იმპერიალიზმის შესახებ. ფარუქ ჩოდრის ინტერვიუ ჯონ სმიტთან

გაბატონებულ წარმოდგენაში, რომელიც ფარისევლურად ხუჭავს თვალსმთელი ცივილიზებული და პროგრესული სამყაროსმიერ ჩადენილ უთვალავ დანაშაულზე (მათ შორის, უახლეს წარსულშიც), სამხედრო ინტერვენციების შედეგად გაჩანაგებულ და გაპარტახებულ მთელს ქვეყნებზე, ასობით ათას და მილიონობით მსხვერპლზეიმპერიალიზმის არსებობა ჩვენს ეპოქაში ერთგვარ ანაქრონიზმად აღიქმება და იმის დასტურად, თუ რაოდენ ჩამორჩენილი და ბარბაროსულია სახელმწიფო, რომელიც დღესაც კი სხვა ქვეყნების ფორმალურ სუვერენიტეტს სამხედრო ძალით ლახავს; დასავლეთის სახელმწიფოებმა ხომ აჩვენეს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ეკონომიკურად და კულტურულად ისე, რომ ხალხმა კეთილდღეობასა და განსხვავებულის მიმღებლობაში იცხოვროსდა, მაშასადამე, აღარ არსებობდეს რამე რაციონალური მიზეზი სხვების დაპყრობის, სხვების ზიზღის, სხვების დაჩაგვრის?!

სამყაროს წესრიგზე ასეთი წარმოდგენაწარმოდგენა, რომლის თანახმადაც, სამყაროს ერთი ნაწილი სიმდიდრის განაწილების, კეთილდღეობის, ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების ერთგულების დონემდე ამაღლდა, მეორე კი ღატაკი და ველური ცხოვრების პირობებში ჩარჩა, გადაულახავ ზღვარს ავლებს კაცობრიობისცივილიზებულდაბარბაროსულნაწილებს შორის. ეს წარმოდგენა ხალხებს, რომლებიც დიქტატორულ რეჟიმებში (რომელთაც ძალიან ხშირად ზურგს უმაგრებენპროგრესული და ცივილიზებულისახელმწიფოების მმართველი კლასები), სიღატაკეში, ომის სისასტიკეში, შიმშილსა და ჭარბექსპლუატაციაში ცხოვრობენ, ან თანდაყოლილ და სამუდამო თვისებებს მიაწერსიმას, რაც, საბოლოო ანგარიშით, მათი ბედშავი ყოფის მიზეზად სახელდება, ან ნების თავისუფლებას, საკუთარი ბედისწერის განსაზღვრას უქადაგებს სინამდვილის კვლევის, ცხოვრების პირობების გაგებისა და ანალიზის გარეშე, იმის აღიარების გარეშე, რომ ამ ხალხებისჩამორჩენილობადაბარბაროსობაპირდაპირ თუ ირიბად კაპიტალიზმის იმპერიალისტური ცენტრებიდან, ანუ იმავეცივილიზებული სამყაროდანთავსმოხვეული სოციოეკონომიკური წესრიგის ნაყოფიაწესრიგის, რომლის სიკეთეებიც საკუთარ ტყავზე გვაქვს გამოცდილი პოსტსაბჭოთა სივრცის ადამიანების უმრავლესობას.

აკადემიაში გავრცელებული თეორიები, ჰეგემონურ კულტურაში ნაწარმოები წარმოდგენები წარმატებით ნიღბავს სამყაროს განვითარებული და განუვითარებელი ნაწილების ურთიერდამოკიდებულებას: უცხო ტერიტორიების დაპყრობა, მათი რესურსების მისაკუთრება, უცხო ხალხების დაქვემდებარება მათი მონური შრომით ზედმეტი ღირებულების დასაგროვებლად ქვეყნიერებამყოველი შემთხვევისთვის, მისმაცივილიზებულმანაწილმათითქოს წარსულში მოიტოვა

არადა დასავლეთის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში კაპიტალისტური ურთიერთობების ჩამოყალიბებიდანვე გამოჩნდა, რომ წარმოების კაპიტალისტური წესის გაფართოება შეუძლებელია პერიფერიების სულ უფრო და უფრო მეტი ბუნებრივი და ადამიანური რესურსის ექსპლუატაციის გარეშე. ეს უთუოდ მოითხოვს აქამდე აუთვისებელი ტერიტორიებისა და ერების დამორჩილებას, შესაბამისად, კაპიტალიზმი ვერ იარსებებს იმპერიალიზმის გარეშე, რომლის ლოგიკასაც გარდაუვლად მივყავართ შიშველი და ტლანქი ძალის გამოყენებამდე, ინტერიმპერილისტურ კონფლიქტამდე დაყველაზე საზარელი სცენარითმსოფლიო ომამდე და კაცობრიობის თვითგანადგურებამდე.

ბრიტანელი ეკონომისტი ჯონ სმიტი ერთერთი იმ მოწინავე მოაზროვნეთაგანია, რომელიც თავის ნაშრომებში ნათლად, თანმიმდევრულად და მრვალმხრივ აჩვენებს კაპიტალისტური წარმოების წესის იმპერიალისტურ ევოლუციას, თანამედროვე იმპერიალიზმის ფუნქციონირების მექანიზმებს,  ე.წ. გლობალური ჩრდილოეთის პარაზიტულ დამოკიდებულებას გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან მიტაცებულ სიმდიდრეზე. ბანგლადეშელი მემარცხენე აქტივისტისა და პუბლიცისტის, ფარუქ ჩოდრის მიერ მასთან ჩაწერილი ოთხნაწილიანი ინტერვიუ მრავალ საჭირბოროტო საკითხს ჰფენს ნათელს. ჯონ სმიტი დაწვრილებით საუბრობს იმ სირთულეებზე, ცდომილებებსა და უზუსტობებზე, რომელიც ხშირად თან ახლავს იმპერიალიზმის შესახებ მსჯელობებს, აკრიტიკებს და აქარწყლებს იმ მცდარ წარმოდგენებს, რომლებიც წარსულისა და თანამედროვეობის პოლიტიკურ მოვლენებზე არსებობს. ინტერვიუს ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს აზრი, რომ მსოფლიო სტრუქტურულ, სისტემურ კრიზისშია, რომელიც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ეკოლოგიურ დონეებზე იჩენს თავს და რომლის შედეგებიც, თუკი შენარჩუნდება განვითარების ამჟამად არსებული კურსი, კატასტროფული იქნება. ამ პერსპექტივის არსებობის მიუხედავად, ჯონ სმიტი, განსხვავებით სახელგანთქმული, მაგრამ თეორიულად ფუტურო და უნაყოფო ფსევდომემარცხენეებისა და თვითგამოცხადებული მარქსისტებისაგან, არ ვარდება შავბნელ მელანქოლიაში, არ მიმართავს ვიშვიშს სიტუაციის გამოუვალობაზე, ინარჩუნებს ჯანსაღ რევოლუციურ ოპტიმიზმს, გვახსენებს რა, რომ მოახლოებული კატასტროფის წინაშე გადარჩენის მხოლოდ ერთი გზა არსებობსგზა, “რომელსაც რუსეთის მუშები და გლეხები 1917, კუბისა კი — 1959 წელს დაადგნენ“.

რედაქცია


დღეს უკვე შეუძლებელია ხალხზე ლაპარაკი იმპერიალიზმის საკითხის გაუთვალისწინებლად, რადგან იმპერიალიზმი სიცოცხლის ყველა მხარეს აზიანებს და ანადგურებს. იმპერიალიზმის საკითხის უგულებელყოფა სახალხო საქმის ღალატის სინონიმია. ჯონ სმიტი, ძველად ნავთობის ანძის მუშა, ავტობუსის მძღოლი, ტელეკომუნიკაციების ინჟინერი, ანტისაომარი და ლათინური ამერიკის სოლიდარობის მოძრაობების აქტივისტი და ავტორი წიგნისა „იმპერიალიზმი XXI საუკუნეში: გლობალიზაცია, ჭარბექსპლუატაცია და კაპიტალიზმის ფინანსური კრიზისი“ (Monthly Review Press, 2016), მსჯელობს იმპერიალიზმის საკითხის შესახებ ინტერვიუში, რომელიც ფარუქ ჩოდრიმ 2018 წლის ივლისიდან  2019 წლის თებერვლამდე ჩაწერა. — Monthly Review-ს წინასიტყვაობიდან.

როგორ განსაზღვრავთ იმპერიალიზმს?

ჯონ სმიტი: ყველაზე მოკლე და კონკრეტული განსაზღვრებით, იმპერიალიზმი არის მთელი მსოფლიოს დამორჩილება ერთი მუჭა მჩაგვრელი ერების მმართველი კაპიტალისტური კლასების ინტერესებისთვის. ეს განსაზღვრება მოიცავს იმპერიალიზმის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებებს — „დამორჩილება“ აღნიშნავს იმპერიალისტური მმართველობისთვის მთავრობების, სახელმწიფოებისა და ხალხების დაქვემდებარებას, ხოლო „მმართველი კაპიტალისტური კლასები“ მიუთითებს იმპერიალისტური მმართველობის ეკონომიკურ ინტერესებზე, არა მხოლოდ მათი თანამემამულე, არამედ მსოფლიოს მშრომელთა და გლეხთა მიერ წარმოებული ზედმეტი ღირებულების ლომის წილის მისაკუთრებაზე. ამ მოკლე განმარტებაში აგრეთვე საუბარია „ერთი მუჭა მჩაგვრელი ერების მმართველ კლასებზე“, რითაც ის უარყოფს იმ გავლენიან შეხედულებას (რომელიც მრავალი სახესხვაობით გვხვდება და რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებიც ლესლი სკლერი[I] და უილიამ რობინსონი[II] არიან), რომ ეს მმართველი კლასები „ტრანსნაციონალურ კაპიტალისტურ კლასად“ გადაიქცნენ და, მაშასადამე, გულისხმობს, რომ მმართველი კლასების ინტერესები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და არსებობს მეტოქეობა იმპერიალისტურ სახელმწიფოებს შორის. გარდა ამისა, ზემოთ მოყვანილი განსაზღვრების განვითარება შესაძლებელია ისე, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს „სუბიმპერიალიზმი“ — ფენომენი, რომლის დროსაც დაქვემდებარებული ერის კაპიტალისტი მმართველები, თავის მხრივ, სხვა, კიდევ უფრო სუსტ ერებსა და ხალხებს საკუთარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბატონობას უმორჩილებენ[III].

რით განსხვავდება იმპერიალიზმის თქვენეული განსაზღვრება სხვა განსაზღვრებებისაგან?

ჯონ სმიტი: ზემოთ მოყვანილი განსაზღვრება კონკრეტულია — ის შეესაბამება დღევანდელ მდგომარეობას, განსხვავებით იმ ზოგადი განსაზღვრებისგან, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში არსებული იმპერიალიზმის ყველა გამოვლინებას მიესადაგება. ჩვენს განსაზღვრებაში „იმპერიალიზმი“ წარმოადგენს ანალიტიკურ კატეგორიას, რომელიც შეიძლება თეორიულ კონცეფციად განვითარდეს. მისგან განსხვავებით, იმპერიალიზმის ტრანსისტორიული, ზოგადი განსაზღვრება მხოლოდ აღწერითია და მოიცავს იმ ზედაპირულ ნიშნებს, რომლებიც ისტორიის სხვადასხვა პერიოდში გამოვლენილი იმპერიალიზმის სხვადასხვა სახისთვის იყო დამახასიათებელი. როგორც ლენინმა მიუთითა თავის შრომაში „იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია“, „კოლონიური პოლიტიკა და იმპერიალიზმი არსებობდა კაპიტალიზმის უახლეს საფეხურამდეც და თვით კაპიტალიზმამდეც. მონობაზე დაყრდნობილი რომი აწარმოებდა კოლონიურ პოლიტიკას და ანხორციელებდა იმპერიალიზმს. მაგრამ ისეთი „ზოგადი“ მსჯელობა იმპერიალიზმზე, რომელიც ივიწყებს ან უკანა რიგში აყენებს საზოგადოებრივ-ეკონომიური ფორმაციების ძირფესვიან განსხვავებას, აუცილებლად იქცევა ცარიელ ბანალობად და ლაყბობად“[IV]. თანამედროვე იმპერიალიზმის არსი უნდა ვეძებოთ კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობრივ საზოგადოებრივ ურთიერთობებში და არა — „ადამიანის ბუნებაში“ ან სხვა არაისტორიულ აბსტრაქციებში.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტერმინის ზოგადი გაგება უსარგებლოა, ან რომ არსებითი სახელი „იმპერიალიზმი“ (ან მით უმეტეს ზედსართავი სახელი „იმპერიალისტური“) არ გამოდგება შოვინისტური ქცევისა და აზროვნების წესის სხვადასხვა ფორმის აღსაწერად. მაგრამ სანამ არ შევიგნებთ განსხვავებას იმპერიალიზმს, როგორც აღწერით ტერმინსა და როგორც ანალიტიკურ კატეგორიას შორის, ვერ გავექცევით „ცარიელ ბანალობას“, რაზეც ლენინი გვაფრთხილებს.

საჭიროა, გავცდეთ ბურჟუაზიული სოციალური მეცნიერებისთვის ასე დამახასიათებელ  სტერილურ ფორმალურ ლოგიკას და ვისწავლოთ დიალექტიკურად აზროვნება. თუ იმპერიალიზმი ისტორიულად წინ უსწრებდა კაპიტალიზმს, — იკითხავს პედანტი, — როგორ შეიძლება ის კაპიტალიზმის შინაგანი მახასიათებელი იყოს? როგორ გამოდის მართებული ის აზრი, რომ მისი არსი კაპიტალისტურ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მდგომარეობს და არა ზოგადად ადამიანთა საზოგადოებაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პატრიარქატთან ანალოგიას გამოვიყენებ. ისიც წინ უსწრებს კაპიტალიზმის წარმოშობას — მართლაც, როგორც ფრიდრიხ ენგელსმა ახსნა „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობაში“, ის, რასაც მან უწოდა „მდედრობითი სქესის მსოფლიო-ისტორიული დამარცხება”[V], დაემთხვა გამოკვეთილად ეგალიტარული მონადირულ-შემგროვებლური ერადან უძველეს კლასობრივად დაყოფილ საზოგადოებაზე გადასვლას. პატრიარქატი უბრალოდ წინ კი არ უსწრებდა კაპიტალიზმს, არამედ, როგორც იმპერიალიზმი, კაპიტალიზმის აღზევებისთვის აუცილებელ წინაპირობასაც წარმოადგენდა. მისი დამყარების დროისთვის და მისი ბატონობის დაფუძნების პროცესის შედეგად, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ამ მაღალმა ფორმამ უკუაგდო მანამდე არსებული ფეოდალური და თემური საზოგადობების ის ელემენტები, რომლებიც მისი ბუნებისთვის საზიანო იყო, მაგრამ შეითვისა, თავისად აქცია ის ყველაფერი, რაც მისი მომდევნო განვითარებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. იმპერიალიზმი და პატრიარქატი ამ უკანასკნელ კატეგორიაში მოექცა, რის გამოც ვამბობთ, რომ ორივე ეს ფენომენი წინ უსწრებდა კაპიტალიზმს, მაგრამ დიდი ხანია, რაც მის განუყოფელ თვისებად იქცა. დაქვემდებარებულ ერებში მრავალი ხალხი ეწინააღმდეგება იმპერიალიზმს (მათ შორის კაპიტალისტური ელიტები), მაგრამ არა — კაპიტალიზმს; ასევე მრავალი ფემინისტი ეწინააღმდეგება ქალთა ჩაგვრას, მაგრამ არ აღიარებს, რომ ეს ჩაგვრა კაპიტალისტური საზოგადოებრივი ურთიერთობებიდან მომდინარეობს. ამის გამოა, რომ ბურჟუაზიული ნაციონალიზმი, ბურჟუაზიული ფემინიზმის მსგავსად, შინაგანად წინააღმდეგობრივია და ვერ გვთავაზობს განთავისუფლებისკენ გზას.

რა ასპექტებს/ფაქტორებს ითვალისწინებთ იმპერიალიზმის განსაზღვრისას?

ჯონ სმიტი: ვფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებაა საჭირო! სინამდვილის ვერცერთ მხარეს და, განსაკუთრებით, თვისებრივად ისეთ მნიშვნელოვან მხარეს, როგორიც იმპერიალიზმია, ვერ გავიგებთ, თუ არ გვექნება, სულ მცირე, იმ ურთიერთობათა მთელი სისტემის სამუშაო ცნება, რომლის ნაწილსაც ის წარმოადგენს. ეს ის გარდაუვალი სირთულეა, რომლის თავიდან არიდებასაც ცდილობს ბურჟუაზიული საზოგადოებრივი მეცნიერება საზოგადოებრივი მეცნიერებების ხელოვნური დაყოფით ერთმანეთისგან განცალკევებულ დისციპლინებად, მაგალითად, „პოლიტიკად“, „ეკონომიკად“, „სოციოლოგიად“, „ანთროპოლოგიად“ და ა.შ., — დისციპლინებად, რომლებიც საზოგადოებრივი ფენომენის ერთი მეორესთან შეუთავსებელ ახსნას გვათავაზობენ და ერთი მეორესთვის გაუგებარი ტერმინოლოგიით ავლენენ თავს. ასეთი ფსევდომეცნიერების ფატალური შეზღუდვების უგულებელყოფა შეუძლებელი გახდა და ამიტომაც გაპოპულარულდა „მულტიდისციპლინური“ მიდგომები — თუმცა დიალექტიკური ლოგიკით თანმიმდევრული ხელმძღვანელობის გარეშე ეს ტენდენცია გარდაუვლად გულისხმობს ფაქტების თვითნებურ ან მიკერძოებულ შერჩევას და ეკლექტიზმისა და გაურკვევლობის სახეს იღებს. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს „ეკონომიკის“ სახელით ცნობილი ფსევდომეცნიერება — მისი უმაღლესი სამღვდელოება ეწინააღმდეგება მათემატიკური აბსტრაქციების შერყვნას პოლიტიკის, სოციოლოგიის, ისტორიის და სხვა სფეროებიდან ნასესხები ცნებებით, — მათ ქედმაღლობას არა აქვს საზღვარი, თან გული კარნახობთ, რომ სხვა დისციპლინებთან კავშირის გაბმა ბოლოს მოუღებთ.

ასე რომ, მე შეგნებულად ვცადე იმ ყველაფრის გამოყენება, რაც კი მისწავლია უკანასკნელ საუკუნეებში მიმდინარე ადამიანის ევოლუციაზე, განსაკუთრებით გლობალური პოლიტიკური ეკონომიკის ევოლუციაზე მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან, და კიდევ უფრო კონკრეტულად, 1970-იანი წლებიდან, ე.წ. ნეოლიბერალური ეპოქის გარიჟრაჟიდან. რასაკვირველია, „ყველაფრის გათვალისწინება“ შორს ვერ წაგვიყვანს — ის მხოლოდ აუცილებელ პირობას ქმნის გონიერების გზაზე შედგომისთვის. შემდგომი წინსვლა კი მოითხოვს დიდძალი მონაცემების გაცხრილვას, მოწესრიგებას, დალაგებასა და გაანალიზებას, ცნებების ფაქტებით გამოცდას და ფაქტების გარეგანი გამოვლინების მიღმა შეღწევას ცნებების საშუალებით, იმის ძიებას, რასაც ევალდ ილენკოვმა[VI] საკვლევი სისტემის „ურთიერთქმედების კარდინალური წერტილები“ უწოდა.

ამ განზრახვით მივმართე მთელი ყურადღება იმ ფაქტის ანალიზზე, რომელიც ნეოლიბერალური ტრანსფორმაციისთვის ყველაზე დინამიკური და მნიშვნელოვანი როლის მატარებელი აღმოჩნდა, სახელდობრ, წარმოების პროცესის ფართომასშტაბიან გადატანაზე დაბალხელფასიან ქვეყნებში — განვითარებაზე, რომელიც კაპიტალიზმის აპოლოგეტების მიერ — მათ შორის ძალიან ბევრი თავს მარქსისტს ეძახის — იყო და არის გასაღებული იმის საბოლოო დასტურად, რომ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული იმპერიალისტური დაყოფა ისტორიას დარჩა[VII]. ნაცვლად ამისა, როგორც ვაჩვენე წიგნში „იმპერიალიზმი ოცდამეერთე საუკუნეში“, ეს განვითარება აგვირგვინებს კაპიტალიზმის იმპერიალისტურ ევოლუციას, აღნიშნავს კაპიტალიზმის მიერ იმპერიალიზმის შეთვისების თვისებრივად ახალ საფეხურს, რომელშიც ბუნების ძარცვა და ცოცხალი შრომის ჭარბექსპლუატაცია, უპირველესად, კაპიტალისა და შრომის ურთიერთობის ფარგლებში ვლინდება და არა ე.წ. თავდაპირველი დაგროვების, ტერიტორიული დაპყრობებისა და შიშველი ძარცვის სხვა ფორმების სახით[VIII], — ფორმებისა, რომლებიც კაპიტალისტებმა წარსულიდან მემკვიდრეობით მიიღეს, გულმხურვალედ შეითვისეს და წამითაც არ მიუვიწყებიათ.

რა წარმოადგენს იმპერიალიზმის სხვა განსაზღვრებების შეზღუდვებს/პრობლემებს?

ჯონ სმიტი: იმპერიალიზმის ლიბერალური/მეინსტრიმული გაგება, რომლითაც განმსჭვალულია აკადემია და ბურჟუაზიული პოლიტიკური აზრი (და რომლითაც, როგორც ვამტკიცებ კიდეც წიგნში „იმპერიალიზმი ოცდამეერთე საუკუნეში“, მოწამლულია ის, რაც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მარქსისტულ პოლიტიკურ ეკონომიადაა გასაღებული), მომდინარეობს იმ ელემენტარული დაკვირვებიდან, რომ გასული სამი ათასწლეულის განმავლობაში არსებულ სხვადასხვა იმპერიას ჰქონდა ერთი ცხადი მახასიათებელი — ტერიტორიული დაპყრობა სამხედრო ძალით. მას ეჭიდებიან, როგორც იმპერიალიზმის განმსაზღვრელ ნიშან-თვისებას, შესაბამისად, ტერიტორიული იმპერიების ჩამოშლა და [კოლონიზებული ქვეყნებისთვის] ფორმალური სუვერენიტეტის მინიჭება იმის დასტურად აღიქმება, რომ იმპერიალიზმი წარსულში დარჩა და დღეს აღარ არსებობს. ეს მიდგომა პოლიტიკისა და ეკონომიკის ერთმანეთისაგან სრულ განცალკევებას ემყარება — იმპერიალიზმი მხოლოდ პოლიტიკური ბატონობითა და სამხედრო ძალის გამოყენებით განისაზღვრება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ეკონომიკური, ე.ი რესურსების და ა.შ. მიტაცება, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს გეოპოლიტიკა, მეგალომანია, საღვთო უფლება ან ნებისმიერი სხვა რამ.

იმპერიალიზმის მარქსისტული კონცეფცია ამ განსაზღვრებისგან დიამეტრულად განსხვავდება. კაპიტალიზმის იმპერიალისტური იმპულსი კაპიტალისტური ღირებულებითი ურთიერთობის წინააღმდეგობებიდან იღებს სათავეს. როგორც მარქსმა ახსნა, შრომის ზრდადი მწარმოებლურობა (ცოცხალი შრომის მკვდარი ძალით, ე.ი. მანქანებით ჩანაცვლება) და მოგების ნორმის დაცემა ერთი მედლის ორი მხარეა. და როგორც ლენინმა განმარტა, განვითარებული კაპიტალისტური ერების ბურჟუაზიას კლასობრივი ბრძოლა აიძულებს, იყიდოს საზოგადოებრივი მშვიდობა — მოისყიდოს მუშათა კლასის პრივილეგირებული ფენები თავისი მოგების ნაწილით. შედეგად, მმართველი კაპიტალისტური კლასები იძულებულნი ხდებიან, რომ ადგილობრივი მშრომელებისა და გლეხებისგან მიღებული ზედმეტი ღირებულება გაზარდონ უცხოეთში მოძიებული მარად მზარდი სიმდიდრის ნაკადით. ამისკენ მიმართული ორივე ტენდენცია გამოვლინდა მეცხრამეტე საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში, რამაც ბიძგი მისცა იმპერიების ინტენსიურ მშენებლობას და ერთმანეთის მეტოქე მმართველი კლასები კოლიზიამდე, ბოლოს კი პირველ მსოფლიო ომამდე მიიყვანა.

არსებობს რამე ფუნდამენტური განსხვავება იმპერიალიზმის თქვენეულ და ლენინისეულ ან მარქსისტ-ლენინისტურ განსაზღვრებებს შორის?

ჯონ სმიტი: არა მგონია. ერთადერთია ის, რაც 21-ე საუკუნის მსოფლიოს ასი წლის წინანდელისაგან განასხვავებს. როცა ლენინმა, ზინოვიევმა, ბუხარინმა და სხვა ბოლშევიკმა ლიდერებმა განავითარეს იმპერიალიზმის მარქსისტული თეორია, ერთი მუჭა მჩაგვრელი ქვეყნების ურთიერთობა ჩაგრული ერების უმრავლესობასთან წარმოადგენდა ურთიერთობას, ერთი მხრივ, იმ ქვეყნებსა და კონტინენტებს, სადაც კაპიტალისტური საზოგადოებრივი ურთიერთობები სრულფასოვნად იყო ჩამოყალიბებული და, მეორე მხრივ, იმათ შორის, რომლებშიც ეს ურთიერთობები ჯერ კიდევ ჩანასახოვან ფორმას ატარებდა, და მჩაგვრელთა ხელთ არსებული იმპერიალისტური ძარცვის მექანიზმები (სასტიკი ძალა, მევახშეობა და ა.შ. ) დიდწილად წარსულიდან იყო ნამემკვიდრევი. ჩანასახოვანი იყო კოლონიზებული და დამონებული ხალხის ჯანყის ფორმაც. მაგრამ მოგვიანებით მან გაცილებით დიდი ძალა მოიკრიბა და აიძულა იმპერიალისტები, რომ ბატონობის ფორმები შეეცვალათ — ეწყალობათ ფორმალური პოლიტიკური სუვერენიტეტი მოსყიდული და კორუმპირებული ელიტებისათვის, თუმცა რამე არსებითი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე. ამგვარად, იმპერიალისტური ბატონობის გარეგნულმა ფორმამ მნიშვნელოვნად იცვალა ფერი, და დაქვემდებარებულ ქვეყნებში კაპიტალისტური საზოგადოებრივი ურთიერთობების გავრცელებამ იმპერიალისტებს ამ ქვეყნებიდან სიმდიდრის გამოსაწურად ახალი გზები გაუხსნა, თუმცა იმპერიალისტური ურთიერთობის არსი ლენინის შემდეგ საფუძვლიანად არ შეცვლილა. პირიქით, ჩრდილოეთ ამერიკის, იმპერიალისტური ევროპისა და იაპონიის კაპიტალისტები დღეს გაცილებით მეტად არიან დამოკიდებულნი ე. წ. განვითარებადი ქვეყნებიდან მომდინარე ზედმეტი ღირებულების ნაკადზე, ვიდრე 100 წლის წინ იყვნენ. სხვა სიტყვებით, ისინი დღეს უფრო დიდი პარაზიტები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან. მსოფლიო დღესაც უწინდებურად დაყოფილია, როგორც ლენინი იტყოდა, „ერთ მუჭა მჩაგვრელ ერებსა და ჩაგრული ქვეყნების უმრავლესობას“ შორის, იმ მნიშვნელოვანი განსხვავებით, რომ ხალხთა თავგანწირულმა ბრძოლამ თავისუფლება მოუპოვა ჩაგრული ერების ეროვნულ ბურჟუაზიებს, სხვა სიტყვებით, ვარცლში მათი დინგებისთვისაც გამოიძებნა ადგილი, მაშინ როცა გაღატაკებული და უქონელი მშრომელები, გლეხები და წვრილი მეწარმეები ისევ ელიან თავისუფლების დღის დადგომას.

„მარქსისტულ-ლენინისტური“ გულისხმობს იმ იდეოლოგიას, რომელსაც მისდევდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბიუროკრატიული მმართველები და ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ წინამძღოლად აღიარებდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ე.წ. „მარქსიზმ-ლენინიზმში“ მისხალი არ არის მარქსიზმისა და ლენინიზმისა. შორს ვერ წავალთ, თუ საგნებს თავიანთ ნამდვილ სახელს არ დავარქმევთ, ამიტომაც დაჟინებით ვითხოვ, რომ ამ იდეოლოგიის მოსკოვურ და პეკინურ სახესხვაობებს სტალინისტური ვუწოდოთ. ეს, შეიძლება, ვიღაცას ეწყინოს ან ფრაქციულ ლანძღვად იქნას გაგებული, მაგრამ სხვანაირად უკიდურესად მავნე სიცრუის კიდევ უფრო ხანგრძლივ არსებობას შევუწყობთ ხელს — იმ სიცრუისა, რომელსაც ენერგიულად უჭერენ მხარს ბურჟუაზიული პოლიტიკოსები და ყველა ჯურის საზოგადოებრივი აზრის მწარმოებლები, ლიბერალური მემარცხენეებით დაწყებული, ულტრამემარჯვენეებით გათავებული, რომელთაგან ყველამ კარგად უწყის, რაოდენ აზიანებს მშრომელთა რევოლუციურ მოძრაობას სოციალიზმის, კომუნიზმის და მარქსისა და ლენინის სხვა განმათავისუფლებელი იდეების გაიგივება იმ ბიუროკრატიული კასტების შემზარავ სისასტიკესა და კორუფციასთან, რომლებიც ერთ დროს სათავეში ედგნენ საბჭოთა კავშირს, ხოლო ჩინეთს ახლაც მართავენ (მართლაც, რუსეთში დღეს ძალაუფლებაში მყოფი მმართველი კაპიტალისტური კლასიც თითქმის სრულად ყოფილი „მარქსისტ-ლენინისტებისგანაა“ დაკომპლექტებული).

„მარქსიზმ-ლენინიზმი“ სსრკ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველებს მოქმედების სახელმძღვანელოდ კი არა, ტყუილის შესაფუთად, მმართველობის ლეგიტიმაციისთვის სჭირდებოდათ. ისინი იფიცებდნენ იმ თეორიებისა და ფილოსოფიების ერთგულებას, რომელთა მიმდევარიც მე ვარ, მაგრამ იმპერიალიზმთან „მშვიდობიანი თანაარსებობის“ მათი დოქტრინა ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც კარლ მარქსი და ვლადიმირ ლენინი იცავდნენ.

განსხვავდება თუ არა იმპერიალიზმის „ცივი ომის“ დროინდელი ფუნქციონირების მექანიზმი დღევანდელისაგან? და თუ განსხვავდება, რატომ?

ჯონ სმიტი: ე.წ. ცივი ომი[IX]  მითებისა და სიცრუის თითქმის გაუღწეველი ტევრითაა გარშემორტყმული. აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის მილიარდობით მოსახლისათვის ის ყველაფერი იყო, გარდა „ცივისა“. გაბატონებული თვალსაზრისის თანახმად, ომი მიმდინარეობდა „დასავლეთსა“ და „აღმოსავლეთს“ შორის; პირველს აშშ მეთაურობდა, რომელიც კაპიტალიზმისა და დემოკრატიის გავრცელებას ცდილობდა, მეორეს კი — საბჭოთა კავშირი, რომელსაც სოციალიზმისა და კომუნიზმის გავრცელების მიზანი ამოძრავებდა. აბსურდია იმის მტკიცება, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ძალაუფლების მიცემას ისეთი პირსისხლიანი დიქტატორებისთვის, როგორებიც იყვნენ შაჰი[X], სადამი ან სომოსა[XI], „დემოკრატიის გავრცელებასთან“ რამე ჰქონდა საერთო. მაგრამ ამ დებულების პირველი ნაწილი მართებულია: აშშ და მისი იმპერიალისტი მოკავშირეები მართლაც აწარმოებდნენ ომს იმისათვის, რომ კაპიტალიზმი გაევრცელებინათ და ჩაეხშოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა, რაც გზად შეხვდებოდათ. მაგრამ ტყუილია, რომ საბჭოთა კავშირი ცდილობდა სოციალიზმისა და კომუნიზმის გავრცელებას. პირიქით, ის ცრუ რევოლუციონერები, რომლებიც სსრკ-ს მართავდნენ, დროდადრო გადამწყვეტ დახმარებას უწევდნენ ხოლმე იმპერიალისტებს. ისტორიის სტალინისტური „საფეხურეობრივი“ თეორიის თანახმად, ანტიკაპიტალისტური რევოლუციის განხორციელება შეუძლებელი იყო იმპერიალიზმის მიერ დაჩაგრულ ერებში — რადგან მშრომელთა კლასი მეტისმეტად მცირერიცხოვანი და სუსტი იყო და მათი სინამდვილე კაპიტალიზმის გავრცელებისთვის ხელისშემშლელი ფეოდალური და სხვა წინარეკაპიტალისტური წინაღობების გადალახვას ითხოვდა; ამ თეორიის მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ აუცილებელი იყო კაპიტალისტური განვითარების ხანგრძლივი პერიოდი, რათა ამ ერებში კლასობრივი წინააღმდეგობები ისევე მომწიფებულიყო, როგორც იმპერიალისტურ ქვეყნებში, — და მაშინ და მხოლოდ მაშინ გახდებოდა შესაძლებელი სოციალიზმისთვის ბრძოლის დღის წესრიგში დაყენება. შესაბამისად, ისეთი ბრძოლების გაძღოლის ნაცვლად, რომლებიც მუშათა და გლეხთა რევოლუციურ მთავრობებს მიანიჭებდა ძალაუფლებას, მოსკოვმა მის მიერ მართულ კომუნისტურ პარტიებს ინსტრუქცია მისცა, როგორ უნდა ეთანამშრომლათ ეროვნული ბურჟუაზიის ვითომდა პროგრესულ ფრთასთან. ამან უთვალავი კატასტროფული მარცხი აგემა კომუნისტურ პარტიებს — მათ შორის, ყველაზე მასშტაბური — ირანში 1953 წელს[XII] და ინდონეზიაში — 1965 წელს[XIII]. როგორც ჩე გევარა ამბობდა, „ადგილობრივმა ბურჟუაზიამ იმპერიალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი უნარი დაკარგა — თუკი საერთოდ ოდესმე გააჩნდა… სხვა გზა არ არსებობს — ან სოციალისტური რევოლუცია, ან რევოლუციის კარიკატურა“.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ცივი ომის განმავლობაში გამარჯვება მხოლოდ იმ კომუნისტური პარტიების მიერ მოხდენილმა რევოლუციებმა მოიპოვეს, რომლებმაც ნაწილობრივ მაინც დააღწიეს თავი მოსკოვის მორჩილებას (იუგოსლავია, ჩინეთი, კორეა, ვიეტნამი), ან იმ რევოლუციურმა მოძრობებმა და პარტიებმა, რომლებიც მოსკოვის ორბიტაზე არც არასდროს ყოფილან (კუბა, ნიკარაგუა, ალჟირი). შეიძლება, ყველაზე სანიმუშო მაგალითი ვიეტნამის შემთხვევაა. პოტსდამის კონფერენციაზე 1945 წლის ივლისში სამი გამარჯვებული — ტრუმენი, ჩერჩილი (ლეიბორისტული პარტიის ლიდერის კლემენტ ეტლის თანხლებით, რომელიც კონფერენციის მიმდინარეობისას ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად იქნა არჩეული) და სტალინი — შეხვდა ერთმანეთს ნადავლის გასაყოფად. იმ იმედით, რომ იმპერიალიზმის ე.წ. ანტიფაშისტური, პროგრესული ფრთა საბჭოთა კავშირთან ომისდროინდელ მოკავშირეობას გააგრძელებდა, სტალინი დათანხმდა საფრანგეთის ინდოჩინური კოლონიების კანონიერი მფლობელისთვის, საფრანგეთისთვის დაბრუნებას.

მიუხედავად ამისა, 1945 წლის 2 სექტემბერს, ჰანოიში ნახევარი მილიონი ადამიანის შეკრებამდე, ჰო ში მინმა დამოუკიდებელი ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა, თუმცა არაფერი მომზადებულა იმპერიალისტული ჯარებისთვის სათანადოდ დასახვედრად (რომელთა შორისაც იყო მეოცე ინდური დივიზიის 20 000 ჯარისკაცი, ბრიტანეთის კოლონიური ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული ინდური არმიის ნაწილი), პოტსდამში მიღებული მზაკვრული გადაწყვეტილების აღსასრულებლად რომ გამოიგზავნა. ამის ნაცვლად, მოსკოვის განკარგულებების შესაბამისად, ინდოჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა ბრიტანული ჯარების პირველ შემადგენლობებს (12-13 სექტემბერს) ზარ-ზეიმით შეეგება და სცადა, მეთაურისთვის, გენერალ გრეისისთვის, ხელიც ჩამოერთმია. პასუხად პარტიის ხელმძღვანელები ზიზღით მოიშორეს. გრეისიმ დაიკავა სამთავრობო შენობები, გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა, გაათავისუფლა ომში აყვანილი იაპონელი ტყვეები, მისცა მათ იარაღი და გამოიყენა საპოლიციო ძალად მანამ, სანამ საფრანგეთის სამხედრო ძალები ჩამოვიდოდნენ კოლონიური მმართველობის აღსადგენად. ამ კატასტროფის შემდეგ — რომლის თავიდან აცილებაც სავსებით შესაძლებელი იყო — ვიეტნამის განმათავისუფლებელმა ძალებმა ბრძოლა განაახლეს და აღთქმა დადეს, რომ აღარასდროს დაემორჩილებოდნენ უცხო ძალის საგარეოპოლიტიკურ ინტერესებს.

1945 წლის ვიეტნამი როდი იყო ერთადერთი შემთხვევა, სადაც სტალინმა მონაწილეობა მიიღო იმპერიალიზმის ბოროტმოქმედებაში. ვიეტნამის ისტორია ბევრი რამით ჰგავს კორეის მაგალითს. სტალინმა, ჩერჩილმა და რუზველტმა გადაწყვიტეს მისი გაყოფა და სამხედრო ოკუპაციისთვის დამორჩილება (ავადსახსენებელ შეხვედრაზე, რომელიც 1945 წელს იალტაზე გაიმართა). ამან გამოიწვია კორეის ომი, სადაც ამერიკამ იმაზე უფრო მეტი ბომბი ჩამოაგდო, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი წყნარი ოკეანის საომარი მოქმედებების თეატრში — ორივე მხარემ ერთად. 1953 წლისთვის, ორნახევარი მილიონი კორეელი იყო დახოცილი, მაგრამ ამანაც კი ვერ შეაჩერა იმპერიალისტური ოკუპაციის წინააღმდეგ მათი მედგარი ბრძოლა. ჩინეთიდან (სადაც სოციალურმა რევოლუციამ 1949 წელს გაიმარჯვა) გამოგზავნილი 300 000  ჯარისკაცის დახმარებით, კორეის მშრომელმა ხალხმა, კორეის მუშათა პარტიის ლიდერის, კიმ ირ სენის მეთაურობით, პირველი მარცხი აგემა აშშ-ს, — რისთვისაც აშშ-ი მათ დღემდე სასტიკად სჯის.

„ცივი ომის“ განმავლობაში მოსკოვის ოფიციალურ პოლიტიკას წარმოადგენდა „მშვიდობიანი თანაარსებობა“, სხვა სიტყვებით — კლასობრივი კოლაბორაცია, რაც პრაქტიკულად კორეელებისა და ვიეტნამელების მიმართ გატარებული მოღალატეობრივი პოლიტიკის გაგრძელებად შეგვიძლია გავიგოთ (ამ სიაში კიდევ სხვა მრავალი ერი და ხალხია, მათ შორის, ევროპელი ებრაელები და პალესტინის მოსახლეობა — ორივე მათგანი დააღალატა მოსკოვმა თავისი ანტისემიტიზმითა და 1948 წელს ისრაელის შექმნის მიმართ გამოჩენილი მდუმარე თანხმობით[XIV]).

ეს მოვლენები, თვით  მემარცხენე და პროგრესული ძალებისთვისაც კი, ნაკლებადაა ცნობილი, რადგან ჩვენთვის მათი შეხსენება არ შედის არც ლიბერალი ან კონსერვატორი აზრის მწარმოებლების ინტერესებში, და არც იმ მემარცხენე ძალებისა, რომლებიც სტალინის მიერ გაძღოლილი „კომუნისტური მოძრაობიდან“ იშვნენ.

„ცივი ომის“ შესახებ გაბატონებული მეინსტრიმული მოსაზრებანი ჯერ კიდევ სერიოზულად არის გადასააზრებელი. ამ დროს კი, პირიქით, სიმართლე ღრმად იმარხება სულ უფრო და უფრო მეტი ნაგვის გროვაში. თუმცა მხოლოდ წამიერი დაფიქრებაც კმარა ამ მოსაზრებების აბსურდულობისა და რეაქციული ბუნების დასანახად. აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში „აღმოსავლეთს“ მოსკოვი წარმოადგენდა, არადა მოსკოვი, გეოგრაფიულად, დასავლეთის ნაწილია, თეთრკანიანთა ევროპის აღმოსავლეთი კიდე. ნამდვილი აღმოსავლეთი უჩინარია ამ სასაცილო, დაუჯერებლად ევროცენტრულ ნარატივში — და გაუჩინარების იგივენაირი ბედი ერგო მთელ სამხრეთს: კონფლიქტი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის — იმპერიალიზმსა და მის კოლონიებსა და ნეოკოლონიებს შორის — სრულად გადაფარა აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირებამ. აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის განმათავისუფლებელი ბრძოლები და რევოლუციური მოძრაობები მოსკოვის პაიკებადაა გამოყვანილი, თითქოს მათ თავიანთი საჩივარი არ გააჩნდათ, თითქოს საკუთარი ნება არ ჰქონოდათ. ეს უბრალოდ აბსურდი კი არა, აშკარა რასიზმია.

მხოლოდ ტერმინ „ცივი ომით“ დაფარული სიცრუის მხილებით შემიძლია ვუპასუხო კითხვას იმის შესახებ, მოხდა თუ არა რამე ცვლილება იმპერიალისტების ქცევაში მას შემდეგ, რაც ის 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევით დასრულდა. როგორი ყალბიცაა „ცივი ომის“ ცნება, ისეთივე ყალბია ის აზრი, რომ „ცივი ომი“ დასავლეთმა მოიგო. საბჭოთა კავშირის დანგრევამ და იმ პოლიტიკური ძალების ნაწილობრივმა დაცემამ, რომლებიც მოსკოვში ეძებდნენ წინამძღოლს, ძლიერ დაასუსტა იმპერიალისტური მსოფლიო წესრიგის საყრდენი. ერთპოლუსიანი მსოფლიოს ნაცვლად, რომელშიც აშშ და მისი იმპერიალისტი მოკავშირეები შეუზღუდავი ძალაუფლებით ისარგებლებდნენ, „ცივი ომის“ შემდეგ მივიღეთ სამყარო მომეტებული ქაოსითა და არეულობით. იმპერიალისტებმა თავს დიდი გამარჯვების მოპოვება დააჯერეს, რაც ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ომების სერიით აღნიშნეს — მათგან პირველი, ბერლინის კედლის დანგრევისთანავე, 1991 წელს დაიწყო ჯორჯ ბუშ უფროსმა ერაყში. მაგრამ ამპარტავნებამ [აშშ-სა და მის მოკავშირეებს] ზედმეტი თავდაჯერებულობა შესძინათ და „ცივი ომის“ შემდეგ წარმოებულმა ყოველმა სამხედრო ავანტიურამ უფრო და უფრო ღრმად ჩაფლო ისინი სიკვდილის, დანაწევრებისა და ურთიერთბრალდებების ჭაობში — ისე, რომ ჰორიზონტზე გამარჯვების ნიშანწყალიც კი არ ჩანდა. სამწუხაროდ, თუ ვერაფერს ვიტყვით „ცივ ომში“ იმპერიალისტების გამარჯვებაზე, ვერც იმას ვიტყვით, რომ გამარჯვება მათ მოწინააღმდეგეებს — მსოფლიოს მშრომელ კლასსა და ჩაგრულ ხალხებს დარჩათ. გამარჯვება არასდროს ვარდება ციდან, ის ბრძოლითაა მოსაპოვებელი. დღეს გვაკლია ისეთი მასშტაბის ლიდერები, როგორებიც იყვნენ ლენინი, ჩე, ფიდელი, გრენადის მორის ბიშოპი[XV], ბურკინა ფასოს თომა სანკარა და სხვები — და მათ მიერ შთაგონებული პოლიტიკური მოძრაობები, რომელთაც ჰქონდათ უნარი, იმპერიალისტებში სისუსტისა და არეულობის ზრდა თავის სასარგებლოდ გამოეყებინათ.

რა გავლენა იქონია მონოპოლისტურმა ფინანსურმა კაპიტალმა და ფინანსიალიზაციამ იმპერიალიზმზე?

ჯონ სმიტი: უნდა გავარკვიოთ ამ ორი ტერმინის მნიშვნელობა. როგორც ლენინმა განმარტა ნაშრომში „იმპერიალიზმი, კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია“, მონოპოლისტურ-ფინანსური კაპიტალი იმ ორი პარალელური პროცესის შედეგია, რომლებიც განვითარების იმპერიალისტურ საფეხურზე გადასვლას უკავშირდება: კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციის პროცესს და მესაკუთრეობის განცალკევებას მენეჯმენტისაგან. ამდენად, საჭიროა კითხვის ხელახლა ფორმულირება, თორემ გამოდის, თითქოს ფინანსური კაპიტალი იმპერიალიზმისგან ცალკე არსებობდეს და გავლენას მასზე გარედან ახდენდეს. ეს ყოველივე არსებით საკითხს უსვამს ხაზს: იმპერიალიზმზე საუბრისას მის იმ ზოგად სახეს კი არ ვგულისხმობთ, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში არსებობდა, არამედ კონკრეტულად კაპიტალისტურ იმპერიალიზმზე, კაპიტალისტური განვითარების იმპერიალისტურ სტადიაზე ვლაპარაკობთ. მონოპოლისტური ფინანსური კაპიტალი არ არსებობდა 4 300 წლის წინ, მესოპოტამიაში სარგონ დიდის მიერ აქადური იმპერიის მშენებლობის ან 500 წლის წინ მოგოლი მეფეების მიერ ინდოეთის სუბკონტინენტის გაერთიანების დროს!

ფინანსიალიზაციის განმარტება სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ უმთავრესად ის, ჯონ ბელამი ფოსტერის სიტყვებით, აღნიშნავს „ეკონომიკური საქმიანობის სიმძიმის ცენტრის წარმოებიდან (და თუნდაც ზრდადი მომსახურების სფეროს უდიდესი ნაწილიდან) ფინანსებზე გადანაცვლებას“ (იხ.: ჯონ ბელამი ფოსტერის „კაპიტალიზმის ფინანსიალიზაცია“, სადაც ასევე გაეცნობით შესანიშნავ განხილვას ტერმინის წარმოშობის შესახებ[XVI]). ასე რომ, ფინანსიალიზაცია მიეკუთვნება ცირკულაციის სფეროს, სადაც ხდება საკუთრების უფლების გაცვლა, მაგრამ არაფერი იწარმოება. „ეკონომიკური საქმიანობის სიმძიმის ცენტრის ცვლილება“, რაზეც ჯონ ბელამი ფოსტერი საუბრობს, გამოხატულია იმ ფაქტით, რომ საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსური საქმიანობები სულ უფრო დიდ წილს იკავებს იმპერიალისტური ქვეყნების მშპ-ში — რაც ცხადჰყოფს კიდეც, რომ იმას, რასაც ბურჟუაზიული ეკონომისტები „მთლიან შიდა პროდუქტს“ ეძახიან, სულ უფრო ნაკლები კავშირი აქვს ეროვნულ ეკონომიკაში ნამდვილად მიმდინარე წარმოებასთან[XVII].

Monthly Review-ის სკოლისგან განსხვავებით, ამ ფენომენის შესახებ მარქსისტ და მემარცხენე-კეინსიანელებად აღიარებული ეკონომისტების კვლევები ცდილობს, ფინანსიალიზაცია წარმოების სფეროში მიმდინარე გარდაქმნებისგან — უმთავრესად, საწარმოო პროცესების გლობალიზაციისა და დაბალხელფასიან ქვეყნებში მათი მასშტაბური გადატანისაგან — განცალკევებით გააანალიზოს. ეს სერიოზული ნაკლოვანებაა, მაგრამ არა — მოულოდნელი, რადგანაც იგივე სააზროვნო სკოლები იმპერიალიზმის ცენტრალურ მნიშვნელობას და არსებობასაც კი უარყოფენ. მიუხედავად ამისა, ასეთი კვლევების დიდი ნაწილი სინათლეს ჰფენს ამ მნიშვნელოვანი ფენომენის შემადგენელ კომპლექსურ პროცესებს, განსაკუთრებით, ფინანსისტების სიმარჯვეს, რომლითაც ისინი მომავალი შემოსავლის ჰიპოთეტურ ნაკადს დღევანდელ სიმდიდრედ გარდაქმნიან და, ამგვარად, კოლოსალური რაოდენობით წარმოქმნიან იმას, რასაც მარქსმა უწოდა ფიქციური კაპიტალი — ფინანსური აქტივები, რომელთა ღირებულებაც გამოთიშულია რეალური მწარმოებლური საქმიანობისაგან (თუკი ეს საქმიანობა საერთოდ არსებობს).

ვალი ამ მიზნის მიღწევის მთავარი იარაღია. როგორც მარტინ ვულფმა თქვა ფინანსური კრიზისის დაწყებიდან მალევე (Financial Times, April 1, 2008), „აშშ-ის მთლიან შიდა პროდუქტში ფინანსური სექტორის მოგების წილი ექვსჯერ გაიზარდა 1982 წლის პირველი კვარტლიდან — ყველაზე დაბალი მაჩვენებლიდან — 2007 წლის მეორე კვარტლამდე — ყველაზე მაღალ მაჩვენებლამდე. ამ ბუმს წინ უძღოდა ლევერიჯის გამოყენების  ზრდა მთელი ეკონომიკის მასშტაბით [კრედიტით დაფინანსებული ინვესტიციები]. ლევერიჯმა ფილოსოფიური ქვის როლი ითამაშა და ეკონომიკური ტყვია ფინანსურ ოქროდ აქცია. მისი შემცირების ცდა ახლა ოქროს ისევ ტყვიად გადაქცევას მოასწავებს“. თუმცა ვალის შემცირებისკენ, რაზეც ვულფი საუბრობს, რბილად რომ ითქვას, უსუსტესი ნაბიჯები გადაიდგა,— ფინანსების საერთაშორისო ინსტიტუტის თანახმად, საერთო ვალი (სახელმწიფო, კორპორაციული და საშინაო ვალი) დღეს მსოფლიო მშპ-ის 320%-ს შეადგენს, როცა ფინანსური კრიზისის დაწყებამდე, 2007 წელს, 270% გახლდათ. მეტიც, ვალის ზოგიერთი განსაკუთრებით სარისკო კატეგორია კიდევ უფრო სწრაფად იზრდება, კერძოდ, ეს ეხება ე.წ. „გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში“[XVIII] არაფინანსური კერძო კორპორაციების მიერ აღებულ ვალებს, რომლებიც საპროცენტო განაკვეთის ისტორიულმა მინიმუმმა აცდუნა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამანგრეველი შედეგები მომდევნო ფინანსური კრიზისისა, რომელიც გარდაუვლად გველოდება სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯში, ბევრად შორს გასცდება ევროპისა და ამერიკის ფარგლებს, სადაც 2007 წლის შემდეგ ის ყველაზე მძაფრად გამოვლინდა.

ამდენად, თქვენს კითხვას რომ ვუპასუხოთ, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ საქმე ეხება არა ფინანსიალიზაციის გავლენას იმპერიალიზმზე, არამედ იმპერიალიზმის მიერ თავისი ჭეშმარიტი ბუნების გამოვლენას — მის მზარდ პარაზიტიზმს, სხვა სიტყვებით, ნებისმიერი სახის მონოპოლისტური რენტისა და რენტაზე ორიენტირებული ეკონომიკური ქცევის მნიშვნელობის ზრდას წარმოებისგან მიღებული მოგების საპირისპიროდ.

შეგვიძლია თუ არა მონოპოლისტური ფინანსური კაპიტალი იმპერიალისტური კაპიტალისაგან განვასხვაოთ? ან არსებობს მათი ერთმანეთისგან განსხვავების საჭიროება იმპერიალიზმის შესწავლისას?

ჯონ სმიტი: მგონი, წინა შეკითხვებზე ჩემი პასუხებიდან გამომდინარეობს, რომ „მონოპოლისტური ფინანსური კაპიტალი“ და „იმპერიალისტური კაპიტალი“ სინონიმებია. საკუთრივ იარლიყებზე უფრო მნიშვნელოვანი ის შინაარსია, რომელსაც მათში ვდებთ, რაც დამოკიდებულია მათი გამოყენების კონტექსტსა და იმაზე, თუ კიდევ დამატებით რას ვამბობთ. ტექნიკური ტერმინებითა და თეორიული კონცეფციების სახელებით მარტივად შეიძლება თავგზის აბნევა — ნაცვლად განმარტებისა, შთაბეჭდილების მოხდენა — ნაცვლად გამოხატვისა.

რა შეზღუდვები აქვს დღეს იმპერიალიზმს?

ჯონ სმიტი: მხოლოდ ხუთი სიტყვა — მაგრამ ამაზე რთულ კითხვას ვერ დასვამდით! წინა პასუხში განხილული ფინანსიალიზაციის ფენომენი და მის მიერ გაძლიერებული კაპიტალის უზარმაზარი ჭარბდაგროვება უტყუარი ნიშანია იმისა, რომ იმპერიალისტური კაპიტალიზმი კატაკლიზმური კრიზისისკენ მიექანება, ვინაიდან სასრულია ფინანსისტების შესაძლებლობა, ვალების საშუალებით გაზარდონ მოგების ნაკადი და გაბერონ აქტივების ღირებულება. შესაძლებლობა იმისა, რომ ამ კონკრეტული ფორმით „სიმდიდრის წარმოება“  გლობალური ფინანსური კრიზისის მიერ პროცესის დროებითი შეფერხების მიუხედავადაც კი განახლებულიყო, არსებითად დამოკიდებული იყო იმპერიალისტური ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ დანერგილი ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკაზე — აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა 2015 წლის ნოემბრის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი ცხრაჯერ კი აწია, ყოველ ჯერზე — 0.25 %-ით, მაგრამ ახლანდელ 2.5%-იან საპროცენტო განაკვეთს რომ 2%-იანი ინფლაცია გამოვაკლოთ, აშშ-ში რეალური საპროცენტო განაკვეთი 0-ზე ოდნავ მეტი რჩება. დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და იაპონიის ცენტრალურ ბანკებს ჯერ კიდევ არ მიუბაძავთ აშშ-ის ფედერალური რეზერვისათვის და არ გადაუხვევიათ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის გზიდან, — მათი რეალური საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად უარყოფითი რჩება.

ოფიციალური საპროცენტო განაკვეთი (რომელსაც ზოგჯერ „საბაზისო განაკვეთსაც“ უწოდებენ) ასახავს იმას, თუ რა ჯდება ფული კერძო ბანკების, დიდი კორპორაციებისა და მდიდარი ინვესტორებისთვის; ის ოჯახურ მეურნეობებსა და მცირე ბიზნესებისთვის გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთზე გაცილებით დაბალია. არ გეგონოთ, რომ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის ძალაუფლება სახელმწიფოებსა და ცენტრალურ ბანკებს საბაზრო პირობების კარნახის საშუალებას აძლევდეს. პირიქით, ბაზრები, ანუ ფინანსური კაპიტალის მფლობელები, ამყარებენ დიქტატურას სახელმწიფოებსა და ცენტრალურ ბანკებზე. ოფიციალური საპროცენტო განაკვეთი ასახავს ე.წ. „ბუნებრივ საპროცენტო განაკვეთს“, რომელიც განისაზღვრება საინვესტიციო ფონდების მოთხოვნითა და მიწოდებით. მოწოდება კი დიდია, მაგრამ განიცდის პროდუქტიული საინვესტიციო შესაძლებლობების ნაკლებლობას — უამრავი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ, კაპიტალისტების გათვლებით, მათგან მიღებული მოგება არ იქნება საკმარისი გაწეული რისკების გასაწონასწორებლად.

რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ, თუ კაპიტალისტები არ ჩათვლიან, რომ საქონლისა და მომსახურების წარმოებაში ფულის დაბანდებით უფრო მოიგებენ, ვიდრე ამ ფულის ბანკში დატოვებითა და საპროცენტო სარგებლის მიღებით, ისინი თავს შეიკავებენ ინვესტიციისაგან. საპროცენტო განაკვეთის 0-მდე დაყვანით ან საერთოდ მინუს მაჩვენებლად ქცევით ცენტრალური ბანკები იმედოვნებენ, რომ კაპიტალისტებს უბიძგებენ ფულის ინვესტიციისკენ ბანკში მისი შენახვის სანაცვლოდ. ამდენად, უკიდურესად დაბალი საპროცენტო განაკვეთები ღრმა კრიზისის მაუწყებელია — მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად არასასურველია კაპიტალისტებისთვის ინვესტირება, ერთი მხრივ, მომგებიანი საინვესტიციო შესაძლებლობების ნაკლებობის, ხოლო მეორე მხრივ, ფულის დაკარგვის მაღალი რისკის გამო, ზოგჯერ კი ორივე მიზეზით. გამომდინარე იქიდან, რომ რეალური საპროცენტო განაკვეთი იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა კაპიტალიზმის მთელი ისტორიის განმავლობაში, ინვესტიციების ასეთი დაბალი დონე (გინდ მშპ-სთან მიმართებით, გინდ საინვესტიციოდ ხელმისაწვდომ თანხასთან შედარებით) იმპერიალისტურ ეკონომიკებსა და დანარჩენი სამყაროს უდიდეს ნაწილში მართლაც გასაოცარია.

ამ თემის გარშემო ბევრი პრობლემის გამოკვლევა და ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ახლა ოდნავ განსხვავებულ საკითხზე მინდა გადავიდე: თუ უკიდურესად დაბალი საპროცენტო განაკვეთი მძიმე სნეულების ნიშანია, როგორ შეიძლება მან აგრეთვე ნებისმიერი სახის ფინანსური აქტივის (აქციებითა და ობლიგაციებით დაწყებული, უძრავი ქონებით დამთავრებული) ღირებულების გაზრდას შეუწყოს ხელი? მარტივად: ანაბრებზე უკიდურესად დაბალი საპროცენტო განაკვეთები უბიძგებს ამ ფულის მფლობელებს აქციებისა და წილების, საცხოვრებელი ან კომერციული საკუთრების, ობლიგაციების  — იმ ყველაფრის შეძენისაკენ, რაც მათ მოგებას, იჯარას, ან პროცენტს მოუტანს და რაც აგრეთვე რისკის პრემიასაც[XIX] მოიცავს. გარდა ამისა, უკიდურესად დაბალი საპროცენტო განაკვეთი ბიძგს აძლევს ბანკებს, მსხვილ კორპორაციებსა და უმდიდრეს ადამიანებს, რომ ფული ისესხონ კიდევ უფრო მეტი ფინანსური აქტივის შესაძენად, რის გამოც „მორგან სტენლის“[XX] ერთმა ბანკირმა ნულოვან საპროცენტო განაკვეთს „ფინანსური ბაზრების კრეკკოკაინი“ უწოდა. ამრიგად, იმ ექსტრემალურმა მონეტარულმა პოლიტიკამ, რომელსაც ცენტრალური ბანკები 2008 წლის შემდეგ (და ფინანსური კრიზისის დაიწყებამდე ათი წლით ადრეც!) მისდევდნენ, უმდიდრეს ფენას ფულის კეთების ისტორიაში ჯერარნახული შესაძლებლობები მისცა. ამას ადასტურებს Cap Gemini-ის მსოფლიო სიმდიდრის წლიური ანგარიშები, რომლებიც აჩვენებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, მოყოლებული ფინანსური კრიზისიდან, გაორმაგდა მაღალშემოსავლიანი ადამიანების (იმ ინდივიდების, რომლებიც ფლობენ მილიონ დოლარზე მეტს საინვესტიციო აქტივებში) ხელთ არსებული სიმდიდრე — თუ 2008 წელს ეს სიმდიდრე 32.8 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2017 წელს — 70.2 ტრილიონს მიაღწია, ე.ი. სულ რაღაც 10 წლის განმავლობაში 114%-ით გაიზარდა, მაშინ როცა გლობალური მშპ ამავე პერიოდში მხოლოდ 27%-ითაა გაზრდილი (ინფლაციის გათვალისწინებით ეს მაჩვენებლები შემდეგნაირია: მაღალშემოსავლიანი ინდივიდების ქონება გაიზარდა 100%-ით, გლობალური მშპ კი — 24-ით).

შექმნილი სურათი უნდა შევავსოთ უკანასკნელი დეტალით, რომელიც ამ ექსტრემალური მონეტარული პოლიტიკის შედეგებს ეხება. უკიდურესად დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა კაპიტალისტებს უბიძგა ინვესტიციების დასაფინანსებლად ფულის სესხებისაკენ, მაგრამ წარმოების ახალ საშუალებებში ინვესტირების ნაცვლად, მათი დიდი ნაწილი ხმარდებოდა ბაზრებზე სპეკულაციებს, ბერავდა რა აქტივთა ბუშტებს, რაც აისახა მაღალშემოსავლიანი ინდივიდებს ქონების ზრდაში, როგორც ზემოთ დავინახეთ; ან ე.წ. ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელიც მისი მფლობელისთვის მონოპოლისტურ რენტას უზრუნველყოფს, მაგრამ არ ზრდის საზოგადობრივ სიმდიდრეს (ხშირად ამცირებს კიდეც); წილების უკან გამოსყიდვას, რაც ზრდის აქციების მფლობელთა სიმდიდრეს, მაგრამ არა საქონლისა და მომსახურების წარმოებას. მთავრობები და ცენტრალური ბანკები მშვენივრად უწყიან, რამდენად დიდ პრობლემებს გვიქადის ყოველივე ეს სამომავლოდ, მაგრამ ის კაპიტალისტები, რომლებსაც ემსახურებიან, დამოკიდებულნი გახდნენ ამ „კრეკკოკაინზე“ და ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-მა გადადგა გაუბედავი ნაბიჯები საპროცენტო განაკვეთის იმ დონეზე ასაწევად, რასაც ისინი „ნორმალურს“ უწოდებენ.

მთავარი საშიშროება  ისაა, რომ, თუ უკიდურესად დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა აქტივების ინფლაცია გამოიწვია, უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს მოჰყვება აქციების დეფლაცია, სხვა სიტყვებით, კიდევ ერთი ფინანსური კრახი. ხოლო თუ საპროცენტო განაკვეთს ხელუხლებლად დატოვებენ, არა მხოლოდ აქტივების ბუშტები, ვალების მთები და სხვა პათოლოგიები მოიმატებს, არამედ აგრეთვე ცენტრალური ბანკებიც დაკარგავენ იმ მთავარ იარაღს, რომელიც საშუალებას აძლევთ, თავიდან აიცილონ მომდევნო ციკლური რეცესიის უეცარი განვითარება და მორიგი ფინანსური კრახი. გავიხსენოთ, რომ აშშ-ში ბოლო სამი რეცესიის დროს ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთს საშუალოდ 5-5%-ით ამცირებდა, რაც ამჯერად გამორიცხულია (რადგანაც ფედერალური რეზერვის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ია, ინფლაციის გათვალისწინებით კი — 0.5%). დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და იაპონიაში კიდევ უფრო წარმოუდგენელია, ცენტრალურმა ბანკებმა ამ ხერხს მიმართონ, რადგანაც რეალური საპროცენტო განაკვეთი 0-ზე გაცილებით დაბალია.

„გლობალური შემოსავლები უკანასკნელი 500 წლის ისტორიაში ყველაზე დაბალია. 10 ტრილიონი დოლარის ოდენობის ობლიგაციებს უარყოფითი განაკვეთი აქვს. ეს არის ზეახალი, რომელიც ერთ დღეს აფეთქდება“, — როგორც ობლიგაციების ვაჭრობაში ლიდერმა, ბილ გროსმა თქვა. მეტაფორა შესაფერისია — ვარსკვლავი ფეთქდება მაშინ, როცა მასში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციის შედეგად წარმოშობილი წნევა ვეღარ აწონასწორებს მისივე მიზიდულობის ძალას. შეიძლება მილიარდობით წელი დასჭირდეს ამ მომენტის დადგომას, მაგრამ როცა დგება, ვარსკვლავი წამებში ნადგურდება, ფეთქდება და მისი ნარჩენები გალაკტიკაში იფანტება[XXI].

კითხვას რომ მივუბრუნდეთ, იმპერიალიზმის ძირითადი შეზღუდვები მისივე შინაგანი წინააღმდეგობებიდან იღებს სათავეს და იმ სისტემურ კრიზისში ვლინდება, რომელიც ზემოთ მოკლედ დავახასიათეთ. მათ ფესვი კაპიტალის ბუნებაში აქვთ გადგმული, რაც შეიძლება განისაზღვროს როგორც თვითზრდადი სიმდიდრე, დოვლათი, რომელიც თითქოს თავისთავად, ჯადოსნურად იზრდება — ბატი, რომელიც ოქროს კვერცხებს დებს. მაგრამ, როგორც კარლ მარქსმა აჩვენა „კაპიტალში“, ამ დოვლათის ზრდა დამოკიდებულია ექსპლუატირებული მუშების აუნაზღაურებელი შრომით შექმნილ სიმდიდრეზე, იმაზე, რასაც მარქსისტები ზედმეტ ღირებულებას უწოდებენ. ამას ემატება ის სიმდიდრეც, რომელიც ეკონომიკის არაკაპიტალისტურ სექტორებში დასაქმებული მშრომელებისგანაა მიღებული — ე.წ. წართმევით დაგროვება. როგორც ზემოთ მოკლედ აღვწერეთ, ფინანსურმა სისტემამ უფრო ინტენსიური გახადა კაპიტალის დაგროვება ფიქციური კაპიტალის დიდი ოდენობით წარმოების საშუალებით. მაგრამ საბოლოო ანგარიშით, მაღალშემოსავლიანი ინდივიდების ხელთ არსებული 70 ტრილიონიდან თითოეული აშშ დოლარი მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი შრომიდან მიღებული ზედმეტი ღირებულების  წყალობით იქცევა და ნარჩუნდება კაპიტალად. ასე რომ, სისტემის ფუნდამენტურ შეზღუდვას წარმოადგენს, ერთი მხრივ, კაპიტალისტების სიმდიდრესა და, მეორე მხრივ, ზედმეტი ღირებულების იმ რაოდენობას შორის არსებული უკიდურესი და ზრდადი დისპროპორცია, რომელსაც იგი ცოცხალი შრომისაგან იღებს, რათა ეს სიმდიდრე კაპიტალად გადააქციოს. როგორც ლენინმა განმარტა, სწორედ ამ დისპროპორციას გადაჰყავს კაპიტალიზმი იმპერიალისტურ ტრაექტორიაზე.

და განსხვავდება დღევანდელი იმპერიალიზმი ლენინის დროინდელისაგან?

ჯონ სმიტი: ფუნდამენტურად არ განსხვავდება. სხვაობა ისაა, რომ ეს წინააღმდეგობები დღეს გაცილებით ღრმა და ყოვლისმომცველია. როცა ლენინმა პირველი მსოფლიო ომის შუა პერიოდში იმპერიალიზმის შესახებ თავისი ცნობილი წიგნი დაწერა, აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ხალხებისთვის მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე თავსმოხვეული კაპიტალისტური საზოგადოებრივი ურთიერთობები. იმპერიალისტურ ქვეყნებსა და დაქვემდებარებულ ერებს შორის ურთიერთობა წარმოადგენდა ურთიერთობას კაპიტალიზმსა და წინარეკაპიტალისტურ საზოგადოებრივ ფორმაციებს შორის. ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც მგონია, რომ კაპიტალიზმის წინააღმდეგობები დღეს განუზომლად უფრო ღრმაა, ვიდრე იყო იმ პერიოდში, რომელმაც პირველ მსოფლიო ომსა და რუსეთის რევოლუციამდე მიგვიყვანა.

როგორ ცდილობს იმპერიალიზმი იმ შეზღუდვების გადალახვას, რომელთაც  დღეს აწყდება?

ჯონ სმიტი: მშრომელებსა და ღარიბ ხალხზე შეტევის გაძლიერებით; იმის უკან წაღებით, რაც მანამდე იმპერიალისტური ქვეყნების მშრომელთა კლასების წინაშე დათმო; დედამიწაზე კიდევ უფრო ინტენსიური ძალადობით, „მეზობლის გაღატაკების“ პოლიტიკის[XXII] ხშირი გატარებით, სავაჭრო ომებითა და მრავალმხრივი ინსტიტუტების დაშლით.

ხომ არ შეუძენია იმპერიალისტურ მეტოქეობას უფრო დიდი მნიშვნელობა ბოლო წლების განმავლობაში? ჩანს, რომ, თითქოს, თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ ახალი ფრაქცია ყალიბდება, რომელიც „თავისუფალი ვაჭრობის“ ოდინდელი მიზნის ნაცვლად პროტექციონისტულ პოლიტიკას ემხრობა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც კი მიმდინარეობს ბრძოლა იმპერიალისტურ ძალებს შორის. აქვს ამ მოვლენებს რამე მნიშვნელობა?

ჯონ სმიტი: ის პროცესი, რომელიც ეკონომიკურ წინააღმდეგობებს პოლიტიკურ შუღლად და სამხედრო დაპირისპირებებად აქცევს, უკიდურესად რთულია და ბევრ რამეზე დამოკიდებული — მათ შორის ისეთ გაუთვალისწინებელ გარემოებებზე, როგორიცაა დონალდ ტრამპისნაირი ინდივიდუალისტის გამოსვლა ისტორიის სცენაზე ან ისეთი რეფერენდუმი, როგორიც გაიმართა ბრიტანეთში და რომლის შედეგადაც ხმათა უმცირესმა უპირატესობამ გადაწყვიტა ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის საკითხი. შეუძლებელია იმის ზუსტად წინასწარმეტყველება, როგორ დაირღვევა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, აშშ-ის წინამძღოლობით შექმნილი იმპერიალისტური მსოფლიო წესრიგი, მაგრამ ის დაინგრევა. გადაურჩება ფრანკო-გერმანული ალიანსი მომაკვდავი ევროკავშირის აგონიის მომდევნო ეტაპს? შეინარჩუნებს აშშ-ი ახლო კავშირს იაპონიასთან, ქვეყანასთან, რომელშიც 1945 წელს ატომური ბომბი ჩამოაგდო? ჩამოაყალიბებს ჩინეთი თავისი გავლენის სფეროს და გადადგამს კიდევ ერთ ნაბიჯს იმპერიალისტურ ძალად გადაქცევისაკენ?

მხოლოდ წარსულსა და აწმყოზე მსჯელობით შეგვიძლია წამიერად მოვკრათ თვალი მომავლის კონტურებს. ახლა მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ დიდი შტორმი გვიახლოვდება და მისგან თავის გადასარჩენად მშრომელებს ერთადერთი გზა აქვთ — შეწყვიტონ თანამშრომლობა ბურჟუაზიის ნებისმიერ ფრთასთან და მიმართონ იმ გზას, რომელსაც რუსეთის მუშები და გლეხები 1917, კუბისა კი — 1959 წელს დაადგნენ, — ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღონ, განახორციელონ სოციალისტური რევოლუცია.

რა გავლენას ახდენს კლიმატის კრიზისი იმპერიალიზმზე?

ჯონ სმიტი: „კლიმატის კრიზისი“ ბუნების კაპიტალისტური განადგურების ევფემიზმია და იგი კაპიტალიზმის გამანადგურებელი და იმპერიალისტური ბუნების ძალზე დრამატული და თავზარდამცემი გამოხატულებაა. ამდენად, იმპერიალიზმი ნამდვილად ახდენს გავლენას კლიმატის კრიზისზე! როგორ და რა გაგებით ახდენს გავლენას კლიმატის კრიზისი იმპერიალიზმზე? კაპიტალიზმი/იმპერიალიზმი უმაღლეს ოსტატობას იჩენს თავისი დამანგრეველი ზემოქმედების საფასურის სხვებისთვის დაკისრებაში, აიძულებს რა სხვა ხალხებსა და მომავალ თაობებს, იწვნიონ მისი მტაცებლური ბუნების შედეგები, რაც უკვე ასე კარგად იცის ბანგლადეშის[XXIII] მოსახლეობამ. თუმცა ის მაინც არ არის იმუნური კლიმატის ცვლილების მოულოდნელი ეფექტების მიმართ, მაგალითად, იმ შემთხვევებში, როდესაც არანორმირებული თევზჭერისა და ინტენსიური მიწათმოქმედებისგან გამოწვეული ნიაღვრების შედეგად მედუზების მეტისმეტი გამრავლება ანადგურებს ტურიზმს და ხერგავს ელექტროსადგურების წყლის გამაგრილებელ სისტემებს, ან როდესაც გვალვა და პაპანაქება იწვევს ტყის ხანძრებს და ანადგურებს მეურნეობებს ავსტრალიისა და აშშ-ის უზარმაზარ ტერიტორიებზე. კლიმატის კრიზისი იმპერიალიზმს სერიოზულ პოლიტიკურ საფრთხეს უქადის, ამიტომაც თავს არ ზოგავენ, რათა ხელი შეუშალონ საზოგადოებრივ აზრსა და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას იმ დასკვნამდე მისვლაში, რომ კლიმატის ცვლილების თავიდან ასარიდებლად სისტემა უნდა შეიცვალოს

მოაქვს რაიმე სარგებელი იმპერიალიზმს?

ჯონ სმიტი: დიახ, იმპერიალისტებისათვის; დაქვემდებარებული ქვეყნების საშუალო კლასისა და ელიტებისათვის, რომელთა დინგებსაც ერგებათ თავისი წილი მსოფლიოს მუშებისა და გლეხების მიერ ავსებული ვარცლიდან; და აგრეთვე იმპერიალისტური ქვეყნების მშრომელებისათვის, რომელთა მმართველებიც იმპერიალისტური ექსპლუატაციისგან მიღებული მოგების ნაწილს პრივილეგირებული ფენების მოქრთამვისა და საზოგადოებრივი მშვიდობის ყიდვისთვის იყენებენ. მაგრამ ეს სარგებელი წარმავალია. და ის საზღაური, რასაც იმპერიალისტური ქვეყნების მშრომელები კაცობრიობის მტრებთან კავშირისათვის იხდიან, ისედაც საკმაოდ მაღალია და კიდევ უსასრულოდ გაიზრდება.  რომელი იქნება პირველი იმპერიალისტური ქვეყნებიდან, სადაც ხელისუფლების სათავეში ფაშისტები მოექცევიან — საფრნაგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, აშშ…?

შეიცვალა თუ არა იმპერიალისტური სისტემის შიგნით რესურსებისა და სარგებლის დინების მიმართულება? როგორ ხსნით იმ თვალსაზრისს, რომ რესურსები იმპერიალიზმის შედეგად ნეოკოლონიებში,  ე. ი. იმპერიალიზმის მიერ ექსპლუატირებულ ქვეყნებში მიედინება?

ჯონ სმიტი: არ შეცვლილა. ამ თვალსაზრისს მე სრულ სისულელედ მივიჩნევ (ქვემოთ განვითარებული მსჯელობა ეფუძნება წერილს, რომელიც დევიდ ჰარვის იმ მტკიცების საპასუხოდ დავწერე, რომ თითქოს რესურსების დინებამ მიმართულება შეიცვალა იმპერიალისტური ქვეყნებიდან განვითარებადი ქვეყნებისაკენ)[XXIV].

2015 წელს ბრაზილიაში, ინდოეთში, ნიგერიაში, ნორვეგიასა და აშშ-ში მომუშავე მკვლევრებმა გამოაქვეყნეს კვლევა „ფინანსური ნაკადები და საგადასახადო სამოთხეები: გაერთიანებულნი მილიარდობით ადამიანის სიცოცხლის შესაზღუდად“, რომელსაც მათ სამართლიანად უწოდეს გლობალური ფინანსური ნაკადების ყველაზე ყოვლისმომცველი ანალიზი. მათი ანგარიში ითვლის განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის „რესურსების წმინდა გადარიცხვებს“ (net resource transfer), რომელიც აერთიანებს კანონიერ და უკანონო შემოდინებებსა და გადინებებს — განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი დახმარებებისა და სახელფასო გზავნილების, წმინდა სავაჭრო მოგების, სესხის მომსახურების, ახალი კრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, პორტფელური ინვესტიციების, რეპატრირებული მოგების, აგრეთვე კაპიტალის გადინების, ფინანსური ხრიკებისა და პირდაპირი ძარცვის სხვა ფორმების ჩათვლით. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 2012 წელს (ეს იყო უახლოესი წელი, რომლის მონაცემების მოპოვებაც შეძლეს) ე.წ. „განვითარებადმა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებმა“ (რომელთაც, რასაკვირველია, ჩინეთიც განეკუთვნება), მდიდარ ქვეყნებთან წმინდა ტრანსფერებში 2 ტრილიონი აშშ დოლარი დაკარგეს, რაც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების იმ წლის მშპ-ს 8%-ს უდრიდა და ოთხჯერ აღემატებოდა 2000-იანების პირველი ნახევრის განმავლობაში ღარიბი ქვეყნებიდან მდიდარ ქვეყნებში ყოველწლიურად გატანილ წმინდა რესურსებს — საშუალოდ 504 მილიარდ აშშ დოლარს. თუ აგრეთვე ფასების დაწევის პრაქტიკებსა და თაღლითობისა და ძარცვის სხვა ფორმებსაც გავითვალისწინებთ, რომლებიც არ ტოვებენ კვალს სტატისტიკაში, საბოლოო ანგარიშით, ღარიბი ქვეყნებიდან რესურსების წმინდა ტრანსფერი იმპერიალისტურ ქვეყნებში 2012 წელს აჭარბებდა $3 ტრილიონს, რაც ღარიბი ქვეყნების მშპ-ის დაახლოებით 12%-ს წარმოადგენდა.

უფრო ზოგადად, მათი ანგარიში იუწყება, „1980-2011 წლებში განვითარებადი ქვეყნებიდან კანონიერი და უკანონო თანხების გადარიცხვა — როგორც აღნუსხული, ისე აღუნუსხავი — გაიზარდა“. სუბსაჰარული აფრიკიდან, ამ კვლევის თანახმად, იმპერიალისტურ ქვეყნებში (ან მათ მიერ ლიცენზირებულ საგადასახადო სამოთხეებში) 1980-დან 2012 წლამდე რესურსების წმინდა ტრანსფერმა 792 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. აფრიკიდან იმპერიალისტურ ქვეყნებში უკანონოდ გატანილი რესურსების წილი მშპ-თან მიმართებით აღემატება სხვა ნებისმიერი რეგიონიდან გატანილი რესურსის წილს შესაბამის მშპ-თან მიმართებით; სუბსაჰარული აფრიკიდან კაპიტალის გადინება წლიურად 20%-ზე მეტით იზრდება — ე.ი. იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა რეგიონში.

„განვითარების ნარატივისაკენ ირონიულ შემობრუნებას“ უწოდებენ მკვლევრები იმას, რომ „1980-იანი წლების დასაწყისიდან, ყველა განვითარებადი ქვეყნიდან განხორციელებული რესურსების წმინდა ტრანსფერი მეტად მასშტაბური და ნეგატიურია, რაც მიუთითებს განვითარებადი სამყაროდან გადინების ხანგრძლივ და მდგრად პრაქტიკაზე… შედეგად განვითარებადი სამყარო, დიდი ხანია, იცლება რესურსებისგან“.

რა ადგილი უკავია ამ სურათზე ჩინეთს? დახვეწილი მეთოდოლოგიების გამოყენებითა და კონსერვატიულ დაშვებებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა გამოითვალეს, რომ ჩინეთზე 1980-2012 წლებში „გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში“ აღნუსხული რესურსების ტრანსფერის დეფიციტის 2/3 მოდის — სულ $1.9 ტრილიონი. ჩინეთის ასეთი დიდი წილის მიზეზად სახელდება მისი „დადებითი სავაჭრო ბალანსი და სარეზერვო აქტივების გადინება“. ამ წილმა შეადგინა 21%, ანუ $2.8 ტრილიონი „გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებიდან“ მდიდარ ქვეყნებში გადინებული კაპიტალისა — $13.4 ტრილიონისა ამ სამი ათწლეულის განმავლობაში.

გამართლებულია თუ არა პროგრესული და თვითორგანიზებული სახალხო ჯგუფების მხრიდან, რომელთაც ავტოკრატიულ/დესპოტურ/ანტიდემოკრატიულ ხელისუფლებებთან უწევთ წინააღმდეგობა, იმპერიალისტური ინტერვენციის ხელშეწყობა ან დახმარებისთვის იმპერიალისტური ძალებისთვის მიმართვა? ყველაზე ხშირად რა ეშლებათ ხოლმე იმპერიალიზმთან დაკავშირებით მემარცხენეთა ამ ჯგუფებს?

ჯონ სმიტი: არა. მაგრამ ადვილია იმ ხალხის ნაჩქარევად გაკიცხვა, ვინც უკიდურესად მტკივნეულ და რთულ მდგომარეობაში იმყოფება — მაგალითად, ქურთების, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი სახელმწიფო, ერთი მხრივ, ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული იმპერიალიზმის დანაშაულებათა მიზეზით, მეორე მხრივ კი — არაბი და ირანელი კაპიტალისტი მმართველების შოვინიზმისა და წარმოუდგენელი სისასტიკის გამო. ანდა ავიღოთ ებრაელები, რომელთა წინააღმდეგ, როგორც ისტორია და თანამედროვე პოლიტიკა ცხადყოფს, ყოველ ჯერზე ახლდება მძლავრი ანტისემიტური ტალღა, როდესაც კაპიტალიზმი სისტემური კრიზისის მდგომარეობაში აღმოჩნდება და არაებრაელი კაპიტალისტები სახალხო უკმაყოფილებას განტევების ვაცისკენ მიმართავენ ხოლმე. თუმცა მირჩევნია, ზოგად შეფასებებს თავი ავარიდო, ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკე განვიხილო და აღვნიშნო, რომ, სანამ ჩვენ, როგორც სოციალისტები, კომუნისტები, მშრომელები, სხვებს გავაკრიტიკებდეთ, მათ სიტყვითა და საქმით უნდა დავუმტკიცოთ, რომ ფარისეველი იმპერიალისტები კი არა, ჩვენ ვართ მათი ყველაზე საიმედო მოკავშირეები.

რა სირთულეებს ვაწყდებით დღეს იმპერიალიზმის შესწავლისას?

ჯონ სმიტი: კაპიტალიზმის შესწავლა იმპერიალიზმის შესწავლას ნიშნავს და პირიქით. ერთადერთი გზა ამისათვის, სამწუხაროდ, მთელი სისტემისა და მისი ჩამოყალიბების წინმსწრები ისტორიის შესწავლით დაწყებაა. მოგვწონს თუ არა ეს, შეუძლებელია სისტემის ერთი ნაწილის შესახებ შეიქმნას თეორიული კონცეფცია, თუ მთელი სისტემის შესახებ არ გვექნება სულ მცირე სამუშაო კონცეფცია მაინც. ამას გულისხმობდა კარლ მარქსი, როცა ამბობდა, რომ „მეცნიერებაში არ არსებობს ფართო შარაგზა“[XXV], არ არსებობს შემოვლითი გზები. ასე რომ, არ უნდა მოვიტყუოთ თავი, თითქოს ამ გზის გავლა უფრო მარტივად შეიძლებოდეს. მაგრამ წინსვლის შესაძლებლობაც არ უნდა დავამცროთ და უნდა ვიგრძნოთ, რომ მყარად ვეყრდნობით წინამორბედებს, რომ მათ მიერ გაწეული მძიმე შრომა ჩვენი ძალისხმევით ასაღებ მოსავალს ერთი ათად ამრავლებს. მთავარია პატიოსნება, პირუთვნელობა და დაუღალავი შრომა.

რა შეცდომებს უშვებენ დღეს იმპერიალიზმის შესწავლისას?

მთავარი შეცდომა მეორე და მერვე კითხვების პასუხებში განვიხილე. ოდნავ სახეცვლილი ფორმულირებით რომ ვთქვათ, არსებობს ორი მიდგომა იმ კითხვის მიმართ, თუ „რა არის იმპერიალიზმი“. ერთი იქნებოდა ისტორიაში ცნობილი სხვადასხვა სახის იმპერიალიზმის სიის ჩამოწერა, მათთვის საზიარო მახასიათებლების ჩამოთვლა და მათი განზოგადებით იმპერიალიზმის თეორიის შემუშავება. მეორე მიდგომის თანახმად, უნდა შევისწავლოთ ამჟამად არსებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, კაპიტალიზმი, და დავსვათ კითხვა „კაპიტალიზმის რომელმა მახასიათებელმა გამოიწვია მისი განვითარება იმპერიალიზმის ახალ ფორმად?“

პირველი მიდგომა, რომელიც, ერთი შეხედვით, ერთობ გონივრული ჩანს, სინამდვილეში, მარტო გარეგნულ ფორმას ეხება და შედეგად მოგვცემს მხოლოდ აღწერას და არა თეორიულ კონცეფციას. ამ მიდგომისგან თეორია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია მივიღოთ, თუ მას რამე სხვა წინაპირობას დავურთავთ, მაგალითად, ადამიანის ან კაცის ბუნებასთან დაკავშირებულს — იმპერატორთა და იმპერიალისტთა უმრავლესობა ხომ კაცი იყო. ეს, ჩემი აზრით, ბურჟუაზიული, პოზიტივისტური, ფსევდომეცნიერული მიდგომაა, რომელიც ან ამართლებს იმპერიალიზმს („ეს უბრალოდ ადამიანის ბუნებაა“), ან საერთოდ უარყოფს მის არსებობას, ვინაიდან XXI საუკუნის კაპიტალისტურ იმპერიალიზმს ერთი ნიშან-თვისებაც არ აკავშირებს იმპერიალიზმის სხვა სახეებთან, იქნება ეს ტერიტორიის ოკუპაცია თუ მიწაზე გაბატონება.

მეორე მიდგომას დიალექტიკური მატერიალიზმი გვთავაზობს და მას  მარქსი და მარქსისტები მიმართავენ. კაპიტალიზმი უნდა შეისწავლებოდეს როგორც ემპირიულად, ისე თეორიულად, იმ ყველაფრის ჩათვლით, რაც განასხვავებს ამ საზოგადოებრივ წყობას იმათგან, რომლებიც მანამდე არსებობდა ისტორიაში და რომლებმაც იმპერიალიზმის თავთავიანთი ფორმები ჩამოაყალიბეს. ამის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ კაპიტალისტურ იმპერიალიზმზე გადასვლა განპირობებული იყო  კაპიტალის ცენტრალიზაციითა და კონცენტრაციით (ანუ მონოპოლისტური კაპიტალიზმით), ჭარბდაგროვებით, რასაც კაპიტალის ჰიპერტროფიას უწოდებენ (რომლის დროსაც კაპიტალი იმდენად იზრდება, რომ მისი ღირებულების გადიდება უკვე შეუძლებელია მხოლოდ „შინაური“ მშრომელების ექსპლუატაციით), და ამასთან დაკავშირებული პროცესით — მოგების ნორმის დაცემის გრძელვადიანი ტენდენციით, რაც ცოცხალი შრომის (ღირებულების ერთადერთი წყაროს) მკვდარი — ე.ი. მანქანური — შრომით ჩანაცვლების შედეგია. იმპერიალიზმი, უფრო ზუსტად, მისი ისტორიულად ახალი და გამორჩეული ფორმა, ამრიგად, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც მოგების ნორმის დაცემის ტენდენციასთან დაპირისპირების საშუალება, ტენდენციასთან, რომელიც კაპიტალისტური საზოგადოებრივი ურთიერთობების წინააღმდეგობათა მთავარ არსს ამჟღავნებს.

„ადამიანის ბუნების“ შესახებ კი, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმპერიალიზმის ბურჟუაზიულ ფსევდომეცნიერულ თეორიებში, ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი მრავალ პოტენციურ თვისებას შეიცავს — თავკერძობასაც და სოლიდარულობასაც, სიყვარულსაც და სიძულვილსაც; მაგრამ მათგან რომელს შეესხმება ხორცი უმნიშვნელოვანესწილად იმ სოციო-ეკონომიკურ სისტემაზეა დამოკიდებული, რომელშიც ცხოვრობ და იმ ადგილზე, რომელსაც მასში იკავებ.

კიდევ ერთი მთავარი შეცდომა პოლიტიკისგან ეკონომიკის ხელოვნური გამოცალკევებაა. ასეთ შემთხვევაში იმპერიალიზმი ბატონობისა და დაქვემდებარებულობის ურთიერთობად განიხილება და არა ექსპლუატატორისა და ექსპლუატირებულის. ეს კი მეტად ნიშანდობლივია ბურჟუაზიული მიდგომისთვის, რადგან კაპიტალიზმის აპოლოგეტები უარს ამბობენ  ექსპლუატაციის ნებისმიერი სახის აღიარებაზე, ისინი იმასაც უარყოფენ, რომ ლონდონის, პარიზისა და ნიუ-იორკის კაპიტალისტების მიერ დაგროვებული სიმდიდრის უდიდესი წილი აფრიკიდან, აზიიდან და ლათინური ამერიკიდანაა მიღებული. საუბედუროდ (რბილად რომ ვთქვათ!), იმპერიალისტურ ქვეყნებში მცხოვრები ბევრი აღიარებული მარქსისტი უარყოფს ამ სინამდვილეს, რასაც დევიდ ჰარვისადმი მიმართულ კრიტიკაში ვაჩვენებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ, ვინც იმპერიალიზმის შესწავლას მოჰკიდა ხელი, უკიდურესად კრიტიკული თვალით უნდა წაიკითხონ ყველაფერი ამ საკითხის შესახებ, განსაკუთრებით იმათი ნააზრევი, ვინც თავს მარქსისტს უწოდებს (და მე მოგიწოდებთ, დაჟინებით გთხოვთ, უაღრესად კრიტიკულად მიუდგეთ ყველაფერ იმას, რასაც ამ ინტერვიუში ვამბობ!).

იმპერიალიზმის რომელ მხარეებს უნდა მიაქციონ ყურადღება ახალბედა ამხანაგებმა? საიდან უნდა დაიწყონ?

ჯონ სმიტი: იმ მხარეებს, რომლებიც უფრო დააინტერესებთ, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად მოეჩვენებათ, რომლებიც ყველაზე დიდ თავსატეხს გაუჩენთ და რომლებთან დაკავშირებული პასუხებიც არ დააკმაყოფილებთ. მთას უთვალავი მისადგომი აქვს, მაგრამ მწვერვალი — ერთადერთი!

უნდა დავიწყოთ იმით, რაც დღეს ხდება, ყურადღებით დავაკვირდეთ ჩვენს გარემომცველ სამყაროს, დავსვათ კითხვები იმ ყველაფრის შესახებ, რასაც ვხედავთ, მაგრამ ვერ ვიგებთ.

გმადლობთ,  ჯონ,  რომ დაგვეხმარეთ იმპერიალიზმის სხვადასხვა ასპექტის გაგებაში.

მადლობა, ფარუქ, ასეთი საინტერესო კითხვების დასმისათვის. სულმოუთქმელად ველი მკითხველთა აზრს ამ ინტერვიუში განხილული საკითხების შესახებ.

თარგმნა მარიკა ტყეშელაშვილმა

წყარო: https://mronline.org/2019/03/19/john-smith-on-imperialism-part-1/; https://mronline.org/2019/03/22/john-smith-on-imperialism-part-2/; https://mronline.org/2019/03/23/john-smith-on-imperialism-part-3/; https://mronline.org/2019/03/23/john-smith-on-imperialism-part-4/.

რედაქციის კომენტარები


[I] ლესლი სკლერი (Leslie Sklair) — ბრიტანელი მემარცხენე (ნეოგრამშიანელი) სოციოლოგი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის ემერიტუს პროფესორი. მისი კვლევის სფეროა ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობა, თანამედროვე კაპიტალიზმი და გლობალიზაცია, არქიტექტურა.  სკლერი ავტორია წიგნისა „ტრანსნაციონალური კაპიტალისტური კლასი“ (2001).

[II] უილიამ რობინსონი (1959) — ამერიკელი მემარცხენე სოციოლოგი, სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი. 1980-იან წლებში მუშაობდა ჟურნალისტად სამოქალაქო ომის პირობებში მყოფ ნიკარაგუაში. მისი კვლევის საგანია მაკრო და შედარებითი სოციოლოგია, გლობალიზაცია, პოლიტიკური ეკონომია, პოლიტიკური სოციოლოგია, მესამე სამყარო და ლათინური ამერიკა, იმიგრაცია. რობინსონი ავტორია წიგნისა „გლობალური კაპიტალიზმის თეორია: ტრანსნაციონალური წარმოება, ტრანსნაციონალური კაპიტალისტები და ტრანსნაციონალური სახელმწიფო“ (2004).

[III] “სუბიმპერიალიზმის” ცნების შემოტანა ბრაზილიელ მარქსისტ თეორეტიკოსს, ეკონომისტს, სოციოლოგს, დამოკიდებულების თეორიის (“დეპენდენტიზმის”) ერთ-ერთ საკვანძო ავტორს, რუი მაურო მარინის, უკავშირდება.

[IV] ლენინი, თხზულებანი, ტომი XIX, საქ. კ.პ/ბ .ც.კ. პარტგამომცემლობა, 1936.  გვ. 160.

[V] მარქსი კ. და ენგელსი ფ. რჩეული ნაწერები 2 ტომად, ტ. 2. თბ., საბჭოთა საქართველო, 1964. გვ. 258.

[VI] ევალდ ილენკოვი (1924-1979) — საბჭოთა მარქსისტი ფილოსოფოსი, დიალექტიკური ლოგიკის სპეციალისტი. აგრეთვე იკვლევდა სპინოზასა და ჰეგელის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას, ეპისტემოლოგიას, იდეალურის, პიროვნების, ეთიკისა და ესთეტიკის პრობლემებს.

[VII] სმიტი უპირველესად გულისხმობს დევიდ ჰარვის, რომლის მტკიცებითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პროცესი — წარმოების გადატანა ღარიბ ქვეყნებში — განაპირობებს სიმდიდრის გადინებას მდიდარი ქვეყნებიდან გლობალური სამხრეთის ქვეყნებში. ჰარვის წარმოების გადატანა ინტერპრეტირებული აქვს არა როგორც სამხრეთის ქვეყნების სამუშაო ძალის ჭარბექსპლუატაცია მეტროპოლიის სასარგებლოდ, იმპერიალისტური ექსპლუატაციის მასშტაბის ზრდა და გაღრმავება, არამედ აბსტრაქტული, კონკრეტულ ტერიტორიას ჩამოშორებული გლობალური კაპიტალის ძალაუფლების დამყარება. ის ამტკიცებს, რომ კაპიტალსა და შრომას შორის არსებული კონფლიქტისთვის აღარ არის ნიშანდობლივი იმპერიისა და პერიფერიის დაპირისპირება. ამ ცვლილების ილუსტრაციად ნაშრომში „პოსტმოდერნული მდგომარეობა“ (1990) იყენებს იმ ფაქტს, რომ 1973-1980 წლებში აშშ-ის დამოკიდებულება საგარეო ვაჭრობაზე გაორმაგდა, ხოლო განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტი გაათმაგდა. ფაქტის ასეთ ინტერპრეტაციას სმიტი რეალობის თავდაყირა დაყენებას უწოდებს. იხ.: John Smith. David Harvey Denies ImperialismDavid Harvey. Realities on the Ground; Johns Smith. Imperialist Realities vs the Myths of David Harvey.

[VIII] სმიტი აქაც ეხმაურება დევიდ ჰარვის, რომლის თანახმადაც ახალი იმპერიალიზმის მთავარი დამახასიათებელი ნიშან-თვისება არის არა სამუშაო ძალის ექსპლუატაციით მიღებული ზედმეტი მოგება, არამედ წართმევით დაგროვება (accumulation by dispossession), რაც გულისხმობს სათემო, საჯარო საკუთრებისა და ხელუხლებელი ბუნების კერძო საკუთრებად გადაქცევას. ჰარვი წართმევით დაგროვებისთვის წინააღმდეგობის გაწევას მიიჩნევს სადღეისოდ უპირველესი მნიშვნელობის ამოცანად.

[IX] „ცივი ომის“ შესახებ შეად. ჩვენი ადრინდელი პუბლიკაციები: სუბკომანდანტე მარკოსის მოხსენება „მეოთხე მსოფლიო ომი“ და ალექსანდრ ტარასოვის სტატია „მეოთხე მსოფლიო ომი, როგორც მესამეს დიალექტიკური უარყოფა“.

[X] იგულისხმება ირანის უკანასკნელი შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი (1919-1980). იგი 1941 წელს ავიდა ტახტზე — მას შემდეგ, რაც ირანის ჩრდილოეთი პროვინციები დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ჯარებმა დაიკავეს, რათა ეიძულებინათ უფროსი ფეჰლევი — რეზა შაჰი — გაეტარებინა მათთვის სასურველი პოლიტიკა: გაეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ფაშისტურ გერმანიასა და იტალიასთან, ხელი შეეწყო მოკავშირეების სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის და ნება დაერთო, ირანის ტერიტორიაზე განელაგებინათ ჯარები.  როდესაც რეზა შაჰმა ულტიმატუმს უარით უპასუხა, ტახტზე მისი ვაჟი, მოჰამედ რეზა ავიდა, რომელიც ანტიფაშისტური კოალიციისადმი ლოიალობას იჩენდა. 40-იანი წლების ბოლოს ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ გავლენას იძენს მოჰამედ მოსადეყის ფიგურა — ნაციონალისტი პოლიტიკოსის, რომელმაც წამოაყენა დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში არსებული ნავთობის საბადოების ნაციონალიზაციის მოთხოვნა და 1951 წლის მაისში, პრემიერ-მინისტრის რანგში, განახორციელა კიდეც. 1953 წელს, ინგლისისა და აშშ-ის სპეცსამსახურების ინსტრუქტაჟითა და ფინანსური დახმარებით, პოლიტიკური კარიერისა და პოპულარობის პიკზე მყოფი მოსადეყის — რომლის გავლენაც იმ მომენტისთვის იმდენად დიდი იყო, რომ შაჰის მიერ პრემიერის პოსტიდან გადაყენების მიუხედავად, ხალხის ზეწოლით იგი მალევე დაბრუნდა თანამდებობაზე და შაჰს ქვეყანა დაატოვებინა (იმ არგუმენტით, რომ „შაჰი უნდა მეფობდეს და არა — მართავდეს“) — მის წინააღმდეგ გადატრიალება მოეწყო, მისი მომხრეები და სხვა ოპოზიციური ძალები სასტიკი რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ, ხოლო თავად ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ სამუდამო შინაპატიმრობა მიუსაჯეს. მთელი პოლიტიკური ძალაუფლება ირანის შაჰის ხელში აღმოჩნდა. მოჰამედ რეზას მმართველობა გადატრიალების შემდეგ გამოირჩეოდა ავტორიტარიზმით, დასავლეთისა და ისრაელის მიმართ მაამებლური პოლიტიკით. 60-იანი წლების დასაწყისში იწყება „თეთრი რევოლუცია“ — ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური მოდერნიზაცია „ზემოდან“. განხორციელდა მიწის რეფორმა, გატარდა ინდუსტრიალიზაცია, გადაიდგა ნაბიჯები სეკულარიზაციისკენ, რამაც შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ ძლიერი ისლამისტური ანტიდასავლური და ანტისემიტური ოპოზიცია წარმოშვა. საბოლოოდ, იმ პირობებში, როდესაც ყველა ოპოზიციური ძალა განადგურებული, რეპრესირებული და დასუსტებული იყო, სწორედ ისლამისტებს აღმოაჩნდათ უნარი (მიუხედავად იმისა, რომ 1979 წლის რევოლუციაში აგრეთვე მემარცხენე რადიკალური ძალებიც (მოჯაჰედინები, ფედაინები) ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს), დაემხო იგი და თავისი მმართველობა დაემყარებინა, რომელიც, მართალია, სახეცვლილი, დღემდე არსებობს.

[XI] ნიკარაგუას ოკუპაციის (1912-1933) დასრულების შემდეგ, აშშ-მა ქვეყანაში მემკვიდრედ დატოვა ეროვნული არმია, რომელსაც ანასტასიო სომოსა გარსია ხელმძღვანელობდა. 1937 წელს სომოსა (1896-1956) გახდა ნიკარაგუას პრეზიდენტი და სათავე დაუდო სომოსების ოჯახის დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც ნიკარაგუას 1979 წლამდე მართავდა. დიქტატურის ამ 43 წლის განმავლობაში ქვეყნის რესურსები აშშ-ში დაფუძნებული მულტინაციონალური კომპანიების ხელთ იყო, გაღრმავებულ უთანასწორობას კი სასტიკი რეპრესიები ერთვოდა თან. აშშ-ის მიერ ზურგგამაგრებულ სომოსების ოჯახს 1970-იან წლებში ნიკარაგუას მიწების 23% კერძო საკუთრებაში ჰქონდა. სომოსების დინასტიის დიქტატურა 1979 წელს დასრულდა სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მიერ მოწყობილი რევოლუციით, რომელიც კუბის შემდეგ ლათინურ ამერიკაში მოწყობილი რიგით მეორე ანტიბურჟუაზიული პარტიზანული რევოლუცია იყო. განმათავისუფლებელ ფრონტს სახელი აუგუსტო სანდინოს პატივსაცემად დაერქვა — რევოლუციონერის, რომელიც 1927-33 წლებში მეთაურობდა ამერიკული ოკუპაციის წინააღმდეგ ამბოხებულებს და ანასტასიო სომოსა გარსიას მიერ მართულმა ეროვნულმა გვარდიამ მოკლა 1934 წელს.

[XII] იგულისხმება ირანის სახალხო პარტიის (ჰეზბე თუდეიე ირან, შემ. „თუდე“) მორიგი ტრაგიკული კრახი, რომელიც მან 1953 წლის გადატრიალების შემდეგ განიცადა. პირველი მარცხი, 1941 წელს სსრკ-ისა და ბრიტანეთის ჯარების მიერ ირანის ოკუპაციის შემდეგ დაარსებულმა სახალხო პარტიამ, 1949 წელს იწვნია, როდესაც შაჰი ისლამისტმა ჟურნალისტმა დაჭრა, რაშიც მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ  „თუდე“ დაადანაშაულა და მისი წევრების დაპატიმრების ბრძანება გასცა. პარტიის შეიარაღებული ფრთის ძალისხმევით დაპატიმრებული ლიდერები 1950 წელს გათავისუფლდნენ და იატაკქვეშ აგრძელებდნენ პოლიტიკურ საქმიანობას. მიუხედავად ნაციონალისტი მოსადეყის (იხ. კომ. 2) პოლიტიკის მიმართ თავდაპირველ ეტაპზე გამოჩენილი უნდობლობისა (ვინაიდან იგი ბრიტანეთის წინააღმდეგ მხარდაჭერას აშშ-საგან ელოდა), ირანის სახალხო პარტიამ დიდი წვლილი შეიტანა ნაციონალიზაციის კამპანიაში და მოსადეყის წინააღმდეგ მოწყობილი 1952 წლის აჯანყების დროს მას მხარი დაუჭირა ათობით ათასიანი საპროტესტო გამოსვლებით, ხოლო 1953 წლის აგვისტოში პარტიის შეიარაღებულმა ფრთამ ხელი შეუშალა გადატრიალების პირველ მცდელობას, თუმცა მეორე მცდელობა, რომელიც მალევე მოყვა პირველს, წარმატებული აღმოჩნდა.  ერთ დროს პოლიტიკურად გავლენიანი პარტია, რომელიც ასობით ათას წევრს აერთიანებდა და დიდ როლს ასრულებდა მუშათა მასობრივი გამოსვლების ორგანიზებაში (თუმცა კი, საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ომის ბოლომდე შაჰის რეჟიმის მიმართ გარკვეულ ლოიალობას ინარჩუნებდა და ზოგჯერ შტრეიკბრეხერულ როლს ასრულებდა გაფიცვებში), მოსადეყის დამხობის შემდეგ ფაქტობრივად განადგურდა, მისი ათასობით წევრი დააპატიმრეს, მოკლეს, ნაწილმა კი ემიგრაციით უშველა თავს. მომდევნო პერიოდში, დასუსტებული და გახლეჩილი (მას გამოეყო რადიკალურად განწყობილი წევრების ნაწილი, რომელიც შაჰის რეჟიმთან შეიარაღებული ბრძოლის მომხრე იყო), „თუდე“ უკვე აღარ ასრულებდა უწინდელ როლს ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, კვლავ სსრკ-ის საგარეოპოლიტიკური ინტერესების გავლენით (საბჭოთა კავშირი, მიუხედავად ისლამისტების გაცხადებული ანტიკომუნიზმისა, მიესალმა ირანის რევოლუციას, როგორც ანტიიმპერიალისტურს), ირანის სახალხო პარტია მხარს უჭერდა ახალ ხელისუფლებას, რამაც, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ დაიხსნა იგი რეპრესიებისგან: 1982 წელს დაიწყო პარტიის წევრთა მასობრივი დაპატიმრებები. 1983 წელს პარტია აიკრძალა. ეს იყო ირანის სახალხო პარტიის მესამე კრახი, გამოწვეული მოსკოვიდან თავსმოხვეული მცდარი და ოპორტუნისტული პოლიტიკური ტაქტიკით. ირანის სახალხო პარტია დღემდე არსებობს, ძირითადად იტაკქვეშა მდგომარეობაში და საზღვარგარეთ, მაგრამ პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს, შემოიფარგლება რა დროდადრო პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით.

[XIII] ინდონეზიის კომუნისტური პარტია მსოფლიოში სიდიდით მესამე კომუნისტური პარტია იყო. მისი წინამორბედი ორგანიზაცია 1914 წელს ჰოლანდიელმა სოციალისტებმა „ინდური სოციალ-დემოკრატიული ასოციაციის“ სახელით დააარსეს. რუსეთში მომხდარმა ოქტომბრის რევოლუციამ უმნიშვნელოვანესი იმპულსი მისცა 1917 წელს ინდონეზიის აჯანყებას ჰოლანდიელი კოლონიზატორების წინააღმდეგ, რომელიც ასოციაციამ მოაწყო. მან არქიპელაგის ჰოლანდიელ ჩამოსახლებულებს შორის ანტიკოლონიური მუხტი გააღვივა. ჩამოყალიბდა წითელი გვარდია, რომელიც 3 თვეში 3 000 წევრისგან შედგებოდა. 1917 წლის ბოლოს სურაბაიას საზღვაო ბაზაზე ჯარისკაცები და მეზღვაურები აჯანყდნენ და შექმნეს საბჭოები. იმავდროულად კომუნისტები ნაციონალისტურ რელიგიურ ორგანიზაციასთან „სარეკატ ისლამთანაც“ (ისლამური კავშირი; იხ. ერიკ ჰობსბაუმი. მსოფლიო რევოლუცია. კომენტარი XVI) თანამშრომლობდნენ და  მათი ბევრი წევრი რადიკალური მემარცხენე იდეების გავლენის ქვეშ მოაქციეს. მალევე ასოციაციაში ინდონეზიელთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ  უმრავლესობას უკვე ჰოლანდიელები კი არა, ისინი შეადგენდნენ. 1920 წელს ორგანიზაციას სახელი გადაერქვა და ეწოდა „ინდოელების კომუნისტური კავშირი“. პარტიის ურთიერთობამ ისლამისტურ ორგანიზაციებთან გადაუჭრელი იდეოლოგიური დილემის წინაშე დააყენა კომუნისტები — საჭირო გახდა გამიჯვნა, რომელიც ბოლომდე მაინც ვერ მოხერხდა. 1924 წელს დისციპლინის გაუმჯობესების და პროფკავშირული საქმიანობის ფონზე ორგანიზაციამ ისევ შეიცვალა სახელი. საბოლოოდ მას ინდონეზიის კომუნისტური პარტია (იკპ) ეწოდა. 1925 წელს კომინტერნმა ინდონეზიელ კომუნისტებს დაავალა, ჰოლანდიური კოლონიური მთავრობის დასამხობად ჩამოეყალიბებინათ ანტიიმპერიალისტური კოალიცია არაკომუნისტურ, ნაციონალისტურ ორგანიზაციებთან. გადატრიალება რკინიგზელების გაფიცვიდან უნდა დაწყებულიყო და შემდეგ გადაზრდილიყო საყოველთაო გაფიცვაში, რომელიც მთავრობას დაამხობდა, მაგრამ 1926 წელს მთავრობამ პარტიის წევრები დააპატიმრა და კომუნისტებს ღრმა მიწისქვეშეთში მოუწიათ გადანაცვლება. 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, იკპ ამოვიდა მიწისქვეშეთიდან და აქტიურად დაიწყო მონაწილეობა ინდონეზიის ნაციონალურ გამოღვიძებაში. მიუხედავად იმისა, რომ იკპ-ის მილიციას ჰოლანდიელებთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა, პრეზიდენტი სუკარნო შიშობდა, რომ პარტიის მზარდი გავლენა მის პოლიტიკურ პოზიციას დაემუქრებოდა. იკპ პრობლემებს უქმნიდა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებულ მემარჯვენე ძალებს, განსაკუთრებით აშშ-ს, რაც ასევე აისახებოდა პრეზიდენტის მდგომარეობაზე. ამიტომ სუკარნო, რომელიც ნაწილობრივ მხარს უჭერდა და მოჩვენებითად მფარველობდა კომუნისტებს, რომელთა მხრიდანაც სარისკო ნდობით სარგებლობდა, საბოლოო ჯამში, ნეიტრალურ პოზიციას ირჩევდა, მკვეთრი პოლიტიკური კურსის გარეშე და მემარცხენე, ისლამურ და ნაციონალისტურ ძალებთან ერთად ითვალისწინებდა მკაცრად ანტიკომუნისტური ძალების ინტერესებსაც. იკპ შეუერთდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას და აქტიურად უჭერდა მხარს სუკარნოს „მართული დემოკრატიის“ იდეას. ამას მოჰყვა 1955 წლის არჩევნები, სადაც იკპ-ს უკვე 2 მილიონი წევრი და 16 % ამომრჩეველი ჰყავდა, რომელთა 30% აღმოსავლეთ იავადან იყო. 1950-იანი წლების ბოლოს იკპ ყველაზე არაკორუმპირებული პარტია იყო ინდონეზიაში და ხალხის საჭიროებებს ღიად და თამამად აჟღერებდა. აშშ-ის ხელისუფლება საკმაოდ შეაშფოთა მისმა მზარდმა გავლენამ მსოფლიოს სიდიდით მეთოთხმეტე ქვეყანაში. „დემოკრატიული მთავრობა ალბათ საუკეთესო ვარიანტი არაა ინდონეზიისთვის,“ – უთქვამს რიჩარდ ნიქსონს, ამერიკის მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს. 1958 წელს აშშ-ის მიერ ორგანიზებულმა კონტრრევოლუციურმა ძალებმა კუნძულ სუმატრაზე და სულავესზე „ინდონეზიის რესპუბლიკის რევოლუციური მთავრობა“ შექმნეს, რომელმაც იკპ-ის ათასობით წევრი მაშინვე დააპატიმრა თავისი კონტროლის არეალში. თუმცა სუკარნომ იკპ-ის დახმარებით აჯანყება ჩაახშო.1965 წლისთვის იკპ-ის წევრთა რაოდენობა 3 მილიონს შეადგენდა – ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედს. ინდონეზიამ ომი გამოუცხადა ბრიტანულ კოლონიალიზმს მალაიზიაში – ჯაკარტაში ბრიტანეთის საელჩო დაწვეს; აქტიურად დაიწყო კოლონიზატორების ქონების კონფისკაცია, ინდუსტრიალიზაცია და ინდუსტრიის ნაციონალიზაცია. ამ ფონზე აშშ-მა, ბრიტანეთმა და სხვა ანტიკომუნისტურმა დასავლურმა ძალებმა, ქვეყნის გარეთ და მის შიგნით, წინააღმდეგობა გააძლიერეს როგორც ანტიკომუნისტური პროპაგანდის კუთხით, ისე ხელოვნური ეკონომიკური კრიზისის შესაქმნელად, რის შედეგადაც პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია უფრო არასტაბილური გახადა; წლიურმა ინფლაციამ 600 პროცენტს მიაღწია და ინდონეზიელებისთვის საცხოვრებელი პირობები გაუარესდა. დაიწყო არეულობა იკპ-სთან ასოცირებულ ორგანიზაციებშიც. ტარდებოდა მიტინგები ინფლაციის გასაპროტესტებლად.1965 წლის 30 სექტემბერს, ინდონეზიის არმიის 6 გენერალი მოკლეს. მკვლელებმა თავი გამოაცხადეს ახალ რევოლუციურ ძალად, სახელწოდებით „30 სექტემბრის მოძრაობა“. გენერალმა სუჰარტომ კონტროლის ქვეშ მოაქცია არმია, ჩაახშო აჯანყება, რომელიც იკპ-ს დაბრალდა და დაიწყო ფართო ანტიკომუნისტური პროპაგანდა ქვეყნის მასშტაბით. ჯაკარტაში გაიმართა მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია იკპ-ის აკრძალვის მოთხოვნით, დაარბიეს მათი ოფისი და დაიწყო კომუნისტების დაპატიმრება, დევნა და ხოცვა. სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ არა მხოლოდ პარტიის წევრები, არამედ მათი ოჯახები, ნათესავები, მეგობრები და ისინიც კი, ვინც, პირდაპირ თუ ირიბად, ემპათიას გამოხატავდა მათ მიმართ. კვლევების თანახმად მოკლულია მინიმუმ 500 000, ზოგი მონაცემით – 1 მილიონი ადამიანი. აღმოჩენილია ჯგუფური სამარხები და უამრავი ადამიანი „უგზოუკვლოდ დაკარგულად“ ითვლება. გენოციდში უდიდესი წვლილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუძღვის, რომელმაც ეკონომიკური, ტექნიკური და სამხედრო დახმარება გაუწია ინდონეზიის ანტიკომუნისტურ ძალებს. 1965 წელს „ინდონეზიის კომუნისტური პარტია“ გენერალმა სუჰარტომ აკრძალა. გენოციდის შემდეგ იკპ პარალიზებული იყო და პოლიტბიუროს დარჩენილმა წევრებმა თვითკრიტიკას მიმართეს — აკრიტიკებდნენ იკპ-ის თანამშრომლობას სუკარნოს რეჟიმთან. იკპ-ის მაშინდელმა ლიდერმა, სუდისმანმა, პარტიის გამოცოცხლება სცადა, მაგრამ განსაკუთრებულ შედეგს ვერ მიაღწია. 1966 წელს იგი დააპატიმრეს და 1967 წელს სიკვდილით დასაჯეს. იმავე წელს გენერალი სუჰარტო ინდონეზიის პრეზიდენტი გახდა.

[XIV] როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირი აქტიურად უჭერდა მხარს ისრაელის სახელმწიფოს შექმნას; პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც იგი დე-იურე აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა (აშშ აგრეთვე უჭერდა მხარს ისრაელის შექმნას, მაგრამ დასაწყისში მხოლოდ დე-ფაქტო აღიარა, რაც არ მოიაზრებდა მათ შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს). ამ გადაწყვეტილების მოტივი, უპირველეს ყოვლისა, პრაგმატული იყო და საბჭოთა კავშირის საგარეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა: სტალინი იმედოვნებდა, რომ ამ ნაბიჯით ახლო აღმოსავლეთში შეასუსტებდა დიდი ბრიტანეთის გავლენას. საბჭოთა ბიოლოგი, მწერალი და დისიდენტი, ჟორეს მედვედევი თავის წიგნში „სტალინი და ებრაელთა პრობლემა“ წერს, რომ „სტალინის მხრიდან პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული სახელმწიფოს შექმნის პროექტის მხარდაჭერის გარეშე, 1948 წელს ეს სახელმწიფო ვერ შეიქმნებოდა. რამდენადაც ისრაელი რეალურად მხოლოდ 1948 წელს შეიძლებოდა შექმნილიყო, ვინაიდან სწორედ ამ დროს იწურებოდა ტერიტორიის განკარგვის ბრიტანული მანდატი, სტალინის გადაწყვეტილება, მიმართული დიდი ბრიტანეთისა და მისი არაბი მოკავშირეების წინააღმდეგ, ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი იყო“ (Сталин и создание государства Израиль // Медведев Ж. Сталин и еврейская проблема. Новый анализ). რაც შეეხება „მოსკოვის ანტისემიტიზმს“, რომელიც პარალელურად იკრებდა ძალას და ვლინდებოდა ისეთი ანტისემიტური კამპანიებით, როგორიც იყო „ებრაელთა ანტიფაშისტური კომიტეტის“ წარმომადგენლების დევნა და მკვლელობა, „კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლა“, „ექიმების საქმე“, რომელთა მსვლელობაშიც, შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, დევნიდნენ და სჯიდნენ ებრაული წარმოშობის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებს, ჟ. მედვედევის აზრით, მისი მიზეზები, უმთავრესად, პოლიტიკური იყო: იგი წარმოადგენდა რეაქციას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-ის ებრაელ მოსახლეობაში გაძლიერებულ ნაციონალიზმზე.

[XV]მორის ბიშოპი (1944-1983) – გრენადელი რევოლუციონერი. კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულოვანმა სახელმწიფო გრენადამ, რომელიც სხვადასხვა დროს ესპანეთის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის კოლონია იყო და რომლის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას აფრიკიდან ჩამოყვანილი მონების შთამომავლები შეადგენენ, ნომინალური დამოუკიდებლობა 1974  წელს მოიპოვა. ფორმალური სუვერენიტეტის მიუხედავად გაგრძელებული კოლონიური ურთიერთობები მძიმედ აწვა მოსახლეობას, ამ ურთიერთობების შენარჩუნების გარანტორი კი, პრემიერ-მინისტრი ერიკ გეირი, ხალხში გაჩენილ წინააღმდეგობას კერძო სამხედრო დაჯგუფების, „მანგუსტების ბანდის“ სისასტიკით ახშობდა (სხვათა შორის, მანგუსტების ბანდამ მოკლა მორის ბიშოპის მამაც). ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მიღებამდე, 1973 წელს მორის ბიშოპმა დააარსა მარქსისტულ-ლენინისტური პარტია „ახალი ერთობლივი ძალისხმევა კეთილდღეობის, განათლებისა და თავისუფლებისათვის“. 1979 წელს პარტიამ უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და დააფუძნა ხალხის რევოლუციური მთავრობა, რომლის პრემიერ მინისტრიც ბიშოპი გახდა. ეკონომიკაში განხორციელებულმა გარდაქმნებმა გაწყვიტა ნეოკოლონიური ჯაჭვი და გრენადა დამოუკიდებელი ეკონომიკის გზაზე შეაყენა; განვითარდა მიწათმოქმედება და მნიშვნელოვნად შემცირდა საკვები პროდუქტების იმპორტი; 4 წელიწადში 13%-ით გაიზარდა წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი; 50%-იანი მაჩვენებლიდან უმუშევრობა 14%-მდე დავიდა; უფასო გახდა ჯანდაცვა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და თანასწორუფლებიანობისათვის, მათ შორის იყო ქალებისთვის ანაზღაურებადი დეკრეტის უფლების მინიჭება, ხელფასების გათანაბრება მამაკაცის ხელფასებთან და სექსუალური ძალადობის კრიმინალიზება. მსოფლიო ბანკის 1982 წლის ანგარიშიც აჩვენებდა, რომ ხალხის რევოლუციური მთავრობის პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა. ამ წარმატებას თან ახლდა ბიშოპის პოპულარობის ზრდა ყველგან და, განსაკუთრებით, აშშ-ის შავკანიან მოსახლეობაში. 1983 წელს ნიუ იორკში, ჰანტერ კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას მორის ბიშოპი საუბრობს ამერიკის საიდუმლო ანგარიშზე, სადაც აღნიშნულია, თუ რატომ ქმნის გრენადის რევოლუცია კუბისა და ნიკარაგუას რევოლუციებზე უფრო დიდ საფრთხეს — იმ ქვეყნის რევოლუციის წარმატება, რომლის მოსახლეობის 95%  შავკანიანია, დიდ გამოხმაურებას პოვებს აშშ-ის 30 მლნ შავკანიან მოქალაქეში, თანაც კუბელებისა და ნიკარაგუელებისგან განსხვავებით, გრენადელები ინგლისურად საუბრობენ და, მაშასადამე, პირდაპირ აგონებენ თავიანთ სიტყვას ამერიკელებს. 1983 წელს მორის ბიშოპი მოკლეს. მალე აშშ-მა 7600 ჯარისკაცი გადასხა გრენადაში იქ მყოფი ამერიკელი სტუდენტების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი ძალაუფლების ასაღებად. ამის შემდეგ გრენადა ნეოლიბერალიზმის რელსებზე შედგა. 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის 32% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, უმუშევრობა 48%-ს აღწევს, ხოლო მიგრაცია წლების განმავლობაში იმდენად გაიზარდა, რომ ქვეყანის ამჟამინდელ მოსახლეობას აღემატება მისი დიასპორა საზღვარგარეთ.

[XVI] იხ. John Bellamy Foster, “The Financialization of Capitalism” [Monthly Review 58: 11, April 2007].

[XVII] ამ საკითხზე იხ. სმიტი ჯ. იმპერიალიზმი ფინჯან ყავაში; უფრო ვრცლად იხ.: Smith J. The GDP Illusion.

[XVIII] ასე ვთარგმნეთ ინგლისური ტერმინი „emerging countries”. ტერმინი 1981 წლიდან დამკვიდრდა და აღნიშნავს ქვეყანას (ეროვნულ ეკონომიკას, ეროვნულ ბაზარს), რომელსაც შუალედური პოზიცია უჭირავს განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის, ე.ი ატარებს როგორც ერთის, ისე მეორის ნიშნებს. თუმცა სხვადასხვა ინსტიტუტი სხვადასხვაგვარ კრიტერიუმებს იყენებს სახელწიფოს „გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნად“ კლასიფიკაციისათვის, ზოგიერთი ქვეყნის ამ სტატუსით განსაზღვრაზე თანხმდება თითქმის ყველა მათგანი. ესენია: ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა.

[XIX] რისკის პრემია რისკის გაწევისთვის ინვესტორისთვის მიცემული კომპენსაციაა.

[XX] მორგან სტენლი — ამერიკული მულტინაციონალური კომპანია, რომელიც საინვესტიციო მენეჯმენტსა და ფინანსურ მომსახურებას უწევს კომპანიებს, მთავრობებს, ინსტიტუტებს, ინდივიდებს და მსოფლიოს 41 ქვეყანაში ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა. 2021 წელს 61-ე ადგილს იჭერდა უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს შორის.

[XXI] იხ. სმიტი ჯ. რატომ შეუძლია კორონავირუსს გააღვივოს კაპიტალისტური ზეახალი?

[XXII] „გააღატაკე შენი მეზობელი“ (ინგ. Beggar-thy-neigbhbour) — ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ერთი ქვეყანა იყენებს მეორე ქვეყნის მიმართ იმისათვის, რომ ამ უკანასკნელისთვის ეკონომიკური სირთულეების შექმნის (იმპორტისთვის მაღალი საბაჟო გადასახედებისა და კვოტების დაწესების, ვალუტის დევალვაციის, სანქციების საშუალებით)  ხარჯზე  გააუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკა, გახადოს მასში წარმოებული საქონელი უფრო კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ვაჭრობაში, შეამციროს უმუშევრობის დონე ქვეყნის შიგნით. ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ადამ სმიტს, ხოლო მისი კონცეპტუალიზება — ბრიტანელ ეკონომისტ ჯოან რობინსონს.

[XXIII] ინტერვიუერი ფარუქ ჩოდრი ბანგლადეშელია.

[XXIV] იხ. კომენტარი VII.

[XXV] მარქსის წინასიტყვაობიდან „კაპიტალის“  ფრანგული გამოცემისათვის: „მეცნიერებაში არ არსებობს ფართო შარაგზა, და მხოლოდ მას შეუძლია მიაღწიოს მის ბრწყინვალე მწვერვალებს, ვისაც არ აშინებს დაღლა მის კლდოვან ბილიკებზე ასვლისას“, კაპიტალი, ტ.1, 1954, გვ. 27.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *