ალექსანდრა კოლონტაი – ქალთა დღე

110 წლის წინ, 1911 წელს, პირველად აღინიშნა გერმანის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაარსებული ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე, რომლის მთავარი ლოზუნგი ქალების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ემანსიპაცია იყო. თავდაპირველად ამ დღისთვის მიძღვნილი მასობრივი დემონსტრაციები, რომლებზეც მშრომელი ქალები აპროტესტებდნენ თავიანთ უუფლებობასა და ჩაგრულ, ექსპლუატირებულ მდგომარეობას, მხოლოდ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში იმართებოდა, თუმცა თანდათან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დამკვიდრდა „ქალთა დღის“ აღნიშვნის ტრადიცია.   

მიუხედავად ამ დღის კომუნისტური და მარქსისტული წარმომავლობისა, მას დროთა განმავლობაში ჩამოსცილდა მისი ავთენტური პოლიტიკური და იდეოლოგიური ხასიათი და ქალების ჩაგრული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ბრძოლის დღის ნაცვლად, ყოფით დონეზე ის იქცა უშინაარსო დღესასწაულად, როდესაც კაცები ქალებს დათაფლულ სიტყვებს ეუბნებიან და ჩუქნიან ყვავილებს,   როგორც ერთგვარ ინდულგენციას იმისათვის, რომ ჩვეულებრივ დროს მათ ისე ეპყრობიან, როგორც საგნებს.

პოსტსაბჭოთა საქართველოში ამ დღის აღნიშვნა უკვე წლებია, მონოპოლიზებული აქვს ლიბერალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს,  რომლებმაც ის ჩვეულებრივ საცირკო წარმოდგენად აქციეს.

რუსი მარქსისტი მოაზროვნისა და რევოლუციონერის, ალექსანდრა კოლონტაის სტატიის პუბლიკაციით ჩვენ ვახსენებთ მკითხველს 8 მარტის ნამდვილ ისტორიულ და პოლიტიკურ მნიშვნელობას, რომელიც მშრომელი და ექსპლუატირებული ქალების ემანსიპაციისთვის მებრძოლებმა, თუკი ასეთები ჩვენთან არსებობენ,  კვლავ უნდა დაუბრუნონ მას, რაც შეუძლებელი იქნება ლიბერალურ და ფსევდოსოციალისტურ ფემინიზმთან ორგანიზაციულ, იდეოლოგიურ და ტაქტიკურ დონეზე რადიკალური გამიჯვნის გარეშე.  

კოლონტაის სტატია ჩვენთვის იმითაც არის ღირებული, რომ ის მკვეთრ წყალგამყოფ ზოლს ავლებს ბურჟუაზიულ ფემინიზმსა და ქალების, როგორც მშრომელი კლასის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილის, ემანსიპაციისთვის სოციალისტურ ბრძოლას შორის. პირველის მიმდევრები, „უფლებაგამთანაბრებლები“, როგორც მათ კოლონტაი უწოდებს, მოითხოვენ მხოლოდ პოლიტიკურ, ფორმალურ-იურიდიულ თანასწორობას ფუნდამენტურად უთანასწორო და უსამართლო, სოციალურ და ეკონომიკურ ჩაგვრაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში, რომელიც ასეთად დარჩა ქალებისა და კაცების უფლებების ფორმალურ-იურიდიული გათანასწორების პირობებშიც და ასეთად დარჩება, რაც არ უნდა მეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მონაწილეობდეს ბურჟუაზიულ პოლიტიკაში.

ქალებისა და კაცების თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლაზე, ისტორიულად, არც სოციალისტები ამბობდნენ უარს, თუმცა ბურჟუაზიული ფემინიზმისგან განსხვავებით ეს მათთვის იყო არა თვითმიზანი, არამედ მხოლოდ საშუალება  ქალისა და ზოგადად მუშათა კლასის, მაშასადამე, ადამიანის, ჭეშმარიტი ემანსიპაციის გზაზე, რომელიც მხოლოდ სოციალური რევოლუციის, კაპიტალიზმის ლიკვიდაციისა და უკლასო საზოგადოების დამყარების შედეგად შეიძლება იქნას მიღწეული.  ამის გათვალისწინების გარეშე, ქალების უფლებებისთვის ნებისმიერი ბრძოლა იქნება მხოლოდ „უფლებაგამთანაბრებლობა“, რომელიც არ ინტერესდება უთანასწორობის წარმოშობის სოციალური და ეკონომიკური წანამძღვრებით, რომელთა ფესვებიც კაპიტალისა და შრომის ანტაგონიზმზე დაფუძნებულ საწარმოო ურთიერთობებსა და მათზე დაშენებულ პოლიტიკურ სისტემაშია.

რედაქცია


რას წარმოადგენს „ქალთა დღე“? ვის სჭირდება? ხომ არ არის ის დათმობა ბურჟუაზიული კლასის ქალების, ფემინისტების, უფლებაგამთანაბრებლების სასარგებლოდ? ხომ არ ვნებს მუშათა მოძრაობის ერთიანობას?

ეს კითხვები ჯერ კიდევ გაისმის რუსეთში, საზღვარგარეთ კი მათ ახლა აღარავინ სვამს. ამ კითხვებს უკვე თავად ცხოვრებამ გასცა მკაფიო, მარჯვე პასუხი.

„ქალთა დღე“ — ესაა მშრომელ ქალთა მოძრაობის გრძელი და მტკიცე ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი. იზრდება, წლიდან წლამდე იზრდება მშრომელი ქალების ორგანიზებული არმია. ოცი წლის წინ პროფესიულ კავშირებში მშრომელი ქალების მცირე ჯგუფები იყვნენ შექუჩულნი და მხოლოდ როგორც ნათელი, ეული ლაქები ბრწყინავდნენ მუშათა პარტიის რიგებში. დღეს ინგლისის პროფკავშირებში 292 000 ქალზე მეტი ირიცხება, გერმანიის პროფესიულ მოძრაობაში — დაახლოებით 200 000 და მუშათა პარტიაში — 150 000, ავსტრიის კავშირებში — 47 000, ხოლო პარტიაში — 20 000. იტალიაში, უნგრეთში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში — ყველგან ორგანიზდებიან მუშათა კლასის ქალები. ქალთა ორგანიზებული სოციალისტური არმია თითქმის მილიონს აღწევს. ეს დიდი ძალაა! და ამა ქვეყნის ძლიერთ უწევთ, ანგარიში გაუწიონ მას, როცა საქმე ცხოვრების სიძვირეზე, დედობის დაზღვევაზე, ბავშთა შრომასა და იმ კანონებზე მიდგება, რომლებიც ქალების შრომას იცავენ. 

იყო დრო, როცა მშრომელ მუშებს ეგონათ, რომ მხოლოდ თავიანთი მხრებით შეძლებდნენ კაპიტალის წინააღმდეგ ბრძოლის ტვირთის ზიდვას; თავად, ქალების გარეშე, გაუმკლავდებოდნენ „ძველ სამყაროს“. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ხელმოკლეობა, მამისა თუ ქმრის უმუშევრობა მშრომელთა კლასის ქალებს სამუშაო ძალის გამყიდველთა რიგებში ერეკებოდა, მშრომელებიც აცნობიერებდნენ, რომ ქალის უკან, „გაუთვიცნობიერებულთა“ რიგებში მოტოვება მათსავე საქმეს მხოლოდ ავნებდა და შეაფერხებდა. რაც უფრო მეტია გათვიცნობიერებულ მებრძოლთა რიცხვი, მით უფრო უსათუო ხდება ბრძოლის წარმატება. აბა, რა შეგნება ექნება იმ ქალს, რომელიც მხოლოდ ქურას უზის და მოკლებულია ყველანაირ უფლებას საზოგადოებაშიც, სახელმწიფოშიც და ოჯახშიც? მას არ გააჩნია თავისი „საფიქრალი“! ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მამა ან ქმარი უბრძანებს…

არა, ქალების ჩამორჩენა და უუფლებობა, დაბეჩავებული ყოფა და გულგრილობა მშრომელთა კლასისთვის არათუ არახელსაყრელი, არამედ მავნებელია. მუშათა ორგანიზაციების კარი ფართოდ იყო გახსნილი მშრომელი ქალებისათვის, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთეულნი თუ აბიჯებდნენ ზღურბლს. რატომ?

იმიტომ, რომ მშრომელთა კლასი მაშინვე ვერ მიხვდა, რომ მშრომელი ქალი ყველაზე უუფლებო, ყველაზე დაჩაგრული, ყველაზე ბედკრული წევრია კლასისა. რომ საუკუნეთა განმავლობაში ქალი დაშინებული, დაჩაგრული და დაბეჩავებული იყო; რომ მისი გონების გამოსაღვიძებლად, მისი გულის მძლავრად ასაძგერებლად საჭიროა განსაკუთრებული, მისთვის, როგორც ქალისთვის, გასაგები სიტყვების მოძებნა. მაშინვე ვერ გააცნობიერეს მშრომელებმა, რომ ამ უუფლებობისა და ექსპლუატაციის სამყაროში ქალი იჩაგრება არა მხოლოდ როგორც სამუშაო ძალის გამყიდველი, არამედ აგრეთვე როგორც დედა, როგორც ქალი… მაგრამ როდესაც მშრომელთა სოციალისტურმა პარტიამ ეს გააცნობიერა, თამამად გადადგა ნაბიჯი ქალის, როგორც დაქირავებული მშრომელის და ქალის, როგორც დედის დასაცავად.

სოციალისტებმა ყველა ქვეყანაში დაიწყეს ქალთა შრომის დაცვის, დედობისა და ბავშვობის დაზღვევის, ქალებისთვის პოლიტიკური უფლებებისა და ქალთა ინტერესების დაცვის მოთხოვნების წამოყენება.

რაც უფრო მკაფიოდ აცნობიერებდა მშრომელ ქალებთან დაკავშირებულ თავის ამ მეორე ამოცანას მუშათა პარტია, მით უფრო ხალისიანად უერთდებოდნენ პარტიის რიგებს ქალები, მით უფრო ნათელი ხდებოდა მათთვის, რომ სწორედ ისაა მათი ჭეშმარიტი დამცველი, რომ მშრომელთა კლასი იბრძვის მათი მწვავე, წმინდა ქალური საჭიროებებისთვის. თავად ორგანიზებული და შეგნებული მშრომელი ქალები ბევრს მუშაობდნენ ამ ამოცანის გასაცნობიერებლად. სოციალისტურ მოძრაობაში ახალი მშრომელი ქალების მოზიდვა ახლა უმთავრესად სწორედ ქალების საქმეა. დღეს ყველა ქვეყნის პარტიაში მოიძებნება ქალთა საგანგებო კომიტეტები, სამდივნოები და ბიუროები. ქალთა კომიტეტები, ერთი მხრივ, გაუთვიცნობიერებელ ქალთა მასებში ეწევიან სამუშაოს, აღვიძებენ მშრომელ ქალთა ცნობიერებას, მიუძღვიან მათ ორგანიზაციის რიგებში. მეორე მხრივ, შეიმუშავებენ იმ საკითხებსა და საჭიროებებს, რომლებიც ყველაზე მეტად ქალებს ეხება: მშობიარეთა დაცვა და უზრუნველყოფა, ქალთა შრომის საკანონმდებლო ნორმირება, ბრძოლა პროსტიტუციასა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან, პოლიტიკური უფლებების საჭიროება ქალებისათვის, საბინაო მდგომარეობის გაუმჯობესება, ცხოვრების სიძვირესთან ბრძოლა და სხვ.

ამგვარად, წარმოადგენენ რა პარტიის წევრებს, მშრომელი ქალები იბრძვიან საერთოკლასობრივი საქმისათვის, მაგრამ ამასთან მონიშნავენ და აყენებენ იმ მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რომლებიც მათ, როგორც ქალებს, დიასახლისებსა და დედებს, ყველაზე მეტად ეხება. ხოლო პარტია მხარს უჭერს ამ მოთხოვნებს და იბრძვის მათთვის… მშრომელ ქალთა მოთხოვნილებანი ხომ მშრომელთა საერთო საქმეა!

„ქალთა დღეს“ ორგანიზებული მშრომელი ქალები თავიანთ უუფლებობას აპროტესტებენ.

მაგრამ, — იტყვიან ზოგიერთნი, — რა საჭიროა მშრომელი ქალების ასეთი გამოყოფა? რა საჭიროა „ქალთა დღეები“, განსაკუთრებული პროკლამაციები ქალებისთვის, მშრომელთა კლასის ქალების კრებები და თათბირები? ნუთუ ეს არ ნიშნავს დათმობას ფემინისტების, უფლებაგამთანაბრებლების სასარგებლოდ?

ასე ფიქრი შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც არ იცის ძირეული განსხვავება სოციალისტი ქალებისა და ბურჟუა უფლებაგამთანაბრებელთა მოძრაობებს შორის.

რის მიღწევას ცდილობენ ფემინისტები? ისინი ცდილობენ კაპიტალისტურ საზოგადოებაში იმ უპირატესობების, იმ ძალაუფლების, იმ უფლებების მოპოვებას, რომელთაც ახლა მათი ქმრები, მამები და ძმები ფლობენ.

რისთვის იბრძვიან მშრომელი ქალები? დაბადებით და სიმდიდრით განპირობებული ნებისმიერი უპირატესობის მოსპობისათვის. მშრომელი ქალისთვის სულ ერთია, ვის ხელშია ძალაუფლება — კაცის თუ ქალის. თავისი ჩაგრული მდგომარეობის შემსუბუქება მას მთელ თავის კლასთან ერთად შეუძლია.

ფემინისტები ითხოვენ თანასწორუფლებიანობას ყველგან და ყოველთვის. მშრომელები კი მათ ასე პასუხობენ: ჩვენ გვჭირდება უფლებები ყოველი მოქალაქისათვის, მაგრამ არ დავივიწყებთ, რომ მხოლოდ მშრომელები და მოქალაქეები კი არ ვართ, არამედ, ამასთან, ვართ დედებიც! როგორც დედები, როგორც ქალები — მომავლის მატარებლები — ჩვენ ვითხოვთ განსაკუთრებულ ზრუნვას ჩვენზე და ჩვენს შვილებზე, ზრუნვას სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან.

ფემინისტები იბრძვიან პოლიტიკური უფლებებისთვის. მაგრამ გზები აქაც იყოფა.

ბურჟუა ქალებისათვის პოლიტიკური უფლებები მხოლოდ იმის საშუალებაა, რომ რაც შეიძლება მოხერხებულად, რაც შეიძლება მყარად მოეწყონ იმ სამყაროში, რომელიც მუშათა კლასის ექსპლუატაციაზეა აგებული. მშრომელი ქალებისთვის კი ეს მარტოოდენ საფეხურია იმ კლდოვანი, რთული კიბისა, რომელიც შრომის ნანატრი სამეფოსაკენ მიგვიძღვის.

მშრომელ ქალთა და ბურჟუა უფლებაგამთანაბრებლების გზები უკვე დიდი ხანია გაიყო. მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან ის ამოცანები, რომელთაც ცხოვრება აყენებს ერთისა და მეორის წინაშე, მეტისმეტად ეწინააღმდეგება ერთმანეთს მშრომელისა და მდიდარი ქალის, მოსამსახურისა და „ქალბატონის“ ინტერესები… არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს ურთიერთობის, მორიგების, გაერთიანების წერტილი… ამიტომ არ უნდა აშინებდეთ მშრომელებს არც განცალკევებული ქალთა დღეები, არც მშრომელ ქალთა საგანგებო კრებები და არც მათთვის განკუთვნილი გაზეთები.

განსაკუთრებული, საგანგებო საქმიანობა მშრომელთა კლასის ქალთა შორის მხოლოდ იმის საშუალებაა, რომ გამოაღვიძოს მშრომელი ქალი, შეუერთოს ის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლთა რიგებს… ქალთა დღეები და მშრომელთა ცნობიერების გამოსაღვიძებლად ნელ-ნელა, რუდუნებით გაწეული ყოველი შრომა მშრომელთა კლასში განხეთქილების შეტანას კი არა, არამედ ერთიანობის განმტკიცებას ემსახურება.

დაე, შეუერთდნენ მშრომელი ქალები ქალთა დღეს, აღსავსენი სიხარულის გრძნობით იმის გამო, რომ საერთოკლასობრივ საქმეს ემსახურებიან და ამით საკუთარი თავის განთავისუფლებისთვის იბრძვიან.

„პრავდა“, #40 (244), 

17 თებერვალი, 1913 წ.

თარგმნა მარიკა ტყეშელაშვილმა

თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემის მიხედვით: Колонтай А. М. Избранные статьи и речи, М., Политиздат, 1972.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *