ჯორჯ ნოვაკი (1905 – 1992) — ამერიკელი მარქსისტი თეორეტიკოსი და პოლიტიკური აქტივისტი. განათლება მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში, რომელიც ხარისხის დაცვის გარეშე დაამთავრა. 1933 წელს შეუერთდა ტროცკისტულ მოძრაობას. ნოვაკს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ფილოსოფიის, პოლიტიკის, ისტორიისა და მარქსისტული თეორიის სხვადასხვა ასპექტების შესახებ.
მისი პოლემიკური სტატია, „მარქსიზმი და ინტელექტუალები“ (პირველი ნაწილი), რომელიც 1935 წელს დაიწერა, ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ინტელექტუალებისა და ინტელიგენციის (ეს ორი ცნება ნოვაკთან, ისევე როგორც იმ პერიოდის სხვა სოციალისტ ავტორებთან, არ არის გამიჯნული) პრობლემა. ავტორი ცდილობს, პოლემიკური ფორმით ჩამოაყალიბოს ინტელექტუალების მარქსისტული კონცეფცია, განსაზღვროს ინტელექტუალების, როგორც სოციალური ჯგუფის, ადგილი და ფუნქციები კაპიტალისტურ საზოგადოებაში და ის როლი, რომელიც მათ ჰქონდათ და აქვთ რევოლუციურ მოძრაობაში.
ნოვაკი განიხილავს იმ პერიოდის ინტელექტუალის სხვადასხვა კონცეფციებს. მათ შორის დიდი ადგილი ეთმობა ინტელექტუალების იმ ანარქისტულ კრიტიკასთან კამათს, რომელიც პოლონური წარმოშობის რუს რევოლუციონერს, ვაცლავ მახაისკის ეკუთვნის. ნოვაკი აჩვენებს, რომ მახაისკის ტიპის ანტიინტელექტუალიზმი, რომელიც არ განახსხვავებს გაბატონებული კლასების სამსახურში მყოფ სპეციალისტებს, კლერკებს, მედუქნეებს (როგორც მათ მარქსი უწოდებდა) და რევოლუციურ ინტელიგენციას, რომელიც ჩაგრულთა გათავისუფლების ინტერესებს ემსახურება, თავისი არსით, რეაქციულია და არსებული წესრიგის წისქვილზე ასხამს წყალს (ამ თემას ჩვენ უკვე ნაწილობრივ შევეხეთ მიხაილ ლიფშიცის სტატიის თარგმანის გამოქვეყნებით).
ნოვაკი აგრეთვე ააშკარავებს იმ ავტორთა მოსაზრებების ინფანტილურ და გულბრყვილო, სინამდვილესთან შეუსაბამო ხასიათს, რომელთა მიხედვითაც ინტელექტუალები კლასებსა და კლასობრივ ინტერესებზე მაღლა დგანან.
საკითხის პრობლემურობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, ამ თემაზე არაერთ მარქსისტ ავტორს აქვს დაწერილი ფუნდამენტური შინაარსის ნაშრომები (მაგ., კაუცკის, გრამშის), თუმცა ვფიქრობთ, რომ ჯორჯ ნოვაკის სტატია იმსახურებს ყურადღებიან წაკითხვასა და იმ პრობლემებზე დაფიქრებას, რომელიც მათში არის წამოჭრილი. განსაკუთრებით იმ „მემარცხენე აქტივისტების“ მხრიდან, რომლებიც უნდობლობითა და ამრეზით შესცქერიან თეორიულ საქმიანობასა და იდეოლოგიებს, ხოლო მეორე მხრივ, იმ ფსევდომემარცხენე იდეების პასიური მიმღებებები არიან, რომელთაც მათ არსებული საგანმანათლებლო ინსტიტუციები და მათივე იდეოლოგი ლიდერები აწვდიან.
რედაქცია
ინტელექტუალის მარქსისტული თეორია
რამდენადაც ისტორიული მატერიალიზმის თეორია, რომელიც მარქსიზმის საფუძველს წარმოადგენს, ბურჟუა ინტელექტუალის დამაგვირგვინებელი მიღწევაა, ამ თეორიის საშუალებით თავად ინტელიგენციის ფენომენის გაანალიზება სხვა არაფერი იქნებოდა, გარდა ისტორიული სამართლიანობის აქტისა. განსწავლულ კაცთა კასტები ბურჟუზიული საზოგადოების აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდნენ. ეგვიპტელი და აცტეკი ქურუმები, რომლებსაც მონოპოლია ჰქონდათ სწავლაზე, ბერძენი ფილოსოფოსები და შუა საუკუნეების სწავლულები ბევრ ისეთ ნიშან-თვისებას ფლობდნენ, რომელიც ინტელექტუალს გარშემომყოფებისგან გამოარჩევს. თუმცა ინტელიგენცია, როგორც მაღალი თვითშეგნების მქონე განცალკევებული ჯგუფი, საკუთარი ინტერესებითა და ინსტიტუციებით, ბურჟუაზიული საზოგადოებისა და მის შიგნით არსებული შრომის დანაწილების სპეციფიკური პროდუქტია.
კაპიტალისტური საზოგადოების სტრუქტურა უაღრესად კომპლექსურია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ორ ძირითად კლასს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო გამოკვეთილი ხდება, შრომის დანაწილების კუთხით საზოგადოება სულ უფრო მეტად იყოფა მრავალ ქვეკლასად და პროფესიულ ჯგუფად, რომელთაგანაც თითოეული ასრულებს სპეციფიკურ სოციალურ ფუნქციებს და თავისი განსაკუთრებული ხასიათი, ინტერესები, ინსტიტუციები, ტრადიციები, მეთოდები და ფსიქოლოგია გააჩნია.
ამ საშუალო კლასის ჯგუფებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს პროფესიები შეადგენენ. ისტორიულად, ინტელიგენცია ამ პროფესიებთან ერთად განვითარდა და დღესაც ძალზე მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს მათთან. ინტელექტუალები, როგორც წესი (თუმცა არა აუცილებლად), არიან ამა თუ იმ პროფესიის სპეციალისტები — მასწავლებლები, მწერლები, მეცნიერები, ხელოვანები, პოლიტიკოსები და ა.შ.
რამდენადაც სპეციალისტი, ფუნქციით თუ არა, პიროვნულად მაინც შეიძლება იყოს ინტელექტუალის იგივეობრივი, ხშირად რთულია მათ შორის მიჯნის გავლება. ყოველი პროფესიის წარმომადგენელი დროდადრო მსჯელობს თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ პრობლემებზე და, ამდენად, ინტელექტუალის როლში გამოდის. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სპეციალისტი თეორიული კვლევის ამოცანას რაციონალურად, თანმიმდევრულად და მრავლისმომცველად ასრულებს, ცდება რა თავისი პროფესიის ფარგლებს, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ის ინტელექტუალია.
ხელოვნების ან მეცნიერების პრაქტიკული და თეორიული მხარეები, შეიძლება, ერთი პიროვნების საქმიანობაში იყოს შერწყმული, ისე, როგორც ლენინმა გააერთიანა რევოლუციური პოლიტიკის თეორია და პრაქტიკა იმპერიალიზმის ეპოქაში ან სერ ფრენსის ბეკონმა — მეცნიერული მეთოდის თეორია და პრაქტიკა თანამედროვე მეცნიერების გარიჟრაჟზე. მაგრამ ტექნიკური მომზადების პროფესიონალიზებასა და სწავლების იმ დარგების ინსტიტუციონალიზებასთან ერთად, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებაში განვითარების უმაღლეს დონეს აღწევენ, უფრო ფართო სპეციალიზაციას ვხვდებით. ჩნდება შრომის ღრმა დანაწილება ხელოვნებისა და მეცნიერების თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს შორის. ამგვარად, ჩვენ გვყავს ესთეტიკის თეორეტიკოსები, რომლებსაც არასდროს შეუქმნიათ ხელოვნების ნაწარმოები და მხატვრები, რომლებსაც არასდროს დაუტანებიათ აბსტრაქტული აზრი თავიანთი ნამუშევრისთვის; პრაქტიკოსი პოლიტიკოსები და პოლიტიკის პროფესორები; ველზე მომუშავე მეცნიერები და ლაბორატორიის მეცნიერები; ექსპერიმენტატორი ფიზიკოსები და მათემატიკური ფიზიკის სპეციალისტები. „ბიზნეს ადმინისტრირების სკოლებიც’’ კი დაარსდა, მაგალითად, ისეთი, როგორიც ჰარვარდშია, სადაც მედიდურად ისწავლება ექსპლუატაციის ხელოვნება, ხოლო კაპიტალიზმის აპოლოგეტიკის მეცნიერება იმ დონეზე განვითარდა, რა დონეზეც სქოლასტიკოსებმა განავითარეს კათოლიკური თეოლოგია.
საბოლოოდ, აკადემიურ სივრცეში შრომის დანაწილების შედეგად, გაჩნდა სოციალური მეცნიერებებისა და ფილოსოფიის მთელი დეპარტამენტები, რომელთაც ყველაზე ღრმა ფილოსოფიურ, ისტორიულ და სოციალურ პრობლემებზე სპეკულაცია დაევალა. პროფესიონალი ფილოსოფოსი თანამედროვე ინტელექტუალის ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, ისევე როგორც პროფესიონალი თეოლოგი იყო უზენაესი წარმომადგენელი შუა საუკუნეების სწავლულთა კასტისა.
პლატონის აკადემია განკუთვნილი იყო ბერძნული არისტოკრატიის ვაჟებისთვის, ისევე როგორც პლატონის ფილოსოფია იყო ბერძნული არისტოკრატიის მსოფლმხედველობის ლოგიკურად დასაბუთებული გამოხატულება. შუა საუკუნეების უნივერსიტეტები უმაღლესი წოდების სამღვდელოებისა და დიდგვაროვნების ხელში იყო. ოქსფორდი და კემბრიჯი მათი შექმნის დღიდანვე ინგლისის ბატონთა შთამომავლებისა და მოკავშირე წოდებების, სამღვდელოებისა და სამთავრობო ბიუროკრატიის სკოლებს წარმოადგენდნენ. დღეს, შეერთებულ შტატებში, კაპიტალისტური პლუტოკრატია აკონტროლებს დიდი, კერძო მფლობელობაში მყოფი ისეთი უნივერსიტეტების ფინანსებსა და ფაკულტეტებს, როგორებიცაა ჰარვარდის, იელის, პრინსტონის, ჩიკაგოს და სტენფორდის უნივერსიტეტები, მაშინ როდესაც საშუალო კლასის ზედა ფენები სახელმწიფო უნივერსიტეტებში განსაზღვრავენ გაბატონებულ ტონს.
იმ კლასებმა, რომლებიც მიისწრაფვიან გაბატონებული მდგომარეობისკენ, ან სულ ახლახანს მიაღწიეს მას, ოფიციალურ უნივერსიტეტებთან დაპირისპირებული საგანმანათლებლო ცენტრები უნდა დაარსონ. სამრეწველო ბურჟუაზია მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში სწორედ ამიტომაც გახდა იძულებული, ლონდონის, ბირმინგემისა და მანჩესტერის ინდუსტრიულ ქალაქებში ახალი უნივერსიტეტები და ტექნიკური სკოლები დაეარსებინა.
ამავდროულად, როგორც კაუცკი აღნიშნავდა: „მეცნიერების მატარებელი არის არა პროლეტარიატი, არამედ ბურჟუაზიული ინტელიგენცია. ამ ფენის ცალკეულ წევრთა გონებაში ხომ წარმოიშვა სოციალიზმიც, და უკვე მათ გაუზიარეს ის თავისი გონებრივი განვითარებით გამოჩენილ პროლეტარებს, რომლებსაც შემდეგ შეაქვთ ის პროლეტარიატის კლასობრივ ბრძოლაში იქ, სადაც კი ეს შესაძლებელია პირობების მიხედვით” (კაუცკის ციტირება ლენინის მიერ ნაშრომში „რა ვაკეთოთ?“[1]). არაფერია უჩვეულო იმ სამსახურში, რომელიც რადიკალმა ინტელექტუალებმა პროლეტარიატისათვის გასწიეს. სწორედ ამ ფუნქციის შესრულებით ინტელიგენციას გამორჩეული სოციალური ხასიათი ენიჭება. ინტელექტუალები იდეების შექმნასა და გავრცელებაში დახელოვნებული პროფესიონალები არიან. ისინი აყალიბებენ თანამედროვე საზოგადოების მგრძნობიარე ცენტრს, იმ წერტილების კონცენტრაციას, სადაც იდეოლოგიები ცნობიერებაში აღმოცენდებიან, იღებენ სისტემატიზებულ ფორმას და შემდეგ პოლიტიკური ინსტიტუტების მეშვეობით ვრცელდებიან. სხვადასხვა პროფესიის ინტელექტუალები — მასწავლებლები, მწერლები, პოლიტიკოსები და ა.შ. — ავრცელებენ არა მხოლოდ მეცნიერულ ცოდნას, არამედ იდეებს, რომლებითაც კლასები იყალიბებენ წარმოდგენას თავიანთ თავსა და თავიანთ მიზნებზე.
ინტელიგენცია არ არის კლასი, არც სხვა კლასებზე მაღლა დგას. ის ფუნქციური ჯგუფია, რომლის წევრებიც იძულებულნი არიან, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ყველა კლასს ემსახურონ. ვინაიდან ინტელიგენცია საზოგადოების ყველა ფენიდან არის რეკრუტირებული, მისი სოციალური შემადგენლობა უკიდურესად ჰეტეროგენულია. განსხვავებულ ინდივიდებსა და ჯგუფებს ინტელიგენციის შიგნით, შეიძლება, ერთმანეთისგან სრულიად გამორჩეული სოციალური წარმომავლობა, მისწრაფებები და ღირებულებები გააჩნდეთ. ინტელიგენციას შეუძლია, თავის თავში ყველაზე მრავალფეროვანი ელემენტები გააერთიანოს. ჩვენ ვხვდებით პროლეტარიატის მიმართ თანაგრძნობის მქონე მაღალი ფენების ინტელექტუალებს; პროლეტარ ინტელექტუალებს, რომლებიც მმართველი კლასის სიკოფანტებად[2] გადაიქცნენ; და საშუალო კლასის ინტელექტუალებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ყველა კლასობრივ კავშირზე მაღლა დგანან.
სოციალურად ინტელექტუალები გარკვეული პრესტიჟით სარგებლობენ ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, ხოლო ეკონომიკურად, საშუალო კლასის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მათი მდგომარეობა ცვალებადია. საზოგადოების გაბატონებულ ჯგუფებში უდიდესი პატივისცემითა და გავლენით უფრო ხშირად ის ინტელექტუალები სარგებლობენ, რომლებიც მათ ყველაზე გულმოდგინედ ემსახურებიან, ვიდრე ისინი, რომელთა ინტელექტუალური უნარები და მიღწევები ყველაზე მაღალია. ეს ვაჟბატონები სხედან კაბინეტებსა და პროფესურებში, სარედაქციო სკამებსა და კვლევით ფონდებში.
რიგითი ინტელექტუალის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის თეთრსაყელოიანი მშრომელის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უკეთესი; შტატგარეშე ინტელექტუალები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ მეტროპოლიების ბოჰემურ დაწესებულებებს, კიდევ უფრო მეტად უიღბლონი არიან. გარდა იშვიათი შემთხვევებისა[1], ინტელექტუალები ფუნქციონირებენ არა როგორც კაპიტალისტური ეკონომიკის შემადგენელი ელემენტი, არამედ როგორც ნაწილი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც ამ უკანასკნელის ნიადაგზე აღმოცენდებიან. მანამ, სანამ ეს ინსტიტუციები ინტელექტუალებს შედარებით კომფორტულ მდგომარეობაში ამყოფებენ, ისინი თავიანთი მარჩენალი კლასის ერთგულები იქნებიან. თუმცა კრიზისის დარტყმებმა ინტელექტუალთა და პროფესიონალთა უმწეო მასები, როგორც განცალკევებული ატომები, სიცარიელეში მოისროლა. მაგალითისთვის: ნიუ-იორკიდან 50 მილში მცხოვრები და მომუშავე ათიათასი ქიმიკოსიდან 1932 წლის დეკემბერში დაითხოვეს ორი ათასი, დაითხოვეს იმიტომ, რომ დიდმა კორპორაციებმა მაქსიმალურად შეამცირეს თავიანთი კვლევისთვის კადრების რაოდენობა (Science, Dec. 16, 1932, p. 562). ეს უკმაყოფილო და განზე მოსროლილი ხალხი კი თანამედროვე საზოგადოების ყველაზე ფეთქებადი ელემენტების რიგს მიეკუთვნებიან.
მათი ეკონომიკური დაუცველობის, სოციალური უთვისტომობისა და შერეული შემადგენლობის გამო, ინტელექტუალები თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ, მობილურ და მგრძნობიარე ჯგუფს წარმოადგენენ. ინტელექტუალების სოციალური და ინტელექტუალური მოძრაობების ცვალებადი ხასიათი კი მათ საზოგადოებრივი წნეხისა და რევოლუციური შტორმის შესანიშნავ ბარომეტრად აქცევს. მოახლოებული სოციალური ცვლილებები ხშირად ინტელიგენციის დაუდგრომლობის გამოც არის ხოლმე მოსალოდნელი. მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი ენციკლოპედისტი, რომელიც ხშირად სტუმრობდა არისტოკრატების სალონებს და მათ რევოლუციის იდეით ახელებდა; ჩრდილოელი აბოლიციონისტები და სამხრეთელი კონფედერალისტები; კომუნისტი და ფაშისტი ინტელექტუალები, რომლებიც დღეს მრავლად ჩნდებიან შეერთებულ შტატებში და იდეოლოგიურ ფლანგზე აჩაღებენ იმ ბრძოლას, სულ მალე დაპირისპირებულ კლასებს შორის პირქუშ რეალობაში რომ უნდა წარიმართოს.
მაშასადამე, ინტელიგენცია ხდება კაპიტალისტური საზოგადოების მიკროკოსმოსი, რომელიც შეკუმშულ მასშტაბებში და, ხშირად, გამრუდებული ფორმით, გარემომცველ სამყაროში არსებულ კონფლიქტებს ირეკლავს. ინტელექტუალთა ხასიათის ეს თავისებურება მათ ისტორიას სძენს იმ მნიშვნელობას, რომლის ნაკლებობასაც სხვა სპეციალისტთა ჯგუფები თავიანთი განვითარების პროცესში განიცდიდნენ, ისევე როგორც ინტელექტუალების აზრების ცხადად გადმოცემის უნარი და მათი, როგორც პარტიისა და კლასობრივი ინტერესების მესიტყვეების ფუნქცია, მათ ინტელექტუალურ გამოხატვასა და პოლიტიკურ მიკუთვნილებასაც კი იმგვარ მნიშვნელობას ანიჭებს, რომელიც ინტელიგენციის რეალური ძალაუფლებისა და რაოდენობის დისპროპორციულია.
როგორც დემაგოგებს სწამთ, რომ მათი მგზნებარე სიტყვით გამოსვლები გადამწყვეტ გავლენას ახდენს მასების მოქმედებზე, ისე შემცდარი ინტელექტუალებიც იჯერებენ, რომ საზოგადოების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ისინი იმდენად ბერავენ თავიანთ პატივმოყვარეობას, რომ ჰგონიათ, მხოლოდ თვითონ ქმნიან, ინახავენ და აგრძელებენ „ცივილიზაციის ღირებულებებს“ და სოციალური პროგრესის მოთავეები არიან. ამგვარად, პრეზერვდ სმითი[3], ამერიკელი სწავლული, თავისი სამ ტომიანი დასავლური ცივილიზაციის ისტორიის დასაწყისში კატეგორიულად ამტკიცებს, რომ „დასავლეთ ევროპის ისტორია არის ინტელექტუალთა კლასის ისტორია“.
მაშინ როდესაც რეალური მმართველი კლასის წარმომადგენლები თავიანთ აღმატებულობაზე პრეტენზიას საზოგადოებრივ მდგომარეობასა და ეკონომიკურ სიძლიერეზე აფუძნებენ, ეს ინტელექტუალური ელიტა მმართველობის უფლებაზე პრეტენზიას ხელოვნების ნიმუშის, მეცნიერული, ან ფილოსოფიური ნაშრომის შექმნისა თუ შეფასების უნარის ფლობის წყალობით აცხადებს. თავისთვის აღმატებული სოციალური სტატუსის მინიჭებით, ისინი აცხადებენ, რომ, როგორც შემოქმედები, მეცნიერები ან ფილოსოფოსები, თავიანთი მდაბიო თანამოქალაქეებისაგან განსხვავებით, სრულიად განწმენდილნი არიან ყოველგვარი მატერიალური ან კლასობრივი ინტერესებისაგან. ისინი, ფლობერის დარად, ქმნიან „ხელოვნების“ რელიგიას, ხელოვნების, რომელიც მოწყვეტილია თავის სოციალურ ფესვებს და აბსტრაჰირებულია სოციალური გარემოსაგან, ანდა, რენანის კვალდაკვალ, იგონებენ „მეცნიერების“ აბსტრაქტულ რელიგიას იმისათვის, რომ ვულგარულ ბრბოზე ამაღლდნენ. ინტელექტუალის კაცობრიობაზე გაბატონების მარადიული ოცნება ყველაზე კარგად არის გამოხატული პლატონის მითიურ სახელმწიფოში, რომელშიც ფილოსოფოსი არის მეფე, ხოლო მშრომელი მასები — ჰილოტები[4].
ინტელექტუალების მიერ თავიანთ თავზე ჩამოყალიბებული ეს საკრალური და რომანტიკული დამოკიდებულება უფრორე საპასუხო რეაქციაა მათ რეალურ უძლურებაზე, ვიდრე ძლიერების მაჩვენებელი, ისევე როგორც პაპი პიუს IX-ის დეკლარაცია პაპის უცდომელობაზე წარმოადგენდა რეფლექსს საერო ძალაუფლების დაკარგვაზე. ძალაუფლებისა და დამოუკიდებლობის ასეთი ილუზორული შეგრძნება მხოლოდ უმწეო მელანქოლიითა და სრული უნაყოფობის განცდით შეიძლება დასრულდეს. პოლ ვალერიმ[5] შექმნა მეტაფიზიკური ურჩხული სახელად მ. ტესტე, რომელსაც ის ადამიანური ევოლუციის უმაღლეს საფეხურად განიხილავდა, მაგრამ, სინამდვილეში, ის ყველა ამგვარი ინტელექტუალის კარიკატურას წარმოადგენდა, მისივე შემქმნელის ჩათვლით. ტესტეს გონებრივი პროცესები იმდენად სწრაფი, ზუსტი და სიღრმისეული იყო, რომ იგი ვერ გრძნობდა პრაქტიკული მოქმედების საჭიროებას. მისი მთავარი მახასიათებლები იყო არაადამიანური სისასტიკე და საშინელი თავის ტკივილები.
რობერტ მიხელსი[6], თანამედროვე საზოგადოების გონიერი, თუმცა არასარწმუნო მკლევარი, ამტკიცებს, რომ ინტელექტუალები, ზოგადად, რევოლუცინერები არიან. ასეთი განზოგადება ზედმეტად ცალმხრივი და არასწორია. ინტელექტუალები გამოხატავენ არსებული საზოგადოების ყველა პოლიტიკურ ელფერს, დაწყებული ულტრაკონსერვატიულით, დამთავრებული ულტრარევოლუციურით. მართლაც, ზოგიერთ ინტელექტუალს, თავისი კარიერის განმავლობაში, ყველა შესაძლო პოლიტიკური ფერი აქვს გამოცვლილი.
მაგალითად, ბერკი[7], დე მესტრი[8], კარლაილი[9] და ირვინგ ბებიტი[10] რეაქციონერი ინტელექტუალები იყვნენ. ისინი ამართლებდნენ იმ კლასთა ინტერესებს, რომლებმაც თავიანთი დრო მოჭამეს და გადაგვარების გზას დაადგნენ. თუკი ისტორიული პერსპექტივიდან შევხედავთ მათ ანოქრონისტულ თვალსაზრისს, ასეთი ინტელექტუალები, შეიძლება, თავიანთი საზოგადოების გამჭრიახი, თუმცა კი ზედაპირული და მიუხვედრელი, კრიტიკოსებიც იყვნენ. მათ, შეიძლება, გარკვეულ საკითხებზე დროებით შეთანხმებასაც მიაღწიონ ყველაზე მოწინავე რადიკალ მოაზროვნეებთან, როგორც ენგელსი და კარლაილი თანხმდებოდბნენ ინგლისის მუშათა კლასის სავალალო მდგომარეობაზე[11].
გასული ათწლეულის ისეთი გავლენიანი ამერიკელი ლიბერალები, როგორებიც არიან ისტორიკოსები ბერდი[12] და ბარინგტონი, ლიტერატურული კრიტიკოსები რენდოლფ ბორნი[13], ვან უიკ ბრუკსი[14], ლუის მემფორდი[15] და უალდო ფრენკი[16] და ეკონომისტი ვებლენი[17], წარმოადგენენ ტიპურ ლიბერალ ინტელექტუალებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კულტურული შრომა გასწიეს შეფარდებითი სოციალური სოლიდარობისა და სტაბილურობის პერიოდში. იმდენად, რამდენადაც ღრმავდება კრიზისი და მწვავდება კლასობრივი კონფლიქტი, ამ ყაიდის ლიბერალების პოზიცია სულ უფრო მეტად გამოუსადეგარი ხდება და ისინი კარგავენ თავიანთ პროგრესულ ფუნქციებს. თუკი ლიბერალები არ წავლენ რევოლუციური მიმართულებით, ისინი ძალაუნებურად რეაქციული გავლენების ქვეშ მოექცევიან.
რადიკალი ინტელექტუალები ისინი არიან, ვინც თავიანთი იდეებითა თუ საქმით რევოლუციურ კლასს უერთდებიან, კლასს, რომელიც, სოციალური განვითარების გარკვეულ საფეხურზე, ერის პროგრესულ ძალთა წინამძღოლი ხდება.
თითქმის ყველა ქვეყანაში ბურჟუაზიული რევოლუციების სათავეში რადიკალი ინტელექტუალები იდგნენ. როგორც იდეოლოგიური ლიდერები, ისინი რევოლუციური ძალების პოლიტიკურ და სამხედრო ბელადებთან მხარდამხარ მუშაობდნენ. მილტონი და კრომველი, პეინი და ვაშინგტონი, მარატი და რობესპიერი, მაძინი და გარიბალდი ამგვარი ალიანსების ცნობილი მაგალითები არიან. ბურჟუა ინტელექტუალები, როგორებიც არიან ვოლტერი და დიდრო, რომლებიც თავს ესხმოდნენ ისეთ ავტორიტეტულ ინსტუტიციებს, როგორიცაა ეკლესია და წვრილი ბურჟუა ინტელექტუალები, როგორიც არის რუსო, რომლებიც არსებული წესრიგის ყველა იდეისა და ინსტიტუციის დამხობას მოითხოვდნენ, საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუციის მაცნეები იყვნენ.
რადიკალმა ინტელექტუალებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჩვენი დროის კოლონიური და ნახევრად კოლონიური ქვეყნების ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციებში. პროფესიონალი ინტელექტუალები და ინტელექტუალი პროფესიონალები შთააგონებდნენ და უძღვებოდნენ ნაციონალ-რევოლუციურ მოძრაობებს ცარისტულ რუსეთში, ბალკანეთის ქვეყნებში (მასარიკი[18] და ბენეში[19] ჩეხო-სლოვაკიაში), ინდოეთში, ჩინეთში, თურქეთში, ლათინოამერიკულ ქვეყნებში, კუბასა და ფილიპინებში. ხოლო ბოლო პერიოდის ეგვიპტელი ნაციონალისტი სტუდენტების ანტიბრიტანული დემონსტრაციები კაიროში სხვა არაფერია, თუ არა სტუდენტების, მასწავლებლებისა და იურისტების მიერ ინიცირებული კიდევ ერთი ასეთი მეამბოხე ანტიკოლონიური მოძრაობა.
ამ დეკლასირებულმა ინტელექტუალებმა, თავიანთი ხალხის ან კლასის დაბეჩავებულობისა და ჩაგვრის განცდის გამო რომ იტანჯებიან და ამასთან გაუნათლებელ მასებზე უფრო ფართო ისტორიული ჰორიზონტი გააჩნიათ, ხელი შეუწყვეს კოლონიზებული ხალხების საუკუნოვანი აპათიიდან და ინერტულობიდან გამოსვლას, ფეხზე წამოაყენეს ისინი, მისცეს მათ პოლიტიკური პროგრამა და მოქმედებისაკენ გაუძღვნენ. რადიკალი ინტელექტუალების, კერძოდ, სტუდენტების, ეს როლი საკმაოდ მკაფიოდ ჩანს ჩინეთის რევოლუციის პირველ ეტაპებზე. ჩინურ აღთქმაში[20], დენ ში-ჰუა გვიამბობს, თუ როგორ გადათარგმნეს სტუდენტებმა 1921 წელს ინგლისურიდან და იაპონურიდან ჩინურად პირველი მარქსისტული წიგნი და „სახალხო განათლების ჯგუფი“ ჩამოაყალიბეს, რათა რევოლუციის გზავნილი ახლადგამოღვიძებულ მუშათა კლასამდე მიეტანათ. 1925 წელს, ჩინელმა მეზღვაურებმა თქვეს, რომ „სტუდენტები მათი ერთადერთი ლიდერები არიან“. სწორედ შანხაიში მომხდარი სტუდენტების დახვრეტა გახდა ნიშანი რევოლუციური ამბოხისა[2].
განათლებაზე უფრო ფართო ხელმისაწვდომობის წყალობით, მაღალგანვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში, განსხვავებები ინტელექტუალებსა და მასებს შორის ისეთი მკვეთრი აღარ არის, როგორც ჩამორჩენილ კოლონიურ სახელმწიფოებში. სოციალური მიჯნა განათლებულსა და გაუნათლებელს შორის მაინც არსებობს, თუმცა მსუბუქი ფორმით. უწიგნურ მასებსა და განსწავლულ კლასებს შორის აღარ არის ისეთი ხიდჩატეხილობა, როგორსაც იმ დროს ვხვდებოდით, როდესაც სწავლულები იზოლირებულ კასტას წარმოადგენდნენ; ამგვარი ვითარება ისეთ ქვეყანაში, როგორიც შეერთებული შტატებია, ვერც იარსებებს, რადგან თვით კოლეჯის კურსდამთავრებულები ერთ ღამეში მუშათა კლასისა და პერმანენტულად დაუსაქმებელთა რიგებში მოსროლილნი აღმოჩნდებიან.
ბურჟუა და წვრილი ბურჟუა ინტელექტუალებიც აგრეთვე მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების მშრომელთა მოძრაობებში. მეცხრამეტე საუკუნეში, ჯერ კიდევ მარქსიზმის გაჩენამდე, ისეთი წვრილი ბურჟუა ინტელექტუალები უტოპიურ სოციალისტებს შორის, როგორიცაა პრუდონი საფრანგეთში და ჩერნიშევსკი რუსეთში, მუშათა კლასის იდეოლოგიური ლიდერები იყვნენ[21].
მარქსისტული პარტიების ყველაზე მნიშნველოვანი პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერები, უმეტესად, საშუალო კლასის ინტელექტუალები იყვნენ. ასეა ამ მოძრაობის დამფუძნებლების, მარქსისა და ენგელსის, შემთხვევაშიც. ბებელსა და დიცგენს პროლეტარული წარმომავლობა ჰქონდათ, თუმცა ეს ორი იმ გალაქტიკის თვალსაჩინო გამონაკლისები არიან, რომელსაც მიეკუთვნებიან ლასალი, დე ლეონი[22], პლეხანოვი, ლიბკნეხტი, ლუქსემბურგი, ლენინი და ტროცკი. ყველა ეს ინტელექტუალი, „ამაღლდა რა მთელი ისტორიული მოძრაობის თეორიულ გაგებამდე“[23], გამოეყო თავის კლასს და საკუთარი ცხოვრება მუშათა კლასის ბედს დაუკავშირა. ტროცკი გვამცნობს, რომ სახალხო კომისარიატის საბჭოს თავდაპირველი 15 წევრიდან, რომლებიც ოქტომბრის აჯანყების მეორე დღეს აირჩიეს, 11 იყო ინტელექტუალი და მხოლოდ 4 — მუშა.
ამბობენ, რომ რადიკალი ინტელექტუალები მუშათა კლასის არასტაბილური და არასაიმედო მოკავშირენი არიან. ამ ბრალდებაში არის სიმართლის მარცვალი. რამდენადაც სოციალურად ინტელექტუალები პარაზიტულ ჯგუფს წარმოადგენენ, ყველაზე რადიკალი ინტელექტუალებიც კი არსებულ წესრიგს, შეიძლება, იმაზე მჭიდროდ უკავშირდებოდნენ, ვიდრე ეს მათ ჰგონიათ. ჭიპლარის მოჭრიდან დიდი ხნის შემდეგაც, როდესაც ახალაგაზრდა დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ზრდასრული ადამიანი მაინც არ არის თავისუფალი მშობლების შეუმჩნეველი ქვეცნობიერი გავლენისაგან. კრიტიკულ მომენტებში, ღრმად გამჯდარმა მიჯაჭვულობებმა, რომელთაც აძლიერებს უცხო კლასების უაღრესად მძიმე ზეწოლა, შესაძლოა, ინტელექტუალში მერყევი განწყობები გამოიწვიოს, ხელი შეუშალოს გადამწყვეტი ზომების მიღებასა და ბურჟუაზიული სამყაროს რადიკალურ უარყოფას.
გარდა ამისა, ინტელექტუალები, თავიანთი ენთუზიაზმის პირველი მოზღვავებისას, რევულუციის გაიდეალურებისკენ არიან მიდრეკილნი, მაგრამ როგორც კი პირისპირ შეეჩეხებიან რევოლუციას, განზე დგებიან ან მტრის ბანაკში ეძებენ თავშესაფარს. ამის კლასიკური მაგალითია უორდსუორთი და მისი მეგობარი რომანტიკოსები[24], საფრანგეთის რევოლუციის გარიჟრაჟზე რომ ფიქრობდნენ — „ახალგაზრდად ყოფნა ნეტარებაა“, თუმცა შემდეგ, როდესაც მომაკვდინებელი კლასობრივი ომი დაიწყო, იმედგაცრუებითა და ზიზღით, ზურგი შეაქციეს მას.
თუმცაღა, საუკეთესო რევოლუციონერი ინტელექტუალები თვალსაც არ ახამხამებენ გადამწყვეტ მომენტში. მათი თეორიული მომზადება და გამჭრიახობა ამის გარანტიაა. ადამიანები, რომელთაც კონკრეტულ რევოლუციურ სიტუაციაში მოქმედი ძალების სწორი და საფუძვლიანი გაგება შეუძლიათ, უფრო მყარად დგანან ბრძოლის დროს, ვიდრე ემპირიკოსები, რომლებიც მხოლოდ “პრაქტიკულ აღქმასა” და სპონტანურ იმპროვიზაციას (ანუ თავიანთ ცრურწმენებსა და შეზღუდულობას) ეყრდნობიან. სწორედ ასე, შეუპოვარი არმიები, როგორებიც იყვნენ კრომველის მრგვალთავიანები და ტროცკის მეთაურობის ქვეშ მყოფი წითელი არმია, რომლებმაც იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ და რატომ, კონტრრევოლუციონერი მტრის დაქირავებულ მეომრებზე უფრო აღმატებულნი აღმოჩდნენ.
ვინაიდან და რადგანაც მარქსიზმი, პროლეტარული რევოლუციის მეცნიერება, საშუალო კლასის ინტელექტუალების უდიდესი ქმნილებაა, და ყველა მარქსისტულ პარტიას ჰყავდა რადიკალი ინტელიგენციიდან რეკრუტირებული მებრძოლები, მარქსისტული პარტია, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ვერ უგულებელყოფს იმ როლს, რომელიც ინტელექტუალებმა შეიძლება, შეასრულონ მუშათა კლასის ემანსიპაციისათვის ბრძოლაში. მაგრამ რადიკალი ინტელექტუალებისა და რევოლუციური მუშათა პარტიის ურთიერთობა სწორად უნდა გვესმოდეს. მართალია, ცალკეულმა ინტელექტუალებმა, შეიძლება, საკუთარი ტალანტით, ენერგიითა და თავდადებით პარტიის ლიდერობა იკისრონ, მაგრამ ისინი, ჩვეულებრივ, პარტიის დამხმარე ძალას წარმოადგენენ. ინტელექტუალები უნდა იყვნენ პარტიაში, მასობრივ ორგანიზაციებში, რომლებსაც ის უჭერს მხარს, და იღებდნენ მონაწილეობას სხვა მრავალ პარტიულ აქტივობაში. მაგრამ პარტიის ძირითადი ნაწილი უნდა რეკრუტირდეს მუშათა კლასის ავანგარდიდან, რომელსაც ის უშუალოდ უნდა ეყრდნობოდეს. პარტიას და მის ხელმძღვანელობას უნდა ჰქონდეს წმინდად პროლეტარული ბირთვი.
ინტელექტუალის არა-მარქსისტული თეორიები
იმ მნიშვნელოვანი როლის გამო, რომელიც რადიკალმა ინტელექტუალებმა მუშათა მოძრაობაში და, კერძოდ, მარქსისტულ პარტიებში შეასრულეს, ზოგიერთი მოაზროვნე თავს დაესხა მარქსიზმს, როგორც ანტიპროლეტარულ ფილოსოფიას. მარქსიზმსა და რევოლუციურ ბრძოლაში ინტელექტუალის როლის მარქსისტულ კონცეფციაზე თავდასხმებიდან ყველაზე გამოსარჩევი და მზაკვრული კრიტიკა ეკუთვნის ვაცლავ მახაისკის, რუს-პოლონელ რევოლუციონერს, რომლის თეორიებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპის რევოლუციონერთა წრეებში ტრიალებდა, თუმცა კი არასდროს მოუხდენია რაიმე გავლენა მასებზე და ვერც მიმდევართა დიდი ჯგუფი მოიზიდა.
მახაისკის თანახმად, სოციალიზმი წარმოადგენდა არა ფიზიკური და გონებრივი მშრომელების საერთო ემანსიპაციისთვის მებრძოლ მოძრაობას, როგორც ამას სოციალისტები ამტკიცებდნენ, არამედ მხოლოდ გონებრივი მშრომლების ინტერესებს ემსახურებოდა. ეს გონებრივი მშრომლები, რომელთაც განეკუთვნებიან დეკლასირებული დაბალი საშუალო კლასის ინტელექტუალები, როგორებიც არიან მარქსი, ენგელსი და ა.შ. და თვითნასწავლი მუშები, როგორიც იყო ბებელი, მათ ლიბერალ-დემოკრატ კოლეგებთან ერთად, მიხაისკის აზრით, ფიზიკურ მშრომლებს უბრალოდ თავიანთი პირადი მიზნებისათვის იყენებდნენ. რადიკალი ინტელექტუალები (კაპიტალისტების მსგავსად) მშრომელთა ექსპლოატაციას ეწეოდნენ. განსხვავება მხოლოდ ექსპლუატაციის მეთოდებში მდგომარეობს. უმაღლესი განათლება იყო კაპიტალი, რომელიც საშუალებას აძლევდა ინტელექტუალებს, შეცდომაში შეეყავანთ მუშები და თავგზა აებნიათ მათთვის. მარქსიზმის ექპლუატატორული ხასიათი, ერთი მხრივ, გამოვლინდა პარლამენტარი სოციალისტების მიერ დაბალანაზღაურებადი ფიზიკური მუშების მუდმივი ღალატითა და, მეორე მხრივ, იმ ფაქტით, რომ სოციალ-დემოკრატიის რევოლუციურ ფრთასაც კი, ბოლშევიკებს, არც აღუთქვამს და არც მიუცია ყველა მშრომელისთვის თანაბარი ხელფასი და მსგავსი თანასწორობა გაურკვეველი შორეული მომავლისთვის გადადეს.
მახაისკიმ სცადა თავისი პოზიციის თეორიული ბაზისი შეექმნა მარქსის იმაში დადანაშაულებით, რომ კაპიტალის მეორე ტომში ჩამოყალიბებულ კვლავწარმოების ფორმულაში, მან განზრახ დამალა სახელმწიფო ბიუროკრატიის მიერ ეროვნული შემოსავლის ჭარბი დანახარჯი, რათა შეენიღბა სოციალიზმის ვიწრო კლასობრივი ხასიათი და შეცდომაში შეეყვანა ფიზიკურად მშრომელთა მასები. მახაისკი ამტკიცებდა, რომ თუმცა სოციალისტებმა და სოციალისტურმა პარტიებმა შეიძლება, მოიპოვონ სახელმწიფო ძალაუფლება, სოციალიზმი, რომელიც მისთვის შემოსავლის უნივერსალურ თანასწორობას ნიშნავდა, ვერ განხორციელდებოდა. თავისი შეხედულებების დადასტურებას იგი ბოლშევიკების მოქმედებებში პოულობდა. ოქტომბრის რევოლუციამ, მახაისკის თანახმად, უპრინციპო პოლიტიკური ავანტიურისტების ერთი წყება მეორეთი ჩაანაცვლა. პროლეტარიატის დიქტატურა პროფესიონალი ინტელიგენციის მხრიდან პროლეტარიატზე დიქტატურის უბრალო შენიღბვას წარმოადგენდა. საბჭოთა სახელმწიფო თავისი ტენდენციებით არ ყოფილა სოციალისტური, როგორც ამას კომუნისტები აცხადებდნენ; ის წარმოადგენდა სახელმწიფო კაპიტალიზმის ნაირსახეობას და ძირეულად არ განსხვავდებოდა ფაშისტური სახელმწიფოსგან.
მაქს ნომადი[25], ვეტერანი რადიკალი ჟურნალისტი, რომელიც მახაისკის იდეებს თავის ქვეყანაში ავრცელებდა, პროცესს შემდეგი ხატოვანი ფრაზებით აჯამებს: „აღიარების მოპოვების შემდეგ, გუშინდელი მოციქულები რჯულგანდგომილები ხდებიან, ტრიბუნები იქცევიან გამყიდველებად და მეამბოხეები — რენეგატებად“. უნდა ვაღიაროთ, რომ მეორე და მესამე ინტერნაციონალების პარტიების გადაგვარების ისტორიაში ბევრი რამაა ისეთი, რაც მახაისკის ბრალდებებს, ერთი შეხედვით, სარწმუნოდ წარმოაჩენს, მაგრამ ამ მოვლენათა მისეული ახსნა საფუძველშივე მცდარია.
მახაისკის თეორია უმანკოდ არ ჩასახულა. ის უბრალოდ გაუმჯობესებული და დახვეწილი ნაირსახეობაა ანარქო-სინდიკალისტური იდეოლოგიისა, რომელიც მარქსიზმს პროლეტარული მოძრაობის ჰეგემონიისთვის ჯერ კიდევ პრუდონისა და ბაკუნინის პერიოდიდან ებრძოდა. როგორც ტროცკი შენიშნავს თავის პამფლეტში „საბჭოთა კავიშირი და მეოთხე ინტერნაციონალი“, მახაისკიმ „მხოლოდ „გააღრმავა“ ანარქისტების ცრურწმენები სახელმწიფო სოციალიზმის შესახებ“[26] სოციოლოგიურად და ეკონომიკურად.
როგორი ულტრარადიკალურიც არ უნდა ჩანდნენ ერთი შეხედვით, სინამდვილეში, ეს იდეები უსუსური და რეაქციონერულია. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ისინი ძალიან მარტივად აითვისეს და მარქსიზმისა და ბოლშევიზმის წინააღმდეგ გამოიყენეს იარაღად ისეთმა ფაშისტმა თეორეტიკოსებმა, როგორიცაა მიხელსი[27] და პარეტო[28]. თუ ფაშიზმი და კომუნიზმი წარმოადგენენ ერთადერთ ალტერნატივას სახელმწიფო კაპიტალიზმისა, რომელშიც მუშათა კლასი ექსპლუატირებულია ბიუროკრატ ინტელექტუალთა ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფების მიერ, მაშინ მშრომელებისთვის სულერთი იქნება, სტალინი მართავს მათ თუ მუსოლინი. მახაისკის პოზიციაში ნაგულისხმევი ეს თეორიული დასკვნა უკიდურესი რეაქციონერების წისქვილზე ასხამს წყალს.
მახაისკის იდეების რეაქციონერული ხასიათი აგრეთვე მის მიერვე გამოტანილ პრაქტიკულ დასკვნებში შეგვიძლია, დავინახოთ. მახაისკის მიხედვით, „მშრომელთა ხელისუფლება“ შეუსაბამობაა და შეუძლებელია, არსებობდეს. მთავრობები წარმოადგენდნენ განათლებული კლასებისაგან დაკომპლექტებულ და მათ ინტერესებში მოქმედ ბიუროკრატიულ აპარატებს. ანარქო-სინდიკალისტური დოქტრინის სულის ერთგული მახაისკი ავალდებულებდა მუშებს, კაპიტალისტთა კლასისა და კაპიტალისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ თავიანთი ბრძოლა შეეზღუდათ ხელფასების გაზრდისა და ისეთი სოციალური სერვისებისთვის ბრძოლით, როგორიცაა უმუშევრობის დაზღვევა. მუშათა კლასის მიზანი უნდა იყოს არა კაპიტალისტური სახელმწიფოს დამსხვრევა და მისი მუშათა რეჟიმით ჩანაცვლება, როგორც მარქსისტები ასწავლიდნენ (რადგან ეს მცდელობა უბრალოდ ინტელექტუალი ექსპლუატატორების ახალი ხროვით ძველის ჩანაცვლება იქნებოდა), არამედ ხელფასების საყოველთაო თანასწორობა!
როგორიც არ უნდა იყოს კლასობრივი მმართველობის პოლიტიკური ფორმა, ხელფასების თანასწორობა, განათლების მიღების თანაბარი საშუალების გარანტია გახდებოდა და, ამგვარად, განათლებაზე მონოპოლია, რომელიც ერთ ბიუროკრატიულ ჯგუფს გაუნათლებელი და უწიგნური ფიზიკური მშრომლების ექსპლუატაციის საშუალებას აძლევდა, გაუქმდებოდა. ამ მიზნის განსახორციელებლად მახაისკი, ბაკუნინის მსგავსად, მხარს უჭერდა რევოლუციონერთა საიდუმლო რაზმის შექმნას, რომელიც უხელმძღვანელებდა ექსპლუატატორების წინააღმდეგ მიმართულ მასობრივ სპონტანურ ამბოხებებს და, საბოლოოდ, იმდენად მოძლიერდებოდა, რომ გამოეწვია საერთაშორისო გაფიცვა, რომელიც ყველა მჩაგვრელ მთავრობას დააჩოქებდა. ამ გადამწყვეტი რევოლუციის შემდეგ, რომელშიც ფიზიკური მშრომლები დაამხობდნენ ექსპლუატატორი ბიუროკრატების უკანასკნელ ჯგუფს, სოციალისტურ ინტელიგენციას, დამყარდება საყოველთაო სოციალური და ეკონომიკური თანასწორობა.
რაოდენ რევოლუციურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს დებულებები, სინამდვილეში, ისინი სოციოლოგიური ზედაპირულობისა და პოლიტიკური იმპოტენციის პროდუქტებს წარმოადგენენ. მახაისკის მთელი ისტორიის კლასობრივი კონფლიქტი ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ ბიუროკრატ ინტელექტუალთა ჯგუფების უბრალო ოჯახურ კინკლაობამდე დაჰყავს. მაშასადამე, ის ვერ არჩევს კლასს კლასის შიგნით არსებული პროფესიული ჯგუფისგან. შესაბამისად, მას არ შეუძლია, განასხვავოს ისეთი პოლიტიკური გადატრიალება, როგორიცაა ბურჟუაზიული დემოკრატიიდან ფაშიზმზე გადასვლა, რომელიც ერთი კლასობრივი მმართველობის ფარგლებში ხორციელდება, ნამდვილი სოციალური რევოლუციისაგან, რომლის დროსაც პოლიტიკური ძალაუფლება არა იმავე კლასის ერთი მმართველი ჯგუფისაგან მეორეს, არამედ ერთი კლასისაგან მეორე კლასის ხელში გადადის.
ამ თეორიული ცდომილების ლოგიკური შედეგია, ერთი მხრივ, უუნარობა პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების დაპყრობამდე რევოლუციური პოლიტიკის გატარებისა, ხოლო მეორე მხრივ, კონტრრევოლუციური პოლიტიკის მხარდაჭერის ტენდენცია პროლეტარული რევოლუციის გამარჯვების შემდეგ. თუკი მუშათა კლასის ყოველდღიური ბრძოლიდან გამოირიცხება პოლიტიკური საკითხები და ის მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნებით შემოიფარგლება, მუშათა კლასი ამით არამარტო დაკარგავს საპარლამენტო მანევრირებისა და პოლიტიკური პროპაგანდის ფასდადაუდებელ იარაღს, არამედ, ხელფეხშეკრული, ფაშისტების გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, რომელთაც ამ შემთხვევაში დარჩებათ თავისუფალი ველი თავიანთი მოქმედებებისთვის. იმ დებულებიდან, რომლის მიხედვითაც საბჭოთა სახელმწიფო არა პროლეტარიატის დიქტატურა, არამედ პროლეტარიატზე დიქტატურაა, ლოგიკურად გამომდინარეობს მუშათა კლასის სახელით საბჭოთა ხელისუფლების დამხობის საჭიროება. მსგავს პოზიციას არაფერი აქვს საერთო ბოლშევიკ-ლენინისტების ხედვებთან. ცხადია, აუცილებელია, საბჭოთა სახელმწიფო გაიწმინდოს სტალინისტური ბიუროკრატიისგან — სწორედ იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირში მართლაც გაძლიერდეს მუშათა რეჟიმი, რომელსაც ძირს უთხრის და განადგურებას უქადის ბიუროკრატიის პოლიტიკა.
მახაისკი კიდევ უფრო წარუმატებელია ხელისუფლების ყველა ფორმაში არსებული სოციალური პარაზიტიზმისა და კლასობრივი საზოგადოების საკუთრების ანტაგონისტური ურთიერთობებიდან აღმოცენებული კლასობრივი ექსპლუატაციის ერთმანეთისაგან გარჩევაში. მაგალითად, სოციალური პარაზიტიზმი არსებობს, როგორც საბჭოთა კავშირის, ისე გერმანიის ბიუროკრატიაში, მაგრამ ამ სახელმწიფოებში წარმოების სოციალური ურთიერთობები დიამეტრულად განსხვავებულია. საბჭოთა კავშირი არის მუშათა სახელმწიფო, რომელშიც წარმოების მთავარი საშუალებები განსაზოგადოებულია; გერმანია არის კაპიტალისტური სახელმწიფო, რომელშიც წარმოების საშუალებები კერძო მესაკუთრეების ხელში რჩება. ორივე ქვეყანაში ბიუროკრატიის მიერ მოხმარებული სოციალური შემოსავლის პროცენტული დანახარჯი ვერ გააუქმებს ამ ფუნდამენტურ და უმნიშვნელოვანეს განსხვავებას.
მახაისკის შეხედულება ხელფასების საყოველთაო თანასწორობაზე, როგორც მუშათა კლასის პრინციპულ მიზანზე, უბრალო ექოა „ოცდაოთხ საათში“ უტოპიის ხორცშესხმის ანარქისტული ოცნებისა. ის არ ითვალისწინებს საწარმოო ძალების არსებულ დონეს და ძირითადი საწარმოო საშუალებების შემდგომი განვითარების საჭიროებას მუშათა კლასის მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, — პრობლემა, რომელიც მწვავედ იდგა რუსეთის პროლეტარიატის წინაშე. ხელფასების მყისიერად გათანაბრების მოთხოვნა, რეალურად, ნიშნავს დამონებას ბურჟუაზიული იდეოლოგიისადმი, რომელსაც არ შეუძლია სოციალური შემოსავლის დანაწილების სხვა ფორმის წარმოდგენა. მახაისკის კონცენტრირება ხელფასების თანასწორობაზე, როგორც სოციალიზმის ქვაკუთხედზე, ევროპის იმ რეგიონის სოციალური და ეკონომიკური ჩამორჩენილობიდან გამომდინარეობს, საიდანაც ის არის წარმოშობით და სადაც მოსახლეობის უმრავლესობას წვრილი მეწარმეები წარმოადგენდნენ. მხოლოდ გაუნათლებელი ხალხით დასახლებული არაინდუსტრიალიზებული რეგიონიდან წამოსულ ადამიანს თუ შეუძლია თანასწორი ხელფასების მოთხოვნას იმდენად დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს, რომ ის სოციალისტურ რევოლუციაში აერიოს, ხოლო განათლებულებსა და გაუნათლებლებს შორის განსხვავება — კლასობრივ ბრძოლაში.
მახაისკის თავდასხმები იმეორებს ყველა ქვეყნის ანარქო-სინდიკალისტების დამოკიდებულებას ინტელექტუალებისადმი, მათ შორის იმ ჯგუფების წევრებისაც, რომელთა ორგანიზატორებიცა და ლიდერებიც თავად ინტელექტუალები არიან. მ.ი.მ.[29]-ის ანტიინტელექტუალიზმი, მათი ზიზღი „სავარძლის ხელოვანებისა“ და „კალმოსნების“ მიმართ, მაგალითად, ბილ ჰეივუდის[30] მიერ დანიელ დე ლეონის „თეორეტიკოს პროფესორად“ დახასიათება, შეერთებული შტატების პროლეტარული მოძრაობის თეორიული ჩამორჩენის ნიშანია. რუსი სოციალისტ-რევოლუციონერი ტერორისტებისა და ჩინელი სტუდენტების ზიზღი მათი მარქსისტი ამხანაგების მიმართ, ამ უკანასკნელთა მხრიდან ინდივიდუალური ტერორისადმი თეორიული ეჭვების გამო, იმავე დამოკიდებულის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
მარქსიზმი გვასწავლის, რომ აზროვნებასა და მოქმედებას შორის დიალექტიკური ურთიერთკავშირია. პოლიტიკურ საკითხებში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენში, მარქსისტს არ შეუძლია, თავის აზრებსა და მოქმედებას შორის წინააღმდეგობას შეეგუოს; ის მუდმივად მიილტვის, რომ ერთი მეორეს და შემდეგ ორივე მის წინაშე არსებულ ობიექტურ ვითარებას შეუსაბამოს. ანარქო-სინდიკალიზმისა და სხვა ჩამორჩენილი რადიკალური მიმდინარეობების თეორეტიკოსები, პირიქით, მოქმედებას თეორიაზე, ხოლო სპონტანურობას რაციონალურ პოლიტიკაზე მაღლა აყენებენ. ანარქიზმის უფრო დახვეწილი თეორეტიკოსები ინტელექტს, როგორც ობიექტური ცოდნის მოპოვების ინსტრუმენტს, რომელიმე სხვა, ცოდნის მოპოვების უფრო „აღმატებული“ წყაროს სასარგებლოდ აკნინებენ, მაგალითად ისეთების, როგორებიცაა ინტუიცია ან იმპულსი. ისინი მხარს უჭერენ მოქმედებას თავისთავად, სოციალური პირობებისა და პოლიტიკური შედეგების განურჩევლად. დააკვირდით, როგორი პოპულარულია სორელის[31] უაღრესად ინტელექტუალიზებული ძალადობის გაიდეალება, ბერგსონისეული ინტუიციის მარქსისტულ ანალიზთან შეპირისპირება; პრინციპული თეორიის ნაცვლად უპირატესობის მინიჭება მითებისთვის, როგორც ომამდელი პერიოდის ევროპის სინდიკალისტური მოძრაობების მოქმედების სახელმძღვანელოსთვის.
თეორიის, როგორც ინტელექტუალური საქმიანობის პროდუქტის, დაპირისპირება მოქმედებასთან, როგორც სასიცოცხლო პროცესის შედეგთან, ხოლო ტვინისა — კუნთებთან ან თავისა — გულთან, ყველგან, სადაც კი მას ვაწყდებით, თავისი არსით, რეაქციის ნიშანია. სორელის ყაიდის სინდიკალისტების ანტიინტელექტუალისტური თეორიების რეაქციული მხარე ისევე მარტივად აშკარავდება, როგორი სიმარტივითაც ითვისებენ და ავითარებენ მის წამყვან იდეებს ფაშისტი იდეოლოგები[32]. სინდიკალისტების დოგმატური ზიზღი ყველა რევოლუციური თეორიისადმი, გარდა მათი საკუთარისა, აფერხებს იმ გამორკვევის პროცესს, რომელიც აუცილებელია რევოლუციური მოძრაობის წინსვლისათვის. უნდა ითქვას, რომ მსგავსი დაუფიქრებლობა ახალისებს საბოტაჟისა და ინდივიდუალური ტერორის აქტებს, რომლებიც მხოლოდ რეაქციის წისქვილზე ასხამენ წყალს.
რეაქცია და ანტიინტელექტუალიზმი
მხოლოდ ანტიინტელექტუალიზმი როდი არის რეაქციულობის საბუთი; რეაქციის ყველა ფორმა საფუძველშივე ანტიინტელექტუალურია. როგორი მოხერხებული და კარგად შენიღბულიც არ უნდა იყოს რეაქციის იდეოლოგიური საბურველი, ის საკუთარ სიმცდარესა და სიცარიელეს მაინც ამჟღავნებს, როდესაც მოვლენათა მსვლელობის წინაშე გამოიცდება.
რეაქციის ინტელექტუალი დამცველები, ჩვეულებრივ, უარს ამბობენ თავიანთი პოზიციის მარტივი ლოგიკური ფორმით დასაბუთებაზე და ამის ნაცვლად რაციონალური და მეცნიერული მეთოდის რომელიმე სუროგატს ეყრდნობიან. რეაქცია გამოცდილების ყველა სფეროში — პოლიტიკურში, არტისტულსა და კულტურულში — აკნინებს ინტელექტს, როგორც ობიექტური ცოდნის ორგანოს, და ისეთ, თითქოსდა უფრო ფუნდამენტურ ფაქტორებს ეყრდნობა, როგორიცაა ინტუიცია, სისხლის ყივილი, ტრადიცია, გამოცხადება, ემოცია და ა.შ. საფრანგეთის რევოლუციიდან დღემდე, ეს ყველა დიდ რეაქციულ ფილოსოფიურ და პოლიტიკურ მოძრაობაში შეგვიძლია დავინახოთ. ბერკის მიერ ტრადიციების დაცვა ბურჟუა რევოლუციონერების ულმობელი ლოგიკის წინააღმდეგ, დე მესტრის წერილი, რომელშიც იგი მხარს უჭერდა კათოლიკურ ეკლესიასა და გილიოტინას, როგორც სახელმწიფოს საფუძველს, კარლაილის მიერ ღვთაებრივი შთაგონებისა და ძლიერი კაცის განდიდება — ეს ის მაგალითებია, რომლებიც უცებ გვახსენდება. ამ დაკვირვების ჭეშმარიტება ნათლად ჩანს ჩვენი დროის ფაშისტურ მოძრაობებში.
როგორც რეაქციის ყველა ფორმა, ფაშიზმიც არა მხოლოდ მტრულია ინტელექტუალების, როგორც ფუნქციური ჯგუფის, მიმართ, არამედ ის თვით ინტელექტუალური აქტივობის გაცხადებული მტერია. ფაშიზმი არ აღმოცენებულა თეორიიდან, ტრაბახობს მუსოლინი, ის მოქმედებაში დაიბადა. ძალაუფლების მიტაცების შემდეგ, ფაშისტები იმპროვიზირებდნენ იდეოლოგიას, რათა შეემოსათ რეაქციის სიშიშვლე და გაებრიყვებინათ გულუბრყვილო ინტელექტუალები, ისევე როგორც ხალხის მასებს ატყუებენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ფაშიზმისეული განდიდება ძალადობისთვის ძალადობისა ომის, ჩაგვრისა და ტერორის ფორმით, მისი უფრო ნატიფი მოხმობანი გულისა, „სისხლის ყივილისა“, ან რასობრივი ინსტიქტებისა მოაზროვნე გონების საწინააღმდეგოდ, მის მიერ ხელოვნებისა და მეცნიერების დათრგუნვა, ფაშისტურ საზოგადოებას აქცევს უხიაგ ნიადაგად, რომელზეც შეუძლებელია ხელოვნებისა და მეცნიერების აყვავება. ჰიტლერის მიერ წიგნების დაწვა იყო კულტურულ ბარბარსობაში გადაშვების სიმბოლო, რომელიც გარდაუვლად თან ახლავს ფაშიზმის ტრიუმფს.
რამდენიმე მაგალითის მოყვანა ევროპის ჯერ კიდევ დემოკრატიული ქვეყნების იმ მოაზროვნეთა ნაწერებიდან, რომელთაც ადარდებთ ინტელექტუალის სოციალური როლი, ნათელს მოჰფენს რეაქციასა და ანტიინტელექტუალიზმს შორის არსებულ კავშირს. საფრანგეთში მორასი[33], გალიკანური[34] და როიალისტური რეაქციის დამცველი, აფრთხილებს ინტელექტუალს, რომ მან უნდა აირჩიოს ან „სისხლი“ ან „ფული“, ანუ კაპიტალისტური პლუტოკრატია მეფით სათავეში ან დემოკრატია. მორასს, რათქმაუნდა, სისხლის მხარე აქვს არჩეული და ჩვენ მას 1934 წლის 6 თებერვლის საფრანგეთის ფაშისტური პუტჩის[35] ერთ-ერთ მოთავედაც ვიხილავთ. ჟულიენ ბენდას[36], რომელიც დედა ეკლესიის სახელით განდგომილ ნაციონალისტ გალიკანელებს უპირიპირდება, უფრო დახვეწილი არგუმენტები აქვს. წმინდა სამების პლატონური სამებით შენიღბვით, იგი მოუწოდებს ინტელექტუალებს, შორს დაიჭირონ თავი ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობისაგან, რომელიც შეუფერებელია მათი, როგორც ჭეშმარიტების, სიკეთის და მშვენიერების დამცველთა პატივსადები სოციალური როლისთვის. მას სურს, რომ ინტელქტუალები არ გაისვარონ გარესამყაროსთან კავშირით. ხელოვანი, მეცნიერი და ფილოსოფოსი, როგორც ბერი და მღვდელი, განზე უნდა იდგეს ადამიანთა მასების სადარდებლისა და საზრუნავისაგან. ისინი უნდა იყვნენ აზროვნების უმანკო ქალწულები, გაუფრთხილდნენ წმინდა ალს, მაშინ როდესაც კეისარი სახლში ტირანობს, ხოლო მისი ლეგიონები პროვინციებს ძარცვავენ და მეზობელ ხალხებს აწიოკებენ: დედა ეკლესია, უსათუოდ, ორივეს აკურთხებს.
ინგლისში თ. ს. ელიოტი[37] ეუბნება ინტელექტუალს, რომ მან ორ მრწამსს —კომუნიზმსა და ქრისტიანობას — შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. ორივე აღიარებულ უნდა იქნას ხსნის მისტიკურ საშუალებად; რომელს ავირჩევთ, თავად უნდა გადავწყვიტოთ. ჩერჩეტი მიდლტონ მერი[38] უმალვე ეთანხმება და მაშინ როდესაც ელიოტი თავს ანგლიკანური ეკლესიის განიერ მკერდზე ასვენებს, მერი, თითქოს მარქსის მისტიკური სატრფო იყოს, ფსევდოკომუნიზმზე ქორწინდება.
თარგმნა დავით ტურაშვილმა
წყარო: https://www.marxists.org/archive/novack/1935/12/x01.htm
ავტორის შენიშვნები
[1]„ასე, მაგალითად, სკოლის მასწავლებელი, თუ დასაშვებია მაგალითის არჩევა მატერიალური წარმოების სფეროს გარეშე, მწარმოებელი მუშა იქნება იმ შემთხვევაში, თუ იგი არა მარტო წვრთნის ბავშვების თავებს, არამედ აგრეთვე ილაჯს იწყვეტს მეწარმის გასამდიდრებლად“ (მარქსი კ. კაპიტალი, ტ. 1. სახელგამი., 1954. გვ. 641.) .
[2]დენი აგრეთვე წარმოგვიდგენს სურათის მეორე მხარესაც. ჩინეთში ბოლო დრომდე სწავლა მანდარინთა კლასის მონოპოლია იყო, როგორც შუასაუკუნეების ევროპაში. როცა დენის მამა გახდა სუნ იატსენის პარტიის, “ტუნმენჰოის” ადგილობრივი ლიდერი, პარტიის, რომელმაც გააერთიანა ყველა “თავისუფლების მოყვარული ინტელექტუალი” მანჯუს დინასტიის წინააღმდეგ და 1911 წელს წარმატებით დაამხო კიდეც, “მაღალი სამეცნიერო წოდების ინტელექტუალებმა ზურგსუკან დაადანაშაულეს მამაჩემი: “როგორ შეუძლია მას, ადამიანს, რომელსაც აქვს ხარისხი, არისტოკრატ ინტელექტუალს, სათავეში ჩაუდგეს მენავეებსა და ყაჩაღებს? როგორ შეუძლია, უღალატოს იმპერატორს?” რესპექტაბელური ინტელექტუალები აგრეთვე აპროტესტებდნენ რევოლუციონერთა ედიქტს (ბრძანებულებას), რომლის მიხედვითაც ყველა ჩინელს უნდაა შეეჭრა ნაწნავი, რაც “მანჯურთა მონას” აღნიშნავდა. მათ ჩაიბუტბუტეს: “აღმაშფოთებელია! ნაწნავი არა დამონების, არამედ იმპერატორის, წინაპრების, ძველი დროის დიადი კანონებისა და მეცნიერების ერთგულების სიმბოლოა. ისინი ნაწნავების მოჭრით იწყებენ, მაგრამ ამთავრებენ იმით, რომ ანგრევენ წმინდა საკურთხევლებს ჩვენს სახლებში და, როგორც ქეციან ძაღლებს, თავიანთი მამულებიდან ყრიან საუკეთესო ადამიანებს”. პატივცემული ინტელექტუალები, რომლებმაც იციან რომელ მხრიდან აქვს პურს წასმული კარაქი, დიდად არ განსხვავდებიან არც ერთ ქვეყანასა და დროში.
რედაქციის კომენტარები
[1]იხ.: ლენინი ვ. ი. რა ვაკეთოთ? // ლენინი ვ. ი. თხზულებანი, მეოთხე გამოცემა. ტ. 5. გვ. 480.
[2]სიკოფანტები ძვ. საბერძნეთში ეწოდებოდათ დამბეზღებლებს, ცილისმწამებლებსა და ჯაშუშებს.
[3]პრეზერვდ სმითი (Preserved Smith) (1980-1941) — ამერიკელი პროტესტანტიზმის ისტორიკოსი.
[4]ჰილოტები — ძველ სპარტაში სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი გლეხების ფენა, რომელიც დამარცხებული ტომების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ჰილოტები მონებისგან იმით გამოირჩეოდნენ, რომ გააჩნდათ თავიანთი მეურნეობა და შრომის იარაღები; არ შეიძლებოდა მათი გაყიდვა. ილოტები აბსოლუტურად უუფლებონი იყვნენ და სპარტელთა მხრიდან დამცირებისა და მორალური ზეწოლის ობიექტს წარმოადგენდნენ.
[5]პოლ ვალერი (1871-1945) — ფრანგი პოეტი და ფილოსოფოსი.
[6]რობერტ მიხელსი (Robert Michels) (1876-1936) — გერმანული წარმომავლობის იტალიელი სოციოლოგი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელიტების თეორიის შემუშავებაში.
[7]ედმუნდ ბერკი (1729-1797) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკური მოაზროვნე. მიიჩნევა თანამედროვე კონსერვატიზმის ფუძემდებლად.
[8]ჟოზეფ დე მესტრი (1753-1821) — ფრანგი კათოლიკე ფილოსოფოსი, დიპლომატი და პოლიტიკური მოაზროვნე. კონსერვატორული ტრადიციის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.
[9]ტომას კარლაილი (1795-1881) — შოტლანდიელი ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი და ფილოსოფოსი.
[10]ირვინგ ბებიტი (1865-1933) — ამერიკელი კრიტიკოსი და პედაგოგი. ლიტერატურულ კრიტიკაში „ახალი ჰუმანიზმის“ (ან ნეოჰუმანიზმის) მიმდინარეობის წარმომადგენელი.
[11]მაგ., იხ. ენგელსის რეცენზია კარლაილის წიგნზე „წარსული და აწმყო“ // https://www.marxists.org/archive/marx/works/1844/df-jahrbucher/carlyle.htm;
[12] ჩარლზ ბერდი (1874-1948) — ამერიკელი ისტორიკოსი.
[13] რენდოლფ ბორნი (Bourne) (1886-1918) — ამერიკელი ლიტერატურული კრიტიკოსი და ესეისტი.
[14] ვან უიკ ბრუკსი (Van Wyck Brooks) — ამერიკელი კრიტიკოსი და ლიტერატურის ისტორიკოსი.
[15] ლუის მემფორდი (1895-1990) — ამერიკელი არქიტექტურის კრიტიკოსი, ქალაქდამგეგმარებელი და ისტორიკოსი. იკვლევდა ურბანიზაციისა და ტექნოლოგიების გავლენას საზოგადოებაზე.
[16]უოლდო ფრენკი (Waldo Frank) (1889-1967) — ამერიკელი რომანისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი და პოლიტიკური აქტივისტი.
[17]თორსტეინ ვებლენი (1857 – 1929) — ამერიკელი ეკონომისტი და სოციოლოგი.
[18]ტომაშ მასარიკი (1850-1937) — ჩეხი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწე. ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, ავსტრია-უნგრეთისადმი ოპოზიციური იტაკქვეშა ორგანიზაციის, „მოძრაობა ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობისთვის“ ლიდერი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტი (1918-1935).
[19]ედუარდ ბენეში (1884-1948) — ჩეხი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ — საგარეო საქმეთა მინისტრი (1918-1935). ჩეხეთის მეორე პრეზიდენტი (1935-1948).
[20] იგულისხმება რუსი პოეტისა და დრამატურგის, სერგეი ტრეტიაკოვის ნაწარმოები „Дэн Ши-Хуа: Био-интервью“ (1930), რომელიც მან თავის ერთ-ერთ მოსწავლესთან, პეკინის უნივერსიტეტის რუსული სექციის სტუდენტთან საუბრების საფუძვლეზე დაწერა.
[21]ნოვაკის ეს მოსაზრება რამდენადმე არაკორექტულია. მართალია, პრუდონის, როგორც იდეოლოგის, მოღვაწეობა მარქსიზმის დაფუძნებამდეც დაიწყო, მაგრამ ჩერნიშევსკის ლიტერატურული და თეორიული საქმიანობა უკვე იმ დროს იწყება (1850-იანი წლების მეორე ნახევრისთვის), როცა მარქსიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული მარქსისტული პოლიტეკონომია და არ დაწერილა მარქსიზმის მთავარი ნაშრომი — მარქსის „კაპიტალი“, ძირითად ნაკვთებში ფორმირებულია. გარდა ამისა, ძალზედ სადავოა, რამდენად შეგვიძლია ჩერნიშევსკი, რომელიც აგრარული რუსეთის პირობებში ცხოვრობდა და გლეხური სოციალიზმის იდეებს ავითარებდა, მუშათა კლასის იდეოლოგად მოვიხსენიოთ, როცა ის მუშათა კლასს არც გამოჰყოფდა სახალხო მასიდან, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ინტერესების მქონე სოციალურ ძალას.
[22]დანიელ დე ლეონი (1852-1914) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკული მუშათა და პროფკავშირული მოძრაობის თვალსაჩინო ფიგურა და მარქსისტი თეორეტიკოსი. ამერიკის მუშათა სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საერთაშორისო მუშათა ორგანიზაციის, „მსოფლიოს ინდუსტრიული მშრომელების“ თანადამფუძნებელი.
[23]იხ.: მარქსი კ. და ენგელსი ფ. კომუნისტური პარტიის მანიფესტი // მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები 2 ტომად, ტ.1. თბ., საბჭოთა საქართველო, 1963. გვ. 23.
[24]უილიამ უორდსუორთი (Wordsworth) (1770-1850) — ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი. მის „მეგობარ რომანტიკოს პოეტებად“ ნაგულისხმევი უნდა იყვნენ ე.წ. „ტბის სკოლის“ (lake School) პოეტები, რომელთაც თავად უორდსუორთან ერთად მიეკუთვნებიან სემიულ კოლრიჯი და რობერტ საუთი. უორდსუორთი აღფრთოვანებითა და ენთუზიაზმით შეხვდა საფრანგეთის რევოლუციას, თუმცა ინგლის-საფრანგეთის ომმა, რომელიც 1793 წელს დაიწყო, მას იმედები გაუცრუა და ხანგრძლივ დეპრესიაში ჩააგდო. საფრანგეთის რევოლუციით გატეცება და მისი მოვლენების შემდგომი განვითარების გავლენით იმედგაცრუება საერთო იყო იმ პერიოდის კულტურისა და ხელოვნების მრავალი წარმომადგენლისთვის.
[25]მაქს ნომადი (ნამდვილი სახელი მაქსიმილიან ნახტი (Nacht)) (1881-1973) — ებრაული წარმომავლობის ავსტრიელი ანარქისტი ფილოსოფოსი, „სკეპტიკური ანარქიზმის“ თეორიის ავტორი.
[26]იხ.: Троцкий Л.Д. Классовая природа советского государства. // https://www.marxists.org/russkij/trotsky/works/trotm366.html
[27]რობერტ მიხელსის პოლიტიკური კარიერა დაიწყო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობიდან. მოგვიანებით ის იტალიის სოციალისტური პარტიის წევრი გახდა, რომელშიც მემარცხენე, სინდიკალისტურ ფრთას მიეკუთვნებოდა, თუმცა შემდეგ მხარი დაუჭირა იტალიურ ფაშიზმს, რომელიც სოციალიზმის უფრო დემოკრატიულ ვარიანტად მიაჩნდა.
[28]ვილფრედო პარეტო (1848-1923) — იტალიელი ეკონომისტი და სოციოლოგი.
[29]მსოფლიოს ინდუსტრიული მშრომელები (Industrial Workers of the World, IWW) — 1905 წელს ამერიკელი სოციალისტების უილიამ ჰეივუდის, იუჯინ დებსის, დანიელ დე ლეონისა და სხვების მიერ დაარსებული საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაცია.
[30] უილიამ ჰეივუდი (1869-1928) —ამერიკელი მემარცხენე რადიკალი პროფკავშირული ლიდერი, „მსოფლიოს ინდუსტრიული მშრომელების“ დამფუძნებელი, ამერიკის სოციალისტური პარტიის წევრი.
[31]ჟორჟ სორელი (1847-1922) — ფრანგი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, ანარქო-სინდიკალიზმის თეორეტიკოსი. თავისი ცხოვრების განმავლობაში სორელი ხშირად იცვლიდა შეხედულებებს. XIX ს.-ის 90-იან წლებში თავის თავს „ახალი სკოლის“ მარქსისტს უწოდებდა, XX ს.-ის პირველ ათწლეულში ანარქო-სინდიკალიზმის თეორეტიკოსად გვევლინება, 1911 წელს ნაციონალისტია, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ინტერნაციონალისტი სოციალისტი. მოგვიანებით მხარს უჭერდა ოქტომბრის რევოლუციასა და ლენინს, სიმპათიები ჰქონდა ბენიტო მუსოლინისადმი. განიცადა ფრანგი ფილოსოფოსის, ანრი ბერგსონისა და ანარქიზმის თეორეტიკოსის, პირ-ჟოზეფ პრუდონის იდეების გავლენა; ცდილობდა მათი თეორიებისა და სოციალიზმის სინთეზირებას. ისტორიის მამოძრავებელ ძალად განიხილავდა ძალადობას, როგორც ირაციონალური ნების გამოვლინებას. სორელი მიიჩნევდა, რომ მითებს, რომლებიც ინსტიქტურად იწვევენ ადამიანებში გრძნობებს და გარკვეული მოქმედებებისკენ უბიძგებენ, აქვთ მასების მაორგანიზებელი ძალა.
[32]მუსოლინი აღიარებდა, რომ უდიდესი გავლენა ფაშიზმის დოქტრინის ფორმირებაზე სწორედ სორელმა მოახდინა, რომლის წიგნიც „განაზრებები ძალადობაზე“ მუსულინის სამაგიდო წიგნი იყო.
[33]შარლ მორასი (1868-1952) — ფრანგი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და პოეტი. ულტრანციონალისტური, მონარქისტული ორგანიზაციის „აქსიონ ფრანსეზის“ (Action Française) დამფუძნებელი.
[34]გალიკანობა — ტერმინი მომდინარეობს საფრანგეთის ძველი სახელწოდებიდან, „გალიიდან“ და ეწოდება თეოლოგიური, პოლიტიკური და სამართლებრივი თეორიების ერთობლიობას, რომელთა მიხედვითაც საფრანგეთის ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს პაპის ძალაუფლებისაგან და სახელმწიფოსა და მონარქს უნდა ჰქონდეთ ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება.
[35]1934 წლის 6 თებერვლის ფაშისტური პუტჩი — უკიდურესად მემარჯვენე ძალების მიერ პარიზში ორგანიზებული ანტისაპარლამენტო საპროტესტო გამოსვლები და ამბოხების მცდელობა, რომელიც წარუმატებელი გამოდგა.
[36]ჟულიენ ბენდა (1867-1956) — ფრანგი ფილოსოფოსი და კრიტიკოსი, ფრანგულ კრიტიკაში ანტირომანტიკული სკოლის წარმომადგენელი.
[37]ტომას სტერნზ ელიოტი (1888-1965) — ამერიკელ-ინგლისელი მოდერნისტი პოეტი, დრამატურგი და კრიტიკოსი. მიჩნეულია XX ს.-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოდერნისტ ავტორად ჯეიმზ ჯოისთან და ეზრა პაუნდთან ერთად.
[38]ჯონ მიდლტონ მერი (Middleton Murry) (1889-1957) — ინგლისელი ჟურნალისტი და კრიტიკოსი. მეგობრობდა ტ. ს. ელიოტთან და დ. ჰ. ლოურენსთან. 30-იანი წლების დასაწყისში გატაცებული იყო მარქსიზმით.
