პრაბჰატ პატნაიკი — საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავშირი უკრაინის კრიზისთან

პრაბჰატ პატნაიკი ინდოელი მარქსისტი ეკონომისტია. 1974-2010 წლებში ასწავლიდა ჯავაჰარლალ ნერუს უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და დაგეგმარების ცენტრში. 2006-2011 წლებში კერალას შტატის დაგეგმარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. პატნაიკის შრომები ძირითადად ეხება ნეოლიბერალიზმს, იმპერიალიზმსა და მის თეორიებს. მის ყველაზე ცნობილ ნაშრომებს შორისაა მეუღლესთან, ასევე მარქსისტ ეკონომისტთან, უცა პატნაიკთან ერთად დაწერილი წიგნი „იმპერიალიზმის თეორიები“. ნაშრომის მთავარი თეზისი მდგომარეობს იმაში, რომ იმპერიალიზმი არათუ კაპიტალიზმის უმაღლესი სტადიაა, როგორც ამას ლენინი ამტკიცებდა, არამედ მისი ორგანული და არსებითი კომპონენტია განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში.

პატნაიკის ამ მცირე ტექსტით გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ მიმდინარე მოვლენების ზოგიერთ გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ წინაპირობაზე. ამ ეტაპზე, უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს უმრავი ფაქტის მიჩქმალვა და გაყალბება, ზოგჯერ მიზანმიმართულად, ზოგჯერ ბრმად ტენდენციურად. ყოველწამიერად განახლებადი ჭარბი ინფორმაციის და საგანგებო მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ეგზალტაციის ფონზე უფრო რთული ხდება ისედაც რთული ანალიტიკური პროცესი, რომელმაც ობიექტური რეალობა, ან მისკენ მიმავალი გზა უნდა დაგვანახოს. 

რედაქცია


მედიაში ფართოდ განიხილება რუსეთის თავდაცვის საკითხები, რომლებიც დღის წესრიგში ნატოში გაწევრიანებისკენ უკრაინის სწრაფვამ დააყენა. მაგრამ თითქმის უყურადღებოდ დარჩა პარალელური საკითხი — სავალუტო ფონდის კავშირი უკრაინასთან. როგორც საქვეყნოდაა ცნობილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მეტროპოლიის კაპიტალს მთელი მსოფლიოს ეკონომიკების „კარს უღებს“. ამ მიზნით, მუშათა კლასის საწინააღმდეგო და ანტისახალო („ქამრების შემოჭერის“) ზომების მიღებით, „ინვესტორებისადმი მეგობრულს“ ხდის ამ ეკონომიკებს.  „კარის გაღება“, როგორც წესი, მოიცავს ამ ქვეყნების ბუნებრივი რესურსებისა და მიწების  დაუფლებას მეტროპოლიის კაპიტალის მიერ. მიზნის მისაღწევად საერთაშორისო სავალუტო ფონტი, ჩვეულებრივ, იყენებს შემდეგ საშუალებას: იმ ქვეყნებს, რომელთაც სჭირდებათ დახმარება საგადამხდელო ბალანსის აღსადგენად, სესხს გარკვეული „პირობებით“ აძლევს ხოლმე.

თუმცა, გარდა ამ ზოგადი როლისა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასრულებს, გარკვეულ შემთხვევებში ის კონკრეტულ როლსაც ითავსებს, კერძოდ, მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობისეულ ცივი ომის მიზნებს. უკრაინის შემთხვევაში, გარდა ზოგადი როლისა, გაეხსნა უკრაინის ეკონომიკა მეტროპოლიის კაპიტალისათვის, მან ეს კონკრეტული როლი თითქმის თავიდანვე  შეითავსა.

2014 წლამდე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო, ქვეყანა, ევროკავშირში სავაჭრო ინტეგრაციის ფარგლებში, მოლაპარაკებებს მართავდა საერთშორისო სავალუტო ფონდთან. ფონდმა უკრაინას მოსთხოვა, გაეტარებინა რიგი „რეფორმებისა“: შეემცირებინა ხელფასები, განეხორციელებინა ჯანდაცვისა და განათლების სექტორების „რეფორმა“ და „შეეკვეცა“ ქვეყანაში დასაქმების ადგილების შემქმნელი ეს მთავარი სფეროები, შეემცირებინა ბუნებრივი აირის სუბსიდიები, რომლითაც სახელმწიფო ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფდა და ამით ენერგიას მათთვის ხელმისაწვდომს ხდიდა (Bryce Green, FAIR, February 24). პრეზიდენტი იანუკოვიჩი არ მიესალმებოდა ამ „რეფორმებს“, რომელთა გატარებაც ხალხს მძიმე ტვირთად დააწვებოდა. მან შეწყვიტა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება და მის ნაცვლად რუსეთთან დაიწყო მორიგება.

ეს მის მიუტევებელ „დანაშაულად“ იქცა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების გაწყვეტა არა მხოლოდ ნეოლიბერალური რეჟიმის თავზე მომხვევი  საერთაშორისო კაპიტალის ჰეგემონიისგან, არამედ აგრეთვე დასავლეთის იმპერიალისტური ძალების, განსაკუთრებით, აშშ-ის, და, შესაბამისად, ნატოსგან თავის დაძვრენას უდრიდა. სხვა სიტყვებით, ნატო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთმანეთისგან განცალკევებულ ორგანიზაციებად კი არ განიხილებოდნენ, რომელთაგანაც თითოეულს თავისი სამუშაო სფერო და თავისი მიზანი გააჩნია, არამედ მსგავსი და საერთო მიზნების მქონე ორგანიზაციებად. აშშ გააღიზიანა იანუკოვიჩის სითამამემ, ზურგი ექცია საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის და რუსეთისკენ შეტრიალებულიყო, და გადაწყვიტა, თავიდან აეცილებინა უფრო მეტი „ზიანი“. იანუკოვიჩი ჩამოაგდეს აშშ-ის მიერ დაფინანსებული გადატრიალების შედეგად, რომელსაც უკრაინის ნაცისტური ელემენტები აშველებდნენ ხელს, იანუკოვიჩის საწინააღმდეგო დემონსტრაციების წინა რიგებში რომ იდგნენ გადატრიალების მთელი მსვლელობის განმავლობაში. მას შემდეგ კი, რაც აზოვის ბატალიონი — ულტრამემარჯვენე, სრულად მოხალისეობრივი ქვეითი საჯარისო შენაერთი, რომელიც მანამდე უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო რეზერვის ნაწილს შეადგენდა  — ჯარს შეუერთდა, ეს ნაცისტური ელემენტები ფორმალურადაც ირიცხებიან უკრაინის არმიაში.

ხელისუფლებაში 2014 წლის გადატრიალების შემდგომ მოსულმა მთავრობამ განაახლა ევროკავშირთან მოლაპარაკებები. მან „კეთილი ზრახვების“ დემონსტრირებისა და მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის სუბსიდიის გაანახევრების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან 27 მლრდ აშშ დოლარის სესხი აიღო. ამ სესხს რამდენიმე საყურადღებო მახასიათებელი ჰქონდა: უპირველესად, ის უზარმაზარი იყო, იმაზე გაცილებით დიდი, ვიდრე ჩვეულებრივ მსგავს სიტუაციებში საერთაშორისო სავალუტო ფონდი გასცემს ხოლმე (სესხი, ფაქტობრივად, ჩვეულებრივ გაცემულ თანხაზე ექვსჯერ მეტს აღემატება); მეორეც, ეს სესხი ქვეყანამ სამოქალაქო ომის დროს მიიღო, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის არ არის დამახასიათებელი; და მესამე, თავიდანვე ცნობილი გახლდათ, რომ ამ სესხს უკრაინა ვერ გადაიხდიდა, ამიტომაც ერთადერთი გზა, რომლითაც მისი დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა, იყო მეტროპოლიის კაპიტალის მიერ ქვეყნის მიწისა და მინერალური რესურსების (რომელთაგან უპირატესი ბუნებრივი აირია) დაუფლება.

2014 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოქმედებები უკრაინაში წარმოადგენდა არა უბრალოდ მის ჩვეულ პოლიტიკას, ე.ი მეტროპოლიის კაპიტალისთვის ქვეყნის ეკონომიკის გახსნას, არამედ, ამასთან ერთად, აშშ-ის ცივი ომის მიზნების დამხმარე საშუალებასაც. მეტროპოლიის კაპიტალისთვის ქვეყნის, მისი ბაზრის, მიწისა და ბუნებრივი რესურსების გახსნის ამოცანას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გაცილებით მცირე სესხის გაცემაც ადვილად შეასრულებდა. წარმოუდგენლად დიდი სესხი კი აშშ-ის ადმინისტრაციას (რომელსაც უკრაინის საკუთარ ორბიტაზე მოქცევა სურს), უკრაინელ ოლიგარქებს (რომელთაც ქვეყნიდან თავიანთი სიმდიდრის გატანა დოლარსა და ევროში სურთ), გადატრიალების შემდგომ მოსულ ხელისუფლებასა (რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეს გადარიცხვები) და საერთაშორისო სავალუტო ფონდს (რომლის მოვალეობაც ანგარიშის გასწორებაა) შორის კავშირზე მიუთითებს.

ახლა, რუსეთის შეჭრის კვალდაკვალ, უკრაინამ ისევ საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა დახმარებისთვის. ფონდის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ ფონდის დირექტორთა საბჭოს ურჩია ამ დახმარების გაწევა. ჯერჯერობით უცნობია, ამ დახმარების ზუსტი ოდენობა და მიზანი, მაგრამ ერთი რამ ცხადია — როდესაც დასრულდება რეგიონში მიმდინარე კრიზისი, მიუხედავად იმისა, როგორ გადაწყდება იგი, უკრაინა ევროპის მეორე საბერძნეთად გადაიქცევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საბერძნეთისთვის გაცემული სესხიც ბევრად აჭარბებდა ამ ორგანიზაციის მიერ ჩვეულებრივ გაცემულ სესხებს. ამ სესხის უმეტესი ნაწილი იმას ემსახურებოდა, რომ ევროპულ ბანკებს გარანტირებულად შეძლებოდათ საბერძნეთისთვის ნასესხები თანხის უკან ამოღება. ახლა კი საბერძნეთი დაუსრულებელი ვალის მანკიერ წრეშია გამომწყვდეული.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავისი დაარსების დღიდან დიდი ცვლილებები განიცადა. 1944 წელს, ბრეტონ-ვუდსის კონფერენციაზე[1] მისი დაფუძნების დროს, იგი იყო ისეთი საერთშორისო რეჟიმის ნაწილი, რომლის წინაპირობასაც სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის დაგეგმვის სტრატეგიის მიყოლა წარმოადგენდა. ამ საერთაშორისო რეჟიმის მთავარი ავტორები გახლდნენ დირიჟიზმის[2] მომხრე ბრიტანელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინზი და ამერიკელი ჰარი დექსტერ უაითი[3]. მაშინ, როდესაც ყოველი ქვეყანა აწესებდა კონტროლს ვაჭრობასა და კაპიტალის მოძრაობაზე, თუ რომელიმე ქვეყანაში საგადამხდელო ბალანსის პრობლემა წარმოიქმნებოდა, მას შეეძლო, საერთშორისო სავალუტო ფონდისგან ესესხა ფული თავისი ეკონომიკის „სტაბილიზაციის“ მიზნით. ამ ფუნქციის მქონე ორგანიზაციიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქცა „სტრუქტურული გარდაქმნის“[4] პროტაგონისტად, რომელიც უბრალოდ საგადამხდელო ბალანსის გარდამავალ პრობლემებთან გასამკლავებლად კი არ გასცემს სესხს (სანამ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის მქონე ეკონომიკა არ „დასტაბილურდება“), არამედ ხელს უწყობს ნეოლიბერალურ რეჟიმს, ე. ი. ისეთ პოლიტიკათა წყებას, რომლებიც გულისხმობს ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის კონტროლის ყოველგვარი მექანიზმის მოშლას, საჯარო სექტორის აქტივთა პრივატიზაციას და „შრომის ბაზრის მოქნილობის“ დანერგვას (რაც პროფკავშირებზე იერიშის მიტანას ნიშნავს).

დირიჟისტული რეჟიმის ხელშემწყობის როლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდი მალევე გადაიქცა ამ რეჟიმის გამანადგურებლად და ნეოლიბერალური რეჟიმის დანერგვის ინსტრუმენტად. იგი გახდა საერთაშორისო ფინანსური კაპიტალის ინსტრუმენტი და საშუალება მისცა, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში შეეღწია. მაგრამ ის მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური კაპიტალის ინსტრუმენტი არაა. ის აგრეთვე ამ კაპიტალის უკან მდგომი დასავლური მეტროპოლიის ძალების ინსტრუმენტის როლსაც ასრულებს. საერთაშორისო ფინანსური კაპიტალის ინტერესების დაცვასთან ერთად, იგი დასავლური მეტროპოლიის ძალთა იძულებით აპარატს ერთვის.

პუტინი, ცხადზე ცხადია, არ იბრძვის საერთაშორისო ფინანსური კაპიტალის ჰეგემონიის წინააღმდეგ. იგი არ არის სოციალისტი, რომელიც იდეოლოგიურ ომს აწარმოებს მეზობელ ქვეყანაში საერთაშორისო ფინანსური კაპიტალის ინტერესების გამტარ გაბატონებულ ორგანიზაციასთან. მას მხოლოდ რუსეთის დაცვა აღელვებს. მისი ერთადერთი ინტერესი ისაა, რომ რუსეთი ნატოთი გარშემორტყმული არ აღმოჩნდეს. იანუკოვიჩსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის „დახმარების“ სანაცვლოდ ხელის გაწოდებას მხოლოდ ამიტომ სთავაზობდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთადერთი, რაც მას აწუხებს, არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აშშ-ის გეოსტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდ თამაში, და არა ამ ფონდის როლი ზოგადად ნეოლიბერალიზმისთვის გზის გაკაფვის საქმეში. მართლაც, უთანასწორობა და აბსოლუტური სიღატაკე, რასაც ნეოლიბერალური რეჟიმი წარმოშობს, არც ისე შორს დგას იმისგან, რასაც ამ მიმართულებით პუტინმა „მიაღწია“.

წყარო: https://peoplesdemocracy.in/2022/0306_pd/imf-connection-ukraine-crisis 

თარგმნა მარიკა ტყეშელაშვილმა

რედაქციის კომენტარები


[1] ბრეტონ-ვუდსის კონფერენცია (ოფიციალურად — გაერთიანებული ერების სავალუტო-ფინანსური კონფერენცია) — საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც შედგა 1944 წლის ივლისში, ნიუ-ჰემფშირის შტატში, ბრეტონ-ვუდსში. კონფერენციაზე ანტიჰიტლერული კოალიციის 44 სახელმწიფოს 730 დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის მიზანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სავალუტო და ფინანსური საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება იყო. კონფერენციაზე ხელი მოეწერა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაარსების შეთანხმებას.

[2]დირიჟიზმი (ფრ. Dirigisme) — სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში აქტიური ჩარევის პოლიტიკა.

[3]ჰარი დექსტერ უაითი (1892-1948) — ამერიკელი ეკონომისტი, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ბრეტონ-ვუდსის კონფერენციაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტის ავტორი. მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ბანკის დაარსებაში.

[4]სტრუქტურული გარდაქმნა, იგივე სტრუქტურული ადაპტაცია — საბაზრო ეკონომიკის რეფორმების გატარება, რომელთა შორისაცაა ვალუტის დევალვაცია საგადასახადო დეფიციტის ბალანსის შესამცირებლად, სახელმწიფო ხარჯების — სუბსიდიების, სოციალური პროგრამების, ადმინისტრაციული აპარატის შემცირება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოებისა და ქონების პრივატიზაცია, დერეგულაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *