ივან სტეპანოვ-სკვორცოვი — კაპიტალი და გაზეთები

ივან სკვორცოვ-სტეპანოვი (1870-1928) — ბოლშევიკური პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე,  ეკონომისტი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი, „კაპიტალისა“ და მარქსისა და ენგელსის სხვა ნაშრომების მთარგმნელი და რედაქტორი. 1896 წლიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, აქტიურად მონაწილეობდა პარტიის იატაკქვეშა საქმიანობაში. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გახდა ფინანსთა პირველი სახალხო კომისარი. იყო რიგი რევოლუციამდელი და საბჭოთა პარტიული გამოცემების თანამშრომელი, რედაქტორი და ანტირელიგიური აგიტაციისა და პროპაგანადის ერთ-ერთი მთავარი მოთავე.


კაპიტალი და გაზეთები

(შემოკლებით)

I

ჩვენ უჩვეულო მოვლენას ვადევნებთ თვალს. კაპიტალი სულ უფრო და უფრო თამამად იმორჩილებს ლიტერატურულ წარმოებას და ინდუსტრიის ისეთსავე დარგად აქცევს, როგორიცაა ვაქსისა თუ ჩექმების, არყისა თუ ქალის ტანსაცმლის, ძეხვისა თუ აჭიმების წარმოება.

კაპიტალი სულ უფრო და უფრო ღრმად იმორჩილებს ლიტერატურულ საქმიანობას და ლიტერატორს ისეთსავე კუსტარად აქცევს, როგორიცაა მაღაზიისა თუ შემსყიდველისთვის მომუშავე მელურსმნე და მკერავი, ისეთსავე დაქირავებულ მუშად, როგორიცაა დიდი კაპიტალისტური ფაბრიკის თერძი.

მაგრამ დაქირავებულ მუშასა და ლიტერატორს შორის უზარმაზარი სხვაობაა. მუშა მეფაბრიკეს მხოლოდ თავის სამუშაო ძალას ჰყიდის, დღეში 10-12 საათით. იგი ინახავს თავის სულს, არ ვაჭრობს შეხედულებებით. და შეგნებულობის მიღწევისთანავე გაბედულად ეუბნება კაპიტალისტს: სადაც მთავრდება სამუშაო დრო,  ჩემზე შენი ძალაუფლებაც იქვე მთავრდება.

და კუსტარიც კი, როგორი სუსტიც არ უნდა იყოს იგი თავისი განცალკევებულობის გამოისობით, მაღაზიისთვის მხოლოდ დუჟინი პიჯაკის მიწოდებას, ანდა ასი ბოქლომის დამზადებას იღებს ვალდებულებად. მისი სული თავისუფალი რჩება, სული არ გააქვს ბაზარზე.

მწერალი სრულიად სხვა მდგომარეობაშია. ლიტერატურული კაპიტალისტისთვის მას მიაქვს არა ჩექმა, არამედ აზრები, მოვლენათა შეფასება, თავისი შეხედულებები სინამდვილეზე. მუშისათვის სულერთია მოდის სახეცვლილებანი, რას ითხოვს ბაზარი, დღეს იგი ისეთივე მონდომებით დაამზადებს ცალბორტიან პიჯაკებს ან ვიწროცხვირიან ფეხსაცმელს, როგორც გუშინ აწარმოებდა ორბორტიან სერთუკს ან ფართოცხვირიან ფეხსაცმელს. მწერალს, რომელიც უსწრაფესად ერგება ცვალებად გემოვნებას, „დაქირავებული ლიტერატორის“ სახელი ერქმევა. და ეს სახელი სწორედ იმიტომ ჟღერს სილის გაწნასავით, რომ ლიტერატორის საქმე განუყოფელია მისი სულისგან, მისი შეხედულებებისგან. მწერალი, რომელიც კაპიტალს თავისი სულის დამორჩილების უფლებას აძლევს, არა პროლეტარი, არამედ საცოდავი მონაა.

II

იყო ლიტერატორი-პროლეტარი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იყო ლიტერატორი-მონა; მუშაობდე ლიტერატურული კაპიტალისთვის სულაც არ ნიშანავს იმას, რომ შეხედულებებით ვაჭრობდე.

ბელინსკი, ერთ-ერთი უდიდესი რუსი კრიტიკოსი, მთელი ცხოვრება იყო პროლეტარი ან, უფრო ზუსტად, კუსტარი, რომელიც შემსყიდველისთვის, „ოტეჩესტვენიე ზაპისკის“[1]გამომცემელ კრაევსკისთვის მუშაობდა. მაგრამ აქ კაპიტალისტი ემორჩილებოდა პროლეტარს, აქ ლიტერატურულ მხარეს პროლეტარი განსაზღვრავდა. კრაევსკი განაგებდა ჟურნალის სამეურნეო საქმეებს და სარგებელს იღებდა; ბელინსკი იყენებდა ჟურნალს, როგორც თავისი შეხედულებების პროპაგანდის საშუალებას. ამ ლიტერატორ-პროლეტარს ისეთი სული ჰქონდა, რომელიც ახლობელია ფიზიკურად მშრომელი შეგნებული პროლეტარისთვის.

60-იან და 70-იან წლებშიც ლიტერატურული პროლეტარი საგამომცემლო კაპიტალისთვის მუშაობდა. მაგრამ ეს პროლეტარიატი არასდროს დაუშვებდა ჟურნალის გადაქცევას ორდარაბიან დუქნად, რომლის ერთი დარაბიდან პოლიტიკური შეხედულებების პროპაგანდა იწარმოება, მეორედან კი სკანდალური მონაჩმახები, სამარცხვინო შინაარსის სურათები და სხვა ისეთი პუბლიკაციები გადის, რომლებიც კარგად საღდება უსაქმურებში.

ასეთ გარემოებებში იდეურ გაზეთებსა და ჟურნალებს გამოსცემდნენ  ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც თავიანთი შეხედულებებით ახლოს იყვნენ თანამშრომლებთან; ზოგჯერ გამოცემებს ამხანაგურ საწყისებზე უწევდნენ ორგანიზებას.

ლიტერატორები, ხშირად ჩვეულებრივი მუშებივით ღარიბები, ისეთივე ამაყები იყვნენ, როგორც შეგნებული პროლეტარები. ვერავითარი კაპიტალი ვერ გაბედავდა მათ შეხედულებებზე ხელის აღმართვას. მათი მოღვაწეობა წარმოადგენდა ბრძოლას იდეებისთვის. და ერთადერთი ძალა, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ, იყო ჟურნალისთვის გარეშე ძალა — ცენზურა.

III

კაპიტალისთვის სულერთია, რას აწარმოებს და ყიდის. მისთვის მხოლოდ ერთია მნიშვნელოვანი: ნახოს რაც შეიძლება მაღალი მოგება. და ლიტერატურულ მრეწველობასაც სწორედ სარგებლის მიღებისთვის მიმართვს. თუ დიდი მოთხოვნაა წმინდა მამების ნააზრევზე, — ის რელიგიურ წიგნებს გამოსცემს; თუკი სრულიად სხვა სახის ლიტერატურა უქადის ბრწყინვალე ბრუნვას, იგიმას გაიტანს ბაზარზე. კაპიტალი დაუფარავად ეძებს სარგებელს.

ასეთი ღიად კაპიტალისტური გაზეთები ჩვენთან კარგა ხნის წინ, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გამოჩნდა. ესენი იყო სხვადასხვა სახელწოდების „ცნობის ფურცლები“. მათ „შეხედულებებზე“ საუბარიც კი ზედმეტია. ამ გამოცემათა ამოცანა თავიანთი პუბლიკის „შექცევაა“. ისინი იმ ჯამბაზების, ტაკიმასხარებისა და ოინბაზების, შეხიზნულებისა და ჭორიკნების საქმის გამგრძელებელნი არიან, რომლებიც პატრონყმობის დროს აზნაურთა დიდ კარ-მიდამოებში ბინადრობდნენ. ოღონდ ძველად ისინი მემამულეებს ართობდნენ, ხოლო 80-იან წლებში — მათ ლაქიებსა და მოსკოველი ვაჭრების ცოლებს. ძველად ისინი გასამრჯელოდ იღებდნენ ნარჩენებს ბატონთა სუფრიდან და ერთ ფუთ ფქვილს ბატონთა ბეღლებიდან. დღეს ყველაფერი სხვანაირად არის: ახლა გამომცემელი ფულს საცალო ვაჭრობიდან და გამოწერიდან შოულობს და ტაკიმასხარებს სტრიქონობრივ და ყოველთვიურ ჰონორარს უხდის.

თავადაზნაურთა კარმიდამოებს შეხიზნულნი ართობდნენ ბატონებს მეზობლების პირად ცხოვრებაში ქექვით, გლეხების დაბეზღებით, სისხლიანი მკვლელობების, ტყუპებისა და სამტყუპების, ორთავიანი და სამთავიანი ხბოების დაბადების შესახებ ამბების მოყოლით. გადადიოდნენ რა ერთი სახლიდან მეორეში, ერთი მწყალობელისაგან მეორესთან, ისინი თავიანთი დროის გაზეთები იყვნენ, ცოცხალი „ცნობის ფურცლები“.

მაგრამ თუკი თვალს შეავლებთ ჩვენი უახლესი „ცნობის ფურცლების“ შინაარსსაც,  დაინახავთ, რომ კაპიტალის ხელში გაზეთი თავისი პუბლიკის გამრთობ ბეჭდურ „შეხიზნულად“ არის ქცეული.

IV

ამგვარად, კაპიტალმა,უკვე გასული საუკუნიდან მოყოლებული, შეაღწია ლიტერატურაში. ერთი მხრივ, კაპიტალი მატერიალურად იქვემდებარებს ლიტერატორ-პროლეტარს, მაგრამ იდეური დამორჩილების ნებისმიერი მცდელობისას საშინელ წინააღმდეგობას აწყდება. მეორე მხრივ, ქმნის კალმოსანი მონების არმიას, რომელთაც მისთვის ბაზრის დაპყრობა ევალებათ და რომელთაც მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვებათ: გასავლიანი საქონლის მიწოდება.

პირველი და მეორე სახის გამოცემები გასულ საუკუნეში მკვეთრად იყო გამიჯნული. პროლეტარი ლიტერატორი დროდადრო საშინელ გაჭირვებას განიცდიდა, მაგრამ არასდროს დაეცემოდა ლიტერატურულ მედუქნეობამდე, არ დაიმცირებდა თავს ლიტერატურული ოინბაზობით. ლიტერატურული ზნე-ჩვეულებებიც დიდი სიმკაცრით გამოირჩეოდა. ის ვაჟბატონები, რომელთაც ლიტერატურა მხოლოდ და მხოლოდ სასაქონლო წარმოებად მიაჩნდათ, ვერც იოცნებებდნენ წესიერ საზოგადოებაში მიღებაზე.

მხოლოდ ჩვენს დროში, მხოლოდ ბოლო წლებში გახდა შესაძლებელი იმის ხილვა, თუ როგორ წარმატებულად ცდილობს კაპიტალი იმ უფსკრულის მოსპობას, რომელიც ჰყოფდა პირველი და მეორე ტიპის ლიტერატორებს. ამ მცდელობათა შედეგია გაზეთები, რომლებიც თავის თავს „პროგრესული საქმიანი აზრის არაპარტიულ ორგანოებს“, „უპარტიო პროგრესულ გაზეთებს“ და ა.შ. უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ მათი იდეალი „საზღვარგარეთული დიდი გამოცემებია“. და მართლებიც არიან. კაპიტალისტურად განვითარებულ დასავლეთში ასეთი გაზეთები დიდი ხანია არსებობს.

V

ახალ გაზეთს სურს, იყოს გასავლიანი საქონელი. ამიტომ მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ე.წ. „სენსაციებს“, ანუ ყველაფერს, რასაც სკანდალის სუნი ასდის, რაც იწვევს ხმაურს, აღძრავსმდარე ცნობისმოყვარეობას.

მოხდება მკვლელობა, გამორჩეული თავისი სისასტიკითა თუ გარემოებებით, — დანაშაულის ადგილზე მიემგზავრება „ჩვენი პირადი კორესპონდენტი“. გულისამრევი დაწვრილმანებით აღწერს გვამისა და იმ ოთახის იერს, რომელშიც გვამი ასვენია, გაესაუბრება მეეზოვესა და მოსამსახურეს, გამოჩხრეკს მიცვალებულისა და მისი ცოცხალი ნათესავების პირადი ცხოვრების დეტალებს, სიმართლეს გამონაგონს შეუზავებს, — და გაზეთი სანახევროდ ივსება მისი „ჩამთრევი“ ნაამბობებით. საცალო გასაღება უზრუნველყოფილია.

რამდენიმე დღეში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით მკვლელს აღმოაჩენენ. და „ჩვენი პირადი კორესპონდენტი“ მიიჩქარის, რომ ძაღლის წინაპრებზე, მის აღზრდასა და უწინდელ დამსახურებებზე შეაგროვოს ცნობები. და ვინაიდან უენო ცხოველთან ვერ მოხერხდება ინტერვიუს ჩაწერა, იბეჭდება ძაღლის სურათი. მემამულე შეხიზნულს „ერთი ფუთი მარცვლით“ აჯილდოვებდა, ჩვენი კორესპონდენტი კი სტრიქონობრივად იღებს ჯამაგირს. 

მოგვიანებით ხდება რამე პოლიტიკური მოვლენა, მოქმედ გმირთან მიემგზავრება „ჩვენი კორესპონდენტი“, თითლიბაზურად აღწერს მის მდიდრულ კაბინეტს,  ფუმფულა ხალათს, რბილ ფეხსაცმელს, „ჯიშიან“ ფიგურას, „უზადო სერთუკს“. და გრძნობთ, რომ თქვენ წინაშეა არა გასული საუკუნის ის პროლეტარი ლიტერატორი, რომელიც სრულიად გულგრილი იყო ყოველი გარეგნულის მიმართ, არამედ მონა, ტკბილად რომ ოცნებობს „ფუმფულა ხალათსა“ და „უზადო სერთუკზე“.

რასაკვირველია, აღწერა მხოლოდ შესავალია „ინტერვიუსთვის“, ანუ საუბრისთვის, რომელშიც სხვადასხვა საკითხზე დასმულ უაზრო კითხვებს ასეთივე უაზრო პასუხებს სცემენ. მაგრამ ამ ყველაფერს ისეთი სერიოზულობით წარადგენენ, რომ გულუბრყვილო მკითხველს ეჩვენება, თითქოს მის წინაშე იმ სამყაროს კუნჭული გადაიშლება, რომელშიც „იქმნება ისტორია“.

ზოგჯერ საშინელი პერიოდებია: პოლიტიკური მდუმარება ისადგურებს და ამავდროულად არც „ჩამთრევი“ ყაჩაღობები ხდება და არც სკანდალები. მაშინ ხსნად ევლინებათ „ხმა“, რომელსაც ერთ-ერთი გაზეთი რომელიმე ბნელი წყაროსგან მოისმენს და დანარჩენები უმალ ჩააფრინდებიან. ერთნი წერენ ღრმააზროვან სტატიებს, მეორენი აგროვებენ ცნობებს, მესამენი ეძებენ „მცოდნე პირებს“ ინტერვიუსთვის, და ყველა იგონებს და ამლაშებს, რომ საქონელი უფრო ლამაზი გამოჩნდეს. რამდენიმე კვირის საკვები უზრუნველყოფილია გამომცემლისთვისაც, თანამშრომლებისთვისაც, და წერა-კითხვის მცოდნე ობივატელებისთვისაც…

ეს გაზეთები ნამდვილად უპარტიონი არიან. რომელ პარტიაზეც არ უნდა გავარდეს ყველაზე ამაზრზენი, ყველაზე წარმოუდგენელი ხმა, ისინი მას ყოველგვარი შემოწმების გარეშე გაავრცელებენ, შეალამაზებენ რა გაუგონარი გამონაგონებით. ისინი უპარტიონი არიან, მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური შეხედულებები, მათი პროგრამა — საცალო გაყიდვა და გამოწერაა.

VI

მაგრამ მხოლოდ „სენსაციები“ რომ ყოფილიყო ერთადერთი შინაარსი ჩვენი უახლესი „უპარტიო გაზეთებისა“, ეს უკანასკნელნი არაფრით განსხვავებულნი არ იქნებოდნენ გასული და მიმდინარე საუკუნის „ცნობის ფურცლებისაგან“. მათ დახასიათებაზე დროსაც კი არ დავკარგავდით.

განვლილმა წლებმა[2], რომლებმაც შეაზანზარეს მთელი რუსული საზოგადოება,  ღრმა კვალი დატოვეს. მოსახლეობის ფართო მასების პოლიტიკურ არყოფნაში დაბრუნება უკვე შეუძლებელია. იმ ძველი „ცნობის ფურცლის“ ადგილს, ჭორებითა და აპოლიტიკური ლაყბობით რომ იყო გამოტენილი, იკავებს ახალი გაზეთი, რომელიც თავს იკატუნებს, რომ „არაპარტიულობის“ მიუხედავად, იგი მაინც პოლიტიკური გაზეთია.

ახალი გაზეთები თავს „პროგრესულებს“ უწოდებენ… ისინი ფაციფუცობენ და ფუსფუსებენ ყველა მემარცხენე ჯგუფის გასაერთიანებლად. ღრმააზროვანი იერით, ისინი ერთ ნაწილს ჯიუტობის გამო კიცხავენ, ხოლო მეორეს დამთმობობის გამო აქებენ.

მაგრამ საკმარისია ყურადღებით წაიკითხოთ ეს გაზეთები, — და ისეთ უნიჭობასა და უპრინციპობას, ისეთ უბადრუკ პროვინციალიზმსა და პოლიტიკურ გულგრილობას აღმოაჩენთ, რომ ამგვარი „მხარდაჭერა“ საწყენიც გაგიხდებათ. ეს არა პოლიტიკური ლიტერატურა, არამედ პოლიტიკური თემების კარნახია; და არა იმდენად პოლიტიკურ თემების, რამდენადაც პოლიტიკური თემების ირგვლივ, პოლიტიკური თემების თაობაზე და პოლიტიკური თემებისთვის. ახალი გაზეთი ობივატელს უმეტესად პოლიტიკად შენიღბული პოლიტიკური ჭორებით უტენის ტვინს, ისევე როგორც თეატრი და ლიტერატურაა მისთვის, უპირველეს ყოვლისა, ჭორის — ლიტერატურულისა თუ თეატრალურის — საბაბი.

მაგრამ ამგვარი პოლიტიკაც კი სხვადასხვა მოღვაწეებთან საუბრების, ძაღლებისა და მოჭიდავეების პორტრეტების უბრალო დანართია.

ახალი გაზეთი — ესაა არა „პროგრესული პოლიტიკური აზრის“, არამედ პროგრესული პოლიტიკური გარყვნილების გაზეთი…

“ვესტნიკ ტრუდა”, №2 (1909)

თარგმნა ნორიკ ბადოიანმა

თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: И. Скворцов-Степанов. Избранные сочинения. Т. 1. Л., Государственное издательство. 1930. გვ. 212-218.

რედაქციის შენიშვნები


[1]„ოტეჩესტვენიე ზაპისკი“ (რუს. Отечественные записки) — XIX ს.-ის რუსული ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც 1818-1884 წლებში გამოიცემოდა სანკტ-პეტერბურგში. „ოტეჩესტვენიე ზაპისკისთან“, მისი არსებობის სხვადასხვა პერიოდებში, თანამშრომლობდნენ რუსული კულტურის ისეთი გამოჩენილი წარმომადგენლები, როგორიცაა ვ. ჟუკოვსკი, პ. ვიაზემსკი, ვ. ბელინსკი, მ. ლერმონტოვი, მ. ბაკუნინი, ა. გერცენი, ნ. ნეკრასოვი, მ. სალტიკოვ-შჩედრინი, ი. ტურგენევი და სხვ.

[2]იგულისხმება 1905-1907 წლების რუსეთის რევოლუცია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *