ჩვენი გამოცემა აგრძელებს 1871 წლის პარიზის კომუნისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების სერიას. ლენინის სტატიების („კომუნის გაკვეთილები“, „კომუნის ხსოვნას“) და ა. ტარასოვის ტექსტის („არეულობის დედა“) შემდეგ ვაქვეყნებთ XIX ს.-ის ბოლოსა და XX ს.-ის დასაწყისის გამოჩენილი რუსი მარქსისტი მოაზროვნის, ფილოსოფოსის, ლიტერატურული კრიტიკოსისა და საერთაშორისო სოციალისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი პლეხანოვის სტატიას, რომელშიც, პარიზის კომუნის გამოცდილების მაგალითზე, განხილულია მასობრივ რევოლუციურ მოძრაობაში სტიქიურობისა და შეგნებულობის ურთიერთმიმართების პრობლემა (რასაც გარკვეულწილად უკვე ეხებოდა ჯორჯ ნოვაკის სტატია „მარქსიზმი და ინტელექტუალები“). ტექსტის ფორმატიდან და მოცულობიდან გამომდინარე ამ პრობლემის ანალიზი ამ სტატიაში, ცხადია, არ არის ამომწურავი და ყოვლისმომცველი (ამ თემით დაინტერესებულებს ვ. ლენინის კლასიკურ ნაშრომთან „რა ვაკეთოთ?“ (ლენინი, თხზულებანი, ტომი 5) გადავამისამართებთ), თუმცა კი საკითხი საკმაოდ მოქნილი, კონკრეტულ-დიალექტიკური ფორმით არის დასმული და გადაჭრილი. 1871 წლის მარტის რევოლუციური მოძრაობის სტიქიური, სპონტანური ხასიათი, პლეხანოვის მიხედვით, წარმოადგენდა როგორც მის სიძლიერეს, ისე მის სისუსტეს. ერთი მხრივ, რევოლუციურად განწყობილი მასების სპონტანური მოქმედებები, დამოუკიდებელი სხვადასხვა პარტიების ტაქტიკისგან და თეორიული პროგრამებისგან, იმ პოლიტიკური მიმდინარეობების — ბლანკიზმის, ნეოიაკობინელობის, ანარქიზმის, რომლებიც ცდილობდნენ, საკუთარი იდეოლოგიური სქემები მოეხვიათ თავს ობიექტური სინამდვილისთვის, — ჩამორჩენილობის, არამეცნიერულობისა და უტოპიურობის კარგ შხამსაწინააღმდეგოს წარმოადგენდა. მეორე მხრივ, პოლიტიკური და სოციალური პროცესების გაუცნობიერებლობა, მწყობრი მეცნიერული თეორიული პროგრამის (როგორსაც იმ დროისათვის უკვე წარმოადგენდა მარქსიზმი) და მასზე დაფუძნებული რევოლუციური ორგანიზაციის უქონლობა გარდაუვლად მოასწავებდა რევოლუციური კლასებისა და ფენების მხრიდან იმ წვრილბურჟუაზიული (პრუდონიზმი, ნეოიაკობინელობა) და პროლეტარული უტოპიურ-კომუნისტური (ბლანკიზმი) დოქტრინების მიმდევარი პოლიტიკური ჯგუფების გავლენის ქვეშ მოქცევას, რომლებიც იმ დროის საფრანგეთში მოქმედებდნენ და, ობიექტურ გარემოფაქტორებთან კომბინაციაში, რკინის აუცილებლობით იწვევდა პარიზის კომუნის ყველა იმ შეცდომას, რომელმაც მისი ესოდენ ხანმოკლე (72 დღე) არსებობა განაპირობა, მიიყვანა რა მუშათა მოძრაობა საშინელ კატასტროფამდე, ბურჟუაზიული საზოგადოების „მგლების, ღორებისა და სულმდაბალი ძაღლების“ (მარქსი) მიერ მოწყობილი ათობით ათასი ადამიანის ხოცვა-ჟლეტამდე. სწორედ ამ შეცდომების ანალიზს ეთმობა პლეხანოვის წინამდებარე სტატია, რომლის აზრებიც დღესაც საგულისხმო უნდა იყოს რადიკალური მემარცხენე იდეების მიმდევრებისთვის.
რედაქცია
ამბობენ, რომ მარტის იდები[1] ცუდი პერიოდია ტირანებისთვის. და მეცნიერებას ერთხელ და საბოლოოდ რომ არ დაეგმო ასტროლოგიური ცრურწმენები, შეგვეძლებოდა „ფაქტებით ხელში“ გვემტკიცებინა, რომ ტირანებს — ერთპიროვნულებსა და კოლექტიურებს — საფუძვლიანი მიზეზი აქვთ, ძრწოდნენ არამხოლოდ მარტის იდების, არამედ მარსისთვის მიძღვნილი მთელი თვის განმავლობაშიც. მარტში დაეცა იულიუს კეისარი; მარტში დაიღუპა ალექსანდრე II[2]; მარტში იფეთქა ვენის რევოლუციამ[3], რომელმაც ბოლო მოუღო მეტერნიხის საძაგელ რეჟიმს; მარტში მოხდა ავსტრიის უღლის წინააღმდეგ ლომბარდია-ვენეციის აჯანყება[4], რომელიც მილანში ჰეროიკული „ხუთი დღით“ აღინიშნა; მარტში მოხდა ბერლინის რევოლუცია[5], განუკურნებელი ჭრილობა რომ მიაყენა პრუსიულ აბსოლუტიზმს; პარიზის პროლეტარიატმა მარტში აიძულა „ეროვნული თავდაცვის“ სამარცხვინო ხელისუფლებას, ვერსალში გაქცეულიყო[6]. შეიძლება იფიქრო, რომ ომის ღმერთი, მის შესახებ გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, სრულებითაც არ არის გულგრილი თავისუფლების მიმართ. მაგრამ თავი რომ დავანებოთ ამ ღმერთის გემოვნებასა და მისთვის მიძღვნილი თვის იმ იდუმალ გავლენას, რომელსაც ის ახდენს ცივილიზებული ქვეყნების შიდა ცხოვრებაზე, ნებისმიერი ცრურწმენისაგან დამოუკიდებლად, მოგვიწევს აღიარება, რომ მარტის თვე ყველა ადამიანს, ვისთვისაც არ არის სულერთი პოლიტიკა, ისეთი ისტორიული მოვლენების მთელ წყებას ახსენებს, რომლებიც იყო და იქნება უაღრესად საინტერესო არამხოლოდ მეცნიერისთვის, საზოგადოებრივი მოვლენების მიზეზშედეგობრივი კავშირის აღმოჩენა რომ სურს, არამედ იმ მოღვაწისთვისაც, რომელიც მათგან პრაქტიკული გაკვეთილების მიღებას ცდილობს. საკმარისია დავასახელოთ 18 მარტის პარიზის დიდი რევოლუციური მოძრაობაც, რომელიც ყურადღებით უნდა შეისწავლოს იმანაც, ვისაც სურს, ნათელი წარმოდგენა შეიქმნას თანამედროვე საზოგადოებაში კლასთა ბრძოლაზე და იმანაც, ვინც აქტიურად მონაწილეობს ამ ბრძოლაში და, იცავს რა პროლეტარიატის ინტერესებს, სურს, იცოდეს, რაში მდგომარეობს ამ კლასის ძალა და როგორია მისი რევოლუციური ამბოხებების სუსტი მხარეები, მტერზე გამარჯვებას რომ ურთულებს.
18 მარტის რევოლუციური მოძრაობა, ცნობილი აგრეთვე 1871 წლის პარიზის კომუნის სახელით, იმ ჭეშმარიტების ბრწყინვალე დადასტურებას წარმოადგენს, თანამედროვე სოციალისტების მთელ პრაქტიკულ საქმიანობას რომ უდევს საფუძვლად და ასე კარგად იყო ფორმულირებული კარლ მარქსის მიერ დაწერილ საერთაშორისო მუშათა ამხანაგობის წესდებაში: „მუშათა კლასის გათავისუფლება მოპოვებული უნდა იქნას ბრძოლით თვით მუშათა კლასის მიერ“[7]. 18 მარტის მოძრაობა უპირატესად პროლეტარული იყო[8]. მიუხედავად იმისა, რომ მასში საფრანგეთის დედაქალაქის მრავალრიცხოვანი წვრილი ბურჟუაზია მონაწილეობდა, პარიზის კომუნას ერთი ისეთი დადგენილებაც კი არ გამოუცია, რომელიც მხოლოდ წვრილი მეწარმეების ინტერესებს იცავდა. პირიქით, კომუნის მიერ მიღებული ყველა ზომა პროლეტარული სულისკვეთებით იყო გაჯერებული. 18 მარტის მოძრაობაში წვრილი ბურჟუაზია პროლეტარიატის დროშის ქვეშ მიაბიჯებდა.
პარიზის კომუნის სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის დადგენილებები არც რაოდენობით გამოირჩეოდა და არც გაბედულებით[9]. ეს მცირერიცხოვანი დადგენილებები საკმაოდ მორიდებულ ნაბიჯებს წარმოადგენდნენ შრომისა და კაპიტალის საუკუნოვანი დავის გადაჭრის გზაზე. მაგრამ ამ მიმართულებით პარიზის კომუნის გაბედულ მოქმედებებს, უპირველს ყოვლისა, ხელი შეუშალა გარეგანმა პირობებმა: ბრძოლამ ვერსალში გამაგრებულ ბურჟუაზიულ რეაქციასთან, რომელიც იქედან განუწყვეტლივ და დაუნდობლად უტევდა მუშების ხელში დარჩენილ პარიზს. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, 18 მარტის მოძრაობას არ გააჩნდა მთელი ის შეგნებულობა, რომელიც ესაჭიროება პროლეტარიატს, რათა არა მხოლოდ დარწმუნდეს თავისი და ბურჟუაზიის ინტერესების შეურიგებელ დაპირისპირებულობაში, არამედ შეიმუშავოს თავისთვის პრაქტიკული მოქმედებების თანმიმდევრული პროგრამა. იმ ჩვენს სხვადასხვა ფერის რევოლუციონერებს, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინათ გვსაყვედურობდნენ, რომ გაზვიადებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მუშათა კლასის რევოლუციურ მოქმედებათა შეგნებულობის აუცილებლობას, არ აწყენთ 18 მარტის მოძრაობაზე კარგად დაფიქრება. მისი ისტორია ნათლად უჩვენებს მათ, რომ სტიქიურობა, რომელსაც ისინი წარმოიდგენენ საჭაპანე ცხენად, ყველა სირთულიდან რომ ძალუძს მოძრაობის გამოყვანა, სინამდვილეში, ჩაფლავებისა და მარცხის წყაროს წარმოადგენს. პროლეტარიატის წარმატების შანსები საგანთა არსებული წესრიგის დამცველებთან ბრძოლაში იზრდება სწორედ იმდენად, რამდენადაც მისი მოძრაობა კარგავს სტიქიურ ხასიათს და შეგნებული ხდება. იმდენადვე იზრდება მასზე სოციალური დემოკრატიის გავლენაც, რომლის გეგმაზომიერი მოქმედებებიც არაცნობიერი ისტორიული პროცესის გაცნობიერებულ გამოხატულებას წარმოადგენენ.
რევოლუციური პარტიის გაცნობიერებული მოქმედებებისთვის სტიქიურობის დაპირისპირება მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იქნება აზრს მოკლებული, თუ თავად ეს პარტია, არ ძალუძს რა დადგეს კლასობრივ თვალსაზრისზე, მოვლენათა ობიექტურ მსვლელობას თავის სუბიექტურ სურვილებს უპირისპირებს. ამ შემთხვევაში იდეების მსვლელობა ეწინააღმდეგება მოვლენათა მსვლელობას და ამიტომ ყოველგვარ შემოქმედებით ძალას მოკლებული აღმოჩნდება. ამგვარი შემთხვევების არც ისე ცოტა მაგალითს ვიპოვით იმ ძველი კარგი დროის ისტორიაში, როცა უტოპიის საფუძველზე მდგარი სოციალიზმი მხოლოდ ე.წ. ინტელიგენციის ფენებში ვრცელდებოდა. მუშათა კლასის სტიქიურ მოძრაობას იმ დროს პრაქტიკული წარმატების გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე შეთქმული რევოლუციონერებისა თუ სოციალისტი რეფორმისტების შეგნებულ ძალისხმევებს. მაგრამ ეს ძველი კარგი დროება მხოლოდ შესავალი იყო პროლეტარიატის თანამედროვე რევოლუციური მოძრაობის ისტორიაში. ამ მოძრაობის შემდგომ განვითარებასთან ერთად სტიქიურობა სულ უფრო და უფრო უთმობდა ადგილს შეგნებულობას, რომელიც მთელ თავის შემოქმედებით ძალას მოვლენათა ობიექტური მსვლელობის სწორი გაგებიდან იძენდა. წინააღმდეგობა აზროვნებასა და ცხოვრებას შორის მაშინ გადაჭრილი აღმოჩნდა; სოციალიზმი კარგავდა უტოპიურ ხასიათს და მეცნიერებად გადაიქცეოდა.
მუშათა მოძრაობის ისტორია 1871 წლის პარიზის კომუნამდელ ეპოქაში შესანიშნავად ადასტურებს ამ ყველაფერს. ფრიდრიხ ენგელსი, რომელიც 40-იან წლებში პარიზში ცხოვრობდა და შესანიშნავად იცნობდა იქაურ ვითარებას, ამბობს, რომ ივლისის რევოლუციის შემდეგ მალევე პროლეტარიატი, თავისი კონსპირაციული აღზრდა ჯერ კიდევ რესტავრაციის პერიოდის საიდუმლო საზოგადოებებში რომ მიიღო, რიცხობრივად სულ უფრო ჭარბობს შეთქმულთა რევოლუციურ ორგანიზაციებში. „წელიწადის დროების საზოგადოება“[10], რომლის მეშვეობითაც ბლანკიმ[11] და ბარბესმა[12] 1839 წლის ამბოხება გამოიწვიეს, უკვე პროლეტარული იყო. ასეთივე პროლეტარული იყო „წელიწადის ახალი დროების“ საზოგადოებაც, რომელიც ხსენებული ამბოხების წარუმატებლობის შემდეგ დაფუძნდა და რომელსაც ალბერი[13] ხელმძღვანელობდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საზოგადოებები თითქმის მხოლოდ პროლეტარებისგან შედგებოდა, მათ მეთოდებსა და ტაქტიკაში, რომლებიც მთლიანად ბურჟუაზიული ინტელიგენციის მიერ მოწყობილი შეთქმულებების ეპოქებიდან ჰქონდათ ნასესხები, ძალიან ცოტა რამ იყო პროლეტარული. „თავისთავად ცხადია, — შენიშნავს ენგელსი, — რომ შეთქმულები არ იზღუდებოდნენ პროლეტარიატის ორგანიზებით, ისინი სწორედ იმისაკენ მიისწრაფვოდნენ, რომ გაესწროთ რევოლუციური პროცესისთვის, გამოეწვიათ მასში ხელოვნური კრიზისი, მოეხდინათ რევოლუცია ისეთ დროს, როცა არ არსებობდა ამისთვის აუცილებელი პირობები“. მათ არც სჭირდებოდათ ბევრი ფიქრი რევოლუციისთვის აუცილებელ პირობებზე, რადგან მის ერთადერთ პირობას, მათ თვალში, შეთქმულების ჯეროვანი ორგანიზება წარმოადგენდა. „ისინი რევოლუციის ალქიმიკოსები იყვნენ, — აგრძელებს ენგელსი, — და ცნებების ისეთივე აღრევით და შეხედულებების შეზღუდულობით გამოირჩეოდნენ, როგორიც ახასიათებდა ძველი დროის ალქიმიკოსებს. ისინი ცდილობდნენ, გაეკეთებინათ აღმოჩენები, რომელთაც რევოლუციური სასწაულები უნდა მოეხდინა: ასაფეთქებელი საშუალებები, მაგიური ძალის ჯოჯოხეთური მანქანები, აჯანყებები, მით უფრო ძლიერ და საკვირველად რომ უნდა ემოქმედათ, რაც უფრო ნაკლები გონიერი საფუძველი ექნებოდათ“. შეპყრობილნი თავიანთი ალქიმიკური სამუშაოთი, შეთქმულები მხოლოდ არსებული ხელისუფლების დამხობის უახლოესი მიზნისკენ მიისწრაფვოდნენ და აგდებულად უყურებდნენ მუშების კლასობრივი ცნობიერების განვითარების საქმეს. ისინი განსაკუთრებულად თავგანწირული სიმამაცითა და მნიშვნელოვანი რევოლუციური გაწაფულობით გამოირჩეოდნენ, აგებდნენ პირველ ბარიკადებს, ძარცვავდნენ იარაღის მაღაზიებს, ორგანიზებას უწევდნენ წინააღმდეგობას და ხელმძღვანელობდნენ მას, ერთი სიტყვით, იყვნენ ქუჩის ამბოხებათა ოფიცრები, მაგრამ ეს გაბედული ადამიანები, ბარიკადული ბრძოლის ეს გმირები და ყოველგვარი სახის, როგორც ახლა ვიტყოდით, ტერორისტული მოქმედებების შეუპოვარი ორგანიზატორები მაშინაც კი არა პროლეტარული მოძრაობის მომავალს, არამედ მის წარსულს წარმოადგენენ. იმდენად, რამდენადაც ვითარდებოდა პროლეტარიატი, შეთქმულები კარგავდნენ თავიანთ გავლენას და საშიშ კონკურენტებს პოულობდნენ მუშათა იმ საიდუმლო ორგანიზაციების სახით, რომლებიც მიზნად ისახავდნენ არა პირდაპირ აჯანყებას, არამედ მუშათა კლასის ძალთა ორგანიზებასა და მშრომელების კლასობრივი თვითშეგნების განვითარებას. იმ დროის კომუნისტური პროპაგანდა, ისევე როგორც კამათები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულების კომუნისტებს შორის იმართებოდა, ძველი ყაიდის ფრანგი შეთქმულებისთვის ისეთივე გაუგებარი დარჩა, როგორი გაუგებარიც იყო 70-იანი წლების რევოლუციური თქმულებების ახლანდელი დამცველებისთვის რუსეთის სოციალ-დემოკრატიის სხვადასხვა მიმართულებებს შორის მიმდინარე დისკუსიები.
ლუი ფილიპეს ხელისუფლების მიერ 1847 წელს დაწყებულმა ბომბების საქმემ[14], როგორც ენგელსი მოწმობს, დაბნეულობაში ჩააგდო ყველაზე მედგარი და ყველაზე ნაკლებად გონიერი შეთქმულები, და ის მუშები, რომლებიც მათ მიყვებოდნენ, წმინდად პროლეტარულ გზაზე დააყენა. თუმცა 1848 წლის რევოლუცია ჩაიხრჩო ივნისის მებრძოლთა სისხლში და საფრანგეთის მუშათა კლასი, დათრგუნული თავისი დიადი წარუმატებლობით და ყველა პოლიტიკურ უფლებას მოკლებული, მრავალი წლის განმავლობაში არ გამოდიოდა უძრაობის მკვდარი წერტილიდან. მხოლოდ სამოციანი წლების პოლიტიკურმა დათბობამ მოიტანა მისი განმათავისუფლებელი ბრძოლის აღორძინება. მაგრამ ახლა ეს ბრძოლა ახალ ნაბიჯს დგამს წინ. ახლა ფრანგი მუშების მოწინავე წარმომადგენლები მარქსის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი მუშათა საერთაშორისო ამხანაგობის დროშის ქვეშ დგებიან. და თუმცა ამ წარმომადგენელთა უმრავლესობა კვლავაც უტოპიური სოციალიზმის — უპირატესად პრუდონიზმის — გავლენის ქვეშ არის, შეთქმულთა ძველი ტაქტიკა — მათი მეამბოხეობით, პოლიტიკური მკვლელობებით და მსგავსი „ალქიმიით“ — არავითარ თანაგრძნობას აღარ პოულობს მუშებში. დღის წესრიგის მთავარი პრაქტიკული ამოცანა ხდება მუშების კლასობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბება, რომელსაც, უდავოდ, მნიშვნელოვნად აყოვნებენ მრავალნაირი უტოპიური გადმონაშთები, შემონახულნი ფრანგული ინტერნაციონალის მაშინდელ ხელმძღვანელთა უმრავლესობის აზროვნებაში. და შეუძლებელია, არ ვაღიაროთ, რომ ამ გადმონაშთების სასარგებლო საპირწონე მოვლენას წარმოადგენდა მუშათა მასობრივი მოძრაობის სტიქიურობა, რომლისთვისაც უცხო იყო უტოპიები მარტო იმის გამოც, რომ იგი, ზოგადად, ვერანაირ თეორიას ვერ უმკლავდებოდა.
თუ პარიზის კომუნის ღონისძიებებში არ ჩანს უტოპიზმის კვალი, ეს იმით აიხსნება, რომ დიდი რევოლუციური მოძრაობის ობიექტური ლოგიკა მისი მეთაურების სუბიექტურ ლოგიკაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, და უტოპიზმით სნეული აზრი, ამგვარად, საზოგადოებრივი ცხოვრების მბრძანებლურ მითითებებს ემორჩილებოდა. და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო. მაგრამ საქმე ბევრად უკეთ წარიმართებოდა, 18 მარტის რევოლუცია გაცილებით ნაყოფიერი იქნებოდა, თუკი ადამიანთა სუბიექტური ლოგიკა არ იქნებოდა წინააღმდეგობაში ცხოვრების ობიექტურ ლოგიკასთან, თუკი მოვლენების სტიქიური ძალა, ადამიანურ ცნობიერებასთან, როგორც გარკვეულ დონეზე მისთვის უცხო და დაპირისპირებულ ელემენტთან, შეჯახების ნაცვლად, მასში თავის მჭიდრო და მკაფიო გამოხატულებას ჰპოვებდა.
ფრანგული სოციალიზმის წარმატებები პარიზის კომუნის პერიოდიდან მოყოლებული სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მოვლენათა მსველობასა და იდეების მსვლელობას შორის შეუსაბამობა, თანამედროვე მეცნიერული სოციალიზმის წყალობით, სულ უფრო და უფრო ქრებოდა. მეცნიერული სოციალიზმის იდეები კი არ უპირისპირდებიან მოვლენათა სტიქიურ ძალას, არამედ მის გაცნობიერებულ გამოხატვას ემსახურებიან. და რაც უფრო მეტად ვრცელდებიან ეს იდეები, მით უფრო ახლოვდება ამ ძალის გამარჯვების დღე. და სწორედ ამიტომაც მეცნიერული სოციალიზმის მიმდევრებმა მხოლოდ მხრების აჩეჩვით შეიძლება უპასუხონ, როდესაც ეუბნებიან, რომ ისინი გაზვიადებულ მნიშვნელობას ანიჭებენ შეგნებულობას და აკნინებენ სტიქიურობის ძალას.
1871 წლის რევოლუციური აფეთქების დროს მოვლენათა სტიქიურმა ძალამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა სათანადო გამოხატულება ადამიანთა ცნობიერებაში. სხვათა შორის, ამით აიხსნება საფრანგეთის რევოლუციური პროლეტარიატის როგორც სუსტი ორგანიზებულობა, ისევე 18 მარტს სრულად განადგურებული მტრის არასაკმარისად ენერგიული დევნა. ლისაგარე თავის “პარიზის კომუნის ისტორიაში” მოგვითხრობს, რომ ამ დღეს, შუადღის სამი საათისთვის, ნაციონალური გვარდიის მრავალმა ბატალიონმა, რომელიც შეიარაღებული პროლეტარებისგან შედგებოდა, მშვიდად ჩაუარა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას, სადაც ტიერი და მისი მინისტრები თათბირობდნენ. თუ რევოლუციონერები დააპატიმრებდნენ ამ „პირსისხლიან ქონდრისკაცს“, ამით მომავალში უამრავ უბედურებას აირიდებდნენ თავიდან. იმავე ლისაგარე გვიამბობს, რომ 18 მარტის ღამეს გენერალმა ვინუამ დაუბრკოლებლად გაიყვანა პარიზიდან რეგულარული ჯარები და გაზიდა აურაცხელი იარაღი, ამუნიციები და საბრძოლო მასალა. რევოლუციონერებს მარტივად შეეძლოთ, თავის მხარეს გადმოებირებინათ გენერალ ვინუას ჯარისკაცები და ხელში ჩაეგდოთ მისი საბრძოლო მასალა. მათ ეს არ გააკეთეს, რითაც ისევ შეასუსტეს თავიანთი ძალა. დაბოლოს, აუცილებელი იყო დამარცხებული მტრის ფეხდაფეხ დევნა, რათა მას არ ჰქონოდა ვერსალში გამაგრებისა და თავიდან ორგანიზების საშუალება. ამაზეც, როგორც ჩანს, არავის უფიქრია. მოძრაობის დიადმა სტიქიურმა ძალამ ვერ ჰპოვა სათანადო გამოხატულება ადამიანთა ცნობიერებაში. აქედან — ცენტრალიზებული ორგანიზაციის არარსებობა, ძვირფასი დროის ფუჭი ფლანგვა, ხელსაყრელი გარემოებების გამოყენების უუნარობა.
მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს 18 მარტს დაწყებული რევოლუციური მოძრაობის ნაკლოვანებები, მან მარადიული დიდებით შემოსა თავისი მონაწილეები და აჩვენა, როგორი გრძელი გზა მოიტოვა უკან ფრანგმა მუშამ მას მერე, რაც შეწყვიტა ძველი აღთქმის შეთქმულთა ტაქტიკით გატაცება. 1871 წლის პარიზის კომუნის ისტორიული მნიშვნელობა ჭეშმარიტად კოლოსალურია. მხოლოდ ისინი, ვინც შეძლო ამ მნიშვნელობის შეფასება, ხედავენ, როგორი უმნიშვნელოა მასთან შედარებით სიკვდილი რომელიმე ცალკეული დესპოტური ძალაუფლების წარმომადგენლისა, სულერთია, რომში ცხოვრობს ის თუ პეტერბურგში, ქვია მას იულიუს კეისარი თუ ალექსანდრე II.
მაისის „სისხლიანი“ კვირა, რომლითაც აღინიშნა ბურჟუაზიის გამარჯვება პარიზის ამბოხებულ პროლეტარიატზე, საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, სხვათა შორის, რაოდენ ბევრი სიმართლეა მარქსის იმ „კრიტიკოსთა“ სიტყვებში, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ კლასთა ბრძოლა სულ უფრო და უფრო რბილ ფორმებს ღებულობს. სინამდვილეში, ამ ბრძოლის ფორმები მეტ-ნაკლებად რბილია მხოლოდ მანამ, სანამ ის არ ცდება „კანონიერების“ ფარგლებს (თუმცა აქაც შეიძლება დავასახელოთ საოცარი გამონაკლისები). ხოლო როგორც კი პროლეტარიატი „კანონიერების“ ზღვარს გადააბიჯებს, ბურჟუაზია უმალვე ივიწყებს თავისი იდეოლოგების ყველა დაშაქრულ სიტყვას „სირბილეზე“ და ისეთ გაუმაძღარ სისხლისმსმელობას ავლენს, რომლისაც ყველაზე მხეც კაციჭამიებსაც შერცხვებოდათ.
ტიერმა და მისმა დამქაშებმა მუშათა კლასის გამათავისუფლებელი მისწრაფებებისადმი სიძულვილის მთელი ძალა გამოავლინეს. საფრანგეთის რევოლუციურმა პროლეტარიატმა კარგად გაიგო ამ სიძულვილის საზოგადოებრივი არსი. მაგრამ უცნაური ამბავია! მისი მეტ-ნაკლებად ცნობილი წარმომადგენლებიდან არავის მოსვლია აზრად, რამენაირი „ტერორისტული“ მოქმედებით „შური ეძია“ ტიერზე. მხოლოდ ანარქისტებმა სცადეს მოგვიანებით მისი ძეგლის აფეთქება ქვეშშედებული დენთით სავსე სარდინების ქილით, მაგრამ ეს ბავშვური გამოხდომაც კი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, პარიზის პოლიციის პრეფექტის, ანდრიეს თავაზიანი ხელშეწყობით განხორციელდა. რატომ დარჩა დაუსჯელი „პირსისხლიანი ქონდრისკაცის“ არაადამიანური სისასტიკე? იმიტომ ხომ არა, რომ ფრანგ პროლეტარებში ერთი თავგანწირული ადამიანიც კი არ დარჩა? არა, სულაც არა! თავგანწირვა მოწინავე ფრანგ მშრომელებს ისევე ახასიათებდათ 1871 წლის კომუნის მერე, როგორც მის დროს. და შურისძიების შესახებ აზრი წამითაც არ ტოვებდა ამ მშრომელებს. მაგრამ შურისძიება მათთვის ნიშნავდა იმ საზოგადოებრივი წესრიგის დანგრევას, რომლის დამცველებიც იყვნენ ტიერი და მისი დამქაშები, იმ სისტემის დამხობას, რომელიც კაპიტალის მიერ დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას ეფუძნება. შურისძიების არავითარი სხვა სახეობა არ იპყრობდა მათ ყურადღებას, როგორც მეტისმეტად არაფრისმომცემი. აი, ამიტომ არ აღუმართავს არცერთ მათგანს ხელი ტიერზე. საფრანგეთის მუშათა მოძრაობა დიდი ხანია გამოვიდა ჩვილობის ასაკიდან. აქედან გამომდინარე, მისმა მოწინავე წარმომადგენლებმაც კარგა ხანია დაძლიეს ძველი აღთქმის შეთქმულთა ფსიქოლოგია. და ამ კუთხით ჩვენ, რუს რევოლუციონერებს, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია საფრანგეთის გმირი პროლეტარებისგან.
„ისკრა“ №36, 1903 წ. 15 მარტი.
თარგმნა ნორიკ ბადოიანმა
თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: Плеханов Г.В. Сочинения. Т. XII. М., б.г. გვ. 334-341.
რედაქციის კომენტარები
[1]იდები (ლათ. Idus) — რომაულ კალენდარში ასე ეწოდებოდა ყოველი თვის შუა რიცხვებს.
[2] რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II 1881 წლის 13 მარტს რევოლუციური ორგანიზაცია „ნაროდნაია ვოლიას“ მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტის შედეგად იქნა მოკლული.
[3] 1848-49 წლების რევოლუცია ავსტრიაში დაიწყო 1848 წლის 13 მარტს ვენის ამბოხებით, რომელსაც ავსტრიის სახელმწიფო კანცლერის, მეტერნიხის გადაყენება მოყვა.
[4] აჯანყება ლომბარდიასა და ვენეციაში, რომლებიც 1815 წლიდან ლომბარდია-ვენეციის სამეფოს სახით ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ, რევოლუციური გამოსვლებისთანავე მოხდა. 18 მარტს დაიწყო მილანის ამბოხება, რომელიც ხუთი დღე გაგრძელდა და მარტის ბოლოს მილანიდან ავსტრიის ჯარების გაყვანით დასრულდა.
[5] გერმანიაში 1848-49 წლების რევოლუცია თებერვლის ბოლოს ბადენში მასობრივი დემონსტრაციებით დაიწყო, მარტის დასაწყისში მღელვარებამ სხვა გერმანული სახელმწიფოებიც მოიცვა, 6 მარტიდან ბერლინშიც გაიმართა მანიფესტაციები, რომლებიც 18 მარტს შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყების ჩახშობის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და პრუსიის მეფე ვილჰემ ფრიდრიხ IV იძულებული გახდა, დედაქალაქიდან ჯარები გაეყვანა, ლიბერალური მთავრობა ჩამოეყალიბებინა და პრუსიის ეროვნული კრების არჩევნები დაენიშნა.
[6] 1871 წლის 17 მარტის ღამით, საფრანგეთის მთავრობამ ადოლფ ტიერის მეთაურობით სცადა პარიზის პროლეტარული უბნების განიარაღება და ნაციონალური გვარდიის ცენტრალური კომიტეტის წევრების დაპატიმრება, რასაც, პრუსიასთან ომში დამარცხებისგან გამოწვეული კრიზისის პირობებში და მთავრობის კაპიტულანტური პოლიტიკის გამო რადიკალიზებული მასებისა და ეროვნული გვარდიის მხრიდან საპასუხო რეაქცია და 18 მარტს პარიზის კომუნის დაფუძნება მოყვა შედეგად.
[7] იხ.: მარქსი კ. მუშათა საერთაშორისო ამხანაგობის საერთო წესდება // მარქსი კ. და ენგელსი. ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. 1. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1963. გვ. 436.
[8] იმ დროინდელი პარიზის პროლეტარიატის სოციალური ბუნების დახასიათება დაწვრილებით იხ.: ტარასოვი ა. არეულობის დედა.
[9] იხ.: ტარასოვი ა. არეულობის დედა.
[10] „წელიწადის დროების საზოგადოება“ (ფრ. La Société des saisons) — საიდუმლო რევოლუციური ორგანიზაცია, რომელსაც ო. ბლანკი და ა. ბარბესი ხელმძღვანელობდნენ. მისი იდეოლოგია უტოპიური კომუნიზმისა და რადიკალური ეგალიტარიზმის პრინციპებს ეფუძნებოდა, ხოლო მის ტაქტიკას შეთქმულების გზით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა წარმოადგენდა. ორგანიზაცია მოქმედებდა პარიზში, 1837-39 წლებში.
[11]ოგიუსტ ბლანკი (1805 – 1881) — ფრანგი რევოლუციონერი, სოციალისტი. ბლანკის მსოფლმხედველობა მატერიალისტი ენციკლოპედისტების, იაკობინელების, ბაბუვიზმისა და სენსიმონიზმის გავლენით ჩამოყალიბდა 1830-იან წლებში. სწავლობდა იურისპრუდენციას, სტუდენტობიდანვე დაუხლოვდა რევოლუციურ ჯგუფებს, კარბონართა საიდუმლო საზოგადოებებს, რამდენიმეჯერ დაიჭრა ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1830 წლის ივლისის რევოლუციაში, იბრძოდა ბარიკადებზე, თუმცა ბურბონთა რესტავრირებული მონარქიის დამხობის შედეგად დამყარებული რეჟიმით — ლუი ფილიპეს ბურჟუაზიული მონარქიით — უკმაყოფილო, წევრიანდება რესპუბლიკურ საზოგადოებაში „ხალხის მეგობრები“, რომლის საქმიანობის გამოც 1831 წელს აკავებენ და სასამართლოს პროცესის გადაწყვეტილებით 1832 წელს 1-წლიან პატიმრობას უსჯიან. 1934 წელს ბლანკი აარსებს საიდუმლო საზოგადოებას “ოჯახების კავშირი”. 1836 წელს ბლანკისა და მის თანამებრძოლებს დენთის უკანანო დამზადების გამო აპატიმრებენ. 1837 წელს შეწყალებით გათავისუფლებული, ბლანკი ხდება „წელიწადის დროების საზოგადოების“ ერთ-ერთი ლიდერი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს 1839 წლის 12 მაისის აჯანყებაში. ხელისუფლების მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1840 წლის 31 იანვარს, ბლანკის სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა მეფის გადაწყვეტილებით სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 1844 წელს, სან-მიშელის საპყრობილეში არსებულ მძიმე პირობებში მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მთავრობა ბლანკის შეწყალებას გადაწყვეტს, მაგრამ ბლანკი უარს ამბობს შეწყალებაზე. 1848 წლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის დასაწყისში ბლანკიმ დატოვა ციხე. იგი ერთვება პოლიტიკურ მოვლენებში, ცდილობს გავლენა მოახდინოს რევოლუციის მსვლელობაზე, ასაბუთებს ბურჟუაზიული რევოლუციის სამფეროვანი დროშის წითელი დროშით ჩანაცვლების აუცილებლობას, მალევე აფუძნებს „ცენტრალურ რესპუბლიკურ საზოგადოებას“, ლეგალურ პოლიტიკურ კლუბს და გარკვეული კორექტივები შეაქვს თავის ტაქტიკაში, კერძოდ, განსხვავებით წინამორბედი პერიოდისაგან, აღიარებს რევოლუციის გამარჯვებისათვის სახალხო მასების პოლიტიკური აქტივობის საჭიროების მნიშვნელობას. თუმცა 15 მაისის დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, რომლებიც დამფუძნებელი კრების წინააღმდეგ იყო მიმართული, ბლანკის კვლავ აკავებენ და 1849 წელს 10 წლიან პატიმრობას უსჯიან. 1859 წელს, საპყრობილეში 11 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, ბლანკი გათავისუფლდა, მაგრამ 1861 წელს, საიდუმლო საზოგადოების ხელომძღვანელობის გამო, კვლავ ციხეში დაბრუნება მოუწია 4 წლით (1865 წელს ის გაიქცა ციხიდან). 1865 წლიდან ცხოვრობდა ლონდონსა და ბრიუსელში, ხელმძღვანელობდა ამ პერიოდშივე დაარსებულ ბლანკისტების პარტიას. დიდ როლს ასრულებდა 1870 წლისა და 1871 წლის მასების რევოლუციურ გამოსვლებში, თუმცა პარიზის კომუნის დაარსების დროს ბლანკი, ბლანკისტების მიერ 1870 წლის 31 ოქტომბერსა და 1971 წლის 29 იანვარს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობებში მონაწილეობის გამო, ციხეში იმყოფებოდა და კომუნარების (რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ბლანკისტი იყო) ყველა მცდელობა, გაეცვალათ იგი გავლენიან სამხედროებსა თუ სასულიერო პირებზე, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ვერსალის ხელისუფლება ხვდებოდა, რომ ბლანკის, გამოცდილი და ავტორიტეტული რევოლუციონერის, გათავისუფლება კომუნის გამარჯვების საწინდარი შეიძლებოდა გამხდარიყო. 1872 წელს ბლანკის ვერსალის სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 1979 წლის გაზაფხულზე ბლანკი ეროვნული კრების დეპუტატად აირჩიეს და რამდენიმე თვეში მან საპყრობილეც დატოვა. იგი 1881 წელს გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ბლანკი უპირატესად პრაქტიკოსი-რევოლუციონერი იყო, იგი აგრეთვე თეორიული და პუბლიცისტური ტექსტების ავტორიც არის. ბლანკის რევოლუციურ ტაქტიკას, რომელიც პროფესიონალ რევოლუციონერთა რაზმის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის საშუალებით ძალაუფლების დაპყრობასა და შემდეგ რევოლუციური დიქტატურის დამყარებაზეა ორიენტირებული, „ბლანკიზმი“ ეწოდება. ბლანკიზმისადმი მარქსისა და ენგელსის დამოკიდებულება არ ყოფილა ცალსახა. ისინი პატივს სცემდნენ ბლანკის, როგორც გამოჩენილ პიროვნებას, მტკიცე, გამოცდილ და იდეებისადმი ერთგულ რევოლუციონერს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ევროპის კომუნისტური მოძრაობის სიმბოლოდ ითვლებოდა. თუმცა ბრძოლის ბლანკისტური ტაქტიკა, რომელიც უგულებელყოფდა რევოლუციისთვის საჭირო ობიექტურ წანამძღვრებს და რევოლუციონერთა ინდივიდუალური ნების ფაქტორს გაზვიადებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, მუშათა მოძრაობის რაოდენობრივი, იდეური და ორგანიზაციული ზრდის პირობებში, მოძველებულად მიაჩნდათ. მარქსისა და ენგელსის დამოკიდებულებაზე ბლანკისტური ტაქტიკისადმი დაწვრილებით იხ.: Энгельс Ф. Эмигрантская литература. // К. Маркс и Ф. Энгельс, Сочинения издание 2-е, ტ.18. (ელ-ვერსია: http://revarchiv.narod.ru/marxeng/tom18/emigrantskaya_literatura.html); Engels F. The Program of the Blanquist Fugitives from the Paris Commune.
[12] არმან ბარბესი (1809-1870) — ფრანგი რევოლუციონერი. ოგიუსტ ბლანკისთან ერთად მონაწილეობას იღებდა საიდუმლო შეთქმულთა ორგანიზაციების („ადამიანის უფლებათა საზოგადოება“, „ოჯახების საზოგადოება“, „წელიწადის დროების საზოგადოება“) დაარსებაში. მონაწილეობდა 1834 წლის ლიონის აჯანყებაში, რომლის მარცხის შემდეგაც 5 თვით დააპატიმრეს. 1836 წელს დენთის დამზადებისთვის 1 წელი მიესაჯა. 1839 წლის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ პერთა პალატამ, აჯანყების ორგანიზებისა და მოთავეობის გამო, სიკვდილით დასჯა გამოუტანა განაჩენად, რომელიც შემდეგ, ჰერცოგ ორლეანელისა და ვიქტორ ჰიუგოს შუამდგომლობის, მასობრივი პეტიციისა და მუშებისა და სტუდენტების მანიფესტაციების ზეწოლის შედეგად, სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 1848 წლის თებერვლის რევოლუციის დროს გათავისუფლებული ბარბესი, პარიზში დაბრუნებისთანავე მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ მოვლენებში, ხდება „რევოლუციური კლუბის“ პრეზიდენტი, ინიშნება პარიზის ნაციონალური გვარდიის მეთორმეტე ლეგიონის პოლკოვნიკად, მას ირჩევენ დამფუძნებელი კრების დეპუტატად. ახალი ხელისუფლების ზომიერებისა და სოციალური რეფორმების გატარების დაყოვნების გამო, უერთდება რევოლუციურ დემონსტრაციებს, რომლებიც ეროვნულ კრებაზე შეტევად გადაიზარდა და საქალაქო საბჭოს შენობის დაკავებითა და სოციალისტი და რადიკალი ლიდერებისგან შემდგარი ახალი მთავრობის გამოცხადებით დასრულდა, მაგრამ ეს გადატრიალების მცდელობა მალევე ჩაახშო ნაციონალურმა გვარდიამ, ხოლო მონაწილეების უდიდესი ნაწილი დააპატიმრეს, მათ შორის ბარბესიც, რომელსაც ისევ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. გათავისუფლების შემდეგ, 1854 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში.
[13] ალექსანდრ ალბერი (ნამდვილი გვარი მარტენი) (1815-1895) — ფრანგი პოლიტიკოსი და რევოლუციონერი, სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე, პროფესიით მუშა-მექანიკოსი. რევოლუციურ წრეებში ცნობილი იყო „მუშა ალბერის“ (Albert L’Ouvrier) სახელით. მონაწილეობდა 30-იანი წლების საიდუმლო შეთქმულთა ორგანიზაციების საქმიანობასა და აჯანყებებში. იყო 40-იანი წლების რესპუბლიკური საიდუმლო რევოლუციური ორგანიზაციის, „წელიწადის ახალი დროების საზოგადოების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1848 წელს იბრძოდა პარიზის ბარიკადებზე. შედიოდა მეორე რესპუბლიკის დროებით მთავრობაში. 1848 წლის 15 მაისის რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რომლისგანაც 1859 წელს ამნიისტიით გათავისუფლდა. საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს გახდა „ეროვნული თავდაცვის ხელისუფლების“ მიერ შექმნილი ბარიკადების კომისიის წევრი.
[14] ბომბების საქმე — საუბარია შეთქმულთა მცირე ჯგუფის, საიდმულო რევოლუციური ორგანიზაციების წევრების ავანტიურისტულ მცდელობაზე, ტერორისტული აქტებისთვის ხელნაკეთი ცეცხლგამჩენი ბომბები გამოეყენებინათ. ამ ავანტიურაში თავიდანვე ჩარეულნი იყვნენ პოლიციის აგენტები, რომლებიც სისტემატურად ატყობინებდნენ პრეფექტურას შეთქმულთა მოქმედებებზე, რამაც პოლიციას ყველა შეთქმულის დაპატიმრების შესაძლებლობა მისცა. 1847 წელს დაწყებულმა სასამართლო პროცესმა ცხადყო, რამდენად ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები პოლიციის აგენტურას საიდუმლო ორგანიზაციებში.
