2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალები, უკრაინის „დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის“ მიზნით, უკრაინაში შეიჭრნენ. შეტაკებები დღემდე გრძელდება, ჯერ კიდევ უცნობია, რა შედეგით დასრულდება რუსეთის ბონაპარტისტული მმართველი ჯგუფის ეს ავანტიურისტული გამოხდომა.
მიუხედავად იმისა, რა გეოპოლიტიკური თამაშები დგას მის უკან, მიუხედავად იმისა, ურტრყამს თუ არა ის დასავლური იმპერიალიზმის, ნატოსა და ევროკავშირის ჰეგემონიას, რუსეთის მხრიდან ეს ომი აშკარად გამოხატულ იმპერიალისტურ ხასიათს ატარებს, დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა მხოლოდ შირმაა, რომლითაც ბიუროკრატ-ბურჟუაზიის მტაცებლური ინტერესები ინიღბება. სინამდვილეში, ომის შედეგები, პირველ რიგში, უკრაინის, დონბასისა და რუსეთის დაბალი ფენების, რიგითი მოქალაქეებისა და მშრომელების ისედაც მძიმე მდგომარეობას დაარტყამს. დასავლურ იმპერიალიზმს ამით არაფერი დააკლდება.
ამ ომში მემარცხენეების მიერ რუსეთის გაბატონებული კლასის იმპერიული მისწრაფებების მხარდაჭერა — სოციალიზმის იდეალებისა და მშრომელთა ინტერესების ღალატია. რუსეთის მხრიდან ეს ომი იმპერიალისტური, უსამართლო და დანაშაულებრივია, ისევე, როგორც კიევის პროევროპული ნეოლიბერალური რეჟიმის ომი ამბოხებული დონბასის წინააღმდეგ იყო დანაშაულებრივი და იმპერიალისტური, და ის „მემარცხენეები“, რომლებიც ამას ვერ იაზრებენ, ან არ უნდათ ამის გააზრება, რომლებიც აქ იმთავითვე მხოლოდ პუტინთან გარიგებული სეპარატისტული ჯგუფების ინტერესებს ხედავენ და სხვას არაფერს, ბევრით არაფრით განსხვავდებიან „პუტინისტი მემარცხენეებისაგან“.
უკრაინა, რომელიც რუსეთის აგრესიული ინტერვენციის პირისპირ აღმოჩნდა, დღეს ეროვნულ-გამათავისუფლებელ ომს აწარმოებს, ომს სამართლიანს, ომს უცხოელი ინტერვენტის წინააღმდეგ, რომელსაც იარაღის ძალით სურს, თავს მოახვიოს თავისი ნება — სწორედ ეს აძლევს ძალას უკრაინელ ხალხს, ასეთი მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ჯარებს. დღეს უკრაინელების მხარეს არა მხოლოდ დასავლეთის იმ იმპერიალისტური სახელმწიფოების ფარისევლური მხარდაჭერაა, რომელთა გაბატონებული კლასების ანგარებიანმა ინტერესებმა გაწირეს იგი ამ ომისთვის, არამედ მორალური ფაქტორიც — ძალა, რომელიც ზოგიერთ სიტუაციაში მატერიალურსაც აღემატება.
უკრაინა აუცილებლად უნდა „დენაციფიცირდეს“, მაგრამ არა რუსული სუბიმპერიალიზმის ბინძური, ხალხის სისხლში ამოსვრილი ხელით, არამედ საკუთარი ძალებით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობისა და ბრძოლის შედეგად; უკრაინის გაბატონებულმა ნეოლიბერალურმა პოლიტიკურმა კლასმა, ნეონაცისტებმა და ბანდერელებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი თავიანთ დანაშაულებზე, მაგრამ მათი მსაჯული არ უნდა იყოს პოსტსაბჭოთა რუსეთის, ხალხის მტერი და მყვლეფავი, ბიუროკრატ-ბურჟუაზია, პუტინის — ამ პოსტსაბჭოთა „ნაპოლეონ მცირეს“ — მეთაურობით. ისინი ხალხის ხელით უნდა დაისაჯონ. მაგრამ მანამდე ეს დანაშაულებრივი ომი უნდა დასრულდეს.
რედაქცია
მოწოდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე
ყველა კეთილი ნების ადამიანს
ამხანაგებო! მოქალაქეებო! დებო და ძმებო!
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „სახალხო მილიციის“ დახმარებით, დაწყებული ამა წლის 24 თებერვლის დილას, საშინელი პოლიტიკური შეცდომა და დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურაა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ფარისევლურად უწოდებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. რაც ტყუილია, რადგან იმთავითვე საუბარი იყო სრულმასშტაბიან ომზე, ჩვეულებრივი შეიარაღების ყველა სახეობის გამოყენებით.
მწარეა ამის აღიარება, მაგრამ 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციამ გაიმეორა ნაცისტური გერმანიის 1941 წლის ივნისის გმირობა. გავიხსენოთ ომის პერიოდის ძველი სიმღერის სიტყვები:
„კიევს ბომბავდნენ. გამოგვიცხადეს,
რომ დაწყებულია ომი“.
საშინელია ამაზე ფიქრი, არ გვინდა ამის დაჯერება, მაგრამ ასეა. ვისურვებდით, რომ ეს სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ ეს არა საშინელი სიზმარი, არამედ შემზარავი სინამდვილეა.
ომის იდეოლოგიური საბურველი — „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, უკრაინელების გათავისუფლება კიევის რეჟიმის უღლისგან“ — ცდომილებაა. უკრაინის რესპუბლიკის მმართველი ჯგუფი და გაბატონებული კლასი ნამდვილად არ არიან ალტრუისტები — სოციალიზმისა და დემოკრატიის იდეალების მიმდევრები, უკრაინული დემოკრატია ნამდვილად არ არის სრულყოფილი. ნატოში სავარაუდო გაწვრიანება ან ბოლო წლებში ნაციონალიზმის აღზევება ნამდვილად არ არის ის, რაც გვჭირდება უკრაინელი ხალხის კეთილდღეობისთვისა და უკრაინაში ადამიანის ყოველმხრივი განვითარებისთის. მაგრამ რუსეთის ფედერაციის ფაშისტურმა რეჟიმმა, რომელიც ახშობს წინსვლასა და თავისუფლებას თავის ქვეყანაში, არ უნდა განგვისაზღვროს ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა! დამპყრობელმა არ უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის ბედი! დემოკრატია არ ჩამოფრინდება რაკეტებით. რუსული ტანკებით არ შემოვა უკრაინაში ხალხის ჭეშმარიტი მმართველობა, თანასწორობა და ჰუმანიზმი. სხვაგვარად ფიქრი სახიფათო ილუზია და დანაშაულია — დანაშაული ისტორიისა და მომავლის წინააღმდეგ. როგორი კეთილშობილი ზრახვებითა და ლოზუნგებით არ უნდა შეინიღბოს ინტერვენცია და ოკუპაცია, უკრაინელი ხალხი მას არასდროს შეურიგდება. უკუპანტი აგებს. სხვაგვარ შედეგს არ იცნობს ისტორია — არც უკრაინის, არც სხვა ქვეყნების.
როგორც ჩანს, რუსეთის მმართველ ჯგუფს იმპერია ეზმანება — „მართლმადიდებლობის, თვითმპყრობელობის და ხალხურობის“, ნეოსტალინიზმისა და დიდრუსული შოვინიზმის იდეოლოგიის ნაერთი. უკრაინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ის მხოლოდ თავის უმეცრებას დემონსტრირებს: უკრაინა მისთვის ესაა „შაროვარები, გოპაკი და ბორში გალუშკებით“. რუსეთის მმართველი ჯგუფი ცდილობს, უჩვენოს სამყაროს, რომ დგას მძლავრი იმპერიული სახელმწიფოს სათავეში, რომელიც აგვარებს საქმეებს თავისი „გავლენის სფეროში“ ბალტიკიდან წყნარ ოკეანემდე. მაგრამ იგი მხოლოდ თავის სისუსტეს და უსუსურობას გამოაჩენს გააფთრებული სახალხო წინააღმდეგობის წინაშე. მას ელის ილუზიებისაგან მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი გამოფხიზლება. მმართველების გამოფხიზლების საფასურს, როგორც ყოველთვის, დაბალი ფენები გადაიხდიან — და გადაიხდიან სისხლით.
რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, რომელიც ცდილობდა ომის იდეური გამართლება ეპოვნა, დაიბნა და თავს იტყუებს, ატყუებს თავის ხალხსა და მთელ მსოფლიოს. ამ ომს არავითარი მიზანი არ გააჩნია, მას არაფერი არ ამართლებს. თუკი ეს ომი მიზნად ისახავს, ერთიან უკრაინას რომელიმე მარიონეტული მთავრობა მოახვიოს თავს, იგი უპერსპექტივოა. თუ ესაა ომი უკრაინის დაქუცმაცებისთვის, იგი უსამართლოა. თუ ესაა ომი ერთი ხალხის შიგნით ან ორ ძმურ ხალხებს შორის (რუსეთის ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია უკრაინელებისა და რუსების ძმობაზე), იგი ძმათმკვლელი ომია — ომებს შორის ყველაზე ამაზრზენი. თუკი ესაა ომი დამოუკიდებელი უცხოური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს საერთაშორისო სამართლის პირდაპირი, უტიფარი დარღვევაა — უფრო ძლიერის სამართლის დამტკიცება.
ომს მოაქვს სიკვდილი, დასახიჩრება და სულიერი ტკივილი. არც ეს ომია გამონაკლისი. გარდა სხვა ყველაფრისა, იგი ხალხთა მეგობრობის წინააღმდეგაა მიმართული. თებერვლის ინტერვენციამ მოკლა რუსეთისადმი სიმპათიის ის ნარჩენები, რომელიც უკრაინელი ხალხის გულში ღვიოდა. ცხადია, მომავალში შესაძლებელია შერიგება, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სამხედრო მოქმედებები, რაც უფრო დიდხანს დაყოვნდება უკრაინაში რუსი ინტერვენტი, რაც უფრო მეტი მსხვერპლი და ნანგრევები იქნება, მით უფრო გვიან შეხორცდება ჭრილობები, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსი და უკრაინელი ხალხების შუღლი. ამის დაშვება არ შეიძლება! ერთადერთი შესაძლო გამოსავალი — უსწრაფესი ზავი და უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენაა.
მოშორდნენ უცხოური ჯარები უკრაინის მიწიდან! სიკვდილი რუს ოკუპანტებს! სირცხვილი რუსული იმპერიალიზმის ლაქიებს უკრაინასა და მის ფარგლებს მიღმა! გაუმარჯოს გამარჯვებას ეროვნულ-გამათავისუფლებელ ომში! გაუმარჯოს საერთაშორისო ანტისაომარ მოძრაობასა და სოლიდარობას! მშვიდობა მუშებსა და ხალხებს — ომი კაპიტალიზმსა და იმპერიალიზმს!
წყარო: https://vpered.wordpress.com/2022/02/26/russische-invasion/
