ოქტომბრის რევოლუცია — ინტერნაციონალისტური პროექტი
ოქტომბრის რევოლუცია მარქსისტული ინტერნაციონალისტური მიდგომის ერთ-ერთ ყველაზე თანმიმდევრულ ხორცშესხმას წარმოადგენს. ბოლშევიკები მსოფლიო სოციალ-დემოკრატიას სწორედ ინტერნაციონალიზმის საკითხის გამო გაემიჯნენ — მას შემდეგ, რაც II ინტერნაციონალის[I] ბელადებმა, I მსოფლიო ომის დასაწყისში, უარყვეს ინტერნაციონალიზმი, მხარი დაუჭირეს კლასობრივ მტერს თავიანთ ქვეყნებში და გახდნენ შოვინისტები[II].
ბოლშევიკები თავიდანვე — მაშინვე, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ — ორიენტირდნენ არა ნაციონალურ, არამედ ინტერნაციონალურ პროექტზე —მსოფლიო რევოლუციაზე [III]. ერთი მხრივ, კლასიკური მარქსიზმი პირდაპირ ამბობდა, რომ ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში ვერავითარი სოციალიზმი ვერ იარსებებს და სოციალისტურ რევოლუციას უნდა ჰქონდეს გლობალური მასშტაბი[IV]. მეორე მხრივ, ბოლშევიკებმა იცოდნენ, რომ ძალაუფლება ხელში აიღეს ჩამორჩენილ, განუვითარებელ, დასავლურ კაპიტალზე დამოკიდებულ ქვეყანაში (შემთხვევითი როდია, რომ გერმანიასთან ომში რუსეთი გამოიფიტა), როგორც დღეს იტყოდნენ, პერიფერიული კაპიტალიზმის ქვეყანაში (უბრალოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ არ არსებობდა არც შესაბამისი თეორიები და არც მისი თანმხლები ცნებითი აპარატი). ჩამორჩენილი ქვეყანა, ამბობდა ორთოდოქსული მარქსიზმი, ვერ შეასრულებს (მით უმეტეს მარტოდმარტო) სამყაროს სოციალისტური გარდაქმნის ლოკომოტივის როლს. აქედან — მსოფლიო რევოლუციაზე ორიენტაციის აღება. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში ლენინი და ტროცკი დაუღალავად იმეორებდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო რევოლუცია იხსნის რუსეთის რევოლუციას.
მსოფლიო რევოლუციის განხორციელების დამხმარე საშუალებად სპეციალურად შეიქმნა მესამე (კომუნისტური) ინტერნაციონალი — კომინტერნი. კომინტერნი — ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს — დასავლეთში პირველი საბჭოთა რესპუბლიკების გაჩენამდე დაარსდა და დამფუძნებლების მხრიდან განიხილებოდა მსოფლიო კომუნისტურ პარტიად, რომელშიც თითოეული ეროვნული კომპარტია სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი ადგილობრივი სექცია. კომინტერნს უშუალოდ უნდა ეხელმძღვანელა მუშათა მოძრაობაში გამიჯვნის პროცესისთვის, დახმარებოდა რადიკალურ ელემენტებს დისკრედიტირებულ და ფაქტობრივად დაშლილ მეორე ინტერნაციონალთან კავშირის გაწყვეტაში, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ამოცანა შესრულდებოდა, პირდაპირ გაძღოლოდა მშრომელებს მათ ქვეყნებში ბურჟუაზიის ძალაუფლების დასამხობად.
ხაზი უნდა გავუსვათ, რომ იმ პერიოდში ბოლშევიკები აღმოჩნდნენ მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც პლანეტარულად აზროვნებდა. მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ვიწრო-ნაციონალისტურად აზროვნებდნენ, საუკეთესო შემთხვევაში — რეგიონალურად. ეს ბრიტანელ ხელმძღვანელობასა და მმართველ კლასსაც კი ეხებოდა, რომელთა აზროვნებაც, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეებისა და კონკურენტების აზროვნებაზე უფრო ფართო იყო, მაინც მხოლოდ ბრიტანეთის იმპერიის ინტერესების შენარჩუნების, მისი საზღვრების დაცვისა და შესაძლო გაფართოების ფარგლებში რჩებოდა. ერთადერთი, ვინც, ბოლშევიკების გარდა, იმ პერიოდში პლანეტარულად აზროვნებას ცდილობდა, გამორიცხავდა რა თავისი ინტერესებიდან ცალკეულ — თუმცა კი ძალიან დიდ — რეგიონებს, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, კათოლიკური ეკლესია იყო. მაგრამ კათოლიკური ეკლესია მაშინ არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას, რადგან არ ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოებრიობა (ვატიკანი სახელმწიფო მხოლოდ 1929 წელს გახდა, მუსოლინისთან დადებული ლატერანის შეთანხმებების მიხედვით), ეს კი კათოლიკურ ინსტიტუტებს გარდაუვალად დამოკიდებულს ხდიდა ეროვნულ ხელისუფლებაზე.
მსოფლიო რევოლუციის განხორციელების ამოცანის პარალელურად, ბოლშევიკები იძულებულნი იყვნენ, გადაეჭრათ ყოფილი რუსეთის იმპერიის ნაციონალური მოწყობის გარდაქმნის ამოცანაც. როგორც ცნობილია, თავდაპირველად ბოლშევიკები სათანადოდ არ აფასებდნენ ნაციონალურ ფაქტორს (რაც სავსებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ კლასობრივ მიდგომაზე მარქსისტების კონცენტრირებას), მაგრამ 1905-1907 წლების რევოლუციამ წარმოაჩინა, ერთი მხრივ, იმპერიის ნაციონალური წინააღმდეგობრიობების მთელი სიმწვავე, ხოლო მეორე მხრივ ის, რომ ეროვნული მოძრაობები საკმარისად განვითარებულნი არიან დამოუკიდებელი როლის შესასრულებლად.
ოქტომბრისთვის ბოლშევიკებმა უკვე შეიმუშავეს თანმიმდევრული ინტერნაციონალისტური პოზიცია ეროვნულ საკითხზე, ერთმნიშვნელოვნად აღიარეს რა ერთა უფლება თვითგამორკვევაზე (სახელმწიფოებრივი განცალკევების უფლების ჩათვლით) და ოქტომბრის შემდეგ მტკიცედ იდგნენ ამ პოზიციაზე. უკვე 1917 წლის ნოემბერში სახალხო კომისართა საბჭომ (სკს) მიიღო „რუსეთის ხალხების უფლებათა დეკლარაცია“, რომელშიც დაფიქსირებული იყო: ხალხთა თანასწორობა და სუვერენულობა, რუსეთის ხალხთა თავისუფალი თვითგამორკვევის უფლება, ყველა და ყოველგვარი ეროვნული და ეროვნულ-რელიგიური პრივილეგიებისა და შეზღუდვების გაუქმება, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ნაციონალური უმცირესობისა და ეთნოგრაფიული ჯგუფის თავისუფალი განვითარების უფლება.
სწორედ ამ „დეკლარაციაზე“ დაყრდნობით აღიარა შემდგომში საბჭოთა მთავრობამ უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვას, სომხეთისა და ბელარუსის დამოუკიდებლობა. „რუსეთის ხალხთა უფლებათა დეკლარაციაში“ მიღებული ნაციონალური სტრატეგია შემდეგ გამყარდა „მშრომელი და ექსპლუატირებული ხალხის უფლებათა დეკლარაციაში“ (იანვარი 1918). ორივე დოკუმენტი ატარებდა პრინციპულ, და არა კონიუნქტურულ ხასიათს, რამდენადაც სამოქალაქო ომი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული და ბოლშევიკებს არ სჭირდებოდათ ეროვნული მოძრაობები და ეროვნული უმცირესობები, როგორც სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეები. მაგრამ სამოქალაქო ომის დაწყებასთან ერთად, გამოაშკარავდა, რომ ამ თანმიმდევრულმა პოზიციამ გაამართლა: ერთა თვითგამორკვევის უფლების აღიარებამ და ეროვნული პრივილიგიებისა და შეზღუდვების გაუქმებამ საშუალება მისცა ბოლშევიკებს, მოეხდინათ კლასობრივი დაყოფა თითოეული ერის შიგნით და არ მიეცათ პოლიტიკური მტრებისთვის შესაძლებლობა, წარმატებით განეხორციელებინათ ეროვნული მობილიზაცია „რუს დამპყრობლებთან ბრძოლის“ ლოზუნგით.
სწორედ იმის გამო, რომ ბოლშევიკებმა თავიდანვე ხმამაღლა გამოაცხადეს, რომ არა ვიწრონაციონალური (რუსეთის) რევოლუციონერები, არამედ მსოფლიო რევოლუციის მოწინავე რაზმი არიან, ოქტომბერი კი — მისი პირველი კერა, და მიესალმნენ ანტიმონარქიულ რევოლუციებს გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთში, როგორც ნაბიჯებს მსოფლიო პროლეტარული რევოლუციისკენ, რუსეთის გამოცდილება სავსებით მიმზიდველი აღმოჩნდა დასავლეთისთვისაც. ეს გამოიხატა საბჭოთა რესპუბლიკების დამყარებით უნგრეთში, ბავარიაში, სლოვაკეთში და (რაც ნაკლებად ცნობილია ჩვენს ქვეყანაში) ელზასსა და რუსკაია კრაინაში (ანუ იმიერკარპატებში). ამასთან, ამ რესპუბლიკების შექმნა სულაც არ ყოფილა კომინტერნის მიერ შთაგონებული, რამდენადაც ისინი III ინტერნაციონალის პირველი კონგრესის ჩატარებისთანავე გაჩნდნენ, როდესაც კომინტერნი, მთლიანობაში, ვირტუალური ორგანიზაცია იყო, ფაქტობრივად არ ჰქონდა ნაციონალური სექციები, და კომინტერნის ემისრებსაც ჯერ კიდევ არ ჩამოეღწიათ თავიანთი ქვეყნებიდან მოსკოვში.
ბოლშევიკები, უსათუოდ, მზად იყვნენ, ყველაფერი ეღონათ სუსტი ევროპული საბჭოთა სახელმწიფოების დასახმარებლად. უნგრეთის წითელი არმიის აღმოსავლეთის ლაშქრობას მათ, როგორც ცნობილია, გზად — პოლონეთის სამხრეთისა და რუმინეთის გავლით — მუშურ-გლეხური წითელი არმიის ძალების ორი კოლონა დაახვედრეს, რათა შეერთებოდნენ უნგრეთს, სლოვაკეთსა და რუსკაია კრაინას. პერსპექტივაში განიხილებოდა გარღვევა საბჭოთა ბავარიისკენ და, ზოგადად, რევოლუცია გერმანიაში. მოსკოვში, ცხადია, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდნენ, მაგრამ გერმანიაში, ავსტრიაში, ჩრდილოეთ იტალიასა და სილეზიაში (პოლონეთის სამხრეთის ჩათვლით) არსებულ საბჭოების მოძრაობაზე იცოდნენ. უფრო მეტიც, სახალხო კომისართა საბჭო და კომინტერნი, როგორც ჩანს, თვლიდნენ, რომ ვენაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების წარუმატებლობა შემთხვევითი და უმნიშვნელო ფაქტორებით იყო გამოწვეული.
როგორც ცნობილია, დასავლურ საბჭოთა სახელმწიფოებთან გაერთიანების გეგმის განხორციელება არ მოხერხდა: ბოლშევიკებისთვის უსიამოვნო აღმოჩენა გახდა მოკავშირეების მიერ კარგად ეკიპირებული და მშვენივრად შეიარაღებული, პოლონეთის ჩრდილოეთიდან კარპატებისკენ გადასროლილი, პოლონური კორპუსების არსებობა, სამხრეთის ლაშქრობა კი გრიგორიევის აჯანყების[V] გამო ჩაიშალა. ამასთან, უდავოა, რომ ამ ოპერაციის წარმატება რადიკალურად შეცვლიდა ევროპის პოლიტიკურ რუკას და მასში არსებულ ძალთა ურთიერთშეფარდებას. „წითელი სარტყელი“, პერსპექტივაში, შეიძლებოდა, სლოვაკეთის, უნგრეთის, ტრანსილვანიისა და ავსტრიის გავლით ჩრდილოეთ იტალიამდე გადაჭიმულიყო — გერმანიისა და პოლონეთის შემდგომი რევოლუციონიზებითა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა ხელისუფლების დაბრუნებით. ამ პირობებში, მომავალი სსრკ-ის (შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირი 1922 წლის დეკემბერში შეიქმნა) დედაქალაქი, რასაკვირველია, გახდებოდა არა მოსკოვი, არამედ ვენა (ან თუნდაც ბერლინი).
კომინტერნის მეორე კონგრესზე (1920 წლის ივლის-აგვისტო), — უკვე მას შემდეგ, რაც ევროპაში საბჭოთა რესპუბლიკები დამარცხდნენ, — ბოლშევიკებმა, ბოლოს და ბოლოს, ყური დაუგდეს ტროცკის მოწოდებას — განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ აღმოსავლეთისთვის და კოლონიების საკითხისთვის. კომინტერნის მეორე კონგრესის რეზოლუციებში, რომლებიც ლენინისა და როის მიერ იყო შემუშავებული, პირველად ნათლად არის ფორმულირებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუციებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების პრინციპები კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნებისთვის. საინტერესოა, რომ კოლონიური სისტემების დაშლას, რაც ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, თეორიის სფეროში არ წარმოუქმნია რაიმე პრინციპულად განსხვავებული კონცეფციები, მიუხედავად „მესამე სამყაროს“ თეორეტიკოსების სიმრავლისა: ფაქტობრივად, ისინი თავიანთი კონსტრუქციების საფუძვლად, ცხადად თუ დაფარულად, იღებდნენ ბოლშევიკების მიერ შემოთავაზებულ ლოგიკასა და არგუმენტაციის სისტემას.
ბაქოში ჩატარებული კომინტერნის მეორე კონგრესის შემდეგ შედგა აღმოსავლეთის ხალხთა პირველი ყრილობა (იმ დროისათვის გრანდიოზული — ორი ათასი ადამიანის მონაწილეობით), რომელმაც შესაბამისი დეკლარაციები მიიღო. თუმცაღა, ამ ბოლშევიკურ სტრატეგიას საფუძველი ჯერ კიდევ 1917 წელს ჩაეყარა სახალხო კომისართა საბჭოს მიმართვით „რუსეთისა და აღმოსავლეთის ყველა მუსლიმისადმი“, რომელიც აცხადებდა უარს ფარულ დიპლომატიაზე, ერთა უფლებას თვითგამორკვევაზე და შეიცავდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტიკოლონიური რევოლუციებისაკენ მოწოდებას.
სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგაც კი, როდესაც ცხადი გახდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ გაიმარჯვა და შეუძლია, მსოფლიო რევოლუციის მხარდაჭერის გარეშეც, დიდი ხნის (თუმცა არავინ იცოდა, ზუსტად რამდენის) განმავლობაში იარსებოს, ბოლშევიკები სავსებით შეგნებულად დებდნენ მნიშვნელოვან რესურსს სოციალური და კოლონიური დამოკიდებულებისაგან სხვა ხალხების გათავისუფლებაში. ეს ჩანს მათი მოქმედებებიდან „ძველი სამყაროს“ წინააღმდეგ მიმართულ ორ მომდევნო (1919 წლიდან) შეტევაში — 1921 და 1923 წელს. მიუხედავად იმისა, რომ 1921 წელს კომუნისტური ამბოხებები ევროპაში დამარცხდა, მონღოლეთში რევოლუციამ გაიმარჯვა — და ბოლშევიკებს პირველი, ძალაუფლების სათავეში მდგარი პოლიტიკური მოკავშირე გამოუჩნდათ.
საკუთრივ გერმანიაში 1923 წლის რევოლუციის მარცხისთვის ბოლშევიკებს კი არ უნდა წავუყენოთ პრეტენზიები, არამედ გერმანიის კომუნისტურ პარტიას, რომლის მიერ აჯანყების გადადების გადაწყვეტილება მხოლოდ მისი საკუთარი შეცდომებით, პარტიის ხელმძღვანელთა არასაკმარისი ბოლშევიზაციითა და მათი წმინდად სოციალ-დემოკრატიული ცრურწმენებით იყო გამოწვეული. სხვათა შორის, 1923 წლის რევოლუციის მარცხი ფატალური აღმოჩნდა. ამაზე ჩვეულებრივ არ საუბრობენ, მაგრამ 1923 წლის რევოლუციის გამარჯვება რადიკალურად შეცვლიდა მსოფლიო ისტორიის მსვლელობას. როგორც მინიმუმ, ის შეუძლებელს გახდიდა ორ მოვლენას: მესამე რაიხის შექმნასა და სსრკ-ში სტალინიზმის დამყარებას.
კომინტერნის სტალინიზაციის, „ერთიანი ფრონტის“[VI] ტაქტიკის „კლასი კლასის წინააღმდეგ“[VII] ტაქტიკით შეცვლის პერიოდიდან მოყოლებული, ოქტომბრის ინტერნაციონალისტური მამოძრავებელი ნელ-ნელა სუსტდებოდა, თეორია აღარ დასტურდებოდა პრაქტიკით. „ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების“[VIII] კურსისთვის მსოფლიო რევოლუცია უკვე ზედმეტი და საზიანოც კი იყო. თავად კომინტერნი მსოფლიო რევოლუციის განხორციელების იარაღიდან იქცეოდა სტალინური ხელმძღვანელობის გეოპოლიტიკური თამაშის იარაღად, ანუ ეროვნული სახელმწიფოს უცხოურ ბერკეტად. პრინციპმა „კლასი კლასის წინააღმდეგ“ არა მხოლოდ ხელი შეუწყო გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლას, არამედ ხელი შეუშალა კიდეც კომპარტიებს, მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინათ ლათინოამერიკის ანტიდიქტატორული რევოლუციების ჯაჭვში 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში, რაც კომუნისტების გავლენას მკვეთრად გაზრდიდა. 1932 წლიდან სტალინმა დაიწყო კომინტერნის შვილობილი ორგანიზაციების ლიკვიდაცია და 1941 წელს კომინტერნის გაუქმებასაც გეგმავდა (თუმცა სსრკ-ზე ჰიტლერის თავდასხმამ გადაავადა ეს თარიღი). 1934 წელს ხელახლა გაცოცხლდა პატრიოტიზმი „საბჭოთა პატრიოტიზმის“ ფორმით. კომინტერნის ოფიციალური მიზანი — მსოფლიო საბჭოთა კავშირი — სტალინის დროს გაიგებოდა, როგორც სხვა ქვეყნებზე სსრკ-ის ძალაუფლების გავრცელება, რისი ხორცშესხმაც სავსებით შესაძლებელი იყო აგრეთვე იმპერიული, და არა ყველა ხალხთათვის თანაბარუფლებიანი ფორმით (როგორც მოხდა კიდეც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ).
მაგრამ ოქტომბრის რევოლუციის ინტერნაციონალისტური პრინციპები წარმატებულად მუშაობდა სტალინის დროსაც და პოსტსტალინურ პერიოდშიც, რადგან მათი უარყოფა საკუთარი თავის დისკრედიტაციის ტოლფასი იქნებოდა. ეს ჩანს ესპანეთის სამოქალაქო ომის ისტორიიდანაც, საბჭოთა კავშირის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების მხარდაჭერაშიც. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ როგორმე გაენეიტრალებინა ბოლშევიკების ინტერნაციონალისტური სტრატეგია, შემუშავებული მცირე და კოლონიური ქვეყნებისთვის, ვუდრო უილსონი იძულებული გახდა, ერთა თვითგამორკვევის უფლების თავისი ვერსია შეექმნა.
გავიმეორებ, ოქტომბერმა ხელი შეუწყო მსოფლიო კოლონიური სისტემის რღვევას, რაც, როგორც ჩანს, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს (სსრკ-ის კრახი, თავისი არსით, დასაწყისია — ქრონოლოგიური წინსწრებით — ოცდამეერთე საუკუნისა).
დაბოლოს, ოქტომბრის რევოლუციის ინტერნაციონალისტური პროექტი, მსოფლიო რევოლუციის პროექტი, რასაკვირველია, გახდა ჩე გევარას ცნობილი გეგმის — „პირველი სამყაროს“ წინააღმდეგ „მესამე სამყაროს“ კონტინენტური რევოლუციისა და ბრძოლის გეგმის („ორი, სამი, ბევრი ვიეტნამი“)[IX] ნიმუში. ამ გეგმის პირველი ნაწილი დღეს წარმატებით ხორციელდება[X] ლათინურ ამერიკაში ვენესუელას, ბოლივიის, კუბას, ნიკარაგუასა და მათი ნაკლებ რადიკალური მოკავშირეების (ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და ჩილეს) მიერ.
26-28 ოქტომბერი, 2007 წ.
თარგმნა ნორიკ ბადოიანმა
წყარო: https://scepsis.net/library/id_1927.html
რედაქციის კომენტარები
[I] მეორე ინტერნაციონალი — 1889 წელს დაფუძნებული სოციალისტური პარტიების საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც ახალ ისტორიულ პირობებში, როცა XIX ს.-ის 70-80-იან წლებში ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაჩნდა მასობრივი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიები, პირველი ინტერნაციონალის (1864-1876) საქმის გაგრძელებას წარმოადგენდა. მეორე ინტერნაციონალმა შესაძლებელი გახადა მრავალი ქვეყნის სოციალისტების კოორდინაცია და თანამშრომლობა, მნიშვნელოვნად გააფართოვა მშრომელთა ორგანიზების არეალი. მეორე ინტერნაციონალის ხელმძღვანელობით, ევროპის მოწინავე ქვეყნებში, პროფკავშირული ბრძოლის, გაფიცვების, მასობრივი დემონსტრაციების და სოციალ-დემოკრატთა საპარლმანტო საქმიანობის შედეგად, მიღწეულ იქნა რიგი პროგრესული სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ინტერნაციონალი არ იყო მონოლითური და ცენტრალიზებული ორგანიზაცია, ცენტრალური ორგანოთი, საერთო წესდებითა და პროგრამით, მასში თავდაპირველად ორთოდოქსული მარქსისტული ხაზი დომინირებდა, რაშიც დიდი წვლილი ფრიდრიხ ენგელსსაც მიუძღვოდა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მის დაარსებასა და ხელმძღვანელობაში.
თუმცა 1890-იანი წლების მეორე ნახევარში (ენგელსის სიკვდილის შემდეგ) ინეტერნაციონალში ძლიერდება მარქსიზმის წინააღმდეგ მიმართული „კრიტიკული“ რეაქცია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გერმანელი სოციალ-დემოკრატის, ედუარდ ბერნშტაინის სახელს უკავშირდება. ეს კრიტიკა მოითხოვდა მარქსის თეორიის ფუნდამენტური პოსტულატების „გადახედვას“ (რევიზიას), არ ამბობდა რა ფორმალურად უარს მარქსიზმზე. სინამდვილეში კი, ამ კრიტიკის ნამდვილი შინაარსი და მიზანი იყო არა მარქსის და ენგელსის თეორიული მემკვიდრეობის შემოქმედებითი, კრიტიკული განვითარება დიალექტიკურ-მატერიალისტური მეთოდის საფუძველზე, რასაც მარქსიზმის ფუძემდებლები თავიანთ მიმდევრებს იმპერატივად უწესებდნენ, არამედ ბურჟუაზიული აკადემიური ფსევდომეცნიერების „აღმოჩენებითა“ თუ მარქსიზმის მიერ კარგა ხნის წინ გადალახული, მოძველებული და დისკრედიტირებული, სოციალისტური კონცეფციებით მარქსიზმის „გამდიდრება“, ანუ მისი ვულგარიზაცია, დამახინჯება, მისგან რევოლუციური (კლასობრივი ბრძოლის ნაცვლად „კლასთა თანამშრომლობის“, სოციალური რევოლუციისა და პროლეტარიატის დიქტატურის ნაცვლად რეფორმების საშუალებით კაპიტალიზმის სოციალიზმში გადაზრდის იდეები) და დიალექტიკური და მატერიალისტური ელემენტების გამოდევნა. მიუხედავად იმისა, რომ ბერშნტაინელობა, რევიზიონიზმი (მათ შორის ფილოსოფიურიც — ნეოკანტიანელობა, მახიზმი) და ოპორტუნიზმი, მათი სხვადასხვა გამოვლინებით, დაგმობილ იქნა მეორე ინტერნაციონალის 1904 წლის ამსტერდამის კონგრესსზე, ეს მიმდინარეობები სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და სულ უფრო და უფრო მეტ მომხრეს იძენდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიებში, რასაც აგრეთვე ხელს უწყობდა მეორე ინტერნაციონალის ხელმძღვანელი პარტიების, როგორიცაა, მაგ., გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, მხრიდან მათთდამი შემწყნარებლური დამოკიდებულება. გარდა ამისა, მიუხედავად მეორე ინტერნაციონალის უდიდესი გავლენისა და მრავალრიცხოვანი მასობრივი ბაზისა (ინტერნაციონალი პირველი მსოფლიო ომის დაწყების მომენტისთვის 22 ქვეყნის 27 სოციალისტურ პარტიას აერთიანებდა, რომელთაც მილიონობით ამომრჩეველი ყავდა), კაპიტალიზმის შეფარდებით მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ლეგალური მეთოდებით ბრძოლამ და მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობაზე კონცენტრირებამ დაუკარგა ინტერნაციონალს რევოლუციური პოტენციალი, რასაც ამყარებდა ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიების ელექტორალური ბაზაც, რომელსაც, გარდა რევოლუციურად განწყობილი მუშებისა, შეადგენდნენ ის ფენები და კლასები, მათ შორის ინდუსტრიული მუშახელის ფართო სეგმენტები („მშრომელთა არისტოკრატია“), რომლებიც სარგებლობდნენ მსოფლიო კაპიტალიზმის სისტემაში თავიანთი ქვეყნების მონოპოლისტური მდგომარეობით, რაც შესაძლებელს ხდიდა სხვადასხვა ეკონომიკური შინაარსის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და შესაბამისად პროლეტარიატის რევოლუციური პოტენციალის განეიტრალებას. ინტერნაციონალის არარევოლუციური ხასიათი აშკარა გახდა მალევე, მსოფლიო იმპერიალისტური ომის დაწყებიდან, რადგან მასში შემავალი სოციალ-დემოკრატიული პარტიების და ორგანიზაციების უმრავლესობამ თავიანთი ქვეყნების მთავრობების მხარე დაიჭირა („სოციალ-პატრიოტიზმი“, „სოციალ-შოვინიზმი“), საწინააღმდეგოდ შესაძლო იმპერიალისტური ომის შესახებ შტუდგარტისა და ბაზელის კონფერენციებზე მიღებული დადგენილებებისა, რომელთა მიხედვითაც, ომის დაწყების შემთხვევაში, სოციალ-დემოკრატიას უნდა გამოეყენებინა საომარი კრიზისი კაპიტალიზმის რევოლუციური დამხობისთვის. ინტერნაციონალის წამყვანი პარტიების მიერ თავიანთი იდეური და ტაქტიკური პრინციპების ღალატმა, მისი გახლეჩვა და ფაქტობრივი გაუქმება გამოიწვია, რადგან ერთმანეთთან მეომარი ქვეყნების სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა შეწყვიტეს კომუნიკაცია და თანამშრომლობა. მაგრამ მეორე ინტერნაციონალში არსებობდნენ ისეთი პოლიტიკური ძალები (მაგ., ბოლშევიკები, გერმანიის სოციალ-დემოკრატიის მემარცხენე ფრთა, რომელსაც წარმოადგენდნენ რ. ლუქსემბურგი, კ. ლიბკნეხტი, კ. ცეტკინი, ფ. მერინგი) და ცალკეული ჯგუფები და ფიგურები, რომლებმაც შეინარჩუნეს ინტერნაციონალისტური პოზიციები და მოითხოვდნენ იმპერიალისტური ომის გარდაქმნას სამოქალაქო ომად, კლასობრივ ომად პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას შორის და რომლებიც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კომუნისტურ პარტიებად და ჯგუფებად გადაიქცნენ. ამ პარტიებისა და ორგანიზაციების საფუძველზე, 1919 წელს დაარსდა კომუნისტური (მესამე) ინტერნაციონალი. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მეორე ინტერნაციონალი აღდგა. ორი მსოფლიო ომის შუალედში ოპორტუნისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიები ცდილობდნენ საერთაშორისო გაერთინებების შექმნას. 1919-1923 წლებში არსებობდა ბერნის ინტერნაციონალი და 1/2 ინტერნაციონალი (1921-23), რომელთა გაერთიანების შედეგად შეიქმნა სოციალისტური მუშათა ინტერნაციონალი (იარსება 1923 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა სოციალისტური ინტერნაციონალი, რომლის წევრებიც თავს მეორე ინტერნაციონალის მემკვიდრეებად თვლიდნენ.
[II] ამ პოზიციის დასახასიათებლად მარქსისტულ ლიტერატურაში დამკვიდრებულია ტერმინი სოციალ-შოვინიზმი. სოციალ-შოვინიზმის შესახებ იხ.: ლენინი ვ. სოციალიზმი და ომი // ლენინი ვ. ი. თხზულებანი, მეოთხე გამოცემა, ტ. 21, გვ. 371-372.
[III]1918 წლის 3 იანვარს, ლენინის მიერ დაწერილი და უახლოეს პერიოდში დამტკიცებული „მშრომელი და ექსპლუატირებული ხალხის უფლებათა დეკლარაცია“, რომელიც შემდეგ შევიდა საბჭოთა კონსტიტუციაში, როგორც შესავალი ნაწილი, საბჭოთა ხელისუფლების მიზნად აცხადებდა „ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ყოველგვარი ექსპლუატაციის მოსპობას, საზოგადოების კლასებად დაყოფის სრულ გაუქმებას, საზოგადოების სოციალისტური ორგანიზაციის დამყარებასა და სოციალიზმის გამარჯვებას ყველა ქვეყანაში“.
[IV]იხ., მაგ., მარქსის და ენგელსის „გერმანული იდეოლოგიის“ პირველი თავი, ენგელსის „კომუნიზმის პრინციპები“, „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“.
[V] ნიკიფორე გრიგორიევი (1884-1919) — უკრაინელი სამხედრო. 1918-1919 წლებში, ხერსონის გუბერნიაში, ავსტრია-გერმანიის ოკუპაციის, უკრაინის დერჟავის, ანტანტის ინტერვენტებისა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რსფსრ) წითელი არმიის წინააღმდეგ პარტიზანული ომის ორგანიზატორი. 1918 წლის ნოემბერ-დეკემბერში მხარი დაუჭირა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის აჯანყებას გეტმანის რეჟიმის წინააღმდეგ, 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის იანვრამდე უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ხერსონის დივიზიის მეთაური იყო. 1919 წლის თებერვლის დასაწყისში გადავიდა უკრაინის საბჭოთა არმიის მხარეს. 1919 წლის თებერვლიდან მეთაურობდა უკრაინის პირველი საბჭოთა დივიზიის პირველ ბრიგადას, 1919 წლის აპრილიდან — უკრაინის მეექვსე საბჭოთა დივიზიას. 1919 წლის მაისში სათავეში ჩაუდგა ამბოხებას უკრაინის ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ. ამბოხების ჩახშობის შემდეგ, 1919 წლის ივლისში მოკლეს „მახნოველებმა“.
[VI] ერთიანი ფრონტის ტაქტიკა — კომუნისტური ინტერნაციონალის მიერ შემუშავებული ტაქტიკა, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა პროფკავშირული, პარტიული, ახალგაზრდული, ქალთა და სხვა მუშათა ორგანიზაციების მოქმედებების ერთიანობას ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო მასშტაბში.
[VII] კომინტერნი „კლასი კლასის წინააღმდეგ“ ტაქტიკაზე 1928 წელს გადავიდა. ეს ტაქტიკა ითვალისწინებდა სოციალ-დემოკრატიის (რომელიც ფაშიზმთან იყო გათანაბრებული) წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და კომპარტიების ორიენტირებას კაპიტალისტურ ქვეყნებში მწვავე სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის შესაძლო დაწყებისთვის მომზადებაზე. ეს ტაქტიკა სექტანტურ ხასიათს ატარებდა და ჯეროვნად არ აფასებდა ფაშიზმის საფრთხეს.
[VIII]„ერთ ცალკე აღებულ სახელმწიფოში სოციალიზმის აშენების თეორია“ წამოაყენა სტალინმა 1924 წელს ლევ ტროცკის „პერმანენტული რევოლუციის“ თეორიის საპირწონედ. იგი თეორიულად განავრცო ნ. ბუხარინმა. ამ თეორიას სტალინი ლენინის შრომებიდან უკონტექსტოდ ამოგლეჯილი ციტატების და მათი უაღრესად თვითნებური ინეტრპრეტაციის საშუალებით ასაბუთებდა, მიაწერდა რა მას ლენინს, მაშინ როდესაც ლენინი თავისი სიცოცხლის ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რევოლუციის ბოლშევიკებისეული სცენარი თავისი თავდაპირველი ფორმით არ გამართლდა, არ კარგავდა მსოფლიო რევოლუციის იმედს, რომლის რეალიზაციის გარეშეც „ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში“ „სოციალიზმის“ გამარჯვება მხოლოდ დროებითი იქნებოდა. ამ ხედვის სისწორე საბჭოთა კავშირის დაარსებიდან 70 წლისთავზე პრაქტიკულად დადასტურდა, ხოლო სტალინური ნაციონალისტური, ანტიმარქსისტული თეორიის მძიმე შედეგებს უკვე მესამე ათწლეულია იმკიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების ღარიბი და ექსპლუატირებული მასები და სოციალისტური ბრძოლის პერსპექტივების თვალსაზრისით უმძიმეს პირობებში აღმოჩენილი მემარცხენე ძალები.
[IX]იხ.: Гевара Э. Послание народам мира через конференцию трех континентов // Гевара Э. Статьи, выступления, письма. М., 2006. С. 514-531. (ელ-ვერსია: https://scepsis.net/library/id_1478.html); Guevara E. Message to the Tricontinental.
[X] იმ პერიოდში, როდესაც სტატია დაიწერა (2007 წ.), ლათინურ ამერიკაში ე.წ. „მემარცხენე შემობრუნება“ თავის პიკს განიცდიდა და შესაძლებელი იყო საუბარი ვაშინგტონის წინააღმდეგ მიმართულ „კონტინეტურ რევოლუციაზე“. დღეს აშკარაა, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მემარცხენე რეჟიმების პოლიტიკა ერთგვარ ჩიხშია შესული. და ამ მოცემულობას, სამწუხაროდ, ვერ შეცვლის რომელიმე ლათინოამერიკული ქვეყნის მთავრობაში მემარცხენე-ცენტრისტული თუ მემარცხენე-პოპულისტური რეფორმისტული პარტიისა თუ პოლიტიკოსის მოსვლა.
