ღასან ქანაფანის ნოველა „ჰაიფაში დაბრუნება“, რომელიც 1967 წლის ისრაელ-არაბთა მესამე ომის (“6-დღიანი ომი”) შემდეგ დაიწერა, არაბულ ენაზე პირველად 1969 წელს გამოქვეყნდა. ეს ნაწარმოები პალესტინელი მწერლის ბოლო დასრულებული ნამუშევარია და უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს მის შემოქმედებაში. იგი, როგორც ქანაფანის სხვა ნაწარმოებები, „ნაქბას“ და ოკუპაციის პრობლემას ეხება. ქანაფანი ნოველის გმირების მონოლოგებისა და დიალოგების საშუალებით ცდილობს, კრიტიკულად გაიაზროს წარსული გამოცდილება, “ნაქბას” მიზეზები და მიანიშნოს მკითხველს გზა, რომელმაც შეიძლება, გათავისუფლებამდე მიიყვანოს. განსხვავებით ნოველისგან “კაცები მზეში”, “ჰაიფაში დაბრუნება” პალესტინელთა წინააღმდეგობის თვისებრივად ახალ ეტაპს ასახავს, როდესაც ყველა იმედი “გარედან” ხსნაზე გადაწურულია და ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ თავად პალესტინელთა შეიარაღებული ბრძოლაა.
1948 წლის მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ ისრაელი ოკუპირებულ პალესტინაში ავლებს საზღვრებს, ე.წ. მწვანე ხაზს და პალესტინელ დევნილებს აწ უკვე ისრაელის საზღვრების ლეგალურად გადაკვეთის უფლებას აძლევს. საიდი და საფია, პალესტინელი ცოლ-ქმარი, მშობლიური ჰაიფას მოსანახულებლად მიემგზავრებიან, მაგრამ მათი მიზანი მხოლოდ ქალაქის ნახვა არ არის — სიონისტურმა ოკუპაციამ, სამშობლოს გარდა, მათ ცხოვრების სხვა უძვირფასესი ნაწილიც წაართვა. ჰაიფა კი ისევ ისეთია, როგორიც ახსოვთ: დამპყრობლებს, კვეხნის მიუხედავად, უკეთეს ქალაქად არ უქცევიათ. მათი ბინაც ისეთივეა, როგორიც დატოვეს. ახალ მობინადრეს, პოლონეთიდან დევნილ, საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებებს გადარჩენილ, ებრაელ ქვრივ ქალს ბევრი არაფერი შეუცვლია.
ეს ერთდროულად ტრაგიკული და აღტაცების მომგვრელი, ნოსტალგიური და მწარე ემოციებით გაჯერებული მგზავრობა ცოლ-ქმარს მრავალ კითხვაზე აპოვნინებს პასუხს, მათი დაბნეულობა იფანტება და ცხადად ჩნდება სინამდვილე, რომელიც მათგან მტკიცე გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ბრძოლისა და იდეების ერთგულებისკენ ავტორი სინამდვილის მრავალმხრივობის მხატვრული ასახვითა და ჩაგრული ადამიანისადმი თანაგრძნობით მოუწოდებს თავის გმირებსა და მკითხველს.
რედაქცია
ჰაიფაში დაბრუნება
1
როდესაც იერუსალიმიდან თავისი მანქანით მომავალმა საიდ ს-მ ჰაიფას მისადგომებს მიაღწია, ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ რაღაცამ ენა დაუბა და ისიც დადუმდა. იგრძნო, შიგნიდან მოწოლილმა წუხილმა როგორ აავსო. წამით უკან დაბრუნების ფიქრმა შეიპყრო. ისე, რომ ცოლისკენ არც გაუხედავს, მიხვდა, რომ ის ჩუმად ტიროდა. მოულოდნელად ზღვის ხმა წამოვიდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში იყო. მეხსიერება ნელ-ნელა კი არ დაუბრუნდა, არამედ შიგნით, თავში, ოთახის კედელივით ჩამოიშალა და გროვად ჩამოხვავდა. ამბები, მოვლენები მოულოდნელად და ერთბაშად მოასკდა, ერთიმეორეს დაეყარა და მისი სხეული აავსო. გულში გაიფიქრა, რომ საფია, მისი ცოლი, ზუსტად იმავეს გრძნობდა და ამიტომაც ტიროდა.
მას მერე, რაც დილაუთენია რამალა დატოვა, ლაპარაკი არ შეუწყვეტია. ცოლიც განუწყვეტლივ ლაპარაკობდა. მანქანის შუშის მიღმა მზერა გადარბოდა ველ-მინდვრებზე. აუტანელი სიცხე იყო. იგრძნო, შუბლი ზუსტად ისე უხურდა, როგორც ასფალტი იწვოდა მისი მანქანის ბორბლებქვეშ. თავზე მზე წამოსდგომოდა, ივნისის საშინელი მზე, თავისი მრისხანების კუპრს რომ ავლებდა თავზე დედამიწას.
მთელი გზა ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, ცოლს უყვებოდა ყველაფერს – ომზე, დამარცხებაზე, მანდელბაუმის კარიბჭეზე, ტრაქტორებით რომ გადაუარეს; მტერზე, რამდენიმე საათში რომ მოაღწია მდინარე იორდანემდე, სუეცის არხამდე, დამასკოს მისადგომებამდე; ცეცხლის შეწყვეტაზე, რადიოზე, ჯარის მიერ ნივთებისა და ავეჯის ძარცვაზე; კომენდატის საათით თავისუფალი გადაადგილების აკრძალვაზე; თავის ბიძაშვილზე, ქუვეითში რომ იყო და ნერვიულობა კლავდა; მეზობელზე, რომელმაც გუდა-ნაბადი აიკრა და გაიქცა; სამ არაბ ჯარისკაცზე, რომლებიც ორი დღე მარტოდმარტო იბრძოდნენ ავგუსტა ვიქტორიას საავადმყოფოს მახლობლად მდებარე ბორცვზე; ტანსაცმელშემოძარცვულ კაცებზე, იერუსალიმის ქუჩებში ხელჩართულ ბრძოლებში რომ გადაშვებულიყვნენ; გლეხზე, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, როგორც კი რამალას ყველაზე დიდ სასტუმროსთან შენიშნეს. ცოლიც ლაპარაკობდა, ბევრ სხვა ამბავს ჰყვებოდა. მთელი გზა არც ერთს ენა არ გაუჩერებია. ახლა კი, როცა ჰაიფას შესასვლელს მოაღწიეს, ორივე ერთბაშად დადუმდა. აღმოაჩინეს, რომ არცერთ მათგანს კრინტი არ დაუძრავს იმაზე, რის გამოც ისინი აქ ჩამოვიდნენ!
და აი, ჰაიფა, ოცი წლის შემდეგ…
1967 წლის 30 ივნისს ფერფლისფერი მანქანა „ფიატი“, თეთრი იორდანული ნომრებით, გზას მიიკვლევდა ჩრდილოეთისკენ იმ ველის გავლით, რომელსაც ოცი წლის წინ იბნ ამირის ველი ერქვა, ჰაიფას სამხრეთ შესასვლელისკენ სანაპირო გზას შესდგომოდა. და როდესაც გზა გადაჭრა და ცენტრალურ ქუჩაზე შევიდა, საიდის მეხსიერების კედელი ჩამოინგრა და გზას ცრემლის ფარდა ჩამოეფარა. გაიგონა საკუთარი ხმა, ცოლს ეუბნებოდა:
– საფია, ესაა ჰაიფა!..
იგრძნო, საჭე დაუმძიმდა ხელებში, რომლებიც ოფლს დაეცვარა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. თავში გაურბინა აზრმა, ეთქვა ცოლისთვის: „მე ვიცნობ მას, ამ ჰაიფას, თუმცა ის არ მიცნობს მე!“, მაგრამ გადაიფიქრა, არადა, სულ ცოტა ხნის წინ გაუელვა თავში ამ ფიქრმა. ცოლს კი უთხრა:
– იცი, მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში წარმომედგინა, რომ მანდელბაუმის კარიბჭე ერთ დღეს გაიღებოდა… მაგრამ ვერასდროს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ უკუღმა, სხვა მხრიდან გაიხსნებოდა! ეს თავში რატომ უნდა მომსვლოდა! ამიტომაც, როცა მათ გააღეს იგი, ეს ამბავი შემაშინებლად და ამაზრზენად მეჩვენა, უფრო მეტად კი, სრულიად დამამცირებლად… შესაძლოა, გიჟი ვიყო, ამას რომ გეუბნები, მაგრამ ყველა კარი ერთი მხრიდან უნდა იღებოდეს! ხოლო თუ კარი მეორე მხრიდან იღება, ის კარი ჯერ ისევ დაკეტილი მგონია – ასეთია ჭეშმარიტება!
ცოლს მიუბრუნდა, მაგრამ ის აღარ უსმენდა, გზის გამალებული თვალიერებით გართულიყო, ხან მარჯვნივ მიაშტერდებოდა, სადაც, სადამდეც კი თვალი სწვდებოდა, ნათესები გადაჭიმულიყო; ხანაც მარცხნივ, სადაც ზღვა იყო, რომელიც ოც წელზე მეტი შორს იყო მათგან, ახლა კი აქვე ხმაურობდა. უცებ ქალმა თქვა:
– ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მას კიდევ ვნახავდი!
– შენ არც ხედავ მას, ისინი გაჩვენებენ! – მიუგო კაცმა.
ქალს ნერვებმა უმტყუნა და ეს პირველად მოხდა. უეცრად იყვირა:
– რას ფილოსოფოსობ მთელი დღე?! ხან კარიბჭეო, ხან – ჩვენებაო და სხვა რამეები… რა გჭირს?!
– რა მჭირს?!
ეს თავისთვის, გულში თქვა და აკანკალდა, მაგრამ ნერვები მოთოკა და ისევ წყნარად უთხრა ცოლს:
– ოკუპაციის დამთავრებისთანავე გახსნეს საზღვრები, მაშინვე და ერთბაშად. არც ერთ ომში ეს არ მომხდარა ისტორიაში. იცი, ის საშინელება, რაც 1948 წლის აპრილში მოხდა, რაც ახლა ხდება და შემდეგაც მოხდება, რატომაა? ჩემი და შენი ლამაზი თვალებისთვის ხომ არა! არა! ეს ყველაფერი ომის ნაწილია! ისინი გვეუბნებიან: მობრძანდით და ნახეთ, რამდენად კარგები ვართ თქვენზე, რამდენად უფრო პროგრესულნი! თქვენ ისღა დაგრჩენიათ, შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ჩვენით აღტაცებულნი უნდა გვემსახუროთ!.. მაგრამ ხომ შენი თვალით ნახე, რომ არაფერი შეცვლილა… არადა, ჩვენ შეგვეძლო ბევრად უკეთესად გაგვეკეთებინა…
– მაშ, რატომ ჩამოხვედი?!
კაცმა ქალს მრისხანედ გადახედა და ისიც დადუმდა. თვითონ თუ იცის ნეტავ, რას კითხულობს?! განა თვითონ არ იყო, წამოსვლას რომ სთხოვდა?! მთელი ოცი წელი გაურბოდა ამაზე საუბარს, მაგრამ წარსულმა ამოხეთქა, როგორც ვულკანი ამოიფრქვევა ხოლმე…
მანქანა ჰაიფას ქუჩებში რომ მიჰყავდა, იქ ჯერ კიდევ ომის სუნი იდგა, რაღაცნაირად – შეფარვით, გამაღიზიანებლად და მაპროვოცირებლად. შემხვედრი სახეები სასტიკი და გაუცხოებული ეჩვენა. ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ ჰაიფას ქუჩებში მანქანას მართავდა და არ უგრძვნია, რომ იქ რამე შეიცვალა. ყოველი ქვა ნაცნობი იყო მისთვის, ყოველი გზაგასაყარი. რა დიდხანს თელავდა ამ გზებს 1946 წლის მოდელის მისი მწვანე „ფორდი“! მისთვის ჰაიფა კვლავ კარგად ნაცნობია! ახლა გრძნობს, რომ არ გაუცხოებია მას ოცი წლის მანძილზე. თავისი მანქანა ისევე მიჰყავს, როგორც ამას ადრე აკეთებდა, თითქოს აქ არყოფნის ეს მწარე წლები არც ყოფილა!..
სახელები ისე მოეჯარა თავში, თითქოს მათ მტვრის სქელი ფენა გადააცალესო: ვადი ან-ნასნასი, მეფე ფეისალის ქუჩა, ალ-ჰანატირის მოედანი, ალ-ჰასილა, ალ-ჰადარი… ერთბაშად ყველაფერი ერთმანეთში აერია, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და ცოლს ჩუმი ხმით ჰკითხა:
– კეთილი, აბა საიდან დავიწყოთ?
ცოლი კვლავ დუმდა. კაცმა გაიგონა მისი ისეთი დაბალი ხმით ტირილი, სიჩუმეს რომ ჰგავდა. გულში გაისიგრძეგანა ის ტკივილი, ქალს რომ სტანჯავდა და მიხვდა, თავად არ შეეძლო ამ ტანჯვის ზუსტად ჩაწვდომა, მაგრამ ის კი იცოდა, რომ დიდი ტკივილი იყო, ოცი წლის დაგროვილი და ახლა წარმოუდგენელ, დაუჯერებელ გოლიათად წამომართული ქალის შიგანში, თავში, გულში, მეხსიერებასა და წარმოდგენებში და მთელ მის მომავალს განკარგავდა. საკუთარი თავისა გაუკვირდა, როგორ არასოდეს უფიქრია, რას ნიშნავდა ეს ტკივილი და რა ზომით იყო იგი ჩამალული ქალის სახის ნაოჭებში, მის თვალებსა და გონებაში! რამდენად სდევდა თან ქალს ეს ტკივილი მის მიერ შეჭმულ ყოველ ლუკმაზე, ყოველ ქოხმახში, სადაც კი უცხოვრია, ყოველ მზერაში, რომელიც კი მას შვილების, ქმრის ან საკუთარ თავისთვის შეუვლია! ახლა კი ამ ყველაფერმა ამოხეთქა ნანგრევებიდან, დავიწყებიდან და მოგონებათა ნაღველიდან და ქალის ცხოვრების მანძილზე განცდილი სულ მცირე, ორი მწარე დამარცხების ნაშალად მოზვავდა.
უეცრად მოვიდა წარსული, დანასავით ბასრი და ალესილი. მეფე ფეისალის ქუჩის ბოლოში მანქანით შეუხვია (მისთვის ქუჩებს სახელები ჯერაც არ შეცვლოდა) და იმ გზაჯვარედინისკენ აიღო გეზი, საიდანაც გზა მარცხნივ პორტისკენ ჩადიოდა, მარჯვნივ კი ვადი ან-ნასნასისკენ მიემართებოდა. ამ დროს შეიარაღებული ჯარისკაცების ჯგუფი შენიშნა რკინის შლაგბაუმის წინ, წამით მოჰკრა მათ თვალი და რაღაც შორეული აფეთქების ხმა გაისმა, მას ტყვიების გასროლა მოჰყვა. უცებ საჭე ხელებში აუკანკალდა და მანქანა კინაღამ ტროტუარზე ავარდა. ბოლო მომენტში თავი ხელში აიყვანა. შეესწრო, ვიღაც ბიჭი ქუჩაზე როგორ გადარბოდა და ამ დროს საზარელი წარსული გამოეცხადა მთელი თავისი ხმაურით და პირველად მთელი ამ ოცი წლის მანძილზე დეტალებში აღიდგინა, რაც მაშინ მოხდა; ისე, თითქოს ხელახლა გამოიარაო ყველაფერი… 1948 წლის 21 აპრილს, ოთხშაბათ დილას ქალაქი ჰაიფა არაფერს ელოდა, იმის მიუხედავად, რომ ფარულ დაძაბულობას შეეპყრო.
მოულოდნელად აღმოსავლეთიდან, ალ-ქირმალის ბორცვებიდან ქვემეხის გასროლის ხმა მოვიდა და ჭურვებმა იწყეს გადაფრენა ქალაქის ცენტრის თავზე და არაბულ კვარტლებში ცვენა…
ჰაიფას ქუჩები ქაოსმა მოიცვა. ქალაქში პანიკა გავრცელდა, დაიკეტა დუქნები, სახლების ფანჯრები.
საიდ ს. ქალაქის შუაგულში იყო, როდესაც ტყვიების ზუზუნი და აფეთქებების ხმა გაისმა, ჰაიფას ცას რომ მისწვდა. შუადღემდე კვლავ მოულოდნელი რჩებოდა ის ფაქტი, რომ ეს ფართომასშტაბიანი შეტევა იყო. მხოლოდ შუადღისას შეეცადა პირველად, რომ მანქანით შინ დაბრუნებულიყო, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ ეს შეუძლებელი იყო. პერიფერიული ქუჩებით მიდიოდა და ცდილობდა, მოკლეზე მოეჭრა გზა ალჰალისასკენ, სადაც მისი სახლი იყო. თუმცა ბრძოლის მასშტაბი ფართოვდებოდა, თანდათან ხედავდა შეიარაღებულ ხალხს, განაპირა ქუჩებიდან ცენტრისკენ რომ მირბოდნენ და პირიქით. მათი მოძრაობა იმ მითითებებს ემორჩილებოდა, მეგაფონებიდან რომ გაისმოდა ხან აქ და ხან იქ. რაღაც მომენტებში საიდი გრძნობდა, რომ უმისამართოდ მიიჩქაროდა. ბარიკადებით, ტყვიების წვიმით ან ჯარით გადაკეტილი პატარა ქუჩები, ვერც კი გრძნობდა, ისე მიაქანებდა მას მხოლოდ ერთი მიმართულებით. რამდენჯერ არ ეცადა დაბრუნებოდა თავის მთავარ კურსს! აირჩევდა რომელიმე პატარა ქუჩას და აღმოაჩენდა, რომ რაღაც უხილავი ძალის წყალობით, ისევ იმ ერთ გზაზე ბრუნდებოდა და ეს იყო სანაპიროსკენ მიმავალი გზა.
წლისა და ოთხი თვის დაქორწინებული იყო საფიაზე და პატარა სახლს ქირაობდა ამ კვარტალში, რომელიც ჩათვალა, რომ ყველაზე უსაფრთხო და წყნარი იყო. და ახლა უეცრად იგრძნო, რომ იქამდე ვერ მიაღწევდა… იცოდა, რომ მის ახალგაზრდა ცოლს უჭირდა საოჯახო საქმეებს გამკლავებოდა. მას შემდეგ, რაც ის სოფლიდან ჩამოიყვანა, ვერა და ვერ შეგუებოდა დიდ ქალაქში ცხოვრებას და იმ სირთულეებს, რაც შემაშინებლად და გადაულახავად ეჩვენებოდა… საკითხავია, რა შეიძლება მოსვლოდა მას ახლა?!..
დაბნეული იყო და გარკვევით არ იცოდა, სად მიდიოდა ბრძოლა და როგორ. ყველაფერი, რაც იცოდა, ის იყო, რომ ინგლისელები ჯერ ისევ აკონტროლებდნენ ქალაქს და მოვლენების საბოლოო სახით განვითარება დაახლოებით სამი კვირის შემდეგ იყო ნავარაუდები, როდესაც ბრიტანელები დაიწყებდნენ გასვლას მათ მიერ განსაზღვრულ ვადაში.
როგორც არ უნდა ეჩქარა წინ წასვლა საიდს, ის სავსებით აცნობიერებდა, რომ უნდა მორიდებოდა ჰერცლის ქუჩასთან დამაკავშირებელ შემაღლებულ რაიონებს, სადაც თავიდანვე ებრაელები იყვნენ კონცენტრირებულნი. მეორეს მხრივ, ასევე უნდა აერიდებინა თავი სავაჭრო ცენტრისთვის, რომელიც ალჰალისას კვარტალსა და ალ-ლანაბის ქუჩას შორის მდებარეობდა და ებრაელთა შეიარაღების პუნქტი იყო.
ამრიგად, ის ცდილობდა, სწრაფად შემოევლო სავაჭრო ცენტრისთვის, რათა ალ-ჰალისამდე მიეღწია. წინ კი ედო გზა, რომელიც ვადი ალ-ნასნასით მთავრდებოდა და ძველ ქალაქზე გადიოდა.
უცებ ყველაფერი ერთმანეთში აერია და სახელები ერთმანეთს გადაეჯაჭვა: ალ-ჰალისა, ვადი რაშმია, კოშკი, ძველი ქალაქი, ვადი ან-ნასნასი… იგრძნო, რომ სრულიად დაიბნა და სვლის ორიენტირი დაკარგა. სროლა გაძლიერდა და მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე, შორს იყო სროლის ადგილებიდან, გაარჩია, რომ ინგლისელი ჯარისკაცები ზოგ გასასვლელს გადაკეტდნენ და სხვებს კი ხსნიდნენ.
ჩანს, რაღაცნაირად ის ძველ ქალაქში აღმოჩნდა და რაღაც უცნობი ძალით იქიდან სამხრეთისკენ, სტენტონის ქუჩისკენ გაეშურა. ახლა უკვე იცოდა, რომ ორას მეტრზე ნაკლები აშორებდა ალ-ჰალულის ქუჩიდან, ზღვის სუნიც კი შეიგრძნო. მხოლოდ ახლაღა გაახსენდა, რომ მის ვაჟს, პატარა ხალდუნს, სწორედ იმ დღეს შეუსრულდა ხუთი თვე. უეცრად გაურკვეველმა შფოთვამ შეიპყრო. ეს ერთადერთი რამაა, რომლის შეგრძნების გემოსაც ენის ქვეშ არ მიუტოვებია იგი თვით ამ წუთებამდე, იმ პირველად განცდილიდან ოცი წლის შემდეგაც კი!
განა ასეთ ტრაგედიას მოელოდა?! აქ ყველაფერი ერთმანეთში აირია. წარსული შეიჭრა აწმყოში და ორივე შეერია ბოლო ოცი წლის ფიქრებს, ფანტაზიებს, წარმოსახვებს და განცდებს. განა ხვდებოდა? განა გრძნობდა ამ საშინელებას, სანამ ის მოხდებოდა?! ხანდახან საკუთარ თავს ეუბნებოდა: დიახაც! ვიცოდი ეს ყველაფერი მანამდე, სანამ მოხდებოდა. ზოგჯერ კი თავს ეტყოდა: არა! ამის წარმოდგენა მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია, რაც ის უკვე მოხდა. შეუძლებელია, ამგვარი საშინელების მოლოდინი მქონოდა!
საღამოს ბინდი ქალაქის თავზე წვებოდა. არ იცოდა, ქალაქის ქუჩებში წოწიალში რამდენი საათი გაატარა, ერთი ქუჩიდან მეორეზე რომ ბრუნდებოდა. ახლა უკვე ცხადი გახდა – მათ პორტისკენ ერეკებოდნენ! მთავარი ქუჩის განაყარი პატარ-პატარა ქუჩები უკვე სრულიად გადაეკეტათ და თუკი შეეცდებოდა რომელიმეზე გაჭრას შინ დაბრუნების განზრახვით, უხეშად იგერიებდნენ შაშხანის ლულით ან ხიშტით.
ცას ცეცხლი მოსდებოდა და ახლომახლო თუ შორეული ტყვიების, ბომბებისა და ჭურვების ხმებად სკდებოდა. თითქოს თავად ეს ხმებიც კი პორტისკენ მიერეკებოდა ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ რამე კონკრეტულზე კონცენტრირების უნარი არ ჰქონდა, მაინც ხედავდა, ხალხის მასას ყოველ ნაბიჯზე როგორ ნელ-ნელა ემატებოდა და როგორ მჭიდროვდებოდა იგი. განაპირა ქუჩებიდან ხალხი პორტისკენ მიმავალი მთავარი ქუჩისკენ მოექანებოდა – კაცები, ქალები, ბავშვები, ზოგი მცირე ბარგით ხელში, ზოგიც ხელცარიელი, ზოგი მტირალი და ზოგიც სრულ დაბნეულობაში, უღონო დუმილით. საიდი გაქანებული ხალხის ტალღაში ჩაიკარგა და საკუთარ ნაბიჯებზე კონტროლი დაკარგა. ახლაც ახსოვს, როგორ მიეშურებოდა ზღვისკენ, თითქოს ეს დაბნეული, მტირალი მასა მიაქანებდა და არაფერზე ფიქრი აღარ შეეძლო. თავში მხოლოდ ერთი სურათიღა უტრიალებდა კედელზე ჩამოკიდებულივით – ცოლის, საფიასა და ვაჟის, ხალდუნის სახე.
წუთები გადიოდა ტაატით, ულმობლად. ახლა ეს მხოლოდ დაუჯერებელ, მტანჯველ კოშმარად ჩანს. პორტის რკინის კარიბჭე გადალახა, სადაც ბრიტანელი ჯარისკაცები ერეკებოდნენ ხალხს და იქიდან დაინახა, ხალხი ჯგუფ-ჯგუფად როგორ ხტებოდა ნავმისადგომთან წყალში მომლოდინე პატარა ნავებში. ისე, რომ არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, გადაწყვიტა, ნავებამდე არ მისულიყო და უეცრად, სიგიჟით შეპყრობილივით, ან პირიქით, ხანგრძლივი სიგიჟის შემდეგ ერთბაშად გონს მოგებულივით, შუაგულ ხალხის ბრბოში შემოტრიალდა და მთელი დარჩენილი ძალ-ღონით დაიწყო უკან, რკინის ჭიშკრისკენ გზის გაკვალვა.
როგორც მაღალი მთიდან გადმომსკდარი მქუხარე ნიაღვრის დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე, საიდი გზას მიარღვევდა მხრებით, მკლავებით, ფეხებით, თავით. ხალხის ნაკადი ჩაითრევდა და ნაბიჯებით უკან დაახევინებდა, ის კი ბრუნდებოდა და კვლავ წინ მიიწევდა, მიექანებოდა ერთგვარი გამძვინვარებით, როგორც დევნილი ცხოველი, გაუვალ გზას რომ მიიკვლევს ხშირ, დაბურულ ჭალაში. მის თავზე კი კვამლი, მოთქმა, ჭურვების ზუზუნის, ტყვიების წივილის ხმა ყვირილს და ზღვის ხმაურს შერეოდა, ნაბიჯების ბრაგაბრუგს, წყლის ტალღაზე ნიჩბის ტყლაშუნს…
ნუთუ ეს ყველაფერი მართლა ოცი წლის წინ იყო?!
საიდს შუბლი ცივმა ოფლმა დაუცვარა. მანქანას მართავდა, ფერდობს შესდგომოდა. არ ეგონა, მოგონება სულ რაღაც წამებში ასეთი გადარეული გრგვინვა-ხმაურით თუ დაუბრუნდებოდა. თვალი ჩუმად ცოლისკენ გააპარა. ქალს სახე ჩამოგრძელებოდა და სიყვითლე გადაჰკრავდა. თვალებიდან ცრემლი სდიოდა. თავისთვის გაიფიქრა: უეჭველია, ისიც იმავე დღეს იხსენებს ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა თვითონ სულ ახლოს იყო ზღვასთან და ის კი, სულ ახლოს – მთასთან. მათ შორის კი შიშის ზარსა და დაბნეულობას გაება თავისი უხილავი ძაფები ყვირილის, ძრწოლისა და შეუცნობლის დაგუბებული ჭაობის თავზე.
როგორც არაერთხელ უთქვამს ამ განვლილი წლების მანძილზე, ქალი მაშინ ფიქრობდა ქმარზე. როცა აწივლდნენ ტყვიები და ხალხი ალაპარაკდა იმაზე, რომ ინგლისელები და ებრაელები ჰაიფას წმენდდნენ, ქალი უნუგეშო შიშმა შეიპყრო.
ის ფიქრობდა ქმარზე, როცა ქალაქის შუაგულიდან ომის ხმებმა იწყეს მოღწევა, რადგან ქმარი იქ ეგულებოდა. გრძნობდა, რომ თავად უფრო უსაფრთხოდ იყო. ერთხანს შინ რჩებოდა, მაგრამ როცა ქმრის არყოფნა გაგრძელდა, გზისკენ გაეშურა ისე, რომ ზუსტად არც იცოდა, რა უნდოდა. თავიდან ფანჯრიდან იყურებოდა, მერე აივნიდან, თითქოს მაშინღა იგრძნო, რომ ვითარება სრულიად შეიცვალა. შუადღიდან მოყოლებული, ძლიერი ცეცხლის ალი ავარდა ალ-ჰალისას ბორცვებიდან. გრძნობდა, სრულიად ალყაშემორტყმული იყო, მხოლოდ კიბეზე დაშვება და გაქცევაღა დარჩენოდა. ისიც პირდაპირ გზისკენ გაეშურა, მთავარი ქუჩის მიმართულებით. ეჩქარებოდა, მომავალი ქმარი დაენახა, მის გამო შიში და მისი გაურკვეველი მდგომარეობით გამოწვეული ნერვიულობა შეემოკლებინა, ყოველ გასროლილ ტყვიას ხომ ათასი ალბათობა შეიძლებოდა მოჰყოლოდა! პირველ გზამდე რომ ჩავიდა, სწრაფად მქროლავ მანქანებს დაუწყო დაკვირვებით თვალიერება. ნაბიჯებს მანქანიდან მანქანისკენ, ერთი კაციდან მეორისკენ მიჰყავდა. კითხვებს სვამდა, თუმცა პასუხს ვერ იღებდა. მოულოდნელად საკუთარი თავი ხალხის ტალღაში აღმოაჩინა, რომელმაც იგი გაიტაცა. ეს ხალხი ქალაქის ყოველი მხრიდან მოექანებოდა მღელვარე, დაუოკებელ ნაკადად, რომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო. ხალხის ბობოქარმა მდინარემ საფია ნაფოტივით გააქანა.
რამდენი დრო გავიდა, სანამ საფია გაიხსენებდა, რომ პატარა ხალდუნს ისევ თავის საწოლში ეძინა, ალ-ჰალისაში?
ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ იცის, რომ რაღაც დაუჯერებელმა ძალამ იგი მიწას მიალურსმა. მერე ხალხის დაუსრულებელი ნაკადი გარს უვლიდა, ორივე მხრიდან ეჯახებოდა, ის კი თითქოს უეცრად ხესავით გაჩხერილიყო ამ შემაშინებელი ნიაღვრის კალაპოტში, უკან იხევდა და მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა მას. უძლურებისა და დაქანცულობისგან მთელი ძალით, რაც კი ხორხში ჰქონდა, ყვირილი მორთო. ამ დაუსრულებელი მასის თავზე გადაფრენილ მის სიტყვებს არავის ყურამდე მიღწევა არ შეეძლო. ათასგზის, მილიონჯერ იმეორებდა სიტყვა „ხალდუნს“. ამის შემდეგ თვეები გავიდა და მას კი ხმა ისევ ისე ჰქონდა ჩამწყდარი, რომ თითქმის არ შეიძლებოდა მისი გაგონება. სიტყვა „ხალდუნი“ ხმათა და სახელთა ამ უსასრულო დინების შუაგულში ჩაკარგული მხოლოდ ერთი წერტილი იყო და მეტი არაფერი. დაცემას აღარაფერი უკლდა, ხალხს ფეხებში უნდა ჩავარდნოდა, რომ უეცრად თითქოს სიზმრისეული ხმა გაიგონა, მიწიდან ამოზრდილი, მის სახელს რომ იძახდა… და როდესაც საფიამ თავის უკან დაინახა საიდის სახე, გაოფლილი, განრისხებული და დაქანცული, ტრაგედიის საშინელება შეიგრძნო ისე ძლიერ, როგორც არასდროს. შუბით ჩხვლეტის მსგავსმა განმგმირავმა ტკივილმა დაუარა და უსაზღვრო სიმტკიცის ძალით აღავსო. გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დაბრუნებულიყო. ალბათ იგრძნო, რომ ვეღარ შეძლებდა ოდესმე საიდისთვის თვალებში შეეხედა, ან მისი მიტოვების შიშმა შეძრა… გულის სიღრმეში იგრძნო, ზღვარზე იყო და ორივეს კარგავდა – საიდსაც და ხალდუნსაც… მკლავებში დარჩენილი მთელი ძალით დაიწყო გზის გაკვლევა შუაგულ ტყეში, რომელიც წინ აღმართვოდა და დასაბრუნებელ გზას უღობავდა… თან ამავდროულად, ცდილობდა, საიდს დაჰკარგვოდა თვალიდან, რომელიც შეუცნობლად და თავისდაუნებურად, ხან საფიას იძახდა და ხან ხალდუნს…
ნუთუ საუკუნეები და ეპოქები გავიდა, სანამ ქმრის გაუხეშებული, ძლიერი ხელისგულების შეხებას იგრძნობდა, მკლავებზე რომ უჭერდა?
ქალმა ქმარს თვალებში ჩახედა და იგრძნო, როგორ ერთბაშად მოწყდა და ქმარს მკლავზე ძველი, უსარგებლო ჩვარივით ჩამოეკიდა…. გარშემორტყმული ხალხის ნაკადი მათ აქეთ-იქით ისროდა და წინ, ზღვის ნაპირისკენ მიაქანებდა… თუმცა მათ აღარაფრის განცდის ძალა აღარ ჰქონდათ… მხოლოდ მაშინ, როცა ნიჩბებს ქვემოდან შემოსხმული შხეფები გადაევლოთ, გახედეს ნაპირს, სადაც რჩებოდა საღამოს ნისლსა და ცრემლის ბინდში გახვეული მოღუშული ჰაიფა…
2
მთელი გზა რამალადან იერუსალიმისკენ, ჰაიფას მიმართულებით, საიდი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა ყველაფერზე. საუბარი არ შეუწყვეტია, სანამ „ბაით ღალიმის“ დასაწყისს არ მიაღწია. აქ კი დადუმდა. აი, ისინი ალ-ჰალისაში არიან, ესმის თავისი მანქანის ბორბლების ხმა, მანქანა ისე მიდის, როგორც ყოველთვის დადიოდა. გული ამოვარდნილი აქვს და მძიმე გულისცემა დროდადრო იკარგება… არყოფნის ოცი წელი მიილია და აი, ყველაფერი სრულიად მოულოდნელად, დაუჯერებლად ბრუნდება, გონებისა და ლოგიკის წინააღმდეგ… საკითხავია, რას ეძებს?!
ერთი კვირის წინ, რამალაში, თავიანთ სახლში, საფიამ უთხრა:
– უკვე ყველგან მიემგზავრებიან! ჰაიფაში ხომ არ წავსულიყავით?!
ეს ვახშმობისას იყო და კაცს ხელი უნებლიეთ თეფშსა და პირს შორის გაუშეშდა. წამის შემდეგ ცოლს გახედა, მაგრამ ის უკვე შებრუნებულიყო, ქმარს მის თვალებში რომ არაფერი წაეკითხა. შემდეგ ჰკითხა:
– ჰაიფაში წავიდეთ?! რატომ?.. ცოლის ხმა სუსტად მოესმა:
– ჩვენი სახლი ვნახოთ. მხოლოდ დავხედოთ…
ლუკმა თეფშზე დააბრუნა, წამოდგა და ცოლს წინ გაუჩერდა. ქალს თავი იმ ადამიანივით ჩაექინდრა, მოულოდნელი დანაშაულის აღიარება რომ გადაუწყვეტია. ნიკაპზე ხელი მოჰკიდა, თავი ააწევინა და აი, მოულოდნელად დაინახა, ქალს თვალები ცრემლით ჰქონდა სველი. ალერსიანად ჰკითხა:
– საფია, რაზე ფიქრობ?
ქალმა უთქმელად, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. იცოდა, რომ ქმარი ხვდებოდა, რაზეც ფიქრობდა. ალბათ თვითონ ისიც გამუდმებით ამაზე ფიქრობდა, მაგრამ ელოდებოდა, პირველად ცოლს ეთქვა, რათა საფიას გამუდმებით იმაზე არ ეფიქრა, რომ ორივეს გულში ჩაბუდებული ეს ტრაგედია მისი ბრალი იყო!
ჩახლეჩილი ხმით, ჩურჩულით ჰკითხა:
– ხალდუნზე?!
და მაშინვე აღმოაჩინა, რომ ეს სახელი არ წარმოუთქვამთ ამ ოთახში უკვე ძალიან დიდი ხანია. იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როცა ხალდუნზე ლაპარაკობდნენ, ამბობდნენ „ის“. მეტიც, თავიანთი შვილებიდან ეს სახელი შემდეგ აღარც ერთისთვის აღარ დაურქმევიათ. ორიდან უფროსს, ვაჟს, ხალიდი დაარქვეს, ხოლო გოგონას, რომელიც წელიწადნახევრის შემდეგ ეყოლათ, ხალიდა. კიდევ უფრო მეტი, – მათმა შვილებმა საერთოდ არ იცოდნენ, რომ მათ ძმა ჰყავდათ, სახელად ხალდუნი. თავად საიდსაც „აბუ ხალიდად“ მოიხსენიებდნენ[1] . მისი ძველი მეგობრები შეთანხმდნენ, რომ ეთქვათ, თითქოს ხალდუნი მოკვდა და როგორ შეიძლება, რომ ეს ამბები წარსულიდან ასე უჩვეულოდ შემოიჭრას ახლა უკანა კარიდან?!
საიდი ადგილზე ისე გაშეშებულიყო, თითქოს ძილმა სადღაც შორს წაიღოო. ცოტა ხანში გამოერკვა, თავი ხელში აიყვანა და მაგიდასთან დასაბრუნებლად გადადგა ნაბიჯები, თუმცა, სანამ დაჯდებოდა, ცოლს უთხრა:
– ილუზიები, საფია, ოჰ, ეს ილუზიები! სამწუხაროდ, მათ ნუ აჰყოლიხარ! განა არ იცი, რამდენი ვიკითხეთ, რამდენი ვიძიეთ?! შენ იცი წითელი ჯვრის, სამშვიდობო ორგანიზაციის წარმომადგენლების, იმ უცხოელი მეგობრების მონაყოლი ამბები, ვინც კი იქ გავაგზავნეთ… არა, არ მინდა ჰაიფაში წასვლა! ეს დამცირებაა! თუ ჰაიფას მკვიდრთათვის ეს ერთმაგი დამცირებაა, ჩვენთვის, – ჩემთვის და შენთვის, – ეს ორმაგი დამცირებაა! თავი რატომ უნდა გავიწამოთ?!
საფიას ქვითინის ხმა მატულობდა, თუმცა ის დუმდა. ის ღამე უხმოდ გალიეს, ხმაც არ გაუღიათ. ორივე სამხედრო ფეხსაცმლის ნაბიჯის ხმას აყურადებდა, ქუჩაში რომ ხმიანობდა და ყურს უგდებდა რადიოს, ისევ განკარგულებებს რომ გასცემდა…
როდესაც დასაწოლად მიდიოდა, საიდმა გულის სიღრმეში იცოდა, რომ ვერსად გაექცეოდა აზრს, რომელიც ოცი წლის მანძილზე იბადებოდა! ამ აზრს ის ხელახლა ვეღარ დამარხავდა! მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ცოლსაც არ ეძინა და ის ღამე მანაც ამავე ფიქრში გაატარა, სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. დილით ისევ ცოლმა უთხრა წყნარად:
– თუ წასვლას დააპირებ, მეც თან წამიყვანე! მარტო წასვლას არც შეეცადო!
საიდი საფიას კარგად იცნობდა და ისიც იცოდა, რომ ქალი ყველა იმ აზრს, რაც კი მას თავში გაუვლიდა, ბოლომდე ხვდებოდა. ამჯერადაც ასე იყო, ნახევარგზაზევე მოუჭრა გზა. საიდს ღამით უკვე გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, მარტო წასულიყო და აი, ცოლი განზრახვას მაშინვე მიუხვდა და აუკრძალა.
ეს საკითხი ერთი კვირის განმავლობაში მათ დღეებსა და ღამეებს აკვიატებოდა. ჭამდნენ, საუბრობდნენ თუ ეძინათ, ეს აზრი თან სდევდათ, მაგრამ არც ერთი ამაზე კრინტს არ ძრავდა. მხოლოდ გუშინ საღამოს უთხრა ქმარმა ცოლს:
– ხვალ ჰაიფაში წავიდეთ. ქალაქს მაინც დავათვალიერებთ. შეიძლება, იქ ჩვენს სახლთანაც ჩაგვევლო… ვიცი, ისინი მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერი აკრძალონ. მათი ანგარიშები არ გამართლდა.
ცოტა ხანს დადუმდა, არ იცოდა, სინამდვილეში უნდოდა თუ არა საუბრის თემის შეცვლა. უცებ, თავისდაუნებურად გააგრძელა საუბარი იმ თემაზე:
– იერუსალიმში, ნაბლუსსა თუ აქ ხალხი ყოველდღიურად საუბრობს იაფაში, აქქაში, თელავივში, ჰაიფაში, საფადში, ჯალილისა და მუსალლასის სოფლებში თავიანთი ვიზიტების შედეგებზე და ყველას საუბარი ერთმანეთს ჰგავს. ჩანს, ყველა მათგანს უკეთესი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, რაც საკუთარი თვალით ნახეს. ყველა მათგანი ძალიან იმედგაცრუებული დაბრუნდა. ის საოცრება, რაზეც ებრაელები საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა! აქ, ქვეყანაში, რეაქცია ამაზე ძალიან ცუდია. ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც ებრაელებს სურდათ, როცა საზღვარი გაგვიხსნეს! ამიტომაც მოველი, საფია, რომ სულ ახლო მომავალში გააუქმებენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ჩემს თავს ვუთხარი: „რატომ არ ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და არ წავიდეთ?!“
საფიას რომ შეხედა, ნახა, ცახცახებდა და მის სახეს სიყვითლე გადაჰკრავდა. ოთახიდან გავიდა, რადგან იგრძნო, თავად მასაც ცხარე ცრემლი ებჯინებოდა ყელში. ამ წამიდან მოყოლებული ხალდუნის სახელი განუწყვეტლივ რეკდა მის თავში, ზუსტად ისე, როგორც ოცი წლის წინ ესმოდა, განუწყვეტლივ, ზედიზედ როგორ რეკდა პორტის წინ მიმწყდარი მტირალი ხალხის მასისა და წყლის თავზე! უეჭველია, საფიაც ამ დღეში იყო. ჰაიფასკენ მიმავალ გზაზე ყველაფერზე ილაპარაკეს, ხალდუნის გარდა. „ბაით ღალიმს“ რომ მიუახლოვდნენ, აქ კი ორივე დადუმდა. ახლა უკვე მდუმარედ გასცქეროდნენ მათთვის ასე კარგად ნაცნობ გზებს, მათში საკუთარი ნაწილივით აღბეჭდილს, ძვალ-ხორცივით შეზრდილს.
ზუსტად ისე, როგორც ამას ოცი წლის წინ აკეთებდა, სიჩქარეს მოუკლო და მინიმალურამდე დაიყვანა იმ მოსახვევთან მისულმა, რომლის უკანაც, იცოდა, ციცაბო ფერდობი იმალებოდა. შემოუხვია ისე, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა და ფრთხილად შეუდგა აღმართს თავის სავალ გზაზე, რომელიც ნელ-ნელა ვიწროვდებოდა. გზისკენ ოდნავ გადმოხრილ სამ კვიპაროსს ახალი ტოტები ამოეყარა. მოუნდა, წამით შეჩერებულიყო, ღეროებზე დიდი ხნის წინ ამოკვეთილი სახელები ამოეკითხა, რომლებიც ლამის ერთიმეორის მიყოლებით ახსოვდა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია.
თავადაც არ იცის, ეს როგორ მოხდა, მაგრამ როდესაც ჩაიარა ნაცნობი სახლის კართან, რაღაცნაირად გაახსენდა ის კაცი, ალ-ხურის ოჯახიდან, აქ რომ ცხოვრობდა… მის ოჯახს სტენტონის ქუჩის სამხრეთით, მეფეთა ქუჩის მახლობლად დიდი შენობა ეკუთვნოდა. სწორედ ამ შენობაში ჰაიფადან გაქცევის დღეს იბრძოდნენ არაბი მეომრები უკანასკნელ ტყვიამდე და შესაძლოა, უკანასკნელ კაცამდე. იმ დღეს, როცა ბედისწერის ძალით პორტისკენ მიექანებოდა, ამ შენობასთან ჩაიარა. ახლა დანამდვილებით გაახსენდა, უეცრად გაუნათდა გონება – ზუსტად იქ, სწორედ იქ გაახსენდა ხალდუნი და გული შეეკუმშა. ეს იყო ოცი წლის წინ და დღემდე ისეთი ძალით უცემს, რომ ლამის საკუთარი გულისცემა ესმის.
და აი, უეცრად მათ სწორედ ის სახლი გადმოჰყურებთ, რომელშიც ჯერ ისინი ცხოვრობდნენ და რომელმაც მერე უკვე მათ მეხსიერებაში იცხოვრა დიდხანს! აი, ის გადმოჰყურებთ ახლა თავისი ყვითლად შეღებილი აივნებით ფასადზე!
წამით თვალწინ წარმოუდგა ახალგაზრდა საფია, დაწნული, გრძელი თმით იქიდან გადმომზირალი. აივანზე სარეცხის ახალი თოკი გაებათ და ზედ ახალი თეთრი და წითელი სარეცხი ეკიდა. უეცრად საფია ხმამაღლა ატირდა. საიდმა კი მარჯვნივ მოუხვია, მანქანის ბორბლები ტროტუარზე შეაყენა და მანქანა ზუსტად იმ ადგილას გააჩერა, სადაც ოცი წლის წინ აჩერებდა ხოლმე.
სანამ მანქანის მოტორს გამორთავდა, საიდი წამით შეყოყმანდა. გულის სიღრმეში იცოდა, რომ თუ თავს უფრო მეტი ორჭოფობის საშუალებას მისცემდა, საქმე გათავებული იყო – მიბრუნდებოდა, დაქოქავდა მანქანას და უკან გაუდგებოდა გზას. როგორც მას, ისე მის ცოლს ვითარება ისეთი ბუნებრივი ეჩვენათ, თითქოს განვლილი ოცი წელი უზარმაზარ პრესს ისე დაეტკეპნა, ფარატინა, უხილავ გამჭვირვალე ფურცლად ექცია! საიდი მანქანიდან გადმოვიდა და კარი მიიჯახუნა. ქამარი შეისწორა და თან აივანს ახედა. გასაღებების აცმა დაუდევრად ააჩხარუნა ხელში.
საფიამ მანქანას შემოუარა და გვერდით ამოუდგა. ის ვერ იყო ქმარივით მარჯვე და უნარიანი. საიდმა მკლავზე ხელი მოჰკიდა და ქუჩაზე გადაიყვანა. აი, ქვაფენილი, რკინის მწვანე ჭიშკარი, კიბე…
კიბეს ისე აუყვნენ, რომ საიდმა არც საკუთარ თავს და არც ცოლს არ დაუტოვა შანსი, პატარ-პატარა რაღაცეებისთვის შეეხედათ. იცოდა, ეს ააღელვებდა და წონასწორობას დააკარგვინებდა. ოჰ, ეს წვრილმანები: ზარი; კედელზე ფანქრით ამოჩხაპნილი ბატისფეხური; ელექტრომრიცხველი; შუაში ჩატეხილი მეოთხე საფეხური; კიბის თაღოვანი, ნაზი, სასიამოვნო სახელური, ზედ რომ ხელი მისრიალებს; კიბის ბაქნებზე რკინის ცხაურებიანი ფანჯრები; პირველი სართული, სადაც მაჰჯუბ ას-საყდი ცხოვრობდა, ბინის კარი მუდამ მოფრიალებული რომ ჰქონდა და სახლის წინ კი სულ ბავშვები თამაშობდნენ, კიბეს ყვირილით რომ იკლებდნენ… და აი, ხის ახლად შეღებილი, დაკეტილი კარი, კანონით და განჩინებით დაკეტილი!..
თითი ზარის ღილაკს დააჭირა და საფიას ჩუმი ხმით უთხრა:
– ზარი შეუცვლიათ.
ცოტა ხანს გაჩუმდა და მერე დააყოლა:
– რასაკვირველია, გვარიც!..
ცოლს ნაძალადევად, უაზროდ გაუღიმა და ხელი ხელზე მოუჭირა. იგრძნო, ქალს ხელი სულ გაყინვოდა და უცახცახებდა. კარს მიღმა ნაბიჯების ხმა გაისმა, ვიღაც ფეხებს მოაფლატუნებდა. თავისთვის თქვა: „უეჭველია, ვიღაც მოხუცი უნდა იყოს!“ ურდულმა ყრუდ გაიხმაურა და კარი ნელა გაიღო.
– „აი, ეს ქალიც!“ საიდმა არ იცოდა, ეს ხმამაღლა, გასაგონად თქვა თუ თავისთვის, გულში, როგორც იმ ადამიანმა, ვინც შვებით ამოისუნთქა. იმავე ადგილას იდგა და არ იცოდა, რა უნდა ეთქვა. საკუთარ თავს კიცხავდა, რომ საუბრის დასაწყებად ერთი წინადადებაც კი არ მოემზადებინა, არადა, ბევრჯერ უფიქრია ამ წუთზე, რომელიც აუცილებლად უნდა დასდგომოდა… ერთ ადგილას ტოკავდა და საფიას ისე შესჩერდებოდა, როგორც მხსნელს. უმ ხალიდმა[2] ნაბიჯი წინ წადგა და იკითხა:
– შეიძლება, შემოვიდეთ?
ხნიერმა, სრულმა, დაბალმა ქალმა, ლურჯ, თეთრ წინწკლებიან ხალათში, ვერ გაიგო და საიდმა ფრაზა ინგლისურად გაუმეორა. ქალს შეკითხვის გამომხატველი სახე გაეხსნა და გზა დაუთმო, რათა შესულიყვნენ. თვითონ კი წინ გაუძღვა მისაღები ოთახისკენ.
საიდი უკან გაჰყვა, მის გვერდზე კი საფია მიდიოდა ნელი, გაუბედავი ნაბიჯებით. ერთგვარი გაოცებით დაიწყეს საგნების გარჩევა. შესასვლელი ცოტა უფრო პატარა ეჩვენათ, ვიდრე წარმოდგენაში ჰქონდათ, უფრო ნესტიანიც. საიდმა შეძლო ბევრი ისეთი ნივთის დანახვა, რასაც ის ყოველთვის თავის პირად ნივთებად თვლიდა და ყოველთვის თავის ხელშეუხებელ, უწმინდეს საკუთრებად წარმოედგინა, რასაც არ შეიძლებოდა, ვინმე სხვა გასცნობოდა, შეხებოდა ან შეეხედა. იერუსალიმის სურათი, რომელიც კარგად ახსოვდა, ისევ იმ ადგილას ეკიდა, სადაც მათი აქ ცხოვრებისას. მის მოპირდაპირე კედელზე – პატარა სირიული ხალიჩა. ის ყოველთვის აქ იყო.
საიდი მიაბიჯებდა და თან აქეთ-იქით იყურებოდა. ნივთებს ნელ-ნელა ან ერთბაშად აღმოაჩენდა იმ ადამიანივით, ხანგრძლივი გულწასულობიდან რომ გონს მოვა. მოსაღებ ოთახში შესულმა შეძლო გაერჩია, ორი სავარძელი ისევ იმ ხუთსავარძლიანი კომპლექტიდან იყო დარჩენილი, რომელიც მათ ეკუთვნოდა. დანარჩენი სამი ახალი იყო და უხეში ჩანდა, ავეჯთან შეუფერებელი. შუა ოთახში ისევ ის ოთხკუთხა, სადაფით მოჭედილი მაგიდა იდგა, თუმცა ფერი გახუნებოდა. მაგიდაზე შუშის საყვავილე ხის ლარნაკით შეეცვალათ, შიგ ისევ ფარშევანგის ფრთის ჯოხები ეწყო. იცოდა, რომ შვიდი ჯოხი უნდა ყოფილიყო. შეეცადა, გადაეთვალა. იმ ადგილიდან, სადაც იჯდა, ეს ვერ შეძლო და წამოდგა, ახლოს მივიდა საყვავილესთან და სათითაოდ გადათვალა. მხოლოდ ხუთი იყო.
როდესაც მოტრიალდა და თავის ადგილას უნდა დაბრუნებულიყო, დაინახა, რომ ფარდები შეეცვალათ. ის ფარდები, რომელიც საფიამ ოცი წლის წინ ყაისნაღით მოქსოვა თოვლივით თეთრი ძაფით, გამქრალიყო და მის ნაცვლად გრძელი, ცისფერზოლიანი ფარდები ეკიდა.
საიდის მზერა საფიაზე შეჩერდა. ის დაბნეული იდგა, მისი თვალები ოთახის კუთხე-კუნჭულს ისე აწყდებოდა, თითქოს აქ ისევ იმ ნივთების დანახვას მოელოდა, ის რომ ეძებდა. მსუქანი, ხნიერი ქალი მათ წინ სავარძლის სახელურზე ჩამომჯდარიყო და უაზრო ღიმილით მისჩერებოდათ. ბოლოს, ისე, რომ ღიმილი არ მოშორებია, უთხრათ:
– დიდი ხანია, გელოდებით.
ინგლისურად ნელა ლაპარაკობდა, გერმანული აქცენტით. სიტყვებს ისე ძნელად ამოთქვამდა, თითქოს ღრმა, დამტვერილი ჭიდან ეზიდებაო.
საიდი წინ გადაიხარა და ჰკითხა:
– იცით, ვინა ვართ?
ქალმა პასუხად დასტურის ნიშნად თავი რამდენჯერმე დაუქნია. ცოტა ჩაფიქრდა სიტყვების შესარჩევად, შემდეგ ნელა უთხრა:
– თქვენ ამ სახლის პატრონები ხართ, მე ვიცი.
– საიდან იცით?
საიდს და საფიას კითხვა ერთდროულად აღმოხდათ. ხნიერ ქალს კიდევ უფრო მეტად გაეღიმა. შემდეგ თქვა:
– ყველაფრიდან. სურათებიდან, თქვენი კართან დგომის მანერიდან… რაც ომი დამთავრდა, მართლაც ბევრი მოდიოდა აქ. სახლებს ათვალიერებდნენ, შემოდიოდნენ… ყოველ დღე ვამბობდი, რომ თქვენ უეჭველად მოხვიდოდით.
უეცრად აირია, თავის გარშემო ოთახში გაბნეული ნივთების თვალიერება ისე დაიწყო, თითქოს პირველად ხედავსო. თავისდა უნებურად, საიდმაც იქით იწყო ცქერა, საითაც ქალი იყურებოდა. მისი მზერა ქალის მზერის კვალდაკვალ მოძრაობდა. საფიაც ზუსტად ამ დღეში იყო. საიდმა თავისთვის თქვა:
„რა უცნაურია! სამი წყვილი თვალი ერთსა და იმავე რამეს მისჩერებია და რა სხვადასხვანაირად ხედავს მას!“
ხნიერი ქალის ხმა გაიგონა. ხმადაბლა ლაპარაკობდა და კიდევ უფრო ნელა:
– ვწუხვარ, მაგრამ ყველაფერი ასე მოხდა. საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, რომ საქმე ასე მოეწყობოდა.
საიდს ნაღვლიანად გაეღიმა. არ იცოდა, როგორ ეთქვა მისთვის, რომ ამისთვის არ ჩამოსულა, რომ ის არ აპირებდა პოლიტიკური დებატების გამართვას და იცოდა, რომ ამ ქალს ბრალი არაფერში მიუძღვოდა… ბრალი არაფერში მიუძღვოდა?!.. არა, ეს მთლად ასე არაა… მაგრამ როგორ აუხსნას ეს მას?..
საფიამ იხსნა იგი ამ საწუხარისგან, რადგან უთანაზიაროდ, გაუბედავად იკითხა, საიდმა კი დაიწყო მისი თარგმნა:
– საიდან ჩამოხვედით?
– პოლონეთიდან.
– როდის?
– 1948 წელს.
– და უფრო ზუსტად?
– 1948 წლის მარტის დასაწყისში.
მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ყველამ აქეთ-იქით წაიღო მზერა, უმისამართოდ. საიდმა სიჩუმე დაარღვია და წყნარად თქვა:
– რასაკვირველია, იმისთვის არ მოვსულვართ, რომ გითხრათ: „აქედან წადითო!“ ეს ომს თხოულობს…
საფიამ ხელი მოუჭირა, რომ ეს საუბარი არ გაეგრძელებინა. საიდი გამოერკვა და შეეცადა, საუბრის თემას დაბრუნებოდა:
– იმას ვგულისხმობ, რომ თქვენი აქ ყოფნა, ჩვენს სახლში, ჩემი და საფიას სახლში, სულ სხვა თემაა! ჩვენ ჩამოვედით მხოლოდ იმიტომ, რომ თვალი შეგვევლო ამ ნივთებისთვის, ნივთებისთვის, რომლებიც ჩვენ გვეკუთვნის… იმედია, შეძლებთ, რომ გაგვიგოთ…
ქალმა სწრაფად თქვა:
– მესმის, მაგრამ…
უეცრად საიდმა ნერვებზე კონტროლი დაკარგა:
– „დიახ, მაგრამ!..“ ეს საშინელი, მომაკვდინებელი, სისხლიანი „მაგრამ“!..
ცოლის დაჟინებულმა მზერამ გააჩუმა. იგრძნო, რომ მიზანს ვერასოდეს მიაღწევდა. დაუჯერებელი, საბედისწერო გამოუვალი მდგომარეობა, რომლის იგნორირება შეუძლებელი იყო, დიალოგს შეუძლებლად ხდიდა, ფუჭ სიტყვებად აქცევდა. წამით მოუნდა, ამდგარიყო და წასულიყო. უკვე აღარაფერი აინტერესებდა. ხალდუნი მკვდარი იყო თუ ცოცხალი, სულერთი იყო და როცა საქმე აქამდე მიდის, აღარაფერია სათქმელი! ხან უმწეო ბრაზი წამოუვლიდა, ხანაც ნაღველი. გრძნობდა, შიგნიდან აფეთქებას აღარაფერი უკლდა. თვითონაც არ იცოდა, მისი მზერა ოთახის შუაგულში, ხის ლარნაკში გაფანტულ ფარშევანგის ბოლოს ხუთ ფრთაზე როგორ შეჩერდა. დაინახა, როგორ მოძრაობდნენ ისინი ღია ფანჯრიდან შემოსული ნიავის დაბერვაზე და დაუჯერებლად ლამაზ, განსაკუთრებულ ფერებად ლივლივებდნენ. უეცრად საყვავილეზე მიუთითა და უხეშად იკითხა:
– აქ შვიდი ფრთა იყო! ორ ფრთას რა მოუვიდა?!
ხნიერმა ქალმა ჯერ იქით გაიხედა, საითაც საიდმა მიუთითა, შემდეგ კვლავ მას შეხედა კითხვის გამომხატველი მზერით. საიდი კვლავ ლარნაკისკენ ხელგაწვდილი იდგა და პასუხის მოლოდინში ისე დაჟინებით მისჩერებოდა, თითქოს მთელი ყოფიერება მის პასუხზე ყოფილიყოს დამოკიდებული. ქალი ადგილიდან წამოდგა, საყვავილეს მიუახლოვდა და ისე შეეხო, თითქოს ამას პირველად აკეთებსო. მერე ნელა თქვა:
– არ ვიცი, სად წავიდა ის ორი ფრთა, რომელზეც მელაპარაკებით. ვერ ვიხსენებ… ალბათ, დოფი თამაშობდა ამ ფრთებით, როცა პატარა იყო და მერე დაკარგა…
– დოფი?!
საიდმა და საფიამ ერთდროულად წამოიძახეს და ისე წამოცვივდნენ, თითქოს რაღაც ძალამ ორივე ზევით აისროლაო. დაიძაბნენ და ქალს მიაჩერდნენ, რომელიც განაგრძობდა ლაპარაკს:
– დიახ, დოფი! მე არ ვიცი, მანამდე მას რა ერქვა. თუ გაინტერესებს, ის შენ ძალიან გგავს…
3
ახლა კი, ორსაათიანი, დროდადრო შეწყვეტილი საუბრის შემდეგ, შეიძლება თავიდან მივუბრუნდეთ მოვლენათა თანმიმდევრობას. მაშ, თუ რა მოხდა იმ რამდენიმე დღეში, 1948 წლის 21 აპრილიდან, ოთხშაბათის ღამიდან მოყოლებული, როცა საიდ ს.-მ ჰაიფა დატოვა ბრიტანული ნავით, ის და მისი მეუღლე ხელის კვრით რომ აყარეს ზედ და ერთ საათში აქას ვერცხლისფერ სანაპიროზე ჩამოყარეს, 1948 წლის 29 აპრილამდე, ხუთშაბათამდე, როცა ჰაგანას[3] წარმომადგენელმა ქათმისსახიანი მოხუცი კაცის თანხლებით საიდ ს.-ს ბინის კარი შეაღო ალ-ჰალისას უბანში, რათა აქ პოლონეთიდან ჩამოსული ეფრათ ქოშნი და მისი ცოლი შემოეყვანათ და იმ დღიდან ეს მათი სახლი გამხდარიყო, ჰაიფადან წასულთა ქონების განმკარგველი უწყებიდან რომ ქირაობდნენ.
ეფრათ ქოშნი ჰაიფაში ებრაული სააგენტოს ხელშეწყობით ჩამოვიდა ცოლთან ერთად იტალიის მილანის პორტიდან მარტის დასაწყისში. ვარშავა მან 1947 წლის ნოემბრის დასაწყისში დატოვა ხალხის პატარა კოლონასთან ერთად და დროებით საცხოვრებელში მოათავსეს იტალიის მილანის პორტის გარეუბანში, რომელიც იმ დროისათვის ამ უჩვეულო მოძრაობით ახმაურებულიყო. მარტის დასაწყისში სხვა კაცებთან და ქალებთან ერთად ზღვით ჩამოიყვანეს ჰაიფაში.
დოკუმენტები სავსებით წესრიგში ჰქონდა და პატარა სატვირთო მანქანამ იგი თავისი მცირე ბარგით ბრიტანელი ჯარისკაცებით, არაბი მტვირთავებით და საქონლით სავსე ჰაიფას ხმაურიანი პორტისა და ქ. ჰაიფას მღელვარე ქუჩების გავლით, სადაც დროდადრო წყვეტილი სროლის ხმა გაისმოდა, ალ-ჰადარის კვარტალში მიიყვანა, სადაც მოსახლეებით გაძეძგილ შენობაში ერთ პატარა ოთახში შეასახლეს.
ცოტა ხანში ეფრათ ქოშნისთვის ცხადი გახდა, რომ შენობის ყველა ოთახი ახლად ემიგრირებულებით იყო დაკავებული, რომლებიც ახლო მომავალში სხვაგან გადაყვანას ელოდნენ. არ იცოდა, ამ ადგილს „ემიგრირებულთა გამასპინძლება“ იმათ დაარქვეს, ვინც ყოველ საღამოს აქ სავახშმოდ იკრიბებოდა, თუ მანამდეც ერქვა ეს სახელი და ამათ მხოლოდ გამოიყენეს იგი.
თავისი აივნიდან არაერთხელ გადაუხედავს ალ-ჰალისას კვარტლისთვის, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მას იქ შეასახლებდნენ. სინამდვილეში, ის ვარაუდობდა, რომ როცა სიტუაცია მოწესრიგდებოდა, მას ერთ წყნარ, სოფლურ სახლში გადაიყვანდნენ ალ-ჯალილის რომელიმე ბორცვის ფერდობზე. მილანში ყოფნისას არტურ კესტლერის „ღამის ქურდები“ წაეკითხა, რომელიც ემიგრაციის პროცესის სახელმძღვანელოდ ბრიტანეთიდან ჩამოსულმა ერთმა კაცმა ათხოვა. ამ კაცს რაღაც პერიოდი ჯალილის იმ ბორცვებზე უცხოვრია, სადაც კესტლერის რომანის მოქმედება მიმდინარეობს. იმ დროისთვის ეფრათმა პალესტინაზე ბევრი არაფერი იცოდა, მისთვის ის ძველი მითების შესაფერი არენა იყო და იმ დეკორს ინარჩუნებდა, რაც ევროპაში ბავშვების საკითხავ სპეციალურ ილუსტრირებულ ქრისტიანულ რელიგიურ წიგნებში ენახა. თუმცა, ბუნებრივია, სრულებით არ სჯეროდა, რომ ეს მიწა მხოლოდ უდაბნო იყო, რომელიც ებრაულმა სააგენტომ ორი ათასი წლის შემდეგ კვლავ აღმოაჩინა, მაგრამ ეს არ იყო იმ დროისთვის მისი უპირველესი საზრუნავი. სიტუაცია „ემიგრირებულთა გამასპინძლების“ ადგილას და მოლოდინი შეადგენდა მის ყოველდღიურ საზრუნავს ისე, როგორც დანარჩენებისას, ვინც მასთან ერთად იყვნენ.
შესაძლოა იმიტომაც, რომ მას მერე, რაც 1947 წლის მარტის პირველ კვირაში ჰაიფას პორტიდან გამოვიდა, სულ ტყვიის სროლის ხმა ესმოდა, დიდად აღარ ფიქრობდა იმაზე, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა იმ დროს. ყოველ შემთხვევაში, ის არც ერთ არაბს არ შეხვედრია ცხოვრებაში. მეტიც, პირველ არაბს ჰაიფას ოკუპაციიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ გადააწყდა. ამან მძიმე და კრიტიკული დღეებში იშვიათი და გაურკვეველი სურათები შემოუნახა იმისა, რაც სინამდვილეში ხდებოდა. მითიური სურათი სრულიად მიესადაგა იმას, რაც ვარშავასა და მილანში წარმოედგინა თავისი ცხოვრების 25 წლის მანძილზე. ამიტომაც მისთვის ბრძოლები, რომელთა ხმები ესმოდა და რომელთა ამბებსაც კითხულობდა „პალესტინ პოსტ“-ში ყოველ დილას, თითქოს არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანთა და აჩრდილთა შორის მიმდინარეობდა.
სად იყო ეფრათ ქოშნი 1948 წლის 21 აპრილს, ოთხშაბათ დღეს, იმ დროს, როცა საიდ ს. ალ-ლანაბის ქუჩასა და ჰულულის კვარტალს შორის გზაარეული დაეხეტებოდა, მისი ცოლი საფია კი ალ-ჰალისას უბნიდან ქვემოთ, სავაჭრო ცენტრის განაპირა ქუჩებით სტენტონის ქუჩის მიმართულებით გარბოდა? ახლა უკვე შეუძლებელია ამის დეტალებში გახსენება, თუმცა ეფრათს ახსოვდა, რომ შეტევა, რომელიც ოთხშაბათ დილით დაიწყო, ხუთშაბათ ღამემდე შეუწყვეტლად გრძელდებოდა და მხოლოდ 1948 წლის 23 აპრილს, პარასკევ დილას, დარწმუნდა საბოლოოდ, რომ ჰაიფას საქმე დამთავრებული იყო. ჰაგანის ორგანიზაცია სიტუაციას მთლიანად აკონტროლებდა. ზუსტად არ იცოდა, რა მოხდა. ჩანდა, დაბომბვა ალ-ჰადარიდან ხდებოდა, დეტალები მოედინებოდა და მოედინებოდა რადიოდან და დროდადრო მოსული ხალხის მონაყოლიდან, რომელშიც დაუჯერებელი ამბები ერია. თუმცა ეფრათმა შეიტყო, რომ ოთხშაბათ დილით დაწყებული ფართომასშტაბიანი შეტევა სამი ცენტრიდან მიმდინარეობდა და რომ პოლკოვნიკი მოშე კარმატელი იმ მომენტში სამ ბრიგადას ხელმძღვანელობდა, მათ ამოძრავებდა ჰადარ-ჰაქერმალიდან და სავაჭრო ცენტრიდან. ამ ბრიგადებიდან ერთს დავალებული ჰქონდა ალ-ჰალისას, ხიდის და ვადი-რაშმიას გაწმენდა პორტის მიმართულებით იმ დროს, როცა მეორე ბრიგადას სავაჭრო ცენტრიდან უნდა შეევიწროვებინა გაქცეულთა ალყა და ვიწრო კორიდორით მიეყვანა ისინი ზღვამდე. ეფრათმა არც იცოდა, ეს ადგილები, რომელთა სახელებიც მეტისმეტად ხშირი ხსენებისგან მეხსიერებაში ჩაბეჭდვოდა, ზუსტად სად მდებარეობდა. რაღაც კავშირი იყო ადგილების სახელებს – არგონსა და ვადი ან-ნასნასს შორის, რაც აფიქრებინებდა, რომ შენაერთს აქ შეტევა ჰქონდა დავალებული.
ეფრათ ქოშნს არ ესაჭიროებოდა იმის მტკიცება, რომ ინგლისელები დაინტერესებულები იყვნენ, ჰაიფა ჰაგანას ორგანიზაციისთვის ჩაებარებინათ. მან იცოდა, რომ ისინი ჯერ კიდევ ერთობლივ პატრულირებას ატარებდნენ. ეს ორ-სამჯერ საკუთარი თვალითაც ენახა. აღარ ახსოვდა, საიდან მიიღო ინფორმაცია ბრიგადირ სტოკუილის როლზე, მაგრამ მისთვის ეს უდავო იყო – „ემიგრირებულთა გამასპინძლების“ ადგილას ყოველ კუთხე-კუნჭულს უვლიდა ჩურჩული, რომ ბრიგადირი სტოკუილი თავის მისიას ჰაგანის ორგანიზაციას გადააბარებდა. ის მართლაც თავისი გასვლის თარიღს ყველასგან მალავდა, მხოლოდ ჰაგანის ორგანიზაციისთვის არ იყო ეს საიდუმლო. ამით მან მისცა ებრაელებს შესაფერის მომენტში მოულოდნელობის ელემენტი, მაშინ როცა არაბები თვლიდნენ, რომ ბრიტანული ჯარის ქალაქის მმართველობიდან წასვლა უფრო გვიან უნდა მომხდარიყო.
ეფრათს ოთხშაბათ-ხუთშაბათს „ემიგრირებულთა გამასპინძლების“ ადგილი არ დაუტოვებია. ინსტრუქცია ჰქონდათ მიღებული, ამ ადგილიდან არ გასულიყვნენ. პარასკევს ნაწილმა დაიწყო გასვლა, თუმცა ეფრათი შაბათ დილამდე არ გასულა. ერთი შეხედვითაც გააოცა იმან, რომ გარეთ ერთი მანქანაც კი არ მოძრაობდა. ნამდვილი ებრაული შაბათი იყო! რაღაც აუხსნელმა მიზეზმა თვალები აუცრემლა. როდესაც ეს ცოლმა შენიშნა, მისთვის მოულოდნელი რამ უთხრა ასევე აცრემლებულმა:
– მე სხვა რამ მატირებს. ეს კი ნამდვილი შაბათია, მაგრამ ამიერიდან აქ აღარ არის ნამდვილი პარასკევი და აღარც ნამდვილი კვირა.
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ჩამოსვლიდან პირველად, ცოლმა მოკლედ და ლაკონურად შემაშფოთებელი რამ გადაუშალა თვალწინ, რაც მანამდე ანგარიშშიც კი არ ჩაუგდია და რაზეც საერთოდ არ უფიქრია. მოულოდნელად შეამჩნია ნგრევის კვალი, რომელიც სრულიად სხვაგვარად დაინახა და რამაც სრულიად სხვა მნიშვნელობა მიიღო. თუმცა საკუთარ თავს არ უტყდებოდა და სერიოზული შეშფოთების ან თუნდაც დაფიქრების მიზეზი არ უნდოდა ამაში დაენახა.
მაგრამ მირიამისთვის, მისი ცოლისთვის, სრულებითაც არ იყო ასე. იმ ერთმა დღემ კი იგი სრულიად შეცვალა. ეს მაშინ მოხდა, როცა ალ-ჰადარში, ბეთლემის ეკლესიის მახლობლად მიმავალი შეესწრო, ჰაგანას ორგანიზაციის ორმა ახალგაზრდამ რაღაც როგორ ასწია და იქვე გაჩერებულ პატარა სატვირთო მანქანაში ჩააგდო. წამიერი მზერით შეძლო, გაერჩია, რა მოჰქონდათ, ქმარს მკლავში ჩააფრინდა და აცახცახებულმა იყვირა:
– შეხედე!..
თუმცა ქმარს, რომელმაც იქით გაიხედა, საითაც ცოლი მიუთითებდა, არაფერი დაუნახავს. ორი ახალგაზრდა ხელებს ხაკის ხალათის ბოლოზე იწმენდდა. ცოლმა უთხრა:
– ეს მკვდარი არაბი ბავშვი იყო! დავინახე! სისხლით იყო მოსვრილი!
ქმარმა ცოლი ქუჩის მოპირდაპირე ტროტუარზე გადაიყვანა და ჰკითხა:
– რა იცი, რომ ბავშვი არაბი იყო?
– ვერ ნახე, როგორ ჩააგდეს სატვირთო მანქანაში?! როგორც შეშის მორი! ებრაელი რომ ყოფილიყო, ასე არ იზამდნენ!
ქმარს უნდოდა, ეკითხა, რატომო, მაგრამ ცოლის სახეს რომ შეხედა, გაჩუმდა. მირიამს მამა ოსვენციმში ჰყავდა დაკარგული რვა წლის წინ. მანამდე კი, როცა გერმანელები მათთანაც მივიდნენ შინ, სადაც მირიამი ქმართან ერთად ცხოვრობდა, ქმარი შინ არ იყო და მირიამმა შეძლო, თავი მეზობლებისთვის შეეფარებინა, მათი ბინის თავზე რომ ცხოვრობდნენ. გერმანელმა ჯარისკაცებმა ვერავინ ნახეს, თუმცა უკან მიმავლები კიბეზე რომ ეშვებოდნენ, მირიამის უმცროს, 10 წლის ძმას გადააწყდნენ, დასთან რომ მოდიოდა, დიდი ალბათობით, იმის შესატყობინებლად, რომ მამა საპატიმროში წაიყვანეს და ის მარტო დარჩა. ბიჭი გერმანელი ჯარისკაცების დანახვაზე შებრუნდა და გაიქცა. ამ ყველაფერს მირიამი კიბის უჯრედებს შორის დატოვებული პატარა სარკმლიდან ხედავდა. აქედანვე დაინახა, როგორ ესროლეს ბიჭს ტყვია…
როდესაც ეფრათ ქოშნი ცოლთან ერთად „ემიგრირებულთა გამასპინძლების“ ადგილას დაბრუნდა, მირიამს იტალიაში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა ვერც იმ ღამეს და ვერც მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ქმრის დაყოლიება ვერ შეძლო. კამათი მალევე წარუმატებლად უმთავრდებოდა, ვერ პოულობდა შესაფერ სიტყვებს საკუთარი აზრის გამოსახატავად და თავისი განზრახვის ნამდვილი მოტივების ასახსნელად.
თუმცა ერთ კვირაში საქმე სრულიად შემოტრიალდა და შეიცვალა. ჰაიფაში ებრაული სააგენტოს ოფისში ვიზიტის შემდეგ ქმარი ორი სასიხარულო ამბით დაბრუნდა: მათ ჰაიფაში მისცეს სახლი და სახლთან ერთად ხუთი თვის ბავშვი.
1948 წლის 22 აპრილს, ხუთშაბათ საღამოს, თორა ზონშტაინმა, ზედ საიდ ს.-ს ბინის თავზე, მესამე სართულზე პატარა ვაჟიშვილთან ერთად მცხოვრებმა, ქმართან გაყრილმა ქალმა მეორე სართულიდან ამომავალი ბავშვის სუსტი ტირილის ხმა გაიგონა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად არ დაიჯერა, რა ფიქრმაც გაურბინა თავში, სუსტი ტირილი მაინც არ წყდებოდა, რამაც ქალი წამოაგდო ადგილიდან და მეორე სართულზე დაეშვა. დაიწყო კარზე ბრახუნი. ბოლოს, იძულებული გახდა, კარი შეემტვრია და ბავშვი, რომელიც თავის საწოლში დახვდა სრულიად დასუსტებული, თავისთან, სახლში აიყვანა.
თორას ეგონა, რომ ყველაფერი მალე თავის კალაპოტს დაუბრუნდებოდა, თუმცა ორ დღეში ეს აზრი გაუქარწყლდა, როცა აღმოაჩინა, რომ სიტუაცია მისი წარმოდგენის სრულიად საპირისპიროდ იცვლებოდა. ბავშვის თავისთან დატოვება უკვე სიგიჟე იყო და ქალმა ბავში ჰაიფაში ებრაული სააგენტოს ოფისში წაიყვანა, რადგან ფიქრობდა, რომ იქ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამის გაკეთება შეეძლოთ.
ასე და ამრიგად, ეფრათ ქოშნის საბედნიეროდ, ის სულ ცოტა ხანში მივიდა ებრაული სააგენტოს ოფისში და როდესაც იქ პასუხისმგებელმა პირებმა მისი დოკუმენტაციიდან შეიტყვეს, რომ მას შვილი არ ჰყავდა, შესთავაზეს, სპეციალური პრივილეგიის სახით, სახლი შიგ ჰაიფაში, თუკი ის ბავშვის შვილად აყვანას დათანხმდებოდა.
ეფრათისთვის ეს გასაკვირი მოულოდნელობა იყო. მას ბავშვის აყვანის სურვილი კლავდა მას შემდეგ, რაც დანამდვილებით დარწმუნდა, რომ მირიამს შვილის ყოლა არ შეეძლო. იქამდე მივიდა, რომ ეს ყველაფერი ლამის დაუჯერებელ ღვთაებრივ სასწაულად მიეღო, რომელმაც ყველა სიკეთე ერთბაშად უბოძა. უეჭველია, ბავშვი სრულიად შეცვლის მირიამს და მოსწყვეტს იმ უცნაურ ფიქრებს, იმ დღიდან რომ შეუპყრია, რაც მკვდარი არაბი ბავშვის სატვირთო მანქანაში იაფი შეშის მორივით ჩაგდება ნახა.
ეს იყო ხუთშაბათი, 1948 წლის 30 აპრილი, როცა ეფრათ ქოშნმა ცოლთან, მირიამთან ერთად ებრაული სააგენტოს ქათმისსახიანი თანამშრომლის თანხლებით, რომელსაც ხუთი თვის ბავშვი ეჭირა ხელში, საიდ ს.-ს სახლში შეაბიჯა, ალჰალისაზე.
თავად საიდ ს.-სა და მის ცოლს, საფიას რაც შეეხება, ამ დღეს ისინი უეჭველად ერთად ტიროდნენ მას მერე, რაც საიდ ს. ჰაიფაში შესვლის ასე მეასე ხელმოცარული მცდელობის შემდეგ დაბრუნდა, რათა ცოტა დაეძინა ქანცგამოცლილს, გათელილს, უკიდურესი დაქანცულობისგან ლამის გონმიხდილს ოთახში, რომელიც მეექვსე კლასის საკლასო ოთახი იყო აქას ცნობილი ციხის კედლის მოპირდაპირედ მდებარე საშუალო სკოლაში, ზღვის დასავლეთ ნაპირზე.
საიდ ს.-ს მირიამის მორთმეული ყავა არ დაულევია. საფიამ მხოლოდ ერთი ყლუპი მოსვა და ბისკვიტის ნაჭერი მიაყოლა კოლოფიდან, რომელიც მომღიმარე მირიამმა დადგა მათ წინ.
საიდ ს. აქეთ-იქით ათვალიერებდა ყველაფერს. უსმენდა მირიამს, შიგადაშიგ რომ რაღაცას ყვებოდა და უხერხულობის გრძნობა უორკეცდებოდა. ეჩვენებოდა, რომ ის დრო, სანამ ის და საფია მილურსმულებივით ისხდნენ სავარძლებში და რაღაც იდუმალს და გამოუცნობს, წარმოუდგენელს ელოდნენ, უსაშველოდ გრძელი იყო.
მირიამი კვლავ გადიოდა და შემოდიოდა. როცა ის კარს მიეფარებოდა, ორივე მისი ნელი ნაბიჯების ხმას აყურადებდა, მისი ფეხის ფლატუნს იატაკის ფილებზე. მეტიც, საკმარისი იყო, საფიას თვალი ოდნავ მოეხუჭა და ცხადად შეეძლო წარმოედგინა, როგორ გადიოდა მირიამი სამზარეულოსკენ მიმავალ კორიდორს – მარჯვნივ საძინებელი ოთახია, მხოლოდ ერთხელ გაიგონა კარის გაჭრიალების ხმა. ქმარს გახედა და ნაღვლიანად უთხრა:
– თითქოს საკუთარ სახლშიაო! ისე იქცევა, თითქოს ეს მისი სახლი იყოს!
ორივეს უხმოდ გაეღიმა. საიდ ს.-მ მუხლებს შორის მოქცეული ხელისგულები ისევ ერთმანეთს მოუჭირა. გადაწყვეტილება ვერ მიეღო, რა ექნა. ბოლოს, მოვიდა მირიამი. საიდმა ჰკითხა:
– როდის მოვა?
– ახლა მისი დაბრუნების დროა, თუმცა, შესაძლოა, ცოტა დაიგვიანოს. მთელი ცხოვრება ასეა, სახლში დაბრუნების ზუსტ დროს არ იცავს… მთლად მამამისივითაა, ის იყო…
მირიამი გაჩუმდა და ტუჩზე იკბინა. საიდს გახედა, რომელმაც იგრძნო, ტანში წამიერმა ჟრჟოლამ ელექტროდენივით როგორ დაუარა. „მამამისივითო!..“ მოულოდნელად, საკუთარ თავს ჰკითხა: „მამაშვილობა რა არის?“ და თითქოს ყურთამდე გაუხსნა ფანჯარა მოულოდნელად მოვარდნილ ქარიშხალს. თავი ხელისგულებში მოიქცია და შეეცადა, ამ შეკითხვის გადარეული ტრიალი შეეჩერებინა თავში, კითხვისა, სადღაც, გონებაში რომ გადაემალა აგერ უკვე ოცი წელია, რადგან მისი პირისპირ დგომის გამბედაობა არ ჰყოფნიდა. საფიამ, რომელიც საკვირველად მიხვდა მდგომარეობის დაუჯერებელ სირთულეს, რომელიც ხანდახან სიტყვებს შეუძლიათ, რომ გამოიწვიონ, ქმარს მხარზე ხელი რამდენჯერმე დაუსვა და უთხრა:
– ერთი ამას უყურე, რას ლაპარაკობს! „მამამისივითო!..“ თითქოს ხალდუნს შენს გარდა სხვა მამა ჰყავდეს!
მაგრამ მირიამმა ფეხი წინ წადგა და ისე გაჩერდა, თითქოს საკუთარ თავს რაღაც რთულის სათქმელად ამზადებსო. შემდეგ ნელა, მძიმედ დაიწყო ლაპარაკი, სიტყვები ისე უწყდებოდა და ეკარგებოდა, თითქოს მათ სადღაც მტვრითა და მიწით ამოვსებული ჭის სიღრმიდან ეწევაო.
– მომისმინეთ, ბატონო საიდ!.. მინდა, ერთი მნიშვნელოვანი რამ გითხრათ… ამიტომაც მინდა, რომ დოფს დაელოდოთ, ან ხალდუნს, თუ ასე გინდათ, რათა თქვენ ორმა ილაპარაკოთ და ეს საქმე ისე დამთავრდეს, როგორც ბუნებრივია, რომ დამთავრდეს. ნუთუ გგონიათ, რომ ეს ჩემთვისაც ისეთივე პრობლემა არ იყო, როგორიც თქვენთვის?! მთელი ეს გასული ოცი წელი ორჭოფობაში და გაურკვევლობაში ვიყავი. ახლა მოდი, ეს ყველაფერი დავამთავროთ! ვიცი, რომ მამამისი ხარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ის ჩვენი შვილია! და მიუხედავად ამისა, მოდი, მას მივანდოთ გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება. ის ზრდასრული, შეგნებული ყმაწვილია და ჩვენ ორივემ უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ მას თავად აქვს უფლება, აირჩიოს… არ მეთანხმები?..
საიდი სავარძლიდან წამოდგა და ოთახში დაიწყო ბოლთის ცემა. შემდეგ ოთახის შუაგულში მდგარი, სადაფით მოჭედილი მაგიდის წინ გაჩერდა და კიდევ ერთხელ დაიწყო ხის ლარნაკში ჩაწყობილი ფარშევანგის კუდის ფრთების გადათვლა. თუმცა აღარაფერი უთქვამს. ჩუმად იყო, თითქოს არაფერი გაუგიაო. მირიამი გაფაციცებით მისჩერებოდა. ბოლოს საიდი საფიას მიუბრუნდა და აუხსნა, რაც მირიამმა უთხრა. საფია სავარძლიდან წამოვარდა, გვერდზე დაუდგა და აკანკალებული ხმით უთხრა:
– ეს სამართლიანი არჩევანია!.. დარწმუნებული ვარ, ხალდუნი თავის ნამდვილ მშობლებს აირჩევს! შეუძლებელია, სისხლის და ხორცის ყივილის წინააღმდეგ წავიდეს…
უეცრად საიდმა მთელი ხმით გადაიხარხარა. ეს სიმწრით სავსე, იმედგაცრუების და მარცხის სიცილი იყო.
– რომელ ხალდუნზე ლაპარაკობ, საფია, რომელ ხალდუნზე?! რა სისხლსა და ხორცზე?! შენ სამართლიან არჩევანზე ლაპარაკობ, იმას კი ესენი ზრდიდნენ და წვრთნიდნენ ოცი წელი! ყოველ დღე, ყოველ საათს, ჭამისას, სმისას, ძილისას… და როგორი იქნება?! ამის შემდეგ თავისუფალ არჩევანზე მელაპარაკები?! ხალდუნი იქნება, დოფი, თუ ვინ ეშმაკი, ის ჩვენ არ გვიცნობს! გინდა, ჩემი აზრი გაიგო?! მოდი, წავიდეთ აქედან და ვიყოთ, როგორც მანამდე. ყველაფერი დამთავრებულია… ის ჩვენ წაგვართვეს!
საიდმა საფიას გახედა, რომელიც სავარძელში უღონოდ ჩაეშვა. პირველად შეასკდა იგი სინამდვილეს ასე ერთი ხელის მოსმით. ქმრის სიტყვები სრულ სიმართლედ ეჩვენა, თუმცა ისევ ცდილობდა, იმედის იმ უხილავ ძაფებს მოჭიდებოდა, რითაც ოცი წელი თავს იტყუებდა. ქმარი კი აგრძელებდა:
– შეიძლება, მან საერთოდაც არ იცის, რომ არაბების შვილია… ან შესაძლოა, ეს ერთი თვის, ერთი კვირის ან ერთი წლის წინ გაიგო… რა გგონია!.. ის მოტყუებულია… შესაძლოა, ამათზე უფრო ენთუზიასტი და გულანთებულიც… დანაშაული ოცი წლის წინ დაიწყო, როდესაც დადგა დღე, როცა ჩვენ ის აქ დავტოვეთ და საფასურს გადახდა უნდა!..
– მაგრამ ჩვენ ხომ არ მიგვიტოვებია იგი! შენ ხომ იცი!
– რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არაფერი არ უნდა დაგვეტოვებინა! არც ხალდუნი, არც სახლი და არც ჰაიფა! განა შენც ჩემსავით იგივე საშინელი შეგრძნება არ დაგეუფლა, როცა ჰაიფას ქუჩებში ჩემი მანქანით შემოვედით?! ვგრძნობდი, რომ მე ვიცნობდი მას, მაგრამ ის მე არ მიცნობდა! იგივე გრძნობა მაქვს ახლა, აქ, როცა ჩემს სახლში ვარ! ეს ჩვენი სახლია! წარმოგიდგენია! და ის ჩვენ ვერ გვცნობს! განა შენც ამას არ გრძნობ?! დარწმუნებული ვარ, ხალდუნთანაც იგივე მოხდება… თუ არა და, ნახავ!..
საფია მწარედ აქვითინდა. მირიამი გარეთ გავიდა ოთახიდან, რომელიც საგრძნობ დაძაბულობას აევსო. საიდმა იგრძნო, რომ ყველა ის კედელი, რომელშიც იგი ოცი წლის მანძილზე ცხოვრობდა, ჩამონგრეულიყო. ახლა საგნების უფრო ცხადად დანახვა შეეძლო. რამდენიმე წუთით შეიცადა, სანამ საფიას ქვითინი მიწყნარდებოდა, მერე ცოლს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– იცი, ფარის ალ-ლუბდას რა შეემთხვა?
– ჩვენი მეზობლის, ალ-ლუბდას ვაჟს?
– დიახ, რამალაში ჩვენს მეზობელს, ქუვეითში რომ გაემგზავრა, იმას. იცი, რა დაემართა, როცა მან ერთი კვირის წინ თავისი სახლი მოინახულა იაფაში?!
– როგორ, იაფაში წავიდა?
– დიახ, ასე ერთი კვირის წინ. მანქანა დაიქირავა იერუსალიმიდან და იმან წაიყვანა იაფაში. პირდაპირ ალ-აჯმასკენ გაემართა. ოცი წლის წინ ორსართულიან სახლში ცხოვრობდა მართლმადიდებლური სკოლის უკან. გახსოვს ის სკოლა? ზედ ალ-ფარირის სკოლის უკან. მარჯვნივ, ალ-ჯაბალიისკენ წახვალ და მერე ორას მეტრში მართლმადიდებლური სკოლაა მარჯვნივ, დიდი სათამაშო მოედნით. მოედნის შემდეგ გზაჯვარედინია, სწორედ იმ შესახვევში, სადღაც შუაში, ცხოვრობდა ფარის ალ-ლუბდა თავის ოჯახთან ერთად. სიბრაზისგან დუღდა, როცა მძღოლს თავისი სახლის წინ მანქანა გააჩერებინა. სიჩქარისგან კიბეზე ორ-ორ საფეხურს არბოდა. თავისი ბინის კარზე ზარი დარეკა…
4
მზე ჩასული იყო და იაფა, ალ-მანშიას რაიონის გამოკლებით, ისევ ისეთი იყო, როგორსაც ფარის ალ-ლუბდა იცნობდა ოცი წლის წინ. უსასოო ნაღველითა და უმწეო ბრაზით აღვსილს ის რამდენიმე წუთი, რომელიც ზარის დარეკვიდან კარის გასაღებად მომავალი კაცის ფეხის ხმის გაგონებამდე გავიდა, თითქოს საუკუნოდ გაიწელა. ბოლოს, როგორც იქნა, კარი გაიღო. კარში ბრგე, შავგვრემანი კაცი აისვეტა შეხსნილი თეთრი პერანგით, რომელმაც უცნობ მოსულს ჩამოსართმევად ხელი გამოუწოდა. ფარისმა თავი ისე დაიჭირა, ვითომ გამოწვდილ ხელს ვერ ამჩნევდა. მრისხანებით აღვსილი სიმშვიდით უთხრა:
– მოვედი, რომ ჩემი სახლისთვის თვალი შემევლო. ეს სახლი, რომელშიც შენ ცხოვრობ, ჩემი სახლია. შენი აქ ყოფნა ტრაგიკომედიაა, რომელიც ერთ დღეს იარაღის ძალით დასრულდება. თუ გინდა, შეგიძლია ახლავე ტყვია დამახალო, მაგრამ ეს ჩემი სახლია და ოცი წელი ვიცდიდი, რომ აქ დავბრუნებულიყავი… და თუკი…
კარის ზღურბლზე მდგარ ხელგამოწვდილ კაცს მთელი ძალით აუტყდა სიცილი, ფარის ალ-ლუბდას მიუახლოვდა, ზედ წინ დაუდგა, ხელები გაშალა, მისკენ გაიწია და გადაეხვია.
– არ ღირს შენი მრისხანების ჩემზე გადმონთხევა. მეც არაბი ვარ, შენსავით იაფელი. გიცნობ, შენ ალ-ლუბდას ვაჟი ხარ. შემოდი, ყავა დავლიოთ!..
გაოგნებული ფარისი შევიდა. თითქმის არ სჯეროდა. სახლი ისეთივე იყო, იმავე ავეჯით, ისევე მოწყობილი. კედლების ფერი, ნივთები, ყველაფერი კარგად ახსოვდა. კაცი, ისე, რომ ფართო ღიმილს ვერ იკავებდა, მისაღები ოთახისკენ გაუძღვა და როცა კარი გააღო და ოთახში შეიპატიჟა, ფარისი მილურსმულივით გაშეშდა და უეცრად თვალებიდან ცრემლი წასკდა. მისაღები ოთახი ისეთივე იყო, თითქოს ის ამ დილას დატოვაო. იგივე სურნელი ტრიალებდა, რაც მას ჰქონდა – ზღვის სუნი, რომელიც მასში ყოველთვის იმ გამომწვევ უცხო სამყაროთა არსებობის განცდას იწვევდა, რომლებიც უნდა დაეპყრო, თუმცა ამას არ გაუშეშებია ადგილზე. კარის მოპირდაპირე, თეთრად შეღებილ, მოლაპლაპე კედელზე მისი ძმის, ბადრის სურათი ისევ ეკიდა, მთელ ოთახში მხოლოდ იგი! ისევ ისე, შავი, განიერი ლენტით მარჯვენა კუთხეში!
მოულოდნელად ოთახი საპანაშვიდო მწუხარების ატმოსფერომ აავსო და ფარისს ცრემლები ღაპა-ღუპით დაედინა ლოყებზე. ისევ ისე იდგა. გარდასული დღეები ისე მოასკდნენ, თითქოს კარიბჭე, რომელიც მათ აკავებდა, ყურთამდე გაიხსნაო.
მისი ძმა, ბადრი, პირველთაგანი იყო, ვინც 1947 წ-ს დეკემბრის პირველ კვირაში იარაღი აიღო ხელში ალ-აჯმას რაიონში. იმ დღიდან მათი სახლი იმ ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილად იქცა, რომლებიც მართლმადიდებლური სკოლის სათამაშო მოედანს ავსებდნენ ხოლმე იმ დროს ყოველდღე, ნაშუადღევს. ახლა კი ყველაფერი შეცვლილიყო და ბადრი ბრძოლაში ისე ჩაება, თითქოს ამ დღეს ბავშვობიდან ელოდაო. 1948 წლის ექვს აპრილს ბადრი თანამებრძოლებმა მხრებით მოასვენეს შინ. თავისი რევოლვერი ისევ ისე ჰქონდა შუაში გაკეთებული, შაშხანა კი მისი სხეულივით დანაკუწებულიყო იმ ნაღმით, თელ-რიშის გზაზე რომ ესროლეს. მთელი ალ-აჯმა ისევე მიჰყვებოდა მის სამგლოვიარო პროცესიას, როგორც მისმა თანამებრძოლებმა ივალეს, რომ გამოსთხოვებოდნენ, როგორც შაჰიდს. მოიტანეს მისი გადიდებული ფოტოსურათი. მისი ერთ-ერთი მეგობარი ისქანდერ ავდის ქუჩაზე წავიდა, სადაც კალიგრაფმა, სახელად კუტბმა, პატარა პლაკატზე დაწერა, რომ ბადრ ალ-ბალდა მოწამებრივად დაეცა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ვიღაც პატარა ბიჭი ამ პლაკატით სამგლოვიარო პროცესიას მიუძღოდა თავში, ორ ბავშვს კი მისი სურათი მიჰქონდა. საღამოს ეს სურათი შინ დააბრუნეს, სამგლოვიარო შავლენტმობმული მარჯვენა კუთხეში.
ფარისს აქამდე ახსოვს, როგორ ჩამოხსნა დედამისმა ყველა სურათი, რომელიც მისაღებ ოთახში ეკიდა და ბადრის სურათი დაკიდა კარის მოპირდაპირე კედელზე. იმ წუთიდან ოთახში საპანაშვიდო ატმოსფერომ დაისადგურა. ხალხმა დაიწყო მოსვლა, სხდებოდნენ ამ ოთახში და თანაგრძნობას გამოთქვამდნენ.
ფარისი იმ ადგილიდან, სადაც იდგა, იმ შიშველ ლურსმნებსაც კი ხედავდა, რომლებზეც ოცი წლის წინ სხვა სურათები ეკიდა. მოეჩვენა, თითქოს მისი მოწამე ძმის, ბადრ ალბალდას, ეულად დაკიდებული გადიდებული სურათის წინ შავებში შემოსილი, მომლოდინე კაცებიც იდგნენ შუა ოთახში.
– შემოდი, შიგნით დაჯექი. ცოტა წავისაუბროთ. – უთხრა კაცმა. – დიდი ხანია, გელით. გვინდოდა, გვენახეთ, ოღონდ არა ასეთ სიტუაციაში.
ფარისი შევიდა, თითქოს დაუჯერებელ სიზმარში შეაბიჯაო. ძმის სურათის მოპირდაპირედ დაჯდა. ეს პირველად იყო ამ ოცი წლის მანძილზე, ძმის სურათს რომ უყურებდა. როდესაც იაფა დატოვეს (შატ აშ-შაბაბის ჩრდილოეთში მდებარე ადგილიდან ნავებმა გადაიყვანეს ისინი ღაზას მიმართულებით, თუმცა მამა დაბრუნდა და იორდანიაში გაემგზავრა), თან არაფერი წაუღიათ, ბადრის პატარა სურათიც კი, ბადრისა, რომელიც იქ დარჩა!
ფარისმა ხმის ამოღება ვერ შეძლო, სანამ ოთახში ორი პატარა ბიჭი არ შემოვიდა, სკამებს შორის დაიწყეს სირბილი, შემდეგ ისეთივე ხმაურით და ყვირილით გაცვივდნენ გარეთ, როგორითაც შემოიჭრნენ. კაცმა თქვა:
– ესენი ჩემი ვაჟები არიან, საყდი და ბადრი.
– ბადრი?
– დიახ, შენი შაჰიდი ძმის, ბადრის სახელი დავარქვით.
– და სურათი?!
კაცი წამოდგა. სახე შეეცვალა. შემდეგ მიუგო:
– მე იაფელი ვარ. ალ-მანშიას კვარტალში მცხოვრები. 1948 წლის ომის დროს ჭურვმა ჩემი სახლი დაანგრია. არ მინდა, ახლა მოგიყვე, როგორ დაეცა იაფა, როგორ ტოვებდნენ მას ისინი, ვინც ჩვენს დასახმარებლად მოვიდა განსაცდელის ჟამს. ეს ყველაფერი უკვე ჩავლილია… მნიშვნელოვანი ისაა, რომ როდესაც მებრძოლებთან ერთად მიტოვებულ ქალაქში დავბრუნდი, დაგვაპატიმრეს. საკმაოდ დიდი ხანი გავატარე საპატიმროში. შემდეგ, როდესაც გაგვათავისუფლეს, იაფადან წასვლაზე უარი ვთქვი, ეს სახლი ვიპოვე და ვიქირავე მთავრობისგან.
– და სურათი?!
– როდესაც ამ სახლში შემოვედი, ეს სურათი პირველი იყო, რაც დავინახე. ალბათ სწორედ ის იყო მიზეზი, რის გამოც ეს სახლი ვიქირავე. გამიჭირდება ამის შენთვის ახსნა, მაგრამ როდესაც იაფა დაიკავეს, ქალაქი თითქმის ცარიელი იყო და როდესაც ციხიდან გამოვედი, თავი ალყაში ვიგრძენი. ერთი არაბიც აღარ შემხვედრია აქ. ეული, იზოლირებული პატარა კუნძული ვიყავი მტრულ, მღელვარე ზღვაში. ეს სიმწარე შენ არ გამოგიცდია, მაგრამ მე ის გამოვიარე.
როდესაც ეს სურათი დავინახე, შვება ვპოვე მასში. მისი სახით მეგობარი აღმოვაჩინე, რომელიც მომმართავდა, მესაუბრებოდა, შემახსენებდა ისეთ რამეებს, რითაც ვამაყობ და რასაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდებულად მივიჩნევ. ასე გადავწყვიტე ამ სახლის დაქირავება. იმ დროს, ზუსტად ისე, როგორც ახლა, მიმაჩნდა, რომ თუ ადამიანი თავისი მეგობრის გვერდით იქნებოდა, რომელმაც იარაღი აიღო ხელში და სამშობლოსათვის მოკვდა, ეს იქნებოდა შეუცვლელი და ძვირფასი რამ და იქნებ ეს ერთგვარი ერთგულებაც ყოფილიყო იმათი, ვინც იომეს. ვგრძნობდი, თუ მას მივატოვებდი, ეს ჩემი მხრიდან ისეთი ღალატი იქნებოდა, საკუთარ თავს რომ ვერ ვაპატიებდი. სწორედ ამან მიშველა იმაში, რომ არა მხოლოდ უარი არ მეთქვა ამ სახლზე, არამედ აქ დავრჩენილიყავი… ასე დარჩა ეს სურათი აქ. ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა – მე, ჩემი ცოლი ლამია, ჩემი ორი ვაჟი: ბადრი და საყდი და შენი ძმა ბადრი ერთ ოჯახად ვიქეცით, ოცი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო…
ფარისი შუაღამემდე იჯდა მათთან, უყურებდა საკუთარ ძმას ბადრს სურათში, ამ სამგლოვიარო შავი ლენტის ქვეშ, როგორ იღიმოდა იგი ისე, როგორც ოცი წლის მანძილზე, ახალგაზრდული ენერგიით სავსე და როცა წასასვლელად წამოდგა, იკითხა, შეეძლო თუ არა სურათი თან წაეღო.
– რასაკვირველია, შეგიძლია. ის ხომ შენი ძმაა, უპირველეს ყოვლისა! – უპასუხა კაცმა. ადგა და სურათი კედლიდან ჩამოხსნა. მართკუთხა, გამოხუნებული ადგილი, რომელიც სურათის ადგილას დარჩა კედელზე, უაზროდ გამოჩნდა, შემაშფოთებელ სიცარიელეს დაემსგავსა.
ფარისმა სურათი მანქანაში წაიღო. რამალაში ისე დაბრუნდა, მთელი გზა გვერდით სავარძელში აყუდებულ სურათს მისჩერებოდა, საიდანაც ბადრი გადმოსცქეროდა და გასხივოსნებული ახალგაზრდული ღიმილით უღიმოდა. ასე უცქირა, სანამ იერუსალიმს არ გასცდა და რამალასკენ მიმავალ გზას არ დაადგა. სწორედ ამ დროს მოულოდნელმა გრძნობამ შეიპყრო, რომ მას არ ჰქონდა ამ სურათის წამოღების უფლება. საკუთარი თავისთვისაც კი არ შეეძლო ამის ახსნა, მაგრამ მძღოლს უკან, იაფაში დაბრუნება სთხოვა. იაფას დილით მიაღწიეს.
კიდევ ერთხელ, ნელი ნაბიჯით აიარა კიბე, დარეკა ზარი და კაცმა, რომელმაც სურათი გამოართვა, უთხრა:
– იცი, შემაძრწუნებელი სიცარიელე ვიგრძენი, როდესაც იმ ოთხკუთხა ადგილს შევხედე, სურათმა კედელზე რომ დატოვა. ჩემმა ცოლმა იტირა, ბავშვები საკვირველად აირ-დაირივნენ. ვინანე, რომ ნება მოგეცი, სურათი წაგეღო. საბოლოოდ, ეს კაცი ხომ ჩვენ გვეკუთვნის! ჩვენ მასთან ერთად ვიცხოვრეთ და იმან კი – ჩვენთან. ის ჩვენი ნაწილი გახდა. ღამით ცოლს ვუთხარი, რომ აუცილებელი იყო, თუკი თქვენ სურათის დაბრუნებას მოისურვებდით, მაშინ უნდა დაგებრუნებინათ სახლიც, იაფაც, ჩვენც… ფოტოგრაფია თქვენს პრობლემას ვერ გადაჭრიდა მაშინ, როცა ჩვენთვის ის თქვენგან გადებული ხიდი იყო ჩვენკენ და ჩვენი ხიდი – თქვენკენ!..
ფარისი მარტო დაბრუნდა რამალაში. საიდ ს.-მ ცოლს მიმართა:
– ფარის ალ-ლუბდა, თუ იცი…
და ძლივს გასაგონი ჩურჩულით დააყოლა:
– მას ახლა იარაღი აქვს ხელში აღებული.
5.
ქუჩიდან მანქანის ძრავის ხმაური გაისმა. მირიამი ოთახში შემოვიდა. სახეზე უეცარი სიყვითლე მოსწოლოდა. შუაღამე ხდებოდა. ეს ტანდაბალი, ხანშიშესული ქალი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ფანჯარას. ფარდები მსუბუქი მოძრაობით გადასწია, შემდეგ ათრთოლებული ხმით გამოაცხადა:
– აი, ეს დოფი მოვიდა!
კიბეზე ახალგაზრდული, მაგრამ დაღლილი ნაბიჯები მოახლოვდა. ნერვებდაჭიმული საიდ ს. კიბეზე ამომავალ ამ ნაბიჯებს ერთიმეორის მიყოლებით აყურადებდა, სანამ რკინის კარი ხმაურით არ გაიღო, შემდეგ ურდულზე დაიკეტა.
წუთები უსაშველოდ გაიწელა, მათი სიჩუმე ლამის აუტანელ, გიჟურ გუგუნად ხმიანებდა. შემდეგ გაიგონა გასაღების ხმა კარში. მხოლოდ ახლაღა გაიხედა მირიამისკენ და პირველად დაინახა – ის იქ იჯდა, სახეგადაყვითლებული და მოცახცახე. გამბედაობა არ ეყო, საფიასკენ გაეხედა. მისი მზერა კარის მიმართულებით გაქვავდა. იგრძნო, ოფლმა ერთბაშად როგორი ძალით გამოჟონა მისი სხეულის ყველა უჯრედიდან! ნაბიჯების ხმა შემოსასვლელში ცოტა არ იყოს, გაუბედავად მიჩუმდა. შემდეგ გაისმა არცთუ მაღალი ხმა, ყოყმანით იძახდა:
– დედა!
მირიამი ოდნავ შეთრთოლდა, ხელისგულების სრესას მოჰყვა. ამ დროს საიდ ს-მ გაიგონა, მისი ცოლი ცრემლებს თითქმის უხმოდ ყლაპავდა. გარეთ ნაბიჯები ცოტა ხნით შეწყდა, თითქოს რაღაცის მოლოდინში. შემდეგ იგივე ხმა კიდევ ერთხელ გაისმა. როცა ის გაჩუმდა, მირიამმა დაიწყო ჩურჩულით თარგმანი:
– მეკითხება, ასე გვიანობამდე რატომ ვარ სასტუმრო ოთახში?!..
ნაბიჯები კვლავ ოთახისკენ გამოემართა. კარი ოდნავ გაიღო. მირიამმა ინგლისურად მიმართა:
– მოდი, დოფ! სტუმრები გვყავს, მათ შენი ნახვა უნდათ. კარი ნელ-ნელა გაიღო. ერთი შეხედვით დაუჯერებელი იყო – კართან მქრქალ შუქზე მაღალტანიანმა ახალგაზრდა კაცმა გადმოაბიჯა წინ. სამხედრო ფორმა ეცვა და ხელში ბერეტი ეჭირა. საიდი ისე წამოიჭრა ფეხზე, თითქოს სკამიდან ელექტროდენმა წამოაგდოო. მირიამისკენ გაიხედა და დაძაბული ხმით უთხრა:
– ეს არის სიურპრიზი?!.. ეს ის სიურპრიზია, რომლის მოლოდინშიც გინდოდა ვყოფილიყავით?
საფია ფანჯრისკენ შებრუნდა და სახეზე ხელისგულები აიფარა. ხმამაღლა აქვითინდა.
მაღალტანიანი ახალგაზრდა კაცი კართან გაშეშდა და დაბნეულს მზერა ამ სამ ადამიანს შორის ერთიმეორეზე გადაჰქონდა. მირიამი მხოლოდ ახლაღა წამოდგა და ახალგაზრდა კაცს მოჩვენებითი სიმშვიდით, ნელა უთხრა:
– მინდა წარმოგიდგინო შენი მშობლები… შენი ღვიძლი მშობლები!..
მაღალტანიანმა ახალგაზრდა კაცმა ნელა გადადგა ნაბიჯი წინ. სახეზე ფერი უეცრად შეეცვალა. ჩანს, ერთბაშად დაკარგა თავდაჯერებულობა. შემდეგ თავის სამხედრო ფორმას დახედა, მერე ისევ საიდზე გადაიტანა მზერა, რომელიც მის წინ ისევ ფეხზე იდგა და მას მისჩერებოდა. ბოლოს, ახალგაზრდა კაცმა დაბალი ხმით თქვა:
– მე შენს გარდა სხვა დედა არ ვიცი! მამაჩემი კი სინაზე დაიღუპა 11 წლის წინ. მე თქვენს გარდა სხვა მშობლები არა მყავს…
საიდმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია. შემდეგ თავის ადგილას დაჯდა და საფიას ხელი ხელებს შორის მოიქცია. თავისდა გასაოცრად, გააკვირვა იმან, თუ როგორ შეძლო სიმშვიდის ასე სწრაფად დაბრუნება. ვინმეს რომ ეთქვა მისთვის ჯერ კიდევ ხუთი წუთის წინ, რომ ის აქ ასეთი სიმშვიდით იჯდებოდა, ნამდვილად არ დაუჯერებდა, ხოლო ახლა ყველაფერი შეიცვალა. წუთები ნელა გადიოდა. ყველაფერი იყო სრულიად მდუმარე და უხმო. შემდეგ მაღალტანიანმა ახალგაზრდა კაცმა იწყო ნელი ბოლთისცემა: სამი ნაბიჯი ოთახის შუაგულისკენ, სამი ნაბიჯი კარისკენ, შემდეგ უკან, ისევ ოთახის შუაგულისკენ… ბერეტი მაგიდაზე დადო, რომელიც ფარშევანგის ბუმბულებიანი ხის საყვავილის გვერდით სრულიად შეუსაბამო ნივთად გამოჩნდა, ცოტა არ იყოს, სასაცილოდაც. მოულოდნელად საიდს უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს წინასწარ ზედმიწევით მომზადებულ სპექტაკლს უყურებდა, რომელიც იაფფასიანი ფილმების ხელოვნურ, ბანალურ, უგემოვნო დრამატულ სცენებს აგონებდა.
ახალგაზრდა კაცი მირიამს მიუბრუნდა და გადაჭრით, მკვეთრი, კარგად გასაგონი ხმით დაუწყო ლაპარაკი:
– რის გასაკეთებლად ჩამოვიდნენ? არ მითხრა, რომ ჩემი უკან დაბრუნება უნდათო!..
მირიამმა იმავე ხმით მიუგო:
– მათ ჰკითხე!
ახალგაზრდა კაცი გახევებული, უხეში მოძრაობით მკვეთრად შემოტრიალდა, თითქოს ბრძანებას ასრულებსო და საიდს ჰკითხა:
– რა გნებავთ, ბატონო ჩემო?
საიდი კვლავ ინარჩუნებდა იმ მომენტისთვის თავის გარეგნულ სიმშვიდეს, თუმცა შინაგან ხანძარს ძლივს მალავდა. დაბალი ხმით მიუგო:
– არაფერი… არაფერი… ეს მხოლოდ ცნობისმოყვარეობაა, როგორც ხვდებით.
უეცარი სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც საფიას წამოტირება არღვევდა, რომელიც თითქოს გულჩვილი, სენტიმენტალური მაყურებლის რიგებიდან ისმოდა.
ახალგაზრდა კაცმა მზერა კიდევ ერთხელ გადაიტანა საიდიდან მირიამზე, შემდეგ საყვავილეზე მიყუდებულ თავის ბერეტზე, შემდეგ უკან ისე დაიხია, თითქოს რაღაცამ ძლიერ უბიძგაო მირიამის გვერდით მდგარი სავარძლისკენ. ჩაეშვა სავარძელში და თქვა:
– არა, ეს შეუძლებელია, დაუჯერებელი!.. საიდმა უეცარი სიმშვიდით ჰკითხა:
– არმიაში ხარ? ვის ებრძვი? რატომ?!.. ახალგაზრდა კაცი უეცრად წამოხტა.
– უფლება არ გაქვს, ეს შეკითხვები დამისვა! შენ სხვა მხარეზე ხარ!
– მე? ეს მე ვარ სხვა მხარეზე?!..
ძლიერად გადაიხარხარა და იგრძნო, ამ ხმამაღალი სიცილით გულში დაგროვილ ნაღველს, დაძაბულობას, შიშს და ტრაგედიას უბიძგა და გზა მისცა გარეთ. უეცრად ისურვა, ასე მოხარხარე დარჩენილიყო. ეცინა, სანამ მთელი სამყარო ამოტრიალდებოდა, ან დაეძინებოდა, ან მოკვდებოდა, ან გარეთ გავარდებოდა თავისი მანქანისკენ, თუმცა ახალგაზრდა კაცმა გაბრაზებით შეაწყვეტინა:
– სიცილის მიზეზს ვერ ვხედავ!
– მე ვხედავ!
მხოლოდ ცოტა ხანს იცინა, შემდეგ, როგორც აფეთქდა, ისევე დადუმდა. სავარძელს მიეყრდნო და იგრძნო, როგორ დაუბრუნდა სიმშვიდე. ჯიბეში სიგარეტის ძებნა დაიწყო. სიჩუმე დიდხანს გაიწელა, სანამ საფიამ სული არ მოიბრუნა და ჩუმი ხმით არ იკითხა: „ნუთუ ვერ გრძნობ, რომ ჩვენ შენი მშობლები ვართ?!“
არავინ იცოდა, შეკითხვა ვის ეკუთვნოდა. ეჭვი არაა, მირიამმა ვერ გაიგო, ვერც მაღალტანიანმა ახალგაზრდა კაცმა. საიდმა კი არ უპასუხა. ის სიგარეტს ამთავრებდა იმ მომენტში და წამოდგა, მაგიდისკენ წავიდა, რომ იქ საფერფლეში ჩაექრო. ამისთვის კი იძულებული გახდა, ბერეტი გადაეადგილებინა. ეს რომ გააკეთა, ირონიულად გაეღიმა, მერე თავის ადგილას დაბრუნდა და დაჯდა.
ამ დროს ახალგაზრდა კაცმა სრულიად შეცვლილი ხმით თქვა:
– მოდი, ვილაპარაკოთ, როგორც ცივილიზებულმა ადამიანებმა!
საიდს ისევ სიცილი აუტყდა, მერე უთხრა:
– შენ ხომ მოლაპარაკებებზე წასვლა არ გინდა!.. ასე არ არის?! შენ თქვი, რომ შენ, ან მე, მეორე მხარეს ვართ… რა მოხდა? ნუთუ მოლაპარაკება მოგინდა? მაშ რა გინდა?!..
საფიამ აღელვებით იკითხა:
– რა თქვა?
– არც არაფერი!
ახალგაზრდა კაცი მობრუნდა და გაჩერდა. დაიწყო ლაპარაკი ისე, თითქოს ეს ფრაზები დიდი ხნის წინ მოუმზადებიაო:
– მხოლოდ სამი თუ ოთხი წლის წინ გავიგე, რომ მირიამი და ეფრათი ჩემი მშობლები არ იყვნენ. ბავშვობიდან იუდეველი ვარ, სინაგოგაში დავდივარ, იუდაურ სკოლაში, ქოშერს ვჭამ და ებრაულს ვსწავლობ. როცა მათ მითხრეს, რომ მე მათი ღვიძლი შვილი არა ვარ, ამას არაფერი შეუცვლია. ამის შემდეგ, როცა მათ მითხრეს, რომ ჩემი ნამდვილი მშობლები არაბები არიან, არც ამას შეუცვლია რამე. არა, არაფერი შეცვლილა, ეს ნამდვილად ასეა! მართლაც, ადამიანი საბოლოოდ პრობლემაა!
– ეს ვინ თქვა?
– რა?
– ვინ თქვა-მეთქი, რომ ადამიანი პრობლემაა?
– არ ვიცი, არ მახსოვს… რატომ მეკითხები?!
– უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო. მართალი გითხრა, მხოლოდ იმიტომ გეკითხები, რომ ეს სწორედ ისაა, რაც მეც ამწამს თავში მიტრიალებდა.
– ადამიანი რომ პრობლემაა?!
– დიახ, ზუსტად.
– მაშ ჩემს საძებრად აქ რატომ ჩამოხვედი?
– არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ეს არ ვიცოდი, ან იმიტომ, რომ ამაში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნებულიყავი. არ ვიცი, ასეა თუ ისე, რატომ არ ამთავრებ სათქმელს?
მაღალტანიანმა ახალგაზრდა კაცმა, ზურგზე ხელებშემოწყობილმა, ბოლთისცემა განაგრძო: სამი ნაბიჯი კარისკენ, სამი ნაბიჯი მაგიდისკენ. იმ წუთში ისე ჩანდა, თითქოს გრძელი გაკვეთილი ზეპირად დაესწავლა და როდესაც შუაში გააწყვეტინეს, აღარ იცოდა, როგორ დაესრულებინა. ჩუმად, თავში იმეორებდა პირველ ნაწილს, რათა გაგრძელება შესძლებოდა. უეცრად თქვა:
– მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ არაბები ხართ, ჩემს თავს ვეკითხებოდი: როგორ შეუძლია დედ-მამას, რომ ხუთი თვის ვაჟი მიატოვოს და გაიქცეს?!.. და როგორ შეუძლიათ მათ, ვინც არც დედაა მისი და არც მამა, გულში ჩაიკრას, მიიღოს იგი და ოცი წელი ზარდოს? ოცი წელი!… რამის თქმა ხომ არ გინდათ, ბატონო ჩემო?!..
– არა!
თქვა საიდმა მოკლედ და მტკიცედ და ხელით ისეთი ჟესტი აჩვენა, თითქოს ანიშნებდა, გააგრძელეო.
– მე ახლა სათადარიგო ძალებში ვარ, უშუალოდ ბრძოლაში მონაწილეობა ჯერ არ მხვდომია წილად, რომ ჩემი შეგრძნების აღწერა-გადმოცემა შემეძლოს შენთვის, მაგრამ მომავალში ალბათ შემეძლება, განმეორებით დაგიდასტურო, რასაც ახლა გეუბნები: მე აქაურობას ვეკუთვნი, ეს ქალი დედაჩემია, თქვენ ორს არ გიცნობთ და არც განსაკუთრებული გრძნობა გამაჩნია თქვენ მიმართ!
– არცაა საჭირო, შენი შემდგომი შეგრძნება ამიღწერო! შენი პირველივე ბრძოლა, შეიძლება, პარტიზან ხალიდთან გქონდეს! ხალიდი ჩემი ვაჟია. გთხოვ, ყურადღება მიაქციო, „შენი ძმა-მეთქი“ – არ მითქვამს. ადამიანი, როგორც შენ თქვი, პრობლემაა! გასულ კვირას ხალიდი პარტიზანებში ჩაეწერა…
იცი, რატომ დავარქვით მას ხალიდი და არა ხალდუნი? იმიტომ, რომ ვიმედოვნებდით, რომ გიპოვიდით, თუნდაც ოცი წლის მერე, მაგრამ ეს არ მოხდა. ჩვენ შენ ვერ გიპოვეთ… ახლა უკვე მეეჭვება, რომ ჩვენ შენ გიპოვით.
საიდ ს. მძიმედ წამოდგა. მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ დაღლილი იყო. ცხოვრებას მძიმე კვალი დაეტყო მისთვის. ამ განცდამ, რომ არ ელოდა, ისე დაასევდიანა. იგრძნო, ატირებამდე ცოტა უკლდა. იცოდა, რომ იცრუა, ხალიდი პარტიზანებში არ ჩაწერილა. სინამდვილეში, თავად აუკრძალა ეს. მეტიც, ერთ დღეს იქამდე მივიდა, მის მამობაზე ხელის აღებითაც კი დაემუქრა შვილს, თუკი ის ეურჩებოდა და წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდებოდა. ეს ბოლო რამდენიმე დღე სრულ კოშმარად ეჩვენა, რომელიც საშინლად დამთავრდა. ნუთუ ეს თვითონ იყო, საკუთარ ვაჟს, ხალიდს, ცოტა ხნის წინ მამობაზე უარის თქმით რომ ემუქრებოდა?! ეს სამყარო დაუჯერებლად უცნაურია!.. ახლა კი მხოლოდ ხალიდის მამობით გამოწვეული სიამაყეა, ამ მაღალტანიანი ახალგაზრდა კაცის შვილად მიღებაში ხელს რომ უშლის! სწორედ ხალიდისა, რომლის პარტიზანებში ჩაწერასაც იმ გაცვეთილი მათრახით ეწინააღმდეგებოდა, მამობა რომ ჰქვია! იქნებ ხალიდს მისი ჰაიფაში ყოფნით ესარგებლა და გაქცეულიყო!.. აჰ, ნეტავ ასე მოქცეულიყო! რა იმედგაცრუებული დარჩებოდა, ყოფიერების ყველა ფასეულობა როგორ გაუუფასურდებოდა, სახლში დაბრუნებულს ხალიდი მორჩილად მისი მომლოდინე რომ დახვედროდა!..
საიდმა ორი ნაბიჯი გაიარა და კვლავ დაიწყო ფარშევანგის ხუთი ფრთის გადათვლა ხის საყვავილეში. პირველად შეხედა მირიამს მას მერე, რაც მაღალტანიანი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა ოთახში და წყნარად უთხრა:
– ის კითხულობს, როგორ ტოვებსო დედ-მამა ჩვილ ვაჟს და გარბის… თქვენ, ქალბატონო, რატომ დროულად არ უთხარით მას სიმართლე?! როცა მოუყევით, უკვე გვიან იყო. განა ჩვენ მივატოვეთ იგი?! ნუთუ ჩვენ მოვკალით ის ბავშვიც, ბეთლემის ეკლესიასთან ალ-ჰადარში?!.. ბავშვი, რომლის გვამიც, როგორც ამბობთ, იყო პირველი, რასაც ამ სამყაროში გადააწყდით; სამყაროში, რომელიც სამართლიანობას აბუჩად იგდებს და ფეხით თელავს… ის ბავშვი იყო ალბათ ხალდუნი!.. ის პატარა არსება, იმ უბედურ დღეს რომ მოკვდა, ალბათ ხალდუნი იყო… კი, ნამდვილად ხალდუნი იქნებოდა! შენ მოგვატყუე, ის ხალდუნი მოკვდა და ეს კი ობოლი ბავშვია, რომელიც პოლონეთში ან ინგლისში იპოვე!..
მაღალტანიანი ახალგაზრდა კაცი თავჩაქინდრული, მოშვებული, განადგურებული იჯდა სავარძელში. „ჩვენ კი დავკარგეთ იგი, მაგრამ უეჭველია, მანაც დაკარგა თავი ამ ყველაფრის შემდეგ. აღარასოდეს იქნება ის, რაც სულ ერთი საათის წინ იყო!“ – გაიფიქრა საიდმა თავისთვის და ამ რწმენამ ბუნდოვანი, აუხსნელი შვება მოჰგვარა, ამანვე უბიძგა იმ სავარძლისკენ, მაღალტანიანი ახალგაზრდა კაცი რომ იჯდა. წინ გაუჩერდა და უთხრა:
– საბოლოოდ, ადამიანი პრობლემაა. ეს შენ თქვი და სწორია, მაგრამ რა პრობლემაა ის? საკითხავი აი ეს არის! კარგი აზრია! ხალიდიც პრობლემაა. არა იმიტომ, რომ ჩემი ვაჟია, არამედ, მართალი რომ გითხრა… მოდი, რაც არ უნდა იყოს, ეს დეტალები გვერდზე გადავდოთ!.. ადამიანის გაცნობას არავითარი კავშირი არ აქვს არც მის სისხლთან, არც ხორცთან, არც პირადობის მოწმობასთან და არც პასპორტთან… შეგიძლია, ეს გაიგო? კეთილი! მოდი, წარმოვიდგინოთ, თითქოს ჩვენ შევხვდით ისე, როგორც ოცი წელი ვოცნებობდით ამაზე – ხვევნა-კოცნითა და ცრემლებით… განა ეს რამეს შეცვლიდა?! თუ გვაკოცებდი? ან თუ გაკოცებდით? დაე, შენი სახელი ხალდუნი ყოფილიყო, ან დოფი, ან ისმაილი, ან რამე სხვა… რა შეიცვლებოდა?!.. ამასთან ერთად, შენს მიმართ ზიზღს არ ვგრძნობ. დამნაშავე მარტო შენ არ ხარ! დანაშაული ალბათ ამ წუთიდან დაიწყება, რათა შენი ხვედრი გახდეს! მაგრამ აქამდე რა იყო?!.. ადამიანი ხომ ისაა, რასაც მას უშხაპუნებენ ყოველ საათს, დღითი დღე, წლიდან წლამდე… და თუ რამეს ვნანობ, ეს ისაა, რომ ამ ოცი წლის მანძილზე ყველაფერი პირიქით მეგონა…
საიდი უკან გაბრუნდა თავისი სავარძლისკენ, ძლივს დგამდა ნაბიჯებს, თუმცა ცდილობდა, იმაზე მშვიდი გამოჩენილიყო, ვიდრე იყო. იმ მცირე წამებში, როცა სადაფით მოჭედილ მაგიდას ჩაუარა, შუაგულ მაგიდაზე მდგარ ხის საყვავილეში ჩაწყობილი გადახრილი ფარშევანგის ფრთებით, მოეჩვენა, საგნები სრულიად შეცვლილიყვნენ ამ ოთახში იმასთან შედარებით, ვიდრე ისინი რამდენიმე საათის წინ, მისი პირველი შემოსვლისას იყო. მოულოდნელად საკუთარ თავს ჰკითხა: „რა არის სამშობლო?“ და მწარედ გაეღიმა. მოწყდა და ნივთივით ჩაენარცხა თავის სავარძელში. საფია აღელვებით მისჩერებოდა, კითხვით სავსე თვალებს არ აშორებდა. საიდს გაახსენდა, რომ ქალი სიტუაციაში უნდა გაერკვია და ჰკითხა:
– რა არის სამშობლო?
საფია გაოგნებული უკან მიაწყდა. ისე უყურებდა ქმარს, თითქოს არ სჯერა, რაც გაიგონაო. შემდეგ რბილად, ეჭვნარევი ხმით ჰკითხა:
– რა თქვი?
– გკითხე: „რა არის-მეთქი სამშობლო?“ საკუთარ თავსაც ამას ვეკითხებოდი წუთის წინ. და მართლაც, რა არის სამშობლო? ნუთუ ეს ორი სავარძელი, ამ ოთახში ოცი წელია რომ დგას?! მაგიდა?! ფარშევანგის ფრთები?! იერუსალიმის სურათი კედელზე?! სპილენძის ურდული?! მუხის ხე?! აივანი?! რა არის სამშობლო? ხალდუნი?! ჩვენი ილუზიები მასზე?! მამობა?! შვილობა?! რა არის სამშობლო? რა არის სამშობლო ბადრ ალ-ლაბდასთვის? ნუთუ მისი ძმის სურათი კედელზე? მე მხოლოდ კითხვას ვსვამ.
უეცრად, კიდევ ერთხელ, საფიას ცრემლი წასკდა. თვალებს თეთრი, პატარა ცხვირსახოცით იწმენდდა. საიდმა, ცოლს რომ უყურებდა, თავისთვის თქვა: „ეს ქალი სულ დაბერდა! ახალგაზრდობა ამ წუთის მოლოდინში გალია და რა იცოდა, რა საშინელი წუთი ელოდა!“
ისევ დოფის თვალიერება დაიწყო. სრულიად წარმოუდგენლად ეჩვენა, ეს ახალგაზრდა კაცი ამ ქალის ღვიძლი შვილი ყოფილიყო! შეეცადა, მასში ხალიდთან მსგავსება ამოეცნო, მაგრამ ვერაფერი იპოვა მათ შორის მსგავსი! პირიქით, დაინახა ის, რაც განასხვავებდა მათ ერთმანეთისგან, თითქმის სრულ ანტიპოდებად აქცევდათ! თვითონვე გაუკვირდა, როგორ გაუქრა მის მიმართ ყოველგვარი კეთილგანწყობა. წარმოიდგინა, ხალდუნზე მთელი მისი მოგონებები თოვლის გუნდა იყო, უცაბედად მცხუნვარე მზის დანათებამ რომ დაადნო.
კვლავ დოფს მისჩერებოდა, როცა ეს უკანასკნელი მოულოდნელად წამოდგა, საიდის წინ გაჩერდა, ისე გაიმართა, თითქოს თავშესაფარში მიმავალ ჯარისკაცთა მწკრივში დგასო. მთელი ძალით ცდილობდა, მშვიდი ყოფილიყო:
– ეს ყველაფერი შეიძლებოდა არ მომხდარიყო, თქვენ რომ ისე მოქცეულიყავით, როგორც კულტურულ, შეგნებულ ადამიანებს სჩვევიათ.
– როგორ?
– არ უნდა წასულიყავით ჰაიფადან! და თუ ეს შეუძლებელი იყო, რა ფასადაც არ უნდა დაგჯდომოდათ, ჩვილი ბავშვი საწოლში არ უნდა დაგეტოვებინათ! და თუ ესეც შეუძლებელი იყო, ყოველი ძალითა და ღონით უნდა ცდილიყავით დაბრუნებას… არ მითხრათ, რომ ესეც შეუძლებელი იყო!.. ოცი წელი გავიდა, ბატონო ჩემო, ოცი წელი!.. რას აკეთებდით ამ ოცი წლის მანძილზე შვილის დასაბრუნებლად? თქვენ ადგილას მე იარაღს ავისხამდი ამისთვის! ამაზე დიდი მიზეზი რაღა უნდა იყოს?! უღონოებო! უსუსურებო! უმოქმედობისა და ჩამორჩენილობის მძიმე ჯაჭვებით შებორკილებო! და არ მითხრათ, რომ ეს ოცი წელი ტირილში გაატარეთ!.. ცრემლები დაკარგულებსა და გაუჩინარებულებს არ აბრუნებენ და არც სასწაულებს ახდენენ! მთელი ქვეყნიერების ცრემლებსაც კი არ შეუძლიათ ერთი პატარა ნავის ზიდვა, რომელშიც დაკარგული შვილის მძებნელი მშობლები სხედან… ოცი წელი ტირილში გაიყვანეთ… ამის თქმა გინდათ ახლა ჩემთვის?! ეს არის თქვენი დამტვრეული, უბადრუკი იარაღი?!
გაოგნებულმა, ელდანაცემმა საიდმა უკან დაიხია. მოულოდნელად თავბრუსხვევა იგრძნო, რომელმაც სადღაც გააქანა. ნუთუ ეს ყველაფერი შეიძლება სიმართლე იყოს?! თუ მხოლოდ გაჭიანურებული, მძიმე სიზმარია, მოუშორებელი კოშმარი, უზარმაზარი რვაფეხასავით რომ შემოხვევია?! საიდმა საფიასკენ დაიწყო ყურება, რომელიც გაოგნებისგან ფრთამოტეხილივით ძირს ჩამოვარდნილს ჰგავდა. ძლიერი წუხილი იგრძნო მის გამო და მხოლოდ იმიტომ, რომ სულელად არ გამოჩენილიყო, მიუბრუნდა ცოლს და აკანკალებული ხმით უთხრა:
– მასთან დისკუსია არ მინდა!
– რას ამბობს?
– არც არაფერს! ამბობს, რომ ჩვენ მხდალები ვართ. საფიამ გულუბრყვილოდ იკითხა:
– და ჩვენ რომ მხდალები ვართ, ის იმიტომ გახდა ასეთი?! — და მხოლოდ ახლა მიტრიალდა საიდი დოფისკენ. ის ისევ გაჭიმული იდგა. მის ზურგს უკან კი ფარშევანგის ფრთები ისე გადმოფენილიყო, თითქოს იქ მდგარი ხაკისფერი, დიდი მამლის კუდიაო. ამ სანახაობამ საიდში მოულოდნელი გამოცოცხლება გამოიწვია და უთხრა:
– ჩემი ცოლი კითხულობს, ჩვენმა სიმხდალემ მოგცაო უფლება, ასეთი ყოფილიყავი?! როგორც ხედავ, ის თავისი გულუბრყვილობით აღიარებს, რომ ჩვენ მხდალები ვიყავით და შენ ამაში მართალი ხარ, მაგრამ ეს არანაირად არ გამართლებს! შეცდომას პლუს შეცდომა არ უდრის სწორ პასუხს! ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ის, რაც ეფრათსა და მირიამს ოსვენციმში გადახდათ, სწორი უნდა ყოფილიყო! როდის გადაეჩვევით სხვების სისუსტისა და შეცდომების საკუთარი განსაკუთრებულობის საფარველად გამოცხადებას?! ეს ძველი სიტყვები უკვე მოცვდა, ეს ცრუ ალგორითმები!.. ხან ამბობთ, რომ ჩვენი შეცდომები თქვენს შეცდომებს ამართლებს… ხანაც ამბობთ, რომ ერთი უსამართლობა მეორით არ გამოსწორდება… ერთ ლოგიკას რომ თქვენი აქ ყოფნის გასამართლებლად იყენებთ, მეორე ლოგიკით დამსახურებულ სასჯელს გაურბით და ირიდებთ თავიდან!.. მეჩვენება, რომ ეს ორიგინალური თამაში უზომო სიამოვნებას განიჭებთ. აი, ახლა შენ კიდევ ერთხელ ცდილობ, ჩვენი სისუსტე საშენოდ გამოიყენო!.. არა, მე შენ როგორც არაბს, ისე არ გელაპარაკები!.. ახლა მე უფრო მეტად მესმის, რომ ადამიანი პრობლემაა და არა სისხლი და ხორცი, რომელიც თაობიდან თაობას მემკვიდრეობით ისე გადაეცემა, როგორც გამყიდველიდან მყიდველს – ხორცის კონსერვები! მე გელაპარაკები ისე, როგორც, ბოლოსდაბოლოს, ადამიანს! იუდეველი იქნები თუ ვინც გინდა!.. მაგრამ შენ უნდა გესმოდეს საგანთა არსი ისე, როგორც საჭიროა. ვიცი, რომ ერთ დღეს შენ ჩაწვდები ამ ყველაფერს! მიხვდები, რომ ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც კი ადამიანმა, – ვინც არ უნდა იყოს ის, – შეიძლება ჩაიდინოს, ესაა თუნდაც წამით იმის დაჯერება, რომ სხვათა სისუსტე და შეცდომები მას აძლევს უფლებას, იცხოვროს, იარსებოს მათ ხარჯზე, ამით გაამართლოს თავისი შეცდომები და დანაშაული!..
წამით დადუმდა, შემდეგ პირდაპირ თვალებში შეხედა დოფს და უთხრა:
– ნუთუ გჯერა, რომ ჩვენ ისევ ვცდებით?! და თუ ერთ დღეს ჩვენ შეცდომაზე უარს ვიტყვით, მაშინ რა დაგრჩება შენ?!
აქ იგრძნო, რომ უნდა ამდგარიყვნენ და წასულიყვნენ. ყველაფერი დამთავრებული იყო და აღარაფერი დარჩენილიყო სათქმელი. ამ დროს ხალიდის ფარული მონატრება იგრძნო. ინატრა, ნეტავ შეძლებოდა და გაფრენილიყო მასთან, მოხვეოდა და ეკოცნა მისთვის, მის მხარზე ატირებულიყო, მამისა და შვილის როლები უცნაურად და აუხსნელად გაცვლილიყო! აი, ეს არის სამშობლო! – თქვა თავისთვის და გაეღიმა. მერე ცოლს მიუბრუნდა:
– საფია, იცი, რა არის სამშობლო? სამშობლო ისაა, ეს ყველაფერი რომ არ მოხდება!
ცოლმა, ცოტა არ იყოს დაძაბულმა, ჰკითხა:
– რა მოგივიდა, საიდ?
– არაფერი… საერთოდ არაფერი!.. მხოლოდ ვკითხულობ! ნამდვილ პალესტინას ვეძებ! პალესტინას, რომელიც ხსოვნაზე მეტია, ფარშევანგის ფრთაზე, ვაჟიშვილზე, სადარბაზოს კიბის კედელზე ფანქრით მიჯღაბნილ ბატისფეხურზე მეტია!.. ჩემს თავს ვეკითხები: რა არის პალესტინა ხალიდისთვის?! მან ხომ არც ეს საყვავილე იცის, არც ეს სურათი, არც სადარბაზოს კიბე და არც ალ-ჰალისა… არც ხალდუნს იცნობს და ამ ყველაფრის მიუხედავად, მას პალესტინა უღირს საიმისოდ, რომ კაცმა იარაღი აისხას და მოკვდეს მისთვის! ჩვენთვის, – ჩემთვის და შენთვის, – ის მხოლოდ რაღაცის ძიებაა ხსოვნის მტვრის ქვეშ! და შეხედე, რა ვიპოვეთ ამ მტვრის ქვეშ?!.. ისევ მტვერი!.. ვცდებოდით, როცა გვეგონა, რომ სამშობლო მხოლოდ წარსულია! აი, ხალიდისთვის კი სამშობლო მომავალია! ამაში იყო ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა! ამიტომ სურდა ხალიდს, იარაღისთვის მოეკიდა ხელი! ათობით ათას ხალიდისნაირს ვეღარ აჩერებს დამარცხების მღვიმეებში ჯავშანთა ნამსხვრევების მძებნელთა ცრემლების ღვარღვარი და დამჭკნარი ყვავილები, ისინი მომავლისკენ იყურებიან! ამიტომაც სწორედ ისინი გამოასწორებენ ჩვენს შეცდომებს, მთელი სამყაროს შეცდომებს!.. და თუ დოფი ჩვენი სირცხვილია, ხალიდი ჩვენი დარჩენილი ღირსებაა!.. ხომ გეუბნებოდი თავიდანვე, რომ არ უნდა ჩამოვსულიყავით!… ეს ყველაფერი ომს თხოულობს? მაშ, ვიომოთ!
ხალიდი ამას ჩვენზე ადრე მიხვდა. ეჰ, საფია…
ანაზდად წამოდგა. საფია გვერდით მიუდგა, დაბნეულობისგან ცხვირსახოცს ჭმუჭნიდა ხელში. დოფი ისევ თავჩაქინდრული, მოშვებული იჯდა. მისი ბერეტი ისევ საყვავილეზე იყო მიყრდნობილი და ასე, რატომღაც, სავსებით სასაცილოდ გამოიყურებოდა. მირიამმა წყნარად თქვა:
– ასე წასვლა არ შეგიძლიათ! საკითხი საკმარისად არ განგვიხილავს…
საიდმა თქვა:
– სათქმელიც არაფერია! თქვენთვის ეს ამბავი ალბათ უბედური შემთხვევაა, მაგრამ ისტორიისთვის – არა. აქ ჩამოსვლით ჩვენ ისტორიის წინააღმდეგ წავედით, ისევე, როგორც, გამოგიტყდებით და მაშინ, როცა ჰაიფა დავტოვეთ. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. იცით, ქალბატონო, მეჩვენება, რომ მთელმა პალესტინამ უნდა გაიღოს საფასური!.. ბევრს ვიცნობ, ვინც შვილები მსხვერპლად გაიღო. ახლა ვიცი, რომ მეც გავიღე მსხვერპლად შვილი – მეტად უცნაური სახით, მაგრამ მეც გადავიხადე საფასური… და ეს ჩემი პირველი შენატანი იყო! მაგრამ ეს ისეთი რამაა, რაც ძნელი ასახსნელია.
შეტრიალდა და გაბრუნდა. დოფი ისევ თავჩაქინდრული, მოშვებული იჯდა, თავი ხელისგულებს შორის მოექცია. საიდი კართან რომ მივიდა, თქვა:
– შეგიძლიათ, დარჩეთ დროებით ჩვენს სახლში. ამ ყველაფრის გადაჭრა ომს თხოულობს.
საიდი კიბეზე დაეშვა, თან ყველაფერს გულდასმით აკვირდებოდა. ეს ყველაფერი ნაკლებმნიშვნელოვნად ეჩვენებოდა, ვიდრე რამდენიმე საათის წინ, არავითარ მღელვარებას აღარ იწვევდა მისი გულის სიღრმეში. უკან საფიას ნაბიჯების ხმა ესმოდა, უფრო დაჯერებული და მტკიცე, ვიდრე უწინ. გარეთ ქუჩა თითქმის ცარიელი იყო. მანქანისკენ გაემართა და აცალა, დაღმართზე უხმოდ დაგორებულიყო, მხოლოდ მოსახვევში ჩართო ძრავა და მეფე ფეისალის ქუჩისკენ წავიდა.
მთელი გზა დუმდა. სიტყვა არ უთქვამს, სანამ რამალას არ მიაღწიეს. მხოლოდ აქ გახედა ცოლს და უთხრა:
– ვიმედოვნებ, ხალიდი ჩვენს არყოფნაში წავიდოდა…
თარგმანი დარეჯან გარდავაძისა
წყარო: ქანაფანი ღ. კაცები მზეში, “წიგნები ბათუმში”, 2016.
ილუსტრაციის ავტორი: ანუკ ბელუგა
შენიშვნები
[1] აბუ ხალიდი – ხალიდის მამა (არაბ.), არაბული სახელის შემადგენელი ნაწილი – ქუნია, აღნიშნავს მამობას ან დედობას პირველი, უფროსი ძის მიმართ.
[2] უმ ხალიდი – ხალიდის დედა (არაბ.), ქუნია, რომელიც დედობას პირველი, უფროსი ძის მიმართ აღნიშნავს.
[3] ჰაგანა (ივრ. თავდაცვა, დაცვა) —სიონისტური იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელიც არსებობდა ბრიტანეთის მანდატის ქვეშ მყოფ პალესტინაში 1920 წლიდან 1948 წლამდე, როცა იგი ისრაელის თავდაცვის არმიის (ცაჰალ-ის) ნაწილი გახდა.
