ღასან ქანაფანი — კაცები მზეში

ღასან ქანაფანი, პალესტინელი მწერალი, კრიტიკოსი, ჟურნალისტი, რევოლუციონერი, „პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი, დაიბადა 1936 წლის 9 აპრილს ქალაქ აკაში, ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიაზე, ქურთული წარმოშობის სუნიტების მრავალშვილიან ოჯახში. იგი ფაიზ ქანაფანის მესამე ვაჟი იყო, ადვოკატის, რომელიც, როგორც პალესტინის ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, ებრძოდა ბრიტანეთის ბატონობასა და ებრაული იმიგრაციის იმ პოლიტიკას, რომლის გატარებაც ბრიტანეთმა პალესტინაზე მანდატის მიღების შემდეგ დაიწყო (1919 წლიდან 1948 წლამდე პალესტინაში 500 000-მდე ებრაელი გადასახლდა). ამის გამო იგი არაერთხელ დააპატიმრეს, როცა ღასანი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ღასანმა დაწყებითი განათლება ქალაქ იაფაში, ფრანგულ მისიონერულ სკოლაში მიიღო. 1948 წელს, როცა პალესტინის ტერიტორიაზე გაეროს ხელმძღვანელობით ოფიციალურად შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო და, წინანდელ დაპირისპირებებთან შედარებით, მასშტაბური ომი გაჩაღდა, ქანაფანის ოჯახი, სხვა მრავალი პალესტინური ოჯახის მსგავსად, იძულებული გახდა, საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინა.

თავდაპირველად პალესტინელები მზად იყვნენ, თანასწორი უფლებები მიენიჭებინათ ჩამოსახლებული ებრაელებისთვის, მაგრამ, რასაკვირველია, უსამართლობად მიიჩნიეს მათთვის ქვეყნის დათმობა. ბრიტანეთმა ჩამოსახლებულებისა და ადგილობრივების შეტაკებების გამო ებრაელების არალეგალური მიგრაციის მკაცრად გაკონტროლება დაიწყო. არალეგალებს სპეციალურ, ციხის მსგავს ბანაკებში ათავსებდნენ, რის გამოც საქმე მათ აჯანყებამდე და ბრიტანეთის ჯარებზე თავდასხმამდე მივიდა. როგორც პალესტინელებისგან, ისე ებრაელებისგან შევიწროებულმა ბრიტანეთმა კოლონია დატოვა და ომამდე გაღვივებული კონფლიქტი ორ დაპირისპირებულ მხარეს მიანდო.  „უხალხო მიწა უმიწო ხალხისთვის“, — ღაღადებდა სიონისტური ლოზუნგი, როცა ისრაელის ახლად გამოცხადებული ხელისუფლება პალესტინაში საუკუნეების განმავლობაში მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობას დევნიდა და უმოწყალოდ ხოცავდა, თავის გასამართლებლად კი ყველა დროის დამპყრობელთა ნაცად ხერხს — მსხვერპლების დეჰუმანიზაციას მიმართავდა. 1948-49 წლების ომის შედეგად პალესტინა 1 მილიონამდე ადამიანმა დატოვა. ამ მოვლენებს მოგვიანებით ეწოდა „ნაქბა“, რაც არაბულად კატასტროფას ნიშნავს. 12 წლის ღასანის მეხსიერებაში „ნაქბა“ სამუდამოდ აღიბეჭდა და შემდეგ მის ნაწარმოებებშიც აისახა იმ ბრაზის, უსუსურობისა და სირცხვილის განცდად, რომელიც თან სდევდა მათ, ვინც ამ უბედურებას ცოცხალი გადაურჩა, მაგრამ ქანაფანი არ ეძლევა სასოწარკვეთასა და უიმედობას და ირჩევს წინააღმდეგობის გზას — როგორც მწერალი და როგორც პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციური ტრიბუნი.

პალესტინიდან განდევნის შემდეგ ქანაფანის ოჯახმა ცოტა ხნით ლიბანს შეაფარა თავი, საბოლოოდ კი სირიაში დასახლდა. ერთ დროს საშუალო ფენას ახლა სიღატაკესთან გამკლავება უწევდა. მამას გაუჭირდა ახალ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებთან შეგუება, ამიტომ ვაჟიშვილებს ოჯახის სარჩენად ადრეულ ასაკში მოუწიათ მუშაობის დაწყება. ღასანი მუშაობდა სტამბაში, რესტორანში, გაზეთების დამტარებლად. 1952 წელს მან დაასრულა საშუალო განათლება და გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს სერთიფიკატის მიღების შემდეგ დაწყებითი კლასების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა დევნილთა ბანაკებში. თავიდან ახალგაზრდა მასწავლებელს აბრაზებდა მოწაფეების გულგრილი დამოკიდებულება სწავლისადმი, მაგრამ შემდეგ იგი მიხვდა მიზეზს — ბავშვებს იმიტომ კი არ ეძინებოდათ გაკვეთილებზე, რომ სწავლა ეზარებოდათ ან მასწავლებელს არ სცემდნენ პატივს, არამედ მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებსა და კინოთეატრებში კანფეტების და საღეჭი რეზინის გაყიდვის შემდეგ უბრალოდ აღარ რჩებოდათ ენერგია სწავლისთვის. დევნილთა ბანაკებში მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ქანაფანის პოლიტიკური ცნობიერების განვითარებას.

მასწავლებლად მუშაობის პარალელურად, ღასანმა დამასკოს უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც არაბულ ლიტერატურას სწავლობდა. ამ პერიოდშივე დაინტერესდა პოლიტიკით. 1953 წელს მან გაიცნო თავისი თანამემამულე, მასავით პალესტინელი დევნილი, ექიმი ჟორჟ ჰაბაში და მის მიერ დაარსებულ არაბ ნაციონალისტთა მოძრაობას (ანმ) შეურთდა. ქანაფანის აკადემიური განათლება სამ წელიწადში შეწყდა — იგი უნივერსიტეტიდან ანმ-ში მონაწილეობის გამო გარიცხეს. მან ვერ მოასწრო თავისი სადიპლომო ნაშრომის „რასა და რელიგია სიონისტურ ლიტერატურაში“ დაცვა, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო მის ლიტერატურულ-კრიტიკულ ნარკვევს „სიონისტური ლიტერატურის შესახებ“ (1967). 

1955 წელს ქანაფანი ქუვეითში, თავის დასთან გადასახლდა, თვითგანათლებას აქტიურად მიჰყო ხელი და მარქსისტულ ლიტერატურასაც გაეცნო, თუმცა რევოლუციური მარქსიზმის პოზიციებზე მისი გადასვლა საბოლოოდ მხოლოდ სამოციანი წლების მეორე ნახევარში მოხდა. ქუვეითში იგი აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას და არაბ ნაციონალისტთა მოძრაობის გაზეთს „ალ-რაის“ („თვალსაზრისი“) რედაქტორობს. ამავდროულად, გულმოდგინედ მუშაობს თავისი არაბული ენის დახვეწასა და გამდიდრებაზე, ეცნობა რუსულ და საბჭოთა ლიტერატურას, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მისი, როგორც მწერლის, ფორმირებაზე. სწორედ ქუვეითში იწყებს იგი მხატვრული ნაწარმოებების წერასა და გამოქვეყნებას. 

1960 წელს ჟორჟ ჰაბაშის თხოვნით ქანაფანი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გაემგზავრა, სადაც არაბ ნაციონალისტთა მოძრაობის ბეჭდური ორგანოს, „ალ-ჰურიას“ („თავისუფლება“) სარედაქციო საბჭოს შეუერთდა. 1961 წელს იგი ბავშვთა უფლებების დამცველ დანიელ აქტივისტზე, ანი ჰოვერზე დაქორწინდა, რომელთანაც 2 შვილი ეყოლა. ოფიციალური საბუთების უქონლობის გამო ქანაფანი იძულებით წყვეტს  „ალ-ჰურიას“ გამოცემაზე მუშაობას და 1963 წელს პროგრესული ნასერისტული გაზეთის „ალ-მუჰარირისა“ („გამათავისუფლებელი“)  და მისი დამატების „ფილასტინის“ („პალესტინელი“) რედაქტორი ხდება. 1963 წელს ქვეყნდება მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ნაწარმოები „კაცები მზეში“, რომლითაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა არაბულ ლიტერატურულ სამყაროში და საერთაშორისო მასშტაბით. 60-იან წლებში გამოდის მისი მოთხრობების კრებულები, ნოველები: „ის ყველაფერი, რაც დაგრჩა“, რომელიც ბეირუთში წიგნის მეგობართა საზოგადოების პრემიით დაჯილდოვდა, „უმ საადი“, „დაბრუნება ჰაიფაში“ და სხვ., ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები პალესტინური ლიტერატურის შესახებ, რომელთან მიმართებითაც ქანაფანის ცნება „წინააღმდეგობის ლიტერატურა“ შემოაქვს, ზემოხსენებული ნაშრომი „სიონისტური ლიტერატურის შესახებ“, დრამატული ნაწარმოებები, მრავალრიცხოვანი პუბლიცისტიკა, საგაზეთო სვეტები. 1967 წელს იგი ხდება მორიგი ნასერისტული გამოცემის „ალ-ანვარის“ („სინათლე“) რედაქტორი, რომლის პოსტზე 1969 წლამდე რჩებოდა. 

ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, რომელიც აქტიურად უპირისპირდებოდა დასავლურ იმპერიალიზმს, უდიდესი გავლენით სარგებლობდა არაბულ სამყაროში. 1956 წელს მან სუეცის არხის ნაციონალიზება გამოაცხადა და წარმატებით გაუმკლავდა ე.წ. სუეცის კრიზისს — ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის სამხედრო ინტერვენციას, რომელიც არხის ნაციოანალიზებას მოჰყვა. ნასერის პოლიტიკა ხასიათდებოდა მოდერნიზაციითა და პროგრესული სოციალური რეფორმებით, ხოლო მისი მოწოდებები არაბთა ერთიანობისკენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში ჰპოვებდა გამოძახილს, მათ შორის პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობაშიც. 1967 წლის „6-დღიან ომში“ მარცხმა დაასამარა ის იმედები, რომელსაც პალესტინელები ნასერიზმზე ამყარებდნენ. პანარაბულმა ნაციონალიზმმა კრახი განიცადა, რამაც პალესტინის გამათავისუფლებელ მოძრაობას სხვა იდეოლოგიური და პოლიტიკური ორიენტირების ძიებისკენ უბიძგა. 

1967 წელს არაბ ნაციონალისტთა მოძრაობის შიგნით იქმნება პალესტინური ფრთა, მემარცხენე-რადიკალური ორგანიზაცია „პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი ღასან ქანაფანი ხდება. იგი წერს ორგანიზაციის პროგრამას, რომელშიც ცხადად განისაზღვრა ახალი იდეოლოგიური ორიენტაცია — მარქსიზმ-ლენინიზმი. 1969 წელს იქმნება ორგანიზაციის ბეჭდური ორგანო „ალ ჰადაფი“ („მიზანი“), რომლის მთავარ რედაქტორად ღასან ქანაფანი ინიშნება და ამ თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე რჩება. „ალ ჰადაფმა“ დიდი გავლენა იქონია პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის იდეოლოგიურ განვითარებაზე, რის შედეგადაც ფრონტი უფრო ორგანიზებული გახდა როგორც თეორიული, ისე სამხედრო მიმართულებით. 1967 წლის „6-დღიან ომში“ არაბული ქვეყნების კოალიციის მარცხის მიუხედავად, პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის შეიარაღებული ბრძოლის ავანგარდში პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტი მოექცა, სულ უფრო და უფრო მტკიცდებოდა, ძლიერდებოდა და სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ისრაელელ ოკუპანტებს.

1972 წლის 8 ივლისს, 36 წლის ღასან ქანაფანი თავის საყვარელ დისშვილთან, 17 წლის ლამისთან ერთად საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „მოსადმა“, ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა აიღო. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ქანაფანიმ უდიდესი წვლილი შეიტანა არაბული მწერლობის განვითარებასა და პალესტინელთა ანტიიმპერიალისტური ბრძოლის საქმეში. სხვა ეპოქისა და ისტორიული კონტექსტის რევოლუციონერი პოეტი, ვლადიმირ მაიაკოვსკი წერდა: „მსურს, კალამი ხიშტს გაუთანაბრდეს“. მწერლის როლის სწორედ ამგვარი გაგების ნათელი მაგალითია ღასან ქანაფანი, „ჯარისკაცი, რომელსაც არასდროს უსვრია თოფი, რომლის იარაღიც იყო კალამი, ბრძოლის ველი კი — გაზეთის გვერდები“. საკუთარი ხალხისა და კაცობრიობის გათავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული პალესტინელი მწერლის ნაწარმოებები დღესაც თანადროულია როგორც პალესტინაში, ისე მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, მესამე სამყაროს ქვეყნების ჩაგრული ხალხებისთვის.  

„იმპერიალიზმის სხეული მთელს მსოფლიოზეა გადაჭიმული: მისი თავი — აღმოსავლეთ აზიაშია, გული — ახლო აღმოსავლეთში, მისი არტერიები სწვდება აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას. სადაც არ უნდა შეუტიოთ, ზიანს მიაყენებთ მას და სამსახურს გაუწევთ მსოფლიო რევოლუციას“, — ქანაფანის ეს მოწოდება, რომელიც ეხმიანება მისი თანამედროვისა და მასავით რევოლუციის მარტვილის, ერნესტო გევარას ლოზუნგს „შექმენით ორი, სამი, მრავალი ვიეტნამი“,  რჩება ჩვენი დროის იმპერატივად, რომლის განხორციელებაც მემარცხენე ანტიიმპერიალისტურ ძალებს უახლოეს ათწლეულებში მოუწევთ. 

* * *

ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და უფრო და უფრო სასტიკ ფორმებს იძენს. მას სამართლიანად უწოდებენ აპართეიდს, ხოლო ღაზას სექტორში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები გენოციდის აშკარა ნიშნებს ატარებს. 5 იანვრის მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან პალესტინის მხარეს დაღუპულია 22 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ბავშვი და ქალია, ისრაელის მხარეს — 1 300-მდე. 

გენოციდს ღაზას სექტორში მსოფლიოს „ცივილიზებული“ ნაწილი საჯარო ცერემონიებსა და დღესასწაულებზე წუთიერი დუმილით და იმპერიალიზმისთვის უვნებელი მშვიდობიანი აქციებით პასუხობს. მედია კი ისრაელს ტერორიზმთან მებრძოლი, მტრული არაბული ქვეყნებითა და შეურაცხადი ისლამისტებით გარშემორტყმული მსხვერპლის სახით გვიხატავს, რომელსაც აპართეიდის და გენოციდის გარდა სხვა გზა არ დარჩა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაანადგუროს უკლებლივ ყველა ტერორისტი. აგრესიული ჟურნალისტებისგან შევიწროებულ პალესტინელ რესპონდენტებს გაუთავებლად უწევთ გამეორება, რომ ტერორიზმს არ ამართლებენ, მაშინ როცა უხვად დაფინანსებულ სიონისტ პროპაგანდისტებს შეუძლიათ ნებისმიერი, მათთვის უსიამოვნო შეკითხვის ავტორი ანტისემიტიზმში დაადანაშაულონ და ინფანტილური მაყურებლების თვალში ცამდე მართლები გამოჩნდნენ. სანამ „ცივილიზებული“ საზოგადოება ღაზას მოსახლეობის ტანჯვაზე ფარისევლურ წუხილს განაგრძობს, პალესტინელი ხალხის გენოციდს „ისრაელი-ჰამასის ომი“ ეწოდა და ევროპის ბევრ ქვეყანაში პალესტინისადმი სოლიდარობის გამომხატველი დემონსტრაციების გამართვაც კი აიკრძალა, ვითომდა ანტისემიტიზმის გაღვივების საფრთხისა და ტერორიზმის წახალისების გამო. ქართულ მედიას რაც შეეხება, ერთეული, თითზე ჩამოსათვლელი ობიექტური მასალის გამოქვეყნების გარდა, სატელევიზიო არხებმა და ინტერნეტ გვერდებმა ფარისევლური წუხილის გამოხატვაც კი არ ჩათვალეს საჭიროდ და, როგორც ყოველთვის, აგრძელებენ დასავლურ იმპერიალიზმთან ლაქუცს სიონიზმის და სხვა ფაშისტური იდეოლოგიების უპირობო მხარდაჭერით. 

ასეთ ვითარებაში მშრალი სტატისტიკა, ჟურნალისტური სიუჟეტები, დოკუმენტური ფილმები და ანალიტიკური სტატიები (მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟანრებშიც ხარისხიანი ნამუშევრების ნაკლებობას განვიცდით) რეალობის მთავარ ასპექტებს ცხადია მონიშნავს, მაგრამ მხატვრული ლიტერატურა კვლავ რჩება ისეთი სიღრმეების გამომსახველ მედიუმად, რასაც სხვა დარგები ვერ უმკლავდება.

ამ პუბლიკაციით ჩვენ ვიწყებთ ღასან ქანაფანის ნოველების გამოქვეყნებას. მათ მკითხველისთვის ბევრი რამ აქვთ სათქმელი ცხოვრებაზე, ადამიანის გამოცდილებაზე, იმ პალესტინურ ტრაგედიაზე, რომელიც, ამასთანავე, მთელი მსოფლიოს ტრაგედიაა. დასაწყისისთვის გთავაზობთ მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს — მცირე რომანს „კაცები მზეში“, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და, მათ შორის, რამდენიმე წლის წინ ქართულადაც გამოიცა ამავე სახელწოდების კრებულში. რომანში აღწერილია იმ ადამიანების ყოფა და განცდები, ვისაც საკუთარ ქვეყანაში აღარ დაედგომება, მათი შეუპოვრობა მოსალოდნელი ტანჯვის და სიკვდილის წინაშე და სასტიკი სინამდვილე, რომელზეც ავტორი მისთვის დამახასიათებელი სისადავით გვიყვება.

რედაქცია


კაცები მზეში

აბუ კაისი

აბუ კაისი ნოტიო მიწას მკერდით ჩაეხუტა. მიწა აძგერდა მის ქვეშ – დედამიწის დაღლილი გულისცემა გამოივლიდა ქვიშის მთრთოლავ მარცვლებს და შემდეგ მის უჯრედებს გადაეცემოდა… პირველად რომ გაწვა ძირს, იმ დროიდან მოყოლებული, ყოველთვის, როცა კი მკერდით მიწას გაერთხმებოდა, ეს გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს მიწის გული უღრმესი ქვესკნელიდან მზის სინათლისკენ მძიმე გზას მოიკვლევსო. როცა ამის შესახებ ერთხელ თავის მეზობელს უთხრა, რომელსაც ათი წლის წინ მიტოვებული მინდვრის დამუშავებაში ეხმარებოდა, იმან დასცინა:

– ეს შენი გულის ხმა გესმის, მიწას მკერდით რომ გაეკვრები!

რა სისულელეა! რას ჩმახავს! მაშ ეს სურნელი?!.. რომ ჩაისუნთქავდა და შუბლს მოაწვებოდა, შემდეგ კი ბანგივით დაუვლიდა ძარღვებში! ყოველთვის, როცა კი მიწაზე წამოწოლილი მიწის სურნელს შეისუნთქავდა, ეჩვენებოდა, აბაზანიდან ახლადგამოსული ცოლის თმას ყნოსავდა, ცივი წყლით რომ დაებანა!.. ეს სურნელი ცივი წყლით თავდაბანილი, სახეზე ნოტიო თმაჩამოშლილი ქალის სუნი იყო, გულისცემა კი ისეთი, თითქოს ხელისგულებში პატარა ბეღურა მოგიქცევიაო!.. ნოტიო მიწა, იფიქრა, რომ გუშინდელი წვიმის კვალი იყო, მაგრამ არა!.. გუშინ არ უწვიმია!.. შეუძლებელია, ახლა იწვიმოს. ზეცას მხოლოდ ხვატი და მტვერი გასდის!.. ხომ არ დაგავიწყდა, სადა ხარ!..

გადაბრუნდა და ზურგზე გაწვა. თავქვეშ ხელები ამოიწყო და ცის თვალიერება დაიწყო. ზეცა იყო თეთრი, თვალისმომჭრელი. სადღაც მაღლა, დასალიერში შავი ფრინველი მარტო კრავდა კამარას. არ იცოდა, რატომ, მაგრამ უეცრად გული შეუგუბდა უცხოობის გრძნობით. წამით იფიქრა, რომ მზად იყო, ატირებულიყო… არა, გუშინ ნამდვილად არ უწვიმია. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ახლა აგვისტოა!.. მთელი ეს სიცარიელეში გაჭიმული გზა შავ უსასრულობას ჰგავს. დაგავიწყდა?!.. ფრინველი შავი წერტილივით ისევ მარტო ლივლივებდა მის თავზე გადაჭიმულ ამ თვალისმომჭრელ სივრცეში. ახლა აგვისტოა და მიწას საიდან აქვს ეს სინოტივე? თვალსაწიერზე კი, ორივე მხარეს რასაც ხედავ, ეს შატ ელ-არაბი გადაჭიმულა.

როდესაც ორი დიდი მდინარე – ევფრატი და ტიგროსი ხვდება ერთმანეთს, ისინი ქმნიან ერთ მდინარეს, სახელად შატ ელ-არაბს, ის გადაჭიმულია ქ. ბასრის მიმდებარე ადგილიდან…

უსთაზ[1] სალიმმა, გამხდარმა, ჭაღარა მოხუცმა ათჯერ მაინც გაუმეორა ეს დაფის გვერდით მდგომ პატარა ბავშვს, როცა აბუ კაისმა სოფლის სკოლის წინ ჩაიარა… აბუ კაისი ქვაზე შედგა და ფანჯარაში მალულად დაიწყო ცქერა. უსთაზ სალიმი პატარა მოწაფის წინ გაჩერებულიყო და რაც შეეძლო, ხმამაღლა უყვიროდა, თან გრძელ ჯოხს იქნევდა:

– როდესაც ორი დიდი მდინარე – ევფრატი და ტიგროსი ხვდება ერთმანეთს…

პატარა მოწაფე შიშით კანკალებდა, ამასობაში კი დანარჩენ ბავშვებს კლასში სიცილი უვლიდათ. აბუ კაისმა ხელი გაიწვდინა და ერთ-ერთ ბავშვს თავში ხელი წამოარტყა. ბავშვმა ამოხედა, აბუ კაისმა კი ფანჯრიდან ჩუმად ჰკითხა:

 – რა მოხდა?

ბავშვმა გაიცინა და ჩურჩულით უპასუხა:

– ჩუ!..

აბუ კაისი ქვიდან ჩამოვიდა და გზა განაგრძო. უსთაზ სალიმის ხმა აკვიატებოდა და უმეორებდა:

– როდესაც ორი დიდი მდინარე – ევფრატი და ტიგროსი ხვდება ერთმანეთს…

იმ საღამოს უსთაზ სალიმი ნახა, სოფლის მამასახლისის კანცელარიაში იჯდა და ნარგილეს აბუყბუყებდა. სალიმი იაფაში მათი სოფლისთვის გამოეგზავნათ ბავშვების მასწავლებლად. ცხოვრების დიდი ნაწილი სწავლებაში გაეტარებინა, იქამდე, რომ სიტყვა „უსთაზი“ მისი სახელის განუყოფელ ნაწილად ქცეულიყო. კანცელარიაში ვიღაცამ ჰკითხა სალიმს იმ საღამოს:

– პარასკევს მლოცველ ხალხს იმამობას ხომ გაუწევთ? უსთაზ სალიმმა გულუბრყვილოდ უპასუხა:

– რას ბრძანებთ! მე ხომ მასწავლებელი ვარ და არა იმამი…

სოფლის მამასახლისმა უთხრა:

– რა განსხვავებაა? ჩვენი მასწავლებელი იმამი იყო…

– ის დაწყებითი სასულიერო სკოლის მასწავლებელი იყო,

სოფლის მამასახლისი ჩააცივდა:

– მაინც რა განსხვავებაა?

სალიმს პასუხი არ გაუცია, სათვალის ზემოდან ისეთი მზერა მოავლო გარშემო სახეებს, თითქოს იქ მსხდომთაგან ვინმეს შველას მოელისო, მაგრამ ამ თემაზე ყველა მამასახლისის აზრზე იდგა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ უსთაზ სალიმმა ჩაახველა და წყნარი ხმით თქვა:

– კეთილი, მაგრამ მე ეს არ ვიცი…

– არ იცი?! – შეჰყვირა ყველამ.

უსთაზ სალიმმა ხელახლა დაადასტურა:

– არ ვიცი.

იქ მსხდომნი ერთმანეთს გაკვირვებული მზერით მიაჩერდნენ. შემდეგ მზერა მამასახლისზე შეაჩერეს, რომელმაც იგრძნო, რომ მისი ვალი იყო, რამე ეთქვა და დაუფიქრებლად წამოსცდა:

– მაშ რა იცი?..

უსთაზ სალიმი, თითქოს ამ კითხვას ელოდაო, ფეხზე წამოდგა და სწრაფად მიუგო:

– ბევრი რამ… მაგალითად, ტყვიას კარგად ვისვრი…

კართან მივიდა და მოუტრიალდა მათ, გამხდარი სახე უთრთოდა:

– თუ თავს დაგესხნენ, გამიხსენეთ! შესაძლოა, გამოგადგეთ…

მაშ, აი შატ ელ-არაბი, რომელზეც ათი წლის წინ უსთაზ სალიმი საუბრობდა. ეს ისაა, მისი სოფლიდან და უსთაზ სალიმის სკოლიდან ათასობით მილის და დღის დაშორებით რომ ჩაედინება… ღმერთმა გაცხონოს, უსთაზ სალიმ!.. ღმერთმა გაცხონოს… ეჭვი არაა, ალაჰმა ხელი შეგიწყო და გამოგარჩია იმით, რომ ამ უბედური სოფლის ებრაელთა ხელში ჩავარდნამდე ერთი ღამით ადრე მოგაკვდინა… სულ რაღაც ერთი ღამით ადრე… ო, ღმერთო! განა არსებობს ამაზე დიდი ღვთაებრივი წყალობა?!.. მართალია, კაცებს არ დასცალდათ შენი დამარხვა და გაპატიოსნება, მაგრამ შენ, რაც არ უნდა იყოს, იქ დარჩი… იქ დარჩი და დამცირება და უბედურება აიცილე. შენმა მოხუცებულობამ სირცხვილს გადაგარჩინა… ღმერთმა გაცხონოს, უსთაზ სალიმ!.. საკითხავია, ცოცხალი რომ დარჩენილიყავი, სიღატაკე ისე დაგჯაბნიდა, როგორც მე დამჯაბნა?.. ან იმას თუ გააკეთებდი, რასაც მე ახლა ვაკეთებ?! იმას თუ დაუშვებდი, რომ შენი წლები მხარზე მოგეგდო და უდაბნოს გზით ქუვეითში გაქცეულიყავი ლუკმა-პურის საშოვნელად?

აბუ კაისი წამოიწია, იდაყვებით მიწას დაეყრდნო და ისევ დიდ მდინარეს გახედა, თითქოს მანამდე არ უნახავსო. მაშ ესაა შატ ელ-არაბი – „დიდი მდინარე, რომელშიც ფინიკითა და ნამჯით დატვირთული ხომალდები ისე დადიან, როგორც ცენტრალურ მაგისტრალზე – ავტომანქანები…“

სწორედ ასე წამოიძახა მისმა ვაჟმა კაისმა სწრაფად იმ საღამოს, როცა ჰკითხა:

– შატ ელ-არაბი რა არის?

სწრაფი პასუხისთვის წასახალისებლად დასაჩუქრებას უპირებდა, მაგრამ კაისმა პასუხს ასევე სწრაფად მიაყოლა:

– დაგინახე, დღეს ფანჯრიდან რომ იყურებოდი კლასში… აბუ კაისი ცოლს მიუბრუნდა, რომელიც იცინოდა. რაღაცნაირად დაირცხვინა და ნელა უთხრა:

– მე ეს მანამდეც ვიცოდი…

– არაფერიც არ იცოდი!.. დღეს გაიგე, როცა ფანჯრიდან კლასში იყურებოდი…

– კეთილი, რა მნიშვნელობა აქვს, ვიცოდი ეს თუ არა. რომელი მეორედ მოსვლა ესაა?!

ცოლმა ცერად გამოხედა, მერე ბავშვს უთხრა:

– წადი და სხვა ოთახში ითამაშე, კაის!..

როდესაც ბავშვმა კარი გაიხურა, ქმარს მიმართა:

– ბავშვს ასე ნუ ელაპარაკები. ის კმაყოფილია იმით, რომ ეს იცის! იმედს რატომ უცრუებ?

აბუ კაისი წამოდგა, ცოლს მიუახლოვდა, ხელი მუცელზე დაადო და ჩურჩულით ჰკითხა:

– როდის ველოდოთ?

– შვიდ თვეში.

– აუჰ!

– ამჯერად გოგო გვინდა…

– სულაც არა! ბიჭი გვინდა, ბიჭი!..

* * *

ქალმა გოგონა გააჩინა, რომელსაც ქმარმა ჰასნა დაარქვა. ბავშვი დაბადებიდან ორ თვეში მოკვდა. ექიმმა ამრეზით თქვა: „მეტისმეტად იყო გამოფიტული“.

ეს მოხდა ერთ თვეში მას შემდეგ, რაც თავიანთი სოფელი დატოვეს, ერთ ძველ სახლში ყოფნისას, ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე სხვა სოფელში.

– აბუ კაის, ვგრძნობ, მშობიარობა მეწყება.

– კეთილი, კეთილი, დაწყნარდი. თავისთვის, გულში კი თქვა:

– ვისურვებდი, რომ ქალი ასი თვის ორსულობის შემდეგ აჩენდეს! განა ახლა მშობიარობის დროა?!

– ო, ღმერთო!..

– რა იყო?

– ვაჩენ…

– დავუძახო ვინმეს?

– უმ ამრი მოიყვანე.

– სად ვიპოვი ახლა?

– ეგ ბალიში მომაწოდე…

– უმ ამრი სად ვნახო?

– ო, ღმერთო… ცოტათი წამომწიე… კედელს რომ მივეყრდნო…

– ბევრს ნუ მოძრაობ!.. მომეცი საშუალება, უმ ამრს დავუძახო.

– იჩქარე, იჩქარე… ო, ღმერთო!

აბუ კაისი გარეთ გაიჭრა და ის იყო, კარი ზურგს უკან გაიჯახუნა, რომ ახალშობილის ხმა გაიგონა. მობრუნდა და კარის ხეს ყურით მიეკრა…

მდინარე შატ ელ-არაბი ხმაურობს. მეზღვაურები ერთმანეთის გადაძახილში არიან. ცა კუპრივით ცხელია და შავი ფრინველი კვლავ გზაარეული კრავს კამარას.

აბუ კაისი წამოდგა. ტანსაცმლიდან მტვერი ჩამოიბერტყა. მდინარის საყურებლად გაჩერდა…

იგრძნო, როგორც არასდროს, რა უცხო იყო და პატარა. გაუპარსავ ნიკაპზე ხელი ჩამოისვა და შეეცადა, თავიდან განედევნა მოჯარული ფიქრები, ჭიანჭველის ჯარივით რომ შესეოდა. ამ ნაპირს გაღმა, მხოლოდ მის გადაღმა, ყველაფერია, რასაც კი ის მოკლებულია.

იქაა ქუვეითი… ეს ის რამაა, რაც მის გონებაში მხოლოდ ოცნებასა და წარმოსახვასავით ცოცხლობს… თუმცა, იგი უთუოდ რეალურია – ქვისგან, მიწისგან, წყლისგან და ცისგან შემდგარი და არა ისეთი, როგორიც მის გადაღლილ-გამოფიტულ თავში ტრიალებს… უეჭველია, იქ არის პატარა და დიდი ქუჩები, კაცები და ქალები, ხეებშორის მორბენალი პატარები… არა, არა… ხეები იქ არ არის… მისი მეგობარი საყდი, რომელიც იქ საცხოვრებლად წავიდა და მძღოლად მუშაობდა, ფულის ტომრებით დაბრუნდა იქიდან და როგორც მან თქვა, იქ ხის ნატამალიც არაა… ხეები შენს თავშია, აბუ კაის… შენს ბებერ, დაღლილ თავში… ათი ხე, ძლიერი ფესვებით, ზეითუნი და სიკეთე რომ სცვივა ყოველ გაზაფხულზე… ხეები ქუვეითში არ არის. ასე თქვა საყდმა და საყდს უნდა დაუჯერო, რადგან მან შენზე მეტი იცის, მერე რა, რომ შენზე პატარაა!.. მათ ყველამ შენზე მეტი იცის… ყველამ! გასული ათი წლის მანძილზე ლოდინის მეტი არაფერი გაგიკეთებია… ათი გრძელი და მშიერი წელი დაგჭირდა, რომ დაგეჯერებინა – შენ დაკარგე შენი ხეები, შენი სახლი, შენი ახალგაზრდობა და მთელი შენი სოფელი… ამ ხანგრძლივი წლების მანძილზე ხალხმა გზები გაიკვალა, შენ კი ბებერი ძაღლივით შეყუჟულხარ უბადრუკ სახლში… საკითხავია, რას ელოდი? სიმდიდრე შენი სახლის სახურავს დაეცემოდა?.. შენი სახლის?!.. ის ხომ შენი სახლიც არ არის!.. ხელგაშლილმა ადამიანმა გითხრა, აქ იცხოვრეო და სულ ესაა. ერთ წელიწადში გითხრა, ნახევარი ოთახი მომეციო და შენსა და ახალ მეზობლებს შორის დაკემსილი ჯვალოს ტომრები აახოხოლავე.

ასე თათებზე დაყუნცული ძაღლივით იყავი, სანამ საყდი არ მოვიდა შენთან და ისე დაგიწყო ჯანჯღარი, როგორც რძეს თქვეფენ კარაქად გადასაქცევად…

– თუ შატ ელ-არაბს მიაღწევ, ადვილად შეგიძლია, ქუვეითში ჩახვიდე. ბასრა სავსეა მეგზურებით, რომლებიც თავის თავზე იღებენ, კონტრაბანდულად გადაგიყვანონ იქ უდაბნოს გზით… რატომ არ უნდა წახვიდე?!..

აბუ კაისის ცოლი საყდის ნაუბარს ისმენდა და მზერა ერთის სახიდან მეორისაზე გადაჰქონდა. მერე ისევ ჩვილის ნანაობა დაიწყო.

– ეს ხომ ავანტურაა! ყოველგვარი გარანტირებული შედეგების გარეშე!

– გარანტირებული შედეგების გარეშე? ჰა, ჰა… აბუ კაისი მეუბნება ამას? – „გარანტირებული შედეგების გარეშე!“ ჰა, ჰა…

მერე ქალს გახედა და უთხრა:

– გესმის, შენი ქმარი რას ამბობს? გარანტირებული შედეგების გარეშეო!… თითქოს ცხოვრება რძის ყლუპვა იყოს! ვითომ რატომ არ უნდა ჩვენსავით მოქცევა? რა, ჩვენზე უკეთესია?..

ქალს მზერა არ აუწევია მაღლა. კაცი ნატრობდა, რომ ცოლს ეს არ გაეკეთებინა… მის მზერას გაურბოდა.

– ნუთუ მოგწონს აქ ასეთი ცხოვრება?! ათი წელი გავიდა და შენ კი მათხოვარივით ცხოვრობ… სირცხვილია!.. შენი ვაჟი სკოლას როდის დაუბრუნდება?! დღე-დღეზე მეორეც წამოიზრდება. როგორ შეხედავ მას, როცა შენ…

– კარგი, კმარა!

– არა, სრულებითაც არ კმარა! სირცხვილია!.. შენ ხომ ახლა დიდ ოჯახზე ხარ პასუხისმგებელი. რატომ არ უნდა წახვიდე იქ? აბა, რას ფიქრობ?

ცოლი ისევ დუმდა. აბუ კაისი ჩაფიქრდა: „აგერ, ხვალ მეორე ბიჭიც წამომეზრდება“. თუმცა თქმით ეს არ უთქვამს:

– გზა გრძელია. მე ასაკში ვარ. თქვენსავით სიარული მე არ შემიძლია… შეიძლება, მოვკვდე…

ოთახში აღარავინ საუბრობდა. ცოლი კვლავ ბავშვს არწევდა, საყდმა შეწყვიტა დაძალება, მაგრამ უხეშმა ხმამ იფეთქა აბუ კაისის თავში:

– მოკვდე? კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ სიკვდილი შენს ამჟამინდელ ცხოვრებას არ სჯობს? ათი წელია, იმედს არ კარგავ, რომ შენს ათ ზეითუნის ხეს დაიბრუნებ, ოდესღაც შენს სოფელში რომ ფლობდი… შენს სოფელში!.. ეჰ…

კვლავ სინამდვილეს დაუბრუნდა და ცოლს გახედა:

– უმ კაის, შენ რას ფიქრობ?

ქალი ქმარს მიაჩერდა და წაიჩურჩულა:

– როგორც შენ გინდა…

– შეგვეძლება, რომ კაისს ვასწავლოთ…

– დიახ.

– ერთ ძირ ზეითუნს ვიყიდით, შეიძლება, ორსაც…

– რა თქმა უნდა!

– სადმე ერთ ოთახს ავიშენებთ…

– დიახ.

– თუ მივაღწიე… თუ ჩავედი…

აბუ კაისმა ლაპარაკი შეწყვიტა. ცოტა ხანს ცოლს დააკვირდა. ქალს ერთი ობოლი ცრემლი მოსწყდა, ნელ-ნელა გაიზარდა და შავგვრემან, ნაოჭიან ლოყაზე ჩამოუგორდა. კაცი შეეცადა, რამე ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო. ტირილი ყელში ბურთად მოებჯინა… ზუსტად ამ ყელში მობჯენილი ბურთის გემო იგრძნო ბასრაში ჩასულმა, იმ მსუქანი კაცის ფარდულს რომ მიადგა, რომელიც ბასრიდან ქუვეითში ხალხის კონტრაბანდულად გადაყვანაზე მუშაობდა. მის წინ გაჩერდა მხრებზე დამცირებისა და ხვეწნის იმხელა ტვირთმოკიდებული, რომლის აწევა და ზიდვაც კი შეეძლო ასაკოვან კაცს… სიჩუმე ყოველი მხრიდან მჭიდროდ შემოერტყა და ყურებში აუწივლდა, როცა მსუქანმა კაცმა, ბიუროს პატრონმა, გაუმეორა:

– ეს მძიმე მგზავრობაა, გეუბნები, თხუთმეტი დინარი დაგიჯდება-მეთქი!

– გარანტიას იძლევი, რომ მშვიდობით ჩავალთ?

– რასაკვირველია, მშვიდობით ჩახვალ, თუმცა ცოტა გაწვალდები. ხომ გესმის, ახლა აგვისტოა, ძლიერი სიცხეა და უდაბნოში კი ჩრდილი არსადაა… მაგრამ ჩახვალ, ჩახვალ…

ბურთი ჯერ ისევ ყელში ჰქონდა მობჯენილი, მაგრამ იგრძნო, თუ იმის თქმას გადადებდა, რაც უნდა ეთქვა, მერე ვეღარ ამოთქვამდა:

– ათასობით მილი გამოვიარე, შენამდე რომ მოვსულიყავი. საყდმა გამომგზავნა შენთან, გახსოვს საყდი? თხუთმეტ დინარზე მეტი არ მაბადია და რა აზრის ხარ, თუ ათს აიღებ, მოწყალებას მოიღებ და დანარჩენს შემარჩენ?

კაცმა მოუჭრა:

– ჩვენ აქ კი არ ვთამაშობთ!.. განა შენმა მეგობარმა არ გითხრა, რომ საფასური აქ დადგენილია?! ჩვენ მეგზურის სიცოცხლეს ვრისკავთ თქვენი გულისთვის…

– ჩვენც ხომ ვრისკავთ ჩვენს სიცოცხლეს!…

– კი მაგრამ, მე ხომ შენ არ გაიძულებ ამას!

– იყოს ათი დინარი?

– თხუთმეტი დინარი-მეთქი, არ გეყურება?!

აბუ კაისმა საუბრის დასრულება ვეღარ შეძლო. მსუქანი კაცი მაგიდის იქით იჯდა ოფლში გახვითქული და დაჭყეტილი თვალებით მისჩერებოდა. ინატრა, ნეტავ ამ კაცს ეს დაჟინებული მზერა მაინც აერიდებინა მისთვის. შემდეგ იგრძნო, ცხელმა ცრემლმა თვალები აუვსო და საცაა, წასკდებოდა… უნდოდა, რამე ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო. იგრძნო, მთელი თავი შიგნიდან ცრემლით ჰქონდა სავსე, შეტრიალდა და ქუჩაში გავარდა. იქ ყველა არსება ბურუსში გაეხვია ცრემლის ფარდის მიღმა. ჰორიზონტი ცას შეუერთდა და გარშემო ყველაფერი უსასრულო, კაშკაშა მხურვალებად იქცა. გაბრუნდა და ძირს დაეცა, ნოტიო მიწას მკერდით გაერთხა, რომელიც კვლავ აძგერდა ქვემოდან… ამასობაში მიწის სურნელიც მისწვდა მის ყნოსვას და ძარღვებში წამლეკავად დაუარა.

ასადი

ასადი მსუქან კაცს, ბიუროს მეპატრონეს, რომელიც ბასრიდან ქუვეითში ხალხის კონტრაბანდული გადაყვანით იყო დაკავებული, წინ გაუჩერდა და სხაპასხუპით მიაყარა:

– თხუთმეტი დინარი გადაგიხადო, ხომ?.. არა უშავს!.. მაგრამ მხოლოდ მას მერე, რაც ჩავალ და არა – მანამდე!

მსუქანმა კაცმა მსხვილი ქუთუთოებიდან გამჭოლი მზერით შეათვალიერა და გონებაჩლუნგივით ჰკითხა:

– ვითომ რატომ?

– რატომო?! იმიტომ, რომ მეგზური, რომელსაც ჩვენთან ერთად გამოუშვებთ, შუაგზამდეც არ ვიქნებით მისული, რომ გაიქცევა! თხუთმეტი დინარს არა უშავს!.. მაგრამ მხოლოდ მას მერე, რაც ჩავალთ…

კაცმა წინ დალაგებული გაყვითლებული ფურცლები აალაგა და უნამუსოდ განუცხადა:

– მე შენ არაფერს გავალდებულებ!.. არ გაძალებ.

– რას გულისხმობ?

– იმას ვგულისხმობ, რომ თუ ჩვენი პირობები არ მოგწონს, შეგიძლია შეტრიალდე, სამ ნაბიჯს გადადგამ და გზაზე აღმოჩნდები!..

– გზაზე?.. განა კიდევ არის გზები ამ დუნიაზე?! განა შუბლით არ აქვს ისინი მოწმენდილი და ოფლით მორეცხილი ხანგრძლივ დღეთა მანძილზე? ესენი ყველანი ასე ამბობენ: „ქუჩაში აღმოჩნდები!“ აბუ-ლ-აბდმა, რომელმაც იორდანიიდან ერაყში მალულად გადმოიყვანა, უთხრა:

– შენ მხოლოდ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს უნდა შემოუარო, არაფერი გიჭირს, ცოტა შიგნით რომ გამოიარო, ახალგაზრდა ხარ, სიცხესაც აიტან… მერე დაბრუნდები და იქვე, გზაზე მიპოვი, იქ დაგელოდები…

– მაგრამ ჩვენი პირობა ასეთი რომ არ ყოფილა?!.. ჯერ ისევ ამანში გითხარი, რომ შენ მე ბაღდადში ჩამიყვანდი, მე კი სრულ ოც დინარს გადაგიხდიდი… შენ ჩემთვის არ გითქვამს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტისთვის უნდა შემომევლო…

აბუ-ლ-აბდმა დამტვერილი მანქანის ფრთას ხელი ისე დაარტყა, ხუთივე თითი ზედ დაამჩნია. ამ თითების ანაბეჭდის ქვემოდან მანქანის ღია წითელმა ფერმა გამოანათა… ასადთან მოლაპარაკების პროცესში უზარმაზარი მანქანა ამანის მთის მახლობლად გაეჩერებინა. ასადს ყველა პირობა, რაც კი ითქვა, ზუსტად ახსოვს:

– ეს რთული მისიაა! ციხეში მიმაბრძანებენ, შენ რომ ჩემთან ჩაგავლონ, მაგრამ ამის მიუხედავად, მე შენ უდიდეს სამსახურს გაგიწევ, რადგან ცხონებულ მამაშენს ვიცნობდი… ნაცნობობაზე მეტი მაკავშირებს მასთან, ჩვენ ხომ ერთად ვიბრძოდით რამალაში ათი წლის წინ…

აბუ-ლ-აბდი ცოტა ხნით დადუმდა… მისი ლურჯი პერანგი ოფლს დაესველებინა, ხოლო მის გაცხარებულ სახეს ისეთი გამომეტყველება მისცემოდა, თითქოს იმათთაგანია, ვინც მიიჩნევს, რომ სასწაულების მოხდენა მხოლოდ ოჯახის უფროსის ვალიაო…

– ოც დინარს ავიღებ შენგან და ბაღდადში ამოყოფ თავს…

– ოც დინარს?!

– დიახ!

– ოღონდ შენც უნდა დამეხმარო გზაში! ზეგ გავუდგებით გზას. მე ტვირთი მაქვს გადასაზიდი – ერთი მდიდარი ბაღდადელი კაცის მსუბუქი მანქანა, ამ კაცმა ზაფხულის ნაწილი რამალაში გაატარა და მერე ბაღდადში დაბრუნება თვითმფრინავით მოინდომა…

– მაგრამ ოცი დინარი…

აბუ-ლ-აბდი თვალმოუცილებლად დააშტერდა და იფეთქა:

– მე მაგ ოც დინარად შენ სიცოცხლეს ვიხსნი!.. ნუთუ გგონია, რომ მთელ ცხოვრებას აქ ასე არალეგალურად გაატარებ?!.. ხვალვე დაგაკავებენ…

– მაგრამ საიდან… საიდან მოგიტანო ოცი დინარი?!..

– ისესხე. ესესხე რომელიმე მეგობარს, რომელსაც ოცი დინარის მოცემა შეუძლია. როგორ არ გასესხებს, როცა გაიგებს, რომ ქუვეითში მიემგზავრები…

– ოცი დინარი?!

– დიახ, ოცი!.. ოცი!..

– ბაღდადში?!

– პირდაპირ ბაღდადში!

მაგრამ აბუ-ლ-აბდმა მოატყუა. ისარგებლა მისი გულუბრყვილობითა და სიბრიყვით და გააცურა. თაკარა დღის განმავლობაში მგზავრობის შემდეგ ჩამოსვა მანქანიდან და უთხრა, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტისთვის შემოევლო, რათა მესაზღვრებს ხელში არ ჩავარდნოდა და მერე გზაზე დახვდებოდა მას…

– მაგრამ მე ხომ ამ ადგილს არ ვიცნობ! გესმის, რას ნიშავს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გარშემო ამხელა მანძილის გავლა ამ გაგანია სიცხეში?!

აბუ-ლ-აბდმა დამტვერილი მანქანის ფრთას ხელი ხელმეორედ დაარტყა. სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ერთი მილის დაშორებით განმარტოებით იყვნენ გაჩერებულნი. იყვირა:

– რა გგონია!.. შენი სახელი ყველა სასაზღვრო პუნქტშია რეგისტრირებული. ახლა ჩემთან ერთად რომ გნახონ, არც პასპორტი გაქვს, არც სატრანზიტო ვიზა… სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილედ მიგიჩნევენ და რა გგონია, რა მოხდება?! გეყოფა, რას ინაზები!.. ხარივით ძლიერი ხარ და ფეხის გადადგმაც შეგიძლია!.. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის უკან, გზაზე შეგხვდები.

ისინი ყველანი გზებზე ლაპარაკობენ… ამბობენ: გზაზე აღმოჩნდებიო! მათ გზისა მხოლოდ მისი შავი ფერი და ტროტუარები იციან! აჰა, ეს მსუქანი კაციც, ბასრელი კონტრაბანდისტი, იმავე ზღაპარს იმეორებს.

– შენ რა, არ გეყურება? მე ძალიან დაკავებული კაცი ვარ. გითხარი, თხუთმეტი დინარი-მეთქი და ქუვეითში ჩაგიყვან. რა თქმა უნდა, მოგიწევს ცოტა ფეხით გავლა, მაგრამ ძალიან ღონიერი ახალგაზრდა ჩანხარ. ეს არაფერს გავნებს!

– კი მაგრამ, ყურს რატომ არ მიგდებ? გითხარი, ამ თანხას მოგცემ-მეთქი, ოღონდ როგორც კი ქუვეითში ჩავალთ.

– ჩახვალ, ჩახვალ!

– როგორ?

– ჩემს ღირსებას და პატიოსნებას გეფიცები, ქუვეითში ჩახვალ!

– პატიოსან სიტყვას მაძლევ?

– ჩემს ღირსებას და პატიოსნებას გეფიცები, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის უკან დაგხვდები! შენ მხოლოდ ამ დაწყევლილ პუნქტს უნდა შემოუარო და მიპოვი შენს მომლოდინეს!

სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გარშემო დიდი წრე ხომ უკვე დაარტყა, მზე მის თავზე ცეცხლად იღვრებოდა, ამ უკაცრიელი ხრამიდან ამოფოფხებისას ისეთი გრძნობა ჰქონდა, მთელ სამყაროში მარტო იყო და ეული… ქვიშაზე ფეხებს ძლივსღა მიათრევდა, ისე მიდიოდა, თითქოს სანაპიროს სილაში მიაბიჯებსო მას მერე, რაც დიდი ნავის თრევამ ფეხებში ძალა გამოაცალა… გასცდა კლდოვან, ნამსხვრევებივით წვეტიან ქვიან მონაკვეთებს და აუყვა არცთუ მაღალ ქვიშის დიუნებს თიხასავით რბილი, ყვითელი სილით დაფარული კორტოხებით. საკითხავია ერთი, უდაბნოს საიდუმლო საპატიმროში რომ წავეყვანე, ჩემს ახლანდელ მდგომარეობაზე უფრო ლმობიერი თუ არ იქნებოდა!.. ყველაფერი ამაოა!.. გარშემო ყველგან უდაბნოა. აბუ-ლ-აბდმა ქუფია[2] მისცა, რომელიც თავზე ჰქონდა მოხვეული, მაგრამ არაფერს შველოდა, სიცხის ალმურს ვერ იგერიებდა, პირიქით, ეჩვენებოდა რომ ქუფიაც კი აალებულიყო და წვავდა… ჰორიზონტზე ფორთოხლისფერი სწორი ხაზები შეკრებილიყო… მაგრამ მან მოიკრიბა ძალა და მტკიცედ გადაწყვიტა, ევლო… მაშინაც კი, როცა ქვიშა ყვითელ, მოელვარე ზედაპირიან ფურცლებად იქცა, სვლა არ შეუნელებია… მოულოდნელად, ყვითელმა ფურცლებმა ერთიმეორის მიყოლებით იწყეს ძირს ცვენა და ის დაიხარა მათ ასაკრეფად.

– მადლობა… მადლობა… ეს წყეული ვენტილატორი ფურცლებს ცხვირწინ მიფრიალებს, მაგრამ მის გარეშე კიდევ სუნთქვა არ შემიძლია… ჰა, აბა, რა გადაწყვიტე?!

– დარწმუნებული ხარ, რომ მეგზური, რომელსაც ჩვენ გამოგვაყოლებ, არ გაგვექცევა?

– როგორ გაგექცევათ, შე უტვინო, თქვენ ხომ ათზე მეტნი იქნებით… თქვენგან გაქცევას როგორ შეძლებს!..

– სად მიგვიყვანს?

– ალ-ჯაჰრის გზაზე, ალ-მიტლას გადაღმა. იქ უკვე ქუვეითის ტერიტორიაზე იქნებით…

– ფეხით ბევრი უნდა ვიაროთ?

– მხოლოდ ექვსი ან შვიდი საათი…

ოთხი საათის შემდეგ მიაღწია გზამდე, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის უკან. მზე ყავისფერ ბორცვებს მიღმა ჩასულიყო, თუმცა თავი ისევ ეწვოდა და ეჩვენებოდა, შუბლი სისხლისგან ეცლებოდა. ქვაზე ჩამოჯდა და შორს, შავი, სწორი გზის დასაწყისს მიაპყრო მზერა. თავში ყველაფერი არეოდა, ათასი ხმა, ერთმანეთში გადახლართული გუგუნებდა. ეჩვენებოდა, რომ დიდი წითელი მანქანის გამოჩენა ამ გზის თავში მისი სულელური წარმოსახვის ნაყოფი იყო…. წამოდგა, გზას ხელახლა დაჟინებით გახედა. ახლა უკვე გარკვევით რამის დანახვაც კი აღარ შეეძლო. ნეტავ ეს ბინდი იყო თუ ოფლი ჩასდიოდა თვალებში?!.. თავი კვლავ ფუტკრის სკასავით უზუზუნებდა. მთელი ძალით დაიღრიალა:

– წყეულიმც იყავ, აბუ-ლ-აბდ!…

– რაო, რა თქვი?

– არაფერი, არაფერი… როდის გავალთ?

– როგორც კი თქვენი რაოდენობა ათი გახდება… ხომ გესმის, ჩვენ არ შეგვიძლია, თითოეულ თქვენგანს მეგზური გამოვაყოლოთ. სწორედ ამიტომ ველოდებით, თქვენი რაოდენობა ათს როდის მიაღწევს, რომ ერთი მეგზური გამოვუშვათ თქვენთან ერთად… ფულს ახლავე მომცემ?

ასადმა ფულს ჯიბეში ხელი მაგრად მოუჭირა და გაიფიქრა:

„შემეძლება, ბიძაჩემს ფული თვეზე ნაკლებ დროში დავუბრუნო… იქ, ქუვეითში კაცს თვალის დახამხამებაში შეუძლია, ფული იშოვოს…“

„ძალიან ოპტიმისტი ნუ იქნები!.. შენამდეც ბევრი წასულა და იქიდან გროშის გარეშე დაბრუნებულა… ამ ყველაფრის მიუხედავად, მოგცემ იმ ორმოცდაათ დინარს, რომელიც მთხოვე, მაგრამ იცოდე, რომ ამ ფულს მთელი ცხოვრება ვაგროვებდი…

„კი მაგრამ, ამ ფულს რატომ მაძლევ, თუ ასე დარწმუნებული ხარ, რომ უკან ვერ დაგიბრუნებ?!..

„შენ იცი, რატომაც… რა, არ იცი?!.. მინდა, რომ რამეს მოჰკიდო ხელი, თუნდაც ჯანდაბაში… რომ შეძლო ნადაზე დაქორწინება… აღარ შემიძლია იმის წარმოდგენა, ჩემმა საწყალმა ქალიშვილმა კიდევ როგორ უნდა იცადოს… გესმის?!

იგრძნო, შეურაცხყოფა ყელში როგორ მოაწვა. უნდოდა, უკან დაებრუნებინა ეს ორმოცდაათი დინარი ბიძამისისთვის, სახეში შეეყარა ისე უხეშად, როგორც კი მკლავში ძალა ერჩოდა, გულში დაგროვილი ბოღმით! ნადაზე აქორწინებს!.. ვინ უთხრა ერთი, რომ ნადაზე დაქორწინება სურს?! ნუთუ ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ მამამისმა და ბიძამისმა „ალ-ფათი- ჰა“[3] ერთად წაიკითხეს, როცა ის და ნადა ერთსა და იმავე დღეს დაიბადნენ?! ბიძამისი ამას ბედისწერად თვლიდა, მეტიც, იმდენი სასიძო გააბრუნა უკან, მის ქალიშვილზე დაქორწინება რომ სურდათ!.. უცხადებდათ, რომ მისი ქალიშვილი უკვე დანიშნულია! ო, ღმერთო! ვინ უთხრა ერთი, რომ ასადს მის ქალიშვილზე დაქორწინება უნდა?! ან ვინ თქვა, რომ მას საერთოდ დაქორწინება უნდა?!.. აი, ბიძამისი კიდევ ერთხელ ახსენებს ამას! თავისი ქალიშვილისთვის მისი ყიდვა უნდა ისე, როგორც მინდვრისთვის ტომარა ნაკელს ყიდულობს. ასადმა ფულს ჯიბეში ხელი მაგრად მოუჭირა და გაფაციცებით მოემზადა… მაგრამ როდესაც შეეხო ფულს ჯიბეში, თბილს, სასიამოვნოს, იგრძნო, რომ მთელი თავისი მომავლის გასაღებები ეჭირა ხელში. საკუთარი მრისხანებისთვის გასაქანი რომ მიეცა, მართლაც, ბიძამისს ფულს დაუბრუნებდა და საერთოდ გამოეთხოვებოდა რამე გზით ორმოცდაათი დინარის შოვნის შანსს. მრისხანება დაიცხრო, პირი ძალისძალად დახურა და შარვლის ჯიბეში ფულის შეკვრას თითები მოუჭირა, შემდეგ თქვა:

– არა, არა, ფულს მაშინ მოგცემთ, როცა ჩვენი გამგზავრება სრულად მომზადდება… ყოველდღე გნახავ ხოლმე, რადგან ახლომდებარე სასტუმროში ვარ გაჩერებული…

მსუქანმა კაცმა გაიღიმა. ღიმილი გაუხანგრძლივდა და ხმამაღალ სიცილად წასკდა:

– შენთვის უმჯობესია, დრო არ დაკარგო, ჩემო ბიჭუნა… ყველა კონტრაბანდისტი ერთსა და იმავე ფასს ითხოვს! ჩვენ ერთმანეთში შეთანხმებულები ვართ… თავს ნუ იტანჯავ… ასეა თუ ისე, შენს ფულს გაუფრთხილდი, სანამ გამგზავრება მომზადდება. ნება შენია… სადაც გაჩერებული ხარ, იმ სასტუმროს რა ჰქვია?

– სასტუმრო „აშ-შატი“…

– აჰ… ვირთხების სასტუმრო!

მინდვრის ვირთხა გზაზე გადმოხტა და მანქანის შუქზე მისმა პატარა თვალებმა გაიელვა. ახალგაზრდა ქერა ქალმა მანქანის ტარებით ქანცგამოცლილ ქმარს მიაყვირა:

– შეხედე, მელია! ვერ დაინახე?! უცხოელმა ქმარმა სიცილით თქვა:

– ოჰ, რა ხართ ეს ქალები! ვირთხას მელიად აქცევთ!

ამ წყვილმა ასადი გზაზე აიყვანა მზის ჩასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, როცა მისი სილუეტი შენიშნეს, მათ მსუბუქ მანქანას ხელებს რომ უქნევდა. როცა ქმარმა მანქანა გააჩერა და ფანჯრიდან გადახედა, ასადი ძლიერი სიცივისგან კანკალებდა. ცოლი მისმა დანახვამ შეაშინა… ასადმა გონებაში მთელი თავისი ნასწავლი ინგლისური მოიკრიბა და უთხრა მათ:

– ჩემი მეგობარი იძულებული გახდა, მანქანით სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში მიბრუნებულიყო და მე აქ დამტოვა…

კაცმა მოუჭრა:

– ნუ ცრუობ… შენ იქიდან გამოქცეული ხარ, მაგრამ არა უშავს, ამოდი… ბაკუბაში[4] ჩაგიყვან.

უკანა სავარძელი კომფორტული იყო. ახალგაზრდა ქალმა პლედი მიაწოდა და ისიც გაეხვია მასში. ზუსტად არ იცოდა, უდაბნოს სიცივით კანკალებდა, შიშით თუ დაღლილობით… კაცმა ჰკითხა:

– ფეხით ბევრი იარე?

– არ ვიცი… ალბათ ოთხი საათი…

– მეგზურმა მიგატოვა… ასეა, ხომ?! ყოველთვის ასე ხდება.

ახალგაზრდა ქალი მიუტრიალდა და ჰკითხა:

– იქიდან რატომ გარბიხართ?

ქმარმა უპასუხა:

– ეს გრძელი ამბავია.

მერე ასადს ჰკითხა:

– მითხარი ერთი, მანქანას კარგად ატარებ?…

– დიახ…

– შეგიძლია, ჩემს ადგილას დაჯდე, ცოტას რომ დაისვენებ? იქნებ შევძლო, ერაყის სასაზღვრო პუნქტის გავლაში დაგეხმარო… იქ შუაღამის შემდეგ მივაღწევთ, ორი საათისთვის… პასუხისმგებელ პირებს ეძინებათ…

ასადს არ შეეძლო, თავში ერთ რამეზე გაეკეთებინა კონცენტრირება, არეული იყო, აღარ იცოდა, შეკითხვებზე პასუხი საიდან დაეწყო. შეეცადა, მთელი ძალა მოეკრიბა და დაეძინა, თუნდაც ნახევარი საათი…

– საიდან ხარ?

– პალესტინიდან… რამალადან.

– აუჰ!.. რამალა მართლა ძალიან შორსაა. ორი კვირის წინ ზეითაში[5] ვიყავი. ზეითა ხომ იცი? ეკლიანი მავთულხლართების წინ ვიდექი და ამ დროს პატარა ბიჭი მომიახლოვდა, ინგლისურად მითხრა, რომ მისი სახლი სულ რამდენიმე ნაბიჯზე იყო ამ მავთულხლართს გადაღმა…

– რა მოხელე ხარ?

– მოხელე? ეშმაკმა დალახვროს მოხელეობა!.. არა, ჩემო მეგობარო, ტურისტი ვარ!

– შეხედე, შეხედე!.. მეორე მელია! ვერ ნახე, თვალები როგორ უელავდა?!

– ჩემო ძვირფასო, ეს ვირთხაა… ვირთხა!.. რას აიჩემე, რომ მელიაა?!

– გაიგე, ცოტა ხნის წინ რა მოხდა ზეითასთან ახლოს?

– არა!.. რა მოხდა?

– ეშმაკიც ვერ მიხვდება, რა მოხდა!.. ბაღდადში გაჩერდები?

– არა…

– აუჰ!.. უდაბნო სავსეა ვირთხებით! საკითხავია, ნეტა რით იკვებებიან?

ასადმა მშვიდად მიუგო:

– თავისზე პატარა ვირთხებით.

ახალგაზრდა ქალმა თქვა:

– მართლა?! ეს საშინელებაა! ვირთხა თავისთავად საშინელი, საზიზღარი ცხოველია!..

ბიუროს მეპატრონე მსუქანმა კაცმა თქვა:

– ვირთხა საზიზღარი ცხოველია!.. როგორ შეგიძლია, ამ სასტუმროში გაათიო ღამე?!

– ის იაფია.

ბიუროს მეპატრონე მსუქანი კაცი წამოდგა, მიუახლოვდა, შემდეგ მძიმე მკლავი მხრებზე დაადო:

– დაღლილი ჩანხარ, ყმაწვილო!.. რა მოგივიდა?.. ავად ხარ?

– მე? არა!

– თუ ავად ხარ, მითხარი!.. შესაძლოა, შევძლო შენი დახმარება. ბევრი ექიმად მომუშავე მეგობარი მყავს… მშვიდად იყავი, არაფერს გადაიხდი…

– ალაჰიმც მოგცემს წყალობას!.. მაგრამ ცოტა არ იყოს, დაღლილი ვარ. ესაა და ეს!.. გამგზავრების ორგანიზება დაგვიანდება?

– არა, უფალს მადლობა, ბევრნი ხართ!.. ნახავ, ორ დღეში გზას დაადგებით…

ასადი მიტრიალდა და კარისკენ გაემართა. სანამ გარეთ გავიდოდა, ზურგს უკან მსუქანი კაცის ხმამაღალი სიცილი მოესმა:

– მაგრამ გაფრთხილდი!.. გამგზავრებამდე ვირთხებმა არ შეგჭამონ!..

მერვანი

მერვანი მსუქანი კაცის ბიუროდან გამოვიდა, რომელიც ბასრიდან ქუვეითში ხალხის კონტრაბანდული გადაყვანით იყო დაკავებული და ფინიკისა და ლერწმის დიდი კალათების სურნელით გაჯერებულ, ხალხით სავსე, გადახურულ ქუჩაზე აღმოჩნდა… არავითარი გარკვეული აზრი, ახლა რა უნდა ექნა და საით წასულიყო, არ ჰქონდა… იქ, ბიუროში, იმედის ის უკანასკნელი ძაფებიც დაუწყდა, რომლითაც წლების მანძილზე ყველაფერი იყო შეკრული მის არსებაში… ბოლო სიტყვები, რომელიც მსუქანმა კაცმა გადაჭრით და მტკიცედ წარმოთქვა, ტყვიასავით ეჩვენა:

– თხუთმეტი დინარი!.. არ გეყურება?!..

– მაგრამ…

– გთხოვ, გთხოვ!.. არ დაიწყო ახლა მოთქმა!.. ჯერ ყველანი თქვენით მოდიხართ აქ, მერე კი ქვრივებივით იწყებთ ქვითინს!.. ჩემო ძმაო!.. ჩემო ძვირფასო, არავინ გაიძულებს, მაინცდამაინც აქ ამეწებო! რატომ არ წახვალ და სხვაგან არ იკითხავ, ბასრა სავსეა კონტრაბანდული გადამყვანებით!

რა თქმა უნდა, წავა და სხვაგან იკითხავს! ჰასანმა, ქუვეითში ოთხი წელი რომ იმუშავა, უთხრა, რომ ერთი კაცის გადაყვანა ბასრიდან ქუვეითში მხოლოდ ხუთი დინარი ჯდება და არც ერთი კაპიკით მეტი! მანვე უთხრა, რომ კონტრაბანდულად გადამყვანთან რომ მივა, თავი დიდი კაცივით უნდა ეჭიროს და გაბედულება და სიმტკიცე აჩვენოს, თორემ ის დასცინებს, გააცურებს, ისარგებლებს მისი თექვსმეტი წლის ასაკით და სათამაშოდ აიგდებს!

– მე მითხრეს, ერთი კაცის გადაყვანა ხუთი დინარი ღირსო?!

– ხუთი დინარი?!.. ჰა… ჰა… ჰა… ეს ადამ და ევას დროს იყო! ჩემო ბიჭო, შეტრიალდი, სამი ნაბიჯი გადადგი და გაუგდებლად აღმოჩნდები ქუჩაში!

მერვანმა მთელი თავისი გაბედულება მოიკრიბა და მას ენის წვერზე მოუყარა თავი. ჯიბეში შვიდ დინარზე მეტი არ ედო და სულ ცოტა ხნის წინ თავი მდიდარი ეგონა!.. შეხედე ერთი! ამ კაცს თვალში ეპატარავება!..

– ხუთ დინარს აიღებ ჩემგან და კმაყოფილი დამრჩები!.. თუ არა და…

– თუ არა და რა?

– თუ არა და პოლიციის განყოფილებაში გამხელ!

მსუქანი კაცი წამოდგა, თავის საწერ მაგიდას შემოუარა და მერვანს წინ გაუჩერდა. მძიმედ სუნთქავდა და ოფლად იღვრებოდა… წამით მრისხანედ ჩააშტერდა, თავით ფეხებამდე თვალმოუცილებლად შეათვალიერა და მერე მძიმე ხელი ჰაერში ასწია…

– გინდა, რომ ჩემს ფირმას უჩივლო, შე ….ის შვილო?

მისი მძიმე ხელი მერვანის ლოყაზე დაეშვა. მერვანს ყურებში ეშმაკეულმა ხმამ გაუწუილა და კაცის ბოლო სიტყვა ჩაახშო. წამით წონასწორობა დაკარგა და ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხია, მსუქანი კაცის ბრაზით ჩახრინწული ხმა დაეწია:

– წადი, უთხარი იმ მაჭანკლებს, რომ გცემე!.. მაშ, პოლიციაში მიჩივლებ?

მერვანი მცირე ხნით ადგილზე გაშეშდა მზადყოფნაში, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, მიმხვდარიყო, რა ამაო იყო ყოველგვარი მცდელობა, შელახული ღირსება აღედგინა. სულით ხორცამდე იგრძნო, რა უპატიებელი შეცდომა დაუშვა. მარცხენა ლოყაზე თითების კვალი ისევ უხურდა.

– საკითხავია, აქ რაღას ელი?

შეტრიალდა, კარის ზღურბლს გადააბიჯა და გარეთ გავიდა. ცხვირში ფინიკისა და ლერწმის დიდი კალათების სურნელი ეცა. ახლა რას იზამს? მერვანს სრულებით არ სურდა, ეს კითხვა საკუთარი თავისთვის დაესვა… არ იცოდა, რატომ, მაგრამ ერთგვარი შვება იგრძნო… საკითხავია, ამის მიზეზი რა უნდა ყოფილიყო? მერვანს სურდა, მიზეზს ჩასძიებოდა და ამაზე გადართულიყო. აი, არსებობს რაღაც შეგრძნება, მისი თავის ნაწილს რომ ავსებს და კმაყოფილებასა და ბედნიერებას შთაუნერგავს!.. თუმცა მაინც ვერ შეძლო, იმ ტრაგიკულ მოვლენებს გაქცეოდა, რომლებსაც გასული ნახევარი საათის განმავლობაში მისი გული აევსო… ყველა მისი მცდელობის წარუმატებლად დამთავრების შემდეგ კედელს მიეყრდნო… ხალხი ჯგუფ-ჯფუფად მიმოდიოდა მის გარშემო ისე, რომ მას ზედაც არავინ უყურებდა. ალბათ პირველად თავის ცხოვრებაში, თავი მარტოსულად და უცხოდ იგრძნო ადამიანთა ამ თავყრილობაში… მაგრამ მას სურდა, იმ შორეული გრძნობის მიზეზს ჩასწვდომოდა, კმაყოფილებასა და შვებას რომ ჰგვრიდა… ეს გრძნობა იმ შეგრძნებას ჰგავდა, კინოფილმის ნახვის დასასრულ რომ ეუფლებოდა ხოლმე და ეგონა, რომ ცხოვრება დიდია და ვრცელი, რომ მომავალში ის ერთ-ერთი მათგანი იქნება, ვინც ცხოვრების ყოველ წამსა და საათს სავსე და მრავალფეროვან, ამაღელვებელ თავგადასავლებში გალევს… მაგრამ რა მიზეზით დაეუფლა ეს გრძნობა ახლა, როცა დიდი ხანია, ამგვარი ფილმი არ უნახავს და იმედის ძაფებიც, რომლითაც გულში დიდ ოცნებებს იქსოვდა, სულ ცოტა ხნის წინ დაუწყდა, მსუქანი კაცის ბიუროში?..

სულ უშედეგოდ! მაინც ვერ შეძლო იმედგაცრუების სქელი საბურველი გაერღვია, მასა და იმ გრძნობას შორის რომ აღმართულიყო, მის თავში რაღაც ადგილი რომ დაეკავებინა… თავს რომ ვერაფერი მოუხერხა, გადაწყვიტა, სიარულით მაინც დაკავებულიყო, მაგრამ კედელს მოსცილდა და ხალხის მასაში შეაბიჯა თუ არა, იგრძნო, ვიღაცამ მხარზე ხელი როგორ წამოუტყაპუნა.

– ნუ იქნები ასე სასოწარკვეთილი!.. ახლა საით მიდიხარ? მერვანს გვერდით, იქვე, ცხვირწინ, მაღალი კაცი მიჰყვებოდა. როცა შეხედა, მოეჩვენა, რომ ის ადრე სადღაც ენახა და ამის მიუხედავად, ის ერთი ნაბიჯით მოშორდა უცნობს და კითხვის გამომხატველი თვალებით სახეში მიაჩერდა.

– ეს ხომ ცნობილი მძარცველია!.. მაგასთან რამ მიგიყვანა?

მცირე ყოყმანის შემდეგ მიუგო:

– ყველა მასთან მიდის…

კაცი მერვანს მიუახლოვდა, მკლავი მკლავში დიდი ხნის ნაცნობივით გაუყარა:

– ქუვეითში ხომ არ გინდა გამგზავრება?

– როგორ მიხვდი?

იმ ბიუროს კართან, იქვე, გვერდით ვიდექი. მოწმე გავხდი, როგორ შეხვედი და მერე როგორ გამოხვედი… რა გქვია?

– მერვანი… შენ?

– მე ბამბუკს მეძახიან.

მერვანმა ახლაღა შენიშნა პირველად, რომ მისი გარეგნობა მართლაც ბამბუკს მოგაგონებდათ. ძალიან მაღალტანიანი კაცი იყო, ძალიან გამხდარი, მაგრამ მისი მხრები და კისერი ძალისა და სიმტკიცის გრძნობას გიჩენდათ. რატომღაც გეგონებოდათ, შეეძლო, მშვილდივით მორკალულიყო და თავი ფეხებში ისე გაეტარებინა, თავისი ხერხემლისა თუ ძვლებისთვის დიდად ძალა არ დაეტანებინა.

– კეთილი, ჩემგან რა გინდა?

ბამბუკმა ვითომ კითხვა ვერ გაიგო, კითხვა იქით შეაგება:

– რატომ გინდა ქუვეითში გამგზავრება?

– მინდა, ვიმუშაო… მოგეხსენება, საქმეები აქ როგორც მიდის. უკვე ხანგრძლივი თვეებია, რაც მე…

უცებ დადუმდა და გაჩერდა. მხოლოდ ახლაღა მიხვდა იმ კმაყოფილებისა და შვების შეგრძნების წყაროს, ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ რომ ვერაფრით ამოეხსნა… აი, ის მთელი თავისი სისავსითა და სიცხადით წარსდგა მის წინაშე, მეტიც, დაანგრია დარდის ყველა ბარიერი, მერვანს მის შესაცნობად ხელს რომ უშლიდა და ახლა კვლავ ეს შეგრძნება დაეუფლა ისეთი შეუდარებელი სიმძაფრით, როგორც მანამდე არასდროს…

იმ დილაადრიან პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ გრძელი წერილი მისწერა დედას. და აი, ახლა ის მეტ კმაყოფილებას გრძნობს, რადგან ეს წერილი მანამდე დაწერა, სანამ იმ მსუქანი კაცის კანტორაში ყველა იმედი დაემსხვრეოდა და ის ხალასი სიხარული დაეკარგებოდა, რაც იმ წერილში ჩააქსოვა… რა შესანიშნავი იყო ცოტა ხნით მაინც დედასთან სიახლოვის განცდა!..

იმ დილით ძალიან ადრე გაეღვიძა. მსახურს საწოლი სასტუმროს ბანზე აეტანა, რადგან ამ სიცხესა და ასეთ ნესტში ოთახში ძილი შეუძლებელი იყო. მზე ამოიწვერა თუ არა, თვალი გაახილა. ჩინებული, წყნარი ამინდი იყო. ცა იყო ცისფერი და შავი მტრედები დაბალ სიმაღლეზე ფრენდნენ, სასტუმროსთან ყოველ მოახლოებაზე და წრის შეკვრაზე მათი ფრთების ტლაშუნი ესმოდა. ღრმა სიჩუმე იყო და ჰაერი დილის ადრიანი სინოტივის სურნელით იყო გაჯერებული… ხელი საწოლის ქვეშ თავისი პატარა ჩემოდნისკენ გაიწვდინა, იქიდან რვეული და კალამი ამოიღო და საწოლზე წამოწოლილმა დაიწყო დედისთვის წერილის წერა.

ეს ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა იყო მისთვის იმათ შორის, რაც კი უკანასკნელი თვეების მანძილზე უკეთებია, როცა არავინ აძალებდა და აიძულებდა რამეს, არამედ თვითონ უნდოდა მთელი სულითა და გულით ამის გაკეთება! ჩინებულ განწყობაზე იყო, წერილიც სუფთა და კამკამა ცას ჰგავდა მის თავზე… თავადაც არ უწყოდა, რატომ მისცა თავს უფლება, მამამისი წერილში ერთ სულმდაბალ ძაღლად მოეხსენიებინა, მაგრამ დაწერილის წაშლა აღარ მოინდომა. არ სურდა, თუნდაც ერთი სიტყვა გადაეშალა მთელ წერილში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედამისი ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნევდა გადახაზულ სიტყვებს, არა, უბრალოდ, თავადაც არ სურდა ეს! და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, მამამისი არც ასე სძულდა… კი, მართალია, მამამისმა უკადრისი საქციელი ჩაიდინა, მაგრამ რომელი ჩვენგანი არ სჩადის მას დროდადრო? მას შეეძლო, გაეგო მამისთვის და მის მდგომარეობაში შესულიყო, მაგრამ თავად მამამისს თუ შეეძლო, ნეტავ, ეპატიებინა საკუთარი თავისთვის ეს დანაშაული?!.. მიეტოვებინა ოთხი ბავშვი, მიეტოვებინე შენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე და იმ ხეიბარ ქალზე დაქორწინებულიყო?!.. ეს ხომ საკუთარი თავისთვის უპატიებელი საქციელია, როცა გამოფხიზლდება ერთ მშვენიერ დღეს და აღმოაჩენს, რაც ჩაიდინა. არ მინდა, ვინმე მძულდეს, არც შემიძლია ეს, რომც მოვინდომო… მაგრამ შენ მაინც ეს რატომ გაგიკეთა?!.. ვიცი, ვიცი, არ გიყვარს, რომელიმე ჩვენგანი ამაზე რომ ლაპარაკობს, მაგრამ მაინც როგორ გგონია, ეს რატომ გააკეთა?!..

ახლა უკვე ყველაფერი ჩავლილია და არავითარი იმედი აღარ არსებობს იმისა, რომ დაგვიბრუნდეს, მაგრამ… მაინც რატომ გააკეთა ეს?.. მოდი, დავსვათ კითხვა, – რატომ?!

მე გეტყვი, რატომაც!.. მას შემდეგ, რაც ჩემი ძმის, ზაქარასგან, შეტყობინებები შეწყდა, სიტუაცია სრულიად შეიცვალა… ზაქარია ყოველთვე ქუვეითიდან დაახლოებით ორას რუპიას გვიგზავნიდა… ეს თანხა მამაჩემს გარკვეულწილად იმ სტაბილურობის განცდას ანიჭებდა, რომელზეც ის ოცნებობდა. როდესაც ზაქარიასგან ცნობები შეწყდა, – ვიმედოვნებ, ის კარგადაა, – როგორ გგონია, მამაჩემმა რა იფიქრა?!

თავისთვის თქვა და ჩვენც ხომ გვითხრა, რომ ცხოვრება უცნაური რამ არის… რომ კაცს სიბერეში მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილურობა და იძულებული არ იყოს, ნახევარი დუჟინი დაღებული პირის გამოკვებაზე იფიქროს… რა, ასე არ გვითხრა?… ზაქარია წავიდა და გადაიკარგა, მისგან აღარაფერი ისმის და ვინ აჭმევს ამ პირდაღებულებს?!.. ვინ დაასრულებინებს მერვანს განათლებას, ვინ უყიდის ტანსაცმელს მეის, ვინ მოუტანს პურს რიადს, სალმას და ჰასანს? ვინ?..

ის ერთი საცოდავი კაცია და შენ ეს კარგად იცი… მთელი მისი მისწრაფება, მთელი მისი ოცნება ის იყო, რომ ლტოლვილთა ბანაკის თიხით ნალესი სახლიდან, სადაც ათი წელი გალია, ცემენტით აშენებული სახლის ჭერქვეშ გადაბარგებულიყო… როგორც თვითონაც ამბობდა, მას მერე, რაც ზაქარია წავიდა და მისგან იმედი გადაეწურა, მისი ოცნებები დაიმსხვრა, მისი სანუკვარი მისწრაფებები ხელში შემოადნა… აბა რა გეგონა, რას იზამდა?

მისმა ძველმა მეგობარმა, შაფიკას მამამ, შესთავაზა, მის ქალიშვილზე დაქორწინებულიყო, უთხრა, რომ შაფიკას სამოთახიანი სახლი ჰქონდა დასახლების განაპირას, რომელიც მისთვის საქველმოქმედო საზოგადოების მიერ შეგროვილი ფულით იყიდა. შაფიკას მამას მხოლოდ ერთი რამ სურდა – ქალიშვილზე ზრუნვა, რომელსაც ქ. იაფას დაბომბვისას მარჯვენა ფეხი დაეკარგა, მისი ქმრისთვის გადაებარებინა. თავად ცალი ფეხი სამარეში ედგა და სურდა, იმქვეყნად ქალიშვილის ბედ-იღბალზე გულდამშვიდებული წასულიყო. არადა, შაფიკას ყველა მთხოვნელი იწუნებდა იმ ბარძაყიდან მოწყვეტილი ფეხის გამო, მამაჩემის ფიქრი კი ამ საქმეში ის იყო, რომ თუკი ორ ოთახს გააქირავებდა და თავად ხეიბარ ცოლთან ერთად მესამეში იცხოვრებდა, დარჩენილ სიცოცხლეს სტაბილურად გაატარებდა და არავის ხელის შემყურე არ იქნებოდა… და ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მაინც ცემენტით აშენებული სახლის ჭერქვეშ ცხოვრება იყო…“

– აბა, სულ ასე იდგები აქ?!

მერვანმა თავი გაიქნია და ფეხი გადადგა. ბამბუკი გვერდულად უმზერდა და მერვანს მოეჩვენა, რომ ირონიულ ღიმილს იკავებდა.

– რა გჭირს, ასე რას ჩაუფიქრებიხარ? ასეთი ჩაფიქრება არ შეგშვენის, მერვან, ჯერ ისევ პატარა ხარ ასაკით და წინ გრძელი ცხოვრება გელის…

მერვანი კიდევ ერთხელ გაჩერდა, თავი ოდნავ უკან გადასწია და ჰკითხა:

– აბა ახლა მითხარი, რა გინდა ჩემგან?

ბამბუკმა სვლა განაგრძო, წამოეწია და უთხრა:

– შემიძლია, ქუვეითში კონტრაბანდულად გადაგიყვანო.

– როგორ?

– ეს ჩემი საქმეა! შენ ქუვეითში გინდა წასვლა, ასე არაა? აი, მე ვარ ადამიანი, ვისაც შეუძლია შენი იქ გადაყვანა… მეტი რა გინდა?

– რამდენს აიღებ ჩემგან?

– ეს, არსებითად, მნიშვნელოვანი არაა…

– სწორედაც რომ მნიშვნელოვანია!…

ბამბუკმა ფართოდ ისე გაიღიმა, თეთრად მოელვარე კბილების ორი წყება გამოაჩინა.

– დაუფარავად გეტყვი საქმის ვითარებას… მე ქუვეითში წასვლა ისედაც მიწევს და ჩემს თავს ვუთხარი, რა მოხდა, თუ ორიოდ კაპიკს ვიშოვი და თან რამდენიმე იქ წასვლის მსურველს გავიყოლებ-მეთქი… რამდენის გადახდა შეგიძლია?

– ხუთი დინარის…

– მხოლოდ?!

– მეტი არ მაქვს.

– კეთილი, მე მაგაზე თანახმა ვარ…

ბამბუკმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ისეთი ფართო ნაბიჯებით წავიდა წინ, რომ მერვანმა კინაღამ თვალიდან დაკარგა და იძულებული გახდა, სწრაფი ნაბიჯით დასწეოდა. ბამბუკი უცებ გაჩერდა, თითი პირთან მიიდო და უთხრა:

– მაგრამ ეს არავის, კაციშვილს არ უთხრა!.. იმას ვგულისხმობ, რომ თუკი სხვისგან ათ დინარს ავიღებ, არ უნდა უთხრა, რომ შენგან მხოლოდ ხუთი მაქვს აღებული…

– მაგრამ როგორ გინდა, რომ გენდო?

ბამბუკი ცოტა ჩაფიქრდა, შემდეგ კვლავ ფართოდ გაუღიმა:

– შენ მართალი ხარ! ფულს ელ-ქუვეითში[6], ას-საფათის მოედანზე მომცემ, შუაგულ დედაქალაქში… კმაყოფილი ხარ?

– თანახმა ვარ!

– მაგრამ მე რამდენიმე სხვა მგზავრიც მჭირდება… შენ უნდა დამეხმარო ამაში! ეს პირობაა!..

– მე ერთი ვიცი, ჩემთან ერთად სასტუმროშია გაჩერებული და ქუვეითში გამგზავრება უნდა.

– მშვენიერია! მე მეორე ვიცი… ჩემი სოფლელია, პალესტინიდან… აქ შემთხვევით შევხვდი… მაგრამ მე არ მიკითხავს შენთვის, ქუვეითში რა უნდა აკეთო?.. იქ ვინმეს იცნობ?

მერვანი კიდევ ერთხელ შეჩერდა, მაგრამ ბამბუკმა მკლავზე მოქაჩა და ისიც ისევ სწრაფად გაჰყვა გვერდზე.

– ჩემი ძმა მუშაობს იქ…

სწრაფად მიმავალმა ბამბუკმა თავი გააქნია, მხრები აიწურა და კისერი შიგ ჩამალა, რის გამოც თითქოს კისერი ადრინდელთან შედარებით დაუმოკლდა…

– თუ შენი ძმა იქ მუშაობს, შენ რატომღა გინდა მუშაობა? შენხელები ჯერ ისევ სკოლაში დადიან!..

– ჯერ კიდევ ორი თვის წინ მეც სკოლაში დავდიოდი, მაგრამ ახლა მუშაობა მინდა, რომ ოჯახი შევინახო…

ბამბუკი გაჩერდა, ჯიბეებიდან ხელები ამოიღო, გვერდებზე აქეთ-იქიდან შემოაჭდო და სიცილით თვალმოუცილებლად ჩააშტერდა:

– აჰა, ახლა მივხვდი!.. შენი ძმა ფულს აღარ გზავნის, ხომ?.. ასე არაა?

მერვანმა თავი გადააქნია და წასვლას შეეცადა, მაგრამ ბამბუკმა მკლავზე მოქაჩა და გააჩერა:

– რატომ? დაქორწინდა?

მერვანი ბამბუკს შემცბარი მიაჩერდა, შემდეგ ჩურჩულით თქვა:

– როგორ მიხვდი?

– ჰა… ჰა… ეს საქმე დიდ გამჭრიახობას არ თხოულობს! ფულის გამოგზავნას მაშინ წყვეტენ, როცა ქორწინდებიან ან ვინმეს გაუმიჯნურდებიან ხოლმე…

მერვანმა მცირედი იმედგაცრება იგრძნო, რომელიც ნელ-ნელა გაიზარდა მის გულში… არა იმიტომ, რომ ეს მისთვის მოულოდნელობა იყო!.. არამედ იმიტომ, რომ აღმოაჩინა, ასეთი რამ ცნობილი და გავრცელებული ყოფილა, მას კი ეგონა, რომ გულით დიდ საიდუმლოს ატარებდა, მის გარდა არავინ რომ არ იცოდა და სულს უხუთავდა… თვეების მანძილზე დედ-მამასაც კი უმალავდა… და აი, ახლა ბამბუკის ნალაპარაკევით ჩანს, რომ ეს მიღებული და ცნობილი წესი ყოფილა…

– მაგრამ… ამას რატომ აკეთებენ? რატომ ქრებიან?

მერვანი უცბად გაჩუმდა, ბამბუკმა კი სიცილი დაიწყო.

– მე კმაყოფილი ვარ, რომ ქუვეითში მიდიხარ იმიტომ, რომ იქ ბევრ რამეს ისწავლი… პირველი, რასაც ისწავლი, კი ისაა, რომ ჯერ ფულია და შემდეგ – ზნეობა.

როცა ბამბუკმა დატოვა იგი ნაშუადღევს შეხვედრის იმედით, მერვანმა ხელახლა დაკარგა ის შესანიშნავი შეგრძნება, დილიდან რომ შინაგანად წმენდდა… მეტიც, უკვირდა, დედისთვის მიწერილმა წერილმა როგორ მიანიჭა ის სუფთა გრძნობა, რომლითაც ის განცდილი იმედგაცრუებაც კი იმაზე უფრო ნაკლებმნიშვნელოვნად ეჩვენა, ვიდრე ის სინამდვილეში იყო… ის სულელური წერილი მარტოობისა და იმედის გრძნობათა მოძალების ჟამს დაწერა, ქვეყნის დასალიერში მიკარგული ერთი უბადრუკი სასტუმროს ბანზე… რა იყო ვითომ მასში განსაკუთრებული?!.. ნუთუ ჰგონია, რომ დედამისმა არ იცოდა მთელი ეს ისტორია? ან რისი თქმა სურდა? ნუთუ სურდა, დედა დაერწმუნებინა, ქმარმა ის და ბავშვები რომ მიატოვა, ეს ჩვეულებრივი და ჩინებული რამ იყო?! მაშ რა საჭირო იყო მთელი ეს ლაყბობა?! მას მამა ძლიერ უყვარს და ეს სიყვარული არ შეცვლილა… მაგრამ ეს მწარე სიმართლეს ვერაფერს უშველის და სიმართლე კი ისაა, რომ მამამისი გაიქცა… გაიქცა… გაიქცა… ზუსტად ისე, როგორც ზაქარია მოიქცა, რომელიც დაქორწინდა და მოკლე წერილი გამოუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ ახლა მისი ჯერი დადგა და მას უნდა მიეტოვებინა ის სულელური სკოლა, რომელშიც მაინც არაფერს ასწავლიდნენ და სხვებთან ერთად ცხოვრების მორევში ჩაეყვინთა…

მერვანი მთელი ცხოვრება ზაქარიას ანტიპოდი იყო… მეტიც, სინამდვილეში, მათ ეჯავრებოდათ ერთმანეთი. ზაქარიას ვერაფრით გაეგო, რატომ ევალებოდა მას ოჯახზე ზრუნვა მთელი ათი წლის მანძილზე მაშინ, როცა მერვანი სკოლაში დადიოდა… მერვანს უნდოდა, ექიმი გამხდარიყო… დედას ეუბნებოდა, რომ ზაქარია ვერასდროს გაიგებდა, რატომ სწავლობს ადამიანი იმიტომ, რომ სკოლა მაშინ მიატოვა, როცა პალესტინა დატოვა და იმ დროიდან მოყოლებული, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, ცხოვრების მორევში ჩაყვინთა…

აი, ახლაც ისე დაქორწინდა, რომ მის გარდა სხვას არავის გააგებინა, თითქოს სურდა, მერვანი სინდისის პირისპირ მარტო დაეტოვებინა. არჩევანი არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ სკოლა მიეტოვებინა და ემუშავა, ცხოვრების მორევში ჩაეყვინთა აქედან მოყოლებული სამარადისოდ…

არა უშავს… არა უშავს… სულ რამდენიმე დღეში ქუვეითში ჩავა… თუ ზაქარია დაეხმარება, კიდევ უკეთესი!.. თუ არად ჩააგდებს, მაშინ თვითონ გაარკვევს, როგორ გაიკვალოს გზა, ისე, როგორც ბევრი სხვა იკვალავს… ყოველ გროშს, რასაც კი იშოვის, დედას გამოუგზავნის, მასაც და ძმებსაც სიკეთით აავსებს, მათი თიხის ქოხს ღვთიურ სამოთხედ აქცევს… მამამისმა კი სინანულით თითები დაიკვნიტოს!..

და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, მამამისი არც ასე სძულდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მამასაც ისევ უყვარდა ისინი ყველანი… ამაში სრულიად დარწმუნდა, როცა გამგზავრების წინ მასთან გამოსამშვიდობებლად მივიდა. დედისთვის არ უთქვამს, რომ შაფიკას სახლში მიდიოდა, თორემ გადაირეოდა… მამამ უთხრა:

– იცი, მერვან, ამ საქმეში მე ხელი არ მირევია. ეს ამბავი შექმნის დღიდან ბედისწერით დაწერილა ჩვენზე.

შაფიკამ თქვა:

– დედაშენს ვუთხარით, მოსულიყო და აქ ეცხოვრა, მაგრამ მან ეს შეთავაზება არ მიიღო… ამაზე მეტი რა გინდა, რომ გაგვეკეთებინა?

შაფიკა თხის ტყავის ხალიჩაზე იჯდა. ყავარჯენი გვერდზე ეგდო. მერვანმა გაიფიქრა: ნეტავ, მისი ბარძაყი სად მთავრდება? შაფიკას სახე ლამაზი ჰქონდა, მაგრამ მკვეთრი, წამახვილებული ნაკვთებით, როგორც უკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფებს აქვთ ხოლმე… ქვედა ტუჩი ისე ებრიცებოდა, თითქოს საცაა ატირდებაო…

მამამ უთხრა:

– აიღე ეს ათი დინარი… ალბათ, გამოგადგება… სულ მოგვწერე ხოლმე…

მერვანი რომ წამოდგა, შაფიკამ ხელები ზეცად აღაპყრო და უფალს მისი ბედნიერება შესთხოვა. ტანჯული ხმა ჰქონდა და როცა მერვანმა მოხედა, სანამ კარის ზღურბლს გადააბიჯებდა, ქალს ქვითინი აუტყდა. მამამ უთხრა:

– ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მერვან, ჩემო ლომო!

თან შეეცადა, გაეცინა, მაგრამ ვერ შეძლო. დიდ, დაკოჟრილ ხელს მერვანს ზურგზე უსვამდა იმ დროს, როცა შაფიკას, რომელსაც ქვითინი შეეწყვიტა, თავისი ყავარჯნისთვის ხელი დაევლო და სწრაფი მოძრაობით ფეხზე წამომდგარიყო.

მერვანმა კარი ზურგს უკან გამოიხურა და წავიდა. ისევ ესმოდა შაფიკას ყავარჯნის მონოტონური კაკუნის ხმა იატაკის ფილებზე. მოსახვევს რომ მიაღწია, ხმა შეწყდა.

გარიგება

მერვანი მის დღეში მყოფ ასადს ბამბუკთან დათქმულ შეხვედრაზე გაუძღვა. ისინი ცოტა დაგვიანებით მივიდნენ და ნახეს, ბამბუკი მათ მოლოდინში აბუ კაისთან ერთად იჯდა ცემენტის დიდ სკამზე მდინარე შატ ელ-არაბის პარალელური ქუჩის ტროტუარზე.

– მთელი ბანდა შეკრებილია, ასე არაა?

სიცილით შესძახა ბამბუკმა და ცალი ხელი მერვანს მხარზე წამოარტყა, მეორე კი ასადს გაუწოდა ჩამოსართმევად.

– მაშ ესაა შენი მეგობარი!.. რა ჰქვია? მერვანმა მოკლედ მიუგო:

– ასადი.

მაშინ ნება მომეცით, ჩემი ჭარმაგი მეგობარი, აბუ კაისი გაგაცნოთ… ამრიგად, ბანდაც შევსებულა!.. ერთიც რომ წაგვმატებოდა, არა უშავდა… მაგრამ ამჯერად ესეც საკმარისია.

ასადმა თქვა:

– როგორც ვხედავ, პალესტინელი უნდა იყო, არა?.. ეს შენ უნდა გადაგვიყვანო?…

– დიახ, მე.

– როგორ?

– ეს ჩემი საქმეა…

ასადმა ირონიულად გაიცინა და ნელა, სიტყვების ხაზგასმით წარმოთქმით, მკაცრად თქვა:

– არა, ჩემო ბატონო!.. ეს ჩვენი საქმეა… შენ ყველა დეტალი უნდა გვითხრა, დასაწყისიდანვე გართულებები არ გვინდა.

ბამბუკმა გადამწყვეტი, მტკიცე ხმით განაცხადა:

– დეტალებს მას შემდეგ მოგიყვებით, რაც შევთანხმდებით… მანამდე – არა!

ასადმა უთხრა:

– შეთანხმება შეუძლებელია, სანამ დეტალები არ გვეცოდინება! თქვენ რას ფიქრობთ, ყმაწვილებო?

პასუხი არავის გაუცია. ასადი არ მოეშვა მათ და თავიდან ჩაეკითხა:

– შენ რას ფიქრობ, ყამ[7] აბუ კაის?

– რასაც შენ…

– შენი აზრი როგორია, მერვან?

– მეც თქვენთანა ვარ.

ასადმა მკაცრად თქვა:

– მაშ, მოდით, დროს ნუ დავკარგავთ… მეჩვენება, ყამ აბუ კაისი ამ საქმეში მთლად კარგად ვერ ერკვევა და მერვანისთვის კი ეს პირველი გამოცდილებაა… მე კი ამ საქმეში გაცვეთილი ვარ… რას იტყვით, თქვენი სახელით მოლაპარაკება რომ ვაწარმოო?

აბუ კაისმა თანხმობის ნიშნად ხელი ასწია, მერვანმა თავი დააქნია. ასადი ბამბუკს მიუბრუნდა:

– როგორც ხედავ, ყმაწვილებმა საქმე მე მომანდეს. მოდი, ერთ რამეს გეტყვი: ჩვენ ერთი ქვეყნიდან ვართ! ჩვენც ლუკმა- პურის შოვნა გვინდა და შენც. რა უშავს!.. მაგრამ ეს საქმე პატიოსნად და სამართლიანად უნდა მოხდეს!.. შენ მოგვიყვები ჩვენ ყოველი ნაბიჯის დეტალებს, ზუსტად გვეტყვი, რამდენი გინდა და რასაკვირველია, ჩვენ ფულს ჩასვლის შემდეგ მოგცემთ და არავითარ შემთხვევაში – მანამდე…

აბუ კაისმა თქვა:

– ჩვენი ძმა ასადი მართალს ამბობს!.. საქმეში ყველაფერი ნათელი უნდა იყოს! როგორც ანდაზა ამბობს: ის, რაც პირობით იწყება, კმაყოფილებით მთავრდება!

ბამბუკმა ხელები ჯიბეებიდან ამოიღო და წელზე შემოიწყო. მზერა ყველას სახეზე ნელა და ცივად მიმოატარა და ასადის სახეზე შეაჩერა:

– პირველ რიგში, თითოეული თქვენგანი ათ დინარს იხდის!.. თანახმანი ხართ?

აბუ კაისმა თქვა:

– მე თანახმა ვარ.

ასადმა თქვა:

– გთხოვ… საქმე თუ მე მომანდეთ, მაშ, მაცალეთ, მე ვილაპარაკო… ათი დინარი დიდი ფულია! პროფესიონალი კონტრაბანდისტები იღებენ თხუთმეტს… მერე კიდევ…

ბამბუკმა შეაწყვეტინა:

– ამრიგად, ჯერ არ დაგვიწყია და უკვე სხვადასხვა აზრზე ვდგავართ. სწორედ ამის მეშინოდა… ათი დინარი და არც ერთი კაპიკით ნაკლები!… მშვიდობით ბრძანდებოდეთ!

ზურგი აქცია მათ და ის იყო, ორი ნელი ნაბიჯი გადადგა, რომ აბუ კაისის ძახილი დაეწია:

– რატომ ბრაზობ?! ეს თემა კითხვა-პასუხს თხოულობს, შეთანხმება კი მოთმინების საკითხია!..

– კეთილი!.. მოგცემთ ათ დინარს… მაგრამ როგორ გადაგვიყვან?

– ჰოოო… ახლა უკვე სერიოზულად მივხედოთ საქმეს!.. მომისმინეთ.

ბამბუკი ცემენტის სკამზე ჩამოჯდა. სამივე გარშემო თავზე ედგა. დაიწყო ახსნა გრძელი ხელების ქნევით:

– მანქანა მაქვს, რომელსაც საზღვრების გადაკვეთის ნებართვა აქვს. ოღონდ, ყურადღება მიაქციეთ, ის მანქანა მე არ მეკუთვნის… მე თქვენზე ღარიბი კაცი ვარ!.. ამ მანქანასთან ჩემი კავშირი კი იმაში გამოიხატება, რომ მე მისი მძღოლი ვარ! მანქანის პატრონი მდიდარი, ცნობილი კაცია. სწორედ ამიტომ, მანქანას საზღვარზე დიდხანს არ აჩერებენ, არც ჩხრეკენ. მანქანის პატრონი რაკი ცნობილი და პატივცემული კაცია, მანქანასაც იცნობენ და პატივს სცემენ, შესაბამისად, მანქანის მძღოლსაც…

ბამბუკი დახელოვნებული მძღოლი ყოფილა, პალესტინაში 1948 წლამდე მდგარ ინგლისელთა ჯარში ემსახურა ხუთ წელზე მეტი. როცა ჯარი დაუტოვებია და მოჯაჰედების[8] რაზმებს შეერთებია, მას სატვირთო მანქანების საუკეთესო მძღოლად იცნობდნენ თურმე, სწორედ ამიტომ ატ-ტირას[9] მოჯაჰედებმა ძველი ბრონირებული სამხედრო მანქანის მძღოლად მიიწვიეს, სოფლის მცხოვრებთ ებრაელთა თავდასხმისას რომ ჩაეგდოთ ხელში… და თუმცა ბრონირებული მანქანების მართვაში გამოცდილება არ ჰქონდა, ბამბუკს მათთვის იმედი არ გაუცრუებია! გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებული მაყურებლების თვალწინ ბრონირებულ მანქანაში პატარა კარიდან ჩაძვრა და წამით გაქრა… მოტორი ხმაურით აგუგუნდა და ბრონირებული მანქანა ნელა დაიძრა ვიწრო, ქვიშიან გზაზე… ოღონდაც დიდხანს არ გაუვლია და ბრონირებული მანქანა მალევე გაფუჭდა. ამაო აღმოჩნდა ბამბუკის ყველა მცდელობა მისი კვლავ მწყობრში ჩაყენებისა… ასაკოვან კაცებს თუ იმედი გაუცრუვდათ, მისი იმედგაცრუება კიდევ უფრო დიდი იყო!.. მაგრამ ასე იყო თუ ისე, ბამბუკმა თავის გამოცდილებას ძრავებში სხვა ტიპის გამოცდილება შესძინა და ვის შეუძლია თქვას, რომ სწორედ ეს გამოცდილება არ წაადგა მას, როცა ქუვეითში ჰაჯი[10] რიდას მანქანების მძღოლებში აიყვანეს სამუშაოდ?!

ერთხელ შეძლო თურმე, უზარმაზარი ავტოცისტერნა ექვს საათზე მეტი მლაშობში, ატალახებულ გზაზე ისე ეტარებინა, ნიადაგში არ ჩაფლულიყო და მწყობრიდან არ გამოსულიყო, როგორც ეს ავტოკოლონის ყველა სხვა მანქანას დაემართა… ჰაჯი რიდა მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღით უდაბნოში სანადიროდ იყო გასული… გაზაფხულის მოჩვენებითი და ცვალებადი ამინდი იყო… უკან დაბრუნებისას გზა თეთრი და მყარი ჩანდა. ამან გააბედინა ყველა მანქანის მძღოლს, უშიშრად დასდგომოდა მას და აი, დიდმა და პატარა მანქანებმა ერთიმეორის მიყოლებით იწყეს ტალახში დაფვლა… მხოლოდ ბამბუკი, რომელიც თავისი გიგანტური მანქანით ავტოკოლონას ბოლოში მისდევდა, აგრძელებდა სვლას და ისე ოსტატურად მიჰყავდა მანქანა, რომ ის წამითაც არ გამოსულა მწყობრიდან… როცა ჰაჯი რიდას მტვერში ამოგანგლულ და უკანა ბორბლებით სამ მეოთხედზე ტალახში ჩაფლულ მანქანას გაუსწორდა, მანქანა გააჩერა, ჩამოვიდა, ჰაჯი რიდას მიუახლოვდა და უთხრა:

– ხომ არ ინებებს ყამ ჰაჯი რიდა ჩემს მანქანაში ამოსვლას? ამ მანქანების ტალახიდან ამოთრევას ოთხ საათზე მეტი დასჭირდება და ამ დროში ყამ ჰაჯი რიდა უკვე სახლში მეყოლება მიყვანილი.

ჰაჯი რიდამ თქვა:

– კმარა! ოთხი საათი აქ დგომას ისევ შენი მანქანის მოტორის გრუხუნი მირჩევნია!

და ბამბუკს ექვსი საათის განმავლობაში მანქანა მიჰყავდა ამ მლაშობ, გარეგნულად შეცდომაში შემყვან მიწაზე, რომელიც თეთრი და მყარი გეჩვენება ზედაპირზე მიმხმარი მარილის თხელი ფენის გამო! მთელი გზა თავისი მანქანის საჭეს მსუბუქი, სწრაფი მოძრაობით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ შეუჩერებლივ ატრიალებდა, რომ მანქანის წინა ბორბლებს გზა ოდნავ მაინც გაეფართოებინა…

ჰაჯი რიდა ძალიან გახარებული იყო ბამბუკის ოსტატობით და ყველა თავის მეგობარს ამას უყვებოდა თვეების მანძილზე… კიდევ უფრო გაიხარა ჰაჯი რიდამ, როცა მის ყურს მისწვდა ამბავი, რომ ბამბუკმა მრავალრიცხოვან შეთავაზებებზე უარი თქვა და მის გარდა სხვასთან მუშაობა არ ინდომა. როცა გამოიძია ეს ამბავი, ბამბუკი თავისთან იხმო, შეაქო და ცოტა ხელფასიც მოუმატა… და რაც უფრო მთავარია, ჰაჯი რიდამ წესად გაიხადა – ბამბუკი მისი აუცილებელი თანამგზავრი უნდა ყოფილიყო ყოველ სანადირო მოგზაურობასა თუ შორეულ მგზავრობაში…

ერთი კვირის წინ ჰაჯი რიდა მასთან ჩამოსული სტუმრებისთვის სპეციალურად მოწყობილ სანადირო მოგზაურობაში მანქანების ქარავნით წავიდა და ბამბუკს წყლის დიდი ავტოცისტერნის მართვა დაავალა, რომელიც მთელი მოგზაურობის მანძილზე იმ ქარავანს თან გაჰყვებოდა და ნადირობის მონაწილეებს საკმარისი წყლით უზრუნველყოფდა. მოგზაურობა კი ალბათ ორ დღეზე მეტ ხანს უნდა გაგრძელებულიყო… ქარავანი უდაბნოში იმდენად შორს გაიჭრა, რომ ჰაჯი რიდამ უკან დაბრუნება სხვა გზებით ამჯობინა, რომლებიც მას ეზ-ზუბეირში[11] ჩაიყვანდა, იქიდან კი შეეძლო, ცენტრალურ გზას დასდგომოდა ელ-ქუვეითისკენ… მის დიდ მანქანას სულ მცირე გაუმართაობა რომ არ აღმოსჩენოდა, რამაც ბასრაში დარჩენა აიძულა, შესაძლოა, ბამბუკიც დანარჩენ ქარავანთან ერთად ახლა უკვე ელ-ქუვეითში ყოფილიყო… გაუმართაობას მომდევნო ორ დღეში შეუკეთებენ და ისიც წინ წასულებს დაეწევა.

– ამრიგად, შენ გინდა, შენი ავტოცისტერნის ბაკში ჩაგვსვა შენს უკან დასაბრუნებელ გზაზე?

– სწორედ ასეა! ჩემს თავს ვუთხარი, რატომ არ ვისარგებლო ამ შანსით და ორიოდე სუფთა კაპიკი ვიშოვო მაშინ, როცა მაინც აქ ვარ და ჩემს მანქანას მაინც არ ჩხრეკენ?!

მერვანმა ჯერ აბუ კაისს გადახედა, მერე ასადს. იმათ თავის მხრივ კითხვის გამომხატველი მზერა შეაგებეს.

– მომისმინე, ბამბუკო!.. ეს თამაში არ მომწონს!.. შეგიძლია ამის წარმოდგენა? ამ სიცხეში წყლის დახურულ ბაკში ჯდომას ვინ გაუძლებს?

– პრობლემიდან ტრაგედიას ნუ ქმნი! ეს პირველი შემთხვევა კი არაა!.. იცი, რა მოხდება? საფვანის[12] სასაზღვრო პუნქტამდე 50 მეტრით ადრე ჩახვალთ ბაკში, საზღვარზე ხუთ წუთზე ცოტა ხანს გავჩერდები და საზღვრიდან 50 მეტრში ისევ მაღლა ამოხვალთ. ქუვეითის საზღვარზე, ელ-მიტლაში[13] ამ სცენას კიდევ ხუთი წუთით გავიმეორებთ და მივედით! ნახავთ, რომ ქუვეითში აღმოჩნდებით!

ასადმა თავი გადააქნია და წამით მიწას დააშტერდა, თან ქვედა ტუჩი გადმობრეცოდა. მერვანი გამხმარი ღეროების მტვრევით გართულიყო, აბუ კაისი კი კვლავ თვალმოუცილებლად მისჩერებოდა მაღალტანიან მძღოლს… მოულოდნელად მერვანმა იკითხა:

– ბაკში წყალი არის?

ბამბუკს სიცილი აუტყდა, ასადს გაეღიმა.

– არა, რასაკვირველია!.. რა გგონია, მე კონტრაბანდისტი ვარ თუ ცურვის მასწავლებელი?

ამ აზრმა ბამბუკი გაართო და ხმამაღალი სიცილი გააგრძელა, თან ბარძაყებზე ხელებს იტყაპუნებდა და ბზრიალებდა:

– რას ფიქრობ, ცურვის მასწავლებელი გგონივარ?.. პატარავ, ამ ბაკს ექვსი თვეა, წყალი არ მიჰკარებია!

ასადმა წყნარად თქვა:

– მეგონა, ერთი კვირის წინ სანადირო მოგზაურობაში წყალს ეზიდებოდი!

– უჰ!.. შენ იცი, ხვდები, რასაც ვგულისხმობ…

– არა, არ ვიცი.

– ექვს დღეს ვგულისხმობ… კაცს ხანდახან საუბარში გადაჭარბება სჩვევია… ახლა კი, ჰა, შევთანხმდით?!.. მოდი, მოვამთავროთ ჩვენი ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა!

აბუ კაისი წამოდგა, თითქოს საკუთარ თავს საბოლოო სიტყვის სათქმელად ამზადებსო. სანამ რამეს იტყოდა, ყველას მიმოავლო მზერა. წამით შეყოვნდა, თან თითქოს საშველადო, ასადს მისჩერებოდა, შემდეგ ბამბუკს მიუახლოვდა.

– ბამბუკო, მომისმინე!.. მე ერთი უბრალო კაცი ვარ. ამ ჩახლართულ ამბებში ვერ ვერკვევი… მაგრამ ეს სანადირო მოგზაურობის ისტორია არ მომწონს… ჯერ გვეუბნები, რომ ჰაჯი რიდას წყალს უზიდავდი, ახლა გვეუბნები, რომ შენი მანქანის ბაკს ექვსი თვეა, წვეთი წყალი არ უნახავს… სიმართლე გითხრა, – და გთხოვ, ნუ გამიბრაზდები! – ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ მანქანა გყავს…

აბუ კაისი დანარჩენებს მიუბრუნდა და მოწყენილი ხმით დაასრულა:

– მე მირჩევნია, თხუთმეტი დინარი გადავიხადო და კონტრაბანდისტს გავყვე უდაბნოს გზაზე… მეტი პრობლემა აღარ მინდა!

ბამბუკმა გაიცინა და ხმამაღლა უთხრა:

– წადი ერთი და სცადე!.. გგონია, ამ კონტრაბანდისტებს მე არ ვიცნობ? შუა გზაზე დაგაგდებენ და მარილის ნატეხივით აორთქლდებიან!.. თქვენც ისე დაგადნობთ აგვისტოს ხვატი, კაციშვილი ვერ გაიგებს… წადი! წადი და გამოსცადე!.. შენამდეც ბევრს უცდია!.. გინდა, გაჩვენო?.. რა გგონია, ისინი თქვენგან ფულს წინასწარ რატომ იღებენ?

– მაგრამ მე ბევრი ვიცი, კონტრაბანდისტების მეშეობით იქამდე რომ ჩასულა!..

– მაქსიმუმ, ათი პროცენტი… მერე კიდევ, წადი, ჰკითხე მათ და გეტყვიან, რომ გზა გამყოლისა და კონტრაბანდისტის გარეშე დაასრულეს, რომ ბედმა გაუღიმათ და იღბალი დაეხმარათ გადარჩენაში.

აბუ კაისი ადგილზე გაიყინა. წამით მოგეჩვენებოდათ, თითქოს საცაა უნდა დაეცესო. მერვანმა შენიშნა, აბუ კაისი რაღაც შორეული მსგავსებით მამამისს წააგავდა და მისგან პირი იბრუნა. აღარ შეეძლო თავში ერთ თემაზე კონცენტრირება… ამ დროს კი ბამბუკი ყვირილს განაგრძობდა:

– სწრაფად უნდა გადაწყვიტოთ!.. მეტი დასაკარგი დრო აღარ მაქვს, ჩემს პატიოსნებას და ღირსებას გეფიცებით…

ასადმა წყნარად გააწყვეტინა:

– პატიოსნებისა და ღირსების თემა გვერდზე გადავდოთ… საქმეები ბევრად უკეთ მიდის, როცა კაცი ღირსებას არ იფიცებს!..

ბამბუკი მას მიუბრუნდა და უთხრა:

– ახლა, ბატონო ასად, შენ ჭკვიანი და გამოცდილი კაცი ჩანხარ… და რას ფიქრობ?

– რაზე?

– ამ ყველაფერზე.

ასადმა გაიღიმა და შეამჩნია, აბუ კაისი და მერვანი შეჰყურებდნენ და მისი გადაწყვეტილების გაგონებას ელოდნენ. აუჩქარებლად და ირონიულად გააგრძელა საუბარი:

– პირველ რიგში, კმარა სანადირო მოგზაურობის ისტორიის ჩვენთვის დაჯერება! მე ასე მგონია, ჰაჯი რიდაც და თქვენი აღმატებულებაც – ორივე კონტრაბანდით ხართ დაკავებულნი… ცოტა მაცალე, თუ შეიძლება, დავასრულებ… ჰაჯი რიდა ადამიანებით კონტრაბანდას უკან დასაბრუნებელ გზაზე წვრილმან საქმედ მიიჩნევს და ზედ არ აფურთხებს, ამიტომ შენ გიტოვებს, შენ კი სანაცვლოდ მას უფრო მნიშვნელოვან კონტრაბანდისტულ საქმეებს აკეთებინებ!.. მოგების გონივრული წილის ფასად… თუ, საკითხავია, არ იცის, რომ შენ უკანა გზაზე ხალხი მიგყავს?!

ბამბუკმა ფართოდ გაიღიმა და ხელახლა გამოუჩნდა თეთრი, სუფთა კბილები… ისე ჩანდა, რომ არ სურდა, ასადისთვის ეპასუხა… უცებ მერვანმა იკითხა:

– და ნადირობის ისტორია?

– აჰ! ნადირობის ისტორია მესაზღვრეებისთვისაა დადგმული და არა – ჩვენთვის… თუმცა ბამბუკს დიდ უბედურებად არ ჩაუთვლია, ის ჩვენთვისაც მოეყოლა…

ბამბუკს კიდევ უფრო ფართო ღიმილით გაეღიმა, ვიდრე უწინ… თან კაცებს ისეთი უსიტყვო მზერით მისჩერებოდა, წამით შეიძლება სულელი გგონებოდათ.

აბუ კაისმა თქვა:

– კი მაგრამ, ჰაჯი რიდა რის კონტრაბანდას ეწევა? შენ გვითხარი, რომ ის მდიდარი კაცია!..

ყველა ბამბუკს მიაჩერდა, რომელმაც უეცრად ღიმილი შეწყვიტა და მისმა სახემ კვლავ დაუდევრობისა და თვითნებობის ელფერი შეიძინა. შემდეგ გადაჭრით განაცხადა:

– ახლა მორჩით ლაყბობას!.. უნდა გესმოდეს, ბატონო ასად, რომ არც ასეთი ჭკვიანი ხარ!.. აბა, რა გადაწყვიტეთ?

ასადმა წყნარად თქვა:

– მე პირადად, მხოლოდ ქუვეითში ჩასვლა მაინტერესებს!.. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ჩემი საქმე არაა… ამიტომ მე ბამბუკთან ერთად გავემგზავრები.

მერვანმა გაბედულად წამოიძახა:

– მეც თქვენთან ერთად მოვდივარ!

აბუ კაისმა თქვა:

– დარწმუნებულები ხართ, რომ თქვენთან ერთად წამოსვლას შევძლებ?.. კაცი ასაკში ვარ…

ბამბუკმა ძლიერად გადაიხარხარა. შემდეგ აბუ კაისს მკლავი მკლავში გაუყარა.

– ო, აბუ კაის!.. ვინ ჩაგაგონა, რომ ასეთი ბებერი ხარ? ალბათ უმ კაისმა, შენმა ცოლმა! გაფიცებ, ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე!..

ბამბუკმა და აბუ კაისმა ორიოდე ნაბიჯი გაიარეს ერთად და მერვანი და ასადი დატოვეს ცემენტის დიდი სკამის გვერდით მდგარნი. ბამბუკმა მათ მხარს ზემოდან გადმოხედა და მოაძახა:

– აბუ კაისი ჩემთან გაათევს ღამეს, მანქანაში… თქვენ კი ხვალ დილაუთენია მოგისიგნალებთ სასტუმროს წინ.

გზა

უზარმაზარ ავტოცისტერნაზე ზემოდან ჯდომა და ისე მგზავრობა არც ისე შემაწუხებელი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მზე თავისი ჯოჯოხეთური ცეცხლით დაუნდობლად უწვავდა მათ თავებს, მანქანის სწრაფი ქროლვით გამოწვეული ნიავი ამ მხურვალებას უგრილებდა… აბუ კაისი და მერვანი ზემოთ, ცისტერნის განაპირას ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ, ასადს კი მძღოლის გვერდით ჯდომის პატივი ხვდა წილად მგზავრობის პირველ მონაკვეთში.

ასადი გულში საკუთარ თავს ესაუბრებოდა:

– მოხუცს კაბინის ჩრდილში სულ ბოლოს მოუწევს ჯერი… არა უშავს, ახლა მზე, ასე თუ ისე, ასატანია… შუადღისას კი ბერიკაცი აქ უკეთ იგრძნობს თავს…

უცებ ბამბუკმა მოტორის ხმაურის გადასაფარად ხმამაღლა თქვა:

– წარმოგიდგენია?! მე ამ 150 კილომეტრიან გზას ჩემთვის, გულში ალაჰის მიერ თავისი ხალხისთვის აღთქმულ იმ გზას ვადარებ, რომელსაც ისინი მათი სამოთხესა და ჯოჯოხეთის ცეცხლს შორის განაწილებამდე გადიან. ვინც ამ გზიდან გადავარდება, ის ჯოჯოხეთის ცეცხლში წავა, ვინც გადალახავს მას, ის სამოთხეს მიაღწევს… ანგელოზები კი აქ მესაზღვრეები არიან!..

ბამბუკი სიცილით ისე გადაფიჩინდა, თითქოს საკუთარ ნათქვამზე არ იცინოდა. შემდეგ დაიწყო ორივე ხელის საჭეზე ცემა და თავის ქნევა…

– იცი?! მეშინია, იქ საქონელი არ გაგვიფუჭდეს!.. – და კისერი იქით გადაიქნია, სადაც აბუ კაისი და მერვანი ისხდნენ ბაკზე და ისევ გააგრძელა ხარხარი.

ასადმა წყნარად ჰკითხა:

– ბამბუკო… შენ ის მითხარი, დაქორწინებული არასდროს ყოფილხარ?

– მე?!

მის გამხდარ სახეზე ისეთი ტრაგიზმი აღიბეჭდა, თითქოს წუთის წინ ის არ იცინოდაო… შემდეგ ნელა თქვა:

– რატომ მეკითხები?

– ისე, არაფერი… ჩემს თავს ვეუბნები, რომ შენი ცხოვრება მშვენიერია. არც აქედან გეწევა ვინმე და არც იქიდან. დაფრენ მარტოკა, სადაც მოისურვებ… ფრენ და ფრენ…

ბამბუკმა თავი გადააქნია და მერე თვალები მოჭუტა, რომ მანქანის წინა მინაზე უცებ მომდგარი მზის შუქისთვის გაეძლო… შუქი იყო იმდენად მკვეთრი და თვალისმომჭრელი, რომ თავდაპირველად არაფრის დანახვა არ შეეძლო… და ამის მიუხედავად, ამაზრზენი ტკივილი იგრძნო, ლაჯებს შორის რომ უტრიალებდა ზამბარასავით… შემდეგ დიდი წვალებით შეძლო, გაერჩია, ორივე ფეხი, გაბინტული, სადგარზე შეყენებული, მაღლა ჰქონდა შეკიდებული. გარშემო რამდენიმე კაცი შემოხვეოდა… ბამბუკმა წამით თვალები დახუჭა და შემდეგ ისევ გაახილა მთელი ძალით. მრგვალი განათება ზედ მის თავზე ჭერს ფარავდა და მზერას უბრმავებდა. ამ უცნაურ პოზაში მაგრად გაკავებულმა მხოლოდ იმის გახსენება შეძლო, რაც სულ ცოტა ხნის წინ დაემართა, მეტი ვერაფრის… რამდენიმე შეიარაღებულ მებრძოლთან ერთად გარბოდა, როცა წინ ჯოჯოხეთი აუფეთქდა და პირქვე დაემხო… სულ ეს იყო. ახლა… ახლა კი კვლავ ეს ამაზრზენი ტკივილი უვლის ლაჯებს შორის და ეს უზარმაზარი, მრგვალი პროჟექტორი ზედ თვალებს ზემოთ ჰკიდია… ის ცდილობს, გაარჩიოს საგნები, ადამიანები, თვალებს ჭუტავს, როგორც შეუძლია… უეცრად თავში შავბნელმა აზრმა გაურბინა და სიგიჟის ღრიალი აღმოხდა… არ ახსოვს, რას ამბობდა იმ დროს, მაგრამ იგრძნო, როგორ დააფარა ვიღაცამ პირზე რეზინის ხელთათმანიანი ხელი ძლიერად… თითქოს ბინტს იქიდან მისწვდა ხმა:

– ჭკუას მოუხმე!.. გონიერება იქონიე!.. როგორც არ უნდა იყოს, შენი მდგომარეობა სიკვდილზე უკეთესია!

არ იცის, ესმოდათ თუ არა მისი, პირზე დაფარებულ რეზინის ხელთათმანს მიღმა, კბილებს შორის რომ სცრიდა, თუ მისი ხმა ყელშივე იკარგებოდა, მაგრამ ასეა თუ ისე, თავად ჯერ კიდევ ესმოდა საკუთარი ხმა. თითქოს ვიღაც სხვა ადამიანი ჩაჰყვიროდა ყურებში:

– არა!.. სიკვდილი უკეთესია!..

ახლა ამ საშინელი სცენიდან ათი წელია გასული. ათმა წელმა განვლო იმ დღიდან, როცა მას მამაკაცობა წაართვეს. ეს დამცირება მთელი ამ დროის მანძილზე მან დღითი დღე, საათ-საათ გამოიარა. მალავდა მას თავისი ქედმაღლობით და სიამაყით, ამ ათი წლის მანძილზე ყოველ წუთას ხელახლა განიცდიდა, ამის მიუხედავად, ჯერაც ვერ მისჩვეოდა, ვერ დაეშვა ეს!.. ათი გრძელი წელიწადი ცდილობდა, შეგჰუებოდა ამ მდგომარეობას, მაგრამ რა მდგომარეობას?! განა ადვილი იყო, უბრალოდ ეღიარებინა, რომ სამშობლოსთვის მამაკაცობა დაკარგა?! და რა სარგებელი მიიღო?! დაკარგა კაცობაცა და სამშობლოც. ჭირსაც წაუღია ყველაფერი ამ დაწყევლილ სამყაროში!..

არა, ის ათი წლის შემდეგაც კი არ შეგუებია თავის ტრაგედიას, არ დაუვიწყებია იგი და ვერ მისჩვევია. მეტიც, საოპერაციო მაგიდაზევე არ ჰგუობდა მას, სკალპელის ქვეშ, როცა ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, რომ მამაკაცობის დაკარგვა სიცოცხლის დაკარგვაზე უფრო მსუბუქია.

ეშმაკმა დალახვროს!… ისინი აზრზე არ არიან, ეს რა არის!… თვითონ არაფერი იციან და ბედავენ, ხალხს ასწავლონ რამე… რა, განა თვითონ კი არ შეეგუებოდა, ამასთან შეგუება რომ შესაძლებელი ყოფილიყო?! პირველივე წუთიდან გადაწყვიტა, რომ არ მისჩვეოდა ამას და მართალიც იყო! მას იმდენად არ შეეძლო ამ მდგომარეობის მთელი სიგრძე-სიგანით წარმოდგენა, რომ გაუცნობიერებლად საავადმყოფოდანაც კი გაიქცა ისე, რომ მკურნალობა ჯერ არ ჰქონდა დასრულებული… თითქოს მის გაქცევას რამის შეცვლა და გამოსწორება შეეძლო… დიდი დრო დასჭირდა, რომ ასეთ ცხოვრებას მისჩვეოდა, თუმცა საკითხავია, მიეჩვია კი?!.. ჯერაც ვერა… ყოველთვის, როცა კი ერთი უბრალოდ შეეკითხებოდნენ, დაქორწინებული რატომ არ ხარო? ლაჯებს შორის მბურღავი ტკივილის ის საშინელი შეგრძნება უბრუნდებოდა, თითქოს ისევ მრგვალი პროჟექტორის თვალისმომჭრელი შუქის ქვეშ ეგდო და ორივე ფეხი მაღლა ჰქონდა აწეული.

სინათლე იყო ისეთი მწველი და თვალისმომჭრელი, რომ ლამის თვალები აუცრემლდა. ამ დროს ასადმა ხელი გაიწვდინა და მზის გრძელი საჩრდილობელი ჩამოსწია, რომ ბამბუკს სახეზე ჩრდილი მისდგომოდა.

– კი, ასე უკეთესია… მადლობა… იცი, აბუ კაისი იღბლიანი კაცი ყოფილა!

ასადმა იგრძნო, ბამბუკს საუბრის თემის შეცვლა სურდა, ქორწინებაზე მისმა შეკითხვამ ააღელვა და ამიტომ მარტივად გამოეპასუხა:

– რატომ?

– კონტრაბანდისტებთან ერთად რომ წასულიყო, არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ სასწაული თუ მიაღწევინებდა ქუვეითამდე.

ბამბუკმა ხელები საჭეს შემოხვია და ზედ მკერდით დაეყრდნო…

– შენ არ იცი, აქ რა ამბები ხდება!.. თქვენ ყველამ არ იცით… ეგ მე მკითხეთ! მკითხე ერთი!.. იმდენი ისტორია ვიცი, თავზე თმის ბეწვი არ გაქვს იმდენი…

– ის მსუქანი კარგი კაცი ჩანდა!.. მე მის მიმართ კარგად განვეწყე…

ბამბუკმა თავი დახარა, შუბლზე მომსკდარი ოფლი რულზე ჩამოყრდნობილი მაჯით მოიწმინდა და თქვა:

– ეგ მსუქანი კაცი შენთან ერთად საზღვარს არ გადადის, მაგან არ იცის, იქ რა ხდება…

– რა ხდება?

– ბიძაშვილი მყავს, ჰასანეინი ჰქვია. ერთხელ კონტრაბანდულად გადადიოდა საზღვარს. ათსაათიანი სიარულის შემდეგ, როცა შეღამდა, გამყოლმა კონტრაბანდისტმა შორს, შუქებისკენ ხელი გაიშვირა და უთხრა: აი, ისაა ქუვეითი… ნახევარი საათის სავალზეაო და იცი, რა მოხდა? ის ქუვეითი არ აღმოჩნდა, განაპირა ერაყული სოფელი იყო. მსგავსი ათასობით ისტორიის მოყოლა შემიძლია მოქასქასე ძაღლებად ქცეული კაცებისა, წვეთ წყალს რომ ეძებდნენ სიცხისაგან დახეთქილი ენების დასასველებლად… და როგორ გგონია, რა მოხდა, ბედუინთა კარავი რომ შენიშნეს?.. თითო ყლუპი წყლის ყიდვა მოუწიათ მთელ იმ ფულად, რაც ებადათ, ქორწინების ბეჭდებად, საათებად… ამბობენ, ჰათიმ ატ-ტაი[14] ბედუინი იყოო, არ მჯერა, ეს სრული სიცრუეა!.. ის დრო წავიდა, ჩემო კარგო, წავიდა… მაგრამ თქვენ ეს არ გესმით, გგონიათ, იმ მსუქან კაცს ყველაფრის გაკეთება შეუძლია… ვიცი კაცი, რომელმაც მარტოდმარტომ უდაბნოში ოთხი დღე გაატარა, სანამ გამვლელმა მანქანამ არ აიყვანა ლამის სულს რომ ღაფავდა… და იცი, იმ კაცმა რა ქნა?.. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამეღა უნდოდა – გამოჯანმრთელებისთანავე ბასრაში დაბრუნება, თუ სხვა საშუალება არ იქნებოდა, ისევ უდაბნოს გზით… გინდა იცოდე, რატომ?! თქვა, რომ იქ დაბრუნება უნდოდა, რათა იმ მსუქანი კაცისთვის ყელში ხელები წაეჭირა და მოეხრჩო… მერე კი რაც გინდა, მომხდარიყო!.. არადა, მან ეს მოგზაურობა თავის ორ ყმაწვილობის მეგობართან ერთად დაიწყო ღაზის სექტორიდან, გადაკვეთეს ისრაელი, იორდანია, გადაიარეს ერაყი… მერე კონტრაბანდისტმა ისინი უდაბნოში მიატოვა, ქუვეითის საზღვარი რომ უნდა გადაეკვეთათ… ორივე მეგობარი უცნობ მიწაში დამარხა, მათი პირადობის მოწმობები თან წაიღო იმ იმედით, რომ ქუვეითში ჩააღწევდა და იქიდან მათ სანათესაოს გაუგზავნიდა ამ მოწმობებს… არავის რჩევა-დარიგების მოსმენა არ სურდა. ამბობდა, რომ არც დაივიწყებდა არაფერს და არც მიუტევებდა… თვეზე ნაკლებ დროში დაბრუნდა უკან, ერაყში, მაგრამ დააპატიმრეს… და ახლა თავისი პატიმრობის მეორე წელს ატარებს ერთ საძაგელ ციხეში… აბა, რა გგონია?!.. ჩამოდიხართ აქ სკოლის ბავშვებივით და თვლით, რომ ცხოვრება მარტივია. რა გგონია, განა აბუ კაისი არ რისკავს თავისი სიცოცხლით და ბედს არ ეთამაშება?.. შეიძლება წააგოს! ეს ხომ ისეთი ნათელია, როგორც ეს წყეული მზე!.. აი, ხვალ ჩახვალ ქუვეითში და კეთილად მომიგონებ, იტყვი, მართალს მეუბნებოდაო ბამბუკი… შემდეგ უფალს შესწირავ ათას მადლობას, რომ მე იმ მსუქანი კაცის კლანჭებიდან გიხსენი… გინახავს შენს სიცოცხლეში ადამიანის ძვლების ჩონჩხი, ქვიშაში რომ გდია?

– რა თქვი?

– გეკითხები, გინახავს-მეთქი შენს სიცოცხლეში ადამიანის ძვლების ჩონჩხი, ქვიშაში რომ გდია?

– არა…

ბამბუკმა საჭე ძლიერად დაატრიალა, მანქანა ქვიშაში განიერი ორმოსათვის რომ აერიდებინა. მანქანამ დაიწყო ბორძიკ-ბორძიკი და ჯანჯღარი გზაზე, რომელიც წაწვენილ კიბეს ჰგავდა. ასადს ისეთი გრძნობა ჰქონდა, მალე გულ-მუცელი ამოუტრიალდებოდა და ნაწლავები გადმოსცვივდებოდა აკაწკაწებული კბილებიდან.

– ბევრ რამეს ნახავდი, კონტრაბანდისტებთან ერთად რომ წასულიყავი!.. ასეა თუ ისე, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს…

– რატომ?

– იმიტომ, რომ ამაზე საფიქრალი აღარ გექნება… ან როგორც ჰასანეინი იტყოდა, არ გსურს ამაზე ფიქრი…

ასადმა სულელურად გაიღიმა მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცოდა, რა გაეკეთებინა, შემდეგ ბამბუკს გვერდში ხელი წაჰკრა და ჰკითხა:

– მაშ შენ თვითონ რატომღა მოჰკიდე ხელი ადამიანების კონტრაბანდას?

– მე?.. მე კონტრაბანდაზე არ ვმუშაობ!…

ასადმა გაიცინა და ბამბუკს ხელი დაჰკრა ბარძაყზე:

– კარგი, მაშ ამას რას ეძახი?

– გინდა სიმართლე გითხრა? მეტი ფული მინდა მქონდეს… მეტი, მეტი ფული… მივხვდი, რომ სამხედრო სწავლებით ქონებას ვერ დააგროვებ… ხომ ხედავ, ერთი საცოდავი არსება ვარ!.. პატარა ფული მიშოვია, ორ წელიწადში ყველაფერს თავს დავანებებ და დავმკვიდრდები… მინდა, დავისვენო, მოვეშვა, ჩრდილში წამოვწვე და ვიფიქრო… ან სულაც არაფერზე ვიფიქრო… აღარ მინდა ხეტიალი… ჩემი ცხოვრებისგან საკმარისზე მეტად დავიღალე… ღმერთმანი, საკმარისზე მეტად!

ბამბუკმა ძრავა სწრაფად გამორთო, მანქანის კარი გამოაღო, ძირს ჩამოხტა… და იყვირა:

– დრო მოვიდა!.. აბა, ჰე! ცისტერნის ლიუკს გაგიხსნით. ჰა… ჰა… ჰა… იქ, შიგნით, ისეთი ჰაერია, როგორც საიქიოში!..

მერე რკინის პატარა კიბეზე მსუბუქად აძვრა და ცისტერნის მრგვალ სარქველს დაუწყო ჯაჯგური. მერვანმა აუჩქარებლად გაიფიქრა: ხელები ძლიერი ჰქონია! ყველას კი ოფლი სდიოდა, მაგრამ ბამბუკის პერანგი მაინც სულმთლად სველი იყო, სახე კი ისეთი ჰქონდა, თითქოს ტალახით შეუღებავთო.

ლიუკი ხმაურით გაიღო. ბამბუკმა რკინის მრგვალი ხუფი ზემოთ ამოსწია და ახდილი დაამაგრა. გამოჩნდა მთლად ჟანგმოდებული და გამოწითლებული მისი შიგა მხარე. ბამბუკი ფეხებჩამოკიდებული, გაჩაჩხული შემოჯდა ლიუკის გვერდით და ოფლის წმენდა დაიწყო თავისი ლურჯი პერანგის საყელოს ქვეშ, კისერში ჩაფენილი წითელი ცხვირსახოცით, მძიმედ სუნთქავდა:

– ჩემი რჩევაა, პერანგები დაიხადოთ… სულისშემხუთველი, საშინელი სიცხეა აქ… თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ტაფაზე მსხდარხართ… მაგრამ ეს სულ ხუთი-შვიდი წუთი… მაქსიმალური სიჩქარით წავიყვან… შიგნით რკინის კავებია… ყოველ კუთხეში თითო ბარიერი… მირჩევნია, თუ მათ კარგად მოეჭიდებით, ბურთებივით რომ არ გაგორავოთ… რასაკვირველია, ფეხსაცმელებს გაიხდით…

ყველა გაუნძრევლად იდგა ძირს. ბამბუკი წამოდგა, ქვემოთ ჩამოხტა და მათ გაცინებას შეეცადა:

– ისე, ჰაერი რომ ცოტა უკეთესი ყოფილიყო, კაცს დაძინებაც კი შეეძლო შიგნით…

აბუ კაისმა მერვანს გახედა, შემდეგ ორივემ – ასადს, რომელმაც ამ გამოხედვის გავლენით ორიოდე მოკლე ნაბიჯი გადადგა წინ, შემდეგ ისევ უკან დაიხია და გაჩერდა. ბამბუკი მას აკვირდებოდა.

– გირჩევთ, ცოტა იჩქაროთ… ახლა ჯერ ისევ დილაა, ცოტა ხანში კი ბაკი შიგნიდან ნამდვილ ღუმელს დაემსგავსება… შეგიძლიათ, გამანადგურებელიც კი იქონიოთ თან, ოღონდ ნუ გამოიყენებთ, როცა იგრძნობთ, რომ მანქანა გაჩერდა…

მერვანმა აზრები მოიშორა და სწრაფად მიუახლოვდა რკინის კიბეს, მაგრამ ასადმა გადაასწრო და მარდად აძვრა, ღია ლიუკის თავზე გადაიხარა და თავი სულ ერთი წამით ბაკში ჩაყო, შემდეგ ისევ გასწორდა:

– ეს ხომ ჯოჯოხეთია! ცეცხლივით ვარვარებს… ბამბუკმა თავისი დიდი ხელები გაშალა:

– მე ხომ წინასწარ გითხარით ეს!..

ახლა მერვანი მივიდა და თავი ჩარგო ლიუკის ღია ხვრელში, შემდეგ ისევ გასწორდა, სახეზე ზიზღი და შეძრწუნება ეხატა. აბუ კაისი ორივეს ხვნეშით ამოუდგა გვერდით.

ბამბუკმა ქვემოდან ამოსძახა მათ:

– იცით, რა უნდა ქნათ, თუ რომელიმეს ცემინება აუტყდება?

ასადს უღიმღამოდ გაეღიმა, მერვანმა ქვემოთ გადაიხედა, აბუ კაისმა კი, ჩანდა, შეკითხვა ვერც კი გაიგო…

– რა და, თითი მიიჭიროს ზუსტად ნესტოს ქვეშ. აი, ასე! ბამბუკმა მოძრაობა აჩვენა მათ. სახე სასაცილო გაუხდა.

ასადმა წინ გადადგა ნაბიჯი და თქვა: არა მგონია, რომელიმე ჩვენგანს ამ თონეში ცემინება აუვარდეს… ამაზე არ იდარდო.

ასადმა ხელები წელზე შემოიწყო და ლიუკის ხვრელის გვერდზე გაჩედა, თავი ისე გადახარა, თითქოს სურდა, დაენახა, შიგ რა იყო… ამ დროს აბუ კაისმა პერანგი გაიხადა, მზრუნველად დაკეცა და იღლიაში ამოიდო, მკერდზე მოდებული შეჭაღარავებული თმა და წინ წამოწეული ლავიწის ძვლები გამოუჩნდა… ლიუკის ხვრელის კიდეზე ჩამოჯდა და ფეხები შიგნით ჩაჰკიდა. ჯერ თავისი პერანგი ჩააგდო შიგნით და მერე გასწორებულმა, ლიუკის კიდეებზე აქეთ-იქით გადაშვერილ მკლავებზე დაყრდნობით, ნელ-ნელა იწყო ქვემოთ ჩაცოცება. ფეხი ცისტერნის ფსკერს როგორც კი შეახო, ხელები გაუშვა და ფრთხილად ჩაეშვა ძირს, ჯერ მისი თავი გაქრა, მერე მკლავები…

ასადი წელში მოიხარა და ჩასძახა:

– აბა, როგორაა საქმეები მანდ?

ხმამ ქვემოდან ისე დაიგუგუნა, თითქოს დიდი სიღრმიდან ამოდისო:

– დაწყევლილი ჭაა!.. ჩამოდი!

ასადმა მერვანს გახედა, რომელსაც პერანგი გაეძრო და მოლოდინში გაჩერებულიყო მაშინ, როცა ბამბუკი რკინის კიბეს ხელახლა შემოსდგომოდა და ზემოთ ამოდიოდა:

– აბა, ვისი ჯერია?

– ჩემი.

მერვანი ლიუკის ხვრელისკენ გაემართა და ზურგით შებრუნდა. ჯერ ფეხები ჩაუშვა სწრაფად, ტანით ლიუკის ხვრელის ზემოთ იყო, მერე კი ოსტატურად ჩააცურა სხეული და ერთი წამით ლიუკის ხვრელის კიდეებზე მოჭიდებული მისი ხელის მტევნებიღა ჩანდა, შემდეგ ისიც გაქრა. ასადი ისე მიჰყვა მას, რომ პერანგი არ გაუხდია. როცა ისიც ლიუკში მიიმალა, ბამბუკი გადაიხარა და შეეცადა დაენახა, შიგნით რა ხდებოდა, თუმცა ვერაფერი გაარჩია. რამდენიც კი ლიუკის ხვრელში გადაიხედავდა, მისი სხეული ხვრელიდან ამომავალ სინათლის სხივს ეფარებოდა და რამის დანახვა შეუძლებელი იყო. ბოლოს ჩასძახა:

– ჰა, აბა?..

ქვემოდან ხმამ ამოაღწია:

– რაღას ელოდები? იჩქარე, თორემ ლამის გავიგუდოთ… ბამბუკმა სარქველი სწრაფად დახურა, მისი დაღარული სახელური ორჯერ გადაატრიალა და სირბილით დაეშვა ქვემოთ.

მანქანა მანამდე მოწყვიტა ადგილს და გააქანა, სანამ კაბინის კარს მიიხურავდა.

იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში ბამბუკს მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში, სხვა არაფერი. ორმოებიანი, უსწორმასწორო გზა, წაწვენილ კიბეს რომ წააგავდა, მანქანას დაუნდობლად და შეუწყვეტლივ არყევდა და აჯანჯღარებდა… შეიძლება ითქვას, ერბოკვერცხის მოსამზადებლად ასეთი ნჯღრევით კვერცხი ელექტროსათქვეფზე სწრაფად აითქვიფებოდა… მერვანისთვის ამას არა უჭირდა, ახალგაზრდაა, არც ასადს უშავს რამე, ძლიერი აღნაგობა აქვს, მაგრამ აბუ კაისი?.. უეჭველია, კბილს კბილზე ისე ურტყამს, როგორც ძლიერი ყინვით სიკვდილის პირას მისული კაცი. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ იქ არ ყინავს… ბამბუკს შეეძლო, ეს რყევა აეცილებინა თავიდან, თუ სიჩქარეს უფრო მოუმატებდა… თუკი ამ ჯოჯოხეთურ, ტანკივით მანქანას ნაცვლად ახლანდელი, საათში 90 კმ სიჩქარისა, 120 კმ სიჩქარით გააქანებდა, მაგრამ ამის გამკეთებელს ვინ მისცემდა იმის გარანტიას, რომ მანქანა ამ დაწყევლილ გზაზე არ გადაუბრუნდებოდა?! თანაც მანქანა მისი არაა!.. რა ეშველება, თუ ყირაზე ამოტრიალდა?! ან ძრავა კი გაუძლებს ამ სიჩქარეს ასეთ ამინდსა და ასეთ გზაზე?! დახელოვნებული და გამოცდილი მძღოლი არასოდეს აღწევს სპიდომეტრზე აღნიშნულ მაღალ ციფრებს…

საფვანის სასაზღვრო პუნქტში შესულ ბამბუკს სიჩქარე არ შეუნელებია, როდესაც მოედანზე დატრიალდა და მარცხნივ გაუხვია, სადაც საყარაულო პოსტი იდგა. ფეხი პედალიდან მაშინაც კი არ აუშვია, დიდი წრე დაარტყა, მტვერი რკალად აადინა, ზედ საყარაულო პოსტის წინ მუხრუჭს ძლიერად დააწვა და ისარივით შევარდა შიგნით.

საფვანის სასაზღვრო საბაჟო ერთი ქვიშიანი დიდი მოედანია, შუაში ობლად ხეა ამოსული, გრძლად გადმოკიდებული ფოთლებით, მოედანს კარგ ჩრდილს რომ ჰფენს. მოედნის გარშემო ხისკარიანი ოთახებია ჩამწკრივებული, რომლებშიც მომცრო, სულ გამოტენილი ოფისებია, მუდამ დაკავებული თანამშრომლებით… მოედანს გრძელი ნაბიჯებით რომ კვეთდა, ბამბუკმა მხოლოდ რამდენიმე ქალი შენიშნა, ჩეროში რომ წამომსხდარიყვნენ აბაიებში[15] გამოხვეულები. წყლის ონკანთან ერთი თუ ორი ბავშვი იდგა. მცველს ძველ, მოწნულ სკამზე ეძინა.

– ბამბუკი დღეს ჩქარობს!

– დიახ, ჰაჯი რიდა მელოდება… თუ დავაგვიანებ, გამაგდებს.

– ჰაჯი რიდა არ გაგაგდებს, ნუ გეშინია… შენნაირ ახალგაზრდას ვეღარ იპოვის!

– ახალგაზრდების მეტი რა არის! სოკოებივით არიან მიწას მოდებულნი… ერთი ხელის აქნევა და ბუზებივით დაესევიან.

– თან რა მიგაქვს?

– იარაღი! ტანკები! ჯავშანტრანსპორტიორები! ექვსი თვითმფრინავი და ორიც ქვემეხი…

კაცი გულიანი სიცილით დაიხრჩო. ბამბუკმა საბუთები ხელიდან მკვირცხლად გამოაცალა და გარეთ გავარდა… მეორე ოთახში შემავალმა თავისთვის თქვა: ყველაზე რთული ეტაპი უკვე დასრულებულია. ერთ წუთში მეორე ოთახიდანაც გამოვიდა და თვალის დახამხამებაში არცკი უკვე ძრავას ქოქავდა, საფვანის თავზე ჩამოწოლილი სიჩუმე დაერღვია და ისევ გზას გასდგომოდა…

მანქანა ისარივით მიჰქროდა და უკან მტვრის ღრუბელს ზოლად ტოვებდა. ბამბუკი ოფლად იღვრებოდა, ოფლი სახეზე ნაკადულებად სდიოდა და ნიკაპთან ერთდებოდა… მზე იყო დამაბრმავებლად მოვარვარე, ჰაერი ცხელი, ფქვილივით წვრილი მტვრით გაჯერებული. „ცხოვრებაში ასეთი დაწყევლილი ამინდი არ მინახავს“ – გაიფიქრა, პერანგის ღილები შეიხსნა და მკერდზე მოდებულ დასველებულ ბანჯგვლს ხელით შეეხო… გზა მოსწორდა და მანქანას ისე აღარ ანჯღრევდა. სიჩქარეს უმატა და მანქანის სპიდომეტრიც პალოზე გამობმული ძაღლივით წინ გაქანდა.

ოფლით დასველებული თვალებით წინ რომ გაიხედა, პატარა ბორცვის დასასრული შენიშნა… ამ გორაკს იქიდან საფვანი უკვე თვალს იქნება მოფარებული და იქ კი უნდა გაჩერდეს.

პედალს ფეხი უფრო ძლიერ მიაჭირა, მანქანა შეუნელებლად რომ ასულიყო ბორცვზე და იგრძნო, ფეხის კუნთი ისე დაკრუნჩხვოდა, საცაა დაუცურდებოდა. მიწა იკლაკნებოდა, მანქანა ღმუოდა, მანქანის მინებს ცეცხლი ეკიდა და ოფლი თვალებს უწვავდა. გორაკის წვერი უსასრულობასავით შორს ეჩვენებოდა… ო, ძლევამოსილო, მაღალო, მარადიულო ღმერთო!.. განა შეიძლება, რაღაც ბორცვის წვერი ასეთ გრძნობათა ქარიშხალს აბობოქრებდეს მის ძარღვებში და ამ გრძნობათა ალი მტვრითა და ტალახით მოსვრილ მის კანს ღვარად მომდინარე მარილიანი ოფლით სწვავდეს?! ო, მაღალო ღმერთო, შენ, რომელიც ჩემთან არასოდეს ყოფილხარ და ჩემთვის არასოდეს გადმოგიხედავს, რომლისაც მე არასდროს მირწმუნია, განა არ შეიძლება, რომ აქ იყო ამჯერად!? მხოლოდ ამჯერად!…

ბამბუკმა თვალებში ჩასული ოფლის მოსაშორებლად რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა და ბოლოს, როცა თვალები გაახილა, გორაკის წვერი ზედ მის წინ აღმოჩნდა… წვერზე ავიდა თუ არა, ძრავა გამორთო და მანქანას ცოტათი დაგორების საშუალება მისცა, შემდეგ გააჩერა და კაბინის კარიდან ცისტერნისკენ ზემოთ ისკუპა.

პირველი მერვანი ამოვიდა. მკლავები ამოსწია მაღლა, ბამბუკი ძლიერად ჩაეჭიდა და ამოათრია, იქვე, ბაკს ზემოთ გაშხლართული დატოვა… აბუ კაისმა თავი ამოყო, შემდეგ ამოსვლას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო… მაშინ მანაც ხელები ამოყო და ბამბუკს მიანდო დახმარება… ასადმა შეძლო, თავისით ამომძვრალიყო ხვრელიდან. პერანგი მასაც გაეხადა.

ბამბუკი ცისტერნის გახურებულ ზედაპირზე ჩამოჯდა. მძიმედ სუნთქავდა და უწინდელთან შედარებით უფრო დაბერებული ჩანდა. ამ დროს აბუ კაისი ნელა ჩამოძვრა ძირს ბორბლებიდან და მანქანის ჩრდილში გაიშოტა პირქვე გაწოლილი. ასადი ნელა წამოდგა და ღრმად ჩაისუნთქა. ჩანდა, რაღაცის თქმა უნდოდა და არ შეეძლო… ბოლოს მძიმედ ამოთქვა:

– უუუჰ! აქ ნამეტანი ცივა!

სახე აწითლებული ჰქონდა და დანამული. შარვალი ოფლით სულ დასველებოდა. მკერდზე ჟანგის ანაბეჭდები სისხლის ლაქებივით აჩნდა… მერვანი ადგა და რკინის კიბეს უღონოდ ჩამოჰყვა ქვემოთ. თვალები ჩაწითლებოდა და მკერდი ჟანგით ჰქონდა შეღებილი. მიწაზე რომ ჩამოვიდა, თავი აბუ კაისს დაადო თეძოზე და ტანით მანქანის ბორბალთან გაიშალა… ერთ წამში მას ასადი, შემდეგ კი ბამბუკი მოჰყვა. ჩამოსხდნენ და თავები მიწით მოსვრილ მუხლებზე ჩამოიწყეს. ცოტა ხნის შემდეგ ბამბუკმა იკითხა:

– საშინელება იყო?

არავის გაუცია პასუხი… ბამბუკმა მზერა მათ სახეებს მოავლო და მოეჩვენა, მათ მუმიებივით ყვითელი ფერი ედო… და რომ არა მერვანის მკერდი, რომელიც ადი-ჩადიოდა, რომ არა აბუ კაისის გასაგონი სტვენით სუნთქვა, ეგონებოდა, ორივე მკვდრები იყვნენ…

– გითხარით, შვიდი წუთი-მეთქი… ამ საქმეს კი ექვს წუთზე მეტი არ წაუღია.

ასადმა ცივი მზერა ესროლა, ამ დროს მერვანმა თვალები ისე გაახილა, რამე კონკრეტულისთვის არ შეუხედავს, აბუ კაისმა კი სახე გვერდზე მიიბრუნა.

– გეფიცებით, ექვსი წუთი გრძელდებოდა! შეხედე შენს საათს, ასად! ზუსტად ექვსი წუთი! უყურე! რატომ არ გინდა, რომ შეხედო?! მე ხომ ეს გითხარით, თავიდანვე გითხარით! ახლა კი გგონიათ, რომ გატყუებთ! აი, საათი!.. შეხედე… შეხედე…

მერვანმა თავი წამოსწია, შემდეგ იდაყვებზე დაყრდნობილი, თავწამოწეული რაღაცას მიაჩერდა უკან, ბამბუკის მიმართულებით… ეტყობოდა, რომ გარკვევით მას ვერ ხედავდა.

– თვითონ თუ გიცდია იქ ექვსი წუთი ჯდომა?

– მე თქვენ გითხარით….

– თანაც ეს ექვსი წუთი არ ყოფილა!

– რატომ შენს საათს არ დახედავ?.. რატომ?.. ის ხომ მაჯაზე გიკეთია! აი, უყურე… უყურე… და მორჩი, ასე გიჟივით ნუ მომშტერებიხარ!..

აბუ კაისმა თქვა:

– მართლა ექვსი წუთი იყო. მთელი ამ დროის მანძილზე მე ვითვლიდი… ერთიდან სამოცამდე – წუთი… ასე ვანგარიშობდი… ექვსჯერ გადავითვალე… ბოლო ჯერზე ძალიან ნელა ვითვლიდი…

დაბალი ხმით, ნელა ლაპარაკობდა. ასადი ჩაეკითხა:

– რა გჭირს, აბუ კაის? ავად ხომ არ ხარ?

– მე? უჰ… არა, სულაც არა, მაგრამ ჩემს წილ ჰაერს ვსუნთქავ, გული მინდა ვიჯერო.

ბამბუკი წამოდგა, შარვლიდან ქვიშა ჩამოიფერთხა, დოინჯი შემოირტყა და სამივეს მოავლო მზერა.

– აბა, წავედით!.. დრო მეტად აღარ უნდა დავკარგოთ… ცოტა ხანში თქვენ კიდევ ერთი თურქული აბანო გელოდებათ. აბუ კაისი წამოდგა და მძღოლის კაბინისკენ გაემართა. ასადი ამასობაში რკინის კიბეზე აცოცდა, მერვანი კი ისევ ჩრდილში იჯდა… ბამბუკმა მიმართა:

– შენ რა, ადგომას არ აპირებ?!..

– ცოტას რატომ არ დავისვენებთ? ასადმა ზემოდან დაიძახა:

– ბევრს დავისვენებთ, ოღონდ მას შემდეგ, რაც ჩავალთ და არა – მანამდე. წავედით!..

ბამბუკმა ხმამაღლა გაიცინა და მერვანს მხარზე ხელი წამოარტყა.

– წამოდი, აბუ კაისის გვერდით დაჯექი. გამხდარი ხარ და ძალიან არ შეგვავიწროვებ, თან, ვხედავ, საკმაოდ დაღლილი ხარ.

მერვანი ავიდა და აბუ კაისს მიუჯდა გვერდით, ხოლო ბამბუკმა, სანამ კაბინის კარს მიიხურავდა, ხმამაღლა ასძახა:

– პერანგი ჩაიცვი, ასად, თორემ მზე დაგკრავს… მერვანმა ბამბუკს სუსტი, უღონო ხმით უთხრა:

– უთხარი, იმ თონის კარი ღია დატოვოს, იქნებ ცოტა გაგრილდეს.

ბამბუკმა მხიარულად იყვირა:

– ცისტერნის სარქველი ღია დატოვე…

მოტორმა იღმუვლა და დიდი მანქანის ნაკვალევზე უდაბნოში ღრუბელი ავარდა, მაღლა-მაღლა აიწია და უდაბნოს ხვატს შეერია…

მზე და ჩრდილი

ეს პატარა, სუსტი სამყარო უდაბნოში ისე მიიკვლევდა გზას, როგორც ზეთის მძიმე წვეთი კალის გავარვარებულ ფირფიტაზე… თავს მზე წამოსდგომიდათ, მრგვალი, მწველი და მოკაშკაშე და არც ერთი მათგანი ოფლის შემშრალებას აღარ ცდილობდა… ასადს პერანგი თავზე წამოეფარებინა, ფეხები მაღლა აეკეცა და მზეს დასაწვავად მორჩილად მინებებოდა… მერვანს კი აბუ კაისისთვის დაედო თავი მხარზე და თვალები დაეხუჭა… აბუ კაისი თვალმოუშორებლად მიშტერებოდა გზას და ხშირი, ჭაღარაშერეული ულვაშის ქვეშ ტუჩები მაგრად მოეკუმა.

ოთხიდან აღარც ერთს მეტად აღარ ჰქონდა ლაპარაკის სურვილი… არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაღლილობას მათთვის ძალა გამოეცალა, არამედ იმიტომ, რომ თითოეული მათგანი ფიქრებში ღრმად ჩაძირულიყო… უზარმაზარი მანქანა კი გზას იკვალავდა და მათთან ერთად მათ ოცნებებს, მათ ოჯახებს, მათ მისწრაფებებსა და იმედებს, მათ გასაჭირსა და მათ გაბედულებას, მათ ძალასა და უღონობას, მათ წარსულსა და მომავალს მიაქროლებდა… თითქოს უზარმაზარ კარზე აკაკუნებდა ახალი, ამოუცნობი ბედისწერის მოლოდინში… მათი ყველას თვალი ამ კარს იყო მიპყრობილი და თითქოს უხილავი ძაფებით მასზე მიჯაჭვული…

შეგვეძლება, კაისს ვასწავლოთ, ერთი-ორ ძირ ზეთისხილის ხესაც ვიყიდით, ოთახსაც ავიშენებთ ალბათ, სადაც ვიცხოვრებთ და რომელიც ჩვენი იქნება. ასაკოვანი კაცი ვარ… ან ჩავაღწევ, ან ვერა… მაგრამ განა შენი ცხოვრება აქ სიკვდილზე ბევრად უკეთესი გგონია?!.. რატომ არ უნდა სცადო ჩვენსავით? მაგ სასთუმლიდან რატომ არ უნდა აიღო თავი და უფლის ბოძებულ ქვეყნიერებაზე არ დაადო ლუკმა-პურის საძებრად სახეტიალოდ?!.. მთელი ცხოვრება დახმარების სასურსათო ბარათით დარიგებულ ფქვილს ხომ არ შეჭამ, მისი ერთი კილოსთვის ჩინოვნიკთა კარის ზღურბლზე შენს ღირსებას რომ ტოვებ?!

მანქანა მიჰქრის გავარვარებულ მიწაზე, დაუზოგავად ღმუის მოტორი…

შაფიკა უდანაშაულოა… ყმაწვილი ქალი იყო, ბომბმა წვივი რომ მოაწყვიტა, ექიმებმა თეძოდანვე გაუკეთეს ამპუტაცია. დედას არ უყვარს, ვინმე მამაზე რომ ლაპარაკობს… ზაქარია წავიდა და წავიდა… იქ, ქუვეითში ყველაფერს ისწავლი, ყველაფერს გაიგებ, შენ ხომ ისევ ყმაწვილი ხარ, ცხოვრებისა რომ ბევრი არაფერი გაგეგება!.. მცირეწლოვანი ბავშვივით, სახლს იქით რომ არაფერი იცის… სკოლა არაფერ განათლებას არ იძლევა, სიზარმაცის მეტს არაფერს გასწავლის! მიატოვე იგი და ცხოვრების მორევში გადაეშვი, როგორც ეს სხვა დანარჩენებს უკეთებიათ.

მანქანა მიჰქრის გავარვარებულ გზაზე, მოტორი ჯოჯოხეთურად ღმუის…

ალბათ ის მიწა იყო დანაღმული, რომელზეც ფეხი დადგა, როცა გარბოდა, ან ახლომდებარე თხრილში ჩამალულმა კაცმა ესროლა და აუფეთქა ყუმბარა ფეხებთან. ამ ყველაფერს ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს!.. ფეხები მაღლა აქვს შეკიდებული, თვითონ თეთრ, მოხერხებულ საწოლზე წევს და საზარელი ტკივილი უვლის ლაჯებს შორის… იქ ერთი ქალი იყო, ექიმებს რომ ეხმარებოდა… ამის ყოველ გახსენებაზე სახეზე სირცხვილის სიწითლე აწვება… მერე, რა გარგო შენ პატრიოტიზმმა?! ცხოვრება რისკსა და ავანტურაში გალიე და აი, ახლა უძლური ხარ, ქალთან დაწვე! ამით ვის რა არგე?! დიდება და სიამაყე ჭირსაც წაუღია! ახლა მხოლოდ მეტი ფული მინდა, სხვა არაფერი!

მანქანა მიჰქრის გავარვარებულ გზაზე, მოტორი ღმუის… პოლიციელმა ასადს ოფიცრისკენ უბიძგა. იმან კი უთხრა:

– რაო, თავი გმირად წარმოიდგინე იმ ჯორების მხრებზე შემდგარმა, ქუჩაში დემონსტრაციას რომ მართავენ?!

ასადმა პასუხად სახეში შეაფურთხა. ოფიცერი არც განძრეულა. ფურთხი, საზიზღარი და წებოვანი, შუბლიდან ნელა ჩამოეწელა ქვემოთ და ზედ ცხვირის წვერზე დაუგროვდა!.. ასადი გაიყვანეს და კორიდორში მიმავალმა გაიგონა, როგორ თქვა პოლიციელმა, რომელსაც მისთვის მკლავში ძლიერ ჰქონდა ხელი ჩავლებული: „ჯანდაბას! დასწყევლოს ღმერთმა ეს ფორმა!“… შემდეგ ხელი გაუშვა და ისიც გაიქცა. ბიძამისს თავის ქალიშვილზე სურს მისი დაქორწინება, ამიტომაც უნდა, რომ ის რამეს ეწიოს… ეს რომ არა, ორმოცდაათ დინარს ცხოვრებაში ვერ ეღირსებოდა.

მანქანა მიჰქრის გავარვარებულ გზაზე, მოტორი ღმუის, გოლიათის ხახასავით ნთქავს გზას…

მზე, ცარგვალის ზენიტში მდგარი, უდაბნოს თავზე ცეცხლის ალის კაშკაშა, ფართო გუმბათს ხატავს. მტვრის ზოლი მოკაშკაშე ალს ისე ირეკლავს, ლამის თვალებს აბრმავებს… ეუბნებოდნენ ხოლმე, მავანი და მავანი ქუვეითიდან აღარ დაბრუნებულა, რადგან მზის დაკვრით მოკვდაო, როცა წერაქვით მიწის თხრისას მზის დაკვრამ მიწას გააკრაო. ეს რა გამოდის? მზის დაკვრით კვდებიან? და აქა-იქ იმარხებიან? ეს ყოფილა ყველაფერი – მზის დაკვრა! მართალი ყოფილა! ნეტავ ეს სახელი – „მზის დაკვრა“ ვინ დაარქვა?!.. გენიოსი არაა ამის მომგონი?! თითქოს ეს გიგანტური, უხილავი სიცარიელე მათ თავზე ცეცხლისა და ადუღებული კუპრის მათრახს იქნევს… განა მზეს შეუძლია მათი დახოცვა? მათ გულებში ჩაბუდებული ენერგიის მოკვდინება? ეს ფიქრები ერთი თავიდან მეორეში გადაედინებოდა და ერთიან შფოთვად იღვრებოდა. მოულოდნელად მათი თვალები შეხვდა ერთმანეთს – ბამბუკმა ჯერ მერვანს, მერე კი აბუ კაისს გადახედა და აღმოაჩინა, რომ ისიც თვალმოუცილებლად მიშტერებოდა მას. ბამბუკი გაღიმებას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო. შუბლიდან ოფლი სახელოთი მოიწმინდა და ხმადაბლა თქვა:

– ესაა ის ჯოჯოხეთი, რომელზეც მსმენია.

– ღვთის ჯოჯოხეთი?

– დიახ.

ბამბუკმა ხელი გაიწოდა და ძრავა გამორთო. მანქანიდან ნელა ჩამოვიდა. მას მერვანი და აბუ კაისი მიჰყვნენ, ასადი კი ამ დროს ისევ ზემოთ იყო. ბამბუკი მანქანის ჩრდილში ჩამოჯდა, პაპიროსს მოუკიდა და ხმადაბლა თქვა:

– ცოტა დავისვენოთ, სანამ წარმოდგენას მეორედ შევუდგებით!

აბუ კაისმა თქვა:

– გუშინ საღამოს რატომ არ დავიძარით? მთელი ამ გზის სიმძიმეს ღამის სიგრილით გამოგვატარებდი…

ბამბუკს მზერა არ აუწევია მაღლა, ისე მიუგო:

– საფვანსა და ალ-მიტლას შორის გზა ღამით პატრულითაა სავსე… დღისით კი ამ ხვატს რომელი პატრული გაუძლებს და გარისკავს…

მერვანმა თქვა:

– თუ შენს მანქანას ჩხრეკა არ ეხება, რატომ გარეთ არ დავრჩებით და იმ საშინელი საპყრობილის ჯურღმულს თავს არ ავარიდებთ?

ბამბუკმა გაბრაზებით მოუჭრა:

– ნუ სულელობ!.. ხუთი-ექვსი წუთი შიგნით ჯდომა ასე გეშინია? ნახევარ გზაზე მეტი გამოვიარეთ და დარჩენილი გზა უფრო მსუბუქია…

ბამბუკი ფეხზე წამოიმართა, მანქანის კარზე გარედან დაკიდებული მათარისკენ გაეშურა და თავი მოხსნა.

– მშვენიერ სადილის წვეულებას გაგიმართავთ, როცა ჩავალთ… ორ ქათამს დავკლავ…

მათარა ასწია და მოიყუდა. წყალი ტუჩის კუთხეებიდან ნიკაპზე ორ ნაკადად ჩამოედინა და სველი პერანგისკენ გააგრძელა გზა. წყურვილი რომ მოიკლა, მათარაში დარჩენილი სითხე თავზე გადაივლო. წყალი კისერზე, მკერდზე, შუბლზე დაედინა და გაწუწულმა უცნაური იერი მიიღო. მათარა ისევ გარედან ჩამოჰკიდა მანქანის კარზე, ფართო მხრებში გაიშალა და დაიძახა:

– აბა, წავედით!.. ეს საქმე უკვე კარგად იცით!.. რომელი საათია ახლა?.. თორმეტის ნახევარი… დაითვალეთ!.. მაქსიმუმ შვიდი წუთი და მე თქვენ კარს გიღებთ!.. კარგად დაიმახსოვრეთ… თორმეტის ნახევარია…

მერვანმა თავის საათს დახედა და თავი გადააქნია. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა რკინის კიბისკენ და დაიწყო ზედ ასვლა.

ასადმა თავისი პერანგი დაკეცა და ლუკის ხვრელში გაუჩინარდა. მერვანი წამით შეყოყმანდა, შემდეგ მას მიჰყვა, მუცლით კიდეს ჩამოეყრდნო და ოსტატურად ჩაცურდა. აბუ კაისმა კი ამ დროს თავი გაიქნია და თქვა:

– შვიდი წუთი?

ბამბუკმა აბუ კაისს მხარზე ხელი დაჰკრა და შიგ თვალებში ჩახედა. ორივე ასე იდგა და ოფლად იღვრებოდა, რამის თქმა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო. აბუ კაისი კიბეზე მტკიცედ ავიდა, ფეხები ლიუკის ხვრელში ჩაყო, იქიდან კი ორივე ახალგაზრდა წაეშველა ჩასვლაში.

ბამბუკმა ლიუკი დახურა, მისი დაღარული სახელური ორჯერ გადაატრიალა, მიწაზე ისკუპა და კაბინისკენ გაექანა.

სულ რაღაც წუთნახევარში ბამბუკმა ალ-მიტლას ცენტრის გარშემო გადაჭიმულ ეკლიან მავთულხლართებში დატანებული ღია ჭიშკარი გაიარა და მანქანა შელესილ, ერთსართულიან შენობას მიდგმულ ფართო კიბეებს მიაყენა. კიბის ორივე მხარეს სარკმელჩამოშვებული, დაკეტილი პატარა ოთახები გამწკრივებულიყო. მათ წინ საკვების გასაყიდი რამდენიმე მანქანა იდგა. კონდიციონერების ხმები ეზოს ხმაურით ავსებდა.

მხოლოდ ერთი თუ ორი მანქანა იცდიდა დიდი ეზოს განაპირას. გარემომცველ ღრმა სიჩუმეს მხოლოდ ეზოს გადმომყურალ ყოველ ფანჯარაზე დამაგრებული კონდიციონერის გრუხუნი არღვევდა. მარტო ერთი ჯარისკაცი იდგა ხის პატარა საყარაულო ჯიხურთან განიერი კიბის გვერდით.

ბამბუკი კიბეზე სწრაფად ავიდა და მარჯვნივ მესამე ოთახისკენ გაემართა. კარი დაუყოვნებლივ შეაღო და შევიდა. იმ მზერით, რომელიც თანამშრომლებმა შემოაგებეს, იგრძნო, რომ რაღაც მოხდებოდა. ტემპი არ შეუნელებია, ისე მიაჩეჩა საბუთები ოთახის შუაგულში მჯდომ მსუქან თანამშრომელს.

თანამშრომელმა განზრახ დაუდევრად მოიცილა საბუთები წინიდან, რკინის მაგიდაზე მკლავები ერთმანეთს გადააჭდო და უთხრა:

– ჰა, ბამბუკო! მთელი ეს დრო სად იყავი?! ბამბუკმა მძიმედ ამოიხვნეშა:

– ბასრაში.

– ჰაჯი რიდამ ექვსჯერ მაინც გიკითხა.

– მანქანა მქონდა გაფუჭებული.

ოთახში მომუშავე სამი თანამშრომელი ხმაურიანი სიცილით ახორხოცდა. ბამბუკმა დაბნეულმა მიიხედ-მოიხედა და შემდეგ მზერა მსუქანი კაცის სახეზე შეაჩერა:

– რა გაცინებთ ამ დილაუთენია?

თანამშრომლებმა ერთმანეთს გადახედეს და ხელახლა დაიხოცნენ სიცილით.

დაძაბული ბამბუკი ფეხს ინაცვლებდა და ფეხიდან ფეხზე ირწეოდა:

– აბუ ბაკირ, გთხოვ… ახლა ხუმრობის დრო არ მაქვს.

თან ხელი გაიწვდინა და დოკუმენტები ისევ წინ მიუჩოჩა. აბუ ბაკირმა კი ფურცლები ისევ მაგიდის ბოლოსკენ გასწია, ისევ მკლავები გადააჭდო ერთმანეთზე და საზიზღრად გაიღიმა:

– ჰაჯი რიდამ ექვსჯერ გიკითხა-მეთქი…

– გეუბნები, მანქანა იყო გაფუჭებული. მერე კიდევ, მე და ჰაჯი რიდა თვითონ მოვრიგდებით ერთმანეთში, როცა შევხვდებით… გთხოვ, დოკუმენტებს ხელი მოაწერე, მეჩქარება!

ფურცლები ისევ ახლოს მიუტანა, თუმცა აბუ ბაკირმა ისევ შორს გასწია.

– მაშ, მანქანა გქონდა გაფუჭებული?

– დიახ! გთხოვ, მეჩქარება!

სამივე თანამშრომელმა ერთმანეთს გადახედა და ბინძურად ახითხითდნენ. ერთ მათგანს ცარიელ მაგიდაზე მხოლოდ ჩაი ედგა პატარა ჭიქით, მეორეს კი თავისი საქმე შეეწყვიტა და თვალყურს ადევნებდა ოთახში რაც ხდებოდა.

აბუ ბაკირად წიდებულმა მსუქანმა კაცმა ბოყინით თქვა:

– აბა ახლა ჭკუას მოუხმე, ბამბუკო!.. რა გეჩქარება გამგზავრება ამ საშინელ ამინდში! ოთახი აქ გრილია… ჭიქა ჩაის მოვატანინებ შენთვის და დატკბი, ისიამოვნე!

ბამბუკი საბუთებს დასწვდა, აბუ ბაკირის წინიდან კალამი აიღო, მის მაგიდას შემოუარა და აბუ ბაკირს გვერდზე გაუჩერდა. დაიხარა, კალამი მიაწოდა და მხარზე ხელი წაჰკრა:

– უკანა გზობაზე, გინდა, ერთი საათი დავჯდები შენთან, მაგრამ ახლა გამიშვი, შენს ცოლ-შვილს გაფიცებ!…

მაგრამ აბუ ბაკირს ხელი არ გაუნძრევია, თავისი უაზრო თვალებით მისჩერებოდა ბამბუკს და ლამის სიცილით გაფხრეწილიყო:

– ბამბუკ, შე წყეულო, სიჩქარე მაშინ რატომ არ გახსენდება, ბასრაში რომ ხარ? ჰა?..

– გითხარი, მანქანა მედგა სარემონტოში.

ბამბუკმა კალამი კიდევ ერთხელ მიაწოდა, მაგრამ აბუ ბაკირი არც გატოკებულა.

– ნუ ცრუობ, ბამბუკ, ნუ ცრუობ!.. ჰაჯი რიდამ სულ თავიდან ბოლომდე გვიამბო შენი ისტორია…

– რა ისტორია?!

თანამშრომლებმა ერთმანეთს გადახედეს, ბამბუკს კი მომეტებული ძრწოლით გამხდარი სახე გაუფითრდა, კალამი ხელში აუკანკალდა.

– იმ მოცეკვავის ამბავი!.. ალი, რა ჰქვიაო იმ ქალს?

თანამშრომელი, ცარიელ მაგიდასთან რომ იჯდა, გამოეპასუხა:

– ქავქაბი.

აბუ ბაკირმა თავის მაგიდას ხელი დაჰკრა ფართოდ გაიღიმა:

– ქავქაბი! ქავქაბი! ბამბუკ, წყეულო, რატომ არ გვიამბობ შენს ისტორიებს ბასრაში? ჩვენ წინ კულტურულ და თავაზიან კაცს თამაშობ, მერე კი მიდიხარ ბასრაში და იმ მოცეკვავე ქალთან ამქვეყნიურ ცოდვებს ეძლევი!.. ქავქაბთან… დიახ, სწორედ ქავქაბი ჰქვია!

– რა ქავქაბი, რა ატამი! გამიშვი, სანამ ჰაჯი რიდას გამოვუგდივარ!.. – იყვირა ბამბუკმა, თან შეეცადა, ხუმრობის ზღვარს არ გადასცდენოდა.

აბუ ბაკირმა კი უთხრა:

– შეუძლებელია! ჯერ იმ მოცეკვავე ქალზე მოგვიყევი… ჰაჯი რიდამ მთელი შენი ამბავი იცის და ჩვენც უკვე გვიამბო. ჰა, აბა, დაიწყე!..

– თუ ჰაჯი რიდამ უკვე გიამბოთ თქვენ, რაში გჭირდებათ, მე მომაყოლოთ ხელახლა.

აბუ ბაკირი ფეხზე წამოიჭრა და ხარივით დაიღრიალა:

– მაშ, ეს ნამდვილი ისტორია ყოფილა!.. ნამდვილი ამბავი!..

მაგიდას შემოუარა და შუა ოთახში აღმოჩნდა. დამაინტრიგებელ, ცოდვიან სასიყვარულო ისტორიას აეღელვებინა. ამაზე დღედაღამ ფიქრობდა, მთელი უხამსობით შეემკო იგი, რაც კი მის მტკივნეულ და ხანგრძლივ „განდგომილებას“ შეეთხზა და მოეფიქრებინა. ის აზრი, რომ მის ნაცნობ-მეგობრებში ვიღაც ქალს დამეგობრებოდა, მას აღაგზნებდა და ოცნებებს აღუძრავდა.

– მიდიხარ ბასრაში და ტყუილად აცხადებ, ვითომ შენი მანქანა მწყობრიდან გამოვიდა. შემდეგ შენი ცხოვრების უბედნიერეს ღამეებს ატარებ ქავქაბთან!.. ო, ღმერთო!.. ო, ბამბუკ, შე წყეულო!.. გვითხარი, როგორ უყვარდი!.. ჰაჯი რიდა ამბობს, რომ შენი მეტისმეტი სიყვარულის გამო ის ქალი თავის ფულს შენ გახარჯავს და ჩეკებს გაძლევს… ო, ბამბუკ… ო, შე წყეულო!..

აბუ ბაკირი ბამბუკს მიუახლოვდა. სახე აჭარხლებოდა და ცხადი იყო, ჰაჯი რიდას მიერ ტელეფონით მოყოლილ ამ ისტორიაზე ფიქრში კარგი დრო გაეტარებინა. ბამბუკის ყურისკენ გადაიხარა და შიგ ხრინწიანი ხმით წასჩურჩულა:

– საკითხავია, ეს შენი გამორჩეული მამაკაცობის ბრალია თუ კაცების სიმცირის?!

ბამბუკმა ისტერიულად გადაიხარხარა და საბუთები აბუ ბაკირს წინ აუფრიალა. ისიც გაუაზრებლად დასწვდა კალამს და ხელმოწერა დაიწყო, თან ხმამაღალი სიცილისგან თახთახებდა. ბამბუკმა ხელი რომ გაიწვდინა ქაღალდების გამოსართმევად, აბუ ბაკირმა ისინი ზურგს უკან დამალა და მეორე ხელით კი ბამბუკი შეაკავა.

– შემდეგ ჯერზე მეც შენთან ერთად ბასრაში მოვდივარ!… შევთანხმდით?! იმ ქავქაბს გამაცნობ!.. ჰაჯი რიდა ამბობს, რომ ძალიან ლამაზია.

– თანახმა ვარ. – თქვა ბამბუკმა მთრთოლვარე ხმით, თან ცდილობდა, ხელით საბუთებს მისწვდომოდა. პატიოსან სიტყვას მაძლევ?

– პატიოსან სიტყვას გაძლევ.

აბუ ბაკირის ხმამაღალმა სიცილმა კიდევ ერთხელ გაიხმიანა. გასიებული თავის ქნევით თავის საწერ მაგიდასთან დაბრუნდა, ხოლო ბამბუკი თავისი დოკუმენტებით გარეთ გაიჭრა და აბუ ბაკირის ხმა გზაში დაეწია:

– ო, ბამბუკ, შე წყეულო!.. ორ წელზე მეტი გვატყუა და მხოლოდ ახლა გამომჟღავნდა ყველაფერი. ო, ბამბუკ, ო, შე წყეულო!..

ბამბუკი ახლა სხვა ოთახში შეიჭრა. თან საათს დასჩერებოდა. საათი უჩვენებდა, რომ თორმეტს თხუთმეტი წუთი ეკლდა. სხვა დოკუმენტებზე ხელმოწერას წუთზე მეტი არ დასჭირვებია. როდესაც კარი ზურგს უკან გამოიხურა, კვლავ მწველი ხვატი შემოაწვა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, განიერი კიბის ორ-ორ საფეხურს ახტებოდა, სანამ მანქანის წინ არ გაჩნდა. წამით ცისტერნას დააშტერდა. მოეჩვენა, მისი რკინა მალე დადნებოდა ამ საშინელი, თაკარა მზის ქვეშ. ძრავა პირველივე დაწოლაზე ამუშავდა. კარს ისე სწრაფად გასცდა, მცველისთვის ხელიც კი არ დაუქნევია…

გზა ახლა სულ დაგებული და მოსწორებული იყო და წუთნახევრის გზა ედო პირველ მოსახვევამდე, სადაც ალ-მიტლას ცენტრიდან თვალს იქნებოდა მოფარებული. მოუწია სიჩქარის ოდნავ მოკლება შემხვედრ სატვირთო მანქანასთან, მაგრამ შემდეგ მანქანა მთელი ძალით გააქროლა, სანამ მოსახვევს არ მიაღწია. ბორბლები გაუჩერებლად წიოდნენ მოტირალი ქალივით. როგორც კი გზის განაპირა ქვიშას შეეხებოდნენ, ჯოჯოხეთურ, ფართო ბრუნს აკეთებდნენ… თავზარდაცემულ ბამბუკს თავში მხოლოდ ძრწოლა უვლიდა… ეჩვენებოდა, რომ საცაა, მანქანის საჭეს გულწასული დაეცემოდა… საჭე იყო გავარვარებული და გაუხეშებულ ხელებს უწვავდა, თუმცა მთელი ძალით ჩაფრენილი ხელები ვერ მოედუნებინა. ტყავის სავარძელს მის ქვეშ ცეცხლი ეკიდა. მანქანის დამტვერილი წინა მინა მოელვარე მზისგან იწვოდა. ბორბლები ისე წიოდნენ, თითქოს ასფალტს ატყავებდნენ. რა აუცილებელი იყო, აბუ ბაკირს ეფილოსოფოსა?! რა აუცილებელი იყო, მთელი თავისი სიბინძურე წამოეცალა ჩემ წინ და იმათ წინაშე?! მაღალი და ყოვლისშემძლე ღმერთიმც შეგაჩვენებს, აბუ ბაკირ!.. ღვთის წყევლამც მოგეწევა, აბუ ბაკირ!.. და შენც, ცრუპენტელა ჰაჯო რიდა!.. რა მოცეკვავეო?.. ვინ ქავქაბიო?.. ალაჰიმც შეგაჩვენებთ ყველას!

მანქანა მკვეთრი მოძრაობით შეაჩერა და სასწრაფოდ აძვრა ცისტერნის ზემოთ. ხელები რკინის ზედაპირს რომ შეახო, ისეთი წვა იგრძნო, რომ გაჩერება ვერ შეძლო და ხელები უშვა. რკინის ზედაპირს იდაყვებთან აკაპიწებული სახელოებით დაეყრდნო და დაღარული სარქველისკენ გაცოცდა, თავისი ლურჯი პერანგის ბოლოთი ჩაეჭიდა და გადაატრიალა. სახურავი ხმაურით გაიღო და დაჟანგული რკინის დისკო მაღლა აწეული გასწორდა თავის ანჯამაზე.

ლიუკს რომ ხელი უშვა, საათს დახედა მაჯაზე. ისრები უჩვენებდა, რომ თორმეტს ცხრა წუთი აკლდა. საათის მრგვალი მინა პატარ-პატარა ნაკაწრებით და ნაფხაჭნებით დაღარულიყო.

ლიუკის ღია ხვრელიდან წამით სიცარიელემ ამოხეთქა. დაძაბული სახე ბამბუკს ხვრელისკენ ჰქონდა მიქცეული და კრუნჩხვით მოძრაობებს აეტანა, ქვედა ტუჩი ქოშინისგან და შიშისგან უკანკალებდა. შუბლიდან ოფლის წვეთი მოსწყდა, ცისტერნის რკინაზე დაეცა და თითქმის მაშინვე შეშრა… ბამბუკმა ხელები მუხლებზე დაიწყო, სველი ზურგი მშვილდივით მოხარა, სახე შავი ხვრელის თავზე მიიტანა და გახევებული, მშრალი ხმით დაიძახა:

– ასად!

ცისტერნის შიგნიდან უკან დაბრუნებულმა მოგუგუნე ექომ კინაღამ ყურები გაუხვრიტა. ჯერ პირველი დაძახებით გამოწვეულ გუგუნს არ გაევლო და მეორედ იყვირა:

– ჰეი!..

ღონიერი ხელები ხვრელის კიდეზე ჩამოაწყო და ძლიერ მკლავებზე დაყრდნობით ცისტერნის შიგნით ჩაცოცდა… შიგ ისეთი უკუნი სიბნელე იყო, რომ თავდაპირველად ვერაფერი დაინახა. როცა ტანი შეარხია და ხვრელს მოსცილდა, იქიდან ჩამოსული ყვითელი შუქის წრე დაეცა ფსკერს და გაანათა ხშირი, ჭაღარა თმით დაფარული მკერდი, რომელიც მოკალულივით ელავდა… ბამბუკი გადაიხარა და ყური სველ, ჭაღარა თმაზე დაადო. სხეული იყო ცივი და მდუმარე. ბამბუკმა ხელის ცეცებით გაიგნო გზა ცისტერნის კუთხემდე. იქ მეორე სხეული ჯერ ისევ რკინის კავს იყო მოჭიდებული. ბამბუკი შეეცადა, ხელით თავი მოესინჯა, მაგრამ ხელში სველი მხრები მოხვდა, შემდეგ მკერდზე ჩამოკიდებული თავი გაარჩია და როდესაც ხელი სახეს შეახო, ის მთელი ძალით დაღებულ პირში მოუხვდა.

მზე იყო უმოწყალო… ცოტა ხანს გაჩერდა ჰაერის ჩასასუნთქად. არაფერზე შეეძლო ფიქრი, თავში მერვანის სახე ისე ამოსდიოდა, როგორც მიწიდან ხმაურით ამომსკდარი წყალი, შემაშინებლად მაღლა რომ ავარდება… როდესაც თავის სკამს მიაღწია, გაახსენდა აბუ კაისი, რომლის პერანგი ჯერ ისევ მის გვერდით სავარძელში იდო, თითებით სწვდა და შორს მოისროლა… მანქანის ძრავა დაქოქა. მოტორი ხელახლა აგრუხუნდა და მანქანა ტაატით, მძიმედ შეუდგა აღმართს.

უკან მოიხედა და პატარა, ცხაური ფანჯრიდან დაინახა ცისტერნის ახდილი სარქველი, ანჯამაზე დამაგრებული და ასწორებული, შიგნიდან ჟანგით შეჭმული… უეცრად რკინის სარქველი გაუქრა თვალიდან მლაშე წვეთების ლიბრს მიღმა, თვალები რომ აუვსო. თავის ტკივილი კლავდა და იმ ზომამდე ეხვეოდა თავბრუ, რომ აღარ იცოდა, ეს მარილიანი წყლის წვეთები ცრემლები იყო თუ ოფლი, გავარვარებული შუბლიდან რომ ღვარად სდიოდა?!

ბამბუკმა იგრძნო, რომ იგუდებოდა. მისი სხეული გაძლიერებულად იცლებოდა ოფლად იმდენად, რომ ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მისი სხეული მძიმე ზეთით იყო გაპოხილი და ვეღარ გაეგო, იმიტომ კანკალებდა, მკერდზე და ზურგზე ეს ზეთი რომ ესვა, თუ შიში აცახცახებდა?! ხელახლა შეიგრძნო, ცისტერნის ხვრელში ხელის ცეცებით როგორ ეშვებოდა და როცა იქიდან თავი ამოყო, ვერ გაეგო, მერვანის სახე მოუშორებლად რატომ აკვიატებოდა გონებაში. ეს სახე შიგნიდან ისე აჰკვროდა, როგორც კედელზე მოქანავე სურათი და ბამბუკმა თავი ძლიერ გააქნია, ხვრელიდან ამოძვრა და თავი მზის მხურვალებამ დაუწვა.

სამარე

როდესაც ღამე ჩამოწვა, ბამბუკმა მანქანა გამოიყვანა და მძინარე ქალაქგარეთისკენ დაადგა გზას. მთელ გზაზე მკრთალი შუქები ბჟუტავდა. ბამბუკმა იცოდა, ეს ბოძები, მისი მანქანის ფანჯრიდან უკან რომ რჩებოდა, მალე დამთავრდებოდა, როცა ქალაქს შორს გასცდებოდა… როცა უკუნი გამეფდებოდა… და უმთვარო ღამე ჩამოდგებოდა… უდაბნოს განაპირა მხარე იქნებოდა სიკვდილივით მდუმარე…

ბამბუკმა ასფალტიანი გზიდან მანქანით გადაუხვია და ქვიშიან გზაზე უდაბნოს სიღრმისკენ იწყო ნელი სვლა. შუადღიდან მოყოლებული, გადაწყვეტილი ჰქონდა, ისინი სათითაოდ დაემარხა ცალ-ცაკლე სამარეში… ახლა კი მომაკვდინებელ დაღლას გრძნობდა, წაშლილიყო, თითქოს მკლავებში ნარკოტიკი აქვს გაკეთებულიო… მუშაობის თავი არ ჰქონდა… არ შეეძლო, საათობით სჭეროდა ხელში ნიჩაბი და სამი საფლავი ეთხარა… სანამ მანქანისკენ გაემართებოდა და მას ჰაჯი რიდას ავტოფარეხიდან გამოიყვანდა, გულში ამბობდა, რომ არ დამარხავდა მათ, სამივე გვამს უდაბნოში მოისროდა და სახლში გაბრუნდებოდა, მაგრამ ახლა აღარ მოსწონდა ეს აზრი. არ შეშვენოდა, მისი თანამგზავრების სხეულები უდაბნოში გახრწნილიყო და მტაცებელი ფრინველებისა და ცხოველების ნადავლად ქცეულიყო… და შემდეგ, რამდენიმე დღეში, მათგან მხოლოდ სილაზე დაყრილი თეთრი ჩონჩხები დარჩენილიყო. მანქანა საწყალობელი ხმით ნელა გაუყვა ქვიშიან გზას. ბამბუკი განაგრძობდა ფიქრს… საღი აზრი მის ფიქრში არ ტრიალებდა. ნაწყვეტ-ნაწყვეტი კადრების ლენტები გაუჩერებლად, ერთმანეთთან დაუკავშირებლად და აუხსნელად გაუდგამოუდიოდა თავში… დაქანცულობას გრძნობდა, დაქანცულობა ჭიანჭველის ქარავანივით შესეოდა მის ძვლებს.

ნიავმა წამოუბერა და ცხვირში უსიამო სუნი ეცა. თავისთვის თქვა: „აქ მუნიციპალური ნაგავსაყრელია“. შემდეგ იფიქრა: „თუ გვამებს აქ დავყრი, დილით მათ აუცილებლად აღმოაჩენენ და სახაზინო წესით დამარხავენ“. მანქანის საჭე მოატრიალა და მრავალი მანქანის ბორბლებით გატკეპნილ კვალს მიჰყვა, გზას ქვიშაში მიიკვალავდა. შემდეგ მანქანის ორი დიდი ფარი გამორთო და ნელა იწყო სვლა პატარა სანათურების შუქზე. როცა ზედ წინ ნაგვის მაღალი, შავი გროვები შენიშნა, პატარა სანათურებიც ჩააქრო… მყრალ სუნს მის გარშემო ჰაერი მთლად გაეჯერებინა, თუმცა ამ სუნთან შესაგუებლად დიდი დრო არ დასჭირვებია… მანქანა გააჩერა და ძირს ჩამოვიდა.

ბამბუკი ცოტა ხანს მანქანის გვერდით გაჩერდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ არავინ ხედავდა, შემდეგ ცისტერნის თავზე ავიდა. ის ცივი იყო და ნესტიანი… დაღარული სარქველი ნელა გადაატრიალა და ლიუკის რკინის დისკო მაღლა აზიდა ნაწყვეტ-ნაწყვეტი ჭრიალით… მკლავებს დაეყრდნო და მსუბუქად ჩაძვრა ცისტერნის შიგნით… პირველი გვამი ცივი იყო და რკინასავით გაქვავებული. ბამბუკმა მხრებზე მოიგდო და თავი ლიუკის ხვრელიდან ამოაყოფინა, შემდეგ გვამი მკლავებით ამოსწია და ძირს გადაუშვა. გაიგონა, ყრუ ხმით როგორ დაგორდა ცისტერნის კიდეზე და მერე ქვიშაზე მძიმედ როგორ დაეცა… ბამბუკს საკმაოდ გაუჭირდა, მეორე გვამისთვის რკინის კავს მოჭიდებული ხელები გაეშვებინებინა. შემდეგ ფეხებით წაათრია იგი ლიუკის ხვრელისკენ და თავისი სწორი, ძლიერი მხრების ზემოდან მოისროლა გვამი. გაიგონა მიწაზე მისი დაცემის ხმა… მესამე გვამი პირველ ორზე უფრო მსუბუქი იყო…

ბამბუკი ამოხტა ცისტერნიდან და ლიუკი ნელა დახურა. შემდეგ კიბეს ჩამოუყვა ძირს. უკუნი სიბნელე იყო გარშემო. ბამბუკმა შვება იგრძნო, რადგან ეს სიბნელე სახეების დანახვას აარიდებდა თავიდან. გვამები სათითაოდ, ფეხებით წამოათრია და იმ გზის თავში დაყარა, სადაც, ჩვეულებრივ, მუნიციპალიტეტის მანქანები ჩერდებოდნენ ნაგვის დასაყრელად, რათა დილაუთენია მოსულ პირველივე მძღოლს ადვილად შეძლებოდა მათი დანახვა.

ბამბუკი მანქანაში თავის სავარძელში ავიდა, ძრავა ჩართო და ნელი უკუსვლით დაიძრა. ცდილობდა, რამდენადაც შეეძლო, თავისი მანქანის ბორბლების კვალი სხვა ანაბეჭდებით გადაეშალა. გადაწყვეტილი ჰქონდა, მთავარ მაგისტრალზე ასე უკუსვლით გასულიყო, რათა ამით კვალი ბოლომდე წაეშალა… მაგრამ დიდი მანძილი არ გაევლო, რომ რაღაცამ გამოაფხიზლა. მანქანის ძრავა ისევ გამორთო და ფეხით დაბრუნდა იქ, სადაც გვამები დაყარა. ჯიბეებიდან ფული ამოუღო მათ და მერვანს საათი მოხსნა. შემდეგ ისევ მანქანასთან დაბრუნდა ფეხის წვერებზე სვლით.

როდესაც ბამბუკი მანქანის კარამდე მივიდა და ფეხი ზემოთ უნდა აედგა, მოულოდნელმა აზრმა იფეთქა მის თავში… სპაზმურმა კანკალმა აიტანა და ადგილზე გახევებული ცდილობდა, რამე მოემოქმედებინა… ან ეთქვა მაინც რამე… ფიქრობდა, რომ ეღრიალა, მაგრამ მაშინვე მიხვდა ამ აზრის უგუნურებას და შეეცადა, მანქანაში მაინც ასულიყო… თუმცა საკმაო ღონე ვერ იპოვა საკუთარ თავში, რომ ეს გაეკეთებინა. იგრძნო, საცაა თავი გაუსკდებოდა. მთელი დაღლილობა, რაც უცაბედად შემოაწვა, თავში აუვარდა და აუხმაურდა. ბამბუკმა თავი ხელებში მოიქცია და თმაში იტაცა ხელი ამ აზრის თავიდან მოსაშორებლად, მაგრამ ის კვლავ იქ რჩებოდა, დიდი, დამაყრუებლად ხმაურიანი, უზარმაზარი… არც იძვროდა და არც ქრებოდა. ბამბუკმა უკან მოიხედა, სადაც გვამები გადაყარა, თუმცა ვერაფერი დაინახა და ამ მზერამ ის აკვიატებული აზრი კიდევ უფრო გაუმძაფრა, ცეცხლი შეუნთო და მისი ალი თავში წაეკიდა… უეცრად ვეღარანაირი ძალით ვეღარ შეძლო ამ აზრის თავში შეკავება, ხელები ჩამოუცვივდა და უკუნ სიბნელეს მთელი ძალით მიაშტერდა. ფიქრი თავიდან ქვემოთ ჩამოუცურდა და ენაზე დაეკიდა:

– რატომ არ აკაკუნებდნენ ცისტერნის კედლებზე?!..

საკუთარი თავის გარშემო დატრიალდა, მაგრამ შეეშინდა, არ დაცემულიყო და მანქანის კიბის საფეხურზე ავიდა თავის სავარძლამდე. თავი საჭეს ჩამოაყრდნო:

– რატომ არ აკაკუნებდნენ ცისტერნის კედლებზე?!.. რატომ არაფერს ამბობდნენ?! რატომ არ აბრახუნებდნენ ცისტერნის კედლებზე?!.. რატომ?!.. რატომ?!..

თარგმანი დარეჯან გარდავაძისა

წყარო: ქანაფანი ღ. კაცები მზეში, “წიგნები ბათუმში”, 2016.

ილუსტრაციის ავტორი: ანუკ ბელუგა

შენიშვნები


[1] უსთაზი (არაბ.) – მასწავლებელი, პროფესორი, ბატონი (მიმართვისას).

[2] ქუფია – მამაკაცის თავსაბური ბედუინებში და ზოგადად, არაბულ აღმოსავლეთში.

[3] ალ-ფათიჰა – ყურანის პირველი სურა, რომელსაც ნიშნობისას კითხულობენ.

[4] ბაკუბა – ქალაქი ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

[5] ზეითა – პალესტინური ქალაქი.

[6] ელ-ქუვეითი – ქუვეითის სახელმწიფოს დედაქალაქი.

[7] ყამ – (არაბ.) ბიძა მამის მხრიდან, გამოიყენება მიმართვის ფორმებში საკუთარ სახელთან ერთად.

[8] მოჯაჰედი (არაბ.)– ჯიჰადის ანუ წმინდა ომის მეომარი, აქ პალესტინელ აჯანყებულებს გულისხმობს.

[9] ატ-ტირა – პალესტინური დასახლება.

[10] ჰაჯი – პილიგრიმი, ვინც ისლამის წმინდა ადგილები მოინახულა. გამოიყენება საპატიო მიმართვის ფორმებში საკუთარ სახელთან ერთად.

[11] აზ-ზუბეირი – ერაყული ქალაქი, ბასრასთან ახლოს.

[12] საფვანი – პატარა ერაყული ქალაქი ერაყ-ქუვეითის საზღვარზე.

[13] ელ-მიტლა – სასაზღვრო პუნქტი ერაყ-ქუვეითის საზღვარზე.

[14] ჰათიმ ატ-ტაი – ლეგენდარული ძველი არაბი ბედუინი პოეტი, ხელგაშლილობით ცნობილი.

[15] აბა / აბაია – ქალის შავი ფერის მოსასხამი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *