სილეზიელი ფეიქრები[I]
მათ ნაღვლიან თვალში უკვე ცრემლი აღარ დარჩა,
სხედან, ქსოვენ ძველ დაზგაზე კბილთა ღრჭენით ფარჩას.
„გერმანიავ, ჩვენი ხელი შენთვის ძაძას ქსელავს,
შიგ ტანჯული ფეიქრები ვაქსოვთ სამმაგ წყევლას –
ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!
ერთი წყევლა ღმერთს ეკუთვნის – ვთხოვდით გასაჭირში,
აგვარიდოს ზამთრის ყინვას, ტანჯვასა და შიმშილს;
გაგვიცრუა იმედები, უწყალოა ღმერთიც,
დაგვცინა და მოგვატყუა, არ სცალია ჩვენთვის –
ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!
ერთი წყევლა მეფისაა, ქვეყანას რომ მართავს,
არ იბრალებს ჩვენებრ ღატაკს, ღარიბსა და მართალს,
უკანასკნელ გროშებს გვართმევს მოძალადე ხელით,
ძაღლებივით გვიშენს ტყვიას – სხვას არაფერს ველით –
ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!
ერთი წყევლაც ჩვენი ყალბი მამულისთვის გვინდა,
სადაც ხარობს სიმდაბლე და ჭკნება გრძნობა წმინდა,
სადაც ადრე ითელება ქორფა ყვავილები,
ლაფში, შმორში ჭიაღუას სძინავს დამშვიდებით –
ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!
მაქო ფრინავს, მასრა ბრუნავს, და ზრიალებს დაზგა,
დღე და ღამე ვქსოვთ, და ჩვენი საშველი არ დადგა –
შენთვის, ძველო გერმანიავ, ხელი ძაძას ქსელავს,
შიგ ტანჯული ფეიქრები ვაქსოვთ სამმაგ წყევლას –
ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!“
დოქტრინა
დასცხე დაფდაფებს, ჰკოცნე ლამაზებს!
დაჰკარი! მხდალი ნუღარ იქნები!
ეს არის მთელი მეცნიერება,
აზრი და არსი ყველა წიგნების.
დასცხე! აღვიძე მძინარე ხალხი!
ახალგაზრდული ცეცხლი გედება!
დაჰკარ ცისკრისა! წინ გასწი მედგრად!
ეს არის მთელი მეცნიერება.
აი, ჰეგელის ფილოსოფია,
აი, წიგნების აზრი და არსი! —
მე ეს გავიგე, რადგან მარჯვე ვარ,
ვიცი დაფის და ნაღარის ფასი!
გაფრთხილება
შენ ასეთ წიგნებს ბეჭდავ და უშვებ!
ო, მეგობარო, დაიღუპები,
თუ არ იქნები მონა-მორჩილი,
ვერ ეღირსები პატივს და ფულებს.
ჩემი რჩევაა, კვლავ არ გაბედო
მსგავსი მსჯელობა ხალხის შესახებ,
ყბადაღებული მღვდლების გაკიცხვა,
და წარჩინებულ პირთა საერთოდ.
ო, მეგობარო, დაიღუპები!
გრძელი ხელები აქვთ ხელმწიფეებს,
გრძელი ენები — სულიერ მამებს,
ხოლო ჩვენს ხალხს კი — გრძელი ყურები!
გეორგ ჰერვეგს[II]
ჰერვეგ, რკინის ტოროლა ხარ ფრთაფარფატა,
მიატოვე დედამიწა დაზაფრული,
წმინდა სივრცეს მიაშურე ხალისითა!
ეს ზამთარიც აიბარგა თავისითა?
დადგა მართლა გერმანიის გზაფხული?
ჰერვეგ, რკინის ტოროლა ხარ ფრთაფარფატა,
ლაჟვარდებში მონავარდე, ცადასული.
დედამიწა მზის სხივების სითეთრეში
დაგიკარგავს — და მარტო შენს ტკბილ ლექსებში
ცოცხლობს შენი შექებული გაზაფხული.
ღამის გუშაგის ჩამოსვლისათვის პარიზში
„ღამის გუშაგო, მე შენს წინსვლას ვეხმიანები!
სწრაფად გივლია, მოგყოლია დარდი ფარული.
როგორ არიან სამშობლოში ჩემიანები?
თავისუფალი არის უკვე ჩვენი მამული?“
„კარგად არიან. კურთხეული და მადლით სავსე
იზრდება ჩვენი სათნო მხარე, კარგა ხანია;
შიგნით ოჯახში, საიმედო მშვიდობის გზაზე,
განვითარების მყუდრო გზაზე დგას გერმანია.
საფრანგეთივით ზერელედ კი არ იფურჩქნება,
მისთვის უცხოა გარეგნული ღელვის მირაჟი;
გერმანელები ატარებენ თავისუფლებას
გულის იდუმალ ხვეულებში, სულის წიაღში.
კელნის ტაძარიც დასრულდება, ამაყად მდგარი,
ჰოჰენცოლერნთა მოწყალებას ვუმადლით იმას.
საგრძნობი თანხით შეგვეწია ჰაბსბურგთა გვარი
და ვიტელსბახიც ფანჯრებისთვის გვიგზავნის მინას.
კონსტიტუცია, კანონები თავისუფლების
მეფემ აღგვითქვა, სიტყვა მოგვცა მეფემ ზღაპრული,
და მეფის სიტყვაც ხომ განძია ნიბელუნგების,
რაინის ფსკერზე საიმედო ხელით დაფლული!
ჩვენი რაინი როდის იყო სხვისი მორჩილი!
კვლავ მდინარეთა ბრუტუსია, ჩვენი წყალია!
ჰოლანდიელებს დაუდვიათ ფეხზე ბორკილი,
კეფაში ხელი ჩაუვლია შვეიცარიას.
ფლოტსაც მოველით. რომ მივიღებთ ამ ღვთის წყალობას,
გააუქმებენ საპატიმროს, მამულის მტანჯველს:
ნიჩბებს მიიღებს პატრიოტთა მთელი თაობა,
თავის გერმანულ გალერებზე მოიხდის სასჯელს.
ჩვენ ლაღი ცის ქვეშ ლაღად ვსუნთქავთ, სიცოცხლე ფეთქავს,
გერმანიაში სულ უჭკნობი გაზაფხულია,
და როცა ჩვენში აკრძალავენ სავსებით ბეჭდვას,
მაშინ ცენზურაც გაუქმდება ალბათ სრულიად“.
გადაგვარება
თვითონ ბუნება გაცუდდა, წახდა,
გახდა კაცივით ღალატიანი.
ვხედავ, ბალახიც, თვითონ მხეცებიც,
ტყუიან, როგორც ადამიანნი.
არა მწამს შროშნის უბიწოებაც!
აგერ, მოფრინდა პეპელა ფრანტი,
ჰკოცნის აშიკი, თავს დაჰფარფატებს —
უბიწოებაც დასრულდა მათი!
ია მეგონა კდემამოსილი, —
ერთი ღიმილიც ვეღარ მოვგვარე;
თუმცა გვახარებს ნაზსურნელებით,
გულში ყოფილა პატივმოყვარე.
და მეეჭვება, რომ თვით ბულბული
განიცდის იმას, რაზედაც გალობს.
ვფიქრობ: ზეიმობს, სტვენს თუ ქვითინებს,
სულ ჩვეულების, რუტინის გამო.
გაქრა სიმართლე დედამიწაზე,
და ერთგულებაც — თითქოს ქარია.
ჩვენი ძაღლები კუდს კი აქნევენ,
მაგრამ ერთგულნი აღარ არიან.
ტენდენცია
გერმანელო მომღერალო, აწ და მარად
შენ ადიდე უბორკილო გერმანია,
რომ სიმღერამ განამტკიცოს ჩვენი სული,
სასახელო საქმისათვის შეფიცული,
ძლევამოსილ მარსელელთა ჰიმნის დარად.
შენ ღუღუნი როდი გმართებს, როგორც ვერთერს,
სიცოცხლე რომ ოხვრით ლოტეს შეალია;
ხალხს უმღერე, რომ ჩამოჰკრეს ბრძოლის ზარი,
ხანჯლის ენით ამეტყველე მგოსნის ქნარი,
და სიმღერა მახვილივით უნდა ჟღერდეს.
აღარ გვინდა უწყინარი სალამური,
უშფოთველი სულის ნაზი იდილია;
მამულისა იყავ დაფი და ნაღარა,
ქუხდე, ჭექდე, სისხლი ჩქეფდეს ზღვად და ღვარად,
მეხს ედაროს შეხლის ზარი საამური.
ჭექდე, ქუხდე, ვიდრე ჟამი შეიცვლება —
ეს ქუხილი მტარვალების სიკვდილია.
სულ ეცადე ამ გზით გაჰყვე ლაღ სიმღერას,
მაგრამ იყოს მარად შენი ჩანგის ჟღერა
სულ ზოგადი, რამდენადაც შეიძლება!
ღამის გუშაგს[III]
გვიანდელი ვითარების გამო
როდი ფუჭდება შენი სტილი და შენი გული,
მიჰყევ ამ თამაშს, აბა რატომ ხარ შენიღბული?
გცნობ, მეგობარო, მარად შენი პატივმცემელი,
მზად ვარ გიწოდო თვით ბატონი კარის მრჩეველი.
ხალხში, ხომ იცი, არის კილვა, არის მსჯელობა,
დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს შენი კარისმრჩევლობა!
მთელ იმ მიდამოს, გარს რომ ეკვრის ელბას და სენას,
დღემუდამ ერთი ღრიანცელი აყრუებს სმენას:
თითქოს პროგრესის მარდი მუხლი, კალამი შენი,
რეგრესის მუხლად ქცეულიყო! აჰ, ამიხსენი,
შვაბურ კიბოებს მიაჭენებ? ჩვენს შორის დარჩეს:
მართლა თუ ხიბლავ თვალის ჩაკვრით თავადის ხარჭებს?
ვხედავ, გერევა უკვე ძილი, ბრძოლამ დაგღალა.
მთელი ღამე რომ გაბედულად სცემდი ნაღარას,
ახლა საყვირი ჩამოჰკიდე ლურსმანზე წყნარად:
„უბირ გერმანელთ სხვამ დაუკრას, ჩემგან ეს კმარა!“
წვები ლოგინში, ხუჭავ თვალებს, კვლავ გახსენებენ,
დაქანცულ ვაჟკაცს, ღამენატეხს, არ გასვენებენ!
შენი ფანჯრის წინ მასხარა ბრბო ისევ იძახის:
„ბრუტუს, შენ გძინავს? გაიღვიძე, იხსენი ხალხი!“
ამ მყვირალა ბრბოს არც კი ძალუძს გაგება ამის,
რამ დაადუმა დიდებული გუშაგი ღამის!
მსგავსი აჯამი არ დაგიდევს, წინათ ერთგული
ადამიანი რატომ დაწვა კრიჭაშეკრული.
შენ მეკითხები, სამშობლოში როგორ არიან?
მშვიდობა სუფევს, ამინდები ერთობ წყნარია.
შეცბუნებული ფლუგერებიც აღარ იძვრიან,
დგანან და საით იტრიალონ, აღარ იციან…
დამშვიდებისათვის
ბრუტუსივით გვძინავს ჩვენც, მაგრამ დილით ბრუტუსი
იღვიძებს, რომ გაფანტოს ძალადობის ბურუსი —
ორპირ მახვილს კეისრის გულში დაატრიალებს!
იღვიძებდა რომი და ასე ნთქავდა ტირანებს.
ქვირიტები არა ვართ, ჩვენ ვეწევით თამბაქოს,
ყველა ხალხი საკუთარ გემოვნებით ამაყობს,
თავი მოაქვს სუყველას რამ ღირსება-დიდებით;
შვაბი გუფთას ამზადებს, ჩაიკვნიტო თითები!
ჩვენ ვართ გერმანელები, მშვიდნი, მხნენი, რჩეულნი,
გვეკიდება ჯანსაღი ძილი მცენარეული;
გაღვიძებისთანავე ჩვენც გვწყურია ძლიერად,
მაგრამ კურფიურსტების შავი სისხლი კი არა.
ერთგული ვართ სავსებით, როგორც ჩვენი მუხები,
როგორც ჩვენი ცაცხვები, ამაყნი და ჯმუხები;
ცაცხვების და მუხების ქვეყანაში ქიშპობა
არ არის და ბრუტუსიც არასოდეს იშობა.
და ჩვენს შორის ბრუტუსი თუნდაც იშვას ახლადა,
ახლა ჩვენში კეისარს სანთლითაც ვერ ნახავდა.
რაც არ უნდა ეძებნა, ვერ ნახავდა კეისარს;
იქნებოდა იოლი პოვნა თაფლის კვერისა.
რიცხვი ჩვენი მთავრების არც თუ ისე დიდია —
მხოლოდ ოცდათექვსმეტი, ყველას მკერდზე ჰკიდია
მცველად თითო ვარსკვლავი; სძინავთ გულდამშვიდებით,
მათ არავინ აშინებს ახლა მარტის იდებით[IV].
ჩვენ მათ მამებს ვეძახით და გვგონია მამული
სამემკვიდრო მთავართა, ჩვენი ცრემლით ნამული,
ბატონებს რომ ეკუთვნით, და მათ აღარ ვეხებით,
ჩვენ კი გვიყვარს აგრეთვე კომბოსტო და ძეხვები.
ჩვენში, როცა მამები სასეირნოდ მიდიან,
ქუდებს ვუხდით კრძალვითა, სანაქებო რიდია!
გერმანია, ღვთისნიერ ბავშვთა ბაგა რჩეული,
განა მკვლელთა ბუდეა, რომი გადარეული!
მსოფლიო თავდაყირა
სწორედ შეირყა კაცობრიობა,
ჩვენც თავდაყირა დავალთ ყველანი;
ქედანს არა კლავს დღეს მონადირე —
მონადირეებს ხოცავს ქედანი.
ხბო არხეინად ხრაკავს მზარეულს,
ცხენი აჭენებს ადამიანებს,
და განათლების საქმე კი მარტო
კათოლიკ ჭოტებს ადარდიანებს[V].
ჰერინგი[VI] გახდა სანკიულოტი,
და სიმართლის თქმა იწყო ბეტინამ[VII];
ჩექმებიანმა კატამ[VIII] სცენაზე
შესძლო სოფოკლე წარმოედგინა.
დღეს მაიმუნი პანთეონს აგებს,
თითქოს გერმანელ გმირებს აღმერთებს,
მასმანს კი თმები დაუვარცხნია,
თუ ვერწმუნებით ახალ გაზეთებს.
გერმანელ დათვებს სულ დაუკარგავთ
სამების მადლი და ქრისტეს რწმენა,
ხოლო ფრანგულმა თუთიყუშებმა
ქრისტიანულად დაიწყეს ფრენა.
„უკერმერკიშერ მონიტორს“ თურმე
დაუნთხევია ღვარძლი და გესლი.
ცოცხალს შეუთხზა მიცვალებულთა
ეპიტაფია უსაძაგლესი.
ნუ გვაიძულებთ ვიცუროთ აღმა,
ძმებო! ამაო ცურვა იქნება!
გვაცალეთ ასვლა ტემპლოვის ბორცვზე,
რათა შევძახოთ: „მეფეს — დიდება!“
ჰიმნი
მე ვარ მახვილი, ვარ ცეცხლის ალი.
მე გაგინათეთ გზა ბნელ ღამეში, და როს დაიწყო შეხლა სასტიკი, მე წინ ვიბრძოდი, წინა რიგებში.
მეგობართ გვამებს დაეფარა მიწა გარშემო, მაგრამ ჩვენ დაგვრჩა გამარჯვება სასტიკ ბრძოლაში. თუმცა ჩვენ დაგვრჩა გამარჯვება სასტიკ ბრძოლაში, მეგობართ გვამებს დაეფარათ მიწა გარშემო. ტრიუმფალური პანაშვიდის ისმის გალობა, მაგრამ არა გვაქვს დრო გლოვისა, არცა ლხენისა. კვლავ მოგვიხმობენ ბრძოლის ველზე, დაჰკრეს ნაღარა, იწყება ბრძოლა —
მე ვარ მახვილი, ვარ ცეცხლის ალი.
ერთ პოლიტიკურ პოეტს
შენ ისე მღერი, ვით ტირტეოსი[IX],
მისებრ საგმირო ცეცხლის მფრქვეველი,
მაგრამ რა ცუდად შეგირჩევია
შენ შენი დრო და შენი მსმენელი!
თუმცა გისმენენ, გაქებენ კიდეც,
შენი ლექსებით ყველა ერთობა,
ამბობენ, რომ ხარ ფორმის ოსტატი,
გაქვს დიდებული აზრთა მსვლელობა.
შენს სადღეგრძელოს წარმოთქვამს ყველა,
თანაც ჭერამდე ასწევენ ჭიქებს,
საბრძოლო ჰიმნებს გაჰკივის ლოთი,
თან ოსტატობას ღრიალით გიქებს.
თავისუფლების სიმღერას მღერის
ღამე დუქანში მოსამსახურეც:
კუჭს შველის საჭმლის მონელებაში,
ღვინოს ატკბობს და რომსაც ახურებს.
ოღონდ მაცალეთ
ელვის ენები ნახეთ მარტო, ჩემგან ტყორცნილი,
და გეგონათ, რომ ვერ ვაქცევდი ჭექა-ქუხილად?
თქვენ შემცდარი ხართ, ვარ ნიჭითაც ძლევამოსილი,
მეხსაც ნახავენ, სადაც იგი ჯერ არ უხილავთ.
მეხთა კვეთებით დაირღვევა მძიმე დუმილი,
გაფრთხილებთ, როცა დღე დადგება სამართლიანი;
თქვენ მაშინ უნდა მოისმინოთ ჩემი ქუხილი,
მჭექარე სიტყვა ცეცხლისმტყორცნელ ადამიანის.
სამპირი ქარი დასცემს ყველა კერპს და ხატებას,
დაილეწება ყველა მუხა უზარმაზარი,
ბევრი სასახლე შეირყევა, შეზანზარდება,
და დაიქცევა უამრავი ძველი ტაძარი.
ENFANT PERDU[X]
თავისუფლების ბრძოლაში დაკარგულ ბურჯებს ვიცავდი, —
ეს ოცდაათი წელია, სიკვდილს გულდაგულ მოველი;
თუმცა იმედი არ იყო გამარჯვებისა, ვიცოდი,
არც გადარჩენის, და მაინც ბრძოლას შევწირე ყოველი.
მე დღე და ღამე ვფხიზლობდი, მებრძოლებს ფარად ვეფარე,
კარავში ყველას ეძინა, ვინც სასტიკ ბრძოლას გადარჩა —
(ამხანაგების ხვრინვაზე თვალს გავახელდი მთვლემარე,
მუჭა მამაცთა ფხიზელ ძილს ვადექი ერთგულ დარაჯად).
მოწყენილობა მტანჯავდა, ხშირად შიშიც და ელდაცა —
(არ ეშინიათ არაფრის მხოლოდ მკვდრებსა და სულელებს);
მაგრამ სიმღერით ვფანტავდი ღამის ფიქრსა და სევდასა,
ვსტვენდი სატირულ ლექსებსა, მებრძოლს რომ ნაღველს უნელებს.
დიახ, მე ფხიზლად ვიდექი, ხელში მეჭირა სიათა;
ხანდახან გამოჩნდებოდა გზააბნეული სულელი —
მარჯვედ ნასროლი ტყვიისგან გულგანგმირული გმინავდა…
ვერ ეწყობოდა ცხელ ტყვიას მტარვალის ბილწი მუცელი.
არ გადავფიცავ, ხანდახან მეც მიმტყუნებდა მარჯვენა —
აჰ, მე თუ მარჯვედ ვისროდი, არც მტერი იყო ჯაბანი
როცა იმ თავხედს ეწერა ორთაბრძოლაში დარჩენა,
ჟონავდა ჩემი ჭრილობა, ჩემივე სისხლით ნაბანი.
მე აღარა ვარ! — სისხლი მდის, გამეხსნა ყველა იარა,
ერთი ეცემა, სხვა მოდის, მტარვალთა ზარი და რისხვა.
ვეცემი გაუტეხელი, გმირების თანაზიარად,
არ დამსხვრეულა მახვილი — მხოლოდ ეს გული დაიმსხვრა.
წუთისოფელი
ვისაც ბევრი ქონება აქვს,
მიეცემა მალე მეტი;
თუ ცოტა აქვს, ცოტა ხანში
ამ ცოტასაც ართმევს ბედი.
თუ არა გაქვს არაფერი,
ჯობს საფლავში მოსვენება,
რადგან მხოლოდ მქონესა აქვს
ამა სოფლად ყოფნის ნება.
განდგომილს[XI]
ოჰ, სიჭაბუკის წმინდა ლამპარო!
რა ადრე დაცხრა შენი მხნე გული,
რომ უხამსობის ფერფლმა დაფაროს
მტერთან მონურად შერიგებული.
შენ ჯვარს შესწირე შენი მხნეობა,
იმ ჯვარისათვის გამართე ბრძოლა,
გუშინ რომ ასე გეზიზღებოდა,
მზად იყავ მტვერში გადაგესროლა.
ოჰ, ასე იცის შლეგელის კითხვამ!
თავს რომ აკლავდი ჰალერს და ბურკეს! [XII]
გუშინდელ გმირს და მტარვალთა რისხვას
დღეს ვეღარა გცნობ — ფლიდსა და ურგებს.
1849 წლის ოქტომბერში[XIII]
დასრულდა მძიმე ლოდინი ქარში,
მამულს დაუდგა მყუდრო აისი,
და გერმანია, მოზრდილი ბავშვი,
შობის ნაძვისხეს ხვდება ხალისით.
მყუდრო ოჯახი გვიყვარდა მუდამ —
სხვა ბოროტია სულ ყველაფერი —
მშვიდობის მტრედი უკან დაბრუნდა,
გამოაცოცხლა ფუძე და ჭერი.
მშვიდად მძინარე ტყეს და მდინარეს
მთვარის სხივები ეღვრება ჭარბად,
ზოგჯერ სროლის ხმა არღვევს სიწყნარეს —
ეს მეგობარი დახვრიტეს, ალბათ,
აქვთ იარაღი ჩვენს მოისარებს
და ეს უჯდებათ სიცოცხლის ფასად
(ყველა უგნური ვერც მოისაზრებს
მარდად გაიქცეს, ფლაკუსის მსგავსად[XIV]).
სროლის ხმა ისმის — ალბათ გოეთეს
ასი წლისთავის მუშხუნებია,
ზონტაგი უთვლის სალამს პოეტებს[XV],
მკვდრები სიცოცხლეს უბრუნდებიან.
ჟღერს ძველი ქნარი, გადარჩა ლისტიც[XVI],
ერთი ნახმლევი მას არ ატყვია,
ვერ მიუგნია უნგრეთში მისთვის
რუსებისა და კროატთა ტყვიას.
სისხლში ჩაახრჩეს თავისუფლება,
უნგრეთს მოავლეს შავი არშია —
დარჩა რაინდი ფრანცი უვნებლად,
და მისი ხმალიც — განჯინაშია[XVII].
გადარჩა ფრანცი, და ბერიკაცი
ამ ომს ბავშვებში ახსენებს ხშირად:
„ასე ვიწექი რაინდი ფრანცი,
ხმალი ბრძოლაში ასე მეჭირა“
უნგრეთის სახელს რომ ახსენებენ,
პრუსთა პერანგი ვიწროა ჩემთვის,
მის ქვეშ ზვირთები არ მასვენებენ,
თითქოს ზღვის გუგუნს ბუკის ხმა ერთვის.
მესმის გმირული ჰიმნების ჟღერა,
ისევ აღდგება ყველა მათგანი —
ძველი საბრძოლო რკინის სიმღერა,
ნიბელუნგების ბედზე ნათქვამი.
გმირი ერთია ყველა სრულებით,
ისე უცვლელი, როგორც ზღაპარი,
სახელს იცვლიან… მათი სულები
გზას გვინათებენ როგორც ლამპარი.
გმირს ბედისწერა არც ახლა ინდობს,
და თუ დღეს მისი დროშა ფრიალებს,
უთმობს ასპარეზს ხვალ სარაინდოს
უნდო ნადირთა ძალებს ტიალებს.
ხარმა დათვებთან ერთად იაროს[XVIII],
ნუ შეგაშინებს მათი კავშირი,
ო, ნუ შედრკები, შენ, მადიარო,
სხვებს გვარცხვენს უფრო ავი ნადირი.
რიგიან მხეცებს დაემონები,
ჩვენ კი გვამცირებს ძალა უხეში, —
აღმოვჩნდით მგლების, თავხედ ღორების
და გამარჯვებულ ძაღლთა უღელში.
ქვეყანას მათი სუნი მოედო,
მესმის ღრუტუნი, ყეფა, ყმუილი;
შენ ეს გაღელვებს, ჩუმად, პოეტო,
მაინც ავად ხარ, გიჯობს დუმილი!
ANNO 1829
მომეცით ფართო, გაშლილი ველი,
რომ გულმა სისხლი მშვიდად დაღვაროს!
აქ ნუ დამახრჩობთ! ო, განმარიდეთ
მეწვრილმანეთა ვიწრო სამყაროს!
სვამენ და ჭამენ, ბედს შეჰხარიან,
ვით თხუნელები, სოროთა მთხრელნი,
და სულგრძელობა დიდია მათი,
როგორც მათხოვრის ჩანთაში ხვრელი.
სიგარები აქვთ პირში გაჩრილი,
შარვლის ჯიბეში იწყობენ ხელებს;
ყველაფერს ნთქავენ და ინელებენ —
მაგრამ მათ თვითონ ვინ მოინელებს?
მთელი მსოფლიოს სანელებლებით
ვაჭრობენ, მაგრამ ლეშების დარად
მათ დუხჭირ სულებს სურნელიდანაც
დამპალი თევზის სუნი სდით მარად.
ჯობდა მენახა სისხლი, მკვლელობა,
რომლის სიმძიმეს არ აქვს საზღვარი,
ვიდრე ბანკირთა ეს ცრუ მორალი,
ქველმოქმედების სახე მაძღარი!
ზეცის ღრუბლებო, თან წამიყვანეთ,
გადამატარეთ ზღვები, ქედები!
ლაპლანდიაში, გინდ აფრიკაში,
ან ზღვისპირეთში წავეხეტები!
ო, წამიყვანეთ! — როდი მისმენენ —
ჭკუა ჰქონიათ ღრუბლებს ფიქრიანს;
ზევიდან ქალაქს რომ დახედავენ,
შეშინებულნი სწრაფად მიჰქრიან.
1649-1793-???[XIX]
ბრიტანელებმა, გაუთლელმა მეფისმკვლელებმა,
უხეში ქცევით შეაშფოთეს ქვეყნიერება.
უაიტჰოლში[XX] კარლოს მეფეს წვავდა ნაღველი
და გაათენა თეთრად ღამე უკანასკნელი.
მისი ფანჯრის წინ უმღეროდნენ სიცილით სიკვდილს,
ჩაქუჩის ცემით ამზადებდნენ ეშაფოტს მისთვის.
არც თუ ფრანგები არ ყოფილან ნაკლებ თავხედი,
ბრიტანელებზე უფრო მეტად თავაზიანი:
თხემის ადგილზე რომ მიჰყავდათ ლუი კაპეტი[XXI],
წესიერ ეტლშიც კი არ ჩასვეს ადამიანი,
უბრალო ეტლით წაიყვანეს უბირ კაცივით,
როცა მას უნდა მოქცეოდნენ მეფურ პატივით.
კაპეტზე ცუდი დღე დაადგა ანტუანეტას,
ვინ აღირსებდა მას ხავერდით მორთულ კარეტას!
არც სეფექალებს გააკარეს, არც კარისკაცებს,
სანკიულოტთან ჯაგვში ჩასვეს და გაიტაცეს.
კაპეტის ქვრივსაც ეცოტავა მსახურთა რიცხვი,
ჰაბსბურგთა სქელი ქვედა ტუჩი აპრუწა რისხვით.
ბრიტანელები და ფრანგები აკი ბუნებით
გულქვა ხალხია, არ უვარგათ ტაქტი სრულებით.
აი, სულ სხვაა გერმანელი, მარად კეთილი,
თვით ტერორისტულ აქტებშიაც თავდაჭერილი.
გერმანელები ხეპრესავით არ იქცეოდნენ,
მეფის წინაშე მუდამ კრძალვით განირჩეოდნენ.
სამეფო ეტლში ჩაბრძანდება ჩვენი ტირანი;
აცრემლებული მეეტლე და მცველნი მტირალნი
შავად მორთული ექვსი ცხენით, შავი მათრახით
გააქროლებენ მოედანზე, სადაც ნაძრახი
ხელმწიფისათვის ბასრი რკინა უხმოდ ილესა,
და ეშაფოტზე თავს მოჰკვეთენ უმორჩილესად.
პოემიდან „გერმანია“
იდგა პირქუში თვე ნოემბერი[XXII],
იყო სუსხი და უამინდობა,
დაჰქროდა ქარი; მე გზას ვადექი,
მშობელი ქვეყნის ნახვა მინდოდა.
როგორც კი საზღვარს მივუახლოვდი,
მე გულის ცემა ვიგრძენი ჩქარი;
ცოტა არ იყოს, ვგონებ, თვალები,
კოდეც დამელბო ცრემლების ცვარით.
როცა ესმოდა ყურს გერმანული,
როგორ ვთქვა, ჩემში თუ რა ხდებოდა, —
რაღაც უცნაურ სიამით თითქოს
გულიდან სისხლი მეწვეთებოდა.
ქნარზე მღეროდა პატარა გოგო,
აღფრთოვანებით და გრძნობიერად,
თუმცა ყალბის მით; მისმა სიმღერამ
მე ამაღელვა მაინც ძლიერად.
ის უმღეროდა ბედკრულ სიყვარულს,
მსხვერპლად შეწირვას და პაემანსა
იმ ქვეყნად, სადაც ბოლო ეღება
ყოველგვარ ტანჯვას და წამებასა.
ის უმღეროდა სოფლის სიავეს,
ბედნიერებას, უცებ რომ ჰქრება,
ციურ სამყოფელს, რომლის წიაღშიც
ნეტარებს წმინდა სულების კრება.
ეს იყო ძველი სიმღერა თმობის,
დაიმედება ცის მოწყალებით.
სულელ ხალხს მუდამ უმღერენ ამას,
რომ არ აღშფოთდეს თვისის წვალებით.
მე ვიცი მისი სიბრძნე და კილო,
და ავტორებიც მინახავს თვალით.
მათ ხშირად უსვამთ ფარულად ღვინო,
ხოლო საქვეყნოდ უქიათ წყალი,
მე კი ახალი, კარგი სიმღერით
მსურს, მეგობრებო, დაგიტკბოთ სმენა;
გვინდა მივიღოთ ამ ქვეყანაზე
იმქვეყნიური შვება და ლხენა.
ბედნიერება მიწაზე გვინდა,
უნდა მოგვშორდეს შიმშილი, ჭირი.
კმარა იმისთვის ხელების დაღლა,
რათა მცონარეს გავუვსოთ პირი.
აქ ხომ საკმაო მოდის ხორბალი,
თუ არა თქვენი, აბა ვისია!
ვარდი და ტყვია, სიტურფე, შვება,
ტკბილი მუხუდოც საკმარისია.
დიახ, მუხუდო რამდენიც გნებავთ,
როგორც კი პარკი გასკდება მისი!
ზეცის წიაღმა კი ასაზრდოოს
ბეღურები და სულები თვისი.
თუ ფრთებს შევისხამთ სიკვდილის შემდეგ,
ჩვენც გავიხარებთ ციურ ამბებით, —
ჩავიტკბარუნებთ ყველა აქ პირებს
უცხო ტორტებით და მურაბებით.
აი სიმღერა საუკეთესო,
ჟღერა ფლეიტის, ჭიანურისა!
შენ კი შორს, ძველო მწუხარე ჰანგო,
და წყლულებელო ჩვენის ყურისა!
ქალწულ ევროპას ჰყავს დანიშნული
თავისუფლების ტურფა გენია,
მკლავმოხვეულნი ტკბებიან კოცნით
და ერთმანეთსა ტურფად შვენიან.
მათი ეს ულვილი დაქორწინება
არ დაამცირებს შეუღვლილებსა.
მრავალჟამიერ სასიძოს, სარძლოს,
მრავალჟამიერ იმათ შვილებსა!
უფრო ახალი, უფრო კარგია
ეს საქორწინო საგალობელი.
უკვე ბრწყინდება ჩემში იდუმალ
ვარსკვლავთა ხომლი ცხოველმყოფელი.
იმისმა ცეცხლმა და ბრწყინვალებამ
ამიელვარა სული მთლიანად.
ძალას ვგრძნობ ისეთს, რომ შემიძლიან
მუხის მოგლეჯა ძირფესვიანად.
შევახე ფეხი მშობელ მიწას და
ჯადოსნურ წვენით ვარ ავსებული;
დედას ტიტანი შეეხო — ისევ
იგრძნო ძალ-ღონე განახლებული.
მოხეტიალე ვირთაგვები[XXIII]
ქვეყნად არის ვირთაგვების ორი გვარი:
ვირთაგვები დამშეული და მაძღარი.
თუ მაძღრები შინ არიან დამშვიდებით,
მშიერები დაძვრებიან გაგიჟებით.
არ იციან სიმშვიდე და შესვენება —
არ იქნება მაშინ მათი შეჩერება.
სულ გარბიან თუ შიმშილმა გადარია,
არ არჩევენ, დარია თუ ავდარია.
მთა დახვდებათ — აჰყვებიან მაღლა მთასა;
ტბა დახვდებათ — გაცურავენ გაღმა ტბასა;
ბევრი კისერს მოიტეხს და დაიხრჩობა,
სხვები წავლენ, არ იშლება შავი წყობა.
გამოცნობა სულ არ არის მათი ძნელი,
დრუნჩები აქვთ სახიფათო, საშინელი;
გაკრეჭილან, გეგონებათ მელოტები, —
რადიკალურ და ვირთაგვულ გემოვნებით.
რადიკალთა ხროვა ჯვარცმას არ იკარებს,
არასოდეს ღმერთი არ სწამი რადიკალებს,
არ ნათლავენ შვილებს — სულის საზიანოდ,
და ცოლები გაუხდიათ საზიაროდ.
ავხორცია ვირთაგვების ნაშიერი;
როცა იგი მწყურვალია და მშიერი,
არის მხოლოდ ჭამა-სმაზე გადასული,
არ ახსოვს, რომ უკვდავია ჩვენი სული,
ასეთ ვირთხას უსაშველოდ სხვა აქვს მადა,
არ აშინებს ჯოჯოხეთი და არც კატა;
არც ფული აქვს, არც სამშობლო, არც ქონება,
ლამობს ქვეყნის გაყოფას და დამონებას.
დავიღუპეთ! მოარული ვირთაგვები
მოახლოვდნენ, ყველა შიშით ვითანგებით.
მოძვრებიან, მოდის შავი მხედრიონი,
მესმის სტვენა, არის მთელი ლეგიონი.
დავიღუპეთ! ჩვენი საქმე წასულია,
კარს მოგვადგნენ, მათი მადა განთქმულია!
დგას ჭიშკართან სენატი და ჩვენი მერი,
საგონებელს მისცემია მთელი ერი.
ხალხი ქალაქს იარაღით აზანზარებს
და ხუცები არ ინდობენ ახლა ზარებს.
ემუქრება საფრთხე ქვეყნის პალადიუმს,
მის ზნეობას, საკუთრებას მარადიულს.
ვერც სენატის გონივრული დეკრეტები
და ვერც ორმოცფუთიანი ქვემეხები,
ვერც ზარის ხმა, მღვდლების ლოცვა საგანგებო
ვერ გიშველით დღეს თქვენ, ჩემო პატარებო!
ვერ გიშველით სიტყვა მარჯვედ დაღვლარჭნილი,
დრომოჭმული მჭევრმეტყველის ენა ტკბილი;
ვირთხა როდი ეკარება სილოგიზმებს,
შეუძლია გადაახტეს ტკბილ სოფიზმებს.
მშიერ კუჭზე, — აბა რაა დასამალი, —
აქვს წვენსა და გუფთის საბუთს გასავალი,
არგუმენტად უფრო შემწვარს ინატრებდა,
გეტინგენის მსუქან ძეხვს კი — ციტატებად.
სხვა მადა აქვთ რადიკალურ მაწანწალებს —
ქონში შემწვარ უტყვ ვირთევზებს ანაცვალეს
ის, რაც უთქვამთ მირაბოსა და ციცერონს[XXIV],
რაც დაწერეს და რაც უნდა დაიწეროს!
ლექსები და კომენტარები აღებულია ჰაინეს „რჩეულიდან“ (ჰაინე ჰ. რჩეული, თბ., საბჭოთა საქართველო, 1978).
კომენტარები
[I] სილეზიელი ფეიქრები — ჰაინეს პოლიტიკური ლირიკის ეს ბრწყინვალე ლექსი პირველად გამოქვეყნდა „ფორვერტსში“, 1844 წლის 10 ივლისს, სათაურით „საწყალი ფეიქრები“. ეს ლექსი იმავე წელს ინგლისურ ენაზე თარგმნა და გამოაქვეყნდა ფრ. ენგელსმა.
[ლექსი დაწერილია 1844 წლის ივნისში, პეტერსვალდაუსა და ლანგებილაუში ფეიქრების ამბოხების შთაბეჭდილებების ქვეშ.]
[II] ეს ლექსი გადასცა ჰაინემ ჰერვეგს 1843 წელს, როცა იგი პარიზში ჩავიდა.
[III] ლექსის ადრესატია გერმანელი პოეტი ფრანც დინგელშტედტი — ავტორი ლიბერალური იდეებით გამსჭვალული წიგნისა „სიმღერა კოსმოპოლიტური ღამის გუშაგისა“ (1840 წ.). წიგნის გამოცემის შემდეგ პოეტი სახელმწიფო სამსახურში შევიდა და 1843 წელს ვირტემბერგის მეფემ ჰოფრატის (კარის მრჩევლის) ტიტული უბოძა და შტუტგარტში მიიწვია.
[IV] მარტის იდები — ასე უწოდებდნენ მარტის თვის მეთხუთმეტე დღეს რომაელები. მარტის იდების დღეს შეთქმულებმა ბრუტუსისა და კასიუსის მეთაურობით მოკლეს იულიუს კეისარი.
[V] კათოლიკე ჭოტები — იგულისხმება ე. წ. „გერმანული კათოლიციზმი“, გერმანელ კათოლიკეთა შორის ყველაზე ლიბერალური მიმართულება.
[VI] ლიტერატურაში ცნობილია ვილიბალდ ალექსისის ფსევდონიმით, პატრიოტული ხასიათის ისტორიული რომანების ავტორი. 1843 წელს გაილაშქრა ცენზურის წინააღმდეგ.
[VII] ბეტინა ფონ არმინი — 1835 წელს გამოაქვეყნა წიგნი „გოეთეს მიმოწერა ბავშვებთან“, დოკუმენტური ხასიათის ნაწარმოები, რომელსაც ნაკლებდამაჯერებლად თვლინდნენ. ჰაინეს შეხედულებით, სიმართლემ თავი იჩინა ბეტინა არნიმის წიგნში „ეს წიგნი ეკუთვნის მეფეს“ (1843), სადაც აღწერილია დაბალი ფენების სავალალო მდგომარეობა პრუსიაში.
[VIII] „ჩექმებიანი კატა“ — ასე უწოდებდა ჰაინე ლუდვიგ ტიკს, ამავე სახელწოდების კომედია-ზღაპრის ავტორს.
[IX] ტირტეოსი — ბერძენი პოეტი, ელეგიკოსი, მოღვაწეობდა სპარტაში, მონაწილეობდა მესინიის მეორე ომში (ჩვ. წელთაღრიცხვამდე VII ს.-ის სამოციანი წლები).
[X] Enfant perdu (ფრანგ.) — სიტყვასიტყვით: დაკარგული ბავშვი. ასე ეწოდებოდა მოწინავე პოსტის გუშაგს არმიაში 1879 წლის საფრანგეთის რევოლუციის დროს.
[XI] განდგომილს — ლექსის ადრესატია ბერლინის უნივერსიტეტის სამართლის ფილოსოფიის პროფესორი, ჰეგელიანელი ედუარდ განსი, წარმოშობით ებრაელი, რომელიც იძულებული გახდა აკადემიური კარიერის გამო 1825 წელს მონათლულიყო.
[XII] შლეგელი, ჰალერი და ბურკე დასახელებული არიან, როგორც რენეგატები. შლეგელი და ჰალერი პროტესტანტები იყვნენ, რომლებმაც კათოლიკობა მიიღეს. ბურკე — ინგლისელი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე. ადრე ლიბერალი, შემდეგ საფრანგეთის რევოლუციის მოსისხლე მტერი.
[XIII] ლექსი დაწერილია 1848 წლის ოქტომბრის აჯანყების სისხლში ჩახრჩობის წლისთავთან და 1849 წლის აგვისტოში უნგრეთის რევოლოციური მოძრაობის დამარცხებასთან დაკავშირებით.
[XIV] ძვ. რომაელმა პოეტმა კვინტუს ფლაკუსმა ფილიპინებთან ბრძოლისას (42 წ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე) თავი ბრძოლის ველიდან გაქცევით გადაირჩინა.
[XV] ჰენრიეტა ზონტაგი — ცნობილი გერმანელი მომღერალი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში აღარ უმღერია. 1849 წელს კვლავ დაუბრუნდა სცენას.
[XVI] ლისტი — უნგრელი კომპოზიტორი ფრანც (ფერენც) ლისტი (1811—1886).
[XVII] იგულისხმება ხმალი, რომელიც მიართვეს ლისტს 1830 წელს, როცა იგი საზეიმო ვითარებაში უნგრეთის დედაქალაქს ესტუმრა.
[XVIII] ხარად წარმოდგენელია ავსტრია, დათვად — რუსეთი. იგულისხმევა ავსტრიისა და რუსეთის კავშირი უნგრეთის რევოლუციის წინააღმდეგ.
[XIX] 30 იანვარი 1649 წელი — ინგლისის მეფის კარლოს I სიკვდილით დასჯის თარიღი. 1793 წლის 21 იანვარი — საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XVI და მისი ცოლის მარია-ანტუანეტას სიკვდილით დასჯის თარიღი. ??? — ასე აღნიშნავს ჰაინე გერმანიაში მომავალი რევოლუციის უცნობ თარიღს.
[XX] უაიტჰოლი — ციხე ლონდონში, სადაც 1649 წელს თავი მოჰკვეთეს ინგლისის მეფეს კარლოს I.
[XXI] ლუი კაპეტი — საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XVI.
[XXII] ჰაინე პარიზიდან გაემგზავრა 1843 წლის 21 ოქტომბერს და ჰამბურგში ჩავიდა 29 ოქტომბერს.
[XXIII] “მოხეტიალე ვირთაგვები“ გამოქვეყნდა ჰაინეს სიკვდილის შემდეგ. ლექსი აღსავსეა სიძულვილით ძალაუფლების მქონეთა, ბურჟუაზიისა და ყოველგვარი ჯურის ფილისტერების მიმართ, რომლებიც ცახცახებენ საკუთრების დაკარგვის შიშით. და ამასთან, ლექსი მიმართულია გამთანაბრებელი კომუნიზმის წინააღმდეგ, იმ ვულგარული კომუნიზმის წინააღმდეგ, რომელიც „მთელი ქვეყნის გაყოფას და დამონებას“ ისახავს მიზნად და, კ. მარქსის სიტყვებით, „კერძო საკუთრების სისაძაგლის გამოვლენის ფორმაა“. ჰაინემ ძალიან ადრე, 30-იან წლებშივე გააცნობიერა მუშათა კლასის ბრძოლის სამართლიანობა და მისი ისტორიული გამარჯვების გარდაუვალობა და ამ აზრზე იდგა სიცოცხლის ბოლო წლებშიც, მაგრამ მისთვის, ისევე როგორც მარქსისთვის, მიუღებელი იყო ის ტლანქი და ვულგარული ფორმა, რომელიც ჰქონდა კომუნიზმისა და სოციალიზმის ადრეულ დოქტრინებს და პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებშიც დაკნინებული იყო მეცნიერებისა და კულტურის მნიშვნელობა, უგულებელყოფილიყო იყო ადამიანის ინდივიდუალობა და ნიჭი, ხოლო მარქსისა და ენგელსის მეცნიერული კომუნიზმი, რომელშიც გადალახულია კომუნიზმის დოქტრინის თავდაპირველი ფორმების ნაკლოვანებები, მიუხედავად მარქსთან 40-იან წლებში მეგობრობისა, როგორც ჩანს, ჰაინესთვის უცნობი რჩებოდა. ამიტომ მას ბოლომდე გაორებული დამოკიდებულება ჰქონდა კომუნიზმისა და მუშათა რევოლუციური მოძრაობის მიმართ. მას, ერთი მხრივ, ეშინოდა მშრომელი მასების შესაძლო გამარჯვების, მეორე მხრივ კი მხარს უჭერდა მათ ბრძოლას და სურდა მისი წარმატებით დაგვირგვინება.
„მართლაც, — წერდა ჰაინე თავისი სტატიების წიგნის, „ლუტეციას“ წინასიტყვაობაში, — მხოლოდ შიშითა და ძრწოლით ვფიქრობ იმ დროზე, როდესაც ეს პირქუში ხატმებრძოლები მოიპოვებენ ბატონობას; თავიანთი უხეში ხელებით ისინი დაუნდობლად დაამსხვრევენ ჩემი ესოდენ სანუკვარი სამყაროს ყველა მარმარილოს ქანდაკებას; ისინი დაანგრევენ ხელოვნების ყველა იმ ფანტასტიკურ სათამაშოს, რომელიც ასე უყვარდა პოეტს; ისინი გაჩეხავენ ჩემს დაფნის ტყეებს და იქ კარტოფილს დარგავენ; შროშანებს, რომლებიც არც შრომობენ და არც რთავენ, მაგრამ მაინც უკეთესად იმოსებიან, ვიდრე მეფე სოლომონი თავისი დიდების ჟამს, ამოგლეჯენ საზოგადოების ნიადაგიდან, თუ არ ისურვებენ ხელში აიღონ თითისტარი; ასეთივე ბედი მოელით ვარდებს, ბულბულთა უქნარა პატარძლებს; ბულბულებს, ამ უსარგებლო მომღერლებს, განდევნიან და ვაი, რომ ჩემი „სიმღერათა წიგნიდან“ მოვაჭრე დაამზადებს პაკეტებს და შიგ ჩაყრის ყავას ან ბურნუთს მომავლის დედაბრებისთვის. ვაი, რომ! მე წარმოვიდგენ ამ ყველაფერს, და გამოუთქმელი ნაღველი მიპყრობს, როცა ვხედავ იმ დაღუპვას, რომელსაც ძლევამოსილი პროლეტარიატი უქადის ჩემს ლექსებს, მთელ ძველ რომანტიკულ სამყაროსთან ერთად რომ გაქრებიან“.
პოეტს ლოგიკის ხმა კარნახობს, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, ელემენტარული სასიცოცხლო საჭიროებების დაკმაყოფილების უფლება, რომელიც უმრავლესობას წართმეული აქვს კაპიტალისტურ წესრიგში:
„და, მიუხედავად ამისა, მე გულახდილად ვაღიარებ: სწორედ ეს კომუნიზმი, რომელიც ასე უპირისპირდება ჩემს მიდრეკილებებსა და ინტერესებს, ჩემს სულზე ისეთ მომნუსხველ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ არ შემიძლია მისგან გათავისუფლება. …როდესაც ამაზე ვფიქრობ, ლამის ჭკუიდან შევიშალო. მე ვხედავ, როგორ ცეკვავს ჩემ ირგვლივ ჭეშმარიტების ყველა დემონი და, ბოლოს და ბოლოს, დიდსულოვანი სასოწარკვეთა ეუფლება ჩემს სულს, და აღმომხდება: ამ ძველ საზოგადოებას უკვე დიდი ხნის წინ გამოუტანეს განაჩენი! დაე აღსრულდეს მართლმსაჯულება! დაე დაიმსხვრეს ეს ძველი სამყარო, რომელშიც უმანკოება იღუპებოდა, ეგოიზმი ნეტარებდა, ადამიანს ადამიანი ექსპლუატირებდა! დაე დაინგრეს საძირკველამდე ეს მავზოლეუმები, რომლებშიც ბატონობდა სიყალბე და სიცრუე, და დალოცვილი იყოს ის მოვაჭრე, რომელიც ოდესმე ჩემი ლექსებისაგან დაამზადებს პაკეტებს და მათში ჩაყრის ყავას და ბურნუთს ღარიბი დედაბრებისთვის, რომლებსაც ჩვენს უსამართლო სამყაროში, იქნებ, თავისთვის ამგვარ სიამოვნებაზე უარის თქმა უწევდათ…“
მაგრამ არის კიდევ ერთი ხმა მასში, რომელიც კომუნისტების მხარდაჭერას შთააგონებს, ესაა ხმა სიძულვილისა იმ საერთო მტრის მიმართ, რომელსაც გერმანული, ტევტომანური ნაციონალიზმი ჰქვია. ფარისეველი ნაციონალისტების და გერმანელი ურაპატრიოტების სიძულვილი არის მეორე ხმა, რომელიც კომუნისტების მხარდაჭერას ჩააგონებს:
„მე ყოველთვის ვებრძოდი მათ, და ახლა, როცა მახვილი მივარდება ხელიდან, მომაკვდავის ხელიდან, მამშვიდებს იმის შეგნება, რომ კომუნიზმი, რომელსაც ისინი პირველნი გადაეყრებიან გზაზე, უკანასკნელ დარტყმას მიაყენებს; და, რა თქმა უნდა, მათ კომბლის დაკვრით კი არ მოსპობს ეს გიგანტი, — არა, უბრალოდ ფეხით გასრესს, როგორც გომბეშოს. ეს იქნება დასაწყისი. ნაციონალიზმის მომხრეებისადმი სიძულვილისგან მზად ვარ ლამის კომუნისტები შევიყვარო. ისინი, სხვა თუ არაფერი, არ არიან ფარისევლები, რომელთაც პირზე მუდამ რელიგია და ქრისტიანობა აკერიათ; მართალია, კომუნისტებს რელიგია არ აქვთ (არ არსებობენ სრულყოფილი ადამიანები), ისინი უღმერთოებიც კი არიან (რაც, რა თქმა უნდა დიდი ცოდვაა), მაგრამ მთავარი დოგმატი — ესაა ყველაზე უსაზღვრო კოსმოპოლიტიზმი, საყოველთაო სიყვარული — სიყვარული ყველა ხალხისა, ძმური თანასწორობა ყველა ადამიანისა, დედამიწის თავისუფალ მოქალაქეთა. ეს ის მთავარი დოგმატია, რომელსაც ერთ დროს ქადაგებდა სახარება, ასე რომ თავისი სულისკვეთებით კომუნისტები გაცილებით მეტად არიან ქრისტიანები, ვიდრე ჩვენი ე. წ. გერმანელი პატრიოტები — ვიწრო ნაციონალიზმის ჩლუნგი მიმდევრები“. — „კონტრჰეგემონიის“ რედაქცია.
[XXIV] მირაბო (1749-1793) — საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის თვალსაჩინო მოღვაწე, სახელგანთქმული ორატორი. ციცერონი (106-43 წ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე) — ცნობილი რომაელი ორატორი.
