კარლ მარქსი ლიტერატურასა და ხელოვნებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, მისთვის ის იყო ქვეყნიერების შეცნობის და შეცვლის თავისებური გზა. მარქსი სამყაროს „მხატვრულ ათვისებას” ანსხვავებდა სამყაროს „ათვისების“ სხვა ფორმათაგან და ამით ხაზს უსვამდა ხელოვნების სპეციფიკურობას. ამა თუ იმ ეპოქის შესწავლისას, ისტორიულ დოკუმენტებთან ერთად, იგი ყოველთვის მიმართავდა ლიტერატურის და ხელოვნების ძეგლებს, იმიტომ რომ ხშირად სწორედ ისინი არკვევდნენ ეპოქის ისეთ მხარეებს, რომლის გათვალისწინებაც არ შეიძლებოდა სხვა წყაროებით.
მარქსი სპეციალურად სწავლობდა ძველსა და ახალ ხელოვნებას და ამზადებდა განსაკუთრებულ „ტრაქტატს ქრისტიანულ ხელოვნებაზე”, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შრომამ ჩვენამდე ვერ მოაღწია.
ცნობილ შესავალში „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ გამოთქმული მოსაზრებანი ანტიკური ხელოვნების შესახებ იძლევა გასაღებს იმის გასაგებად, რომ ხელოვნება არ ვითარდება მექანიკურად, „წმინდა სახით” ეკონომიკისაგან[I]. მარქსის შეფასება საბერძნეთის ხელოვნებისა გვაძლევს გასაღებს თანამედროვე ხელოვნების გასაგებადაც. ის ძლიერ დაშორებული იყო იმ მოსაზრებისაგან, რომ მოეწოდებინა მთელი ძველი ხელოვნების მონური რესტავრაციისაკენ და სრულებით არ იზიარებდა ძველი, ბურჟუაზიული ხელოვნების ნიჰილისტურ უარყოფასაც. მარქსი საბერძნეთის ხელოვნებაში ხედავდა იმ მნიშვნელოვან ღირებულებას, რომ იგი ღრმად იძლეოდა „ნამდვილ არსს“, „ფილოსოფიას“ იმ ეპოქისა, რომელსაც თვითონ უწოდებს „კაცობრიობის ბავშობის ხანას”. სწორედ ძველი ხელოვნების ამ განსაკუთრებული მომენტის შეთვისებას ურჩევდა იგი თავისი დროის ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენლებს.
მარქსი კარგად იცნობდა არა მარტო ანტიკურ ხელოენებას, არამედ შუა საუკუნეებისა და თავის თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებას. მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს იგი კითხულობდა სხვადასხვა ენაზე.
მარქსი, ისევე, როგორც ფრ. ენგელსი, დიდად აფასებდა რეალისტურ ლიტერატურასა და ხელოვნებას. ყველა თავის მოსაზრებაში მუდამ ხაზს უსვამდა და მოითხოვდა მწერლებისაგან სინამდვილის მართალი, რეალისტური გამოსახვის აუცილებლობას, ღრმად შესწავლას და სწორად გამოხატვას რეალური ურთიერთობის და გამომჟღავნებას სინამდვილეში არსებული რეალური ტენდენციებისა. მუშათა კლასთან ახლო მდგომი მწერლებისაგან მარქსი ყოველთვის მოითხოვდა, რომ მათ სინამდვილე გამოეხატათ არა პასიურად, არა სტატიკურად და არა ფოტოგრაფიის წესებით. მისთვის რეალიზმი არ იყო ზეკლასობრივი ობიექტივიზმის განხორციელება.
მარქსი სასტიკად ილაშქრებდა ყალბი ლიტერატურის და ხელოვნების წინააღმდეგ. იგი მთელი თავისი სიძლიერით თავს დაესხა ფრანგი კრიტიკოსის და ბელეტრისტის სენ-ბევის წიგნს შატობრიანის შესახებ[II], იმიტომ, რომ მასში არის „ყალბი სიღრმე, ბიზანტიური გადაჭარბება და გრძნობების ყალთაბანდობა“, რის გამოც, მისი აზრით, მივიღეთ „ყალბი დომხალი, რომლის მსგავსი ჯერ არაფერი შეუქმნია ქვეყანას არც თავისი ფორმით და არც შინაარსით“ (წერილი ფრ. ენგელსთან).
თვითონ მარქსი თავისი პრაქტიკულ-იდეური, მეტად სერიოზული მითითებებითა და რჩევებით უდიდეს დახმარებას უწევდა მწერლებსა და პოეტებს. ჰაინე, ფრაილიგრათი[III], ვეერთი[IV], ჰერვეგი[V] და სხვ. მარქსის გენიალური იდეების ძლევამოსილი გავლენის ქვეშ ქმნიდნენ თავიანთ უდიდეს ნაწარმოებებს. ბევრ მათგანს სწორედ მარქსმა მისცა ნათელი რევოლუციური პერსპექტივა. ამ მხრივ განსაკუთრებით დამახასიათებელია მარქსის დამოკიდებულება ჰაინესთან და ფრაილიგრათთან.
1843 წლის დეკემბერში არნოლდ რუგეს[VI] მეშვეობით მარქსმა გაიცნო ჰაინრიხ ჰაინე, რამაც შემდეგში მათ შორის მეგობრობის ხასიათი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში თვითონ მარქსის რევოლუციური შემეცნება მყარ საფუძველზე დგებოდა. მან უდიდესი გავლენა იქონია თავის უფროს მეგობარზე (ჰაინე უკვე 46 წლის იყო, ხოლო მარქსი — 26-ის) და ბურჟუაზიული დემოკრატიზმის იდეურ ნიადაგზე აღზრდილი ჰაინეს შემოქმედებაში დიდი ძვრა მოახდინა. მარქსის უშუალო გავლენით იწყება უნაყოფიერესი პერიოდი ჰაინეს, როგორც პოლიტიკური პოეტის, შემოქმედებაში. 1844 წელი გახდა ჰაინეს მებრძოლი პოეზიის გაფურჩქვნის ხანა.
მარქსსა და ჰაინეს შორის მეგობრობა, როგორც გვაცნობებს მშობლების გადმოცემის თანახმად ელეონორა მარქს-ეველინგი[VII], მეტისმეტად გულმხურვალე იყო. ამ ხანებში მათ ერთმანეთთან აახლოვებდა უმთავრესად ლიტერატურის, ხელოვნების და ოჯახის საკითხები.
ჰაინე მთელი საღამოები იჯდა მარქსთან და მათი დაუსრულებელი საუბრის თემა იყო ლიტერატურა და ხელოვნება. ამ საუბრებმა პოეტს მისცა უფრო ნათელი წარმოდგენა საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ მოვლენაზე. უპირველეს ყოვლისა, მარქსი მოუწოდებდა ჰაინეს, რომ მეტი პოლიტიკური სიმახვილე მიეცა თავისი პოეზიისთვის და თავი დაეღწია ზოგიერთი უსაფუძვლო ილუზიისათვის. იყო დრო, როდესაც ჰაინე ყოველ დღე დადიოდა მარქსთან, რათა წაეკითხა მისთვის თავისი ლექსები და მოესმინა შენიშვნები მათ შესახებ. ჰაინე და მარქსი რამდენიმეჯერ კითხულობდნენ თვით რვა სტრიქონიან ლექსებსაც კი, გაცხარებულნი კამათობდნენ ამა თუ იმ სიტყვის შესახებ, ამუშავებდნენ და ასწორებდნენ ერთად მანამდე, სანამ ყველაფერი უდავო არ გახდებოდა. ჰაინე მეტისმეტად ენდობოდა თავისი ახალგაზრდა მეგობრის მხატვრულ გემოვნებას.
მარქსი თავის პირად დამოკიდებულებაში ჰაინესთან იყო ძალზე ფრთხილი, ვინაიდან ანგარიშს უწევდა უკანასკნელის ხასიათსა და ინდივიდუალობის თავისებურებას.
მარქსი ჰაინეს დიდი თაყვანისმცემელი იყო. მას უყვარდა პირადად პოეტი ისევე ძლიერად, როგორც მისი პოეზია, და ამიტომ შებრალებით ეკიდებოდა მის პოლიტიკურ რყევებსა და დაბნეულობას. თვით ჰაინეს ცნობილი წერილი მარქსისადმი (1844 წ. 21 სექტემბერი) ადასტურებს იმას, თუ რა დიდ ყურადღებას აქცევდა „კაპიტალის“ ავტორი ჰაინეს შემოქმედებას. აი ეს წერილიც.
„ძვირფასო მარქს! მე კვლავ მტანჯავს ჩემი საბედისწერო თვალების ტკივილები და გაჭირვებით ვჯღაბნი ამ სტრიქონებს. თუმცა იმ ყველაფერ საყურადღებოს თქმას, რისი შეტყობინებაც მინდა თქვენთვის, მოვახერხებ სიტყვიერადაც, მომავალი თვის დასაწყისში, რადგანაც მე ვემზადები გამოსამგზავრებლად და ამიტომ ვუფრთხილდები ზევიდან მოცემულ ნიშანს — მე არ მინდა, შემბოჭონ, ჩემს ფეხებს არ აქვს ნიჭი, ატარონ რკინის ხუნდები, როგორც ატარებდა მათ ვაიტლინგი[VIII] (მან მე მიჩვენა მათი კვალი). ჩემზე ფიქრობენ, რომ იმაზე უფრო ახლო მონაწილეობას ვიღებ გაზეთ „Vorwärts“[IX]-ის საქმიანობაში, ვიდრე სინამდვილეშია… ჩემი წიგნი დაბეჭდილია, მაგრამ იგი გამოვა მხოლოდ 10-14 დღის შემდეგ, უცაბედად ხმაურობა რომ არ შეიქნეს. წიგნის პოლიტიკური განყოფილების კორექტურულ ფურცლებს, — სწორედ იმათ, სადაც დაბეჭდილია ჩემი დიდი ლექსი, — მე დღეს თქვენ გიგზავნით სამმაგი დანიშნულების ბანდეროლით. სახელდობრ შემდეგისათვის: პირველი — იმისათვის, რომ თქვენ გაერთოთ; მეორე — იმისათვის, რომ თქვენ ახლავე დაიწყოთ მოქმედება წიგნის სასარგებლოდ გერმანულ პრესაში; მესამე — იმისათვის, რომ, თუ მიზანშეწონილად ჩათვლით, დაბეჭდოთ ყველაფერი საუკეთესო ახალი ლექსიდან „Vorwärts“-ში.
მე მგონია, რომ პოემა XVI თავის ბოლომდე სულ ვარგა დასაბეჭდათ, — მხოლოდ თქვენ უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ის ნაწილი, რომელშიაც ლაპარაკია კიოლნზე, სახელდობრ IV, V, VI და VII თავი არ დაიბეჭდოს ცალ-ცალკე, არამედ მოთავსდეს ერთ ნომერში. იმავეს თქმა შეიძლება იმ ნაწილზეც, რომელიც ეხება ძველ ბარბაროსას, სახელდობრ XIV, XV და XVI თავები, — ისინიც ერთ ნომერში უნდა დაიბეჭდოს. მე გთხოვთ, რომ ამ ნაწყვეტებს დაუწეროთ შესავალი. წიგნის დასაწყისს ჩამოგიტანთ პარიზში, იგი შედგება მხოლოდ რომანსებისაგან და ბალადებისაგან, რომლებიც მოეწონება თქვენს ცოლს (ჩემი მეგობრული თხოვნაა გადასცეთ ჩემგან გულმხურვალე სალამი; მე ბედნიერი ვარ, რომ მალე ვნახავ მას. ვიმედოვნებ, მომავალი ზამთარი უფრო ნაკლებად მელანქოლიური იქნება, ვიდრე წინა). კამპე ეხლა აკეთებს კიდევ ცალკე ამონაბეჭდს დიდი ლექსიდან, რომლიდანაც ცენზურამ ამოშალა ზოგიერთი ადგილი, მაგრამ რომელსაც დავუწერე წინასიტყვაობა — მეტად არაორაზროვანი, სადაც გადაჭრით ვებრძვი ნაციონალისტებს. მე მას დამატებით გამოგიგზავნით, როგორც კი დაიბეჭდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოაწერთ თქვენს სახელს იმ რამდენიმე შესავლ სიტყვას, რომელსაც მე გთხოვთ „Vorwärts“-ისათვის, თქვენ შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ მე გამოგიგზავნეთ პოემის ახლად დაბეჭდილი ფურცლები. თქვენ მიხვდებით, რაშია საქმე, ანუ რატომ ვამჯობინებდი სხვა სხვა შემთხვევაში, უარი მეთქვა ამ შენიშვნაზე. ნახვამდის, ძვირფასო მეგობარო, მაპატიეთ ჩემი უწესრიგო ნაჯღაბნი. არ შემიძლია დაწერილის გადაკითხვა, მაგრამ თქვენთვის ხომ ერთი ნიშანიც კი საკმარისია, რომ ერთმანეთს გავუგოთ. თქვენი გულითადი ჰ. ჰაინე“.
ეს წერილი მეტად საყურადღებოა თავისი საზოგადოებრივი და მეგობრული ტონით, იგი ბევრს რამეს ნათელყოფს მარქსისა და ჰაინეს დამოკიდებულებაში.
მარქსისა და ჰაინეს უახლოესი მეგობრობა არ გაგრძელებულა დიდხანს, მაგრამ ამ მცირე პერიდოშიაც კი მარქსის ზეგავლენით ჰაინეს პოლიტიკური ლირიკა განმტკიცდა, თითქოს „რკინა შეერია მის სისხლს“. ჰაინეს ლექსებში უკვე მოისმის რეალური ბრძოლის მოტივები, გერმანიის პოლიტიკური განათლებისაკენ მოწოდების აუცილებლობა. სწორედ ამ პერიოდში შექმნა ჰაინემ ისეთი ნაწარმოებები, რომლებშიაც მეტად მაღალმხატვრულ ფორმებში ისახებოდა რევოლუციური მსოფლმხედველობა. ამ ხანებში გამოაქვეყნა ჰაინემ თავისი ცნობილი „სილეზიელი ფეიქრები“, რომელსაც სრულიად კანონიერად ერთი უპირველესი ადგილთაგანი უჭირავს დასავლეთ ევროპის რევოლუციურ პოეზიაში. ამ დროს გამოქვეყნდა ჰაინეს პოემა „გერმანია“ („ზამთრის ზღაპრები“) და სხვ. ნაწარმოებები.
აღსანიშნავია, რომ ჰაინეს ბურჟუაზიული და წვრილბურჟუაზიული მკვლევარები და ბიოგრაფები განზრახ ჩქმალავენ, ივიწყებენ ჰაინეს პოეზიის რევოლუციურ მხარეს, მაგრამ ისინი ასევე ექცევიან იმ პერიოდს ჰაინეს ბიოგრაფიიდან, როდესაც იგი შეხვდა მეცნიერული კომუნიზმის მამათმთავარს — მარქსს. მათთვის ეს პერიოდი ჰაინეს ცხოვრებიდან თითქოს „ცარიელი“ წლები იყოს.
1845 წ. მოხდა მარქსის და ჰაინეს დაშორება. ამ წელს საფრანგეთის მთავრობამ მარქსი გადაასახლა პარიზიდან პოლიტიკურ-რევოლუციური მუშაობისათვის. მარქსი გაემგზავრა ბრიუსელში. პარიზიდან წასვლის წინ მარქსმა ჰაინეს მისწერა პატარა ბარათი, რომელშიაც იგი იწვევდა მას თანამშრომლად თავის ახალ გამოცემაში, რომელიც უნდა გამოსულიყო დარმშტადტში. „ყველა იმ ადამიანთაგან, რომელსაც ვტოვებ აქ, — წერდა მარქსი, — ყველაზე უფრო არასასიამოვნოა ჰაინეს დატოვება. მე ძალიან მსურს წაგიყვანოთ თან“.
1840 წ. ჰაინემ გამოაქვეყნა პამფლეტი გერმანიის წვრილბურჟუაზიული რადიკალიზმის ბელადის და იდეოლოგის, დოქტორ ლუდვიგ ბერნეს[X] წინააღმდეგ, ამ პამფლეტმა დიდად აამხედრა ჰაინეს წინააღმდეგ გერმანიის საზოგადოების მემარჯვენე ნაწილი[XI]. ჰაინეს კიდევ უფრო მეტად დაუწყეს დევნა, ლანძღვა, იგი „კანონს გარეშე” გამოაცხადეს.
ჰაინეს გამოსვლას ბერნეს წინააღმდეგ გარკვეული სოციალური მნიშვნელობა ჰქონდა: ჰაინემ გაბედულად განაცხადა, რომ პოლიტიკური რევოლუცია არ არის ჩვენი მიზანი, იგი არის საშუალება, პოლიტიკური რევოლუცია არა საბოლოო სიმაღლე, არამედ ამ სიმაღლესთან მისასვლელი გზაა. „მონარქიასაც და რესპუბლიკასაც ერთი ფასი აქვს, მანამ სანამ არ იწარმოებს ბრძოლა ცხოვრების საფუძვლების შესაცვლელად“. ეს არსებითი პრინციპი მაშინ გაუგებარი იყო იმ წვრილბურჟუაზიული და ბურჟუაზიული მოღვაწეებისათვის, რომლებიც „თანაუგრძნობდნენ” რესპუბლიკას, ძმაობას და თანასწორობას, ჰაინეს თანამედროვეთაგან მხოლოდ ერთადერთი მარქსი იყო, რომელმაც კარგად გაიგო და გაითვალისწინა ამ დიდი პოეტის მისწრაფებანი, შეიგნო, თუ რა საფუძველზე აღმოცენდა ჰაინეს წიგნი ბერნეს წინააღმდეგ და როგორი იყო მისი სოციალური მიმართება.
უფრო მოგვიანებით, მარქსს განზრახული ჰქონდა გამოხმაურებოდა ჰაინეს და ბერნეს დამოკიდებულების გარკვევას და დაეწერა წერილი. ამის შესახებ მარქსი ერთ-ერთ ბარათში სწერს ჰაინეს: „ამ დღეებში შემთხვევით ხელში ჩამივარდა პასკვილი თქვენზე — „ბერნეს სიკვდილისშემდგომი წერილები“. მე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ იგი იქნებოდა ისეთი საძაგელი, მეწვრილმანე და უგემოვნო, როგორც ეს შავით თეთრზე დაწერილი შეიძლება წაიკითხოთ ამ წიგნში. რა უბადრუკობაა — გუცკოვის[XII] ბოლოსიტყვაობა. მე დავწერ რომელიმე გერმანული გამოცემისათვის ვრცელ განხილვას თქვენი წიგნისა ბერნეს შესახებ“.
სამწუხაროდ მარქსმა ვერ შესძლო, განეხორციელებინა თავისი განზრახვა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ „ახალი რაინის გაზეთის“[XIII] თითქმის ყოველ ნომერში მარქსს, როგორც ეპიგრამები, როგორც პოლიტიკურად მოქმედი ბასრი არგუმენტი ყოველთვის მოჰყავდა ჰაინეს ლექსების სტრიქონები, რაც კიდევ მეტად ადასტურებს მარქსის გულმხურვალე და ღრმა დამოკიდებულებას ჰაინესადმი და მისი პოეზიისადმი.
საფრანგეთის მთავრობის მიერ განდევნილმა მარქსმა 1845 წ. ბრიუსელში გაიცნო ფრაილიგრათი. მათ შორის გაცნობისთანავე მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა დამყარდა.
ფრაილიგრათი შევიდა მარქსის და ენგელსის ხელმძღვანელობით დაარსებულ „ახალი რაინის გაზეთის“ რედაქციის შემადგენლობაში. პოლიტიკური ხაზით იგი დადგა სრულიად მარქსის პლათფორმაზე და რედაქციის შემადგენლობაში შესვლასთან ერთად გახდა „კომუნისტთა კავშირის“[XIV] წევრიც, რომლის რიგებშიაც იგი დარჩა მის არსებობამდე.
მარქსის უახლოესმა მეგობრობამ ძლიერ შეუწყო ხელი ფრაილიგრათის, როგორც რევოლუციური პოეტის და ოსტატის, ზრდას. მთელ რიგ მის ლექსებში, როგორც ამბობს ფრანც მერინგი[XV], შეიძლება, უშუალოდ მივუთითოთ მარქსის იდეურ გავლენაზე. ყველა ლექსი, რომელიც დასწერა ფრაილიგრათმა 1848 და 1849 წლებში და დაბეჭდა „რაინის ახალ გაზეთში“, ასე თუ ისე, მთლიანად მარქსის აზრებია, რომელთაც მიცემული აქვს პოეტური სახე. ამგვარად, ფრაილიგრათის რევოლუციური პოეზიის უაღრესად გაშლის პერიოდი დაკავშირებული იყო პროლეტარიატის რევოლუციური თეორიის შემქმნელთან — მარქსთან. ამ გარემოებას ადასტურებს სწორედ ის მდიდარი მიწერ-მოწერაც მარქსსა და ფრაილიგრათს შორის, რომლის ნაწილმა ჩვენამდეც მოაღწია.
1852 წლის 26 იანვარს მარქსი სწერს წერილს ფრაილიგრათს. ამ წერილში იგი აფასებს ფრაილიგრათის ლექსს, რომელიც ამ უკანასკნელმა დასწერა წვრილბურჟუაზიული გერმანელი პოეტის, გოტფრიდ კინკელის[XVI] ამერიკაში გამგზავრების გამო: „სტროფები, რომლებიც შენ გამომიგზავნე წასაკითხავად, მეტად კარგია და მხატვრულად გამოხატავს corpus delicti-ის (დანაშაულის შემადგენლობა, საქმის არსი. – რედ.), მაგრამ, მგონია, რომ იგი ზიანს მიაყენებს მთელი ლექსის შთაბეჭდილებას. უპირველეს ყოვლისა, ნუთუ კინკელი მართლაც „გერმანიის პოეტია“? მე და ბევრი სხვა საქმის მცოდნე ადამიანი ნებას ვაძლევთ ჩვენს თავს რამდენადმე ეჭვი შევიტანოთ ამაში. შემდეგ, არსებითი წინააღმდეგობა „გერმანიის პოეტსა“ და „მოვაჭრე“ ბაბილონს შორის — განა იგი არ ასუსტებს შთაბეჭდილებას, თუკი კვლავ ერთმანეთის წინ დგებიან „თავისუფალი“ და „მონათმფლობელი“ პოეტები?… რადგანაც, ჩემი შეხედულებით, არ არის შინაგანი აუცილებლობა, ლექსის ამ მონაკვეთში ხსენებულ იქნას კინკელი, ეს მხოლოდ საბაბს მისცემდა მოწინააღმდეგეებს, თავს დაესხან ლექსს, როგორც პირადი გაბოროტების ან შუღლის გამოხატულებას. მაგრამ რადგანაც სტროფი მეტად მოხერხებულადაა ნათქვამი და არ შეიძლება მისი უქმად დაკარგვა, შენ — მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემ მიერ გამოთქმულ აზრს დაეთანხმები, — რასაკვირველია, პირველი შესაძლებლობისთანავე შეიტან შენს ერთ-ერთ შემდეგ ლექსად დაწერილ გზავნილში. სურათი მეტად მომაჯადოებელია“.
მარქსი ამ წერილში ფრაილიგრათის ლექსს არჩევს უმთავრესად შინაარსის, იდეის მხრივ (თუმცა ლექსის მხატვრულ-ფორმალურ მხარესაც არ ივიწყებს) და ნახულობს მასში არსებით წინააღმდეგობებს, რომელთაც შეუძლიათ ავნონ საზოგადოებრივ საქმეს. მარქსი განსაკუთრებით მკაფიოდ მიუთითებს „თავისუფალ“ და „მონათმფლობელ” პოეტებზე. ის არავითარ შემთხეევაში არ ეთანხმება ფრაილიგრათს იმაში, რომ თითქოს კინკელი იყოს „თავისუფალი“ შემომქმედი. მარქსისათვის ნათელი იყო, რომ კინკელი თავის შემოქმედებას კლასობრივი კანონზომიერების საფუძველზე ქმნიდა.
აღსანიშნავია, რომ ფრაილიგრათი სრულიად ღებულობდა მარქსის ამ უაღრესად საფუძვლიან და პოლიტიკურად სწორ კრიტიკას და ჰპირდებოდა, რომ მის საფუძველზე გადაამუშავებდა შემდეგში თავის ლექსს. მთელ რიგ წერილებში მარქსი აძლევდა ფრაილიგრათს „სოციალურ შეკვეთას“ (რასაკვირველია არა ლეფური[XVII] გაგებით), დაეწერა ლექსი ამა თუ იმ განსაზღვრულ თემაზე.
1851 წ. ი. ვაიდემეიერმა[XVIII] თხოვნით მიმართა თავის მეგობრებს ლონდონში, რათა მიეღოთ მონაწილეობა მის მიერ ნიუ-იორკში დაარსებულ, კომუნიზმის პროპაგანდის ორგანოში. ამ თხოვნის შესახებ მარქსი სწერდა ფრაილიგრათს: „მიაქციე ყურადღება და შეთხზე ახალი წლის სიმღერა, ახლანდელ პირობებში, მე მგონია, უფრო ადვილი საქმეა სწერო ლექსად, ვიდრე პროზად, სულერთია, იქნება იგი პათეტიკური თუ იუმორისტული განხრით. თუ შენ ოდესმე მოიფიქრებდი, მხატვრულად გამოგეხატა იუმორი, რომელიც ახასიათებს შენს აფრიკულ ბრწყინვალებას პირად ცხოვრებაში, მე დარწუნებული ვარ, ამ სფეროში დიდ მნიშვნელობას მოიპოვებდი — განა შენმა ცოლმა არ შენიშნა სწორედ, რომ შენ ტყუილუბრალოდ არ გიხტუნავენ თვალებში ბავშვები“.
ფრაილიგრათმა შეასრულა მარქსის „სოციალური შეკვეთა“ და დაწერა ზემოთ აღნიშნული ლექსი კინკელის წინააღმდეგ.
„ახალი რაინის გაზეთის“ რედაქციაში მუშაობის პერიოდში შექმნა ფრაილიგრათმა „უნგრეთი“, „ვენა”, „ბლიუმ“, „ვინდისგრეც“, „რობერტ ბლიუმ“, „ამომავალი მზე” და სხვ. მაგრამ გამოჩენილი ადგილი უჭირავს ფრაილიგრათის ამდროინდელი ლექსებიდან „მკვდრები — ცოცხლებს“ და „გამოსათხოვარ სიტყვას”. ამ უკანასკნელ ლექსში პოეტის ენით პროლეტარული პარტიის გაზეთი, „ახალი რაინის გაზეთი” ემშვიდობებოდა თავის მკითხველებს, ვინაიდან რევოლუციის დამარცხებამ და რეაქციის გამარჯვებამ გერმანიიდან განდევნა მარქსი და გაზეთის სხვა რედაქტორებიც, გამოიწვია გაზეთის დახურვა.
1852 წლის ნოემბერში „კომუნისტთა კავშირი“ დაიშალა. მარქსსა და ფრაილიგრათს შორის მეგობრობა კიდევ გრძელდებოდა რამდენიმე წელს, სანამ თვითონ ფრაილიგრათმა არ გასწყვიტა ის თავისი შეუფერებელი, უტაქტო მოქმედებით თავისი მეგობრის მიმართ.
ასეთი გზებით მიემართებოდა მარქსის დამოკიდებულება ლიტერატურისა და ხელოვნების ფრონტისადმი. მაგრამ რაც მთავარია: მარქსი მხატვრული ლიტერატურის უბრალო მკითხველი, ხელოვნების ფაქტების უბრალო მაყურებელი კი არ იყო, მან მყარი საფუძველი ჩაუყარა რევოლუციურ-პროლეტარულ ესთეტიკას და ხელოვნების თეორიას. სამწუხაროდ, დღემდე ჩვენ ვერ შევძელით სრულიად შეგვეთვისებინა, სრულიად გამოგვეყენებინა მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებლის გენიალური მოსაზრებები ლიტერატურის და ხელოვნების შესახებ.
ლიტერატურისა და ხელოვნების ფრონტზე მომუშავეთა გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ბრძოლა მარქსის და მისი საუკეთესო გამგრძლებლების იდეების სრული დაუფლებისათვის და მათი გამოყენებისათვის სხვადასხვა სპეციფიკურ სფეროში.
სტატია დაიბეჭდა ჟურნალში „მნათობი“ (1933, № 3).
ტექსტი მოცემული პუბლიკაციისთვის დარედაქტირებულია „კონტრჰგემონიის“ რედაქციის მიერ.
რედაქციის კომენტარები
[I] იხ.: მარქსი კ. შესავალი „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ (თარგმანი გერმანულიდან გ. ქიგოძისა). ტფილისი, ჟურნ. „საქართველოს ეკონომისტის“ გამოცემა, 1930.
[II] შარლ ოგიუესტენ სენ-ბევი (ან სენტ-ბევი) (Saint-Beuve) (1804-1869) — ფრანგი კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი, მწერალი და პოეტი, რომანტიზმის თეორეტიკოსი. მხატვრულ კრიტიკასა და ლიტერატურის ისტორიაში „ბიოგრაფიული“ ჟანრის ფუძემდებელი. რენე შატობრიანი (1768-1848) — ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, კათოლიკე რეაქციონერი.
[III] ფერდინანდ ფრაილიგრათი (Freiligrath) (1810-1876) — გერმანელი პოეტი და მთარგმნელი, რევოლუციური პოეზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. „კომუნისტთა კავშირისა“ და „ახალი რაინის გაზეთის“ რედაქციის წევრი. მონაწილეობდა 1848/49 წლების რევოლუციაში. ფრაილიგრათის ადრეული შემოქმედება რომანტიზმის გავლენას განიცდის, მის ლექსებსა და პოემებში ჭარბობს აღმოსავლეთისა და აფრიკის ეგზოტიკური სახეები, რომელთაც პოეტი გარემომცველ პროზაულ ყოველდღიურობას უპირისპირებს. ამ პერიოდში (40-იანი წლების შუა რიცხვებამდე) ფრაილიგრათი „წმინდა ხელოვნების“ კონცეფციის მიმდევარია და თვლის, რომ პოეტი და პოეზია ყოველგვარ „პარტიულ“ ბრძოლაზე მაღლა უნდა იდგეს (ლექსი „ესპანეთიდან“). თუმცა 1844 წლიდან (ლექსების კრებულები „რწმენის სიმბოლო“, “Ca ira!”) პოეტის მსოფლმხედველობაში გარდატეხა ხდება, ფრაილიგრათის პოეზიაში იჭრება პოლიტიკური და სოციალური საკითხები, დემოკრატიული იდეალები, რომლებიც შემდგომ, მარქსთან და ენგელსთან დამეგობრებისა და თანამშრომლობის პერიოდში, რევოლუციურ ხასიათს შეიძენენ. 1848 წლის რევოლუციის შემდეგ ფრაილიგრათი ემიგრირდა ლონდონში, სადაც 1851 წლიდან 1868 წლამდე, სამშობლოში დაბრუნდებამდე ცხოვრობდა. ემიგრაციაში დაუახლოვდა წვრილბურჟუაზიულ დემოკრატთა წრეებს და ჩამოშორდა რევოლუციურ მოძრაობას. მისი შემოქმედება ამ პერიოდში ძირითადად თარგმანებით შემოიფარგლებოდა.
[IV] გეორგ ვეერთი (Weerth) (1822-1856) — გერმანელი პოეტი და მწერალი, „კომუნისტთა კავშირისა“ და „ახალი რაინის გაზეთის“ რედაქციის წევრი, მარქსისა და ენგელსის ახლო მეგობარი და თანამებრძოლი. ენგელსის სიტყვებით, „გერმანული პროლეტარიატის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი“ (Engels F. The Song of the Apprentices). ვეერთი ეკლესიის ინსპექტორის ოჯახში დაიბადა. მუშაობდა სავაჭრო აგენტად. პირველი ნაწარმობები გერმანული რომანტიკული პოეზიის გავლენის ქვეშ შექმნა. 1843-1846 წლებში ცხოვრობდა ინგლისში, სადაც უშუალოდ ადევნებდა თვალს იმ დროის მუშათა კლასის ცხოვრებას და პროლეტარიატის მასობრივი მოძრაობის ორგანიზების გამოცდილებას. მშრომელთა ცხოვრებაზე დაკვირვებამ გააძლიერა მის პოეზიაში რევოლუციური მოტივები. თავის წიგნში „ნარკვევები ბრიტანელების პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებიდან“ (1843-1847) ვეერთმა პირველმა აღწერა პროლეტარიატი არა როგორც ტანჯული პასიური მასა, არამედ როგორც კლასი, რომელიც „მომავლის კარებზე აკაკუნებდა“.
[V] გეორგ ჰერვეგი (Herwegh) (1817-1875) — გერმანელი პოეტი, პოლიტიკური და რევოლუციური პოეზიის გამოჩენილი წარმომადგენელი, განიცდიდა ფოიერბახის ანთროპოლოგიური მატერიალიზმისა და უტოპიური სოციალიზმის (ვილჰელმ ვაიტლინგისეული ვერსიის) გავლენას. სწავლობდა შტუტგარტის გიმნაზიასა და ტიუბინგენის საღვთისმეტყველო სემინარიაში, საიდანაც რადიკალური შეხედულებების გამო გარიცხეს, რის შემდეგაც ჯარში მსახურობა მოუწია. ოფიცერთან კონფლიქტის შედეგად, დისციპლინის დარღვევის გამო სასჯელის თავიდან ასარიდებლად, ჰერვეგი შვეიცარიაში გაემგზავრა. 1841 წელს ციურიხში გამოსცა ლექსების კრებული, „ცოცხალი ადამიანის ლექსები“ (ტ. 1), რომელმაც მას სახელი და აღიარება მოუტანა. ჰერვეგისადმი მიძღვნილ ლექსში ჰაინემ მას „რკინის ტოროლა“ უწოდა. 1842 წელს ჰერვეგი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მას დიდი პატივით შეხვდნენ ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ პოლიტიკურ წრეებში. ამ პერიოდში დაუახლოვდა კარლ მარქსს, რომელიც იმ დროს „რაინის გაზეთის“ რედაქტორი იყო. ჰერვეგი გახდა „რაინის გაზეთის“ ერთ-ერთი წამყვანი ავტორი. 1842 წელს გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ლექსი „ფერდინანდ ფრაილიგრათს“, რომელიც მიმართული იყო პოეზიის „ზეპარტიულობის“ ფრაილიგრათისეული გაგების წინააღმდეგ და პოეზიის პარტიულობის ერთგვარ მანიფესტს წარმოადგენდა. ამ ლექსში ჰერვეგი მოუწოდებდა პოეტებს, აერჩიათ პოზიცია და მებრძოლი ბანაკიდან რომელიმეს რიგებში ჩამდგარიყვნენ, კერძოდ პროგრესისა და თავისუფლების მხარე დაეჭირათ. პოეზიის პარტიულობის ჰერვეგისეული გაგება დღევანდელობისაგან განსხვავებულ შინაარსს ატარებდა. იმ დროს, როდესაც ლექსი დაიწერა, პარტია აღიქმებოდა არა როგორც თანამოაზრეებისგან შემდგარი პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ როგორც საერთო პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების გამაერთიანებელი კლასობრივი ძალა. ჰერვეგი აქტიურად ჩაერთო 1848 წლის რევოლუციაში, მალევე სათავეში ჩაუდგა პარიზში მოხალისეთა ლიგიონს, რომელიც რესპუბლიკის დამყარების მიზნით გერმანიის საზღვრებში შეიჭრა, და განადგურდა, ხოლო ჰერვეგმა თავს გაქცევით უშველა. ჰერვეგის ავანტიურიზმის გამო, მარქსმა და ენგელსმა გაწყვიტეს მასთან კავშირი. ემიგრაციაში ჰერვეგი აგრძელებდა ლიტერატურულ საქმიანობას და თავის ლექსებში ამხელდა რევოლუციის მარცხის შედეგად გამეფებულ რეაქციას. 1863 წელს ფერდინანდ ლასალის თხოვნით დაწერა „გერმანიის საყოველთაო მუშათა კავშირის“ ჰიმნი. ჰერვეგი მეგობრობდა რუს რევოლუციონერ ემიგრანტებთან, მიხაილ ბაკუნინთან და ალექსანდრ გერცენთან.
[VI] არნოლდ რუგე (1802-1880) — გერმანელი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი, ახალგაზრდა ჰეგელიანელი, პოლიტიკური შეხედულებებით ბურჟუა რადიკალი. მისი ნაშრომები ძირითადად ესთეტიკის საკითხებს ეძღვნება. 1830-40-იან წლებში გამოსცემდა გავლენიან ახალგაზრდაჰეგელიანურ ჟურნალებს („Hallische Jahrbücher“ და „Deutsche Jahrbücher“). 1844 წელს მარქსთან ერთად გამოსცემდა „გერმანულ-ფრანგულ წელიწდეულს“ (Deutsch Französische Jahrbücher), თუმცა მარქსის კომუნისტური შეხედულებების მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი. მარქსმა იდეური უთანხმოებების გამო მალევე გაწყვიტა რუგესთან ურთიერთობა. შემდგომ წლებში რუგე უპირისპირდებოდა მარქსსა და ენგელსს, თუმცა მოგვიანებით აღიარებდა, რომ „კაპიტალი“ ეპოქალური წიგნია. მონაწილეობდა 1848-49 წლების რევოლუციაში, იყო ფრანკფურტის ეროვნული კრების დეპუტატი, მიეკუთვნებოდა მის მემარცხენე ფლანგს. 1849 წელს ემიგრირდა საფრანგეთში, შემდეგ დიდ ბრიტანეტში, 1860-იან წლებში გახდა ო. ბისმარკის მხარდამჭერი.
[VII] ელეონორა მარქს-ეველინგი (1855-1898) — ინგლისისა და საერთაშორისო მუშათა და ქალთა მოძრაობის მოღვაძე, მთარგმნელი. მარქსის უმცროსი ქალიშვილი. ინგლისელი სოციალისტის, ედუარდ ეველინგის ცოლი. მონაწილეობდა მარქსის „კაპიტალის“ მესამე ტომის გამოცემაში. ოჯახური ვითარების გამო, 1898 წელს 43 წლის ელეონორა მარქსმა ოჯახური მდგომარეობის სიმძიმის გამო თავი მოიკლა.
[VIII] ვილჰელმ ვაიტლინგი (1808-1871) — გერმანელი უტოპისტი-კომუნისტი, რევოლუციონერი. განიცდიდა ბაბუვიზმის, სენ-სიმონიზმისა და ფურიერიზმის გავლენას. პროფესიით თერძი. იყო გერმანელი ემიგრანტების საიდუმლო ორგანიზაციების, „განდევნილთა კავშირისა“ და „სამართლიანთა კავშირის“ წევრი. ამ უკანასკნელის დავალებით დაწერა ნაშრომი „კაცობრიობა, როგორიც არის და როგორი უნდა იყოს იგი“ („Die Menschheit, wie sie ist unda wie sie sein sollte“, 1838). მისი მთავარია ნაწარმოებია „ჰარმონიისა და თავისუფლების გარანტიები“ (1842), რომელსაც მარქსმა გერმანელი მუშების ბრწყინვალე დებიუტი უწოდა. ვაიტლინგი მიისწრაფვოდა იმგვარი საზოგადოების შექმნისკენ, რომელიც უზრუნველყოფს ჰარმონიას თითოეული ინდივიდისა და მთლიანი საზოგადოების უნარებსა და სურვილებს შორის. 1845 წელს ვაიტლინგმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ღარიბი ცოდვილის სახარება“, რომელშიც კომუნისტურ იდეებს მისტიკურ-რელიგიური ფორმა მიანიჭა. 1846 წელს ემიგრირდა აშშ-ში, სადაც ეწეოდა თავისი იდეების პროპაგანდას გერმანელ ემიგრანტებში, აარსებდა მუშათა ორგანიზაციებსა და კომუნისტურ კოლონიებს. 1850-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩამოსცილდა მუშათა მოძრაობას.
[IX] „Vorwärts!“ („წინ!“) — გერმანული გაზეთი, რომელიც გამოდიოდა პარიზში 1844 წლის იანვრიდან დეკემბრამდე. მაისში, როდესაც მისი რედაქტორი გახდა მარქსის მეგობარი, ლ. ბერნაისი გაზეთი რადიკალური-დემოკრატიული იდეების რუპორად გადაიქცა. მასთან თანამშრომლობდნენ მარქსი, ბაკუნინი, ენგელსი, ჰაინე. მარქსის გავლენით, რომელიც 1844 წლის ზაფხულიდან მონაწილეობას იღებდა მის რედაქტირებაში, გაზეთის პოლიტიკურმა ტენდენციამ რევოლუციური და კომუნისტური ხასიათი შეიძინა. პრუსიის მთავრობის მოთხოვნით, ფ. გიზოს მთავრობამ მარქსი და გაზეთის სხვა რედაქტორები 1845 წელს საფრანგეთიდან გააძევა, რის გამოც გაზეთის გამოცემა შეწყდა.
[X] ლუდვიგ ბერნე (1786-1837) — გერმანელი კრიტიკოსი და პუბლიცისტი, რადიკალი დემოკრატი. საფრანგეთის ივლისის რევოლუციის (1830 წ.) გავლენით ჩამოყალიბებული ანტიფეოდალური, რევოლუციურ-დემოკრატიული იდეალების საფუძველზე მდგარი ლიტარატურული მიმდინარეობის, „ახალგაზრდა გერმანიის“ იდეოლოგი. გამოირჩეოდა უკიდურესად რადიკალური, „ხალხოსნური“ შეხედულებებით. მისი პამფლეტები დიდი პოპულარობით სარგებლობდა 30-იანი წლების გერმანიის დემოკრატიულად განწყობილ პოლიტიკურ წრეებში. სიცოცხლის ბოლოს ე.წ. ქრისტიანული სოციალიზმის პოზიციებზე იდგა. ჰაინესა და ლუდვიგ ბერნეს თავდაპირველად ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობები და გარკვეული საერთო იდეოლოგიური შეხედულებები აკავშირებდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჰაინესთვის მიუღებელი იყო ბერნეს სწორხაზოვანი დემოკრატიზმი, ხელოვნებისა და კულტურისადმი ის ვულგარული დამოკიდებულება, რომელსაც იგი იჩენდა (მაგ., ბერნე მკაცრად აკრიტიკებდა გოეთესა და ჰეგელს მათი „სინამდვილესთან შერიგების“ გამო, უწოდებდა ლაქიებს: გოეთეს — გარითმულს, ჰეგელს — მოფილოსოფოსეს). ბერნეს მსოფლმხედველობის სწორედ ამ ტენდენციების წინააღმდეგ გაილაშქრა ჰაინემ თავის პამფლეტში „ლუდვიგ ბერნე“ (1840), რომელიც თემატურად უკავშირდება ცოტათი მოგვიანებით დაწერილ სატირულ პოემას „ატა ტროლი“(1841) , რომლის კრიტიკის მთავარი სამიზნე ასევე „ვულგარული დემოკრატიაა“.
[XI] ჰაინეს წინააღმდეგ გაილაშქრა საზოგადოების „მემარცხენე“ ნაწილმაც, დემოკრატებმა და მათ შორის ახალგაზრდა ენგელსმაც, რომელთა სიმპათიებიც უფრო მეტად დემოკრატი ბერნეს მხარეს იყო, ვიდრე ჰაინეს. მარქსისთვის, რომელმაც თავის „ეკონომიკურ-ფილოსოფიურ ხელნაწერებში“ უკვე გაასწორა ანგარიში „ტლანქ, გამთანაბრებელ კომუნიზმთან“, კომუნიზმთან, რომელიც უარყოფდა კულტურასა და ადამიანის პიროვნებას (იხ. ლიფშიცი მიხ. მარქსის სიკვდილიდან ორმოცდაათი წლისთავისთვის), ჰაინესეული ბერნეს კრიტიკა ახლობელი და მისაღები იყო.
[XII] კარლ გუცკოვი (1811-1876) — გერმანელი მწერალი და დრამატურგი, პოლიტიკური მოღვაწე. ლიტერატურული მოძრაობა „ახალგაზრდა გერმანიის“ ლიდერი. სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში ღვითსმეტყველებას, სამართალსა და ლიტერატურას, ისმენდა ჰეგელისა და შლაიერმახერის ლექციებს, მოგვიანებით სწავლობდა ჰაიდელბერგსა და მიუნხენში. 1835 წელს ფრანკფურტში დაარსა ჟურნალი „Deutsche Revue“. 1838-1842 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „Telegraph für Deutschland“-ს, რომლის თანამშრომლებიც იყვნენ ფრიდრიხ ჰებელი, გეორგ ჰერვეგი, ფრიდრიხ ენგელსი. 1848 წლის რევოლუციაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, რეაქციის გამარჯვების შემდეგ მისი შემოქმედება დაღმასვლას განიცდის. გუცკოვი ავტორია მრავალი რომანისა და დრამის, რომელთაგანაც გამოსარჩევია „ურიელ აკოსტა“ (1847).
[XIII] „ახალი რაინის გაზეთი“ — გერმანიისა და ევროპის რევოლუციური დემოკრატიის პროლეტარული ფრთის ორგანო. გამოდიოდა ყოველდღიურად კიოლნში, 1848 წლის ივნისიდან 1949 წლის მაისამდე. გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო მარქსი. რედაქციაში შედიოდნენ ფრიდრიხ ენგელსი, ვილჰელმ ვოლფი, ფერდინანდ ფრაილიგრათი, გეორგ ვეერთი და „კომუნისტთა კავშირის“ სხვა წევრები. გაზეთი ამხელდა ფეოდალურ-რეაქციულ წრეებსა და ბურჟუაზიული კონტრრევოლუციის ძალებს, იბრძოდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის ძირითადი ამოცანების თანმიმდევრული გადაჭრისთვის პროლეტარიატისა და ფართო სახალხო მასების ინტერესებში. მხარს უჭერდა გერმანიის გამთლიანებას, ბურჟუაზიული რეფორმების თანმიმდევრულ გატარებასა და შემდგომ რევოლუციის გარღმავებასა და გაგრძელებას. მოუწოდებდა რევოლუციურ ქვეყნებს ომისკენ რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს ევროპის რეაქციის დასაყრდენს წარმოადგენდა. გაზეთის გამოცემა შეწყდა 1849 წლის მაისში, პრუსიიდან მარქსის გაძევებისა და სხვა რედაქტორებზე რეპრესიული ზომების გამოყენების შედეგად. „ახალი რაინის გაზეთის“ შესახებ იხ.: ენგელსი ფ. მარქსი და „ახალი რაინის გაზეთი“ (1848-1849) // მარქსი კ., ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. მე-2., თბ., საბჭოთა საქართველო, 1964. გვ. 401-413.
[XIV] კომუნისტთა კავშირზე დაწვრილებით იხ.: ენგელსი ფ. კომუნისტთა კავშირის ისტორიისათვის // მარქსი კ., ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. მე-2., თბ., საბჭოთა საქართველო, 1964. გვ. 413-437.
[XV] ფრანც მერინგი (1846-1919) — გერმანელი მარქსისტი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და ლიტერატურული კრიტიკოსი, მარქსისა და ენგელსის ნაშრომების გამომცემელი. გერმანიის სოციალ-დემოკრატიისა და მუშათა მოძრაობის მოღვაწე. 1882 წელს გახდა ფილოსოფიის დოქტორი. თავდაპირველად მერინგის მსოფლმხედველობა ბურჟუაზიული რადიკალიზმითა და სოციალისტური ელემენტებით შემოიფარგლებოდა. 1890-იან წლებში მერინგი ხდება მარქსისტი, წევრიანდება სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში და ამ დროიდან მოყოლებული ეწევა მარქსიზმის აქტიურ პროპაგანდას, აკრიტიკებს რევიზიონიზმსა და ოპორტუნიზმს, იმ პერიოდში პოპულარულ სხვადასხვა ბურჟუზიულ იდეურ მიმდინარეობებს: ნეოკანტიანელობას, ნეცშეანელობას, მახიზმს, ეთიკურ სოციალიზმს, ბურჟუა სოციოლოგებისა და ეკონომისტების თეორიებს. დიდი ადგილი ეთმობოდა მერინგის თერიულ მემკვიდრეობაში ლიტერატურასა და ესთეტიკას (სტატიები ნატურალიზმსა და იმპრესიონიზმზე, მ. გორკისა და ლ. ტოლსტოიზე), ისტორიის საკითხებს („ლეგენდა ლესინგზე“, „გერმანიის ისტორია შუა საუკუნეების დასასრულიდან“ და სხვ. ). მერინგი მიეკუთვნებოდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთას. პირველი მსოფლიო ომის დროს როზა ლუქსემბურგთან და კარლ ლიბკნეხტთან ერთად ინტერნაციონალისტურ პოზიციაზე იდგა. მოგვიანებით მათთან ერთად მონაწილეობდა „სპარტაკის“ ჯგუფისა (1916) და გერმანიის კომუნისტური პარტიის (1919) დაფუძნებაში.
[XVI] გოტფრიდ კინკელი (1815-1882) — გერმანელი პოეტი და მხატვრული კრიტიკოსი. ღვთისმეტყველებისა და ხელოვნების ისტორიის პროფესორი ბონის უნივერსიტეტში. 1843 წელს გამოსცა პოეტური კრებული „ლექსები“ (Gedichte). მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია პოემა „ოტო მშვილდოსანი“ (Otto der Schutz). თვალსაჩინო როლს ასრულებდა 1848/49 წლების რევოლუციაში, ქალაქ ბონში გამოსცემდა გაზეთს (Bonner Zeitung), რომელშიც მხარს უჭერდა წვრილბურჟუაზიული ხელოსნური სოციალიზმის იდეებს. 1849 წელს მონაწილეობდა ბადენის ამბოხებაში. ტყვედ აყვანილს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 1850 წელს მოახერხა ლონდონში გაქცევა, საიდანაც ამერიკაში გაემგზავრა. 1853 წელს დაბრუნდა ლონდონში და რამდენიმე წლის განმავლობაში ასწავლიდა გერმანულ ენას და კითხულობდა ლექციებს გერმანულ ლიტერატურაზე. ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გერმანიიდან დევნილი პოლიტიკური ემიგრანტების წრეებში. უპირისპირდებოდა მარქსსა და ენგელსს და მათ მიმდევრებს. 60-იან წლებში კინკელი ოტო ფონ ბისმარკის მხარდამჭერი გახდა. 1866 წელს მიიღო ციურიხის ინსტიტუტის არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის პროფესორის წოდება. დარჩენილი ცხოვრება კინკელმა შვეიცარიაში გაატარა, სადაც გამოსცა ლექსების მეორე კრებული, მოთხრობების კრებული და რიგი კულტურულ-ისტორიული და ბიოგრაფიულ-ჟურნალისტური შრომებისა.
[XVII] იგულისხმება მაიაკოვსკისა და მისი მეგობარი ავანგარდისტი მწერლების, პოეტებისა და ხელოვნების თეორეტიკოსების გამოცემა „ლეფი“ (ЛЕФ, Левый фронт искусств — ხელოვნების მემარცხენე ფრონტი). ლეფის წარმომადგენლები თვლინდნენ, რომ ხელოვნების ამოცანაა „სოციალური დაკვეთის“ შესრულება. „სოციალური დაკვეთა“, „ლეფის“ ისეთი ავტორების მიხედვით, როგორიცაა ოსიპ ბრიკი, ესაა იმ საზოგადოებრივი კლასის ინტერესების მხატვრული საშულებებით გამოხატვა, რომელსაც თავისი სოციალური წარმომავლობით მიეკუთვნება ხელოვანი. თავის 1923 წლის სტატიაში „ე.წ. ფორმალური მეთოდი“ ბრიკი წერდა: „პოეტი სიტყვის ოსტატია, სიტყვათშემოქმედი, რომელიც თავის კლასს, თავის სოციალურ ჯგუფს ემსახურება. რაზე უნდა წეროს — კარნახობს მომხმარებელი“. ამავე თვალსაზრისზე იდგა მაიაკოვსკიც თავის 1926 წელს დაწერილ საპროგრამო ესეში „როგორ ვაკეთოთ ლექსები?“. მხატვრული შემოქმედების პირველ ორ წინაპირობად ის ასახელებს: სოციალურ დაკვეთას, ანუ „საზოგადოებაში იმგვარი ამოცანის არსებობას, რომლის გადაჭრაც მხოლოდ პოეტური ნაწარმოებით შეიძლება“; „ამ საკითხში თქვენი კლასის (ან ჯგუფის, რომლის წარმომადგენელიც ხართ) სურვილების ზუსტი ცოდნა, ან, უფრო სწორად, შეგრძნება, ანუ დასახული მიზანი“. ეს კონცეფცია ენათესავება ე.წ. „ვულგარულ მარქსიზმს“ ან „ვულგარულ სოციოლოგიას“, რომლის მიხედვითაც ხელოვანი საკუთარი კლასის მატერიალური ინტერესებისა, მისი „ფსიქოიდეოლოგიის“ გამომხატველია და არ შესწევს უნარი, დადგეს თავის კლასობრივ პოზიციაზე მაღლა, გამოხატოს ობიექტური ჭეშმარიტება, მოცემული გარემომცველ სინამდვილეში. მიუხედავად იმისა, რომ „ლეფელები“, „ვულგარული სოციოლოგები“ და პირველი ორი ათწლეულის საბჭოთა კავშირში არსებული ლიტერატურათმცოდნეობასა და ხელოვნებათმცოდნეობაში მათი მონათესავე სკოლები მუდმივად მოიხმობდნენ მარქსიზმსა და ისტორიის მატერიალისტურ გაგებას (რომელიც მათ მეტისმეტად გამარტივებულად ესმოდათ), მათი კონცეფციები არსებითად დაშორებული იყო ხელოვნების არსისა და დანიშნულების ავთნენტური, მარქსისტული გაგებისაგან, რომლის მიხედვითაც მხატვრული შემოქმედების უპირველესი ამოცანაა ობიექტური სინამდვილის ასახვა მისთვის დამახასიათებელ ფორმებში, რაც შესაძლებელია მაშინაც კი, თუ ავტორი თავისი სოციალური მდგომარეობით ექსპლუატატორ კლასებსა და ფენებს მიეკუთვნება.
[XVIII] იოზეფ ვაიდემაიერი (1818-1866) — გერმანიისა და ამერიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ამერიკაში მარქსიზმის პირველი პროპაგანდისტი. „კომუნისტთა კავშირის“ წევრი და 1848/49 წლების რევოლუციის მონაწილე. მარქსისა და ენგელსის მეგობარი. 1851 წელს ემიგრირდა შვეიცარიაში, შემდეგ — ამერიკაში, სადაც დაარსა მარქსისტული ჟურნალი „Die Revolution”, რომელშიც პირველად გამოქვეყნდა მარქსის ნაშრომი „თვრამეტი ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა“. ხელს უწყობდა ამერიკაში პირველი ინტერნაციონალის იდეების გავრცელებას. მონაწილეობდა ამერიკის სამოქალაქო ომში, იყო ჩრდილოელთა არმიის პოლკოვნიკი.
