რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველმა „ცივ ომს“ მესამე მსოფლიო ომი სუბკომანდანტე მარკოსმა უწოდა. მანვე თქვა, რომ ახლა პლანეტა დედამიწაზე მეოთხე მსოფლიო ომი მიმდინარეობს[1].
ეს თვალსაზრისი საკმაოდ დასაბუთებული ჩანს. მართლაც, არსაიდან არ გამომდინარეობს, რომ მეოთხე მსოფლიო ომი იმ ფორმით უნდა წარიმართოს, რომელიც ჩვენთვის პირველი და მეორე მსოფლიო ომების ისტორიიდან არის ცნობილი: გენერალიზებული პოზიციური ომის ფორმით, უპირატესად, მოქმედებათა ევროპულ არენაზე. ამგვარად ფიქრი ნიშნავს ა) ევროცენტრისტულ თვალსაზრისზე დადგომას და ბ) დაშვებას, რომ სამხედრო ტექნიკის, ომის ტაქტიკის, სტრატეგიისა და თეორიის განვითარება ვერსადროს გამოიწვევს თვისებრივ ნახტომს.
გარდა ამისა, ბირთვული იარაღის უზარმაზარი მარაგების არსებობის პირობებში, პრობლემურია ძველი ნიმუშების მიხედვით მსოფლიო ომის წარმოება. ნაგულისხმევია, რომ ომში უნდა იყვნენ გამარჯვებულები და დამარცხებულები. „ბირთვული ზამთრის“ შემთხვევაში, გამარჯვებულნიც დამარცხებულნი აღმოჩნდებიან.
ამგვარად, „ცივი ომი“ იყო მესამე მსოფლიო ომი, რომელიც ახალი წესების მიხედვით მიმდინარეობდა: ორი ბლოკის — დასავლურისა და აღმოსავლურის — პოლიტიკურ-იდეოლოგიურ-სამხედრო-ეკონომიკური დაპირისპირების ფორმით, დაპირისპირების, რომელიც პირდაპირი, ცხელი ომის ხასიათს იძულებით იძენდა მხოლოდ კონფლიქტის პერიფერიაზე, ვითომდა, „ლოკალური ომების“ სახით: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ანგოლაში, კონგოში (ზაირში), მოზამბიკში, პორტუგალიის გვინეაში (გვინეა-ბისაუში), ნიკარაგუაში, სალვადორში, ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ა.შ. ამასთან, ხშირად, „ცხელი ომები“ შენიღბული იყო. მაგალითად, სამოქალაქო ომი ჩილეში, რომელიც 1973 წლის გაზაფხულზე სახალხო ერთობის ხელისუფლებას მემარჯვენეებმა მოახვიეს თავს და რომელიც მთავრობის დამარცხებით დასრულდა, ჩვეულებრივ, სამოქალაქო ომად არ იწოდება. 1956 წლის უნგრეთი — გაცილებით ცხელი! — ასევე რატომღაც არ განიხილება ტიპურ „ცხელ ომად“ „ცივის“ (მესამე მსოფლიო ომის) ფარგლებში. დავამატოთ კუბა (პარტიზანული ომი ბატისტას წინააღმდეგ და პლაია-ხირონი[2]). დავამატოთ კოლუმბია, პერუ, ბოლივია, ვენესუელა, გვატემალა, არგენტინა, ურუგვაი (მე ჩამოვთვლი მხოლოდ ნაწილს იმ ქვეყნებისა, რომლებშიც მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის პარტიზანული — ანუ სამოქალაქო — ომები მიმდინარეობდა, თუმცა მაგალითები გაცილებით ბევრია და არამხოლოდ ლათინურ ამერიკაში). აუცილებლად უნდა შევიტანოთ ამ სიაში სახელმწიფო გადატრიალებები, კონტრგადატრიალებები და აგრეთვე ამბოხებებიც. სწორედ მესამე მსოფლიო ომის ლოგიკამ აიძულა საბჭოთა ხელისუფლება, სამხედრო გზით ჩაეხშო „პრაღის გაზაფხული“.
მესამე მსოფლიო ომის შედეგი ცნობილია: აღმოსავლურმა ბლოკმა წააგო, დასავლურმა — გაიმარჯვა. დამარცხებულებს, როგორც წესია, სასჯელი დაეკისრა: დანაწევრება (სსრკ, იუგოსლავია, ჩსსრ[3]) ან პირდაპირ შთანთქმა (გდრ, სდრი[4]), ეკონომიკური დესტრუქცია, რომელმაც დამარცხებული ქვეყნები გამარჯვებულებზე დამოკიდებულ პერიფერიად აქცია, კულტურული განადგურება.
თუმცა მესამე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო მეოთხე მსოფლიო ომი.
მისი ობიექტი ასევე გახდა მთელი მსოფლიო. მაგრამ ეს უკვე სხვა ომი იყო, განსხვავებული მესამესაგან მახასიათებლებითა და პარამეტრებით. ამ ომის მსვლელობაში გამარჯვებული (დასავლეთი აშშ-ის წინამძღოლობით) აპირებდა, პირველ რიგში, ეიძულებინა თავისი ბანაკის ყველა წარმომადგენელი, დათანხმებოდნენ ნეოლიბერალურ (ნეოკონსერვატიულ) იდეოლოგიას — და ტრადიციული ლიბერალებისა და სოციალ-დემოკრატების (ევროკომუნისტების) შემთხვევაში მას ეს გამოუვიდა (ამან უზრნველყო შიდა მშვიდობა, რაც ძლიერ მნიშვნელოვანია ომის დროს); მეორე, საბოლოოდ გაემყარებინა ეკონომიკურ-პოლიტიკური როლები იმპერიულ სქემაში „მეტროპოლია-პერიფერია“, რაც საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად ძარცვოს „მესამე სამყარო“; მესამე, სამაგალითოდ დაესაჯა ზოგიერთი მოწინააღმდეგე (ვთქვათ, ერაყი), და ამ მაგალითით ეიძულებინა სხვები, თამაშის ახალი წესები მიეღოთ (ლიბიასთან ამან გაჭრა); მეოთხე, დაეთრგუნა თავისი ყოფილი დამოუკიდებელი მოკავშირეები, რომელთა დამოუკიდებლობისთვისაც აქამდე ანგარიშის გაწევა უწევდა (ისლამისტი ფუნდამენტალისტები, ჩინეთი).
მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეტევითი სტრატეგიის შესაძლებლობები შეზღუდულია. ერაყმა და ავღანეთმა აჩვენეს „მუსლიმური საკითხის“ სამხედრო გზით გადაწყვეტის სიძნელე (ცნობილია, რაოდენ რთულია გუშინდელ მოკავშირესთან ომი — მას კარგად ესმის შენი, მან იცის არამხოლოდ შენი სტრატეგია და ტაქტიკა, არამედ აზროვნების მეთოდიც; ეს, მითუმეტეს, ეხება „ფრანკენშტაინის საკითხს“ — საუბარი „ალ-ქაიდაზეა“). შედეგად, პირდაპირ მტერს (ირანს) გამარჯვებულმა ხელიც კი არ ახლო! რამაც აიძულა გაურკვეველი დროით გადაედო მესამე მსოფლიო ომში თავისი მეორე მოკავშირის — ჩინეთის — „ნეიტრალიზაცია“ (ჩინეთი კი ამასობაში ძლიერდება).
დაბოლოს, ეკონომიკისა და საზოგადოების ნეოლიბერალურმა რეკონსტრუქციამ (სინამდვილეში, განადგურებამ) „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში დასავლეთი გაუთვალისწინებელ შედეგამდე მიიყვანა: „მესამე სამყაროს“ ყველაზე განვითარებულ ნაწილში — ლათინურ ამერიკაში — წინააღმდეგობის გაჩენამდე. ნეოლიბერალური კონტრრეფორმების პროცესში აქ განადგურდნენ და „იძულებით დანებდნენ“ დასავლეთთან წინააღმდეგობის ტრადიციული სტრუქტურები: მემარცხენე პარტიები და ორგანიზაციები, პროფკავშირები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა მსგავსი ინსტიტუტები. ამან შესაძლებელი გახადა, ნახევრად ლუმპენებად და პრეკარებად გადაექციათ მოსახლეობის 65-75 %, მიეღწიათ არნახული სოციალური პოლარიზაციისთვის (და გრანდიოზული ზემოგებები მიეღოთ). სწორედ ეს სასოწარკვეთილი ახალი უპოვარნი გახდნენ ის ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ახლანდელი მემარცხენე რეჟიმები (ჩავესის, მორალესის და ა.შ.) მოიყვანა, მაშინ როდესაც „ძველი მემარცხენეები“ და მათი მხარდამჭერი სოციალური ფენები („ახალი საშუალო კლასი“, მუშები, ანუ ისინი, ვინც 2/3 უპოვართა ფონზე უცაბედად პრივილეგირებული აღმოჩნდა — მარტო იმიტომაც, რომ მუდმივი სამუშაო ჰქონდა) დასავლეთის მოკავშირეების როლში გამოვიდნენ.
პირველი მსოფლიო ომი 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მეორე — 6 წელი გაგრძელდა (თუმცა უფრო გონივრული იქნება, ჩავთვალოთ, რომ ის დაიწყო ესპანეთში 1936 წელს, ანდა 1931 წელს მანჯურიაში). მესამე 42-43 წელი გაგრძელდა. ანუ ყოველი მომდევნო მსოფლიო ომის მოგება უფრო რთული იყო, ვიდრე წინამორბედისა. მეოთხე მსოფლიო ომის მოგება, რომელშიც მესამე მსოფლიო ომში გამარჯვებულს ბევრი და განსხვავებული მოწინააღმდეგე ჰყავს (და თითოეულს თავისებური მიდგომა სჭირდება), ძველი მოკავშირეები უკვე აღარ არიან, ხოლო ახალი მტრები თავად გამარჯვებულმა წარმოშვა (ისლამისტი ფუნდამენტალისტები, ახალი სოციალური მოძრაობები „მესამე სამყაროში“, პირველ რიგში, ლათინურ ამერიკაში), როგორც ჩანს, კიდევ უფრო რთული იქნება.
მეოთხე მსოფლიო ომის ინიციატორებს, რომლებმაც ის მესამეს დასრულებისთანავე დაიწყეს (ოპერაციით „უდაბნოს ქარიშხალი“[5]), დაავიწყდათ, რომ ყოველი მომდევნო ომი უარყოფს წინამორბედის შედეგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის დაწყებას აზრი არ აქვს.
14 მაისი – 4 ივნისი 2009
თარგმნა ნორიკ ბადოიანმა
რედაქციის კომენტარები
[1] იხ.: სუბკომანდანე მარკოსი, მეოთხე მსოფლიო ომი.
[2] პლაია-ხირონი — პლაჟი კუბის სამხრეთ სანაპიროზე, ღორების ყურეში, სოფელ ხირონის მახლობლად, სადაც 1961 წლის 14 აპრილს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეიარაღებული დესანტი გადმოისხა. მიზანი იყო ფიდელ კასტროს ხელისუფლების დამხობა. ბრძოლები 6 დღე გაგრძელდა და კუბის არმიამ მოახერხა ინტერვენტების დამარცხება, ტყვედ აიყვანა 1200 ჯარისკაცი, რომლებიც შემდეგ კუბის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს მედიკამენტებისა და სურსათის პარტიაში გაუცვალა.
[3] ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკა.
[4] სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა იემენი.
[5] ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“ — ამერიკისა და მისი მოკავშირე ქვეყნების საომარი მოქმედებები ერაყი-ქუვეთის ომის დროს. გაეროს მიერ სანქცირებული ეს ოპერაცია, რომელიც სხვადასხვა სამხედრო თუ არასამხედრო ობიექტების დაბომბვებს მოიცავდა, 1991 წლის 17 იანვრიდან 28 თებერვლამდე გაგრძელდა და ერაყის დამარცხებით დასრულდა.
