ლევ ტროცკი — ლენინის ავადმყოფობა

პირველი შვებულება კომინტერნის[I] მეორე კონგრესის წინ, 1920 წლის გაზაფხულზე, ავიღე. დაახლოებით ორი თვე მოსკოვის შემოგარენში გავატარე. მთელ დროს მკურნალობასა (ამ დროისათვის სერიოზული მკურნალობა დავიწყე) და მანიფესტზე[II] (რომელიც უახლოეს წლებში კომინტერნის პროგრამის მაგივრობას სწევდა)  გულმოდგინე მუშაობას ვანდომებდი. არც ნადირობას ვივიწყებდი. დაძაბული წლების შემდეგ დასვენება ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ ამისი ჩვევა არ მქონდა. სეირნობა არც ადრე მანიჭებდა სიმშვიდეს და არც — ახლა. ნადირობის ხიბლი კი იმაში მდგომარეობს, რომ ის გონებაზე ისე მოქმედებს, როგორც მალამო — ჭრილობაზე.

1922 წლის მაისის დასაწყისში, კვირა დღეს, მოსკვა-რეკას ძველ კალაპოტში ბადით ვთევზაობდი. წვიმდა, ბალახი სველი იყო. ფეხი დამიცურდა, დავეცი და ფეხის მყესები დავიშავე. სერიოზული არაფერი ჩანდა, მაგრამ რამდენიმე დღე ლოგინში უნდა გამეტარებინა. მესამე დღეს ბუხარინი[III] მეწვია. „თქვენც ლოგინში ხართ!“ — წამოიძახა მან შეძრწუნებულმა.  „კიდევ ვინ არის ჩემ გარდა?“ — შევეკითხე მე. „ილიჩი მძიმედ არის: შეტევა — ვერ დადის, ვერ მეტყველებს. ექიმები დაბნეულნი არიან“.

ლენინი ძალიან ზრუნავდა თავისი თანამშრომლების ჯანმრთელობაზედა ხშირად იგონებდა რომელიღაც ემიგრანტის სიტყვებს: მოხუცები ამოწყდებიან, ახალგაზრდები — დანებდებიან. „განა ბევრმა იცის ჩვენთან, რა არის ევროპა, რა არის მსოფლიო მუშათა მოძრაობა? სანამ ჩვენს რევოლუციასთან მარტონი ვართ, — იმეორებდა ლენინი, — ჩვენი პარტიის ლიდერების საერთაშორისო გამოცდილება შეუცვლელია“. ლენინი კენჭივით ჯანმრთელ კაცად ითვლებოდა. ის უსაზღვროდ აქტიური, წინდახედული, გაწონასწორებული და მხიარული ადამიანი გახლდათ. კომინტერნის პირველი კონგრესის პერიოდში[IV], ლენინის დაღლილმა იერმა, აღელვებულმა ხმამ და ავადმყოფის ღიმილმა შემზარა. არაერთხელ მითქვამს მისთვის, რომ ზედმეტ ენერგიას ახარჯავდა მეორეხარისხოვან საქმეებს. მეთანხმებოდა, მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო. ზოგჯერ თავის ტკივილს უჩიოდა, ისიც — სხვათა შორის, ცოტა მორიდებულად. მაგრამ ორი-სამი კვირაც ჰყოფნიდა აღსადგენად. გვეგონა, ძალა არასდროს გამოელეოდა.

1921 წლის ბოლოს ლენინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 7 დეკემბერს პოლიტბიუროს წევრებს შეატყობინა: „დღეს მივემგზავრები. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს წილი შემიმცირდა და დასვენების დრო მომემატა, საშინლად გაძლიერდა უძილობა. ვშიშობ, რომ ვერც პარტიის კონფერენციაზე და ვერც საბჭოების ყრილობაზე მოხსენებას ვერ წავიკითხავ“[1]. დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა სოფლად, მოსკოვთან ახლოს. მაგრამ იქიდან ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებოდა საქმეებს. მიმდინარეობდა გენუის კონფერენციისთვის მზადება[2]. 23 იანვარს (1922)  ლენინი სწერს პოლიტბიუროს წევრებს: „ახლახან ჩიჩერინისგან[V] ორი წერილი მივიღე (ერთი 20 რიცხვის, მეორე — 22-ის). იგი სვამს შეკითხვას, იქნებ, გვარიანი კომპენსაციის გულისათვის, დავთანხმდეთ ჩვენს კონსტიტუციაში პატარა ცვლილებების შეტანას, კერძოდ, დავუშვათ საბჭოებში პარაზიტული ელემენტების წარმომადგენლობა. გავაკეთოთ ეს ამერიკელებისთვის საამებლად. ჩიჩერინის ეს წინადადება, ჩემი აზრით, იმის საბუთია, რომ იგი დაუყოვნებლივ უნდა გაემგზავროს სანატორიუმში. ყოველგვარი გულგრილობა ამ საქმეში, მისი შესრულების გადავადება და მისთ., ჩემი აზრით, ყველა მოლაპარაკებისთვის უდიდეს საფრთხეს მოასწავებს“[3]. ამ ბარათის თითოეულ სიტყვაში, სადაც პოლიტიკური ულმობლობა შეზავებულია ეშმაკურ გულკეთილობასთან, ცოცხლობს და სუნთქავს ლენინი.

ლენინის ჯანმრთელობა უფრო და უფრო უარესდებოდა. მარტში თავის ტკვილები გაუძლიერდა. თუმცა ექიმებმა ვერაფერი ორგანული დაზიანება ვერ აღმოუჩინეს და ხანგრძლივი დასვენება ურჩიეს. ლენინი თითქმის არ ტოვებდა მოსკოვთან ახლოს მდებარე სოფელს, სადაც მაისის დასაწყისში პირველი შეტევა დაემართა[4].

ლენინი, თურმე, მესამე დღე იყო, რაც ავადმყოფობდა. რატომ მაშინვე არ შემატყობინეს? იმ დროს ეჭვი არაფერში შემპარვია. ბუხარინი სავსებით გულწრფელი იყო, ამბობდა იმას, რაც „უფროსებმა“ ჩააგონეს. იმ პერიოდში ბუხარინი ჩემდამი განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ავლენდა, ისე, როგორც მას სჩვეოდა — ნახევრადისტერიულად, ნახევრადბავშვურად. ლენინის ავადმყოფობის შესახებ ნაამბობი ბუხარინმა იმით დაასრულა, რომ ლოგინში ჩამივარდა, ჩამეხვია და მოთქმას მოჰყვა: „არ იავადმყოფოთ, გემუდარებით, არ იავადმყოფოთ… არსებობს ორი ადამიანი, ვისი სიკვდილიც ვერ წარმომიდგენია… ეს ხართ თქვენ და ილიჩი“. გონზე რომ მომეყვანა, ვამშვიდებდი. იგი ხელს მიშლიდა, ვკონცენტრირებულიყავი მღელვარებაზე, რომელიც ჩემში მის მიერ მოტანილმა ამბავმა გამოიწვია. დარტყმა გამანადგურებელი იყო. თითქოს თავად რევოლუციამ შეიკრა სუნთქვა.

თავის ჩანაწერებში ნ. ი. სედოვა[VI] იხსენებს: „ლენინის ავადმყოფობის შესახებ ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. თითქოს, აქამდე არავის გაუვლია აზრად, რომ ლენინი შეიძლება ავად გახდეს. ბევრისთვის ცნობილი იყო, როგორ უფრთხილდებოდა ლენინი სხვების ჯანმრთელობას, თავისას კი არასდროს უჩიოდა. დიდი დატვირთვის შედეგად რევოლუციონერთა ძველ თაობაში თითქმის ყველას გული აწუხებდა. „უმეტესობის ძრავა მწყობრიდან გამოდის“, — ეუბნებოდა ლევ დავიდოვიჩს პროფესორი გეტიე[VII], — მხოლოდ ორი გულია გამართული: ვლადიმერ ილიჩისა და თქვენი. ასეთი გულებით ას წლამდე მიაღწევთ“. უცხოელი ექიმების გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ მათ მიერ მოსკოვში მოსმენილ გულებს შორის უნაკლო ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ ლენინისა და ტროცკის გულები. როდესაც ლენინის ჯანმრთელობა, ბევრისთვის მოულოდნელად, შეირყა, ეს აღქმულ იქნა გარდატეხად თვით რევოლუციაში. ნუთუ ლენინს შეუძლია, იავადმყოფოს და მოკვდეს, როგორც უბრალო მოკვდავი? აუტანელი იყო იმაზე ფიქრი, რომ ლენინმა მოძრაობისა და მეტყველების უნარი დაკარგა. გვჯეროდა, რომ ყველაფერს გადალახავდა, წამოდგებოდა და გამოჯანმრთელდებოდა…“ ასეთი იყო მთელი პარტიის განწყობა.

მოგვიანებით, როდესაც ლენინის ავადმყოფობაზე ვფიქრობდი, ისევ ცინცხალი გაკვირვებით ვიხსენებდი, რომ ამის შესახებ მხოლოდ მესამე დღეს შემატყობინეს. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. ისინი, ვინც ჩემს მოწინააღმდეგეებად ქცეულიყვნენ, პირველ რიგში კი — სტალინი, დროის მოგებას ცდილობდნენ. ლენინს ისეთი დაავადება სჭირდა, რომელიც, შეიძლებოდა, უეცრად ტრაგიკულად დამთავრებულიყო და მეორე დღესვე — თუ იმ დღესვე არა —ხელმძღვანელობის საკითხები დადგებოდა მწვავედ. მოწინააღმდეგენი საჭიროდ მიიჩნევდნენ თუნდაც ერთი დღის მოგებას. ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და ბრძოლის გზებსა და ხერხებს სახავდნენ. ამ დროისთვის ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, „ტროიკის“ იდეაც (სტალინი — ზინოვიევი — კამენევი), რომელიც, სავარაუდოდ, მე უნდა დამპირისპირებოდა. მაგრამ ლენინი გამოჯანსაღდა. უდრეკი ნებისყოფის ხელშეწყობით, ორგანიზმმა გიგანტური ძალისხმევა გამოიჩინა. ტვინი, რომელმაც სისხლის უკმარისობისგან ბგერებისა და ასოების შეერთების უნარი დაკარგა, უეცრად გამოცოცხლდა.

მაისის ბოლოს სათევზაოდ გავემგზავრე მოსკოვიდან 80 ვერსის მოშორებით. იქ აღმოჩნდა ლენინის სახელობის საბავშვო სანატორიუმი. ბავშვები ტბის გასწვრივ მომყვებოდნენ, შეკითხვებს მაყრიდნენ ვლადიმირ ილიჩის ჯანმრთელობაზე, ჩემი შუამავლობით მინდვრის ყვავილები და წერილი გაუგზავნეს. თავად ლენინი ჯერ ვერ წერდა. თავის მდივანს რამდენიმე წინადადება უკარნახა: „ვლადიმირ ილიჩმა დამავალა, მომეწერა, რომ იგი მიესალმება თქვენს აზრს სადგ. პოდსოლნეჩნაიასთან მდებარე სანატორიუმის ბავშვებისთვის მისგან საჩუქრის მირთმევაზე. ვლადიმირ ილიჩი აგრეთვე გთხოვთ, გადასცეთ ბავშვებს, რომ იგი ძალიან მადლიერია მათი წერილიისა და ყვავილებისთვის და გული სწყდება, რომ მოწვევას ვერ დათანხმდება; მას ეჭვიც არ ეპარება, რომ მათთან ერთად აუცილებლად გამოჯანმრთელდებოდა“[5].

ივლისში ლენინი ფეხზე დადგა. მართალია, ოფიციალურ სამსახურს ოქტომბრამდე არ შესდგომია, მაგრამ ყველაფერს თვალყურს ადევნებდა და აკვირდებოდა. გამოჯანმრთელების თვეებში მის ყურადღებას, სხვა საკითხებთან ერთად, ესერების პროცესი[6] იპყრობდა. ესერებმა მოკლეს ვოლოდარსკი[VIII], მოკლეს ურიცკი[IX], მძიმედ დაჭრეს ლენინი, ორჯერ ჰქონდათ ჩემი მატარებლის აფეთქების მცდელობა. ამას იოლად ვერ შეხვედავდით. მართალია, არა იდეალისტური თვალსაზრისით, როგორც ჩვენს მოწინააღმდეგეებს სჩვევიათ, მაგრამ „ისტორიაში პიროვნების როლის“ მნიშვნელობის ფასი კარგად ვიცოდით. ვერ დავხუჭავდით თვალს იმაზე, თუ რა საფრთხე დაემუქრებოდა რევოლუციას, მტრებისთვის მისი ლიდერების განადგურების უფლება რომ მიგვეცა.

ჩვენი ჰუმანიტარი მეგობრები იმ ადამიანთა კატეგორიიდან, რომლებიც არც მწვადს წვავენ და არც შამფურს, ხშირად გვიხსნიდნენ, რომ ზოგადად რეპრესიების საჭიროების გაგება კიდევ შეუძლიათ, მაგრამ დატყვევებული მტრის დახვრეტა სცდება გარდაუვალი თავდაცვის საზღვრებს. ისინი ჩვენგან „დიდსულოვნებას“ მოითხოვნდნენ. კლარა ცეტკინი და სხვა ევროპელი კომუნისტები, რომელთაც მაშინ ჯერ კიდევ ჰყოფნიდათ გამბედაობა, — ლენინისა და ჩემ წინააღმდეგ, — ეთქვათ ის, რასაც ფიქრობდნენ, დაჟინებით ითხოვდნენ, რომ მსჯავრდებულთა სიცოცხლე დაგვენდო. გვთავაზობდნენ, დაპატიმრებით შემოვფარგლულიყავით. მაგრამ პიროვნების რეპრესიის საკითხი რევოლუციურ ეპოქაში სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს იძენს და მის წინააღმდეგ უძლურია აბსტრაქტული ჰუმანისტური ფრაზები. როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა უშუალოდ ძალაუფლებისთვის, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა — სწორედ ეს არის რევოლუცია, — რა მნიშვნელობა აქვს ამ პირობებში იმ ადამიანების დატუსაღებას, რომლებიც უახლოეს კვირებში ძალაუფლების დაუფლებასა და სახელმწიფოს სათავეში მდგომთა დაპტიმრებას ან განადგურებას იმედოვნებენ? პიროვნების  ე. წ. აბსოლუტური ღირებულების თვალსაზრისით, რევოლუცია უნდა „დაიგმოს“, ისევე, როგორც ომი და, ზოგადად, კაცობრიობის მთელი ისტორია. თუმცა თავად პიროვნების ცნება მხოლოდ რევოლუციების შედეგად ჩამოყალიბდა — და ეს პროცესი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა დასრულებისგან. იმისათვის, რომ პიროვნების ცნება გახდეს რეალური და ზიზღნარევი სიტყვა „მასა“ აღარ იყოს პიროვნების ფილოსოფიურად პრივილეგირებული ცნების ანტითეზა, საჭიროა, რომ თავად მასამ რევოლუციის — უფრო ზუსტად კი, რევოლუციათა წყების — ამწეთი თავი ახალ ისტორიულ საფეხურზე აიყვანოს. არ ვიცი, ნორმატიული ფილოსოფიისთვის ეს გზა კარგია, თუ — ცუდი, და არც მინდა ვიცოდე. მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთადერთი გზაა, რომელსაც აქამდე კაცობრიობა იცნობდა.

ეს მოსაზრებანი არასგზით არ წარმოადგენენ რევოლუციური ტერორის „გამართლების“ მცდელობას. ეს მისი ბრალმდებლებისთვის ანგარიშის გაწევის ტოლფასი იქნებოდა. და ვინ არიან ისინი? უდიდესი მსოფლიო სასაკლაოს ორგანიზატორები და ექსპლუატატორები? ახლადგამდიდრებულნი, ნასადილევს „უცნობი ჯარისკაცის“ სახელზე სიგარის კეთილსურნელებას რომ აფრქვევენ? ის პაციფისტები, რომლებიც ომის წინააღმდეგ იბრძოდნენ ომამდე და კვლავაც მზად არიან, გაიმეორონ თავიანთი ამაზრზენი მასკარადი? ლოიდ-ჯორჯი, ვილსონი და პუანკარე, რომლებიც ჰოჰენცოლერნის (და მათი საკუთარი) ბოროტმოქმედებების გამო თავს უფლებამოსილად თვლიდნენ, შიმშილისთვის გაეწირათ გერმანელი ბავშვები?[X] ინგლისელი კონსერვატორები ან ფრანგი რესპუბლიკელები, რუსეთში სამოქალაქო ომს რომ აღვივებდნენ შორიდან და უსაფრთხო ადგილიდან მისი სისხლით ჭრიდნენ ფულებს? ეს გადაძახილი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ჩემთვის საქმე არა ფილოსოფიურ, არამედ პოლიტიკურ გამართლებაში მდგომარეობს. რევოლუცია იმიტომაც არის რევოლუცია, რომ ყველა წინააღმდეგობა დაჰყავს ერთადერთ ალეტერნატივამდე: სიცოცხლე ან სიკვდილი. ნუთუ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ელზასისა და ლოტარინგიის კუთვნილების საკითხის გადასაჭრელად ნახევარ საუკუნეში ერთხელ გვამების მთებს ახოხოლებენ, თავიანთი საზოგადოებრივი ურთიერთობების გარდაქმნას მხოლოდ საპარლამენტო მუცლით მეზღაპრეობით შეძლებენ? ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ჯერ არავის უჩვენებია, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ძველი სამთო ქანების წინააღმდეგობას ფოლადისა და დინამიტის საშუალებით ვტეხდით. და როდესაც მტრები — ხშირად ყველაზე ცივილიზებული და დემოკრატიული ერების თოფებით — გვესროდნენ, ჩვენ მათ საკადრის პასუხს ვაგებებდით. ბერნარდ შოუ კი ამ დროს გამკიცხავად უქნევდა წვერს ერთსაც და მეორესაც. მაგრამ ამ საკრალურ არგუმენტს არავინ აქცევდა ყურადღებას.

1922 წლის ზაფხულში რეპრესიების საკითხმა განსაკუთრებით მწვავე ფორმა მიიღო, რადგან საქმე ამჯერად იმ პარტიის ბელადებს ეხებოდა, რომელიც თავის დროზე ჩვენ მხარდამხარ იბრძოდა ცარიზმის წინააღმდეგ, ხოლო ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ტერორის იარაღი ჩვენკენ შემოაბრუნა. იმ ესერებმა, რომლებიც ჩვენ მხარეს გადმოვიდნენ, გაგვიმხილეს, რომ უმნიშვნელოვანესი ტერორისტული აქტები არა ერთეულების, როგორც თავიდან გვეგონა, არამედ პარტიის მიერ იყო ორგანიზებული, თუმცა კი იგი ვერ ბედავდა მის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე ოფიციალური პასუხისმგებლობის აღებას. სასიკვდილო განაჩენი ტრიბუნალის მხრიდან გარდაუვალი იყო. მაგრამ მისი აღსრულება უეჭველად ტერორის საპასუხო ტალღას გამოიწვევდა. მხოლოდ ციხეში გამომწყვდევა (თუნდაც მრავალი წლით) უბრალოდ წაახალისებდა ტერორისტებს, რადგან მათ ყველაზე ნაკლებ სწამდათ საბჭოთა ხელისუფლების დღეგრძელობის. არ არსებობდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ განაჩენის აღსრულება იმაზე გაგვეხადა დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა პარტია ტერორისტულ ბრძოლას. სხვა სიტყვებით: პარტიის ბელადები მძევლად უნდა აგვეყვანა.

ჩემი პირველი პაემანი ლენინთან შედგა მისი გამოჯანმრთელების შემდეგ, სწორედ იმ დროს, როცა სოციალისტ-რევოლუციონერებს ასამართლებდნენ.  იგი მაშინვე შემოუერთდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მე შევთავაზე: „სწორია, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“.

გამოჯანმრთელების გამო ლენინი აშკარად ფრთაშესხმული იყო, მაგრამ მასში მაინც ცოცხლობდა შინაგანი მღელვარება. „გესმით, — ამბობდა ის გაკვირვებული, — არც ლაპარაკი, არც წერა არ შემეძლო, ახლიდან მომიწია ყველაფრის ათვისება…“

ოქტომბერში[7] ლენინი ოფიციალურად დაუბრუნდა სამსახურს, პოლიტბიუროსა და სახკომსაბჭოს თავმჯდომარეობდა, ხოლო ნოემბერში საპროგრამო სიტყვებს ამბობდა, რაც, როგორც ჩანს, მის სისხლის მიმოქცევის სისტემას ძვირად უჯდებოდა.

ლენინი გრძნობდა, რომ მისი ავადმყოფობის გამო ჩვენს ზურგს უკან უხილავი შეთქმულება იხლართებოდა. ეპიგონები ჯერ კიდევ არ წვავდნენ და არ აფეთქებდნენ ხიდებს. მაგრამ სადღაც-სადღაც უკვე ნაღმებს დებდნენ და, ყოველ ხელსაყრელ მომენტში, ჩემი წინადადებების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ისე გულდასმით ამზადებდნენ ასეთი სახის გამოსვლებს, თითქოს დამოუკიდებლობაში ვარჯიშობდნენ. სამუშაოს დაბრუნებული ლენინი მღელვარებით აღნიშნავდა ათი თვის მანძილზე მომხდარ ცვლილებებს. თუმცა, ურთიერთობები რომ არ დაეძაბა, მათზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა. „ტროიკასთან“ გასამკლავებლად ემზადებოდა და დაიწყო კიდეც ცალკეულ საკითხებში.

იმ ათობით სხვა მიმართულებას შორის, რომელთაც მე პარტიული წესით ვხელმძღვანელობდი, ანუ გაუცხადებლად და არაოფიციალურად, იყო ანტირელიგიური პროპაგანდაც, რომელიც ლენინს უაღრესად აინტერესებდა. მას დაჟინებით და არაერთხელ უთხოვია ჩემთვის, ამ დარგისათვის თვალი არ მომეშორებინა. გამოჯანმრთელების დღეებში როგორღაც შეიტყო, რომ სტალინი აქაც მანევრირებს ჩემ წინააღმდეგ იმით, რომ ანახლებს ანტირელიგიური პროპაგანდის აპარატს და მე გვერდით მაჩოჩებს. ლენინმა სოფლიდან წერილი მისწერა პოლიტბიუროს, სადაც, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, კაუცკის წინააღმდეგ ჩემი პოლემიკური წიგნის[XI] ციტატები მოიყვანა, ამასთან, არც ქება დაიშურა ავტორისათვის, რომელიც ისევე, როგორც წიგნი, არ დაუსახელებია. გულწრფელად თუ ვიტყვი, მაშინვე ვერ ჩავწვდი, რომ ამით ლენინი ირიბად ჰგმობდა ჩემ წინააღმდეგ მიმართულ მანევრებს. ანტირელიგიური პროპაგანდის ხელმძღვანელად, ჩემი მოადგილის რანგში, იაროსლავსკი[XII] დაინიშნა. როდესაც ლენინმა, სამსახურში დაბრუნების შემდეგ, ამის შესახებ გაიგო, გააფთრებით დააცხრა მოლოტოვს, ანუ, სინამდვილეში, სტალინს: ია-რო-სლავ-სკი? ნუთუ არ იცნობთ ია-რო-სლავ-სკის? ეს ხომ სიცილადაც არ კმარა. როგორ უნდა გაართვას თავი ამ სამუშაოს?“ საქმეში ჩაუხედავებისთვის ლენინის სიფიცხე შეიძლება გადამეტებული ყოფილიყო. მაგრამ საქმე ეხებოდა არა იაროსლავსკის, რომელიც ლენინს, მართალია, დიდად გულზე არ ეხატებოდა, არამედ პარტიის ხელმძღვანელობას. ასეთი ეპიზოდები მრავლად იყო.

სტალინმა, მას მერე, რაც ლენინთან მეტი შეხების წერტილები გაუჩნდა, ანუ განსაკუთრებით ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, მის მიმართ შეფარულ, უსუსურ, მაგრამ მით უფრო გაღიზიანებულ ოპოზიციას თავი მაინც ვერ დააღწია. მიუხედავად უზარმაზარი ამბიციურობისა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობდა, რომ ინტელქტუალურად და მორალურად მეორეხარისხოვანი იყო. როგორც ჩანს, ჩემთან დაახლოება უნდოდა. მოგვიანებით მივუხვდი, როგორ ცდილობდა ფამილარული ურთიერთობების დამყარებას. მაგრამ ჩემთვის მიუღებელი იყო სტალინის ის თვისებები, რომლებიც მოგვიანებით, რევოლუციის დაღმასვლის ეტაპზე, მისი სიძლიერის წყაროდ გადაიქცა: ინტერესების შეზღუდულობა, ემპირიზმი, ფსიქოლოგიური სიტლანქე და პროვინციალისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ცინიზმი, პროვინციალისა, რომელიც მარქსიზმმა კი გაანთავისუფლა მრავალი ცრურწმენისგან, თუმცა არ ჩაუნაცვლებია ისინი თავიდან ბოლომდე გააზრებული და ფსიქოლოგიაში გადასული მსოფლმხედველობით. მისი ზოგიერთი ფრაგმენტული შენიშვნის მიხედვით (რომლებიც თავის დროზე შემთხვევითი მეგონა, თუმცა, სინამდვილეში, ასე არ იყო), სტალინი ჩემთან დაახლოებას იმიტომ ცდილობდა, რომ ლენინის კონტროლი მისთვის აუტანელი იყო და მის წინააღმდეგ მხარდაჭერას ეძებდა. მისი ყოველი ასეთი მცდელობისას მე ინტენსიურად ვიხევდი უკან და გაცლას ვამჯობინებდი. ვფიქრობ, ეს უნდა ყოფილიყო მისი ჩემდამი ცივი, პირველ ხანებში — ლაჩრული, ვერაგული დამოკიდებულების მიზეზი. ის გარშემო იკრებდა ან თავისივე ტიპის ადამიანებს; ან ბრიყვებს, რომლებიც ცდილობდნენ, ზედმეტი ფიქრით არ შეეწუხებინათ თავი; ან განაწყენებულებს. ასეთების ნაკლებობა კი არ იგრძნობოდა.

ეჭვგარეშეა, რომ მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად ლენინისთვის სტალინზე, ზინოვიევსა და კამენევზე დაყრდნობა უფრო მოსახერხებელი იყო, ვიდრე ჩემზე. რამდენადაც ერთთავად საკუთარი თუ სხვისი დროის დაზოგვაზე ზრუნავდა, ლენინი ცდილობდა, შიდა უთანხმოებების დაძლევაზე რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევა დაეხარჯა. მიღებული გადაწყვეტილებების ხორცშესასხმელად მე ჩემეულ მოსაზრებებს, მუშაობის მეთოდებსა და ხერხებს მივმართავდი. ლენინმა ეს კარგად იცოდა და ამის გამო პატივსაც მცემდა. აქედან გამომდინარე, გადასარევად ესმოდა, რომ მისი დავალებების შემსრულებლად არ ვივარგებდი. ამიტომ ყოველდღიურ დავალებებს ის სხვებს აძლევდა. ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს ურთიერთობებში აზრთა სხვადასხვაობა იჩენდა თავს, მის თანაშემწეებს ილუზია ეუფლებოდათ, რომ ლენინთან განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდათ. ასე, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად ლენინმა ჯერ რიკოვი და ციურუპა[XIII] დანიშნა, შემდეგ კა მათ კამენევი დაუმატა. მე ეს არჩევანი მართებულად მივიჩნიე. ლენინს მორჩილი პრაქტიკული თანაშემწეები სჭირდებოდა. ასეთი როლისთვის მე არ ვივარგებდი. მე მხოლოდ მადლიერებას ვგრძნობდი იმის გამო, რომ მოადგილეობა არ შემომთავაზა. ამაში ჩემდამი უნდობლობას კი არ ვხედავდი, პირიქით — ჩემი ხასიათისა და ჩვენი ურთიერთობების დაფასებას. მომავალში ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, ამაში ნათლად დავრწმუნებულიყავი. პირველი და მეორე შეტევის შუალედში ლენინს მთელი ძალით მუშაობა არ შეეძლო. სისხლძარღვების თვალსაზრისითაც არ ჰქონდა ყველაფერი რიგზე. პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე ლენინი ბარათის გადმოსაცემად წამოდგა — ამას საქმის დასაჩქარებლად ხშირად მიმართავდა — და ოდნავ წაბორძიკდა. მე ეს შევნიშნე, რადგან ლენინს სახე შეეცვალა. ეს სასიცოცხლო ცენტრის ერთ-ერთი გაფრთხილება იყო. ამის თაობაზე მას ილუზიები არ გააჩნდა, დღენიადაგ ფიქრობდა, თუ როგორ წარიმართებოდა მუშაობა მის გარეშე და მის შემდეგ. ამ დროს იბადებოდა ლენინის თავში დოკუმენტი, რომელსაც შემდგომ „ანდერძი“[XIV] ეწოდა. ამავე პერიოდში — მეორე შეტევის წინა კვირებში[8] — ლენინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა ჩემი მომავალი მუშაობის შესახებ. პოლიტიკური მნიშვნელობის გამო, მისი შინაარსი რამდენიმე პირს გავუმჟღავნე (რაკოვსკის, სმირნოვს, სოსნოვსკის, პრეობრაჟენსკის[XV] და სხვებს). ეს საუბარი მარტო ამიტომაც მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში.

განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა ჩემთან და ლენინთან დელეგაცია გამოაგზავნა თხოვნით, ჩემს თავზე დამატებით ამეღო სახალხო განათლებისა და საგზაო მიმოსვლის კომისარიატების ხელმძღვანელობა. ლენინმა მკითხა, რა აზრისა ვიყავი ამის თაობაზე. მე ვუპასუხე, რომ, როგორც ყველა სხვა საქმეში, აქაც აპარატის მხრიდან სირთულეებს წავაწყდებოდი. „დიახ, საოცარ ბიუროკრატიზმთან გვაქვს საქმე, — დამეთანხმა ლენინი, — სამსახურს რომ დავუბრუნდი, გაოგნებული დავრჩი… და სწორედ ამიტომაც თქვენთვის არ ღირს, სამხედრო საქმის გარდა, ცალკეული უწყებების საქმიანობაში თავით გადაშვება“. გაცხარებული, აშკარად აღელვებული ლენინი თავის გეგმას მაცნობდა. ძალები, რომელიც მუშაობისთვის უნდა გაეღო, უკვე შეზღუდული ჰქონდა, ამოტომ სამი მოადგილე ჰყავდა. „თქვენ მათ იცნობთ. კამენევი, რა თქმა უნდა, ჭკვიანი პოლიტიკოსია, მაგრამ — უვარგისი ადმინისტრატორი. ციურუპა ავად არის. რიკოვი, ვფიქრობ, ადმინისტრატორია, მაგრამ სახალხო მეურნეობაში უნდა დაბრუნდეს. თქვენ უნდა გახდეთ მოადგილე. საქმის ვითარება ასეთია: პიროვნებების რადიკალური გადაჯგუფება გვესაჭიროება“. მე ისევ აპარატი მოვიმიზეზე, რომელიც სამხედრო უწყებაში მუშაობის დროსაც კი მიქმნიდა სირთულეებს. „ჰოდა, შეანჯღრიეთ აპარატი“, — გამიმეორა ოდესღაც ჩემ მიერ წამოძახებული ფრაზა. მე ვუპასუხე, რომ მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუროკრატიზმი, არამედ — პარტიულიც, რომ ყველა სირთულის არსი ამ ორი აპარატის შერწყმასა და იმ გავლენიანი ჯგუფების ურთიერთმფარველობაში მდგომარეობს, რომლებიც თავს იყრიან პარტიული მდივნების იერარქიის გარშემო. ლენინი დაძაბული მისმენდა და იმ გულითადი ტონით მეთანხმებოდა, რომელიც მაშინ უჩნდებოდა, როდესაც დარწმუნებული იყო, რომ თანამოსაუბრე ყურადღებით უსმენდა. ამ დროს, ყოველგვარი პირობითობის გარეშე, დაუფარავად ეხებოდა ყველაზე მნიშვნელოვანსა და საგანგაშოს. ოდნავი დაყოვნების შემდეგ ლენინმა პირდაპირ მკითხა: „ე.ი. თქვენ მთავაზობთ ბრძოლის წამოწყებას არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუროკრატიის, არამედ ცკ-ის ორგბიუროს წინააღმდეგაც?“[9] მოულოდნელობისგან გამეცინა. ცკ-ის ორგბიურო სტალინის აპარატის ნამდვილ შუაგულს ნიშნავდა. „ასე გამოდის“. „რა გაეწყობა, — გააგრძელა ლენინმა, რომელიც საკითხის ასეთი დასმით აშჯარად კმაყოფილი ჩანდა, — მე თქვენ გთავაზობთ ბლოკს, რომელიც ზოგადად — ბიუროკრატიზმის და კერძოდ — ორგბიუროს წინააღმდეგ იქნება მიმართული“. „კარგ ადამიანთან ბლოკის შექმნა ჩემთვის დიდი პატივია“, — ვუპასუხე მე. უმოკლეს ხანში შეხვედრაზე შევთანხმდით. ლენინმა საქმის ორგანიზაციული მხარის მოფიქრება შემომთავაზა. ის ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის ცკ-თან არსებული კომისიის შექმნას ვარაუდობდა. ჩვენ, ორივე, უნდა შევსულიყავით მასში. ფაქტობრივად, ეს კომისია სტალინის ფრაქციის, როგორც ბიუროკრატიის ხერხემლის, დამანგრეველ ბერკეტად უნდა ქცეულიყო. მას პარტიაში ისეთი ხელშემწყობი პირობები უნდა შეექმნა, რომელიც მე ლენინის მოადგილეობაში ხელს აღარ შემიშლიდა, ხოლო შემდგომში, ლენინის აზრით, სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მისი მემკვიდრეობის შესაძლებლობას მომცემდა[10].

მხოლოდ ამის გათვალისწინებით ხდება ბოლომდე ნათელი ე.წ. „ანდერძის ” აზრი. მასში ლენინი მხოლოდ ექვს პიროვნებას ასახელებს და აწონილ-დაწონილი სიტყვებით იძლევა მათ დახასიათებას. ანდერძის უდავო მიზანს ჩემთვის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის პირობების შექმნა წარმოადგენს. ამის მიღწევა ლენინს, ბუნებრივია, ნაკლები პირადი შეხლა-შემოხლის ხარჯზე სურს. იგი თითოეულის შესახებ უდიდესი სიფრთხილით საუბრობს და მსუბუქ ელფერს აძლევს არსებითად გამანადგურებელ მსჯელობებს. ამავე დროს, დიდი სიფრთხილით მსჯელობს ყველაფერზე. მხოლოდ სტალინის დახასიათებისას გაისმის სხვაგვარი ტონი, რომელიც ანდერძის გვიანდელ მინაწერში, შეიძლება ითქვას, გამანადგურებელიც კია.

ზინოვიევისა და კამენევის შესახებ ლენინი, თითქოს სასხვათაშორისოდ, ამბობს, რომ  1917 წელს მათი კაპიტულაცია „შემთხვევითი“ არ ყოფილა; სხვა სიტყვებით, ეს მათ სისხლში ჰქონდათ გამჯდარი. ცხადია, რომ ასეთი ადამიანები რევოლუციას ვერ უხელმძღვანელებენ, მაგრამ წარსულსაც ნუ დავაყვედრით. ბუხარინი სქოლასტიკოსია და არა — მარქსისტი, სამაგიეროდ, სიმპათიურია. პიატაკოვი ჩინებული ადმინისტრატორია, მაგრამ — უვარგისი პოლიტიკოსი. თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ორნი — ბუხარინი და პიატაკოვი — ცოდნას გაიღრმავებენ. ყველაზე ნიჭიერი ტროცკია, მაგრამ მისი ნაკლია ზედმეტი თავდაჯერებულობა. სტალინი უხეშია, არალოიალური და მიდრეკილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისკენ, რაშიც მას პარტიული აპარატი უწყობს ხელს. იმისთვის, რომ განხეთქილება ავიცილოთ თავიდან, სტალინის კანდიდატურა უნდა მოიხსნას. ეს არის ანდერძის არსი. ის ავსებს და ნათელყოფს იმ წინადადებას, რომლითაც ლენინმა ბოლო საუბრის დროს მომმართა.

ლენინმა სტალინი სათანადოდ მხოლოდ ოქტომბრის შემდეგ შეიცნო. ლენინი მის სიმტკიცესა და პრაქტიკულ ჭკუას აფასებდა, რისი სამი მეოთხედიც მზაკვრობისგან შედგებოდა. ამავე დროს, ლენინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებოდა სტალინის უმეცრებას, პოლიტიკური თვალსაწიერის უკიდურეს შეზღუდულობას, განსაკუთრებულ ზნეობრივ უხეშობასა და განურჩევლობას. გენერალური მდივნის თანამდებობაზე, როგორც ვიცით, სტალინი არჩეულ იქნა ლენინის ნების საწინააღმდეგოდ[11]. ლენინი ამას ეგუებოდა, რადგან იმ დროს თავად მართავდა პარტიას. მაგრამ, როდესაც პირველი ავადმყოფობის შემდეგ შერყეული ჯანმრთელობით სამსახურს მოუბრუნდა, ლენინმა პრობლემის მთელი სისავსით მოგვარება განიზრახა. აქედან გამომდინარეობდა ჩემთან საუბარი, აქედანვე — „ანდერძიც“. ბოლო სტრიქონები 4 იანვარს დაიწერა. მას შემდეგ, სანამ ყველაფერი ჩამოყალიბდა, კიდევ ორი თვე გავიდა. ახლა ლენინი უკვე ამზადებდა არა მხოლოდ სტალინის მოხსნას გენერალური მდივნის თანამდებობიდან, არამედ — პარტიის წინაშე მის დისკვალიფიკაციასაც… საგარეო ვაჭრობის მონოპოლიის, ეროვნული საკითხის, პარტიაში არსებული რეჟიმის, მუშათა და გლეხთა ინსპექციისა და საკონტროლო კომისიის საკითხების გამო ლენინს სისტემატურად და დაჟინებით მიჰყავს საქმე იქამდე, რომ XII ყრილობაზე ბიუროკრატიზმს, რომლის განსახიერებასაც სტალინი წარმოადგენდა, ჩინოვნიკების მანკიერ წრეს, თვითნებობას, განუკითხაობასა და სიტლანქეს ულმობელი დარტყმა მიაყენოს.

შეძლებდა კი ლენინი პარტიული ხელმძღვანელობის გადაჯგუფებას? იმ მომენტში — უეჭველად. ამისი საკმარისი პრეცედენტებიც არსებობდა. ერთ-ერთი მათგანი ცინცხალი და ძალიან შთამბეჭდავი იყო. იმ დროს, როდესაც დასნეულებული ლენინი ჯერ კიდევ სოფელში ცხოვრობდა, ხოლო მე მოსკოვში არ ვიმყოფებოდი, ცენტრალურმა კომიტეტმა 1922 წლის დეკემბერში ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც გამოუსწორებელ დარტყმას აყენებდა საგარეო ვაჭრობის მონოპოლიას[12]. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ლენინმა და მე განგაში ავტეხეთ, შემდეგ მიწერ-მოწერა გავაჩაღეთ და გეგმებიც დავსახეთ. რამდენიმე კვირაში ცენტრალურმა კომიტეტმა ისევე ერთხმად გააუქმა თავისი გადაწყვეტილება, როგორც გამოიტანა. 21 დეკემბერს ლენინი გახარებული მწერს წერილს: „ამხ. ტროცკი, როგორც ჩანს, პოზიციის აღება გასროლის გარეშე მოხერხდა, უბრალო მანევრით. გთავაზობთ, არ შევჩერდეთ და გავაგრძელოთ შეტევა… “[13].

1923 წელს ჩვენი ერთობლივი შეტევა ცენტრალური კომიტეტის წინააღმდეგ წარმატებით უნდა დაგვირგვინებულიყო. უფრო მეტიც, ეჭვი არ მეპარებოდა, XII ყრილობის წინ „ლენინ-ტროცკის“ ბლოკის სულისკვეთებით რომ გამოვსულიყავი სტალინის ბიუროკრატიზმის წინააღმდეგ, ლენინის უშუალო მონაწილეობის გარეშეც გამარჯვებას მივაღწევდი. სხვა საკითხია, რამდენად მყარი იქნებოდა ეს გამარჯვება. ამ საკითხის გადასაწყვეტად საჭირო იყო გაგვეთვალისწინებინა ქვეყანაში, მუშათა კლასსა და თვით პარტიაში არსებული მთელი რიგი ობიექტური პროცესები. ეს განსაკუთრებული და დიდი თემაა. ერთხელ, 1927 წელს, კრუპსკაიამ თქვა, ლენინი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, უკვე სტალინის ციხეში იჯდებოდაო. ვფიქრობ, ის მართალიც იყო, რადგან პრობლემა სტალინში კი არაა, არამედ — იმ ძალებში, რომლებსაც სტალინი თავისდაუნებურად გამოხატავს. მაგრამ 1922-1923 წლებში ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო სტრატეგიული პოზიციების დაკავება სწრაფად განვითარებად ნაციონალ-სოციალისტ ჩინოვნიკთა ფრაქციაზე, აპარატის უზურპატორებზე, ოქტომბრის უკანონო მემკვიდრეებზე, ბოლშევიზმის ეპიგონებზე პირდაპირი შეტევით. ამ გზაზე მთავარი დაბრკოლება თვით ლენინის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. ველოდებოდით, რომ, როგორც პირველი დარტყმის შემდეგ, წამოდგებოდა და, როგორც XI ყრილობაში მიიღო მონაწილეობა, ისე მიიღებდა XII ყრილობაშიც. თავადაც იმედოვნებდა ამას. ექიმებიც გვაიმედებდნენ, თუმცა — ნაკლები დამაჯერებლობით. „ლენინისა და ტროცკის“ ბლოკის იდეა, მიმართული „აპარატჩიკებისა“ და ბიუროკრატების წინააღმდეგ, იმ დროისთვის მხოლოდ ლენინისთვის და ჩემთვის იყო ცნობილი, პოლიტბიუროს დანარჩენ წევრებს მხოლოდ ბუნდოვანი ეჭვები გააჩნდათ. ლენინის წერილები ნაციონალური საკითხის შესახებ[XVI], ისევე, როგორც „ანდერძი“, არავისთვის არ იყო ცნობილი[14]. ჩემი გამოსვლა, შეიძლებოდა, ისე გაგებულიყო, როგორც ბრძოლა ლენინის ადგილისთვის პარტიასა და სახელმწიფოში. შინაგანი მღელვარების გარეშე ამაზე ფიქრიც კი არ შემეძლო. მე ვფიქრობდი, რომ ამას ჩვენს რიგებში ისეთი დემორალიზაციის გამოწვევა შეეძლო, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაშიც კი სასტიკი გაწბილება მოჰყვებოდა. ყველა გეგმასა და გათვლაში გაურკვევლობის ელემენტი ჭარბობდა: ეს თვით ლენინის ავადმყოფობით აიხსნებოდა. შეძლებს კი ლენინი ჩანაფიქრის გამოხატვას? მოასწრებს კი? გაიგებს კი პარტია, რომ საქმე ეხება ლენინისა და ტროცკის ერთობლივ ბრძოლას რევოლუციის მომავლისათვის და არა ტროცკის ბრძოლას ავადმყოფი ლენინის ადგილის დასაკავებლად? პარტიაში ლენინის განსაკუთრებული ადგილის წყალობით, მისი გაურკვეველი პირადი მდგომარეობის გამო გაურკვეველი გახდა მთელი პარტიის მდგომარეობა. პროვიზორიუმი ჯანჯლდებოდა, ხოლო გაჯანჯლება ეპიგონებს აძლევდა ხელს, ვინაიდან სტალინი, როგორც გენერალური მდივანი, „უმეფობის“ მთელ პერიოდში თანდათან აპარატის მაჟორდომის ფუნქციას ირგებდა.

***

იდგა 1923 წლის მარტის დღეები. ლენინი სასამართლო დაწესებულების დიდ შენობაში, თავის ოთახში იწვა. ახლოვდებოდა მეორე შეტევის დრო[15], რასაც წინ მცირე ბიძგები უძღოდა. რამდენიმე კვირით წელკავმა მეც სარეცელს მიმაჯაჭვა. ყოფილ კავალერისტთა კორპუსის შენობაში ვიწექი. ჩვენს ბინას ლენინისგან კრემლის დიდი ეზო ყოფდა. არც ლენინს და არც მე ტელეფონთან მისვლა არ შეგვეძლო, მით უმეტეს, რომ სატელეფონო საუბრები ლენინს ექიმებისგან სასტიკად ეკრძალებოდა. გარე სამყაროსთან კავშირს ლენინის ორი მდივანი — ფოტიევა და გლიასერი[XVII] — ამყარებდა. აი, რას გადმომცემდნენ ისინი: ვლადიმირ ილიჩი უკიდურესად აღელვებულია სტალინის მზადებით მომავალი ყრილობისთვის, განსაკუთრებით კი, საქართველოში მისი ფრაქციული მაქინაციების გამო. „ვლადიმირ ილიჩი სტალინის წინააღმდეგ ყრილობაზე ნაღმს ამზადებს“ — ეს ფოტიევას მიერ სიტყვა-სიტყვით გადმოცემული ფრაზაა. სიტყვა „ნაღმი“ ლენინს ეკუთვნის და არა — ფოტიევას. „ვლადიმერ ილიჩი გთხოვთ, ქართული საქმე თქვენს ხელში აიღოთ, მაშინ ის მშვიდად იქნება“.

5 მარტს ლენინი  ჩემთვის ბარათს კარნახობს:

„პატივცემულო ამხანაგო ტროცკი, დაბეჯითებით გთხოვთ, პარტიის ცკ-ზე ქართული საქმის დაცვა აიღოთ თქვენს თავზე. ეს საქმე ამჟამად სტალინისა და ძერჟინსკის „დევნის“ ქვეშ იმყოფება და მე თავს ვერ დავდებ მათს მიუკერძოებლობაზე, პირიქითაც მგონია. თქვენ თუ მის დაცვას დათანხმდებით, მე შემიძლია, მშვიდად ვიყო. თუ თქვენ რაიმე მიზეზის გამო ვერ დათანხმდებით, მაშინ მთელი საქმე დამიბრუნეთ. ამას ჩავთვლი თქვენი მხრიდან უთანხმოების ნიშნად. საუკეთესო ამხანაგური სალამი. ლენინი”[16].

 „ასე რატომ გართულდა საკითხი?“ — ვიკითხე. თურმე სტალინმა კიდევ ერთხელ გააცრუა ლენინის ნდობა: საქართველოში საყრდენი რომ გაენაღდებინა, ლენინისა და მთელი ცკ-ის ზურგს უკან, ორჯონიკიძის დახმარებით და ძერჟინსკის ხელშეწყობით, ცენტრალური კომიტეტის ავტორიტეტს ამოფარებულმა, პარტიის საუკეთესო ნაწილის წინააღმდეგ ორგანიზებული გადატრიალება მოაწყო. ისარგებლა რა ლენინის ავადმყოფობით, რომელიც ამხანაგებთან შეხვედრის შესაძლებლობას მოკლებული იყო, სტალინი ცდილობდა, მისთვის ყალბი ინფორმაცია მიეწოდებინა. ლენინმა დაავალა თავის სამდივნოს, შეეგროვებინა ქართულ საკითხთან დაკავშირებული სრული მასალა და საქვეყნოდ გამოსვლა გადაწყვიტა[17]. რთული სათქმელია, რამ შეაძრწუნა ის უფრო მეტად: სტალინის პირადმა არალოიალობამ, თუ ნაციონალურ საკითხში მისმა უხეშმა ბიუროკრატიულმა პოლიტიკამ. უფრო სწორად, როგორც ჩანს, მათმა შერწყმამ. ლენინი ბრძოლისთვის ემზადებოდა, მაგრამ შიშობდა, რომ ყრილობაზე გამოსვლას თვითონ ვერ შეძლებდა. რის გამოც ძალიან ღელავდა. „ხომ არ მოგველაპარაკებინა ზინოვიევთან და კამენევთან?“ — ურჩევდნენ მდივნები, მაგრამ ის ხელის აქნევით პასუხობდა. თითქოს დანამდვილებით იცოდა, რომ საქმიდან მისი ჩამოშორების შემთხვევაში ზინოვიევი და კამენევი სტალინთან ერთად ჩემ წინააღმდეგ „ტროიკას“ შექმნიდნენ და, მაშასადამე, მას უღალატებდნენ. „თქვენ თუ იცით, ქართულ საკითხს როგორ უდგება ტროცკი?“ — ჰკითხა ლენინმა მდივანს. „პლენუმზე ტროცკი თქვენი სულისკვეთების შესამაბისად გამოვიდა“, — უპასუხა გლიასერმა, რომელიც პლენუმზე მდივნის მოვალეობას ასრულებდა. „ხომ არ გეშლებათ?“ „არა, ტროცკიმ ნაციონალური საკითხის შეუფასებლობაში ორჯონიკიძე, ვოროშილოვი და კალინინი დაადანაშაულა”. „ერთხელაც შეამოწმეთ!“ — მოითხოვა ლენინმა. მეორე დღეს გლიასერმა ცკ-ის სხდომაზე ბარათი მომაწოდა, რომელზედაც დაბეჭდილი იყო წინა საღამოს ჩემი მოკლე გამოსვლის შინაარსი და მკითხა: „ხომ სწორად გაგიგეთ?“ „ნამდვილად, — ვუპასუხე მე, — მაგრამ რაში გჭირდებათ?“ „ვლადიმერ ილიჩს უნდა“. „ძალიან კარგი“, — მივწერე მე[18]. ამ დროს სტალინი შეშფოთებული ადევნებდა თვალს ჩვენს მიმოწერას, მაგრამ იმ მომენტში მე ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე… „ჩვენს მიმოწერას რომ გაეცნო, — მიყვებოდა გლიასერი, — ვლადიმირ ილიჩს სახე გაუბრწყინდა: ახლა სხვაგვარად არის საქმეო! და თქვენთვის ყველა იმ ხელნაწერი მასალის გადმოცემა დამავალა, რომელიც XII ყრილობის ნაღმს წარმოადგენს“. ლენინის განზრახვა ჩემთვის სავსებით ნათელი გახდა: სტალინის პოლიტიკის მაგალითზე მას პარტიის წინაშე ულმობლად უნდა გამოეაშკარავებინა დიქტატურის ბიუროკრატიული გადაგვარების საშიშროება.

„ხვალ კამენევი საქართველოში პარტიულ კონფერენციაზე მიემგზავრება, — ვეუბნები ფოტიევას, — მე შემიძლია გავაცნო ლენინის ხელნაწერები, რომ საქართველოში სწორად იმოქმედოს. ჰკითხეთ ილიჩს ამის თაობაზე“. თხუთმეტი წუთის შემდეგ ფოტიევა აქოშინებული ბრუნდება: „არავითარ შემთხვევაში!“ — „რატომ?“ — „ვლადიმერ ილიჩი ამბობს: „კამენევი მაშინვე ყველაფერს სტალინს გაუმჟღავნებს, ხოლო სტალინი დამპალ კომპრომისს დადებს და იცრუებს“. — „ე.ი. საქმე ისე შორს წავიდა, რომ ილიჩი სტალინთან კომპრომისის დადებასაც კი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად?“ — „დიახ, ილიჩი სტალინს არ ენდობა, ის მთელი პარტიის წინაშე აპირებს მის წინააღმდეგ გამოსვლას. ის ნაღმს ამზადებს“.

ამ საუბრიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ფოტიევა ისევ მოვიდა ჩემთან ლენინის ბარათით, რომელსაც სწერდა ძველ რევოლუციონერს — ბუდუ მდივანს და საქართველოში სტალინის პოლიტიკის სხვა მოწინააღმდეგეებს: „მთელი მონდომებით ვადევნებ თვალს თქვენს საქმეს. ორჯონიკიძის უხეშობით, სტალინისა და ძერჟინსკის წამქეზებლობით აღშფოთებული ვარ. თქვენთვის წერილებს და სიტყვას ვამზადებ“[19]. ასლში ეს სტრიქონები როგორც ჩემი, ისე კამენევის მისამართითაც არის დაწერილი. ამან გამაკვირვა. „ე.ი. ვლადიმირ ილიჩმა გადაიფიქრა?“ — ვიკითხე მე. „დიახ, მისი მდგომარეობა ყოველ წუთს უარესდება. ექიმების მანუგეშებელ დასკვნებს არ დაეჯერება, ილიჩი უკვე გაჭირვებით მეტყველებს… ქართული საკითხი მას უკიდურესად აღელვებს. ეშინია, ისე არ ჩავარდეს ლოგინად, რომ ვეღარაფერი მოიმოქმედოს. ბარათის გადმოცემისას მან თქვა: „რომ არ დაგვიანდეს, დროზე ადრე მიწევს გამოსვლა“. „მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მე უკვე შემიძლია კამენევთან ლაპარაკი?“ „ცხადია“. „ჩემთან გამოიძახეთ“.

კამენევი ერთ საათში გამოცხადდა. ის სრულიად დეზორიენტირებული იყო. „ტროიკის“ იდეა — სტალინი, ზინოვიევი, კამენევი — დიდი ხნის მომწიფებული იყო. „ტროიკის“ ალესილი პირი მე მიყურებდა. შეთქმულთა ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ, ორგანიზაციული საყრდენის მომზადების შემდეგ, „ტროიკა“ ლენინის კანონიერ მემკვიდრედ ეკურთხებინათ. ამ გეგმაში პატარა ბარათი ნასროლი ისარივით შეიჭრა. კამენევმა არ იცოდა, რა მოემოქმედა. მას წასაკითხად ლენინის ხელნაწერები გადავეცი. კამენევი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი იყო და უცებ მიხვდა, რომ ლენინს მხოლოდ საქართველოს საქმე კი არ აწუხებდა, არამედ პარტიაში სტალინის როლის საკითხიც. კამენევმა დამატებითი ცნობები მომაწოდა. ის, თურმე, ნადეჟდა კონსტანტინოვნა კრუპსკაიას გამოუძახებია. შეშფოთებულ კრუპსკაიას მისთვის უცნობებია: „ვლადიმირმა ეს-ესაა სტენოგრაფისტს სტალინისთვის განკუთვნილი წერილი უკარნახა, სადაც აცნობა, რომ მასთან ყოველნაირ ურთიერთობას წყვეტს“[20]. ამის უშუალო მიზეზი პირადული ხასიათისა იყო. სტალინი ყველანაირად ცდილობდა, ლენინი ინფორმაციულ იზოლაციაში მოექცია და ამის გამო განსაკუთრებულ უხეშობას იჩენდა ნადეჟდა კონსტანტინოვნას მიმართ. „მაგრამ თქვენ ხომ იცნობთ ილიჩს, — დასძინა კრუპსკაიამ, — ის არ შეწყვეტდა პირად ურთიერთობას, სტალინის პოლიტიკურად განადგურებას რომ არ მიიჩნევდეს საჭიროდ“. კამენევი აღელვებული და გაფითრებული იყო. ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა. არ იცოდა, რა ნაბიჯი გადაედგა და რომელ მხარეს მიბრუნებულიყო. შესაძლოა, მას ჩემიც ეშინოდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები გავაცანი. „ხანდახან მოჩვენებითი საშიშროების გამო, — ვუთხარი მე, — ადამიანები ნამდვილ საფრთხეში იგდებენ თავს. იქონიეთ მხედველობაში და სხვებსაც გადაეცით, რომ ყრილობაზე რაღაც ორგანიზაციული გარდაქმნების გამო ბრძოლის გაჩაღებას არ ვაპირებ. მე status quo-ს შენარჩუნების მომხრე ვარ. თუ ყრილობამდე ლენინი ფეხზე დადგება, რაც, სამწუხაროდ, ძნელად წარმოსადგენია, ამ საკითხს მასთან ერთად ახლებურად განვიხილავთ. მე სტალინის ლიკვიდაციის წინააღმდეგი ვარ, ორჯონიკიძის გარიცხვის წინააღმდეგი ვარ, ძერჟინსკის საგზაო კავშირებიდან მოხსნის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ, არსებითად, ლენინს ვეთანხმები. მე ნაციონალური პოლიტიკის რადიკალური შეცვლა, სტალინის ქართველ მოწინააღმდეგეთა მიმართ რეპრესიებისა და პარტიის ადმინისტრაციული რეჟიმის შეწყვეტა, ინდუსტრიალიზაციისკენ მყარი კურსის გატარება და მაღალ ინსტანციებთან პატიოსანი თანამშრომლობა მინდა. სტალინის რეზოლუცია ნაციონალური საკითხის შესახებ ყოვლად უვარგისია. მასში ერთ სიბრტყეში განიხილება უხეში და თავხედური „ველიკოდერჟავული“ ზეწოლა და მცირე, სუსტი და ჩამორჩენილი ხალხების პროტესტი და წინააღმდეგობა“. იმისთვის, რომ შემემსუბუქებინა მისთვის კურსის შეცვლის აუცილებლობა, ჩემს რეზოლუციას სტალინის რეზოლუციის შესწორებების ფორმა მივეცი. „მაგრამ საჭიროა მკვეთრი შემობრუნება. ამას გარდა, სტალინმა წერილობითი პატიება უნდა სთხოვოს კრუპსკაიას თავისი უხეშობის გამო, ქცევა შეიცვალოს და ინტრიგებს თავი დაანებოს. საჭიროა პატიოსანი თანამშრომლობა. თქვენ კი, — მივმართე კამენევს, — თბილისში კონფერენციაზე უნდა მიაღწიოთ ლენინისეული ნაციონალური პოლიტიკის ქართველი მომხრეების მიმართ კურსის ძირეულ ცვლილებას“.

კამენევმა შვებით ამოისუნთქა. მან ყველა ჩემი წინადადება მიიღო, მხოლოდ ეჭვი გამოთქვა, რომ სტალინი გაჯიუტდებოდა: „უხეშია და ახირებული“. „არა მგონია, — ვუპასუხე მე, — ახლა სტალინს სხვა გამოსავალი არა აქვს“. შუაღამით კამენევმა მაცნობა, რომ სტალინი სოფელში მოინახულა და ის ყველა პირობას დაეთანხმა. კრუპსკაიამ მიიღო მისგან წერილი პატიების თხოვნით, მაგრამ ის ლენინს ვერ აჩვენა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ახლა კამენევის ტონი სხვაგვარი მეჩვენა, ვიდრე ჩემთან, რამდენიმე საათის წინ განშორების დროს. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს ცვლილება ლენინის ჯანმრთელობის გაუარესებას უკავშირდებოდა. გზად ან თბილისში ჩასვლისას კამენევმა სტალინისგან დაშიფრული დეპეშა მიიღო იმის თაობაზე, რომ ლენინს ისევ დამბლა დაეცა: ვერ ლაპარაკობს და ვერ წერს. ქართულ კონფერენციაზე კამენევმა, ლენინის საწინააღმდეგოდ, სტალინის პოლიტიკა გაატარა. პირადი მზაკვრობით შედუღაბებული „ტროიკა“ ფაქტად იქცა.

ლენინის შეტევა მხოლოდ სტალინის წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული, არამედ — მისი შტაბის მიმართაც, უწინარესად, მისი თანაშემწეების — ძერჟინსკისა და ორჯონიკიძის მიმართ. ისინი ორივენი მოხსენიებულნი არიან ლენინის მიმოწერაში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით.

ძერჟინსკი ფეთქებადი ხასიათის კაცი იყო. მეორეხარისხოვანი შეკითხვის დროსაც კი აინთებოდა, პატარა ნესტოები უთრთოდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ხმა ეძაბებოდა, ზოგჯერ უწყდებოდა კიდეც. მიუხედავად დიდი ნერვული დაძაბულობისა, ძერჟინსკის არ ჰქონია აპათიის პერიოდები. თითქმის ყოველთვის მობილიზებული გახლდათ; ლენინმა ის წმინდა ჯიშის ცხენსაც კი შეადარა. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ასრულებდა, გაუცნობიერებელი სიყვარულით, ვნებით, შეუპოვრობითა და ფანატიზმით ეკიდებოდა, ყოველგვარი პიროვნული აქ გამორიცხული იყო: ის მთლიანად იხარჯებოდა საქმისთვის.

დამოუკიდებელი აზრი ძერჟინსკის არ გააჩნდა. პოლიტიკოსად თავს არ მიიჩნევდა. სხვადასხვა მიზეზთა გამო მას არაერთგზის უთქვამს ჩემთვის: მე, შესაძლოა, ცუდი რევოლუციონერი არა ვარ, მაგრამ ბელადობასა და პოლიტიკოსობაზე თავს არ ვდებო. ეს მხოლოდ თავმდაბლობა როდი იყო. მისი თვითშეფასება ობიექტურ ფაქტს წარმოადგენდა. პოლიტიკური თვალსაზრისით, მას ყოველთვის ესაჭიროებოდა ვინმე ხელმძღვანელი. მრავალი წლის განმავლობაში როზა ლუქსემბურგის გზას მიჰყვებოდა და ჩაბმული იყო მის ბრძოლაში არა მხოლოდ პოლონური პატრიოტიზმის, არამედ ბოლშევიზმის წინააღმდეგაც. 1917 წელს ბოლშევიკებს მიემხრო. ლენინი აღტაცებული მეუბნებოდა: „ძველი ბრძოლების კვალიც კი არ ჩანს“. ორი-სამი წელი მე მეტმასნებოდა. ბოლო წლებში სტალინს უჭერდა მხარს. სამეურნეო საქმიანობას ტემპერამენტით ეკიდებოდა. მეურნეობის განვითარების გააზრებული კონცეფცია მას არ გააჩნდა. სტალინის ყველა შეცდომას იზიარებდა და, შეძლებისდაგვარად, დიდი აღტყინებით იცავდა მათ[21]. თითქმის ფეხზე მდგომი გარდაიცვალა, როცა ოპოზიციას უტევდა — ძლივს მოასწრო ტრიბუნიდან ჩამოსვლა.

სტალინის მეორე მოკავშირეს, ორჯონიკიძეს, ლენინი კავკასიაში ბიუროკრატიული თვითნებობის გამო პარტიიდან გარიცხვით ემუქრებოდა. მე ამას ვეწინააღმდეგებოდი. ლენინი მდივნის მეშვეობით მპასუხობდა: „სულ ცოტა, ორი წლით“. რას იფიქრებდა იმ დროს ლენინი, რომ ორჯონიკიძე ჩაუდგებოდა სათავეში იმ საკონტროლო კომისიას[22], რომლის საშუალებითაც იგი სტალინის ბიუროკრატიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებდა და რომელიც პარტიის ზნეობრივი სახე უნდა გამხდარიყო.

ზოგადპოლიტიკური ამოცანების გარდა, ლენინის კამპანია მიზნად ისახავდა, ბელადის გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ჩემთვის ლენინის გვერდით მუშაობის ხელსაყრელი პირობები შეექმნა, ან, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში — მისი ადგილი დამეკავებინა. მაგრამ ბრძოლამ, რომელიც ბოლომდე ვერ მივიდა, საწინააღმდეგო შედეგი მოგვცა. ლენინმა, ფაქტობრივად, სტალინისთვის და მისი მოკავშირეებისთვის მხოლოდ ომის გამოცხადება მოასწრო. თანაც, ამის თაობაზე მხოლოდ დაინტერესებულმა პირებმა შეიტყვეს და არა — პარტიამ. სტალინის ფრაქციამ — მაშინ ეს ჯერ კიდევ „ტროიკის“ ფრაქცია იყო — პირველივე საფრთხის შემდეგ პირი შეკრა. პროვიზორიუმი შენარჩუნებულ იქნა. სტალინი აპარატის საჭესთან იდგა. აპარატში გაშმაგებული ტემპით დაიწყო ხელოვნური შერჩევა. რაც უფრო სუსტად გრძნობდა თავს „ტროიკა“ იდეურად, მით მეტად ეშინოდა ჩემი (და ეშინოდა, რადგან ჩემი წაქცევა სურდა), მით უფრო მაგრად უჭერდა პარტიული და სახელმწიფოებრივი რეჟიმის ხრახნებს. მოგვიანებით, 1925 წ., კერძო საუბარში, როცა მე პარტიულ ზეწოლას ვაკრიტიკებდი, ბუხარინმა პირად საუბარში მიპასუხა: „ჩვენ არ გვაქვს დემოკრატია, რადგან თქვენი გვეშინია“. „მერედა თქვენც შეეცადეთ, დაძლიოთ შიში, — ვურჩიე მე, — და, როგორც საჭიროა, ისე ვიმუშაოთ“. მაგრამ ჩემმა რჩევამ შედეგი არ გამოიღო.

1923 წელი დაძაბულობის, ამავე დროს, ბოლშევიკური პარტიის ნგრევის პირველ წლად იქცა. ლენინი ებრძოდა საშინელ სენს, „ტროიკა“ კი — პარტიას. ატმოსფერო დაიძაბა და შემოდგომისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ „დისკუსიაში“ გადაიზარდა. დაიწყო მეორე რევოლუცია: ბრძოლა ტროცკიზმის წინააღმდეგ. არსებითად, ეს იყო ბრძოლა ლენინის იდეურ მემკვიდრეობასთან.

 

რუსულიდან თარგმნა გურამ ლეკვეიშვილმა

 

წყარო: ტროცკი ლ. ჩემი ცხოვრება (ორ ტომად), ტ. 2. თბ., „საოჯახო ბიბლიოთეკა“, 2010.

მოცემული პუბლიკაციისთვის ტექსტი შედარებულია ტროცკის ავტობიოგრაფიის 1991 წლის რუსულ გამოცემასთან (Троцкий Л. Моя жизнь. М.: «Панорама», 1991.), მასში შეტანილია მცირე კორექტივები, აღდგენილია ქართულ თარგმანში გამოტოვებული ფრაგმენტები (გამოყოფილია კურსივით) და ჩამატებულია რუსული გამოცემის რედაქტორის კომენტარები.

 

რუსული გამოცემის რედაქტორის კომენტარები


[1] ბარათი დათარიღებულია 1921 წლის 6 დეკემბრით (იხ.: Ленин В . И. Полн.

собр. соч. Т. 54. С. 65). – რუს. გამოც. რედ.

[2] გენუის კონფერენცია —  საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს ეძღვნებოდა და რომელშიც საბჭოთა სახელმწიფოსა და რიგი კაპიტალისტური ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ — ჩატარდა 1922 წლის აპრილ-მაისში. დასავლური სახელმწიფოების ლიდერები ცდილობდნენ, საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური დათმობებისთვის მიეღწიათ. დაისვა რუსეთის ტერიტორიაზე ყოფილი უცხოელი მესაკუთრეებისათვის ზარალის ანაზღაურების საკითხი. საბჭოთა ხელისუფლებამ გამოთქვა საკითხის განხილვის მზაობა იმ პირობით, რომ სსრკ-ს დე-იურე აღიარებდნენ და კრედიტებს მისცემდნენ. ამავდროულად მან წამოაყენა კონტრპრეტენზიები იმ ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც რუსეთს მიადგა ინტერვენციისა და ბლოკადის გამო. საბჭოთა დელეგაციამ შეიტანა წინადადება საყოველთაო განიარაღებაზე. კონფერენციის პროცესში საბჭოთა დიპლომატიამ მოახერხა გერმანიასთან რაპალოს შეთანხმების* დადება.

[3] იხ.: Ленин В. И. Полн. собр. Соч. Т 54. С. 136.

[4] ავადმყოფობის პირველი მწვავე შეტევა სისხლძარღვების სკლეროზის ნიადაგზე, რომელმაც მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის მოძრაობებისა და მეტყველების დარღვევა გამოიწვია, 1922 წლის 25-27 მაისს მოხდა. ამის შემდეგ ლენინი ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გორკებში.

[5]იხ. Ленин В. И. Биографическая хроника. Т 12. С. 344.

[6] სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (გპუ) დადგენილებით სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის აქტიური მოღვაწეები, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ კონტრრევოლუციური, ტერორისტული ბრძოლისთვის სამხედრო-რევოლუციური ტრიბუნალის სასამართლოს გადასცეს. სასამართლო ჩატარდა მოსკოვში, 1922 წლის 8 ივნისს – 7 აგვისტოს. ბრალი ედებოდა 34 ადამიანს: ცკ-ის, მოსკოვის ბიუროს ცკ-ის და ესერების პარტიის ცალკეულ წევრებს. უმაღლესმა ტრიბუნალმა 12 ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა. ვციკ-ის პრეზიდიუმმა, განაჩენის გამოტანის შემდეგ, დაადგინა მისი აღსრულება იმ შემთხვევაში, თუ ესერთა პარტია არ იტყვის უარს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისა და ტერორის მეთოდებზე. მსჯავრდებულთა ნაწილს 2-დან 10 წლამდე პატიმრობა მიესაჯა; დანარჩენები, ვინც დანაშაული საჯაროდ მოინანია, გათავისუფლდნენ სასჯელისაგან.

[7] იხ.: Ленин В. И. Биографическая хроника. Т 12. С. 394.

[8] ლენინის ჯანმრთელობის მეორე მკვეთრი გაუარესება მოხდა 1922 წლის 13 დეკემბერს, 22 დეკემბრის ღამეს მარჯვენა ხელისა და მარცხენა ფეხის დამბლა დაემართა.

[9] რკპ (ბ) – ის ცკ-ის საორგანიზაციო ბიურო, პარტიის ცკ-ის პოლიტბიუროსთან ერთად, როგორც მუდმივად მოქმედი ორგანო, 1919 წლის 25 მარტს, პარტიის მერვე ყრილობის მიერ არჩეული ცკ-ის პირველ პლენუმზე. ორგბიუროში, ძირითადად, განიხილებოდა საკითხები, რომლებიც ცკ-ის საკადრო პოლიტიკას უკავშირდებოდა.

[10] ამის თაობაზე იხ. ე. იაროსლავსკის მოსაზრება, რომელიც ტროცკის ამგვარ მტკიცებებს „თავის მოტყუებად“ თვლიდა (Известие ЦК КПСС. 1989. № 4. С. 187-190).

[11] ი. სტალინი რკპ (ბ) – ის ცკ-ის გენერალურ მდივნად XI ყრილობის დასრულების შემდეგ, ცკ-ის პლენუმზე, 1922 წლის 3 აპრილს იქნა არჩეული.

[12] ტროცკის მხედველობაში აქვს რკპ (ბ)-ის 1922 წლის 6 ოქტომბრის პლენუმი, რომელზეც ფინანსების სახკომის, გ. სოკოლნიკოვის მოხსენების მიხედვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგარეო ვაჭრობის მონოპოლიის საკითხზე. ლენინი, ავადმყოფობის გამო, პლენუმს არ ესწრებოდა და მოგვიანებით არ დაეთანხმა მის გადაწყვეტილებას. ლენინის დაჟინებული მოთხოვნით, 18 დეკემბერს ცკ-ის მორიგმა პლენუმმა გააუქმა 6 ოქტომბრის დადგენილება და დამტკიცა საგარეო ვაჭრობის მონოპოლიის შენარჩუნებისა და გამყარების აუცილებლობა.

[13] იხ.: Ленин В. И. Полн. собр. соч. Т.  54. С. 327.

[14]როდესაც ტროცკი ამბობს, რომ ლენინის „წერილი ყრილობას“ არავისთვის არ იყო ცნობილი, იგი ფართო პარტიულ მასებს გულისხმობს, რამდენადაც, სინამდვილეში, ლენინის სურვილის მიუხედავად, წერილის შინაარსს იცნობდა პარტიულ ხელმძღვანელთა ვიწრო წრე (იხ.: Известия ЦК КПСС. 1990. № 1. С. 159). მოგვიანებით, პარტიის XIII ყრილობის დადგენილებით, იგი ყრილობის დელეგაციებს გააცნეს.

[15] 6 მარტის ღამეს ლენინის ჯანმრთელობა კვლავ გაუარესდა, რამაც სხეულის მარჯვენა ნაწილის დამბლა გააძლიერა.

[16] იხ.: Ленин В. И. Полн. собр. соч. Т. 54. С. 330.

[17] იხ.: იქვე. Т. 45. С. 476.

[18] საუბარია რკპ (ბ)-ის თებერვლის (1923) პლენუმზე. გლიასერისა და ტროცკის ბარათების ტექსტი შემდეგი იყო:

  • გლიასერი: „ამხ. ტროცკი! ეროვნულ საკითხზე კამათისას თქვენ თქვით, რომ თუკი ქართულ კონფლიქტზე გადაწყვეტილების მიღებისას გარკვეული ეჭვები გქონდათ, ახლა უკვე (დისკუსიის დროს)  თქვენ გაგიმყარდათ ის აზრი, რომ ეს გადაწყვეტილება მცდარი იყო და კავკასიაში ორჯონიკიძის პოლიტიკა — არასწორი. სწორად მიგიხვდით?“
  • ტროცკი: „ბოლომდე ვერ ვხვდები, რატომ მისვამთ ამ კითხვას: განა აქ დისკუსიის პროტოკოლს ვადგენთ? მე დაახლოებით შემდეგი ვთქვი: თუ აქამდე ეჭვი მქონდა ორჯონიკიძის პოლიტიკის მართებულობის თაობასა და პოლიტბიუროს გადაწყვეტილებაზე, ეს ეჭვები ასმაგად გაძლიერდა (ორჯონიკიძის მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ)“ (იხ.: Урок дает история. М., 1989. С. 133.).

[19] იხ.: Ленин В. И. Полн. собр. соч. Т. 54. С. 330.

[20] ამ წერილის ისტორია შემდეგნაირია: 1922 წლის 21 დეკემბერს, ნ. კრუპსკაიამ ექიმის ნებართვით ჩაიწერა ლენინის წერილი ტროცკისადმი, რომელშიც მას მოხაზული ჰქონდა საბჭოების X ყრილობასა და რკპ (ბ) – ის XII ყრილობაზე საგარეო ვაჭრობის მონოპოლიის შესუსტების მომხრეთა წინააღმდეგ მოქმედების გეგმა (იხ.: Ленин В. И. Полн. собр. соч. Т. 54. С. 327-328). როდესაც სტალინმა ამაზე შეიტყო, მან კრუპსკაიას უხეში ფორმით გაუმჟღავნა თავისი უკმაყოფილება მისი საქციელით. კრუპსკაიამ უამბო ლენინს სტალინთან საუბრის შესახებ. სწორედ ამის შემდეგ ლენინმა მდივანს უკარნახა წერილი (იხ.: იქვე. გვ. 329-330), რომელშიც აფრთხილებდა სტალინს ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტაზე და ბოდიშის მოხდას თხოვდა. წერილი სტალინის არა მაშინვე, არამედ მხოლოდ 1923 წლის 7 მარტს გადასცეს. როგორც კი გაეცნო, სტალინმა უმალვე პასუხი მისწერა (იხ.: Известия ЦК КПСС. 1989. № 12. С. 193).

[21] ფ. ძერჟინსკის მართლაც არ გაუკრიტიკებია ღიად სტალინური ხელმძღვანელობა, მაგრამ მისი ზოგიერთი უკანასკნელი წერილი და დოკუმენტი მოწმობს მის ერთობ კრიტიკულ დამოკიდებულებას იმ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რომელიც სსრკ-ში ტარდებოდა (იხ.: В предчувствии перелома. Последние письма и записки Ф. Э. Дзержинского // Коммунист. 1989. № 8. С. 79-88).

[22] ცენტრალური საკონტროლო კომისია (ცსკ) (Центральная Контрольная коммисия, ЦКК) — პარტიის ეზენაესი კონტროლის ორგანო (1920 წლის სექტემბრიდან 1921 წლის მარტამდე — რკპ (ბ)-ის საკონტროლო კომისია. შეიქმნა რკპ (ბ)-ის IX სრულიად რუსეთის კონფერენციის გადაწყვეტილებით. 1934 წელს სკპ (ბ)-ის XVII ყრილობამ ცსკ პარტიული კონტროლის სკპ (ბ)-ს ცკ-თან არსებულ კომისიად გადააკეთა. გ. კ. ორჯონიკიძე 1926 წლიდან 1930 წლამდე ცსკ-ის თავჯდომარე იყო.

რედაქციის კომენტარები


[I] კომინტერნის შესახებ იხ.: ტარასოვი ა. …გრენადელ გლეხისთვის მიგვეცა მიწა…

[II] იგულისხმება კომუნისტური ინერნაციონალის მეორე კონგრესის (1920 წლის 19 ივლისი — 7 აგვისტო) მანიფესტი. იხ.: Троцкий Л. Манифест второго конгресса Коммунистического Интернационала// https://www.marxists.org/russkij/trotsky/works/trotl517.html

[III] ნიკოლაი ბუხარინი (1888-1938) — რუსი რევოლუციონერი, ბოლშევიკი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. მარქსისტი სოციოლოგი, ეკონომისტი, ფილოსოფოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი.

[IV] 1919 წლის 2-6 მარტი.

[V] გიორგი ჩიჩერინი (1872-1936) — რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა დიპლომატი, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი (1918-1930).

[VI] ნატალია სედოვა (1882-1962) — რუსი რევოლუციონერი, ლევ ტროცკის მეორე ცოლი.

[VII] ფიოდორ გეტიე (1863-1938) — რუსი და საბჭოთა ექიმი, პროფესორი, საზოგადო მოღვაწე. იყო ი. სვერდლოვის, ლენინის, ტროცკისა და მათი ოჯახების მკურნალი ექიმი, მონაწილეობას იღებდა ნ. ბუხარინისა და ფ. ძერჟინსკის მკურნალობაში.

[VIII] ვ. ვოლოდარსკი (ნამდვილი სახელი: მოისეი გოლდშტეინი) (1891-1918) — რუსი რევოლუციონერი, მარქსისტი პოლიტიკოსი და რედაქტორი. 1905 წლიდან ებრაელთა სოციალისტური პარტიის —„ბუნდის“ წევრი, მუშაობდა უკრაინელი სოციალ-დემოკრატების ორგანიზაციაში „სპილკა“ (უკრ. Спілка, კავშირი). მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში, წერდა და ბეჭდავდა არალეგალურ პროკლამაციებს, ორგანიზებას უწევდა მიტინგებს. 1908 წლიდან 1911 წლამდე მუშაობდა რევოლუციურ აგიტატორად ვოლინისა და პოდოლიეს გუბერნიებში. 1911-1913 წლებში არახანგელსკის გუბერნიაში იყო გადასახლებული. 1913 წელს ემიგრირდა ამერიკაში, სადაც გაწევრიანდა ამერიკის სოციალისტურ პარტიასა და მკერავთა საერთაშორისო პროფკავშირში. პირველი მსოფლიო ომის დროს ტროცკისა და ბუხარინთან ერთად გამოსცემდა ყოველდღიურ გაზეთ „ნოვი მირს“ (რუს. «Новый Мир», „ახალი მსოფლიო“). თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში დაბრუნებული, იყო ჯერ „მეჟრაიონცების“ (межрайонцы) („გაერთიანებულ სოციალ-დემოკრატთა სარაიონთაშორისო ორგანიზაცია“) ჯგუფის წევრი, შემდეგ — ბოლშევიკი. ოქტომბრის რევოლუციის მონაწილე. პრესის, აგიტაციისა და პროპაგანდის საქმეთა კომისარი. 1918 წელს მოკლა ესერმა ნიკიტა სერგეევმა.

[IX] მოისეი ურიცკი (1873-1918) — რუსი და საბჭოთა რევოლუციონერი და პოლიტიკური მოღვაწე. რსდმპ-ის წევრი 1898 წლიდან. 1903 წლიდან — მენშევიკი. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. 1914 წელს ემიგრირდა საზღვარგარეთ, თანამშრომლობდა ტროცკის გაზეთთან “Наше Слово“. თებერვლის რევოლუციის შემდეგ შევიდა „მეჟრაიონცების“ ჯგუში, რომელთან ერთადაც მოგვიანებით ბოლშევიკურ პარტიას შეუერთდა, არჩეულ იქნა მის ცენტრალურ კომიტეტში. იყო სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების საარჩევნო კომისიის წევრი. მუშაობდა გაზეთ „Правда“-ში, ჟურნალ „Вперед“-ში და სხვა პარტიულ გამოცემებში. ოქტომბრის რევოლუციის დღეებში იყო შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელობის სამხედრო-რევოლუციური პარტიული ცენტრისა და პეტროგრადის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის წევრი, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ — დამფუძნებელი კრების მოწვევის საქმეთა კომისარი, პეტროგრადის ჩკ-ს თავმჯდომარე. ბრესტის ზავის თაობაზე „მემარცხენე კომუნისტების“ პოზიციას ემხრობოდა.  1918 წლის 30 აგვისტოს ურიცკი ესერმა ლეონიდ კანეგისერმა მოკლა.

[X] იგულისხმება პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებსა (საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, იტალიასა და იაპონიას) და გერმანიას შორის 1919 წელს დადებული „ვერსალის ზავის“ შედეგები. ზავის პირობების თანახმად, პირველ მსოფლიო ომზე პასუხისმგებლობა მთლიანად გერმანიას ენიჭებოდა; მის კოლონიებს აფრიკასა და ოკეანეთში გამარჯვებული სახელმწიფოები ინაწილებდნენ; გერმანიის ტერორიტორიას ჩამოშორდა ელზასი და ლოტარინგია, შლეზვიგისა და აღმოსავლეთ პრუსიის ნაწილები. ამასთან, გერმანიას უზარმაზარი (269 მილიარდი ოქროს მარკის ოდენობის) რეპარაციების გადახდა დაეკისრა. ამ ყველაფერმა კი, უდავოდ, უმძიმესი შედეგები იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. გარდა ამისა, ვერსალის ზავმა ხელი შეუწყო რევანშისტული განწყობების გაღვივებას, რომლებმაც შემდგომში განაპირობეს ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლა და მეორე მსოფლიო ომი.

[XI] იხ. ტროცკი ლ. ტერორიზმი და კომუნიზმი.

[XII] ემელიან იაროსლავსკი (1878-1943) — რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, სსრკ-ში ანტირელიგიური პროპაგანდის ერთ-ერთი იდეოლოგი და ხელმძღვანელი, „მებრძოლ უღმერთოთა კავშირისა“ და კომპარტიის ცკ-თან არსებული ანტირელიგიური კომისიის თავმჯდომარე. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939). პირველი ხარისხის სტალინის პრემიის ლაურეატი (1943). კომუნისტური პარტიის ცკ-ის წევრი.

[XIII] ალექსეი რიკოვი (1881-1938) — რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. რსდმპ-ის წევრი 1898 წლიდან. ხელმძღვანელობდა მუშათა წრეებს. 1903 წლიდან — ბოლშევიკი.  1905-1907 წლებში იყო რსდმპ-ის ცკ-ის წევრი. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. მონაწილეობდა ოქტომბრის რევოლუციაში. რევოლუციის შემდეგ იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. 1918-1921 და 1923-1924 წლებში თავმჯდომარეობდა სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოს, პარალელურად, 1921 წლიდან იყო სახალხო კომისართა საბჭოსა და შრომისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1924 წლიდან — სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. შიდაპარტიული ბრძოლის დროს მიემხრო უმრავლესობას „მემარცხენე ოპოზიციის“ წინააღმდეგ. 20-იანი წლების ბოლოს იყო „მემარჯვენე ოპოზიციის“ წევრი, ეწინააღმდეგობოდა ნეპის გაუქმებასა და ფორსირებული ინდუსტრიალიზაციის კურსს. 1931-1936 წლებში იყო კავშირგაბმულობის სახალხო კომისარი. 1938 წელს ფალსიფიცირებული ბრალდებით დახვრიტეს. რეაბილიტირდა 1988 წელს. ალექსანდრ ციურუპა (1870-1928) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. რსდმპ-ის წევრი 1898 წლიდან. 1887 წელს ჩააბარა ხერსონის აგრარულ სასწავლებელში, სადაც მონაწილეობდა ნაროდნიკული წრის საქმიანობაში. 1891 წელს მონაწილეობას იღებს სტუდენტთა მარქსისტული წრის ორგანიზებაში.  1893 და 1895 წელს პატიმრობაში ატარებს. მუშაობდა სტატისტიკოსად უფაში, სადაც 1898 წელს გაწევრიანდა პარტიაში. 1900 წელს გაიცნო ლენინი, იყო გაზეთ „ისკრას“ აგენტი. ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას ხარკოვში, ტულასა და ტამბოვის გუბერნიაში. 1902 წელს აპატიმრებენ და ოლონეცის გუბერნიაში ასახლებენ. რსდმპ-ის გახლეჩის შემდეგ, ბოლშევიკებს ემხრობა. 1904 წელს ბრუნდება უფაში და ორგანიზებას უწევს არალეგალურ ბოლშევიკურ სტამბას. იყო ურალის საგაფიცვო მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მუშაობდა აგრონომად და ეწეოდა პროპაგანდისტულ საქმიანობას. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო უფაში რსდმპ-ის გაერთიანებული კომიტეტის პრეზიდიუმის, მუშათა და ჯარისკაცთან დეპუტატების საბჭოსა და სამხედრო-რევოლუციური კომიტეტების წევრი, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ — ბოლშევიკური პარტიის უფას კომიტეტის წევრი. გუბერნიის სასურსათო კომიტეტისა და საქალაქო დუმის წევრი. 1917 წლის ნოემბერში სურსათ-სანოვაგის სახკომის მოადგილე, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან — სახკომი. 1918-1922 წლებში იყო წითელი არმიის მომარაგების გამგე. ხელმძღვანელობდა სასურსათო არმიის საქმიანობას. იყო ღარიბთა კომიტეტების შექმნის ინიციატორი. 1921 წლიდან სახკომსაბჭოსა და შრომისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და, ამავდროულად, მუშგლეხინის სახკომი (1922-1923). 1923-25 წლებში იყო „გოსპლანის“ (საბჭოთა კავშირის ეკონომიკური დაგეგმვის კომიტეტის) თავმჯდომარე, 1925 წლიდან — სსრკ-ის საგარეო და შიდა ვაჭრობის სახკომი. 1923 წლიდან პარტიის ცკ-ის წევრი. 1922-28 წლებში სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. პარტიის X, XII-XV ყრილობის დელეგატი.

[XIV] ანდერძის შესახებ იხ.: როგოვინი ვ. „ქართული ინციდენტი“ და „დერჟიმორდას რეჟიმი“, კომ. II.

[XV] ხრისტიან რაკოვსკი (1873-1941) — ბულგარელი რევოლუციონერი, რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, საბჭოთა პარტიული მოღვაწე და დიპლომატი. მიიღო სამედიცინო განათლება ბერლინის, ციურიხის, მონპელიესა და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1889 წლიდან ჩაერთო საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. 1899-1900 წლებში მსახურობდა რუმინეთის ჯარში. ინსაროვის ფსევდონიმით თანამშრომლობდა „ისკრასა“ და „პრავდასთან“. არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. იყო რუმინეთის სოციალისტური პარტიის დამაარსებელი. პირველი მსოფლიო ომის დროს ინტერნაციონალისტურ პოზიციებზე იდგა, ეწინააღმდეგებოდა რუმინეთის როგორც გერმანოფილურ, ისე რუსოფილურ პოლიტიკურ ძალებს, რის გამოც 1916 წელს რუმინეთის მთავრობამ იგი დააპატიმრა. ციხიდან რაკოვსკი 1917 წლის მაისში გათავისუფლდა. 1917 წლის ნოემბერში  გაწევრიანდა ბოლშევიკურ პარტიაში. იყო კომუნისტური ინტერნაციონალის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1919 წლიდან კომუნისტური პარტიის ცკ-ის წევრი, 1919-1923 წლებში სათავეში ედგა უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოსა და საგარეო საქმეთა კომისარიატს. 1923 წლიდან იყო სსრკ-ის საგარეო საქმეთა სახკომის მოადგილე და საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში, 1925 წელს — საფრანგეთში. ლენინის სიკვდილის შემდეგ დაწყებულ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მხარს უჭერდა ტროცკის. თერმიდორიანული რეჟიმისადმი შეურიგებელი პოზიციების გამო 1928-1934 წლებში იმყოფებოდა გადასახლებაში ასტრახანსა და ბარნაულში. 1934 წელს, „მონანიების“ საფუძველზე, აღადგინეს პარტიაში. ამავე წლიდან სათავეში ჩაუდგა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ჯანდაცვის სახალხო კომისარიატს. 1937 წელს, „ანტისაბჭოთა მემარჯვენე-ტროცკისტულ ბლოკში“ მონაწილეობის ბრალდებით, დააპატიმრეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1941 წელს დახვრიტეს.

ივან სმირნოვი (1881-1936) — რუსი რევოლუციონერი და საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე, „მემარცხენე ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი. რსდმპ-ის წევრი 1899 წლიდან, 1903 წლიდან — ბოლშევიკი. ეწეოდა არალეგალურ პარტიულ საქმიანობას მოსკოვში, პეტერბურგში, ვიშნი ვოლოჩეკში, როსტოვში, ხარკოვსა და კრასნოიარსკში, რის გამოც 7-ჯერ იყო დაპატიმრებული, 6 წელი გაატარა პატიმრობაში და 4 წელი გადასახლებაში. 1917 წელს იყო ტომსკის გარნიზონის ჯარისკაცთა საბჭო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. სამოქალაქო ომის წლებში (1918 წლის 6 სექტემბრიდან 1918 წლის 8 ივლისამდე) შედიოდა რესპუბლიკის, აღმოსავლეთის ფრონტისა და მეხუთე არმიის სამხედრო საბჭოებში, კომუნისტური პარტიის ციმბირის ბიუროს ცკ-ის წევრის რანგში ხელმძღვანელობდა ურალისა და ციმბირის იატაკქვეშა ბოლშევიკურ მოძრაობას, დიდი წვლილი შეიტანა კოლჩაკის დამარცხების ორგანიზებაში. 1919 წლის აგვისტოდან 1921 წლის სექტმებრამდე იყო ციმბირის რევკომის თავჯდომარე და არაოფიციალურად „ციმბირელ ლენინად“ მოიხსენიებოდა. 1920 წელს, ბოლშევიკური პარტიის მეცხრე ყრილობაზე არჩეულ იქნა ცენტრალურ კომიტეტში. ეკავა მნიშვნელოვანი პარტიული, სახელმწიფო და სამეურნეო თანამდებობები. 1921 წელს პროფკავშირების შესახებ დისკუსიაში მხარს უჭერდა ტროცკის, მოგვიანებით მონაწილეობდა „მემარცხენე ოპოზიციაში“, იყო მისი ერთ-ერთი ლიდერი, რის გამოც 1927 წელს პარტიიდან გარიცხეს, ხოლო 1928 წელს სამი წლით გადასახლება მიუსაჯეს. იმდენად, რამდენადაც თვლიდა, რომ სტალინიზმთან ბრძოლა მხოლოდ პარტიის შიგნიდან შეიძლება, 1928 წელს უარი თქვა ოპოზიციის წევრობაზე და აღდგენილ იქნა პარტიაში. იკავებდა მეორეხარისხოვან თანამდებობებს და აგრძელებდა სტალინიზმთან იატაკქვეშა ბრძოლას. ხელმძღვანელობდა იატაკქვეშა „ტროცკისტულ“ ორგანიზაციას. 1933 წელს ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს, ხოლო 1936 წელს დახვრიტეს. 1988 წელს რეაბილიტირდა.

ლევ სოსნოვსკი (1886-1937) — რუსი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, ჟურნალისტი და პუბლიცისტი. 1903 წელს ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში, მოგვიანებით მიემხრო ბოლშევიკებს. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. 1906 წელს, რეპრესიების გამო, იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა. „პირველივე შემხვედრი გემის ტრიუმში შევძვერი, — წერს სოსნოვსკი თავის ავტობიოგრაფიაში, — და ისიც კი არ გამირკვევია, საითკენ მიდიოდა“. კონსტატინეპოლში ტრიუმიდან გამოვიდა და გემზე შავი სამუშაოს შესრულება მოუწია. ალჟირში გაიქცა გემიდან, თავს ირჩენდა შემთხვევითი სამუშაოებით. მოგვიანებით პარიზში აღმოჩნდა, სადაც ღატაკი ემიგრანტის ცხოვრებით ცხოვრობდა, ესწრებოდა ლექციებს, დისკუსიებს, მუშათა ორგანიზაციების შეკრებებს. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ქმნის და ხელმძღვანელობს პროფკავშირებს, ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას. 1913 წელს გახდა „პრავდას“ თანამშრომელი, დაარსა მუშათა ჟურნალი „დაზღვევის საკითხები“. ამავე წელს დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს, სადაც 1916 წლამდე იმყოფებოდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს ცხოვრობდა ეკატერინოგრადში, სადაც, როგორც ჟურნალისტმა და ორატორმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლშევიკების მიერ უმრავლესობის მოპოვებაში. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები, 1917-24 წლებში იყო სრულიად რუსეთის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, 1919-20 წლებში — უკრაინის კომუნისტური პარტიის გუბკომის თავმჯდომარე, 1921 წელს — აგიტპროპის გამგე. ამასთანავე, აქტიურად აგრძელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, რედაქტორობდა სხვადასხვა ჟურნალებსა და გაზეთებს. 1923 წლიდან მონაწილეობდა „მემარცხენე ოპოზიციაში“.  1927 წელს პარტიიდან გარიცხეს, ხოლო 1928 წელს გადაასახლეს ბარნაულში. 1929 წელს, პირად მიმოწერაში სტალინისა და ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკისათვის, სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რომლის ვადაც 1932 წელს ორი წლით გაუხანგრძლივეს. ოპოზიციაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ, 1934 წელს მოსკოვში დაბრუნდა, თანამშრომლობდა გაზეთებში „Социалистическое земледелие“ და „Известия“. 1935 წელს აღადგინეს პარტიაში, მაგრამ 1936 კვლავ დააპატიმრეს, ხოლო 1937 წელს მავნებლობისა და ტროცკისტულ-ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, დახვრიტეს. 1958 წელს რეაბილიტირდა.

ევგენი პრეობრაჟენსკი (1886-1937) — რუსი რევოლუციონერი, რუსეთისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მონაწილე, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, სოციოლოგი, მარქსიზმის თეორეტიკოსი. ორიოლში, გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. 1903 წელს გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, მიემხრო ბოლშევიკებს, იყო რსდმპ-ის ორიოლის კომიტეტის წევრი.  მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. 1907-1908 წლებში სწავლობდა იურისპრუდენციას მოსკოვის უნივერსიტეტში (არ დაუმთავრებია). არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული.  1915-17 წლებში პარტიულ საქმიანობას ეწეოდა ირკუტსკსა და ჩიტაში, იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ირკუტსკის კომიტეტის წევრი.  ემხრობოდა „მემარცხენე კომუნისტებს“. ბუხარინთან თანაავტორობით დაწერა „კომუნიზმის ანა-ბანა“, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა სამოქალაქო ომის პერიოდში. 1918-19 წლებში იყო ურალის სამხარეო კომიტეტის წევრი, 1920-1921 წლებში — კომუნისტური პარტიის ცკ-ის მდივანი და საორგანიზაციო ბიუროს წევრი, 1921 წლიდან — პარტიისა და სახალხო კომისართა საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე. 1923 წლიდან მონაწილეობდა „მემარცხენე ოპოზიციაში“, იყო მისი ერთ-ერთი ლიდერი და თეორეტიკოსი. მხარს უჭერდა ინდუსტრიალიზაციას, რომელიც, მისი კონცეფციის თანახმად, „გლეხობის ხარჯზე კაპიტალის პირველადი დაგროვების“ საშუალებით უნდა მომხდარიყო. 1927 წელს, „მემარცხენე ოპოზიციის“ სხვა წევრებთან ერთად,  პარტიიდან გარიცხეს და გადაასახლეს. 1930 წელს, „მონანიების“ საფუძველზე, პარტიის წევრობის აღდგენის შემდეგ იკავებდა მეორეხარისხოვან თანამდებობებს. 1933 წელს კვლავ გარიცხეს პარტიიდან და სამი წლით გადასახლება მიუსაჯეს. 1936 წელს ისევ აღადგინეს, მაგრამ ამავე წელსვე დააპატიმრეს, ხოლო 1937 წელს, „ახალგაზრდული ტროცკისტული ცენტრის“ ხელმძღვანელობისა და კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაზაციის წევრობის ბრალდებით, დახვრიტეს. რეაბილიტირდა 1990 წელს.

[XVI] იხ. ლენინი ვ. ეროვნებათა საკითხისთვის ანუ „ავტონომიზაციის“ შესახებ.

[XVII] ლიდია ფოტიევა (1881-1975) — რუსი რევოლუციონერი, ბოლშევიკური პარტიის წევრი, სამი რევოლუციის მონაწილე. 1918-1930 წლებში მუშაობდა სახალხო კომისართა საბჭოს და შრომისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად, პარალელურად, 1918-24 წლებში იყო ლენინის პირადი მდივანი. 1938 წელს გახდა ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თანამშრომელი, 1941-1945 წლებში მუშაობდა რევოლუციის მებრძოლთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციის (რმდსო) ცკ-ში. ავტორია ლენინის შესახებ დაწერილი მოგონებების წიგნებისა. მარია გლიასერი (1890-1951) — პარტიის წევრი 1917 წლიდან, 1918-1924 წლებში მუშაობდა სახალხო კომისართა საბჭოს სამდივნოში. იყო ლენინის პირადი მდივანი პოლიტბიუროში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *