ვლადიმერ ლენინი გარდაიცვალა.
მისი მტრების ბანაკიდანაც კი ზოგიერთები გულახდილად აღიარებენ: ლენინის სახით მსოფლიომ დაკარგა ისეთი პიროვნება, „ვინც ყველა მის თანამედროვე დიდ ადამიანთა შორის გენიალობის მეტად თვალსაჩინო განსახიერება იყო“.
გერმანულმა ბურჟუაზიულმა გაზეთმა — “Prager Tageblatt”-მა წერილი უძღვნა ლენინს. ეს წერილი აღსავსეა პატივისცემითა და გაოცებით ლენინის კოლოსალური ფიგურისადმი და შემდეგი სიტყვებით მთავრდება:
„დიადი, მიუწვდომელი და თავზარდამცემი გვეჩვენება ლენინი სიკვდილშიც კი”.
წერილის ტონი ცხადყოფს, რომ იგი გამოიწვია არა იმ ფიზიოლოგიურმა კმაყოფილებამ, რომელიც ცინიკურად არის გამოთქმული აფორიზმით, მტრის გვამს ყოველთვის სასიამოვნო სუნი ასდისო; არა იმ სიხარულმა, რასაც განიცდიდნენ ადამიანები, როდესაც დიდი, მოუსვენარი პიროვნება ტოვებს მათ. არა. აღნიშნულ წერილში ხმამაღლა გაისმის ადამიანით გამოწვეული სიამაყე ადამიანისა.
რუსული ემიგრაციის პრესას არ აღმოაჩნდა არც ძალა და არც ტაქტი, ისეთი პატივისცემით მოჰკიდებოდა ლენინის გარდაცვალებას, რომელიც ბურჟუაზიულმა გაზეთებმა გამოიჩინეს იმ პიროვნების შეფასებისას, ვინც სიცოცხლის სიყვარულისა და უშიშარი გონების ერთ-ერთი უდიდესი გამომხატველი იყო.
მისი პორტრეტის დახატვა ძნელია. გარეგნულად ლენინი წარმოუდგენელია უსიტყვოდ, როგორც თევზი უქერცლოდ. იგი ისევე უბრალო და პირდაპირი იყო, როგორც ყველაფერი, რასაც ის ამბობდა.
მისი გმირობა თითქმის სავსებით მოკლებულია გარეგან ბრწყინვალებას. მისი გმირობა — ეს იმ პატიოსანი რუსი რევოლუციონერი ინტელიგენტის სადა, ასკეტური გმირობაა, რომელსაც მტკიცედ სწამს ამ ქვეყანაზე სოციალური სამართლიანობის დამყარების შესაძლებლობა, ეს არის იმ ადამიანის გმირობა, ვინც უარი თქვა ამქვეყნიურ ყველა სიხარულზე და მძიმე შრომა აირჩია, რომ ადამიანისათვის ბედნიერება მოეტანა. რუსეთში ასეთი გმირობა იშვიათი როდია.
რასაც ლენინზე ვწერდი სულ მალე მისი გარდაცვალების შემდეგ, გულდამძიმებული, ნაუცბათევად და ცუდად არის დაწერილი. ზოგი რამის დაწერა არ შემეძლო, ვიმედოვნებ, ყველასათვის გასაგები „ტაქტის“ გამო. ეს ადამიანი გულთამხილველი და ბრძენი იყო, ხოლო „როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია“[1].
ლენინი შორსმჭვრეტელი იყო. როდესაც იგი ფიქრობდა, ლაპარაკობდა 1919-1921 წლების ადამიანებზე, ხშირად შეუცდომლად გამოიცნობდა ხოლმე, როგორნი იქნებოდნენ ისინი რამდენიმე წლის შემდეგ. ზოგჯერ არც გსურდა მისი წინასწარმეტყველების დაჯერება, ხშირად იგი საწყენიც კი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტამ როდი გაამართლა მისი სკეპტიკური დახასიათება[2].
ჩემი მოგონებანი მასზე[3], გარდა იმისა, რომ ცუდადაა დაწერილი, თანმიმდევრულიც ვერ არის და დასანან ხარვეზებსაც შეიცავს. აჯობებდა, ლონდონის ყრილობიდან[4], იმ დღეებიდან დამეწყო, როდესაც ვლადიმერ ილიას ძის ფიგურა ჩემ წინაშე წარმოსდგა ერთთა ეჭვებისა და უნდობლობის, ხოლო მეორეთა ცხადი მტრობისა და თვით სიძულვილის შუქითაც კი ჩინებულად განათებული.
ახლაც ნათლად მიდგას თვალწინ ლონდონის განაპირა უბანში მდგარი უბადრუკი, სასაცილო ხის ეკლესიის შიშველი კედლები და ღარიბი სკოლის საკლასო ოთახის მსგავსი, პატარა, ვიწრო დარბაზის ისრული სარკმლები. ეს შენობა მხოლოდ გარედან მოგაგონებდათ ეკლესიას. შიგნით არც ერთი საკულტო საგანი არ იყო. დაბალი საქადაგო კათედრაც კი შესასვლელთან იდგა, ორ კარს შუა, და არა წინ, შუა დარბაზში.
ამ წლამდე ლენინს არ შევხვედრივარ[5]. მისი ნაწერებიც ბევრი არ წამეკითხა, მაგრამ იმის გავლენით, რის წაკითხვაც შევძელი, და განსაკუთრებით კი იმ ამხანაგთა აღტაცებული ნაამბობის გავლენით, პირადად რომ იცნობდნენ მას, გულმა ძალუმად გაიწია ლენინისაკენ. როდესაც ჩვენ ერთმანეთს გაგვაცნეს, ლენინმა მაგრად მომიჭირა ხელი, გამჭრიახი თვალებით ამხედ-დამხედა და ძველი ნაცნობივით გამეხუმრა:
— კარგი ჰქენით, რომ ჩამოხვედით! თქვენ ხომ ჩხუბი გიყვართ? აქ დიდი ჩხუბი იქნება.
ლენინი სხვანაირი წარმომედგინა. ჩემს თვალში თითქოს რაღაც აკლდა მას. ცოტა ღაღანით ლაპარაკობს, ხელები სადღაც იღლიისაკენ წაუღია, თავმომწონედ დგას. და, საერთოდ, როგორღაც მეტად უბრალოა, მასში „ბელადურს“ ვერაფერს გრძნობ. მე ლიტერატორი ვარ. პროფესია მავალდებულებს წვრილმანების დანახვას; ეს მოვალეობა ჩვევად — ხანდახან მოსაბეზრებელ ჩვევადაც — გადამექცა.
როდესაც გ. პლეხანოვთან „წარმადგინეს“, იგი გულხელდაკრეფილი იდგა და მკაცრად, უხალისოდ მიცქეროდა. თავისი მოვალეობით მოქანცული მასწავლებელი უყურებს ამგვარად კიდევ ერთ ახალ მოწაფეს. მან მეტად ჩვეულებრივი ფრაზით მომმართა: „მე თქვენი ტალანტის თაყვანისმცემელი ვარ“. ამის გარდა, მისი ნათქვამიდან მეხსიერებაში არაფერი ჩამრჩენია. და მთელი ყრილობის მსვლელობაში არც მას, არც მე „გულღია“ საუბრის სურვილი არ გაგვჩენია.
ამ მელოტმა, ღაღანით მოლაპარაკე ჩასკვნილმა, ძლიერმა კაცმა კი მაშინვე ჩემი წიგნის, „დედის“ ნაკლზე ჩამომიგდო სიტყვა. იგი ერთი ხელით სოკრატისებურ შუბლს იწმენდდა, ხოლო მეორით ჩემს ხელს ანჯღრევდა. საოცრად ცოცხალი თვალები ალერსიანად უციმციმებდა. თურმე ი. პ. ლადიჟნიკოვისათვის[6] გამოერთმია ჩემი ხელნაწერი და წაეკითხა. მე ვუთხარი, ვჩქარობდი ამ წიგნის დაწერას-მეთქი, მაგრამ იმის ახსნა ვეღარ მოვასწარი, რატომ ვჩქარობდი. ლენინმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თვითონვე ახსნა ეს: ძალიან კარგია, რომ აჩქარებულხართ, ეს საჭირო წიგნია. ბევრი მუშა სტიქიურად, შეუგნებლად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში და ახლა მეტად სასარგებლო იქნება მათთვის.
„ძალიან დროული წიგნია“. ეს იყო ერთადერთი, მაგრამ ჩემთვის ფრიად ძვირფასი ქათინაური; შემდეგ საქმიანად მკითხა, ითარგმნება თუ არა „დედა“ უცხო ენებზე, რამდენად დაამახინჯა წიგნი რუსეთის და ამერიკის ცენზურამ. როცა ვუთხარი, სამართალში მაძლევენ-მეთქი, ჯერ შეიჭმუხნა, შემდეგ თავი მაღლა ასწია, თვალები მოჭუტა და რაღაც არაჩვეულებრივად გაიცინა. მისმა სიცილმა მუშების ყურადღება მიიპყრო; ჩვენ შემოგვიერთდნენ, ვგონებ, თომა ურალსკი[7] და კიდევ სამი კაცი.
მეტად კარგ გუნებაზე ვიყავი: სამას რჩეულ პარტიელს შორის ვიმყოფებოდი; გავიგე, რომ ისინი ყრილობაზე გამოგზავნა ას ორმოცდაათი ათასმა შეკავშირებულმა მუშამ. აქ ვხედავდი პარტიის ყველა ლიდერს — ძველ რევოლუციონერებს: პლეხანოვს, აქსელროდს, დეიჩს. ჩემი ამგვარი განწყობილება სავსებით ბუნებრივი იყო და მკითხველისათვის გასაგები იქნება, თუ ვიტყვი, რომ სამშობლოს გარეთ გატარებული ორი წლის განმავლობაში ჩემი ჩვეულებრივი სულიერი განწყობილება ძლიერ დაეცა.
განწყობილების ეს დაცემა ბერლინში დამეწყო, სადაც ვნახე სოციალ-დემოკრატიის თითქმის ყველა დიდი ბელადი. ავგუსტ ბებელთან სადილობის დროს ძლიერ მსუქანი ზინგერის[8] გვერდით აღმოვჩნდი. სხვებიც საკმაოდ ჩასუქებულნი იყვნენ.
ფართო, მყუდრო ბინაში ვისადილეთ, სადაც იადონთა გალიებს კოხტად ფარავდა მოქარგული პატარა ხელსახოცები. ასეთივე ხელსახოცები მიემაგრებინათ სავარძლების ზურგზე, რომ შიგ მსხდომთ თავით არ გაეჭუჭყიანებინათ შალითა. ირგვლივ ყველაფერი მეტად სოლიდურად, მყარად გამოიყურებოდა. ყველანი კარგი განწყობილებით სადილობდნენ და მხიარულად მიმართავდნენ ერთმანეთს:
— მალცაიტ[9].
ეს სიტყვა არ მესმოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ფრანგული „მალ“ რუსულად ცუდს ნიშნავს, ხოლო გერმანული „ცაიტ“ — დროს, მაშასადამე, გამოდიოდა — ცუდი დრო.
ზინგერმა ორჯერ უწოდა კაუცკის „ჩემი რომანტიკოსი“. ბებელი, რომელსაც კეხიანი ცხვირი ჰქონდა, ცოტა არ იყოს, თვითკმაყოფილ კაცად მეჩვენა, სვამდნენ რაინულ ღვინოსა და ლუდს, ღვინო მჟავე და თბილი იყო, ლუდი — ჩინებული, რუსეთის რევოლუციასა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიაზე უგუნებოდ და სიბრალულით ლაპარაკობდნენ, ხოლო თავიანთ, გერმანიის, პარტიაზე ძალიან კარგი აზრისანი იყვნენ! საერთოდ, ყველაფერს თვითკმაყოფილების იერი დაჰკრავდა, თითქოს სკამებიც კი კმაყოფილნი იყვნენ ბელადთა ესოდენ პატივცემული რბილი ადგილების შეხების გამო.
გერმანიის პარტიასთან მე „საჩოთირო“ საქმე მქონდა: მის გამოჩენილ წევრს, შემდგომში მეტად ცნობილ პარვუსს[10], „ზნანიემ“ მიანდო იმ ჰონორარის აღება, რასაც თეატრები იძლეოდნენ პიესისათვის „ფსკერზე“. პარვუსმა მინდობილობა 1902 წელს მიიღო სევასტოპოლში, სადგურზე, სადაც არალეგალურად ჩავიდა. მის მიერ შეგროვილი ფული ამგვარად უნდა განაწილებულიყო: მთელი თანხის 20 პროცენტს იღებდა თვითონ, დანარჩენიდან ერთი მეოთხედი მეძლეოდა მე, ხოლო სამი მეოთხედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სალაროს უნდა გადასცემოდა. პარვუსმა, რასაკვირველია, იცოდა ეს პირობები და ფრიად მოსწონდა კიდეც. ოთხი წლის მანძილზე პიესა გერმანიის ყველა თეატრმა დადგა. მარტო ბერლინში 500-ჯერ უჩვენეს. პარვუსმა მიიღო, ვგონებ, 100 ათასი მარკა. მაგრამ ფულის ნაცვლად მან „ზნანიეში“ კ. პ. პიატნიცკის[11] გამოუგზავნა წერილი, რომლითაც უდარდელად იტყობინებოდა, მთელი ეს თანხა იტალიაში ერთ ქალიშვილთან მოგზაურობის დროს დავხარჯეო. რადგანაც ეს, ალბათ, ძალიან სასიამოვნო მოგზაურობა, პირადად მე მხოლოდ ერთი მეოთხედით შემეხებოდა, ჩემს ვალად ჩავთვალე, გერმანიის პარტიის ცენტრალური კომიტეტისათვის მიმეთითებინა დანარჩენი სამი მეოთხედის გამო. ეს ამბავი ცენტრალურ კომიტეტს ი. პ. ლადიჟნიკოვის მეშვეობით შევატყობინე. ცენტრალური კომიტეტი გულგრილად მოეკიდა პარვუსის მოგზაურობას. როგორც უფრო გვიან შევიტყვე, პარვუსს რაღაც პარტიული ჩინები ჩამოართვეს, — მართალი რომ გითხრათ, ვამჯობინებდი, მისთვის მაგრად აეწიათ ყური. კიდევ უფრო გვიან პარიზში დამანახვეს ძალიან ლამაზი ქალიშვილი თუ მანდილოსანი და მითხრეს, პარვუსი მასთან ერთად მოგზაურობდაო.
— „ჩემო ძვირფასო, — გავიფიქრე მე, — ძვირადღირებულო“.
ბერლინში ვნახე ლიტერატორები, მხატვრები, მეცენატები და სხვა ადამიანები. მათ ერთმანეთისაგან ის განასხვავებდათ, თუ რამდენად თვითკმაყოფილნი და თავმომწონენი იყვნენ.
ამერიკაში ძალიან ხშირად მინახავს მორის ჰილქვიტი[12], რომელსაც ნიუ-იორკის მერობა თუ გუბერნატორობა სურდა; მინახავს ციხიდან ახლად გამოსული მოხუცი დებსი[13], განმარტოებით და მოქანცულად რომ უღრენდა ყველას და ყველაფერს; მრავალი ვინმე და მრავალი რამე მინახავს, მაგრამ არ შევხვედრივარ არც ერთ ისეთ ადამიანს, რომელსაც რუსეთის რევოლუციის მთელი სიღრმე გაეგებოდა. ყველგან ვგრძნობდი, რომ ამ რევოლუციას ისე ეკიდებიან, როგორც „ევროპული ცხოვრების კერძო შემთხვევას“ და იმ ქვეყნის ჩვეულებრივ მოვლენას, სადაც „ყოველთვის არის ან ქოლერა, ან რევოლუცია“, როგორც ეს თქვა ერთმა „ჰენდსამ[14] ლედიმ“, სოციალიზმს რომ თანაუგრძნობდა.
„ბოლშევიკების“ სალაროსათვის ფულის შესაგროვებლად ამერიკაში წასვლის იდეა ლ. კრასინმა[15] წამოაყენა. მდივნად და გამოსვლების ორგანიზატორად ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო ვ. ვ. ვოროვსკი[16]. მან კარგად იცოდა ინგლისური ენა. მაგრამ პარტიამ რაღაც სხვა დავალება მისცა და მე გამომყვა ცენტრალური კომიტეტის (ბ) საბრძოლო ჯგუფის წევრი ნ. ბურენინი[17]. მან ინგლისური ენა არ იცოდა და მისი შესწავლა გზაში და ადგილზე მოუხდა. როცა ესერებმა ჩემი გამგზავრების მიზანი შეიტყვეს, ახალგაზრდული სიხალისით დაინტერესდნენ. ჯერ კიდევ ფინეთში მეწვივნენ ჩაიკოვსკი და ჟიტლოვსკი[18]. მათ წინადადება მომცეს, შემეკრიბა ფული არა ბოლშევიკებისათვის, არამედ „საერთოდ, რევოლუციისათვის“. მე უარი განვაცხადე. „საერთოდ, რევოლუციაზე“. მაშინ მათ ამერიკაში გაგზავნეს „ბებია“[19]. ამგვარად, ამერიკელებს გამოეცხადა ორი ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ისე რომ ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, იწყეს თანხების შეგროვება, ალბათ, ორი სხვადასხვა რევოლუციისათვის. ამერიკელებს, ცხადია, არც დრო და არც სურვილი არ ჰქონდათ იმის გასარკვევად, თუ რომელი რევოლუცია სჯობს და უფრო სოლიდურია. „ბებიას“ ისინი, ვგონებ, წინათაც იცნობდნენ; ამერიკელმა მეგობრებმა მას კარგი რეკლამა შეუქმნეს, მე კი მეფის საელჩომ სკანდალი მომიწყო[20]. ამერიკელი ამხანაგები ასევე „კერძო და უიღბლო საქმედ“ მიიჩნევდნენ რუსეთის რევოლუციას. ამიტომ რამდენადმე „ლიბერალურად“ ეკიდებოდნენ მიტინგებზე ჩემ მიერ ფულის შეგროვებას. ერთი სიტყვით, დოლარები ცოტა შევაგროვე — 10 ათასზე ნაკლები. გადავწყვიტე „ფულის შოვნა“ გაზეთების საშუალებით, მაგრამ ამერიკაშიც გამოჩნდა პარვუსი[21]. საერთოდ, მოგზაურობა ხეირიანი ვერ გამოდგა. სამაგიეროდ, იქ დავწერე „დედა“. ამით აიხსნება ამ წიგნის ზოგიერთი „მარცხი“ და ნაკლი.
შემდეგ იტალიაში, კაპრიზე გავემგზავრე. იქ ბევრი რუსული გაზეთი და წიგნი წავიკითხე — ამანაც ძალიან გამიფუჭა გუნება. ყბიდან ამოგდებულ კბილს თუ რამეს გრძნობა შეუძლია, ალბათ, ჩემსავით განმარტოებულად იგრძნობდა თავს. ძალზე მაოცებდა ზოგიერთი ნაცნობის ის ჯამბაზური სისწრაფე და მოხერხებულობა, რითაც ისინი ერთი პლატფორმიდან მეორეზე ხტებოდნენ.
რუსეთიდან ჩამოდიოდნენ ხოლმე შემთხვევითი რევოლუციონერები, გულგატეხილნი, შეშინებულნი, თავის თავზე და იმ ადამიანებზე გაბოროტებულნი, ვინც ისინი „უიმედო საქმეში“ ჩააბა.
— ყველაფერი დაიღუპა, — ამბობდნენ ისინი. — ყველაფერი დაიმსხვრა; ყველანი. გაანადგურეს, გადაასახლეს, საპყრობილეებში ჩასხეს!
სასაცილო ბევრი რამ იყო, სამხიარულო კი არაფერი. რუსეთიდან ჩამოსული ერთი სტუმარი — ნიჭიერი ლიტერატორი — მიმტკიცებდა, თითქოს ჩემივე პიესის — „ფსკერზე“ — გმირის, ლუკას როლი შევასრულე: მოვედი, გამამხნევებელი სიტყვებით ავანთე ახალგაზრდობა; ახალგაზრდობამ დამიჯერა და ამის შედეგად კოპებიც დააჯდა შუბლზე, მე კი მოვუსვი. მერე იმას მიმტკიცებდა, რომ „ტენდენციამ“ გადამსანსლა, რომ „წყალწაღებული კაცი“ ვარ და ბალეტის მნიშვნელობას მხოლოდ იმიტომ უარვყოფ, რომ იგი „საიმპერატოროა“. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი რამ იყო სასაცილო და სულელური; ხშირად მეგონა კიდეც, რომ რუსეთიდან რაღაც დამპალი მტვერი მოდიოდა.
და უეცრად, როგორც ზღაპარში ხდება ხოლმე, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მოვხვდი. რასაკვირველია, ეს ჩემთვის დღესასწაული იყო!
მაგრამ ჩემი დღესასწაული პირველ სხდომაზე „დღის წესრიგის“ საკითხზე გამართული დავით დამთავრდა. ამ დავის სისასტიკემ ერთბაშად გაანელა ჩემი აღტაცება. ეს კი მოხდა არა იმდენად იმის გამო, რომ დავინახე, როგორ მკვეთრად არის გაყოფილი პარტია რეფორმისტებად და რევოლუციონერებად, — ეს ისედაც ვიცოდი 1903 წლიდან[22], — არამედ იმ მტრული დამოკიდებულების გამო, რასაც რეფორმისტები ვ. ი. ლენინისადმი იჩენდნენ. ეს მტრული განწყობილება ისე მოჟონავდა და მოშხეფდა მათ სიტყვებში, როგორც მაღალი წნევის ქვეშ მოქცეული წყალი — ძველი სახანძრო შლანგიდან.
ყოველთვის როდი აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას ამბობენ, მაგრამ ის ყოველთვის მნიშვნელოვანია — როგორ ამბობენ. პლეხანოვს ყველა ღილი შეეკრა სერთუკზე. იგი პროტესტანტ პასტორს ჩამოჰგავდა და, ყრილობა რომ გახსნა, ისე ლაპარაკობდა, თითქოს საღვთო რჯულის მასწავლებელიაო: დარწმუნებული იყო, რომ მისი აზრები უდავოა, რომ მისი თითოეული სიტყვა ძვირფასია ისევე, როგორც პაუზა სიტყვათა შორის. იგი დიდი ოსტატობით ისროდა ჰაერში, ყრილობის დელეგატთა თავზე, კოხტა ფრაზებს, და თუ ამ დროს რომელიმე ბოლშევიკი რასმე წასჩურჩულებდა ამხანაგს, პატივცემული ორატორი შეყოვნდებოდა და ლურსმანივით ჩაარჭობდა მას მზერას.
თავისი სერთუკის ერთი ღილი პლეხანოვს სხვა ღილებზე მეტად უყვარდა — ნაზად და განუწყვეტლივ ეალერსებოდა მას თითით, ხოლო პაუზის დროს აწვებოდა, თითქოს, ზარის ღილაკი ყოფილიყო, იფიქრებდი, მისი სიტყვის სწორ მდინარებას სწორედ ეს დაწოლა წყვეტსო. ერთ-ერთ სხდომაზე პლეხანოვმა, ვიღაცისთვის პასუხის გაცემას რომ აპირებდა, გულზე ხელები დაიკრიფა და ხმამაღლა ზიზღით წარმოთქვა:
— ხე-ხე!
ამან სიცილი გამოიწვია მუშა-ბოლშევიკთა შორის. პლეხანოვმა წარბები აზიდა. ლოყა გაუფითრდა; ლოყა-მეთქი, ვამბობ, რადგან კათედრის გვერდით ვიჯექი და პროფილში ვხედავდი ორატორთა სახეებს.
პირველ სხდომაზე გ. პლეხანოვის გამოსვლის დროს ბოლშევიკთა შორის ყველაზე მეტად ლენინი შფოთავდა: ხან მოიკუნტებოდა, თითქოს შესცივდაო, ხანაც გასწორდებოდა, თითქოს დასცხაო; სადღაც იღლიებში იჩრიდა თითებს, ნიკაპს ისრესდა, აქნევდა პრიალა თავს და რაღაცას ეჩურჩულებოდა მ. ტომსკის[23]. ხოლო როდესაც პლეხანოვმა განაცხადა, „პარტიაში რევიზიონისტები არ არიანო“, ლენინი მოიხარა, მელოტი თავი გაუწითლდა და ჩუმი სიცილისაგან მხრები აუტოკდა. მის გვერდით და უკან მსხდომი მუშებიც იღიმებოდნენ, ხოლო დარბაზის ბოლოდან ვიღაცამ პირქუშად და ხმამაღლა იკითხა:
— აბა, ვინ ზის იქითა მხარეს?
ტანდაბალი ფიოდორ დანი[24] ისეთი ტონით ლაპარაკობდა, თითქოს ნამდვილი ჭეშმარიტება მისი პირმშო ქალიშვილია; მან შვა იგი, აღზარდა და ახლაც ზრდისო. თვითონ იგი — ფიდორ დანი კი — კარლ მარქსის სრულყოფილი განსახიერებაა, ხოლო ბოლშევიკები — უსწავლელი და უწესო ბიჭები არიან; ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს მათ დამოკიდებულებაში მენშევიკებისადმი, რომელთა შორისაც არის, როგორც მან თქვა, „მარქსიზმის ყველა გამოჩენილი თეორეტიკოსი“.
— თქვენ არა ხართ მარქსისტები, — ქედმაღლურად ამბობდა იგი, არა, თქვენ მარქსისტები არა ხართ! — და ჰაერში, მარჯვნივ, იქნევდა ყვითელ მუშტს. რომელიღაც მუშამ ჰკითხა:
— კიდევ როდის ეწვევით ლიბერალებს ჩაიზე?
არ მახსოვს, გამოვიდა თუ არა პირველ სხდომაზე მარტოვი[25]. საერთოდ, ეს საოცრად სიმპათიური კაცი ახალგაზრდული გზნებით ლაპარაკობდა და ეტყობოდა, განსაკუთრებით განიცდიდა განხეთქილების დრამას, წინააღმდეგობათა ტკივილებს. იგი სულ ერთიანად ცახცახებდა, ქანაობდა, ნერვულად იხსნიდა გახამებული პერანგის საყელოს, ხელებს იქნევდა; პიჯაკის სახელოდან გამოვარდნილი ყოშები ხელის მტევანს უფარავდა. თავის ადგილას რომ დაებრუნებინა ისინი, ხელს მაღლა სწევდა და აქნევდა. ისე მეჩვენებოდა, თითქოს მარტოვი კი არ ამტკიცებს, არამედ იხვეწება, იმუდარება: განხეთქილება აუცილებლად უნდა დავძლიოთ, პარტია ისედაც ძლიერ სუსტია და რაღა იქნება, თუ იგი ორად გავყავით; მუშას, პირველ ყოვლისა, „თავისუფლებანი“ ესაჭიროება, სათათბიროს მხარი უნდა დავუჭიროთო. მისი პირველი სიტყვა ხანდახან თითქმის ისტერიულად ჟღერდა, სიტყვების სიუხვე გაუგებარს ხდიდა აზრს, ხოლო თვითონ ორატორი მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. გამოსვლის დასასრულს, თითქოს სიტყვასთან დაუკავშირებლად, მაინც „მებრძოლური“ ტონით ასევე მგზნებარედ გაილაშქრა საბრძოლო რაზმებისა და, ზოგადად, შეიარაღებული აჯანყების მომზადებისაკენ მიმართული მუშაობის წინააღმდეგ. კარგად მახსოვს, როგორი გაოცებით წამოიძახა ვიღაცამ ბოლშევიკთა რიგებიდან:
— ერთი ამას დამიხედეთ!
ხოლო, ვგონებ, მ. პ. ტომსკიმ ჰკითხა:
— ხელებიც ხომ არ მოვიჭრათ ამხანაგ მარტოვის დასამშვიდებლად?
ვიმეორებ: დარწმუნებული არა ვარ, რომ მარტოვი პირველ სხდომაზე გამოვიდა სიტყვით. მე მხოლოდ იმიტომ მოვიგონე იგი, რომ მეამბნა, თუ როგორ ლაპარაკობდნენ. მისი სიტყვის შემდეგ სხდომის დარბაზის წინ შეკრებილი მუშები პირქუშად ამბობდნენ:
— ესეც შენი მარტოვი! „ისკრელი“ კი იყო!
— ფერს იცვლიან ამხანაგი ინტელიგენტები.
მშვენივრად, მგზნებარედ და მკვეთრად ლაპარაკობდა როზა ლუქსემბურგი[26], რომელიც ჩინებულად იშველიებდა ირონიას. მაგრამ აი, სწრაფად ავიდა ტრიბუნაზე ვლადიმერ ილიას ძე ლენინი, ღაღანით წარმოთქვა: „ამხანაგებო“. ჯერ მომეჩვენა, რომ ცუდად ლაპარაკობდა, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ სხვებივით მეც „დამატყვევა“ მისმა სიტყვამ. პირველად ვხედავდი, რომ პოლიტიკის ურთულეს საკითხებზე ასე უბრალოდ შეიძლებოდა ლაპარაკი. იგი არ ცდილობდა ლამაზი ფრაზების შეთხზვას, ყოველ სიტყვას საჩინოდ ამბობდა, საოცრად ნათლად, ზუსტად გამოთქვამდა აზრს. ძალიან ძნელია იმ უჩვეულო შთაბეჭდილების გადმოცემა, იგი რომ ახდენდა.
წინ გაშვერილი, ოდნავ ზევით აწეული ხელი; ხელისგული, რომელიც თითქოს წონისო ყოველ სიტყვას; მოწინააღმდეგეთა ფრაზების გაცხრილვა; მათი შეცვლა იმ მტკიცე დებულებებითა და საბუთებით, რომ მუშათა კლასს აქვს უფლება და აკისრია მოვალეობა, იაროს თავისი გზით და არა ლიბერალური ბურჟუაზიის უკან ან მის გვერდითაც კი[27], — ყოველივე ეს უჩვეულო რამ იყო და ლენინი წარმოთქვამდა თითქოს არა თავისი ნებით, არამედ მართლაც, ისტორიის კარნახით. მისი სიტყვის მთლიანობა, სისავსე, პირდაპირობა და ძალა, მთლიანად იგი, კათედრაზე მდგომი — ყოველივე ეს თითქოს კლასიკური ხელოვნების ნაწარმოები გახლდათ: ყველაფერი თავის ადგილას არის, ზედმეტი არაფერია; არავითარი მოკაზმულობა, ხოლო თუ იგი მაინც არის — ეს არა ჩანს, ისევე ბუნებრივი და აუცილებელია, როგორც ორი თვალი სახეზე და ხუთი თითი ხელზე.
დროის მიხედვით, იგი ლაპარაკობდა მანამდე გამოსულ ორატორებზე ნაკლებს, ხოლო შთაბეჭდილების მიხედვით გაცილებით მეტს. მარტო მე არ ვგრძნობდი ამას. ჩემ უკან აღტაცებით ჩურჩულებდნენ:
— შინაარსიანად ლაპარაკობს…
ასეც იყო. ყოველი მისი მოსაზრება თავისთავად ხდებოდა დამაჯერებელი მასში მოქცეული ძალის მეოხებით.
მენშევიკები აშკარად ამჟღავნებდნენ, რომ მათთვის ლენინის სიტყვა არასასიამოვნოა, ხოლო თვითონ ლენინი — კიდევ უფრო არასასიამოვნო. რაც უფრო დამაჯერებლად ნათელყოფდა ლენინი პარტიისათვის რევოლუციური თეორიის სიმაღლეზე ასვლის აუცილებლობას, რათა პრაქტიკა ყოველმხრივ შეამოწმოსო, მით უფრო გაბოროტებით აწყვეტინებდნენ სიტყვას.
— ყრილობაზე საჭირო არ არის ფილოსოფია!
— ნუ გვასწავლით, ჩვენ გიმნაზიელები არა ვართ!
განსაკუთრებით აქტიურობდა ვიღაც მაღალი, წვერიანი, მედუქნისსახიანი კაცი. ხშირად წამოხტებოდა ხოლმე და ენის ბორძიკით ყვიროდა:
შე-შეთქმუ-ულებო… შშეთქმულებას თამაშობთ! ბ-ბლანკისტებო!
როზა ლუქსემბურგი თავს აქნევდა, ლენინს ეთანხმებოდა; მან ერთ-ერთ შემდგომ სხდომაზე ძალიან მოხდენილად უთხრა მენშევიკებს:
— თქვენ კი არ დგახართ მარქსიზმის თვალსაზრისზე, სხედხართ, ან უკეთ — წევხართ[28].
გაღიზიანების, ირონიისა და სიძულვილის ბოროტი, ცხელი ნიავი დაჰქროდა დარბაზში; ასობით თვალს სხვადასხვაგვარად ესახებოდა ვლადიმერ ილიას ძის ფიგურა. არ იგრძნობოდა, რომ მტრული გამოხდომები აღელვებდა; იგი ლაპარაკობდა მგზნებარედ, მაგრამ დამაჯერებლად და მშვიდად. რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, თუ რად უღირდა მას ეს გარეგნული სიმშვიდე. ძალიან გასაოცარი და საწყენიც იყო ის ამბავი, რომ მისდამი მტრობას აღძრავდა ასეთი ბუნებრივი აზრი: მხოლოდ თეორიის სიმაღლიდან შეუძლია პარტიას თავის რიგებში წამოჭრილი განხეთქილების მიზეზების ნათლად დანახვა. მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა: ყრილობის ყოველი დღე სულ ახალსა და ახალ ძალას, სიმხნევესა და რწმენას ჰმატებს ვლადიმერ ილიას ძეს; მისი სიტყვები ყოველდღე უფრო მტკიცედ გაისმის და ყრილობაზე დამსწრეთა მთელი ბოლშევიკური ნაწილიც სულ უფრო გაბედული და მკაცრი ხდება. ლენინის მიერ წარმოთქმულ სიტყვათა გარდა, თითქმის ასევე ამაღელვა როზა ლუქსემბურგის მიერ მენშევიკთა წინააღმდეგ წარმოთქმულმა ჩინებულმა, მკაცრმა სიტყვამ.
თავისუფალ დროს ვ. ი. ლენინი მუშებს შორის ატარებდა, მათგან გებულობდა ყოფა-ცხოვრების თვით უწვრილმანეს ფაქტებსაც კი.
— კი მაგრამ, რას შვრებიან ქალები? მთლიანად საოჯახო საქმეებში არიან ჩაფლულნი და, მიუხედევად ამისა, მაინც სწავლობენ, კითხულობენ?
რამდენიმე მუშა, რომელთაც პირველად ნახეს ლენინი, ჰაიდ-პარკში საუბრობდა იმაზე, თუ როგორ იქცეოდა იგი ყრილობის დროს. ერთმა მათგანმა მტკიცედ თქვა:
— არ ვიცი, აქ, ევროპაში, შესაძლოა, მუშებს ჰყავდეთ ასეთი ჭკვიანი მეორე ადამიანი — ვთქვათ, ბებელი ან კიდევ სხვა ვინმე. მაგრამ არა მჯერა მეორე ისეთი კაცის არსებობა, რომელიც ლენინივით უცბად შეგიყვარდეს!
მეორე მუშამ ღიმილით დაუმატა:
— ეგ ჩვენია!
შეეკამათნენ:
— პლეხანოვიც ჩვენია.
და მე გავიგონე მოსწრებული პასუხი:
— პლეხანოვი ჩვენი მასწავლებელი, ჩვენი ბატონია, ლენინი კი ჩვენი ბელადი და ამხანაგია.
რომელიღაც ახალგაზრდამ იუმორისტულად შენიშნა:
— პლეხანოვს სერთუკი უჭერს.
იყო ასეთი შემთხვევა: მენშევიკმა მუშამ შეაჩერა რესტორანში მიმავალი ვლადიმერ ილიას ძე და რაღაც ჰკითხა. ილიჩმა ნაბიჯი შეანელა და თავის კომპანიას ჩამორჩა. ხუთი წუთის შემდეგ მოვიდა რესტორანში და შუბლშეჭმუხნილმა გვიამბო:
— საოცარია, რომ ასეთი გულუბრყვილო ყმაწვილი ყრილობაზე მოხვდა! მეკითხება: მაინც რა არის განხეთქილების ნამდვილი მიზეზიო. აი რა, — ვეუბნები, — თქვენს ამხანაგებს სურთ პარლამენტში ჯდომა, ჩვენ კი გვჯერა, რომ მუშათა კლასი ბრძოლისათვის უნდა ემზადებოდეს-მეთქი. მგონი, მივახვედრე…
ჩვენი მცირერიცხოვანი კომპანია მუდამ ერთსა და იმავე პატარა, იაფფასიან რესტორანში სადილობდა. შევამჩნიე, ვლადიმერ ილიას ძე ძალიან ცოტას ჭამდა: ორი-სამი კვერცხის ტაფამწვარს, შაშხის პატარა ნაჭერს და ერთ ჭიქა სქელ, შავ ლუდს სჯერდებოდა. ყველაფერზე ეტყობოდა, თავისი თავის დარდი არა ჰქონდა. ამავე დროს, მაოცებდა ის გასაკვირველი ზრუნვა, რასაც მუშებისადმი იჩენდა. მუშების კვებას მ. ანდრეევა[29] განაგებდა. ილიჩი ეკითხებოდა მას:
— როგორ ფიქრობთ: ხომ არ შიმშილობენ ამხანაგები არა? ჰმ-ჰმ… ხომ არ გავუდიდოთ ბუტერბროდები?
დავბრუნდი სასტუმროში, სადაც დაბინავებული ვიყავი. და რას ვხედავ: ლენინი მზრუნველად სინჯავს საწოლს.
— რას აკეთებთ?
— ვამოწმებ, მშრალია თუ არა ზეწრები.
უცბად ვერ მივხვდი, რად ესაჭიროება იმის გაგება, თუ როგორი ზეწრები აქვთ ლონდონში? გაკვირვება რომ შემამჩნია, ამიხსნა:
— თვალყური უნდა ადევნოთ თქვენს ჯანმრთელობას.
1918 წლის შემოდგომაზე სორმოველ მუშას დიმიტრი პავლოვს ვკითხე: შენი აზრით, რა არის ლენინის ყველაზე მკაფიო თვისება-მეთქი.
— სისადავე. სიმართლესავით სადაა.
ეს ისე მითხრა, როგორც დიდი ხნის წინათ კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილი აზრი.
ცნობილია — ყველაზე მკაცრად ადამიანს მისი მოსამსახურენი განსჯიან ხოლმე. მაგრამ ლენინის მძღოლმა, გილმა[30], ბევრის მნახველმა კაცმა, თქვა:
— ლენინი განსაკუთრებული კაცია. ასეთს მეორეს ვერ იპოვი. ერთხელ მიასნიცკაიაზე მიმყავს. დიდი მოძრაობაა, ძლივს მივიკვლევთ გზას, მეშინია — მანქანა არ დამიმტვრიონ, საყვირს ვაძლევ, ძლიერ ვღელავ. ლენინმა გააღო მანქანის კარი, საფეხურს გამოჰყვა, მოვიდა ჩემთან, არ შეუშინდა, რომ შეიძლებოდა ძირს ჩამოეგდოთ, და მარწმუნებს: „ნუ ღელავთ, გილ, გეთაყვა, სხვასავით იარეთ“. ძველი მძღოლი ვარ და ვიცი — ამგვარად არავინ მოიქცეოდა.
ძნელი გადმოსაცემი და დასახატავია ის ბუნებრიობა და მოქნილობა, რომლებიც ერთ კალაპოტში აქცევდნენ მის ყველა შთაბეჭდილებას.
მისი აზრი, თითქოს კომპასის ისარიაო, თავისი მახვილით ყოველთვის მიმართული იყო მშრომელი ხალხის კლასობრივი ინტერესებისაკენ. ერთ თავისუფალ საღამოს ლონდონში ჩვენი პატარა კომპანია მცირე დემოკრატიულ თეატრს — „მიუზიკ-ჰოლს“ ეწვია. ვლადიმერ ილიას ძე ხალისიანად და გადამდებად იცინოდა ჯამბაზების, ექსცენტრიკოსების გამოსვლაზე, ყველაფერ დანარჩენს კი გულგრილად შესცქეროდა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ბრიტანეთის კოლუმბიის მუშების მიერ ტყის კაფვას. ეს პატარა სცენა წარმოადგენდა ბანაკს ტყეში. მის წინ, მიწაზე, ორმა ახოვანმა ვაჟკაცმა ერთი წუთის განმავლობაში გადაჭრა დაახლოებით მეტრი სისქის ხე.
— ეს აშკარაა, მაყურებლის გულისთვისაა გაკეთებული, ნამდვილად კი მათ არ შეუძლიათ ასე სწრაფად მუშაობა, — თქვა ილიჩმა. — მაგრამ ცხადია, რომ ისინი იქაც ნაჯახებით მუშაობენ და უსარგებლო ნაფოტებად აქცევენ უამრავ ხე-ტყეს. ესეც თქვენ — კულტურული ინგლისელები!
მან დაიწყო ლაპარაკი წარმოების ანარქიაზე კაპიტალისტურ წყობილებაში, ნედლეულის იმ უდიდეს პროცენტზე, უნაყოფოდ რომ იხარჯება. ბოლოს სინანული გამოთქვა, აქამდე არავის არ მოსვლია აზრად ამ თემაზე წიგნის დაწერაო. ჩემთვის იყო რაღაც გაურკვეველი ამ აზრში, მაგრამ ამის კითხვა ვეღარ მოვასწარი: ვლადიმერ ილიას ძე უკვე საინტერესოდ ლაპარაკობდა თეატრალური ხელოვნების განსაკუთრებულ ფორმაზე —„ექსცენტრიზმზე“:
— მისთვის დამახასიათებელია რაღაც სატირული თუ სკეპტიკური დამოკიდებულება საყოველთაოდ აღიარებულისადმი, იმის მისწრაფება, რომ უკუღმა გადმოაბრუნოს იგი, ცოტა დაამახინჯოს, აჩვენოს ჩვეულებრივის ალოგიზმი. იგი ძნელად მისახვედრია თითქოს, მაგრამ საინტერესო კია!
ორი წლის შემდეგ კაპრიზე, როცა ა. ა. ბოგდანოვ-მალინოვსკის უტოპიური რომანის თაობაზე ესაუბრებოდა, ილიჩმა უთხრა მას:
— მოდი, მუშებისათვის დაწერეთ რომანი იმ თემაზე, თუ როგორ გაძარცვეს დედამიწა კაპიტალისტმა მტაცებლებმა, როგორ გაანიავეს მთელი ნავთობი, რკინა, ხე-ტყე, ქვანახშირი. ეს იქნებოდა ფრიად სასარგებლო წიგნი, სინიორ მახისტო.
როცა ლენინს ლონდონში დავემშვიდობე, მითხრა, კაპრიზე აუცილებლად ჩამოვალო დასასვენებლად.
მაგრამ, სანამ კაპრიზე ჩამოვიდოდა, პარიზში ვნახე. აქ მას შევხვდი ოროთახიან სტუდენტურ ბინაში. ბინა სტუდენტური იყო ფართობით და არა სისუფთავითა და ჩინებული წესრიგით. ნადეჟდა კონსტანტინეს ასულმა ჩაი გაგვიმზადა, თვითონ კი სადღაც წავიდა და ჩვენ მარტონი დავრჩით. იმ დროს „ზნანიე“ იშლებოდა და ახალი გამომცემლობის შექმნის თაობაზე მოსალაპარაკებლად ჩავედი ვლადიმერ ილიას ძესთან. ამ გამომცემლობას შეძლებისდაგვარად უნდა გაეერთიანებინა ყველა ჩვენი ლიტერატორი, გამოცემათა რედაქტურას უცხოეთში ვთავაზობდი ვლადიმერ ილიას ძეს, ვ. ვ. ვოროვსკისა და კიდევ სხვას, ხოლო რუსეთში მათი წარმომადგენელი ვ. ა. დესნიცკი-სტროევი[31] იქნებოდა.
ვფიქრობდი, საჭირო იყო მთელი რიგი წიგნების დაწერა დასავლეთისა და რუსეთის ლიტერატურების ისტორიაზე, კულტურის ისტორიაზე. ეს წიგნები მუშებს მდიდარ ფაქტიურ მასალას მისცემდა თვითგანვითარებისა და პროპაგანდისათვის.
მაგრამ ვლადიმერ ილიას ძემ უარყო ეს გეგმა; მიუთითა ცენზურაზე, ჩვენი ადამიანების ორგანიზების სიძნელეებზე — ამხანაგთა უმრავლესობა პრაქტიკულ პარტიულ მუშაობას ეწევა, წერისთვის არ სცალიაო. მაგრამ მთავარი და ჩემთვის ყველაზე უფრო სარწმუნო მისი მოსაზრება დაახლოებით ასეთი იყო: სქელტანიანი წიგნების დრო არ არის; სქელტანიანი წიგნებით იკვებება ინტელიგენცია, იგი კი, როგორც ხედავთ, სოციალიზმიდან უკან იხევს ლიბერალიზმისაკენ და არჩეული გზიდან ვერ გადავახვევინებთო. ჩვენ გვესაჭიროება გაზეთი, ბროშურა; კარგი იქნებოდა „ზნანიეს“ პატარა ბიბლიოთეკის აღდგენა, მაგრამ რუსეთში ეს შეუძლებელია ცენზურის, ხოლო აქ კი ტრანსპორტის პირობების გამო: მასებში უნდა გადავისროლოთ ათეულ, ასეულ ათასობით ფურცელი, ხოლო ამოდენა გროვას არალეგალურად ვერ გადაიტან. ამიტომ გამომცემლობის შექმნა უფრო ხელსაყრელ დრომდე უნდა გადავდოთო.
ლენინმა განსაცვიფრებელი, მისთვის მუდამ დამახასიათებელი სიცხოველითა და სიცხადით დაიწყო ლაპარკი სათათბიროზე, კადეტებზე, რომლებიც „ოქტიაბრისტებად გახდომას თაკილობენ“[32] და „რომელთაც მხოლოდ ერთი გზა აქვთ — მარჯვნივ“. შემდეგ კი მოიყვანა იმის დამადასტურებელი ბევრი საბუთი, რომ ომი ახლოვდებოდა და, „როგორც ჩანს, არა ერთი, არამედ მთელი რიგი ომებისა“. ეს მისი განჭვრეტა მალე ახდა კიდეც ბალკანეთში[33].
წამოდგა, მისთვის დამახასიათებელი ჟესტით იღლიის ქვეშ ჟილეტში ჩაიწყო თითები და ნელა დაიწყო სიარული ვიწრო ოთახში, თან თვალებს ჭუტავდა და აკვესებდა.
— ომი იქნება. იგი გარდაუვალია. კაპიტალისტური სამყარო საბოლოოდ გაიხრწნება. ადამიანებს ახლაც წამლავს შოვინიზმის, ნაციონალიზმის შხამი. მგონი, ჩვენ საერთო- ევროპული ომის მოწმენი გავხდებით. ხოლო რას იზამს პროლეტარიატი? საეჭვოა, პროლეტარიატმა გამოიჩინოს ძალა, რომ სისხლისმღვრელი შეტაკება თავიდან აიცილოს. როგორ შეიძლება ამის მოგვარება? ევროპის მუშათა საყოველთაო გაფიცვით? საამისოდ მუშებს ჯერ კიდევ არ მოეპოვებათ საკმაო ორგანიზებულობა და შეგნება. ასეთი გაფიცვა შეიძლებოდა სამოქალაქო ომის დასაწყისი გამხდარიყო. ჩვენ რეალისტი პოლიტიკოსები ვართ და ამის იმედს ვერ ვიქონიებთ.
ლენინი გაჩერდა, იატაკზე ფეხსაცმლის ქლასუნით პირქუშად წარმოთქვა:
— პროლეტარიატი, რასაკვირველია, სასტიკად დაზარალდება. ასეთია ჯერჯერობით მისი ბედი. მაგრამ პროლეტარიატის მტრებიც დაასუსტებენ ერთმანეთს. ესეც გარდაუვალია.
იგი მომიახლოვდა და თითქოს გაოცებით, ძალუმად, მაგრამ ხმადაბლა მითხრა:
— ერთი დაფიქრდით: რისი გულისათვის ერეკებიან მაძღრები მშივრებს სასაკლაოზე ერთიმეორის წინააღმდეგ? შეგიძლიათ დამისახელოთ ამაზე უფრო იდიოტური და საზიზღარი ბოროტება? ძალიან ძვირად დაუჯდებათ ეს მუშებს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ისინი გაიმარჯვებენ. ასეთია ნება ისტორიისა.
იგი ხშირად ლაპარაკობდა ისტორიაზე, მაგრამ მის სიტყვებში არასოდეს მიგრძვნია ფეტიშური ქედმოხრა ისტორიის ნებისა და ძალის წინაშე.
ლაპარაკმა ააღელვა. მაგიდას მიუჯდა, გაოფლიანებული შუბლი მოიწმინდა, ცივი ჩაი მოსვა და მოულოდნელად მკითხა:
— რა სკანდალი შეგემთხვათ ამერიკაში? გაზეთების ცნობით კი ვიცი, რაც მოხდა, მაგრამ მაინც რა იყო?
მოკლედ ვუამბე ჩემი თავგადასავალი[34].
არასოდეს შევხვედრივარ ადამიანს, ვისაც შეეძლო ვლდიმერ ილიას ძესავით გადამდებად სიცილი. მიკვირდა კიდეც, რომ მკაცრ რეალისტ ადამიანს, ვინც ასე კარგად ხედავს და ღრმად გრძნობს უდიდესი სოციალური ტრაგედიების გარდუვალობას, ვინც გაუნელებელი სიძულვილით არის შეპყრობილი კაპიტალისტური სამყაროსადმი, შეუძლია ისე ბავშვურად იცინოს, რომ ცრემლები მოადგეს და სუნთქვა შეეკრას, ასეთი სიცილისათვის დიდი და მტკიცე სულიერი სიჯანსაღე უნდა გქონოდა.
— ოჰ, თქვენ იუმორისტი ყოფილხართ! — სიცილით მეუბნებოდა იგი. — ამას არ მოველოდი, რა სასაცილო რამ მიამბეთ…
შემდეგ სიცილის ცრემლები მოიწმინდა და უკვე სერიოზულად, კარგი, გულთბილი ღიმილით მითხრა:
— კარგია, რომ შეგიძლიათ იუმორით შეხვდეთ წარუმატებლობას. იუმორის გრძნობა ჩინებული, საღი თვისებაა. მე კარგად მესმის იუმორი, მაგრამ ვერ ვფლობ. ხოლო სასაცილო რამ ცხოვრებაში, გარწმუნებთ, სამწუხაროზე ნაკლები როდია, დიახ.
შევთანხმდით, ერთი დღის შემდეგ კვლავ ვინახულებდი. მაგრამ ცუდი ამინდის გამო საღამოს ძლიერი სისხლიანი ხველა ამიტყდა და პარიზიდან მეორე დღესვე გავემგზავრე.
პარიზის შემდეგ ჩვენ კაპრიზე შევხვდით ერთმანეთს. ამ შეხვედრამ ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ვლადიმერ ილიას ძე თითქოს ორჯერ იყო კაპრიზე და ორჯერვე ფრიად სხვადასხვა განწყობილებით.
ერთმა ილიჩმა ნავმისადგომზე შეხვედრისთანავე გადაჭრით განმიცხადა:
— მე ვიცი, ალექსეი მაქსიმეს ძევ, მაინც იმედოვნებთ, რომ მახისტებს შევურიგდები, თუმცა წერილით უკვე გაგაფრთხილეთ, ეს შეუძლებელია-მეთქი! ასე რომ, ნუ შეეცდებით ამას.
გზაშიც და ბინაზედაც ვცადე ამეხსნა მისთვის, რომ მთლად მართალი როდია: არ მქონია და არცა მაქვს იმის განზრახვა, შევარიგო ფილოსოფიური უთანხმოებანი, რომლებიც, სიტყვამ მოიტანა და, არცთუ ისე ხეირიანად გამეგება. გარდა ამისა, უკვე სიჭაბუკეში გავიმსჭვალე უნდობლობით ყოველგვარი ფილოსოფიისადმი. ამის მიზეზი კი ის იყო და არის, რომ ფილოსოფია არ ეთანხმება ჩემს პირად, „სუბიექტურ“ გამოცდილებას: ჩემთვის სამყარო ის იყო იწყებდა არსებობას, „მკვიდრდებოდა“, ფილოსოფია კი თავში უტყაპუნებდა მას და სრულებით უადგილოდ, უდროოდ ეკითხებოდა:
„საით მიდიხარ? რისთვის მიდიხარ? რატომ ფიქრობ?“ ზოგიერთი ფილოსოფოსი კი მოკლედ და მკაცრად უბრძანებდა:
„შესდექ!“
გარდა ამისა, მე უკვე ვიცოდი, რომ შეიძლება ფილოსოფიაც ქალივით მეტად ულამაზო და მახინჯიც კი იყოს, მაგრამ ისე მოხდენილად და დამაჯერებლად იმოსებოდეს, ულამაზეს ქალად მოგეჩვენოს. ამაზე ვლადიმერ ილიას ძემ გაიცინა.
— ეს ხომ იუმორისტიკაა, — თქვა მან. — ხოლო სამყარო რომ ეს-ეს არის იწყებს არსებობას, დამკვიდრებას — კარგია! ამაზე სერიოზულად იფიქრეთ. ეს გზა იქ მიგიყვანთ, სადაც კარგა ხნის წინათ უნდა მისულიყავით.
შემდეგ ვუთხარი, ა. ა. ბოგდანოვი, ა. ვ. ლუნაჩარსკი, ვ. ი. ბაზაროვი[35], ჩემი აზრით, თვალსაჩინო, შესანიშნავად და ყოველმხრივ განვითარებული ადამიანები არიან, რომელთა მსგავსთაც პარტიაში არ შევხვედრივარ-მეთქი.
— ვთქვათ, ასეა. მერე რა?
— ბოლოს და ბოლოს, მათ საერთო მიზნით გამსჭვალულ ადამიანებად მივიჩნევ. ღრმად გაგებულმა და შემეცნებულმა მიზნის ერთიანობამ კი უნდა წაშალოს, მოსპოს ფილოსოფიური უთანხმოებანი…
— მაშასადამე, შერიგების იმედი მაინც ცოცხლობს თქვენში? სულ ტყუილად, — მითხრა ლენინმა. — ჩემი მეგობრული რჩევაა, განდევნეთ იგი და, რაც შეიძლება, შორს. თქვენი აზრით, პლეხანოვიც საერთო მიზნითაა გამსჭვალული. მე კი — ჩვენს შორის დარჩეს და — ვფიქრობ, რომ მას სულ სხვა მიზანი აქვს, თუმცა მატერიალისტია და არა — მეტაფიზიკოსი.
ჩვენი საუბარი ამით დამთავრდა. ვფიქრობ, საჭირო არ არის მოგაგონოთ, რომ მე იგი სიტყვასიტყვით არ აღმიდგენია, მაგრამ აზრის სიზუსტით გადმოცემაში ეჭვი არ მეპარება.
და აი, მე დავინახე ვლადიმერ ილიას ძე ლენინი კიდე უფრო მტკიცე და ურყევი, ვიდრე იგი ლონდონის ყრილობაზე გახლდათ. იქ იგი ღელავდა და იყო მომენტები, როცა აშკარად იგრძნობოდა, რომ პარტიაში წარმოშობილი განხეთქილება მძიმე წუთებს განაცდევინებდა.
აქ კი მშვიდად, გულგრილად და დამცინავად იყო განწყობილი, ძლიერ ერიდებოდა ფილოსოფიურ თემაზე საუბარს და, საერთოდ, ფრთხილად ეჭირა თავი. საოცრად სიმპათიური, რბილი ხასიათის ა. ა. ბოგდანოვი, რომელსაც უყვარდა ლენინი, მაგრამ ცოტა თავმოყვარე იყო, იძულებული ხდებოდა, მოესმინა ძალიან მწვავე და აუტანელი სიტყვები:
— შოპენჰაუერი ამბობს: „ვინც ნათლად აზროვნებს — ნათლად ლაპარაკობს“, ვფიქრობ, ამაზე უკეთესი მას არაფერი უთქვამს. თქვენ, ამხანაგო ბოგდანოვ, გაუგებრად ლაპარაკობთ. ორი-სამი ფრაზით ამიხსენით, რას აძლევს მუშათა კლასს თქვენი „შენაცვლება“ და რატომ არის მახიზმი მარქსიზმზე უფრო რევოლუციური?
ბოგდანოვი შეეცადა ამის ახსნას, მაგრამ იგი მართლაც რომ გაუგებრად ლაპარაკობდა და სიტყვების კორიანტელს აყენებდა.
— კმარა, — ურჩია ვლადიმერ ილიას ძემ. — ვიღაცამ, ვგონებ, ჟორესმა[36] თქვა: „სიმართლის ლაპარაკი გერჩიოს მინისტრობას“. მე დავუმატებდი: და მახისტობას-მეთქი.
შემდეგ იგი გატაცებით ეთამაშებოდა ბოგდანოვს ჭადრაკს და, როცა წააგებდა, ჯავრობდა, ბავშვურად მოიწყენდა კიდეც. შესანიშნავი ის იყო, რომ ეს ბავშვური მოწყენაც კი, ისევე როგორც მისი საოცარი სიცილი, ვერ არღვევდა მისი ხასიათის მტკიცე მთლიანობას.
იყო კაპრიზე მეორე ლენინი — ჩინებული ამხანაგი, მხიარული ადამიანი, ქვეყნად ყოველივეს მიმართ ცოცხალი და დაუშრეტელი ინტერესით გამსჭვალული, ადამიანებისადმი გასაოცრად გულთბილად განწყობილი კაცი.
ერთხელ, გვიან საღამოს, როცა ყველა სასეირნოდ იყო წასული, ლენინმა მე და მ. ანდრეევას სევდიანად და დიდი სინანულით გვითხრა:
— ამ ჭკვიანმა, ნიჭიერმა ადამიანებმა ბევრი რამ გაუკეთეს პარტიას: ათჯერ მეტს გააკეთებდნენ, მაგრამ ჩვენ არ წამოგვყვებიან! არ ძალუძთ. ათობით, ასობით ამგვარ ადამიანს აფუჭებს, ამახინჯებს ეს დანაშაულებრივი წყობილება.
სხვა დროს მან თქვა:
— ლუნაჩარსკი დაუბრუნდება პარტიას; იგი დანარჩენ ორზე უფრო ნაკლებ ინდივიდუალისტია. იშვიათი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება. მე „განუსჯელად მიყვარს“ იგი, — ეშმაკმა დალახვროს, რა უცნაური სიტყვებია: განუსჯელად სიყვარული! წარმოიდგინეთ, მე მიყვარს იგი, ჩინებული ამხანაგია! მასში ღვივის რაღაც ფრანგული ბრწყინვალება. მისი ფუქსავატობაც ფრანგულია; ეს ფუქსავატობა ესთეტიზმისაგან სჭირს მას.
ლენინმა დაწვრილებით გამოიკითხა კაპრელი მეთევზეების ცხოვრების ამბები, მათი ხელფასის, ხუცების გავლენის, სკოლების ამბები. მისმა უსაზღვრო დაინტერესებამ გამაოცა. როცა უთხრეს, რომ ესა და ეს ხუცესი ღარიბი გლეხის შვილიაო, მაშინვე მოითხოვა გაეგოთ, ხშირად შეჰყავთ თუ არა გლეხებს თავიანთი შვილები სემინარიებში და უბრუნდებიან თუ არა მღვდელმსახურებად გლეხთა შვილები თავიანთ სოფლებს.
— გესმით? თუ ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის, მაშასადამე, ვატიკანის პოლიტიკაა, ეშმაკური პოლიტიკა!
არ შემიძლია წარმოვიდგინო რომელიმე სხვა ადამიანი, ისე მაღლა რომ იდგეს სხვებთან შედარებით, გადაურჩეს პატივმოყვარეობის ცდუნებას და შეინარჩუნოს ცხოველი ინტერესი „უბრალო ადამიანებისადმი“. ლენინს ჰქონდა რაღაცნაირი მაგნეტიზმი, მისკენ რომ იზიდავდა მშრომელი ადამიანების გულს და სიმპათიას აღუძრავდა მათ. მან არ იცოდა იტალიური ენა, მაგრამ კაპრელმა მეთევზეებმა, რომელთაც ენახათ შალიაპინი და ბევრი სხვა დიდი რუსი ადამიანიც, რაღაც ალღოთი მაშინვე განსაკუთრებული ადგილი მიუჩინეს ლენინს. ლენინმა მომაჯადოებელი სიცილი იცოდა — იმ კაცის „გულითადი“ სიცილი, ვინც მშვენივრად ხედავს ადამიანთა უგუნურების სიტლანქეს და გონების აკრობატულ ეშმაკობას, მაგრამ მაინც შეუძლია „უბრალო გულის ადამიანთა“ ბავშვური გულუბრყვილობით დატკბეს.
მოხუცმა მეთევზემ, ჯიოვანი სპადარომ ლენინზე თქვა:
— ასეთი სიცილი მხოლოდ პატიოსან კაცს შეუძლია.
ცასავით ლურჯ, გამჭვირვალე ტალღებზე მოტივტივე ნავში მჯდომი ლენინი სწავლობდა თევზის ჭერას უტარო ანკესით, პირდაპირ ხელში დაჭერილი ძაფით. მეთევზეები ასწავლიდნენ, ხელი მაშინ უნდა ამოჰკრა, როდესაც თითზე ძაფის შერხევას იგრძნობო:
— კოზი: დრინ-დრინ. კაპიშ[37]?
ლენინმა მაშინვე ამოჰკრა ანკესს, თევზი წყლიდან ამოაგდო და ბავშვური აღტაცებითა და მონადირული აზარტით შესძახა:
— აჰა! დრინ-დრინ!
მეთევზეები ყურისწამღებად, თანაც ბავშვურად, მხიარულად ახარხარდნენ. მათ ამის შემდეგ შეარქვეს მეთევზეს: „სინიორ დრინ-დრინი“.
ლენინის გამგზავრების შემდეგ ისინი ხშირად მეკითხებოდნენ:
— როგორ ცხოვრობს სინიორ დრინ-დრინი? მეფე ვერ დაიჭერს მას, ხომ?
აღარ მახსოვს, ვლადიმერ ილიას ძეზე ადრე, თუ მის შემდეგ იყო კაპრიზე გ. ვ. პლეხანოვი[38].
კაპრის კოლონიის რამდენიმე ემიგრანტს — ლიტერატორ ნ. ოლიგერს, სოჭის აჯანყების მოწყობისათვის სიკვდილმისჯილ ლორენც-მეტნერს, პაველ ვიგდორჩიკს[39] და, მგონი, კიდევ ორ სხვა პირს მასთან საუბარი სურდათ. მაგრამ პლეხანოვმა უარი განაცხადა. ამის საბაბი თითქოს ჰქონდა კიდეც — ავად იყო და დასასვენებლად ჩამოვიდა. მაგრამ ოლიგერმა და ლორენცმა მითხრეს, პლეხანოვმა უარი ჩვენთვის მეტად შეურაცხმყოფელი ფორმით გამოხატაო. ნერვული ოლიგერი დაჟინებით ამტკიცებდა, თითქოს პლეხანოვს მისთვის ეთქვას, „დამღალა ისეთ ადამიანებთან საუბარმა, ვისაც ლაპარაკი უყვარს, მაგრამ საქმისათვის გამოუსადეგარიაო“. ჩემთან ყოფნის დროს პლეხანოვმა, მართლაც, შეხვედრაზე უარი უთხრა ადგილობრივ კოლონისტებს. ვლადიმერ ილიას ძემ კი ყველა ნახა. პლეხანოვი არავის არაფერს ეკითხებოდა, მან ყველაფერი იცოდა და თვითონ ჰყვებოდა. მას, დიდი რუსული ნიჭის პატრონს და ევროპულად აღზრდილს, ლამაზი მახვილი სიტყვებით კოპწიაობა უყვარდა. ვგონებ, სწორედ მოსწრებული სიტყვის გულისათვის შეუბრალებლად აღნიშნავდა საზღვარგარეთელი და რუსი ამხანაგების ნაკლს. მეჩვენებოდა, რომ მისი ოხუნჯობა ყოველთვის არ იყო მოსწრებული. მეხსიერებაში ჩამრჩა მხოლოდ უხეირო ოხუნჯობანი: “He в меру умеренный Меринг”, „Самозванец Энрико Ферри, в нем нет железа ни золотника“ („უზომოდ ზომიერი მერინგი“, „თვითმარქვია ენრიკო ფერი[40], მასში არ მოიპოვება არც ერთი მისხალი რკინა“) — აქ კალამბური აგებულია სიტყვაზე „ფერო — რკინა“. ასეთი იყო მისი სიტყვამოსწრებულობა. საერთოდ იგი შემწყნარებლურად ეკიდებოდა ადამიანებს; რასაკვირველია, არა ღმერთივით, მაგრამ რამდენადმე მის მსგავსად. ეს უნიჭიერესი ლიტერატორი და პარტიის დამაარსებელი აღმიძრავდა ღრმა პატივისცემას, მაგრამ არა სიმპათიას. მას ძალიან ბევრი „არისტოკრატიზმი“ ჰქონდა. შესაძლოა ვცდებოდე. მე არცთუ ისე მიყვარს შეცდომები, მაგრამ სხვებივით მეც ვცდები ხოლმე. ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: იშვიათად თუ შევხვედრივარ ესოდენ განსხვავებულ ადამიანებს, როგორიც გ. პლეხანოვი და ვ. ლენინი იყვნენ. ეს ბუნებრივიც არის: ერთი მათგანი ამთავრებდა ძველი სამყაროს დანგრევისაკენ მიმართულ თავის მუშაობას, მეორე კი ახლა შესდგომოდა ახალი სამყაროს მშენებლობას.
ცხოვრება ისე ოსტატურად არის მოწყობილი, რომ თუ სიძულვილი არ ძალგიძს, გულწრფელ სიყვარულსაც ვერ შეძლებ. უკვე მარტო ეს, იმთავითვე ადამიანის დამმახინჯებელი სულიერი გაორების აუცილებლობა, სიძულვილში გამოტარებული სიყვარულის აუცილებლობა დასანგრევად გასწირავს ცხოვრების თანამედროვე პირობებს.
რუსეთში, სადაც ტანჯვის აუცილებლობა „სულის ცხონების“ უნივერსალურ საშუალებად არის გამოცხადებული, მე არ შევხვედრივარ, არ ვიცნობ სხვა ადამიანს, რომელსაც ასე ღრმად და ასეთი ძალით სძულდეს და ეზიზღებოდეს ადამიანთა უბედურება, მწუხარება, ტანჯვა, როგორც სძულდა და ეზიზღებოდა ლენინს.
ცხოვრების დრამებისა და ტრაგედიებისადმი ასეთი გრძნობა, ეს სიძულვილი ჩემს თვალში განსაკუთრებით ამაღლებს ვლადიმერ ლენინს, იმ ქვეყნის ადამიანს, სადაც ტანჯვის სადიდებლად და საკურთხევლად შექმნილია ყველაზე ნიჭიერად დაწერილი სახარებანი და სადაც ახალგაზრდობა ცხოვრების გაცნობას წვრილმანი, ყოველდღიური ერთფეროვანი დრამებით აღსავსე წიგნებით იწყებს. რუსული ლიტერატურა ევროპის ყველაზე უფრო პესიმისტური ლიტერატურაა; ჩვენში ყველა წიგნს ერთი და იგივე თემა აქვს — როგორ გვტანჯავს სიჭაბუკეშიც და მოწიფულობაშიც გონების უკმარობა, თვითმპყრობელური ჩაგვრა, ქალები, მოყვასის სიყვარული, ცუდად მოწყობილი სამყარო; ხოლო მოხუცებულობაში: ცხოვრების მანძილზე ჩადენილი შეცდომების შეგნება, უკბილობა, კუჭის მოუნელებლობა და სიკვდილის გარდაუვალობა.
ყოველ რუს ადამიანს, რომელსაც კი „პოლიტიკის გამო“ თუნდაც ერთი თვე დაუყვია ციხეში ან ერთ წელიწადს გადასახლებაში ყოფილა, წმიდათაწმიდა მოვალეობად მიაჩნია, რუსეთს საჩუქრად უბოძოს მოგონებების წიგნი თავის ტანჯვაზე. აქამდე არავის მოსვლია აზრად, შეექმნა ბედნიერად გატარებული ცხოვრების ამსახველი წიგნი. და რადგანაც რუსი ადამიანი თავისი ცხოვრების გამოგონებას არის მიჩვეული, ხოლო მისი შენება არცთუ ისე ეხერხება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბედნიერ ცხოვრებაზე დაწერილი წიგნი ასეთი ცხოვრების გამოგონებას მიაჩვევდა მას.
ჩემთვის ლენინი განსაკუთრებით დიდია სწორედ ადამიანთა უბედურებისადმი შეურიგებელი, შეუნელებელი სიძულვილის გრძნობით, მისი იმ ნათელი რწმენით, რომ უბედურება წარმოადგენს არა ყოფის უცვლელ საფუძველს, არამედ იმ სისაძაგლეს, რომელიც ადამიანებმა თავიდან უნდა მოიცილონ. ეს კი მათ შეუძლიათ.
მისი ხასიათის ამ ძირითად თვისებას მე მატერიალისტის მებრძოლ ოპტიმიზმს ვუწოდებდი. სწორედ იგი იზიდავდა განსაკუთრებით ჩემს სულსა და გულს ამ ადამიანისაკენ — დიდი ადამიანისაკენ.
1917-1918 წლებში ჩემი ურთიერთობა ლენინთან სრულებით არ იყო ისეთი, როგორიც მსურდა, მაგრამ არც სხვაგვარი შეიძლებოდა.
იგი პოლიტიკოსი იყო. სრულყოფილად ფლობდა შეხედულების ზუსტად გამომუშავებულ პირუთვნელობას. ეს კი აუცილებლად ესაჭიროება ისეთი ვეება, მძიმე ხომალდის მესაჭეს, როგორიცაა პირქუში, გლეხური რუსეთი.
მე კი ორგანულად მძულდა პოლიტიკა და ნაკლებად მწამდა მასის გონიერება საერთოდ, გლეხური მასისა კი — განსაკუთრებით. იდეით დაურაზმავი გონება ჯერ კიდევ არ არის ის ძალა, რომელიც შემოქმედებითად შედის ცხოვრებაში. მასის გონებაში მანამდე არ არის იდეა, სანამ არ შეუგნია ყველა მისი ერთეულის ინტერესთა ერთიანობა.
ათასი წლობით ესწრაფვის მასა უკეთესს, მაგრამ ეს მისწრაფება მის წიაღში წარმოშობს მისსავე დამმონებელ, მის სისხლისმწოველ მტაცებლებს. ეს ასე იქნება მანამ, სანამ მასა ვერ შეიგნებს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთ ძალას — ლენინის სიმართლის ძალას — შეუძლია მტაცებლების ტყვეობისაგან მისი განთავისუფლება.
1917 წელს, რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ, ლენინმა თავისი „თეზისები“ გამოაქვეყნა[41]. მაშინ ვიფიქრე, რომ ამ თეზისებით ლენინს სურს, რიცხობრივად უმნიშვნელო, მაგრამ ხარისხობრივად გმირული, პოლიტიკურად აღზრდილი მუშების რაზმი და მთელი ნამდვილად რევოლუციური ინტელიგენცია მსხვერპლად შესწიროს რუსეთის გლეხობას; რუსეთში არსებული ეს ერთადერთი აქტიური ძალა ერთი პეშვი მარილივით იქნება გადასროლილი სოფლის მტკნარ ჭაობში და უკვალოდ გადნება, გაქრება მასში. შეცვლით კი ვერაფერს შეცვლის რუსი ხალხის სულში, ყოფაში, ისტორიაში.
მეცნიერული, ტექნიკური — საერთოდ, კვალიფიციური ინტელიგენცია, ჩემი აზრით, რევოლუციური იყო თავისი არსით. მუშათა სოციალისტურ ინტელიგენციასთან ერთად, ჩემთვის იგი რუსეთის მიერ მოგროვილ ყველაზე უფრო ძვირფას ძალას წარმოადგენდა[42]. სხვა ძალას, რომელსაც კი შეეძლებოდა ძალაუფლების ხელში აღება და სოფლის დარაზმვა, 1917 წლის რუსეთში ვერ ვხედავდი. მაგრამ რიცხობრივად უმნიშვნელო და წინააღმდეგობებით დაქსაქსული ეს ძალები მხოლოდ უმტკიცესი შინაგანი ერთიანობის პირობებში შეძლებდნენ თავიანთი როლის შესრულებას. მათ უდიდესი სამუშაო ელოდათ. ეს იყო: სოფლის ანარქიზმის დაძლევა, „მუჟიკის“ ნების კულტივირება, გონივრული მუშაობის მიჩვევა, მისი მეურნეობის გარდაქმნა და ყოველივე ამის შემდეგ ქვეყნის სწრაფი წინსვლა. ამის მიღწევა კი მაშინ შეიძლებოდა, თუ სოფლის ინსტინქტები დაემორჩილებოდა ქალაქის ორგანიზებულ გონებას. რევოლუციის უპირველეს ამოცანად ისეთი პირობების შექმნა მიმაჩნდა, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ჩვენი ქვეყნის კულტურული ძალების ზრდას. ამ მიზნით მუშებისათვის კაპრიზე სკოლის მოწყობის წინადადება წამოვაყენე[43] და რეაქციის პერიოდში — 1907-1913 წლებში — შეძლებისდაგვარად ყოველმხრივ ვცდილობდი მუშების სულიერ გამხნევებას.
ამავე მიზნით, თებერვლის გადატრიალებისთანავე, 1917 წლის გაზაფხულზე დაარსდა „დადებით მეცნიერებათა განვითარება-გავრცელების თავისუფალი ასოციაცია“. ამ დაწესებულების ამოცანა იყო, ერთი მხრივ, რუსეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შექმნა, ხოლო მეორე მხრივ, მეცნიერული და ტექნიკური ცოდნის ფართო და განუწყვეტელი პოპულარიზაცია მუშათა შორის. ასოციაციას სათავეში ჩაუდგნენ დიდი მეცნიერები, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები ვ. სტეკლოვი, ლ. ჩუგაევი, აკადემიკოსი ფერსმანი, ს. კოსტიჩევი, ა. პეტროვსკი და სხვები[44]. აქტიურად გროვდებოდა სახსრები; ს. კოსტიჩევი უკვე შეუდგა ადგილის ძებნას ზოობოტანიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ინსტიტუტის მოსაწყობად.
უფრო ნათლად რომ ვთქვა, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე მაწუხებდა უწიგნური სოფლის უდიდესი უპირატესობა ქალაქზე, გლეხობის ზოოლოგიური ინდივიდუალიზმი და სოციალური ემოციების თითქმის სრული უქონლობა. მეცნიერულ და ტექნიკურ ინტელიგენციასთან მტკიცედ დაკავშირებული, პოლიტიკურად გათვითცნობიერებული მუშების დიქტატურა წარმოადგენდა, ჩემი აზრით, ამ რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევის ერთადერთ შესაძლო საშუალებას. ეს მდგომარეობა კი განსაკუთრებით გაართულა ომმა, რომელმაც სოფელში უფრო მეტი ანარქია შეიტანა.
მე არ ვეთანხმებოდი კომუნისტებს რუსეთის რევოლუციაში ინტელიგენციის როლის შეფასების მხრივ. ეს სწორედ ის ინტელიგენცია იყო, რომელმაც მოამზადა რევოლუცია და რომელსაც ეკუთვნის ყველა „ბოლშევიკი“, ვინც სოციალური გმირობისა და დიდი ინტელექტუალობის სულისკვეთებით აღზარდა ასობით მუშა. რუსეთის ინტელიგენცია — მეცნიერულიც და მუშურიც — იყო, არის და კიდევ დიდხანს იქნება რუსეთის ისტორიის მძიმე უღელში შებმული მუშა ცხენი. ხალხის მასების გონება, მის მიერ უკვე განცდილი ბიძგებისა და გზნების მიუხედავად, ჯერ კიდევ იმ ძალად რჩება, რომელსაც გარედან ხელმძღვანელობა ესაჭიროება.
ასე ვფიქრობდი 13 წლის წინათ და ასე ვცდებოდი. ეს ფურცელი ამოსაშლელია ჩემი მოგონებიდან. მაგრამ ნათქვამია, „რასაც კალმით დაწერ, ნაჯახითაც ვერ ამოთლიო“. გარდა ამისა, „შეცდომებზე ვსწავლობთ“, როგორც ხშირად იმეორებდა ხოლმე ვლადიმერ ილიას ძე. დაე, მკითხველებმა იცოდნენ ჩემი ეს შეცდომა. კარგი იქნება, თუ იგი გაკვეთილად გამოადგება იმათ, ვინც თავისი დაკვირვებებიდან დასკვნების გამოტანას ჩქარობს.
გასაგებია, რომ სპეციალისტთა ერთი ნაწილის საზიზღარი მავნებლობის მთელი რიგი ფაქტების შემდეგ ვალდებული ვიყავი, გადამეფასებინა — და გადავაფასე კიდეც — ჩემი დამოკიდებულება მეცნიერებისა და ტექნიკის მუშაკთა მიმართ. ასეთი გადაფასება არცთუ ისე ადვილი საქმეა, მით უმეტეს, მოხუცებულობის ჟამს.
იყო ხალხის პატიოსანი ბელადი, მეტისმეტად ძნელია. მაგრამ იმ რევოლუციისადმი წინააღმდეგობაც ხომ, რომელსაც ლენინი ხელმძღვანელობდა, უფრო ფართოდ და ძლიერ იყო ორგანიზებული. ამასთანავე, მხედველობაში მისაღებია ის, რომ „ცივილიზაციის“ განვითარებასთან ერთად ადამიანის სიცოცხლის ღირებულება აშკარად ეცემა; ამას უდავოდ მოწმობს ადამიანის განადგურების ტექნიკის განვითარება თანამედროვე ევროპაში, ამ საქმისადმი გემოვნების ზრდა.
მაგრამ სინდისს დაეკითხეთ და თქვით: რამდენად უმართებულო და რა მეტისმეტად საზიზღარია იმ „მორალისტთა“ თვალთმაქცობა, რომლებიც რუსეთის რევოლუციის სისხლიან ხასიათზე ლაპარაკობდნენ, თვითონ კი მთელს ევროპაში გამართული სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტის ოთხი წლის მანძილზე არათუ ეცოდებოდათ მილიონობით გაჟლეტილი ადამიანი, არამედ ყოველმხრივ აჩაღებდნენ ამ საძაგელ ომს „სრულ გამარჯვებამდე“! ამჟამად „კულტურული ერები“ განადგურებულნი, დაძაბუნებულნი აღმოჩნდნენ, ისინი ველურდებიან, ხოლო საყოველთაო მეშჩანურმა სისულელემ კი გაიმარჯვა: მისი ვიწრო მარყუჟები აქამდე ახრჩობს ადამიანებს.
ლენინის სისასტიკეზე ბევრს წერდნენ და ლაპარაკობდნენ. რა თქმა უნდა, თავს ნებას ვერ მივცემ, სასაცილო უტაქტობა გამოვიჩინო — სიცრუისა და ცილისწამებისაგან მისი დაცვა ვიკისრო. ვიცი, ცილისწამება და სიცრუე მეშჩანთა პოლიტიკის დაკანონებული მეთოდია, მტრის წინააღმდეგ მათი ბრძოლის ჩვეულებრივი ხერხია. ამა ქვეყნის დიდ ადამიანთა შორის, ალბათ, ერთიც კი არ იქნება ისეთი, რომლის ტალახში ამოსვრასაც არ ცდილიყვნენ. ეს ყველამ იცის.
გარდა ამისა, ყველა ისწრაფვის იმისაკენ, რომ არა მარტო დაამდაბლოს გამოჩენილი ადამიანი თავისი გაგების დონემდე, არამედ იმისაც შეეცდება, ფეხქვეშ მოიგდოს იგი, თავისივე მიერ აზელილ იმ წებოვან და შხამიან ტალახში ჩააგდოს, რომელსაც „ყოველდღიურ ცხოვრებას“ უწოდებს.
ჩემში ზიზღს იწვევს ასეთი ფაქტის მოგონება: 1919 წელს პეტერბურგში „სოფლის ღარიბთა“ ყრილობა გაიმართა. რუსეთის ჩრდილოეთ გუბერნიებიდან რამდენიმე ათასი გლეხი ჩამოვიდა და ბევრი მათგანი რომანოვების ზამთრის სასახლეში მოათავსეს. როდესაც ყრილობა დამთავრდა და გლეხები უკან დაბრუნდნენ, აღმოჩნდა, მათ ღამის ჭურჭლებად გამოეყენებინათ და წაებილწათ სასახლის არა მარტო აბაზანები, არამედ უამრავი უძვირფასესი სევრული, საქსონური და აღმოსავლური ლარნაკი. ეს მათ საჭიროების გამო კი არ გააკეთეს, — სასახლის საპირფარეშოები წესრიგზე იყო და წყალსადენიც მოქმედებდა. არა. ეს ხულიგნობა ლამაზი ნივთების გაფუჭების, წაბილწვის სურვილს გამოხატავდა. ორი რევოლუციისა და ომის მანძილზე მრავალგზის შემინიშნავს ადამიანთა შავბნელი, შურისმგებლური მისწრაფება მშვენიერების მსხვრევის, დამახინჯების, დაცინვისა და გათახსირებისა.
ნუ იფიქრებთ, თითქოს „სოფლის ღარიბთა“ მოქმედება განსაკუთრებით იმიტომ აღვნიშნე, სკეპტიკურად ვიყო განწყობილი „მუჟიკის“ მიმართ. არა, მე ვიცი, რომ მშვენიერების წაბილწვის ავადმყოფური მისწრაფებით შეპყრობილია ინტელიგენციის ზოგიერთი ჯგუფიც, მაგალითად, ის ემიგრანტები, რომლებიც, ალბათ, ფიქრობენ: რადგან ჩვენ რუსეთში აღარა ვართ, იქ უკვე კარგი აღარაფერი მოიპოვებაო.
განსაკუთრებულად მშვენიერი ნივთების გაფუჭების ბოროტ მისწრაფებასა და არაჩვეულებრივი ადამიანის ყოველი ღონით გათახსირების საზიზღარ მისწრაფებას ერთი და იგივე ფესვი აქვს. ყოველივე არაჩვეულებრივი ხელს უშლის ადამიანებს, თავიანთი სურვილის მიხედვით იცხოვრონ. ადამიანებს სწყურიათ — თუკი მათ სწყურიათ — თავიანთი სოციალური ჩვევების მხოლოდ გაფართოება და არა ძირფესვიანად შეცვლა. მათი უმრავლესობის კვნესა-გოდებაა: „ხელს ნუ გვიშლით, ისე ვიცხოვროთ, როგორც მიჩვეული ვართ!“ ვლადიმერ ლენინი ის კაცი იყო, ვინც ისე შეუშალა ხელი ადამიანებს, გაეგრძელებინათ ჩვეული ცხოვრება, როგორც მანამდე ვერავინ შეძლო.
მსოფლიო ბურჟუაზიის სიძულვილი მისდამი აშკარა და საზიზღრად მკაფიოა. ამ სიძულვილის შავი ჭირის მსგავსი ლაქები ყველგან თვალნათლივ ბზინავს. თავისთავად საზიზღარი ეს სიძულვილი იმას გვეუბნება, თუ რამდენად დიადი და საშიშია ყველა ქვეყნის პროლეტართა ბელადი და შთამაგონებელი — ვლადიმერ ლენინი მსოფლიო ბურჟუაზიის თვალში. აი, ის უკვე აღარ არსებობს ფიზიკურად, მაგრამ მისი ხმა სულ უფრო ძლიერად და ძლევამოსილად გაისმის დედამიწის ყველა მშრომელის გასაგონად. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი კუთხე, სადაც ეს ხმა რევოლუციისათვის, ახალი ცხოვრებისათვის, თანასწორუფლებიან ადამიანთა სამყაროს შექმნისათვის არ აღანთებდეს მუშა ხალხის ნებისყოფას. სულ უფრო მეტი რწმენით, სიმტკიცითა და წარმატებით განაგრძობენ დიად საქმეს ლენინის მოწაფეები, მისი მემკვიდრეები.
მე აღმაფრთოვანებდა ლენინის მკაფიოდ გამოვლენილი ნება ცხოვრებისადმი და აქტიური სიძულვილი ყოფის სისაძაგლისადმი. ვტკბებოდი იმ ჭაბუკური გატაცებით, რითაც იგი აღავსებდა ხოლმე ყოველივეს, რასაც აკეთებდა. მაოცებდა მისი არაადამიანური შრომისუნარიანობა. მისი მოძრაობა იყო მსუბუქი და მარდი, ხოლო მისი ძუნწი, მაგრამ ძლიერი ჟესტი სავსებით ეთანხმებოდა სიტყვებით ასევე ძუნწ, მაგრამ აზრით მდიდარ ლაპარაკს. და მონღოლური ტიპის სახეზე ენთო, ელავდა ცხოვრების სიცრუისა და უბედურების წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლის მახვილი თვალები; ენთო, ილულებოდა, ხან ირონიულად იღიმებოდა და ხანაც მხრისხანედ გამოანათებდა. ამ თვალთა ბრწყინვალება სიმწვავესა და სიცხადეს მატებდა მის სიტყვებს.
ხანდახან მოგეჩვენებოდა, მისი სულის მოუთოკველი ენერგია ნაპერწკლებად ცვივა თვალთაგან და მით გამსჭვალული სიტყვები ჰაერში ბრწყინავენო. მისი სიტყვა ყოველთვის იწვევდა უცილობელი სიმართლის ფიზიკურ შეგრძნებას.
უჩვეულო და საოცარი იყო გორკაში, პარკში მოსეირნე ლენინის დანახვა. ჩვენს წარმოდგენაში ხომ იგი უკვე იქცა ისეთ ადამიანად, გრძელი მაგიდის თავში რომ ზის და, მესაჭის მოღიმარი და გამჭრიახი თვალების კრთომით, მარჯვედ და მოხდენილად წარმართავს ამხანაგების კამათს; ან კიდევ — ესტრადაზე მდგომს თავი უკან გადაუწევია და მკაფიო, ნათელ სიტყვებს აფრქვევს სიმართლეს მოწყურებულ, სულგანაბულ ხალხს.
ეს სიტყვები ყოველთვის მაგონებდა რკინის ბურბუშელას ბზინვარებას.
ამ სიტყვებიდან საოცარი სისადავით წამოიმართებოდა ხოლმე სიმართლის მხატვრულად გამოჩარხული ფიგურა.
ლენინის ბუნებისათვის დამახასიათებელი იყო გატაცება. მაგრამ ეს როდი წარმოადგენდა მოთამაშის ანგარებით აღსავსე გატაცებას. მასში ვლინდებოდა ლენინის განსაკუთრებული სულიერი სიმტკიცე. ასეთი სიმტკიცე ახასიათებს მხოლოდ თავისი მოწოდების ურყევი რწმენით აღჭურვილ ადამიანს, ვინც ყოველმხრივ და ღრმად გრძნობს თავის კავშირს სამყაროსთან და ვისაც ბოლომდე შეუგნია თავისი როლი სამყაროს ქაოსში — ამ ქაოსის მტრის როლი. მას ერთნაირი გატაცებით შეეძლო ჭადრაკის თამაში, „კოსტუმის ისტორიის“ თვალიერება, ამხანაგებთან საათობით დავა, თევზაობა, სამხრეთის მზით გახურებულ კაპრის ქვიან ბილიკებზე სიარული, კურდღლისცოცხას ოქროსფერი ყვავილებისა და მეთევზეთა მოთხუპნილი ბავშვების ცქერით ტკბობა. საღამოს კი, როცა რუსეთის სოფლის ამბებს ისმენდა, სინანულით ამოიოხრებდა ხოლმე:
— კარგად არ ვიცნობ რუსეთს. სიმბირსკი, ყაზანი, პეტერბურგი, გადასახლება — აი, თითქმის ყველაფერი, რასაც ვიცნობ!
ლენინს ძალიან უყვარდა სასაცილო ამბები და მთელი სხეულით იცინოდა. ისე ძლიერ იცინოდა, ხანდახან ცრემლებიც კი წასკდებოდა ხოლმე. მას შეეძლო მოკლე თავისებური წამოძახილის — „ჰმ, ჰმ“ — დატვირთვა დაუსრულებელი ნიუანსებით. ამ წამოძახილში იგრძნობოდა მსუსხავი ირონიაც, ფრთხილი დაეჭვებაც… ხშირად კი ამ „ჰმ, ჰმ“-ში გამოსჭვიოდა ძალიან გამჭრიახი და ცხოვრების ჯოჯოხეთურ უმსგავსოებათა ჩინებულად მცოდნე ადამიანისათვის გასაგები მახვილი იუმორი.
ეს ჩასკვნილი, მკვრივი კაცი, რომელსაც სოკრატეს თავი და ყოვლისმხილველი თვალები ჰქონდა, ხშირად იჭერდა საოცარსა და ოდნავ კომიკურ პოზას — თავს უკან გადასწევდა, ცალ მხარეს გადახრიდა და თითებს იღლიის ქვეშ, ჟილეტში ჩასჩრიდა. ამ პოზაში იყო რაღაც მეტისმეტად მიმზიდველი და სასაცილოც, რაღაც ძლევამოსილი და ზვიადი. ამ წუთში სულ ერთიანად ბრწყინავდა იგი, ამ შეჩვენებული ქვეყნის დიდი შვილი, მშვენიერი ადამიანი, რომელსაც სიყვარულის საქმის განხორციელებისათვის მტრობისა და სიძულვილის მსხვერპლად უნდა შეეწირა თავი.
1918 წლამდე, ლენინის მოკვლის უსაზიზღრეს და უსაძაგლეს ცდამდე, მას რუსეთში არ შევხვედრივარ, შორიდანაც არ დამინახავს აქ იგი. მასთან მაშინ მივედი, როდესაც ჯერ კიდევ კარგად ვერ ხმარობდა ხელს და გაჭირვებით ამოძრავებდა ნატყვიარ კისერს. ჩემს აღშფოთებაზე უხალისოდ მიპასუხა, ისე როგორც უკვე მობეზრებულ საგანზე ლაპარაკობენ:
— ჩხუბია. რას იზამ? ყველა ისე მოქმედებს, როგორც შეუძლია.
ძალიან მეგობრულად შევხვდით ერთმანეთს. მაგრამ, ცხადია, საყვარელი ილიჩის გამჭრიახი და ყველაფრის მხილველი თვალები აშკარა სინანულით მიცქეროდნენ მე, „გზააბნეულს“.
რამდენიმე წუთის შემდეგ ლენინი გატაცებით ამბობდა:
— ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი წინააღმდეგია. ისტორიისაგან დამოუკიდებელი ადამიანები — ფანტაზიაა. თუნდაც დავუშვათ, რომ ასეთი ადამიანები მართლაც იყვნენ ოდესმე, ახლა ისინი აღარ არიან, არ შეიძლება იყვნენ. ისინი არავის ესაჭიროება. ყველა, უკლებლივ, ჩაბმულია სინამდვილის ორომტრიალში, ხოლო ეს სინამდვილე ახლა ისეა აწეწილ-დაწეწილი, როგორც არასოდეს. თქვენ ამბობთ, რომ მე ძალზე ვამარტივებ ცხოვრებას? რომ ეს გამარტივება დაღუპვას უქადის კულტურას, არა?
ირონიული, დამახასიათებელი:
— ჰმ-ჰმ…
მახვილი მზერა კიდევ უფრო უმახვილდება და ლენინი ხმადაბლა განაგრძობს:
— მაშ, თქვენი აზრით, შაშხანებით შეიარაღებული მილიონობით „მუჟიკი“ საფრთხეს არ წარმოადგენს კულტურისათვის, ხომ? თქვენ ფიქრობთ, დამფუძნებელი კრება თავს გაართმევდა მათ ანარქიზმს? თქვენ, ვინც ასე ბევრს ხმაურობთ სოფლის ანარქიზმის თაობაზე, სხვებზე უკეთ უნდა გესმოდეთ ჩვენი მუშაობის არსი. რუსეთის მასას უნდა აჩვენო რაღაც ძლიერ უბრალო, მისი გონებისათვის ესოდენ გასაგები რამ. საბჭოები და კომუნიზმი — სწორედ ასეთია.
— მუშების კავშირი ინტელიგენციასთან, ხომ? ეს ჩინებულია, ჩინებული. უთხარით ინტელიგენციას, მოვიდეს ჩვენთან. თქვენი აზრით, იგი ხომ გულწრფელად ემსახურება სამართლიანობის ინტერესებს? მაშ, რა უშლის ხელს? მობრძანდით ჩვენთან: სწორედ ჩვენ ვიკისრეთ ის უზარმაზარი საქმე, რომ ფეხზე დავაყენოთ ხალხი, ცხოვრების მთელი სიმართლე ვუთხრათ ქვეყანას; ხალხებს ჩვენ ვუჩვენებთ ადამიანური ცხოვრების პირდაპირ გზას, მონობის, სიღატაკისა და დამცირებისაგან თავის დაღწევის გზას.
მან გაიცინა და უბოროტოდ თქვა:
— ამიტომაც მესროლა ინტელიგენციამ ტყვია.
ხოლო როდესაც საუბარი ნორმალურ კალაპოტში ჩადგა, ლენინმა წყენითა და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა:
— განა იმის წინააღმდეგ ვდავობ, რომ ინტელიგენცია ჩვენთვის აუცილებელია? მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ მტრულად არის იგი განწყობილი, როგორ ცუდად ესმის მომენტის მოთხოვნები? თანაც ვერ ხედავს, რომ უჩვენოდ უძლურია, მასებთან ვერ მივა. მისი ბრალი იქნება, თუ ჩვენ ძალზე ბევრი ქოთნის დამსხვრევა მოგვიწევს.
ამ თემაზე საუბარი ლენინთან ყოველი შეხვედრისას იმართებოდა. და თუმცა მისი დამოკიდებულება ინტელიგენციისადმი სიტყვიერად უნდობელი, მტრული იყო, სინამდვილეში მუდამ სწორად აფასებდა ინტელექტუალური ენერგიის მნიშვნელობას რევოლუციის პროცესში და თითქოს ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ რევოლუცია, არსებითად, არის აფეთქება სწორედ ამ ენერგიისა, რომელმაც დრომოჭმულსა და შემზღუდველ პირობებში კანონზომიერი განვითარების საშუალება ვეღარ იპოვა.
მახსოვს, ლენინს ვეწვიეთ მე და აკადემიის სამი წევრი. ლაპარაკი გვქონდა პეტერბურგის ერთ-ერთი უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულების რეორგანიზაციის აუცილებლობაზე.
მეცნიერები რომ გააცილა, ლენინმა კმაყოფილებით თქვა:
— აი, ეს მესმის, ჭკვიანი ადამიანები არიან, ყველაფერი გასაგებად და ზუსტად აქვთ ჩამოყალიბებული, მაშინვე მიხვდები, რომ კარგად იციან, რაც სურთ. ასეთ ადამიანებთან მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა. განსაკუთრებით მომეწონა…
და მან დაასახელა ერთ-ერთი გამოჩენილი რუსი მეცნიერი, ერთი დღის შემდეგ კი უკვე ტელეფონით მეკითხებოდა:
— ჰკითხეთ ს-ს, იმუშავებს თუ არა ჩვენთან?
და როდესაც ს-მ თანხმობა განაცხადა, ლენინმა გულწრფელად გაიხარა. იგი ხელების ფშვნეტით ხუმრობდა:
— აი ასე, თანდათან სათითაოდ ჩვენს მხარეზე გადმოვიყვანთ ყველა რუს და ევროპელ არქიმედს. და მაშინ მსოფლიო, უნდა თუ არ უნდა, მაინც გადატრიალდება!
პარტიის მე-8 ყრილობაზე ნ. ბუხარინმა, სხვათა შორის, თქვა:
— ერი — ეს ნიშნავს ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს ერთად, რას ემსგავსება, რომ რომელიღაც საზიზღარი ბურჟუაზიის თვითგამორკვევის უფლება ვცნოთ?
— უკაცრავად, — შეეკამათა მას ლენინი. — ეს ემსგავსება იმას, რაც არის. თქვენ იმოწმებთ ბურჟუაზიისაგან პროლეტარიატის დიფერენციაციის პროცესს, მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, როგორ წარიმართება იგი.
შემდეგ მან გერმანიის მაგალითით ცხადჰყო, თუ როგორ ნელა და ძნელად ვითარდება ამ დიფერენციაციის პროცესი; გაიხსენა, რომ „კომუნიზმი ძალადობის გზით არ ინერგება“, და ამგვარად ჩამოაყალიბა თავისი აზრი მრეწველობაში, არმიასა და კოოპერაციაში ინტელიგენციის მნიშვნელობაზე. მომყავს ციტატა „იზვესტიაში“ დაბეჭდილი კამათის ანგარიშიდან:
„ეს საკითხი სრული გარკვეულობით უნდა გადაიჭრას ახლანდელ ყრილობაზე. ჩვენ მხოლოდ მაშინ შევძლებთ კომუნიზმის აგებას, როდესაც ბურჟუაზიული მეცნიერებისა და ტექნიკის საშუალებანი უფრო მისაწვდომს გახდიან მას მასებისათვის. ამისათვის კი საჭიროა ბურჟუაზიის აპარატის გამოყენება, ყველა სპეციალისტის ჩაბმა მუშაობაში. ბურჟუაზიული სპეციალისტების გარეშე შეუძლებელია საწარმოო ძალის ამაღლება. მათ უნდა შევუქმნათ ამხანაგური თანამშრომლობის ატმოსფერო, მოვაქციოთ მუშა კომისართა, კომუნისტთა გარემოცვაში; ისეთი პირობები შევუქმნათ, რომ წასვლა არ შეეძლოთ, მაგრამ იმის შესაძლებლობა კი მივცეთ, უკეთ იმუშაონ, ვიდრე კაპიტალისტებთან მუშაობდნენ, რადგანაც ბურჟუაზიის მიერ აღზრდილი ეს ფენა სხვა პირობებში არ იმუშავებს. იძულებით მთელ ფენას ვერ ამუშავებ. ბურჟუაზიული სპეციალისტები მიჩვეულნი არიან კულტურულ მუშაობას. ისინი წინ სწევდნენ ამ მუშაობას ბურჟუაზიული წყობილების პირობებში, ესე იგი, უდიდესი მატერიალური წამოწყებებით ამდიდრებდნენ ბურჟუაზიას და მხოლოდ მცირედ ნაწილს უთმობდნენ პროლეტარიატს. მაგრამ ისინი მაინც ავითარებდნენ კულტურას — ეს არის მათი პროფესია. რამდენადაც ბურჟუაზიული სპეციალისტები ხედავენ, რომ მუშათა კლასი არა მარტო აფასებს კულტურას, არამედ ეხმარება კიდეც მასებში მის დანერგვას, ისინი იცვლიან ჩვენდამი დამოკიდებულებას. ამ პირობებში ბურჟუაზიული სპეციალისტები არა მარტო პოლიტიკურად ჩამოსცილდებიან ბურჟუაზიას, მორალურადაც დაგვექვემდებარებიან ჩვენ. ისინი უნდა ჩავაბათ ჩვენს აპარატში, ხოლო ამისათვის ხანდახან მსხვერპლიც უნდა გავიღოთ. სპეციალისტებს კრიჭაში არ უნდა ჩავუდგეთ. მათ არსებობის რაც შეიძლება უკეთესი პირობები უნდა შევუქმნათ. ეს საუკეთესო პოლიტიკა იქნება. თუ გუშინ წვრილბურჟუაზიული პარტიების ლეგალიზაციაზე ვლაპარაკობდით, ხოლო დღეს ვაპატიმრებდით მენშევიკებსა და ესერებს, ამ მერყეობას მაინც გასდევს ერთი მეტად მტკიცე ხაზი: კონტრრევოლუცია მოვკვეთოთ, კულტურულ-ბურჟუაზიული აპარატი გამოვიყენოთ“.
დიდი პოლიტიკოსის ამ შესანიშნავ სიტყვებში გაცილებით მეტი ცოცხალი, რეალური აზრია, ვიდრე მეშჩანური, უღონო და არსებითად ფარისევლური „ჰუმანიზმის“ ყოველგვარ გოდებაში. სამწუხაროდ, ბევრმა, ვისაც უნდა გაეგო და დაეფასებინა ეს მოწოდება მუშათა კლასთან ერთად პატიოსნად შრომისა, ვერ გაიგო, ვერ დააფასა იგი; მათ ამჯობინეს ზურგს უკან მავნებლობა და გამცემლობა.
ბატონყმობის გაუქმების შედეგადაც ხომ ბევრი „შინაყმა“ — თავისი ბუნებით მონა — კვლავ თავისი ბატონის მსახურად დარჩა იმავე საჯინიბოში, სადაც ბატონებს არაერთხელ აუწვიათ მათთვის ზურგი.
ხშირად მილაპარაკია ლენინთან რევოლუციური ტაქტიკისა და ყოფის სისასტიკეზე.
— მაშ როგორ გინდათ? — გაოცებითა და განრისხებით მეკითხებოდა იგი. — განა შეიძლება ჰუმანურობა ასეთ წარმოუდგენლად სასტიკ ჩხუბში? განა შეიძლება გულჩვილობა და სულგრძელობა? ჩვენ ბლოკადაში გვაქცევს ევროპა, მოკლებულნი ვართ ევროპის პროლეტარიატის მოსალოდნელ დახმარებას, ყოველი მხრიდან დათვივით მოძვრება კონტრრევოლუცია; ჩვენ კი როგორ მოვიქცეთ? უფლება არა გვაქვს, ვებრძოლოთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ? უკაცრავად, ბრიყვები როდი გახლავართ. ჩვენ ვიცით: რაც გვსურს, იმას ჩვენ გარდა არავინ გააკეთებს. ნუთუ გგონიათ, სხვა აზრისა რომ გახლდეთ, აქ ვიქნებოდი?
— რა საზომით ზომავთ თქვენ აუცილებელი და ზედმეტი დარტყმების რიცხვს ჩხუბის დროს? — მკითხა ერთხელ გაცხარებული საუბრის შემდეგ. ამ უბრალო კითხვაზე მხოლოდ ლირიკული პასუხის გაცემა შემეძლო. ვფიქრობ, სხვანაირი პასუხი არც მოიძებნება.
ძალიან ხშირად ვაწუხებდი სხვადასხვა თხოვნით და ზოგჯერ ვგრძნობდი, რომ ჩემი შუამდგომლობა ამა თუ იმ ადამიანის გამო ჩემდამი სიბრალულს აღუძრავდა. იგი მეკითხებოდა:
— ვერა გრძნობთ, რომ უმნიშვნელო, წვრილმანი საქმეებით ხართ გართული?
მაგრამ ვაკეთებდი იმას, რაც აუცილებლად მიმაჩნდა. იმ ადამიანის ალმაცერი, გაჯავრებული გამოხედვა, რომელმაც კარგად იცოდა პროლეტარიატის მტრების ანგარიში, ფარხმალს ვერ მაყრევინებდა. იგი მჭმუნვარედ აქნევდა თავს და მეუბნებოდა:
— სახელს იტეხთ ამხანაგების, მუშების თვალში.
მე კი მივუთითებდი, რომ „გულფიცხობასა და გაღიზიანებას აყოლილი“ ამხანაგები, მუშები ხშირად მეტად ადვილად და „უბრალოდ“ ეკიდებიან ძვირფასი ადამიანების თავისუფლებასა და სიცოცხლეს; რომ, ჩემი აზრით, ეს ზედმეტი, ზოგჯერ უაზრო სისასტიკე არა მარტო სახელს უტეხს რევოლუციის პატიოსან, ძნელ საქმეს, არამედ ობიექტურად მავნეა კიდეც მისთვის, რადგან საკმაოდ ბევრ, დიდ ძალას ჩამოაშორებს.
— ჰმ-ჰმ, — სკეპტიკურად ბუზღუნებდა ლენინი და ინტელიგენციის მიერ მუშათა საქმის ღალატის მრავალ ფაქტზე მიმითითებდა.
— ჩვენ შორის რომ დარჩეს, — ამბობდა იგი, — ბევრი ხომ გამცემლობს, ღალატს სჩადის არა მხოლოდ სილაჩრის, არამედ თავმოყვარეობის, სირცხვილის გამოც, იმის შიშის გამო, რომ პრაქტიკასთან შეჯახების დროს ზიანი არ მოუვიდეს მათ სათაყვანებელ თეორიას. ჩვენ კი ამისი არ გვეშინია, თეორია, ჰიპოთეზა ჩვენთვის რაღაც „წმიდათაწმიდა“ რამ კი არ არის, ჩვენთვის იგი სამუშაო იარაღია.
და მაინც, არ მახსოვს, ილიჩს ოდესმე უარი ეთქვას ჩემი თხოვნის შესრულებაზე. თუ რაიმე არ შესრულებულა, ეს უკვე მისი მიზეზი კი აღარ იყო, არამედ, ალბათ, „მექანიზმის ნაკლისა“, რაც ყოველთვის ესოდენ ბევრი ჰქონდა რუსეთის მოუხეშავ სახელმწიფოებრივ მანქანას; დასაშვებია, აგრეთვე, საჭირო ადამიანების ხვედრის შემსუბუქების, მათი სიცოცხლის გადარჩენის წინააღმდეგ მიმართული ვისიმე ბოროტი ზრახვაც, შესაძლოა „მავნებლობაც“. მტერი ისევე აღსავსეა ცინიზმით, როგორც ეშმაკობით. შურისგება და ბოროტება ხშირად ინერციით მოქმედებენ. და, რასაკვირველია, მოიპოვებიან პატარა და ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანებიც, რომელნიც მოყვასთა ტანჯვით ტკბობის ავადმყოფური წყურვილით არიან შეპყრობილნი.
ერთხელ ლენინმა ღიმილით მიჩვენა დეპეშა: „ისევ დამაპატიმრეს უთხარით რომ გამიშვან“.
ხელს აწერდა: ივან ვოლნი[45].
— წავიკითხე მისი წიგნი და ძალიან მომეწონა. აი, მისმა ხუთმა სიტყვამ მაგრძნობინა ადამიანი, რომელსაც ესმის შეცდომათა აუცილებლობა და არა ბრაზობს, ცოფებს არ ჰყრის პირადი განაწყენების გამო. ვგონებ, მესამედ დაუპატიმრებიათ. მოდით, ურჩიეთ, წამოვიდეს სოფლიდან, თორემ შეიძლება მოკლან კიდეც. როგორც ჩანს, არ უყვართ იქ. დეპეშა გაუგზავნეთ.
ხშირად ძალზე მაკვირვებდა ლენინის მზადყოფნა, ისეთ ადამიანებსაც დახმარებოდა, რომლებიც თავის მტრებად მიაჩნდა, და არა მარტო ეს მზადყოფნა, არამედ ამ ადამიანების მომავალზე ზრუნვაც. მაგალითად, ერთ გენერალს, მეცნიერს, ქიმიკოსს, სიკვდილი ემუქრებოდა.
— ჰმ-ჰმ, — წარმოთქვა ლენინმა, ყურადღებით რომ მოისმინა ჩემი ნაამბობი. — მაშ, თქვენი აზრით, მან არ იცოდა, რომ შვილებმა მის ლაბორატორიაში დამალეს იარაღი? აქ რაღაც რომანტიკაა. მაგრამ საჭიროა ეს ძერჟინსკიმ გაარკვიოს, მას სიმართლის მეტად მახვილი ყნოსვა აქვს.
რამდენიმე დღის შემდეგ ლენინი ტელეფონით დამელაპარაკა პეტროგრადში:
— თქვენს გენერალს გამოვუშვებთ. ვგონებ, გამოუშვეს კიდეც. რა სურს, აკეთოს?
— ჰომოემულსია…
— დიახ, დიახ — რაღაც კარბოლმჟავა! ჰოდა, ჩაუჯდეს კარბოლმჟავას. მითხარით, რა სჭირდება…
და, ადამიანის გადარჩენით გამოწვეული მორცხვი სიხარული რომ დაეფარა, ლენინი ირონიას იშველიებდა. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მკითხა:
— რასა იქმს გენერალი? მოეწყო?
1919 წელს პეტერბურგის სამზარეულოებში დადიოდა მეტად ლამაზი ქალი და ამაყად მოითხოვდა:
— მე თავადის ქალი ჩ. ვარ. მომეცით ძვლები ჩემი ძაღლებისათვის!
როგორც ამბობდნენ, მან ვეღარ აიტანა დამცირება, შიმშილი და ნევაში თავის დახრჩობა გადაწყვიტა, მაგრამ თითქოს მისმა ოთხმა ძაღლმა იგრძნო პატრონის ავი განზრახვა; უკან აედევნენ, ყმუილითა და შფოთით აიძულეს, უარი ეთქვა თვითმკვლელობაზე.
ლენინს ვუამბე ეს ლეგენდა. მან ალმაცერად ამომხედა. ჯერ მოჭუტა თვალები, შემდეგ სულ დახუჭა და მოღუშულად თქვა:
— თუ ეს გამოგონილი ამბავია, კარგად შეუთხზავთ. რევოლუციის ხუმრობაა.
გაჩუმდა, შემდეგ წამოდგა, მაგიდაზე ქაღალდების თვალიერებას შეუდგა და ჩაფიქრებით თქვა:
— მართლაც რომ დიდი გაჭირვება იგემეს ამ ადამიანებმა; ისტორია ავი დედაა და სამაგიეროს მიზღვაში არაფერს არ ერიდება. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს უჭირთ. ვინც ჭკვიანია მათ შორის, იცის, რომ ძირფესვიანად არის ამოთხრილი და მიწას კვლავ ვეღარ შეეზრდება. ხოლო ტრანსპლანტაცია, ევროპაში გადარგვა ჭკვიანებს ვერ დააკმაყოფილებს. როგორ ფიქრობთ, ხომ ვერ გაიხარებენ ისინი იქ?
— ვფიქრობ, რომ ვერა.
— მაშასადამე, ან ჩვენ გამოგვყვებიან, ან კვლავ ინტერვენციის მოწყობას შეეცდებიან.
ვკითხე: ასე მეჩვენება, თუ მას მართლაც ებრალება ადამიანები?
— ჭკვიანები მეცოდება. ჭკვიანები ცოტაა ჩვენში. ჩვენ უმთავრესად ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ზანტი გონებისა.
აქ ლენინმა გაიხსენა ზოგიერთი ამხანაგი, რომელთაც გადალახეს კლასობრივი ზოოფსიქოლოგია და „ბოლშევიკებთან“ მუშაობენ, იგი საოცრად გულთბილად ლაპარაკობდა მათზე.
გასაოცრად ძლიერი ნებისყოფის ადამიანი — ლენინი — აღჭურვილი იყო საუკეთესო რევოლუციური ინტელიგენციის დამახასიათებელი თვისებებით — თვითშეზღუდვით, რომელიც ხშირად მიდიოდა თავის დატანჯვასა და დასახიჩრებამდე, რახმეტოვის ლურსმნებამდე, ხელოვნების უარყოფამდე, ანდრეევის ერთი გმირის ლოგიკამდე:
„ადამიანები ცუდად ცხოვრობენ — მაშასადამე, მეც ცუდად უნდა ვცხოვრობდე“.
შიმშილობის მძიმე, 1919 წელს ლენინს რცხვენოდა ამხანაგების, ჯარისკაცებისა და პროვინციებიდან გლეხების მიერ გამოგზავნილი პროდუქტების ჭამისა. როდესაც მის მოუწყობელ ბინაში ამანათები მოჰქონდათ, იღუშებოდა, დარცხვენილი იყო და საჩქაროდ ურიგებდა ფქვილს, შაქარს, კარაქს ავადმყოფ ან უჭმელობისაგან დასუსტებულ ამხანაგებს. ერთხელ სადილზე დამპატიჟა და მითხრა:
— შებოლილი თევზით გაგიმასპინძლდებით. ასტრახანიდან გამომიგზავნეს.
სოკრატეს შუბლი შეიჭმუხნა, ყოვლისმხილველი თვალებით ირიბად გაიხედა განზე და დაუმატა:
— მიგზავნიან, თითქოს ბატონი ვიყო! როგორ უნდა დააღწიო კაცმა თავი ამას? უარი უთხრა, არ მიიღო — ეწყინებათ. ირგვლივ კი ყველა შიმშილობს.
მცირედითაც კმაყოფილი, ღვინოს, თამბაქოს შეუჩვეველი, დილიდან საღამომდე ძნელი, მძიმე მუშაობით გართული, სრულებით არ ზრუნავდა საკუთარ თავზე, მაგრამ ფხიზლად ადევნებდა თვალს ამხანაგების ცხოვრებას. აი, მაგიდას უზის თავის სამუშაო კაბინეტში, სწრაფად წერს და თავაუღებლად გეუბნებათ:
— გამარჯობა, როგორა ხართ? ახლავე დავამთავრებ, ერთ ამხანაგს წერილს ვწერ პროვინციაში; მოწყენილია, ალბათ, მოიქანცა. უნდა გავამხნეოთ. განწყობილება მცირე რამეს არ ნიშნავს!
ერთხელ მოსკოვში ვეწვიე. მეუბნება:
— ისადილეთ?
— დიახ.
— ხომ არ იგონებთ?
— მოწმეები მყავს, კრემლის სასადილოში ვისადილე.
— ამბობენ, იქ საძაგელ კერძებს ამზადებენო.
— საძაგელს არა, მაგრამ უკეთ გაკეთება შეიძლება.
მან მაშინვე დაწვრილებით გამომკითხა, რატომ არის ცუდი, როგორ შეიძლება გაუმჯობესება.
და მოჰყვა გაჯავრებით ბუზღუნს:
— რა დაემართათ, ნუთუ კარგი მზარეული ვერ მოუნახავთ? ხალხი დარეტიანებამდე მუშაობს, გემრიელი საჭმლით უნდა ჰკვებავდნენ, რომ მეტი ჭამონ. ვიცი, პროდუქტები ცოტაა და ცუდი. ამიტომაც დახელოვნებული მზარეულია საჭირო. — და ლენინმა წაიკითხა რომელიღაც ჰიგიენისტის ციტატები, თუ რა როლს ასრულებს გემრიელი საკაზმი კვებისა და საჭმლის მონელების პროცესში. ვკითხე:
— როგორღა ასწრებთ ასეთ საგნებზე ფიქრს?
მანაც მკითხა:
— რაციონალურ კვებაზე?
და თავისი სიტყვების ტონით მაგრძნობინა, რომ ჩემი შეკითხვა უადგილო იყო.
ჩემი ძველი ნაცნობი, ისიც სორმოველი, გულკეთილი კაცი პ. ა. სკოროხოდოვი[46] ჩეკაში მუშაობის სიძნელეს უჩიოდა.
ვუთხარი:
— მეც ვფიქრობ, რომ ეს თქვენი საქმე არ არის, თქვენს ხასიათს არ შეჰფერის.
სევდიანად დამეთანხმა:
— სრულებით არ შეჰფერის ჩემს ხასიათს.
შემდეგ დაფიქრდა და მითხრა:
— მაგრამ როცა გავიხსენებ, რომ, ალბათ, ილიჩიც ხშირად იძულებულია, თავის გრძნობებს არ აჰყვეს, ჩემი სისუსტისა მრცხვენია.
მე ვიცნობდი და ვიცნობ ბევრ მუშას, რომლებიც იძულებულნი იყვნენ და არიან, კბილი კბილს დააჭირონ და „თავიანთ გრძნობებს არ აჰყვნენ“, ძალდატანებით შეზღუდონ თავიანთი ორგანული „სოციალური იდეალიზმი“ იმ საქმის გამარჯვების გულისათვის, რომელსაც ემსახურებიან. ჰქონია თუ არა ლენინს შემთხვევა, რომ „საკუთარ გრძნობებს არ აჰყოლოდა“?
იგი ძალიან ცოტა ყურადღებას აქცევდა თავის თავს. საკუთარ თავზე სხვებთანაც არ უყვარდა ლაპარაკი. ლენინს ყველაზე უკეთ შეეძლო საკუთარ სულსა და გულში დატრიალებული იდუმალი გრიგალების დაფარვა, მაგრამ, ერთხელ, გორკაში, ვიღაცის ბავშვებს რომ ეფერებოდა, თქვა:
— ესენი ჩვენზე უკეთ იცხოვრებენ; აღარ გამოცდიან ბევრ რამეს, რაც ჩვენ განგვიცდია. მათი ცხოვრება ნაკლებად მკაცრი იქნება.
მან გახედა შორს, ბორცვებში მკვიდრად ჩამჯდარ სოფელს და ფიქრიანად დაუმატა:
— მაგრამ მაინც არ მშურს მათი. ჩვენმა თაობამ შეძლო საოცარი ისტორიული მნიშვნელობის საქმის გაკეთება. პირობებით გამოწვეულ ჩვენი ცხოვრების სისასტიკეს სათანადოდ გაიგებენ და გაამართლებენ. ყველაფერს გაიგებენ, ყველაფერს!
ბავშვებს ფრთხილად, რაღაც განსაკუთრებით ფრთხილად და მოკრძალებით ეფერებოდა.
ერთხელ მასთან შევიარე და ვხედავ, მაგიდაზე დევს „ომისა და მშვიდობის“ ტომი.
— დიახ, ტოლსტოი! ნადირობის სცენის წაკითხვა მომინდა, მაგრამ მომაგონდა, რომ ამხანაგს წერილი უნდა მივწერო. კითხვის დრო სრულებით არ მრჩება. მხოლოდ წუხელ წავიკითხე თქვენი წიგნი ტოლსტოიზე. გაიღიმა, თვალები მოჭუტა, სავარძელში სიამოვნებით გაიჭიმა და ხმადაბლა, აჩქარებით განაგრძო:
— რამოდენა გოლიათია, ა? რა ბუმბერაზი ადამიანია! აი, გეთაყვა, მხატვარი… და იცით, კიდევ რა არის საოცარი? ამ გრაფამდე ნამდვილი „მუჟიკი“ ლიტერატურაში არ გვყოლია. შემდეგ თვალებმოჭუტულმა შემომხედა და მკითხა:
— ევროპაში ვინ შეიძლება მის გვერდით დადგეს?
თვითონვე უპასუხა:
— არავინ.
ხელები მოიფშვნიტა და კმაყოფილებით გაიცინა.
მასში ხშირად შემიმჩნევია სიამაყის გრძნობა რუსეთის, რუსების, რუსული ხელოვნების გამო. ხანდახან ეს გრძნობა ლენინისათვის საოცრად უცხოდ და გულუბრყვილოდაც კი მეჩვენებოდა. მაგრამ შემდეგ მასში აღმოვაჩინე მშრომელი ხალხისადმი ღრმად დაფარული, ბედნიერი სიყვარულის გამოძახილი.
კაპრიზე მეთევზეებს რომ აკვირდებოდა, რომლებიც ფრთხილად შლიდნენ ზვიგენის მიერ დაწყვეტილ, დაბურდულ ბადეებს, მან თქვა:
— ჩვენები უფრო მარჯვედ მუშაობენ.
ხოლო როდესაც ამ საგანზე ეჭვი გამოვთქვი, წყენით მითხრა:
— ჰმ-ჰმ, ხომ არ დაგავიწყათ რუსეთი აქაურობამ?
ვ. დესნიცკი-სტროევმა მაცნობა, რომ ერთხელ შვედეთში მატარებლით მგზავრობდა ლენინთან ერთად. ვაგონში ისინი ათვალიერებდნენ გერმანულ მონოგრაფიას დიურერზე. კუპეში მყოფმა გერმანელმა მგზავრებმა ჰკითხეს, რა წიგნს ათვალიერებთო. გამოირკვა, რომ მათ არაფერი სმენოდათ თავიანთ დიდ მხატვარზე. ამან თითქმის აღაფრთოვანა ლენინი და სიამაყით ორჯერ გაუმეორა დესნიცკის:
— ისინი თავისიანებს არ იცნობენ. ჩვენ კი ვიცნობთ მათ.
ერთ საღამოს ლენინმა მოსკოვში ე. პეშკოვას[47] ბინაზე მოისმინა ბეთჰოვენის სონატები ისაი დობროვეინის შესრულებით და თქვა:
— არაფერი მეგულება “Apassionata”-ზე უკეთესი და მზადა ვარ, ყოველდღე მოვისმინო. საოცარი, უჩვეულო მუსიკაა, ყოველთვის სიამაყით — შესაძლოა, გულუბრყვილოდ — ვფიქრობ: აი, რა სასწაულების მოხდენა შეუძლიათ ადამიანებს!
მან თვალები მოჭუტა, გაიღიმა და მოწყენით დაუმატა:
— მაგრამ მუსიკის ხშირად მოსმენა არ შემიძლია — ნერვებზე მოქმედებს, ბრიყვული ლაპარაკის გუნებაზე მაყენებს; იმის სურვილს აღმიძრავს, თავზე ხელი გადავუსვა ადამიანებს, ვისაც საზიზღარ ჯოჯოხეთურ პირობებში ასეთი მშვენიერების შექმნა შეუძლია. დღეს კი არავისათვის თავზე ხელის გადასმა არ შეიძლება — ხელს მოგაჭამენ. საჭიროა, თავში ურტყა, შეუბრალებლად სცემო, თუმცა ჩვენ, ჩვენი იდეალის მიხედვით, ადამიანებზე ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგნი ვართ. ჰმ-ჰმ, — ჯოჯოხეთურად ძნელია ასეთი თანამდებობა!
ძალზე მოქანცული და უკვე თითქმის ავადმყოფი ლენინი 1921 წლის 9. VIII-ს მწერდა:
ა. მ.!
თქვენი წერილი ლ. ბ. კამენევს გადავუგზავნე. ისე მოვიქანცე, არაფერი შემიძლია. თქვენ სისხლს ახველებთ და მაინც არ მიემგზავრებით!! ეს ხომ უსინდისობაა და უგუნურებაც! ევროპის ჩინებულ სანატორიუმში კიდეც იმკურნალებდით და სამჯერ მეტ საქმესაც გააკეთებდით. მერწმუნეთ, ჩვენში ვერც იმკურნალებთ, ვერც რამეს გააკეთებთ; აქ მხოლოდ ფაციფუცია, ფუჭი ფაციფუცი. გაემგზავრეთ, განიკურნეთ. გთხოვთ, ნუ ჯიუტობთ.
თქვენი ლ ე ნ ი ნ ი
ერთ წელიწადზე მეტ ხანს საოცარი დაჟინებით მოითხოვდა, რუსეთიდან გავმგზავრებულიყავი. და მაოცებდა: როგორ ახსოვს სულ ერთიანად მუშაობაში ჩაფლულ კაცს, რომ სადღაც ვიღაც ავად არის, დასვენება სჭირდება?
ასეთი წერილები, ზემოთ რომ მოვიყვანე, მას, ალბათ, ათეულობით მიუწერია სხვადასხვა ადამიანისათვის.
ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ამხანაგებისადმი, მათდამი გამოჩენილ ყურადღებაზე. არასოდეს გამორჩებოდა ხოლმე მათი ცხოვრების უსიამოვნო წვრილმანებიც კი. მაგრამ ამ გრძნობაში არასოდეს შემიმჩნევია ის ანგარებითი მზრუნველობა, რაც ხანდახან ისე ახასიათებს ჭკვიან მეპატრონეს პატიოსანი და მარჯვე მუშაკების მიმართ.
არა, ეს იყო სწორედ ჭეშმარიტი ამხანაგის ნამდვილი გულითადი ყურადღება, ტოლისადმი ტოლის სიყვარულის გრძნობა. მე ვიცი, რომ ვლადიმერ ლენინსა და მისი პარტიის უდიდეს ადამიანთა შორის არ შეიძლება ტოლფასოვნობის ნიშნის დასმა, მაგრამ მას თითქოს არ ესმოდა ეს, უფრო სწორად — არ უნდოდა ამის გაგება. ადამიანებთან კამათის დროს იგი უკმეხი იყო, დაუნდობლად დასცინოდა, ხანდახან გესლიანად აბიაბრუებდა მათ — ყოველივე ეს მართალია.
მაგრამ იმ ადამიანებზე მსჯელობისას, რომელთაც იგი გუშინ ჯვარს აცვამდა და „ტყავს აძრობდა“, რამდენჯერ სავსებით გარკვევით შემინიშნავს გულწრფელი გაკვირვების კილო მათი ნიჭიერებისა და მორალური სიმტკიცის გამო, 1918-1921 წლების ჯოჯოხეთურ პირობებში მათი შეუდრეკელი და მძიმე მუშაობის გამო, ყველა ქვეყნისა და პარტიის ჯაშუშებით გარემოცვის, ჩვენი ქვეყნის ომისაგან გამოფიტულ სხეულზე დამპალი იარებივით გაჩენილ შეთქმულებათა პირობებში მუშაობის გამო. მუშაობდნენ შეუსვენებლივ. ჭამდნენ ცოტას და ცუდად, ცხოვრობდნენ განუწყვეტელი მღელვარების პირობებში.
მაგრამ თვითონ თითქოს არ განიცდიდა სამოქალაქო ომის სისხლიანი ქარიშხლით ძირფესვიანად აფორიაქებული ცხოვრების ამ პირობებისა და მღელვარების სიმძიმეს. მხოლოდ ერთხელ, როგორც მ. ანდრეევა გადმოგვცემს, მასთან საუბარში წამოსცდა საყვედურის მსგავსი რამ:
— რა ვქნათ, ძვირფასო მარია თევდორეს ასულო! საჭიროა ბრძოლა. ეს აუცილებელია! გვიჭირს? რასაკვირველია! გგონიათ, მე არ მიჭირს ხოლმე ზოგჯერ? მიჭირს და მერე როგორ! მაგრამ შეხედეთ ძერჟინსკის, რას დაემსგავსა! რას იზამ! ისევ ისა ჯობს, გვიჭირდეს, ოღონდ კი ჩვენ წინაშე მდგომი სიძნელეები დავძლიოთ!
პირადად მე მხოლოდ ერთხელ მსმენია მისი ჩივილი:
— დასანანია — მარტოვი ჩვენთან არ არის, ძალიან დასანანია! რა გასაოცარი ამხანაგია, რა სპეტაკი კაცია!
მაგონდება, როგორ მხიარულად და დიდხანს ხარხარებდა ლენინი, როცა სადღაც მარტოვის სიტყვები ამოიკითხა: „რუსეთში მხოლოდ ორი კომუნისტია: ლენინი და კოლონტაი“.
სიცილით გული რომ იჯერა, ამოიოხრა და თქვა:
— რა ჭკვიანი კაცია! ეჰ…
სწორედ პატივისცემითა და გაოცებით თქვა ერთ „სამეურნეო დარგში მომუშავე“ ამხანაგზე, როცა იგი კაბინეტიდან გააცილა:
— დიდი ხანია მას იცნობთ? ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარედ გამოდგებოდა.
და ხელების ფშვნეტითა და სიცილით დაუმატა:
— ევროპა ჩვენსავით მდიდარი როდია ნიჭიერი ადამიანებით.
ვუთხარი, მთავარ საარტილერიო სამმართველოში წამოსულიყო და იქ თვითმფრინავებისათვის ცეცხლის დაშენის მომწესრიგებელი აპარატი ენახა. ეს აპარატი ერთმა ბოლშევიკმა — ყოფილმა არტილერისტმა — გამოიგონა.
— რა გამეგება მაგ საქმისა? — მკითხა მან, მაგრამ მაინც წამოვიდა. ბინდით მოცულ ოთახში, მაგიდის გარშემო, რომელზედაც აპარატი იდგა, თავი მოეყარა სახემოღუშულ, ულვაშიან, ჭაღარა შვიდ გენერალს — სწავლულ ადამიანებს. ლენინის სამოქალაქო ტანსაცმლიანი სადა ფიგურა მათ შორის თითქოს დაიკარგა, შეუმჩნეველი გახდა. გამომგონებელმა დაიწყო აპარატის კონსტრუქციის ახსნა. ლენინმა უსმინა მას ორი-სამი წუთი და მოწონებით თქვა:
— ჰმ-ჰმ! — და ისე თავისუფლად დაუწყო გამოკითხვა გამომგონებელს, თითქოს პოლიტიკის საკითხებში ცდისო:
— როგორ მიაღწიეთ ერთსა და იმავე დროს იმ მექანიზმის ორმაგ მუშაობას, რომელიც დამიზნების წერტილს განსაზღვრავს? ხომ არ შეიძლება, ქვემეხის ლულათა დანადგარი ავტომატურად დაუკავშირდეს აპარატის მონაცემებს?
ეკითხებოდა დაზიანების სივრცის სიდიდეზე და კიდევ სხვა რამეებს. გამომგონებელი და გენერლები ხალისიანად პასუხობდნენ. მეორე დღეს გამომგონებელი მომითხრობდა:
— ჩემს გენერლებს ვუთხარი, რომ გვეწვეოდით თქვენ და ერთი ამხანაგი, მაგრამ ის კი აღარ ვთქვი, ვინ იქნებოდა ეს ამხანაგი. მათ ვერ იცნეს ილიჩი, ალბათ, ვერც წარმოედგინათ, რომ ლენინი უხმაუროდ, ზარ-ზეიმისა და მცველების გარეშე მოვიდოდა. მეკითხებიან: ვინ იყო — ტექნიკოსი, პროფესორი? ლენინიო? ძალიან გაოცდნენ — ნუთუ? არა ჰგავს! და — კეთილი ინებეთ! — საიდან იცის ჩვენი მთელი ეს სიბრძნე? ტექნიკაში კარგად გარკვეული კაცივით გვეკითხებოდა. ეს მისტიფიკაციაა! ვგონებ, არც კი დაიჯერეს, რომ მათ სწორედ ლენინი ეწვიათ…
ხოლო ლენინი, როცა არტილერიის მთავარი სამმართველოდან უკან ვბრუნდებოდით, გულიანად იცინოდა და გამომგონებლებზე ლაპარაკობდა:
— აი, თურმე, როგორ ადვილად შეიძლება შეცდე ადამიანის შეფასებისას! მე ვიცოდი, რომ იგი ძველი პატიოსანი ამხანაგია, მაგრამ მათ რიცხვს ეკუთვნის, ვინც ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს. იგი კი თურმე სწორედ ამისათვის ვარგებულა. ყოჩაღ! არა, ხომ დაინახეთ, როგორ შემომიღრინეს გენერლებმა, როცა აპარატის პრაქტიკულ ღირებულებაზე ეჭვი გამოვთქვი! ეს კი განგებ გავაკეთე — იმის გაგება მსურდა, როგორ აფასებენ სწორედ ისინი ამ გონივრულ აპარატს.
გულიანად გაიცინა, შემდეგ მკითხა:
— თქვენ ამბობთ, რომ ი-ს სხვა გამოგონებაც აქვს? საჭიროა, მხოლოდ ამ საქმეზე მუშაობდეს. ეჰ, ნეტავ იმის საშუალება მოგვცა, ყველა ტექნიკოსს მისთვის საჭირო მუშაობის იდეალური პირობები შევუქმნათ! ოცდახუთი წლის შემდეგ რუსეთი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად გადაიქცეოდა.
დიახ, ამხანაგების ქება ხშირად მსმენია მისგან. მათაც კი, ვინც — როგორც ამბობდნენ — მის პირად სიმპათიას ვერ იმსახურებდა, ლენინი ყოველთვის მიუზღავდა ხოლმე კუთვნილს მათი ენერგიის გამო.
ძალიან გამაოცა მის მიერ ლ. ტროცკის ორგანიზატორული ნიჭის მაღალმა შეფასებამ. ვლადიმერ ილიას ძემ შემამჩნია ეს გაოცება.
— ვიცი, რაღაცას ჭორაობენ ჩემს ურთიერთობაზე მასთან. მაგრამ რაც არის — არის, და რაც არ არის — არ არის, ესეც კარგად ვიცი. მან შეძლო სამხედრო სპეცთა ორგანიზება.
იყუჩა. შემდეგ წყნარად და უხალისოდ დაუმატა:
— მაგრამ ჩვენი მაინც არ არის! ჩვენთან არის, მაგრამ — ჩვენი არ არის! პატივმოყვარეა. არის მასში რაღაც ცუდი, ლასალისეული[48].
ეს სიტყვები — „ჩვენთან არის, მაგრამ ჩვენი არ არის“ — მეორედაც გავიგონე მისგან. ამჟამად ისინი შეეხებოდა ასევე გამოჩენილ ადამიანს. იგი მალე გარდაიცვალა ვლადიმერ ილიას ძის შემდეგ. ვლადიმერ ილიას ძე ძალიან კარგად ცნობდა ადამიანებს. ერთხელ, მის კაბინეტში შესვლისას, წავაწყდი ერთ კაცს, რომელიც კარისკენ ზურგით იხევდა და ემშვიდობებოდა ვლადიმერ ილიას ძეს, ლენინი კი არც უყურებდა, წერით იყო გართული.
— იცნობთ მაგას? — მკითხა და კარისკენ მიმითითა.
ვუთხარი, ორჯერ მიმიმართავს მისთვის „მსოფლიო ლიტერატურის“ საქმეების გამო-მეთქი.
— მერე, რაო?
— შემიძლია გითხრათ: უცოდინარი და უხეში კაცია.
— ჰმ-ჰმ… ვიღაც მლიქვნელია. შეიძლება გაიძვერაც იყოს. თუმცა პირველად ვხედავ. და, შესაძლოა, ვცდებოდე.
არა. ვლადიმერ ილიას ძე არ შემცდარა: რამდენიმე თვის შემდეგ ამ კაცმა სავსებით გაამართლა ლენინის დახასიათება.
ლენინი ბევრს ფიქრობდა ადამიანებზე, შეწუხებული იყო იმით, რომ, როგორც მან თქვა:
— ჩვენი აპარატი ჭრელია; ოქტომბრის შემდეგ მასში ბევრი უცხო ადამიანი შეიპარა. ეს თქვენი პატიოსანი, საყვარელი ინტელიგენციის წყალობით მოხდა, ეს მისი საზიზღარი საბოტაჟის შედეგია, დიახ!
ეს გორკაში ჩემთან ერთად სეირნობის დროს თქვა. აღარ მახსოვს, რატომ ჩამოვაგდე სიტყვა ალექსინსკიზე[49]; ვგონებ, მან იმ დროს რაღაც სისაძაგლე ჩაიდინა.
— წარმოიდგინეთ: პირველი შეხვედრისთანავე აღმეძრა წმინდა ფიზიკური, დაუძლეველი ზიზღი მისადმი. ჩემში არასოდეს არ გამოუწვევია ვინმეს ასეთი გრძნობა. ერთადაც გვიმუშავია, ყოველმხრივ ვიკავებდი თავს; უხერხული იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამ გადაგვარებულის ატანა არ შემეძლო!
გაოცებით აიჩეჩა მხრები და თქვა:
— მაგრამ არამზადა მალინოვსკი[50] კი ვერ გამოვიცანი. ძალიან ბნელი საქმეა ეს მალინოვსკი…
მისი დამოკიდებულება ჩემდამი მკაცრი მასწავლებლისა და კეთილი „მზრუნველი მეგობრის“ დამოკიდებულება იყო.
— გამოუცნობი ადამიანი ხართ, — მითხრა ხუმრობით, — ლიტერატურაში თითქოს კარგი რეალისტი ბრძანდებით, ადამიანებთან დამოკიდებულებაში კი — რომანტიკოსი. თქვენთვის ყველანი ისტორიის მსხვერპლნი არიან? ჩვენ ვიცით ისტორია და ასე მივმართავთ მსხვერპლთ: დაამხეთ სამსხვერპლოები, დაანგრიეთ ტაძრები, ძირს ღმერთები! თქვენ კი გსურთ, დამარწმუნოთ, მუშათა კლასის მებრძოლი პარტია ვალდებულია, პირველყოვლისა, ჩინებულად მოაწყოს ინტელიგენტები.
შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, ჩემი აზრით, ვლადიმერ ილიას ძეს სიამოვნებდა ჩემთან საუბარი. იგი თითქმის ყოველთვის მეუბნებოდა: ჩამოხვალთ თუ არა, დამირეკეთ. შევხვდეთ ერთმანეთს.
ხოლო ერთხელ მითხრა:
— თქვენთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. თქვენ მრავალგვარი და მდიდარი შთაბეჭდილებები გაქვთ.
მეკითხებოდა ინტელიგენციის განწყობილებაზე. განსაკუთრებული ყურადღებით მეკითხებოდა მეცნიერებზე, — მე ხომ იმ დროს ა. ხალატოვთან[51] ერთად „მეცნიერთა ყოფაცხოვრების გაუმჯობესების კომისიაში“ ვმუშაობდი. აინტერესებდა პროლეტარული ლიტერატურა:
— რას მოელით მისგან?
ვუპასუხე, რომ ბევრ რამეს მოველი. მაგრამ სრულიად აუცილებლად მიმაჩნია ლიტერატურის უმაღლესი სასწავლებლის მოწყობა, რომელსაც ექნება ენათმცნიერების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის უცხო ენების, ფოლკლორის, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის, ცალკე კი — რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრები.
— ჰმ-ჰმ, — ამბობდა იგი, თვალებს ჭუტავდა და ხარხარებდა. — ფართო და ბრწყინვალე გეგმაა! ფართო რომ არის, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ბრწყინვალებისა კი რა მოგახსენო, ა? ამ დარგის პროფესორები ჩვენ არა გვყავს, ბურჟუაზიული პროფესორები კი ისეთ ისტორიის წაგვიკითხავენ, რომ… არა, ახლა ამ საქმეს თავს ვერ მოვაბამთ, სამი-ხუთიოდე წელიწადი უნდა მოვიცადოთ.
და ჩივილით თქვა:
— სულ აღარ მრჩება კითხვის დრო!
დაჟინებით და ხაზგასმით, არაერთხელ აღუნიშნავს დემიან ბედნის მუშაობის სააგიტაციო მნიშვნელობა, მაგრამ, ამასთანავე, ამბობდა:
— ცოტა უხეშია. მკითხველს უკან მიჰყვება, მაშინ როდესაც ცოტათი უნდა უსწრებდეს.
მაიაკოვსკის უნდობლად და გაღიზიანებითაც კი ეკიდებოდა:
— ყვირის, რაღაც დაგრეხილ სიტყვებს იგონებს. ყოველივე, რასაც წერს, ჩემი აზრით, ის არ არის, რაც საჭიროა, თანაც ძნელი გასაგებია. ყველაფერი გაფანტული აქვს და ძნელად იკითხება. ნიჭიერია? ფრიად ნიჭიერიც კი? ჰმ-ჰმ, ვნახოთ! როგორ ფიქრობთ, ბევრი ლექსი არ იწერება ახლა? ჟურნალების მთელი გვერდები ლექსებს უჭირავს; კრებულებიც გამოდის თითქმის ყოველდღიურად.
ვუთხარი, რომ ახალგაზრდობის სწრაფვა სიმღერისაკენ ბუნებრივი მოვლენაა ჩვენი დროისათვის, და რომ, ჩემი აზრით, საშუალო ღირებულების ლექსების წერა კარგი პროზის შექმნაზე ადვილია; ლექსების წერას დროც ნაკლები სჭირდება, თანაც ჩვენ ლექსთაწყობის ტექნიკის ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს.
— ლექსი რომ პროზაზე ადვილად იწერებოდეს, ეს არა მჯერა! ვერ წარმომიდგენია. თუ გინდათ, ტყავიც გამაძრეთ, ორ სტრიქონსაც კი ვერ დავწერ, — თქვა მან და მოიღუშა. — მასებში უნდა შევიტანოთ მთელი ძველი რევოლუციური ლიტერატურა, რაც კი ჩვენში და ევროპაში მოიპოვება.
ლენინი იყო რუსი ადამიანი, დიდხანს რომ ცხოვრობდა რუსეთის გარეთ და ყურადღებით ათვალიერებდა თავის ქვეყანას, რომელიც შორიდან უფრო ლამაზი და ნათელი ჩანდა. მან მართებულად შეაფასა რუსეთის პოტენციური ძალა — ხალხის განსაკუთრებული ნიჭიერება, რომელიც ჯერ კიდევ სუსტად იყო გამოხატული და მძიმე და მოსაწყენ ისტორიას ჯერ არ აემოძრავებინა, მაგრამ ოქროს ვარსკვლავებად ბრწყინავდა ყველგან, ფანტასტიკური რუსული ცხოვრების შავ ფონზე.
ვლადიმერ ლენინი, — ამა ქვეყნის დიდი, ჭეშმარიტი ადამიანი, — გარდაიცვალა. ეს სიკვდილი მძიმე ლახვარივით მოხვდა იმ ადამიანთა გულებს, ვინც მას იცნობდა!
მაგრამ სიკვდილის შავი ხაზი მთელი ქვეყნის თვალში კიდევ უფრო მკვეთრად გამოყოფს მის მნიშვნელობას, — მსოფლიოს მშრომელი ხალხის ბელადის მნიშვნელობას.
და მისადმი სიძულვილის, მისი სახელის გარშემო შექმნილი სიცრუისა და ცილისწამების ღრუბლები უფრო სქელიც რომ იყოს, სულ ერთია: არ არსებობს ისეთი ძალები, რომელთაც შეეძლოთ გონებადაკარგული სამყაროს მხუთვარე წყვდიადში ლენინის მიერ აღმართული ჩირაღდნის ჩაქრობა.
და ჯერ არ ყოფილა ადამიანი, ვისაც მასავით ნამდვილად დაემსახურებინოს ქვეყანაზე საუკუნო ხსოვნა.
ვლადიმერ ლენინი გარდაიცვალა. მისი გონებისა და ნებისყოფის მემკვიდრენი ცოცხლობენ. ცოცხლობენ და ისე წარმატებით მუშაობენ, როგორც არავის არასოდეს და არსად არ უმუშავია მთელ მსოფლიოში.
მთარგმნელი: გიორგი მერკვილაძე
ტექსტი ქვეყნდება შემდეგი გამოცემის მიხედვით: მაქსიმ გორკი. პორტრეტები. თბილისი, “ნაკადული”, 1988.
რედაქციის კომენტარები
[1] ეკლესიასტე, თავი 1, ლექსი 18.
[2] ეს სიტყვები, იმისდა მიუხედავად, ნაგულისხმევი აქვს გორკის თუ არა, უნებლიეთ გვახსენებს „ლენინის“ ანდერძს, რომელშიც იგი ბოლშევიკ ლიდერებს (სტალინს, ტროცკის, ზინოვიევს, კამენევს, ბუხარინსა და სხვებს) ახასიათებს და კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოსთვის მათი პიროვნული თვისებებიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს. იხ. ვადიმ როგოვინი. „ქართული ინციდენტი“ და „დერჟიმორდას რეჟიმი“. კომენტარი II.
[3] იგულისხმება მოგონებების პირველი ვარიანტი, რომელიც გორკიმ 1924 წელს დაწერა. 1930 წელს, ტექსტის ხელახალი გამოცემისთვის, მწერალმა იგი გადაამუშავა და განავრცო.
[4] ლონდონის ყრილობა –– რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) მეხუთე ყრილობა 1907 წლის 30 აპრილიდან 19 მაისამდე მიმდინარეობდა ლონდონში. მასში რუსეთის სოციალ-დემოკრატიის სხვადასხვა ფრაქცია და ჯგუფი მონაწილეობდა: მენშევიკები, ბოლშევიკები, აღმოსავლეთ ევროპის ებრაელთა სოციალისტური პარტია — ბუნდი, პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის სოციალ-დემოკრატია, ლატვიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია. მაქსიმ გორკი ყრილობას ხმის უფლების მქონე დელეგატად ესწრებოდა.
[5] სინამდვილეში, კ. პიატნიცკის (იხ. კომ. XI) თანახმად, გორკი ლენინს პირველად შეხვდა 1905 წლის 27 ნოემბერს, პეტერბურგში გამართულ რსდმპ-ის სხდომაზე, რომელზეც შეიარაღებული აჯანყებისა და პარტიული გამოცემების „Новая жизнь“ („ახალი ცხოვრება“) და „Борьба“ („ბრძოლა“) საკითხები განიხილებოდა. ამ ცნობის სისწორე თავად გორკიმაც დაადასტურა: „მე და ვ. ა. დესნიცკის ლ. ბ. კრასინმა მოსკოვიდან [პეტერბურგში] მოგვიხმო, ჩვენ ვლ. ილიჩს, პ. პ. რუმიანცევსა და კრასინს ვუამბეთ მოსკოველი მუშების განწყობებზე. მაგრამ მე მაღალი ტემპერატურით ჩამოვედი და იმდენად ბუნდოვნად მახსოვს ის, რაც სხდომაზე ხდებოდა, რომ ვლ. ილიჩზე დაწერილ ჩემს მოგონებებში ამის შესახებ აღარ მოვყევი“.
[6] ივან ლადიჟნიკოვი (1874-1945) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, გამომცემელი და რედაქტორი. 1890-იანი წლების დასაწყისიდან მონაწილეობდა მარქსისტულ წრეებში. 1898 წელს გაიცნო მ. გორკი, ამ პერიოდშივე გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. რსდმპ-ის გახლეჩის შემდეგ მხარს უჭერდა ბოლშევიკებს. 1905 წელს, რსდმპ-ის ცკ-ის დავალებით, ჟენევაში დააარსა გამომცემლობა „დემოსი“, რომელიც მოგვიანებით, „ივან ლაჟეჩნიკოვის გამომცემლობის“ სახელით, ბერლინში გადაიტანა. იყო რსდმპ-ის ცკ-ის სამეურნეო კომისიის წევრი. 1913 წელს, გამომცემლობის ლიკვიდაციის შემდეგ, იგი რუსეთში დაბრუნდა და გორკისთან ერთად გამომცემლობა „Парус”-ში („აფრა“) მუშაობდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ თანამშრომლობდა გაზეთთან „Новая жизнь“ („ახალი ცხოვრება“), შედიოდა გამომცემლობა „Мировая литература“-ს („მსოფლიო ლიტერატურა“) რედკოლეგიაში. 1921 წლიდან მუშაობდა ბერლინში, საგამომცემლო სააქციო საზოგადოებაში „წიგნი“. 20-იანი წლების შუაგულს დაბრუნდა რუსეთში. 1937 წელს მონაწილეობა მიიღო მ. გორკის არქივის დაარსებაში, იყო არქივის მეცნიერ-მდივანი.
[7] თომა ურალსკის (Фома Уральский) ზედმეტსახელით გორკი შეცდომით მოიხსენიებს ალექსანდრ სმირნოვს, რომელიც ყრილობაზე თომა პიტერელის (Фома Питерский) ფსევდონიმით ფიგურირებდა. ალექსანდრ სმირნოვი (1877-1938) — რუსი რევოლუციონერი, ბოლშევიკი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. დაიბადა ღარიბი გლეხების ოჯახში. 1894 წელს ტვერში, სავა მოროზოვის ფაბრიკაში დასაქმდა. 1895 წელს სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც ტექსტილის ქარხანაში განაგრძო მუშაობა. 1896 წელს მონაწილეობდა ფეიქრების გაფიცვაში, ამავე პერიოდში შეუერთდა „მუშათა კლასის გათავისუფლებისთვის ბრძოლის კავშირს“, რომლის წევრობის გამოც 1898 წელს დააპატიმრეს და ტვერში გადაასახლეს. გადასახლებაში აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას. 1903 წლის აგვისტოდან 1904 წლის ოქტომბრამდე პატიმრობაში იმყოფებოდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1905-1907 წლების რევოლუციურ მოვლენებში ტვერსა და პეტერბურგში. ესწრებოდა პარტიის IV და V ყრილობებს პეტერბურგის ორგანიზაციის დელეგატად. იყო ბოლშევიკური პარტიის ცკ-ის წევრი. 1910-1914 წლები გადასახლებაში გაატარა. 1914-1917 წლებში იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკავა საპასუხისმგებლო პარტიული და სახელმწიფო თანამდებობები. შეეწირა 30-იანი წლების რეპრესიებს.
[8] პაულ ზინგერი (1844-1911) — გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის თავმჯდომარე (ა. ბებელთან ერთად) 1890-1911 წლებში. ფაბრიკანტი.
[9] Mahlzeit (გერმ). — გაამოთ.
[10] ალექსანდრ პარვუსი (ნამდვილი სახელი: იზრაელ ჰელფანდი) (1867-1924) — საერთაშორისო მუშათა მოძრაობის, რუსეთისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიების გამოჩენილი მოღვაწე, პუბლიცისტი და მარქსიზმის თეორეტიკოსი. სოციალ-დემოკრატიაში რევიზიონისტული და რეფორმისტული ტენდენციების მომძლავრების პერიოდში იცავდა რევოლუციური მარქსიზმის პრინციპებს. თანამშრომლობდა ლენინის პერიოდის „ისკრასთან“. რსდმპ-ის გახლეჩის შემდეგ მხარს უჭერდა მენშევიკებს, თუმცა მოგვიანებით ჩამოშორდა მათ და ლევ ტროცკის დაუხლოვდა. დიდი გავლენა იქონია ამ უკანასკნელის იდეურ განვითარებაზე — სწორედ პარვუსის სახელს უკავშირდება პერმანენტული რევოლუციის მარქსისტული ცნების რეაქტუალიზაცია, რომელიც ტროცკის შეხედულებების ქვაკუთხედი გახდა. 1905 წლის რევოლუციის პერიოდში ტროცკისთან ერთად გამოსცემდა გაზეთს “Начало“ („დასაბამი“). პარვუსი არაერთგვაროვანი ფიგურა იყო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, გამოირჩეოდა ეთიკური ნორმების უგულებელყოფითა და ავანტიურისტული ქცევით, რაც, მათ შორის, გორკის მიერ მოთხრობილი ეპიზოდიდანაც ჩანს. ე.წ. „გორკის საქმემ“, რომელიც პარტიულ წრეებში გახმაურდა, მნიშვნელოვნად დააზიანა პარვუსის რეპუტაცია. მომდევნო წლებში იგი ცხოვრობდა თურქეთში, სადაც „ახალგაზრდა თურქების“ ნაციონალისტურ მოძრაობასთან თანამშრომლობდა. თურქეთშივე დაუხლოვდა ფინანსურ წრეებს და ხელი მიჰყო კომერციას, მათ შორის, იარაღით ვაჭრობას, რითაც დიდძალი ქონება დააგროვა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ეკავა სოციალ-შოვინისტური პოზიციები. 1915 წელს, კონსტანტინოპოლიდან გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, ცდილობდა, კავშირი დაემყარებინა ლენინთან, როზა ლუქსემბურგსა და ტროცკისთან, თუმცა მათ ამჯობინეს, მისგან შორს დაეჭირათ თავი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ უნდოდა, მონაწილეობა მიეღო ახლად დაარსებული საბჭოთა რესპუბლიკის პოლიტიკაში, მაგრამ, კარლ რადეკის ცნობით, ლენინმა უარი თქვა პარვუსთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე –– იმ არგუმენტით, რომ „რევოლუციის საქმისთვის არ შეიძლება, ჭუჭყიანი ხელებით იბრძოლო“ (А. Луначарский, Л. Троцкий, К.Радек. Силуэты: политические портреты. М., Издательство политической литературы, 1991. გვ. 252-253). მომდევნო წლებში პარვუსი, ძირითადად, კომერციულ საქმეებში იყო ჩაფლული, პოლიტიკაში მისი მონაწილეობა ფრიდრიხ ებერტის მთავრობის მრჩეველობითა და სხვადასხვა სოციალ-დემოკრატიული გამომცემლობის დაფინანსებით შემოიფარგლებოდა.
[11] კონსტანტინ პიატნიცკი (1864-1938) – რუსი გამომცემელი და ჟურნალისტი. 1898 წელს დააარსა გამომცემლობა „Знание“ („ცოდნა“), იყო მისი დირექტორი და რედაქტორი. 1900 წელს, პიატნიცკის მიწვევით, გამომცემლობას შეუერთდა გორკი, რომელმაც დიდი ზეგავლენა იქონია პიატნიცკიზე. გორკის მოსვლის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა გამომცემლობის სტრატეგიაც. კერძოდ, „ზნანიემ“ დაიწყო რეალისტი ავტორების (ი. ბუნინის, ა. კუპრინის, ვ. ვერესაევის, ა. ჩეხოვის, თავად გორკის, ა. სერაფიმოვიჩის, ლ. ანდრეევისა და სხვ.) წიგნებისა და სოციალისტური მიმართულების ლიტერატურის გამოცემა (ბროშურების სახით გამოქვეყნდა მარქსის, ენგელსის, პ. ლაფარგის, ა. ბებელისა და სხვ. შრომები). მიუხედავად პიატნიცკისა და გორკის ახლო მეგობრობისა (უკანასკნელის პიესა „ფსკერზე“ სწორედ პიატნიცკის ეძღვნება), 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ მათ შორის იდურმა წინააღმდეგობებმა იჩინა თავი. 1912 წელს გორკიმ დატოვა „ზნანიე“ და გამომცემლობამაც მალევე შეწყვიტა არსებობა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პიატნიცკიმ „ზნანიეს“ ჩამორთმეული გამოცემები საბჭოთა საგანმანთლებლო დაწესებულებებს გადასცა.
[12] მორის ჰილკვიტი (1869-1933) — ამერიკელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი. ამერიკის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. ხელს უწყობდა ამერიკაში გორკის ნაწარმოებების პუბლიკაციას.
[13] იუჯინ დებსი (1855-1926) — ამერიკელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ამერიკის სოციალისტური პარტიისა და პროფკავშირთა საერთაშორისო გაერთიანების — Industrial Workers of the World (მსოფლიოს ინდუსტრიული მუშები) — დამფუძნებელი და ლიდერი.
[14] Handsome (ინგ.) — ლამაზი, მომხიბვლელი. ტექსტის მთარგმნელმა პირდაპირ გადმოიტანა ამ სიტყვის გორკისეული ტრანსკრიპცია „გენსომ“ („гэнсом“).
[15] ლეონიდ კრასინი (1870-1926) — რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, პროფესიით ინჟინერი. სტუდენტობისას, 1890-იანი წლების დასაწყისში, დაუახლოვდა მარქსისტულ წრეებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტურ პროტესტსა და დემონსტრაციებში, რის გამოც ჯერ ნიჟნი ნოვგოროდში, ხოლო 1895 წელს ირკუტსკში გადაასახლეს. 1897 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ხარკოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, რომელიც, მიუხედავად სასწავლებლიდან სამგზის გარიცხვისა, 1900 წელს დაამთავრა. 1900-1904 წლებში მუშაობდა ბაქოს ნავთობის მრეწველობაში, უძღვებოდა ნავთობსაწარმოების ელექტრიფიკაციას, ხელმძღვანელობდა ელექტროსადგურ „ელექტროძალის“ მშენებლობას. პროფესიული მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა აქტიურ პარტიულ საქმიანობას, იყენებდა რა ამისთვის თავის სამსახურეობრივ მდგომარეობას: აარსებდა არალეგალურ სტამბებს (კერძოდ, ლადო კეცხოველთან ერთად ბაქოში დაარსა სტამბა „ნინა“, რომელშიც „ისკრას“ ნომრები იბეჭდებოდა), პასუხისმგებელი იყო „ისკრას“ ტრანსპორტირებაზე (ირანისა და ბათუმის გავლით). პარტიის მეორე ყრილობის შემდეგ მიემხრო ბოლშევიკებს, იყო ფრაქციის ცკ-ის წევრი. 1904 წლიდან მუშაობდა ორეხოვო-ზუევოში: ხელმძღვანელობდა ცნობილი მეწარმის (და ბოლშევიკების სპონსორის), სავა მოროზოვის ქარხნის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ქალაქის საელექტრიფიკაციო სამუშაოებს. 1905-1907 წლის რევოლუციის დროს იყო პეტერბურგის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა პარტიის ცკ-თან არსებულ საბრძოლო ტექნიკურ ჯგუფს, პასუხს აგებდა მეომარი რაზმების მომარაგებაზე. 1908 წელს ემიგრირდა. შედიოდა ბოლშევიკური პარტიის შიგნით ჩამოყალიბებულ ჯგუფში “Вперед” („წინ“), მონაწილეობდა კუნძულ კაპრიზე პარტიული სკოლის ორგანიზებაში. 1912 წლის შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკას და მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაზე კონცენტრირდა, ხელმძღვანელობდა რა „სიმენსისა და შუკერტის“ ფირმის ქარხნებს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში და აღიდგინა პარტიის წევრობა. 1918 წელს მონაწილეობდა ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებიც ბრესტის ზავით დაგვირგვინდა. იყო სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს წევრი, წითელი არმიის მომარაგების საგანგებო კომისიის თავმჯდომარე, ვაჭრობისა და მრეწველობის სახალხო კომისარი, შრომისა და თავდაცვის საბჭოს წევრი, მიმოსვლის გზების სახალხო კომისარი, 1920-1923 წლებში — საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკური და სავაჭრო წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში და, ამავდროულად, საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარი. 1922 წელს მონაწილეობდა გენუისა და ჰააგის კონფერენციებში. 1924 წელს იყო სსრკ-ის პოლიტიკური წარმომადგენელი საფრანგეთში, ხოლო 1925 წელს — კვლავ დიდ ბრიტანეთში. გარდაიცვალა 1926 წელს ლონდონში.
[16] ვაცლავ ვოროვსკი (1871-1923) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, პუბლიცისტი და კრიტიკოსი, მარქსისტული ლიტერატურული კრიტიკის გამოჩენილი წარმომადგენელი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. 1891 წელს, მოსკოვის ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის პერიოდში, შეუერთდა რევოლუციურ სტუდენტურ მოძრაობას. 1894 წლიდან გახდა მოსკოვის მუშათა კავშირის წევრი. რევოლუციური პროპაგანდის, არალეგალური ლიტერატურის ბეჭდვისა და გავრცელების, საზღვარგარეთულ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო, 1897 წელს დააპატიმრეს, ხოლო 1899 წელს ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს. გათავისუფლების შემდეგ თანამშრომლობდა „ისკრასთან“. 1903 წელს მიემხრო ბოლშევიკებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკური გაზეთების საქმიანობაში. 1907-1912 წლებში ხელმძღვანელობდა ოდესის პარტიულ ორგანიზაციას. 1912 წელს კვლავ გადაასახლეს. 1915 წელს ემიგრაციაში წავიდა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ სათავეში ედგა რსდმპ (ბ)-ის საზღვარგარეთულ ბიუროს. იყო საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სკანდინავიის ქვეყნებსა და იტალიაში. 1922 წელს მონაწილეობას იღებდა გენუის, ხოლო 1923 წელს ლოზანის კონფერენციაში. 1923 წლის 10 მაისს ლოზანის სასტუმრო „სესილში“ თეთგვარდიელმა ემიგრანტმა, მორის კონრადიმ მოკლა.
[17] ნიკოლაი ბურენინი (1874-1964) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, ბოლშევიკი, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, პროფესიით მუსიკოსი. 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში იყო რსდმპ (ბ)-ის ცკ-თან არსებული საბრძოლო ტექნიკური ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პასუხს აგებდა პარტიის შეიარაღებაზე. არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული და გადასახლებული. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა საგარეო ვაჭრობის, თეატრებისა და სანახაობის კომისარიატებში, იყო რსფსრ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ფინეთსა და გერმანიაში. 1935 წელს პენსიაზე გავიდა.
[18] ნიკოლაი ჩაიკოვსკი (1850-1926) — რუსი რევოლუციონერი-ნაროდნიკი და პოლიტიკური მოღვაწე. 1869 წელს გაწევრიანდა ნაროდნიკულ ორგანიზაციაში „პროპაგანდის დიდი საზოგადოება“, რომელიც მუშათა კლასსა და გლეხობაში ეწეოდა პროპაგანდას (1871 წლიდან ორგანიზაციის წევრებს „ჩაიკოველების“ (Чайковцы) წრედაც მოიხსენიებდნენ). ცარისტული პოლიციის რეპრესიების გამო ჩაიკოვსკი 1874 წელს ამერიკაში ემიგრიდა. შტატებში „ღმერთკაცობრიობის“ (богочеловечество) სექტის მიმდევრებს დაუახლოვდა, მონაწილეობდა კანზასში მათი კომუნის ცხოვრებაში, მუშაობდა შავ მუშად ქარხნებში, დურგლად გემთმშენებლობაზე, შაქრის ქარხანაში. 1879 წელს დაბრუნდა ევროპაში და ძველ თანამებრძოლებთან, ანარქისტ პიოტრ კროპოტკინთან და ნაროდნიკ სერგეი სტეპნიაკ-კრავჩინსკისთან ერთად, დააარსა „თავისუფალი რუსული პრესის ფონდი“, რომელიც გამოსცემდა და რუსეთში გზავნიდა რევოლუციურ ლიტერატურას. 1904 წელს გაწევრიანდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში. 1905 წლის რევოლუციის პერიოდში მოგზაურობდა ამერიკაში პარტიისთვის ფინანსური სახსრების შესაგროვებლად. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იდგა შოვინისტურ პოზიციებზე. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ აქტიურად ებრძოდა ბოლშევიკურ მთავრობას, მიემხრო თეთგვარდიელებს, მოითხოვდა სამხედრო ინტერვენციას საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად. გარდაიცვალა ემიგრაციაში.
ხაიმ ჟიტლოვსკი (1865-1943) — რუს-ებრაელი პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მოაზროვნე, იდიშის კულტურისა და ენის პროპაგანდისტი. 80-იანი წლებიდან მონაწილეობდა ნაროდნიკულ მოძრაობაში. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიისა და სოციალისტური ებრაული მუშათა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1905-1907 წლების პერიოდში, ჩაიკოვსკისთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის საქმიანობაში. 1908 წლიდან სამუდამოდ დასახლდა ნიუ-იორკში. თავის შრომებში ცდილობდა სოციალიზმისა და ებრაული ნაციონალიზმის სინთეზირებას. ნაციზმის აღზევების პერიოდში მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირს. 1941 წელს გახდა მეცნიერების, მწერლებისა და არტისტების ებრაული კომიტეტის თავმჯდომარე.
[19] იგულისხმება ეკატერინა ბრეშკო-ბრეშკოვსკაია (1844-1934) — რუსი რევოლუციონერი, ნაროდნიკი, მოგვიანებით სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერების) პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. თანაპარტიელები ბრეშკოვსკაიას ზედმეტსახელად „ბებიას“ ეძახდნენ.
[20] გორკის სკანდალი ამერიკაში მის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა. ამერიკაში ყოფნისას მას თან ახლდა ფაქტობრივი ცოლი –– მსახიობი და რევოლუციონერი მარია ანდრეევა. იმ გარემოებამ, რომ მათი ქორწინება არ იყო ოფიციალური, რუსეთის საელჩოსა და გორკის უარით განაწყებულ ესერებს (ნ. ბურენინის ვერსიით) საშუალება მისცა, გორკისა და ანდრეევას წინააღმდეგ ყვითელ პრესაში ბინძური კამპანია აეგორებინათ: აქაოდა, ანდრეევა გორკის ცოლი კი არა, „მსახიობი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალია“, რომ სინამდვილეში გორკის ჰყავს კანონიერი მეუღლე და შვილები, რომლებიც მიატოვა. ამან აღაშფოთა პურიტანულად განწყობილი ამერიკილები. 1906 წლის 1 აპრილს გორკი და ანდრეევა გამოასახლეს სასტუმრო „ბელკლერიდან“, სხვა ორშიც იგივე ბედი ეწიათ. ამერიკელი მწერლის ლეროი სკოტის შუამდგომლობით, რამდენიმე დღის განმავლობაში გორკი და ანდრეევა მწერალთა კლუბში ცხოვრებდნენ, მოგვიანებით კი შეძლებულმა ცოლ-ქმარმა, პრესტონი და ჯონ მარტინებმა კუნძულ სტეიტენ-აილენდზე, თავიანთ მამულში შეიფარეს.
[21] სავარაუდოდ, უნდა იგულისხმებოდეს ამერიკელი მედია-მაგნატი უილიამ რენდოლფ ჰერსტი (1863-1951), რომლის გამოცემასთანაც — New York American-თან — თანამშრომლობდა გორკი.
[22] ანუ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გახლეჩის მომენტიდან, როდესაც იგი ორ ფრაქციად — მენშევიკებად და ბოლშევიკებად — დაიყო.
[23] მიხაილ ტომსკი (ნამდვილი გვარი: ეფრემოვი) (1880-1936) –– რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა პარტიული და პროფკავშირული მოღვაწე. 1904 წელს შეუერთდა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას, მიემხრო ბოლშევიკებს. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, იყო მუშათა დეპუტატების საბჭოს ორგანიზატორი და წევრი რეველში (ახლანდელი ტალინი). 1906 წელს გადაასახლეს, საიდანც ტომსკში გაიქცა (აქედან –– ფსევდონიმი), ამავე წელს დაბრუნდა პეტერბურგში და განაგრძო პროფკავშირულ მოძრაობაში საქმიანობა. 1907 წელს მონაწილეობდა რსდმპ-ის ლონდონის ყრილობაში. 1911-1916 წლები პატიმრობაში გაატარა. 1917 წლის აპრილ-ივნისში იყო პეტროგრადის რსდმპ (ბ)-ის კომიტეტის წევრი, ამავე წელს გახდა პროფესიულ კავშირთა მოსკოვის საბჭოს წევრი, დეკემბრიდან კი თავმჯდომარე. 1918 წელს აირჩიეს სრულიად რუსეთის პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს აღმასკომის წევრად, მოგვიანებით კი – მისი პრეზიდიუმის თავმჯდომარედ და ჟურნალ „Профессиональный вестник“–ის („პროფესიული მაცნე“) რედაქტორად. „პროფკავშირების შესახებ დისკუსიაში“ ემხრობოდა ლენინს. 1925 წელს სტალინთან და ბუხარინთან ერთად უპირისპირდებოდა ზინოვიევ-კამენევის „ახალ ოპოზიციას“, ოციანი წლების ბოლოს კი (ბუხარინთან და რიკოვთან ერთად) –– „ნეპის“ გაუქმებასა და ფორსირებულ ინდუსტრიალიზაციასა და კოლექტივიზაციას. ეს პოზიცია მოგვიანებით „მემარჯვენე გადახრად“ მოინთლა. რიკოვი 1930 წელს გარიცხეს პოლიტბიუროდან, თუმცა 1934 წლამდე რჩებოდა ცკ-ის წევრად. 1936 წელს, ე.წ. „მოსკოვის პროცესის“ დროს, თავი მოიკლა, გაიგო რა, რომ თავიანთ ჩვენებებში ზინოვიევმა და კამენევმა „კონტრრევოლუციურ შეთქმულებაში“ მონაწილეთა რიცხვში (რიკოვსა და ბუხარინთან ერთად) ისიც მოიხსენიეს.
[24] ფიოდორ დანი (ნამდვილი გვარი: გურვიჩი) (1871-1947) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, მენშევიზმის ერთ-ერთი ლიდერი და თეორეტიკოსი. პროფესიით ექიმი. 1894 წლიდან შეუერთდა მუშათა მოძრაობას. იყო პეტერბურგის „მუშათა კლასის გათავისუფლებისთვის ბრძოლის კავშირის“ წევრი. 1896 წელს დააპატიმრეს და 1898 წელს გადაასახლეს. 1901 წელს გადასახლებიდან გაიქცა ბერლინში. შევიდა გაზეთ „ისკრას“ ხელშეწყობის ჯგუფში. 1902 წელს მონაწილეობდა პარტიის მეორე ყრილობის ორგანიზებაში. ამავე წელს კვლავ დააპატიმრეს და, ნახევრწლიანი პატიმრობის შემდეგ, 5 წლით აღმოსავლეთ ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1903 წელს ისევ მოახერხა საზღვარგარეთ გაქცევა. მიემხრო მენშევიკებს. მონაწილეობდა პარტიის IV (1906) და V (1907) ყრილობებში. 1905-1907 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ წარმოადგენდა „ლიკვიდატორულ“ ტენდენციას, რომლის მომხრეებიც პარტიის არალეგალური ორგანიზაციების ლიკვიდაციას მოითხოვდნენ. I მსოფლიო ომის პერიოდში იდგა პაციფისტურ პოზიციებზე. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, პეტროგრადის საბჭოს აღმასკომისა და პირველი მოწვევის ცენტრალური აღმასკომის პრეზიდიუმის წევრი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა ექიმად ჯანდაცვის სახალხო კომისარიატში. 1922 წელს, ანტიბოლშევიკური საქმიანობის გამო, გაძევებულ იქნა საბჭოთა რუსეთიდან. ემიგრაციაში სათავეში ედგა მენშევიკებს. მეორე მსოფლიო ომის დროს, განსხვავებით ემიგრანტი მენშევიკების უმრავლესობისაგან, მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირის გამარჯვებას და ამყარებდა იმედებს სსრკ-ის პოლიტიკური სისტემის სამომავლო დემოკრატიზაციაზე.
[25] იული (იულიუს) მარტოვი (ნამდვილი გვარი — ცედერბაუმი) (1873-1923) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, პუბლიცისტი და სოციალ-დემოკრატიის თეორეტიკოსი, მენშევიზმის იდეოლოგი და ლიდერი. 1890-იანი წლების დასაწყისში შეუერთდა რევოლუციურ სტუდენტურ წრეებს. არალეგალური ლიტერატურის გავრცელების გამო, 1893 წელს დააპატიმრეს და ლიტვის დედაქალაქ ვილნოში (ვილნიუსში) გადაასახლეს, სადაც აქტიურ საქმიანობას ეწეოდა იქაურ ებრაულ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში, რომლებიც შემდგომში ებრაელთა სოციალ-დემოკრატიულ პარტიად (ბუნდი) ჩამოყალიბდნენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, 1895 წელს, მონაწილეობა მიიღო „მუშათა კლასის გათავისუფლებისთვის ბრძოლის კავშირის“ დაარსებაში; იყო მისი ერთ-ერთი ლიდერი. 1896 წელს კვლავ დააპატიმრეს და ციმბირში, ტურუხანსკში გადაასახლეს. შედიოდა გაზეთ „ისკრას“ გამოცემის საინიციატივი ჯგუფში (ლენინთან და პოტრესოვთან ერთად). გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ემიგრირდა, მონაწილეობდა „ისკრასა“ და „ზარიას“ (რუს. заря – განთიადი) გამოცემაში. იყო ლენინის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე. რსდმპ-ის მეორე ყრილობაზე პარტიის წევრობის შესახებ მარტოვისა და ლენინის განსხვავებულმა შეხედულებებმა (მარტოვი თვლიდა, რომ რსდმპ-ის წევრობისთვის კმაროდა მისი მატერიალური მხარდაჭერა და რომელიმე პარტიული ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელშეწყობა; ლენინის აზრით კი, იმისათვის, რომ ადამიანი პარტიის წევრი ყოფილიყო, მას აგრეთვე უშუალო მონაწილეობა უნდა მიეღო რომელიმე პარტიული ორგანიზაციის საქმიანობაში) პარტიის გახლეჩა გამოიწვია: მარტოვის პოზიციის მომხრეები, რომლებიც ყრილობაზე უმცირესობაში იყვნენ, მოგვიანებით პარტიის მენშევიკურ (რუსული სიტყვიდან меньшинство – უმცირესობა) ფრთად ჩამოყალიბდბენ, ხოლო ლენინის მხარდამჭერები — ბოლშევიკებად (სიტყვიდან большинство – უმრავლესობა). 1905 წლის რევოლუციის დროს მარტოვი დაბრუნდა რუსეთში, იყო მუშათა დეპუტატების საბჭოების წევრი. რევოლუციის მარცხის შემდეგ, პოლიციური დევნის გამო, ემიგრირდა. რედაქტორობდა მენშევიკურ გამოცემას „Голос социал-демократа” (სოციალ-დემოკრატის ხმა). მენშევიკ-„პარტიელებსა“ (იატაკქვეშა პარტიის შენარჩუნების მომხრეები) და „ლიკვიდატორებს“ (იატაკქვეშა პარტიის გაუქმების, „ლიკვიდაციის“, მომხრეები) შორის დაპირისპირებაში ეკავა შუალედური პოზიცია. პირველი მსოფლიო ომის დროს ინტერნაციონალისტურ პოზიციებზე იდგა, თუმცა არ იზიარებდა ლენინისეულ თეზისს იმპერიალისტური ომის სამოქალაქო ომად გადაქცევის შესახებ. მონაწილეობდა მსოფლიო ომის მოწინააღმდეგე სოციალისტების კონფერენციებში ციმერვალდსა და კინტალში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა რუსეთში, თუმცა, თავისი ავტორიტეტის მიუხედავად, იმ პერიოდის მოვლენებში მნიშვნელოვანი როლი არ შეუსრულებია. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ოპოზიციაში ედგა ბოლშევიკურ ხელისუფლებას, აკრიტიკებდა რევოლუციური დიქტატურის მეთოდებს, ცნობდა რა, ამავდროულად, საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმურობას. 1920 წელს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო (მეორე გადასახლების დროს მარტოვს ჭლექი შეეყარა), საბჭოთა ხელისუფლების ნებართვით, გერმანიაში ემიგრირდა. ემიგრაციაში ყოფნისას დააარსა მენშევიკური გამოცემა „Социалистический вестник” (სოციალისტური მაცნე), მონაწილეობდა 21/2 ინტერნაციონალის ორგანიზებაში.
[26] როზა ლუქსემბურგი ყრილობაში მონაწილეობდა როგორც ლიტვის და პოლონეთის სამეფოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.
[27] იხ. ერიკ ჰობსბაუმი. მსოფლიო რევოლუცია. კომ. VI.
[28] გორკის მეხსიერება ღალატობს. აღნიშნული ფრაზის ავტორი არა როზა ლუქსემბურგი, არამედ მისი ცხოვრების თანამგზავრი და თანამებრძოლი, პოლონეთ-ლიტვისა და გერმანიის მუშათა და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი, მოგვიანებით კი გერმანიის კომუნისტური პარტიის ლიდერი, ლეო იოგიჰესი (1867-1919) იყო.
[29] მარია ანდრეევა (1868-1953) — რუსი მსახიობი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. მაქსიმ გორკის სამოქალაქო ცოლი 1904-1921 წლებში. იყო მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობი, სხვადასხვა დროს ნათამაშები აქვს წამყვანი როლები შექსპირის, იბსენის, ჰაუპტმანის, ოსტროვსკის, ჩეხოვისა და გორკის პიესებში. 1898 წლიდან ჩაერთო რუსეთის რევოლუციურ მოძრაობაში, ხოლო 1904 წელს გაწევრიანდა რსდმპ-ში, მხარს უჭერდა ბოლშევიკებს. როგორც ბოლშევიკების ფინანსური აგენტი უძღვებოდა რევოლუციური საქმიანობისთვის საჭირო სახსრების შეგროვებას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკავა მაღალი თანამდებობები თეატრალურ სამყაროში, იყო პეტროგრადის დიდი დრამატული თეატრის შექმნის ინიციატორი. 1926-28 წლებში მუშაობდა საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობის სამხატვრო-სამრეწველო განყოფილების გამგედ. 1931 წლიდან 1948 წლამდე ხელმძღვანელობდა მოსკოვის მეცნიერთა სასახლეს.
[30] სტეპან გილი (1888-1966) –– ლენინის პირადი მძღოლი, 1920 წლიდან განსაკუთრებული დანიშნულების გარაჟის პირველი უფროსი. ლენინის სიკვდილის შემდეგ მუშაობდა ანასტას მიქოიანისა და ანდრეი ვიშინსკის მძღოლად. ავტორია მოგონებების წიგნისა „ექვსი წელი ვ. ი. ლენინთან ერთად. პირადი მძღოლის მოგონებები“.
[31] ვასილი დესნიცკი (ფსევდონიმი: სტროევი) (1878-1958) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, ლიტერატურათმცოდნე და პედაგოგი. სწავლობდა ისტორია-ფილოლოგიასა და იურისპრუდენციას იურევის (ტარტუს) უნივერსიტეტში. 1897 წლიდან ეწეოდა სოციალ-დემოკრატიულ საქმიანობას. 1903 წელს მიემხრო ბოლშევიკებს. მონაწილეობდა რსდმპ-ის 3-5 ყრილობებში, მეოთხე ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის ცკ-ის წევრად (1906). თანამშრომლობდა ბოლშევიკურ პრესაში. 1909 წელს იყო კაპრის ფრაქციული სკოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამ დროსვე დატოვა ბოლშევიკური ფრაქცია. მოგვიანებით ინტერნაციონალისტ მენშევიკებს შეუერთდა და 1917 წელს დააფუძნა გაზეთი „Новая Жизнь“ („ახალი ცხოვრება“), 1918 წელს შედიოდა სრულიად რუსეთის აღმასრულებელ კომიტეტში. 1919 წელს ჩამოშორდა პოლიტიკას, სიკვდილის ბოლომდე ლიტერატურულ და პედაგოგიურ საქმინობას ეწეოდა. ლიტერატურის ისტორიასა და ლიტერატურის მარქსისტული შესწავლის მეთოდოლოგიაზე დაწერილი შრომების გარდა, მემუარების ავტორია.
[32] კადეტები –– კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ლიბერალურ-მონარქისტული ბურჟუაზიის ინტერესებს ატარებდა. ჩამოყალიბდა 1905 წლის რევოლუციის პერიოდში. ოქტიაბრისტები –– 1905 წელს შექმნილი მსხვილი მემამულეებისა და სავაჭრო-სამრეწველო ბურჟუაზიის პარტია “17 ოქტომბრის კავშირი“. მხარს უჭერდნენ „ძლიერ მონარქიულ ხელისუფლებასა“ და იმპერიალისტურ პოლიტიკას.
[33] იგულისხმება 1912-1913 წლების ე.წ. ბალკანეთის ომები. პირველ ომში, რომელიც 1912 წლის ოქტომბრიდან 1913 წლის მაისამდე მიმდინარეობდა, ბალკანეთის კავშირი (ბულგარეთი, სერბეთი, ჩერნოგორია და საბერძნეთი) დაუპირისპირდა ოსმალეთს და მასზე გამარჯვება მოიპოვა — თავისი ევროპული სამფლობელოებიდან თურქეთს მხოლოდ სტამბული და მისი შემოგარენი დარჩა. მეორე ომი (1913 წლის ივნისი-აგვისტო) უკვე გამარჯვებული კოალიციის წევრებს შორის გაჩაღდა ოსმანთა იმპერიისაგან გათავისუფლებული ტერიტორიების გამო. ამჯერად სერბეთი, ჩერნოგორია, საბერძნეთი, რუმინეთთან და თურქეთთან ალიანსში, დაუპირისპირდნენ ბულგარეთს.
[34] იხ. კომ. XX.
[35] ალექსანდრ ბოგდანოვი (ნამდვილი გვარი მალინოვსკი) (1873-1928) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, ეკონომისტი, ფილოსოფოსი, მწერალი. პროფესიით ექიმი. 1898-1909 წლებში რსდმპ-ის წევრი, ბოლშევიკი. რევოლუციურ მოძრაობას ადრეული წლებიდან შეუერთდა. 1894 წელს, ნაროდნიკული გაერთიანების, სათვისტომოთა კავშირის საბჭოს, წევრობის გამო დააპატიმრეს და ტულაში გადაასახლეს. 1895-1899 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1898 წლებს ხდება ახლად დაარსებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1899 წელს, რევოლუციური პროპაგანდის წარმოების გამო კვლავ დააპატიმრეს და სამი წლით გადაასახლეს ვოლოგდაში. 1903 წლიდან რედაქტორობდა მარქსისტულ ჟურნალ „პრავდას“. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, 1904 წელს, შვეიცარიაში გაემგზავრა და ბოლშევიკებს მიემხრო. მიუხედავად ლენინთან იმთავითვე არსებული ფილოსოფიური უთანხმოებებისა (ბოგდანოვი ცდილობდა მარქსიზმის ფილოსოფიური ასპექტის „შევსებას“ ერნსტ მახის შეხუდულებებით), პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ფრაქციაში. ლ. კრასინთან ერთად ხელმძღვანელობდა ბოლშევიკთა საბრძოლო ტექნიკურ ჯგუფს. მუშაობდა ბოლშევიკების გამოცემების „Пролетарий“, („პროლეტარი“), „Вперед“ („წინ“), „Новая жизнь“ („ახალი ცხოვრება“) რედაქციებში. 1908 წლიდან ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკების საქმიანობას ლეგალურ ორგანოებში („ოტზოვიზმი“, „ულტიმატიზმი“). იყო კაპრისა და ბოლონიაში პარტიული სკოლების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლექტორი. 1909 წელს გარიცხეს პარტიიდან. ომის წლებში ინტერნაციონალისტური პოზიციები ეკავა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იყო კომუნისტური აკადემიის წევრი, კითხულობდა ლექციებს ეკონომიკაზე მოსკოვის უნივერსიტეტში. 1918 წლიდან გახდა პროლეტკულტის იდეოლოგი, უპირისპირდებოდა კომუნისტური პარტიის პოლიტიკას კულტურის დარგში. 1921 წლიდან სამეცნიერო კვლევებს აწარმოებდა, უმთავრესად, გერონტოლოგიისა და ჰემატოლოგიის სფეროში. ბოგდანოვი სისხლის გადასხმის ინტიტუტის პირველ ორგანიზატორი და დამფუძნებელია. დაიღუპა საკუთარ თავზე დადგმული სისხლის გადასხმის ექსპერიმენტის შედეგად.
ანატოლი ლუნაჩარსკი (1875-1933) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, კრიტიკოსი ხელოვნებათმცოდნე. რევოლუციურ მოძრაობას 1892 წელს შეუერთდა, ეწეოდა პროპაგანდას მუშათა წრეებში. 1895-98 წლებში ცხოვრობდა შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში; ისმენდა ფილოსოფიისა და ბუნებისმეტყველების კურსებს ციურიხში; შეისწავლიდა მარქსისა და ენგელსის შრომებს. ემიგრაციაში დაუახლოვდა რუსეთის იმპერიაში პირველი მარქსისტული ორგანიზაციის, „შრომის გათავისუფლების“ ჯგუფის წევრებს. გ. პლეხანოვის გავლენით შეუდგა ფრანგული მატერიალიზმისა და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის შესწავლას, თუმცა პარალელურად გატაცებული იყო რ. ავენარიუსის ფილოსოფიური შეხედულებებით. 1899 წელს რევოლუციური საქმიანობისთვის დააპატიმრეს, 1900-1904 წლები გადასახლებაში გაატარა. 1903 წლიდან ემხრობოდა ბოლშევიკებს, შედიოდა გამოცემების „Борьба“ და „Вперед“ რედაქციაში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბოლშევიკური ფრაქციის საქმიანობაში. მონაწილეობდა რსდმპ-ის მესამე და მეოთხე ყრილობებში, წარადგენდა ბოლშევიკებს II ინტერნაციონალის შტუტგარტისა (1906) და კოპენჰაგენის (1910) კონგრესებზე. 1909 წელს ლუნაჩარსკი, ბოგდანოვთან, მენჟინსკისთან, ი. სტეპანოვ-სკვორცოვთან, ბ. კრასინთან და სხვებთან ერთად შევიდა „ვპერიოდის“ ჯგუდში, რომელიც ლენინსა და მის მომხრე ბოლშევიკებს ტაქტიკური, ორგანიზაციული და ფილოსოფიური უთანხმოებების („ოტზოვიზმი“, „ღმერთმშენებლობა“, ემპირიოკრიტიციზმი) საფუძველზე გამოეყო. ლუნაჩარსკი ფილოსოფიური შეხედულებები მკაცრად გააკრიტიკა ლენინმა თავის წიგნში „მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი“. მსოფლიო ომის დროს იდგა ინტერნაციონალისტურ პოზიციებზე. 1917 წელს დაბრუნდა რუსეთში და მიემხრო გაერთიანებულ სოციალ-დემოკრატთა სარაიონთშორისო ორგანიზაციას (Межрайонная организация объедененных социл-демократов, შემოკლებით – межрайонцы), რომლის რიგებშიც შუერთდა ბოლშევიკებს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იყო განათლების სახალხო კომისარი (1917-1929), 1918-1920 წლებში – რესპუბლიკის რწმუნებული ფრონტსა და ფრონტისპირა ზონებში, 1927 წლიდან ერთა ლიგასთან არსებული განიარაღების კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციის მეთაურის მოადგილე, 1929 წლიდან სსრკ-ის ცენტრალური აღმასკომის სამეცნიერო კომისიის თავმჯდომარე. 1933 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ წარმომადგენლად ესპანეთში. მიუხედავად იმ დიდი გავლენისა, რომელიც ლუნაჩარსკიზე ემპირიოკრიტიციზმის ფილოსოფიამ მოახდინა, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მარქსისტული ესთეტიკის განვითარებაში.
ვლადიმირ ბაზაროვი (ნამდვილი გვარი: რუდნევი) (1874-1939) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, ფილოსოფოსი, ეკონომისტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი. 1896 წლიდან – სოციალ-დემოკრატი. 1904-1907 წლებში ემხრობოდა ბოლშევიკებს. 1905 წლის რევოლუციის მარცხის შემდეგ დამდგარი რეაქციის პერიოდში პროპაგანდირებდა ემპირიოკრიტიზმს. ივან სტეპანოვ-სკვორცოვთან თანაავტორობით თარგმნა მარქსის „კაპიტალი“ (1907-1909 წ.). 1917-1919 წლებში ეკავა მემარცხენე მენშევიკური პოზიციები. 1921 წლიდან მუშაობდა საგეგმო ორგანოებში. 1930 წელს „რსდმპ-ის (მენშევიკების) საკავშირო ბიუროს“ საქმეზე დააკავეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, 1932 წლიდან 1935 წლამდე გადასახლებაში ცხოვრობდა. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით.
[36] ჟან ჟორესი (1859-1914) — ფრანგი პოლიტიკოსი, საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და ორატორი. 1881 წლიდან ასწავლიდა ფილოსოფიას ჯერ ალბის ლიცეუმში, 1883 წლიდან კი ტულიზის უნივერსიტეტში. იყო დეპუტატდა პალატის წევრი 1885-89 და 1893-98 წლებში და კვლავ –– 1902 წლიდან. აქტიურად მონაწილეობდა დრეიფუსის საქმის საწინააღმდეგო კამპანიაში. თავდაპირველად პოლიტიკაში ჟორესი, თანამედროვე ტერმინოლოგიით, ცენტრისტი მემარცხენე იყო, საერთაშორისო სოციალისტურ მოძრაობას კი 1890-იანი წლების დასაწყისში შეუერთდა, მიეკუთვნებოდა მის რეფორმისტულ ფლანგს. მიუხედავად იმისა, რომ იზიარებდა მარქსიზმის ზოგიერთ დებულებას, ფილოსოფიური შეხედულებებით იდეალისტად რჩებოდა. საფრანგეთის სოციალისტური პარტიების გაერთიანების შემდეგ იყო მისი მემარჯვენე ფრთის ლიდერი. 1904 წელს დაარსა სოციალისტური გაზეთი „იუმანიტე“ (L’Humanité) (1923-1994 წლებში სკპ-ის ცენტრალური ბეჭდური ორგანო), რომელიც დღემდე არსებობს. თანმიმდევრულად უპირისპირდებოდა კოლონიალიზმსა და ევროპაში მომძლავერებულ მილიტარიზმს. პირველი მსოფლიო ომის კვირაძალს ფრანგი ნაციონალისტის ტყვიას შეეწირა. იყო ინიციატორი და ერთ-ერთი ავტორი 10-ტომიანი შრომისა „საფრანგეთის სოციალისტური ისტორია“, რომლის პირველი ოთხი ტომი, მიძღვნილი საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის ისტორიისადმი, თავად დაწერა.
[37] აი, ასე: დრინ-დრინ. გასაგებია? (იტ.).
[38] გ. პლეხანოვი კაპრიზე 1913 წლის ივნის-ივლისში იმყოფებოდა, ანუ ლენინის ვიზიტის შემდეგ.
[39] ნიკოლაი ოლიგერი (1882-1919) — რუსი პროზაიკოსი და დრამატურგი. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, რსდმპ-ის წევრი. ა. კ. ლორენც-მეტნერი (გარდაიცვალა 1918 წელს) — რუსი რევოლუციონერი, ბოლშევიკი. ერთ-ერთი ლიდერი სოჭის რესპუბლიკისა, რომელმაც 1905 წლის დეკემბრიდან 1906 წლის იანვრამდე იარსება. პაველ ვიგდორჩიკი (1874-1942) — რუსი ექიმი, მწერალი, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მონაწილე. პარტიის მეორე ყრილობის შემდეგ ემხრობოდა მენშევიკებს.
[40] ენრიკო ფერი (1856-1929) — იტალიელი კრიმინოლოგი, სოციალისტი, იტალიის სოციალისტური პარტიის გამოცემის „Avanti”-ს მთავარი რედაქტორი. 1920-იან წლებში მიემხრო ფაშისტებს. ავტორია მუსოლინის შესახებ დაწერილი წიგნისა.
[41] იგულისხმება სახელგანთქმული „აპრილის თეზისები“, რომლებიც ჩამოყალიბებულია ლენინის სტატიაში „პროლეტარიატის ამოცანებზე ამ რევოლუციაში“. იხ. ლენინი, თხზულებანი, მეოთხე გამოცემა, ტ. 24, 1951, გვ. 3-9.
[42] საგულისხმოა ანდრეი პლატონოვის კომენტარი მოგონებების ამ მონაკვეთზე 1936 წელს დაწერილი ესსედან „პუშკინი და გორკი“: „თავის სტატიაში ვ. ი. ლენინის შესახებ გორკი წერს თავის განწყობებზე 1917-1918 წლებში: „ნაკლებად მწამდა მასის გონიერება საერთოდ, გლეხური მასისა კი — განსაკუთრებით“. აქ გორკი შეცდომას უშვებს: ის თვითონ ხომ სწორედ მასების იმ გონიერების წარმომადგენელი იყო, რომლისაც ვითომდა არ სწამდა. საიდან მომდინარეობდა ეს? გორკი თავად განმარტავს: „მეცნიერული, ტექნიკური — საერთოდ, კვალიფიციური ინტელიგენცია, ჩემი აზრით, რევოლუციური იყო თავისი არსით“. ახლა უკვე ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ამ ნათქვამში უზუსტობაა. ამგვარი „მექანიკური“ რევოლუციურობა ქვეყნად არ არსებობს და ამ შემთხვევაში სწორედ ვ. ი. ლენინია და არა გორკი ხალხის პუშკინისეული გაგების მატარებელი, იმ გაგებისა, რომ გონიერებისა და რევოლუციურობის თვალსაზრისით პრიორიტეტი სწორედ ხალხს აქვს ინტელიგენციის წინაშე. <…> გორკის – ყოველთვის არა, თუმცა თავისი ცხოვრების ზოგიერთ წლებში – მხოლოდ ინტელიგენციაში კონდესირებული გონიერებისა სწამდა, –– თითქოს ხალხის ფიზიკური შრომა არ საჭიროებდეს გონიერებას და რომ მისი, ამ შრომის, შესრულება უგუნურ არსებებსაც შეეძლოთ, თითქოს გონება არ იდგეს ყველაზე ახლოს პრაქტიკასთან და თითქოს ყვლეფით განაწამები ადამიანები ნებისმიერ ინტელიგენტზე მეტს არ ფიქრობდნენ თავიანთ ბედზე. გარდა ამისა, ერთიანი ინტელიგენცია არასდროს არსებულა. ერთია, ვთქვათ, ჩერნიშევსკი და დობროლიუბოვი და სხვაა, სიტყვაზე, მერეჟკოვსკი და ბუნინი. ინტელიგენცია იმდენგვარია, რამდენიცაა კლასი. ხოლო თუ ცალკე სამეცნიერო-ტექნიკურ ინტელიგენციაზე ვისაუბრებთ, რომელსაც სოციალიზმში მიუძღვება, ვითომდა, თავისი პროფესია, ინჟინერული შრომის ავტომატური მიზანშეწონილება, მსოფლიო გეგმიურობასა და ჰარმონიულ საზოგადოებას რომ მოითხოვს, მაშინ, სავარაუდოდ, გორკი მხოლოდ ინჟინრებსა და მეცნიერებს შორის არტისტული ბუნებით გამორჩეულ ისეთ იშვიათ ინდივიდებს უნდა გულისხმობდეს, როგორებიც არიან ტიმირიაზევი, აინშტაინი და კიდევ რამდენიმე. ეს არ პასუხობს გორკის აზრს. სოციალიზმისკენ მიგვიძღვება ისტორიული აუცილებლობა და ცოცხალი გონიერი გრძნობა; სხვა გზა ინტელიგენტებისთვისაც არ არსებობს“ (Платонов А. Сочинения, т. 6, кн. третья. М., 2023, с. 44-45).
[43] პარტიული სკოლა კუნძულ კაპრიზე („კაპრის სკოლა“, ოფიციალური დასახელება — „პირველი სოციალ-დემოკრატიული პროპაგანდისტულ-აგიტატორული უმაღლესი სკოლა მუშებისთვის“) ბოლშევიკების ფრაქციისაგან ფილოსოფიური („ღვთისმშენებლობა“, „ემპირიომონიზმი“) და პოლიტიკურ-ტაქტიკური („ოტზოვიზმი“, „ულტიმატიზმი“) უთანხმოებების გამო გამიჯნული ინტელექტუალების ჯგუფმა (ა. ლუნაჩარსკი, ა. ბოგდანოვი, გ. ალექსინსკი) დააარსა მაქსიმ გორკის მონაწილეობითა და ხელშეწყობით (გორკი იმ პერიოდში იზიარებდა ლუნაჩარსკისა და ბოგდანოვის იდეებს). მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკების პარტიამ დაგმო კაპრიზე პარტიული სკოლის გახსნა, როგორც „ფრაქციული წამოწყება, „ოტზოვისტების“ (სიტყვიდან „отзыв“ — გამოწვევა, გამოხმობა; ანუ დუმიდან დეპუტატების გამოხმობის, სოციალ-დემოკრატების მიერ ლეგალურ დაწესებულებებში მუშაობის შეწყვეტის მომხრეების) მცდელობა, შეექმნათ თავიანთი ფრაქციის საორგანიზაციო ცენტრი“ და პარტიიდან გარიცხა მათი ლიდერი ა. ბოგდანოვი, სკოლის მეცადინეობები მაინც დაიწყო. რუსეთიდან ჩამოსული პარტიული აქტივისტები ისმენდნენ ლექციებს პოლიტიკურ ეკონომიაზე, რევოლუციების, პროფესიული მოძრაობისა და გერმანული სოციალ-დემოკრატიის, რუსული სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შესახებ, რუსეთის ისტორიაზე, აგრარულ პროგრამაზე, სინდიკალიზმსა და ფინანსებზე, რუსული ლიტერატურის ისტორიაზე. ლექტორებად აგრეთვე მოწვეულნი იყვნენ ვ. ლენინი, ლ. ტროცკი, გ. პლეხანოვი, კ. კაუცკი, რომელთაგან წინანადებას მხოლოდ ტროცკი დათანხმდა (თუმცა კი მონაწილეობა არ მიუღია), ლენინმა უარი თქვა ლექციების წაკითხვაზე, პლეხანოვმა მოწვევა უპასუხოდ დატოვა, კაუცკიმ კი მოუცლელობა მოიმიზეზა. 1909 წლის ბოლოს სკოლის ლექტორები და მოსწავლეების ის ნაწილი, რომელიც არ გადასულა ლენინთან და ბოლშევიკებთან, ა. ბოგდანოვისა და გ. ალექსინსკის ინიციატივით შექმნილ ჯგუფში „Вперед“ გაერთიანდნენ.
[44] ვლადიმირ სტეკლოვი (1863-1926) — რუსი და საბჭოთა მათემატიკოსი და მექანიკოსი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1912), საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1919-1926). ლევ ჩუგაევი (1873-1922) — გამოჩენილი რუსი და საბჭოთა ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი. ალექსანდრ ფერსმანი (1883-1945) — რუსი და საბჭოთა მინერალოგი, კრისტალოგრაფი და გეოქიმიკოსი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1926-1929). სერგეი კოსტიჩევი (1877-1931) — რუსი ფიზიოლოგი, ბიოქიმიკოსი, მიკრობიოლოგი. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ალექსეი პეტროვსკი (1873-1942) — გამოჩენილი რუსი და საბჭოთა მეცნიერი, რადიოტექნიკოსი, გეოფიზიკოსი, გამომგონებელი.
[45] ივან ვოლნი (ნამდვილი გვარი: ვოლნოვი) (1885-1931) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, მწერალი. 1903 წელს გაწევრიანდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში, ეწეოდა პროპაგანდას გლეხობაში, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1905-1907 წლების რევოლუციაში. არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული. 1908 წელს მცენსკის პოლიციის მაღალჩინოსანზე თავდასხმის გამო ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1910 წელს გაიქცა. 1910-1917 წლებში ცხოვრობდა იტალიაში. ემიგრაციაში დაიწყო მხატვრული ნაწარმოებების გამოქვეყნება. 1911 წელს კუნძულ კაპრიზე გაიცნო მ. გორკი, რომლის რჩევითაც დაწერა თავისი საუკეთესო ნაწარმოები — ავტობიოგრაფიული ტრილოგია „ჩემი ცხოვრების ამბავი“ (შესაძლოა, ლენინი ვოლნის სწორედ ამ ნაწარმოებს გულისხმობდა). თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა, აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. არჩეულ იქნა დროებითი მთავრობის კომისრად მალოარხანგელსკის მაზრაში და დამფუძნებელი კრების წევრად. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ვოლნი, როგორც ესერი, მონაწილეობდა ანტიბოლშევიკურ გლეხთა მოძრაობაში, რის გამოც რამდენიმეჯერ დააპატიმრეს, თუმცა გორკისა და ლენინის შუამავლობით გაათავისუფლეს. 1920-იან წლებში ცხოვრობდა ს. ბოგოროდიცკოეში. 1928-1929 წლებში ვოლნიმ სორენტოში მოინახულა გორკი. გარდაიცვალა 1931 წელს (ერთი ვერსიით, ალკოჰოლიზმისგან დაიღუპა, ხოლო მეორე ვერსიის თანახმად –– მოკლეს).
[46] ალექსანდრ სკოროხოდოვი (1880-1919) — რუსი მუშა-რევოლუციონერი, რსდმპ-ის წევრი 1912 წლიდან, ბოლშევიკი. 1917-1918 წლებში ხელმძღვანელობდა მუშათა დეპუტატების სარაიონო საბჭოსა და რსდმპ (ბ)-ის კომიტეტს პეტროგრადის ერთ-ერთ უბანში (Петроградская сторона), აორგანიზებდა მუშებს შეიარაღებული აჯანყებაში მონაწილეობისთვის. დაიღუპა „პროდრაზვერსტკის“ (Продразверстка, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იძულებითი კონფისკაცია „სამხედრო კომუნიზმის“ პერიოდში) დროს უკრაინაში. ზოგიერთი ცნობის თანახმად, პეტლიურელებმა დახვრიტეს, სხვა ვერსიით – თეთრგვარდიელებმა.
[47] ეკატერინა პეშკოვა (1876-1965) — რუსი და საბჭოთა საზოგადო მოღვაწე და უფლებადამცველი, მაქსიმ გორკის პირველი და ერთადერთი ოფიციალური ცოლი. 1905 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის გავლენიანი წევრი, 1917 წელს შედიოდა პარტიის ცკ-ში. 1907-1914 წლებში ვაჟთან ერთად ცხოვრობდა ემიგრაციაში, უმთავრესად პარიზში. მუშაობდა „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციებში. 1922-1937 წლებში სათავეში ედგა პოლიტპატიმართა დახმარების საზოგადოებას (პოლიტიკური წითელი ჯვარი). სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა გორკის არქივის კონსულტანტად.
[48] გორკის მოგონებების პირველ ვარიანტში ლენინის სიტყვები ტროცკის შესახებ განსხვავდება იმათგან, რომელთაც საბოლოო ვერსიაში ვხვდებით. 1930 წელს, როდესაც გორკიმ ხელახალი გამოცემისთვის ტექსტის მომზადება დაიწყო უკვე აქტიურად მიმდინარეობდა შიდაპარტიულ ბრძოლაში დამარცხებული და სსრკ-დან განდევნილი ლ. ტროცკის გაშავებისა და მისი რევოლუციური დამსახურებების დაკნინების კამპანია, რომელსაც, მართალია, მაშინ ჯერ იმდენად შორს არ შეუტოპავს, რომ ტროცკის იმპერიალიზმისა და ფაშიზმის აგენტად მოხსენიება და პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე მისი დამსახურებების სრული უარყოფა ყოფილიყო აუცილებელი (როგორც ეს რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო სტალინური პროპაგანდის მანქანამ) და შესაძლებელი, მაგრამ მისი ფიგურის დადებითი შეფასება რთულად თუ გაიჭაჭანებდა საბჭოთა ლიტერატურაში, ამიტომ გორკიც იძულებული იყო, ხარკი გადაეხადა კონიუნქტურისთვის, შეეცვალა ლენინის მიერ ტროცკის შესახებ ნათქვამი იმ სიტყვების აღტაცებული ტონი, რომელთაც მოგონების თავდაპირველ რედაქციაში ვკითხულობთ. სამართლიანობის აღსადგენად მოგვყავს შესაბამისი ადგილი მოგონებების პირველი გამოცემიდან:
„მისი საქებარი სიტყვებით გაკვირვებულმა, აღვნიშნე, რომ ბევრისთვის ეს შეფასება მოულოდნელი იქნებოდა.
— კი, კი, — ვიცი! რაღაცას ტყუიან მისდამი ჩემს დამოკიდებულებაზე. ბევრს ტყუიან და, მგონი, განსაკუთრებით ბევრს ჩემსა და ტროცკის შესახებ.
მან მაგიდას დაჰკრა ხელი და თქვა:
— ერთი გვანახონ სხვა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთ წელიწადში თითქმის სამაგალითო არმიის ორგანიზება და თან სამხედრო სპეციალისტების პატივისცემის მოპოვება. ჩვენ ასეთი ადამიანი გვყავს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს! და სასწაულებიც იქნება!“
გერმანელი ფილოსოფოსის, იურისტის, დრამატურგისა და გერმანიის მუშათა მოძრაობისა და სოციალ-დემოკრატიის სათავეებთან მდგარი ფერდინანდ ლასალის (1825-1864) ფიგურასთან ტროცკის შედარება, გარკვეული აზრით, არ არის საფუძველს მოკლებული: ტროცკიც ისეთივე დიდი ორატორული ნიჭის პატრონი იყო, როგორც ლასალი; არც პატივმყოვარეობა — თვისება, რომელსაც ლასალის პიროვნების დახასიათებისას გამოყოფდნენ თანამედროვეები, — ყოფილა ტროცკისთვის უცხო. მაგრამ ეს უფრო გორკის, როგორც მწერლის, გამჭრიახობაზე მეტყველებს: საკუთარი ნაწერის შეცვლის საჭიროების წინაშე დამდგარმა, მან მაქსიმალურად სცადა, იგი რეალობასთან დაეახლოვებინა. სამწუხაროდ, ეს ვითომდა ლენინის დახასიათება ტროცკის პიროვნებისა გავრცელდა საერთაშორისო მემარცხენე მოძრაობაში. მაგალითად, ტროცკის ფიგურის შეფასებისას, მას იმოწმებს ისეთი მნიშვნელოვანი მარქსისტი ავტორი, როგორიც გეორგ ლუკაჩია. თავის ავტობიოგრაფიულ საუბრებში ლუკაჩი ამბობს: „ამას წინათ გორკის მიმოწერის ბოლო ტომში წავიკითხე, რომ ლენინს ერთხელ უთქვამს, ტროცკის სამოქალაქო ომში დიდი დამსახურებები მიუძღვისო, რომ ის მიეკუთვნებოდა მათ [ბოლშევიკებს], მაგრამ მათი ადამიანი არ ყოფილა და რომ მისი ამ უარყოფითი თვისებით იგი ლასალს ენათესავება. ამ შედარებას აბსოლუტურად ვიზიარებ“ (Лукач Д. Прожитые мысли. Автобиография в диалоге. С.-П., „Владимир Даль“. გვ. 169.). სხვა ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ, ეს შეფასება („ჩვენთან არის, მაგრამ — ჩვენი არ არის!“) აშკარა კონტრასტშია ლენინისვე სიტყვებთან: „ტროცკიმ დიდი ხნის წინ თქვა, რომ [ბოლშევიკებისა და მენშევიკების] გაერთიანება შეუძლებელია. ტროცკიმ ეს გააცნობიერა და მას შემდეგ მასზე უკეთესი ბოლშევიკი არ ყოფილა“ (ვ. ლენინის სიტყვა რსდმპ (ბ)-ის პეტერბურგის კომიტეტის 1 (14) ნოემბერს ჩატარებულ სხდომაზე // https://leninism.su/works/99-v-i-lenin-neizvestnye-dokumenty-1891-1922/3634-dokumenty-1917-g-noyabr-dekabr.html).
[49] გრიგორი ალექსინსკი (1979-1967) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, სოციალ-დემოკრატი, ბოლშევიკი (1905-1908). 1905 წელს იყო ბოლშევიკთა მოსკოვის კომიტეტის აგიტატორი, ამავე წელს გახდა პარტიის პეტერბურგის კომიტეტის წევრი. თანამშრომლობდა სხვადასხვა პარტიულ გამოცემებში. 1907 წელს არჩეულ იქნა სახელმწიფო დუმის მეორე მოწვევის დეპუტატად, გამოირჩეოდა ორატორული უნარებით. მეორე დუმის დათხოვნის შემდეგ ემიგრირდა. შედიოდა ბოლშევიკური ფრაქციის შიგნით შექმნილ „ვპერიოდ“-ის ჯგუფში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ იდგა სოციალ-შოვინისტურ პოზიციებზე, თანამშრომლობდა მონარქისტულ პრესასთან. 1917 წელს დაბრუნდა რუსეთში და პლეხანოვის ჯგუფ „Единство“ – ს (ერთობა) შეუერთდა. მონაწილეობდა ბოლშევიკების ირგვლივ ატეხილ ცილისმწამებლურ კამპანიაში, აბრალებდა რა გერმანიის გენშტაბისაგან დაფინანსების მიღებას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეწინააღმდეგებოდა ბრესტის ზავის დადებას, რის გამოც ჩეკა-მ დააპატიმრა. 1919 წელს, თავდებით გათავისუფლების შემდეგ, ალექსინსკი ემიგრირდა, მხარს უჭერდა თეთრებს, თანამშრომლობდა კონტრრევოლუციურ გამოცემებთან. გარდაიცვალა პარიზში.
[50] რომან მალინოვსკი (1876-1918) — პოლიციის აგენტი და პროვოკატორი. ადრე დაობლებულმა, სიყწმაწვილეში კრიმინალურ ცხოვრებას მიჰყო ხელი; მონაწილეობდა ყაჩაღობებისა და ქურდობების სერიაში, რისთვისაც არაერთხელ გაასამართლეს და დააპატიმრეს. პარალელურად დაეუფლა დურგლის პროფესიას. 1901-1905 წლებში მსახურობდა ჯარში. 1906 წელს შეუერთდა მუშათა მოძრაობას, გახდა რსდმპ-ის წევრი, მონაწილეობას იღებდა მეტალურგთა პროფკავშირის საქმინობაში. ემხრობოდა ბოლშევიკებს. 1910 წლიდან გახდა საიდუმლო პოლიციის („ოხრანკას“) აგენტი და ინფორმატორი. 1912 წელს, პრაღაში მოწყობილ კონფერენციაზე, გაიცნო ლენინი და კარგი შთაბეჭდილება დატოვა მასზე, მოიპოვა მისი და სხვა თანაპარტიელების ნდობა და გახდა ბოლშევიკების ფრაქციის ცკ-ის წევრი. წარადგენდა ბოლშევიკებს სახელმწიფო დუმაში, იყო დუმის ფრაქციის ლიდერი. მიუხედავად თანაპარტიელების ეჭვებისა და მენშევიკებისა და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა ბრალდებებისა, ლენინს მალინოვსკის აგენტობის არ სჯეროდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მალინოვსკი გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდა. 1918 წელს დაბრუნდა რუსეთში და ნებაყოფლობით ჩაბარდა რევოლუციურ მართლმსაჯულებას, რომელმაც დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენი სისრულეში მოიყვანა.
[51] არტემი ხალატოვი (არტაშეს ხალატიანცი) (1894-1938) — საბჭოთა პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 1912 წელს ჩააბარა მოსკოვის კომერციულ უნივერსიტეტში, სტუდენტობის პერიოდში შეუერთდა რევოლუციურ მოძრაობას. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო მოსკოვის სასურსათო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გახდა მოსკოვის სურსათისა და ტრანსპორტის სახალხო კომისარი. 1918-1922 წლებში იყო სურსათის სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი. 1921-1931 წლებში თავმჯდომარეობდა მეცნიერთა ყოფაცხოვრების გაუმჯობესების კომისიას. 1927-1929 წლებში იყო გ. პლეხანოვის სახელობის მოსკოვის სახალხო მეურნეობის უნივერსიტეტის რექტორი. 1929 წელს სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო გამომცემლობას. შეეწირა 30-იანი წლების პოლიტიკურ რეპრესიებს.
