ეს წელი საიუბილეო თარიღია: საუკუნე სრულდება საბჭოთა კავშირის დაარსებიდან. გასული წლის დეკემებერში კი 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს მარქსისტებისა და კომუნისტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ამ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ-პოლიტიკური მოვლენის, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული სოციალური ექსპერიმენტის რაობისა და მნიშვნელობის მეცნიერული, კრიტიკული გააზრებაა. ამ მიმართულებით მსოფლიო სოციალისტურმა და მარქსისტულმა აზრმა ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ მისი კვლევა-ძიების შედეგები ჩვენთან თითქმის უცნობია (ყოველ შემთხვევაში, ისინი არ არის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე) და იდეოლოგიური ველი ძირითადად ამოვსებულია ლიბერალური, ნაციონალისტური, მემარცხენე-ცენტრისტული პროპაგანდით, რომელიც მხოლოდ ჭეშმარიტების გაყალბებას, სოციალისტური იდეოლოგიის, სოციალური რევოლუციისა და კლასობრივი თანასწორობის იდეის, მარქსიზმის დისკრედიტაციასა და, მაშასადამე, ბურჟუაზიული ჰეგემონიის განმტკიცებას, გაბატონებული უმცირსობების მიერ უმრავლესობის მატერიალური და სულიერი ჩაგვრისა და ყვლეფის შენარჩუნებასა და განმტკიცებას ემსახურება და რომელსაც სკოლის მერხიდან უბეჭდავენ ტვინებში პოსტსაბჭოთა თაობების ადამიანებს, რათა ისინი აქციონ თანამედროვე „დემოკრატიული“ სახელმწიფოს „წესიერ მოქალაქეებად“, ანუ კაპიტალისტური სისტემის პაწაწინა ჭანჭიკებად, ექსპლუატატორი უმცირესობის ინტერესთა მორჩილ მსახურებად, მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე მზრუნველ მეშჩანებად და ყველანაირად შეუშალონ ხელი თავიანთი კლასობრივი ინტერესების გაცნობიერებაში, კლასობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბურჟუაზიული სახელმწიფოს პროპაგანდის მანქანასთან შედარებით ჩვენი რესურსები ძალიან მწირია, ჩვენ, როგორც მარქსისტები და კომუნისტები, ვგრძნობთ ვალდებულებას, დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, სიცრუესა და ფალსიფიკაციას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ტოტალიტარული მეთოდებით ავრცელებდნენ და ნერგავდნენ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ სსრკ-ში ნომენკლატურის ინტერესების გამომხატველი „მარქსისტ-ლენინისტი“ იდეოლოგები, „კომუნისტებად შენიღბული მედუქნეები“, როგორც მიხაილ ლიფშიცი უწოდებდა, და შემდეგ პოსტსაბჭოთა ნეოლიბერალური ელიტების, კაპიტალისტებად ტრანსფორმირებული იმავე საბჭოთა ბიუროკრატიისა და მაფიოზების დაქირავებული ინტელექტუალები, რომელთაც რატომღაც მეცნიერები, მკვლევარები, ისტორიკოსები, ჟურნალისტები, მწერლები და ხელოვანები ჰქვიათ.
ჩვენ „კონტრჰეგემონიის“ მკითხველს დროდადრო შევთავაზებთ იმ მარქსისტი ავტორების ნაშრომთა პუბლიკაციებს, რომლებიც ოქტომბრის რევოლუციისა და სსრკ-ის ისტორიას ობიექტურად და კრიტიკულად აშუქებენ. ცხადია, ჩვენი მოტივი არა უბრალოდ თარიღზე გამოხმაურება, არამედ მნიშვნელოვანი პრობლემების დაყენებაა; ჩვენი მიზანი, ერთი მხრივ, იმ ვაკუუმის შევსებაა, რომელიც ქართული მემარცხენე სცენის სააზროვნო სივრცეში არსებობს, მეორე მხრივ კი — იმ მცდარ, იდეოლოგიურად ანგაჟირებულ, ანტიმეცნიერულ შეხედულებებთან დაპირისპირება, რომელთა პროპაგანდასაც ათწლეულების განმავლობაში ორგანიზებულად ეწევა გამარჯვებული ნეოლიბერალური წესრიგი მის ხელთ არსებული ყველა საშუალების, უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემისა და მედიის, როგორც ყველაზე მასობრივი იდეური ზემოქმედების ინსტრუმენტების, მეშვეობით. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ არანაკლებ საზიანოა მარქსიზმის და სოციალიზმის ნიღაბს ამოფარებული ის შეხედულებებიც, რომლებიც საბჭოთა კავშირის იდეალიზაციას ეწევა, ჩქმალავს მის ნაკლოვანებებს, უარყოფს მისი დეგრადაციისა და 20-იანი წლების ბოლოს ბოლშევიკური პარტიის გადაგვარების, რევოლუციის თერმიდორიზაციის (სტალინიზმის გამარჯვება) ფაქტს, წარმოადგენს სსრკ-ს სოციალიზმის განხორციელებულ ნიმუშად, მიაწერს მის დაშლას რომელიღაც მაღალი რანგის ბიუროკრატების ინდივიდუალურ ნებას, გლოვობს და დასტირის დაკარგულ კეთილდღეობას, სტაბილურობასა და ძლიერ ხელს, ოცნებობს მის აღდგენაზე, ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდეს იმ რეალურ, შიდა და გარე, ფაქტორებზე, რამაც „რეალური სოციალიზმის“ კრახი გამოიწვია. მართალია, ამგვარი წარმოდგენების მქონე ადამიანები, როგორც „კომუნისტურ მანიფესტში“ მარქსისა და ენგელსის მიერ გამასხარავებული ფეოდალური სოციალისტები, ჩვეულებრივი სამუზეუმო ექსპონატები არიან და ისტორიის მიერ კარგა ხანია სანაგვეზე არიან მოსროლილნი, მაგრამ მათი აქტიურობა ინტერნეტ სივრცეში, რომელიც ბოლო დროს შეიმჩნევა, წამლავს გამოუცდელი ახალგაზრდა ადამიანების გონებას, რომლებიც ახლად ეცნობიან სოციალისტურ აზრსა და მარქსიზმს და ჯერჯერობით არ შეუძლიათ, დამოუკიდებლად შეიმუშავონ სწორი ხედვა საბჭოთა კავშირზე, სოციალიზმზე, მარქსიზმსა და ბოლშევიზმზე და ამისთანა უფროსი „ამხანაგების“ გადამკიდე ძლიერ გაუჭირდებათ კიდეც. ამიტომ ჩვენს მიზანს აგრეთვე „სსრკ-ის მეგობრების“ — ორთოდოქსი, ნაციონალისტ-იმპერიალისტი თუ „შემოქმედებითი“ სტალინისტების, მემარცხენე პოპულისტების — პოზიციების გაქარწყლებაც წარმოადგენს.
გაყალბებისა და აღვირახსნილი ცილისწამების ობიექტი, კიდევ უფრო მეტადაც, ვიდრე სსრკ, ოქტომბრის რევოლუცია და ბოლშევიკური პარტიის პირველი წლების პოლიტიკაა, რომლის ლოგიკურ შედეგსაც ლიბერალები, რეფორმისტი „სოციალისტები“, ანარქისტები და ნამეტნავად „კრიტიკული“ „მარქსისტები“ და სტალინელი „კომუნისტები“ ერთსულოვნად სტალინიზმში ხედავენ (ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ერთნი ამას მანკიერებად, ხოლო მეორენი სათნოებად მიიჩნევენ). სტალინიზმი ოქტომბრის რევოლუციისა და ბოლშევიკური პარტიის პოლიტიკის ლოგიკური და თანმიმდევრული გაგრძელებაა, სტალინი ლენინის საქმის ჭეშმარიტი მემკვიდრეა, — უაპელაციოდ ამტკიცებენ ისინი. ამიტომ, ჩვენი ამოცანა აგრეთვე ოქტომბრის რევოლუციისა და ბოლშევიკების სახელის ირგვლივ დახვავებული სხვადასხვა იდეოლოგიური მითისა და პროპაგანდისტული ტყუილის მხილებაა.
ამ თემაზე სტატიების გამოქვეყნება ჩვენ, შეიძლება ითქვას, უკვე დავიწყეთ ნოემბერში ლენინის ორი ტექსტის პუბლიკაციით: ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტისადმი მიწერილი წერილით „მარქსიზმი და აჯანყება“, რომელშიც ლენინი ოქტომბრის გადატრიალებამდე რამდენიმე კვირით ადრე არწმუნებს მერყევ თანაპარტიელებს რუსული რევოლუციის აღმავალი ხაზის ახალ ეტაპზე, რევოლუციურ დიქტატურაზე გადასვლის საჭიროებაში და მისთვის აუცილებელი პირობების არსებობაში და რომელიც იმ გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ბოლშევიკებს „ბლანკისტებად“, „პუტჩისტებად“, სახელმწიფო გადატრიალებაზე ორიენტირებულ და მხოლოდ ძალაუფლებას მოწყურებულ „საზოგადოების მცირე ჯგუფად“ რომ წარმოაჩენს, ცხადყოფს ლენინის ხედვის სწორედ მარქსისტულ ხასიათს, რადგან რევოლუციის მარქსისტული გაგება ამოდის არა მცირე ჯგუფის მისწრაფებებიდან და ნება-სურვილიდან, არამედ ითვალისწინებს რევოლუციისთვის საჭირო ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებებს — იმგვარ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლებელი გახადა ოქტომბრის რევოლუცია (ეს გარემოებები უცხადესად არის აღწერილი „მარქსიზმსა და აჯანყებაში“ და ამიტომ აქ აღარ გავიმეორებთ); „ოქტომბრის რევოლუციის ოთხი წლისთავისთვის“ აღწერს რა ბოლშევიკური რევოლუციის ობიექტურ შინაარსსა და მნიშვნელობას, ამავდროულად დაუფარავად საუბრობს ბოლშევიკების შეცდომებზე და შეცდომების აღიარებისა და გაანალიზების საჭიროებაზე, სამომავლოდ მათ აღმოსაფხვრელად (ეს იმპერატივი დავიწყებას მიეცა სტალინური დიქტატურის პერიოდში).
ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ ბრიტანელი მარქსისტი ისტორიკოსის, ერიკ ჰობსბაუმის ტექსტს „მსოფლიო რევოლუცია“, რომელიც მისი წიგნის „უკიდურესობათა ეპოქა“ თავს წარმოადგენს და მოგვითხრობს ოქტომბრის რევოლუციაზე, მის გლობალურ წინაპირობებსა და შედეგებზე.
გარდა ამისა, ჩვენ ვაქვეყნებთ რუსი მარქსისტი პუბლიცისტის, სოციოლოგისა და პოლიტოლოგის ალექსანდრ ტარასოვის სტატიას „…გრენადელ გლეხისთვის მიგვეცა მიწა… “, რომელიც გვახსენებს, რომ ბოლშევიკებისა და ოქტომბრის რევოლუციის თავდაპირველი მიზანი იყო მსოფლიო რევოლუცია და არა ის ნაციონალისტურ-იმპერიული სტრატეგია, რომელიც სსრკ-ში სტალინიზმის გამარჯვებასთან ერთად დამკვიდრდა („სოციალიზმი ერთ ქვეყანაში“) და მოგვითხრობს კომუნისტურ ინტერნაციონალზე, რომელიც სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურებოდა.
დამატებით ვაქვეყნებთ საბჭოთა პოეტის, მიხაილ სვეტლოვის ლექსს „გრენადა“, რომელშიც ასახულია ოქტომბრის რევოლუციის პირველი წლების მასობრივი განწყობები — მსოფლიო რევოლუციის გამარჯვების რწმენა.
რედაქცია
მსოფლიო რევოლუცია[I]
ამავდროულად [ბუხარინმა] დაამატა: ,,მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევედით რევოლუციის იმ პერიოდში, რომელიც, შეიძლება, ორმოცდაათი წელიც გაგრძელდეს, სანამ რევოლუცია არ გაიმარჯვებს მთელ ევროპაში, ხოლო შემდეგ მთელ მსოფლიოშიც“.
არტურ რენსომი ,,ექვსი კვირა რუსეთში 1919 წელს’’ (რენსომი, 1919, გვ. 54[1])
რა საშინელებაა, კითხულობდე შელის პოემას (რომ არაფერი ვთქვათ ეგვიპტელი გლეხების 3000 წლის წინანდელ სიმღერებზე), რომელიც გმობს ჩაგვრასა და ექსპლუატაციას. ნეტავ თუ წაიკითხავენ მათ ჯერ კიდევ ჩაგვრითა და ექსპლუატაციით სავსე მომავალში და ხალხი თუ იტყვის: „მაშინაც კი…“
ბერტოლტ ბრეხტი შელის ,,ანარქიის ნიღბის’’ შესახებ 1938 წელს (ბრეხტი, 1964[2])
საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ევროპაში მოხდა რუსეთის რევოლუცია, რომელმაც კიდევ ერთხელ ასწავლა მსოფლიოს, რომ უძლიერესი დამპყრობლების მოგერიებაც კი შესაძლებელია, თუ სამშობლოს ბედი ნამდვილად მინდობილია ღარიბ, თავმდაბალ ადამიანებს, პროლეტარებს, მშრომელ ხალხს.
ეუსებიო ჯიამბონეს მე-19 ბრიგადის იტალიელი პარტიზანების კედლის გაზეთიდან (პავონე, 1991, გვ. 406[3])
რევოლუცია — კერძოდ, 1917 წლის რუსეთის რევოლუცია, რომელმაც შექმნა საბჭოთა კავშირი, 31-წლიანი ომის მეორე ეტაპზე ზესახელმწიფოდ გარდაქმნილი, ხოლო უფრო ზოგადად, რევოლუცია, როგორც ამ საუკუნის ისტორიის გლობალური მუდმივა, — მეოცე საუკუნის ომის პირმშო იყო. ზოგადად, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებს მარტოოდენ ომი როდი მიაქანებს ხოლმე გარდაუვალი კრიზისის, დაცემისა და რევოლუციისკენ. პირიქით, 1914 წლამდე, სულ მცირე, ძველი რეჟიმების მისამართით მაინც, საწინააღმდეგო მტკიცებაც კი იყო გავრცელებული. ნაპოლეონი სიმწრით ჩიოდა იმის გამო, რომ ავსტრიის იმპერატორს უდარდელად შეეძლო ასი ბრძოლის წაგება, რადგან მასაც, პრუსიის სამეფო ხელისუფლების მსგავსად, სამხედრო კატასტროფისა და მიწების ნახევარზე მეტის დაკარგვის მიუხედავად, არაფერი დაემუქრებოდა, მაგრამ თავად ნაპოლეონის ძალაუფლებას — საფრანგეთის რევოლუციის ნაყოფს, ერთადერთი მარცხიც კი უდიდეს საფრთხეს უქადდა. მაგრამ მეოცე საუკუნის ტოტალურმა ომმა ისეთი ყოვლისმომცველი და მანამდე არნახული ზიანი მიაყენა მასში მონაწილე სახელმწიფოებსა და ხალხებს, რომ მათ თითქმის გარდაუვალი დაღუპვა დაემუქრათ. მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები გამოვიდა მსოფლიო ომებიდან ისეთივე საღსალამათი, როგორიც მათში ჩართვამდე იყო (რამდენადმე უფრო გაძლიერებულიც კი). სხვა მონაწილეთათვის კი ომების დასასრული ძირფესვიან ცვლილებებს მოასწავებდა.
ისე ჩანდა, რომ ძველი მსოფლიო განწირული იყო დასაღუპავად. ძველმა საზოგადოებამ, ძველმა ეკონომიკამ, ძველმა პოლიტიკურმა სისტემამ, როგორც ერთი ჩინური გამოთქმა ამბობს, „დაკარგეს ზეცის კურთხევა“. კაცობრიობა ალტერნატივას ელოდა. 1914 წლისათვის ასეთი ალტერნატივა არსებობდა. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ამ ალტერნატივას განასახიერებდნენ სოციალისტური პარტიები, რომელთაც ზურგს საკუთარი ქვეყნების მზარდი მუშათა კლასი უმაგრებდა და რომლებიც შთაგონებულნი იყვნენ თავიანთი გამარჯვების ისტორიული გარდაუვალობის რწმენით (იხ. იმპერიის ეპოქა, თავი 5[II]). თითქოს, ერთი სიგნალის გაცემა — და ხალხი აჯანყდებოდა, კაპიტალიზმი სოციალიზმით ჩანაცვლდებოდა და ამით პირველი მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული უაზრო ტანჯვა რაღაც უკეთესით — ახალი მსოფლიოს შობის სისხლიანი ტკივილებითა და კონვულსიებით — შეიცვლებოდა. მსოფლიოსთვის ამ სიგნალის მიცემა რუსეთის რევოლუციამ, უფრო ზუსტად კი — 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკურმა რევოლუციამ, ითავა. შესაბამისად, ეს მოვლენა მეოცე საუკუნის ისტორიისთვის ისეთივე ცენტრალურ ეპიზოდად იქცა, როგორც 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია — მეცხრამეტე საუკუნისთვის. შემთხვევითი არაა, რომ ხანმოკლე მეოცე საუკუნის[III] ისტორია, ისე როგორც ამ წიგნშია წარმოდგენილი, თითქმის ემთხვევა ოქტომბრის რევოლუციის შედეგად წარმოშობილი სახელმწიფოს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
თუმცა ოქტომბრის რევოლუციამ გაცილებით უფრო ფუნდამენტური და უფრო გლობალური გავლენა იქონია მსოფლიო ისტორიაზე, ვიდრე მისმა წინამორბედმა — საფრანგეთის რევოლუციამ. თუ საფრანგეთის რევოლუციის იდეებს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ბოლშევიზმზე უფრო დიდი დღე ეწერა, 1917 წლის პრაქტიკული შედეგები 1789 წლისაზე ბევრად უფრო ფართო და გრძელვადიანი გახლდათ. ოქტომბრის რევოლუციამ წარმოშვა თანამედროვე ისტორიის უძლიერესი ორგანიზებული რევოლუციური მოძრაობა. ჰიჯრიდან პირველი საუკუნის ისლამური დაპყრობების შემდეგ ამ რევოლუციური მოძრაობის გლობალურ გავრცელებას ისტორიაში პარალელი არ მოეძებნება. პეტროგრადის ფინურ სადგურზე ლენინის ჩამოსვლიდან სულ რაღაც ოცდაათი თუ ორმოცი წლის შემდეგ კაცობრიობის ერთი მესამედი ისეთ სახელმწიფო წყობებში ცხოვრობდა, რომლებიც პირდაპირ იღებდა სათავეს იმ „ათი დღიდან, რომელმაც შეძრა სამყარო“ (ჯონ რიდი, 1919[4]) და ლენინის ორგანიზაციული მოდელიდან — კომუნისტური პარტიიდან. მათი უმრავლესობა საბჭოთა კავშირის კვალს დაადგა რევოლუციების მეორე ტალღის დროს, 1914-45 წლებში მიმდინარე ხანგრძლივი მსოფლიო ომის მეორე ფაზიდან რომ აზვირთდა. წინამდებარე თავი ამ ორნაწილიანი რევოლუციის შესახებ მოგითხრობთ, თუმცა, ბუნებრივია, უმეტესწილად ყურადღებას ამახვილებს თავდაპირველ და განვითარების შემდგომი გზის განმსაზღვრელ, 1917 წლის რევოლუციასა და იმ თავისებურებებზე, რომლებიც მან თავის მემკვიდრეებს უანდერძა.
მართლაც, ოქტომბრის რევოლუციამ შემდგომ მოწყობილ რევოლუციებზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
I
„ხანმოკლე მეოცე საუკუნის“ უდიდესი ნაწილის განმავლობაში საბჭოთა კომუნიზმი საკუთარ თავს წარმოაჩენდა კაპიტალიზმის ალტერნატივად და მასზე უპირატეს ისეთ სისტემად, რომელსაც კაპიტალიზმის დამარცხება ისტორიულად ჰქონდა გარანტირებული. ამ პერიოდის დიდი მონაკვეთის განმავლობაში მათაც კი, ვინც არ იზიარებდა აზრს კაპიტალიზმთან შედარებით საბჭოთა კავშირის უპირატესობაზე, შესაძლებლად მიაჩნდა მისი გამარჯვება. ოქტომბრის რევოლუციიდან მოყოლებული, მთელი „ხანმოკლე მეოცე საუკუნის“ საერთაშორისო პოლიტიკა — 1933-45 წლების (იხ. თავი 5) მნიშვნელოვანი პერიოდის გამოკლებით — ყველაზე უკეთ, შეგვიძლია, გავიგოთ, როგორც ძველი წესრიგის ძალთა საუკუნოვანი ბრძოლა სოციალური რევოლუციის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელის განსახიერება, მთავარი მოკავშირე ან არსებობის პირობა კი, გავრცელებული შეხედულების თანახმად, საბჭოთა კავშირი და საერთაშორისო კომუნიზმი გახლდათ.
„ხანმოკლე მეოცე საუკუნის“ მსვლელობასთან ერთად, წარმოდგენა მსოფლიო პოლიტიკაზე, როგორც ორი დაპირისპირებული სოციალური სისტემის დუელზე (რომელთაგან თითოეული 1945 წლის შემდეგ მასობრივი განადგურების იარაღის მქონე ზესახელმწიფოების ირგვლივ დაირაზმა), სულ უფრო არარეალისტური ხდებოდა. 1980-იანი წლებისთვის ეს წარმოდგენა საერთაშორისო პოლიტიკისთვის ისეთივე შეუფერებელი იყო, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობები. თუმცა კი შეგვიძლია ავხსნათ, საიდან გაჩნდა ასეთი შეხედულება. ოქტომბრის რევოლუცია, კიდევ უფრო სრულიად და უკომპრომისოდ, ვიდრე საფრანგეთის რევოლუცია იაკობინური დიქტატურის პერიოდში, თავს არა იმდენად ეროვნულ, რამდენადაც საკაცობრიო მოვლენად თვლიდა. რუსეთის რევოლუცია მოხდა არა იმისათვის, რომ რუსეთისთვის მოეტანა თავისუფლება და სოციალიზმი, არამედ იმისათვის, რომ მოეტანა მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია. ლენინისთვის და მისი ამხანაგებისთვის ბოლშევიზმის გამარჯვება რუსეთში, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავდა ერთ ბრძოლას იმ კამპანიაში, რომელსაც ბოლშევიზმისთვის მსოფლიო მასშტაბით უნდა მოეპოვებინა გამარჯვება. სხვაგვარად, ცალკე აღებულს, თითქმის არ ექნებოდა გამართლება.
იმას, რომ მეფის რუსეთი მომწიფებულიყო რევოლუციისთვის, სავსებით იმსახურებდა მას და, რომ ასეთი რევოლუცია აუცილებლად დაამხობდა ცარიზმს, მსოფლიო სცენის ყველა გონიერი დამკვირვებელი ჯერ კიდევ 1870-იანი წლებიდან აღიარებდა (იხ. იმპერიის ეპოქა, თავი 12). 1905-6 წლების შემდეგ, როცა რუსეთის რევოლუციამ ცარიზმი მართლაც მუხლებზე დააჩოქა, მის გარდაუვალობაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარებოდა. მართალია, ზოგიერთი ისტორიკოსი რეტროსპექტულად ამტკიცებს, რომ მეფის რუსეთი — რომ არა პირველი მსოფლიო ომი და ბოლშევიკური რევოლუცია — აყვავებულ ლიბერალურ-კაპიტალისტურ ინდუსტრიულ საზოგადოებად გადაიქცეოდა და ადგა კიდეც ამ გზასო, მაგრამ 1914 წლამდე მოვლენათა ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. მართლაც, ცარისტული რეჟიმი, ტრადიციულად გაუბედავი და უუნარო, რომელსაც ჯერაც არ მოშუშებოდა 1905 წლის რევოლუციისაგან მიყენებული ჭრილობები, კიდევ ერთხელ გაამათრახა საზოგადოებრივი უკმაყოფილების სწრაფად აზვირთებულმა ტალღამ. არმიის, პოლიციისა და ბიუროკრატიის ერთგულების მიუხედავად, ომის დაწყებამდე რუსეთი კვლავ რევოლუციური აფეთქების პირას იდგა. პირველ მსოფლიო ომში მონაწილე სხვა ქვეყნების მსგავსად, ომისგან გამოწვეულმა მასობრივმა ენთუზიაზმმა და პატრიოტიზმმა აქაც განმუხტა დაძაბული პოლიტიკური ვითარება, თუმცა — მცირე ხნით. 1915 წლისთვის მეფის რუსეთი კვლავ დაუძლეველი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. შესაბამისად, იმაზე უფრო ნაკლებ საკვირველი და უფრო ნაკლებ მოულოდნელი არაფერი იყო, ვიდრე 1917 წლის მარტში[5] მომხდარი რევოლუცია, რომელმაც მონარქია დაამხო და რომელსაც მთელი დასავლური პოლიტიკური აზრი მიესალმა, ყველაზე ხისთავიან კონსერვატორ რეაქციონერებს თუ არ ჩავთვლით.
და მაინც, იმ რომანტიკოსების გამოკლებით, ვინც პირდაპირ გზას ხედავდა რუსეთის სოფლის კოლექტივიზმიდან სოციალიზმამდე[IV], ყველასთვის თანაბრად ცხადი იყო, რომ რუსული რევოლუცია ვერ და არ იქნებოდა სოციალისტური. ასეთი ტრანსფორმაციისთვის საჭირო პირობები არ არსებობდა აგრარულ სახელმწიფოში, რომელიც სიღარიბის, გაუნათლებლობისა და ჩამორჩენილობის განსახიერებას წარმოადგენდა და სადაც ინდუსტრიული პროლეტარიატი, მარქსის მიერ კაპიტალიზმის მესაფლავედ წოდებული, მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო, თუმცა სტრატეგიულად ლოკალიზებულ, უმცირესობას წარმოადგენდა. ამ ხედვას თავად რუსი მარქსისტი რევოლუციონერებიც იზიარებდნენ. თავისთავად, ცარიზმისა და მსხვილი მიწათმფლობელობის დამხობა, გამოიწვევდა მხოლოდ „ბურჟუაზიულ რევოლუციას“ — და მისგან მეტს ვერც ვერაფერს ელოდნენ. ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის კი გაგრძელდებოდა კლასობრივი ბრძოლა (რომელსაც, მარქსის მიხედვით, ერთადერთი შედეგი შეიძლება ჰქონდეს) ახალ პოლიტიკურ ვითარებაში. რუსეთი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა იზოლირებული, და რევოლუციას ამ უზარმაზარ ქვეყანაში, რომელიც იაპონიიდან გერმანიის საზღვრებამდე იყო გადაჭიმული, და რომლის ხელისუფლებაც ერთ-ერთი იყო იმ თითებზე ჩამოსათვლელ „დიად ძალებს“ შორის, მსოფლიო ვითარებას რომ განაგებენ, ბუნებრივია, არ შეიძლება, არ გამოეწვია ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ძვრები. თავად კარლ მარქსი, თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში, იმედოვნებდა, რომ რუსეთის რევოლუცია ითამაშებდა ერთგვარი დეტონატორის როლს, რომელიც ბიძგს მისცემდა რევოლუციას ინდუსტრიულად უფრო განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში, სადაც პროლეტარული რევოლუციისათვის საჭირო წინაპირობები უკვე არსებობდა. როგორც დავინახავთ, პირველი მსოფლიო ომის ბოლოსკენ ისეთი მდგომარეობა იყო შექმნილი, თითქოს ყველაფერი სწორედ ასე უნდა მომხდარიყო.
მხოლოდ ერთი სირთულე იდგა. თუკი რუსეთი არ იყო მზად მარქსისტების პროლეტარული სოციალისტური რევოლუციისათვის, ის არც ლიბერალურ-ბურჟუაზიული რევოლუციისთვის იყო მზად. იმათაც კი, ვისაც ამაზე მეტის მიღწევის იმედი არ ჰქონდა, საამისოდ ისეთი გზის პოვნა მოუწევდათ, რომელიც არ დაეყრდნობოდა სუსტსა და მცირერიცხოვან რუსულ ლიბერალურ საშუალო კლასს, იოტისოდენა უმცირესობას, რომელსაც არ გააჩნდა არც მორალური სტატუსი, არც სახალხო მხარდაჭერა და არც წარმომადგენლობით ხელისუფლებაში მოღვაწეობის ინსტიტუციური ტრადიცია. კადეტები, ბურჟუა ლიბერალების პარტია, 1917-1918 წლების თავისუფლად არჩეულ (და მალევე დაშლილ) კონსტიტუციურ ასამბლეაში 2.5%-ზე ნაკლებ იყვნენ წარმოდგენილნი. ამიტომ ან ბურჟუაზიულ ლიბერალურ რუსეთს დასჯერდებოდნენ მუშათა და გლეხთა აღზევებული მასები, რომლებსაც მისი არც რა გაეგებოდათ და არც რა ენაღვლებოდათ, იმ რევოლუციური პარტიების წინამძღოლობით, რომლებსაც სულ სხვა მიზნის მიღწევა ეწადათ, ან — და ეს უფრო სავარაუდო იყო — რევოლუციური ძალები რევოლუციის ბურჟუაზიულ-ლიბერალურ საფეხურს გასცდებოდნენ და მიადგებოდნენ უფრო რადიკალურ ფაზას („პერმანენტულ რევოლუციას“, მარქსის მიერ გამოყენებული და 1905 წლის რევოლუციის დროს ახალგაზრდა ტროცკის მიერ გაცოცხლებული სიტყვებით რომ ვთქვათ[V]). 1917 წელს, ლენინმა, რომელიც 1905 წელს ლიბერალურ-დემოკრატიულ რუსეთზე მეტს არ იმედოვნებდა[VI], თავიდანვე შენიშნა, რომ რუსულ რევოლუციურ დოღში ლიბერალური ცხენი არ მონაწილეობდა. და ეს რეალისტური შეფასება იყო. თუმცა 1917 წელს მისთვისაც, ისევე, როგორც ყველა რუსი თუ არარუსი მარქსისტისთვის, ნათელი იყო, რომ რუსეთში სოციალისტური რევოლუციის პირობები არ არსებობდა. რუსეთში მყოფი მარქსისტი რევოლუციონერების აზრით, მათი რევოლუცია სხვაგან უნდა გავრცელებულიყო.
და მართლაც, არაფერი ისე რეალურად არ გამოიყურებოდა, როგორც მოვლენათა ასეთი განვითარება, რადგან პირველი მსოფლიო ომი, განსაკუთრებით ომში დამარცხებულ სახელმწიფოებში, პოლიტიკური წყობის საყოველთაო დაცემითა და რევოლუციური კრიზისით დასრულდა. 1918 წელს, დამარცხებული ძალების ოთხივე მმართველი (გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთში, თურქეთსა და ბულგარეთში) გამოემშვიდობა საკუთარ ტახტს, რუსეთის მეფე კი, გერმანიასთან დამარცხების შემდეგ ჯერ კიდევ 1917 წელს გადამდგარიყო. უფრო მეტიც, სოციალურმა არეულობამ, რომელმაც იტალიაში თითქმის რევოლუციას მიაღწია, ევროპის ომში მონაწილე გამარჯვებული სახელმწიფოებიც კი მძლავრად შეარყია.
როგორც დავინახეთ, მასობრივი ომის არნახულმა წნეხმა მუხლებზე დააჩოქა დაპირისპირებულ მხარეებზე მდგარი საზოგადოებები. ომის დაწყებასთან ერთად აღზევებული პატრიოტიზმის ტალღა განელდა. 1916 წლისთვის ომით მოგვრილი დაქანცულობა დაუსრულებელი და უშედეგო ხოცვა-ჟლეტის მიმართ პირქუშ და მდუმარე წინააღმდეგობაში გადაიზარდა. თუ ომის მოწინაამღდეგეები 1914 წელს უმწეოდ და ყველასგან განცალკევებით იდგნენ, 1916 წლისთვის, ისინი გრძნობდნენ, რომ უმრავლესობის სათქმელს ამბობდნენ. მდგომარეობის დრამატული ცვლილება მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც 1916 წლის 28 ოქტომბერს, ფრიდრიხ ადლერმა, ავსტრიული სოციალისტური პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის შვილმა, ვენის კაფეში — ეს იქამდე იყო, სანამ დაცვის სამსახური გაჩნდებოდა — განზრახ, ცივსისხლიანად მოკლა ავსტრიის პრემიერ-მინისტრი, გრაფი შტურგხი. ეს იყო საჯარო ჟესტი ომის წინააღმდეგ.
ომის საწინაამღდეგო განწყობამ თავისთავად გაზარდა პოლიტიკური სტატუსი სოციალისტებისა, რომლებიც სულ უფრო მეტად უბრუნდებოდნენ 1914 წლამდელ ანტისაომარ პოზიციას. თუმცა ზოგი პარტია (მაგ., რუსეთში, სერბეთში და ბრიტანეთის დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტია) არც არასდროს წყვეტდა ომისადმი წინააღმდეგობას და იმ შემთხვევებშიც კი, როცა სოციალისტური პარტიები მხარს უჭერდნენ ომს, თავისივე რიგებში აწყდებოდნენ ყველაზე დაუნდობელ კრიტიკოსებს.[6] ამავე დროს, ომში მონაწილე ქვეყნების იარაღის მწარმოებელ ინდუსტრიათა მშრომელების ორგანიზებული მოძრაობები როგორც ინდუსტრიული, ისე ანტისაომარი ბრძოლების ცენტრებად გადაიქცნენ. ქარხნების პროფკავშირთა ქვედა ეშელონის აქტივისტები, კვალიფიციური მუშახელი, გამობრძმედილნი მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებში, (“shops stewards” ბრიტანეთში, “betriebsobleute” გერმანიაში[VII]) რადიკალიზმის სინონიმურ სიტყვებად იხმარებოდნენ. მცურავი საწარმოებისგან[VIII] ოდნავ განსხვავებული, ახალი მაღალტექნოლოგიური სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელოსნოები და სამხედრო მექანიკოსებიც იმავე გზას ადგნენ. როგორც რუსეთის, ისე გერმანიის უმთავრესი სანაოსნო ბაზები (კრონშტადტი და კიელი) რევოლუციის უმთავრეს ცენტრებად იქცა. მოგვიანებით, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, 1918-1920 წლებში, სწორედ შავ ზღვაში მყოფი ფრანგული ფლოტის ამბოხებამ შეუშალა ხელი ფრანგების სამხედრო ინტერვენციას ბოლშევიკების წინაამღდეგ. ანტისაომარმა აჯანყებამ, ამდენად, დაისახა მიზანი და შეიძინა მოქმედების უნარი. შემთხვევითი არაა, რომ ავსტრო-უნგრელმა ცენზორებმა, რომლებიც ჯარისკაცების წერილების ამოწმებდნენ, შენიშნეს, როგორ შეიცვალა განწყობა. „ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს’’ ჩაანაცვლა ფრაზებმა: „საკმარისია, გვეყოფა!“ ან „ამბობენ, სოციალისტები დაამყარებენ მშვიდობასო“.
მაშასადამე, გასაკვირი არაა, რომ, ისევ ჰაბსბურგების ცენზორების მიხედვით, რუსეთის რევოლუცია მსოფლიო ომის შემდეგ პირველი მოვლენა იყო, რომელმაც მუშათა და გლეხთა ცოლების წერილებშიც კი ჰპოვა გამოხმაურება. არც ისაა გასაკვირი, რომ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოქტომბრის რევოლუციამ ლენინს და ბოლშევიკებს მიანიჭა ძალაუფლება, მშვიდობისა და სოციალური რევოლუციის ნატვრა ერთმანეთს შეერთო: 1917 წლის ნოემბრიდან 1918 წლის მარტამდე ცენზურის ქვეშ გატარებული წერილების ერთი მესამედი მშვიდობის დამყარებას რუსეთისაგან, მეორე მესამედი — რევოლუციისაგან, ხოლო 20% მშვიდობას ორივე მათგანის, რუსეთისა და რევოლუციის ერთობისგან ელოდა. რუსეთის რევოლუციას რომ საერთაშორისო მასშტაბით უდიდესი შედეგები მოჰყვებოდა, ყოველთვის ნათელი იყო — პირველმაც კი, 1905-6 წლების რევოლუციამ, შეარყია იმ დროისთვის ჯერ კიდევ შემორჩენილი უძველესი იმპერიები, ავსტრია-უნგრეთიდან დაწყებული, თურქეთის, სპარსეთისა თუ ჩინეთის ჩათვლით (იხ. იმპერიის ეპოქა, თავი 12). 1917 წლისთვის მთელი ევროპა ცეცხლის მოსაკიდებლად გამზადებული საზოგადოებრივი ნაღმების გროვად ქცეულიყო.
II
სოციალური რევოლუციისთვის მომწიფებული, ომით გადაღლილი და დამარცხების პირას მისული რუსეთი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეჟიმთაგან პირველი იყო, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის წნეხსა და სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩამოიშალა. აფეთქებას ყველა ელოდა, თუმცა წინასწარ ვერავინ ვერ ხვდებოდა, როდის და რა ვითარებაში გააქტიურდებოდა პირველი ნაღმი. თებერვლის რევოლუციამდე რამდენიმე კვირით ადრე, შვეიცარიაში გადასახლებაში მყოფ ლენინს ისევ საეჭვოდ ეჩვენებოდა, რომ საერთოდ მოესწრებოდა რევოლუციას. მეფის ხელისუფლება მაშინ ჩამოიშალა, როდესაც მუშათა კლასის ქალთა დემონსტრაცია (სოციალისტური მოძრაობის ტრადიციულ „ქალთა დღეს“ — 8 მარტს) პუტილოვის ფოლადის ქარხნის მეტალურგებთან, სახელგანთქმულ მებრძოლებთან[IX], ერთად გამოვიდა ქუჩაში, მარშზე, რათა მასშტაბური გაფიცვითა და გაყინული მდინარის გადალახვის შემდეგ დედაქალაქის ცენტრის დაკავებით ხელისუფლებისგან პური მოეთხოვა. რეჟიმის უმწეობა მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც მეფის რაზმებმა, მანამდე ყოველთვის ერთგულებით გამორჩეულმა კაზაკებმაც კი, ჯერ იყოყმანეს, შემდეგ კი უარი თქვეს დემონსტრანტების დარბევაზე და ხალხთან დაძმობილება დაიწყეს. ოთხ ქაოტურ დღეს მათი აჯანყება და მეფის გადადგომა მოჰყვა. მონარქია უნდა ჩაენაცვლებინა ლიბერალურ „დროებით მთავრობას“, რომელსაც მხარს უჭერდნენ და თანაუგრძნობდნენ რუსეთის დასავლელი პარტნიორები, იმით დამფრთხალნი, ვაითუ სასოწარკვეთილი ცარისტული რეჟიმი ომიდან გამოსულიყო და დამოუკიდებლად დაედო ზავი გერმანიასთან. ქუჩის ოთხმა სპონტანურმა და ულიდერო დღემ ბოლო მოუღო იმპერიას[7]. უფრო მეტიც, რუსეთი უკვე იმდენად იყო რევოლუციისათვის მომზადებული, რომ მეფის ჩამოგდება პეტროგრადის მასებმა საყოველთაო მშვიდობად, თანასწორობად და პირდაპირ დემოკრატიად აღიქვეს. ლენინის არაჩვეულებრივი მიღწევა ის გახლდათ, რომ ეს უკონტროლო ანარქიული სახალხო წინაამღდეგობა ბოლშევიკურ ძალაუფლებაში გადაზარდა.
ასე რომ, ლიბერალური და დასავლური ორიენტაციის მქონე კონსტიტუციური რუსეთის ნაცვლად, რომელსაც გერმანელების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, წარმოიშვა რევოლუციური ვაკუუმი — ერთი მხრივ, უმწეო „დროებითი მთავრობა“ და, მეორე მხრივ, სოკოებივით ყველგან აღმოცენებული უთავალავი სახალხო „საბჭო“[8]. მართალია, ამ საბჭოებს რეალური ძალაუფლება, ან სულ მცირე, ვეტოს უფლება მაინც გააჩნდათ ადგილობრივ დონეზე, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ეყოთ მისთვის, რისი გაკეთება შეეძლოთ და რა უნდა გაკეთებულიყო. ბევრი რევოლუციური პარტია და ორგანიზაცია — ბოლშევიკი და მენშევიკი სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-რევოლუციონერები და სხვა უფრო მცირე მემარცხენე ჯგუფები, არალეგალური საქმიანობიდან წარმომდგარნი, — ცდილობდა ამ საბჭოებში ფეხის მოკიდებას, რათა მათი მართვა და საკუთარ პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა შეძლებოდათ, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ ლენინი აღიქვამდა მათ ხელისუფლების ალტერნატივად („მთელი ძალაუფლება საბჭოებს“). მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ, როდესაც მეფის რუსეთი დაემხო, რუსი ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილი უწყოდა, რას გულისხმობდა რევოლუციურ პარტიათა სახელწოდებები ან, მაშინაც კი, როცა ამაში ერკვეოდნენ, მაინც ვერ ასხვავებდნენ ერთმანეთისგან მეტოქე პარტიათა მოთხოვნებს. ერთადერთი, რაც კარგად იცოდნენ, ის იყო, რომ ვეღარ შეეგუებოდნენ თვითმპყრობელობას, მათ შორის იმ რევოლუციონერებისას, რომლებსაც ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ყველაფერი სხვებზე უკეთ ესმოდათ.
ქალაქის ღარიბი მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა იყო პური, ხოლო მათ შორის მყოფი მუშებისა — უკეთესი ხელფასი და შემცირებული სამუშაო საათები. რუსების 80%, რომელიც სოფლის მეურნეობით საზრდოობდა, როგორც ყოველთვის, მიწას ითხოვდა. ყველას ერთად კი ომის დასრულება სურდა. თავდაპირველად, მეომარი გლეხები, ვისგანაც არმიის ძირითადი ნაწილი შედგებოდა, იმდენად ომის კი არა, რამდენადაც მკაცრი დისციპლინის და მაღალი სამხედრო წოდებისაგან შეუბრალებელი მოპყრობის წინააღდეგ იბრძოდნენ. სლოგანმა „პური, თავისუფლება, მიწა“ მალევე მოუტანა მხარდაჭერა მის გამავრცელებელ ძალებს, განსაკუთრებით, ლენინს და ბოლშევიკებს. მათი შემადგენლობა, 1917 წლის მარტში რომ სულ რამდენიმე ათასს ითვლიდა, იმავე წლის ზაფხულის დასაწყისში მეოთხედ მილიონამდე გაიზარდა. ცივი ომის მითოლოგიის საპირისპიროდ, რომელშიც ლენინი არსებითად წარმოჩენილი იყო, როგორც გადატრიალებების ორგანიზატორი, მისი და ბოლშევიკების რეალური ნიჭი გახლდათ ხალხის სურვილის ამოცნობა — წინ გაძღოლა უკან გაყოლით. მაგალითად, როდესაც გლეხებმა, სოციალისტური პროგრამის საპირისპიროდ, მოითხოვეს მიწის საოჯახო ფერმებად გადანაწილება, ლენინს არც უყოყმანია, ისე გადაიყვანა ბოლშევიკები ეკონომიკური ინდივიდუალიზმის ამ ფორმის მხარდამჭერთა რიგებში.
ამის საპირისპიროდ კი, დროებით მთავრობასა და მის მხარდამჭერებს უჭირდათ იმის აღიარება, რომ არ შეეძლოთ რუსეთში თავიანთი კანონების და დეკრეტების ამოქმედება. როდესაც ბიზნესმენებმა და მენეჯერებმა სცადეს შრომითი დისციპლინის აღდგენა, ამით მხოლოდ ხელი შეუწყვეს მუშების უფრო მეტად რადიკალიზებას. როდესაც დროებითმა მთავრობამ 1917 წლის ივნისში სცადა, არმია მორიგ სამხედრო იერიშზე გადაეყვანა, მეომარ გლეხებს ყელში ამოუვიდათ და უკან, თავიანთ სოფლებში გაბრუნდნენ, თავისიანებთან ერთად მიწების გადანაწილებას რომ შესდგომოდნენ. რევოლუციაც ასე მოედო ქვეყანას — იმ მატარებლებს გაჰყვა, შინისაკენ რომ მიაქროლებდა ჯარისკაცებს. მიუხედავად იმისა, რომ დროებითი მთავრობის დასამხობად სიტუაცია ჯერ კიდევ არ მომწიფებულიყო, ზაფხულიდან მოყოლებული უფრო აჩქარდა რადიკალიზაციის ტემპი როგორც ჯარში, ისე მთავარ ქალაქებში, რაც ყველაზე მეტად ხელს ბოლშევიკებს აძლევდა. გლეხობა უზარმაზარ მხარდაჭერას უცხადებდა ნაროდნიკების მემკვიდრეებს (იხ. კაპიტალის ეპოქა, თავი 9), სოციალისტ-რევოლუციონერებს, რომლებიც სულ უფრო რადიკალურ მემარცხენე იდეებს ავითარებდნენ და ამით ბოლშევიკებს უახლოვდებოდნენ, რომელთაც შეუერთდნენ კიდეც მცირე ხნით ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბებულ მთავრობაში.
მას შემდეგ, რაც მთავარ რუსულ ქალაქებში, განსაკუთრებით დედაქალაქ პეტროგრადში, მოსკოვში, არმიაშიც კი, იმ დროისთვის არსებითად მუშათა პარტიამ, ბოლშევიკებმა, შეადგინა უმრავლესობა, დროებითი მთავრობა სულ უფრო დაიჩრდილა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას მონარქისტი გენერლების მიერ აგვისტოში მომზადებული კონტრრევოლუციური გადატრიალების აღსაკვეთად დედაქალაქის რევოლუციური ძალებისთვის დახმარების თხოვნა მოუხდა. რადიკალ მხარდამჭერთა რიგების უეცარი გაფართოება ბოლშევიკებს განუხრელად მიაქანებდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისაკენ. ფაქტობივად, როდესაც საჭირო მომენტი დადგა, მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება კი არა, უბრალოდ ხელში აღებაღა დარჩენოდათ. ამბობენ, რომ ეიზენშტეინის ფილმ „ოქტომბრის“ (1927) გადაღებისას უფრო მეტი ადამიანი დაშავდა, ვიდრე 1917 წლის 7 ნოემბერს ზამთრის სასახლის აღებისას. უქომაგოდ დარჩენილი დროებითი მთავრობა კი სულ მალე უბრალოდ ჰაერში გაუჩინარდა.
იმ წუთიდან, რაც დროებითი მთავრობის დაცემა უეჭველი შეიქნა, დღემდე, ოქტომბრის რევოლუცია მუდმივი პოლემიკის საგნადაა ქცეული. ეს პოლემიკა უმეტესწილად არასწორად მიმდინარეობს. საკითხავი ის კი არაა, როგორც ანტიკომუნისტი ისტორიკოსები ამტკიცებენ, პუტჩი მოაწყო თუ გადატრიალება არსებითად ანტიდემოკრატმა ლენინმა, არამედ ის, თუ ვინ ან რა უნდა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა დროებითი მთავრობის მარცხს. ლენინი ადრეული სექტემბრიდანვე ცდილობდა პარტიის მერყევი წევრები დაერწმუნებინა არა მხოლოდ იმაში, რომ თუ ერთი ხელის გაწვდენაზე მდებარე ძალაუფლებას გეგმაზომიერი მოქმედებით არ დაეუფლებოდნენ, ის მარტივად დაუსხლტებოდათ, არამედ — არანაკლებ გულმხურვალედ — იმ კითხვაზე პასუხშიც „შეინარჩუნებენ თუ არა ბოლშევიკები სახელმწიფო ხელისუფლებას?“[X] მართლაც, რა უნდა ეღონა ვინმეს რევოლუციური რუსეთის ვულკანური ამოფრქვევის სამართავად? ლენინის ბოლშევიკური პარტიის გარდა არცერთი ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არ იყო მზად, რომ ეს პასუხისმგებლობა დამოუკიდებლად გაეაზრებინა და როგორც ლენინის ბროშურა მოწმობს, არც მის პარტიაში ყოფილა ყველა მასავით მიზანდასახული. პეტროგრადში, მოსკოვსა და ჩრდილოეთის არმიებში შექმნილი ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ძალაუფლების დაუყოვნებლივ დაუფლების ხანმოკლე შესაძლებლობების გამოყენება სჯობდა, თუ მოვლენათა შემდგომი განვითარებისთვის მოცდა, არ იყო მარტივად საპასუხო კითხვა. სამხედრო კონტრრევოლუცია სულ ცოტა ხნის წინათ დაწყებულიყო. უიმედო მთავრობას, შესაძლოა, ერჩია, რომ პეტროგრადი ჩრდილოეთ საზღვართან, დღევანდელ ესტონეთში, დედაქალაქიდან სულ რამდენიმე მილის დაშორებით განლაგებული გერმანული ჯარისათვის ჩაებარებინა, ვიდრე გზა საბჭოებისთვის მიეცა. ლენინი არასოდეს არ ერიდებოდა მწარე სიმართლისთვის თვალებში ჩახედვას. თუ ბოლშევიკები ვერ გამოიყენებენ მომენტს, ,,ნამდვილი ანარქიის ტალღა შეიძლება ჩვენზე ძლიერი გახდეს“, — წერდა ის. ლენინის ბოლო არგუმენტს არ შეეძლო მისი პარტია არ დაერწმუნებინა. თუ რევოლუციური პარტია არ იგდებდა ხელთ ძალაუფლებას იმ დროს, როდესაც ამას ხელსაყრელი შემთხვევა და მასები ითხოვდნენ, მაშინ რა განასხვავებდა მას არარევოლუციური პარტიისაგან?
პრობლემური კი გრძელვადიანი პერსპექტივა ჩანდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ პეტროგრადსა და მოსკოვში აღებული ძალაუფლება დანარჩენ რუსეთში გავრცელდებოდა და იქ არსებული ანარქიისა და კონტრრევოლუციის დაძლევით შენარჩუნდებოდა კიდეც. თავად ლენინის პროგრამა, რომლის მიხედვითაც ახალ საბჭოთა (უპირველესად, ბოლშევიკური პარტიის) ძალაუფლებას „რუსეთის რესპუბლიკის სოციალისტური გარდაქმნა“ უნდა განეხორციელებინა, თავისი არსით რისკზე წასვლას გულისხმობდა იმისთვის, რომ რუსული რევოლუცია მსოფლიო, ან უკიდურეს შემთხვევაში ევროპულ, რევოლუციაში გადაზრდილიყო. ვინ წარმოიდგენს, რომ სოციალიზმის გამარჯვება შესაძლებელია სხვაგვარად, „თუ არა როგორც რუსეთის, ისე ევროპის ბურჟუაზიის სრული დაღუპვით?“ — ხშირად კითხულობდა ის. თუმცა რეალურად, ბოლშევიკების უმთავრესი და ერთადერთი პრაქტიკული ამოცანა იმ მომენტისათვის ხელისუფლების შენარჩუნება იყო. ახალმა წესწყობილებამ მცირე რამ გააკეთა სოციალიზმისათვის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის თავის მიზნად გამოაცხადა, ბანკების ნაციონალიზაცია მოახდინა, საწარმოებზე „მუშათა კონტროლი“ შემოიღო, რითაც უბრალოდ ოფიციალური სახე მისცა იმას, რასაც მშრომელები რევოლუციის შემდეგ ისედაც აკეთებდნენ და ამავდროულად მოუწოდებდა მათ, წარმოება გაეგრძელებინათ. ამის გარდა მათთვის მეტი სათქმელი ახალ რეჟიმს არაფერი ჰქონდა[9].
ახალი წყობა შენარჩუნდა. ის გადაურჩა დიდი ზარალის მომტან ზავს, რომელიც გერმანიისგან იძულებულმა დადო ბრესტ-ლიტოვსკში, თავად გერმანელების დამარცხებამდე რამდენიმე თვით ადრე და რომლის შედეგადაც რუსეთს ჩამოშორდა პოლონეთი, ბალტიისპირეთის პროვინციები, უკრაინა, სამხრეთ და დასავლეთ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე de facto სამხრეთ კავკასია (უკრაინა და სამხრეთ კავკასია მოგვიანებით კვლავ აღიდგინა). ვერც მოკავშირეებმა მონახეს რამე მიზეზი, მეტი დიდსულოვნება გამოეჩინათ იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მსოფლიო რყევების ცენტრს წარმოადგენდა. საბჭოების წინააღმდეგ მათი დაფინანსებით სხვადასხვა კონტრრევოლუციური („თეთრი“) არმია და რეჟიმი აღსდგა. ისინი ბრიტანელ, ფრანგ, ამერიკელ, იაპონელ, პოლონელ, სერბ, ბერძენ და რუმინელ ჯარებს გზავნიდნენ რუსეთის მიწაზე. 1918-1920 წლების სასტიკი და ქაოტური სამოქალაქო ომის ყველაზე უარეს დღეებში საბჭოთა რუსეთი ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ტერიტორიებამდე იყო შეკვეცილი, ურალის რეგიონსა და დღევანდელი ბალტიის ქვეყნებს შორის, ყველა მხრიდან მიწით შემოსაზღვრული, რომელსაც თითქოს მხოლოდ ერთადერთი პაწია თითი დარჩენოდა გარეთ — ფინეთის ყურეზე გამავალი ლენინგრადი. ერთადერთი მთავარი უპირატესობა, რასაც ახალი წესწყობილება ფლობდა, როცა არაფრისგან აკოწიწებდა წითელ არმიას, ამ ომიდან საბოლოოდ გამარჯვებით გამოსულს, იყო „თეთრი“ ძალების არაკომპეტენტურობა და დაქსაქსულობა და მათი უნარი, რომ გადაემტერებინათ დიდი რუსეთის გლეხობა; ასევე დასავლეთის ძალების საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათი ამბოხებული ჯარისკაცებისა და მეზღვაურების ნდობა ბოლშევიკებთან ბრძოლაში არ შეიძლებოდა. 1920 წლის ბოლოსთვის ბოლშევიკებმა ომში გაიმარჯვეს.
ამგვარად, მოლოდინების საპირისპიროდ, საბჭოთა რუსეთი გადარჩა. ბოლშევიკებმა ძალაუფლება შეინარჩუნეს — და განავრცეს — არამარტო იმაზე უფრო დიდხანს, ვიდრე პარიზის კომუნამ (როგორც ამას ლენინი აღნიშნავდა სიამაყითა და შვებით ორი თვისა და თხუთმეტი დღის თავზე[XI]), არამედ მუდმივი კრიზისისა და კატასტროფის წლების, გერმანიის იერიშისა და მასთან დადებული ზავის, რეგიონების გამოყოფის, კონტრრევოლუციის, სამოქალაქო ომის, უცხოური არმიის ინტერვენციის, შიმშილისა და ეკონომიკური კოლაფსის განმავლობაში. შეუძლებელი იყო, ერთი ხედვითა და სტრატეგიით ემოქმედათ, როცა დღიდან დღემდე უხდებოდათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც იმ წუთას ან ხსნას, ან დაღუპვას მოუტანდათ. ვის ეცალა იმაზე საფიქრელად, რა შედეგებს მოუტანდა ახლა მისაღები გადაწყვეტილებები რევოლუციას დიდი ხნის შემდეგ, როცა შეიძლება რევოლუცია დაღუპულიყო და გრძელვადიან შედეგებზე დარდიც ამაო აღმოჩენილიყო? სათითაოდ იდგმებოდა აუცილებელი ნაბიჯები. როდესაც ახალი საბჭოთა რესპუბლიკა აგონიიდან გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ აღებული მიმართულება საგრძნობლად ასცდენოდა ფინეთის სადგურზე მდგარი ლენინის მიერ წარმოსახულს.
მაგრამ მაინც — რევოლუცია გადარჩა. ამას სამი ძირითადი მიზეზი ჰქონდა: უპირველესად, მას გააჩნდა განსაკუთრებით მძლავრი და სახელმწიფოს შენების უნარის მქონე ინსტრუმენტი 600 000 ადამიანისაგან შემდგარი ცენტრალიზებული და დისციპლინიანი კომუნისტური პარტიის სახით. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი როლი რევოლუციამდე, ეს ორგანიზაციული მოდელი, რომელსაც ლენინი 1902 წლიდან დაუღალავად იცავდა და პროპაგანდას უწევდა, რევოლუციისთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. პრაქტიკულად, ხანმოკლე მეოცე საუკუნის თითქმის ყველა რევოლუციური რეჟიმი სწორედ ამ მოდელზე იყო აწყობილი, სხვადასხვა ვარიაციით; მეორე — სავსებით ცალსახად, ეს იყო ერთადერთი მთავრობა, რომელსაც შეეძლო და სურდა რუსეთის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, შენარჩუნება, და ამიტომაც იღებდა მნიშვნელოვან მხარდაჭერას სხვამხრივ პოლიტიკურად მოწინააღმდეგე პატრიოტი რუსებისაგან, მაგალითად ოფიცრებისაგან, რომელთა დაუხმარებლადაც ახალი წითელი არმია უბრალოდ ვერ შეიქმნებოდა. ამ მიზეზთაგან გამომდინარე, რეტროსპექტულად, 1917-1918 წლებში არჩევანი მდგომარეობდა არა ლიბერალურ-დემოკრატიულ და არალიბერალურ რუსეთს, არამედ რუსეთსა და მის დაქუცმაცემას შორის, რისი ბედი ხვდათ კიდეც წილად სხვა არქაულ და დამარცხებულ იმპერიებს ავსტრია-უნგრეთისა და თურქეთის სახით. ამის საპირისპიროდ, ბოლშევიკურმა რევოლუციამ შეინარჩუნა მეფის რუსეთის მრავალეროვანი ტერიტორიის დიდი ნაწილის ერთიანობა, სულ მცირე, სამოცდათოთხმეტი წლით. მესამე მიზეზი კი გახლდათ ის, რომ რევოლუციამ გლეხებს მიწის დასაკუთრების უფლება მისცა. როდესაც დრო მოვიდა, დიდი რუსეთის გლეხობამ — სახელმწიფოს და მისი ახალი ჯარის მთავარმა საყრდენმა — იფიქრა, რომ წითლების მმართველობის შემთხვევაში უფრო ექნებოდა მიწის შენარჩუნების შანსი, ვიდრე თავადაზნაურების დაბრუნების შემთხვევაში. ამან ბოლშევიკებს 1918-1920 წლების სამოქალაქო ომში გადამწყვეტი უპირატესობა მიანიჭა. რუსი გლეხები მეტისმეტად ოპტიმისტები აღმოჩნდნენ.
III
მსოფლიო რევოლუცია, რომელიც ამართლებდა ლენინის გადაწყვეტილებას, რუსეთის სოციალიზმის გზაზე დაყენების თაობაზე, არ შედგა, რამაც საბჭოთა რუსეთი გაღარიბებისა და ჩამორჩენილი იზოლაციისათვის გაწირა. სცენარები მისი მომავლის შესახებ უკვე განსაზღვრული, ან, სულ მცირე, მოხაზული მაინც იყო (იხ. თავები 13 და 16). თუმცა რევოლუციის ტალღამ მსოფლიოს მაინც გადაუარა ოქტომბრის რევოლუციიდან ორი წლის შემდეგ, რამაც საბრძოლველად შემართულ ბოლშევიკთა იმედები ნაკლებად არარეალისტური გახადა. ‘Völker, Hört die Signale’ („ხალხო, უსმინეთ სიგნალს“) იყო ,,ინტერნაციონალის’’ მისამღერის პირველი სტრიქონი გერმანიაში. სიგნალი ხმამაღლა და გარკვევით ისმოდა პეტროგრადიდან, დედაქალაქის უფრო დაცულ ადგილას გადატანის შემდეგ კი — მოსკოვიდან[10]. ის ესმოდათ ყველგან, სადაც მშრომელთა და სოციალისტური მოძრაობები მუშაობდნენ, მიუხედავად მათი იდეოლოგიისა და — კიდევ უფრო შორსაც. „საბჭოები“ შეიქმნა თამბაქოს პლანტაციებში მომუშავე მუშების მიერ კუბაში, სადაც ცოტამ თუ იცოდა, სად მდებარეობდა რუსეთი. ესპანეთში 1917-1919 წლებს „ბოლშევიკური ორწლედის“ სახელი დაერქვა, მიუხედავად იმისა, რომ აქაური მემარცხენეები მგზნებარე ანარქისტები იყვნენ — ლენინის საპირისპირო პოლიტიკურ პოზიციაზე მდგარნი. რევოლუციური სტუდენტური მოძრაობები აზვირთდა პეკინში (ბეიძინი) 1919 წელს, ასევე კორდობაში (არგენტინა) 1918 წელს, საიდანაც მალევე მოედო მთელ ლათინურ ამერიკას და ადგილობრივი მარქსისტი ლიდერები და პარტიები წარმოშვა. ინდოელი ნაციონალისტი მებრძოლი, მ.ნ. როი[XII] უმალ მონუსხა მისმა ხმამ მექსიკაში, სადაც 1917 წელს რადიკალურ ფაზაში შემავალმა ადგილობრივმა რევოლუციამ ბუნებრივად იგრძნო ნათესაობა რევოლუციურ რუსეთთან — მარქსი და ლენინი მოქტესუმას[XIII], ემილიანო საპატასა[XIV] და მშრომელ ინდიელთა გვერდით მის სახე-სიმბოლოებად გადაიქცნენ და დღესაც ჩანან ოფიციალურ ხელოვანთა კედლის მხატვრობაში. რევოლუციიდან სულ რამდენიმე თვეში, როი უკვე მოსკოვში იმყოფებოდა, რათა წამყვანი როლი შეესრულებინა კოლონიათა განთავისუფლებისთვის ახალი კომუნისტური ინტერნაციონალის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ნაწილობრივ აქ მცხოვრები ჰოლანდიელი სოციალისტის, ჰენკ სნევლიტის[XV] დამსახურებით, ოქტომბრის რევოლუციამ თავისი კვალი დატოვა ინდონეზიის ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ მასობრივ ორგანიზაციაზე — სარეკათ ისლამზე[XVI]. „რუსი ხალხის ეს მოქმედება — წერდა პროვინციული თურქული გაზეთი — ერთხელაც, მომავალში, მზედ გადაიქცევა და მთელ კაცობრიობას გაანათებს“. შუაგულ ავსტრალიაში მკლავმაგარი მეცხვარეები (ძირითადად ირლანდიელი კათოლიკეები), რომელთაც დიდად არც აინტერესებდათ პოლიტიკური თეორია, გულშემატკივრობდნენ საბჭოეთს, როგორც მუშათა სახელმწიფოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინელები, მიგრანტთა შორის ყველაზე ძლიერი სოციალისტური თემი, მასობრივად გადადიოდნენ კომუნისტთა რიგებში და მინესოტას მეშახტეთა მიყრუებულ დასახლებებს აჟრიამულებდნენ პოლიტიკური კრებებით, რომლებზეც „ლენინის სახელი გულს აჩქროლებდა… მისტიური მდუმარებით, თითქმის რელიგიური ექსტაზით ვეთაყვანებოდით ყველაფერს, რაც რუსეთიდან მოდიოდა“[11]. მოკლედ, ოქტომბრის რევოლუცია საყოველთაოდ იყო აღიარებული მსოფლიოს შემძვრელ მოვლენად.
ბევრიც ისეთი მოექცა, რომლებიც რევოლუციას ახლოდან უმზერდნენ და ამიტომ საკუთარი თვალით ნანახს რელიგიური ექსტაზის საბურველს ვერ გადააფარებდნენ, დაწყებული ომის პატიმრებიდან, მოგვიანებით თავ-თავიანთ სამშობლოს ურყევ ბოლშევიკებად რომ დაუბრუნდნენ და თავიანთი ქვეყნის მომავალი კომუნისტი ლიდერებიც კი შეიქნენ, მაგალითად ხორვატიელი მექანიკოსი იოსიპ ბროზი (ტიტო), დამთავრებული ისეთი ჟურნალისტებით, როგორიც იყო, მაგალითად, „Manchester Guardian-ის“ რეპორტიორი არტურ რენსომი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ ზღვაოსნობისადმი თავის ვნებას მომაჯადოებელ საბავშვო წიგნებად აქცევდა. კიდევ უფრო ნაკლებად ბოლშევიკურმა ფიგურამ, ჩეხმა მწერალმა იაროსლავ ჰაშეკმა, შედევრის „ყოჩაღი ჯარისკაცი შვაიკის თავგადასვლების“ ავტორმა, ცხოვრებაში პირველად აღმოაჩინა, რომ იბრძოდა იმ მიზნისთვის, რომლისაც სჯეროდა და, რაც უფრო გასაკვირია, ამას დაუთრობლად აკეთებდა. მან მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ომში, როგორც წითელი არმიის კომისარმა. ომის შემდეგ კი დაუბრუნდა თავისთვის უფრო ახლობელ როლს, პრაღულ ანარქისტულ-ბოჰემურ და ბახუსურ ცხოვრებას, რადგანაც პოსტრევოლუციური საბჭოთა რუსეთი მისი სტილი არ იყო. მისი სტილი უფრო რევოლუცია გახლდათ.
რუსეთის მოვლენებმა არა მარტო რევოლუციონერები, არამედ, რაც მთავარია, რევოლუციებიც შთააგონა. 1918 წლის იანვარში, ზამთრის სასახლის აღებიდან რამდენიმე კვირაში, როდესაც ბოლშევიკები ცდილობდნენ, რომ ნებისმიერ ფასად მიეღწიათ მშვიდობისათვის დაწინაურებულ გერმანულ არმიასთან, ცენტრალურ ევროპას მასობრივმა პოლიტიკურმა გაფიცვებმა და ომის საწინაამღდეგო დემონსტრაციებმა გადაუარა. მოვლენები ვენიდან დაიწყო, შემდეგ ბუდაპეშტისა და ჩეხეთის რეგიონების გავლით გერმანიას გადასწვდა და ავსტრია-უნგრეთის ფლოტის მეზღვაურთა ჯანყით დაგვირგვინდა ადრიატიკის ზღვაში. როცა ცენტრალური ძალების დამარცხების შესახებ უკანასკნელი ეჭვი გაქრა, მათი ჯარები საბოლოოდ გატყდა. სექტემბერში ბულგარელი გლეხები ჯარიდან სახლში დაბრუნდნენ, გამოაცხადეს რესპუბლიკა და მარშით სოფიისაკენ დაიძრნენ, თუმცა საბოლოოდ ისინი გერმანიის დახმარებით მაინც განაიარაღეს. ოქტომბერში, იტალიის ფრონტზე ნაგემი საბოლოო დამარცხების შემდეგ, ჰაბსბურგების მონარქია ჩამოიშალა. არაერთი ახალი ერი-სახელმწიფო გამოცხადდა იმ (საფუძვლიანი) იმედით, რომ გამარჯვებულ მოკავშირეებს ისინი ბოლშევიკური რევოლუციის საფრთხეებს ერჩივნათ. მართლაც, იმას, რომ ბოლშევიკებმა ხალხებს მშვიდობისკენ მოუწოდეს და გამოაქვეყნეს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებითაც მოკავშირეები ევროპას ერთმანეთს შორის ინაწილებდნენ, დასავლეთმა უპასუხა პრეზიდენტ ვუდრო უილსონის 14-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმებით და ამით ნაციონალისტური კარტი გაითამაშა ლენინის ინტერნაციონალური მოწოდების წინააღმდეგ. მცირე ერი-სახელმწიფოების ზონას წითელი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ერთგვარი საკარანტინე ქამრის როლი უნდა მოერგო. ნოემბრის დასაწყისში, ამბოხებულმა მეომრებმა და მეზღვაურებმა გერმანიის რევოლუცია კილის საზღვაო ბაზიდან მთელს ქვეყანას მოსდეს. გამოცხადდა რესპუბლიკა, იმპერატორმა ჰოლანდიაში გაქცევით უშველა თავს და სახელმწიფოს მეთაური სოციალ-დემოკრატი, ყოფილი მეუნაგირე[XVII] გახდა.
რევოლუცია, რომელმაც გადახვეტა ყველა რეჟიმი ვლადივოსტოკიდან რაინის ნაპირებამდე, წარმოადგენდა აჯანყებას ომის წინაამღდეგ, ამიტომ მშვიდობის მიღწევამ დიდწილად დააშოშმინა ვითარება. ამ მოვლენის სოციალური შინაარსი მაინც ბუნდოვანი იყო, თუ არ ჩავთვლით ჰაბსბურგების, რომანოვებისა და ოსმალეთის იმპერიებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოთა გლეხ ჯარისკაცებს თავიანთ ოჯახებთან ერთად. აქ მას ოთხი მახასიათებელი ჰქონდა: მიწა, უნდობლობა საქალაქო ცხოვრების, უცხოების (განსაკუთრებით ებრაელების) და ხელისუფლების მიმართ. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დიდ ნაწილში პოლონეთის ნაწილების, გერმანიისა (ბავარიის გარკვეული ნაწილის გარდა) და ავსტრიის გამოკლებით, ეს გლეხებს აქცევდა რევოლუციონერებად, მაგრამ არა ბოლშევიკებად. ისინი უნდა დაშოშმინებულიყვნენ მიწის რეფორმით ისეთ კონსერვატიულ და ჭეშმარიტად კონტრრევოლუციურ ქვეყნებშიც კი, როგორიც იყო რუმინეთი და ფინეთი. თუმცა მეორე მხრივ, იქ, სადაც გლეხები შეადგენდნენ მოსახლეობის უმრავლესობას, პრაქტიკულად გამორიცხული იყო, რომ, არათუ ბოლშევიკები, არამედ სოციალისტებიც კი შეძლებდნენ დემოკრატიული საყოველთაო არჩევნების მოგებას. ეს აუცილებლად იმას კი არ ნიშნავს, რომ გლეხთა კონსერვატული ბასტიონები იყო აღმართული, მაგრამ მოცემული ვითარება დემოკრატ სოციალისტებს მაინც საბედისწეროდ უბოჭავდა ხელებს; ან — როგორც ეს საბჭოთა კავშირში მოხდა — სხვა გზას არ უტოვებდა და აიძულებდა, საარჩევნო დემოკრატია გაეუქმებინათ. ამიტომაც იყო, რომ ბოლშევიკებმა, რაც მათივე მოთხოვნით შედგარი დამფუძნებელი კრება (კარგად ნაცნობი რევოლუციური ტრადიცია 1789 წლიდან) შეკრებისთანავე, ოქტომბრიდან რამდენიმე კვირაში გააუქმეს[XVIII]. ახალი მცირე ერი-სახელმწიფოების შექმნამ უილსონის მიერ გავლებულ საზღვრებში, მართალია, სულაც არ აღმოფხვრა ეროვნული კონფლიქტები რევოლუციის ზონებში, მაგრამ ნამდვილად შეამცირა ბოლშევიკური რევოლუციის მასშტაბი, რაც, რასაკვირველია, მოკავშირე მშვიდობისმყოფელთა განზრახვასაც შეესაბამებოდა.
მეორე მხრივ, რუსეთის რევოლუციის გავლენა ევროპულ ამბოხებებზე იმდენად ცხადი იყო, რომ მოსკოვში მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის გავრცელების მიმართ სკეპტიციზმისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. ისტორიკოსისთვის, ისევე როგორც ზოგი ადგილობრივი რევოლუციონერისთვის, უდავო გახლდათ, რომ იმპერიული გერმანია ანგარიშგასაწევი სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის მქონე სახელმწიფო იყო მუშათა კლასის ისეთი ძლიერი, მაგრამ ზომიერი მოძრაობით, რომელსაც არ გააჩნდა შეიარაღებული რევოლუციის არავითარი გამოცდილება და მხოლოდ ომი ენახა. ცარისტული რუსეთისა და დაშლის პირას მყოფი ავსტრია-უნგრეთისგან, „ევროპის ავადმყოფად“ წოდებული თურქეთისა და კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ველური, შეიარაღებული და ყველაფერზე წამსვლელი მთიელებისგან განსხვავებით, გერმანია არ იყო ის ქვეყანა, სადაც აჯანყება იქნებოდა მოსალოდნელი. და მართლაც, თუ შევადარებთ დამარცხებული რუსეთისა და ავსტრია-უნგრეთის ჭეშმარიტად რევოლუციურ სიტუაციებს, გერმანელი რევოლუციონერი ჯარისკაცების, მეზღვაურებისა და მუშების უმრავლესობა ისევე ერთგულებდნენ ზომიერებასა და კანონმორჩილებას, როგორც რუს რევოლუციონერებში გავრცელებული ერთი ანეკდოტი ამბობდა — „თუ სადმე იქნება მითითება, რომ აკრძალულია ბალახზე სიარული, გერმანელი მეამბოხეები მხოლოდ ბილიკზე გაივლიან“.
და მაინც, ეს იყო ქვეყანა, სადაც რევოლუციონერი მეზღვაურები საბჭოთა დროშას დაატარებდნენ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ბერლინის მშრომელებისა და ჯარისკაცების საბჭომ დანიშნა გერმანიის სოციალისტური მთავრობა, სადაც თებერვალი და ოქტომბერი თითქოს განურჩეველი იყო ერთმანეთისგან, რადგან იმპერატორის გადადგომის შემდეგ, რეალური ძალაუფლება დედაქალაქში რადიკალურმა სოციალისტებმა იგდეს ხელთ. თუმცა ეს მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა, გამოწვეული ძველი არმიის, სახელმწიფოს და ძალაფლების სტრუქტურების ტოტალური, მაგრამ დროებითი პარალიზებით, რაც საბოლოო მარცხისა და რევოლუციის ორმაგ შოკს მოჰყვა. რამდენიმე დღის შემდეგ, მართვის სადავეებს დაუბრუნდა გარესპუბლიკებული ძველი რეჟიმი, რომელსაც სოციალისტები სერიოზულ დაბრკოლებებს ვეღარ უქმნიდნენ. სოციალისტებმა რევოლუციიდან რამდენიმე კვირაში ჩატარებულ არჩევნებზე უმრავლესობაც კი ვერ მოპოვეს[12]. ძველ რეჟიმს კიდევ უფრო სუსტად ემუქრებოდა ახლადშექმნილი კომუნისტური პარტია, რომლის ლიდერებიც, კარლ ლიბკნეხტი და როზა ლუქსემბურგი მალევე დახვრიტეს დაქირავებული არმიის წევრების ხელით.
1918 წლის გერმანულმა რევოლუციამ მაინც გაამართლა რუსი ბოლშევიკების იმედები, მით უფრო რომ ხანმოკლე სოციალისტური რესპუბლიკა გამოცხადდა ბავარიაში 1918 წელს, ხოლო 1919 წლის გაზაფხულზე, მისი ლიდერის მკვლელობის შემდეგ, საბჭოთა რესპუბლიკა დამყარდა მიუნხენში, გერმანული ხელოვნების, ინტელექტუალური კონტრკულტურის და (პოლიტიკურად ნაკლებ რევოლუციური) ლუდის დედაქალაქში. ეს დაემთხვა ბოლშევიზმის დასავლეთით ექსპანსიის კიდევ უფრო სერიოზულ მცდელობას, უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის არსებობას 1919 წლის მარტიდან ივლისამდე[13]. რათქმაუნდა, ორივე მათგანი მოსალოდნელი სასტიკი რეპრესიებით გაანადგურეს. სოციალ-დემოკრატებით იმედგაცურებამ ხელი შეუწყო გერმანელი მუშების რადიკალიზებას, რომლებმაც მხარდაჭერა ჯერ დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატებს გამოუცხადეს, ხოლო 1920 წლის შემდეგ –– კომუნისტურ პარტიას, რის შედეგადაც ის საბჭოთა რუსეთის მიღმა ასეთი ტიპის უდიდეს პარტიად გადაიქცა. იყო თუ არა მოსალოდნელი გერმანიაში ოქტომბრის რევოლუცია? მიუხედავად იმისა, რომ 1919 წელმა, დასავლეთში სოციალური არეულობების პიკის დროს, ბოლშევიკური რევოლუციის გავრცელების ამ მცდელობებს მარცხი აგემა, მიუხედავად იმისა, რომ 1920 წელს რევოლუციური ტალღა თვალშისაცემად დაცხრა, მოსკოვში ბოლშევიკური ხელისუფლება გერმანიის რევოლუციის იმედს 1923 წლის ბოლომდე არ კარგავდა.
ამის საპირისპიროდ, თუ მოვლენებს რეტროსპექტიულად დავაკვირდებით, 1920 წელს ბოლშევიკებმა დაუშვეს თავიანთი მთავარი შეცდომა — მათ დაიწყეს საერთაშორისო მუშათა მოძრაობის პერმამენტული დაყოფა. მათ ახალი საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობა ააწყვეს ლენინური, „პროფესიონალ რევოლუციონერთა“ ელიტისგან შემდგარი, ავანგარდული პარტიის მოდელის მიხედვით. როგორც ვნახეთ, ოქტომბრის რევოლუციამ მოიპოვა ფართო მხარდაჭერა მსოფლიო ომის შემდეგ გაძლიერებულ და გარადიკალებულ საერთაშორისო სოციალისტურ მოძრაობებში. სოციალისტურ და ლეიბორისტულ პარტიებში, უიშვიათეს გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ბევრი გამოთქვამდა სურვილს, შეერთებოდა მესამე, ანუ კომუნისტურ ინტერნაციონალს[XIX], შექმნილს ბოლშევიკების მიერ იმისთვის, რომ ჩაენაცვლებინათ მეორე ინტერნაციონალი (1889-1914)[XX], რომელსაც სახელიც გატეხვოდა და ძალაც დაეკარგა მას შემდეგ, რაც ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა მსოფლიო ომის დაწყებას.[14] მართლაც, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, ნორვეგიის სოციალისტურმა პარტიებმა და გერმანიის დამოუკიდებელ სოციალისტთა პარტიამ ხმა მესამე ინტერნაციონალში შესვლის სასარგებლოდ მისცეს, რის შედეგადაც ბოლშევიზმის შეურიგებელი ოპონენტები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. მაგრამ ლენინს და ბოლშევიკებს უბრალოდ ოქტომბრის რევოლუციის მხარდამჭერი სოციალისტების საერთაშორისო მოძრაობა კი არ სურდათ, არამედ სრულიად თავდადებული და დისციპლინირებული აქტივისტებისგან შემდგარი არმია, ერთგვარი გლობალური მასშტაბით მებრძოლი ძალა, რომელიც მიიღებდა მონაწილეობას რევოლუციურ დაპყრობებში. პარტიები, რომლებმაც უარი თქვეს ლენინისტური სტრუქტურის შეთვისებაზე, გააძევეს ან არ მიიღეს ახალ ინტერნაციონალში, რადგან მას მხოლოდ დაასუსტებდა ოპორტუნიზმისა და რეფორმიზმის ამგვარი მეხუთე კოლონები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რასაც მარქსმა ერთგან „საპარლამენტო კრეტინიზმი“[XXI] უწოდა. მოახლოებულ ბრძოლაში ადგილი მხოლოდ ჯარისკაცებისთვის მოიძებნებოდა.
ზემოთ მოცემული არგუმენტი გამართლებული იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო რევოლუცია ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და ბრძოლების გამართვა მალევე იყო მოსალოდნელი. და თუმცა ევროპაში მდგომარეობა შორს იყო სტაბილურისაგან, 1920 წლისთვის მაინც ნათელი გახდა, რომ დასავლეთის დღის წესრიგში აღარ იდგა ბოლშევიკური რევოლუცია. ნათელი იყო ისიც, რომ ბოლშევიკები რუსეთში დიდი ხნით დამკვიდრდებოდნენ. ცხადია, ინტერნაციონალის შეკრებით გაჩნდა იმის შანსი, რომ სამოქალაქო ომში გამარჯვებული წითელი არმია, რომელიც ახლა ვარშავისკენ მიიწევდა, დასავლეთითაც გაავრცელებდა რევოლუციას შეიარაღებული ძალების საშუალებით ისე, როგორც პოლონეთის ტერიტორიული ამბიციებით განპირობებული რუსეთის-პოლონეთის ხანმოკლე ომის შემდეგ მოხდა. მას შემდეგ, რაც პოლონეთმა საუკუნენახევრის წინათ დაკარგული სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, მეთვრამეტე საუკუნის საზღვრების ხელახლა გავლება მოითხოვა. ეს საზღვრები კი ღრმად იჭრებოდა ბელორუსიის, ლიეტუვასა და უკრაინის ტერიტორიებზე. საბჭოთა წინსვლას, რამაც გასაოცარი ლიტერატურული მონუმენტი დატოვა ისააკ ბაბელის[XXII] „წითელი კავალერიის“[XXIII] სახით, მიესალმა საოცრად მრავალფეროვანი სიმრავლე თანამედროვეებისა, რომელთა შორის იყვნენ ავსტრიელი რომანისტი იოზეფ როთი, მოგვიანებით ჰაბსბურგების ელეგისტი, და მუსტაფა ქემალი, თურქეთის მომავალი ლიდერი. მაგრამ პოლონელი მუშების აჯანყება არ შედგა, ამიტომაც წითელ არმიას უკან, ვარშავის მისადგომებამდე დახევა მოუწია. ამიერიდან, ყველა გარეგანი ნიშნის მიუხედავად, დასავლეთის ფრონტზე სიმშვიდემ დაისადგურა. რევოლუციის მოლოდინმა კი აღმოსავლეთით, აზიისკენ გადაინაცვლა, რომელსაც ლენინი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა. მართლაც, 1920-იდან 1927 წლამდე მსოფლიო რევოლუციის განხორცილების მთელი იმედები ჩინეთის რევოლუციას ემყარებოდა, რომელსაც გომინდანი, იმ დროისთვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი პარტია მეთაურობდა და რომლის ლიდერიც, სუნ-იატსენი მიესალმებოდა როგორც საბჭოთა მოდელსა და საბჭოთა სამხედრო დახმარებას, ისე ახლადშექმნილ „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“, როგორც თავისი მოძრაობის ნაწილს. გომინდანისა და კომუნისტების ალიანსი სამხრეთიდან ჩრდილოეთით უნდა გავრცელებულიყო 1925-1927 წლების დიდი ლაშქრობის წყალობით, რითაც ჩინეთი 1911 წელს იმპერიის დაცემის შემდეგ პირველად მოექცა ერთი მთავრობის კონტროლქვეშ, მაგრამ გომინდანის მეთაური, გენერალი ჩან კაიში კომუნისტების წინააღმდეგ შემობრუნდა და მათი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. და მაინც, სანამ ეს მოვლენები დაადასტურებდა, რომ ოქტომბრისთვის არც აღმოსავლეთი ყოფილა მომწიფებული, უდავო იყო, რომ აზიის მოსალოდნელი რევოლუცია წარმატების შემთხვევაშიც ვერ გადასწონიდა დასავლური რევოლუციის ჩავარდნის სავალალო შედეგს.
1921 წლისთვის ეს უკვე უსათუო იყო. რევოლუცია უკან, საბჭოთა რუსეთში იხევდა, თუმცა ბოლშევიკური ძალაუფლება პოლიტიკურად დაუძლეველი იყო (იხ. თავი 13). ის მაინც მოიხსნა დასავლური დღის წესრიგიდან. ეს კომინტერნის მესამე კონგრესმაც აღიარა ირიბად, როცა „გაერთიანებული ფრონტის“ შექმნის სურვილი გამოთქვა იმ სოციალისტებთან, რომლებიც მეორე კონგრესმა რევოლუციური პროგრესის არმიიდან გააძევა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ რევოლუციონერები მომავალ თაობებში დაიყოფოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე გვიან იყო — მოძრაობა ისედაც იყოფოდა და იყოფოდა. მემარცხენე სოციალისტების, ინდივიდებისა და პარტიების, უმრავლესობა უკან, სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას უბრუნდებოდა, რომელსაც დიდწილად ანტიკომუნისტი, ზომიერი სოციალ-დემოკრატები მართავდნენ. ახალი კომუნისტური პარტიები ევროპული მემარცხენეობის უმცირესობაში რჩებოდნენ და საერთოდაც, თუ არ ჩავთვლით გერმანიას, საფრანგეთსა და ფინეთს, ისინი მცირე, თუმცა მგზნებარე უმცირესობებს წარმოადგენდნენ. ეს სიტუაცია 1930-იან წლებამდე აღარ შეცვლილა (იხ. თავი 5).
IV
აჯანყებების წლებმა უკან მოიტოვა არა მხოლოდ ერთიანი, უზარმაზარი, მაგრამ ჩამორჩენილი სახელმწიფო, რომელსაც ახლა კომუნისტები მართავდნენ და რომელიც კაპიტალიზმის ალტერნატიული საზოგადოების შენებას ლამობდა, არამედ აგრეთვე ხელისუფლება, დისციპლინიანი საერთაშორისო მოძრაობა, და, რაც, შესაძლოა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რევოლუციონერთა თაობა, რომელიც ისწრაფვოდა მსოფლიო რევოლუცია მოეწყო ოქტომბერში აღმართული დროშითა და იმ მოძრაობის წინამძღოლობით, რომელსაც შტაბ-ბინა, საბოლოოდ, მოსკოვში დაედო (თუმცა რამდენიმე წელი იმედოვნებდნენ, რომ შტაბ-ბინას მალე ბერლინში გადაიტანდნენ, ამიტომ ინტერნაციონალის ოფიციალურ ენად ომებს შორის პერიოდში, რუსულის მაგივრად, გერმანული რჩებოდა). ამ მოძრაობამ ზუსტად არ იცოდა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მსოფლიო რევოლუცია ევროპის სტაბილიზაციის და აზიური მარცხის შემდეგ, ხოლო კომუნისტების სპორადულმა მცდელობებმა, დამოუკიდებელი შეიარაღებული ჯანყი მოეწყოთ — ბულგარეთსა და გერმანიაში 1923 წელს, ინდონეზიაში 1926, ჩინეთში 1927, ხოლო ბრაზილიაში — გვიან და ანომალიურად — 1935 წელს — კატასტროფული ნაყოფი გამოიღო. თუმცა, როგორც დიდმა დეპრესიამ და ჰიტლერის აღზევებამ მალე დაადასტურა, მსოფლიოში შექმნილი ვითარება არ იძლეოდა აპოკალიპტურ პერსპექტივაზე ხელის ჩაქნევის საშუალებას. ეს არ ხსნის იმის მიზეზებს, თუ რატომ გადავიდა კომინტერნი მოულოდნელად ულტრარევოლუციონიზმის რიტორიკულ მოდელსა და სექტანტურ მემარცხენეობაზე 1928-იდან 1934 წლამდე, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო რიტორიკა, პრაქტიკულად მოძრაობა არც ელოდა და არც ემზადებოდა სადმე ძალაუფლების ხელში ასაღებად. ეს ცვლილება, რომელიც პოლიტიკურად საბედისწერო აღმოჩნდა, უფრო საბჭოთა კომუნისტური პარტიის საშინაო პოლიტიკით უნდა აიხსნას — სტალინის მიერ პარტიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებითა და იმის მცდელობით, რომ გაწონასწორებულიყო სულ უფრო აშკარა უთანხმოება, ერთი მხრივ, სსრკ-ის, რომელსაც გარდაუვლად უხდებოდა სხვა ქვეყნების გვერდით თანაარსებობა, — ის, როგორც პოლიტიკური წყობილება საერთაშორისო აღიარებას იღებდა 1920 წლიდან, — და, მეორე მხრივ, ყველა სხვა ხელისუფლების დამხობის მოწადინე მოძრაობის ინტერესებს შორის.
საბოლოოდ, კომუნისტური ინტერნაციონალის რევოლუციურ ინტერესებზე გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ინტერესმა, რაც სტალინმა საბჭოთა კომუნისტური პარტიის მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებული საბჭოთა სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტამდე დაიყვანა, ხოლო პარტიის შემადგენლობა თავისი სურვილისამებრ დაწმინდა, გადაანაცვლა და გარდაქმნა. მსოფლიო რევოლუცია უკვე წარსულის რიტორიკას მიეკუთვნებოდა და ნებისმიერი რევოლუცია მისაღებად ითვლებოდა, თუ ა) ის წინაამღდეგობაში არ მოდიოდა საბჭოთა სახელმწიფო ინტერესებთან და ბ) თუ ის შეიძლებოდა მოქცეულიყო საბჭოთა პირდაპირი კონტროლის ქვეშ. დასავლური მთავრობები, რომლებმაც 1944 წლის შემდეგ კომუნისტური რეჟიმების გავრცელება არსებითად საბჭოთა ძალაუფლების ექსპანსიად აღიქვეს, სწორად მიუხვდნენ სტალინს განზრახვას. მისი ჩანაფიქრი სწორად გაიგეს იმ რევოლუციონერებმაც, რომლებიც არ მოქცეულიყვნენ საბჭოთა ორბიტაზე და მწარედ საყვედურობდნენ მოსკოვს იმაში, რომ არ სურდა, კომუნისტებს აეღოთ ხელში ძალაუფლება და აბრკოლებდა მათ ყოველ მცდელობას, მათ შორის ისეთ წარმატებულსაც, როგორიც იუგოსლავიისა და ჩინეთის მაგალითზე ვიხილეთ (იხ. თავი 5).
ყველაფრის მიუხედავად, საბჭოთა რუსეთი ბოლომდე რჩებოდა რაღაც უფრო მეტად, ვიდრე ეს მორიგი ძლევამოსილი სახელმწიფო შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ასე იყო საბჭოთა კორუმპირებული და პირადი ინტერესებით მართული ნომენკლატურის თვალშიც კი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბჭოთა კავშირის არსებობის მთავარი მიზეზი უნივერსალური ემანსიპაცია და კაპიტალიზმის უკეთესი ალტენატივის მშენებლობა იყო. სხვა რა მიზეზით უნდა დაეფინანსებინათ და შეეიარაღებინათ წარბშეყრილ მოსკოველ ბიუროკრატებს კომუნისტების მოკავშირე აფრიკის ნაციონალური კონგრესის პარტიზანები, რომელთა შანსი, გადაეგდო აპარტეიდის რეჟიმი სამხრეთ აფრიკაში, მინიმალური იყო ათწლეულების მანძილზე? (საგულისხმოა, რომ ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირს რევოლუციური მოძრაობის ღალატისათვის მას შემდეგ, რაც ეს ორი სახელმწიფო გაიყარა ერთმანეთისგან, არასდროს არსად პრაქტიკული მხარდაჭერა არ გამოუჩენია მესამე სამყაროს რომელიმე განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის.) საბჭოთა კავშირში დიდი ხნის წინ მიმხვდარიყვნენ, რომ მოსკოვიდან შთაგონებული მსოფლიო რევოლუცია კაცობრიობას ფერს ვერ უცვლიდა. ნიკიტა ხრუშჩოვის წრფელი რწმენაც კი, რომ სოციალიზმი საბოლოოდ „დაასამარებდა“ კაპიტალიზმს თავისი ეკონომიკური უპირატესობით, ნელ-ნელა ჩააქრო ბრეჟნევის ხანგრძლივი მმართველობის ბინდბუნდმა. ალბათ, სწორედ ამ სისტემის უნივერსალური მიზანდასახულობის რწმენის საბოლოო ეროზია ხსნის იმ მიზეზს, თუ რატომ დაიშალა ბოლოს სსრკ ყოველგვარი წინაამღდეგობის გარეშე.
ეს დაბრკოლებები წინ არ ეღობებოდა ოქტომბრის რევოლუციის ბრწყინვალებით გზაგანათებულ პირველი თაობის რევოლუციონერებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მსოფლიო რევოლუციას მიუძღვნეს. პირველქრისტიანების მსგავსად, 1914 წლამდელი სოციალისტების უმეტესობას სწამდა დიდი აპოკალიპტური ცვლილებისა, რომელიც გაანადგურებდა ყოველგვარ ბოროტებას და მოიტანდა ისეთ საზოგადოებას, სადაც არ იქნებოდა უბედურება, ჩაგვრა, უთანასწორობა და უსამართლობა. მარქსიზმმა ამ ათასწლოვან იმედს სამეცნიერო გარანტია და ისტორიული გარდაუვალობა შესძინა, ოქტომბრის რევოლუციამ კი — დიდი ცვლილების დაწყების მტკიცებულება.
კაცობრიობის ემანსიპაციის ეს გაწვრთნილი და შეუბრალებელი არმია, ალბათ, რამდენიმე ათეულ ათას ჯარისკაცს არ აჭარბებდა, საერთაშორისო მოძრაობის პროფესიონალი რევოლუციონერები კი, რომლებიც „ქვეყნებს ფეხსაცმლებზე უფრო ხშირად იცვლიდნენ“ — როგორც ეს ბერტოლტ ბრეხტმა აღნიშნა მათთვის პატივის მისაგებად დაწერილ ერთ ლექსში, — რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდა. ისინი არ უნდა აგვერიოს იმ ხალხში, ვისაც იტალიელები თავიანთი მილიონიანი კომუნისტური პარტიის ძლიერების დღეებში „კომუნისტ ხალხს“ უწოდებდნენ — მილიონობით მხარდამჭერსა და პარტიის რიგით წევრებში, რომელნიც მართალია ოცნებობდნენ ახალ და კარგ საზოგადოებაზე, მაგრამ რომელთა პრაქტიკული მუშობა ძველი სოციალისტური მოძრაობისთვის დამახასიათებელ ყოველდღიურ აქტივიზმს არ აღემატებოდა და რომელნიც უფრო მეტად საერთო კლასობრივ და საზოგადოებრივ ბრძოლაში ჩართვით გამოხატავდნენ იდეის ერთგულებას და არა — პირადი თავდადებით. და მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი მცირე იყო, მათ გარეშე მეოცე საუკუნის გაგება შეუძლებელია.
„პროფესიონალი რევოლუციონერების“ ლენინისტური „ახალი ტიპის პარტიის“ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ოქტომბრის რევოლუციიდან ოცდაათი წლის შემდეგ კაცობრიობის მესამედს კომუნისტურ წყობაში ეცხოვრა. მსოფლიო რევოლუციის შტაბ-ბინის, მოსკოვის მიმართ გამოჩენილი რწმენისა და აბსოლუტური ერთგულების წყალობით კომუნისტები საკუთარ თავს (სოციოლოგიური თვალსაზრისით) საყოველთაო ეკლესიის წევრებად აღიქვამდნენ და არა — ცალკეულ სექტად. მოსკოვზე ორიენტირებული კომუნისტური პარტიები კარგავდნენ ლიდერებს — ისინი ან თავად განუდგებოდნენ ხოლმე პარტიას ან წმენდის მსხვერპლი ხდებოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ იშლებოდნენ 1956 წლის შემდეგაც კი, სანამ ჯერ კიდევ თანაუგრძნობდნენ მოძრაობას, — განსხვავებით ტროცკის მხარდამჭერი მარქსისტი დისიდენტებისგან, სულ სხვადასხვა ჯგუფებად რომ იშლებოდნენ, ან 1960 წლის შემდგომი მაოიზმის მარქსისტ-ლენინისტი სექტანტებისგან, რომლებიც, როგორც უჯრედები, გაყოფით მრავლდებოდნენ. მიუხედავად ასეთი სიმცირისა, — მუსოლინის გადაგდების დროს, 1943 წელს, იტალიური კომუნისტური პარტია სულ 5000, ძირითადად ციხიდან და გადასახლებიდან დაბრუნებული ადამიანისგან შედგებოდა, — ისინი თებერვლის რევოლუციის დროინდელ ბოლშევიკებს ჰგავდნენ — მილიონიანი არმიის ბირთვს, ხალხისა და სახელმწიფოს პოტენციურ მმართველებს.
ეს თაობა, განსაკუთრებით მისი ის ნაწილი, რომელმაც ახალგაზრდობის წლები აჯანყებების პერიოდში გაატარა, რევოლუციას უშუალოდ მოსწრებოდა და მის თვალში კაპიტალიზმის დღეები გარდაუვლად დათვლილი იყო. მიმდინარე ისტორია წარმოადგენდა ოდენ წინა ფურცელს საბოლოო გამარჯვებისა, რომლის ხილვასაც მხოლოდ მცირენი თუ მოესწრებოდნენ რევოლუციის მებრძოლთაგან (ამას რუსმა კომუნისტმა ლევინემ[XXIV] „შვებულებაში გასული მკვდრები“ უწოდა იქამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ 1919 წლის მიუნხენის საბჭოს დამამხობელნი მოკლავდნენ). თუ თავად ბურჟუაზიულ საზოგადოებას ეეჭვებოდა თავისი მომავალი, რატომ უნდა ყოფილიყვნენ რევოლუციონერები ბურჟუაზიის გადარჩენაში დარწმუნებულნი? მათი ცხოვრებაც ხომ ამას მოწმობდა.
მაგალითად მოვიყვანოთ რაღაც დროით ერთმანეთთან სიყვარულით დაკავშირებული ორი გერმანელის შემთხვევა, რომელთა ცხოვრებასაც 1919 წლის ბავარიის საბჭოთა რევოლუციამ უჩვენა გზა: მდიდარი მიუნხენელი ადვოკატის ქალიშვილი ოლგა ბენარიო და სკოლის მასწავლებელი ოტო ბრაუნი. მოგვიანებით ოლგა რევოლუციას ორგანიზებას უწევდა დასავლეთ ნახევარსფეროში, სადაც დაქორწინდა ლუის კარლოს პრესტესზე, ბრაზილიის მივარდნილ მხარეში გამართული, ამბოხებულთა გრძელი მარშის ლიდერზე, რომელმაც 1935 წელს მოსკოვი ბრაზილიის აჯანყების მხარდაჭერაზე დაიყოლია. აჯანყება დამარცხდა, ოლგა კი ბრაზილიის მთავრობამ ჰიტლერის გერმანიას გადასცა, სადაც საბოლოოდ მან სიცოცხლე საკონცენტრაციო ბანაკში დაასრულა. ამ დროს ოტო მონაწილეობას იღებდა უფრო წარმატებულ აღმოსავლეთის რევოლუციაში. იგი ჩინეთში კომინტერნის სამხედრო ექსპერტის მოვალეობას ასრულებდა და როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი არაჩინელი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩინელი კომუნისტების „გრძელ მარშში“, სანამ მოსკოვში, შემდეგ კი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაბრუნდებოდა (გამოცდილებამ ის მაოს მიმართ სკეპტიკურად განაწყო). კიდევ როდის შეიძლებოდა ასე განვითარებულიყო ამ ორი ურთიერთგადაჯაჭვული ადამიანის ცხოვრება მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის გარდა?
1917 წლის შემდგომ თაობაში ბოლშევიზმმა ან შთანთქა ყველა სხვა სოციალ-რევოლუციური ტრადიცია, ან ისინი რადიკალური მოძრაობების კიდისკენ ჩააჩოჩა. 1914 წლამდე, მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, რევოლუციონერების მამოძრავებელ ძალას უმეტესად ანარქისტული იდეოლოგია წარმოადგენდა და არა — მარქსიზმი. აღმოსავლეთ ევროპის გარეთ, მარქსი დანახული იყო, როგორც გურუ მასობრივი პარტიებისა, რომელთა გარდაუვალი, მაგრამ არაუცაბედი, გამარჯვება სწორედ მან იწინასწარმეტყველა. 1930-იანი წლებისათვის კი ანარქიზმმა შეწყვიტა არსებობა, როგორც მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ძალამ ესპანეთს გარეთ, მათ შორის ლათინურ ამერიკაშიც, სადაც ისტორიულად, შავ-წითელი დროშა ბევრად მეტ მებრძოლს შთააგონებდა, ვიდრე — წითელი (ესპანეთის სამოქალაქო ომშიც, ანარქიზმს განადგურება ეწერა, ხოლო კომუნისტებს — ამიერიდან შედარებით უმნიშვნელო ძალად არსებობა). მართლაც, მოსკოვური კომუნიზმის გარეთ არსებულმა სოციალურ-რევოლუციურმა ჯგუფებმა ლენინი და ოქტომბრის რევოლუცია თავიანთ სამიზნე ორიენტირად გაიხადეს. თითქმის განურჩევლად ყველა მათგანს ხელმძღვანელობდა, ან შთააგონებდა მაინც, რომელიმე დისიდენტი, ან კომინტერნიდან გაძევებული ფიგურა, როცა ეს უკანასკნელი სულ უფრო და უფრო უწყალო ნადირობას უცხადებდა ერეტიკოსებს იოსებ სტალინის ძალაუფლებაში მოსვლის და საბჭოთა კომუნისტური პარტიისა და ინტერნაციონალის მართვის სადავეების ხელში საბოლოოდ ჩაგდების შემდეგ. ასეთი დისიდენტური ბოლშევიკური წრეებიდან დიდ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება მხოლოდ რამდენიმემ თუ შეძლო. ერეტიკოსთაგან ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი, გადასახლებაში მყოფი ლევ ტროცკი, ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი და წითელი არმიის შემქმნელი, პრაქტიკულ ბრძოლაში საბოლოოდ დამარცხდა. მის მიერ ჩამოყალიბებული „მეოთხე ინტერნაციონალი“, რომელსაც კონკურენცია უნდა გაეწია სტალინიზირებული მესამე ინტერნაციონალისათვის, თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. როდესაც იგი სტალინის ბრძანებით 1940 წელს მოკლეს მექსიკაში, მისი პოლიტიკური წონა უკვე საკმაოდ დავარდნილიყო.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყოფილიყავი რევოლუციონერი, სულ უფრო და უფრო ხშირად ნიშნავდა ლენინისა და ოქტომბრის რევოლუციის მიმდევრობას და მოსკოვის მოკავშირე რომელიმე კომუნისტური პარტიის წევრობას თუ ქომაგობას. მით უფრო მაშინ, როცა გერმანიაში ჰიტლერის ტრიუმფის შემდეგ ამ პარტიებმა შეითვისეს ანტიფაშისტური ერთობის პოლიტიკა, რითაც თავი დააღწიეს სექტანტურ იზოლაციას და მოიპოვეს როგორც მუშების, ისე ინტელექტუალების მასობრივი მხარდაჭერა (იხ. თავი 5). ის ახალგაზრდები, რომლებსაც სწყუროდათ კაპიტალიზმის გადაგდება, გახდნენ ორთოდოქსი კომუნისტები. ისინი საკუთარ ხედვებს აიგივებდნენ მოსკოვიდან მართული ინტერნაციონალური მოძრაობების ხედვებთან. მარქსიზმი, რომელმაც ოქტომბრის შემდეგ რევოლუციური ცვლილების იდეოლოგიის სახელი აღიდგინა, ამ დროისთვის მოსკოვის მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის მარქსიზმის აღმნიშვნელად იქცა, ხოლო ეს ინსტიტუტი — ამ დიდებული კლასიკური ტექსტების გლობალურად გამავრცელებელ ცენტრად. ჰორიზონტზე სხვა არავინ ჩანდა ისეთი, რომელიც მსოფლიოს ინტერპრეტაციას და მის ცვლილებას გვთავაზობდა ან ეს მოსკოვზე უკეთ შეეძლო. ასე იყო 1956 წლამდე, სანამ საბჭოთა კავშირში სტალინისტური ორთოდოქსიისა და მოსკოვში შტაბ-ბინის მქონე საერთაშორისო კომუნისტურის მოძრაობის მოშლამ საჯარო სფეროში არ გამოიყვანა მემარცხენე ჰეტეროდოქსიის მანამდე მარგინალიზებული მოაზროვნეები, ტრადიციები და ორგანიზაციები. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ოქტომბრის გიგანტურ ჩრდილქვეშ ცხოვრობდნენ. თუმცა ნებისმიერი, ვისაც იდეოლოგიათა ისტორიის სულ მცირე ცოდნა მაინც გააჩნდა, 1968 წლის რადიკალი სტუდენტების მოძრაობაში მარტივად ამოიცნობდა არა მარქსის, არამედ ბაკუნინის ან თუნდაც ნეჩაევის სულს, მიუხედავად იმისა, რომ ამას ანარქსიტული თეორიისა და მოძრაობის არავითარი საგრძნობი გამოცოცხლება არ გამოუწვევია. პირიქით, 1968 წელმა წარმოქმნა მარქსიზმის ყოვლისმომცველი ინტელექტუალური მოდა — თანაც ისეთი სახეცვლილებით, რომელიც აუცილებლად შეძრავდა მარქსს — და მარქსისტულ-ლენინისტური სექტებისა და ჯგუფების დიდი მრავალფეროვნება, რომელთაც აერთიანებდა მოსკოვისა და ძველი კომუნისტური პარტიების, როგორც არასაკმარისად რევოლუციურის და ლენინისტურის, უკუგდება.
პარადოქსია, რომ სოციალ-რევოლუციური ტრადიციის ტალღა აღზევდა იმ მომენტში, როდესაც კომინტერნმა მიატოვა თავისი თავდაპირველი, 1917-1923 წლების რევოლუციური სტრატეგიები, უფრო სწორად, ძალაუფლების გადაცემის მიმართ 1917 წლისგან სავსებით განსხვავებული სტრატეგიები წარმოადგინა (იხ. თავი 5). 1935 წლიდან კრიტიკული მემარცხენე თეორია სავსე იყო ბრალდებებით, რომ მოსკოვმა გამოტოვა, უგულებელყო და დააღალატა კიდეც, რევოლუციის შესაძლებლობა, რადგანაც რევოლუცია მას უკვე აღარ უნდოდა. სანამ თავმომწონე, „მონოლითური“ საბჭოთა ცენტრის მქონე მოძრაობა შიგნიდან დაშლას არ დაიწყებდა, ამ არგუმენტებს დიდი ეფექტი არ ჰქონია. სანამ კომუნისტური მოძრაობა ინარჩუნებდა ერთიანობას, ურთიერთშეთანხმებას და დაშლის მიმართ გასაოცარ იმუნიტეტს, უმრავლესობის თვალში ის გლობალური რევოლუციისკენ ისწრაფვოდა და თამაშის წესებს ერთადერთი ის ადგენდა. თანაც ვინ უარყოფდა, რომ 1944-49 წლებში აზვირთებული მსოფლიო რევოლუციების მეორე დიდ ტალღაში მოყოლილმა ქვეყნებმა კაპიტალიზმთან კავშირი ორთოდოქსული, საბჭოეთზე ორიენტირებული კომუნისტური პარტიების მფარველობის წყალობით გაწყვიტეს? მხოლოდ 1956 წლიდან გაუჩნდათ რევოლუციურად განწყობილთ იმის საშუალება, რომ არჩევანი გაეკეთებინათ პოლიტიკურ და რევოლუციურ ეფექტურობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მოძრაობას შორის. ისინიც კი — ტროცკიზმისა და მაოიზმის სხვადასხვა სახეობა და 1959 წლის კუბის რევოლუციით შთაგონებული ჯგუფები (იხ. თავი 15) — მეტ-ნაკლებად ისევ ლენინიზმიდან იყვენენ წარმომდგარი. ულტრამემარცხენეთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი ისევ ძველი კომუნისტური პარტიები იყვნენ, თუმცა ძველი კომუნისტური მოძრაობის მიმართ თანაგრძნობა უკვე გამქრალიყო.
V
მსოფლიო რევოლუციური მოძრაობის მთავარ ძალას წარმოადგენდა კომუნისტური ორგანიზების ფორმა, ლენინის „ახალი ტიპის პარტია“, მეოცე საუკუნის სოციალური ინჟინერიის თავზარდამცემი ინოვაცია, რომელიც ქრისტიანულ სამონასტრო და სხვა შუასაუკუნეობრივ ორდენებს მოგვაგონებდა. იგი მცირე ორგანიზაციებსაც კი მნიშვნელოვან ეფექტურობას სძენდა, რადგან პარტიას შეეძლო, თავისი წევრებისათვის წარმოუდგენელი თავდადება მოეთხოვა, მეტი, ვიდრე სამხედრო დისციპლინა და ერთსულოვნება, და მთელი ძალისხმევის მიმართვა იმისკენ, რომ ნებისმიერ ფასად ყოფილიყო მიღწეული პარტიული მიზნები. ეს ბოლშევიზმის სასტიკ მოწინაამღდეგეებზეც კი დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მაგრამ მაინც, „ავანგარდული პარტიის“ მოდელისა და იმ დიდი რევოლუციების ურთიერთმიმართება, რომელთა მოსაწყობადაც ის შეიქმნა და შიგადაშიგ მართლაც აწყობდა, მეტად ბუნდოვანი რჩებოდა, მიუხედავად იმის უსათუობისა, რომ ეს მოდელი ჩინებულად მუშაობდა წარმატებული რევოლუციების შემდეგ ან ომების მიმდინარეობისას. ლენინისტური პარტიები არსებითად ისე იყო შედგენილი, როგორც ლიდერების ერთგვარი ელიტა (ავანგარდები), ან, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, რევოლუციებში გამარჯვებამდე, როგორც „კონტრელიტა“. სოციალური რევოლუციები კი, როგორც 1917-მა წელმა აჩვენა, დამოკიდებული იყო მასებში მიმდინარე პროცესებსა და სიტუაციებზე, რასაც ვერც ელიტა და ვერც კონტრელიტა სრულად ვერ გააკონტროლებდა. როგორც ხდება ხოლმე, ლენინისტურმა მოდელმა, განსაკუთრებით მესამე სამყაროში, უფრო ძველი ელიტების ახალგაზრდა წევრები მიიზიდა, რომლებიც ასეთ პარტიებს მეტისმეტად ჭარბი რაოდენობით უერთდებოდნენ, იმის მიუხედავად, რომ პარტიები თავგანწირვით ცდილობდნენ, — და ზოგჯერ წარმატებულადაც — რომ ბიძგი ნამდვილი პროლეტარებისთვის მიეცათ. ბრაზილიური კომუნიზმის ფართო გავრცელება 1930-იან წლებში განაპირობა მიწათმფლობელ ოლიგარქთა ოჯახებიდან ახალგაზრდა ინტელექტუალებისა და არმიის უმცროსი ოფიცრების გადმობირებამ[15].
მეორე მხრივ, რეალური „მასების“ განწყობები (მათ შორის ზოგჯერ „ავანგარდის“ აქტიური მხარდამჭერებისაც) ხშირად ეწინაამღდეგებოდა მათი ლიდერების ხედვებს, განსაკუთრებით კი მასობრივი აჯანყებების პერიოდში. სახალხო ფრონტის მთავრობის წინაამღდეგ ესპანელი გენერლების ამბოხის დროს, 1936 წელს, ესპანეთის რეგიონების დიდ ნაწილს სოციალური რევოლუცია მოედო. ის, რომ აჯანყებულები, განსაკუთრებით კი ანარქისტები, წარმოების საშუალებათა კოლექტივიზაციას დაიწყებდნენ, არ იყო გასაკვირი, მაგრამ კომუნისტურმა პარტიამ და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ გარდაქმნას წინააღმდეგობა გაუწიეს და სადაც მოახერხეს, შეაჩერეს კიდეც. ამ ნაბიჯის სასარგებლო და საზიანო მხარეების განხილვა პოლიტიკურ და ისტორიულ ლიტერატურაში დღემდე გრძელდება. ამ მოვლენამ აგრეთვე წარმოშვა ანტიკლერიკალიზმისა და სასულიერო პირების ხოცვის მანამდე არნახული ტალღები. მსგავსი ქმედებები ესპანეთის სახალხო აგიტაციის ნაწილად ჯერ კიდევ 1835 წლიდან იქცა, როდესაც ბარსელონას მაცხოვრებლებმა კორიდის არადამაკმაყოფილებელ წარმოდგენას ეკლესიების გადაწვით უპასუხეს. ამბოხებულებმა შვიდი ათასამდე სასულიერო პირი — ქვეყანაში მცხოვრები მღვდლებისა და ბერების 12-13%, რომელთა შორის მონაზონთა წილი შედარებით უმნიშვნელო იყო, — დახოცეს, ხოლო კატალონიის პროვინციაში (გერონა) ექვსი ათასზე მეტი ხატი გაანადგურეს[16].
ამ შემაძრწუნებელი ეპიზოდის გარშემო ორი რამ არის ნათელი: ის დაგმეს ესპანეთის რევოლუციური მემარცხენე მოძრაობის ლიდერებმა, — მიუხედავად იმისა, რომ თავად მგზნებარე ანტიკლერიკალები გახლდნენ, — მათ შორის განსაკუთრებით მღვდელთმოძულე ანარქისტებმა; ამ სისხლისღვრის შემოქმედთა ან მაყურებელთა შორის ბევრისთვის რევოლუცია ნიშნავდა სწორედ ამას: საზოგადოებრივი წესრიგისა და ღირებულებების ამოყირავებას არა მხოლოდ მცირე, სიმბოლური ხნით, არამედ სამუდამოდ[17]. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები, როგორც ყოველთვის, დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ მთავარ მტერს არა მღვდელი, არამედ კაპიტალისტი წარმოადგენდა, მასები გულის სიღრმეში სხვაგვარად ფიქრობდნენ. (რამდენად შეიძლება იბერიულზე ნაკლებად მაჩო საზოგადოებაში პოპულარულ პოლიტიკას ამდენად სისხლისმღვრელი ანტიკლერიკალური ხასიათი მიეღო, ჩვენი განხილვის თემა არაა, მაგრამ მაინც შეიძლებოდა, მისთვის ნათელი მოეფინა ქალთა დამოკიდებულებების შესახებ სერიოზულ კვლევას).
ისეთი რევოლუცია, რომლის დროსაც პოლიტიკური წყობისა და ხელისუფლების უეცარი აორთქლების შემდეგ კაცები (და რამდენადაც მათთვის ნებადართულია, ქალები) ქუჩაში თავიანთი თავის ამარა რჩებიან ხოლმე, მეოცე საუკუნეში იშვიათი შემთხვევა იყო. ძველი რეჟიმების უცაბედი კოლაფსის ისეთი მაგალითიც კი, როგორიც 1979 წლის ირანული რევოლუციის დროს ვიხილეთ, არ ყოფილა ამდენად უწესრიგო, მიუხედავად იმისა, რომ შაჰის საწინააღმდეგო გასაოცარი ერთსულოვნება, თეირანელებმა რომ გამოიჩინეს, დიდწილად მართლაც სპონტანურ ხასიათს ატარებდა. ირანული კლერიკალიზმის სტრუქტურათა წყალობით ახალი რეჟიმი ძველის ნანგრევებშივე გამოიძერწა, თუმცა თავიდან, ცოტა ხნით, ბოლომდე მისნაირ სახეს მაინც არ იღებდა (იხ. თავი 15).
ფაქტობრივად, ხანმოკლე მეოცე საუკუნის ტიპური პოსტოქტომბრული რევოლუცია, მცირე ადგილით შემოფარგლული ამბოხებები რომ არ ჩავთვალოთ, ან (თითქმის ყოველთვის სამხედრო) გადატრიალებით იყო ინიცირებული, რომელიც დედაქალაქს იგდებდა ხოლმე ხელთ, ანაც ხანგრძლივი და უმეტესად რურალური შეიარაღებული ბრძოლის საბოლოო შედეგს წარმოადგენდა. რადგანაც უმცროსი ოფიცრები — უფრო იშვიათად უნტერ-ოფიცრები — ხშირად თანაუგრძნობდნენ მემარცხენეებს ღარიბ და ჩამორჩენილ ქვეყნებში, სადაც ოჯახური კავშირებისა და სიმდიდრის უქონელ ყოჩაღ და განათლებულ ახალგაზრდა კაცებს სამხედრო ცხოვრება მიმზიდველ კარიერულ პერსპექტივას სთავაზობდა, ასეთი ინიციატივები ისეთ ქვეყნებს ახასიათებდა, როგორებიც იყო ეგვიპტე (1952 წლის თავისუფალ ოფიცერთა რევოლუცია) და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები (ერაყი — 1958 წ., სირია — 1950 წლის შემდეგ რამდენჯერმე, ლიბია — 1969 წ.). სამხედროები ლათინური ამერიკის რევოლუციური ისტორიის ქსოვილის ნაწილსაც შეადგენენ, თუმცა იშვიათად ან მეტად ხანგრძლივად იღებდნენ ხოლმე ხელში ეროვნულ ძალაუფლებას სუფთად მემარცხენე მიზნებისათვის. მეორე მხრივ, დამკვირვებელთა უმეტესობის გასაკვირად, 1974 წლის სამხედრო პუტჩმა, მოწყობილმა ახალგაზრდა ოფიცრების მიერ, რომლებიც იმედგაცრუებულნი და რადიკალიზებულნი იყვნენ ხანგრძლივი კოლონიური ომებით, დაამხო იმ დროისთვის შემორჩენილი უძველესი მემარჯვენე რეჟიმი — ეს იყო „მიხაკების რევოლუცია პორტუგალიაში“. იატაკქვეშეთიდან წამომართული ძლიერი კომუნისტური პარტიისა და სხვადასხვა რადიკალური მარქსისტული ჯგუფის ალიანსი მალევე დაიშალა „ევროგაერთიანების“ გულის გასახარად, რომელსაც პორტუგალია მალევე შეუერთდა.
სოციალური სტრუქტურა, იდეოლოგიური ტრადიციები და სამხედრო ძალების პოლიტიკური ფუნქციები განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკური ინტერესების მქონე სამხედროებს ძირითადად მარჯვენა ფრთაზე ანაწილებდა. მათ ინტერესებში არ შედიოდა პუტჩი კომუნისტებთან ან სოციალისტებთან ალიანსით. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის იმპერიის განმათავისუფლებელ მოძრაობებში მოწინავე როლი ითამაშეს საფრანგეთის მიერვე გაწვრთნილმა ყოფილმა ადგილობრივმა ჯარისკაცებმა (განსაკუთრებით კი — ალჟირში). მათ ძალზე დიდი უკმაყოფილება დაგროვებოდათ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში არა მხოლოდ ჩვეული დისკრიმინაციის გამო, არამედ იმიტომაც, რომ დე გოლის თავისუფალი საფრანგეთის ძალების სამხედროები, რომელთა დიდი ნაწილიც კოლონიებიდან იყო, — ისევე როგორც საფრანგეთში მიმდინარე შეიარაღებულ წინააღმდეგობას შეადგენდნენ დიდწილად არაგალები, — მალევე მოაქციეს ჩრდილქვეშ.
თავისუფალი საფრანგეთის ჯარების ოფიციალურ აღლუმებში, ქვეყნის განთავისუფლების შემდეგ რომ იმართებოდა, გაცილებით მეტად ჭარბობდნენ თეთრები, ვიდრე იმათში, ვინც დე გოლის საპატიო სამხედრო წოდება მიიღო. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში იმპერიული ძალების კოლონიური ჯარები, მაშინაც კი, როცა მათ კოლონიის მკვიდრნი მეთაურობდნენ, იმპერიის ერთგულნი ან აპოლიტიკურნი რჩებოდნენ და ეს სიმართლეა იმ შემთხვევაშიც, როცა ვითვალისწინებთ იმ ხუთი ათას ინდოელ ჯარისკაცს, რომლებიც იაპონელთა მიერ შექმნილ „ინდოეთის ეროვნულ არმიას“ შეუერთდნენ.[18]
VI
რევოლუციისკენ ხანგრძლივი პარტიზანული ომით მისასვლელი გზა მეოცე საუკუნის რევოლუციონერებმა საკმაოდ გვიან აღმოაჩინეს. შეიძლება ამის მიზეზი ის იყოს, რომ ისტორიულად ამ გზას სოფლად ადგებოდნენ ხოლმე და ამიტომ რევოლუციონერები მას იმ არქაული იდეოლოგიების მოძრაობებს უკავშირებდნენ, რომლებიც ქალაქელ დამკვირვებლებს მარტივად ერეოდათ კონსერვატიზმში, ან სულაც რეაქციასა და კონტრრევოლუციაში. ბოლო-ბოლო, საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ხანის პარტიზანული ბრძოლები ხომ ყოველთვის საფრანგეთისა და რევოლუციური მიზნების წინააღმდეგ იყო მიმართული. თავად სიტყვა „გერილიაც“ კი 1959 წლის კუბის რევოლუციამდე მარქსისტულ ლექსიკონში არ იძებნებოდა. ბოლშევიკები, რომლებსაც სამოქალაქო ომის დროს რეგულარული ომიც ეწარმოებინათ და არარეგულარულიც, იყენებდნენ სიტყვა „პარტიზანულს“. ეს სიტყვა სტანდარტულად იქცა საბჭოეთის მიერ შთაგონებული წინააღმდეგობის მოძრაობებში მეორე მსოფლიო ომის დროს. ამ გადმოსახედიდან გასაოცარიცაა, რომ გერილიამ არავითარი როლი არ ითამაშა ესპანეთის სამოქალაქო ომში, თუმცა წესით მისთვის დიდი გასაქანი უნდა მიეცა ფრანკოს ძალების მიერ დაკავებულ რესპუბლიკელთა ტერიტორიებს. კომუნისტებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გერილიური ბირთვი შექმნეს. პირველ მსოფლიო ომამდე კი მისი ადგილი რევოლუციონერების სამოქმედო პალიტრაზე არსად არ მოიძებნებოდა.
გამონაკლისი იყო ჩინეთი, სადაც ეს ახალი სტრატეგია ზოგიერთმა (მაგრამ არა — ყველა) კომუნისტმა ლიდერმა მოსინჯა მას შემდეგ, რაც ჩან კაიშის მიერ მართული გომინდანი 1927 წელს მოკავშირე კომუნისტების წინააღმდეგ შემოტრიალდა და ქალაქად მოწყობილმა კომუნისტურმა აჯანყებებმა დიდი მარცხი განიცადა (კანტონი, 1927 წ.). მაო ძედუნმა, ამ ახალი სტრატეგიის უმთავრესმა დამცველმა, — მისი წყალობით გახდა საბოლოოდ კომუნისტური ჩინეთის ლიდერი, — აღიარა არა მხოლოდ ის, რომ რევოლუციიდან 15 წლის შემდეგაც კი, ჩინეთის მსხვილი რეგიონები ნებისმიერი ცენტრალური ადმინისტრაციის კონტროლს მიღმა რჩებოდა, არამედ, როგორც ჩინეთის სოციალური ყაჩაღების შესახებ დაწერილი კლასიკური რომანის, „წყლის ნაპირის“ დიდმა მოყვარულმა, ისიც, რომ პარტიზანული ტაქტიკა ჩინური საზოგადოებრივი კონფლიქტების ტრადიციული ნაწილი გახლდათ. მართლაც, კლასიკურ განათლებამიღებულ არც ერთ ჩინელს არ დარჩებოდა შეუმჩნეველი მსგავსება მაოს მიერ 1927 წელს ძიანსის მთებში ფორმირებულ პირველ თავისუფალ პარტიზანებსა და „წყლის ნაპირის“ გმირებს შორის, რომელთა მიბაძვისკენაც მოუწოდებდა ის 1917 წელს თავის თანაკურსელებს[19].
რაც არ უნდა ჰეროიკული და შთამაგონებელი ყოფილიყო, ჩინური სტრატეგია შეუფერებელი ჩანდა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც გამართული და თანამედროვე შიდა საკომუნიკაციო სისტემა გააჩნდათ და თავიანთი ტერიტორიის თუნდაც მიუვალი და მიყრუებული მხარეების კონტროლიც სჩვეოდათ. თუმცა ეს ტაქტიკა წარმატებული არც ჩინეთში გამოდგა, სადაც რამდენიმე სამხედრო შეტევის შემდეგ ეროვნულმა ხელისუფლებამ კომუნისტები 1934 წელს აიძულა, თავიანთი დამოუკიდებელი საბჭოთა ტერიტორიები ქვეყნის ძირითადი რეგიონებისთვის ჩაებარებინათ და ლეგენდარული გრძელი მარშით ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან მდებარე შორეულ და ხალვათად დასახლებულ რეგიონში გადასულიყვნენ.
მას შემდეგ, რაც ისეთმა ამბოხებულმა ბრაზილიელმა ლეიტენანტებმა, როგორიც იყო, მაგალითად, ლუის კარლოს პრესტესი, 1920-იანი წლების ბოლოსკენ ბრაზილიის მიუვალ ადგილებში გრძელი და ძნელი მოგზაურობა დაასრულეს, არსად არცერთი მნიშვნელოვანი მემარცხენე ჯგუფი გერილიას გზას აღარ დადგომია, თუ არ ჩავთვლით გენერალ სესარ აუგუსტო სანდინოს ბრძოლას ამერიკელ მეზღვაურებთან ნიკარაგუაში (1927-33 წწ.), რისი გავლენითაც 50 წლის შემდეგ სანდინისტების რევოლუცია მოეწყო (მიუხედავად ამისა, კომუნისტურმა ინტერნაციონალმა საკმაოდ არადამაჯერებლად სცადა, რომ სწორედ ამ შუქზე წარმოედგინა ლამპიაო, სახელმოხვეჭილი ბრაზილიელი სოციალური ყაჩაღი და ათასობით წიგნის გმირი). სანამ კუბის რევოლუცია არ მოხდა, თავად მაოც კი ვერ იქცა რევოლუციონერთა გზის მაჩვენებელ ვარსკვლავად.
მეორე მსოფლიო ომმა კი ისეთი პირობები შექმნა, რომლებმაც უბიძგა რევოლუციონერებს, რომ პარტიზანულ გზას დადგომოდნენ. მთელ კონტინენტურ ევროპაში, მათ შორის საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში, გაჩნდა ჰიტლერის გერმანიისა და მისი მოკავშირეების ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის საჭიროება. სსრკ-ზე ჰიტლერის თავდასხმის შედეგად სხვადასხვა კომუნისტურმა მოძრაობამ გააერთიანა ძალები და წინააღმდეგობამ, განსაკუთრებით — შეიარაღებულმა წინააღმდეგობამ, მეტად ფართო მასშტაბი მიიღო. მას შემდეგ, რაც გერმანიის არმია საბოლოოდ დამარცხდა, რაშიც სხვადასხვა წილი ედო ადგილობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებს, ოკუპირებული და ფაშისტური ევროპა დაიშალა. ამიერიდან ძალაუფლება ხელში კომუნისტების კონტროლქვეშ არსებულმა სოციალ-რევოლუციურმა რეჟიმებმა აიღეს, თუმცა არა — ყველაგან, რადგან იქ, სადაც შეიარაღებული წინააღმდეგობა მეტად ეფექტურად მოქმედებდა (იუგოსლავიაში, ალბანეთსა და ჯერ ბრიტანეთის, შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო დახმარების წყალობით — საბერძნეთში), მცდელობის მიუხედავად, მათ ეს ვერ მოახერხეს. სოციალ-რევოლუციონერებს, სავარაუდოდ, შეეძლოთ, მცირე ხნით ძალაუფლება მოეპოვებინათ იტალიაში, აპენინების ჩრდილოეთითაც, მაგრამ დღემდე გაურკვეველი და დებატის საგნად ქცეული მიზეზების გამო, ეს არ უცდიათ. ომისდროინდელი წინააღმდეგობის პირმშოდ უნდა მივიჩნიოთ, აგრეთვე, აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ჩინეთში, კორეის ნაწილსა და ფრანგულ ინდოჩინეთში) 1945 წლის შემდეგ დამყარებული კომუნისტური წყობები. ჩინეთშიც კი მაოს წითელმა არმიამ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მასშტაბური ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონურმა არმიამ 1937 წელს ჩინეთის ძირითად ნაწილს თავის კონტროლქვეშ მოქცევა დაუპირა. მსოფლიო სოციალური რევოლუციის მეორე ტალღა მეორე მსოფლიო ომმა წარმოშვა, ისევე, როგორც პირველი ტალღა შვა პირველმა მსოფლიო ომმა — თუმცა სავსებით სხვა გზით. ამჯერად რევოლუციას ძალაუფლება არა ომის მძულვარებამ, არამედ ომში ბრძოლამ მოუპოვა.
ახალი რევოლუციური წყობის ბუნებისა და პოლიტიკის შესახებ ჩვენ სხვაგან ვსაუბრობთ (წიგნის მე-5 და მე-13 თავებში). აქ კი ჩვენი ინტერესის საგანი თავად რევოლუციის პროცესი გახლავთ. საუკუნის შუა წლებში მოწყობილი რევოლუციები, რომლებმაც გაიმარჯვეს ხანგრძლივი ომების დასასრულს, როგორც 1789 წლის კლასიკური და 1917 წლის ოქტომბრისეული სცენარისგან, ისე იმპერიული ჩინეთისა და პორფირიული მექსიკის[XXV] ძველი რეჟიმების გაჭიანურებული რღვევისაგან დიდად სხვაობდა ორი ნიშნით: პირველი, — და ისინი ამ მახასიათებლით წარმატებულ სამხედრო გადატრიალებებთან ნათესაობენ, — არავითარი ეჭვს არ აღძრავდა ის, თუ ვინ მოაწყო რევოლუცია და მოიპოვა ძალაუფლება. ესენი იყვნენ სსრკ-ის გამარჯვებულ შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები, რადგანაც გერმანიას, იაპონიასა და იტალიას მხოლოდ წინააღმდეგობის მოძრაობები ჩინეთშიც კი ვერ მოერეოდნენ. (გამარჯვებული დასავლეთის ჯარები, ცხადია, კომუნისტური რეჟიმების წინააღმდეგნი იყვნენ). არ ჩნდებოდა არავითარი ინტერვალი ან ძალაუფლებრივი ვაკუუმი. პირიქით, მხოლოდ იქ ვერ ახერხებდნენ წინააღმდეგობის მოძრაობები ღერძის სახელმწიფოების დამარცხებიდან უმალვე ძალაუფლების ხელში აღებას, სადაც დასავლეთელ მოკავშირეებს ჰქონდათ ფეხი მოკიდებული (სამხრეთ კორეასა და ვიეტნამში) ან ქვეყნის შიდა ანტიღერძული ძალები დაქსაქსულნი იყვნენ, როგორც, მაგალითად, ჩინეთში. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კომუნისტებს 1945 წლის შემდეგ უკვე გომინდანის კორუმპირებულ და დასუსტებულ მთავრობასთან ბრძოლა უხდებოდათ, რასაც სსრკ უხალისოდ ადევნებდა თვალს.
მეორეც, ძალაუფლებისკენ მიმავალი პარტიზანული გზა საბოლოოდ გარდაუვლად ტოვებდა ქალაქებსა და ინდუსტრიულ ცენტრებს, მშრომელთა სოციალისტური მოძრაობების ტრადიციული ძალების სამკვიდრებელს, და ქვეყნის სიღრმეში, რურალური ტერიტორიებისკენ ინაცვლებდა, რადგანაც გერილიური ომის წარმოება ყველაზე მარტივად ბუჩქებში, მთებში, ტყეებსა და სხვა ასეთი ლანდშაფტის მქონე, ძირითადი მოსახლეობისგან მოშორებულ და მეჩხერად დასახლებულ მიწაზე შეიძლებოდა. მაოს სიტყვებით თუ ვიტყვით, სოფელი ჯერ ალყას არტყამდა და მერე იპყრობდა ქალაქს. ევროპული წინააღმდეგობის პირობებში ქალაქურ ამბოხს — პარიზის ჯანყი 1944 წლის ზაფხულში, მილანისა — 1954 წლის გაზაფხულზე — უნდა მოეთმინა იქამდე, სანამ ომი დასასრულს არ მიუახლოვდებოდა, სულ მცირე, ამ რეგიონში მაინც. ის რაც 1944 წელს ვარშავაში მოხდა, ნაჩქარევად მოწყობილი აჯანყებების შედეგი იყო — მათ ვაზნაში ერთადერთი დიდი ტყვია იდო. მოკლედ, მოსახლეობის უმრავლესობისთვის, მათ შორის რევოლუციურ ქვეყნებში, რევოლუციის პარტიზანული გზა ნიშნავდა იმას, რომ სადმე სხვა მხრიდან მომავალი ცვლილებებისთვის მოგეცადა და თავად ბევრი ვერაფერი გეკეთებინა. ის მებრძოლები, რომელთაც რეალურად შედეგიანი წინააღმდეგობის გაწევა ძალუძდათ, მთელი თავიანთი ინფრასტუქტურით, საერთო ჯამში, მაინც მეტისმეტად მცირენი იყვნენ.
გერილია, რასაკვირველია, საკუთარ მიწაზე მასობრივი მხარდაჭერის გარეშე გამართულად ვერ იმუშავებდა. ამის ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ ხანგრძლივ კონფლიქტებში ჩართული მათი ძალები ადგილობრივთაგან უნდა შევსებულიყო. ამრიგად, ინდუსტრიის მშრომელთა და ინტელექტუალთა პარტიები (როგორც, მაგალითად, ჩინეთში) შეიძლება წყნარად გადაქცეულიყო ყოფილი გლეხების არმიად. და მაინც მასებთან მათი ურთიერთობა სულაც არ იყო ისეთი მარტივი, როგორც ამას მაოს ფრაზა — „ხალხის წყალში მცურავი პარტიზანული თევზი“ — წარმოადგენდა. ტიპურ პარტიზანულ ქვეყანაში დაუმორჩილებელთა და კანონდამრღვევთა ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც ადგილობრივებს არაფერს ერჩოდა, მარტივად მოიპოვებდა ფართო მხარდაჭერას უცხოური ჯარებისა და ეროვნული ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. თუმცა სოფლად მოსახლეთა შორის ფესვგადგმული შუღლი ავტომატურად ნიშნავდა მეგობრებთან ერთად მტრების შეძენასაც. როცა ჩინელმა კომუნისტებმა 1927-28 წლებში სოფლებში საბჭოების შექმნა დაიწყეს, თავისდა გასაკვირად დაინახეს, რომ, მართალია, ერთი რომელიმე კლანით დომინირებული სოფლის გადმობირება ეხმარებოდათ სხვა, ამათი მონათესავე კლანების მხარდაჭერის მოპოვებასა და ამ გზით „წითელი სოფლების“ ქსელის ჩამოყალიბებაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ამით უნებლიეთ ერთვებოდნენ ომში ამ კლანების ტრადიციული მტრების წინააღმდეგ, რომლებიც თავის მხრივ „შავი სოფლების“ ქსელს ქმნიდნენ. „ზოგ შემთხვევაში, — ჩიოდნენ ისინი, — კლასობრივ ბრძოლას ერთი სოფლის მეორესთან ბრძოლა ცვლის. ისეც ხდებოდა, რომ ზოგჯერ ჩვენს რაზმებს მთელი სოფლების ალყაში მოქცევა და განადგურება უხდებოდათ ხოლმე“[20]. წარმატებული გერილიის რევოლუციონერებმა ისწავლეს ამ სახიფათო წყლებში ცურვა, მაგრამ, როგორც მილოვან ჯილასის მემუარები მოგვითხრობს იუგოსლავიის პარტიზანულ ომზე, განთავისუფლება გაცილებით უფრო რთული ამოცანა იყო, ვიდრე უბრალოდ ჩაგრული ხალხის ერთსულოვანი აჯანყება უცხოელი დამპყრობლის წინააღმდეგ.
VII
ამიერიდან კომუნისტებს გუნებას ვეღარაფერი წაუხდენდა, რადგან ისინი მდინარე ელბადან ჩინეთის ზღვებამდე ყველა მთავრობას ხელმძღვანელობდნენ. მათმა შთამაგონებელმა მსოფლიო რევოლუციამ თვალსაჩინო წარმატება მოიპოვა. განცალკევებული, სუსტი და იზოლირებული სსრკ-ის ნაცვლად გლობალური რევოლუციის მეორე ტალღიდან უამრავი სახელმწიფო წარმოიშვა, რომელთაც სათავეში ედგა იმ ორი დიდი ძალიდან ერთი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ამ სახელს (ტერმინი „სუპერსახელმწიფო“ ჯერ კიდევ 1944 წელს გაჩნდა). გლობალური რევოლუციის იმპულსი ჯერაც არ ჩამქრალიყო, რამეთუ ახლა ძველი იმპერიების ზღვის მიღმა მდებარე სამფლობელოების დეკოლონიზაციური ბრძოლების ჯერი დამდგარიყო. ნუთუ არ იყო მოსალოდნელი, რომ ისინი კიდევ უფრო შორეული მიზნისკენ, კომუნიზმისკენ გააგრძელებდნენ სვლას? თავად საერთაშორისო ბურჟუაზიასაც ხომ ეშინოდა იმისა, რაც კაპიტალიზმისგან შემორჩენილიყო, სულ მცირე, ევროპაში მაინც? განა ახალგაზრდა ისტორიკოსის, ლე რუა ლადურის მეწარმე ნათესავები არ ელოდნენ თავიანთი ქარხნების აღდგენისას, რომ მათ პრობლემებს ან ნაციონალიზაცია ან უბრალოდ წითელი არმია მოაგვარებდა? როგორც ლადური, უკვე ხანშიშესული კონსერვატორი, მოგვიანებით იხსენებდა, სწორედ ამ განწყობამ გადააწყვეტინა ახალგაზრდობაში, რომ 1949 წელს ფრანგულ კომუნისტურ პარტიას შეერთებოდა[21]. განა აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ არ უთხრა ტრუმენის ადმინისტრაციას 1947 წლის მარტში, ევროპული ქვეყნების უმრავლესობა უფსკრულის პირას დგას, ნებისმიერ წამს შეიძლება გადაიჩეხოს, და ყველა დანარჩენსაც საფრთხე ემუქრებაო?[22]
ასე ფიქრობდნენ ის ქალები და კაცები, რომლებიც არალეგალური საქმიანობიდან, ბრძოლიდან და წინააღმდეგობიდან, საპყრობილიდან, საკონცენტრაციო ბანაკიდან და გადასახლეობიდან ბრუნდებოდნენ და თავიანთი, ხშირად ნანგრევებად ქცეული, ქვეყნების მომავალზე პასუხისგებლობას იღებდნენ. შეიძლება, ზოგიერთმა მათგანმა შენიშნა, რომ კაპიტალიზმის დამხობა ბევრად მარტივი იყო იქ, სადაც ის სუსტად განვითარებულიყო, ვიდრე იქ, სადაც მისი ცენტრი მდებარეობდა. მაგრამ მაინც, განა ვინმე უარყოფდა, რომ სამყარო, საერთო ჯამში, მარცხნივ გადაიხარა? თუ ახალ კომუნისტ მმართველებს ომის შემდეგ რამე აღელვებდათ, ეს სოციალიზმის მომავალი ნამდვილად არ გახლდათ. ისინი, ერთი მხრივ, იმაზე დარდობდნენ, როგორ აღედგინათ გაღატაკებული, გამოფიტული და ზოგჯერ მტრებით გარშემორტყმული დანგრეული ქვეყნები, მეორე მხრივ, იმაზე, რომ კაპიტალისტურ ძალებს სოციალისტური ბანაკის წინააღმდეგ ომი არ გამოეცხადებინათ იქამდე, სანამ ისინი ძალებს აღიდგენდნენ და უსაფრთხო შეიქნებოდნენ. პარადოქსია, მაგრამ დასავლელ პოლიტიკოსებსა და იდეოლოგებს ზუსტად იგივე შიშები უფრთხობდა ძილს. როგორც მოგვიანებით დავინახავთ, მსოფლიო რევოლუციის მეორე ტალღის შემდეგ დაწყებული ცივი ომი კოშმარების ნამდვილ შეჯიბრს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა საფუძვლიანი ან აღმოსავლეთის, ან დასავლეთის შიშები, ისინი 1917 წლის ოქტომბერს დაწყებული მსოფლიო რევოლუციის ხანის კუთვნილება იყო. მაგრამ ეს ხანა უკვე აღსასრულს მიახლოებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ 40 წელი უნდა გასულიყო, სანამ მისი ეპიტაფია დაიწერებოდა.
ასე იყო თუ ისე, ამ ხანამ მსოფლიო შეცვალა, მაგრამ შეცვალა არა ისე, როგორც ლენინსა და ოქტომბრის რევოლუციით შთაგონებულ სხვა რევოლუციონერებს წარმოედგინათ. ორი ხელის თითები გვეყოფა დასავლეთ ნახევარსფეროს მიღმა მდებარე იმ ქვეყნების ჩამოსათვლელად, რომლებსაც არ გამოუვლიათ ან რევოლუციის, სამოქალაქო ომის, წინააღმდეგობისა და უცხო ქვეყნების ოკუპაციისგან განმათავისუფლებელი ბრძოლის კომბინაცია, ან მსოფლიო რევოლუციის ხანას შეწირული იმპერიების მხრიდან განხორციელებული პროფილაქტიკური დეკოლონიზაცია (ევროპული მაგალითები: ბრიტანეთი, შვედეთი, შვეიცარია და, ალბათ, ისლანდია). დასავლეთ ნახევარსფეროში კი, — რომც არ ჩავთვალოთ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის ისეთი შემთხვევები, რომელთაც ადგილობრივები უწოდებდნენ „რევოლუციას“, — მექსიკაში, ბოლივიაში, კუბასა და მის მემკვიდრეებში მოწყობილმა უმნიშვნელოვანესმა სოციალურმა რევოლუციებმა სრულიად შეცვალეს ლათინური ამერიკის სცენა.
კომუნიზმის სახელით მოწყობილმა რევოლუციებმა თავი ამოწურა, მაგრამ მის სამძიმარ სიტყვაზე ფიქრი მაინც უადგილო იქნება მანამ, სანამ ჩინეთი, მსოფლიო მოსახლეობის ერთი მეხუთედი, კომუნისტური პარტიის მიერ მართულ ქვეყნად არსებობას აგრძელებს. მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ მსოფლიო რევოლუციის ხანის შემდეგ ძველი რეჟიმების სამყაროში დაბრუნება ისეთივე წარმოუდგენელია, როგორიც იყო ის, რომ რევოლუციისა და ნაპოლეონის ეპოქის შემდგომი საფრანგეთი ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა ან ის, რომ ყოფილი კოლონიები იმპერიალიზმის ეპოქის დასრულების მერე კოლონიალიზმამდელ მდგომარეობას აღიდგენდნენ. იქაც კი, სადაც კომუნიზმის გამოცდილება უკუღმა შემოტრიალდა, ყოფილი კომუნისტური ქვეყნების აწმყო და, სავარაუდოდ, მომავალიც, დაღდასმულია კონტრრევოლუციის ნიშნით. არ არსებობს იმის არავითარი შანსი, რომ საბჭოთა ერა ისე ამოიშალოს რუსეთისა და მსოფლიოს ისტორიიდან, თითქოს ის არც არასდროს არსებულა. არ არსებობს იმის არავითარი შანსი, რომ სანკტ-პეტერბურგი 1914 წელში დაბრუნდეს.
1917 წლის რევოლუციური მოვლენების ირიბი შედეგები პირდაპირს არაფრით ჩამოუვარდებოდა. რუსეთის რევოლუციის შემდგომმა წლებმა გზა გაუხსნა კოლონიურ ემანსიპაციასა და დეკოლონიზაციას, ევროპაში გასაქანი მისცა როგორც უმოწყალო კონტრრევოლუციურ პოლიტიკას (ფაშიზმისა და სხვა მსგავსი მოძრაობების სახით — იხ. თავი 4), ისე სოციალ-დემოკრატიას. ხშირად დავიწყებას ეძლევა ხოლმე ის, რომ 1917 წლამდე მშრომელთა და სოციალისტთა ყველა პარტია (თუ პერიფერიულ ავსტრალიას არ ჩავთვლით) მუდმივ ოპოზიციაში ყოფნას ირჩევდა მანამ, სანამ სოციალიზმის მომენტი არ დადგებოდა. პირველი (წყნარი ოკეანის მიღმა მდებარე) სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ან კოალიციური მთავრობა მხოლოდ 1917-1919 წლებში შეიქმნა (შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში), რასაც რამდენიმე წელში ბრიტანეთმა, დანიამ და ნორვეგიამაც მიბაძეს. ჩვენ გვავიწყდება ხოლმე, რომ ამ პარტიათა ზომიერება, ისევე, როგორც საკუთარ ფარგლებში მათი მიღებისადმი ძველი პოლიტიკური სისტემების მიერ გამოჩენილი მზადყოფნა სწორედ ბოლშევიზმზე რეაქცია გახლდათ.
მოკლედ, ხანმოკლე მეოცე საუკუნის ისტორიის გაგება შეუძლებელია რუსეთის რევოლუციისა და მისი პირდაპირი თუ ირიბი შედეგების გაუთვალისწინებლად. მათ შორის იმიტომაც, რომ ის ლიბერალურ კაპიტალიზმს მხსნელად მოევლინა, ერთი მხრივ იმით, რომ მეორე მსოფლიო ომში დასავლეთს ჰიტლერზე გამარჯვება შეაძლებინა და, მეორე მხრივ იმით, რომ კაპიტალიზმს რეფორმისკენ და — დიდი დეპრესიის მიმართ საბჭოთა კავშირის მიერ გამოჩენილი იმუნიტეტის წყალობით — თავისუფალი ბაზრის ორთოდოქსულ რწმენაზე უარის თქმისაკენ უბიძგა. ამას მომავალ თავში დავინახავთ.
თარგმნა გიგი ბერიძემ
თარგმანი თავდაპირველად გამოქვეყნდა ვებ-გვერდ www.platforma.ge-ზე.
მოცემული პუბლიკაციისთვის თარგმანი დაარედაქტირა და თავდაპირველ ვარიანტში გამოტოვებული ორი ქვეთავი (VI-VII) თარგმნა მარიკა ტყეშელაშვილმა.
ავტორის შენიშვნები
[1]Arthur Ransome, Six Weeks in Russia in 1919 (London, 1919)
[2]Bertolt Brecht, Ober Lyrik (Frankfurt, 1964)
[3]Claudio Pavone, Una guerra civile: Saggio storico sulla moralitanella Resistenza (Milan, 1991)
[4] Reed, 1919: John Reed Ten Days That Shook The World (New York, 1919 and numerous editions)
[5] რადგან რუსეთი ჯერაც იულიუსის კალენდარს იყენებდა, რომელიც მთელ დანარჩენ ქრისტიანულ და ვესტერნიზებულ სამყაროში გავრცელებულ გრეგორიანულ კალენდარს 13 დღით ჩამორჩებოდა, თებერვლის რევოლუცია სინამდვილეში მარტში მოხდა, ხოლო ოქტომბრისა — 7 ნოემბერს. სწორედ ოქტომბრის რევოლუციამ განაახლა რუსული კალენდარი, ისევე როგორც რუსული ორთოგრაფია, რითაც წარმოაჩინა კიდეც, რაოდენ ღრმა ზეგავლენას ახდენდა რუსულ საზოგადოებაზე. კარგად არის ცნობილი, რომ ასეთი მცირე ცვლილებები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძვრებს მოჰყვება ხოლმე შედეგად. საფრანგეთის რევოლუციის ყველაზე გრძელვადიანი და უნივერსალური შედეგიც ხომ მეტრული სისტემის დადგენა გახლდათ.
[6]1917 წელს სწორედ ამ საკითხის გამო გამოეყო გერმანიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია ფორმალურად სოციალისტებს, რომლებიც აგრძელებდნენ ომის მხარდაჭერას.
[7]ადამიანური მსხვერპლი, ოქტომბრის რევოლუციაზე დიდი, მაგრამ მაინც შედარებით მცირე იყო: 53 ოფიცერი, 602 ჯარისკაცი, 73 პოლიციელი და 587 მოქალაქე დაშავდა, დაიჭრა ან დაიღუპა (W.H Chamberlin, 1965, vol. I, p.85).
[8]ასეთი „საბჭოები“, რომელთა წინამორბედად რუსული თვითმმართველი სოფლის თემები ითვლებოდა, პოლიტიკური ორგანოს სახით 1905 წლის რევოლუციის დროს წარმოიქმნა ინდუსტრიულ მშრომელთა წიაღში. რადგანაც პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლების კრება ნაცნობი იყო ყველა კუთხის ორგანიზებული მშრომელებისთვის და კარგად მიესადაგებოდა დემოკრატიის მათეულ გაგებას, ტერმინი „საბჭოთა“, ხშირ შემთხვევაში, თუმცა არა — ყოველთვის, თარგმნილი მათ მშობლიურ ენაზე, დიდი საერთაშორისო კეთილგანწყობით სარგებლობდა.
[9] „და ვეუბნებოდი მათ: თქვენ ხელისუფლება ხართ, გააკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გინდათ, წაიღეთ ყველაფერი, რაც გესაჭიროებათ, ჩვენ მხარს დაგიჭერთ, მაგრამ იზრუნეთ წარმოებაზე, იზრუნეთ იმაზე, რომ წარმოება სასარგებლო იყოს. თქვენ შეცდომები გექნებათ, მაგრამ ისწავლით“ —მოხსენება სახალხო კომისართა საბჭოს მუშაობის შესახებ 11 (24) იანვარს, ვ.ი. ლენინი, თხზულებანი, 26-ე ტომი, სახელგამი, 1952, გვ. 453
[10] ცარისტული რუსეთის დედაქალაქი იყო სანკტ-პეტერბურგი, რომელსაც ზედმეტად გერმანული ჟღერადობა ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დროს და ამიტომ პეტროგრადად გადაკეთდა. ლენინის სიკვდილის შემდეგ მას ლენინგრადი დაერქვა (1924), ხოლო საბჭოთა კავშირის დაცემის პერიოდში მას კვლავ თავისი თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა.
[11]Peter Koivisto, ‘The Decline of the Finnish-American Left 1925-1945’ in International Migration Review, XVII, 1 , 1983.
[12]სოციალ-დემოკრატთა ზომიერმა უმრავლესობამ არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი — ხმათა მხოლოდ 38 %-მდე აიღო, ხოლო რევოლუციურმა „დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა პარტიამ“ — 7.5%.
[13] მის დამარცხებას მოჰყვა მთელი მსოფლიოს გარშემო პოლიტიკური და ინტელექტუალი ლტოლვილების დიასპორის მიმობნევა, რომელთაგანაც ზოგიერთის კარიერა ისე წარმოუდგენლად განვითარდა, როგორც, მაგალითად კინომაგნატის, სერ ალექსანდრ კორდასა და საშინელებათა ფილმ „დრაკულას“ ვარსკვლავის, მსახიობ ბელა ლუდოსის შემთხვევაში.
[14] ე.წ. პირველი ინტერნაციონალი, რომლის ცენტრალური ფიგურაც კარლ მარქსი გახლდათ, წარმოადგენდა 1864-1872 წლებში არსებულ საერთაშორისო მშრომელთა ასოციაციას.
[15] Martins Rodrigues, 1984: ‘0 PCB: os dirigentes e a organização’ in 0 Brasil Republicano, vol. X, tomo I I I of Sergio Buarque de Holanda ed., Historia Cera/ da Civilizacão Brasilesira pp. 390-97 (Saõ Paulo, 1960-84)
[16]Hugh Thomas, The Spanish Civil War (Harmondsworth, 1977 edition) pp. 270-71; Manuel Delgado, La Ira Sagrada: Anticlericalismo, iconoclastia y antiritualismo en Ia Espan͂a contemporanea (Barcelona, 1992), p.56.
[17]Manuel Delgado, La Ira Sagrada: Anticlericalismo, iconoclastia y antiritualismo en Ia Espan͂a contemporanea (Barcelona, 1992), pp. 52-53.
[18]Myron Echenberg, Colonial Conscripts: The Tirailleurs Senegalais in French West Aftica, 1857-1960 (London, 1992), pp.141-45; Motilal Barghava and Americk Singh Gill, Indian National Army Secret Service (New Delhi, 1988), p. 10; T.R. Sareen, Select Documents on Indian National Army (New Delhi, 1988), pp. 20-21.
[19] Stuart Schram, Mao Tse Tung (Baltimore, 1966), pp. 43-44.
[20]Manfred Hinz ed., Rate-China: Dokumente der chinesischenRevolution (1927-31 ) (Berlin, 1973), pp.45-46.
[21]Emmanuel Le Roy Ladurie, Paris-Montpellier: PC-PS U 1945-1963 (Paris, 1982), p. 37.
[22]Wilfried Loth, The Division of the World 1941-1955 (London, 1988), p. 137.
რედაქციის კომენტარები
[I]ტექსტი წარმოადგენს მესამე თავს ერიკ ჰობსბაუმის წიგნიდან „უკიდურესობათა ეპოქა. ხანმოკლე მეოცე საუკუნე“ (Eric Hobsbawm. Age of Extremes. Short 20th Century. 1994).
[II]ჰობსბაუმი აქ და შემდგომ ფრჩხილებში წიგნის სათაურისა და შესაბამისი თავის ნომრის („უკიდურესობათა ეპოქის“ შემთხვევაში — მხოლოდ თავის ნომრის) მითითებით იმოწმებს ევროპის ბოლო ორი საუკუნის ისტორიის შესახებ დაწერილ საკუთარ წიგნებს. ამ შემთხვევაში: „იმპერიის ეპოქა: 1875-1914“ (The Age of Empire:1875-1914. 1987).
[III]ტერმინი „ხანმოკლე მეოცე საუკუნე“ (Short 20th century) თავდაპირველად გამოიყენა უნგრელმა ისტორიკოსმა და პედაგოგმა, ივან ბერენდმა, მაგრამ მისი განსაზღვრება და დამკვიდრება ერიკ ჰობსბაუმის სახელს უკავშირდება. „ხანმოკლე მეოცე საუკუნე“, რომელიც ანალოგიურია იმავე ჰობსბაუმის მიერ შემოტანილი ტერმინისა „ხანგრძლივი მეცხრამეტე საუკუნე“, პირველი მსოფლიო ომიდან საბჭოთა კავშირის კრახამდე (1914-1991) პერიოდს მოიცავს.
[IV] ამგვარი წარმოდგენა დამახასიათებელი იყო რუსი ნაროდნიკებისთვის.
[V] პერმანენტულ რევოლუციაზე მარქსი საუბრობდა თავის ნაშრომებში „ცენტრალური კომიტეტის მიმართვა კომუნისტთა კავშირისადმი“ და „კლასთა ბრძოლა საფრანგეთში 1848 წლიდან 1850 წლამდე“. მარქსთან პერმანენტული რევოლუცია 1848/49 წლების რევოლუციის კონტექსტში მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამ რევოლუციაში მონაწილე „უკიდურესი“, რევოლუციური პარტიის, ანუ კომუნისტების ტაქტიკასთან და გერმანიაში არსებული სპეციფიკური პოლიტიკური და სოციალური პირობების მიმართ ნიშნავდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის აღმავალი ხაზით განვითარებას, მის სულ უფრო გაღრმავებასა და წინ წაწევას. „იმ დროს, როდესაც დემოკრატიულ ბურჟუებს სურთ რაც შეიძლება სწრაფად და, უკეთეს შემთხვევაში, მარტო ამ მოთხოვნების ცხოვრებაში გატარებით დაასრულონ რევოლუცია, ჩვენი ამოცანა და ჩვენი ინტერესები იმაში მდგომარეობს, რომ რევოლუცია განუწყვეტელი (ანუ პერმანენტული – რედ.) გავხადოთ მანამდე, ვიდრე ყველა მეტ-ნაკლებად მქონებელი კლასი განდევნილი არ იქნება ბატონობის ასპარეზიდან, ვიდრე სახელმწიფო ხელისუფლება არ იქნება პროლეტარიატის მიერ დაპყრობილი, ვიდრე პროლეტართა კავშირი არამარტო ერთ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ყველა ძლიერ ქვეყანაში, არ განვითარდება იმდენად, რომ კონკურენცია ამ ქვეყნის პროლეტარებს შორის შეწყდება, და ვიდრე, ყოველ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საწარმოო ძალები თავმოყრილი არ იქნება პროლეტარების ხელში“. იხ.: მარქსი კ. და ენგელსი ფ. ცენტრალური კომიტეტის მიმართვა კომუნისტთა კავშირისადმი//მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. 1. თბ., სახელგამი. 1950. გვ. 104.
ლ. ტროცკი თავისი წიგნის, სტალინის ბიოგრაფიის დანართში, რომელიც რუსული რევულუციის სამი ძირითადი კოცეფციის — პლეხანოვისა და მენშევიკების, ლენინისა და თავად ტროცკის — მიმოხილვას ეთმობა, პერმანენტული რევოლუციის მისეულ თეორიას შემდეგნაირად აფორმულირებს: „დემოკრატიული რევოლუციის გამარჯვება რუსეთში შესაძლებელია მხოლოდ გლეხობას დაყრდნობილი პროლეტარიატის დიქტატურის ფორმით. პროლეტარიატის დიქტატურა, რომელიც დღის წესრიგში გარდაუვლად დააყენებს არა მარტო დემოკრატიულ, არამედ სოციალისტურ ამოცანებსაც, ამავდროულად მძლავრ ბიძგს მისცემს საერთაშორისო სოციალისტურ რევოლუციას. მხოლოდ დასავლეთში პროლეტარიატის გამარჯვება დაიცავს რუსეთს ბურჟუაზიული რესტავრაციისგან და შესაძლებლობას მისცემს, ბოლომდე მიიყვანოს სოციალისტური აღმშენებლობა“. იხ.: Троцкий Л. Сталин, Т. 2. М., «ТЕРРА», 1990, с. 300.
[VI]თუ ლენინი 1905 წლის რევოლუციის მოსალოდნელ შედეგად ლიბერალურ დემოკრატიას ელოდა, გამოდის, რომ მისი ხედვა არაფრით არ განსხვავდებოდა მენშევიკების პოზიციებისაგან, რაც უხეში შეცდომაა. მართალია, 1905 წელს ლენინი, რომელსაც, რასაკვირველია, შესანიშნავად ესმოდა მიმდინარე რევოლუციის ბურჟუაზიული ხასიათი (რადგან მას უპირატესად ბურჟუაზიული რევოლუციის ამოცანები უნდა გადაეწყვიტა), ნამდვილად არ ელოდა რუსეთში სოციალისტურ რევოლუციას, რადგან რუსეთი ჯერ კიდევ ნახევრადფეოდალურ ეკონომიკურად ჩამორჩენილ მონარქიას წარმოადგენდა, რომელსაც არ ღირსებია ნორმალური ბურჟუაზიული განვითარება. მაგრამ რევოლუციის წარმატების შემთხვევაში, შესაძლო პოსტრევოლუციურ რეჟიმად ლენინი მთლად ლიბერალურ-დემოკრატიას არ წარმოიდგენდა. გამომდინარე რუსული ლიბერალური ბურჟუაზიის, როგორც ცარიზმთან და ფეოდალურ გადმონაშთებთან ისტორიულად ობიექტურად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის, სისუსტიდან და უუნარობიდან, ლენინი, განსხვავებით პლეხანოვისა და მენშევიკებისგან, პროლეტარიატის — რომელსაც, სოციალ-დემოკრატიული პარტის სახით, უნდა ეტვირთა რევოლუციის ჰეგემონი კლასის ვაკანტური როლი — მოკავშირედ ხედავდა გლეხობას (მის დაბალ და ღარიბ ფენებს), რომელთან ალიანსშიც მას უნდა მოეპოვებინა გამარჯვება, რომლის შედეგადაც, ტროცკის მოლოდინების საპირისპიროდ (ტროცკი 1905 წელს საუბრობდა უშუალოდ პროლეტარიატის დიქტატურაზე), ლენინის თანახმად, უნდა დამყარებულიყო „პროლეტარიატისა და გლეხობის დემოკრატიული დიქტატურა“ — რეჟიმი, რომელიც ბოლოს მოუღებდა მეფის თვითმპყრობელობას, მოსპობდა ფეოდალურ გადმონაშთებს, დაამყარებდა რუსპუბლიკურ წყობას და გასაქანს მისცემდა რუსეთში ამერიკული ტიპის კაპიტალიზმის (რომელსაც ლენინი კაპიტალიზმის განვითარების ბისმარკისეულ, პრუსიულ გზას უპირისპირებდა) განვითარებას და, რაც მთავარია, ბიძგს მისცემდა პროლეტარულ რევოლუციებს ევროპის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, რომელთა გამარჯვებაც მოაახლოვებდა რუსეთში სოციალისტური რევოლუციის პერსპექტივას, ანუ შესაძლებელს გახდიდა მის სწრაფ გადაზრდას სოციალისტურში. „პროლეტარიატისა და გლეხობის დემოკრატიული დიქტატურის“ „ფორმულას, — წერდა ლევ ტროცკი თავის სტატიაში „ოქტომბრის გაკვეთილები“, — როგორც აჩვენა მთელმა შემდგომმა განვითარებამ, შეიძლება მნიშვნელობა ჰქონოდა, მხოლოდ როგორც ეტაპს გლეხობას დაყრდნობილი პროლეტარიატის სოციალისტური დიქტატურისკენ. საკითხის ლენინისეული დაყენება, თავიდან ბოლომდე რევოლუციური, დინამიკური, სრულიად უპირისპირდებოდა მენშევიკურ სქემას, რომლის თანახმადაც რუსეთს მხოლოდ მოწინავე ხალხების ისტორიის უბრალო გამეორებაზე თუ ექნებოდა პრეტენზია, ბურჟუაზიით ხელისუფლებაში, სოციალ-დემოკრატიით ოპოზიციაში“. რამდენად შეიძლებოდა ლენინის ფორმულის პრაქტიკული განხორციელება ცხადჰყო ოქტომბრის რევოლუციამ.
[VII]მუშათა მიერ არჩეული წარმომადგენლების, სხვაგვარად, პირველადი პროფკავშირების თავმჯდომარეების ინგლისურ- და გერმანულენოვანი სახელწოდებები.
[VIII]იგულისხმება მეთევზეობისა და განსაკუთრებით მევეშაპეობისთვის განკუთვნილი ისეთი გემი-საწარმოები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ დაჭერილი თევზისა თუ ვეშაპის გადასამუშავებლად და გასაყინად. ტექნოლოგიური დახვეწის შედეგად ინდუსტრიამ ზრდა განსაკუთრებით მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო.
[IX]პუტილოვის, 1934 წლიდან დღემდე — კიროვის ქარხანა რუსეთის იმპერიის, სსრკ-ისა და თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული და მანქანათმშენებელი საწარმოა მდიდარი რევოლუციული ისტორიით. 1905 წლის იანვარში პუტილოვის ქარხნიდან ოთხი მუშის უკანონო გათავისუფლებას ქარხნის მშრომელებმა გაფიცვით უპასუხეს. გაფიცვის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ საგაფიცვო ტალღა მთელ ქალაქს მოედო და 9 (22) იანვარს მუშათა მასები დაიძრნენ ზამთრის სასახლისკენ, რათა ნიკოლოზ მეორისთვის მშრომელთა მოთხოვნების შესახებ პეტიცია წარედგინათ, რასაც საპასუხოდ ცეცხლის გახსნა და ასობით დემონსტრანტის სიკვდილი მოჰყვა. ამ „სისხლიანი კვირადღით“ იწყება რუსეთის 1905 წლის რევოლუცია. 1917 წელს რუსეთის ამ უდიდეს ქარხანაში 29 ათასი მუშა იყო დასაქმებული. მათ მასობრივი გაფიცვა მოაწყვეს 18 თებერვალს (3 მარტს), რასაც 23-ში (8 მარტს) მშრომელ ქალთა დემონსტრაციაც შეუერთდა და მოვლენათა განვითარება თებერვლის რევოლუციით დაგვირგვინდა. სწორედ ამ ისტორიას გულისხმობს ჰობსბაუმი, როცა პუტილოვის მეტალურგებს ცნობილ მებრძოლებად მოიხსენიებს.
[X]ლენინმა ბროშურაზე “შეინარჩუნებენ თუ არა ბოლშევიკები სახელმწიფო ხელისუფლებას?“ მუშაობა 1917 წლის პირველ ოქტომბერს დაასრულა. რევოლუციის შემდეგ ბროშურა მეორედ გამოიცა და მის წინასიტყვაობაში ლენინი წერდა: „ამ საკითხს ახლა პასუხი უნდა გავცეთ არა სიტყვებით, საქმეებით“ (ვ.ი. ლენინი, თხზულებანი, 26-ე ტომი, სახელგამი, 1952).
[XI]ლენინი ვ.ი. მოხსენება სახალხო კომისართა საბჭოს მუშაობის შესახებ 11 (24) იანვარს // ვ.ი. ლენინი, თხზულებანი, 26-ე ტომი, სახელგამი, 1952.
[XII]მანაბენდრა ნათ როი (ნამდვილი სახელი: ნარენდრანათ ბატაჩარია) (1887-1954) — ინდოელი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი, „რადიკალური ჰუმანიზმის“ ფილოსოფიის შემქნელი. თავდაპირველად ნაციონალისტი, ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, შემდეგ კომუნისტი. პირველი მსოფლიო ომის დროს მიემხრო „ინდო-გერმანულ შეთქმულებას“, რომლის მონაწილეებიც მიზნად ისახავდნენ გერმანიის დახმარებით ბრიტანეთის ბატონობისაგან ინდოეთის გათავისუფლებას. 1915 წელს როი გერმანელი მოკავშირეებისაგან იარაღის ჩამოსატანად გაემგზავრა, თუმცა ოპერაცია ჩაფლავდა. იგი ჯერ ინდონეზიაში ჩავიდა, ხოლო შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ჩინეთსა და იაპონიაში ცხოვრობდა, სადაც ცდილობდა დახმარება მიეღო გერმანიისგან, იპონელებისა და ჩინეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისგან. 1916-17 წლებში ცხოვრობდა ამერიკაში, აქ დაინტერესდა მარქსიზმით, თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ პირველ მსოფლიო ომში, როგორც ანტანტას მოკავშირე, ჩაერთო, როი მექსიკაში ემიგრირდა. მონაწილეობდა ადგილობრივ სოციალისტურ მოძრაობასა და მექსიკის სოციალისტური პარტიის დაარსებაში, რომელიც 1919 წელს კომუნისტურ პარტიად გარდაიქმნა, მექსიკაში დაუახლოვდა მ. ბოროდინს, პირველ საბჭოთა კონსულს მექსიკაში, რომლის დახმარებითაც შეიქმნა კომინტერნის ლათინოამერიკული ბიურო. სწორედ ბოროდინის მოწვევით ჩამოვიდა საბჭოთა რუსეთში, მესამე ინტერნაციონალის მეორე კონგრესზე მონაწილობისათვის. კონგრესის შემდეგ დასახლდა მოსკოვში და 1928 წლამდე კომინტერნში მუშაობდა. 1922 წელს გახდა მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ამ წელსვე დაიწყო ჟურნალ „ავანგარდის“ — ინდოეთის ემიგრანტული კომუნისტური პარტიის ბეჭდური ორგანოს — გამოცემა. დაამთავრა ი. სტალინის სახელობის აღმოსავლეთის მშრომელთა კომუნისტური უნივერსიტეტი. 1927 წელს კომინტერნის წარმომადგენელი იყო ჩინეთში. გომინდანის მიერ ჩინეთის კომპარტიის წევრების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, დაბრუნდა სსრკ-ში, დაუპირისპირდა სტალინს და მიემხრო ბუხარინსა და „მემარჯვენე ოპოზიციას“, რის გამოც 1929 წელს კომინტერნიდან გარიცხეს. 1930 წლის დეკემბერში დაბრუნდა ინდოეთში, სადაც 1931 წელს ბრიტანეთის მთავრობამ 12 წლით დააპატიმრა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი 1936 წელს გათავისუფლდა და ინდოეთის ნაციონალურ კონგრესს შეუერთდა. 1940 წელს ვითალ მაჰადეო ტარკუნდესთან ერთად დააარსა რადიკალურ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც მალევე დაუპირისპირდა ამ უკანასკნელის მხრიდან ბრიტანეთის დახმარებაზე უარის გამო, რადაგანაც თვლიდა, რომ ნაციზმის დამარცხება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ინდოეთის დამოუკიდებლობა, ხოლო ფაშიზმის გამარჯვება მთელს მსოფლიოში დემოკრატიის განადგურებას მოასწავებდა, რის გარეშეც, როის აზრით, ინდოეთი ვერასდროს იქნებოდა თავისუფალი. 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ როი ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკას და „რადიკალური ჰუმანიზმის“ ფილოსოფია შეიმუშავა.
[XIII]მოქტესუმა (მონტესუმა) I (1390-1464) — აცტეკთა მეფე. მეომარი, კანონმდებელი, ხელოვნებების მფარველი, რომელმაც შემოიღო ახალი რელიგიური რიტუალები და კანონები, ააგო უამრავი ტაძარი, პირამიდა, ააშენა აკვედუკი, რომელიც ჩაპულპეტეკის წყაროებიდან აცტეკთა დედაქალაქამდე იყო გადაჭიმული. მისი მეფობის დროს დასრულდა ცენტრალური მექსიკის ინდიელი ტომების აცტეკებისადმი დამორჩილება და მონტესუმა სათავეში ჩაუდგა ამ ტომთა კავშირს, ცენტრით ტენოჩტიტლანში (თანამედროვე მეხიკო).
[XIV]ემილიანო საპატა (1879-1919) — მექსიკელი რევოლუციონერი. 1910-1917 წლების მექსიკის რევოლუციაში შტატ მორელოსში გლეხთა მოძრაობის ლიდერი. საპატა იყო ავტორი „აიალას გეგმისა“, აგრარული საკითხის გადაჭრისთვის ბრძოლის პროგრამისა, რომელიც ითვალისწინებდა გლეხებისთვის მემამულეებისა და ადმინისტრაციის მიერ უსამართლოდ ჩამორთმეული მიწების დაბრუნებასა და აგრეთვე მსხვილი მიწათმფლობელების მიწების ექსპროპრიაციასა და გლეხებისთვის გადაცემას. სამხედრო ნიჭით დაჯილდოვებულმა საპატამ დიდი როლი შეასრულა უერტას კონტრრევოლუციური ხელისუფლების დამხობაში. 1914 წლის ნოემბერში – 1915 წლის ივლისში საპატასა და პანჩო ვილიას ხელმძღვანელობით რაზმები იკავებდნენ მექსიკის დედაქალაქს. გლეხთა ფართო მოძრაობის ზეწოლით 1917 წელს კონსტიტუციაში შეიტანეს რამდენიმე პუნქტი, რომელიც გლეხობის ინტერესებს ასახავდა. საპატა 1919 წელს ვერაგულად მოკლეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციაში.
[XV] ჰენკ სნევლიტი (Henk Sneevliet) (1883-1942) — ნიდერლანდელი კომუნისტი და რევოლუციონერი, პროფკავშირების მოღვაწე და ანტიფაშისტური წინააღმდეგობის მონაწილე. ჩინეთისა და ინდონეზიის კომუნისტური პარტიების, ნიდერლანდების სოციალისტური რევოლუციური პარტიისა და მარქს-ლენინი-ლუქსემბურგ-ფრონტის ერთ-ერთი დამაარსებელი.
[XVI]სარეკათ ისლამი (ისლამის კავშირი) — ინდონეზიის ერთ-ერთი პირველი მასობრივი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1912 წელს შეიქმნა, 1911 წელს დაარსებული „მუსლიმ ვაჭართა კავშირის“ გარდაქმნის შედეგად, როგორც ორგანიზაცია, რომელიც გამოხატავდა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სავაჭრო და სამრეწველო ბურჟუაზიის ინტერესებს უცხოურ (უმთავრესად ჰოლანდიურ) კაპიტალთან ბრძოლაში. კოლონიზებული ინდონეზიის პირობებში სარეკათ ისლამის ლოზუნგი, რომელიც ყველა მუსლიმის (ინდონეზიის მოსახლეობის უმრავლესობის) გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, აღიქმებოდა, როგორც მოწოდება ინდონეზიელი ხალხისთვის იმპერილიაზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში და, განსაკუთრებით, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სარეკათ ისლამი ნამდვილ ეროვნულ-გამათავისუფლებელ რევოლუციურ ორგანიზაციად გადაიქცა, რომელიც 1919 წლისთვის მოსახლეობის სხვადასხვა კლასის წარმომადგენელ (ეროვნული ბურჟუაზიის, გლეხობის, პროლეტარიატისა და ქალაქის წვრილი ბურჟუაზიის) 2,5 მილიონ ადამიანს აერთიანებდა. მოძრაობის მემარჯვენე ფლანგი, ორგანიზაციაში შემავალი კომუნისტების მზარდი გავლენის საპირწონედ, ცდილობდა, მისი ხელმძღვანელობა ბურჟუაზიის ხელში ყოფილიყო, რაც სარეკათ ისლამის განხეთქილების მიზეზი გახდა: ინდონეზიის კომპარტიამ თავის მხარეზე გადაიბირა რიგი სექციები, რომლებიც ღარიბი გლეხების, ხელოსნებისა და ქალაქის დაბალი ფენების ინტერესებს გამოხატავდნენ. მათ წითელი სარეკათ ისლამი დაერქვათ, ხოლო 1924 წელს — სარეკათ რაკიათი (ხალხის კავშირი). სარეკათ ისლამის ის ნაწილი, რომელიც ბურჟუაზიულ-ისლამური ლიდერების ხელმძღვანელობის ქვეშ დარჩა, გადაიქცა ბურჟუაზიულ პოლიტიკურ პარტიად — სარეკათ ისლამის პარტიად, რომელსაც 1929 წელს ინდონეზიის ისლამის კავშირის პარტია ეწოდა და რომელსაც აღარ უსარგებლია ხალხის მასობრივი მხარდაჭერით.
[XVII]იგულისხმება ფრიდრიხ ებერტი (1871-1925) — გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ფრთის ერთ-ერთი ლიდერი. პროფესიით მეუნაგირე. 1889 წელს გაწევრიანდა გსდმპ-ში. 1905 წელს აირჩიეს მმართველობის წევრად, ხოლო 1913 წელს მმართველობის საბჭოს ერთ-ერთ თავჯდომარედ. 1912 წლიდან იყო რაიხსტაგის დეპუტატი, 1916 წლიდან რაიხსტაგში მეთაურობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციას. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იდგა სოციალ-შოვინისტურ პოზიციებზე. 1918 წლის ნოემბრის რევოლუციის დროს (9 ნოემბერს) პრინც მაქს ბადენელისგან მიიღო რაიხსკანცლერის ტიტული; 10 ნოემბერს გახდა მთავრობის ერთ-ერთი თავჯდომარე. გააფორმა საიდუმლო ხელშეკრულება არმიის ხელმძღვანელობასთან, რომლის საფუძველზეც არმიამ სასტიკად ჩაახშო რევოლუცია.
[XVIII]ჯერ კიდევ თებერვლიდან მოყოლებული, დროებითი მთავრობის ერთი უმთავრეს მოვალეობათაგანი იყო წარმომადგენლობითი ორგანოს, დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარება. ამას ბოლშევიკებიც უჭერდნენ მხარს, თუმცა უფრო დემოკრატიულად საბჭოების წარმომადგენლობას მიიჩნევდნენ. თარიღის რამდენჯერმე გადაწევის შემდეგ, დამფუძნებელი კრების არჩევნები საბოლოოდ 25 (12) ნოემბერს დაინიშნა. ამ დროისთვის ოქტომბრის რევოლუცია მომხდარი იყო და ხელისუფლებას სათავეში ედგა სახალხო კომისართა საბჭო, რომელსაც ლენინი მეთაურობდა. ასამბლეაში ყველაზე მეტი ხმა (40%) სოციალისტმა რევოლუციონერებმა მიიღეს, მათ მოსდევდნენ ბოლშევიკები ხმათა 24%-ით. ქვეყნის ურბანული მოსახლეობისა და „დასავლეთ ფრონტის“ ჯარისკაცთა უმრავლესობამ ბოლშევიკებს დაუჭირა მხარი, ხოლო გლეხობის უმეტესობამ — სოციალისტ-რევოლუციონერებს. თუმცა არჩევნების ჩატარების დროს სოციალისტ რევოლუციონერთა პარტია უკვე გაყოფილი იყო მემარჯვენეებად და მემარცხენეებად, ეს უკანასკნელნი კი ბოლშევიკებთან ერთად ადგენდნენ კოალიციას. ამ ფაქტს მოგვიანებით ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითებდნენ იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგები არ შეესაბამებოდა რუსი გლეხობის არჩევანს — მათი ნაწილი, როცა ესერებს აძლევდა არჩევნებში ხმას, სინამდვილეში ბოლშევიკებთან კოალიციაში მყოფი მემარცხენე ესერების გამარჯვებას იმედოვნებდა, მაგრამ რადგან საარჩევნო ბიულეტენი პარტიის გაყოფამდე იყო შედგენილი და მათ შორის განსხვავებას არ აღბეჭდავდა, ამიტომ გლეხებმა ხმა უნებლიეთ მემარჯვენე ესერებს მისცეს. საბოლოოდ დამფუძნებელი კრება მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა 1918 წლის 5-6 იანვარს. კრებამ საბჭოთა მთავრობის მიერ ომისა და მშვიდობის შესახებ მიღებული დეკრეტების დამტკიცებაზე უარი თქვა. საპასუხოდ საბჭოების ყრილობამ დაშალა დამფუძნებელი კრება.
[XIX] კომუნისტური ინტერნაციონალის შესახებ იხ.: ტარასოვი ა. …გრენადელ გლეხისთვის მიგვეცა მიწა…
[XX] მეორე ინტერნაციონალი — 1889 წელს დაფუძნებული სოციალისტური პარტიების საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც ახალ ისტორიულ პირობებში, როცა XIX ს.-ის 70-80-იან წლებში ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაჩნდა მასობრივი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიები, პირველი ინტერნაციონალის (1864-1876) საქმის გაგრძელებას წარმოადგენდა. მეორე ინტერნაციონალმა შესაძლებელი გახადა მრავალი ქვეყნის სოციალისტების კოორდინაცია და თანამშრომლობა, მნიშვნელოვნად გააფართოვა მშრომელთა ორგანიზების არეალი. მეორე ინტერნაციონალის ხელმძღვანელობით, ევროპის მოწინავე ქვეყნებში, პროფკავშირული ბრძოლის, გაფიცვების, მასობრივი დემონსტრაციების და სოციალ-დემოკრატთა საპარლმანტო საქმიანობის შედეგად, მიღწეულ იქნა რიგი პროგრესული სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ინტერნაციონალი არ იყო მონოლითური და ცენტრალიზებული ორგანიზაცია, ცენტრალური ორგანოთი, საერთო წესდებითა და პროგრამით, მასში თავდაპირველად ორთოდოქსული მარქსისტული ხაზი დომინირებდა, რაშიც დიდი წვლილი ფრიდრიხ ენგელსსაც მიუძღვოდა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მის დაარსებასა და ხელმძღვანელობაში.
თუმცა 1890-იანი წლების მეორე ნახევარში (ენგელსის სიკვდილის შემდეგ) ინეტერნაციონალში ძლიერდება მარქსიზმის წინააღმდეგ მიმართული „კრიტიკული“ რეაქცია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გერმანელი სოციალ-დემოკრატის, ედუარდ ბერნშტაინის სახელს უკავშირდება. ეს კრიტიკა მოითხოვდა მარქსის თეორიის ფუნდამენტური პოსტულატების „გადახედვას“ (რევიზიას), არ ამბობდა რა ფორმალურად უარს მარქსიზმზე. სინამდვილეში კი, ამ კრიტიკის ნამდვილი შინაარსი და მიზანი იყო არა მარქსის და ენგელსის თეორიული მემკვიდრეობის შემოქმედებითი, კრიტიკული განვითარება დიალექტიკურ-მატერიალისტური მეთოდის საფუძველზე, რასაც მარქსიზმის ფუძემდებლები თავიანთ მიმდევრებს იმპერატივად უწესებდნენ, არამედ ბურჟუაზიული აკადემიური ფსევდომეცნიერების „აღმოჩენებითა“ თუ მარქსიზმის მიერ კარგა ხნის წინ გადალახული, მოძველებული და დისკრედიტირებული, სოციალისტური კონცეფციებით მარქსიზმის „გამდიდრება“, ანუ მისი ვულგარიზაცია, დამახინჯება, მისგან რევოლუციური (კლასობრივი ბრძოლის ნაცვლად „კლასთა თანამშრომლობის“, სოციალური რევოლუციისა და პროლეტარიატის დიქტატურის ნაცვლად რეფორმების საშუალებით კაპიტალიზმის სოციალიზმში გადაზრდის იდეები) და დიალექტიკური და მატერიალისტური ელემენტების გამოდევნა. მიუხედავად იმისა, რომ ბერნშტაინელობა, რევიზიონიზმი (მათ შორის ფილოსოფიურიც — ნეოკანტიანელობა, მახიზმი) და ოპორტუნიზმი, მათი სხვადასხვა გამოვლინებით, დაგმობილ იქნა მეორე ინტერნაციონალის 1904 წლის ამსტერდამის კონგრესსზე, ეს მიმდინარეობები სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და სულ უფრო და უფრო მეტ მომხრეს იძენდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიებში, რასაც აგრეთვე ხელს უწყობდა მეორე ინტერნაციონალის ხელმძღვანელი პარტიების, როგორიცაა, მაგ., გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, მხრიდან მათთდამი შემწყნარებლური დამოკიდებულება. გარდა ამისა, მიუხედავად მეორე ინტერნაციონალის უდიდესი გავლენისა და მრავალრიცხოვანი მასობრივი ბაზისა (ინტერნაციონალი პირველი მსოფლიო ომის დაწყების მომენტისთვის 22 ქვეყნის 27 სოციალისტურ პარტიას აერთიანებდა, რომელთაც მილიონობით ამომრჩეველი ჰყავდა), კაპიტალიზმის შეფარდებით მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ლეგალური მეთოდებით ბრძოლამ და მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობაზე კონცენტრირებამ დაუკარგა ინტერნაციონალს რევოლუციური პოტენციალი, რასაც ამყარებდა ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიების ელექტორალური ბაზაც, რომელსაც, გარდა რევოლუციურად განწყობილი მუშებისა, შეადგენდნენ ის ფენები და კლასები, მათ შორის ინდუსტრიული მუშახელის ფართო სეგმენტები („მშრომელთა არისტოკრატია“), რომლებიც სარგებლობდნენ მსოფლიო კაპიტალიზმის სისტემაში თავიანთი ქვეყნების მონოპოლისტური მდგომარეობით, რაც შესაძლებელს ხდიდა სხვადასხვა ეკონომიკური შინაარსის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და შესაბამისად პროლეტარიატის რევოლუციური პოტენციალის განეიტრალებას. ინტერნაციონალის არარევოლუციური ხასიათი აშკარა გახდა მალევე მსოფლიო იმპერიალისტური ომის დაწყებიდან, რადგან მასში შემავალი სოციალ-დემოკრატიული პარტიების და ორგანიზაციების უმრავლესობამ თავიანთი ქვეყნების მთავრობების მხარე დაიჭირა („სოციალ-პატრიოტიზმი“, „სოციალ-შოვინიზმი“), საწინააღმდეგოდ შესაძლო იმპერიალისტური ომის შესახებ შტუდგარტისა და ბაზელის კონფერენციებზე მიღებული დადგენილებებისა, რომელთა მიხედვითაც, ომის დაწყების შემთხვევაში, სოციალ-დემოკრატიას უნდა გამოეყენებინა საომარი კრიზისი კაპიტალიზმის რევოლუციური დამხობისთვის. ინტერნაციონალის წამყვანი პარტიების მიერ თავიანთი იდეური და ტაქტიკური პრინციპების ღალატმა, მისი გახლეჩვა და ფაქტობრივი გაუქმება გამოიწვია, რადგან ერთმანეთთან მეომარი ქვეყნების სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა შეწყვიტეს კომუნიკაცია და თანამშრომლობა. მაგრამ მეორე ინტერნაციონალში არსებობდნენ ისეთი პოლიტიკური ძალები (მაგ., ბოლშევიკები, გერმანიის სოციალ-დემოკრატიის მემარცხენე ფრთა, რომელსაც წარმოადგენდნენ რ. ლუქსემბურგი, კ. ლიბკნეხტი, კ. ცეტკინი, ფ. მერინგი) და ცალკეული ჯგუფები და ფიგურები, რომლებმაც შეინარჩუნეს ინტერნაციონალისტური პოზიციები და მოითხოვდნენ იმპერიალისტური ომის გარდაქმნას სამოქალაქო ომად, კლასობრივ ომად პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას შორის და რომლებიც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კომუნისტურ პარტიებად და ჯგუფებად გადაიქცნენ. ამ პარტიებისა და ორგანიზაციების საფუძველზე, 1919 წელს დაარსდა კომუნისტური (მესამე) ინტერნაციონალი. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მეორე ინტერნაციონალი აღდგა. ორი მსოფლიო ომის შუალედში ოპორტუნისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიები ცდილობდნენ საერთაშორისო გაერთინებების შექმნას. 1919-1923 წლებში არსებობდა ბერნის ინტერნაციონალი და 1/2 ინტერნაციონალი (1921-23), რომელთა გაერთიანების შედეგად შეიქმნა სოციალისტური მუშათა ინტერნაციონალი (იარსება 1923 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა სოციალისტური ინტერნაციონალი, რომლის წევრებიც თავს მეორე ინტერნაციონალის მემკვიდრეებად თვლიდნენ.
[XXI] „საპარლამენტო კრეტინიზმი“ — ეს ნეგატიური კონოტაციის მატარებელი ცნება გვხვდება კ. მარქსის 1851-52 წლებში დაწერილ ნაშრომში „თვრამეტი ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა“. „საპარლამენტო კრეტინიზმი“, მარქსის მიხედვით, ეს არის ობიექტური სინამდვილისაგან განყენებული რწმენა, რომელიც არ ითვალისწინებს რეალურ ვითარებას და პარლამენტში მიღწეული წარმატება ნამდვილი წარმატება ჰგონია, ეს არის თავისებური სენი, „რომელიც ამ სენით დაავადებულთ თავიანთ წარმოდგენაში არსებულ სამყაროს მიაჯაჭვავს და მათ ყოველგვარ აზრს, ყოველგვარ მოგონებას, გარეგანი ტლანქი სამყაროს შეცნობის ყოველგვარ უნარს უკარგავს“ (იხ.: მარქსი კ. თვრამეტი ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა, თავი V // მარქსი კ., ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტომი 1. თბ., საბჭოთა საქართველო, 1963. გვ. 338-339.). ეს ტერმინი აგრეთვე გვხვდება ენგელსის ნაშრომში „რევოლუცია და კონტრრევოლუცია გერმანიაში“, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდში იწერებოდა, რომელშიც მარქსის „თვრამეტი ბრიუმერი“. ენგელსისთვისაც „საპარლამენტო კრეტინიზმი“ არის „უკურნებელი სნეულება, რომლის საბრალო მსხვერპლებიც ზარზეიმით იჯერებენ, თითქოს მთელი სამყარო, მისი ისტორია და მომავალი წარიმართება და განისაზღვრება სწორედ იმ წარმომადგენლობითი დაწესებულების ხმათა უმრავლესობით, რომელსაც აქვს პატივი ისინი თავის წევრებად ჰყავდეს“. ეს ტერმინი ფართოდ გავრცელდა მარქსისტულ ლიტერატურაში, მას ხშირად იყენებდა ლენინი იმ სოციალ-დემოკრატიული პარტიების ტაქტიკის დასახასიათებლად, რომელთაც თავიანთი პოლიტიკური პრაქტიკა მთლიანად საპარლამენტო საქმიანობამდე დაჰყავდათ. ლენინის მიხედვით, „საპარლამენტო კრეტინიზმი“ არის „იმის რწმენა, რომ თითქოს პარლამენტური ბრძოლა პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთი ანდა ყოველგვარ პირობებში მთვარი პოლიტიკური ფორმა იყოს“ (ლენინი ვ. თხზულებანი, გამოცემა მეოთხე, ტ. 10. თბ., სახელგამი, 1950. გვ. 425.). შემდეგნაირად განმარტავს ამ ტერმინს ლევ ტროცკი თავის სტატიაში „დიპლომატიური და საპარლამენტო კრეტინიზმი“: „საპარლამენტო კრეტინიზმი… არა სალანძღავი სიტყვა, არამედ დახასითებაა იმ პოლიტიკური სისტემისა, რომელიც სოციალურ სინამდვილეს ანაცვლებს იურიდიული ან მორალური კონსტრუქციებით, რიტუალით, დეკორატიული ფრაზით“.
[XXII] ისააკ ბაბელი (1894-1940) — საბჭოთა რუსი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი და სცენარისტი.
[XXIII] იგულისხმება ბაბელის 1926 წელს გამოცემული მოთხრობების კრებული „Конармия“. ქართული თარგმანი: ისააკ ბაბელი. ცხენოსანთა არმია (თარგმნა რევაზ ჯაფარიძემ), თბ., ნაკადული, 1971.
[XXIV] ევგენი (ეუგენ) ლევინე (1883-1919) — გერმანელი კომუნისტი რევოლუციონერი, ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერი. დაიბადა რუსეთში, ებრაულ ოჯახში. მამის სიკვდილის შემდეგ, სამი წლის ასაკში დედასთან ერთად პეტერბურგიდან გერმანიაში მოუწია გადასახლება. სწავლობდა სამართალს ჰაილდელბერგის უნივერსიტეტში. 1905 წელს დაუახლოვდა ემიგრანტ რუს რევოლუციონერებს. ამ წელს დაბრუნდა რუსეთში და სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის რიგებში მონაწილოებას იღებდა 1905 წლის რევოლუციაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მცირე ხნით იმსახურა გერმანიის არმიაში. იყოს „სპარტაკის კავშირის“ წევრი. მონაწილოებდა გერამანიის 1918 წლის ნომებრის რევოლუციასა და 1919 წლის იანვრის აჯანყებაში. ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ სათავეში ჩაუდგა მის აღმასრულებელ საბჭოს. რესპუბლიკის განადგურების შემდეგ სამხედო-საველე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დახვრიტეს.
[XXV]პორფირიატი მექსიკის ისტორიის იმ მონაკვეთს აღნიშნავს, როცა ქვეყანას ძალაუფლებაში სამხედრო გადატრიალების გზით მოსული გენერალი პორფირიო დიასი მართავდა (1876-1910). პორფირიატის დროს მექსიკა გაიხსნა უცხოური ინვესტიციებისთვის, გაყვანილ იქნა რკინიგზა, მიწები მიწათმფლობელთა მცირე ოდენობამ იგდო ხელთ, ეკონომიკის ბირთვად კი სამთო მრეწველობა იქცა. ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად საგრძნობლად გაზარდა ინდუსტრიულ მშრომელთა რიცხვი, რომლებიც დროდადრო გაფიცვებსაც აწყობდნენ. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა 1906 წელს ამერიკულმა კომპანიამ გაფიცულთა დასარბევად არიზონადან ამერიკული ჯარები ჩამოიყვანა. ხელისუფლებაში ხანგრძლივად ყოფნის მიუხედავად დიასს ძალიან გაუჭირდა მართვის სადავეების დათმობა. 1910 წლიდან დაიწყო ხანგრძლივი მექსიკური რევოლუცია, რომელიც 10 წელს გაგრძელდა. რევოლუციის პირველი, მცირე და შედარებით ნაკლებსისხლიანი ტალღის შემდეგ პორფირიო 1911 წელს ჩაანაცვლა მდიდარმა ჩრდილოელმა მიწათმფლობელმა ფრანჩისკო იგნასიო მადერომ. პრეზიდენტის კაბინეტის დაკავებიდან მალევე მადერო ემილიანო საპატას მიერ აგრარული რეფორმის მოთხოვნით მოწყობილ ამბოხს შეეჩეხა. მადერო 1913 წელს არმიის გენერლების მიერ მოწყობილი გადატრიალების დროს გადააყენეს და მალევე მოკლეს. მის მომდევნო პრეზიდენტს, ვიქტორიანო უერტას ჩრდილოელების კოალიცია დაუპირისპირდა. მათმა არმიამ, კონსტიტუციონალისტთა არმიამ უერტა 2014 წელს დაამარცხა. რევოლუციური ძალების ერთმანეთში გამართული შუღლიდან კი საბოლოოდ ვენუსტიანო კარანსას მიერ მართული კონსტიტუციონალისტები გამოვიდნენ. მათ 1917 წელს მიიღეს რევოლუციის მთავარი მონაპოვარი — მექსიკის ახალი კონსტიტუცია. კონსტიტუციის 27-ე მუხლი, რომელიც სახელმწიფოს მიწების ექსპროპრიაციისა და გლეხებისთვის დანაწილების უფლებამოსილებას ანიჭებდა, პასუხობდა ემილიანო საპატასა და პანჩო ვილიას მიერ ორგანიზებულ სახალხო წინააღმდეგობას (1990 წლების დასაწყისში გატარებულმა რეფორმამ საკუთრების ექსპროპრიაციის ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება ისევ წაართვა სახელმწიფოს). კონსტიტუციის 123-ე მუხლი შრომის რეფორმას ატარებდა: ადგენდა 8-საათიან სამუშაო კვირას, გაფიცვის უფლებას, თანასწორ ხელფასს ქალებისთვის და კრძალავდა ბავშვთა შრომას. კარანსამ, რომლის ბრძანებითაც მოკლეს საპატა 1919 წელს, ხელისუფლება მხოლოდ 1920 წლამდე შეინარჩუნა, როცა ის ჩრდილოელი რევოლუციონერი გენერლების აჯანყებამ იმსხვერპლა. ეს ათწლიანი სამოქალაქო ომის ბოლო გადატრიალება იყო. რევოლუციიდან მექსიკა ცენტრალიზებული სახელმწიფოთი და ახალი კონსტიტუციით გამოვიდა.
