სუბკომანდანტე მარკოსი — მეოთხე მსოფლიო ომი

რედაქციის წინასიტყვაობა

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ სულ უფრო ხშირად გაისმის განცხადებები მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყების შესახებ, რაც მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში დიდი იმპერიული სახელმწიფოების პირდაპირ ჩართვას და შედეგად, ბირთვული იარაღის გამოყენებას გულისხმობს. თუ გავითვალისწინებთ, რა მორალური ღირებულებების მქონე ხალხი მართავს მსოფლიოს, ამგვარი სცენარი არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს არა მესამე მსოფლიო, არამედ კაცობრიობის უკანასკნელი ომი იქნება, რომლის შემდეგაც პლანეტა დედამიწაზე ცოტა რამ თუ დარჩება ცოცხალი, და ბარბაროსობის მდგომარეობა, რომელსაც მარქსისტები სოციალისტური იდეის ვერგანხორციელების შემთხვევაში წინასწარმატყველებდნენ, ადამიანთა მოდგმას სანატრელი გაუხდება. სინამდვილეში, მესამე მსოფლიო ომი, კაპიტალისტური სამყაროს ომი „სოციალისტური ბანაკის“ წინააღმდეგ, რომელსაც ტრადიციულად „ცივ ომს“ უწოდებენ, 30 წლის წინ დასრულდა. იქედან მოყოლებული, მსოფლიოში მეოთხე მსოფლიო ომია გაჩაღებული, რომელშიც „ცივ ომში“ გამარჯვებული დასავლური იმპერიალიზმი ამერიკის მეთაურობით იბრძვის დანარჩენი კაცობრიობის დამორჩილებისთვის, რათა უალტერნატივო გახადოს თავისი ჰეგემონია, განამტკიცოს „მესამე სამყაროს“ ქვეყნების ჩაგვრა და ესპლუატაცია გლობალიზებული ნეოლიბერალური ეკონომიკური წესრიგის ფარგლებში.

სწორედ ამ კონცეფციას აყალიბებს მექსიკის შტატ ჩიაპასის მკვიდრი მოსახლეობის, ინდიელ გლეხთა მოძრაობის, საპატისტების ერთ-ერთი ლიდერი და თეორეტიკოსი სუბკომანდანტე მარკოსი (2014 წლიდან — სუბკომანდანტე გალეანო) 1999 წელს წაკითხულ მოხსენებაში „მეოთხე მსოფლიო ომი“. ეს ის პერიოდია, როცა გლობალიზაცია თავის პიკს აღწევს, მსოფლიოზე ამერიკისა და ნატოს ჰეგემონია ურყევი და უპირობო ჩანს, ხოლო გლობალური მსოფლიოს საკომუნიკაციო საშუალებები — ინფორმატიკა და ინგლისური ენა, როგორც lingua franca — საერთაშორისო მასშტაბით მყარად იდგამს ფესვებს.

მარკოსი საკმაოდ თამამად და ორიგინალურად სვამს საკითხებს და აკეთებს დასკვნებს, რომლებიც დღეისთვისაც ინარჩუნებენ აქტუალობას, გვაფიქრებენ და განსჯისკენ გვიბიძგებენ.

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტექსტში გვხვდება დებულებები, რომელთაც არ ვიზიარებთ და რისი აღნიშვნაც საჭირო გვგონია, შესაძლო გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად. 

მარკოსი სამართლიანად შენიშნავს, რომ ნეოლიბერალური გლობალიზაციის ერთ-ერთი „პარადოქსული“ ეფექტი სხვადასხვა იდენტობების შექმნა და გამრავლებაა, ისეთების, როგორიცაა რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და ა.შ. უმცირესობები: „მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები, წესით და რიგით, უფრო და უფრო უნდა დაემსგავსონ ერთმანეთს, ახალ-ახალი განსხვავებები ჩნდება: გეები და ლესბოსელები, ახალგაზრდები, ემიგრანტები“. შემდეგ ამავე მოვლენის შესახებ ავტორი წერს: „არ არსებობს იმაზე ძლიერი და მყარი კავშირები, ვიდრე ისინი, რომლებიც განსხვავებულთა ჯგუფებს შორის არსებობს — გეებს, ლესბოსელებს, ახალგაზრდებსა და ემიგრანტებს შორის“. ჩვენი აზრით, მარკოსი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ჯგუფების ორგანიზების მცდელობებს, აზვიადებს მათი სიმყარისა თუ სოლიდარულობის ფაქტორს და ამდენად, ნეოლიბერალიზმის ტრიუმფის პირობებში გაბატონებული კლასების მიერ მემარცხენე ძალებისთვის თავსმოხვეული იდენტობის პოლიტიკის გამართლება გამოსდის. შეიძლება, იმ დროისათვის, როცა მოხსენება იქნა წაკითხული, უმცირესობების ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის ჯერ კიდევ ინარჩუნებდა გარკვეულ „ანტისისტემურობას“. მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ იმპერიალისტურმა ჰეგემონიამ სრულად შთანთქა და დაიქვემდებარა „განსხვავებულთა“ მოძრაობები და უმცირესობების უფლებების დაცვა იმპერატივად მოჰყვება პერიფერიის ქვეყნების ნეოკოლონიური ძარცვის დაკანონებას — „ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას“ (საქართველოს შემთხვევაში).   

ნამდვილი ანტიკაპიტალისტური ბრძოლა მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, როცა ის გვერდით ჩააჩოჩებს კულტურულ, სექსუალურ, ეთნიკურ, რელიგიურ, თუ იმ უთვალავ ოდიდგანვე არსებულ, თუ ხელოვნურად შექმნილ ადამიანთა განმასხვავებელ ნიშან-თვისებებს, რომლებზეც აფუძნებენ ხოლმე თავიანთ პრაქტიკას ლიბერალების კუდში მოჩანჩალე ე. წ. მემარცხენეები და საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცევს ბრძოლას კლასობრივი ჩაგვრის, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ექსპლუატაციის, მაშასადამე, კაპიტალიზმის წინააღმდეგ. მარტო ამ ბრძოლას აქვს შანსი, არ იქცეს პოლიტიკური საქმიანობის სუროგატად, რომელსაც გაბატონებული წესრიგი, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, მარტივად ჩაყლაპავს და მოინელებს.

გარდა ამისა, ნეოლიბერალური გლობალიზაციის უარყოფითი მხარეების მართებული მხილებისა და კრიტიკის მიუხედავად, მარკოსი არ საუბრობს პოზიტიურ ალტერნატივაზე და ტექსტის ზოგიერთი პასაჟი, შეიძლება, ისე იკითხებოდეს, რომ მისი არსებობა შეუძლებელია. ან გლობალიზებული ნეოლიბერალური წესრიგი, ანდა — ვიწროდ ადგილობრივი ბრძოლა მის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ ჩიხში მოქცევისთვის არის განწირული.

მაგრამ თუ ჩვენი იდეალი არის კომუნიზმი, არასახელმწიფოებრივი, არასაბაზრო, უკლასო მსოფლიო წესრიგი, რომელიც დადამიწის მასშტაბით საერთო წარმოების წესის არსებობას გულისხმობს, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ გლობალიზებული კაპიტალისტური წესრიგის გადალახვა მხოლოდ უფრო სრულყოფილი გლობალური წარმოების წესით მისი ჩანაცვლების შემთხვევაში არის შესაძლებელი. სწორედ ეს იქნება ერი სახელმწიფოს ნამდვილი დასასრული და პოზიტიური გადალახვა. მანამდე კი ანტიკაპიტალისტური ძალების ამოცანა ნეოლიბერალური (ნეოკონსერვატიული) წესრიგისადმი ინტერნაციონალური წინააღმდეგობის ორგანიზებაა. მხოლოდ ამან შეიძლება იხსნას კაცობრიობა თვითგანადგურებისგან, რაც, თუ ბირთვული ომის არა, ადრე თუ გვიან, კაპიტალიზმის მტაცებლური ხასიათის გამო პლანეტის ბუნებრივი რესურსების ამოწურვისა და ეკოსისტემის განადგურების შედეგად დადგება.

მარკოსის ტექსტის დამატებად ვაქვეყნებთ რუსი მემარცხენე თეორეტიკოსის ალექსანდრ ტარასოვის მცირე სტატიას „მეოთხე მსოფლიო ომი, როგორც მესამეს დიალექტიკური უარყოფა“, რომელშიც ავტორი მოკლედ აფორმულირებს და დამატებითი არგუმენტებით ასაბუთებს მესამე და მეოთხე მსოფლიო ომების კონცეფციას.


მეოთხე მსოფლიო ომი

ომის სტრუქტურის ცვლილება

ჩვენი კონცეფციის თანხმად, ეგრეთ წოდებულ მსოფლიო ომებში — იქნება ეს პირველი, მეორე თუ ის მსოფლიო ომები, რომელთაც მესამეს და მეოთხეს ვუწოდებთ  —  რამდენიმე მუდმივა არსებობს.

ერთ-ერთი ასეთი მუდმივა ტერიტორიების დაპყრობა და მათი რეორგანიზებაა. თუ მსოფლიოს რუკას შეხედავთ, დაინახავთ ყველა მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს, არა მხოლოდ ტერიტორიების დაპყრობაში, არამედ მათი მოწყობის ფორმებში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახალი მსოფლიო რუკა შეიქმნა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე სხვა მსოფლიო რუკა გაჩნდა.

იმ ომის დასასრულს, რომელსაც გავბედეთ, ვუწოდოთ „მესამე მსოფლიო ომი“ და რომელსაც სხვები „ცივ ომს“ უწოდებენ, ასევე ტერიტორიების დაპყრობა და მათი რეორგანიზება მოჰყვა შედეგად. ეს, შეიძლება ითქვას, მოხდა 80-იანების ბოლოს, სოციალისტური ბანაკის დანგრევასთან ერთად. და 90-იანების დასაწყისში უკვე გამოიკვეთა ის, რასაც ჩვენ მეოთხე მსოფლიო ომს ვუწოდებთ.

მეორე მუდმივა მტრის განადგურებაა. მეორე მსოფლიო ომში ეს მტერი იყო ნაციზმი, მესამეში — ის ყველაფერი, რასაც ერქვა სსრკ და სოციალისტური ბანაკი, როგორც კაპიტალისტური სამყაროს საწინააღმდეგო ვარიანტი.

მესამე მუდმივა დაპყრობილის მართვაა. ტერიტორიების დაპყრობის მომენტიდან საჭირო ხდება მათი მართვა ისე, რომ გამარჯვებულმა ძალამ იხეიროს თავისი გამარჯვებით. სიტყვა „დაპყრობას“ ასე ხშირად იმიტომ ვიყენებთ, რომ ამ საკითხში ექსპერტები ვართ. ის სახელმწიფოები, რომლებსაც ადრე ნაციონალური ეწოდებოდათ, ყოველთვის ცდილობდნენ ინდიელი ხალხების დაპყრობას. ამ მუდმივების მიუხედავად, არსებობენ სხვადასხვა ცვლადები, რომლებიც იცვლებიან ერთი მსოფლიო ომიდან მეორემდე: სტრატეგია, აქტორები, ანუ მოწინააღმდეგე მხარეები, იარაღი, დაბოლოს, ტაქტიკა. მიუხედავად ტაქტიკის მუდმივი ცვლილებისა, ეს უკანასკნელი ყოველთვის ვლინდება და შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ომის არსის გასაგებად.

მესამე მსოფლიო ომი, ან „ცივი ომი“, 1946 წლიდან (ან, თუ გნებავთ, 1945 წელს ჰიროსიმას დაბომბვიდან) 1985-1990 წლებამდე გრძელდებოდა. ეს იყო მცირე ლოკალური ომებისგან შემდგარი დიდი მსოფლიო ომი. როგორც ყველა დანარჩენი, ესეც ტერიტორიების დაპყრობითა და მტრის განადგურებით დამთავრდა. შემდეგი ნაბიჯი — დაპყრობილის მართვაზე გადასვლა და ტერიტორიების რეორგანიზებაა. ამ მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ: პირველი, ორი ზესახელმწიფო — შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი, თავიანთი სატელიტებით; მეორე, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა; მესამე, ლათინოამერიკა, აფრიკა, აზიისა და ოკეანეთის ნაწილი. პერიფერიული ქვეყნები აშშ-ის ან სსრკ-ის ორბიტის გარშემო ბრუნავდნენ, იმისდა მიხედვით, რა უფრო აწყობდათ. ზესახელმწიფოებისა და პერიფერიის ქვეყნების უკან იდგნენ მაყურებლები და მსხვერპლები, ანუ დანარჩენი მსოფლიო. ორი ზესახელმწიფო ყოველთვის პირდაპირ არ ებრძოდა ერთმანეთს. ისინი ამისთვის ხშირად სხვა ქვეყნებს იყენებდნენ. იმ დროს, როდესაც დიდი ინდუსტრიული ერები ორი ბლოკიდან ერთ-ერთს უერთდებოდნენ, დანარჩენი ქვეყნები და მათი მოსახლეობა მაყურებლების ან მსხვერპლების როლში გამოდიოდნენ. ამ ომის მთავარი მახასიათებლები იყო: ერთი მხრივ, გამალებული შეიარაღება და, მეორე მხრივ, ლოკალური ომები. ბირთვული ირაღის მქონე ზესახელმწიფოები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს იმაში, თუ რამდენჯერ შეეძლოთ მსოფლიოს განადგურება. მოწინააღმდეგეზე ზეწოლის საშუალება ძალიან დიდი ძალის წარმოჩენა იყო. ამავდროულად ყველგან მიმდინარეობდა ლოკალური ომები, რომლებშიც ზესახელმწიფოები მონაწილეობდნენ.

შედეგი, როგორც ვიცით, იყო სსრკ-ის დამარცხება და დაშლა და აშშ-ის გამარჯვება, რომლის გარშემოც დღეს ქვეყნების უმრავლესობა გაერთიანდა. სწორედ ამ დროს  დაიწყო ის, რასაც ჩვენ „მეოთხე მსოფლიო ომს“ ვუწოდებთ. და აქ გაჩნდა ერთი პრობლემა. წინა ომის პროდუქტი უნდა ყოფილიყო ერთპოლუსიანი მსოფლიო — ერთი ქვეყანა, გაბატონებული მსოფლიოზე, რომელშიც მეტოქე აღარ დარჩა, — მაგრამ იმისათვის, რომ ქმედითი ყოფილიყო, ერთპოლუსიან მსოფლიოს უნდა მიეღწია იმისათვის, რაც „გლობალიზაციის“ სახელით არის ცნობილი. წარმოიდგინეთ მსოფლიო, როგორც დიდი დაპყრობილი ტერიტორია, სადაც მტერი განადგურებულია. საჭირო იყო ამ ახალი მსოფლიოს მართვა, მაშასადამე, მისი გლობალიზება. ამისთვის მიმართავენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რომელიც კაცობრიობის განვითარების გზაზე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ორთქლის ძრავის გამოგონება. კომპიუტერები ადამიანს აძლევენ საშუალებას, ერთდროულად სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდეს; აღარ არსებობს საზღვრები, დროითი თუ გეოგრაფიული შეზღუდვები. გლობალიზაციის პროცესის დაწყებას სწორედ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს უნდა ვუმადლოდეთ. დაყოფები, განსხვავებები, ერი-სახელმწიფოები — ყველაფერი ქრება და მსოფლიო იქცევა იმად, რასაც მართებულად უწოდებენ გლობალურ სოფელს.

გლობალიზაციის [თეორიული] საფუძველი არის კონცეფცია, რომელსაც „ნეოლიბერალიზმს“ ვუწოდებთ. ესაა ახალი რელიგია, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესის შესრულებას. მეოთხე მსოფლიო ომში კვლავ იპყრობენ ტერიტორიებს, ანადგურებენ მტერს და განაგებენ დაპყრობილ მიწა-წყალს.  

პრობლემა ისაა, რომელი ტერიტორიები იქნა დაპყრობილი და რეორგანიზებული და ვინ არის მტერი. რადგან ძველი მტერი გაქრა, ჩვენ ვამბობთ, რომ ახლა მტერი კაცობრიობაა. მეოთხე მსოფლიო ომი კაცობრიობას ანადგურებს იმდენად, რამდენადაც გლობალიზაცია ახდენს ბაზრის უნივერსალიზებას, და ყველაფერი ადამიანური, რაც ბაზრის ლოგიკას ეწინააღმდეგება, მტერია და უნდა განადგურდეს. ამ გაგებით, ჩვენ ყველანი ვართ მტრები, რომლებიც უნდა დამარცხდნენ: მკვიდრი მოსახლეობა, არამკვიდრი მოსახლეობა, ადამიანის უფლებათა დამცველები, მასწავლებლები, ინტელექტუალები, ხელოვანები. ყველა, ვინც თვლის, რომ თავისუფალია და, სინამდვილეში, არ არის.

ეს მეოთხე მსოფლიო ომი იყენებს იმ საშუალებას, რომელსაც ჩვენ „განადგურებას“ ვეძახით. ტერიტორიები ნადგურდება და მოსახლეობისგან იცლება. როცა ომი მიმდინარეობს, მტრის ტერიტორია უნდა განადგურდეს, უდაბნოდ იქცეს. არა განადგურების ჟინის გამო, არამედ შემდეგ თავიდან ასაშენებლად და ხელახლა მოსაწესრიგებლად. რა არის მთავარი პრობლემა, რომელსაც აწყდება ეს ერთპოლუსიანი სამყარო გლობალიზების პროცესში? ერი-სახელმწიფოები, წინააღმდეგობები, კულტურები, თითოეული ერის ურთიერთობის ფორმები, ის ყველაფერი, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს. ნუთუ შესაძლებელია, სოფელი გახდეს გლობალური და ყველა — ერთნაირი, თუკი ამდენი განსხვავება არსებობს? როცა ვსაუბრობთ ერი-სახელმწიფოების განადგურებისა და მათი გაუდაბურების საჭიროებაზე, აქ იგულისხმება არა ხალხის, არამედ ადამიანთა ყოფიერების ფორმების მოსპობა. განადგურების შემდეგ თავიდან უნდა ააშენო.  ტერიტორიების აღდგენა და ადამიანებისთვის სხვა ადგილის მიჩენა, ადგილისა, რომელსაც ბაზრის კანონები განსაზღვრავს — აი, რა ამოძრავებს გლობალიზაციას.

პირველი დაბრკოლება ერი-სახლმწიფოებია: საჭიროა მათზე შეტევა და მათი განადგურება. ყველაფერი, რაც სახელმწიფოს „ეროვნულად“ აქცევს, უნდა მოისპოს: მისი ენა, კულტურა, ეკონომიკა, მისი პოლიტიკური ცხოვრება და სოციალური ქსოვილი. თუ ნაციონალური ენები აღარ გამოიყენება, ისინი უნდა გაუქმდეს და დამკვიდრდეს ახალი ენა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ენა არის არა ინგლისური, არამედ ინფორმატიკა. ყველა ენა უნდა გახდეს ერთგვაროვანი,  ითარგმნოს კომპიუტერის ენაზე, ინგლისურიც მათ შორის. ყველა ის კულტურული ასპექტი, რაც ფრანგს აქცევს ფრანგად, იტალიელს — იტალიელად, დანიელს — დანიელად, მექსიკელს — მექსიკელად, უნდა მოისპოს, რადგან ისინი ბარიერებია, რომლებიც აბრკოლებენ გლობალიზებულ ბაზარზე წვდომას. საკითხი აღარ დაისმის ისე, რომ ერთი ბაზარი ფრანგებისთვის შეიქმნას, მეორე — ინგლისელებისთვის ან იტალიელებისთვის. უნდა არსებობდეს ერთადერთი ბაზარი, სადაც ერთი და იგივე ადამიანი შეძლებს, მოიხმაროს ერთი და იგივე პროდუქტი მსოფლიოს ნებისმიერ კუნჭულში და სადაც იგი მოიქცევა ისე, როგორც მსოფლიოს და არა ერი-სახელმწიფოს მოქალაქე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესს ეჯახება კულტურის ისტორია, ტრადიციის ისტორია, რომელიც მეოთხე მსოფლიო ომის მტერია. ეს პრობლემა განსაკუთრებით სერიოზულად დგას ევროპაში, სადაც უდიდესი ტრადიციების მქონე ერებია. ფრანგების, იტალიელების, ინგლისელების, გერმანელების, ესპანელების და ა.შ. კულტურული ლოგიკა — ყველაფერი, რაც ინფორმატიკის და ბაზრის ენაზე ვერ ითარგმნება — ამ გლობალიზაციისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. საქონლის ბრუნვა ახლა ინფორმაციული ტექნოლოგიების არხებით მოხდება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი ან უნდა განადგურდეს, ან გვერდზე გადაიდოს. ერ-სახელმწიფოებს ჰქონდათ თავიანთი ეკონომიკური სტრუქტურა და ის, რასაც ერქვა „ეროვნული ბურჟუაზია“  — კაპიტალისტები ეროვნული შტაბებ-ბინებით და ეროვნული კაპიტალით. ასე ვეღარ გაგრძელდება: თუ ეკონომიკის საკითხები გლობალურ დონეზე წყდება, ერი-სახელმწიფოების ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც თავისი კაპიტალის დაცვას ცდილობს, ცხადდება მტრად, რომელიც უნდა დამარცხდეს. ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ის, რამაც ევროკავშირამდე, ევრომდე მიგვიყვანა, ეკონომიკის გლობალიზების სიმპტომებია, თუმცა თავიდან საუბარია რეგიონალურ გლობალიზაციაზე, როგორც ეს ევროპის შემთხვევაშია. ერი-სახელმწიფოები აყალიბებენ თავინთ პოლიტიკურ ურთიერთობებს, მაგრამ ახლა პოლიტიკური ურთიერთობები უსარგებლოა. მე არ ვახასიათებ მათ, როგორც კარგს, ან ცუდს; პრობლემა ისაა, რომ ეს პოლიტიკური ურთიერთობები დაბრკოლებაა საბაზრო კანონების მოქმედებისთვის.

ნაციონალური პოლიტიკური კლასი დაძველდა, იგი უმაქნისია და უნდა შეიცვალოს. აბა დაძაბეთ მეხსიერება და გაიხსენეთ თუნდაც ერთი ევროპელი სახელმწიფო მოღვაწის სახელი. უბრალოდ ვერ შეძლებთ. ევროს ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ისეთი ადამიანები, როგორიცაა ბუნდესბანკის პრეზიდენტი, ბანკირი. მისი კარნახით განისაზღვრება ევროპის ქვეყნების სხვადასხვა პრეზიდენტებისა და პრემიერ მინისტრების პოლიტიკა.

თუ სოციალური ქსოვილი მორღვეულია, ირღვევა სოლიდარობის ის ძველი ურთიერთობებიც, რომელიც შესაძლებელს ხდიდა ერ-სახელმწიფოში თანაარსებობას. ამიტომაცაა წახალისებული კამპანიები გეების და ლესბოსელების წინააღმდეგ, ემიგრანტების წინააღმდეგ, სხვადასხვა ქსენოფობიური კამპანიები. ყველაფერი, რაც ადრე გარკვეულ წონასწორობას ინარჩუნებდა იმსხვრევა, როცა ეს მსოფლიო ომი თავს ესხმის ერ-სახელმწიფოს  და მას რაღაცა სხვად გარდაქმნის.

საუბარია ჰომოგენიზებაზე, ყველა ადამიანის გაერთნაირებაზე და ცხოვრების წესის ჰეგემონიზებაზე. ეს გლობალური ცხოვრებაა. თქვენი მთავარი გასართობი უნდა იყოს ინფორმატიკა, თქვენი სამუშაო უნდა იყოს ინფორმატიკა, თქვენი, როგორც ადამიანის, ღირებულება უნდა იყოს საკრედიტო ბარათების რაოდენობა, შესყიდვისუნარიანობა და პროდუქტიულობა. ყველაზე ცხადად ეს მასწავლებლების შემთხვევაში ჩანს. ვის უფრო მეტი ცოდნა და სიბრძნე აქვს, უკვე აღარაა მნიშვნელოვანი. ახლა დაფასებულია ის, ვინც მეტ კვლევას ატარებს და ამის მიხედვით განისაზღვრება მისი ხელფასი, გრანტები და ადგილი უნივერსიტეტში.

ამ ყველაფერს მჭიდრო კავშირი აქვს ამერიკულ მოდელთან. თუმცა ისეც ხდება, რომ მეოთხე მსოფლიო ომი საპირისპირო ეფექტსაც წარმოშობს, რომელსაც ჩვენ „ფრაგმენტაციას“ ვუწოდებთ. პარადოქსულია, რომ მსოფლიო კი არ ერთიანდება და მთლიანდება, არამედ, პირიქით, მრავალ ნაწილად იშლება. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები, წესით და რიგით, უფრო და უფრო უნდა დაემსგავსონ ერთმანეთს, ახალ-ახალი განსხვავებები ჩნდება: გეები და ლესბოსელები, ახალგაზრდები, ემიგრანტები. ერი სახელმწიფოები ფუნქციონირებენ, როგორც დიდი სახელმწიფო-მიწის-სააქციო საზოგადოება, რომელიც მრავალ ნაწილად გვაქუცმაცებს.

ამ პერიოდის — მესამე მსოფლიო ომის დასასრულის — მსოფლიო რუკას თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ ბოლო რვა წელს[1], დაინახავთ, რომ მოხდა მსოფლიოს გადანაწილება, ძირითადად ევროპაში, მაგრამ არა მხოლოდ. იქ, სადაც ერთი ერი იყო, ახლა ბევრი ერია. მსოფლიო რუკა დანაწევრებულია. ესაა მეოთხე მსოფლიო ომის პარადოქსული ეფექტი. გლობალიზების ნაცვლად მსოფლიო ფრაგმენტირდება, და ჰეგემონიზების და ჰომოგენიზების ამ მექანიზმის ნაცვლად, სულ უფრო მეტი და მეტი განსხვავება ჩნდება. გლობალიზაცია და ნეოლიბერალიზმი მსოფლიოს აქცევენ არქიპელაგად, რომლის ნაწილებიც უნდა მოთავსდეს საბაზრო ლოგიკაში და საერთო მნიშვნელის ქვეშ გააერთიანდეს. ამას ვუწოდებთ „ფინანსურ ბომბს“.

განსხვავებული ადამიანების გაჩენასთან ერთად, მრავლდება განსხვავებები. ყველა ახალგაზრდას ჰყავს საყვარელი ჯგუფი, აქვს თავისი აზროვნების წესი, მაგალითად, პანკები და სკინჰედები, რომლებიც ყველა ქვეყანაში არიან. ახლა განსხვავებულები არა უბრალოდ განსხვავდებიან, არამედ ამრავლებენ თავიანთ განსხვავებებს და ეძებენ საკუთარ იდენტობას. ცხადია, მეოთხე მსოფლიო ომი მათ სთავაზობს არა სარკეს, რომელიც დაანახვებდა, თუ რა აერთიანებთ დანარჩენ კაცობრიობასთან, არამედ გატეხილ სარკეს. თითოეული ირჩევს მისთვის განკუთვნილ ნატეხს და მასთან ერთად თავისი ცხოვრების წესს. სანამ სისტემა აკონტროლებს არქიპელაგს — ადამიანებს, და არა ტერიტორიებს,  — იგი თავს მშვიდად გრძნობს.

მსოფლიო მრავალ, დიდ და მცირე, ნაწილაკად იმსხვრევა. აღარ არსებობენ კონტინენტები იმ გაგებით, რომ, მაგალითად, ვიღაცა ევროპელი, აფრიკელი ან ამერიკელია. ის, რასაც ნეოლიბერალიზმის გლობალიზაცია გვთავაზობს, ფინანსური კაპიტალის ან, თუ გნებავთ, ფინანსური ძალაუფლების მიერ შექმნილი ქსელია. თუ ერთ კვანძში კრიზისია, ქსელის დანარჩენი ნაწილი მის ეფექტს შეამსუბუქებს. თუ ერთ ქვეყანაში კეთილდღეობაა, მისი ეფექტი არ ვრცელდება სხვა ქვეყნებზე. ანუ  ეს ქსელი არ მუშაობს. ყველაფერი, რასაც მის შესახებ გვეუბნებოდნენ, ის სიტყვები, რომელთაც გამუდმებით იმეორებდნენ ლათინოამერიკის ლიდერები, იქნება ეს მენემი, ფუხიმორი, სედილიო, თუ საეჭვო ზნეობრივი თვისებების მქონე სხვა პოლიტიკოსები — მსოფლიო მასშტაბის ტყუილია. სინამდვილეში, ამ ქსელმა ერი-სახელმწიფოები გაცილებით უფრო მოწყვლადი გახადა. ახლა ის ამთავრებს მათ განადგურებას, ამჯერად შინაგანი ეფექტების ხარჯზე. და ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ძალისხმევა, მიაღწიოს შიდა წონასწორობას და მონახოს საკუთარი ნაციონალური გზა, უშედეგო გამოდის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მოხდება იაპონიის ბანკში, რას მოიმოქმედებს რუსული მაფია, ან სპეკულანტი სიდნეიში. ასე თუ ისე, ერი-სახელმწიფოები განწირულნი არიან, საბოლოო განაჩენი გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. როცა ერი-სახელმწიფო თანხმდება ამ ქსელში შესვლაზე — სხვა გამოსავლის არქონის, იძულების თუ თავისი სურვილის გამო  — ის ხელს აწერს საკუთარი გარდაცვალების მოწმობას.

მოკლედ, ამ დიდ ბაზარს სურს, ყველა ეს კუნძული არა ერებად, არამედ სავაჭრო ცენტრებად აქციოს. შეგიძლია ერთი ქვეყნიდან მეორეში წახვიდე და იქაც იგივე პროდუქტები ნახო. აღარ არსებობს არანაირი განსხვავება. პარიზში ან სან კრისტობალ დე ლას კასასში შეგიძლია, ერთი და იგივე საქონელი მოიხმარო; სან კრისტობალ დე ლას-კასასში ყოფნისას, შეგიძლია, ამავდროულად პარიზშიც იყო და ერთსა და იმავე ახალ ამბებს გებულობდე. ეს ერი-სახელმწიფოების დასასრულია. და არა მარტო მათი, არამედ იმ ადამიანებისაც, რომლებისგანაც შედგება ეს სახელმწიფოები. ერთადერთი, რაც მნიშვნელობს — ბაზრის კანონია; ზუსტად ის განსაზღვრავს, რომ რამდენსაც აწარმოებ, რამდენსაც ყიდულობ, იმდენია შენი ღირებულება. ღირსება, წინააღმდეგობა, სოლიდარობა — დაბრკოლებაა. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ადამიანის გადაქცევას წარმოებისა და შესყიდვის მანქანად, მტერია და უნდა განადგურდეს. ამიტომ ვამბობთ, რომ მეოთხე მსოფლიო ომში მტერი ადამიანთა მოდგმაა, რომელსაც იგი ფიზიკურად კი არ ანადგურებს, არამედ მის ადამიანურობას სპობს.

როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ერი-სახელმწიფოების განადგურების მიუხედავად, წინააღმდეგობა და სოლიდარობა ისევ და ისევ ჩნდება. არ არსებობს იმაზე ძლიერი და მყარი კავშირები, ვიდრე ისინი, რომლებიც სხვებისგან განსხვავებულთა ჯგუფებს შორის არსებობს — გეებს, ლესბოსელებს, ახალგაზრდებსა და ემიგრანტებს შორის. ამიტომ ეს ომი აგრეთვე განსხვავებულების წინააღმდეგაც არის მიმართული. სწორედ ესაა მიზეზი ევროპასა და შეერთებულ შტატებში განსხვავებულთა წინააღმდეგ აგორებული დიდი რასისტული კამპანიებისა, იმათ წინააღმდეგ, ვისაც მუქი კანი აქვს, ვინც სხვა ენაზე ლაპარაკობს ან სხვა კულტურას მიეკუთვნება. ერი-სახელმწიფოს ნანგრევებში ქსენოფობიის კულტივირების საშუალებას წარმოადგენს მუქარა: „ამ თურქ მიგრანტებს შენთვის სამუშაოს წართმევა უნდათ“, „ეს მექსიკელი მიგრანტები გასაუპატიურებლად, მოსაპარად და მავნე ჩვევების გასავრცელებლად ჩამოვიდნენ“. ერი-სახელმწიფოები — ან ის მცირედი, რაც მათგან შემორჩა, — მსოფლიოს ახალ მოქალაქეებს მიგრანტების მოშორების მისიას აკისრებენ. ამიტომაც მრავლდებიან ისეთი ჯგუფები, როგორიც კუ-კლუქს-კლანია, და ხელისუფლებაში მოდიან ისეთი პატიოსანი პიროვნებები, როგორიცაა ბერლუსკონი. ისინი ყველანი თავიანთ კამპანიებს ქსენოფობიაზე აფუძნებენ. განსხვავებულის სიძულვილი და დევნა გლობალური მოვლენა გახდა, ისევე როგორც განსხვავებულთა წინააღმდეგობამაც შეიძინა მსოფლიო მასშტაბი.  ამ აგრესიის პირისპირ განსხვავებები უფრო მრავლდება და მყარდება. არ ვაპირებ ამის შეფასებას, როგორც კარგის, ან ცუდის. ეს ისაა, რაც ხდება.

ომი მხოლოდ სამხედრო მოქმედებები არ არის

წმინდად სამხედრო გაგებით, მესამე მსოფლიო ომს ჰქონდა თავისი ლოგიკა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო კონვენციური ომი, რომლის ჩანაფიქრიც შემდეგში მდგომარეობდა:  ერთ მხარეს გამოჰყავს თავისი ჯარისკაცები, მეორეს — თავისი, ისინი ებრძვიან ერთმანეთს და ვინც გადარჩება — იმარჯვებს. ეს ხდებოდა სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს და ვარშავის პაქტის ძალების დაპირისპირების შემთხვევაში, ევროპის კონტინტენტი იყო. ამ კონვენციური — არმიებს შორის — ომის დაწყებისთანავე გაჩაღდა გამალებული შეიარაღება.

მოდით კიდევ რამდენიმე დეტალი განვიხილოთ. ეს [აჩვენებს შაშხანას], მაგალითად, ნახევრად ავტომატური იარაღია, და მას ჰქვია AR-15, ავტომატური შაშხანა, რომელიც სპეციალურად ვიეტნამის ომისთვის დაამზადეს. მისი დაშლა ძალიან მარტივია [შლის იარაღს], — აი, ასე. როდესაც ის შექმნეს, ამერიკელები კონვენციური ომის სცენარზე ფიქრობდნენ, ანუ დიდი სამხედრო კონტინგენტების შეტაკებაზე. „შევკრებთ ბევრ ჯარისკაცს, ბრძოლაში ჩავებმებით და ბოლოს ვინმე მაინც დარჩება“. ამავე დროს, ვარშავის პაქტი აუმჯობესებდა კალაშნიკოვის ავტომატს, რომელსაც ჩვეულებრივ AK-47-ს ეძახიან, მოკლე, 400 მეტრის დისტანციაზე, დიდი საცეცხლო ძალის იარაღს. საბჭოთა კონცეფცია გულისხმობდა ჯარების დიდ ტალღებს:  თავიდან ბრძოლაში ჯარისკაცების პირველი ტალღა ერთვებოდა, ხსნიდა ცეცხლს, და თუ განადგურდებოდა, მეორე და მესამე ტალღები აგრძელებდნენ. გაიმარჯვებდა ის, ვისაც მეტი ჯარისკაცი ეყოლებოდა. და ამერიკელები დაფიქრდნენ: მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ძველი „გარანდის“ თოფი უკვე აღარ ვარგა; ახლა ჩვენ გვჭირდება დიდი საცეცხლო ძალის მოკლე დისტანციის იარაღი. მათ შეიმუშავეს AR-15 და გამოსცადეს ვიეტნამში. პრობლემა ის იყო, რომ იარაღი გაფუჭდა, მან არ გაამართლა. როდესაც „ვიეტკონგს“ შეუტიეს, მექანიზმი გახსნილი რჩებოდა, და შაშხანა, როცა სასხლეტს თითს გამოკრავდი, გასროლის ნაცვლად „წკაპუნობდა“. მაგრამ ეს ხომ იარაღი იყო და არა ფოტოაპარატი. მათ სცადეს, პრობლემა M16A1 მოდელის საშუალებით გადაეჭრათ. აქ მთელი ხრიკი მდგომარეობდა ტყვიებში, რომლებიც ორი სახის იყო. ერთი, მოქალაქეებისთვის, 2.223 ინჩიანი, რომლის ყიდვაც აშშ-ში ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება. მეორე — 5,56 მილიმეტრიანი, რომელიც ექსკლუზიურად ნატოს ჯარებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ძალიან სწრაფი და ვერაგი ტყვიაა. ომის მიზანი მტრისთვის ზიანის მიყენებაა და არა ჯარისკაცების დახოცვა, რადგან არმია მაშინ თვლის, რომ დანაკარგი აქვს, როცა ჯარისკაცს აღარ შეუძლია ბრძოლის გაგრძელება. ჟენევის კონვენცია — შეთანხმება ომის ჰუმანიზებაზე — კრძალავს ხლეჩად ტყვიებს, იმიტომ რომ, როცა ის ხვდება მიზანს, გაცილებით დამაზიანებელი და ბევრად უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე მყარწვერიანი ტყვია.

 „რამდენადაც მიზანი დაჭრილთა რაოდენობის გაზრდა და მოკლულთა რიცხვის შემცირებაა, — თქვეს მათ, — ჩვენ ვკრძალავთ ხლეჩად ტყვიებს“. მყარწვერიანი ტყვიისგან მიღებული ჭრილობა უსარგებლოს გხდის, შენ უკვე დანაკარგი ხარ; ის არ გკლავს მანამ, სანამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილას არ მოგხვდება. ჟენევის კონვენციის შესასრულებლად და ამავდროულად მის შემომღებთა მოსატყუებლად, ამერიკელებმა შექმნეს რბილწვერიანი ტყვია, რომელიც, როცა აღწევს ადამიანის სხეულში, იჭყლიტება და ტრიალებს. შესაღწევი ნახვრეტი ერთი ზომისაა, ხოლო გამოსასვლელი — ბევრად დიდი. ეს ტყვია ხლეჩად ტყვიაზე უარესია, მაგრამ არ არღვევს შეთანხმებებს. თუმცაღა, თუკი ხელში მოგხვდება — მოგაწყვეტს. ტყვია 162 სხეულში გაივლის და დაგჭრის, ეს კი განადგურებს.  ვითომ შემთხვევით, მექსიკის მთავრობამ ახლახან 16 ათასი ასეთი ტყვია შეიძინა.

ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული იარაღი კონკრეტული სცენარებისთვის იქმნებოდა. დავუშვათ, რომ მათ არ სურდათ ბირთვული იარაღის გამოყენება. მაშ რის გამოყენებას აპირებდნენ? მრავალი ჯარისკაცისა მრავალი ჯარისკაცის წინააღმდეგ. ასე შეიქმნა ნატოსა და ვარშავის პაქტის კონვენციური ომის დოქტრინები.

მეორე ვარიანტი იყო ლოკალიზებული ბირთვული ომი, ომი ბირთვული იარაღის საშუალებით, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ადგილებში. ორ ზესახელმწიფოს შორის არსებობდა შეთანხმება: არ მიეტანათ იერიში ერთმანეთზე საკუთარ ტერიტორიაზე და მხოლოდ ნეიტრალურ მიწაზე ეომათ. რასაკვირველია, ეს ტერიტორია ევროპა იყო. აი, სად უნდა ჩამოვარდნილიყო ბომბები და გამოჩნდებოდა, ვინ დარჩებოდა ცოცხალი დასავლეთ ევროპასა და იმ რეგიონში, რომელსაც მაშინ აღმოსავლეთ ევროპას უწოდებდნენ.

მესამე მსოფლიო ომის ბოლო სცენარი გახლდათ ტოტალური ბირთვული ომი, რომელიც დიდი ბიზნესი, საუკუნის ბიზნესი იყო. ბირთვული ომის ლოგიკა ისაა, რომ მას ვერ ეყოლებოდა გამარჯვებული: არა აქვს მნიშვნელობა, ვინ გაისვრიდა პირველი, რამდენად სწრაფად გაისვრიდა, — მოწინააღმდეგე აგრეთვე მოასწრებდა, გასროლითვე ეპასუხა. ორივე მხარე განადგურდებოდა და ამიტომ ამ სცენარზე თავიდანვე უარი თქვეს. ეს შესაძლო ვარიანტი გადაიქცა იმად, რასაც სამხედრო დიპლომატიის ტერმინებით „შეკავების პოლიტიკა“ ეწოდება.

იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირს არ გამოეყენებინა ბირთვული იარაღი, ამერიკელებმა უამრავი ბირთვული იარაღი შექმნეს, იმისათვის, რომ აშშ-ს არ გამოეყენებინა ბირთვული იარაღი, საბჭოეთმა კიდევ უფრო მეტი ბირთვული იარაღი აწარმოა, და ა.შ. და ა.შ. ამ იარაღს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები უწოდეს, რაკეტები, რომლებიც გაფრინდებოდა რუსეთიდან შეერთებულ შტატებში და შეერთებული შტატებიდან რუსეთში.  ისინი მთელი ქონება ღირდა, მაგრამ ახლა გამოუსადეგარია. არსებობდა სხვა ბირთვული იარაღიც ადგილობრივი დანიშნულებისთვის; ის ევროპაში უნდა გამოეყენებინათ იმ შემთხვევაში, თუ ლოკალიზებული ბირთვული ომი დაიწყებოდა.

როცა 1945 წელს ეს ფაზა დაიწყო, ომის წარმოების მიზეზი არსებობდა, რადგან ევროპა ორ ნაწილად იყო გახლეჩილი. სამხედრო სტრატეგია — ჩვენ ვსაუბრობთ წმინდად სამხედრო ასპექტებზე — შემდეგში მდგომარეობდა: რამდენიმე მოწინავე პოზიცია პირდაპირ მტრის ზოლთან, მუდმივი ზურგის ზოლი და მეტროპოლია — აშშ ან საბჭოთა კავშირი. ზურგი მატერიალურად და ტექნიკურად უზრუნველყოფდა მოწინავე პოზიციებს. უზარმაზარ B-52 „მფრინავ ციხესიმაგრეებს“, რომლებიც დღე და ღამე დაფრინავდნენ, დაჰქონდათ ბომბები, და არ სჭირდებოდათ მიწაზე დაშვება. და იდებოდა პაქტები. ნატოს პაქტი, ვარშავის პაქტი და სეატო[2]  — აზიური ქვეყნების ერთგვარი ნატო. ეს მოდელი გამოიყენებოდა ლოკალურ ომებში. ამ ყველაფერში იყო ლოგიკა, ლოგიკური იყო ვიეტნამში ომი, რომელიც ერთ-ერთი შეთანხმებული სცენარი გახლდათ. ადგილობრივი არმიები და პარტიზანები მოწინავე პოზიციების როლში გამოდიოდნენ. მუდმივი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დანიშნულებას იარაღის იატაკქვეშა ან ლეგალური მიწოდების ხაზები ასრულებდა, ხოლო მეტროპოლიების ფუნქციას — ორი ზესახელმწიფო. და აქ აგრეთვე არსებობდა შეთანხმება იმ ზონებზე, სადაც ისინი დამკვირვებლების როლში უნდა დარჩენილიყვნენ. ამ ლოკალური ომების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია დიქტატორული რეჟიმები ლათინურ ამერიკაში, შეიარაღებული კონფლიქტები აზიაში, კერძოდ ვიეტნამი, და აფრიკის ომები. ამ ყველაფერში, თითქოსდა, აბსოლუტურად არანაირი ლოგიკა არ ყოფილა, რამდენადაც, ხშირ შემთხვევაში, გაუგებარი იყო, რა ხდება, მაგრამ მიმდინარე მოვლენები კონვენციური ომის ამ სქემის ნაწილს წარმოადგენდა.

სწორედ ამ ეპოქაში — და ეს მნიშვნელოვანია — შემუშავდა „ტოტალური ომის“ კონცეფცია, რომელიც სამხედრო დოქტრინაში არასაომარი ელემენტების ჩართვას გულისხმობდა. მაგალითად, ვიეტნამში, ტეთის იერიშიდან[3]  (1968) საიგონის დაცემამდე [4](1975), მედიასაშუალებები ახალ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლის ფრონტად გადაიქცნენ. ამგვარად, გავრცელდა იდეა, რომ მხოლოდ სამხედრო ძალა არ  არის საკმარისი, რომ საჭიროა ომში სხვა ელემენტების ჩართვა, ისეთების, როგორიცაა მედია, რომ მტერს აგრეთვე შეიძლება, დაარტყა ეკონომიკური და პოლიტიკური ზომებით, დიპლომატიურითაც კი, რაც გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმეა. ზოგიერთი ქვეყანა აწყობდა საბოტაჟს სხვების დაგმობისა და დამუნათების მიზნით, ანუ ე. წ. „დიპლომატიურ ომს“ აწარმოებდა.

ყველა ეს ომი დომინოს ლოგიკას მიყვებოდა. შეიძლება, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ისინი (აშშ და სსრკ – მთრგმნ.) ჰგავდნენ ორ მეტოქეს, რომლებიც მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობით დომინოს თამაშობენ. ერთი მოთამაშე დებდა თავის ქვას, მეორე თავისი სვლით პასუხობდა, რათა მოწინააღმდეგეს ვეღარ გაეგრძელებინა თამაში. ესაა სახელგანთქმული პიროვნების, ვიეტნამის ომის ეპოქაში აშშ-ის მთავრობის მდივნის, კისინჯერის ლოგიკა, რომელიც ამბობდა: „ჩვენ ვერ დავტოვებთ ვიეტნამს, ეს იქნებოდა სამხრეთ აზიაში დომინოს პარტიის სხვებისთვის დათმობა“. სწორედ ამიტომ ჩაიდინის ამერიკელებმა ვიეტნამში ის, რაც ჩაიდინეს.

გარდა ამისა, იყო მცდელობა მეორე მსოფლიო ომის ლოგიკის აღდგენისა. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მეორე მსოფლიო ომი ჰეროიზმის შარავანდედით იყო შემოსილი. მეხსიერებაში შემორჩენილი იყო მეზღვაურების ხატი, რომლებიც დიქტატურისგან ათავისუფლებენ საფრანგეთს, ათავისუფლებენ იტალიას დუჩესგან, ათავისუფლებენ გერმანიას სამხედროებისგან, ხატი წითელი არმიისა, რომელიც ყველა მხრიდან უტევს. მეორე მსოფლიო ომი, როგორც ცნობილია, მიზნად ისახავდა მთელი კაცობრიობისთვის საფრთხის შემცველი მტრის — ნაციონალ-სოციალიზმის — განადგურებას. ამდენად, ლოკალური ომები ცდილობდნენ, ამა თუ იმ სახით, აღედგინათ რიტორიკა, რომ „ჩვენ ვიცავთ თავისუფალ სამყაროს“. მაგრამ ამჯერად ნაციონალ-სოციალიზმის როლში მოსკოვი გვევლინებოდა. მოსკოვიც, თავის მხრივ, იმავეს აკეთებდა: ორივე ზესახელმწიფო ცდილობდა, არგუმენტად გამოეყენებინა „დემოკრატია“ და „თავისუფალი სამყარო“, თავ-თავიანთი წარმოდგენით.

შემდეგ იწყება მეოთხე მსოფლიო ომი, რომელიც აუქმებს ყველაფერს, რაც აქამდე იყო, რადგან სამყარო შეიცვალა და ძველი სტრატეგიის გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა. „ტოტალური ომის“ კონცეფცია დაიხვეწა: ეს უკვე აღარ არის ომი ყველა ფრონტზე, ესაა ომი, რომელიც ნებისმიერ წერტილში შეიძლება იწარმოოს, ტოტალური ომი, რომელშიც სასწორზე მთელი მსოფლიოა. „ტოტალური ომი“ ნიშნავს ომს ნებისმიერ წამს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ პირობებში. უკვე აღარ არსებობს რომელიმე კონკრეტული ადგილისთვის ბრძოლის იდეა; ახლა ბრძოლა შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაიმართოს. აღარ არსებობს კონფლიქტის ესკალაციისა და მუქარების, პოზიციების დაკავებისა და გადაადგილების მცდელობების ლოგიკა. კონფლიქტმა შეიძლება იფეთქოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. ეს შეიძლება იყოს რაიმე ადგილობრივი პრობლემა, რომელიმე დიქტატორი და ის ყველაფერი, რის გამოც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იწყებოდა ომები, კოსოვოდან სპარსეთის ყურის ომამდე. ამგვარად, ცივი ომის მთელი სამხედრო რუტინა წარსულს ჩაბარდა.

მეოთხე მსოფლიო ომში შეუძლებელია ომის წარმოება იმ კრიტერიუმებით, რომლითაც მესამე იწარმოებოდა, რადგან ახლა მე მიწევს, ვიბრძოლო ნებისმიერ ადგილას, და არც ის ვიცი, სად მივდივარ საბრძოლველად და არც ის, როდის მომიწევს ბრძოლა, მე უნდა ვიმოქმედო სწრაფად, მე ისიც კი არ ვიცი, რა პირობებში მომიწევს ომი. პრობლემის მოსაგვარებლად სამხედროებმა თავიდან „სწრაფი გაშლის“ სტრატეგია შეიმუშავეს, რომლის მაგალითად სპარსეთის ყურის ომი გამოგვადგება, ომი, რომელსაც დასჭირდა უმოკლეს დროში სამხედრო ძალის დიდი მობილიზაცია, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, ტერიტორიების დაპყრობა და უკან დახევა. სწრაფი გაშლის კიდევ ერთი მაგალითია პანამა. ფაქტობრივად, არსებობს ნატოს კონტინგენტი, რომელსაც „სწრაფი რეაგირების ძალები“ ეწოდება. სწრაფი გაშლა გულისხმობს დიდი სიმძლავრის სამხედრო ძალას, რომელიც მტერს ეკვეთება  და ერთმანეთისგან არ არჩევს ბავშთა საავადმყოფოსა და ქიმიური იარაღის ქარხანას. სწორედ ეს მოხდა ერაყში: ჭკვიანი ბომბები საკმაოდ სულელები გამოდგნენ და ვერ არჩევდნენ სამიზნეებს. აი, ამაზე ნატოს სამხედროები გაჩერდნენ, რადგან გააცნობიერეს, რომ ეს საკმაოდ ძვირი ჯდება, ხოლო სარგებელი ძალიან ცოტაა. ერაყში მათ სრული გაშლა განახორციელეს, მაგრამ ტერიტორიები არ დაუპყრიათ. ლოკალურმა პროტესტებმა პრობლემები შეუქმნეს, იქ იმყოფებოდნენ ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დამკვირვებლები.

მათ უკან დახევა მოუწიათ. ვიეტნამმა უკვე ასწავლა, რომ ამგვარ ვითარებაში დაჟინება არაკეთილგონივრულია. „არა, ახლა ამას ვერ ვიზამთ“, — თქვეს მათ. ამიტომ „ძალის პროექციის“ სტრატეგიაზე გადავიდნენ. „მთელს მსოფლიოში ჩრდილოამერიკულ სამხედრო ბაზებზე მოწინავე პოზიციებს აჯობებს ერთი დიდი კონტინენტური ძალის თავმოყრა, რომელიც უმოკლეს დროში, საათებსა თუ დღეებში, შეძლებს, საბრძოლო დანაყოფები დედამიწის ნებისმიერ წერტილში გადაისროლოს“. და მართლაც, მათ შეუძლიათ, ოთხ დღეში პლანეტის ყველაზე შორეულ წერტილში გადაისროლონ დივიზია, შემდგარი ოთხი ან ხუთი ათასი კაცისგან, და სულ უფრო და უფრო მეტისგან.

მაგრამ ძალთა პროექციას აქვს ერთი პრობლემა — იგი ეყრდნობა ადგილობრივ ან, უფრორე, ამერიკელ ჯარისკაცებს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ კონფლიქტი არ მოგვარდება მალე და დაიწყება ჯარისკაცების გვამების ჩამოსვენება, როგორც ვიეტნამის ომის დროს, ამან, შეიძლება, აშშ-ში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მრავალი შიდა პროტესტი გამოიწვიოს. ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად მათ უარი თქვეს ძალთა პროექციაზე, გასაგებად რომ ვთქვათ, მერკანტილური გათვლების შემდეგ. მათ ადამიანურ თუ ბუნების ძალთა განადგურება კი არ ადარდებდათ, არამედ საკუთარი საჯარო იმიჯი. ამგავარად, პროექციული ომის იდეა უკუგდებულ იქნა, და ისინი გადავიდნენ იმგვარი ომის მოდელზე, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი ჯარისკაცების  მონაწილეობას, დამატებით საერთაშორისო მხარდაჭერას და კიდევ ზენაციონალური ორგანიზაციის ჩართულობას. ახლა ეს უკვე ნიშნავდა არა ჯარისკაცების გაგზავნას, არამედ ბრძოლას ადგილობრივი ჯარისკაცების საშუალებით, მათთვის დახმარების გაწევას კონფლიქტის საფუძვლადმდებარე მოთხოვნების მიხედვით, უარის თქმას იმ სქემის გამოყენებაზე, რომლის მიხედვითაც ომს ერთი ქვეყანა აცხადებს, და ამისათვის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებას, როგორიცაა გაერო ან ნატო. ბინძურ სამუშაოს ადგილობრივი ჯარისკაცები ასრულებენ, ხოლო ახალ ამბებში ამერიკელებსა და საერთაშორისო მხარდაჭერაზე საუბრობენ. აი, ასეთი მოდელია. პროტესტები უშედეგოა: ეს უკვე აღარ არის ამერიკის მთავრობის ომი, ეს ნატოს ომია, და ამასთან, ნატო მხოლოდ გაეროს ეხმარება.

მთელს მსოფლიოში არმიების რეორგანიზება იმისთვის ტარდება, რომ მათ შეძლონ ლოკალურ კონფლიქტში მონაწილეობა, საერთაშორისო მხარდაჭერით, ზენაციონალური ორგანიზაციის დაცვითა და ჰუმანიტარული ომის საბურველით.  საუბარია მოსახლეობის დაცვაზე გენოციდისგან, მისი დახოცვის საშუალებით. კოსოვოში სწორედ ეს მოხდა. მილოშევიჩმა დაიწყო ომი კაცობრიობის წინააღმდეგ: „თუკი ჩვენ ვებრძვით მილოშევიჩს, მაშასადამე, ვიცავთ კაცობრიობას“. ეს იყო არგუმენტი, რომელსაც იშველიებდნენ ნატოს გენერლები და რომელმაც საგონებელში ჩააგდო ევროპელი მემარცხენეები: ნატოს დაბომბვების გაპროტესტება ნიშნავდა მილოშევიჩის მხარდაჭერას, ამიტომ მათ ნატოს მხარდაჭერა ამჯობინეს. ხოლო მილოშევიჩს, როგორც თქვენთვის ცნობილია, შეერთებული შტატები ამარაგებდა იარაღით. იმ სამხედრო კონცეფციაში, რომელიც დღეს მოქმედებს, მთელი მსოფლიო — იქნება ეს შრი ლანკა თუ დედამიწის ყველაზე შორეულ წერტილში მდებარე ნებისმიერი სხვა ქვეყანა — უკანა ეზოა, იმიტომ რომ გლობალიზაციას მოაქვს ერთდროულობა. და პრობლემა სწორედ ესაა: ამ გლობალიზებულ სამყაროში, ნებისმიერი მოვლენა ნებისმირ წერტილში გავლენას ახდენს საერთაშორისო წესრიგზე. მსოფლიო აღარ არის მსოფლიო, იგი — სოფელია, და ყველაფერი ძალიან ახლოსაა. ამიტომ პლანეტის მთავარ ჟანდარმს, საკუთრივ, ამერიკას, უფლება აქვს, შეიჭრას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში, მიიჩნიოს რა ნებისმიერი რამ საფრთხედ თავისი შიდა უსაფრთხოებისთვის. მათ მარტივად შეიძლება გადაწყვიტონ, რომ მკვიდრი მოსახლეობის აჯანყება ჩიაპასში, ან ტამილებისა შრი ლანკაში ან სხვა, რომელიც გნებავთ, საფრთხეს უქმნის ჩრდილოეთ ამერიკის შიდა უსაფრთხოებას.  ნებისმირი მოძრაობა — სულ რომ შეუიარაღებელი იყოს — დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეიძლება, ჩაითვალოს საფრთხედ შიდა უსაფრთხოებისთვის.

რა მოხდა? რატომ გაქრა ძველი სამხედრო სტრატეგიები და კონცეფციები? მოდით, ვნახოთ.

„საომარი მოქმედებების თეატრი“ ესაა იმ არეალის აღმნიშვნელი სამხედრო ტერმინი, სადაც ომი მიმდინარეობს. მესამე მსოფლიო ომში საომარი მოქმედებების თეატრი იყო ევროპა. ახლა უკვე უცნობია, სად შეიძლება იფეთქოს ომმა, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ წერტილში, და სავარაუდოდ, ეს არ იქნება ევროპა. ამიტომ იქედან, რასაც ისინი „სისტემას“ ეძახიან, სამხედრო დოქტრინა ე. წ. „ოპერატიულ მოქნილობაზე“ გადადის. „მე მზად უნდა ვიყო, ვიმოქმედო ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ წამს. ერთი გეგმა აღარ არის საკმარისი: ახლა მჭირდება ბევრი გეგმა, ამასთან არამხოლოდ გარკვეულ მოვლენებზე საპასუხო მოქმედების შემუშავებისთვის, არამედ კონკრეტულ მოვლენებზე მრავალი პასუხის შემუშავებისთვის“. აი, აქ შემოდის საქმეში ინფორმაციული ტექნოლოგიები. ამ ცვლილებას შედეგად მოჰყვება სისტემატურიდან, ტლანქიდან და სასტიკიდან მოქნილზე გადასვლა, იმაზე, რაც ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს. და ეს განსაზღვრავს მთლიანად არმიების, საჯარისო კორპუსების, ჯარისკაცების ახალ სამხედრო დოქტრინას. ეს გახდება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მეოთხე მსოფლიო ომისა. კიდევ ერთი ასეთი ელემენტია გადასვლა „შეკავების სტრატეგიიდან“ „გადაჭიმვისა“ ან „გაფართოების“ სტრატეგიაზე: უკვე საუბარი  აღარაა მხოლოდ ტერიტორიის დაპყრობაზე და მტრის შეკავებაზე; ახლა მთავარი ისაა, რომ კონფლიქტი მივიდეს იქამდე, რასაც ისინი „არასაომარ მოქმედებებს“ უწოდებენ. ჩიაპასის შემთხვევაში, საქმე გვაქვს გუბერნატორებისა და მუნიციპალიტეტების თავჯდომარეების დათხოვნასა და დანიშვნასთან, ადამიანის უფლებებთან, მასმედიასთან და ა.შ.

ახალი სამხედრო კონცეფცია შეიცავს ტერიტორიების დაპყრობის ინტენსიფიკაციას. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია არამხოლოდ ეგსა[5]-ზე და მის სამხედრო ძალებზე ზრუნვა, არამედ აგრეთვე ეკლესიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, საერთაშორისო დამკვირვებლებზე, პრესაზე, მოქალაქეებზე და ა.შ. უკვე აღარ არსებობენ მშვიდობიანი და ნეიტრალური მოქალაქეები. ყველა კონფლიქტის მონაწილეა.

ეს გულისხმობს იმას, რომ ეროვნული არმიები უკვე უსარგებლოა, რადგან მათ აღარ ევალება ერი-სახელმწიფოების დაცვა. და თუკი ერი-სახელმწიფოები არა, მაშინ რაღა აქვთ დასაცავი? ახალი დოქტრინის მიხედვით, ეროვნული არმიები ადგილობრივი პოლიციის როლს ასრულებენ. მექსიკის შემთხვევა ამის მკაფიო მაგალითია: მექსიკის არმია სულ უფრო და უფრო პოლიციურ საქმეს ასრულებს, როგორიცაა ბრძოლა ნარკობიზნესთან, ან ჩნდება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალი ორგანო, რომელსაც ფედერალური პრევენციული პოლიცია ეწოდება და რომელიც სამხედროებისგან შედგება. ანუ საქმე გვაქვს ეროვნული არმიების გადაქცევაზე ადგილობრივ პოლიციად, სუპერპოლიციელების შესახებ ამერიკული კომიქსების ყაიდაზე. როცა არმია ყოფილ იუგოსლავიაში რეორგანიზდება, ის გადაიქცევა ადგილობრივ პოლიციად, და ნატო გახდება მისი სუპერპოლიციელი, მისი უფროსი პარტნიორი, პოლიტიკური ტერმინებით თუ ვიტყვით. ვარსკვლავი ამ შემთხვევაში არის ზენაციონალური ორგანო — ნატო ან აშშ-ის არმია — ხოლო დამხმარე ძალა — ადგილობრივი ჯარები.

მაგრამ ეროვნული არმიები „ეროვნული თავდაცვის“ დოქტრინაზე იყვნენ დაშენებულნი. მათ საქმეს წარმოადგენდა ერის უსაფრთხოების დაცვა, ზოგჯერ გარეშე, ზოგჯერ დესტაბილიზატორი შიდა მტრისაგან. ეს იყო მესამე მსოფლიო ომის ან „ცივი ომის“ დოქტრინა. ამის გათვალისწინებით, ეროვნულ არმიებს განუვითარდათ ეროვნული ცნობიერება, რაც ახლა ართულებს მათ გადაქცევას სუპერპოლიციის მეგობარ პოლიციელებად. ამიტომ ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა უნდა გარდაიქმნას „ეროვნული სტაბილურობის“ დოქტრინად. ამოცანა უკვე ერის დაცვაში აღარ მდგომარეობს. რამდენადაც ეროვნული სტაბილურობის მთავარ მტერს ნარკობიზნესი წარმოადგენს და ეს საერთაშორისო მოვლენაა, ეროვნული სტაბილურობის დოქტრინის სახელით მოქმედი ეროვნული ჯარები მზად არიან საერთაშორისო დახმარების მიღებისთვისა და სხვა ქვეყნების მხრიდან საერთაშორისო ჩარევისთვის.

მთელ მსოფლიოში არსებობს ეროვნული ჯარების რეორგანიზაციის პრობლემა. ახლა ჩვენ ჩავალთ ამერიკაში და იქედან — ლათინურ ამერიკაში. ეს პროცესი წააგავს ევროპაში ნატოს და კოსოვოს ომის შემთხვევას. ლათინურ ამერიკაში არსებობს ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაცია (ასო), რომელიც აღჭურვილია დედამიწის ნახევარსფეროს თავდაცვის სისტემით. არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის, მენემის იდეის თანახმად, ლათინოამერიკის ყველა ქვეყანას საფთხე ემუქრება და აუცილებელია გავერთიანდეთ, გავანადგუროთ ჩვენი ჯარების ეროვნული ცნობიერება და შევქმნათ ერთი დიდი არმია, ნახევარსფეროს თავდაცვის დოქტრინის ქვეშ და ნარკობიზნესთან ბრძოლის არგუმენტით. იმის გათვალისწინებით, რომ ლაპარაკია მოქნილობაზე, ანუ ნებისმიერ მომენტში, ნებმისმიერ ადგილას, ნებისმიერ გარემოებებში ომის წარმოებისთვის მზადყოფნაზე, იწყებენ წვრთნებს. ნახევარსფეროს დაცვის ამ სისტემამ უნდა მოსპოს ეროვნული თავდაცვის ჯერ კიდევ არსებული რამდენიმე ბასტიონი. ევროპაში ეს იყო კოსოვო, ლათინურ ამერიკაში — კოლუმბია და ჩიაპასი. როგორ უნდა შეიქმნას ნახევარსფეროს დაცვის ასეთი სისტემა? ორი გზა არსებობს. კოლუმბიაში, სადაც ნარკობიზნესის საფრთხეა, მთავრობა ყველას სთხოვს დახმარებას: „ჩარეევა აუცილებელია, იმიტომ, რომ ნარკობიზნესი მხოლოდ კოლუმბიას კი არ აზიანებს, არამედ მთელ კონტინენტს“. ჩიაპასის შემთხვევაში გამოიყენება ტოტალური ომის კონცეფცია. ყველა ამ ომის მონაწილეა, ნეიტრალური არ არსებობს — ან მოკავშირე ხარ, ან მტერი.

ახალი დაპყრობები

დანაწევრების პროცესით, მთელ მსოფლიოს ერთგვარ არქიპელაგად რომ აქცევს, ფინანსურ ძალაუფლებას სურს, ჩიაპასში, ბელიზში, გვატემალაში შექმნას ახალი სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ექნება ტურისტული ეკონომიკა და ბუნებრივი რესურსები.

გარდა იმისა, რომ ამ მიწაზე ნავთობისა და ურანის მდიდარი მარაგია, პრობლემა ისიცაა, რომ აქ მრავალრიცხოვანი მკვიდრი მოსახლეობაა, რომელიც არამარტო ესპანურად არ ლაპარაკობს, არამედ საკრედიტო ბარათებსაც არ იყენებს, არაფერს აწარმოებს, მოყავს სიმინდი, ლობიო, წიწაკა, ყავა, და კომპიუტერით სარგებლობას მარიმბას[6] ჰანგებზე ცეკვა ურჩევნია. ისინი არც მომხმარებლები არიან და არც მწარმოებლები. ისინი ზედმეტნი არიან. და ყველაფერი, რაც კი ზედმეტია, უსარგებლოა. მაგრამ მათ არ უნდათ წასვლა, არ უნდათ, რომ აღარ იყვნენ ადგილობრივები. უფრო მეტიც: მათი ბრძოლა არ იასახავს მიზნად ძალაუფლების აღებას. ისინი იბრძვიან იმისათვის, რომ აღიარებულ იქნან ინდიელ ხალხად, რომ აღიარონ მათი უფლება, არსებობდნენ ისე, რომ სხვა ხალხად გადაქცევა არ მოუწიოთ.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აქ, ამ მიწაზე, რომელზეც ომია, საპატისტების ტერიტორიაზე, არსებობს ადგილობრივთა მთავარი კულტურები, ენები და ნავთობის უდიდესი მარაგები. საპატისტას მოძრაობაში მონაწილეობას იღებს შვიდი ინდიელი ხალხი — ცელტალი, ცოცილი, ტოხობალი, ჩოლი, სოქე, მამი — და მეტისები. ესაა ჩიაპასის რუკა: თემები ადგილობრივი მოსახლეობითა და ნავთობით, ურანით და ძვირფასი ხე-ტყით. ნეოლიბერალიზმისთვის ყველაფერი საქონელია, ყველაფერი იყიდება და ექსპლუატირდება. და ამ ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ეთქვათ — არა, რომ მიწა — დედაა, რომ ის კულტურის საგანძურია და რომ აქ ცხოვრობს ისტორია და მკვდრები სახლობენ. სრული აბსურდი, რომელიც ვერცერთ კომპიუტერში ვერ მოთავსდება და ვერცერთ ბირჟაზე ვერ შეფასდება. და მათ ვერაფრით დაარწმუნებენ, იყვნენ კეთილგონივრულები, იფიქრონ სწორად; მათ ეს უბრალოდ არ სურთ. და იარაღით ხელში აჯანყდნენ კიდეც. აი, რატომ არ უნდა მექსიკის მთავრობას დაზავება: სწორედ იმიტომ, რომ აპირებს, ბოლო მოუღოს ამ მტერს და ეს მიწა გააუდაბუროს, შემდეგ გარდაქმნას და გადააქციოს გიგანტურ სავაჭრო ცენტრად, ჰიპერმარკეტად მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ეგსა მხარს უჭერს ინდიელ ხალხებს, და ამდენად, ისიც მტერია, მაგრამ არა მთავარი მტერი. საპატისტებთან ურთიერთობის დალაგება არ კმარა, მით უფრო, რომ მათთან მოლაპარაკება ნიშნავს უარს ნავთობით, ძვირფასი ხე-ტყითა და ურანით მდიდარი მიწის დაპყრობაზე. აი, რატომ არ გადაუდგამთ აქამდე ეს ნაბიჯი და არც გადადგამენ.

ამონარიდი 1999 წლის 20 ნოემბერს, ჩიაპასში, ლა რეალიდადში, ადამიანის უფლებების დამცველთა საერთაშორისო სამოქალაქო კომისიის წინაშე წაკითხული მოხსენებიდან.

ორიგინალის ენაზე თავდაპირველად გამოქვეყნდა მექსიკურ გაზეთში „La Jornada”, 10.23.2001.

მთარგმნელები: ნორიკ ბადოიანი, ანუკ ბელუგა

წყარო

რედაქციის კომენტარები


[1]ანუ  საბჭოთა კავშირის დაშლიდან 1999 წლის ნოემბრამდე, როცა მარკოსმა მოხსენება წაიკითხა.

[2] SEATO — South East Asia Treaty Organization, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია.

[3] ტეთი — ვიეტნამური ახალი წელი, ყველაზე მთავარი და პოპულარული დღესასწაული ვიეტნამში. ტეთის იერიში (Teth Offensive) — ვიეტნამის ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერიაცია, რომელიც ტეთის დღესასწაულზე დაიწყო და რომლის დროსაც ეროვნულ-გამათავისუფლებელმა კომუნისტურმა ძალებმა, სამხრეთ ვიეტნამის ეროვნული გათავისუფლების ფრონტისა და ჩრდილოეთ ვიეტნამის სახალხო ფრონტის ჯარებმა შეუტიეს სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკის, ამერიკისა და მათი მოკავშირეების შეიარაღებულ ძალებს. ტეთის იერიში, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თვალსაზრისით პარტიზანები დამარცხდნენ, გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდა ვიეტნამის ომში და გაამძაფრა ანტისაომარი განწყობები ამერიკაში, მკვეთრად შეამცირა ომის საზოგადოებრივი მხარდაჭერა.

[4] საიგონის დაცემა — 1975 წელს ეროვნულ-გამათავისუფლებელი ძალების მიერ სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქის, საიგონის აღება, რამაც დაასრულა ვიეტნამის ომი.

[5] ეგსა – ეროვნული გათავისუფლების საპატისტური არმია (ესპ. Ezln – el ejército zapatista de liberación nacional).

[6] მარიმბა — დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *