ჯეიმს პეტრასი — კულტურული იმპერიალიზმი XX საუკუნის მიწურულს

თანამედროვე სამყაროში ჩვენი ცნობიერება, მისწრაფებები, ოცნებები და ღირებულებები ყალიბდება არა მხოლოდ უშუალო გარემოცვაში, ოჯახურ და სოციალურ ურთიერთობებში, არამედ ­— სულ უფრო მეტად — კულტურული პროდუქციის საშუალებით: ფილმებით, სერიალებით, ტელე და ინტერნეტგადაცემებით, მუსიკალური რგოლებით, ინფორმაციის მიღებისა და თვითგამოხატვისთვის სოციალური ქსელების მიერ შემოთავაზებული გზებით… მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური მიღწევების შედეგად განვითარებულმა ამ მედიუმებმა თითქოს აქამდე არნახული შესაძლებლობები მისცა კაცობრიობას სამყაროს მრავალფეროვნების შემეცნების, კულტურის წარმოების დემოკრატიზაციის მიმართულებით, მისი პირდაპირი და უმთავრესი დანიშნულება და ნაყოფი რეალობიდან გაქცევის, მავნე ილუზიების კვლავწარმოების და ცნობიერებით მანიპულაციის მართლაც არნახული შესაძლებლობების გაჩენაა. კულტურა დღეს, ისე როგორც არასდროს, ცენტრალიზებულია და იმპერიალიზმის სამსახურშია ჩაყენებული.

ჯერ კიდევ კარლ მარქსი წერდა, რომ ის საზოგადოებრივი კლასი, რომელიც ბატონობს პოლიტიკურად და ეკონომიკურად, აგრეთვე ბატონობს იდეოლოგიურადაც, რადგან, გარდა მატერიალური წარმოების საშუალებებისა, იგი ფლობს და აკონტროლებს ინტელექტუალური წარმოების საშუალებებსაც — საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პრესას, ლიტერატურას, ხელოვნებას, რელიგიას და სხვა იდეოლოგიურ ინსტიტუციებს. მოგვიანებით, ეს აზრი საფუძვლად დაედო ანტონიო გრამშის ჰეგემონიის კონცეფციას, რომლის თანახმადაც ბურჟუაზიის ძალაუფლება ძალმომრეობის არა მხოლოდ შიშველ და ტლანქ ფორმებს, არამედ აგრეთვე  არაპირდაპირ და ირიბ იძულებასაც ემყარება — თანხმობას ჩაგრული კლასებისა და ფენების მხრიდან, რომელიც სწორედ ბატონობის იდეოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებით მიიღწევა. ეს კონცეფცია მოქმედებს არამხოლოდ ცალკეული სახელმწიფოს შიგნით გაბატონებულ და ჩაგრულ კლასებს შორის ურთიერთობაში, არამედ საერთაშორისო არენაზეც, გლობალური ეკონომიკური წესრიგის დომინანტ სახელმწიფოებსა და დაქვემდებარებულ ერებს, კაპიტალისტურ მეტროპოლიასა და პერიფერიას შორის ურთიერთობებში. მსოფლიო იმპერიალიზმის ძალაუფლება დგას არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ძალაზე, არამედ „პირველი სამყაროს“ კულტურულ დომინაციაზეც — კულტურულ იმპერიალიზმზე, რომელიც ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალებების ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო დიდ როლს ასრულებდა „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში მეტროპოლიის გაბატონებული კლასებისა და მისი პერიფერიელი ვასალების — კომპრადორული ბურჟუაზიისა და პრივილეგირებული ფენების — ძალაუფლების განმტკიცებაში, მშრომელი და ჩაგრული მასების ყვლეფისა და ექსპლუატაციის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში.

მაშინ, როდესაც რეალურ ცხოვრებასთან შეჯახებისას, კრიზისების გაღრმავებისას ინდივიდუალური კეთილდღეობისა და გადარჩენის შესახებ მასობრივი კულტურით ნასაზრდოები ილუზიები იმსხვრევა, იმედგაცრუების, დეპრესიის, სასოწარკვეთისა და ნიჰილიზმის მარწუხებთან გამკლავების საშუალებად იმპერიალისტური პროპაგანდით გაბრუებულ  ექსპლუატირებულ და ჩაგრულ ფენებს ხშირად ისევ მასკულტის ნაწარმით შთაგონებული ესკაპიზმის სხვადასხვა თვითდესტრუქციული გზები ესახებათ, რადგან გვიჭირს ჩვენი ბედისწერის სოციალური ფესვების დანახვა, ხოლო სამყაროს შესახებ ჩვენს წარმოდგენაში, ისტორიის ჩვენეულ ცოდნაში ვერ ვპოულობთ უსამართლო წესრიგის წინააღმდეგ შეგნებული მასობრივი ბრძოლის მაგალითებს, რომელმაც კაცობრიობა პროგრესისკენ მიმავალ გზაზე დააწინაურა.

სწორედ იმიტომ, რომ ბურჟუაზიული იდეოლოგიური დიქტატის მიერ არა მხოლოდ საგულდაგულოდ იჩქმალება კაპიტალისტური წესრიგის მტაცებლური ბუნება, არამედ აგრეთვე ყალბდება ისტორია და, პირველ რიგში, ჩაგრული მასებისა და მათი ავანგარდის რევოლუციური ბრძოლის ისტორია, რომელიც ან რეგრესის მომტანად, ან ერთი სიავის მეორეთი ჩანაცვლებად ცხადდება.  მისი გავლენით მასებს ინდივიდებისგან შემდგარ ინერტულ ერთობად აღვიქვამთ, ინდივიდებისა, რომელთაც, ყველაზე დიდი რაც შეუძლიათ, არასახარბიელო და მტრულ გარემოებებში ინდივიდუალური გადარჩენაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში — ძალების გაერთიანება, შეკავშირება და საკუთარი ბედის კოლექტიურად განსაზღვრა. კონტრეჰეგემინიური ბრძოლის ერთ-ერთ ამოცანად სწორედ ისტორიის გულდასმით გადახედვა და თანასწორი საზოგადოებისთვის ორგანიზებული ბრძოლის გამოცდილებების შესწავლა გვესახება.

***

ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მემარცხენე და ანტიიმპერიალისტი სოციოლოგისა და პუბლიცისტის, „მესამე სამყაროს“ რევოლუციური მოძრაობების აქტიური მხარდამჭერის, მემარცხენე პოლიტიკოსების სალვადორ ალიენდეს, ანდრეას პაპანდრეუსა და — ახლო წარსულში — უგო ჩავესის მრჩევლის, ჯეიმს პეტრასის სტატია აღწერს თანამედროვე დასავლური კულტურული იმპერიალიზმის ბუნებას, მის ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ამოცანებს, იმ როლს, რომელსაც იგი „გლობალური სამხრეთის“ ხალხების მასობრივი პოლიტიკური წინააღმდეგობის მინელებასა და ნეიტრალიზებაში ასრულებს. გარდა კულტურული კოლონიალიზმის დამღუპველი ზემოქმედების აღწერისა, ავტორი ზოგად კონტურებში მასთან დაპირისპირების გზებსაც მოხაზავს.

მიუხედავად სტატიის სიძველისა (იგი 90-იანი წლების დასაწყისშია დაწერილი და გამოქვეყნებული), მასში გამოთქმულ თეზისებსა და ანალიზსს ოდნავადაც არ გასვლია ყავლი, პირიქით,  გვიანი იმპერიალისტური კაპიტალიზმის ის ტენდენციები, რომელთაც პეტრასი თავის ტექსტში უკეთებს ფორმულირებას, — ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულაციების ტექნიკები, — კიდევ უფრო მძლავრი და ყოვლისმომცველი გახდა. ამიტომ მემარცხენე, რევოლუციური ძალების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას იმპერიალიზმთან კულტურულ ველზე დაპირისპირებაც წარმოადგენს.

რედაქცია


 

 შესავალი

აშშ-ის კულტურულ იმპერიალიზმს ორი მთავარი ამოცანა აქვს — ერთი ეკონომიკური, მეორე — პოლიტიკური: დაიპყროს ბაზრები თავისი კულტურული საქონლისთვის და დაამყაროს ჰეგემონია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მეშვეობით. გართობის ექსპორტი ერთ-ერთია კაპიტალის დაგროვებისა და გლობალური მოგების იმ უმნიშვნელოვანეს წყაროთაგან, რომლებიც ანაცვლებს სამრეწველო პროდუქციის ექსპორტს. პოლიტიკის სფეროში კულტურული იმპერიალიზმი მთავარ როლს ასრულებს იმაში, რომ ადამიანები სწყდებიან თავიანთ კულტურულ ფესვებსა და სოლიდარობის ტრადიციებს, მათ ადგილს კი იკავებს მასმედიის მიერ შექმნილი „მოთხოვნილებები“, ყოველ პროპაგანდისტულ კამპანიასთან ერთად რომ იცვლება. ამის პოლიტიკური შედეგი ტრადიციული კლასობრივი და საზოგადოებრივი კავშირებისგან ხალხის გაუცხოება, ინდივიდების ატომიზება და ერთმანეთისაგან დაშორიშორებაა.

კულტურული იმპერიალიზმი აქცენტს სვამს მუშათა კლასის დანაწევრებულობაზე, აქეზებს რა სტაბილურად დასაქმებულ მშრომელებს დროებით დასაქმებული მუშებისგან განცალკევებისკენ; ეს უკანასკნელნი კი, თავის მხრივ, ემიჯნებიან უმუშევრებს, რომლებიც, „იატაკქვეშა ეკონომიკის“ ფარგლებში, კიდევ უფრო მეტად სეგმენტირებულნი არიან. კულტურული იმპერიალიზმი ჩააგონებს მშრომელ ადამიანებს, თავი იერარქიის ნაწილად წარმოიდგინონ, წამოსწევს რა წინა პლანზე ცხოვრების წესის, რასისა თუ სქესის იმ უმნიშვნელო განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებიც მათზე დაბლა მყოფთაგან გამოარჩევთ, და არა — იმ უზარმაზარ უთანასწორობას, ზემდგომთაგან რომ აშორებთ.

კულტურული იმპერიალიზმის უმთავრესი მიზანი ახალგაზრდობის პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპლუატაციაა. იმპერიალისტური გართობის ინდუსტრია და რეკლამა სამიზნე აუდიტორიად ირჩევს ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაუცველნი აშშ-ის კომერციული პროპაგანდის ზემოქმედებისგან. გზავნილი მარტივი და ცხადია:  „თანამედროვედ ყოფნა“ ნიშნავს აშშ-ის მედიანაწარმის მოხმარებას.  ახალგაზრდობა, რომელიც ყველაზე ადვილად ექცევა მომხმარებლურ-ინდივიდუალისტური პროპაგანდის გავლენის ქვეშ, ამერიკის კულტურული საქონლის ექსპორტის მთავარ ბაზარს წარმოადგენს. მასმედია — მემარცხენეების ენის მითვისებისა და აღვირახსნილი მომხმარებლობის კალაპოტში უკმაყოფილების მოქცევის საშუალებით — მანიპულირებს საყმაწვილო მეამბოხეობით.

კულტურულ იმპერიალიზმს ახალგაზრდობა სჭირდება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვისაც: კერძოდ, იმ საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდუალური ამბოხის გადაქცევამ კონტროლის ეკონომიკური და კულტურული ფორმების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ აჯანყებად.

გასული ათწლეულის განმავლობაში პროგრესული მოძრაობები პარადოქსის წინაშე აღმოჩნდნენ: მაშინ, როდესაც „მესამე სამყაროს“ ხალხის უმრავლესობა განიცდიდა ცხოვრების სტანდარტების გაუარესებას, სოციალური და პირადი დაუცველობის ზრდასა და საჯარო მომსახურებების ჩამოშლას (ხოლო შეძლებული უმცირესობა არნახულად მდიდრდებოდა), სუბიექტურ პასუხად ამ ყველაფერზე მხოლოდ აქა-იქ იფეთქებდა ხოლმე აჯანყებები; ხანგრძლივი, თუმცა ლოკალური მოქმედებები და მცირეხნიანი ფართომასშტაბიანი გამოსვლები. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი მხრივ, მზარდ უთანასწორობასა და სოციო-ეკონომიკურ გარემოპირობებს და, მეორე მხრივ, რევოლუციური თუ რადიკალური სუბიექტური რეაქციის სისუსტეს შორის ღრმა უფსკრულია. „მესამე სამყაროში“ „ობიექტური პირობების“ მომწიფებას არ მოჰყოლია ზრდა იმ სუბიექტური ძალებისა[I], რომელთაც სახელმწიფოსა თუ საზოგადოების გარდაქმნის უნარი ექნებოდათ. აშკარაა, რომ საზოგადოებრივ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასა და პოლიტიკურ ცვლილებებს შორის არ არსებობს „ავტომატური“ კავშირი. კულტურული ინტერვენცია (ყველაზე ფართო გაგებით — იდეოლოგიის, ცნობიერების, სოციალური მოქმედების ჩათვლით) ის უმნიშვნელოვანესი რგოლია, რომელიც ობიექტურ პირობებს აქცევს შეგნებულ პოლიტიკურ ბრძოლად. უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს, იმპერიალისტ პოლიტიკოსებს თავიანთ მოწინააღმდეგეებზე ბევრად უკეთ ესმით პოლიტიკური პრაქტიკის კულტურული განზომილების მნიშვნელობა.

კულტურული ბატონობა და გლობალური ექსპლუატაცია

იმპერიალიზმი უბრალოდ კონტროლისა და ექსპლუატაციის სამხედრო-ეკონომიკური სისტემა როდია. კულტურული ბატონობა გლობალური ექსპლუატაციის ნებისმიერი მყარი სისტემის განუყოფელი ნაწილია.

 „მესამე სამყაროს“ მიმართ კულტურული იმპერიალიზმი შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც სახალხო მასების კულტურულ ცხოვრებაში დასავლეთის მმართველი კლასის სისტემატური შეღწევა და გაბატონება, რომლის მიზანიც ჩაგრული ხალხის ღირებულებების, ქცევის, ინსტიტუციებისა და იდენტობის იმპერიალისტური კლასების ინტერესებზე მორგებაა.

კულტურული იმპერიალიზმი ვლინდება როგორც „ტრადიციული“, ისე თანამედროვე ფორმებით. წინა საუკუნეებში, მკვიდრი მოსახლეობის ცნობიერების მორჩილებისა და ერთგულების იდეებით  ინდოქტრინაციაში (ღვთაებრივი თუ აბსოლუტისტური პრინციპების სახელით) მთავარ როლს ეკლესია, განათლების სისტემა და ძალაუფლების ორგანოები ასრულებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული იმპერიალიზმის ეს „ტრადიციული“ მექანიზმები ჯერ კიდევ მუშაობს, ამჟამინდელი ინსტიტუციებისაგან ამოზრდილი ახალი თანამედროვე საშუალებები იმპერიული ბატონობისთვის სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დღეს ეს როლი მასმედიამ, საინფორმაციო გადაცემებმა, რეკლამამ, ტელევარსკვლავებმა და ინტელექტუალებმა გადაიბარეს. თანამედროვე მსფოლიოში ჰოლივუდს, სი-ენ-ენსა და დისნეილენდს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ვატიკანს, ბიბლიასა თუ პოლიტიკური მოღვაწეების პიარ-რიტორიკას.

კულტურული შეღწევა გადაჯაჭვულია სამხედრო-პოლიტიკურ ბატონობასა და ეკონომიკურ ექსპლუატაციასთან. შეერთებული შტატების ინტერვენციებს ცენტრალურ ამერიკაში იმ გენოციდური რეჟიმების მხარდასაჭერად, რომლებიც მის ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურებიან, თან ახლავს მძლავრი კულტურული ექსპანსია.  აშშ-ის მიერ დაფინანსებული ევანგელისტები იჭრებიან ინდიელების სოფლებში, რათა იქაურ გლეხებს მორჩილების მცნებები ჩააგონონ. მოშინაურებული ინტელექტუალებისთვის ეწყობა საერთაშორისო კონფერენციები, რომლებზეც „დემოკრატიასა და თავისუფალ ბაზარზე“ მიდის მსჯელობა. ესკაპისტური ტელე-შოუები თესავენ ილუზიებს „სხვა სამყაროდან“. კულტურული შეღწევა — ესაა ანტიპარტიზანული ომის გაგრძელება არასამხედრო საშუალებებით. 

კულტურული კოლონიალიზმის ახალი თავისებურებანი

თანამედროვე კულტურულ კოლონიალიზმს უწინდელი ფორმებისგან რამდენიმე ნიშან-თვისება განასხვავებს:

1. ის მიმართულია მასობრივი აუდიტორიის მოზიდვაზე და არა უბრალოდ ელიტების გადმობირებაზე;

2. მასმედია, კერძოდ, ტელევიზია, იჭრება ოჯახში და ფუნქციონირებს, როგორც „შიგნიდან“ და „ქვემოდან“, ისე „გარედან“ და „ზემოდან“;

3. თანამედროვე კულტურული კოლონიალიზმის გავრცელების არეალი მთელი მსოფლიოა, მისი შედეგი — გაერთგვაროვნება: უნივერსალიზმის საბურველი მხოლოდ იმპერიული ძალაუფლების სიმბოლოების, მიზნებისა და ინტერესების შენიღბვას ემსახურება;

4. მასმედია, როგორც კულტურული იმპერილიზმის იარაღი, დღეს მხოლოდ ფორმალურად არის „კერძო“: სახელმწიფოსთან ოფიციალური კავშირის არქონა უბრალოდ სამართლებრივი შირმაა; სინამდვილეში, კერძო მასმედიები, „ახალი ამბებისა“ და „გასართობი შოუების“ სახით, იმპერიალისტური სახელმწიფოების ინტერესებს ატარებენ;

5. თანამედროვე იმპერიალიზმის პირობებში, პოლიტიკური ინტერესები იმპერიის მიერ ჩაგრულთა საშუალებით ვრცელდება. „ახალი ამბების რეპორტაჟების“ ყურადღების ფოკუსში ცენტრალურ ამერიკაში მებრძოლი დაქირავებული გლეხი-ჯარისკაცებისა[II] და სპარსეთის ყურეში მეომარი მომღიმარსახიანი ღარიბი ამერიკელი შავკანიანების პირადი ბიოგრაფიებია მოქცეული[1];

6. იმის გამო, რომ დაურეგულირებელ კაპიტალიზმში მშვიდობისა და კეთილდღეობის დაპირებებს სინამდვილეში არსებული სიღატაკისა და ძალადობისგან სულ უფრო მზარდი უფსკრული აშორებს, მასმედიებმა თავიანთ გადაცემებში კიდევ უფრო მეტად შეზღუდეს ალტერნატიული ხედვების გაჟღერების შესაძლებლობა. ტოტალური კულტურული კონტროლი და რეალური კაპიტალიზმის სისასტიკისა და თავისუფალი ბაზრის ყალბი დაპირებების სრული შეუსაბამობა ერთი მედლის ორი მხარეა;

7. იმისათვის, რომ გამოაცალოს ძალა კოლექტიურ წინააღმდეგობას, კულტურული კოლონიალიზმი ცდილობს, გაანადგუროს ეროვნული იდენტობები ან დააცარიელოს ისინი ნამდვილი საზოგადოებრივ-ეკონომიკური შინაარსისგან. იმისათვის, რომ მოსპოს სახალხო სოლიდარობა, კულტურული იმპერიალიზმი პროპაგანდირებს „მოდერნულობის“ კულტს, როგორც გარეგნულ სიმბოლოებთან შესაბამისობას. „ინდივიდუალობის“ სახელით თავს ესხმიან საზოგადოებრივ კავშირებს, პიროვნებები კი მასმედიის კარნახით იცვლიან სახეს. მაშინ, როცა იმპერიის იარაღი ხლეჩს სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო ბანკები ძარცვავენ ეკონომიკას, იმპერიული მასმედია ადამიანებს ესკაპისტური იდენტობებით ამარაგებს.

კულტურული იმპერიალიზმი ქმნის საზარელ დემონურ კარიკატურებს მისი მოწინააღმდეგე რევოლუციონერებისა და, ამავდროულად, ხელს უწყობს პროდასავლური ქვეყნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების კოლექტიური მეხსიერებიდან ამოშლას. დასავლური მასმედიები არასდროს შეახსენებენ თავიანთ აუდიტორიას ანტიკომუნისტური პროამერიკული რეჟიმების მიერ მოწყობილ მასობრივ ხოცვა-ჟლეტებს: 100 000 ინდიელისა — გვატემალაში, 75 000 მშრომელისა — ელ სალვადორში და 50 000 მსხვერპლისა — ნიკარაგუაში.  მასმედიები ჩქმალავენ იმ უდიდეს უბედურებას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს დაატეხა თავს თავისუფალმა ბაზარმა, გააღატაკა რა მილიონიობით ადამიანი.

მასმედია: პროპაგანდა და კაპიტალის დაგროვება

ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალებები ჩრდილოამერიკული კაპიტალის სიმდიდრისა და ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რამდენადაც მისი საკომუნიკაციო ქსელები მთელს მსოფლიოსაა მოდებული. უმდიდრესი ჩრდილოეთ ამერიკელები, რომელთა რაოდენობაც სულ უფრო მატულობს, მოგებას ძირითადად მასმედიებიდან ნახულობენ.  400 უმდიდრესი ამერიკელიდან იმათი რიცხვი, ვისი შემოსავალიც მასმედიებს უკავშირდებოდა, 1982 წელს 9,5 %-დან 1989 წელს 18 %-დე გაიზარდა. დღეს თითქმის ხუთიდან ერთი ჩრდილოეთ ამერიკელი მიალიარდერი თავის სიმდიდრეს მასმედიიდან იღებს. კულტურულმა კაპიტალიზმმა ჩაანაცვლა მრეწველობა, როგორც აშშ-ში სიმდიდრისა და გავლენის წყარო.

მასმედია გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური და სოციალური კონტროლის გლობალური სისტემის განუყოფელი ნაწილი, ისევე როგორც ზემოგებების მთავარი წყარო. იმდენად, რამდენადაც „მესამე სამყაროში“ იზრდება ექსპლუატაციის, უთანასწორობისა და სიღარიბის დონე, დასავლეთის მიერ კონტროლირებადი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ იმისკენ, რომ კრიტიკული საზოგადოება პასიურ ბრბოდ გადააქციონ. დასავლური მედიების ცნობადი სახეები და მასობრივი სანახაობები შესაძლო პოლიტიკური მღელვარების თავიდან არიდების მნიშვნელოვან საშუალებად გადაიქცა. რეიგანის პრეზიდენტობამ გამოამჟღავნა ის ცენტრალური როლი, რომელსაც პოპულარული, მაგრამ პოლიტიკურად რეაქციონერი მსახიობების მეშვეობით მედია-მანიპულაციები ასრულებს — მოვლენა, რომელიც შემდეგ ლათინურ ამერიკასა და აზიაში გავრცელდა.

ლათინურ ამერიკაში ტელევიზორების რაოდენობის ზრდა, შემოსავლების შემცირება და მასობრივი ბრძოლის მინელება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ლათინურ ამერიკაში, 1980-1990 წლებში, ტელევიზორების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 40 %-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც რეალური საშუალო შემოსავალი 40 %-ით შემცირდა, ხოლო იმ ნეოლიბერალი პოლიტიკური კანდიდატების უმრავლესობამ, რომლებიც ძლიერ დამოკიდებულნი არიან სატელევიზიო იმიჯებზე, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ღარიბ ფენებში მასმედიის სულ უფრო და უფრო ღრმად შეღწევა, ამერიკული კომპანიების გაზრდილი ინვესტიციები კულტურული საქონლით ვაჭრობასა და პირადი მოხმარებისა და თავგადასავლების ილუზორული სანახაობით მასობრივი აუდიტორიის დაპურებაში და აქედან მიღებული უზარმაზარი მოგება განსაზღვრავს კულტურული იმპერიალიზმის ახლანდელ გამოწვევებს.

აშშ-ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ორგვარი გაგებით აუცხოებენ „მესამე სამყაროს“ ხალხს. ისინი ქმნიან „საერთაშორისო“ და „კლასებს შორის“ კავშირების ილუზიას. ტელევიზიის საშუალებით მყარდება ყალბი და მოჩვენებითი სიახლოვე წარმატებულ მედიასახეებსა და გარეუბნებში მცხოვრებ გაღატაკებულ მაყურებლებს შორის. ეს კავშირები ქმნიან შესაძლებლობას პირადი პრობლემების ინდივიდუალური გადაჭრის იდეის პროპაგანდირებისა. გზავნილი ცხადზე ცხადია: მსხვერპლები თავად არიან დამნაშავენი თავიანთ სიღარიბეში, წარმატება პირად მონდომებაზეა დამოკიდებული. ლათინურ ამერიკაში წამყვანი ტელესადგურები, ამერიკული და ევროპული ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალებები გაურბიან ახალი კულტურული იმპერიალიზმის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფესვებისა და იმ შედეგების ნებისმიერ კრიტიკას, რომელიც მან მოიტანა, ჩააგდო რა დროებით დაბნეულობასა და უძრაობაში  მილიონობით გაღატაკებული ლათინოამერიკელი.

ენის პოლიტიკა

კულტურულმა იმპერიალიზმმა მემარცხენეებთან დაპირისპირებისა და ჰეგემონიის დამყარებისთვის ორმაგი სტრატეგია შეიმუშავა. ერთი მხრივ, იგი ცდილობს, შერყვნას მემარცხენეების პოლიტიკური ენა, ხოლო მეორე მხრივ, გულგრილი გახადოს ფართო საზოგადოება დასავლური მთავრობების მიერ ჩადენილი საშინელი ბოროტმოქმედებების მიმართ.

1980-იან წლებში დასავლური მასმედიები გეგმაზომიერად ისაკუთრებდნენ მემარცხენეების ძირითად იდეებს, აცლიდნენ მათ ნამდვილ შინაარსს და ავსებდნენ რეაქციონერული მესიჯებით. მაგალითად, ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალებები „რეფორმატორებად“ და „რევოლუციონერებად“ მოიხსენიებდნენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც კაპიტალიზმის აღდგენისა და სოციალური უთანასწორობის გაღვივებისკენ ისწრაფვოდნენ, მათ ოპონენტებს კი „კონსერვატორების“ იარლიყს აკრავდნენ. კულტურული იმპერიალიზმი, პოლიტიკური ენის შინაარსის თავდაყირა დაყენებით, ცდილობდა, ხელი შეეწყო იდეოლოგიური არევ-დარევისა და პოლიტიკური დაბნეულობისთვის. ამ იდეოლოგიურმა მანიპულაციამ მრავალ პროგრესულ პიროვნებას აურია თავგზა. შედეგად, ისინი მარტივად ექცეოდნენ იმ იმპერიალისტი იდეოლოგების მოწოდებების გავლენის ქვეშ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტერმინები „მემარცხენე“ და „მემარჯვენე“ მოკლებულია ყოველგვარ საზრისს, რომ მათ შორის აღარ არსებობს არანაირი განსხვავება, რომ იდელოგიებს აღარ გააჩნიათ შინაარსი. კულტურულ იმპერიალისტებს იმედი აქვთ, რომ მემარცხენეების ენის შერყვნითა და „მემარცხენეობისა“ და „მემარჯვენეობის“ ცნებების საზრისის დამახინჯებით, ძირს გამოუთხრიან ანტიიმპერიალისტური მოძრაობების პოლიტიკურ მოწოდებებსა და პოლიტიკურ პრაქტიკას.

კულტურული იმპერიალიზმის მეორე სტრატეგიას საზოგადოების მგრძნობელობის დახშობა  და დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობების ჩვეულებრივ, მისაღებ მოვლენებად ქცევა წარმოადგენდა. მაგალითად, მასობრივ დაბომბვებს ერაყში ვიდეო თამაშების ფორმით წარმოადგენდნენ. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ტრივიალიზების საშუალებით საზოგადოებას წაართვეს ის ტრადიციული რწმენა, რომ ადამიანების ტანჯვა დაუშვებელია. ომის ახალი ხერხების წინა პლანზე წამოწევით, მასობრივი მედია განადიდებს დასავლური ელიტების ძალაუფლებას — ომის წარმოების უახლეს ტექნოლოგიებს. დღეს კულტურული იმპერიალიზმი მოიცავს „ახალი ამბების“ შეტყობინებებს, რომლებშიც მასობრივი განადგურების იარაღს ადამიანური ნიშან-თვისებები მიეწერება, ხოლო „მესამე სამყაროს“ ჩაგრული ადამიანები უპიროვნო „აგრესორ-ტერორისტებად“ არიან წარმოჩენილნი.

გლობალურ კულტურულ მანიპულაციებს აძლიერებს პოლიტიკის ენის დამახინჯება. აღმოსავლეთ ევროპაში, თაღლითები და მაფიოზები, რომლებმაც დაისაკუთრეს მიწა, საწარმოები და სიმდიდრე, „რეფორმატორებად“ იწოდებიან, კონტრაბანდისტები — „ინოვაციურ მეწარმეებად“. დასავლეთში, სამსახურში აყვანისა და დათხოვნის უფლების სრულად მენეჯმენტისთვის მინიჭებას, შრომის გაზრდილ მოწყვლადობასა და დაუცველობას „სამუშაო ძალის მოქნილობა“ ეწოდება. „მესამე სამყაროში“, ეროვნული წარმოების გიგანტური ტრანსნაციონალური მონოპოლიებისთვის მიყიდვას „მონოპოლიების დაშლას“ ეძახიან. „რეკონვერსია“ XIX ს.-ის შრომის პირობებთან დაბრუნებისა და ყოველგვარი სოციალური შემწეობის გაუქმების ევფემიზმია. „რესტრუქტურიზაცია“ ნიშნავს კვლავ ნედლეულის წარმოებაზე გადასვლას ან შემოსავლების გადატანას წარმოებიდან სპეკულაციაში. „დერეგულაცია“ — ესაა ეკონომიკის რეგულირების უფლების ჩამორთმევა სახელმწიფოსთვის და მისი მინიჭება საერთაშორისო საბანკო სისტემისა და ტრანსნაციონალური მმართველი ელიტისთვის.  „სტრუქტურული გარდაქმნები“ ლათინურ ამერიკაში გულისხმობს ინვესტორებისთვის რესურსების გადაცემას და შრომის ანაზღაურების შემცირებას. მემარცხენეების ცნებები (რეფორმა, აგრარული რეფორმა, სტრუქტურული ცვლილებები) იმთავითვე შემოსავლების გადანაწილებაზე იყო მიმართული. ეს ცნებები სისტემამ მიითვისა და გადააქცია დასავლური ელიტების ხელში სიმდიდრის, მოგებისა და ძალაუფლების თავმოყრის სიმბოლოებად. და, რა თქმა უნდა, იმპერიალიზმის ყველა კერძო კულტურული დაწესებულება აფართოებს და პროპაგანდირებს ამ ორუელიანურ დეზინფორმაციას. ახლანდელმა კულტურულმა იმპერიალიზმმა გააუხამსა განმათავისუფლებელი ბრძოლის ენა, გადააქცია რა იგი რეაქციის სიმბოლოების ნაკრებად.

კულტურული ტერორიზმი: ლიბერალიზმის ტირანია

როგორც დასავლური სახელმწიფო ტერორიზმი ცდილობს, გაანადგუროს სოციალური მოძრაობები[2], რევეოლუციური მთავრობები[3] და დაქსაქსოს სამოქალაქო საზოგადოება[4], ზუსტად ისე ანადგურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და კერძო ბანკების კონსორციუმების მიერ განხორციელებული ეკონომიკური ტერორიზმი[III] ადგილობრივ მრეწველობას, სპობს საჯარო საკუთრებას და უმოწყალოდ ანგრევს დაქირავებული მშრომელებისა და მათი ოჯახების ცხოვრებას. კულტურული ტერორიზმი პასუხისმგებელია ადგილობრივი კულტურული ღონისძიებებისა და ხელოვანების ფიზიკურ გადაადგილებაზე. კულტურული ტერორიზმი, სარგებლობს რა „მესამე სამყაროს“ მოსახლეობის ფსიქოლოგიური სისუსტეებითა და ღრმა შფოთვებით, კერძოდ, „ჩამორჩენილობის“, „ტრადიციულობისა“ და ჩაგრულობის განცდით, თავს ახვევს „მობილობისა“ და „თავისუფალი გამოხატვის“ ახალ სურათხატებს, ანადგურებს ძველ ოჯახურსა და საზოგადოებრივ კავშირებს და, ამასთანავე, ამყარებს კორპორაციების ძალაუფლებასა და კომერციულ ბაზრებთან გადაჯაჭვული დიქტატორული მთავრობებს ახალ ხუნდებს. ტრადიციულ შეზღუდვებსა და ვალდებულებებზე იერიშის მიტანა ის მექანიზმია,  რომლითაც კაპიტალისტური ბაზარი და სახელმწიფო ძალაუფლების ერთადერთ და უმაღლეს ცენტრად გადაიქცევა. კულტურული იმპერიალიზმი „თვითგამოხატვის“ სახელით თრგუნავს „მესამე სამყაროს“ ხალხს, რომელსაც ეშინია „ტრადიციულის“ იარლიყის; იგი უკლასო „თანამედროვეობის“ ცრუ სურათხატებით აცდუნებს მათ და მანიპულირებს მათით. კულტურული იმპერიალიზმი ეჭვქვეშ აყენებს ყველა აქამდე არსებულ ურთიერთობას, რომელიც წინ ეღობება თანამედროვეობის ერთადერთი წმინდა ღვთაების — ბაზრის მეუფებას. „მესამე სამყაროს“ ხალხებს ართობენ, აიძულებენ, აქეზებენ, რომ გახდნენ „თანამედროვენი“, დაემორჩილონ კაპიტალისტური ბაზრის მოთხოვნებს და უარი თქვან მოსახერხებელ, ტრადიციულ, თავისუფალ და მოხდენილ სამოსზე, რათა იგი შეუსაბამო და მოუხერხებელი ვიწრო ლურჯი ჯინსებით ჩაანაცვლონ.

კულტურული იმპერიალიზმი ყველაზე უკეთ კოლონიზებული შუამავლების, კულტურული კოლაბორაციონისტების, მეშვეობით ფუნქციონირებს. მათ პროტოტიპს წარმოადგენენ „მესამე სამყაროს“ წარმატებული სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ ბატონთა სტილს იმიტირებენ. ეს კოლაბორაციონისტები — ტიპური ავტორიტარული პიროვნებები — ფეხქვეშ ეგებიან დასავლეთს, ხოლო თავიანთ ხალხს ქედმაღლურად შესქერიან. ბანკებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების ხელშეწყობით, სახელმწიფოსა და ადგილობრივი მასმედიების წყალობით ისინი უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობენ. დასავლეთის მიბაძვით, ისინი მკაცრად იცავენ უთანასწორო კონკურენციის წესებს და თავისუფალი ვაჭრობის სახელით თავიანთ ქვეყანასა და ხალხს უმოწყალო ექსპლუატაციისთვის სწირავენ. გამოჩენილი კულტურული კოლაბორაციონისტების რიგებს მიეკუთვნებიან ინტელექტუალები, რომლებიც, ობიექტური სოციალური მეცნიერების ჟარგონს ამოფარებულნი, უარყოფენ კლასობრივი ბატონობისა და იმპერიალისტური კლასობრივი ომის არსებობას.  ისინი აფეტიშებენ ბაზარს, როგორც სიკეთისა და ბოროტების უზენაეს მსაჯულს. „რეგიონალური თამაშრომლობის“ რიტორიკის გამოყენებით, კონფორმისტი ინტელექტუალები თავს ესხმიან მუშათა კლასსა და ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებიც ზღუდავენ კაპიტალის მოძრაობას, და მათი მომხრეების იზოლაციასა და მარგინალიზებას ეწევიან.

დღეს, მთელს „მესამე სამყაროში“, დასავლეთის მიერ დაფინანსებულმა ინტელექტუალებმა „შემთანხმებლობის“ (კლასობრივი თანამშრომლობის) იდეოლოგია აღიარეს. იმპერიალიზმი (ანუ მეტროპოლიის მიერ პერიფერიის ბუნებრივი რესურსებისა და სამუშაო ძალის ექსპლუატაცია)  ურთიერთდამოკიდებულების ცნებამ ჩაანაცვლა[IV]. ხოლო დაურეგულირებელი მსოფლიო ბაზარი განვითარების ერთადერთ ალტერნატივად არის წარმოჩენილი. მთელი ირონია კი ისაა, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, „ბაზარი“ ყველაზე არახელსაყრელია „მესამე სამყაროსთვის“. აშშ, ევროპა და იაპონია არასდროს ეწეოდნენ „მესამე სამყაროს“ ასეთ გააფთრებულ ექსპლუატაციას. ობიექტური სინამდვილისაგან ინტელექტუალების გაუცხოება დასავლური კულტურული იმპერიალიზმის ბატონობის გვერდითი ეფექტია. ხოლო კრიტიკულად მოაზროვნე ინტელექტუალების წინაშე, რომლებიც უარს ამბობენ ბაზრის განდიდებაში მონაწილეობაზე და არ მიეკუთვნებიან ოფიციალურ საკონფერენციო წრეებს, დგას ამოცანა — კვლავ დაუბრუნდნენ კლასობრივ და ანტიიმპერიალისტურ ბრძოლას.

 

ჩრდილოეთამერიკანიზაცია და საერთაშორისო კულტურის მითი

ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ტყუილი იდეების, ბაზრებისა და მოძრაობების „ინტერნაციონალიზაციის“ შესახებ არსებული წარმოდგენაა. სოლიდარობის, ერთობის და/ან საზოგადოებრივი ღირებულებების ნებისმიერ ფორმაზე თავდასხმის გასამართლებლად მოდური გახდა ისეთი ტერმინების მოშველიება, როგორიცაა „გლობალიზაცია“ ან „ინტერნაციონალიზაცია“. „ინტერნაციონალიზმის“ ნიღაბს ამოფარებულნი, ევროპა და აშშ იმ კულტურული კლიშეების მთავარი ექსპორტიორები გახდნენ, რომლებიც ყველაზე მეტად უწყობენ ხელს ყოველდღიური არსებობის დეპოლიტიზაციასა და შინაარსისგან დაცლას. ინდივიდუალური წარმატების, „დამოუკიდებელი პიროვნების“ ხატები, აქცენტი „ეგოცენტრულ არსებობაზე“ (რომელთაც მასობრივად აწარმოებს და ავრცელებს აშშ-ის მედიაინდუსტრია) ამჟამად „მესამე სამყაროზე“ გაბატონების მთავარ საშუალებებად იქცა. ნეოლიბერალიზმი იმიტომ კი არ ყვავის, რომ პრობლემებს უმკლავდება, არამედ იმიტომ, რომ ამა სოფლის ძლიერთა ინტერესებს ემსახურება და ნიადაგს პოულობს იმ გაღარიბებული თვითდასაქმებულების ზოგიერთ ფენებში, რომლებითაც სავსეა „მესამე სამყაროს“ ქუჩები.

„მესამე სამყაროს“ კულტურების ჩრდილოეთამერიკანიზაცია ეროვნული მმართველი კლასების კურთხევითა და მხარდაჭერით ხორციელდება, რადგანაც ეს მათ მმართველობის განმტკიცებაში ეხმარება. ახალი კულტურული ნორმები — კერძოს უპირატესობა საჯაროზე, პირადისა — საზოგადოებრივზე, სენსაციურისა და ძალადობრივის — ყოველდღიურ ბრძოლასა და სოციალურ სინამდვილეზე — ხელს უწყობენ ადამიანებში სწორედ ეგოცენტრული ღირებულებების ჩანერგვას, რომლებიც ძირს უთხრიან კოლექტიურ ბრძოლას. იმიჯების, წარმავალი გამოცდილებების, სექსუალური გამარჯვების კულტურა უპირისპირდება აზროვნებას, ვალდებულებას, ერთმანეთისადმი თანაგანცდასა და სოლიდარობას. კულტურის ჩრდილოეთამერიკანიზაცია გულისხმობს ხალხის ყურადღების მიპყრობას შოუბიზნესის ვარსკვლავებზე, ცნობილ პიროვნებებსა და მოარულ ჭორებზე, მაგრამ არა — სოციალურ სიღრმეზე, ეკონომიკურ არსსა და ადამიანის მდგომარეობაზე. კულტურული იმპერიალიზმი ემსახურება ძალაუფლებრივი ურთიერთობებისგან ყურადღების გადატანას და ანგრევს სოციალური მოქმედების კოლექტიურ ფორმებს.

მედიაკულტურა, რომელიც განადიდებს „წარმავალობას“, ასახავს ჩრდილოამერიკული კაპიტალიზმის უთვისტომობას — მის უფლებას, აიყვანოს და დაითხოვოს, გადააადგილოს კაპიტალი სხვა ქვეყნებში ისე, რომ არც კი გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობა.  „თავისუფალი გადაადგილების“ მითი გამოხატავს ადამიანების უუნარობას, დაამყარონ და განამტკიცონ საზოგადოებრივი კავშირები კაპიტალის ცვალებადი მოთხოვნების პირობებში. ჩრდილოეთ ამერიკული კულტურა ხოტბას ასხამს ხანმოკლე, უპიროვნო ურთიერთობებს, როგორც „თავისუფლებას“, როდესაც, სინამდვილეში, ეს მდგომარეობა მასების ზნეჩვეულებების გადაგვარებასა და კორპორაციული კაპიტალიზმის ძალაუფლებისთვის დამორჩილებას გამოხატავს. ჩრდილოეთამერიკანიზაცია აგრეთვე მოიცავს სრულმასშტაბიან იერიშს სოლიდარობის ტრადიციებზე — მოდერნულობის სახელით, კლასობრივ ერთგულებაზე შეტევას — ინდივიდუალიზმის სახელით, დემოკრატიის გაუფასურებას — ცნობადი სახეების პირად ცხოვრებას გადაყოლილი გრანდიოზული მედია კამპანიებით.

ახალი კულტურული ტირანია ემყარება თავისუფალი ბაზრის, მომხმარებლობის ერთფეროვანი კულტურისა და დეგრადირებული საარჩევნო სისტემის ყველგანმსუფევ, უსასრულოდ განმეორებად დისკურსს. ახალი მედიატირანია დგას იერარქიული სახელმწიფოსა და იმ ეკონომიკური ინსტიტუტების მხარდამხარ, რომელთა მარწუხები საერთაშორისო ბანკების სათათბირო დარბაზებიდან ანდებში მდებარე სოფლებამდე აღწევს. „მესამე სამყაროში“ ჩრდილოეთ ამერიკული კულტურული შეღწევის წარმატების საიდუმლო არის მისი უნარი, აწარმოოს იმ გაჭირვებისაგან გაქცევის ფანტაზიები, რომელსაც სწორედ ეს ეკონომიკური და სამხედრო ბატონობის სისტემა წარმოშობს.  ახალი კულტურული იმპერიალიზმის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომერციალიზმის, სექსუალობისა და კონსერვატიზმის ნაერთია, სადაც თითოეული — პირადი მოთხოვნილებების, პიროვნული თვითრეალიზაციის იდეალიზებულ გამოხატულებას წარმოადგენს. „მესამე სამყაროს“ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც ჩაფლულია რუტინულ უსაზრისო შრომაში და, გარემომცველ სიღატაკესა და გადაგვარებაში, ყოველდღიურად თვითგადარჩენისთვის იბრძვის, ჩრდილოეთამერიკული მედიების ფანტაზიები, როგორც ევანგელისტი მქადაგებლები, გამოსახავენ „რაღაც უკეთესს“, აძლევენ იმედს მომავალში უკეთესი ცხოვრებისა ან — სხვათა ბედნიერი სიცოცხლის ჭვრეტით მოგვრილ სიამოვნებას მაინც. 

კულტურული იმპერიალიზმის ზეგავლენა

თუკი გვსურს გავიგოთ, რევოლუციის პირობების მომწიფების მიუხედავად, რატომ არ ხდება რევოლუციური ძვრები, უნდა გავიაზროთ სახელმწიფო ძალადობის, პოლიტიკური ტერორის და იმ კულტურულ-იდეოლოგიური ღირებულებების კოლოსალური ფსიქოლოგიური ზეგავლენა, რომელთაც პროპაგანდირებენ იმპერიალისტური ქვეყნები და რომელთა გავლენის ქვეშაც ექცევიან ჩაგრული ხალხები. 1970–1980-იანი წლების სახელმწიფო ძალადობამ გამოიწვია გრძელვადიანი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ტრავმა  — რადიკალური ინიციატივების შიში, კოლექტივისადმი უნდობლობა, ხელისუფალთა წინაშე უსუსურობის განცდა — იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს ხელისუფალნი სძულთ. ტერორმა ადამიანები პირად ცხოვრებაში „ჩააბრუნა“.

მოგვიანებით, ნეოლიბერალურმა რეფორმებმა — „ეკონომიკური ტერორიზმის“ ნაირსახეობამ — შედეგად მოიტანა ქარხნების დახურვა, შრომის სამართლებრივი დაცვის გაუქმება, დროებითი სამუშაოების ზრდა, დაბალანაზღაურებადი ინდივიდუალური საწარმოების გამრავლება. ამ პოლიტიკამ კიდევ უფრო დააქუცმაცა მუშათა კლასი და ქალაქის საზოგადოებრივი ჯგუფები. ამ ფრაგმენტაციის, უნდობლობისა და განკერძოების პირობებში, იმპერიალიზმის კულტურულმა პროპაგანდამ ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა მოწყვლადი ხალხის გრძნობების ექსპლუატაციისთვის, აქეზებდა და აღვივებდა რა პიროვნულ გაუცხოებას, ეგოისტურ მისწრაფებებსა და მეტოქეობას ისედაც მწირი რესურსებისთვის.

კულტურულმა იმპერიალიზმმა და მის მიერ პროპაგანდირებულმა ღირებულებებმა უდიდესი წვლილი შეიტანა ექსპლუატირებული ხალხის მიერ თავისი მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ კოლექტიური ბრძოლის დაწყების თავიდან არიდებაში. ის სიმბოლოები, ხატები და იდეოლოგიები, რომლებიც მესამე სამყაროში გავრცელდა, მთავარი დაბრკოლებაა, რომელიც ხელს უშლის კლასობრივი ექსპლუატაციისა და მზარდი გაღატაკების გადაქცევას კოლექტიური მოქმედების კლასობრივად შეგნებულ კერებად. იმპერიალიზმის დიდი გამარჯვება მხოლოდ მატერიალურ სარგებელში კი არ მდგომარეობს, არამედ აგრეთვე ჩაგრულთა ცნობიერების დაპყრობაში: პირდაპირ — მასმედიის საშუალებით და ირიბად — მისი ინტელექტუალებისა და პოლიტიკოსების გადმობირების (ან დანებების) გზით. იმდენად, რამდენადაც მასობრივი რევოლუციური პოლიტიკის აღორძინება შესაძლებელია, მან არა მხოლოდ ექსპლუატაციის პირობებს უნდა გამოუცხადოს ომი, არამედ იმ კულტურასაც, რომელიც იმორჩილებს ექსპლუატირებულს.

კულტურული იმპერიალიზმის საზღვრები

კულტურული კოლონიალიზმის წნეხს თავად სინამდვილე უპირისპირდება: დასავლური ტრანსნაციონალური ბანკების მიერ თავსმოხვეული სიღატაკისა და ექსპლუატაციის პირადი გამოცდილება, პოლიციური და სამხედრო რეპრესიები, განხორციელებული ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღით. ყოველდღიური სინამდვილე, რომელსაც ვერასდროს შეცვლიან ესკაპისტური მედიები. „მესამე სამყაროს“ ხალხის ცნობიერებაში მიმდინარეობს განუწყვეტელი ბრძოლა მასმედიის მიერ ტირაჟირებულ ინდივიდუალურ გაქცევასა და იმ ინსტინქტურ ცოდნას შორის, რომ ამ ყველაფერზე ერთადერთი ქმედითი პასუხი — მხოლოდ კოლექტიური მოქმედება და პასუხისმგებლობაა. საზოგადოებრივი აღმავლობის პერიოდებში იმარჯვებს სოლიდარობა; დამარცხებისა და დაღმასვლის ჟამს კი პირადი გამორჩენის დემონები იწყებენ თარეშს.

კულტურული იმპერიალიზმის მიერ ხალხის ყურადღების გაფანტვისა და თავგზის აბნევის შესაძლებლობასაც აქვს საზღვარი, რომლის იქითაც იწყება მასობრივი მიუღებლობა. ტელევიზიების „უხვი სუფრა“ წინააღმდეგობაში მოდის ცარიელი სამზარეულოს გამოცდილებასთან; ცნობადი სახეების სასიყვარულო თავგადასავლები — სახლებთან, რომლებიც სავსეა ატირებული და მშიერი ბავშვებით. ქუჩის შეტაკებებში კოკა-კოლა მოლოტოვის კოქტეილად გადაიქცევა. კეთილდღეობის დაპირებები შეურაცხმყოფელი ხდება მათთვის, ვინც მუდმივად უარყოფილია. ხანგრძლივი გაღატაკება და საყოველთაო დაქვეითება ფანტავს მედიაფანტაზიების ბრწყინვალებასა და მიმზიდველობას.

კულტურული იმპერიალიზმის ცრუ დაპირებები ხდება საგანი სხვა დროსა და სივრცეში გადატანილი მწარე ხუმრობებისა. კულტურული იმპერიალიზმის მიმზიდველობა შეზღუდულია იმ ადგილობრივი და რეგიონული ერთობების სიმტკიცით, რომელთაც თავიანთი ღირებულებები და ჩვეულებები აქვთ. იქ, სადაც კლასობრივი, რასობრივი, გენდერული და ეთნიკური კავშირები მყარია, ხოლო კოლექტიური მოქმედებების პრაქტიკა — ძლიერი, მასმედიების გავლენა შეზღუდული ან უარყოფილია.

იმდენად, რამდენადაც არსებობს წინამორბედი კულტურა და ტრადიციები, ისინი ქმნიან „ჩაკეტილ წრეს“, იმ სოციალურ და კულტურულ პრაქტიკებს რომ აერთიანებს, რომლებიც მიმართულია შიგნით და ქვემოთ და არა — ზემოთ და გარეთ. მრავალ საზოგადოებაში არსებობს აშკარა მიუღებლობა „მოდერნისტული“ დეველოპმენტალისტურ-ინდივიდუალისტური იდეოლოგიისა, რომელიც თავისუფალი ბაზრის ბატონობასთან ასოცირდება. მტკიცე სოლიდარობისა და ანტიიმპერიალისტური მოძრაობების ისტორიული ფესვები ძევს მყარად შეკავშირებულ ეთნიკურ და პროფესიულ ერთობებში: მადნის მომპოვებელ ქალაქებში, მეთევზეობისა და მეტყევეობის სოფლებში, დიდი ქალაქების სამრეწველო უბნებში. იქ, სადაც შრომას, თემსა და კლასს აერთიანებს კოლექტიური კულტურული ტრადიციები და პრაქტიკები, კულტურული იმპერიალიზმი უკან იხევს. კულტურული იმპერიალიზმის ეფექტურობა დამოკიდებულია არა უბრალოდ მანიპულირების ტექნიკურ ხერხებზე, არამედ  სახელმწიფოს უნარზეც, გააპირუტყვოს და გაათითოკაცოს მოსახლეობა, წაართვას მას იმედები და კოლექტიური რწმენა თანასწორი საზოგადოებისა.

კულტურული გათავისუფლება მოიცავს არა უბრალოდ პიროვნებებისა და კლასების „გაძლიერებას“, არამედ აგრეთვე — იმგვარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს, დაუპირისპირდეს კულტურული დაპყრობის წინმსწრებ სახელმწიფო ტერორს. კულტურული ავტონომია დამოკიდებულია სოციალურ ძალაზე, ხოლო სოციალურ ძალას მმართველი კლასები აღიქვამენ საფრთხედ მათი ეკონომიკური და სახელმწიფო ძალაუფლებისთვის. ისევე, როგორც კულტურული ბრძოლაა ფესვგადგმული ავტონომიის, ერთობისა და სოლიდარობის ღირებულებებში, რომლებიც აუცილებელია სოციალური გარდაქმნებისთვის საჭირო ცნობიერების ფორმირებისთვის, პოლიტიკური და სამხედრო ძალა აუცილებელია კლასობრივი და ეროვნული იდენტობების კულტურული ბაზისის განმტკიცებისთვის.

ყველაზე მთავარი — მემარცხენეებმა ხელახლა უნდა ჩამოაყალიბონ რწმენა და ხედვა ახალი საზოგადოებისა, რომელიც დამყარებული იქნება როგორც მატერიალურ, ისევე სულიერ ღირებულებებზე — არა მარტო შრომის, არამედ აგრეთვე მშვენიერების ღირებულებებზეც; სადაც სოლიდარობა დაკავშირებულია დიდსულოვნებასა და ღირსებასთან; სადაც წარმოების წესი ექვემდებარება მტკიცე ადამიანური კავშირების, მეგობრობის გაძლიერებისა და გაღრმავების ძალისხმევებს.

სოციალიზმმა უნდა აღიაროს განმარტოების, ინტიმური ცხოვრების სურვილი, ისევე როგორც სწრაფვა საზოგადოებრივი და კოლექტიური არსებობისკენ. უპირველეს ყოვლისა, ახალმა ხედვამ უნდა შთააგონოს ადამიანებს, იმიტომ რომ ის ეხმიანება მათ სურვილს — არა მხოლოდ ბატონობისგან გათავისუფლდნენ, არამედ იყვნენ თავისუფლები იმისთვის, რომ შექმნან საზრისის მქონე, უანგარო ემოციურ ურთიერთობებზე დამყარებული, პირადი ცხოვრება, რომელიც ცდება ყოველდღიური შრომის საზღვრებს, თუნდაც ეს შრომა ხალხს ბრძოლის გაგრძელებას შთააგონებდეს. კულტურული იმპერიალიზმი ხარობს სიახლის, დროებითი ურთიერთობებისა და პიროვნებით მანიპულირების ნიადაგზე, მაგრამ არასდროს — ნამდვილ, გულითად კავშირებზე, რომლებიც ეფუძნება პატიოსნებას, გენდერულ თანასწორობასა და სოციალურ სოლიდარობას.

სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში: Economic and Political Weekly (6 აგვისტო, 1994). 

თარგმანი შესრულებულია სტატიის საჟურნალო პუბლიკაციის ელექტრონული ვერსიის მიხედვით: https://www.jstor.org/stable/4401590 

თარგმნა ნორიკ ბადოიანმა

ავტორის შენიშვნები


[1] პიროვნებების სურათები ნიღბავს სახელმწიფოს მიერ ჩადენილ მასობრივ მკვლელობებს, ისევე როგორც ტექნოკრატიული რიტორიკა უძებნის გამართლებას მასობრივი განადგურების იარაღს („გონიერი ბომბები“). იმისათვის, რომ გაამართლოს აგრესია, „დემოკრატიის“ ხანის კულტურულმა იმპერიალიზმმა უნდა გააყალბოს სინამდვილე — მსხვერპლების გადაქცევით აგრესორებად, ხოლო აგრესორებისა — მსხვერპლებად. ამდენად, პანამაში აშშ-ის იმპერიული მთავრობა და მასმედია პანამას გამოსახავდნენ ნარკოტიკულ საფრთხედ ამერიკელი ახალგაზრდობისთვის, პარალელურად კი პანამის მუშათა კლასის დასახლებები იბომბებოდა.

[2] ამის ილუსტრაციად ელ-სალვადორისა და გვატემალას 1980-იანი წლების გამოცდილება გამოდგება.

[3] ნიკარაგუას სანდინისტური მთავრობა 1980-იან წლებში და ალიენდეს პრეზიდენტობის დროინდელი ჩილე ამის სიმბოლოა. 

[4] ურუგვაი და არგენტინა სამხედრო დიქტატურის პირობებში 1970-1980-იან  წლებში.

რედაქციის კომენტარები


[I] საუბარია რევოლუციის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ლენინისეულ კლასიფიკაციაზე. იხ. ტარასოვი ა. თვისი თვისმა არა შეიწყნარა. კომენტარი VI.

[II] იგულისხმება ულტრამემარჯვენე ანტიკომუნისტური გასამხედროებული ჯგუფები, რომელთაც, ჩვეულებრივ, აშშ აფინანსებდა და აიარაღებდა და რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, დაბალი ფენების, მათ შორის, გლეხობის, წარმომადგენლებისგან შედგებოდნენ. მაგალითად, ასეთ ჯგუფს წარმოადგენდნენ ნიკარაგუელი „კონტრას“, რომლებიც 80-იან წლებში სანდინისტების რევოლუციურ ხელისუფლებას ებრძოდნენ.

[III] საერთაშორისო სავალუტო ფონდის და იმ ზომების შესახებ, რომელთაც იგი იყენებს პერიფერიის ქვეყნების მიმართ, იხ. პრაბჰატ პატნაიკის სტატია უკრაინის მაგალითზე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავშირი უკრაინის კრიზისთან.

[IV] ცენტრისა და პერიფერიის „ურთიერთდამოკიდებულების“ შესახებ იხ.: იმპერიალიზმის შესახებ. ფარუქ ჩოდრის ინტერვიუ ჯონ სმიტთან (I, II, III, IV).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *