მაგვარი) ძალაუფლება, რომელსაც იარაღის ძალით ახვევდნენ თავს დანარჩენ მოსახლეობას (უმრავლესობას). ისინი დაუნდობლად არბევდნენ და ანადგურებდნენ იმათ, ვინც არ ეთანხმობოდა (მიუხედავად პიროვნების თავისუფლების ანარქისტული პრინციპისა), ხოლო ესპანეთში, ამასთან, ანარქისტები მშრომელების კოლექტიურ მჩაგვრელებად და ექსპლუატატორებადაც კი გადაიქცნენ, — უპირველეს ყოვლისა, მათ მიერ შექმნილ კოლექტივებში („კომუნებში“).
და მხოლოდ პარიზის კომუნა, რომელსაც არ ადევს ანარქიის სახელით მშრომელთა იძულების, ექსპლუატაციისა და ძარცვის დაღი, ანარქისტული იდეების პრაქტიკაში ხორცშესხმის ერთადერთი წმინდა შემთხვევა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტები კომუნაში არ წარმოადგენდნენ უმრავლესობას (უმრავლესობა ნეოიაკობინელების, ანუ მემარცხენე ბურჟუაზიული რესპუბლიკელების, და ბლანკისტების, ერთი შეხედვით, უცნაური კოალიციისგან შედგებოდა; საგულისხმოა, რომ ბლანკისტებმა არა ანარქისტებთან, — მათსავით სოციალისტებთან, — არამედ სწორედ ნეოიაკობინელებთან შეკრეს ალიანსი).
მაგრამ ანარქისტული უმცირესობა ისეთი უმცირესობა გამოდგა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა კომუნის ისტორიაში. უპირველს ყოვლისა, იმიტომ, რომ ნეოიაკობინელებს, ორიენტირებულებს მონარქიის დამხობასა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის განმეორებაზე, არავითარი ეკონომიკური პროგრამა არ გააჩნდათ (და ეს თავადაც იცოდნენ), ხოლო ბლანკისტებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები ავტომატურად მოყვება მუშათა კლასის პოლიტიკურ რევოლუციას. კომუნის წევრი ანარქისტები (სრული უმრავლესობით პრუდონისტები) წარმოადგენდნენ ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც რაიმე სახის სოციალურ-ეკონომიკურ თეორიას მაინც ეყრდნობოდა. მეორეც, პრუდონისტები, როგორც ინტერნაციონალის წევრები, იაკობინელებზე ბევრად უკეთ — და, როგორც მინიმუმ, ბლანკისტებზე არანაკლებ — იყვნენ დამკვიდრებულნი მუშათა წრეებში. გარდა ამისა, სამხედრო კატასტროფის შედეგად პროვოცირებულ ამ რევოლუციას სტიქიური ხასიათი ჰქონდა (რასაც ყველა რევოლუციონერი იზიარებდა), ხოლო ანარქისტები იყვნენ ერთადერთი ჯგუფი, რომელიც მასების სპონტანურ ამბოხებაზე იყო ორიენტირებული.
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტები უმცირესობაში იყვნენ, თავიანთი წარმომადგენელების რაოდენობითა და მუშებსა და ხელოსნებში მათი პოპულარობით ისინი არაფრით ჩამორჩებოდნენ ნეოიაკობინელებსა და ბლანკისტებს. კომუნის 81 წევრიდან (საბოლოო შემადგენლობიდან) ანარქისტი იყო 36 (28 პრუდონისტი და 4 ბაკუნისტი) 22 ნეოიაკობინელის და 23 ბლანკისტისა და ნეობაბუვისტის წინააღმდეგ[1]. ამასთან, პრუდონისტ კომუნარებს შორის იყვნენ ისეთი სახელები, როგორებიც არიან ჟიულ ვალესი, ეჟენ ვარლენი, გუსტავ კურბე, არტურ არნუ, ოგიუსტ ვერმორელი, შარლ ლონგე, შარლ ბელე, ალბერტ ტეისი, ოგიუსტენ ავრიალი, ჟრანსუა ჟურდი, ჟან-ბატისტ მილიერი, ანდე-ჟერომ ლანგლუა, გუსტავ ლეფრანსე, ემილ ობრი, კამილ-პირ ლანჟევენი, ჟან-ლუი პენდი და ჟიულ ბაბიკი, ხოლო ბაკუნისტებში — გუსტავ კლუზერე და ბენუა მალონი. და მათგან ისინიც კი, ვინც, რასაც ჰქვია, თვალსა და ხელს შუა შორდებოდა პრუდონიზმს, — ვარლენი, ვალესი, ლონგე, — კომუნის დღეებში ჯერ კიდევ ანარქისტებად რჩებოდნენ[2].
კომუნის ანარქისტები — მივაგოთ მისაგები — თავიანთ შეხედულებებს თანმიმდევრულად ახორციელებდნენ, რის შედეგადაც დაღუპეს კომუნა და თავიანთი შეცდომები, ილუზიები და სიბრიყვე არამხოლოდ საკუთარ, არამედ ათასობით კომუნარის სიცოცხლედ დაუჯდათ.
ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება კომუნის სამხედრო ორგანიზაციას. პრუდონისტებმა, რომლებიც ვარლენის არგუმენტების ზეგავლენით ნაციონალურ გვარდიაში — მასზე იდეოლგიური კონტროლის მოსაპოვებლად — გაწევრიანდნენ, მოკლე დროში დაიკავეს მრავალი ლეგიონის მეთაურთა თანამდებობი, შევიდნენ ნაციონალური გვარდიის ცკ-ში და საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ცკ-ის სხდომებიც კი კორდერის ქუჩაზე მდებარე ინტერნაციონალის პრუდონისტული სექციების შენობაში იმართებოდა[3]. 18-დან 28 მარტამდე ნაციონალური გვარდიის ცკ, ფაქტობრივად, წარმოადგენდა პარიზის კლასობრივ რევოლუციურ ხელისუფლებას, რომელიც უშუალოდ შეიარაღებულ „ქვედა ფენებს“ ეყრდნობდა (ნაციონალური გვარდიის ლეგიონების წარმომადგენლები ბურჟუაზიულ-არისტოკრატიული კავრტლებიდან არ შევიდნენ ცკ-ში). მაგრამ პროდონისტული წვრილბურჟუაზიულ-დემოკრატიული ილუზიების ერთგულმა ცკ-მა ნებაყოფლობით გადასცა ძალაუფლება კომუნას, რომელიც პარიზის ყველა ფენამ და ყველა ოლქმა აირჩია. ამ ცკ-ს ჯერ კიდევ მარქსი ამუნათებდა[4].
უფრო მეტიც, პრუდონისტები, რომელთაც, როგორც შეეფერებათ კიდეც ანარქისტებს, ჭირის დღესავით სძულდათ დისციპლინა და სწორი სამხედრო ორგანიზაცია, ნაციონალურ გვარდიაში ნერგავდნენ იმას, რასაც მოგვიანებით, რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში, „პარტიზანშჩინა“ (საქმიანობა, რომელიც არაორგანიზებულობით, დაუგაგემავობითა და უდისციპლინობით ხასიათდება. – მთრგმნ.) დაერქმევა. მეთაურთა არჩევითობა და შენაცვლებადობა, უარი ერთიანი ხელმძღვანელობისადმი დამორჩილებაზე, „მიტინგობანა“ და ადგილებზე ფუნქციების თვითნებური მისაკუთრება — პრუდონისტული პროპაგანდის შედეგს წარმოადგენდა (საწინააღმდეგოდ ნეოიაკობინელების პოზიციისა, რომლებიც იაკობინური დიქტატურის დროის რევოლუციური არმიის მოდელზე იყვნენ ორიენტირებულები)[5]. „პარტიზანშჩინის“ შტაბების როლში გამოვიდნენ სულისკვეთებით სავსებით ანარქისტული, ნაციონალური გვარდიის „საოლქო ქვეკომიტეტები“, რომელთა დათხოვნაც კომუნამ მხოლოდ 6 აპრილს შეძლო[6]. გარდა ყოველგვარი „მილიტარიზმისადმი“ ანარქისტული სიძულვილისა, პრუდონისტების ეს პოზიცია აგრეთვე ემყარებოდა იმას, რომ ისინი არ თვლიდნენ კომუნას სახელმწიფო ძალაუფლებლად და, შესაბამისად, ნაციონალურ გვარდიას — არმიად.
კომუნის სამხედრო ორგანიზაციაში ანარქიის პრინციპებმა სრულ ტრიუმფს მას შემდეგ მიაღწია, რაც კომუნის სამხედრო დელეგატად (ანუ მხედართმთავრად და „სამხედრო მინისტრად“) დაინიშნა ბაკუნისტი კლუზერე, ბაკუნინის მიერ ლიონში ანარქისტული რევოლუციის მოწყობის ჯამბაზური მცდელობის მონაწილე[7]. მან, ერთგულმა ბაკუნინისეული „ქვედა ფენების ინიციატივის“ პრინციპისა, საბოლოოდ გახრწნა ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელობა, მოახდინა მისი დაცენტრალიზება და სრულ ქაოსამდე და ანარქიამდე მიიყვანა იგი. კლუზერემ არ იცოდა, ვისგან შედგებოდა მისი შტაბი, რამდენი ბატალიონი და იარაღია მის განკარგულებაში, რამდენი ადამიანი ჰყავს პოზიციებზე დომბროვსკის და ა.შ. გააფთრებული ბრძოლების დროს კლუზერეს ზოგჯერ მთელი დღეები ეძინა[8]. პროსპერ ოლივიე ლისაგარემ მას უწოდა „აჩრდილისებრი მხედართმთავარი“, რომელიც „თავის ტახტზე გაშხლართული… გასცემდა… ბრძანებებს“[9]. კომუნის წევრი ო. ავრიალი აცხადებდა: „ნაციონალური გვარდია არაორგანიზებულია… მას არავინ მართავს; წამდაუწუმ ჟღერდება ბრძანებები და კონტრბრძანებები; გვარდიამ არ იცის, ვის უნდა დაემორჩილოს… მას არც შინელები, არც ფეხსაცმელი და არც შარვლები აქვს… ჯარისკაცებს კვირებით ტოვებენ თხრილებში, აჭმევენ მარტოოდენ დამარილებულ საკვებს, რაც სხვადასხვა დაავადებას იწვევს“[10]. ზოგიერთი ბატალიონი — 176-ის მსგავსად — 25 დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ბრძოლაში იმყოფებოდა, ჯარისკაცებს ძალა ეცლებოდათ და უმრავლესობა სურავანდით ავადდებოდა, დანარჩენები მოწყენილობისგან იტანჯებოდნენ პარიზში. პოზიციებზე არ ჰყოფნიდათ არც უნიფორმები და არც საბრძოლო მასალა, ძველი თოფები მწყობრიდან გამოდიოდა, ახლებით კი შტაბი არ ამარაგებდა[11]. „მასების სტიქიური ინიციატივის“ ანარქისტული რწმენით აღსავსე კლუზერეს ქალაქის იარაღის საწყობებიც კი არ შეუმოწმებია, ხოლო მასებმა, რომლებიც მიყვებოდნენ პრუდონისტების მოწოდებას, არ ეხლოთ ხელი სხვისი საკუთრებისთვის, საწყობთა კარების საკეტებს თითიც კი არ დააკარეს. შედეგად, კომუნარები მოძველებული პისტონის თოფებით იბრძოდნენ, ხოლო არსენალებში ვერსალელებმა მოგვიანებით 300 ათასი თანამედროვე თოფი „შასპო“, 200 ათასი ვაზნისკოლოფიანი შაშხანა და 14 ათასი ენფილდის კარაბინი აღმოაჩინეს![12]
კლუზერეს გადაყენებისა და დაპატიმრების შემდეგაც კი, ახალმა სამხედრო დელეგატებმა — როსელმა და დელეკლუზმა — ვერ მოახერხეს სიტუაციის გამოსწორება. როსელი აღიარებდა, რომ „პასუხისმგებლობას ვეღარ აიღებდა იქ, სადაც ყველა მხოლოდ მსჯელობს და დამორჩილება არავის უნდა“, ხოლო დელეკლუზმა, რომელმაც, მართალია, დაიწყო კლუზერეს დროს საშინლად გაბერილი ოფიცერთა გენშტაბის შტატის, ალაღებისა და არტილერიის შემცირება, მაინც ვერ შეძლო ჩამოყალიბებული სისტემის დამარცხება, რასაც მოწმობდა კიდეც დომბროვსკის ანგარიშები[13]. საქმე იმით დასრულდა, რომ ნეოიაკობინელმა დელეკლუზმა, რომლის იდეალსაც სენ-ჟუსტის „რკინის ბატალიონები“ წარმოადგენდნენ, ხელი ჩაიქნია და იძულებული გახდა, შეგუებოდა ანარქიას და გამოეცა მანიფესტი შემდეგი სიტყვებით: „კმარა მილიტარიზმი, კმარა სამხედროთა შტაბები…! ადგილი დაუთმეთ ხალხს, შეუიარაღებელ მებრძოლებს! … ხალხს ოსტატური მანევრებისა არაფერი გაეგება, მაგრამ, როცა ხელში იარაღი აქვს და ფეხქვეშ — ქვაფენილი, მას არ ეშინია მონარქიული სკოლის სტრატეგოსების“[14].
სამხედრო სფეროში გამეფებული ანარქიის დონეს ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ კომუნის არსებობის განმავლობაში პრინც ეჟენის ყაზარმებში კომფორტულად განლაგებულიყო 1500 ხიშტიანი კარგად ეკიპირებული რაზმი, რომელმაც ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, ხოლო „ანტიავტორიტარიზმისა“ და „პიროვნების თავისუფლების“ ანარქისტული პრინციპების ერთგულმა კომუნარებმა არათუ განაიარაღეს ეს ნაწილი, არამედ არჩენდნენ კიდეც ამ უსაქმურებს![15]
კომუნის წევრმა, ნეოიაკობინელმა პოლ რასტულმა კომუნის სამხედრო ადმინისტრაციას „ორგანიზებული დეზორგანიზაცია“ უწოდა[16]. სამხედრო საქმის ანარქისტული ორგანიზების ნაყოფი ასე გამოიყურება: „მეთაურთა შემადგენლობის საქმიანობა არ იყო გამიჯნული სამხედრო ნაწილების იმ არჩევითი ორგანიზაციების საქმიანობისგან, რომლებიც ოპერატიულ განკარგულებებშიც კი ერეოდნენ. ამის შედეგი იყო უდიდესი ქაოსი… კომუნის განკარგულებაში მყოფი 200 ათასი გვარდიელისგან საბრძოლო ხაზზე იმყოფებოდა არაუმეტეს 15-16 ათასისა. ისინი იძულებულნი იყვნენ, დიდი ხნით, ცვლის გარეშე, დარჩენილიყვნენ სანგრებში. რეზერვი ძალზე გვიან მოდიოდა, ან საერთოდ არ მოდიოდა. რაზმები, ხშირად, თავიანთი ინიციტივით ერთვებოდნენ ბრძოლაში. ძალიან ცუდად იყო ორგანიზებული დაზვერვა და საგუშაგო სამსახური“[17]. სამართლიანია პოლ ლუის დასკვნა: „დისციპლინის უქონლობა, არეულობა…; არავიათარი გეგმა არ არსებობდა; და შედეგად, დედაქალაქი თავიდანვე მთლიანად ვერსალელების ხელში იყო“[18].
დამღუპველი იყო აგრეთვე ანარქისტებისთვის დამახასიათებელი პრუდონისტთა კომუნალისტური (ფედერალისტური) ილუზიები. თუ ანარქისტები ისაუბრებდნენ კომუნების ფედერაციაზე, სადღაც შორეულ მომავალში, სოციალური რევოლუციის საყოველთაო გამარჯვების შემდეგ რომ დამყარდება, არაფერი დაშავდებოდა. მაგრამ ისინი ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ პარიზის კომუნა არის არა რევოლუციური სახელმწიფო ძალაუფლება, რომელიც ვერსალის კონტრრევოლუციურ ხელისუფლებას უპირისპირდება, არამედ მხოლოდ ერთი ქალაქის თვითმმართველობა, „პარიზის მუნიციპალური საბჭო“. საფრანგეთში, — მიიჩნევდნენ ისინი, — საერთოდ არ უნდა არსებობდეს ცენტრალიზებული სახელმწიფო და ცენტრალური (თუნდაც სოციალისტური) ხელისუფლება; უნდა იყოს მხოლოდ კომუნების ფედერაცია. 18 მარტის რევოლუციას ისინი განიხილავდნენ „კომუნალისტურ რევოლუციად“ და მის უახლოეს ამოცანად „მუნიციპალური კონსტიტუციის“ („კომუნალური ქარტიის“) შექმნას მიიჩნევდნენ[19].
ნაციონალური გვარდიის ცენტრალურმა კომიტეტმა ამავე მიზეზით თქვა უარი ვერსალზე გალაშაქრებაზე (კომუნამ კი შემდგომ დაამტკიცა ეს პოზიცია), მოუწოდა რა პროვინციას მათთვის „მიებაძა“. როგორც თქვა ბელემ კომუნის გამოცხადებისას, კომუნა მხოლოდ „ადგილობრივ საკითხებზე“ იზრუნებს, ხოლო სხვებისთვის „მოდელად“ უნდა იქცეს. მოგვიანებით, კომუნის ცენტრალური ბეჭდური ორგანოს, „საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალური გაზეთის“ გვერდებიდან ლონგე იმასაც კი იტყვის, რომ კომუნა „არა საფრანგეთის სამართავად, არამედ მის გასათავისუფლებლად შეიქმნა“, ამასთან, მაგალითის ძალით გათავისუფლებისთვის[20].
მარქსის დროიდან მოყოლებული, კომუნარების მიერ დაშვებული ეს შეცდომა კომუნის დამარცხების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება[21]. მარქსმა მას საბედისწეროც კი უწოდა, ანუ, როგორც ჩანს, გადამწყვეტი[22]. 18 მარტის შემდგომ პირველ დღეებში, ვერსალში (პარიზიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში), ა. ტიერის განკარგულებაში მხოლოდ 22-27 ათასი, აბსოლუტურად დემორალიზებული ჯარისკაცი იყო. ცკ-ს შეეძლო, მათთვის 100 ათასიდან 200 ათასამდე ენთუაზიაზმით აღსავსე მეომარი დაეპირისპირებინა. მოგვიანებით თავად ვერსალელები და, მათ შორის, ტიერიც, აღიარებდნენ, რომ ვერსალზე ნაციონალური გვარდიის იერიში მათთვის კატასტროფა იქნებოდა[23].
კომუნის ოფიციალური პროგრამა, რომელიც „ფრანგი ხალხისადმი დეკლარაციის“ სახელწოდებით 20 აპრილს გამოქვეყნდა, ღიად კომუნალისტურ ხასიათს ატარებდა, უწოდებდა თავის რევოლუციას „კომუნალურს“, საუბრობდა უმეტესწილად პარიზის ავტონომიასა და მის უფლებებზე და მიზნად ისახავდა „კომუნების სრულ ავტონომიას მთელ საფრანგეთში“[24]. ანუ პრუდონისტმა უცმირესობამ თავისი ნება წარმატებით მოახვია თავს არამარტო ბლანკისტებს, არამედ ნეოიაკობინელებსაც, რომელთათვისაც ფორმულა „რესპუბლიკა, ერთიანი და განუყოფელი“, თითქოსდა, წმინდა უნდა ყოფილიყო!
პრუდონისტების კომუნალიზმი იმდენად შორს ვრცელდებოდა, რომ ისინი მზად იყვნენ იმ შემთხვევაში, თუკი პარიზს დედაქალაქის წოდება ჩამოერთმეოდა, „სენის დეპარტამენტის“, ანუ პარიზის, დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ![25]
პრუდონისტებს არაფრის დიდებით არ სურდათ, კომუნალისტური დოგმის მიღმა რეალური სამყარო დაენახათ და იქამდეც კი მივიდნენ, რომ პროდუნისტული გამოცემა “La Commune” ჰგმობდა კომუნას ვერსალთან ომით „გატაცების“ გამო, მაშინ როდესაც მიუხედავი რჩებოდა კომუნალური საკითხები: ქუჩების განათება, „წყალმომარაგება, ქალაქის დასუფთავება, ომნიბუსები“. სტ. მენდელსონმა ყურადღება მიაქცია ამ აშკარად არაადეკვატურ (ბოლოსდაბოლოს, ომია!) პოზიციას და სამართლიანად აღნიშნავდა: რა ომნიბუსების მუშაობაზეა საუბარი, როცა მთელ ორმილიონიან პარიზში 600 ცხენზე ნაკლები იყო და ეს რაოდენობა არტილერიასაც კი არ ჰყოფნიდა![26]
ამგვარად, კომუნამ, რომელმაც სამხედრო დახმარების გარეშე დატოვა თანამოაზრეები და გამოაცხადა „მხოლოდ მაგალითით ზემოქმედების“ იდეალისტური პრინციპი, მარცხისთვის გაწირა სხვა ქალაქებში მებრძოლი თავისი მომხრეები, ქალაქებში, სადაც უფრო ცოტანი იყვნენ მუშებიც და ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცებიც, სადაც არც პრუსიის ალყის საშინელებები ყოფილა და სახელისუფლებო გარნიზონებიც შემორჩენილიყო. კომუნები გამოაცხადეს მარსელში, ლიონში, ტულუზაში, კრიოზოში, სენტ-ეტიენში, ლიმოჟეში, ნარბონში, ბორდოში, მორიოში[27]. მაგრამ რევოლუციური პარიზის დახმარების გარეშე, სამთავრობო ჯარებმა ყველა მალევე ჩაახშო. პ. ლუი სწორედ ამ შეცდომას მიიჩნევს პარიზის კომუნის „დაცემის მთავარ მიზეზად“[28].
ყოველივე სახელმწიფოებრივისადმი და მითუმეტეს სადამსჯელო ორგანოებისადმი ანარქისტული სიძულვილის გამო, პრუდონისტებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისათვის, რომ წინ აღდგომოდნენ კონტრრევოლუციასთან ეფექტურ ბრძოლას. ამ სფეროში კომუნა ისედაც უსუსური იყო, რადგან არ გააჩნდა არც კონტრდაზვერვის აპარატი, არც გამოცდილება და არც შესაბამისი კადრები ამგვარი საქმინობისთვის. ტიერის აგენტების უმრავლესობამ წარმატებით აირიდა თავიდან დაპატიმრება, მათი უმრავლესობა შეცდომით იყო დაპატიმრებული და მალევე გათავისუფლდა (ამასთან, მათი დიდი ნაწილი მოკავშირეების მიერ, რომლებმაც არეულობით ისარგებლეს). მაგრამ პრუდონისტები კონტრრევოლუციასთან ამგვარ „ბრძოლასაც“ მედგრად უპირისპირდებოდნენ; ისინი გამუდმებით ესხმოდნენ თავს კომუნის პროკურორს, ბლანკისტ პაულ რიგოს და ეწინააღმდეგებოდნენ საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის შექმნას, ხოლო როცა ვერაფერი მოახერხეს — ამ უკანასკნელის ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შემოღება (სავსებით ლოგიკური ზომა ომის დროს)[29]. ვერსალელების მიერ ალყაშემორტყმულ პარიზში პრუდონისტები ითხოვდნენ მაქსიმალურად ფართო სამოქალაქო უფლებებს ყველასთვის, მათ შორის, კომუნის მტრებისთვისაც, ეწინააღმდეგებოდნენ ყოველგვარ რეპრესიებს (როგორც ამბობდა არნუ, „სოციალისტები არ უნდა მიმართავდნენ იმ საშუალებებს, რომელთაც დესპოტები იყენებდნენ“) და დაჟინებით მოითხოვნდნენ, რომ სოციალისტები უნდა იყვნენ „ფილოსოფოსები და გონებას ძალაზე მაღლა აყენებდნენ“[30].
და ეს იმ დროს, როცა პარიზი, პირდაპირი გაგებით, წალეკა ვერსალის აგენტურამ, ტიერის აგენტებმა წარმატებით შეაღწიეს გენშტაბში, ნაციონალური გვარდიის ცკ-ში (რაულ დიუ ბისონი), ზოგიერთი მათგანი გახდა ნაციონალური გვარდიის ოფიცერი (მაგ., მეშვიდე ლეგიონის შტაბის მეთაური ვიკონტი ბარალ დე მონტო). ვერსალის აგენტები იყვნენ კომუნის თავდაცვის მეექვსე სექტორის მეთაური პოლკოვნიკი ლაპორტი და ნაციონალური გვარდიის პირველი მთავარსარდალი შარლ ლულიე. ტიერი იცნობდა პარიზის თავდაცვისა და ბარიკადების გეგმებს, მისმა აგენტებმა გაუხსნეს ვერსალელებს ქალაქის კარები და ჩააბარეს რედუტი მულენ-საკე. ვერსალში ტიერის მდივნის, ბარტელემი სენტ-ილერის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური ბიურო კომუნის წინააღმდეგ ჯაშუშურ-დივერსიული საქმიანობით ხელმძღვანელობისთვის. ბიურო დიდძალ საშუალებას ფლობდა. ის ქრთამავდა მოხელეებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებს, აორგანიზებდა მასობრივ საბოტაჟს (კერძოდ, თავდაცვითი სამუშაოების წარმოებისას, რკინიგზის კვანძზე, ჰოსპიტლებში), წარმატებით ახორციელებდა დივერსიებს და რაპის ქუჩაზე ვაზნების ქარხანაც კი ააფეთქა, რამაც ასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პარიზში ეწყობოდა შეთქმულებები ვერსალელების მოახლოების დროს კომუნის ზურგში ამბოხებების ორგანიზების მიზნით. და თუ ამ შეთქმულებებს გამოააშკარავებდნენ (როგორც „სამფეროვანი სახვევების“ შეთქმულებას), ეს მხოლოდ შემთხვევით ხდებოდა[31].
ანარქისტებმა უდიდესი მორალური და პროპაგანდისტული ზიანი მიაყენეს კომუნას, როცა ოფიციალურ „უმცირესობად“ ჩამოყალიბდნენ. ამის მიზეზი იყო უთანხმოება საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის შექმნასთან, რომელიც მათ აღიქვეს როგორც „სახალხო სუვერენიტეტის მიმთვისებელი დიქტატორული ძალაუფლების ორგანო“, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის შექმნა კომუნის მდგომარეობის კატასტროფული გაუარესებით იყო ნაკარნახევი[32]. 15 მაისს, „უმცირესობა“ (21 ადამიანი, რომელთაც მოგვიანებით ბ. მალონიც დაემატა) გამოვიდა ოფიციალური დეკლარაციით (16 მაისს გამოქვეყნდა პრესაში), სადაც განაცხადა კომუნის დატოვებისა და „ოლქებში გასვლის“ შესახებ. ეს იყო გახლეჩის გასაჯაროება. „უმცირესობის“ დეკლარაციამ თავზარი დასცა ყველას, მან გამოიწვია მასობრივი დაბნეულობა კომუნარებში, ვერსალის პრესის აღფრთოვანება, სიხარული პარიზის ბურჟუაზიული წრეებისა, რომლებმაც, თავიანთი პრესის საშუალებით, მაშინვე მოითხოვეს კომუნის ახალი არჩევნები[33]. და მიუხედავად იმისა, რომ „უმცირესობამ“ არ შეასრულა თავისი მუქარა, კომუნის რეპუტაციას უდიდესი ზიანი მიადგა, რამაც, ლისაგარეს თქმით, „ბოლო მოუღო კომუნის ავტორიტეტს“[34]. ხოლო ო. ლ. ვაინშტაინის აზრით, „უმცირესობის“ დეკლარაციამ, ფაქტობრივად, კომუნის საბჭოს (რომელიც უკანასკნელად 21 მაისს შეიკრიბა) დაშლა და შემდგომ დღეებში მისი დეზორგანიზება გამოიწვია[35]. როშფორის ცნობით, ტიერი „ხარობდა“, როცა კომუნის გახლეჩაზე შეიტყო, და „თავის თავს უკვე პარიზის ბატონ-პატრონად მიიჩნევდა“, დაიწყო რა ქალაქზე გადამწყვეტი შტურმისთვის მზადება[36].
კომუნარების ერთობასა და კომუნის რეპუტაციას ამის შემდეგ, უდავოდ, დიდი დარტყმა მიაყენეს პრუდონისტულმა გაზეთებმა. ისინი გაუგონარი გააფთრებით უტევდნენ „უმრავლესობას“. მაგალითად, „La Sociale”-მ 16 მაისს გამოაქვეყნა სტატია „ვიგინდარები“, რომელშიც სამხედრო გადატრიალებისკენ მოუწოდებდა როსელს, მოითხოვდა ნაციონალური გვარდიის ცენტრალური კომიტეტისა და საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის დაპატიმრებასა და დახვრეტას. 19 მაისს “La Commune” – მ „უმრავლესობას“ „პირსისხლიანი ჯამბაზები“ უწოდა და, როგორც საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისიის დახვრეტა მოითხოვა. ასეთი სტატიების შემდეგ, რომლებიც სიხისტით ბევრად აღემატებოდნენ იმას, რასაც პარიზის ბურჟუაზიული პრესა წერდა, კომუნამ გაზეთები აკრძალა, რამაც, რასაკვირველია, მაინც არ შემატა ავტორიტეტი[37].
ნეოიაკობინელებმა ეკონომიკის საკითხები სოციალისტებს მიანდეს[38], მაგრამ პრუდონისტებმა, ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, ჩააფლავეს კომუნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა. როგორც სტ. მენდელსონმა შენიშნა, თვით შრომის, მრეწველობისა და გაცვლა-გამოცვლის კომისიის (კომუნის „ეკონომიკის სამინისტროს“) სახელწოდებაც აშკარად პრუდონისტული იყო[39]. პრუდონისტული დოქტრინა ეკონიმიკის ცენტრში აყენებდა არა წარმოებას, არამედ სწორედ გაცვლა-გამოცვლას, და ამიტომ კაპიტალიზმის წინააღმდეგობებიდან გამოსავალს ხედავდა „ურთიერთმომსახურებაში“ (მუტუალიზმში), უსესხო კრედიტში, კოოპერატივებსა და „თავისუფალ ხელშეკრულებაში“ მუშახელსა და დამსაქმებელს შორის, ამ უკანასკნელის საკუთრების ხელშეუხებლობის პირობებში. პრუდონისტები თანმიმდევრულად ცდილობდნენ, განეხორციელებინათ ეს იდეები კომუნის სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაში, მიაწერდნენ რა, როგორც ჩანს, პრუდონის შეხედულებათა პრაქტიკაში ხორცშესხმის წინამორბედ ნეგატიურ გამოცდილებას (მისი „სახალხო ბანკის“ კრახი) შემთხვევითობას.
რამდენადაც პარიზის კომუნა ხელმძღვანელობდა პრუდონისტული დოგმით საკუთრების (და მითუმეტეს საბანკო ფონდების, როგორც „კრედიტისა და გაცვლის“ საფუძვლის) ხელშეუხებლობის შესახებ, და აგრეთვე იმიტომ, რომ პრუდონისტებს კომუნა მხოლოდ კომუნალურ თვითმმართველობად მიაჩნდათ, მან არათუ საფრანგეთის ბანკის ნაციონალიზება მოახდინა, არამედ ახალი ხელმძღვანელობაც კი არ დანიშნა, შემოიფარგლა რა მხოლოდ ბანკში დელეგატად პრუდონისტ შ. ბელეს გაგზავნით, რომელსაც ყველაფერში მხარს უჭერდა პრუდონისტი ფ. ჟურდი. საფრანგეთის ბანკში 3 მლრდ ფრანკი იდო, ბელემ ბანკისგან კომუნის არსებობის განმავლობაში 16 მლნ ფრანკი აიღო (ძირითადად, პარიზის მუნიციპალური ანგარიშიდან; როცა ანგარიშზე ფული ამოიწურა, ის დამცირებით იღებდა კრედიტებს — ქალაქის საკუთრების გირაოთი! — იმ თანხის ოდენობით, რომელიც საჭიროზე გაცილებით ნაკლები იყო, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა კომუნის სოციალურ პროგრამებს). ამავდროულად, საფრანგეთის ბანკმა დაუბრკოლებლად ასესხა ტიერის მთავრობას 267 მლნ ფრანკი, ანუ იმაზე 15-ჯერ მეტი, ვიდრე კომუნას![40]
უფრო მეტიც, როდესაც 12 მაისს საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენელმა ბლანკისტებმა, ნაციონალური გვარდიისა და მოხალისეთა ორი რაზმის დახმარებით, ბანკის აღება სცადეს, ბელემ მიაღწია იმას, რომ რაზმები წასულიყვნენ[41]. ტიერის მთავრობამ დაუფასა ეს მოქმედებები: კომუნის განადგურების შემდეგ, ბელე გათავისუფლდა სასჯელისგან, მიიღო საზღვრის გადაკვეთის უფლება და დაუბრკოლებლად გაემგზავრა შვეიცარიაში[42].
როგორც სამართლიანად — დაუფარავი სიმწრით — თქვა ლისაგარემ, „კაპიტალისტურ ციხესიმაგრეს“ (საფრანგეთის ბანკს) ვერსალშიც კი არ ჰყოლია ისეთი ქომაგები, როგორებიც პრუდონისტები აღმოჩნდნენ [43].
პრუდონისტებმა, ამგვარად, კომუნა შიმშილისთვის გაწირეს, ჩაშალეს სოციალური რეფორმების დაფინანსება და აიძულეს მას, უარი ეთქვა საგადასახადო პოლიტიკის მშრომელთა (ანუ თავიანთი სოციალური ბაზის) ინტერესებში გადასინჯვასა და სოციალური გადასახადების მინიმუმამდე დაყვანაზე[44]. ამ დროს კი, პრუსიელებთან ომისა და ალყის შედეგად, პარიზის საწარმოთა უმრავლესობა გაჩერდა, ქალაქში საშინელი უმუშევრობა იყო, 600 ათასი პარიზელი მუშიდან და ხელოსნიდან სამუშაო მხოლოდ 114 ათასს ჰქონდა (მათ შორის 62 ათას ქალს); კომუნა იძულებული იყო, სრულად შეენახა ყველაზე მეტი 300-350 ათასი ადამიანი, არაფერი რომ არ ვთქვათ მუნიციპალურ მოსამსახურეებზე და მისთ.[45] გარდა ამისა, საფრანგეთის ბანკის კონტროლზე ნათქვამმა უარმა პრუსიელებთან კომუნის მოლაპარაკებები ჩანასახშივე უპერსპექტივო გახადა: გერმანულმა მხარემ იცოდა, რომ კომუნას არ გააჩნია რეალური შესაძლებლობა, კონტრიბუციის თუნდაც მცირედი ნაწილი გადაიხადოს [46].
საფრანგეთის ბანკის მიმართ პარიზის კომუნის ეს პოლიტიკა, დაფუძნებული პრუდონისტულ დოგმებზე, სამართლიანად ითვლება კომუნის დაცემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად — 1872 წლიდან, როცა ამის შესახებ ენგელსმა დაწერა, პირდაპირ დააკისრა რა ბრალი პრუდონისტებს[47]. მოგვიანებით მარქსის ნაშრომის — „სამოქალაქო ომი საფრანგეთში“ — წინასიტყვაობაში მანვე აღნიშნა: „კომუნის ხელში ბანკს… ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, ვიდრე ათი ათას მძევალს. ეს აიძულებდა მთელი საფრანგეთის ბურჟუაზიას ზემოქმედება მოეხდინა ვერსალის მთავრობაზე, რათა მას ზავი შეეკრა კომუნასთან“[48].
პრუდონისტების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა ნახევრულობითა და შემთანხმებლობით გამოირჩეოდა, ის სოციალისტურიც კი არ ყოფილა და პოპულისტურის გარდა, სხვას ვერაფერს ვუწოდებთ. წარმატებული ნაბიჯები უაღრესად კერძო ხასიათს ატარებდა და მიმართული იყო ან მშრომელთა ცალკეული ჯგუფების პრობლემების გადაჭრაზე, ან ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარებაზე (ღამით მუშაობის აკრძალვა — რატომღაც მხოლოდ ხაბაზებისათვის; მუნიციპალური სასადილოების შემოღება, სადაც ფასები უფრო დაბალი იყო, ვიდრე კერძოებში, მაგრამ რატომღაც არ დაწესდა ფასების ჭერი; პროსტიტუციის აკრძალვა — რატომღაც მხოლოდ ცალკეული ოლქების მერიების მიერ და ა.შ. და ა.შ.). მიუხედავად იმისა, რომ პრუდონისტები გამუდმებით იფიცებდნენ პროლეტარიტის სახელს, მათ მიერ კომუნის მეშვეობით გატარებული კანონები ბურჟუაზიის ინტერესებს იცავდა: მაგალითად, კანონი გადავადებულ კომერციულ გადასახადებზე[49]. სანახევრო და პოპულისტური იყო ლომბარდის შესახებ კანონიც, რომელიც პრუდონისტებმა „სოციალისტურად“ შერაცხეს. ომისა და უმუშევრობის პირობებში, ლომბარდმა გაძარცვა მთელი პარიზი, დააგროვა რა 180 მილიონი ფრანკის ღირებულების ფასეულობანი (ამასთან სესხად მხოლოდ 38 მილიონი გაიცა); ლომბარდის „უზენაესმა მენეჯმენტმა“ სახელი გაითქვა ზღაპრული 1„ებით (სამმართველო აპარატის ხარჯებმა წელიწადში 960 ათას ფრანკს მიაღწია!); დაგირავების ძირითადი საგნები იყო არა ძვირფასეულობა და მისთ., არამედ შრომის იარაღები (ინსტრუმენტები, სამკერვალო მანქანები, საქსოვი დაზგები და მისთ.) და პირველადი საჭიროების ნივთები. სოციალისტური ზომა ამ სამევახშეო ინსტიტუტის ლიკვიდაცია და დაგირავებული ნივთების მათი მფლობელებისათვის დაბრუნება იქნებოდა. მაგრამ პრუდონისტებმა ეს გადაჭრით უარყვეს და მხოლოდ 20 ფრანკამდე გირაოს დაბრუნებას დათანხმდენენ. ამასთან, ამ 20 ფრანკის აღებაც ვერავინ მოასწრო[50]. ლომბარდის ლიკვიდაციაზე უარის დასაბუთებისას, ჟურდმა პირდაპირ აღიარა, რომ „ლომბარდის მოსპობა [კერძო] საკუთრების ხელყოფას ნიშნავს“[51].
პრუდონისტები, რომლებიც თავიანთ თავს „პროლეტარულ რევოლუციონერებს“ უწოდებდნენ, პრესაში გამუდმებით იცავდნენ ბურჟუაზიის ქონებრივ ინტერესებს. პრუდონისტი პიერ დენი გაზეთში „Le Cri du Peuple“ ამტკიცებდა, რომ ბურჟუაზიისა და დღიურად დაქირავებული მუშების ინტერესები საერთოა. „La Commune“ იბრძოდა „კაპიტალისა და მუშახელის კავშირისთვის“ და კომუნისგან „საზოგადოების ყველა კლასის“ ინტერესების დაცვას მოითხოვდა. „La Sociale“ აცხადებდა, რომ კომუნა არ ჩამოართმევს ბურჟუებს „მათი მიღწევების ნაყოფს“, ხოლო „Le Cri du Peuple“ ამბობდა, რომ კომუნა არ აპირებს „მდიდარი აქციოს ღარიბად, მეპატრონე — დაქირავებულ მუშად“ და „მისი ამოცანა“ „წონასწორობაა“[52].
პრუდონისტებმა ისიც კი არ გააკეთეს, რაც მათი, როგორც ინტერნაციონალის წევრების, ვალდებულება იყო. მაგ., ინტერნაციონალის ბრიუსელის (1868) კონგრესმა მიიღო რეზოლუცია რკინიგზების ნაციონალიზაციის შესახებ. პრუდონისტებმა თავი მოიკატუნეს, რომ ეს არ ახსოვთ, და რკინიგზების ნაციონალიზების პროექტიც კი არ შეუდგენიათ![53] პრუდონისტებმა უგულებელყვეს ინტერნაციონალის ჟენევის (1866) კონგრესის რეზოლუცია რვასაათიან სამუშაო დღეზე, ხოლო ლეო ფრანკელის შესაბამისი ინიციატივა უმალვე ჩააგდეს[54]. სავარაუდოდ, ისინი გულწრფელად ფიქრობდნენ, რომ მათ მიერ კონგრესსზე გატარებული დამატება „სხვადასხვა დარგის შრომის ფუნქციის ექვივალენტურობაზე“ საკითხის ალტერნატიულ გადაჭრას წარმოადგენს და ამიტომ რეზოლუცია რვასაათიან სამუშაო დღეზე მათზე არ ვრცელდება[55]. ვაინშტაინმა სწორად შენიშნა, რომ ინტერნაციონალის წევრებისგან შემდგარმა შრომისა და გაცვლის პრუდონისტულმა კომისიამ „კომუნის განხილვაზე არ დააყენა არც წარმოებაზე მუშათა კონტროლის, არც სამუშაო დღის რეგულირების და არც მინიმალური ხელფასის საკითხი“[56].
ამას შედეგად პარიზელ მუშებში კომუნის მიმართ იმედგაცრუება მოყვა. კომუნის წევრები იძულებულნი გახდნენ, ეღიარებინათ, რომ მასები კომუნას ადანაშაულებენ „არარევოლუციურობაში“, „უმოქმედობაში“, „სიზანტეში“ და მისთ[57]. ეს იმედგაცრუება მალევე მასობრივ აბსენტეიზმში (არჩევნებში მონაწილეობისაგან თავის არიდება. – მთრგმნ.) გადაიზარდა (კომუნის წევრთა დამატებით არჩევნებზე)[58].
პრუდონისტებმა, ამგვარად, შეარყიეს კომუნის სოციალური დასაყრდენი. ეს არ ყოფილა შემთხვევითი: პრუდონისტები გამუდმებით მსჯელობდნენ „სოციალურ რევოლუციაზე“, მაგრამ, სინამდვილეში, მისი ეშინოდათ. ეს კარგად ჩანს პრუდონისტების „ოქროს კალმის“, ო. ვერმორელის მიერ „l’Ordre”-ის პირველ ნომერში დაბეჭდილ სტატიაში, სადაც ავტორი ათანაბრებს სოციალურ რევოლუციას, გამარჯვებულ რეაქციასა და „პრუსიულ იერიშს“; ეს ჩანს აგრეთვე პრუდონისტების სხვა საპროგრამო დოკუმენტიდან — ინტერნაციონალის პარიზის სექციების 23 მარტის მოწოდებიდან, რომელიც, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, „სოციალური პარტნიორობის“ სულისკვეთებით იყო განმსჭვალული და რომელშიც საუბარი იყო არა პროლეტარულ რევოლუციაზე, არა კლასთა ბრძოლაზე, და, მითუმეტეს, არც წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების ლიკვიდაციაზე, არამედ „კლასობრივი ანტაგონიზმის მოსპობის“ საფუძველზე „შრომის რეორგანიზებაზე“, „კრედიტის, გაცვლის, ასოციაციის ორგანიზების, შრომის ექვივალენტური ხელფასით მუშების უზრუნველყოფის“ ფორმით[59].
მაგრამ საქმე მხოლოდ ბელადების ანარქისტულ ილუზიებში როდი იყო. თავად პრუდონისტების შეხედულებები იმ სოციალური გარემოს სტიქიურ გონება-განწყობილებებს ასახავდა, რომლის სახელითაც „პარიზის პროლეტარიატის“ ეს „წარმომადგენლები“ ლაპარაკობდნენ. მაშინდელი პარიზელი მუშები სულაც არ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც დღევანდელი წარმოდგენებით უნდა გამოიყურებოდეს პროლეტარიატი.
მეორე იმპერიის საფრანგეთი ძლიერ ჩამორჩებოდა კაპიტალისტური განვითარების მოდელს — ინგლისს, ხოლო პარიზი — დანარჩენ საფრანგეთს. პარიზში არ იყო შახტები, არც ფოლადჩამომსხმელი დიდი ქარხნები, ან საფეიქრო წარმოების ისეთი თავმოყრა, როგორიც, მაგალითად, ლიონში არსებობდა. პარიზის მუშები, ძირითადად, ორიენტირებულნი იყვნენ იმ საქონლის წარმოებაზე, რომელიც იმპერიის არისტოკრატიულ-ბიუროკრატიულ დედაქალაქს ესაჭიროებოდა: ავეჯის, სამოსის, ეკიპაჟების, ქაღალდის, ფუფუნების საგნების. პარიზის ოფიციალურად დარეგისტრირებულ 101 ათას სამრეწველო საწარმოში დასაქმებული იყო 416 ათასი მუშა, ანუ საშუალოდ ოთხი მუშა ერთ მეპატრონეზე. საწარმოთა 61 % მუშების გარეშეც შეეძლოთ ფუნქციონირება, ან მხოლოდ ერთი მუშა ჰყავდათ (ანუ ჩვენ წინაშე არიან ტიპური ხელოსნები), 31 %-ს ჰყავდა 1-დან 10 მუშამდე და მხოლოდ 7 %-ს — ათზე მეტი. მუშებისა და ხელოსნების ყველაზე დიდი რაოდენობა დასაქმებული იყო სამოსის წარმოებაში (107.5 ათასი ადამიანი), შემდეგ მოდიოდა მშენებლობა (88.7 ათასი, ამასთან, უმრავლესობა — გუშინდელი გლეხები), შემდეგ — ფუფუნების საგნების წარმოება (31.4 ათასი), შემდეგ — მეტალის ნაკეთობების წარმოება (29.3 ათასი) და საკვების ინდუსტრია (18.4 ათასი). ამასთან, სამოსისა და თავის მოვლის საშუალებების წარმოებაში ყოველ მეპატრონეზე საშუალოდ ორზე ნაკლები მუშა მოდიოდა, საკვების მრეწველობაში მეწარმეების რაოდენობა 2.5-ჯერ აღემატებოდა მუშებისას, და მშენებლობაშიც კი, თითოეულ მეწარმეზე საშუალოდ 1.5 მუშაზე ნაკლები მოდიოდა. პარიზში დასაქმებული იყო 24 ათასი მეწაღე-ხელოსანი, 15 ათასი თერძი, 4 ათასი მოდისტი, 5.5 ათასი მექუდე ქალი და კაცი, 8 ათასი თეთრეულის მკერავი, 9 ათასი მებუზმენტე და მისთ. პარიზელი მუშების მხოლოდ 10 % ირიცხებოდა ფაბრიკა-ქარხნების პროლეტარიატად (50 ათასი), ამასთან, პროლეტარები, უმეტესად, შრომობდნენ მცირე და საშუალო საწარმოებში, 19 % — მშენებლობაში და დაახლოებით 10 % იყო რკინიგზის მუშა. პარიზის მრეწველობის ორი მესამედი შედგებოდა ჯუჯა საწარმოებისგან, თითქმის მესამედი — მცირე და მხოლოდ უმნიშვნელო პროცენტს შეადგენდნენ საშუალო და მსხვილი საწარმოები. ტიპური პარიზელი მუშა ესაა ეული კუსტარი ან ხელოსანი ერთი ან ორი ქარგლით. ნიშანდობლივია, რომ XIX ს.-ის 60-იანი წლების ბოლოს მთელ საფრანგეთში წარმოებული ნედლეულის, ქვანახშირის და მეტალგადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ღირებულებამ მხოლოდ 565 მილიონი ფრანკი შეადგინა, ხოლო წარმოებული სამოსისა და მოდის საგნების ღირებულებამ 1.5 მილიარდი[60].
გარდა ამისა, მიუხედავად მეორე იმპერიის პერიოდში პარიზის გარდაქმნისა, რომელმაც მდიდარი და ღარიბი კვარტლების გარკვეული გამიჯვნა გამოიწვია, მუშების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც ცხოვრობდა (ან კარგად ახსოვდა, როგორ ცხოვრობდა სულ რაღაც ცოტა ხნის წინ) იმავე სახლებში (უბრალოდ სხვა სართულებზე), სადაც მეპატრონეები, და მუდმივი მეზობლური ურთიერთობა ჰქონდა მათთან. ანუ წარმოების მიღმაც ზნეჩვეულებები ხელოსნურ-პატრიარქალური იყო[61].
ამას სწორედ წვრილბურჟუაზიული განწყობები უნდა წარმოეშვა, თუნდაც სოციალისტური. ამგვარი წვრილბურჟუაზიული სწავლება იყო კიდეც პროდონიზმი, ამასთან — ანარქიზმის სხვა ვარიანტებთან შედარებით — საშინლად პატრიარქალური და არარევოლუციური. კაპიტალიზმის განუვითარებლობამ და პროლეტარებისა და ხელოსნების სუსტმა კლასობრივმა დიფერენციაციამ უბრალოდ გაწირა პრუდონიზმი მასობრივი წარმატებისთვის. 1871 წელს რევოლუცია რომ არ მომხდარიყო, პრუდონიზმის გავლენა, საფრანგეთის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, თავისთავად გაქრებოდა. მაგრამ რევოლუციის პირობებში ის ფატალურ ფაქტორად იქცა.
საკვირველია, მაგრამ მასები, რომელთაც, არსებითად, კლასობრივი ინსტიქტი მართავდა, სამოქალაქო ომის პირობებში, თავიანთ ბელადებზე ბევრად უფრო ადრე თავისუფლდებოდნენ ანარქისტული ილუზიებისგან. მაგრამ მასობრივი თეორიული განათლების, მასობრივი ორგანიზაციების, კლასობრივი რევოლუციური ტრადიციისა და ბელადებზე ზემოქმედების ეფექტური მექანიზმების გარეშე, ამას მხოლოდ შეზღუდული შედეგი შეიძლებოდა გამოეღო. ეს ესმოდა ლენინს, რომელიც, მუდმივად იხმობდა რა კომუნას, როგორც მაგალითს რევოლუციური პროლეტარიატისთვის, მაინც იძულებული გახდა, აღენიშნა, რომ „კომუნა არ ესმოდათ იმათ, ვინც მას ქმნიდა, ისინი ქმნიდნენ გაღვიძებული მასების გენიალური ალღოს მეოხებით“ და რომ კომუნაში „მუშათა კლასის რევოლუციური ინსტიქტი გზას იკაფავს მიუხედავად“ მისი ბელადების „მცდარი თეორიებისა“[62]. ანდა, როგორც პლეხანოვმა თქვა, „თუ პარიზის კომუნის ღონისძიებებში არ ჩანს… უტოპიზმი, ეს იმით აიხსნება, რომ დიდი რევოლუციური მოძრაობის ობიექტური ლოგიკა მისი მეთაურების სუბიექტურ ლოგიკაზე ძლიერი აღმოჩნდა, და უტოპიზმით სნეული აზრი… საზოგადოებრივი ცხოვრების მბრძანებლურ მითითებებს ემორჩილებოდა“[63].
ამგვარად, რა მოუტანა პარიზის მშრომელ მოსახლეობას ანარქისტების სანაქებო დაჟინებულობამ და პრინციპულობამ, რომლითაც ისინი ახორციელებდნენ თავიანთ იდეებს? 1. სამხედრო სფეროს ჩამოშლა, რამაც კომუნის შეიარაღებული ძალები უუნარონი გახადა, დაპირისპირებოდნენ ვერსალელების რეგულარულ არმიას. 2. პარიზის იზოლაცია — საერთო ფრანგული რევოლუციური ძალის როლში გამოსვლაზე უარის გამო (კომუნალისტური ანტისახელმწიფოებრივი დოგმების ნაყოფი). 3. მართვის სისტემის (მათ შორის — სამოქალაქო ომის პირობებში! — რეპრესიული აპარატის) დეზორგანიზაცია და დელეგიტიმაცია, ისევ და ისევ იმის აღიარებაზე უარის გამო, რომ კომუნა დე ფაქტო რევოლუციურ სახელმწიფო ძალაუფლებას წარმოადგენდა. 4. კომუნის სოციალური დასაყრდენის შერყევა სანახევრო და არათანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის შედეგად. 5. პირდაპირი განხეთქილების გზით კომუნის ავტორიტეტის შელახვა.
სწორედ ანარქისტებს მიუძღვით უდიდესი წვლილი პარიზის „სისხლიანი კვირისათვის“, 35-40 ათასის კომუნარის სიკვდილისთვის, რომელთაგან ბრძოლაში 3 ათასზე ნაკლები დაიღუპა, ხოლო დანარჩენები გაუსამართლებლად (en masse) და სასამართლოს განაჩენით დაისაჯნენ, დაიხოცნენ პატიმრობაში, მათ შორის, ჭრილობებისგან, სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილნი[64].
მთელი მსოფლიოს ანარქისტებს ეამაყებოდათ პარიზის კომუნა, როგორც „სახელმწიფოს დაძლევის გამოცდილება“. მაგალითად, ბაკუნინი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ კომუნა ესაა არასახელმწიფოებრიობის, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სოციალური რევოლუციის ნიმუში[65]. და დღესაც ა. შუბინი ქება-დიდებას ასხამს კომუნის ანარქისტებს, ამასთან, სწორედ მათი რეფორმიზმისთვის, კლასობრივი ბრძოლის უარყოფისთვის, „კაპიტალთან ეკონომიკური შეჯიბრის კონსტრუქციულ ფორმებზე, და არა მის ძალადობრივ მოსპობაზე“ ორიენტირებისთვის, განზრახვისთვის, „შეექმნათ ახალი სექტორი“ ეკონომიკაში (რომ დავუფიქრდეთ, დახურული აქციონერული საზოგადოების ფორმით), იმისათვის, რომ მათ „თავის თავზე აიღეს შრომასა და კაპიტალს შორის შუამავალთა ფუნქციები“[66].
ანარქისტებს, უდავოდ, სრული უფლება აქვთ, პარიზის კომუნა „თავისად“ მიიჩნიონ. მიუხედავად იმისა, რას ამბობს მარქსისტული ტრადიცია, რომელიც კომუნას პროლეტარული სახელმწიფოს (პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფოს) ნიმუშად წარმოადგენს, კომუნა, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, სახელმწიფო არ ყოფილა. ეს ჯერ კიდევ ენგელსმაც იცოდა[67], მაგრამ ტაქტიკურ-პოლიტიკური მოსაზარებების გამო მარქსისტები ამ თვალსაზრისს არ პროპაგანდირებდნენ, ხოლო დროთა განმავლობაში სულაც გადაივიწყეს.
კომუნა წარმოადგენდა ეტატოიდური ხელისუფლების ფორმას. მაგრამ იგი სწორედ ამან დაღუპა. კომუნამ, პირველ რიგში, სამხედრო მარცხი განიცადა: მხოლოდ ანარქისტებისთვის დამახასიათებელ აჯანყებულთა ეტატოიდურ ხელისუფლებას შეეძლო, შეგნებულად დაეშვა ორი უპატიებელი შეცდომა: აერჩია თავდაცვითი ტაქტიკა, მაშინ როდესაც „თავდაცვა ნებისმიერი შეიარაღაბეული აჯანყების მარცხის ტოლფასია“[68] და მოეხდინა სამხედრო სტრუქტურების მაქსიმალური დეზორგანიზება, მაშინ როდესაც „ორგანიზაცია — ესაა გამარჯვება, ხოლო დაქსაქსულობა — სიკვდილი“[69].
ანარქიამ მოკლა კომუნა. ამას (თუმცა კი, 1877 წელს, თავშეკავებულად, დაღუპულ კომუნართა ნათესავებისა და ამხანაგების გრძნობების გათვალისწინებით) ამბობდა ვ. ლიბკნეხტიც: „პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზების არარასებობა წითელ ზოლად გასდევს კომუნის მთელს ისტორიას. ამან წინასწარ განსაზღვრა მისი ბედი“[70]. 1872 წელს პირად წერილში ენგელსი თავს უფრო ხისტი შეფასების უფლებას აძლევდა: „სწორედ ცენტრალიზაციისა და ავტორიტეტის ნაკლებობა დაუჯდა კომუნას სიცოცხლედ“[71].
ხოლო საჯაროდ მარქსმა და ენგელსმა 1873 წელს ორჯერ მოიყვანეს ციტატად გარიბალდის წერილი (ამასთან, ენგელსმა მეორე შემთხვევაში საჭიროდ ჩათვალა ამ სიტყვების გამოკვეთა): „პარიზის კომუნა დაეცა იმიტომ, რომ პარიზში არ არსებობდა არავითარი ავტორიტეტული ძალაუფლება და მხოლოდ ანარქია სუფევდა“[72].
კიდევ უფრო მეტად მკაცრი პრეტენზიები კომუნის წევრ ანარქისტებს ნაროდნიკობის თეორეტიკოსმა, კომუნის მონაწილემ და მათსავით ინტერნაციონალის წევრმა, პ. ლ. ლავროვმა წაუყენა: „…სწორედ სოციალისტური უმცირესობის წევრებს არაფერში არ გამოუვლენიათ ის, რომ … მთავარი არის „ეკონომიკური თანასწორობა“, „პოლიტიკური თავისუფლების“ აუცილებელი წინმსწრები პირობა. ისინი ლაპარაკობდნენ თემთა ავტონომიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, დიქტატურის მავნებლობაზე — მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე — და მომავლისთვის დებდნენ შრომისა და კაპიტალის, პროლეტარიატისა და საკუთრების ურთიერთმიმართების განხილვას; ისინი ვერ ბედავდნენ სახაზინო საკუთრებისთვის, ბანკებისთვის ეხლოთ ხელი, … და უფრო ნაკლებ — კერძო პირების საკუთრებისთვის, იფარგლებოდნენ რა ამ სფეროში ფრთხილი სანახევრო ზომებით. …პროლეტარიტისთვის მტრული ეკონომიკური წყობილების არცერთი ქვა არ დაუძრავთ ადგილიდან მისი რევოლუციის წარმომადგენლებს“[73]. კომუნამ „გამოაცხადა „სოციალური აღორძინება“, მაგრამ არც კი უცდია, განეხორციელებინა იგი. მან გამოაცხადა „ძველი სამთავრობო და კლერიკალური სამყაროს დასასრული, მილიტარიზმის, ბიუროკრატიის, ექსპლუატაციის, საბირჟო მაქინაციების, მონოპოლიებისა და პრივილეგიების დასასრული“, მაგრამ მას ერთი გაბედული ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს მათი დასრულებისთვის. მან წამოაყენა სოციალური რევოლუციის პროგრამა, მაგრამ ვერ გაბედა ამ პროგრამის შესრულება“[74].
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლავროვმა კომუნის ანარქისტები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი აღმოჩნდნენ დაბრკოლება სოციალური რევოლუციის გზაზე! რევოლუციონერსა და სოციალისტს, შეუძლებელია, ამაზე საშინელი ბრალდება მოუფიქრო.
სტატიის დასაწყისში მითითებულ სამივე შემთხვევაში, როცა ანარქისტებმა რეალურად სცადეს „უბატონობის“ შემოღება, ისინი — ხელისუფლების მტრები („ანარქია“ ნიშნავს „უხელისუფლებობას“) — იძულებულნი იყვნენ, ხელში აეღოთ ძალაუფლება, გამხდარიყვნენ ხელისუფლება. და, სძულდათ რა სახელმწიფო, ისინი იძულებულნი იყვნენ, შეექმნათ ეტატოიდური (სახელმწიფოს მაგვარი) სტრუქტურები. მაგრამ მხოლოდ პარიზის კომუნაში ანარქისტები არ წასულან Realpolitik-ის წინაშე დათმობებზე, შეინარჩუნეს იდეური სიწმინდე. და ნათლად აჩვენეს სამყაროს, რით შეიძლება დამთავრდეს ეს უმოკლეს დროში. ჰეკატომბით.
9-23 ივლისი 2009
სტიატია გამოქვეყნდა ჟურნალში “Неприкосновенный Запас“, 2009, № 5.
თარგმნა ნორიკ ბადოიანმა
წყარო: http://saint-juste.narod.ru/mutter.html
შენიშვნები
[1] История Парижской Коммуны 1871 года. М., 1971. გვ. 275, 309.
[2]ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: Молчанов Н.Н. Шарль Делеклюз. Эжен Варлен. Герои Парижской Коммуны. М., 1971. გვ. 176–208; Валлес Ж. Жак Вентра. Трилогия. М., 1949. გვ. 768–769; Валлес Ж. Парижская Коммуна. М., 1974. გვ. 362–365; Домманже М. Коммунар Варлен. Л., 1927. გვ, 12–27; Лурье А.Я. Портреты деятелей Парижской Коммуны. М., 1956. გვ. 61–101.
[3] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. М., 1961. გვ. 256–258; Лукин Н.М. Избранные труды. В трех томах. Т. II. М., 1962. გვ. 221–222.
[4] მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები 2 ტომად, ტ. 2. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1964. გვ. 568.
[5] История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 300.
[6] Протоколы Парижской Коммуны. Т. I. М., 1933. გვ. 61.
[7] ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ.: Дюкло Ж. Бакунин и Маркс. Тень и свет. М., 1975. გვ. 125–140; Пирумова Н.М. Бакунин. М., 1970. გვ. 336–337.
[8] Протоколы заседаний Парижской Коммуны 1871 года. Т. I. М., 1959. გვ. 308; Молчанов Н.Н. მით. ნაშ. გვ. 130–132; Лиссагарэ Э. История Парижской коммуны в 1871 г. СПб., 1906. გვ. 245–247.
[9] Лиссагарэ Э. მით. ნაშ. გვ. 247.
[10] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 407; История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 341.
[11] Протоколы заседаний Парижской Коммуны 1871 года. Т. I. გვ. 292–293.
[12] Степанов И . Парижская коммуна 1871 года и вопросы тактики в пролетарской революции. М.–Л., 1931. გვ. 191; Лиссагарэ Э. მით. ნაშ. გვ. 246.
[13] История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 382, 412, 418–419; Лавров П.Л. Парижская Коммуна 18 марта 1871 год. Л.–М., 1925. გვ. 106–107; Дьяков В.А. Ярослав Домбровский. М., 1969. გვ. 216, 219; Лиссагарэ Э. მით. ნაშ. გვ. 286–287.
[14] Цит. по: Молчанов Н.Н. მით. ნაშ. გვ. 151.
[15] Раля М. Два облика Франции. М., 1962. გვ. 326.
[16] Лавров П.Л. მით. ნაშ. გვ. 102.
[17] Очерки истории революционного движения. Эпоха промышленного капитализма. М., 1933. გვ. 372–373.
[18] Луи П. История социализма во Франции. М., б.г. გვ. 323.
[19] История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 477–478; Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 499; Степанов И. მით. ნაშ. გვ. 41–42; Лукин Н.М . Избранные труды. Т. II. გვ. 280–281, 286.
[20] Лиссагарэ Э. მით. ნაშ. გვ. 119; Лавров П.Л. მით. ნაშ. გვ. 134, 136.
[21] Маркс К. и Энгельс Ф . Сочинения Т. 17. М., 1960. გვ. 573, 576; მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. 2. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1964. გვ. 567-568.
[22] მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. 1. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1963. გვ. 593.
[23] См.: Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 364–365; Парижская коммуна 1871 года. Время – события – люди. М., 1981. გვ. 30; История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 238–239; Лукин Н.М . Избранные труды. Т. II. გვ. 258–259; Т. III. გვ. 84; Шури М . Коммуна в сердце Парижа. М., 1970. გვ. 227; Лиссагарэ Э. История Коммуны 1871 г. С приложением статьи Станислава Мендельсона «Причины и внутренние движущие силы Коммуны». СПб., б.г. გვ. XXXVIII.
[24]„დეკლარაციის“ ტექსტი იხ.: Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 390–391.
[25] Луи П. მით. ნაშ. С. 308.
[26] Лиссагарэ Э. История Коммуны 1871 г. გვ. LXII.
[27] უფრო დაწვრილებით იხ.: История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 490–495; Лиссагарэ Э . История Парижской коммуны в 1871 г. გვ. 158–167, 198–207; История Франции. В трех томах. Т. 2. М., 1973. გვ. 411–415.
[28] Луи П. მით. ნაშ. გვ. 325.
[29] История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 347; Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 522.
[30] Лукин Н.М . Избранные труды. Т. II. გვ. 310–311; История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 409.
[31] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 519–521; Лиссагарэ Э . История Парижской коммуны в 1871 г. გვ. 294–300, 316–317; Лукин Н.М. Избранные труды. Т. II. გვ. 293; Вайнштейн О.Л. История Парижской Коммуны. Б.м., 1932. გვ. 118, 190; де Рошфор В.-А. Приключения моей жизни. М.–Л., 1933. გვ. 281.
[32] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 410, 425.
[33] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 397–398, 400; История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 397–400; Лукин Н.М. Избранные труды. Т. II. გვ. 417–421; Лиссагарэ Э . История Парижской коммуны в 1871 г. გვ. 315–316; Степанов И. Указ. соч. გვ. 222.
[34] Лиссагарэ Э . История Парижской коммуны в 1871 г. გვ. 315.
[35] Вайнштейн О.Л. Указ. соч. გვ. 189.
[36] де Рошфор В.-А. Указ. соч. გვ. 270.
[37] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 460, 508; История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 400–405, 465.
[38] Лукин Н.М. Избранные труды. Т. II. გვ. 277.
[39] Лиссагарэ Э. История Коммуны 1871 г. გვ. LXXI.
[40] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 385–386; История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 318–319; Степанов И . მით. ნაშ. გვ. 143–146; Лукин Н.М. Избранные труды. Т. II. გვ. 365–368; Т. III. М., 1963. გვ. 91; Вайнштейн О.Л. მით. ნაშ. გვ. 137–140.
[41] История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 395; История Франции. Т. 2. გვ. 436.
[42] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 480; Йекк Г. Интернационал. СПб., 1906. გვ. 211.
[43] Лиссагарэ Э . История Парижской коммуны в 1871 г. გვ. 214.
[44] Лукин Н.М. Избранные труды. Т. II. გვ. 369–370; Вайнштейн О.Л. Указ. соч. გვ. 136–137.
[45] Лиссагарэ Э. История Парижской коммуны в 1871 г. გვ. 242; Степанов И. მით. ნაშ. გვ. 143.
[46] История Франции. Т. 2. გვ. 443.
[47] მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები, ტ. 1. გვ. 713.
[48] იქვე. გვ. 555.
[49] История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 309–31; Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 374–375.
[50] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 383–384, 470; Лукин Н.М. Избранные труды. Т. II. გვ. 340–345; Вайнштейн О.Л. Указ. соч. გვ. 132–133.
[51] Протоколы Парижской Коммуны. Т. I. გვ. 256.
[52] История Парижской Коммуны 1871 года. გვ. 477; Степанов И. მით. ნაშ. გვ. 125; Лукин Н.М. Избранные труды. Т. II. გვ. 377, 379.
[53] იხ.: Лукин Н.М. Избранные труды. Т. II. გვ. 380–381.
[54] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 475; Очерки истории революционного движения. გვ. 368.
[55] იხ.: Засулич В.И. Избранные произведения. М., 1983. გვ. 64–65.
[56] Вайнштейн О.Л. მით. ნაშ. გვ. 143.
[57] Протоколы Парижской Коммуны. Т. I. გვ. 189–190; Вайнштейн О.Л. მით. ნაშ. გვ. 166.
[58] Лукин Н.М. Избранные труды. Т. II. გვ. 410–411.
[59] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 315, 321, 393.
[60] Парижская Коммуна 1871 г. Т. I. გვ. 48–49; Лукин Н.М. Избранные труды. Т. II. გვ. 31–32, 43; Вайнштейн О.Л. მით. ნაშ. გვ. 30; Лурье А.Я. მით. ნაშ. გვ. 12–13; Книжник-Ветров И.С. Русские деятельницы Первого Интернационала и Парижской Коммуны. Е.Л. Дмитриева, А.В. Жаклар, Е.Г. Бартенева. М.–Л., 1964. გვ. 72–73.
[61] Лукин Н.М. Избранные труды. Т. II. С. 49.
[62] ლენინი ვ. ი. თხზულებანი, ტ.27. თბ., სახელგამი, 1952. გვ. 145.; ლენინი ვ. ი. თხზულებანი, ტ. 9. გვ. 235.
[63] Плеханов Г.В. Сочинения. Т. XII. М., б.г. გვ. 338.
[64] Молок А.И. Белый террор во Франции в 1871 г. М., 1931; Лукин Н.М . Избранные труды. Т. II. გვ. 483–486; История XIX века. Т. 7. М., 1939. გვ. 12, примеч. 1; де Рошфор В.-А. მით. ნაშ. გვ. 293. დაჭრილთა რაოდენობა გამოცემა «Journal des Débats» -ის შეფასებით 60 ათ. იყო, ხოლო მსხვერპლებისა და რეპრესირებულების საერთო რიცხვი, ლისაგარეს გამოაანგარიშებით — დაახლოებით 107 ათ. ადამიანი (Лиссагарэ Э. История Парижской Коммуны в 1871 г. С. 433, 519), ხოლო გ. იეკის გამოაანგარიშებით — 107 ათ. (Йекк Г. მით. ნაშ. გვ. 214–215).
[65] Бакунин М.А. Избранные сочинения. Т. 4. Пг.–М., 1920. გვ. 247–266; Бакунин М.А. Философия. Социология. Политика. М., 1989. გვ. 303–316.
[66] Исаев А.К., Шубин А.В . Демократический социализм – будущее России. М., 1995. გვ. 18–20.
[67] Маркс К. и Энгельс Ф. Сочинения. Т. 19. М., 1961. გვ. 5.
[68] Маркс К. и Энгельс Ф. Сочинения. Т. 8. М., 1957. გვ. 100.
[69] Бланки Л.О. Избранные произведения. М., MCMLII. გვ. 320.
[70] Либкнехт В. 48-й год и Коммуна. Пг., 1918. გვ. 57.
[71] Маркс К. и Энгельс Ф. Сочинения. Т. 33. გვ. 317.
[72] См.: Маркс К. и Энгельс Ф. Сочинения. Т. 18. გვ. 375, შენ. 2; 456.
[73] Лавров П.Л. მით. ნაშ. გვ. 124–125.
[74] Лавров П.Л. Философия и социология. Избранные произведения в двух томах. Т. 2. М., 1966. გვ. 360.
