ალექსანდრ ტარასოვი — თვისი თვისმა არა შეიწყნარა

წინამდებარე სტატია წარმოადგენს პასუხის პასუხს რუსი მარქსისტი პუბლიცისტისა და ფილოსოფოსის, ალექსანდრ ტარასოვის მიერ რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის შესახებ საუკუნის გარიჟრაჟზე დაწერილ წერილზე, რომელშიც ავტორი რუსეთში მოქმედი სიდიდით მეორე პოლიტიკური პარტიის ნამდვილ არსსა და ფუნქციაზე წერდა. იმ პარტიის მხილება, რომელსაც თავისი სახელის ნამდვილ შინაარსთან საერთო არაფერი აქვს, ერთგვარ საბაბად იქცა იმ საკითხების განხილვისათვის, თუ რა მიზანსა და ამოცანებს უნდა ისახავდეს კომუნისტური ორგანიზაცია, მათ შორის მაშინ, როცა „რევოლუციისთვის პირობები არ არსებობს“; რა არის რეფორმიზმი და რას ემსახურება, სინამდვილეში, რეფორმისტული ტაქტიკა; ვინ შეიძლება იყოს რევოლუციის სუბიექტი; რა არის მუშათა კლასის ჭეშმარიტი კლასობრივი ინტერესი და რა მნიშვნელობა აქვს კლასობრივ ცნობიერებას და მისი გაღვივებისთვის მუშაობას; რა არის ცალკეულ ქვეყანაში ანტიბურჟუაზიული რევოლუციის აზრი და გამართლება.

გარდა იმისა, მარქსისტისათვის რამდენად ფუნდამენტურ საკითხებს განიხილავს, წერილი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ იგი ნიღაბს ხდის რუსეთის ფედერაციის კომუნისტურ პარტიას. ჩვენს პოსტსაბჭოთა რეალობაში, სადაც კომუნიზმის ცნება ყველაზე მეტად არის დისკრედიტირებული, ლაფში ამოსვრილი და შინაარსისაგან გამოშიგნული, ერთ-ერთ მთავარ მიზანს ყველა საგნისთვის თავისი ნამდვილი სახელის დარქმევა წარმოადგენს და მნიშვნელოვანია იმ ფარსზე, რასაც რფ-ის კომუნისტური პარტია ქვია, სწორედ კომუნისტებმა ისაუბრონ.

სტატიის შინაარსი დამატებით ღირებულებას იძენს უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, რადგანაც რფკპ-ის მაცდუნებელი სახელი და მისი მასშტაბურობა დამატებით მიზეზად იქცა მესამე სამყაროს ზოგიერთი მემარცხენე წრისთვის, რომ უკრაინაში  რუსეთის შეჭრა დასავლური ჰეგემონიის წინააღმდეგ გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯად მიეღოთ და დასავლური იმპერიალიზმის ჯიბრით მხარი რუსეთისთვის დაეჭირათ.

რედაქცია


 თვისი თვისმა არა შეიწყნარა[1]

კომენტარი ბ. იხლოვის[I] კომენტარზე „ნუთუ რფკპ[II] ასეთი ცუდია?“

„რაბოჩი ვესტნიკის“ № 48[2] – ში გადაიბეჭდა ჩემი სტატია — „პოლიტიკური იმპოტენცია უკურნებელია“[3]. ბორის იხლოვმა დაურთო კომენტარი[III]. შედეგად, იძულებული ვარ, დავწერო კომენტარი ამ კომენტარზე.

დავიწყებ მთავარიდან: ყველა თავის ამოსავალ დებულებაში იხლოვი მართალია. მართალია, როცა ამბობს, რომ შეუძლებელია რევოლუციის მოხდენა ნებისმიერ მომენტში და, როგორც თვითონ წერს, „წარმოების განვითარების ნებისმიერ საფეხურზე“. მართალია, როცა დაჟინებით ამბობს, რომ დაქირავებულმა მშრომელმა თავად უნდა იბრძოლოს თავისი თავის გათავისუფლებისთვის და არ გადაულოცოს ეს საქმე რომელიმე პარტიას (სულერთია, კარგსა თუ ცუდს). მართალია, როცა ამბობს, რომ სსრკ-ში არსებულ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ წყობას სოციალიზმთან არაფერი ჰქონდა საერთო. დაბოლოს, მართალია, როცა ამბობს (არა ამ კომენტარში, არამედ სხვა სტატიებში, მაგრამ ეს პირდაპირ უკავშირდება განსახილველ თემას), რომ დაქირავებულ მშრომელთა კლასის მთავარი კლასობრივი ინტერესი დაქირავებული შრომის მოსპობა და, შედეგად, დაქირავებულ მშრომელთა კლასის, როგორც საზოგადოებრივი მოვლენის, გაუქმებაა.

მაშ რისთვისღა ვწერ ამ „კომენტარს კომენტარზე“? ერთი მხრივ, იმისათვის, რომ გავაქრო გაუგებრობა, და, მეორე მხრივ, ხაზი გავუსვა უთანხმოებებს ჩვენს პოზიციებში.

ამრიგად, ბ. იხლოვმა, უპირველეს ყოვლისა, ვერ გაიგო ჩემი სტატიის ჟანრი. მე სულაც არ „ვადანაშაულებდი“ რფკპ-ს. მემარცხენე ტრადიციაში ადანაშაულებენ იმათ, ვისი შეცვლაც სურთ. მაგ.: რომელიღაც ჯგუფი (ვიღაც ადამიანი) არასწორ გზას ადგას. ამგვარი დადანაშაულების არსი და ამოცანაა: უნდა გადმოხვიდეთ სწორ გზაზე და ყველაფერი კარგად იქნება. მე კი მიმიფურთხებია რფკპ-სთვის. არ მსურს არავითარი ცვლილება ამ ჭაობში. მინდა, რომ ჭაობი აღარ არსებობდეს. რაც უფრო მალე მოისპობა რფკპ (და მისი მსგავსი „კომუნისტური“ პარტიები) — მით უკეთესი.

სტატიას სულაც არ ვწერდი „რაბოჩი ვესტნიკისთვის“. მე ვწერდი განმარტებითი ხასიათის ტექსტს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ, რას არის სინამდვილეში რფკპ და ჯერ კიდევ ლამის 1917 წლის ყაიდის ბოლშევიკურ პარტიად მიაჩნიათ. ბ. იხლოვი ამ ადამიანებზე ათი თავით განათლებული და კომპეტენტურია, ისევე, როგორც „რაბოჩი ვესტნიკის“ სხვა ავტორები და, ასე მგონია, მისი მკითხველების უმეტესობაც (ყოველ შემთხვევაში, მუდმივი მკითხველები). იხლოვს უბრალოდ შეეძლო, არ დაებეჭდა ჩემი სტატია „რაბოჩი ვესტნიკში“.

ეს, ვიმეორებ, უპირველეს ყოვლისა.

მეორეც, იხლოვის ზოგიერთ დებულებას გადაჭრით არ ვეთანხმები. კერძოდ კი, მის წარმოდგენებს რევოლუციური ორგანიზაციის რაობაზე. ის რატომღაც თვლის, რომ ორგანიზაცია, რომელიც საუბრობს რევოლუციის საჭიროებაზე, აუცილებლად პუტჩისტური ორგანიზაციაა, ანუ ისეთი ორგანიზაცია, რომელიც მოითხოვს რევოლუციის აქ და ახლა მოხდენას. სულაც არა. ეს არის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც რევოლუციას სტრატეგიულ მიზნად ისახავს. პუტჩიზმი აქ არაფერ შუაშია. როცა ვწერდი, რომ რფკპ არარევოლუციური პარტიაა, მე მხოლოდ იმ ფაქტს ვკონსტატირებდი, რომ რფკპ პრინციპულად უარყოფს რევოლუციას, უარყოფს ზოგადად, ყოველთვის, რაც დაფიქსირებულია ზიუგანოვის მკაფიო ფორმულაში: „რევოლუციის ლიმიტი ამოიწურა“. ხოლო კომუნისტი, რომელიც უარყოფს რევოლუციას, არ არის კომუნისტი. სულ ესაა. მგონია, რომ ბ. იხლოვმა უბრალოდ ვერ გამიგო. ანუ ის კი არ ამოიკითხა, რაც წერია, არამედ ის, რაც მოეჩვენა, რომ წერია. (თუმცაღა, ეს ხშირად ხდება.)

მაგრამ აქ ერთ პრინციპულ საკითხს ვადგებით. ბოლშევიკებმა, რა თქმა უნდა, ვერ მოახდინეს სოციალისტური რევოლუცია, რადგან ობიექტურად არ შეეძლოთ ამის გაკეთება: საწარმოო საშუალებების განვითარებას არ მიეღწია იმ დონემდე, რომ  შესაძლებელი ყოფილიყო სოციალიზმზე გადასვლა. მაგრამ ეს არ წარმოადგენს ბოლშევიკების ანათემისთვის გადასაცემ საბაბს: რომ არ დაედგათ სოციალური ექსპერიმენტი, ისინი (და, შესაბამისად, ჩვენც) ვერ გამოარკვევდნენ, რომ პრობლემა არა წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება (როგორც ტრადიციულად ასწავლიდნენ სოციალ-დემოკრატიის ბელადები), არამედ თავად წარმოების ინდუსტრიულ წესია. სოციალური ექსპერიმენტის გარეშე, ოქტომბრის რევოლუციის გარეშე, გაუთავლებლად შეიძლებოდა ლაყბობა და „თეორეტიზება“. და ყოველ თეორიას ექნებოდა თავისი კონტრთეორია, მაშინ როდესაც მხოლოდ პრაქტიკაა ჭეშმარიტების კრიტერიუმი. ანუ თეორიები უნდა შემოწმდეს (დამტკიცდეს ან უარყოფილ იქნას) ექსპერიმენტით. ეს ეხება არამხოლოდ ფიზიკას, არამედ სოციალურ მეცნიერებებსაც. და თუ დღეს ჩვენ ვიცით, რომ პროლეტარულ რევოლუციას არ ძალუძს სოციალისტური წყობილების წარმოქმნა, რომ მის შედეგად მხოლოდ სუპერეტატიზმი[IV] (ყოველ შემთხვევაში, პროლეტარული რევოლუციების შედეგად ყველგან მხოლოდ ეს წყობა წარმოიქმნა) შეიძლება დამყარდეს, ბოლშევიკების დამსახურებაა, — ეს ბოლშევიკების მიერ ზოგადსაკაცობრიო ცოდნაში, მსოფლიო სოციალურ მეცნიერებაში შეტანილი გრანდიოზული ღვაწლია, ღვაწლი, რომელიც მათ უმრავლესობას საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა (ოქტომბრის რევოლუციიდან ოცი წლის თავზე)[V].

დარწმუნებული ვარ, იხლოვი თავადაც ხვდება: რუსეთში რევოლუციამ გაიმარჯვა, ხოლო გერმანიაში დამარცხდა, საკუთრივ, იმის გამო, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატები (ბოლშევიკები) რევოლუციურ პარტიას წარმოადგენდნენ, გერმანელი სოციალ-დემოკრატები კი — არა. რუსეთში სოციალ-დემოკრატები შელოცვასავით იმეორებდნენ: „სოციალური რევოლუცია“, ხოლო გერმანიაში სოციალ-დემოკრატები გაიძახოდნენ: „პარლამენტი“. რისთვისაც მიიღეს კიდეც ფაშიზმი. თუ კაპიტალიზმის მოწინააღმდეგე ხარ, სწორედ პერსპექტივა არ უნდა დაკარგო. სოციალისტური იდეოლოგიის მომხრეებისთვის კი პერსპექტივა არის კომუნიზმი (სოციალიზმი) და არა საყოველთაო საარჩევნო უფლება, პარლამენტში პროპორციული წარმომადგენლობა და კლასობრივი მშვიდობა („სოციალური პარტნიორობა“ ჩაგრულებსა და მჩაგვრელებს შორის). და თუკი, როგორც იხლოვს გამოსდის (იმედი მაქვს, უნებლიეთ), მხოლოდ იმას იტყვი, რომ „რევოლუციისთვის პირობები არ არსებობს, რევოლუციისთვის პირობები არ არსებობს“, რევოლუცია არც არასდროს მოხდება. იმიტომ რომ რევოლუციის შემოქმედნი ადამიანები არიან  (სუბიექტური ფაქტორი, როგორც, იმედია, ახსოვს იხლოვს). ხოლო ადამიანები, რომელთაც არ სწამთ რევოლუციის და მზად არ არიან მისთვის, რევოლუციას ვერასდროს მოახდენენ, „ისტორიულმა პროცესმა“ სულ რომ ზედიზედ ოცი რევოლუციური სიტუაცია[VI] შემოაჩეჩოს.

და საერთოდ, თუ მიზნად რევოლუციას არ დაისახავ, რაღა დარჩება? რეფორმა. რა არის რეფორმა? არსებული პირობების, ე.ი. კაპიტალიზმის, გაუმჯობესება. ანუ ბრძოლა იმგვარი ცვლილებებისთვის, რომლებიც — იმდენად, რამდენადაც არ ეხებიან კაპიტალიზმის, როგორც საზოგადოებრივი წესწყობილების, საფუძვლებს (კერძო საკუთრებას წარმოების საშუალებებზე, დაქირავებულ შრომას, ექსპლუატაციას, ქონებრივ და სოციალურ უთანასწორობას და ა.შ.) — დაქირავებულ მუშახელს მისცემდნენ კაპიტალიზმთან, ანუ თავიანთ უთანასწორო, დაქვემდებარებულ მდგომარეობასთან, ექსპლუატირებული „ბნელების“ მდგომარეობასთან შეგუების საშუალებას. ანუ რეფორმა კაპიტალიზმის სტაბილიზაციაზე, მის გაძლიერებასა და გამყარებაზე მიმართული ღონისძიებების სისტემაა. 

რეფორმები სწორედ რევოლუციების თავიდან ასარიდებლად ტარდება. ლოგიკა (გამარტივებულად) ამგვარია: ამ მუდამ უკმაყოფილო მუშებს ორჯერ მეტს თუ გადავუხდით, მივცემთ საშუალებას, იყიდონ მანქანები, იყიდონ  — განვადებით (ვალებში რომ გაყონ თავი!) — სახლი, თუ მივცემთ საშუალებას, ჩაიხრჩონ ალკოჰოლში და ტელევიზორს მივაჯაჭვებთ, ისინი კმაყოფილები იქნებიან, აღარ აჯანყდებიან, აღარ დასვამენ უხერხულ კითხვებს ექსპლუატაციაზე, უსამართლო სოციალურ წესრიგზე და ა.შ. სხვათა შორის, სწორი ლოგიკაა. მისი სისწორე პრაქტიკაშია შემოწმებული  და მრავალჯერ დამტკიცებული.

ამიტომ ან უნდა გახდე რეფორმისტი (ე.ი. მმართველი კლასის ფარული ან ღია მხარდამჭერი), ან უარყო რეფორმები და მეთოდურად, გამუდმებით იმეორო, რომ მხოლოდ რევოლუცია გადაჭრის კაპიტალიზმის „გადაუჭრელ“ საკითხებს.

სწორედ ამიტომ ცდება იხლოვი, როცა ამბობს, რომ რფკპ ნებისმიერ მაოისტებზე, ტროცკისტებსა და სტალინისტებზე „ერთი თავით მაღლა დგას“[VII]. ჰო, რა თქმა უნდა, ისინი დოგმატიკოსები, ბრმადმორწმუნეები ან, სულაც, უბრალოდ სულელები არიან, ჰო, რა თქმა უნდა, ისინი ჯერაც XX ს.-ის დასაწყისში ცხოვრობენ და, რაღა თქმა უნდა, აუცილებლად დამარცხდებიან. მაგრამ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ცდებიან, მაინც კაპიტალიზმის მტრები არიან (იმათ გარდა, ვინც საიდუმლოდ სპეცსამსახურების მიერ არის მოსყიდული). რფკპ კი კაპიტალიზმის გაცხადებული მომხრეა. ეს პარტია მხარს უჭერს კერძო საკუთრებას, დაქირავებული მუშის უცვლელ სტატუსს, ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციასა და ამ ექსპლუატაციის რელიგიით კურთხევას. საკმარისია, წავიკითხოთ რფკპ-ის საპროგრამო დოკუმენტები, რათა აღმოვაჩინოთ, რომ საქმე გვაქვს ბურჟუაზიულ პარტიასთან, რომელიც ყველას თავგზას უბნევს თავისი სახელწოდებით („კომუნისტური“). იხლოვის ლოგიკით გამოდის, რომ მემარჯვენე ძალების კავშირი (მძკ)  კიდევ ერთი თავით მაღლაა რფკპ-ზე, რომელიც რაღაცებს ბოდავს „რუსეთის განსაკუთრებულ გზაზე“, „იმპერიულ სიდიადეზე“, „ევრაზიულობაზე“ და ა.შ., ხოლო მძკ საკმაოდ რაციონალურად აფასებს დღევანდელი რუსეთის (მესამე სამყაროს გაძარცვული, დემოდერნიზებული ქვეყნის) რეალურ შესაძლებლობებს და არ უსახავს არავითარ ისეთ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც „მესამე სამყაროს“ ქვეყნისთვის, კაპიტალისტური პერიფერიის ქვეყნისთვის შეუძლებელი იქნებოდა.

სხვა საქმეა, რომ „მესამე სამყაროს“ ქვეყანაში (კაპიტალისტური მეტროპოლიისგან განსხვავებით) კაპიტალიზმს არ შეუძლია დაქირავებული მუშახელის ყველა ფენის (და უკვე პროლეტარიატის ყველა სეგმენტისაც) მატერიალური  მოთხოვნილებების (სულიერ მოთხოვნილებებზე არაფერს ვამბობ) დაკმაყოფილება. მენავთობეებისა და ბანკის თანამშრომლებისთვის მას, ასე თუ ისე, შეუძლია მაღალი ანაზღაურების უზრუნველყოფა, მაგრამ ყველასთვის — მასწავლებლების, სამედიცინო მუშაკების, ბიბლიოთეკარების ჩათვლით — ნამდვილად არა. უახლოესი ათი წლის განმავლობაში ხელისუფლება, მაგალითად, აპირებს შეამციროს 350 ათასი სამუშაო ადგილი შავ მეტალურგიაში. და ა.შ.

აქედან დასკვნა: თუ შენ ამბობ, რომ მუშების ინტერესებისთვის იბრძვი, მაშინ აუხსენი, რომ რევოლუციის გარეშე ამ ინტერესების დაკმაყოფილება შეუძლებელია (ცხადია, ინტერესად იაფფასიან არაყს თუ არ მოვიაზრებთ; ხოლო თუ თავად მუშას საკუთარ ინტერესად სწორედ იაფფასიანი არაყი მიაჩნია, მაშინ არც უნდა იბრძოლო მისი ამ „ინტერესისთვის“; ალკოჰოლიკი, სოციალური თვალსაზრისით, დეკლასირებული და ასოციალური ინდივიდია).

თუ მუშების ინტერესად გავიგებთ ხელფასის 10%-ით მომატებას, მაშინ გულწრფელად ვთქვათ, რომ ამის მიღწევა კაპიტალიზმის პირობებშიც სავსებით შესაძლებელია. ტრედიუნიონიზმი სწორედ ამას აკეთებს. მაგრამ თუ საუბარი იმაზეა, რომ პროლეტარად ყოფნა სასჯელია (რაც სწორედაც რომ ასეა), მაშინ, შესაბამისად, მუშის ინტერესი ის კი არაა, რომ ღორივით გამოძღეს, ღორივით გამოთვრეს და ღორივით შეჯვარდეს, არამედ ის, რომ რეალიზდეს როგორც პიროვნებაშემოქმედებაში (რისი შესაძლებლობაც არ აქვს თავად ინდუსტრიული წარმოების წესის ბუნების გამო; შემოქმედება კაპიტალიზმში გაბატონებული კლასების პრივილეგიაა). პრივილეგიებზე კი ნებაყოფლობით არასდროს არავის უთქვამს უარი (სემაშკოს[VIII], ძერჟინსკის[IX], ჩე გევარასა[X] და კიდევ რამდენიმე ასეთივე რევოლუციონერი ფანატიკოსის გარდა). დღევანდელ სამყაროში ამგვარი სახის უთანასწორობა მემკვიდრეობით მყარდება უკვე იმითაც, რომ ექსპლუატატორთა შვილები ხარისხიან და ფუნდამენტურ განათლებას იღებენ, ხოლო ექსპლუატირებულთა შვილები — ფსევდოგანათლებას, რომელიც არ აძლევთ სოციალურ კიბეზე ზემოთ ასვლის საშუალებას. და თუ მუშას არ სურს, რომ მისმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა პირუტყვებივით იცხოვრონ, მან არა ხელფასის 10%-ით გაზრდისთვის, არამედ ზოგადად სისტემის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს. ანუ არა წვრილმანი გაუმჯობესებებისთვის, არა ოდნავ უფრო მაძღარი (და უბრალოდ მაძღარი) ცხოვრებისთვის, არამედ ცხოვრების პრინციპულად განსხვავებული წესისთვის (სხვათა შორის, მგონია, რომ უფრო მეტად ასკეტური ცხოვრების წესისთვის: არყის, ნაყროვანების, დამგროვებლობის გარეშე, ბუნებისათვის მომაკვდინებელი პირადი ავტოტრანსპორტის, ნარკოტიკების, ფეხბურთის, ტელეშოუების, სტრიპტიზისა და მსგავსი იაფფასიანი და დამაჩლუნგებელი გასართობის გარეშე და ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება, პირადი პასუხისმგებლობის განცდის ძალიან მაღალი ხარისხით).

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუშამ უნდა შეცვალოს თავისი ფსიქოლოგია და ღირებულებები. არ ეშინოდეს ციხისა და სიკვდილის. ამოდიოდეს იქედან, რომ შენ, შეიძლება, დიდი ალბათობით, ციხეში მოკვდე, მაგრამ, სამაგიეროდ, შენ და შენი ამხანაგები, ადრე თუ გვიან, გაანადგურებთ მოწინააღმდეგეს. რუსი რევოლუციონერების (მათ შორის მუშების) უმრავლესობა ისე დაიღუპა გადასახლებებში, რომ რევოლუციასაც კი ვერ მოესწრო. მაგრამ ვინც მოესწრო, უპირველეს ყოვლისა, ანგარიში გაუსწორა კლასობრივ მტერს, და, მეორე მხრივ,  „ბნელად“ ყოფნა შეწყვიტა (ანდა სახკომი და კომბრიგიც[XI] კი გახდა).

ბორის იხლოვი გვეკითხება: „ვინ მოახდენს რევოლუციას? დაბეჩავებული გლეხები? ხვალინდელ დღეზე ფიქრში შიშისგან დათრგუნული მუშები?“ აქ საუბარი, ბუნებრივია, არა სოციალისტურ რევოლუციაზე (რამდენადაც ის, ერთი მხრივ, მხოლოდ მსოფლიო მასშტაბის შეიძლება იყოს; და, მეორე მხრივ, საწარმოო ძალების განვითარების დონე აშკარად არასაკმარისია სოციალისტური რევოლუციისთვის), არამედ ანტიბურჟუაზიულ (ანუ სუპერეტატისტურ) რევოლუციაზეა.

მოდით, შევხედოთ, ვინ ახდენდა წინამორბედ ანტიბურჟუაზიულ რევოლუციებს.

რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია მოახდინეს ჯარისკაცებმა (და მატროსებმა) და ქალაქის პროლეტარიატის ნაწილმა რევოლუციური ინტელიგენციის ხელმძღვანელობით. ამასთან, უმრავლესობით რევოლუციას ახდენდა პროლეტარიატის სწორედ ის ნაწილი, რომელიც რევოლუციურ პარტიებში იყო გაერთიანებული, გრამშიმ კი თავის დროზე დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ ნებისმიერი პარტიული აქტივისტი, ფორმალური კლასობრივი მიკუთვნილებისდა მიუხედავად, უნდა ჩაითვალოს ინტელიგენტად[XII]. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯარისკაცების უმრავლესობა იყვნენ იგივე მუშები, და აგრეთვე გლეხები (სოფლის წვრილი ბურჟუაზია და სოფლის პროლეტარიატი), მაგრამ ეს არამეცნიერული იქნებოდა: ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოებას ჩამოშორებულნი და ომში ჩართულნი იყვნენ, დეკლასირდნენ (ან, როგორც მინიმუმ, დროებით სხვა წოდებაში გადაინაცვლეს: სამხედროთა წოდებაში)[4].

ვინ მოახდინა რევოლუცია ვიეტნამში? პარტიზანებმა (ანუ ისევ და ისევ დეკლასირებულმა გლეხებმა და ქალაქის წვრილმა ბურჟუაზიამ) ინტელიგენციის ხელმძღვანელობით.

ვინ მოახდინა რევოლუცია ჩინეთში? ჩინეთის წითელმა არმიამ, იმავე ნაციონალურ-რევოლუციურმა არმიამ ინტელიგენციის ხელმძღვანელობით.

ანალოგიური ვითარება იყო ლაოსსა და კამბოჯაში. მონღოლეთს არ ვითვალისწინებ, რადგან იქ რევოლუცია, ერთი მხრივ, ანტიფეოდალურ ხასიათს ატარებდადა, მეორე მხრივ, უმეტესწილად, ჩვენი წითელი არმიის მიერ განხორციელდა (თუმცა, მონღოლეთის შემთხვევაშიც აშკარა ხდება, რომ, წითელი არმიის გარდა, რევოლუცია მოახდინეს მონღოლეთის სახალხო არმიაში გაერთიანებულმა ადგილობრივმა პარტიზანებმა — რომლებიც, ძირითადად, ყოფილი ყმა გლეხები იყვნენ — ინტელიგენციისა და სასულიერო პირების, ანუ ლამების, ხელმძღვანელობით).

აღმოსავლეთ ევროპაში რევოლუციები საბჭოთა არმიის შემოსვლის შედეგი იყო (იუგოსლავიისა და ალბანეთის გარდა, რომლებიც თავიანთი ძალებით გათავისუფლდნენ, — მაგრამ აქაც ვხედავთ, რომ ანტიბურჟუაზიული რევოლუციები განხორციელდა პარტიზანების (რომელთა უმრავლესობასაც გლეხები შეადგენდნენ) მიერ, ისევ და ისევ ინტელიგენციის ხელმძღვანელობით).

ანტიბურჟუაზიული რევოლუციები კუბასა და ნიკარაგუაში კვლავ პარტიზანებმა მოახდინეს (უმთავრესად გლეხებმა, ქალაქის წვრილმა ბურჟუაზიამ და ინტელიგენტებმა) ინტელიგენციის ხელმძღვანელობით.

აქედან დასკვნა (რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს): ვინც გაბედავს ანტიბურჟუაზიული რევოლუციის მოხდენას, ისვე მოახდენს! და ეს, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება არა ზოგადად კლასი, არამედ ერთგვარი სპეციალიზებული დანაყოფი, ანუ აქტიური პროფესიონალიზებული უმცირესობა, თუნდაც ის რომელიმე კლასის სახელით გამოდიოდეს[XIII].

სხვათა შორის, უნდა ვთქვათ: მსოფლიო ისტორიაში არასდროს და არსად არ ყოფილა, რომ უკლებლივ მთლიანი კლასი „პოლიტიკური მებრძოლის“ როლში გამოსულიყო, მონაწილეობა მიეღო კლასობრივ კონფლიქტში (ისეთ არქაულ მაგალითებს თუ გამოვრიცხავთ, როგორიც სპარტაა, სადაც სათითაოდ ყველა სპარტელი მამაკაცი მონათმფლობელი და, ამავდროულად, მეომარი იყო და სადაც ყველას ეკისრებოდა ვალდებულება, მონების (ჰილოტების) წინააღმდეგ კლასობრივი ტერორი — კრიპტიები — განეხორციელებინა[XIV]). ყოველთვის და ყველგან, ყველა სოციალური კლასიდან და ფენიდან გამოიყოფოდნენ და გამოიყოფიან მათი პოლიტიკური წარმომადგენლები (თუ იხლოვს არ მოსწონს სიტყვა „ავანგარდი“, არ გამოვიყენებთ); და სწორედ ეს წარმომადგენლები (ანუ პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სამხედრო, რელიგიური ორგანიზაციები, ქურუმების საიდუმლო ორგანიზაციებით დაწყებული და პოლიტიკური პარტიებითა და პარტიზანული არმიებით დამთავრებული) საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან, როგორც კლასობრივი მებრძოლები, რომლებიც თავიანთი კლასების ინტერესებს გამოხატავენ (თუმცა, როგორც წესი, თავად კლასებს არ მიუნიჭებიათ მათთვის ეს უფლებამოსილება და პერსონალურად, სოციალური წარმომავლობით, ამ ორგანიზაციების წევრები, მნიშვნელოვანწილად, შეიძლება არ მიეკუთვნებოდნენ იმ კლასებს, რომელთა სახელითაც, მათი სიტყვებით, ისინი მოქმედებენ).

ბორის იხლოვს ძალიან უყვარს მუშათა კლასში სოციალისტური იდეოლოგიის გარედან შეტანის ლენინური იდეის[XV] ძაგება. ამასთან, ეს აბსოლუტურად სწორი იდეაა. ეს საერთო, გლობალური სოცილური ნორმაა. ლენინი უბრალოდ კერძო შემთხვევაზე საუბრობდა. ყველა კლასში კლასობრივი იდეები „გარედან“ შედის. თვითონ კლასი — სტიქიურად და მთელი თავისი შემადგენლობით — არავითარ იდეებს არ გამოიმუშავებს. კოლექტიური არაცნობიერი მხოლოდ პირველყოფილ საზოგადოებაში არსებობდა, მას შემდეგ კი, რაც შრომის დანაწილება და კლასებად დაყოფა გაჩნდა, იდეებს აწარმოებენ იდეოლოგები (მაგ., იხლოვი), ხოლო მათ მიერ შემუშავებული იდეოლოგიები შემდგომ მასებში ინდოქტრინირდება (იმისაგან დამოუკიდებლად, ესენი მმართველ თუ ჩაგრულ კლასთა მასები არიან). ამასთანავე, ესა თუ ის იდეოლოგიები ყოველთვის კონკურენციაში არიან, მათი მომხრეები (ერთი კლასის შიგნითაც) ეჯიბრებიან ერთმანეთს, მმართველი კლასის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები აწინაურებენ თავიანთ იდეოლოგებსა და მათ იდეოლოგიებს და ეწინააღმდეგებიან კონკურენტების იდეოლოგიას, ცდილობენ, გაუსწორდნენ იმ იდეოლოგებს, რომელთაც კონკურენტები „ახალისებენ“ (გავიხსენოთ თუნდაც სოკრატე და პლატონი).

იდეოლოგიური ვაკუუმი ნებიმიერი კლასის (მათ შორის, მუშათა კლასის) გონებაში არასდროს არის. თუ არ ჩანერგავ მუშათა კლასის ცნობიერებაში სოციალისტურ იდეებს, მასში ბურჟუაზიულ იდეებს ჩანერგავენ. რასაც ვხედავთ კიდეც, რამდენადაც ბურჟუაზია და მისი პროპაგანდისტული აპარატი უტიფრად აიგნორებენ იხლოვის მიერ „ლენინური“ კონცეფციის კრიტიკას და გულმოდგინეთ ნერგავენ იდეებს (რასაკვირველია, ბურჟუაზიულ იდეებს) მუშათა კლასის ცნობიერებაში. და ამაზე მთელ მსოფლიოში გრანდიოზული თანხები იხარჯება და ინფორმაციის მასობრივი გავრცელების ყველაზე მძლავრი საშუალებები სწორედ ამისთვის მუშაობენ. აი, იხლოვი თავის კომენტარში წერს: „თავად რუსი მუშები ამბობენ, რომ არ ისურვებდნენ წარმოების სათავეში ჩადგომას, იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობაა“. ანუ აღიარებს, რომ რუსი მუშების ცნობიერებაში წარმატებით არის ჩანერგილი ბურჟუაზიული იდეოლოგია.

ზოგადად, დღევანდელი სიტუაცია განსხვავდება იმისაგან, რასაც ლენინი ადევნებდა თვალს. ლენინის დროს არ არსებობდა ტელევიზია, მასობრივი კომუნიკაციის საშულებები და ცნობიერებით მანიპულაციის მეცნიერულად შემუშავებული მეთოდიკები (სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა, დარწმუნების თეორიები და მსგავსი დისციპლინები იმ დროს საერთოდ არ არსებობდა). დამოუკიდებლად მუშათა კლასი ვერასდროს ვერ ჩამოაყალიბებს თავის ჭეშმარიტ (ანუ ისეთს, რომელიც მეცნიერულ შემოწმებას ექვემდებარება) კლასობრივ ინტერსებს, თუ ბ. იხლოვი (და მისი მსგავსნი)  არ  მოახვევს თავს ამგვარი ინტერესების შესახებ წარმოდგენებს. იმიტომ რომ მუშათა კლასი შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც გაღვიძებისთანავე ყოველი მხრიდან, მასმედიის ყველა საშუალებიდან ჩაესმით, რომ „კლასები საერთოდ აღარ არსებობენ“, და, შესაბამისად, „არც კლასობრივი ინტერესები არსებობს“ და არის მხოლოდ „კერძო ინტერესი“, რომელიც ერთი ადამიანის მეორის ხარჯზე გამდიდრებაში მდგომარეობს. იმიტომ რომ საზოგადოებაში, სადაც არსებობს შრომის დანაწილება, ყველა სპეციალიზებულია — და მუშას (შიმშილით რომ  არ მოკვდეს) მთელი დღე ან დაზგასთან, ან სადნობთან, ან შახტაში უწევს დგომა. აბა, სცადოს იხლოვმა შახტაში მუშაობის მერე რევოლუციური თეორიის შექმნითა და განვითარებით დაკავდეს! არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თეორიული საქმიანობა განსაკუთრებულ უნარებსაც მოითხოვს (ისევე როგორც, მაგალითად, მუსიკის დაწერა). იხლოვის კლასელებიდან რამდენი გახდა მასავით ფიზიკოს-თეორეტიკოსი?

დღევანდელი სიტუაცია პრინციპულად განსხვავდება ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქისაგან. ეს, ვთქვათ, საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში შეეძლოთ არისტოკრატიას, აზნაურობასა და სასულიერო პირებს გაოცებითა და ძრწოლით ეცქირათ მოვლენათა განვითარებისთვის, აღექვათ ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდებოდა, სტიქიურ უბედურებად და ვერ მიმხვდარიყვნენ, რა და რატომ ხდება (თვითონ ბურჟუაზიული რევოლუციონერებიც ვერ იაზრებდნენ ამას: იაკობინელებიდან მხოლოდ მარატი აცნობიერებდა, რომ ხორციელდება ბურჟუაზიული რევოლუცია, მას კი ყურს არავინ უგდებდა). დღეს ბურჟუაზიამ, მწარე გამოცდილებით ნასწავლმა, წინასწარ იცის, საიდან შეიძლება მომდინარეობდეს საშიშროება, — და აურაცხელ რესურს ხარჯავს საფრთხის აღმოსაფხვრელად. (ვინც გაფრთხილებულია — ის დაცულია!) როგორც ბირთვულ ფიზიკაში, სადაც დამკვირვებლის მონაწილეობა აისახება დაკვირვებადი პროცესების შედეგზე, ისეც დღევანდელ პოლიტიკაში სოციალური კონფლიქტის ორივე მხარის მიერ მარქსის კანონების ცოდნა ხელს უშლის ამ კანონების ნორმალურ სტიქიურ გამოვლენას. 

ამიტომ, თუ იხლოვი აპირებს, დაელოდოს ისეთ მომენტს, როცა წარმოების საშუალებები თავისთავად, სტიქიურად (როგორც სხვა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო) განვითარდება იმ დონემდე, რომელსაც გარდაუვლად მოყვება სოციალიზმზე გადასვლა, ის ძალიან ცდება: იხლოვი ამას ვერასდროს მოესწრება  — პროცესი აღარ არის სტიქიური.

აქედან პასუხიც იხლოვის კითხვას „ხელისუფლებაზე, რომელიც ანგარიშს უწევს პროლეტარიატს“[XVI] ნაცვლად „პროლეტარიატის ხელისუფლებისა“[XVII]. არა, ბორის, თუ ჩვენს ქვეყანაში მოხდება ანტიბურჟუაზიული რევოლუცია, რევოლუციური ხელისუფლება არ იქნება ხელისუფლება, რომელიც „ხელს უწვდის პროლეტარიატს“, ისევე როგორც ის არ იქნება „პროლეტარიატის ხელისუფლება“. ეს იქნება ხელისუფლება, რომელსაც მიზანმიმართულად მიჰყავს საქმე წარმოების ინდუსტრიული წესის (და, შესაბამისად, პროლეტარიატის) ლიკვიდაციისკენ და — როგორც პირველი ნაბიჯი — იმ ძალთა ზურგის ბაზად გადაქცევისკენ, რომლებიც შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებენ კაპიტალიზმთან სხვა ქვეყნებში. სხვაგვარად, რევოლუციის მოხდენა აზრს კარგავს. სხვაგვარად, აბსურდულიც კია მხოლოდ რუსეთში (და საერთოდ ერთ ქვეყენაში) რევოლუციაზე საუბარი[XVIII].

რა თქმა უნდა, შესაძლოა, ასეთი ბაზა (ანუ რევოლუციური ხელისუფლება) განადგურდეს. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო მცდელობა (სულერთია — რუსეთში თუ სადმე სხვაგან) განხორციელდება რუსეთის გამოცდილების გათვალისწინებით და ჩვენი შეცდომების გაუმეორებლად. და ასე მანამ, სანამ წარუმატებელ მცდელობებს წარმატებული არ მოჰყვება.

და საერთოდ, არის ისეთი დროები, როცა ადამიანმა, რომელიც პატივს სცემს თავის თავს, იმაზე კი არ უნდა იფიქროს, უკეთ როგორ იცხოვროს, არამედ იმაზე, როგორ მოკვდეს ღირსეულად. მხოლოდ ბურჟუაზიას არ გააჩნია ღირსება (ღირსების ნაცვლად მას სარგებელი აქვს). ჩვენ კი უნდა გაგვაჩნდეს ამგვარი ცნება.

16–27 მაისი, 2002.

P.S.

არის კიდევ 6 კერძო დებულება, რომლითაც იხლოვმა გამაკვირვა. რამდენადაც ისინი კერძოა, მათ შესახებ პოსტსკრიპტუმში ვწერ.

„წითელი დირექტორების“[XIX] შესახებ. იხლოვი იწყებს მსჯელობით, რომ თუკი მე მართალი ვიქნებოდი და რფკპ ორმოც რეგიონში ნამდვილად იყო „“დირექტორთა ლობის“ ნების აღმსრულებელი… ქვეყანა გაპარტახების აღმოსაფხვრელად წინ გადადგამდა ნაბიჯს. ეს იმის აღმნიშვნელი იქნებოდა, რომ კომპარტიას თავისი ეკონომიკა აქვს“ (და შემდგომ ტექსტის მიხედვით). რატომღაც იხლოვი აქ ერთმანეთში ურევს „წითელი დირექტორებსა“ და „დირექტორთა ლობის“. ეს არ არის ერთი და იგივე! ცნება „დირექტორთა ლობი“ გაცილებით ფართოა, ვიდრე „წითელი დირექტორები“. „დირექტორთა ლობი“ ზეგავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, უპირველეს ყოვლისა, მრეწველთა და მეწარმეთა რუსეთის კავშირის (მმრკ) მეშვეობით. მმრკ კი იმდენად არაწითელი ორგანიზაციაა, რომ მეტი შეუძლებელია!

ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, იხლოვი რატომღაც თავდაყირა აყენებს ჩემს ლოგიკას. მე ვამბობ: რფკპ ორმოც რეგიონში „წითელ დირექტორებს“ ემსახურება, იხლოვთან კი სრულიად საპირისპირო გამოდის: „წითელი დირექტორები“ ემსახურებიან რფკპ-ს[XX].  ბოლოს და ბოლოს, ასე არ შეიძლება. ბ. იხლოვს დასკვნებიც საკმაოდ უცნაური აქვს: თითქოსდა, ოლიგარქები და ზოგადად ბურჟუები იპარავენ და საზღვარგარეთ გააქვთ ნადავლი, ხოლო „წითელ დირექტორებს“ სჭირდებათ სახელმწიფო (აბა რომელი? ნუთუ სოციალისტური, რომელიც, როგორც თავად იხლოვმაც იცის, შეუძლებელია, არსებობდეს: სადაც სახელმწიფოა, იქ არ არის სოციალიზმი, ხოლო სადაც სოციალიზმია, იქ არ არის სახელმწიფო). მაგრამ, ჯერ ერთი, ბურჟუაზიული სახელმწიფო ძალიანაც სჭირდებათ „ოლიგარქებს“ და საშუალო ბურჟუაზიასაც. ამას, დარწმუნებული ვარ, იხლოვიც ხვდება. თუ არ იქნება ასეთი სახელმწიფო, დაიწყება „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“ (და უპირველეს ყოვლისა, მდიდრების წინააღმდეგ). მეორეც, საიდან მოიტანა ბ. იხლოვმა, რომ „წითელი დირექტორები“ „ოლიგარქებსა“ და საშუალო ბურჟუაზიაზე რამეთი უკეთესები არიან? ისინი არაფრით არ განსხვავდებიან! 99 % ისეთივე ნაძირალაა და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი მოიპაროს და რაც შეიძლება შორს, დასავლურ ბანკებში გადამალოს. ამასთან, პაწაწინა სტატიაში იხლოვი თავის თავს ეწინააღმდეგება: კომენტარის მეოთხე პუნქტში იგი შემდეგს წერს „წითელ დირექტორებზე“: „არაფრით არ განსხვავდებიან ნებისმიერი ოლიგარქის ყველაზე კაპიტალისტური ინტერესებისგან“. სრულიად ვეთანხმები იხლოვს. სიმართლეს წერს ბორისი. მაშ რაზე მეკამათება?

პარლამენტარიზმზე. ჰო, ცხადია, მარქსმა „გვიანდერძა“, როგორც იხლოვი წერს, „ვისწავლოთ „საპარლამენტო ბოსელის“ გამოყენება“. მაგრამ, პირველ რიგში, მაინც „ბოსელის“. და მეორეც, მარქსი ამას იმ დროში წერდა, როცა საყოველთაო საარჩევნო უფლებაც კი არ არსებობდა სადმე. სავსებით საპატიებელია ის ილუზიები, რომ თუ საარჩევნო უფლებას ყველა ღატაკსა და ექსპლუატირებულს მივცემთ, მაშინ… მაგრამ ჩვენ ხომ მარქსის შემდეგ ას ორმოცდაათი წლის შემდეგ ვცხოვრობთ. დღეს ხომ ვიცით, რომ ბურჟუაზია იმაზე ბევრად ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე მარქსს ეგონა, და რომ ის აფართოვებდა „დაბალი ფენების“ საარჩევნო უფლებებს, მკაცრი კორელაციით იმასთან, თუ რამდენად აკონტროლებს მასების ცნობიერებას.

ბორისმა რატომღაც არ მოიხმო ბოლშევიკების საპარლამენტო გამოცდილება. სულ ტყუილად. ძალიან საგულისხმო შედარებაა. ბოლშევიკები პარლამენტს იყენებდნენ რევოლუციური პროპაგანდისთვის და, ბოლოს, მთელი ფრაქციით ციმბირში გაემგზავრნენ. მაგრამ ნიკოლოზ II დროს ყველა თავმოყვარე გაზეთი აქვეყნებდა ზედმიწევნით ანგარიშს დუმის დებატების შესახებ. ასე რომ, ბოლშევიკებმა იცოდნენ: თუ მათი დეპუტატებიდან რომელიმე სახელმწიფო დუმაში ხელისუფლების საწინააღმდეგო სიტყვით გამოვიდოდა, ამ სიტყვის დაწვრილებით შინაარსს იმპერიის ყველა გაზეთი დაბეჭდავდა.

დღეს კი ვინმე დაბეჭდავს დუმის დებატების დეტალურ შინაარსს? ან ტელევიზია თუ გააშუქებს ზედმიწევნით პარლამენტის მუშაობას (ჩხუბსა და ურთიერთშეურაცხყოფას კი არა, არამედ სწორედ მუშაობას, დებატებს)? თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ „კომუნისტები“ დუმაში ისეთს არაფერს ამბობენ, რასაც კომუნისტური პროპაგანდა შეგვიძლია დავარქვათ…

მაშ რატომ თამაშობს რფკპ პარლამენტარიზმს? პასუხი მარტივია: ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ამაში სიმაძღრე და ფულია, ხოლო მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ბიუროკრატ-ბურჟუაზიის[XXI] სოციალური დაკვეთაა შესასრულებელი. კერძოდ კი: კლასობრივი ბრძოლის არსებითი ამოცანებისგან მასების ყურადღების გადატანა (თუ ახსოვს ბ. იხლოვს საბჭოთა აგიტპროპის ასეთი ფორმულირება? — ძალიან ზუსტი გამოთქმაა, სხვათა შორის: თუ მასები მხოლოდ „სწორ“ — რფკპ-ის — კანდიდატებს მისცემენ ხმას, თავად „მასების“ პოლიტიკური აქტივობა ნულის ტოლი იქნება).

დაბოლოს. იხლოვის პოზიციებში კვლავ ვპოულობ წინააღმდეგობას. „რაბოჩი ვესტნიკის“ იმავე ნომრის პირველ გვერდზე განთავსებულია შეტყობინება, რომ „სპგ „მუშა’’“, უკვე წლებია, მშრომელებს საარჩევნო სისტემის ბოიკოტისკენ მოუწოდებს“, რამდენადაც „საარჩევნო სისტემა მხოლოდ მდიდრებისთვის არის განკუთვნილი… და ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში არჩევნები ფალსიფიცირებულია“. ვერაფერს ვხვდები! ერთი ხელით სპგ „მუშა“ არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს, ხოლო მეორეთი მისი ლიდერი, ბ. იხლოვი,  — საპარლამენტო ბოსელის გამოყენების სწავლისკენ.

რევოლუციის შესახებ. ცოტა არ იყოს, მრცხვენია, იხლოვისთვის, განათლებული მარქსისტისთვის, იმის შეხსენება, რომ რევოლუციას თავისთავად უდიდესი პოლიტიკური ღირებულება გააჩნია. რამდენადაც რევოლუციური პროპაგანდის, აგიტაციისა და მასების თვითაღზრდისა და თვითორგანიზების (რაც განსაკუთრებით ახლობელია იხლოვისთვის) თვალსაზრისით, რევოლუციის ყოველი დღე უდრის… და შემდეგ ზუსტად ლენინის მიხედვით (დარწმუნებული ვარ, იხლოვს შესანიშნავად ახსოვს ეს ციტატა). იმას, რომ ლენინმა სიმართლე დაწერა, ვფიქრობ, იხლოვიც მშვენივრად ხვდება, რადგანაც სწავლობდა რევოლუციების ისტორიას.

პროლეტარიატზე. ბ. იხლოვს ყოველთვის, თითქოს, ისე გამოსდის, რომ მუშის წოდება ერთგვარი ინდულგენციაა. არაფერიც. პროლეტარი შეიძლება იყოს მკვლელიც, მძარცველიც, ქურდიც, არასრულწლოვანთა გამრყვნელიც, ჩამშვებიც და, ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ სულელიც.

ბურჟუაზიაზე, რომელიც, ვითომდა, არ არის ჩვენთან კლასად ჩამოყალიბებული და ამიტომ არ გააჩნია კლასობრივი ინტერესები და მხოლოდ პირადი ინტერესი აქვს (მოიპაროს და მოპარული დასავლეთში გაზიდოს). საქმეც ისაა, რომ დღეს, ფინანსური სპეკულატიური კაპიტალიზმის ტრიუმფის პირობებში, „მოპარვა და დასავლურ ბანკებში განთავსება“ არის კიდეც ჩვენი ბიუროკრატ-ბურჟუაზიის (და სხვა ქვეყნების, მაგალითად, ლათინური ამერიკის, ბურჟუაზიისაც — იხ. არგენტინის მაგალითი[5]) კლასობრივი ინტერესი. დღეს ფინანსური სპეკულაციები მაქსიმალურ მოგებას იძლევა. წარმოება არამომგებიანია. შესაბამისად, მოპარვა, ფულის ოფშორულ ბანკში ჩადება და ფინანსური სპეკულაციებიდან სარგებლის მიღება ყველაზე სწორი კლასობრივი ტაქტიკაა, ის ამდიდრებს მთელ მმართველ კლასს და აღარიბებს ყველა ექსპლუატირებულს, არ აძლევს მათ „მუხლებიდან წამოდგომის“ საშუალებას.

თანამედროვე კაპიტალიზმის პარაზიტული ბუნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ, XIX ს.-ის კაპიტალიზმისგან განსხვავებით, ის უკვე აღარ არის მწარმოებლური და სულ უფრო და უფრო „ვირტუალური“, ანუ სპეკულაციური ხდება. წარმოება, როგორც კაპიტალისტური ეკონომიკის ყველაზე ნაკლები სარგებლის მომტანი სეგმენტი, პერიფერიაზე გადაიტანება. დღეს ყველაზე მომგებიანი დარგებია: ფინანსური სპეკულაციები, ნარკოტიკებით ვაჭრობა, უძრავი ქონებით ვაჭრობა, იარაღით ვაჭრობა და შოუ-ბიზნესი. თუ იარაღს გამოვრიცხავთ, სხვა დანარჩენი „ვირტუალური სექტორია“, რომელშიც, სხვათა შორის, მუშათა კლასი პრაქტიკულად დაუსაქმებელია და, შესაბამისად, ვერ ახდენს გავლენას მფლობელებზე. ესეც ბურჟუაზიის კლასობრივი ინტერესია: გამოდევნოს მუშა მოგების მიღების პროცესიდან, და იდეალურ შემთხვევაში — წარმოების პროცესიდანაც. ამის შემდეგ მუშა უკვე აღარ იქნება მუშა, ის საერთოდ არავინ (ლუმპენი) გახდება, და შეეძლებათ, საერთოდ აღარ გაუწიონ ანგარიში.

სისტემაზე, რომელთან „დაბრუნებაზეც მოუწოდებს რფკპ“[XXII]. ფორმულა „მე უფროსი — შენ სულელი“ — ეს, მომიტევეთ და, არამარქსისტული და საერთოდ არამეცნიერული ფორმულაა. უფრო მეტიც, კლასობრივ ბრძოლასთან (პოლიტიკურთანაც) არავითარი კავშირი არ აქვს. ამ ფორმულის მიხედვით ცხოვრობს მაგალითად ქურდების ხროვაც. და რა, იქაც წარმოებს კლასობრივი ბრძოლა რიგით ქურდსა და ავტორიტეტს შორის?

დაქვემდებარებულობის ურთიერთობების თვალსაზრისით, მუშის მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ნამდვილად არ შეცვლილა. როცა იხლოვი წერს, რომ „სისტემა… არ შეცვლილა“, ის სიმართლეს ამბობს. მაგრამ სისტემა მხოლოდ იმიტომ არ შეიცვალა, რომ არ შეცვლილა წარმოების წესი — ინდუსტრიული. მუშას მხოლოდ მფლობელი შეეცვალა: ადრე ეს იყო სახელმწიფო, ახლა კერძო მესაკუთრეა[XXIII].

თუ ჩვენ გვსურს მეცნიერულ თვალსაზრისზე დავრჩეთ, მოდით, ვილაპარაკოთ თვითონ სისტემის ეკონომიკურ შინაარსზე. მოდით, ნუ ავუბნევთ მუშას თავგზას პოლიტიკური აქტივობისკენ აბსტრაქტული მოწოდებებით და პატიოსნად ვუთხრათ: სანამ არ არსებობს პირობები წარმოების ინდუსტრიული წესის დაძლევისთვის, არის მხოლოდ ერთი არჩევანი — არჩევანი (წარმოების ინდუსტრიული წესის ფარგლებში) ორ წყობილებას — კაპიტალიზმსა და სუპერეტატიზმს — შორის. კაპიტალიზმში ნებისმიერი მუშა, როგორი „ბნელიც“ იყო, ისეთივე დარჩება. სუპერეტატიზმის დროს რევოლუციურად აქტიურ მუშას, თუ ის რევოლუციაში მონაწილეობს, ერთი მხრივ, შეუძლია, შეიცვალოს სოციალური სტატუსი (კერძოდ, ხელმძღვანელის სტატუსზე), და, თუ მუშები კოლექტიურად იმოქმედებენ, მათ შეეძლებათ, მაქსიმალურად (რამდენადაც ეკონომიკა მისცემს საშუალებას) გააუმჯობესონ მუშების, როგორც კლასის, მდგომარეობა, აიძულონ ხელმძღვანელები, ანგარიში გაუწიონ მათ, და, იდეალურ შემთხვევაში, იყვნენ მუშებიც, ხელმძღვანელებიც და კოლექტიური მესაკუთრეებიც. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს ფსიქოლოგიის შეცვლას. ცხადია, ეს მოითხოვს შეგნებულ ბრძოლას წარმოების ინდუსტრიული წესის გადალახვისთვის, მოითხოვს რევოლუციურ ასკეტიზმს, რევოლუციურ ფანატიზმსა და ყველა ძალის გაღებას მსოფლიო რევოლუციის განვითარებისთვის. რასაკვირველია, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, კაპიტალიზმის დროს უფრო ადვილია: დაასრულე ცვლა — და წადი არყის დასალევად და ფეხბურთის საყურებლად…

მაგრამ თუ აღარ გინდა, იყო „ბნელი“ — სხვა გამოსავალი არ გაქვს. სწორედ ესაა ის შეცნობილი აუცილებლობა, რომელიც არის კიდეც ერთადერთი თავისუფლება.

თუმცა, თუ ვინმეს ბნელობა მოსწონს, აიძულო მას, გახდეს ადამიანი, შეუძლებელია, გინდ სამგზის პროლეტარი იყოს.

P.P.S. საერთოდაც, მე და იხლოვს გასაყოფი არაფერი გვაქვს. ინტერესები საერთო გვაქვს და მტრებიც საერთო გვყავს. ვფიქრობ, ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაც საერთოა. ამიტომ, ვიმედოვნებ, ბორისი ამ ყველაფერს სწორედ მეცნიერულ პოლემიკად აღიქვამს და არა როგორც „ურთიერთობების გამორკვევას“. სოციალისტურ თეორიას განახლება სჭირდება. ამაში იხლოვი, დიდი ალბათობით, დამეთანხმება. სხვანაირად როგორღა განვაახლოთ, თუ არა მეცნიერული პოლემიკით?

23-31 მაისი, 2002.

ორიგინალი: http://saint-juste.narod.ru/Ihlov_otv.html#_ftnref4

თარგმნა ნორიკ ბადოიანმა

ავტორის შენიშვნები


[1]სათაურის შესახებ. თავდაპირველად სტატიას დავარქვი „შენ ჩემი არ ხვდები“ (Моя твоя не понимай) — რაზეც წერილით ვაცნობე კიდეც ბ. იხლოვს. მაგრამ მან მომწერა, რომ სახელი შესაცვლელია, რადგან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციაში (სპო) „მუშა“ (მათ შორის ხელმძღვანელობაშიც), რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრი მკვიდრი ხალხების — თათრების, ბაშკირებისა და სხვების —  წარმომადგენელი წევრია და უკანასკნელ დროს მათ გამუდმებით ესმით შეუარცხყოფა („თათრობა“ და მისთ.). და ასეთი სათაური, შეიძლება, აღიქვან როგორც ქსენოფობიური მინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ვპასუხობდი არა მთელ ორგანიზაციას, არამედ პირადად იხლოვს, გადავწყვიტე ხალხი მეტად აღარ დამეტრავმა და შევცვალე სტატიის სახელწოდება: „გადავთარგმნე“ დამტვრეული რუსულიდან დამტვრეულ საეკლესიო სლავურზე (Свой своя не познаша).

[2]აპრილი 2002 წ. „რაბოჩი ვესტნიკი“ — საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება „მუშა“-ს გამოცემა. გამოდიოდა პერმში.

[3]იხ.: http://saint-juste.narod.ru/kprf.html

[4]ამ მომენტისთვის გაირკვა, რომ ტექსტის ეს ადგილი ზოგიერთმა არასწორად გაიგო, საკუთრივ, როგორც რევოლუციურ ძალად ლუმპენ-პროლეტარიატის (დეკლასირებული ფენების) გამოცხადება. ამ დროს კი არსებობს მუდმივი დეკლასირება (როცა ადამიანები ინაცვლებენ ლუმპენ-პროლეტარიატის კატეგორიაში) და დროებითი დეკლასირება (მაგ., უმუშევრობის დროს). დროებით დეკლასირებულები საბოლოოდ არ წყდებიან საკუთარ კლასს, არამედ გარკვეული — შედარებით ხანმოკლე — ვადით ტოვებენ მის რიგებს, ამასთანავე, ფსიქოლოგიურად, ისევე როგორც მსოფლმხედველობრივად, თავიანთ კლასთან რჩებიან. მაგალითად, ვაიმარის რესპუბლიკაში კომუნისტებს პირველებს აგდებდნენ სამსახურიდან, და ყველაზე ბოლოები აყავდათ — და 30-იანი წლებისთვის გკპ-ში (გერმანიის კომუნისტური პარტია) უმუშევარი უფრო მეტი იყო, ვიდრე დასაქმებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ აღიქვამდნენ თავს მუშათა კლასის ნაწილად და არ იბრძოდნენ მისი ინტერესებისთვის. ამგვარადვე, ომში მობილიზებული გლეხები დროებით დეკლასირებულები იყვნენ. ფორმალურად მათ დროებით გადაინაცვლეს სამხედრო მოხელეების კატეგორიაში (გახდნენ არმიის, ანუ სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატის ნაწილი), მათ, როგორც მოხელეებს, არჩენდა სახელმწიფო. მაგრამ ფსიქოლოგიურად და მსოფლმხედველობრივად ისინი იმ კლასის ნაწილად რჩებოდნენ, რომლის რიგებიდანაც იყვნენ არმიაში მობილიზებულები. რატომ დაიშალა 1917 წელს რუსეთის არმია? არა ბოლშევიკური პროპაგანდის (როგორც მოგვიანებით, თავისთვის სანუგეშოდ, ამტკიცებდნენ სამოქალაქო ომში დამარცხებული მონარქისტები და როგორც ახლა წერენ ჩვენი აკადემიური პროსტიტუირებული „ისტორიკოსები“), არამედ იმის გამო, რომ 1917 წლის თებერვლის მერე გლეხებმა ყველგან სტიქიურად დაიწყეს მემამულეთა მიწების გადანაწილება — და ამის შესახებ ინფორმაციამ მიაღწია ფრონტამდე. თუ ჯარისკაცები ჭეშმარიტად (ანუ სამუდამოდ) დეკლასირებულები იქნებოდნენ, მათ ეს ინფორმაცია აღარ დააინტერესებდათ: ისინი, როგორც „ლუმპენები“, აღარ მოისურვებდნენ აღარც ხვნას და აღარც თესვას. ამის ნაცვლად კი ისინი მასობრივად გამოექანნენ ფრონტიდან თავიანთ სოფლებში, რათა გაენაწილებინათ მიწები, ანუ კვლავ გამხდარიყვნენ სრულფასოვანი გლეხები, დაებრუნებინათ თავიანთი კლასობრივი სტატუსი. კიდევ უფრო მეტად ეს ეხება პარტიზანებს (ძირითადად გლეხობიდან), რომლებიც, ჩვეულებრივ, სოფლებში მოქმედებენ, არ წყვეტენ რა კავშირს მათ გარემომცველ (და მხარდამჭერ) სოფლის მოსახლეობასთან.

[5]იხ. სტატია «Аргентина – еще одна жертва МВФ» (http://saint-juste.narod.ru/argentina.htm).

რედაქციის კომენტარები


[I]ბორის იხლოვი (1956) — საბჭოთა და რუსი საზოგადებრივი და პოლიტიკური მოღვაწე, პროფესიით თეორეტიკოს-ფიზიკოსი. პერესტროიკის პერიოდში იყო მემარცხენე რადიკალური იატაკქვეშა ორგანიზაციის, „გახანგრძლივებული დღის ჯგუფის“ (Группа продленного дня), ხოლო მოგვიანებით „კომუნისტთა კავშირის“ (Союз коммунистов) დამფუძნებელი და ლიდერი. 90-იანი წლების დასაწყისში გახდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება „მუშა“-ს (Общественно-политическое объеденение «Рабочий», ОПОР) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი სტატიები, რუსეთის გარდა, იბეჭდებოდა აშშ-სა და არგენტინაში. იხლოვი მიიჩნევა „პროლეტარიზმის“ (პერესტროიკისა და პოსტპერესტროიკის პერიოდის მემარცხენეობაში არსებული ერთ-ერთი მიმართულების) თეორეტიკოსად, თუმცა ავტორი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას (იხ. 2014 წ.-ის ინტერვიუ https://rusplt.ru/policy/rossiya-bolshe-ne-slaboe-zveno-imperializma-12686.html).

[II]რფკპ — რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია (КПРФ – Коммунистическая партия российской федерации).

[III]იხ.:  Ихлов Б. Неужели КПРФ такая плохая? // http://www.left.ru/2002/14/ikhlov64.html

[IV]სუპერეტატიზმი — ალექსანდრ ტარასოვის მიერ შემოტანილი ტერმინი, რომლითაც იგი აღწერს საბჭოთა კავშირსა და მის მოკავშირე ქვეყნებში არსებული საზოგადოებრივი წყობილების მსგავს სოციო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, რომლებიც, ისევე, როგორც კაპიტალისტური სახელმწიფოები, წარმოების ინდუსტრიული წესის საფუძველზე ფუნქციონირებენ. მაგრამ განსხვავებით კაპიტალიზმისგან, სადაც საკუთრების ტიპი კერძოა, სუპერეტატიზმის დროს ეკონომიკის მთავარი სუბიექტი, წარმოების საშუალებების მფლობელი და, შესაბამისად, დამსაქმებელი და ზედმეტი ღირებულების მიმსაკუთრებელი სახელმწიფოა. ტარასოვის თანახმად, ე.წ. პროლეტარული რევოლუციები და „რეალური სოციალიზმის“ ქვეყნებში მათ შედეგად დამყარებული საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციები არ ყოფილა და ვერ იქნებოდა სოციალისტური, ამ სიტყვის ნამდვილი, მარქსისტული გაგებით, რადგან სოციალისტური (მსოფლიო) რევოლუცია და სოციალიზმი, როგორც პოსტინდუსტრიული მსოფლიო სოციალური წესრიგი, რომელიც ამ რევოლუციის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა წარმოების ინდუსტრიული წესი, გლობალური მასშტაბით, ბოლომდე ამოწურავს თავის თავს და შეიქმნება წანამძღვრები თვისობრივად ახალ წარმოების წესზე გადასვლისთვის. ხოლო „პროლეტარული რევოლუციების“ შედეგად ჩამოყალიბებულ საზოგადოებებში არსებული ეკონომიკური სისტემა არ ყოფილა კაპიტალისტურზე უფრო განვითარებული და სრულყოფილი: ამ ქვეყნებში არ გაუქმებულა საზოგადოების კლასებად დანაწილება, ექსპლუატაცია, შრომის გაუცხოება, სახელმწიფო და სხვა ინსტიტუტები, რომელთა გადალახვასაც გულისხმობს სოციალიზმი (კომუნიზმი) და რომლებიც ნარჩუნდება „რეალური სოციალიზმის“ დროს. თუმცა, ამის მიუხედავად, სუპერეტატიზმი, კაპიტალიზმთან შედარებით, პროგრესულ საზოგადოებრივ წყობილებას წარმოადგენს, რადგან, მართალია, სოციუმის კლასობრივი დანაწილება რჩება, მაგრამ ანტაგონისტური კლასები, ექსპლუატატორი და ექსპლუატირებული, მჩაგვრელი და ჩაგრული საზოგადოებრივი კლასები ქრება, ხოლო კლასობრივი განსხვავებები „ზედნაშენის სფეროში ინაცვლებს“, რამდენადაც „ყველა მოქალაქე იქცევა დაქირავებულ მუშახელად სახელმწიფოს სამსახურში“; არ არსებობს კონკურენცია, რომელიც, როგორც წესი, რესურსებისა და საშუალებების უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული; გეგმიური ეკონომიკის საშუალებით გადალახულია „წარმოების ანარქია“, „ბაზრის სტიქია“, რაც, იდეალურ ვარიანტში, საშუალებას გაძლევს, რაციონალურად და ეკონომიურად მიუდგე რესურსების ხარჯვას და აგრეთვე დაგეგმო და წარმართო ტექნიკური პროგრესი“; წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრებაც, რომელსაც, ცხადია, არაფერი აქვს საერთო სოციალისტურ, საზოგადოებრივ საკუთრებასთან, სუპერეტატიზმის უპირატესობას წარმოადგენს, რადგან „ადამიანური და ფინანსური რესურსების ერთ ხელში (სახელმწიფოს) კონცენტრირების შესაძლებლობა… ექსტრემალურ სიტუაციებში უზრუნველყოფს სისტემის მაღალ სიცოცხლისუნარიანობას (როგორც ეს იყო სსრკ-ის შემთხვევაში  II მსოფლიო ომის დროს)“ (იხ.: Тарасов А. Суперэтатизм и социализм.). გარდა ამისა, სუპერეტატიზმის ღირებულება, ტარასოვის მიხედვით, ისაა, რომ იგი წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სოციალისტური რევოლუციისთვის — მსოფლიო რევოლუციისთვის, რომლის შედეგადაც უნდა ჩამოყალიბდეს უკლასო, არასახელმწიფოებრივი, არასასაქონლო, პირდაპირ დემოკრატიაზე დამყარებული საზოგადოებრივი წესრიგი — კომუნიზმი (სოციალიზმი). ცალკეულ ქვეყნებში, ანტიბურჟუაზიული რევოლუციების შედეგად შექმნილი სუპერეტატისტური რეჟიმების ამოცანაა, გახდნენ სხვა ამგვარი რევოლუციების „პლაცდარმი და ზურგის ბაზა“ და ჩამოაყალიბონ იმგვარი ადამიანის ტიპი, რომლის ფსიქოლოგია და მორალი შესაბამისობაში იქნება სოციალისტური საზოგადოების მოთხოვნილებებთან — ახალი ადამიანი, რომელიც მასობრივ დონეზე ვერ ფორმირდება კაპიტალისტურ საზოგადოებაში. დაწვრილებით იხ. ტარასოვის შემდეგი სტატიები: Суперэтатизм и социализм; Мировая революция-2; Разрушить капитализм изнутри; Не Мировая Война, а Мировая революция; Соломон Косухкин, модель бис.

[V]იგულისხმება 1937 წლის რეპრესიები, რომელთა სამიზნეც, უპირველეს ყოვლისა, პირველი თაობების ბოლშევიკები იყვნენ.

[VI]რევოლუციური სიტუაცია, რომლის კლასიკური ფორმულირებაც ეკუთვნის ლენინს, წარმოადგენს ობიექტური პირობების ერთობლიობას, რომლებიც ქმნიან რევოლუციის შესაძლებლობას. თავის ნაშრომში „II  ინტერნაციონალის კრახი“ ლენინი რევოლუციური სიტუაციის სამ ობიექტურ პირობას ჩამოთვლის: „1) შეუძლებლობა გაბატონებული კლასებისთვის — შეინარჩუნონ უცვლელი სახით თავიანთი ბატონობა; „ზედაფენების“ ესა თუ ის კრიზისი, გაბატონებული კლასების პოლიტიკის კრიზისი, რომელიც ქმნის ბზარს, რაშიც ამოხეთქავს ჩაგრული კლასების უკმაყოფილება და აღშფოთება. რევოლუციის დაწყებისთვის ჩვეულებრივ საკმარისი არ არის, რომ „ქვედაფენებს არ უნდოდეთ“ ძველებურად ცხოვრება, არამედ საჭიროა კიდევ, რომ „ზედაფენებს არ შეეძლოთ“ ძველებურად ცხოვრება. 2) ჩაგრული კლასების გაჭირვებისა და უბედურების გამწვავება ჩვეულებრივზე მეტად. 3) აღნიშნული მიზეზების გამო, მასების აქტივობის მნიშვნელოვნად გადიდება; ისინი „მშვიდობიან“ ეპოქაში მშვიდად აძარცვინებენ თავს, ხოლო მღელვარე ხანაში, როგორც კრიზისის მთელი ვითარება, ისე „ზედაფენები“ იწვევენ მათ დამოუკიდებელ ისტორიულ გამოსვლას“ (ლენინი ვ.ი. თხზულებანი, გამოცემა მეოთხე, ტ. 21. გვ. 248). მაგრამ იმისათვის, რომ რევოლუციის შესაძლებლობა იქცეს სინამდვილედ, მხოლოდ ობიექტური პირობების არსებობა არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ რევოლუციური სიტუაცია რევოლუციით დაგვირგვინდეს, უნდა არსებობდეს სუბიექტური ფაქტორიც — „რევოლუციური კლასის უნარი რევოლუციური მასობრივი მოქმედებისა, საკმარისად ძლიერისა საიმისოდ, რომ გატეხოს (ანდა შეარყიოს) ძველი ხელისუფლება, რომელიც არასდროს, კრიზისების ეპოქაშიც კი, არ წაიქცევა, თუ არ წააქცევენ“. (იქვე. გვ. 249.). 1920 წელს დაწერილ თავის ნაშრომში „მემარცხენეობის საყმაწვილო სენი კომუნიზმში“ ლენინს უფრო მეტი კონკრეტიკა შემოაქვს: პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, რევოლუციის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ „მუშების უმრავლესობამ (ან, ყოველ შემთხვევაში, შეგნებული, მოაზროვნე, პოლიტიკურად აქტიური მუშების უმრავლესობამ) სავსებით შეიგნოს გადატრიალების აუცილებლობა და მზად იყოს სიცოცხლე გასწიროს მისთვის“ (იქვე, ტ. 31. გვ. 89.).

[VII] იმიტომ რომ არ „მოუწოდებს დღეს რევოლუციისკენ და საკუთრების ფორმების შეცვლისკენ“.

[VIII]ნიკოლაი სემაშკო (1874-1949) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. პროფესიით ექიმი. 1918-1930 წლებში რსფსრ-ის ჯანდაცვის სახალხო კომისარი, საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელსაც სემაშკოს მოდელს ან სემაშკოს სისტემას უწოდებენ. აკადემიკოსი (1944). 

[IX]ფელიქს ძერჟინსკი (1877-1926) — პოლონელი რევოლუციონერი, რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, ბოლშევიკი, საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. საგანგებო კომისიის (ჩეკას) თავჯდომარე და რსფსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, სახალხო მეურნეობის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე. 1920-იანი წლების მეორე ნახევარში, პარტიასა და სახელმწიფოში ბიუროკრატიზმის ზრდითა და სსრკ-ის ეკონომიკური კურსით უკმაყოფილომ, მრავალჯერ მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება.

[X]1965 წელს ერნესტო ჩე გევარამ უარი თქვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე (ჩეს კუბას მრეწველობის მინისტრის პოსტი ეკავა), დატოვა კუბა და ჯერ აფრიკაში (კონგო) სცადა პარტიზანული ბრძოლის ორგანიზება, ხოლო შემდეგ ბოლივიაში, სადაც 1967 წელს დაიღუპა კიდეც.

[XI]კომბრიგი (რუს. Командир бригады, комбриг) — ბრიგადის მეთაური.

[XII]იხ.: გრამში ა. ინტელექტუალების ფორმირება (რუსულად; ინგლისურად). ინგლისური ენიდან შესრულებულ ქართულ თარგმანში ის ნაწილი, რომელშიც გრამში პარტიის ყოველი წევრის ინტელექტუალად განხილვის საჭიროებაზე საუბრობს, გამოტოვებულია.

[XIII]ძალიან მარტივია ამ დებულების „ბლანკიზმად“ მიჩნევა და ავტორისთვის მასების როლის უგულებელყოფის დაბრალება, მაგრამ აქ ტარასოვი — რამდენადმე უტრირებულად — მხოლოდ რევოლუციური ავანგარდის გადამწყვეტ როლს უსვამს ხაზს, რომლის მნიშვნელობაც, თანამედროვე პირობებში, მეოცე საუკუნის დასაწყისთან შედარებით, ბევრად გაიზარდა. თუმცა მხოლოდ თავისი ძალების ამარა, ფართო მასების მხარდაჭერის გარეშე, ვერავითარი ავანგარდი ვერ მოახდენს რევოლუციას.

[XIV]ჰილოტები — ძველ სპარტაში სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი გლეხების ფენა, რომელიც დამარცხებული ტომების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ჰილოტები მონებისაგან იმით გამოირჩეოდნენ, რომ გააჩნდათ თავიანთი მეურნეობა და შრომის იარაღები და არ შეიძლებოდა მათი გაყიდვა. ჰილოტები აბსოლუტურად უუფლებონი იყვნენ და სპარტელთა მხრიდან დამცირებისა და მორალური ზეწოლის ობიექტს წარმოადგენდნენ. კრიპტიები — ძვ. სპარტაში საიდუმლო სადამსჯელო ექსპედიციები, რომელთაც სახელმწიფო, ახალგაზრდა სპარტელების ხელით, პერიოდულად აწყობდა ჰილოტების წინააღმდეგ. კრიპტიების მიზანი ჰილოტების დაშინება და ახალგაზრდა სპარტელებში მონათმფლობელი მეომრებისთვის საჭირო თვისებების განვითარება იყო.

[XV]იხ. ლენინი ვ. ი. „რა ვაკეთოთ?“ // თხზულებანი, გამოცემა მეოთხე, ტ. 5.

[XVI] ფრაზა „ხელისუფლება, რომელიც ანგარიშს უწევს პროლეტარიატს“ კარლ კაუცკის ეკუთვნის: „მასობრივი გაფიცვის ამოცანა არასოდეს არ შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ დაანგრიოს სახელმწიფო ხელისუფლება, არამედ მხოლოდ იმაში, რომ დაათმობინოს მთავრობას რომელიმე გარკვეულ საკითხში ან პროლეტარიატისადმი მტრულად განწყობილი მთავრობა შესცვალოს ისეთი მთავრობით, რომელიც ანგარიშს გაუწევს მას“ (ციტ. ლენინის „სახელმწიფო და რევოლუციის“ მიხედვით. იხ.: ლენინი ვ. თხზულებანი, ტ. 25, გვ. 611.)

[XVII]იხლოვი თავის ტექსტში რფკპ-ის რეფორმიზმის გამართლებას იმ გარემოების მოხმობით ცდილობს, რომ დეინდუსტრიალიზაციის შედეგად განადგურებული მრეწველობის პირობებში, რუსეთში არ არსებობს რევოლუციური კლასი — ინდუსტრიული პროლეტარიატი. შესაბამისად, სოციალისტურ რევოლუციაზე (როგორც ჩანს, ანტიბურჟუაზიულ რევოლუციებს, როგორიც ოქტომბრის რევოლუცია იყო, იხლოვი არ ცნობს), რომელიც, მარქსის კლასიკური ფორმულის თანახმად, წარმოების საშუალებების განვითარების დონესა და არსებულ კაპიტალისტურ საწარმოო ურთიერთობებს შორის წინააღმდეგობის შედეგად უნდა დაიწყოს, იხლოვის მიხედვით, საუბარიც ზედმეტია. შემდეგ იგი სვამს შეკითხვას, რომელსაც ა. ტარასოვი ამ პასაჟში პასუხობს: „იქნებ ლენინს არ დაუწერია თავისი წიგნი „მემარცხენეობის საყმაწვილო სენი კომუნიზმში“? თუ ულტრამემარცხენეები კიდევ ერთხელ აპირებენ დაამყარონ „ხელისუფლება, რომელიც ანგარიშს უწევს პროლეტარიატს“ ნაცვლად „პროლეტარიატის ხელისუფლებისა“, რომელიც ემორჩილება მუშებს, ასრულებს მათ გონივრულ ნებას, ხელისუფლებისა, რომელშიც მოხელეების როლი დაყვანილია მუშების გონივრული მითითებების უბრალო შემსრულებელთა როლამდე?“

[XIII]საპირისპირო სტრატეგიაზე, რომელიც მსოფლიო რევოლუციაზეა ორიენტირებული იხ.: ჰობსბაუმი ე. მსოფლიო რევოლუცია; ტარასოვი ა. …გრენადელ გლეხისთვის მიგვეცა მიწა…

[XIX]წითელი დირექტორები — ამ ტერმინით მოიხსენიებენ საბჭოთა სამრეწველო და მმართველ ელიტას,  საწარმოების დირექტორებს, რომლებმაც თავიანთი თანამდებობები საბჭოთა კავშირის დროს მიიღეს და სსრკ-ის დემონტაჟისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგაც შეინარჩუნეს.

[XX]„დღესდღეობით რფკპ უკიდურესად არარევოლუციური, ტიპური საპარლამენტო პარტიაა, რომელიც, პირველ რიგში, საბჭოთა ნომენკლატურის იმ ნაწილის ინტერესებს წარმოადგენს, რომელიც 90-იანებში, სახელმწიფო საკუთრების გადანაწილებისას, „ლუკმა ამოაცალეს პირიდან“. ეკონომიკურად რფკპ ნაწილობრივ დამოკიდებულია ბიუჯეტის ფულზე, ნაწილობრივ წითელ დირექტორებზე (დაახლოებით 40 რეგიონში რფკპ არსებითად „დირექტორთა ლობის“ ბრძანებების შემსრულებელია)“ (Тарасов А. Политическая импотенция не излечима).

[XXI]ბიუროკრატ-ბურჟუაზია — ა. ტარასოვის ტერმინი, რომლითაც იგი აღნიშნავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაბატონებულ კაპიტალისტურ კლასს. ბიუროკრატია, როგორც პარაზიტული სოციალური ჯგუფი, მიდრეკილია იმისაკენ, რომ სახელმწიფო საკუთრება თავის საკუთრებად ჩათვალოს და, თუკი ამის საშუალება მიეცემა, დაეპატრონოს კიდეც მას. რასაც ვხედავთ კიდეც პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე, რომლებშიც, სსრკ-ის დემონტაჟის შემდეგ, პარტიული, სახელისუფლებო და სამეურნეო ბიუროკრატიის ნაწილი დაეუფლა სახელმწიფო საკუთრებასა და სიმდიდრეს. ბიუროკრატ-ბურჟუაზია, ტარასოვის მიხედვით, არ წარმოადგენს წმინდად პოსტსაბჭოთა მოვლენას, „ბიუროკრატ-ბურჟუაზია პოსტკოლონიური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ფენომენია, სადაც თავდაპირველად კოლონიზატორებმა შექმნეს ბიუროკრატიული ადმინისტრაცია, ხოლო მათი წასვლის შემდეგ ამ ადმინისტრაციამ ხელში ჩაიგდო კოლონიური საკუთრება“. ამდენად, ტრადიციული ბურჟუაზიისაგან განსხვავებით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უშუალოდ მონაწილეობდა საკუთრების შექმნაში და ებრძოდა ფეოდალიზმს პოლიტიკური ძალაუფლებისთვის (რაც, გარკვეულწილად, სახალხო კლასების ინტერესებშიც შედიოდა), ბიუროკრატ-ბურჟუაზიას არ გააჩნია პროგრესული წარსული. დაწვრილებით იხ.: Тарасов А. Бюрократия как социальный паразит; აგრეთვე იხ.: Тарасов А. Второе издание капитализма в России.

[XXII] ა. ტარასოვის მიერ იმ ფაქტის აღნიშვნას, რომ რფკპ „მიზნად ისახავს არა კომუნიზმს და სოციალისტურ რევოლუციას, არამედ სახელმწიფო პატერნალიზმის პოლიტიკას მოსახლეობის ღარიბი ფენების მიმართ“, ბორის იხლოვი პასუხობს: „რა თქმა უნდა, შეიძლება რფკპ-ს სახელმწიფო პატერნალიზმის პარტია ეძახო. მაგრამ რატომ არ უნდა დავასახელოთ ის სისტემა, რომელთან დაბრუნებაზეც მოუწოდებს რფკპ? ამ სისტემას ჰქვია „მე უფროსი — შენ სულელი“. ეს სისტემა არ შეცვლილა. უბრალოდ უფროსები და სულელები ბევრად მეტნი გახდნენ. უბრალოდ „დემოკრატებს“ ერთნი მოსწონთ, ხოლო „კომუნისტებს“ — სხვები… განსხვავება მათ შორის არც ისე დიდია. არავითარი კავშირი საბჭოთა სისტემას სოციალიზმთან, ანუ მუშების ძალაუფლებასთან, არ ჰქონია“.

[XXIII] იხ. კომ. IV.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *